თამთა ქათამაძემ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე 2010 წელს ჩააბარა. წესით, 2014 წელს მას უკვე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა აეღო, თუმცა ეს ვერ შეძლო. თამთა ამბობს, რომ ინგლისურში კრედიტები სრულად ვერ აითვისა. ამის გამო თამთას დამატებით სამი ახალი საგნის კრედიტების ათვისება მოუწევს. გაიზარდა ინგლისურის კრედიტების რაოდენობაც.
„ჩავაბარე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მოგვიანებით სამართალმცოდნეობა ცალკე ფაკულტეტად ჩამოყალიბდა. ყველა საგანი, რაც იყო პროგრამით გათვალისწინებული გავიარე და მქონდა მხოლოდ ინგლისური დარჩენილი. ავიღე დამატებით ერთი სემესტრი. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ინგლისურის გარდა კიდევ სამი ახალი საგნის კრედიტები უნდა ავითვისო. თუ ჩემმა თანაკურსელებმა ძველი პროგრამით აიღეს დიპლომი, მე მიწევს მათზე მეტი კრედიტები გავიარო,“ – ამბობს თამთა.
იმისთვის, რომ ამა თუ იმ ფაკულტეტის სტუდენტმა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღოს, სასწავლო პერიოდის მანძილზე (4 წელი) 240 კრედიტი უნდა დააგროვოს.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი.
თამთა ამბობს, რომ მან სრულად აითვისა ყველა კრედიტი, რაც იყო პროგრამით გათვალისწინებული და ვერ ხვდება, რატომ აიძულებს უნივერსიტეტი დამატებითი კრედიტების ათვისებას.
„როდესაც დეკანს დავუსვი კითხვა, თუ რატომ უნდა ამეღო სამი ახალი საგანი, მითხრა ახალი პროგრამააო. თუ გინდათ ლეგიტიმური იყოს დიპლომი, უნდა გაიაროო. კითხვაზე – რა პროგრამაა ასეთი, რომ რეალურად რაც დამრჩა, იმ საგანს მიმატებთ ციდან ჩამოვარდნილ სამ საგანს, „ახალი პროგრამაა, ახალი პროგრამაა“, – იყო პასუხი. სხვა გზა რადგან არ მქონდა, გადავიხადე ამ კრედიტების საფასური – 525 ლარი. ახლა აღმოჩნდა, რომ ინგლისური თუ ადრე 20-კრედიტიანი იყო, 25 გახდა და ამაშიც დამატებით თანხა უნდა გადავიხადო. ვერავინ მიხსნის რა პროგრამაა, რატომ უნდა გავიარო, მინიმუმ უსამართლობაა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,“ – ამბობს თამთა ქათამაძე.
თამთას გარდა ამ პრობლემის წინაშე იურიდიული ფაკულტეტის სხვა სტუდენტებიც დგანან. იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ადამ მახარაძე შექმნილ სიტუაციას ასე განმარტავს:
„იურიდიული ფაკულტეტი ადრე გაერთიანებული იყო სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. ამ გარემოების გათვალისწინებით პირველ წელს, პირველ სემესტრში, ჩარიცხული სტუდენტები სწავლობდნენ ისეთი ტიპის საგნებს, როგორიც იყო, მაგალითად, ეკონომიქსი, საერთაშორისო ურთიერთობები და ფსიქოლოგია. ყველა ეს საგნები იყო ხუთ-ხუთკრედიტიანი. შემდეგ, როდესაც გამოიყო ფაკულტეტი, გარკვეული სახეცვლილება ჩვენმა პროგრამამ განიცადა. კერძოდ, ისეთი საგნები, როგორიცაა: ეკონომიქსი და საერთაშორისო ურთიერთობები ამოვიღეთ, ფსიქოლოგიის კრედიტები კი, შემცირდა. ამასთან ჩაემატა ისეთი ტიპის საგნები, რომლებიც იყო იურისტისთვის აუცილებელი. ასევე გაიზარდა ინგლისური ენის კრედიტები და ავიდა 25 კრედიტზე. სტუდენტებმა, რომლებმაც 2013-2014 სასწავლო წელს დაასრულეს უნივერსიტეტი, მათ დაასრულეს ძველი საგანმანათლებლო პროგრამით. იმ სტუდენტებს, რომლებმაც ოპტიმალურ ვადაში ვერ დაასრულეს უნივერსიტეტი, აკადემიურმა საბჭომ მისცა საშუალება, ერთი სასწავლო წლით მათი სასწავლო პროცესი გახანგრძლივებულიყო. ახლა, როდესაც ისინი დაასრულებენ უნივერსიტეტს, კვალიფიკაცია უნდა მივანიჭოთ 2014-2015 წელს მოქმედი პროგრამის შესაბამისად“.
კითხვაზე, აღნიშნული ცვლილებით ხომ არ დგებიან სტუდენტები არათანაბარ პირობებში იმ სტუდენტებთან შედარებით, რომელთან ერთადაც ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში, ადამ მახარაძე პასუხობს: „2013-2014 წელს ვინც დაასრულა, ისინი აღარ არიან მათი თანაკურსელები. მათი კურსელები არიან 2014-2015 წლებში ვინც დაასრულებს, ისინი. ისინი ვალდებულნი იყვნენ, მათი საგანმანათლებლო პროგრამა როდესაც ამოიწურა, მაშინ დაესრულებინათ უნივერსიტეტი. არ უნდა ჰქონოდათ დავალიანება, ასევე თავის დროზე უნდა გადაეხადათ თანხა. სხვა შემთხვევაში ისინი უნდა გარიცხულიყვნენ უნივერსიტეტიდან. აკადემიურმა საბჭომ დაუშვა გამონაკლისი და ერთი სასწავლო წლის ვადით გაუხანგრძლივა სწავლა. სასურველია სტუდენტმა, რომელ პროგრამასაც გადის, ოპტიმალურ ვადაში დაასრულოს ის“.