„ჩემთვის, პირადად, იყო ძალიან მოულოდნელი და ძალიან სამწუხარო ფაქტი, აჭარის ტელევიზია და რადიო არ ყოფილა ამ ღონისძიების ავტორი, ჩვენ არ გაგვიკეთებია ამ ვარსკვლავების გახსნა და რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დამალულიყო. ჩატარდა, მოხდა ფაქტი, გაშუქდა და ჩვეულებრივად იდო ვებგვერდზე. ჩამოხსნის ფაქტი მეც სოციალური ქსელით გავიგე, შევედი ტელევიზიის დირექტორთან, რადგან მინდოდა მომესმინა რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით და მან ასეთი განმარტება გააკეთა, რომ მას დაურეკეს თბილისიდან მისმა მეგობრებმა, ბათუმიდან წასულმა ადამიანებმა, რომლებიც დროებით ცხოვრობენ თბილისში, თვითონაც იყო შეწუხებული იმ ფაქტით, რომ ტრაგიკული დღე გათენდა საქართველოში და ამ დროს ბათუმი აკეთებს ასეთ ღონისძიებებს და არის ტაშ-ფანდური, ამიტომ მოვხსენი ვებგვერდიდანო. ეს იყო მისი განმარტება. საერთო ჯამში, ეს ძალიან მძიმე სურათია“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, – ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დირექტორი ჩაერია სარედაქციო პოლიტიკაში და ამით შეეცადა შეესუსტებინა აჭარის ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკა, რომელიც სოციალურ ქსელში ამ ფაქტის შემდეგ მოხდა, ნატა იმედაიშვილი პასუხობს: „შესაძლებელია ესეც იყოს რაღაცის ნაწილი. თუმცა, სოციალურ ქსელში უკვე გაზიარებული იყო და მეც ასე ვნახე და აჭარის ტელევიზიას არ უნდა შეეძლოს ამხელა ნაბიჯის გადადგმა, რომ ეს ფაქტი დაფაროს. მრჩეველთა საბჭო პასუხისმგებელი ვართ ამაზე, ეს არ უნდა მომხდარიყო და ჩვენ მკაცრი ვიქნებით ამ ფაქტის შეფასებისას“.
16 ივნისს, გუშინ თბილისში მომხდარი სტიქიიდან მესამე დღეს, აჭარის მთავრობამ ბათუმელი მოცეკვავეების ვარსკვლავები გახსნა. გაიმართა ანსამბლ “ხორუმის” საანგარიშო კონცერტიც. ამ მოვლენის ამსახველი კადრები აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდზე დღეს უკვე აღარ დევს. რატომ ჩამოიხსნა სიუჟეტი ვებ-გვერდიდან ? ამის გარკვევას აჭარის ტელევიზიაში რამდენიმე პასუხისმგებელ პირთან შევეცადეთ.
ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, შორენ ღლონტი სიუჟეტის ვებგვერდიდან ჩამოხსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გვიპასუხა, რომ ამბავს გაარკვევდა, თუმცა მასთან დაკავშირება შემდეგში ვეღარ მოხერხდა, რადგან მისი ტელეფონი მუდმივად დაკავებას უჩვემებდა. ტელევიზიაში კი გვითხრეს, რომ შორენა ღლონტი სამსახურში არ იმყოფებოდა.
„ბათუმელები“ დღის რედაქტორს, მეგი შავლაყაძესაც დაუკავშირდა. კითხვაზე, – რატომ ჩამოიხსნა აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდიდან გუშინ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში გამართული კონცერტის კადრები, მეგი შავლაყაძე ამბობს, რომ ეს საკითხი ვებ-გვერდის რედაქტორთან უნდა გავარკვიოთ. კომენტარის გაკეთება სხვა დეტალებზე არც მორიგე-რედაქტორმა მოისურვა.
აჭარის ტელევიზია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი არხია.
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით შედეგად დაზარალებულთათვის დასახმარებლად 13 000 ლარს გადარიცხავს.
16 ივნისს პროდუქტი, სამუშაო იარაღები და სხვა ნივთები მუფტებმა და შეიხმა თავად გადასცეს თბილისის მერს, დავით ნარმანიას. გარდა ამისა, სტიქიის ზონაში მომუშავე მერიისა და სხვადასხვა უწყების თანამშრომლებთან ერთად, ტერიტორიაზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.
შემთხვევის ადგილი ქობულეთში/ფოტო ბათუმელების არიქვიდან
ამხანაგობის თავმჯდომარეს სახელმწიფო მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას ედავება, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა _ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მინით მოზარდი დაიღუპა. ეს დანაშაული ხუთწლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურორმა სასამართლოში იშუამდგომლა, რომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდოს გირაო – 5 ათასი ლარი. პროკურორის არგუმენტი ასეთია: “არ მიემალოს გამოძიებას, ხელი არ შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებას და არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, რადგან ის დღესაც ამხანაგობის თავმჯდომარეა”.
ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ არის პენსიონერი და გირაოს თანხის შემცირება ითხოვა. სასამართლოს მიმართ მისი კიდევ ერთი თხოვნა ვადებს უკავშირდებოდა – პროკურორის მიერ მოთხოვნილი გირაოს გადასახდელად 15-დღის ნაცვლად, სამ თვემდე ვადა მოითხოვა. “ფულის შეგროვება იქნებ მოვახერხო”, – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პროკურორს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას შესწავლილი ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა. პროკურორმა უპასუხა, რომ- არა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გირაოს სახით 2 ათას ლარს გადაიხდის. თანხის გადახდის ვადად მოსამართლემ პენსიონერ მამაკაცს 45 დღე განუსაზღვრა. ბრალდებულმა თქვა, რომ ამ თანხის გადახდას შეძლებს, რადგან მას მიწის ნაკვეთი აქვს. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ შეუძლია სხვისი ქონებაც დატვირთოს იპოთეკით იმ შემთხვევაში, თუ მას გირაოსთვის საკმარისი ფული და ქონება არ გააჩნდა.
ბრალდებულს სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ იცავდა. პირველი სასამართლო სხდომა 14 ივლისს ჩატარდება.
შემთხვევის ადგილი ქობულეთში/ფოტო ბათუმელების არიქვიდან
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ვარსკვლავის გახსნა ქორეოგრაფებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და ქალაქის მერმა გიორი ერმაკოვმა მიულოცეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოებს უკვე მოჰყვა ბათუმელების უარყოფითი შეფასება. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ვარსკვლავების გახსნის ცერემონიის გადადება შესაძლებელი იყო.
კონცერტის და ვარსკვლავების გახსნის პარალელურად დღეს ბათუმში თბილისში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეებმა საყოფაცხოვრებო ნივთები გაგზავნეს, ასამდე ბათუმელი მოხალისე კი თბილისში გეგმავს წასვლას.
ბოლო მონაცემებით 13 ივნისს სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად მიიჩნევა. 15 ივნისი გლოვის დღე იყო. 16 ივნისს კი პარლამენტის რიგგარეშე სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისი-ბათუმი
„ბოლო ორი დღის განმავლობაში რაც შეგროვდა, ამას დღეს წაიღებს მერია, რადგან შეგროვებული ტვირთის ტრანსპორტირებას თბილისამდე ის უზრუნველყოფს.
შეგროვდა ტანსაცმელი, მედიკამენტები, არა მალფუჭებადი საკვები, სათამაშოები და კიდევ სხვა ბევრი დასახელების ნივთი. ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ დონაციის მიღებას მოქალაქეებისგან“- ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა.
მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების მიტანა ასევე შეუძლია მერიის ტერიტორიულ ორგანოებში, საიდანაც ტვირთის ტრანსპორტირებას და ადრესატამდე მიტანას მერია უზრუნვეყოფს.
ბეშუმში დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საორგანიზაციო საკითხებზე საუბრობდნენ. ლევან გორგილაძის თქმით, ბეშუმის სასწრაფო დახმარების ერთ ბრიგადას დღეს კიდევ ერთი ბრიგადა დაემატა.
„დღესვე დაიწყო ფუნქციონირება ამბულატორიამ. ადგილზე მუდმივად იქნება ექიმი და ექთანი, ამის გარდა იმუშავებს კიდევ ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც გამოძახებებს უზრუნველყოფს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ყოველ დღე იცვლება. ერთი ბრიგადა აქ ამოდის 24 საათით, რომელსაც მეორე დღეს რაიონიდან ამოსული მეორე ბრიგადა ჩაენაცვლება. იმ შემთხვევაში, როცა გამოძახებაზე გავა სასწრაფო დახმარების მანქანა, ადგილზე იქნება ექიმი და ექთანი. ხოლო თუ საჭირო გახდება ექიმისა და ექთნის გასვლა პაციენტთან, მათ დამატებით მოემსახურება არასამედიცინო ტიპის მანქანა” – ამბობს ის.
ამბულატორიისთვის ბეშუმის ცენტრში ორსართულიანი კოტეჯის ტიპის შენობაა გამოყოფილი, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია ამბულატორიული ნაწილი, მეორე სართულზე კი ექიმისა და ექთნის მოსასვენებელი იქნება.
„აქ საკმაოდ რთული რელიეფია და იყო შემთხვევები, რომ მანქანა გაფუჭდა, არ იყო მზად გამოძახებაზე გასასვლელად. იმისთვის, რომ მანქანა ყოველთვის მზადყოფნაში იყოს, ახლა ერთი მანქანა ბრუნდება რაიონში, მიჰყავს ნამუშევარი ბრიგადა და მოდის მეორე მანქანა, ახალი ბრიგადით. მათ მეტი დრო ეძლევათ იმისთვის, რომ მანქანამ ტექნიკური დათვალიერება გაიაროს” – ამბობს ლევან გორგილაძე.
დიოკნისის თემში, სოფლებში – ბეღლეთსა და ბოძაურში, ასევე ვაშლოვანში, რიყეთსა და კვატიაში დატბორილია ნარგავები. ნიაღვარმა დააზიანა სოფლის გზებიც.
„კომისია გასულია და მუშაობს. ამის შემდეგ დადგინდება ნათესების რა ფართობს მიადგა ზიანი. სოფელ ბოძაურში, ერთი სახლის სათავსოში შევიდა წყალი, რადგან მდინარესთან ახლოს იყო, სათავსო არ დანგრეულა. მოსახლეობას, როგორც ვიცი, საფრთხე არ ემუქრება. გზების შესაკეთებლად გასულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკაც“- ამბობს გამგებელი.
მისივე ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ბატონო მამუკა, გეგმავთ ცვლილებებს თუ დეპარტამენტი იმავე რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას?
ვგეგმავთ კონკრეტულ ცვლილებებს, თუმცა ჯერ ეს ჩამოყალიბების პროცესშია, შესაბამისად შესათანხმებელია ზემდგომ ორგანოსთან, ასევე კერძო სექტორთან. ამიტომ არ მინდა ამაზე წინასწარ ვისაუბრო, რადგან არ ვიცი რა რა დოზით გამოგვივა. როცა უკვე კონკრეტულ ცვლილებებზე ჩამოვყალიბდებით, ამას ოფიციალურად გავაჟღერებთ.
მათ შორის მხოლოდ პროგრამული ცვლილებები მოიაზრება თუ საკადრო ცვლილებებსაც გეგმავთ?
იქნება როგორც შინაარსობრივი ცვლილება, რომელიც გულისხმობს ჩვენი პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების ცვლილებას, თუმცა ეს იქნება არსებული სტრატეგიის ფარგლებში. მაგრამ ეს შინაარსობრივი ნაწილი რომ იქნას ინსტიტუციონალურ ცვლილებებში გადმოტანილი, იგეგმება სტრუქტურული ცვლილებებიც, რაც თავისთავში საკადრო ცვლილებებსაც გულისხმობს.
ანუ შესაძლებელია დეპარტამენტში ახალი კადრები გამოჩდნენ?
95% არსებული ძალებისა საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ უბრალოდ არსებული სტრუქტურის მოდიფიკაცია განვახორციელოთ, რაც შინაარსობრივ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოვა. მაგრამ იქნება რამდენიმე ახალი კადრიც. ამისთვის კონკურსი გამოცხადდება.
ვინ დაიკავა მოადგილის თანამდებობა, რომელიც მანამდე თქვენ გეკავათ?
სოფო ლაზიშვილმა, რომელიც მანამდე ტურისტულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
დაახლოებით რა ვადებში იგეგმება ამ ცვლილებების გახმოვანება – დამტკიცება?
საერთოდ, ჩვენ ვეგმავთ, ახალი წელი დავიწყოთ ახალი სტრუქტურით და ახალი პროგრამებით, თუმცა ჩვენ თუ შევძელით ამ ყველაფრის ტექნიკურად განხორციელება, მანამდეც შეიძლება დავიწყოთ.
მამუკა ბერძენიშვილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2011 წლიდან მუშაობს, ამ პერიოდში ის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების უფროსი იყო, 2013 წლიდან კი ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. შემდეგ დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დააწინაურეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში დასაქმებამდე მამუკა ბერძენიშვილი მუშაობდა ჩეხეთში Global Tele Sales Brno (a Lufthansa company) -ში კლიენტთა მომსახურების და გაყიდვების განყოფილებაში.
მოდერატორი: სალომე ფუტკარაძე მომხსენებლი: ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს „ევროინტეგრაციის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე. სად არის სირთულეები ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისას? რა ეტაპზეა საქართველო და რა არის საჭირო უვიზო მიმოსვლისთვის.
დისკუსია მზადდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.
კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო თბილისში აშშ-ის საელჩოში დროშა დაუშვეს.
რამაზ დავითაიას სენაკის მუნიციპალიტეტის მშობლიურ სოფელში, ძველ სენაკში დაკრძალავენ. რამაზ დავითაია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას, 2012 წლის 20 ივნისს პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. კაპრალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიმდინარე წლის 8 ივნისს გარდაიცვალა.
რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში, ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას “ნიუ ჰოსპიტალში” და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.
რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით “სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის” და უწყებრივი მედლით “საბრძოლო იარისათვის”.
ესენინის ქუჩის კეთილმოწყობა შპს „ზიმო 7“-მა განახორციელა, შესაბამისად, მიწისქვეშა ურნებიც ამავე კომპანიამ დაამონტაჟა. პროექტის მთლიანი ღირებულება 260 893 ლარი იყო.
„აღნიშნული თანხით გამოცხადდება ან კონკურსი ან ტენდერი და საბოლოო ჯამში, ბულვარს ექნება განვითარების ახალი გენერალური გეგმა. ტენდერი კი ცხადდება ტოპოგრაფიული რუკის შედგენაზე, სადაც დატანებული იქნება ყველა ბუჩქი და ყველა მცენარე“- ამბობს, ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ზირაქაშვილი.
მისი განცხადებით, სპეციალური ჯგუფი რომელშიც ბულვარის, ფინანსთა სამინისტროს, მერიის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები შედიან, ბულვარის კონცეფციაზე წლის ბოლომდე იმუშავებენ.
„კონცეფციით უნდა განისაზღვროს ყველა დეტალი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტერიტორია, სად შეიძლება განთავსდეს კაფე-ბარები, ბავშვთა კუთხე და ა.შ უნდა მოხდეს ტერიტორიის ზონებად დაყოფა, ზონების კატეგორიის განსაზღვრისა და თითოეული ზონის სტრატეგიული დაგეგმარების შემუშავება. ტენდერში გამარჯვებულმა პირმა კი ამ კონფეცფიის შესაბამისად უნდა მოგვაწოდოს დასრულებული ტოპოგრაფიული პაკეტი“- ამბობს გიორგი ზირაქაშვილი.
როგორც გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, ბულვარის ახალ კონცეფციაზე ჯგუფის მუშაობაც და ტენდერიც, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„აღნიშნული თანხა განკუთვნილია კონკრეტულად დაღუპული პირების ოჯახების დასახმარებლად. რაც შეეხება რეაბილიტაციას, ამ მიმართულებითაც ვაპირებთ თანხების გაღებას, დღეს გვექნება კიდევ გაფართოებული შეხვედრა და ამ საკითხებსაც გადავწყვეტთ“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში, ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ქვრივიშვილი.
„ვიცი, რომ ვიდეოთვალების 95 პროცენტი არ მუშაობს. ჩვენს ოფისთან, „პროკრედიტ ბანკის“ ყოფილი შენობის წინ რომ არ მუშაობს, ამის თაობაზე ქალაქის პოლიციის მე-3 ქვეგანყოფილების უფროსმა მითხრა, რადგან როცა 10 ივნისს ჩვენი ოფისის მინებზე ნიღბიანმა პირებმა წარწერები გააკეთეს და ჩვენ მასალების ამოღება მოვითხოვეთ, მითხრა, რომ ეს კამერები არ მუშაობს. ამ ვიდეოთვალების დამონტაჟებაზე მილიონ ლარზე მეტია ბიუჯეტიდან დახარჯული. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოთვალები მხოლოდ შუქნიშნებთან არის ჩართული. ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ქალაქში კრიმინალის გააქტიურებას“-ამბობს რაულ თავართქილაძე.
რაულ თავართქილაძის თქმით, გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია იმ პირების შესახებაც, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინებზე 10 ივნისს წარწერები გააკეთეს.
„ნიღბიანმა ადამიანებმა შეიძლება ტერორისტული აქტებიც ჩაიდინონ, ამიტომ პრობლემაა, რომ ქალაქში ვიდეოთვალები არ მუშაობს და ნიღბიანი ადამიანები დადიან“.
პირველადი სამედიცინო მომსხურების მისაღებად კლინიკას დღეს 30-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიმართა. ინფრექციურ საავადმყოფოში პროგრამის ამოქმედების პროცესს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.
„დღეს ბათუმში დაიწყო С ჰეპატიტის პროგრამისათვის ბენეფიციარების რეგისტრაცია და წინასწარი კვლევა. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები უფასოა, ასევე სოცლალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სახელმწიო საჭირო კვლევებს 70 %-ით, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისათვის 30%-ით აფინანსებს.
დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინასების პროცესში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ქ. ბათუმის მერიაც ერთვება. ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს კვლევა 100%-ით დაუფინანსდებათ, სხვა დანარჩენებს კი თანაგადახდის 60%-ი“, – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ.
ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორის განმარტებით, კლინიკა მზად არის სრული მომსახურება გაუწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილეებს.
„ყველა პიროვნებას, რომელსაც აქვს დადასტურებული თუ დაუდასტურებელი ან ეჭვი C ჰეპატიტზე, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში. მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და C ჰეპატიტის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის პასუხი. ამის შემდეგ ის ერთვება პროგრამაში და უტარება შესაბამისი კვლევები. კლინიკაში შექმნილია ინფრასტრუქტურა, მოვაწყვეთ ელიმინაციის პროგრამის კაბინეტი და აღვჭურვეთ საჭირო ინვენტარით“, – აცხადებს რეგიონული ცენტრის დირექტორი ჯემალ დუმბაძე.
დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფი საავტომობილო გზის ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოწყობის სამუშაოების წარმოების გამო 15 ივნისის დილის 10:00 სთ-დან 22 ივნისის დილის 10:00 საათამდე მარჯვენა გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. მთელი გულით ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას.
ძალიან გვინდა, გარდა თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალური მცდელობისა და აქტიურობისა, მაღაზიამ და გამომცემლობამაც თავისი წვლილი შეიტანოს დაზარალებულთა დახმარების საქმეში. ამიტომ, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენს მაღაზიაში თითოეული, ნებისმიერი შენაძენიდან 20%-ს შევაგროვებთ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. ეს რაოდენობრივად არც ისე დიდი თანხაა, მაგრამ ცოტას ცოტა დაემატება და შესაძლოა, თქვენი აქტიურობით ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრიც მივიღოთ,“ – ნათქვამია გამომცემლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და რექტორატი თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ დასახმარებლად გადაწყვიტა თანამშრომელთა ხელფასის 1% გადაირიცხოს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში. ასევე დაიწყო საქველმოქმედო აქცია პირველადი მოხმარების საგნებისა და ტანსაცმლის შესაგროვებლად“.
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მსურველებმა მიმართეთ უნივერსიტეტში შექმნილ შტაბს. მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის #35, I კორპუსი, სასპორტო დარბაზი.
„პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან და თბილისის მერიასთან კავშირზე ვიყავით და სხვადასხვა სახის დახმარებას ვთავაზობდით.
საქართველოს მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება თბილისში მობილიზებული იყო და დროულად ახდენდა რეაგირებას. აჭარის მცხოვრებლებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად – გროვდება სურსათი, პირველადი დახმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები.
აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს სთავაზობს აჭარის კურორტებზე დასვენებას და რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რათა მომხდარი ტრაგედიის დროს მიღებული სტრესი დაძლიონ. რეგიონში მოქმედი ყველა უწყების საჯარო მოხელემ სურვილი გამოთქვა ფულადი დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს.
ასევე აჭარაში მცხოვრებნი გამოთქვამენ თანადგომის სურვილს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ წარმომადგენლობებსა და მუნიციპალიტეტების გამგეობებში შექმნილია სპეციალური პუნქტები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიტანოს პირველადი დახმარების ნივთები. ასევე ბათუმის მერიის მობილიზების სამსახურში მიმდინარეობს მოხალისეთა რეგისტრაცია. აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობს ცხელი ხაზი 27 20 01, რომელიც დახმარების მსურველ მოქალაქეებს მიაწვდის საჭირო ინფორმაცია.
13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.
ბათუმის #15 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოსაშვებ კონცერტზე საზღვაო-სასწავლო ცენტრ ანრიში | 14 ივნისი 2015
როგორც სკოლის დირექტორმა ნინო მოდებაძემ გვითხრა ინსპირაციის წყარო გახდა გაზეთ „ბათუმელების მიერ გამოცემული წიგნი „მოგზაურობა ძველ ბათუმში“.
ბავშვებმა წიგნიდან „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ წაიკითხეს ამონარიდები ბათუმის დაარსებისა და მისი განვითარების შესახებ, იმ პიროვნებზე, მათ შორის უცხოელებზე, რომლებიც დიდ როლ თამაშობდნენ ბათუმის, როგორც ქალაქის ჩამოყალიბებაში.
„ჩვენმა გულთბილმა მასპინძლებმა იმის საშუალება მოგვცეს რომ მეოთხე კლასის გამოშვება, შესაბამის გარემოში გამართულიყო. ბავშვები თემატურად ჩაცმულები იყვნენ მეზღვაურის ტანისამოსში. საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრი“ მეზღვაურების სამჭედლოა. აქ ინტერიერიც შესაბამია თემატურად შეესაბამებოდა ჩვენს ღონისძიებას და ამიტომაც ავირჩიეთ ეს ადგილი“ – გვითხრა ნინო მოდებაძემ.
25 ივნისს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. რექტორის მოადგილის ბადრი დოღონაძის თქმით საზღვაო-სასწვლო ცენტ „ანრიში“ ამ დღესთან დაკავირებით კონცერტი გაიმართება, სადაც სასწავლებლის ხელმძღვანელობის მიწვევით #15 საჯარო სკოლის მე-4 კლასისი მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ქობულეთში, რუსთაველის ჩიხის #3-ში, სპორტული კომპლექსის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „გზა XXI“-მ გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2013 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა. პროექტის ღირებულება – 2 647 922 ლარი იყო. სამუშაოების დასრულების ვადა – 2015 წლის 30 აპრილი.
გასული კვირის მდგომარეობით, ქობულეთში, ამ მისამართზე, მხოლოდ ნულოვანი სამუშაოებია შესრულებული. არც ოთხსართულიანი შენობა დგას, რისი აშენებაც პროექტით იყო დაგეგმილი და არც მიმდებარედ გათვალისწინებული სტადიონის კონტურები მოსჩანს სადმე: ჩამოსხმული და მოშანდაგებულია საძირკველი და ჩამოსხმულია ბოძები. დახარჯული თანხა კი დაახლოებით 400 ათასი ლარია.
კომპანია „გზა XXI“-ს ტენდერებში მონაწილეობა-გამარჯვების არაერთწლიანი გამოცდილება აქვს. როგორც კომპანიის 50% წილის მფლობელი როინ აბუსელიძე ამბობს, ქობულეთში ამ პროექტის გარდა სხვა პროექტებში, ჯამში, 4 მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული. აქამდე მოგებულ ყველა ტენდერს კომპანია უპრობლემოდ ასრულებდა. მეტიც – 2015 წელს იმავე კომპანიამ კიდევ ერთი ტენდერი მოიგო ასევე ქობულეთში – საკურორტო სეზონის დაწყებამდე გადათხრილი ჯავახიშვილისა და ლესელიძის ქუჩების მოპირკეთება უნდა მოასწროს.
ჯერ უცნობია, კომპანიისთვის სპორტკომპლექსის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტით დაწყებული პრობლემები აისახება თუ არა „გზა XXI“-ს სხვა პროექტებზე და, შესაბამისად, ერთი კონკრეტული კომპანიის პრობლემა ხომ არ გადაიქცევა რამდენიმე ასეული ოჯახის პრობლემად ქობულეთში, რომლებიც ტურისტული სეზონის დაწყებას იმედით ელიან; მათ აქციებიც კი გამართეს გასულ კვირას ქუჩების მოპირკეთების დროზე დასრულების მოთხოვნით. აქ იციან, რომ თუ გადათხრილი ქუჩები არ მოწესრიგდა, მტვრით სავსე მათ სახლებში არც ერთი ტურისტი არ მოინდომებს გაჩერებას.
ურთიერთბრალდებები – „გზა XXI“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტი
სასპორტო სკოლის პროექტის შეწყვეტის მიზეზს მხარეები ერთმანეთში ხედავენ. არსებობს ასევე ოფიციალური დოკუმენტებიც, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ტენდერი თავიდანვე შეცდომით იყო გამოცხადებული და პროექტიც არ იყო სათანადოდ დამუშავებული. ასევე ჩანს, რომ არც „გზა XXI“-ს ჰქონდა ბოლომდე ის პროექტი გააზრებული, რომლის ტენდერშიც 7 სხვა კომპანიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.
აი, რა წერია ოფიციალურ დოკუმენტებში: ქობულეთში სასპორტო სკოლის მშენებლობა დაიწყო 2013 წლის შემოდგომაზე. დოკუმენტების შესწავლით „ბათუმელებმა“ დაადგინა, რომ ნებართვა, რომელიც პროექტის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა გაეცა და რომლის გარეშეც მშენებლობის დაწყება უკანონო იყო, გაიცა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ.
კანონდარღვევას აღიარებენ ქობულეთის გამგეობაში. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე ამბობს, რომ ამის გამო ქობულეთის გამგეობა 19 ათასი ლარით არის დაჯარიმებული. „ჩვენ ეს თანხა გადავიხადეთ ბიუჯეტის სასარგებლოდ“, – ამბობს ირაკლი ცეცხლაძე. – „მაგრამ იმის გამო, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა, ის დროში არ შეზღუდულა, რადგან სამუშაოების ათვლის თარიღად კომპანიას განესაზღვრა მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი და არა აქტიური თარიღი, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა. ამ დათმობაზეც წავიდა მუნიციპალიტეტი. სინამდვილეში, კომპანია იმის გამო კი ვერ ასრულებდა ვალდებულებას, რომ ნებართვა არ მივეცით, არამედ დროში იმის გამო ვერ ჩაეტიენ, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ“.
დოკუმენტებით მართლაც ჩანს, რომ კომპანიას მშენებლობის ვადა გაუგრძელეს და ნაცვლად 2015 წლის აპრილისა, სპორტსკოლის მშენებლობა ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. „დირექტორებთან რამდენჯერმე გვქონდა საქმიანი საუბარი. ისინი გვპირდებოდნენ, რომ მალე დაიწყებდნენ მშენებლობას, მაგრამ ფაქტია, ისინი ერთი ლარის სამუშაოსაც ვერ ასრულებდნენ. მეორე ეტაპზე იყო რკინის კონსტრუქციების სამუშაოები – 800 ათასი ლარია გათვალისწინებული. აპრილის შემდეგ, როცა მეორე ეტაპის სამი თვე გავიდა, წერილი მივწერეთ – დარჩენილი დრო არარეალურია კონსტრუქციების დამზადება-ჩამოტანა-მონტაჟისთვის, ამას მინიმუმ 3-5 თვე სჭირდება. კომპანიას რეაგირება არ ჰქონია, მხოლოდ ის მოგვწერა, რომ აქვს პრობლემები და ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებას. ამის შემდეგ ჩვენ გავამზადეთ შეთანხმება ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტაზე, მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები და ხელი არ მოაწერეს მას. კომპანიას საჯარიმო სანქციის სახით ეკისრება პირგასამტეხლო, ჯამში 52 ათასი ლარი“, – ეს ქობულეთის გამგეობის ოფიციალური პოზიციაა, რომელიც „ბათუმელებთან“ ირაკლი ცეცხლაძემ განმარტა.
„გზა XXI“-ის პოზიცია
კომპანია „გზა XXI“-ს 50% წილის მფლობელი როინ აბუსელიძეა. ის ძირითადად გზებისა და სკვერების მოპირკეთება-მშენებლობაზე მუშაობს. გასულ კვირას შეწყვეტილი 2,6-მილიონიანი ტენდერის თაობაზე ფიქრობს, რომ სიმართლე მის მხარესაა და აპირებს ქობულეთის გამგეობას სასამართლოში უჩივლოს. მისი აზრით, მუნიციპალიტეტს მისი კომპანიის რეპუტაციის შელახვაზე რომ არ „ეზრუნა“, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა შეეძლო:
„პროექტით გათვალისწინებული იყო 100 კუბი გრუნტის მოჭრა, მოვჭარით 3 ათასი. პროექტის ავტორის ძებნაში – (გამგეობას თბილისური კომპანიისგან ჰქონდა პროექტი შესყიდული და ეს კომპანია ვალდებული იყო პროექტის ზედამხედველობა განეხორციელებინა მშენებლობის დროს) დავკარგეთ ორი თვე, გამგეობამ ვერ უზრუნველყო ამ კომპანიის მიერ პროექტის ზედამხედველობა. საპროექტო კომპანიამ იქამდე არ გაასწორა ხარვეზები პროექტში, ვიდრე ჩვენ ფული არ გადავუხადეთ, არა და ეს არ იყო ჩვენი მოვალეობა. უკანონოდ მაშენებინებდნენ – სათანადო ნებართვა არ იყო გაცემული, ავანსის სახით მუნიციპალიტეტს თანხა რომ ჩაერიცხა, კომპანია შეძლებდა საქმის გაგრძელებას. მე ქვეკონტრაქტორად მოვიწვიე „ელიტა ბურჯი“. გამგეობაში უდევთ წერილი, რომელიც „ელიტა ბურჯმა“ მისწერა. ბანკებთანაც დავიწყე მოლაპარაკება საგარანტიო თანხის მოსაძიებლად, მაგრამ სადაც არ მივედი, ყველგან დამხვდა ქობულეთის გამგეობისგან ინფორმაცია, რომ ცალმხრივად მიწყვეტდნენ ხელშეკრულებას, ამიტომ საგარანტიო არავინ მომცა, სწორედ ამის გამო არ ჩამომირიცხეს ავანსის თანხა“.
აბუსელიძე ამბობს, რომ ის თავდაპირველად თანახმა იყო ორმხრივად შეეწყვიტათ ხელშეკრულება, მაგრამ როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტებს გაეცნო, აღმოჩნდა, რომ მას აჯარიმებდნენ, ამიტომ აღარ მოაწერა ხელი შეთანხმებას: „ბოლო სამი თვე ამაში გაიყვანეს – ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება… დარეკეს სადაზღვევოში, მაგენს ჩვენ ცალმხრივად ვუწყვეტთ ხელშეკრულებასო და ყველამ თავი შეიკავა, სადაც მივედი, საორჭოფო სიტუაცია შექმნეს. ამასობაში ლარის კურსის გამო თითქმის 900 ათასი ლარით გაძვირდა პროექტი. გამგეობას მივმართეთ, რომ პრემიერის განკარგულების მიხედვით ლარის კურსით გამოწვეული ზარალი დაემატებინათ პროექტისთვის და სამუშაოს გავაგრძელებდით, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს“.
როინ აბუსელიძე ამბობს, რომ ის აუცილებლად იჩივლებს სასამართლოში. ის ფიქრობს, რომ სამუშაოს 50% შესრულებული აქვს და არც ერთ სხვა კომპანიას ამ დაკვეთის მიღება არ მოუნდება: ვიცი, რომ თანხის დამატებაც შესთავაზეს სხვა კომპანიებს, მაგრამ ეს ასე არ გამოვა, მე დღეში რვაჯერ გადავამოწმებ ამ ამბავს“.
ირაკლი ცეცხლაძე კი ფიქრობს, რომ სათანადო ექსპერტიზის დასკვნებისა და „გზა XXI“-სთან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდეგ აუცილებლად გამოაცხადებენ ახალ ტენდერს.
„გზა XXI“-ში ამბობენ, რომ მათ მოახერხეს და ყოფილი პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კომპანია _ „ელიტა ბურჯი“ დაითანხმეს ქვეკონტრაქტორობაზე. როინ აბუსელიძე გვაცნობს ქობულეთის გამგებლისა და მათდამი „ელიტა ბურჯის“ მიერ წლის დასაწყისში გაგზავნილი წერილის შინაარს, რომელშიც ვკითხულობთ: „გაცნობებთ, რომ 2015 წლის 16 იანვარს „გზა XXI“-სთან გაფორმებული ხელშეკულების თანახმად, შპს „ელიტა ბურჯი“ იღებს ვალდებულებას 2015 წლის 31 დეკემბრადე, ქ. ქობულეთში, რუსთაველის გამზირის მე-3 ჩიხში არსებული სპორტული კომპლექსისთვის დაამზადოს და დაამონტაჟოს 432 ტონა ლითონის კონსტრუქცია. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ვადები დამოკიდებულია „გზა XXI“-ის მიერ საავანსო ღირებულების ჩამორიცხვაზე. „ელიტა ბურჯს“ დღეისათვის გაწეული აქვს რიგი მოსამზდებელი სამუშაოები“.
გამგეობაში ამბობენ, რომ მსგავსი თანხმობის შესახებ მათ არაფერი იციან. მათთვის „გზა XXI“ უკვე საეჭვო რეპუტაციის კომპანიაა და ამიტომაც უთხრეს უარი ლარის ცვლილებით გამოწვეული თანხის დამატებაზეც. ჯერჯერობით უცნობია, ამ ურთიერთბრალდებების ფონზე კიდევ რამდენ ხანს არ ექნება ქობულეთს სასპორტო სკოლა.
სხვა შემთხვევები
2014 წლის აუდიტის სამსახურის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემოწმების მასალებში წერია, რომ ამ უწყებამ კერძო კომპანიებს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადების თუ სხვა პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოაწერა. 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა კი 89 მილიონზე მეტი ლარი და მილიონ-ნახევარი დოლარი იყო. მაგალითად, კომპანია „ჟასმინს“ სახელმწიფომ 288 000 აშშ დოლარი აპატია. ამ კომპანიას ბათუმის ცენტრში, ყოფილ პირველ აფთიაქზე 40-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. ამ სასტუმროს მშენებლობა დღემდე არ არის დაწყებული, თუმცა ამის მიუხედავად, სახელმწიფომ კომპანიას საჯარიმო თანხა გაუუქმა, ხოლო ასაშენებელი ფართობი გაუზარდა. სახელმწიფომ 245 800 ლარით დააჯარიმა კომპანია „მერსინ ტურიზმი“, დაჯარიმებულთა შორის ყველაზე ბევრი თანხა – 8 63 900 აშშ დოლარი ბიზნესმენ ირის ბორჩაშვილს ჩამოაწერეს.
საქართველოს აუდიტის სამსახური იმავე დასკვნაში მიუთითებს, რომ სახელმწიფო დაჯარიმების ინსტრუმენტს ყველა კომპანიის მიმართ თანაბრად არ იყენებს – ზოგიერთის მიმართ ლოიალურია, ხოლო ზოგიერთის მიმართ – მკაცრი.
აჭარის ფინანსთა სამინისტროში აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით კომენტირებისას აცხადებდნენ, რომ ამ ქმედებით სახელმწიფო ბიზნესის მხარდაჭერას ცდილობს.
ქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს სახელმწიფო 10-10 ათასი ლარით დაეხმარება. დაღუპულთა დაკრძალვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
ქალაქის მერის განცხადებით, 45 ოჯახი ევაკუირებულია და გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
„მიმდინარეობს დაზარალებული პირების სახლების გაწმენდა, იქ სადაც ცხოვრება შეუძლებელია, ქირით გაყვანაზე ვიფიქრებთ. იწმინდება გვირაბი და გზები, დაბინდებამდე ვიმუშავებთ“- აცხადებს თბილისის მერი.
„ბათუმში მცხოვრებო, ამჟამად ამ მყოფო მეგობრებო, ვისაც სურვილი გაქვთ, ტანსაცმელი, სასმელი წყალი, ნებისმიერი ნივთი, რომელიც ასე საჭიროა ახლა ამ ადამიანებისთვის, მოიტანოთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისში (ლუკა ასათიანის 27, მერიის გვერდით). ველაპარაკე მერიის წარმომადგენელს და ხვალ დილიდანვე შეეძლებათ ამ ნივთების გაგზავნა თბილისში. დამატებით თუ ვინმეს რამე დააინტერესებს, შეგიძლიათ ჩემი ნომერი მისცემთ 595 22 56 50,“ – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ბათუმის ოფისის წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა ფეისბუქზე.
„აქვე მინდა განვაცხადო, ქართველ მუსლიმთა კავშირი მზადაა საჭიროების მიხედვით აჭარიდან მიავლინოს მოხალისეები და ფიზიკური შრომით დახმარება გავუწიოთ შესაბამის უწყებებს, რათა ცოტათი მაინც შევამსუბუქოთ მდგომარეობა“ – წერია განცხადებაში.
„იქნებიან თანამშორმლები, რომლებიც ჩანაწერებით მიიღებენ მოქალაქებისგან იმ დახმარებას რასაც ბათუმელები ჩათვლიან საჭიროდ. თუ საჭირო გახდება მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ თანხას და შევიძენთ ჰუმანიტარულ დახმარებას,“ – თქვა გიორგი ერმაკოვმა.
„ყველას, ვისაც ექნება სურვილი, საჭიროების შემთხვევაში ჩავიდეს თბილისში და დახმარება გაუწიოს დედაქალაქის მცხოვრებლებს, შეუძლია მოვიდეს ბათუმში, ჩვენს სამობილიზაციო სამსახურში [მისამართი: ქ.ბათუმი, 26 მაისის #45, ტელეფონი: 27- 41- 72] და გაიაროს რეგისტრაცია. ჩვენ შეგვეძლება საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებულად მოვახდინოთ დამხმარე ძალის გადაყვანა თბილისში“, – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.
ბათუმის მერის თქმით, მას მუდმივი კავშირი აქვს თბილისის მერთან და ამ ეტაპზე დახმარება საჭირო არ არის. თუმცა თუკი საჭიროება დადგება, ბათუმის მერია დედაქალაქის მცხოვრებლებს დაეხმარება.
“ამ ეტაპზე გადამოწმებული ინფორმაცია საჭირო დახმარების შესახებ:
დავალება #1 ვისაც გსურთ ჰუმანიტარული ნივთების ჩაბარება (ტანსაცმელი, საკვები, საბნები), მიმღები პუნქტი არის თამარაშვილის 10-ში გამგეობის შენობაში და თავისუფლების მოედანზე “საბვეის” რესტორანთან. ასევე შეგიძლიათ დახმარების ჩაბარება თქვენი უბნის გამგეობაში (რაც უფრო უპრიანია ქალაქში მოძრაობის შესამცირებლად.
დავალება #3 ვისაც ფიზიკურად მუშაობა შეუძლია – გმირთა მოედანზე მისვლა (სასურველია ნიჩაბი, ბატი და რაც გაქვთ გქონდეთ თქვენით)
მადლობა, 13 ივნისის ჯგუფი და პარტიზანი მებაღეები” – წერენ მოხალისეები.
ცოტა ხნის წინ, ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მოხალისეებს მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ სარეაბილიტაციო სამუშაოებში – “თუ ვინმეს ექნება სურვილი, გმირთა მოედანზე არის შესაბამისი შეკრების ადგილი, სადაც შემდეგ ნაწილდება ეს ადამიანები ტერიტორიების მიხედვით. მათ შეუძლიათ მოვიდნენ და აქედან განაწილდებიან შესაბამისი მიმართულებებით და დაეხმარონ ჩვენს თანამშრომლებს, რათა უფრო სწრაფად მოვახდინოთ დაზიანებული ნაწილის აღდგენა და იმ ჩამონატანისგან ტერიტორიების გაწმენდა, რაც უხვმა ნალექმა ჩამოიტანა” – თქვა მან.
მოხალისეებს ახალი დავალებების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ აქ.
მუსიკალური საღამოს მიმდინარეობის პარალელურად, კოლონადებთან გაიმართება ფოტოგამოფენა, რომელზეც ასახული იქნება არაადაპტირებული ბათუმის გარემო და ის საჯარო ტიპის დაწესებულებები, სადაც შშმ პირებისთვის გადაადგილება, ფაქტობრივად – დღემდე შეუძლებელია.
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნის ინიციატორი ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვისა“.
ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობდნენ: აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, ორგანიზაცია „ბორჯღალი“, პროგრამა „საქართველოს მოხალისე“-ს აჭარის რეგიონის მონაწილეები, ახალგაზრდული ორგანიზაცია „Art Way”.
14 ივნისი საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ 1995 წლიდან აღინიშნება. სწორედ 1995 წელს იქნა მიღებული კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის“ შესახებ, რომელმაც დაარეგულირა და განსაზღვრა შშმ პირთა სტატუსი და უფლებები.
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევა.
„ძალიან მაინტერესებს ადგილობრივი პრობლემატიკის გაგება, ადამიანებთან შეხვედრა, პირისპირ საუბარი. ამწუთას მთავარი მიზანი არის ჩვენი შეხედულებები გავუზიაროთ ხალხს და მათი პრობლემები გავიგოთ კარგად.
მოვისმინოთ და შემდეგ დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა. ბუნებრივია ურთიერთობა არის გათვლილი გრძელვადიან ურთიერთობაზე. ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, რომელიც ფიქრობს დღევანდელ ან ხვალინდელ არჩევნებზე, ჩვენ ვფიქრობთ შორი პერსპექტივით ქვეყნის წინსვლაზე, ამიტომ გვინდა რომ ბევრ ადამიანს ჰქონდეს ჩვენი საზოგადოების შეასახებ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია და მათთვის ყველასთვის პროფესიონალი ხალხისთვის ღია იყოს „ივერიის“ კარები,“ – თქვა ნიკა რურუამ.
ნიკა რურუასთან ერთად შეხვედრას ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა, საქართველოს ყოფილი ელჩი ეუთოსა და ავსტრიაში პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მამუკა გამყრელიძე.
ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები, მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე.
„ბათუმელების“ კითხვაზე ექნება თუ არა საზოგადოებრივ მოძრაობა „ივერიას“ რაიმე სახის კავშირი პოლიტიკურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნიკა რურუა პასუხობს:
„მე ვიყავი მიხეილ სააკაშვილის კაბინეტის წევრი, თუმცა პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არასდროს და „ივერიაც“ არ არის პარტია. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა და ამიტომ გვინდა რომ ეს დარჩეს ასეთად, იმისთვის რომ ეს იყოს ბევრად უფრო ღია, ვიდრე ნებისმიერი პარტია. ღია ახალი ხალხისთვის, ადამიანებისთვის რომლებიც თავისი კომპეტენტური ხედვით ცდილობენ არსებულის გამოსწორებას. ჩვენ ამათ ყველას ბუნებრივ მოკავშირეებად მივიჩნევთ. მათ შორის ყველა პროდასავლურ ძალებს. ჩვენ ვართ სრულიად დამოუკიდებელი ხალხი, მაგრამ ყველა პროდასავლური, ყველა თავისუფლებაზე, საქართველოს ერთიანობაზე, საქართველოს ევროპულობაზე ორიენტირებული ძალა არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე.
კითხვაზე, რამდენად უკავშირდება მოძრაობის გეგმები მომავალ საპარლამენტო არჩევნებს რურუამ განაცხადა რომ „ყველაფერი უკავშირდება სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას“.
აუქციონში გამარჯვებული ინვესტორი ხელშეკრულების თანახმად ვალდებულია სოფელ ქვედა მახუნცეთში 80 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში კი არანაკლებ 10-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს და 24 თვის განმავლობაში აამოქმედოს კიდეც.
ამავდროულად ხელშეკრულება ინვესტორს ავალდებულებს სასტუმროს გახსნიდან 1 თვის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ 5 მოქალაქე დაასაქმოს.
კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა მერიის აიპ-ს, „ბათუმის კულტურის ცენტრს“ ევალება. ცენტრის ადმინისტრაციაში 35 თანამშრომელი მუშაობს და ყოველწლიურად მის შენახვაზე 200 ათასი ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან. აიპ-ის ხელმძღვანელად ჯონი საბაშვილი უკვე მეორე წელია რაც დაინიშნა. ის გასულ წელს, ტურისტული სეზონის გახსნის წინ დანიშნეს ამ თანამდებობაზე და განმარტებისთვის ითქვა, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო მისთვის „ბევრი არ უნდა მოეთხოვათ“. თუმცა ერთი წლის წინ ფორსმაჟორში დანიშნული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი კულტურულ ღონისძიებებს წელსაც ფორსმაჟორში გეგმავს.
„წლევანდელი წელი ცოტათი განსხვავებული გვინდოდა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ღონისძიებებისთვის საჭირო ბიუჯეტი სეზონის გახსნის წინ დამტკიცდა, მუშაობა ექსტრემალურ ვითარებაში მოგვიწევს“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.
აიპ-ის დაქვემდებარებაში ექვსი შემოქმედებითი ჯგუფია, რომლის წევრებიც წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ხელფასს (300-400 ლარი) იღებენ. ჯონი საბაშვილისთვის ექსტრემალურ სიტუაციაში დასაყრდენს სწორედ ეს ჯგუფები წარმოადგენენ:
„გვინდა, ქუჩის კონცერტები გავმართოთ და ამით გავახალისოთ ხალხი. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ კონცერტები მხოლოდ შაბათ-კვირას, ბულვარში კოლონადებთან გაგვემართა. ეს ქალაქს გამოაცოცხლებს, თანაც ამ დღეებში უფრო მეტი ტურისტი შემოდის ქალაქში. მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნება თუ სხვა დღეებშიც გაიმართება ქუჩის კონცერტები“, – ამბობს ჯონი საბაშვილი.
რამდენი იქნება ქუჩის მუსიკოსების ჰონორარი, პროგრამაში დაზუსტებული არ არის. საორიენტაციო გეგმის მიხედვით, ქუჩის მუსიკოსებისთვის (10 ადამიანზე) 2 240 ლარია გათვალისწინებული, თუმცა ჯონი საბაშვილის თქმით, ბიუჯეტის გეგმა კორექტირებას ექვემდებარება და ეს მოცემული ციფრები დიდი ალბათობით შეიცვლება. „ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს უნდა გაიხსნას. ამ დროისთვის ყველაფერს დავარეგულირებთ“.
როგორც ჯონი საბაშვილი ამბობს, ტურისტულ სეზონს გახსნის და დახურავს „ხარისხიანი DJ, შიგადაშიგ დაუკრავენ სხვა დონის DJ-ებიც“. ამ დროისთვის არც ის ადგილებია დაზუსტებული, სადაც DJ-ებმა უნდა დაუკრან. „სავარაუდოდ, ეს იქნება ზღვის პირას, ბულვარში“, – ამბობს საბაშვილი.
საორიენტაციო ბიუჯეტში, იქ, სადაც უცხოელი შემსრულებლებისთვის განკუთვნილი ჰონორარებია მითითებული, ვკითხულობთ: „სეზონის გახსნა – 1 კაცი. საჰონორარო თანხა – 33 350 ლარი“. ადგილობრივ DJ-ისთვის კი 11 500 ლარია გათვალისწინებული.
უცხოელი შემსრულებლებისთვის განკუთვნილი ჰონორარი, მთლიანობაში, 1 471 250 ლარს აღწევს. თუმცა, აიპ-ის დირექტორი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ ჰონორარები ღონისძიების გეგმის კორექტირების მიხედვით შეიცვლება.
ყველაზე მეტი თანხა – 140 ათასი, 255 ათასი, 102 ათასი ლარი, გათვალისწინებულია შავი ზღვის მოდის დღეების, თეატრალური კვირეულის და როკისა და ბლუზის დღეებისთვის. ფესტივალის გამართვის დღეები არც ამ შემთხვევაშია დაზუსტებული. ერთადერთი, რაც ღონისძიებაზე პასუხისმგებელმა პირებმა იციან, არის ის, რომ საზაფხულო თეატრი ერთი თვის განმავლობაში დაკავებულია: „კერძო პირებს აქვთ იჯარით აღებული და კონცერტები გაიმართება“. ამ კონცერტების ორგანიზატორი „ბათუმის კულტურის ცენტრი“ ბუნებრივია არ არის.
„ის, რომ ღონისძიებების თარიღები ან კონკრეტული მომღერლების ვინაობა დადგენილი არ არის, ამის მიზეზი ბიუჯეტის დაგვიანებით დამტკიცებაა. საერთაშორისო დონის ფესტივალების დროს მუსიკოსებთან შეთანხმება რამდენიმე თვით ადრე იწყება. სანამ მათ არ წარუდგენ დოკუმენტს, რომ თანხა ნამდვილად არსებობს ჩვენს ანგარიშზე, მანამდე მოლაპარაკებაზე არ მოდიან. ამიტომ, ახლა მოგვიწევს ამ პროცესის ფორსმაჟორში მოგვარება“, – ამბობს ჯონი საბაშვილი.
რატომ გამოიყო ღონისძიებებისთვის თანხა არა წლის დასაწყისში, არამედ სეზონის გახსნიდან ათი დღით ადრე? – ჯონი საბაშვილს ამაზე პასუხი არ აქვს: „რაღაც თანხები გამოთავისუფლდაო. მე არ ვეთანხმები ამ მიდგომას და ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი უფრო ადრე უნდა გვქონოდა“.
აიპ-ის ვალდებულებაში „ბათუმობის“ დღესასწაულის ორგანიზებაც შედის. ღონისძიების ბიუჯეტი „სეზონი ჰიტ 2015“-სგან განსხვავებით წლის დასაწყისში დამტკიცდა. შექმნილია სპეციალური ათკაციანი კომისიაც, თუმცა „ბათუმობასთან“ დაკავშირებული სიახლეებისა და წინადადებების განხილვა კომისიას ჯერ არ დაუწყია. ბიუჯეტი 150 ათასი ლარითაა განსაზღვრული, რაც ითვალისწინებს ტენდერებსაც.
„ბათუმობაც არ არის ჯერ დაგეგმილი. ტენდერები ალბათ ოცი დღით ადრე გამოცხადდება. თუმცა, მე მაქვს რაღაც იდეები, ჩემი მეგობარი მხატვრები ვამუშავე იდეებზე და რაღაცები გვაქვს მოფიქრებული. პრობლემაა ის, რომ სატენდერო თანხებს გავცდით. ვნახოთ, რა გამოვა“, – ამბობს აიპის ხელმძღვანელი.
სპეციალური ათკაციანი კომისია შეიქმნა „ბათუმი ჰიტ სეზონი 2015“-სთვისაც, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც ჯონი საბაშვილი ამბობს, სეზონის განმავლობაში დაგეგმილია უკრაინელი და რუსი შემსრულებლების ჩამოყვანაც. თუმცა საბაშვილი არც ერთი მათგანის ვინაობას არ აკონკრეტებს: „ახლა სახელი და გვარები დავასახელო, მაშინ მართლა შევრცხვებით, რადგან შეიძლება შეთანხმება არ შედგეს.“
კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცდილობს სეზონი საინტერესო გახადოს და დაზოგოს თანხაც: „ჩვენ ვგეგმავთ როგორც 50-ათასიანი ღირებულების, ასევე 30, 10-ათასიანი და უფრო ნაკლები ღირებულების მომღერლების ჩამოყვანას. მაგრამ შეიძლება გავაკეთოთ თანხის ეკონომია და ჩამოვიყვანოთ არა ერთი 50-ათასლარიანი მომღერალი, არამედ რამდენიმე და უფრო ნაკლებფასიანი. ასე ჩვენც დაგვრჩება თანხა განვითარებისთვის, ტექნიკას ვიყიდით და აღარ მოგვიწევს ყოველთვის სხვისგან ქირაობა“.
ჯონი საბაშვილის თქმით, ბათუმს საერთაშორისო დონის ღონისძიების ჩასატარებელი ტექნიკა დღეს არ აქვს: „მერიას აქვს სცენა და გახმოვანება, მაგრამ ბევრი დეტალი აკლია. პიაცაზე და ერას მოედანზე გამართული კონცერტების დროს ეკრანები და ბევრი სხვა დეტალი თბილისიდან იყო ჩამოტანილი.“
„ბათუმი მეტად უნდა გაიხსნას მსოფლიოსთვის – მეტი უნდა მიიღოს და მეტიც უნდა გასცეს. ვინაიდან კულტურული ტურიზმის როლი მეტად მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის“, – ვკითხულობთ სახელდახელო პროექტში, რის საფუძველზეც საკრებულომ სამ მილიონზე მეტი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან.
საორიენტაციო პროექტში ასევე ნათქვამია, რომ „ბათუმი ჰიტ სეზონი 2015“ იქნება „დიდებული ზეიმი“. სწორედ ამ „დიდებული ზეიმის“ დაგეგმვა დაიწყო მერიამ „ექსტრემალურ დროში“, ტურისტული სეზონის გახსნიდან ათ დღეში.