გუშინ, 16 ივნისს, აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი სათაურით – ზაურ ლაზიშვილისა და თემურ ბიბილეიშვილის ვარსკვლავები. ეს სიუჟეტი გუშინ ტელევიზიის ოფიციალურ ვებ გვერდზეც განთავსდა. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებული სადღესასწაულო კადრების სოციალურ ქსელში გავრცელებას მოქალაქეების მხრიდან კრიტიკული რეაქცია მოჰყვა, აჭარის ტელევიზიის ვებ გვერდიდან სიუჟეტი გაქრა. სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც არჩილ ხაბაძე სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა, თბილისისი ტრაგედიიდან სამ დღეში გაიმართა.
16 ივნისს, გუშინ თბილისში მომხდარი სტიქიიდან მესამე დღეს, აჭარის მთავრობამ ბათუმელი მოცეკვავეების ვარსკვლავები გახსნა. გაიმართა ანსამბლ “ხორუმის” საანგარიშო კონცერტიც. ამ მოვლენის ამსახველი კადრები აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდზე დღეს უკვე აღარ დევს. რატომ ჩამოიხსნა სიუჟეტი ვებ-გვერდიდან ? ამის გარკვევას აჭარის ტელევიზიაში რამდენიმე პასუხისმგებელ პირთან შევეცადეთ.
ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, შორენ ღლონტი სიუჟეტის ვებგვერდიდან ჩამოხსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გვიპასუხა, რომ ამბავს გაარკვევდა, თუმცა მასთან დაკავშირება შემდეგში ვეღარ მოხერხდა, რადგან მისი ტელეფონი მუდმივად დაკავებას უჩვემებდა. ტელევიზიაში კი გვითხრეს, რომ შორენა ღლონტი სამსახურში არ იმყოფებოდა.
„ბათუმელები“ დღის რედაქტორს, მეგი შავლაყაძესაც დაუკავშირდა. კითხვაზე, – რატომ ჩამოიხსნა აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდიდან გუშინ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში გამართული კონცერტის კადრები, მეგი შავლაყაძე ამბობს, რომ ეს საკითხი ვებ-გვერდის რედაქტორთან უნდა გავარკვიოთ. კომენტარის გაკეთება სხვა დეტალებზე არც მორიგე-რედაქტორმა მოისურვა.
აჭარის ტელევიზია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი არხია.