ნეტგაზეთი • RU

უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისთვის ამხანაგობის თავმჯდომარეს ბრალი წაუყენეს

 

გასულ წლის 15 ოქტომბერს ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილ მინას ათი წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. აჭარის პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიება  გასულ კვირას შეუფარდა მამაკაცს, რომელიც ამ სახლის ამხანაგობის თავმჯდომარეა. 

 

შემთხვევის ადგილი ქობულეთში/ფოტო ბათუმელების არიქვიდან

 

ამხანაგობის თავმჯდომარეს სახელმწიფო მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას ედავება, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა _ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მინით მოზარდი დაიღუპა. ეს დანაშაული ხუთწლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურორმა სასამართლოში იშუამდგომლა, რომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდოს გირაო – 5 ათასი ლარი. პროკურორის არგუმენტი ასეთია: “არ მიემალოს გამოძიებას, ხელი არ შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებას და არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, რადგან ის დღესაც ამხანაგობის თავმჯდომარეა”.

ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ არის პენსიონერი და გირაოს თანხის შემცირება ითხოვა. სასამართლოს მიმართ მისი კიდევ ერთი თხოვნა ვადებს უკავშირდებოდა – პროკურორის მიერ მოთხოვნილი გირაოს გადასახდელად 15-დღის ნაცვლად, სამ თვემდე ვადა მოითხოვა. “ფულის შეგროვება იქნებ მოვახერხო”, – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პროკურორს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას შესწავლილი ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა. პროკურორმა უპასუხა, რომ- არა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გირაოს სახით 2 ათას ლარს გადაიხდის. თანხის გადახდის ვადად მოსამართლემ პენსიონერ მამაკაცს 45 დღე განუსაზღვრა. ბრალდებულმა თქვა, რომ ამ თანხის გადახდას შეძლებს, რადგან მას მიწის ნაკვეთი აქვს.
მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ შეუძლია სხვისი ქონებაც დატვირთოს იპოთეკით იმ შემთხვევაში, თუ მას გირაოსთვის საკმარისი ფული და ქონება არ გააჩნდა.

ბრალდებულს სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ იცავდა.
პირველი სასამართლო სხდომა 14 ივლისს ჩატარდება.

შემთხვევის ადგილი ქობულეთში/ფოტო ბათუმელების არიქვიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა