კვირის ამბები

შეჩერებული პროექტები და არათანაბარი სანქციები

14.06.2015 • 2181
შეჩერებული პროექტები და არათანაბარი სანქციები

 

ადგილი, სადაც სასპორტო კომპლექსი უნდა აშენებულიყო
ადგილი, სადაც სასპორტო კომპლექსი უნდა აშენებულიყო

ქობულეთში, რუსთაველის ჩიხის #3-ში, სპორტული კომპლექსის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „გზა XXI“-მ გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2013 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა. პროექტის ღირებულება – 2 647 922 ლარი იყო. სამუშაოების დასრულების ვადა – 2015 წლის 30 აპრილი.


გასული კვირის მდგომარეობით, ქობულეთში, ამ მისამართზე, მხოლოდ ნულოვანი სამუშაოებია შესრულებული. არც ოთხსართულიანი შენობა დგას, რისი აშენებაც პროექტით იყო დაგეგმილი და არც მიმდებარედ გათვალისწინებული სტადიონის კონტურები მოსჩანს სადმე: ჩამოსხმული და მოშანდაგებულია საძირკველი და ჩამოსხმულია ბოძები. დახარჯული თანხა კი დაახლოებით 400 ათასი ლარია.


კომპანია „გზა XXI“-ს ტენდერებში მონაწილეობა-გამარჯვების არაერთწლიანი გამოცდილება აქვს. როგორც კომპანიის 50% წილის მფლობელი როინ აბუსელიძე ამბობს, ქობულეთში ამ პროექტის გარდა სხვა პროექტებში, ჯამში, 4 მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული. აქამდე მოგებულ ყველა ტენდერს კომპანია უპრობლემოდ ასრულებდა. მეტიც – 2015 წელს იმავე კომპანიამ კიდევ ერთი ტენდერი მოიგო ასევე ქობულეთში – საკურორტო სეზონის დაწყებამდე გადათხრილი ჯავახიშვილისა და ლესელიძის ქუჩების მოპირკეთება უნდა მოასწროს.

 

ჯერ უცნობია, კომპანიისთვის სპორტკომპლექსის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტით დაწყებული პრობლემები აისახება თუ არა „გზა XXI“-ს სხვა პროექტებზე და, შესაბამისად, ერთი კონკრეტული კომპანიის პრობლემა ხომ არ გადაიქცევა რამდენიმე ასეული ოჯახის პრობლემად ქობულეთში, რომლებიც ტურისტული სეზონის დაწყებას იმედით ელიან; მათ აქციებიც კი გამართეს გასულ კვირას ქუჩების მოპირკეთების დროზე დასრულების მოთხოვნით. აქ იციან, რომ თუ გადათხრილი ქუჩები არ მოწესრიგდა, მტვრით სავსე მათ სახლებში არც ერთი ტურისტი არ მოინდომებს გაჩერებას.

 

ურთიერთბრალდებები – „გზა XXI“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტი

 

სასპორტო სკოლის პროექტის შეწყვეტის მიზეზს მხარეები ერთმანეთში ხედავენ. არსებობს ასევე ოფიციალური დოკუმენტებიც, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ტენდერი თავიდანვე შეცდომით იყო გამოცხადებული და პროექტიც არ იყო სათანადოდ დამუშავებული. ასევე ჩანს, რომ არც „გზა XXI“-ს ჰქონდა ბოლომდე ის პროექტი გააზრებული, რომლის ტენდერშიც 7 სხვა კომპანიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.

 

აი, რა წერია ოფიციალურ დოკუმენტებში: ქობულეთში სასპორტო სკოლის მშენებლობა დაიწყო 2013 წლის შემოდგომაზე. დოკუმენტების შესწავლით „ბათუმელებმა“ დაადგინა, რომ ნებართვა, რომელიც პროექტის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა გაეცა და რომლის გარეშეც მშენებლობის დაწყება უკანონო იყო, გაიცა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ.

 

კანონდარღვევას აღიარებენ ქობულეთის გამგეობაში. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე ამბობს, რომ ამის გამო ქობულეთის გამგეობა 19 ათასი ლარით არის დაჯარიმებული. „ჩვენ ეს თანხა გადავიხადეთ ბიუჯეტის სასარგებლოდ“, – ამბობს ირაკლი ცეცხლაძე. – „მაგრამ იმის გამო, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა, ის დროში არ შეზღუდულა, რადგან სამუშაოების ათვლის თარიღად კომპანიას განესაზღვრა მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი და არა აქტიური თარიღი, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა. ამ დათმობაზეც წავიდა მუნიციპალიტეტი. სინამდვილეში, კომპანია იმის გამო კი ვერ ასრულებდა ვალდებულებას, რომ ნებართვა არ მივეცით, არამედ დროში იმის გამო ვერ ჩაეტიენ, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ“.

 

დოკუმენტებით მართლაც ჩანს, რომ კომპანიას მშენებლობის ვადა გაუგრძელეს და ნაცვლად 2015 წლის აპრილისა, სპორტსკოლის მშენებლობა ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. „დირექტორებთან რამდენჯერმე გვქონდა საქმიანი საუბარი. ისინი გვპირდებოდნენ, რომ მალე დაიწყებდნენ მშენებლობას, მაგრამ ფაქტია, ისინი ერთი ლარის სამუშაოსაც ვერ ასრულებდნენ. მეორე ეტაპზე იყო რკინის კონსტრუქციების სამუშაოები – 800 ათასი ლარია გათვალისწინებული. აპრილის შემდეგ, როცა მეორე ეტაპის სამი თვე გავიდა, წერილი მივწერეთ – დარჩენილი დრო არარეალურია კონსტრუქციების დამზადება-ჩამოტანა-მონტაჟისთვის, ამას მინიმუმ 3-5 თვე სჭირდება. კომპანიას რეაგირება არ ჰქონია, მხოლოდ ის მოგვწერა, რომ აქვს პრობლემები და ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებას. ამის შემდეგ ჩვენ გავამზადეთ შეთანხმება ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტაზე, მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები და ხელი არ მოაწერეს მას. კომპანიას საჯარიმო სანქციის სახით ეკისრება პირგასამტეხლო, ჯამში 52 ათასი ლარი“, – ეს ქობულეთის გამგეობის ოფიციალური პოზიციაა, რომელიც „ბათუმელებთან“ ირაკლი ცეცხლაძემ განმარტა.

 

„გზა XXI“-ის პოზიცია

 

კომპანია „გზა XXI“-ს 50% წილის მფლობელი როინ აბუსელიძეა. ის ძირითადად გზებისა და სკვერების მოპირკეთება-მშენებლობაზე მუშაობს. გასულ კვირას შეწყვეტილი 2,6-მილიონიანი ტენდერის თაობაზე ფიქრობს, რომ სიმართლე მის მხარესაა და აპირებს ქობულეთის გამგეობას სასამართლოში უჩივლოს. მისი აზრით, მუნიციპალიტეტს მისი კომპანიის რეპუტაციის შელახვაზე რომ არ „ეზრუნა“, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა შეეძლო:

„პროექტით გათვალისწინებული იყო 100 კუბი გრუნტის მოჭრა, მოვჭარით 3 ათასი. პროექტის ავტორის ძებნაში – (გამგეობას თბილისური კომპანიისგან ჰქონდა პროექტი შესყიდული და ეს კომპანია ვალდებული იყო პროექტის ზედამხედველობა განეხორციელებინა მშენებლობის დროს) დავკარგეთ ორი თვე, გამგეობამ ვერ უზრუნველყო ამ კომპანიის მიერ პროექტის ზედამხედველობა. საპროექტო კომპანიამ იქამდე არ გაასწორა ხარვეზები პროექტში, ვიდრე ჩვენ ფული არ გადავუხადეთ, არა და ეს არ იყო ჩვენი მოვალეობა. უკანონოდ მაშენებინებდნენ – სათანადო ნებართვა არ იყო გაცემული, ავანსის სახით მუნიციპალიტეტს თანხა რომ ჩაერიცხა, კომპანია შეძლებდა საქმის გაგრძელებას. მე ქვეკონტრაქტორად მოვიწვიე „ელიტა ბურჯი“. გამგეობაში უდევთ წერილი, რომელიც „ელიტა ბურჯმა“ მისწერა. ბანკებთანაც დავიწყე მოლაპარაკება საგარანტიო თანხის მოსაძიებლად, მაგრამ სადაც არ მივედი, ყველგან დამხვდა ქობულეთის გამგეობისგან ინფორმაცია, რომ ცალმხრივად მიწყვეტდნენ ხელშეკრულებას, ამიტომ საგარანტიო არავინ მომცა, სწორედ ამის გამო არ ჩამომირიცხეს ავანსის თანხა“.

 

აბუსელიძე ამბობს, რომ ის თავდაპირველად თანახმა იყო ორმხრივად შეეწყვიტათ ხელშეკრულება, მაგრამ როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტებს გაეცნო, აღმოჩნდა, რომ მას აჯარიმებდნენ, ამიტომ აღარ მოაწერა ხელი შეთანხმებას: „ბოლო სამი თვე ამაში გაიყვანეს – ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება… დარეკეს სადაზღვევოში, მაგენს ჩვენ ცალმხრივად ვუწყვეტთ ხელშეკრულებასო და ყველამ თავი შეიკავა, სადაც მივედი, საორჭოფო სიტუაცია შექმნეს. ამასობაში ლარის კურსის გამო თითქმის 900 ათასი ლარით გაძვირდა პროექტი. გამგეობას მივმართეთ, რომ პრემიერის განკარგულების მიხედვით ლარის კურსით გამოწვეული ზარალი დაემატებინათ პროექტისთვის და სამუშაოს გავაგრძელებდით, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს“.

 

როინ აბუსელიძე ამბობს, რომ ის აუცილებლად იჩივლებს სასამართლოში. ის ფიქრობს, რომ სამუშაოს 50% შესრულებული აქვს და არც ერთ სხვა კომპანიას ამ დაკვეთის მიღება არ მოუნდება: ვიცი, რომ თანხის დამატებაც შესთავაზეს სხვა კომპანიებს, მაგრამ ეს ასე არ გამოვა, მე დღეში რვაჯერ გადავამოწმებ ამ ამბავს“.

 

ირაკლი ცეცხლაძე კი ფიქრობს, რომ სათანადო ექსპერტიზის დასკვნებისა და „გზა XXI“-სთან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდეგ აუცილებლად გამოაცხადებენ ახალ ტენდერს.

 

„გზა XXI“-ში ამბობენ, რომ მათ მოახერხეს და ყოფილი პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კომპანია _ „ელიტა ბურჯი“ დაითანხმეს ქვეკონტრაქტორობაზე. როინ აბუსელიძე გვაცნობს ქობულეთის გამგებლისა და მათდამი „ელიტა ბურჯის“ მიერ წლის დასაწყისში გაგზავნილი წერილის შინაარს, რომელშიც ვკითხულობთ: „გაცნობებთ, რომ 2015 წლის 16 იანვარს „გზა XXI“-სთან გაფორმებული ხელშეკულების თანახმად, შპს „ელიტა ბურჯი“ იღებს ვალდებულებას 2015 წლის 31 დეკემბრადე, ქ. ქობულეთში, რუსთაველის გამზირის მე-3 ჩიხში არსებული სპორტული კომპლექსისთვის დაამზადოს და დაამონტაჟოს 432 ტონა ლითონის კონსტრუქცია. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ვადები დამოკიდებულია „გზა XXI“-ის მიერ საავანსო ღირებულების ჩამორიცხვაზე. „ელიტა ბურჯს“ დღეისათვის გაწეული აქვს რიგი მოსამზდებელი სამუშაოები“.

 

გამგეობაში ამბობენ, რომ მსგავსი თანხმობის შესახებ მათ არაფერი იციან. მათთვის „გზა XXI“ უკვე საეჭვო რეპუტაციის კომპანიაა და ამიტომაც უთხრეს უარი ლარის ცვლილებით გამოწვეული თანხის დამატებაზეც.
ჯერჯერობით უცნობია, ამ ურთიერთბრალდებების ფონზე კიდევ რამდენ ხანს არ ექნება ქობულეთს სასპორტო სკოლა.

 

სხვა შემთხვევები

 

2014 წლის აუდიტის სამსახურის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემოწმების მასალებში წერია, რომ ამ უწყებამ კერძო კომპანიებს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადების თუ სხვა პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოაწერა. 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა კი 89 მილიონზე მეტი ლარი და მილიონ-ნახევარი დოლარი იყო. მაგალითად, კომპანია „ჟასმინს“ სახელმწიფომ 288 000 აშშ დოლარი აპატია. ამ კომპანიას ბათუმის ცენტრში, ყოფილ პირველ აფთიაქზე 40-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. ამ სასტუმროს მშენებლობა დღემდე არ არის დაწყებული, თუმცა ამის მიუხედავად, სახელმწიფომ კომპანიას საჯარიმო თანხა გაუუქმა, ხოლო ასაშენებელი ფართობი გაუზარდა. სახელმწიფომ 245 800 ლარით დააჯარიმა კომპანია „მერსინ ტურიზმი“, დაჯარიმებულთა შორის ყველაზე ბევრი თანხა – 8 63 900 აშშ დოლარი ბიზნესმენ ირის ბორჩაშვილს ჩამოაწერეს.

 

საქართველოს აუდიტის სამსახური იმავე დასკვნაში მიუთითებს, რომ სახელმწიფო დაჯარიმების ინსტრუმენტს ყველა კომპანიის მიმართ თანაბრად არ იყენებს – ზოგიერთის მიმართ ლოიალურია, ხოლო ზოგიერთის მიმართ – მკაცრი.

 

აჭარის ფინანსთა სამინისტროში აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით კომენტირებისას აცხადებდნენ, რომ ამ ქმედებით სახელმწიფო ბიზნესის მხარდაჭერას ცდილობს.



გადაბეჭდვის წესი


ასევე: