ურეხში სოციალური სახლი აშენდება

სოციალური სახლის მშენებლობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 1 563 480 ლარით დააფინანსებს [2016 წელს – 700 000 ლარით და 2017 წელს – 863 480 ლარით].

მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2016 წლის 10 მარტს დაიწყება და 15 მარტს დამთავრდება. სახლი ბათუმში, ურეხის დასახლებაში აშენდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებლობა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში და დასრულდეს  ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში.

განსაზღვრულია გაწეულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადებიც: სახურავზე – 15 წელი, კარ-ფანჯრებზე – 5 წელი, ელექტროგაყვანილობაზე – 3 წელი, წყლისა და საკანალიზაციო მილებზე – 10 წელი, გათბობის ქვაბზე – 4 წელი, გათბობის მილებზე – 10 წელი, გათბობის რადიატორებზე – 10 წელი.

Untitled

როგორ მოწმდება წამლის ხარისხი

წამლის ხარისხის კონტროლი მკაცრდება – განაცხადა 2016 წლის დასაწყისში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა. როგორ იცვლება კონტროლის მექანიზმი მაშინ, როცა სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი უცვლელია და პროგრამის ფარგლებში 600-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შესასყიდად 10 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ლაბორატორიულად შესამოწმებლად – 80 ათასი ლარი? საკმარისია თუ არა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის არსებული სახელმწიფო მექანიზმები?

ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტროა, უფრო კონკრეტულად – სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნაილი შენგელიძე განმარტავს, რომ სააგენტო ახორციელებს ლაბორატორიულ კონტროლსა და სადისტრიბუციო ჯაჭვის ადმინისტრაციულ კონტროლს, კერძოდ: „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც ხდება შესყიდული ნიმუშების სრული ლაბორატორიული ტესტირება და ვიღებთ დასკვნას – რამდენად შეესაბამება კონკრეტული წამლის ნიმუში განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

გარდა ამისა, არის ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმი. შევისყიდით მედიკამენტებს, შევისწავლით, როგორია შეფუთვა-მარკირება, თვითონ პრეპარატის მახასიათებლები: რა ფერისაა ტაბლეტი, როგორია დიამეტრი და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ რაღაც ეჭვი არსებობს და ვიზუალურად ჩანს პრობლემა, ნიმუშს ვაგზავნით ლაბორატორიაში”.

კონკრეტულად როგორ გამკაცრდება წამლების ხარისხის კონტროლი, ამის შესახებ განმარტება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თავად გააკეთა 2016 წლის დასაწყისში. მინისტრის განცხადებით, პროგრამაში შედის ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს: „კერძოდ, ის ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას. …თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება“.

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 10 000-მდე მედიკამენტია რეგისტრირებული. სამკურნალო საშუალება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გადის რეგისტრაციას. სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანი ფარმაცევტული ბაზრის დაცვაა ფალსიფიცირებული, წუნდებული, უვარგისი, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან, 2009 წლიდან მოყოლებული 100 000 ლარით ფინანსდება. აქედან სამკურნალო საშუალებების ხარისხის ლაბორატორიულ კვლევაზე წელს 80 000, სამკურნალო საშუალებების შესყიდვაზე კი – 10 000 ლარი დაიხარჯება.

პროგრამის ბიუჯეტი არც წელს გაზრდილა. როგორ შეძლებს სახელმწიფო არსებული ბიუჯეტით წამლების ხარისხის შემოწმებას ევროპულ ლაბორატორიებში? „ბათუმელების“ შეკითხვაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პასუხობს, რომ თანხა გაიზრდება.

„თამასა უფრო მაღლა ავწიეთ და ვთქვით, რომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო სერტიფიკატის, ჯანმო-ს მიერ ლიზენცირებული ლაბორატორია, სადაც მოხდება შერჩეული მედიკამენტების შემოწმება. საქართველოში ჯანმოს ლიზენცია არც ერთ ლაბორატორიას არ აქვს, ამიტომ ჩვენ ზოგ შემთხვევაში მოგვიწევს საზღვარგარეთ გაგზავნა მედიკამენტების. ბიუჯეტი ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ ამისთვის თანხა გამოიყოფა, რადგან 100 00 ლარი საკმარისი აღარ იქნება“, – აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.

გასულ წელს სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველომ 600-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი შეამოწმა. მათგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ლაბორატორიულად შეამოწმა 224 დასახელების შესყიდული ნიმუში და 29 დასახელების რეგისტრაციის პროცესში მყოფი ფარმაცევტული პროდუქტი. სამმართველოს უფროსის, ნანა შაშიაშვილის განმარტებით, 9 დასახელების ფარმაცევტულ პროდუქტს მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო უარი ეთქვა ბაზარზე დაშვებაზე: „მათი შერჩევა და ლაბორატორიაში შემოწმება რეგისტრაციის პროცესშივე მოხდა. რაც შეეხება შეძენილ სამკურნალო საშუალებებს, ორი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ სააგენტოს მიერ რეგისტრაციის პროცესში განხილულ და შეფასებულ ხარისხის სტანდარტებსა და სპეციფიკაციის მოთხოვნებს; ერთ შემთხვევაში ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე რეგისტრაცია შეუჩერდა ერთ ფარმაცევტულ პროდუქტს – ამოღებულ იქნა ბაზრიდან. ვიზუალური შემოწმება გაიარა 628 დასახელების ფარმაცევტულმა პროდუქტმა, მათგან 67 შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ პროდუქტების შეფუთვა-მარკირება არ შეესაბამებოდა სახელმწიფო ნიმუშების შეფუთვა-მარკირებას, პროდუქტი არ იქნა დაშვებული ბაზარზე. ფალსიფიკაციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა“.

როგორ წყვეტს ინსპექტირების სამმართველო, რომელი მედიკამენტები შეისყიდოს შესამოწმებლად? ნანა შაშიაშვილი განმარტავს, რომ ძირითადი აქცენტი ამ შემთხვევაში არის GMP-ის საერთაშორისო სტანდარტის არმქონე ქვეყნებში არსებული წარმოებების მიერ დამზადებულ ან ადგილობრივი წარმოების ფარმაცევტულ პროდუქტზე. „ასევე, როცა ჩნდება ეჭვი ხარისხთან მიმართებაში ვიზუალური კონტროლის შედეგად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ინფორმაციაც, რომელსაც ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან და მოქალაქეებიდან, შეტყობინების სახით“, – ამბობს ნანა შაშიაშვილი.

საკმარისია თუ არა წამლების ხარისხის გასაკონტროლებლად არსებული სახელმწიფო მექანიზმი? სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი ამბობს, რომ – არა.

„რასაკვირველია არ არის საკმარისი, განსაკუთრებით ახლა, როცა ბაზარზე შემოვიდა გენერიკული წამლები. მე მივესალმები გენერიკების შემოსვლას, რადგან ეს ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი წამალი. გენერიკებს კი სჭირდება განსაკუთრებული კონტროლი.

სამინისტროს ინიციატივა წამლებზე კონტროლის გამკაცრებაზე მისასალმებელია, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად მივა ბოლომდე და არ მივიღებთ მხოლოდ მორიგ პოპულისტურ გაცხადებას. წამლების ევროპულ ლაბორატორიებზეა საუბარი. ეს რომ გაკეთდეს ისე, როგორც საჭიროა, საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული“, – ამბობს სერგო ჩიხლაძე.

წამლების ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე ხარჯის გაწევა სახელმწიფოს მოუწევს. მაგრამ სერგო ჩიხლაძის თქმით, არსებობს რისკი, რომ ფარმაცევტული კომპანიები ისარგებლებენ კონტროლის გამკაცრებით და წამლებზე ფასს გაზრდიან:

„შემოწმებამ შეიძლება გამოავლინოს ხარვეზები, ან წამლები აკრძალოს ბაზარზე, საჭირო გახდება სხვა წამლების შემოტანა. ამ პერიოდში მწარმოებელსა თუ შემომტანს შეიძლება ჰქონდეს წამლის გაძვირების მცდელობა. ამიტომაც ძალიან მკაცრად გასაკონტროლებელი იქნება, ეს ტვირთი ირიბად რომ არ დააწვეს მოსახლეობას, რომლის ჯანდაცვის დანახარჯის 60 პროცენტი ისეც წამლებზე მოდის.“

ქვეყანაში წამლისა და ფარმაციის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს – მიიჩნევს ალიოშა ბაკურიძე, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი: „ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ წამალი კომერციული პროდუქციაა, მაგრამ იგი პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტი, ამიტომ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს დარეგულირებული შესაბამისად. ჩვენ ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს წამლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა. წამლის ქსელიდან ამოღება და შემოწმება აუცილებელია, მაგრამ ამით წამლის ხარისხი ვერ გაუმჯობესდება. ასე მხოლოდ დასკვნა, ანგარიში შედგება და მეტი არაფერი. ფალსიფიცირებისგან რომ დავიცვათ თავი, ორი რამ უნდა გაკეთდეს ქვეყანაში: უნდა დარეგულირდეს წამლის პრემარკეტ კონტროლი, რომელიც მოიცავს რეგისტრაციის რეჟიმს და ნებართვების გაცემას საქმიანობაზე და მეორე – პოსტმარკეტ კონტროლი. დღეს ჩვენს ქვეყანაში 4000-ზე მეტი აფთიაქია, მარეგულირებელში დასაქმებულთა რაოდენობა კი, სამწუხაროდ -ცოტა.“

ფეხით მოსიარულის ჩანაწერები

გიორგი კალანდაძე

მანქანა არ მყავს და ბათუმში გადაადგილება ძირითადად ფეხით მიწევს. ფეხით სიარული კი მიყვარს, მაგრამ ბათუმში ეს გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ქალაქის ცენტრს გასცდები თუ არა, გგონია, რომ სხვა ქალაქში მოხვდი, სადაც წვიმიან ამინდში ქუჩაში მუხლებამდე წყალი შეიძლება იდგეს და ტალახით სავსე გუბეებზე დაგჭირდეს ხტუნვა, მშრალ ამინდში კი – მტვრიანი ჰაერის სუნთქვა. ქალაქის ცენტრს მიღმა ბევრი დაწესებულებაა, სადაც როგორმე კი მიაღწევ, მაგრამ კოჭებამდე ტალახში ამოსვრილი შეაღებ კარს.

ხან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება ბათუმელებს, რომ ტურისტული ქალაქი მთავრდება ცენტრში, არადა, ბათუმი ხომ ცენტრში მდებარე რამდენიმე ქუჩა არ არის მხოლოდ, ქალაქია გარეუბნებიც და იქ სიარულისას არ უნდა გეგონოს, რომ სოფლის ორღობეში ხარ, სადაც არასდროს ყოფილა დაგებული არც ასფალტის საფარი და არც ფილები.

თუმცა პრობლემები მხოლოდ ქალაქის გარეუბნებში არ არის. დღეს ქალაქის ცენტრშიც კი უამრავი პრობლემაა, რაც, ძირითადად, მოუწესრიგებელ გზას და საგზაო მოძრაობას უკავშირდება. ვერაფრით დავიხსომეთ ქალაქში წითელი ბილიკებისა და ტროტუარების დანიშნულება, რომელიც ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მანქანებითაა ჩახერგილი.

ცალკე საკითხია „ზებრები“, რომლებიც ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი. სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში მძღოლებმა მეტ-ნაკლებად ისწავლეს გზის დათმობა ქვეითის გადასასვლელებზე, მაგრამ მძღოლების დიდი ნაწილი მაინც არასწორად იქცევა. შუქნიშანზე, როცა შენი გზა არის და მწვანე შუქი გაქვს, გვერდით ქუჩებიდან შემოსული მანქანები არც კი ანელებენ სიჩქარეს, ისე გადაგიჭრიან გზას. ძალიან ვბრაზდები ამაზე, ბევრჯერ მიფიქრია საპატრულო პოლიციაში დარეკვაზე, აქამდე თავს ვიკავებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არასწორია, მეტი მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა საჭირო.
ჯარიმების გამკაცრებასაც ვემხრობი, დარწმუნებული ვარ, ამას ექნება ეფექტი. ასევე, ვფიქრობ, კარგი იქნება მეტი ე.წ. „მწოლიარე პოლიციელი” თუ იქნება ქალაქის გზებზე, რადგან ზოგიერთი მძღოლი არანორმალური სისწრაფით მოძრაობს.

მერია ამბობს, რომ გარეუბნებში გზები კეთდება და ამიტომაცაა გადათხრილი. კი, ჩანს, რომ სამუშაო პროცესები მიდის, მაგრამ აქვე ჩნდება სხვა კითხვა: რამდენად სწორად მიდის ეს სამუშაოები, რამდენად იცის ამ ხალხმა რას აკეთებენ?! როცა 5-მეტრიანი მონაკვეთის შესაკეთებლად ორი თვე გადათხრილი იქნება ქუჩა, ნებისმიერ მოქალაქეს გაუჩნდება ეს კითხვა. ჩემი აზრით, არ ხდება საჭირო კონტროლი და მონიტორინგი იმ სამსახურების, ვინც ამას აკეთებს, ამიტომ ვფიქრობ, ცოტა სხვანაირი, უფრო აქტიური მიდგომაა საჭირო ამ საკითხისადმი.

ქუჩას სჭირდება მოვლა და თუ გვაქვს ამბიცია, რომ ტურისტული ქალაქი ვიყოთ, ამაზე უნდა ვიზრუნოთ.

“ყველაფერი კონტრაქტორების ბრალია” – მაღალბიუჯეტიანი დაკვეთები ტენდერის გარეშე

ისინი აღებულ ვადებულებებს დროულად ვერ ასრულებენ. ხშირად გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ, რის გამოც ყოველი წლის ყოველი კვარტალის ბიუჯეტი ირღვევა. ამის გამო მთავრობა „იძულებულია“ კონკურენციის პრინციპი დაარღვიოს და პოტენციურ შემსრულებლებს `გამარტივებული შესყიდვა~ გაუფორმოს. შედეგად მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს ხშირად ახალდაფუძნებული კომპანიები, მთავრობის ხელმძღვანელი პირების მეზობლები ან მათთან დაახლოებული პირები იღებენ. მთავრობაში განმარტავენ, რომ ამაში უხერხული და მითუმეტეს საეჭვო, არაფერია.

გასულ წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მილიონამდე ლარის სამუშაოები, გამარტივებული შესყიდვის წესით, ახალდაფუძნებულ კომპანიას, შპს „ბელუს“ დაუკვეთა. შესყიდვის ამ ფორმის გამოყენებას, როცა ღირებულება 5000 ლარს აჭარბებს, კანონმდებლობა ფოსმაჟორულ სიტუაციაში ან მთავრობის შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს. სხვა შემთხვევაში ელექტრონული ტენდერი უნდა გამოცხადდეს. გამარტივებული შესყიდვა ბაზარზე კონკურენციას, ასევე ბიუჯეტში ეკონომიის გაკეთების შესაძლებლობას გამორიცხავს. რაც ზემოთ აღნიშნული სამუშაოს ტენდერით შესყიდვის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. შესყიდვა ქობულეთის სოფლების შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებდა.

შპს „ბელუ“ 2014 წლის მარტში ქობულეთში მხოვრებმა გიგა ცინცაბაძემ დააფუძნა. 2014 წლის ბოლოს ქობულეთის გამგეობამ ახალდაფუძნებულ კომპანიას ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ანდო. გასული წლის ბოლოს კი ამ კომპანიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან კიდევ ორი, ჯამში მილიონამდე ლარის ღირებულების დაკვეთა მიიღო.
როგორ მოახერხა გამოუცდელმა კომპანიამ გამგეობის ნდობის მოპოვება? – კითხვაზე შპს „`ბელუს“ წარმომადგენელი ელგუჯა ცინცაბაძე პასუხობს: „ადრე სხვა კომპანია გვქონდა. შესაბამისი ტექნიკაც გვაქვს და გამოცდილებაც“. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ამ კომპანიის ფინანსური მენეჯერი ქობულეთის გამგებლის მოადგილის, ირაკლი ცეცხლაძის ძმა – ბესო ცეცხლაძეა.

ირაკლი ცეცხლაძე განმარტავს, რომ მისი ძმა აუდიტორია და, შესაბამისად, შპს `ბელუს~ მსგავსად შეხება თხუთმეტამდე კომპანიასთან აქვს.

კომპანიასა და დამკვეთს შორის გაფორმებულ ერთ-ერთ ხელშეკრულებაში (2015 წლის 15 აგვისტო) დამკვეთი შესყიდვის ამ ფორმის გამოყენების საფუძვლად `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის #67 და 2015 წლის 3 აპრილის #151 დადგენილებებს ასახელებს. პირველი დადგენილება, რომლითაც გამგეობამ შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელება ახსნა „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, მუნიციპალიტეტს უფლებამოსილებას ანიჭებს სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს და იქვე განმარტავს, რომ შესყიდვა „პროგრამით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ უნდა განხორციელდეს.

ამ დადგენილებით ყოფილმა პრემიერმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც უკვე ათი წელია ხორციელდება და წლის ბოლოს მომავალი წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხა მტკიცდება, შეიძლებოდა ეფექტურად განხორციელების თვალსაზრისით პრობლემები შექმნოდა და დაქვემდებარებულ უწყებებს ამ თანხის გამარტივებული წესით დახარჯვის უფლება მისცა.

იმავე დადგენილებაში, რომლითაც მუნიციპალიტეტმა ისარგებლა, ნათქვამია, რომ „…თუ პროექტის განსახორციელებლად სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“

გამარტივებული ელეტრონული ტენდერი ისე არ არღვევს კონკურენტული გარემოს შექმნის პრინციპს, როგორც გამარტივებული შესყიდვა. მართალია, ასეთ შემთხვევაში ტენდერი მალე უნდა დასრულდეს, მაგრამ მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. ამ შემთხვევაში ქობულეთის გამგეობამ აჭარის მთავრობის თავჯდომარის ნებართვა გამოიყენა. კანონმდებლობა ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს უფლებამოსილებას ანიჭებს, მუნიციპალიტეტს გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მისცეს, თუ თხოვნა დასაბუთებულია. დასაბუთებაში, როგორც წესი, უმეტესად სამუშაოების ეფექტურად განხორციელებაზე წერია.

2015 წლის ოქტომბერში სტიქიის შედეგად ქობულეთის ნაპირსამაგრი საფეხურებიანი ჯებირი დაზიანდა. ამ კედლის აღდგენითი სამუშაოები ქობულეთის გამგეობამ 2015 წლის ივლისში შეისყიდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული კედლის აღსადგენად სამუშაოები მისი დაზიანებიდან ხუთი თვის შემდეგ დაგეგმეს, გამგეობამ გამარტივებული (სამდღიანი) ელექტრონული ტენდერიც კი არ გამოაცხადა და ლოგიკით – „ეს სტიქიას უკავშირდებოდა და უფლება გვქონდა“ პირდაპირი შესყიდვის ფორმა გამოიყენა. სამუშაოები შპს „შარა-გზამშენსაც“ დაუკვეთეს.

ქობულეთის ნაპირდამცავი საფეხურებიანი კედლის აღსადგენად ნახევარმილიონიანი კონტრაქტი `შარა-გზამშენმა~ მიიღო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ `შარა-გზამშენი~ კონკურსით შეარჩიეს. ქობულეთის გამგეობის შესყიდვების განყოფილების უფროსის დავით ვერულიძის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ გამგეობამ კონკურსის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა და კომპანიებმა წინადადებები წარადგინეს. რატომ კონკურსი და არა თუნდაც გამარტივებული ელექტრონული შესყიდვა, რომელიც მხოლოდ სამდღიან ვადას ითვალისწინებს? – ამომწურავი პასუხი ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ.

„შარა-გზამშენი“ 2005 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას გივი შენგელია ფლობს.

შედარებით დაბალბიუჯეტიანი, პირდაპირი დაკვეთა ქობულეთის გამგეობისგან ორჯერ მიიღო შპს „ზომა“-მაც. ამ კომპანიასაც ქობულეთში მცხოვრები ოთარ ზოიძე ფლობს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამარტივებული შესყიდვები

ბოლო წლებში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი დაკვეთა ხელვაჩაურის გამგეობამ კომპანიებს – შპს „აჭარელს“ და შპს „იმპულსი და ინდივიდს“ გაუფორმა. ორივე კომპანიას გამგეობისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის გზების შესაკეთებლად საჭირო მზა ბეტონი უნდა მიეწოდებინა.

შპს `აჭარელს~ 2014 წელს პირდაპირი წესით ორ მილიონზე მეტი ლარის, ხოლო შპს „იმპულსი და ინდივიდს“ მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები დაუკვეთეს.

შპს „აჭარელი“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა და ურეხის დასახლებაში მცხოვრებ ზაზა ძნელაძეს ეკუთვნის. კომპანიასაც თავად ხელმძღვანელობს.

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ზაზა ძნელაძე გამგებლის ნათესავია, ხოლო შპს „იმპულსი და ინდივიდის“ მფლობელი გია ჯაშიტაშვილი – გამგებლის მეგობარი.

საჯარო რეესტრში მითითებულ ტელეფონის ნომერზე პასუხობენ, რომ ეს არ არის ზაზა ძნელაძის მობილური. კომპანიას არც ვებგვერდი აქვს და არც ფეისბუქგვერდი. შესაბამისად, „ბათუმელებმა“ „აჭარელთან“ დაკავშირება ვერ მოახერხა. `ბათუმელები~ ვერც გია ჯაშიტაშვილს დაუკავშირდა.

თავად ხელვაჩაურის გამგებელი ამ ინფორმაციას უარყოფს. „ეს სიცრუეა, თანაც ჩვენ კომპანიები კონკურსით ავარჩიეთ და ვინც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა, მას გავუფორმეთ ხელშეკრულება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ტენდერს არ ითვალისწინებს“, – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

ბათუმის მერიის პირდაპირი შესყიდვები

მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის ფესტივალის მსგავსი ტიპის ღონისძიებებს უწყება რამდენიმე თვით ადრე ან ბიუჯეტის დაგეგმვასთან ერთად გეგმავს, ბათუმის მერიამ რეკლამის ფესტივალისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვის მიზნით მაინც გამარტივებული შესყიდვის ფორმა გამოიყენა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობაც მიიღო. სარეკლამო ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 211 000 ლარი დაიხარჯა. კომპანია „ედ ბლექ სი“ კი, რომელსაც სარეკლამო ფესტივალის ანდეს 2015 წლის 12 თებერვალს დააფუძნეს, 2015 წლის სექტემბერში კი კომპანიამ მერიისგან დაკვეთა მიიღო.

კომპანიის 50%-ს ვახტანგ ქავთარაძე, ხოლო დარჩენილ წილებს უკრაინის მოქალაქე მაქსიმ ლაზებნიკი ფლობს. რატომ გამარტივებული შესყიდვით და არა ტენდერით ან კონკურსით? – ეს კითხვა ფესტივალთან მიმართებაში ბევრჯერ დასვეს, თუმცა ამ კითხვაზე ბათუმის მერიისგან არგუმენტირებული პასუხი საზოგადოებას არ მიუღია.

2014 წელს ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პირდაპირი დაკვეთა ბათუმის მერიისგან მუნიციპალურმა ორგანიზაციამ შპს `ბათუმის ავტოტრანსპორტმა~ მიიღო. მგზავრთა იმ კატეგორიის მომსახურებისთვის, რომელთა მგზავრობის საფასურის სუბსიდირებასაც მერია ბიუჯეტიდან ფარავს, „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ხელშეკრულება მილიონ 200 000 ლარზე, შემდეგ კი დამატებით 300 000 ლარზე ერგო.

საქართველოს შესყიდვების სააგენტოში პირ¬დაპირი შესყიდვის პრაქტიკის შესაცვლელად გამოსავალს ეძებენ, მაგალითად, სააგენტოს ხელმძვანელმა გასული წლის ბოლოს გამოსცა ნორმატიული აქტი (#9) და მოითხოვა, რომ გამარტივებული შესყიდვა, თუნდაც მთავრობის ნებართვით, სააგენტოს შეათანხმონ.

შსს: იანვარში 3183 დანაშაულია რეგისტრირებული

 შს სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3183 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 38.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.95%.

შსს-ს განმარტებით, „საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო“.

შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით (2016 წლის იანვარი)

„2016 წლის იანვრის თვეში შსს–ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2125 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1103 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 51.91%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +1.87%.“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში

დისკუსია ტოლერანტობაზე სოფელ დოლოგანში

13 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგანის საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე – „ტოლერანტობა“. დისკუსიაზე მოხსენება გააკეთეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თეკლა შერვაშიძემ და ნიკა სვანიძემ.

დისკუსია გაიმართა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით პროექტის – “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” – ფარგლებში, დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.

დისკუსია თემაზე - „ტოლერანტობა“
დისკუსია თემაზე – „ტოლერანტობა“
დისკუსია თემაზე - „ტოლერანტობა“
დისკუსია თემაზე – „ტოლერანტობა“
დისკუსია თემაზე - „ტოლერანტობა“
დისკუსია თემაზე – „ტოლერანტობა“
დისკუსია თემაზე - „ტოლერანტობა“
დისკუსია თემაზე – „ტოლერანტობა“
დისკუსია თემაზე - „ტოლერანტობა“
დისკუსია თემაზე – „ტოლერანტობა“

„დაკარგული სიყმაწვილე“ – ფოტოგამოფენა ბათუმში

14-15 წლის პატარძლები და მათი მოსწავლე მეგობრები, გარემო, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირად ტრადიციად მიიჩნევა, არასრულწლოვანი გოგონების ქორწილის დღის ამსახველი ფოტოები და პეიზაჟები – ამ ყველაფრის ნახვა ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეგიძლიათ. „დაკარგული სიყმაწვილე“ – ასე ეწოდება ფოტოგრაფ დარო სულაკაურის ფოტოპროექტს, რომლის გამოფენაც დღეს, 13 თებერვალს გაიხსნა.

მიზეზი, რატომაც დარო სულაკაურმა ამ ფოტოპროექტზე მუშაობა დაიწყო, საქართველოში ნაადრევი ქორწინების მაღალი მაჩვენებელია.

ფოტოები ძირითადად აჭარასა და კახეთშია გადაღებული. დარო ფოტოპროექტისთვის ორი წლის მანძილზე მუშაობდა და მიიჩნევს, რომ პროექტი ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა:

„პროექტი არ არის დასრულებული და მგონი დიდხანს არ დასრულდება. ხანგრძლივი პროექტი აღმოჩნდა, მეგონა რომ მოვრჩებოდი რამდენიმე თვეში, მაგრამ ასე არ მოხდა.

დარო სულაკაური
დარო სულაკაური
მინდოდა ადრეულ ასაკში ქორწინების ორი მხარე მეჩვენებენია. ერთია, როცა 14-15 წლის ბავშვი თხოვდება და ასევე, შევეცადე მეჩვენებინა ის გარემოც, სადაც ცხოვრობენ ეს ადამიანები, გოგოები, მათი ოჯახები, ბებიები… ამიტომაც გადავიღე არა მარტო ქორწილები, არამედ ოჯახური ყოფა, გარემო სადაც იზრდებიან ეს გოგოები. ყველა სიტუაცია ძალიან ინდვიდუალური იყო, მათი დათანხმება ფოტოს გადასაღებად რთული არ იყო.

ერთი ფოტო იყო, რომელსაც არ მოჰყვა კარგი გამოხმაურება. დავაწერე ფოტოს, რომ გოგომ ბიჭი ნიშნობის დღეს გაიცნო და ისე გაიგეს, რომ გაიცნო ქორწილის დღეს. ამას მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და მთხოვეს ფოტო მომეხსნა“ -ამბობს დარო.

დები, ქორწილის დღე. პატარძალი ნაჩუქარ ოქროს სამკაულებს იკეთებს. 2015 წ. ზემო აჭარა. დარო სულაკაურის ფოტო
დები, ქორწილის დღე. პატარძალი ნაჩუქარ ოქროს სამკაულებს იკეთებს. 2015 წ. ზემო აჭარა. დარო სულაკაურის ფოტო
არასრულწლოვანი პატარძალი საქმროს პირველად ნიშნობის დღეს შეხვდა. კახეთი, 2014. დარო სულაკაურის ფოტო
არასრულწლოვანი პატარძალი საქმროს პირველად ნიშნობის დღეს შეხვდა. კახეთი, 2014. დარო სულაკაურის ფოტო
პატარძალი კლასელებთან საქორწინო კაბით თავს იწონებს. კახეთი. დარო სულაკაურის ფოტო
პატარძალი კლასელებთან საქორწინო კაბით თავს იწონებს. კახეთი. დარო სულაკაურის ფოტო

„დაკარგული სიყმაწვილე“ დარო სულაკაურის პირველი პროექტი არ არის.

„პირველი ფოტოპროექტი იყო ჩეჩნებზე, რომლებიც პანკისში ცხოვრობდნენ. მინდოდა დამენგრია ის სტერეოპიტი, რომ თითქოს ჩეჩენი არის ტერორისტი. იმ პერიოდში პანკისში ძალიან არეული სიტუაცია იყო, მინდოდა მეჩვენებინა, როგორ ცხოვრობდნენ სინამდვილეში ჩეჩნები. ეს იყო პირველი პროექტი, მას შემდეგ ხშირად ვაკეთებ მოკლე ისტორიებს, ეთნიკურ უმცირესობებზე გავაკეთე ერთი ფოტოპროექტი ჯავახეთში“ – ამბობს დარო.

ფოტოგამოფენით – „დაკარგული სიყმაწვილე“ – დღეს თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში 2016 წლის სეზონი გაიხსნა. გამოფენის გახსნის პარალელურად სივრცეში გაიმართა დისკუსია ადრეული ქორწინების შესახებ, რომლის მომხსენებელი კავშირ „პროგრესის“ ხელმძღვანელი ნინო გაბუნია.

გამოფენა თანამედროვე  ხელოვნების სივრცეში
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

ლაშა ფალავანდიშვილი, ხელოვნების სივრცის პიარმენეჯერი ამბობს, რომ დარო სულაკაურის ფოტოპროექტი შემთხვევით არ შეურჩევიათ სეზონის გასახსნელად:

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში [ზ.გამსახურდიას 1/5] 10 მარტამდე გაგრძელდება. ხელოვნების სივრცე ღიაა ყოველ დღე, 11-დან საღამოს ექვს საათამდე. გამოფენის დათვალიერება უფასოა.

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
თანამედროვე ხელოვნების სივრცე

ნატოს პოლიტიკური ოფიცერი ბათუმში სტუდენტებს შეხვდა

12 თებერვალს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, პოლიტიკური ოფიცერი ჯირი პრეცლიკი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

პოლიტიკური ოფიცერი სტუდენტებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და პრინციპებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე და პერსპექტივებზე ესაუბრა.

ჯირი პრეცლიკი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშსაც შეხვდა. შეხვედრა „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ორგანიზებით შედგა.

 ნატოს პოლიტიკურ ოფიცერი და ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ფოტო: https://bsu.edu.ge/
ნატოს პოლიტიკურ ოფიცერი და ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ფოტო: https://bsu.edu.ge/
12 თებერვალს „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში, ბათუმს ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის 5 გემი ეწვია. ვიზიტის მიზანია ერთობლივი საქმიანობის გაფართოება და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერება.

დღეს, 13 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და სამომავლო, კიდევ უფრო ფართომაშტაბიანი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და შესაძლებლობზე ისაუბრეს.

ბათუმში 76 წლის მამაკაცს ეძებენ

თენგიზ ღლონტი
თენგიზ ღლონტი

76 წლის თენგიზ ღლონტს ოჯახის წევრები ეძებენ. იგი 10 თებერვალს, საღამოს 6 საათზე გავიდა სახლიდან. მამაკაცი დაახლოებით 176 სანტიმეტრი სიმაღლის, სუსტი აღნაგობისაა, ჭაღარა თმით. ტანთ ეცვა ნაცრისფერი ჟაკეტი, ვილვეტის შარვალი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას მის შესახებ, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 577 52 82 09

განახლებული ინფორმაცია: 14 თებერვალს ბათუმში, ჭოროხისა და ზღვის შესართავთან ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა. მასში თენგიზ ღლონტი ამოიცნეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ

„თითქმის ყოველდღე ვხვდებით ჩვენი თაობის ადამიანს, რომელიც დახმარებას საჭიროებს, როგორც მატერიალურს, ასევე სულიერს. ახალგაზრდებს უჭირთ იმის აღქმა და გათავისება, რომ სიბერეს თან ახლავს სევდა და წარსულში დარჩენილი ცხოვრების ნოსტალგია. სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ ჩვენს თანაგრძნობას.“
ნათელა ჩელებაძე, 81 წლის, ქობულეთი

„არის შემთხვევა, როცა მოხუცს სურს გულით რაიმე პროდუქტის შეძენა, მაგრამ ვერ იმეტებს თავისთვის, რადგან ოჯახს სულ სხვა დანიშნულებისთვის ესაჭიროება მისი კუთვნილი პენსიის თანხა. არის შემთხვევა, როდესაც ვინმეს პატივისცემა უნდა, მაგრამ პენსია არ არის მის ხელში, მინდობილობით აიღო მისმა ოჯახის წევრმა სხვა საქმისათვის. საქართველოში იყო ხანდაზმული, ნიშნავს ოჯახის მარჩენალს…“
თამარ მაღალდაძე, 61 წლის, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდას დევნილთა დასახლება

 

– ეს ამონარიდებია ასაკოვანი ადამიანების თხზულებებიდან თემაზე: “დაბერება საქართველოში”. რა სოციალურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებს აწყდებიან ხანდაზმული ადამიანები საქართველოში, რომელთა ერთი ჯგუფი პენსიით ოჯახს ინახავს და თავისთვის ჯიბის ფულიც არ რჩება?

 

88 წლის ჰენრი, რომელიც ჩიკაგოში, მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს, კვირაში სამჯერ საგანგებოდ იცვამს, სარკის წინ თმას ივარცხნის და 17 წლის ბრაზილიელ ჯონასსთან შესახვედრად ემზადება. მისი მიზანია ჯონასს ინგლისური ასწავლოს, ამისთვის კი უნდა ესაუბროს. ხანდაზულთა უნარების გამოყენების ასეთი ეფექტური ხერხი იპოვა უცხო ენების გაცვლის ამერიკულმა სკოლამ CNA-მ, რომელმაც ორი წლის წინ სარეკლამო კომპანია FCB-ის ბრაზილიის ფილიალთან ერთად საუბრის გაცვლის პროექტი წამოიწყო.

პროექტი, CNA-ს სტუდენტებს, რომელთაც ინგლისური ენის სწავლის მიზნით ინგლისურენოვან ადამიანებთან საუბარი სურთ, ბრაზილიიდან ამერიკაში, მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებთან აკავშირებს, რომელთაც, უბრალოდ, ახალი მეგობრები სჭირდებათ. შეხვედრა ვიდეოჩათის საშუალებით ხდება, რომლისთვისაც თავშესაფარში მცხოვრები მოხუცები, სარკის წინ საგანგებოდ ემზადებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გასული წლის მონაცემებით, საქართველოში 606 900-მდე ასაკით პენსიონერი ცხოვრობს. მოხუცებულთა უფლებების დაცვაზე, მათ საზოგადოებაში აქტიურ ინტეგრაციასა და მათი რესურსების რეალიზაციაზე კი საქართველოში მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, ასოციაცია “ღირსეული სიბერე” მუშაობს, რომელიც აჭარაში 500-მდე ბენეფიციარს აერთიანებს.

ხანდაზმული ადამიანები გარდა ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური პრობლემებისა, ასაკის მატებასთან ერთად, სხვადასხვა სოციალური სახის სირთულეებსაც აწყდებიან. ფსიქოლოგ მარიტა მერკვილაძის განმარტებით, ამის ძირითადი მიზეზი საპენსიო ასაკის შემდეგ, ოჯახში სოციალური როლის დათმობა და საზოგადოებაში სტატუსის რადიკალური ცვლილება ხდება.

“სტატუსის დათმობა ოჯახში ყველაზე თვალსაჩინო მაშინ არის, მაგალითად, როცა სახლში დიასახლისი (ოჯახის მმართველი) ხდება სხვა – შვილი ან რძალი, ანუ ოჯახის მართვის პრივილეგიას ისინი მომავალ თაობას გადასცემენ და ამით ძალაუფლების შემცირებას გრძნობენ. ეს რა თქმა უნდა ნორმალურია, მაგრამ  არ ნიშნავს იმას, რომ ხანდაზმულებს ისე მოვექცეთ, როგორც უსუსურებს და ჩამოვართვათ ყველა ფუნქცია/მოვალება. რაც შეეხება საზოგადოებრივ საქმიანობას ხანდაზმულების ის ნაწილი, რომლებიც კმაყოფილნი არიან განვლილი ცხოვრებით და მიღწევებით, შედარებით კარგად გრძნობენ თავს პენსიის ასაკში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებიათ. თუმცა ორივე შემთხვევაში ფუნქციების და როლების შემცირებასთან გვაქვს საქმე და ხშირად სრულიად უფუნქციოდ დარჩენასთანაც კი, რაც აბსოლიტურად გაუმართლებელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, მათი წარსული საქმიანობები სხვა ქმედებებით ჩანაცვლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაძლოა დეპრესიულები ან სულაც აგრესიულები გახდნენ,” – ამბობს მარიტა მერკვილაძე.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხანდაზმულების უმეტესობას უფუნქციობის განცდა აქვს.   გასათვალისწინებელია ტექნოლოგიური სიახლეებიც, საქარტველოსჰი გარდამავალი პერიოდია ამ მხრივ. უკვე ყველაფერი  ტექნიკაზეა დამოკიდებული, რაზედაც ხანდაზმულებს საქართველოში ცოტათი უჭირთ ფეხის აწყობა. თუმცა ამას ყველა ადამიანზე ვერ ვიტყვით, არსებობენ ხანდაზმული ადამიანები, რომელთაც უყვართ სიახლეების მიგნება თავიანთ ცხოვრებაში, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა.  ევროპაში ეს პროცესი უკვე კარგა ხანია დაიწყო და იქ უფრო ადაპტირებულები არიან ადამიანები, _ ამბობს ფსიქოლოგი.

ასოციაციის – “ღირსეული სიბერე” წარმომადგენელი მარინე ჟღენტი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში მოხუცები ნაკლებად ინარჩუნებენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრის სტატუსს: “მათ, ძირითადად, სახლში უწევთ ჯდომა, რადგან არ არიან დასაქმებული, არც რაიმე აქტივობებში არიან ჩართული, რის გამოც ნელ-ნელა შორდებიან სოციუმს და ფიქრობენ, რომ საზოგადოებისთვის აღარ არიან საჭირო. ჩვენ, სწორედ ამ თვითრწმენის დაბრუნებას ვცდილობთ მათთვის” – ამბობს ის.

ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარები ქობულეთის სანაპიროზე. ფოტო: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე"
ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარები ქობულეთის სანაპიროზე. ფოტო: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე”

 

“ხანდაზმულ ადამიანებს საქართველოში თავადაც სტერეოტიპული შეხედულება აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე, რასაც, ზოგადად, საზოგადოებაში არსებული კულტურული განწყობა განაპირობებს. ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია ხანდაზმული ადამიანების პასიური როლი და როცა ადამიანები საპენსიო ასაკს უახლოვდებიან, თავადაც განწყობილები არიან საამისოდ, ამიტომაც ვერ აცნობიერებენ, თუ რა შესაძლებლობებია მათ ირგვლივ,” – ამბობს ფსიქოლოგი მარიტა მერკვილაძე.

კითხვაზე: საზოგადოების ასეთი განწყობა არის თუ არა ეიჯიზმი [ადამიანების დისკრიმინაციად ასაკბრივი ნიშნით], თუნდაც უნებლიე? – მარიტა მერკვილაძე პასუხობს: “საქათველოში პატივს ვცემთ მოხუცებს, გვიყვარს ისინი, მაგრამ გარკვეული სტერეოტიპული განწყობის გამო გაუაზრებლად ვახდენთ მათ დისკრიმინაციას. ფინანსური თუ სხვა მიზეზების გამო ხანდაზმულები არც ისე ხშირად დადიან კაფეებსა თუ სხვა საზოგადოების შეკრების ადგილებში, ამიტომ გვგონია, რომ ისინი ჩვენ არ გაგვიწევია გვერდზე, რეალურად კი, თითქოს ჩამოწერილი გვყავს ეს ადამიანები. უნდა დავაღწიოთ თავი შეხედულებებს, რომ მოხუცები მორჩნენ თავიანთ ცხოვრებას, რომ ასაკის გამო მათ არაფერი მოეკითხებათ და ა.შ.

მარინე ჟღენტი ამბობს, რომ საქართველოში ეიჯიზმის პირდაპირი გამოვლინებაც გვხვდება, როცა მოხუცებზე ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურად და ზოგჯერ ფიზიკურადაც ძალადობენ: “გვქონია შემთხვევები, როცა შვილსა და შვილიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია ბებიისთვის. ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითები, როცა პენსიას სთხოვენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლიდან გაგდებით ემუქრებიან”.

ფსიქოლოგის განმარტებით, მართალია, ხანდაზმულ ადამიანებს უნელდებათ მოტორიკა და ბუნებრივი აზროვნების ტემპი, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ ქმედითები, შეიძინონ ახალი ცოდნა და ახალი უნარები და იყვნენ საზოგადოებისთვის საწირო და საინტერესო ადამიანები. მარინე ჟღენტი ამბობს, რომ ამის კარგი მაგალითია ასოციაცია “ღირსეული სიბერის” ბენეფიციარები, რომელთაც კომპიუტერის უფასო კურსების ფარგლებში შეისწავლეს კომპიუტერთან მუშაობა, ბეჭდვა, სოციალურ ქსელებში შესვლა და ახლა თავიანთ ახლობლებს შკყპე-თი უკავშირებიან საზღვარგარეთ. პროექტის ფარგლებში ზოგიერთმა მათგანმა საოჯახო ბიზნესიც კი წამოიწყო, ზოგიერთი კი საკვებსა და ტანსაცმელს უგროვებს უკიდურესად გაჭირვებულებს.

იმისთვის, რომ ხანდაზმულ ადამიანებს უსარგებლობის განცდა არ ჰქონდეთ, ფსიქოლოგის რეკომენდაციით, საჭიროა მათი დასაქმება/ფუნქციების  და მნიშვნელოვნების მინიგნება  – ეს შესაძლოა იყოს როგორც მარტივი ხელსაქმე სახლში, ისე მათი ჩართვა შვილიშვილების აღზრდასა და მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. „ხშირად, იმის გამო, რომ მოხუცი არ გადაიტვირთოს, ოჯახის წევრები ხელიდან ჰგლეჯენ მას ისეთ მარტივ საქმეებს, რომელთა გაკეთება მასაც თავისუფლად შეუძლია,  ეს არასწორია. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებას. შეიძლება ახალგაზრდა რაიმე საკითხში კარგად იყოს განსწავლული, მაგრამ გამოცდილება, რომელიც ხანდაზმულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ამავე საკითხში – სულ სხვა რესურსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მით უმეტეს, ღირებულებების გაცვლის თვალსაზრისით, ახალგაზრდა და ხანდაზმული თაობების მეგობრობა თანაბრად სასარგებლოა ორივე მხარისთვის” – ამბობს მარიტა მერკვილაძე.

კომპიუტერის შემსწალელი კურსები ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია „ღირსეული სიბერე"
კომპიუტერის შემსწალელი კურსები ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია „ღირსეული სიბერე”
კომპიუტერის შემსწალელი კურსები ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია „ღირსეული სიბერე"
კომპიუტერის შემსწალელი კურსები ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია „ღირსეული სიბერე”

ასოციაცია “ღირსეული სიბერე” ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების დაახლოების მიზნით წელს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებასაც გეგმავს, რომლებშიც ხანდაზმული ადამიანები ახალგაზრდებთან ერთად ჩაერთვებიან. მარინე ჟღენტი: “ღონისძიებებში გათვალისწინებულია სკოლის მოსწავლეების, ბაღის აღსაზრდელების, სტუდენტებისა და საშუალო ასაკის აქტიური ადამიანების ჩართვა. გვინდა, ეს ორი კატეგორია არ გრძნობდეს თავს ერთმანეთისგან განცალკევებულად და როგორც ერთიანი თაობა, ჩავრთოთ სხვადასხვა აქტივობაში”.

მარიამობა ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე"
მარიამობა ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე”

რას ნიშნავს წამყვანი მასწავლებელი

საქართველოში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 184 პედაგოგს აქვს მინიჭებული, მათგან 15-ს _ აჭარაში. რა ვალდებულებებს აკისრებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი პედაგოგს და მაღალსტატუსიანი მასწავლებლების ნაკლებობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქვეყანაში განათლების დონე ძალიან დაბალია? „ბათუმელები“ ამ საკითხზე ბათუმის პირველი საჯარო სკოლის წამყვანი სტატუსის მქონე ინგლისურის მასწავლებელს ნინო მაისურაძეს ესაუბრა.

ქალბატონო ნინო, როდის მიიღეთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და რა დამატებით აქტივობებს გაკისრებთ ეს სტატუსი?

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2015 წლის სექტემბერში მომანიჭეს. თითქმის იმავე აქტივობების გავლა გვიხდება, იქნება ეს სასწავლო პროცესის მართვა, დაგეგმვა და ა.შ. ბუნებრივია, აქამდეც ვატარებდი ინტეგრირებულ გაკვეთილებს და ახალი სტატუსის შემდეგაც გავაგრძელებ ამ აქტივობას. ბუნებრივია, გაკვეთილების რაოდენობა გაიზარდა. ამჟამად დაგეგმილი მაქვს საგაკვეთილო კლასგარეშე აქტივობა, მინდა მოვამზადო თემა – „ქართველები საზღვარგარეთ“. ბაირონს ჰქონდა შეხება საქართველოსთან, ლეკიანობის დროს ქართველი გოგო გადაურჩენია და ამ თემაზე ვაპირებ პროექტის მომზადებას. ვგეგმავ ინტეგრირებულ გაკვეთილებს.

სქემის მიხედვით ხუთი წლის განმავლობაში გევალებათ ხუთი სამოდელო გაკვეთილის ჩატარება. თუ ახალ ეტაპზე გადასვლას აპირებთ, მაშინ ათი გაკვეთილის მომზადება მოგიწევთ. აპირებთ შემდეგი ეტაპისთვის მუშაობას?

რა თქმა უნდა, ვგეგმავ მენტორობას, ამიტომ ათი სამოდელო გაკვეთილი უნდა მოვამზადო. აქამდე სამოქალაქო განათლებაზე მქონდა სამოდელო გაკვეთილები მომზადებული და ეს თემა მინდა გავაგრძელო. ასევე მევალება სასწავლო რესურსების შექმნა. ამაში იგულისხმება ციფრული რესურსებიც, სლაიდშოუები, ის, რაც ძირითადად გვჭირდება გაკვეთილზე. 2011-იდან 2014 წლამდე ვმუშაობდი სტატიებზე და წელსაც ვაპირებ გავაგრძელო.

რა თემას ეხება თქვენი სტატიები?

ანბანის სწავლების თანამედროვე, ეფექტური სტრატეგიები; ტურიზმი როგორც განათლების საუკეთესო საშუალება; რა როლი ენიჭება ექსკურსიებს და ა.შ. ამაში ხელი შემიწყო იმანაც, რომ პარალელურად დოქტორანტურაშიც ვსწავლობდი, მქონდა წვდომა სამეცნიერო ლიტერატურასთან და პარალელურ რეჟიმში მიწევდა სტატიების გამოქვეყნება, რაც სასკოლო ვალდებულებებზეც აისახა.

წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გასცდეს თავის კლასს და კოლეგებსაც გაუზიაროს გამოცდილება. აქ მხოლოდ ინგლისურის მასწავლებლები იგულისხმებიან, თუ სხვა პედაგოგებიც?

რა თქმა უნდა, ინგლისური ენის პედაგოგები. იმ პედაგოგებთან, ვისთან ერთადაც ვიმყოფებოდი ამერიკაში, თანამშრომლობას ვაგრძელებ. ჩვენ ერთად გამოვუშვით სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის. ორი წელია უცხო ენებში ფორმატი შეიცვალა, დაემატა მოსასმენი ნაწილი და ამან გააჩინა ახალი რესურსის საჭიროება. მე და კიდევ სამმა პედაგოგმა ერთად გავაკეთეთ სრული კურსი და წამყვანი მასწავლებლის რანგშიც ვაპირებთ ახალ სახელმძღვანელოზე მუშაობას. გარდა ამისა, ვმუშაობ ახალ სტატიაზე, რომელიც ჟურნალ „მასწავლებელში“ დაიბეჭდება და ეხება ტრენინგების აუცილებლობას. მეორე თემას ჰქვია „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბავშვს მოუსმინო გაკვეთილზე ისე, რომ არ მისცე ამას ფორმა – „დამიწერე“.

სქემის მიხედვით არსებობს სამოდელო გაკვეთილის რამდენიმე ტიპი, მათ შორის სტანდარტული, სიახლეებსა და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება. თქვენ რომელი ტიპის გაკვეთილის მომზადებას გეგმავთ წელს?

ვაპირებ ინოვაციურ მეთოდებზე მუშაობას. ინოვაციურ მეთოდად შეგვიძლია განვიხილოთ გაკვეთილი, რომელიც მოსწავლის საჭიროებაზეა მორგებული. დაბალ საფეხურზე ინგლისურის სწავლებისას მულტფილმებს ვიყენებთ ენის ასათვისებლად ან გრამატიკის უკეთ აღსაქმელად. ასეთი ათი სამოდელო გაკვეთილი გვაქვს მომზადებული დაწყებით საფეხურზე. მაღალ კლასებში შევცვალეთ მეთოდი და მოკლე ვიდეორგოლების გამოყენება დავიწყეთ. იყო დისკუსია იმაზე, უნდა ესწავლათ თუ არა პირველკლასელებს ანბანი, მაშინ როცა ქართულად არ იცოდნენ წერა-კითხვა. გამოვიკვლიეთ სამი პარალელური პირველი კლასი და გადავწყვიტეთ, რომ პირველკლასელებს ესწავლათ ანბანი ფიზიკური აქტივობების ფონზე. ამ მეთოდს ქართულ სკოლებში ფაქტობრივად არ იყენებენ. ამერიკაში ყოფნის დროს ათი სქელტანიანი სამოდელო წიგნიც მოგვცეს, რომელიც თანხვედრაშია სამინისტროს მოთხოვნებთან და გათვლილია ჩვენი გეგმებიც.

ქართველი მასწავლებლები იშვიათად იყენებენ „გამჭოლ კომპეტენციებსო“ – ამბობენ განათლების ექსპერტები. რა იგულისხმება ამაში?

კომპეტენციებში შედის ყველაფერი ის, რაც სქემით გვევალება. მათ შორის კლასის მართვის სტრატეგიები, მენეჯმენტი, შეფასება და ა.შ. რას ვერ იყენებენ, ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ თანამშრომლობის კომპეტენციები მას შემდეგ უფრო განვითარდა, როცა კრედიტქულების დაგროვება დაიწყო. თავიდან იყო სკეპტიკური განწყობა „იმან ჩემზე მეტი რა იცის“, მაგრამ ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დაძლეულია, თუმცა არა ბოლომდე.

თქვენ გევალებათ სკოლის საჭიროებების კვლევაც, ხომ არ დაგიწყიათ მუშაობა და რა საჭიროებებს ხედავთ ამ ეტაპზე?

დავიწყე მუშაობა მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებთან დაკავშირებით, რადგან დაბალ საფეხურზე მოსწავლეებმა არ იციან, რა ნიშნით ხდება მათი შეფასება. ინგლისურის სახელმძღვანელოები მოსწავლის შეფასების საშუალებას იძლევა, რადგან გაკვეთილები შეიცავს მზა კითხვარს, რაც არ აქვს ქართულ სახელმძღვანელოებს. ამაზეც ვმუშაობ ჩემს კოლეგებთან, რადგან თვითშეფასების კითხვარის შევსებისას ხშირად წერენ, რომ მოსწავლეს თვითშეფასებას არ აკეთებინებენ. ეს შეუძლებელია, რადგან ეს კითხვარი გაკვეთილშია მოცემული.

გარდა წამყვანი მასწავლებლის ვალდებულებებისა, თქვენ ფასილიტატორის ვალდებულებებიც გაქვთ, ეს ძალიან ბევრი არ არის ერთი ადამიანისთვის?

ამის მართვის ინსტრუმენტებს ტრენინგებზე ვსწავლობთ. იმ პედაგოგებს, რომლებსაც უჭირთ კომპიუტერის ფლობა, ბუნებრივია ვეხმარები, მაგრამ ნელ-ნელა ითვისებენ და ისინიც დაძლევენ ალბათ ამ პრობლემას.

როცა რეგიონში მხოლოდ 15 წამყვანი მასწავლებელია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სწავლის ხარისხი ძალიან დაბალია სკოლებში?

რა თქმა უნდა, ნიშნავს.

სტატუსის ზრდა ანაზღაურებაზე თუ აისახება?

ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენია წამყვანი მასწავლებლის ხელფასი, რადგან მე ათასლარიანი მასწავლებლების სქემით ვიღებ ხელფასს (800 ლარამდე ვიღებთ ხელზე) და ეგ დანამატი მე არ მეხება. სადღაც 700 ლარამდეა, ზუსტად არ ვიცი.

ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო და სამი კარტოფილის დილემა

მარიამ ორიონ მუთიძე, სტუდენტი

შარშან, სექტემბერში, დავწერე სასურველი ნივთების ჩამონათვალი. მინდოდა ტელესკოპი, საბეჭდი მანქანა, ვარსკვლავების რუკა და ფოტოაპარატი, რომელიც ღამის ცას გადაიღებდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ჩემს ოთახში შევიდოდი და თვალს მოვავლებდი ამ ნივთებს. რამდენიმე დღის წინ მეგობარი მესტუმრა, ჩემი ფოტოაპარატის ფუნქციებში კარგად გამარკვია და იმ საღამოსვე გადავიღე თბილისის ცაზე ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო. ასეთ დროს ვგრძნობ, რომ ჯადოსნურ სამყაროში ვცხოვრობ.

შარშან სტუდენტი გავხდი. ერთხელ წავიკითხე, რომ ვერასდროს შეძლებ დედობისთვის და მამობისთვის წინასწარ მოემზადო, რადგან ეს ჯერ განუცდელ შეგრძნებებთანაა კავშირშიო. ეგებ და სტუდენტური ცხოვრება დიდად ვერ გაუტოლდება მშობლისას, მაგრამ აქაც მსგავსი შემთხვევაა, ვერაფრით განსაზღვრავ წინასწარ რა მოგელის. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი პირველი უნივერსიტეტი მხოლოდ სახელისა და მშობლებთან შეთანხმების საშუალოს გამოყვანით ავირჩიე. სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტი იყო. თავიდან მომეწონა თუ არა ვერ ვიხსენებ, რადგან რაღაც მომენტში ერთი კორპუსიდან მეორისკენ მიმავალი ვჩერდებოდი და ვფიქრობდი: აქ რატომ ვარ? პირველ კურსს გავუძელი, მერე კი…

მერე ერთ სანაყინეში გავაგზავნე CV-ი. მალევე დავწერე ტესტები, გავიარე გასაუბრება და მუშაობაც დავიწყე. მანდვილად არ იყო მარტივი საქმე, მაგრამ რადგან ეს ჩემი პირველი სამუშაო იყო, მთელი გულით ვცდილობდი ყველაფერი კარგად მეკეთებინა. მთელი ბავშვობა ვეუბნებოდი დედაჩემს, 18 წლის რომ გავხდები, მუშაობას დავიწყებ და სახლიდან გადავალ-მეთქი. სამსახურში რომ ამიყვანეს, დავურეკე და ვუთხარი, რომ რამდენიმე თვის დაგვიანებით შევასრულე პირობა. პირველი ხელფასი, რა თქმა უნდა, სისულელეებში დავხარჯე. არასდროს დამავიწყდება, რამდენად სასიამოვნოა ეს პროცესი. მერე კარგი რეკომენდაციით ერთ არაჩვეულებრივ წიგნის მაღაზიაში დავიწყე მუშაობა, ეს იყო ნამდვილად ოცნების სამსახური. შემომსვლელებს წიგნებს ვურჩევდი და ვფიქრობდი, რომ ძალიან გამიმართლა, რომ აქ ვიყავი.

მაღაზიაში ერთი კარადა გვქონდა, რომელზეც კვირაში ერთხელ წიგნის პოსტერებს ვახატავდი, გამვლელები და თანამშრომლები უყურებდნენ, მოსწონდათ. ალბათ ეს „მოწონება“ გახდა იმის საბაბი, რომ ზაფხულის ბოლოს გადავწყვიტე უნივერსიტეტი გამომეცვალა. ეს ძალიან დიდ რისკად დამიჯდა, დავბრუნდი ბათუმში, მოვაგროვე ჩემი ნამუშევრები, დავიწყე ჩანახატების გაკეთება და ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში შევიტანე მობილობაზე განაცხადი. მშობლებთანაც ბევრის ახსნა დამჭირდა, მაგრამ ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან და გამიგეს. საუკეთესო უნივერსიტეტში მიმიღეს ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტზე და ეს იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება განვლილი ცხოვრების მანძილზე. ახლა ჩემი უნივერსიტეტის ერთი კორპუსიდან მეორისკენ მიმავალი ვჩერდები და ვფიქრობ, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

შეიძლება სპონტანური ადამიანი ვარ, მაგრამ სისულელედ მეჩვენება რაღაცების გათვლა. ვერაფრით მიხვდები, მოგეწონება თუ არა შენ მიერ არჩეული გზა, მაგრამ არასდროსაა გვიან კურსის შეცვლა. სამყარო ძალიან არასწორხაზოვანია წინასწარ დაგეგმისთვის.

სტუდენტობაში ხანდახან სახლში მხოლოდ სამ ცალ კარტოფილს აღმოაჩენ და მთელი საღამო იმაზე იფიქრებ, ეს კარტოფილი მოხარშო და ჭამო, თუ მარსზე დარჩენილი მარკ უოტნივით დარგო და სამომავლოდ აიღო მოსავალი. საბოლოოდ ცხოვრება მაინც საინტერესო თავგადასავლებით და უფრო საინტერესო ადამიანებით ივსება, რომლებიც ერთ დღეს კარზე მოგიკაკუნებენ და ტელესკოპს გაჩუქებენ. ასეც რომ არ იყოს, მათთან ერთად საღამოების გატარებაც ძალიან გაგიხარდება. ნამდვილად არ ღირს ამაზე უარის თქმა. უბრალოდ, ხშირად უნდა ჰკითხო თავს, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ამჟამინდელი მდგომარეობით და თუ არ მოგწონს, უნდა მოძებნო გზები მის შესაცვლელად. სამყაროს ძალები ყოველთვის შენ მხარეს იქნებიან ასეთ შემთხვევაში.

თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს ავიაკომპანია – Arkia აჭარაში ფრენების პერიოდულობის გაზრდას გეგმავს – იგი შარშან განხორციელებული სამთვიანი ფრენების ნაცვლად, წელს 10 თვის განმავლობაში შეასრულებს პირდაპირ რეისებს თელ-ავივსა და ბათუმს შორის. ბათუმში, ზაფხულის სეზონზე რეგულარულად იფრენს საქართველოს ბაზარზე ახალი კომპანიაც – El Al Israel Airlines, რომელიც თელ -ავივიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს.

TAV Airport Holding- ის წარმომადგენლები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად, მოლაპარაკებებს აგრძელებენ ავიაკომპანია -Israir Airlines-თან, რათა კომპანიამ გასული წლის მსგავსად, წელსაც განახორციელოს ავიარეისები ბათუმსა და თელ -ავივს შორის.

დღეისათვის, საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ავიაკომპანიები Arkia, Israir Airlines და Georgian Airways ასრულებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წელს ისრაელიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით 44 % პროცენტითაა გაზრდილი, აჭარაში შემოსულ ებრაელ ვიზიტორთა რაოდენობა კი 19,9 %-ით.

 

2016-02-12 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს ბათუმში პერკირების წესების დარღვევის გამო სულ  518 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 420 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 51 – ნიშანში დგომის გამო, 34 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 8 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 4 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

 

12737123_957916437632065_1516339873_o

12722492_957916444298731_1314274139_o

ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ხეების გადატანის პროცესი გრძელდება

დასრულდა შეხვედრა, რომელზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ენმ-ს წევრებსა და პარტიზან მებაღეებს შეხვდა. დეპუტატებისა და აქტივისტების მოთხოვნა, რომ ციხისძირში ხეების გადატანის პროცესი შეჩერებულიყო – არ დაკმაყოფილდა.

არჩილ ხაბაძის შეფასებით შეხვედრა ორი მიმართულებით წარიმართა. დეპუტატები სახკითხს განიხილავდნენ სამართლებრივი კუთხით, პარტიზანი მებაღეები კი  გარემოს დაცვის კუთხით.

Jpeg

პარტიზანი მებაღეების მოთხოვნა იყო, რომ შეჩერდეს ყველა სამუშაო მანამ, სანამ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ხის გადარგვაში არიან სპეციალიზებულები არ დადებენ დასკვნას, რომ ეს ხე გაიხარებს. „გარდა ამისა, ადგილობრივი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები არ დადებენ დასკვნას, რომ გარემოს [საიდანაც ეს ხე გადადის] ამ ხის გადატანით არ ადგება ზიანი. მე მგონი ჩათვალა კონსტრუქციულად ჩვენი საუბარი და ამ დღეებში შემპირდა, რომ რაღაცას მიპასუხებს. ჩვენი კანონმდებლობა აფერხებს, ასე ვთქვათ, „ბუნებრივ კანონმდებლობას“ – ხის გადარგვას არ სჭირდება თურმე ნებართვა…. თუმცა,  ვთვლი, რომ შესაძლოა ამ საუბარს რაღაც შედეგი მოჰყვეს. ველოდებით მომდევნო განვითარებას, პირველი შეხვედრა იყო ეს ჩვენი“ – თქვა პარტიზანმა მებაღე ნატა ფერაძემ.

არჩილ ხაბაძის განმარტებით, დეპუტატებმა ვერ დაასახელეს საფუძვლიანი სამართლებრივი შენიშვნები და არგუმენტები ხის გადატანის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. „თუ მათ აქვთ სამართლებრივი შენიშვნები, მათ შეუძლიათ წარადგინონ ეს შენიშვნები და მიმართონ სამართლებრივ გზებს“ – თქვა მან.

რამდენად ეფექტურია ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ

ბოლო მონაცემებით საქართველოში H1N1 ვირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად ცირკულირებს A ტიპის ვირუსის H1N1 და H3N2 ქვეტიპები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. რა შემთხვევაშია ეფექტური სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინა, ამის შესახებ „ბათუმელები“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსს, ლიკა ჯაბიძეს ესაუბრა.

ქალბატონო ლიკა, პირველ რიგში ვისთვის არის ვაქცინის გაკეთება რეკომენდებული?

არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ ვინ უნდა აიცრას. ძირითადად ეს არის ის ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც შესაძლოა ყველაზე მეტად დაზიანდეს _ 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ისინი, ვინც არიან მოხუცთა თავშესაფარში და მათ შორის ვირუსის გავრცელების მეტი შესაძლებლობა არსებობს; ქრონიკული დაავადებების: გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის პათოლოგიების მქონე პირები, დიაბეტით დაავადებული ადამიანები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, სამედიცინო პერსონალი – განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების სამსახურში დასაქმებული ექიმები, რომელთაც პირველებს უწევთ დაავადებულებთან კონტაქტი.

წელს საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია და შერჩეული იყო სწორედ ეს ჯგუფები. სულ 10 000 ვაქცინა შევიძინეთ.

რამდენად ეფექტურია ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ? ნიშნავს თუ არა იმას, რომ თუ ადამიანი ვაქცინას გაიკეთებს, მას გრიპი აღარ დაემართება?

ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ვაქცინის გაკეთების შემდეგ მინიმუმ 14 დღე უნდა გავიდეს, რომ ორგანიზმმა დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება. ამიტომ ჩვენ ვაქცინა ოქტომბერში შემოვიტანეთ და გავანაწილეთ. სწორედ ოქტომბერ-ნოემბერშია რეკომენდებული ვაქცინის გაკეთება, ორგანიზმი მომზადებული რომ შეხვდეს სეზონს, თუმცა არც ახლა არ არის გვიან. ვაქცინის ეფექტურება ასევე დამოკიდებულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.
რისკ-ჯგუფი, ვისთვისაც რეკომენდებულია ვაქცინა, არიან 65 წელს გადაცილებული ადამიანები. მათ იმუნური სისტემის ერთგვარი დეფიციტი შეიძლება აღენიშნებოდეთ და აქედან გამომდინარე, მათთვის ერთგვარი სასიცოცხლო ჩვენებაა ვაქცინაცია. მიუხედავად ამისა, გრიპის წინააღმდეგ აცრა აბსოლუტურად ჯანსაღმა მოსახლეობამაც უნდა ჩაიტაროს, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე არ ხდება. მათ, ვინც არ ეკუთვნის აღნიშნულ რისკ-ჯგუფს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ვაქცინაცია ჩაიტარონ კომერციულ სამედიცინო დაწესებულებაში.

საჭიროა წინასწარ ოჯახის ექიმთან კონსულტაცია?

დიახ, თუმცა არ არის საჭირო სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროს ადამიანმა და შემდეგ აიცრას გრიპზე. უბრალოდ, იმ მომენტში, როცა ის მიდის აცრაზე, ჯანმრთელი უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს 38-ზე მაღალი ტემპერატურა, ექიმმა უნდა მიიჩნიოს, რომ პირი პრაქტიკულად ჯანმრთელია, აცრა რომ ჩაუტარდეს. მოსახლეობას ახლაც შეუძლია მიმართოს ექიმს და გაიკეთოს აცრა. ჯობდა ეს ცოტა ადრე მომხდარიყო, თუმცა ახლაც შესაძლებელია. გრიპი შეიძლება ვაქცინის შემდეგაც დაემართოს ადამიანს, მაგრამ ეს იქნება აუცილებლად უფრო იოლ ფორმაში.

რა ასაკიდან შეიძლება გაუკეთდეს ბავშვს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა?

მინიმალური ასაკი არის ექვსი თვე. ექიმი ვაქცინის ჩატარებამდე უნდა გაეცნოს ვაქცინის თანმხლებ ინსტრუქციას და შეამოწმოს მინიმალური ასაკი, რომელიც მითითებულია ინსტრუქციაში.

რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება? აქვს თუ არა ვაქცინას უკუჩვენება?

არ შეიძლება აცრა, თუ პაციენტი მწვავედაა ავად, აქვს ტემპერატურა 38 და მეტი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ზოგადად, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა გაკეთდეს ვაქცინა. სხვა უკუჩვენება გრიპის ვაქცინას არ აქვს. ქრონიკული დაავადებები არ არის უკუჩვენება, პირიქით, სწორედ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის არის რეკომენდებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.

რამდენ ხანს გასტანს ვაქცინის ეფექტურობა?

ვაქცინა ეფექტურია ერთი წლის მანძილზე.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ვაქცინაცია გაცილებით ეფექტურია ოქტომბერ-ნოემბერში. თქვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად აქტიური კამპანიის ჩატარება ხომ არ იყო საჭირო, რომ მოსახლეობას დროულად ჰქონოდა ინფორმაცია ვაქცინის შესახებ?

ის ჯგუფები, რომელთაც ეხებოდათ სახელმწიფო პროგრამით აქციები, დროულად იყვნენ ინფორმირებული. არსებობს ჩვენი ცენტრის, იგივე ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, სადაც წინასწარ ქვეყნდება ინფორმაცია ვაქცინაციისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. თუ ადამიანს ეს აინტერესებს, ინტერნეტში ჩვენს ვებგვერდზე ყოველთვის ვრცელდება ამის შესახებ ინფორმაცია.

გასულ კვირას ინტერნეტმედიაში გავრცელდა ინფორმაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის წყალბადის ზეჟანგის გამოყენების ეფექტურობაზე. ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი მოსაზრება? და ასევე, რა არის ყველაზე მარტივი, ეფექტური ხერხები სეზონური გრიპის თავიდან ასაცილებლად?

წყალბადის ზეჟანგის გამოყენება გამორიცხულია გრიპის პროფილაქტიკისთვის და, ზოგადად, მისი გამოყენება არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე. თუ ადამიანს უნდა თავი დაიცვას, საჭიროა მეტი სუფთა ჰაერი, ხელების დაბანა, რადგან ეს ვირუსი ადვილად გადადის ხელიდან და თუ აქვს სიმპტომები: ხველა, ცემინება, მაღალი ტემპერატურა _ ჯობს ადამიანი სახლში დარჩეს და იმკურნალოს, მიიღოს ბევრი სითხე, ლიმონი და კენკროვნები.

„ბათუმის ბულვარის“ განცხადება შადრევნებთან დაკავშირებით

batumelebi.ge-ზე, გამოქვეყნებულ ინფორმაციას ბულვარის შადრევნები მოვლა-ექსპლუატაციის გარეშე“ „ბათუმის ბულვარი“ გამოეხმაურა.

„მოქალაქეების სწორი და ზუსტი ინფორმირებისათვის მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპისათვის  ბულვარში  არსებულ შადრევნებს მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას უწევს ადმინისტრაციაში არსებული „ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური“, რომელსაც ყავს შადრევნების მთავარი სპეციალისტი.

ამასთანავე დამატებით გაცნობებთ, რომ ადმინისტრაცია გამარტივებული შესყიდვის წესით შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვას განახორციელებს მხოლოდ იმ პერიოდით, სანამ განხორციელდება განმეორებით ელექტრონული შესყიდვის პროცედურები და გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება“. – აღნიშნულია „ბათუმის ბულვარის“ განცხადებაში.

ციხისძირში პოლიციამ ენმ-ს წევრები დააკავა

ციხისძირში, ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, დაახლოებით 45 წუთის წინ, პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრები – ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე და ოლეგ ბროლაძე დააკავა.

ციხისძირში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთში ორი მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, ანუ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, მთავრობის შენობაში ენმ-ს წევრებს, მათ შორის პეტრე ზამბახიძესა და რობერტ ჩხაიძეს ხვდება. დახურულ შეხვედრაზე იმყოფება პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე და კიდევ ერთი აქტივისტი.

 

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ტრენინგი ბათუმში

13 თებერვალს, შაბათს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ბათუმის სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასების მოსწავლეებს იწვევს გაცნობით შეხვედრასა და ტრენინგზე. ამ შეხვედრაზე მომავალ სტუდენტებს დარგის პროფესიონალები მიაწვდიან ინფორმაციას, როგორც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროგრამების, ისე მათ მიერ არჩეული მომავალი პროფესიებისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ.

სამსაათიანი ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს და მისი მიზანია აბიტურიენტს დაეხმაროს პროფესიულ ორიენტაციაში ან სწორი წარმოდგენა შეუქმნას უკვე შერჩეულ პროფესიაზე.

ტრენინგებს ჩაატარებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის, მედიცინისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლების წარმომადგენლები.
მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაეცემათ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მდებარეობს ქ. თბილისში. უნივერსიტეტში სწავლება  მიმდინარეობს როგორც ქართულ , ასევე ინგლისურ ენებზე.

კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება მომავალ სტუდენტებს შეეძლებათ 13 თებერვალს დაგეგმილ ტრენინგზე.

ტრენინგის დაწყების დრო:
პარასკევი, 13 თებერვალი, 14:00, სასტუმრო „ინტურისტი“

ნიუ ვიჟენ ლოგო

იპოთეკარების აქცია მთავრობის შენობასთან

დღეს, აჭარის მთავრობის შენობასთან იპოთეკარების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე ამბობს – “უკვე რამდენიმე დღეა, რაც შესულია აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში წერილი მოთხოვნებით – დაბალპროცენტიან გრძელვადიან კრედიტებთან დაკავშირებით და საერთოდ, იპოთეკითა და ბანკით დაზარალებული ადამიანების პრობლემების შესწავლის მოთხოვნით, მაგრამ არანაირი პასუხი ოფიციალური სტრუქტურებიდან არ გამოდის, გარდა იმისა რაც ფინანსთა სამინისტროდან მივიღეთ – ამ პროგრამაში რომელიც უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა არ არის გათვალისწინებული ქობულეთის გარდა არც ერთი რაიონი”.

იპოთეკარების აქცია აჭარის მთავრობასთან

 

იყიდება გარემონტებული ბინა სასწრაფოდ

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, ძველაშენებულ სახლში, იყიდება 52 კვ/მ სამოთახიანი გარემონტებული ბინა (2 საძინებელი). ფასი : 28 ათასი აშშ დოლარი. ID 6363

მობ.: 577 07 11 85; 577 07 11 88; 593 44 24 08

მის.: ბათუმი, ლუკა ასათიანის #12

https://batumi-makler.com/index.php?option=com_estateagent&view=searchresults

NATO-ს გემები ბათუმის ნავსადგურში [ვიდეო]

დღეს, დილით, ე.წ. „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში, ბათუმს ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) 5 გემი ეწვია. ჯგუფის მეექვსე წევრი ITS GAETA (იტალია) ვიზიტს  მოგვიანებით შეუერთდება. ვიზიტის მიზანია ერთობლივი საქმიანობის გაფართოება და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერება.

 

SNMCMG2 -ის საპორტო ვიზიტის პარალელურად, დღესვე ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობასაც ხვდება.

ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშია საფლაგმანო გემი TCG CEZAYIRLI GAZI HASAN PASA (თურქეთი) და საზღვაო გამნაღმველი ხომალდები:  TCG EDREMIT (თურქეთი), ESPS TAMBRE (ესპანეთი), ITS GAETA, BGS SHKVAL (ბულგარეთი)and ROS SLT ALEXANDRU AXENTE (რუმინეთი), მეთაურობს თურქეთის ფლოტის კაპიტანი რამაზან კესგინი.

Jpeg

„მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვეწვიოთ ბათუმს, რათა ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები და ვითანამშრომლოთ საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და ღირშსესანიშნავი თარიღი ნატო-ს 2016 წლის კალენდარში,“ – ამბობს კაპიტანი კესგინი.

ხმელეთზე ვიზიტის დასრულების შემდეგ SNMCMG2 -ის გემები ჩაატარებენ წვრთნების სერიას ზღვაზე საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად, რაც გაზრდის მათ სამძებრო – სამაშველო, აბორდაჟზე აყვანისა და ტაქტიკური მანევრირების უნარ-ჩვევებს და  მისცემს შანსს მეზღვაურებს,  თვალყური ადევნონ ერთმანეთის გემებზე მიმდინარე ოპერაციებს, ეკიპაჟების გაცვლის მეთოდით.

გარდა ამისა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეკიპაჟის წევრები დაათვალიერებენ ბათუმს.

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები საჯარო იქნება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასრულა ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის – „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ – განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი.

„დღეიდან აღნიშნული ფონდი დაექვემდებარება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს და მათი შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები იქნება საჯარო.

აღსანიშნავია, რომ ყველა სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად გაწევს ფინანსურ ხარჯს, უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს. შესაბამისად, მივმართავთ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც გეგმავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

აღნიშნულის მიზანია მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, რათა დაინტერესებულმა პირებმა იცოდნენ, თუ როგორ ფინანსდება და იხარჯება თანხები სუბიექტების მიერ,“ – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი და საქართველოს ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ერთი პოლიტიკური  ორგანიზაციიდან გეგმავენ.   ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან  საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი ცოტა ხნის წინ გაახმოვანა, პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დააარსა და პირველი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა.

ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან, ხულოსა და შუახევში – არა

ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედასა და აწჰესის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებსაც სასმელი წყლით შპს „ქედის წყალკანალი“ ამარაგებს, მრიცხველები დაუმონტაჟეს. თუმცა ქედაში სასმელ წყალზე ჯერ საფასური არ დაუწესებიათ და არც გამრიცხველიანების პროცესი დასრულებულა.

„ქედის წყალკანალს” დაბა ქედასა და აწჰესის ტერიტორიაზე სულ 652 აბონენტი ჰყავს. მათგან 413 აბონენტს მრიცხველი უკვე დაუმონტაჟეს და დანარჩენსაც უახლოეს პერიოდში დაუმონტაჟებენ. მრიცხველების დამონტაჟებისთვის ქედაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 386 ლარი დაიხარჯა.

„ქედის წყალკანალის“ დირექტორი რამინ ჯიჯავაძე ამბობს, რომ მრიცხველების დამონტაჟების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. მისივე ინფორმაციით, მრიცხველებს მხოლოდ დაბებში მცხოვრებ აბონენტებს დაუმონტაჟებენ, სოფლებში კი მრიცხველების დამონტაჟება ჯერჯერობით არ იგეგმება.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე მრიცხველების დამონტაჟების აუცილებლობას წყლის რესურსის რაციონალური გამოყენების მიზნით ხსნის. ის ამბობს, რომ მოსახლეობა სასმელ წყალს უყაირათოდ და სასოფლო დანიშნულებისთვის იყენებს, რაც წყლის უკმარისობას ქმნის ზაფხულში.

„იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში წყლის ახალი რესური იქნა ათვისებული და სარეზერვო ავზები აშენდა დაბა ქედასა და აწჰესში, პრობლემა სრულად ვერ აღმოიფხვრა. ამიტომ, ვფიქრობთ, სასმელი წყლის გამრიცხველიანება მნიშვნელოვნად მოაგვარებს არსებულ პრობლემას დაბა ქედასა და აწჰესის დასახლებაში“, – აცხადებს გამგებელი.

რაც შეეხება წყლის საფასურს, დავით დუმბაძე აღნიშნავს, რომ მრიცხველების დამონტაჟების პროცესის დასრულების შემდეგ წყალზე მინიმალურ საფასურს დააწესებენ.

„მოხმარებული წყლის საფასური 2007 წლის 18 მაისის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N50 დადგენილების საფუძველზე განისაზღვრება. რა თქმა უნდა, შეღავათები ექნებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს“.

წყლის საფასურის გადახდა არ მოუწევს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, აქ წყალკანალი აიპი-ა და, შესაბამისად, კომერციულ საქმიანობას ვერ განახორციელებს. „ხულოს წყალკანალის“ დირექტორი ბადრი აბაშიძე ამბობს, რომ გასული წლის შემოდგომაზე სემეკთან თანამშრომლობით გადაწყდა, რომ ხულოში სასმელი წყალი უფასო იქნება. წყალი უფასო იქნება შუახევშიც.

„ხულოს წყალკანალს“ ხულოში 2000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს.

პენსია, როგორც ბანკის მოგების წყარო

მოქალაქე ლ. ა. „ლიბერთი ბანკს” სასამართლოში უჩივის. ის ბანკისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. პენსიონერმა გასული წლის დასაწყისში აღებული სესხით მაცივარი და მტვერსასრუტი შეიძინა. ჯამში გადასახდელი 732,24 ლარის ნაცვლად, ლ. ა-ს 1015,45-ის გადახდა მოუხდა. მას ბანკმა ზედმეტად 283,21 ლარი გადაახდევინა. მიმდინარე წლის იანვარში მარტოხელა პენსიონერს, რომელსაც შემოსავლის სხვა არავითარი წყარო არ აქვს, „ლიბერთი ბანკმა” სრულად ჩამოაჭრა პენსია – 160 ლარი, გასული წლის ნოემბრის თვეში კი – 93 ლარი.

ლ. ა-ს ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. „ლიბერთი ბანკთან~ გაფორმებული განვადების ხელშეკრულების გრაფაში: „ინფორმაცია კლიენტის შემოსავლის შესახებ~ მხოლოდ ერთი უჯრაა შევსებული: „პენსიის ოდენობა ყოველთვიურად – 150 ლარი”. ხელშეკრულების მიხედვით, ლ. ა-ს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 74,13 ლარი უნდა გადაეხადა.

წლის განმავლობაში ლ.ა-ს წინააღმდეგ ბანკმა არაერთხელ აამოქმედა სესხის დაფარვის დაგვიანების მიზეზით გათვალისწინებული ჯარიმები, მათ შორის მაშინ, როცა ანგარიშზე არსებული თანხა ბანკმა პენსიონერს არ ჩამოაჭრა. “ლიბერთი ბანკის” საბანკო ამონაწერის მიხედვით, ერთ-ერთ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2015 წლის 11 ივნისს, როცა ლ. ა.-ს ანგარიშზე 110 ლარი ჰქონდა, მაგრამ მას ეს თანხა არ ჩამოაჭრეს, შემდეგ კი დააჯარიმეს.

ლ.ა-ს მიმართ გატარებულ სანქციებს შორის გამოყენებულია პირგასამტეხლოს ფორმაც. ხელშეკრულების მიხედვით, ლ. ა-ს ყოველი თვის 12 რიცხვში უნდა დაეფარა სესხი, მაშინ, როცა სახელმწიფოსგან პენსიის გაცემის ბოლო თარიღად თვის 15 რიცხვია დადგენილი. ლ. ა-ს საბანკო ამონაწერიდან ჩანს, რომ მას პენსია 6-ჯერ ჩაერიცხა 12 რიცხვის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიონერს მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო პირგასამტეხლოს თანხის გადახდა სწორედ 6-ჯერ მოუწია.

„შეუძლებელია, „ლიბერთი ბანკს”, რომელიც პენსიებს გასცემს, არ ჰქონოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენსიები 15 რიცხვში გაიცემა. როცა მოქალაქეს აძლევ სესხს და იცი, რომ მხოლოდ პენსიაა მისი შემოსავალი, მიუღებელია 12 რიცხვში დააწესო სესხის დაფარვის თარიღი”, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა.

საბანკო საკითხების სპეციალისტისთვის ასევე გაუგებარია, როგორ ჩამოაჭრა ბანკმა მიმდინარე წლის იანვარში მოქალაქეს სრული პენსია: „ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ულუკმაპუროდ დატოვო. ამას აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს ეროვნული ბანკი. მათ აქვთ დებულება რისკების მართვაზე, მაგრამ დებულება იმდენად ზოგადი სახისაა, რომ ზედამხედველობა და რეგულირება პრაქტიკულად არ ხდება”.

ეროვნულმა ბანკმა „ბათუმელებს“ არ მოაწოდა ინფორმაცია, გამოვლინდა თუ არა დარღვევები „ლიბერთი ბანკში” გეგმიური მონიტორინგის დროს. „სახელშეკრულებო ურთიერთობები მხარეთა შორის შეთანხმების საგანს წარმოადგენს და მხარეები თავისუფალი არიან სახელშეკრულებო ურთიერთობის განსაზღვრისას. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს კრედიტის გაცემაზე, მათ შორის, პენსიის უზრუნველყოფით, რაიმე სახის შეზღუდვა არ აქვს დაწესებული”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესსამსახურის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწერილ წერილში.

ეკონომიკის ექსპერტი, მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა პრობლემად მიიჩნევს ამ კუთხით საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობას:

„სამწუხაროა, რომ არ არსებობს სპეციალური კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, სადაც გაწერილი იქნება წესი, თუ ვისზე შეიძლება გაიცეს სესხი და ვისზე – არა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ამ საკითხის მორალურ მხარეზე. კომერციულმა ბანკმა, ფაქტობრივად, პენსიონერი სიცოცხლისთვის აუცილებელი შემოსავლის გარეშე დატოვა, ოღონდაც საკუთარი შემოსავალი გაეზარდა.

სახელმწიფომ „ლიბერთი ბანკს” ანდო პენსიების დარიგება და მას ამისთვის უხდის დაახლოებით მილიონ-ნახევარ ლარს ყოველწლიურად. საპენსიო თანხა არ არის განკუთვნილი კომერციული საქმიანობისთვის. ეს არ არის „ლიბერთი ბანკის” საკრედიტო რესურსი და ეს თანხები მან არ უნდა გამოიყენოს პირადი შემოსავლების გაზრდისთვის, ეს არის ამორალური.”

„ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ლადო გურგენიძეს ლ. ა-მ რამდენჯერმე მიმართა, მათ შორის სამჯერ წერილობით, მაგრამ მოქალაქემ ბანკისგან პასუხის მიღება ჟურნალისტების დაინტერესების გარეშე ვერ შეძლო. “ბათუმელების” მიერ წერილობითი კითხვების გაგზავნისთანავე „ლიბერთი ბანკის” პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ ბანკმა შეცდომა დაუშვა და გაათავისუფლებენ იმ თანამშრომელს, რომელიც ლ. ა-ს უწევდა მომსახურებას. „ლიბერთი ბანკმა” იმავე დღეს ლ. ა-ს ანგარიშზე დაუბრუნა 350 ლარი, თუმცა ბანკს არ განუმარტავს, რატომ გადაიხადა ზედმეტად 66,79 ლარი. როგორც აღვნიშნეთ, თავად ბანკის მიზეზით ლ. ა-ს ზედმეტად 283,21 ლარი ჰქონდა გადახდილი.

„ლიბერთი ბანკში” შეკითხვებს ლ. ა-ს საბანკო სესხთან დაკავშირებით არ უპასუხეს კონფიდენციალობის არგუმენტით. ბანკმა ასევე კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია “ბათუმელების” კითხვები რისკების მართვაზე. „ბანკების რისკების მართვის პოლიტიკა შედგება ბანკის შიდანორმატიული აქტებისგან და წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას”, – აღნიშნულია „ლიბერთი ბანკის” მიერ “ბათუმელებისთვის” მოწერილ ოფიციალურ წერილში.

ლ. ა-ს სამართლებრივად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ეხმარება. ამ ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას: „ბანკი საერთოდ არ რეაგირებდა ქალბატონის განცხადებაზე. ჩვენი შეფასებით ამ პროცესმა მოქალაქე დააზარალა როგორც მატერიალურად, ისე მორალურად. მატერიალურად იმიტომ, რომ ლ. ა. პენსიონერია და ის უმძიმეს სოციალურ ვითარებაში აღმოჩნდა, როცა მას მთლიანად ჩამოაჭრეს პენსია გასულ თვეში. არ შეიძლება მსგავს სიტუაციაში ადამიანის მიტოვება. მორალური ზიანიც აშკარაა, რადგან ლ. ა. ძალიან განიცდიდა ამ მდგომარეობას, ის არაერთხელ იყო მოსული ჩვენთან იურიდიული დახმარების მისაღებად და რაც მთავარია, წერილობით მიმართვებზეც კი ის პასუხს ბანკის ხელმძღვანელობისგან ვერ იღებდა”.

ლ. ა. რომელსაც ბოლო პერიოდში თავი მაღაზიებში ნისიად აღებული საკვებით გაჰქონდა, ახალი წლის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მაღაზიები უარს ეუბნებოდნენ პროდუქციის ნისიად გატანაზე. სწორედ ამის გამო ლ.ა. აპირებს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ისევ „ლიბერთი ბანკს” მიმართოს, შემდეგ კი სასამართლოს, თუკი ბანკი მოქალაქის წერილს ისევ უპასუხოდ დატოვებს.

ქვეყნის მასშტაბით სესხს პენსიონერებზე მხოლოდ “ლიბერთი ბანკი” გასცემს. საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტში საპენსიო ფონდისთვის 1 152 549 120 ლარია გათვალისწინებული.

„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირის საპროტესტო აქციას ვეღარ დაესწრებიან

„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციაზე ყოფნას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებს“ ნატა ფერაძემ უთხრა, „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა.

„სამწუხაროდ ციხისძირის აქციაზე ვეღარ ვიქნებით, რადგან თბილისში გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, „პანორამის“ პროცესი ისევ გრძელდება, ახლაც მიმდინარეობს კანცელარიასთან აქცია. ძალიან კარგი იქნება, თუ ადგილობრივები განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას, რადგან იქ ორი ხის გარდა, 30-ის ამოღება იგეგმება. ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ ამ ხეების გადარჩენა და უსამართლობა უნდა აღმოვფხვრათ,“- ამბობს ნატა ფერაძე.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პარტიზანი მებაღეებისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხეების გადატანის პროცესი უკანონოდ მიმდინარეობს: „პოლიციამ დღევანდელ სხდომაზე ვერ მოახერხა წარმოედგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ მიმდინარე სამუშაოები მიმდინარეობს კანონიერად და ჩვენი იქ ყოფნა რომელიმე კანონს ეწინააღმდეგებოდა“ – ამბობს ნატა ფერაძე.

სასამართლომ ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი გაათავისუფლა, მათ შორის სამი „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტი. პოლიციამ ისინი გუშინ საღამოს, პოლიციისათვის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავა. სასამართლო 19 თებერვალს განახლდება, სადაც სასამართლო მტკიცებულებების წარმოდგენის შემდეგ შეაფასებს, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევას.

partizani mebageebi sasamartlodan

 

nata feradze

 

ბულვარის შადრევნები მოვლა-ექსპლუატაციის გარეშე

ბულვარის ადმინისტრაციამ შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ადმინისტრაციის განცხადებით  მიზეზი კომპანიის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმაა. ბათუმის ბულვარი აღნიშნული სამუშაოების ხელახლა შესყიდვას გამარტივებული წესით აპირებს.

ბულვარმა 2016 წელს შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციისთვის ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 208 528 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ – შპს “ვლს” და შპს “ტექნოსერვისმა”, ხოლო გამარჯვებულად შპს „ტექნოსერვისი“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება – 183 474 ლარზე მიმდინარე წლის 18 იანვარს გაფორმდა [მანამდე ბულვარის გადაწყვეტილება – ხელშეკრულების გასაფორმებლად “ტექნოსერვისის“ მიწვევაზე – შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა “ვლს”-მ, ტენდერი შეწყდა და განახლდა 2016 წლის 14 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც დავების საბჭომ “ვლს”-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა].

ბულვარის დოკუმენტების მიხედვით: „2016 წლის 04 თებერვალს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში, შპს „ტექნოსერვისის“ მიერ შემოტანილი იქნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ვერ ახერხებენ შადრევნების გამართულ მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში დასაქმებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები“.

ბულვარი
ბულვარი

შადრევნების მუშაობასთან დაკავშირებით არსებობს ბულვარის ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებული წერილი ბულვარის ადმინისტრაციისადმი, რომელშიც აღნიშნულია: „ჩვენ მიერ 2016 წლის 01 თებერვლიდან 2016 წლის 04 თებერვლამდე, ყოველდღიურად ხდებოდა მიმწოდებლის კონტროლი თუ როგორ ასრულებდა ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას. მოგახსენებთ, რომ მომწოდებელმა საერთოდ ვერ უზრუნველყო შადრევნების გამართული მუშაობა.

კერძოდ: ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შადრევანზე ვიზუალურად ჩანდა, რომ შადრევნის მუსიკალური და წყლის ჭავლები სინქრონულად არ მუშაობდა, რაც სავარაუდოდ შადრევნის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართავი მუშაობის მიზეზია, რაც თავისთავად შესაძლოა გამოეწვია არასათანადო მოქმედებებს შადრევნის კომპიუტერის მართვის დროს.

იუსტიციის სახლის წინ, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე შადრევანზე სამართავი კარადა და შადრევნის კომპიუტერულ პროგრამას შორის დარღვეულია სინქრონიზაცია, რის შედეგადაც შადრევნის სამართავი კარადა არ რეაგირებს ავტომატურ რეჟიმზე.

რაც შეეხება ახალ ბულვარში მდებარე შადრევნებს, მესამე შადრევანში ქარის შედეგად გადაღვრილი იქნა წყალი აუზის გარეთ და ტუმბოებმა იმუშავა წყლის გარეშე“.

„ბათუმის ბულვარმა“ მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომელშიც აღნიშნულია: „ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვაზე განმეორებით უნდა გამოცხადდეს ელექტრონული ტენდერი, რასაც სჭირდება 20 დღე, ასევე ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება თანხმობის მიღებიდან ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით“.

სააგენტოს პასუხს ბულვარის ადმინისტრაცია 12 თებერვალს მიიღებს.

ბულვარის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთვასებულია 10 შადრევანი და 7 არხი, რომელებსაც ყოვლდღიურად ესაჭიროება მოვლა-ექსპლუატაცია.

ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო ბრალდების მხარის, ანუ პოლიციის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე – 19 თებერვალს განიხილავს, რის შემდეგაც დაზუსტდება, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევის ნიშნებს. „თუ დარღვევა დამტკიცდება, აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჯარიმა, ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ“ – უთხრა „ბათუმელებს“  პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, რომელიც სასამართლოში აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს.

სასამართლოს დარბაზიდან გამოსულმა „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტებმა თქვეს, რომ ისინი ციხისძირის აქციაზე დასწრებას ვეღარ შეძლებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აქციის შეჩერებას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ შესაბამის დოკუმენტაციას არ წარმოუდგენს. „თუ ნებართვები წარმოგვიდგინეს, მაშინ პრეტენზია აღარ გვექნება კომპანია „ზიმოსთან“ და მას სამუშაოების წარმოებაში ხელს არ შევუშლით. ასეთ შემთხვევაში მოვიფიქრებთ, სად და რა ფორმით გაგრძელდება ჩვენი საპროტესტო აქცია“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომელიც გუშინდელ აქციაზე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, როცა ის აქციაზე მისულ პოლიციის მაღალჩინოსნებს, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმას, ადიკო ივანიშვილს უღებდა ფოტოებს.

სასამართლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ესწრებოდნენ. „ნებართავის წარმოდგენას ვერ ახერხებენ პოლიციელები, მოსამართლემ მათ მისცა კიდევ სამი დღე, რომ ეს დოკუმენტაცია წარმოადგინონ. ეს ადასტურებს, რომ მათ მიერ წარმოებული პროცესი არის უკანონო. აქედან გამომდინარე პროტესტი, რომელიც კანონიერია და სრულიად სამართლიანი, გაგრძელდება და ბიძინა ივანიშვილი ამ ახირებას ვერ აისრულებს“ – თქვა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ.

 

 

 

IMG_0001

 

IMG_0009

 

IMG_0003

რა საკითხები განიხილეს აჭარის მთავრობის სხდომაზე

11 თებერვალს აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელზეც ძალადაკარგულად გამოაცხადეს “აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსების ერთიანი ნორმების, თანხის გამოყოფისა და ხარჯვის ანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” აჭარის მთავრობის 2012 წლის განკარგულება.

განკარგულება მოიცავდა ისეთ ნორმებს, როგორიცაა მივლინების დროს დანამატების გაცემა, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯების რეგულირება და ა.შ. სხდომაზევე დადგინდა, რომ უწყებამ უნდა იმუშაოს პროექტზე, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს ნორმები სამომავლოდ:

მეორე საკითხი სხდომაზე საარქივო სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობის, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცებას ეხებოდა. ამ თემაზე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელმა მაია ივანიშვილმა ისაუბრა. როგორც საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, ტარიფები საარქივო სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მოსახურებებზე მომატებულია. თუმცა, მაია ივანიშვილის განმარტებით, ტარიფები იუსტიციის სამინისტროს მიერაა დადგენილი და იგი სოციალურად დაუცველებზე, შშმ პირებსა და  პენსიონრებზე არ გავრცელდება – „კომერციული დაინტერესება იქნება მაშინ, როცა დოკუმენტის მომზადება დაჩაქრებული წესით სურს არა სოციალურად დაუცველ ან პენსიონერ ადამიანს“ – განმარტა მან.

 

როგორც მაია ივანიშვილმა თქვა, აჭარის საარქივო სამმართველო წელიწადში რამდენჯერმე, რვა ან ოთხგვერდიანი გაზეთის გამოშვებასაც გეგმავს, 150-იანი ტირაჟით. გაზეთის კონტენტი – საარქივო მასალებისა და სააგენტოს სიახლეებისგან უნდა შედგებოდეს. აჭარის განათლების მინისტრის გიორგი თავამაიშვილის თქმით, გაზეთის ნაცვლად  უმჯობესი იქნებოდა ინფორმაციული ბუკლეტები გამოეცათ: “იქნებ რამე სხვა დატვირთვა ჰქონდეს? ჩვენ რეალურად ყველა ინტერნეტმომსახურებაზე ვართ გადასული, ჩვენი განსწავლულობა ძალიან ცოტაა არქივთან მიმართებაში და თუ კი ინფორმაციული ბუკლეტები იქნება, შესაძლოა ამ კუთხით უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე ნომინალური გაზეთი, რომელსაც არ ვიცი ვინ წაიკითხავს ” – აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თანხმობა გაიცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე – “ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან გამოიყო 15 000 ლარი უმწეო ოჯახებისთვის. 21 ბენეფიციარი უნდა გამოიკვებოს ამ თანხით, რისთვისაც გამარტივებული შესყიდვების თაობაზე მივმართეთ შესყიდვების სააგენტოს, საიდანაც მივიღეთ პასუხი – გამოგვეცხადებინა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. ორჯერ გამოვაცხადეთ – ორჯერვე ჩავარდა” – განმარტა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.

დღესვე მიიღეს ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საბოლოო რეკომენდაციები.

„ქორთიარდ მერიოტი“ ბათუმში

11 თებერვალს ბათუმში „მარიოტ ინტერნეშენალის“ ევროპის რეგიონის ფრანჩიზის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ფილ ანდრეოპულოსი ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძესთან ერთად სასტუმროს მშენებლობის პროცესს გაეცნო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის თქმით, პროექტი, გარდა იმისა, რომ 40 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს აჭარაში, ამ დროისთვის კომპანიას უკვე დახარჯული აქვს 4,5 მლნ დოლარი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა 200 ადამიანია, მშენებლობის პროცესში ჯამში – 1200, ოპერირების ეტაპზე კი 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

ამ ეტაპზე ტერიტორიაზე შენობის საძირკვლის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი შპს „ალიანსის“ ეკუთვნის.

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“, „ალიანს პალასის“ 41 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის ექვს სართულზე განთავსდება. სასტუმრო შესრულებული იქნება ქორთიარდის დიზაინის მიხედვით და შესაბამისობაში იქნება სასტუმრო ინდუსტრიის ყველაზე მაღალ სტანდარტებთან.

მშენებლობა 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

თამარ ამაშუკელი ბათუმის ბულვარზე, „რვაფეხასა“ და ვაჟა-ფშაველას #13-ზე

11 თებერვალს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელოვნებთმცოდნე თამარ ამაშუკელმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას ბოლო ხანს, აჭარაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველაზე პრობლემური საკითხების შეფასება სთხოვა, მათ შორის ბათუმის ბულვარის ირგვლივ განვითარებული პროცესების.

ბათუმის ბულვარის საკითხი გამოდგება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში მოქალაქეების ჩართულობის საილუსტრაციოდ?

ეს არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ამ ეტაპზე, თავისი კონკრეტული შედეგებით. სახელმწიფო თავისით არაფერს არ იძლევა, როგორც წესი, უნდა მოითხოვო და შემდგომ მოდის უკვე მთავრობა დათმობებზე, ამიტომ წარმატებებს ვუსურვებ ამ მოძრაობას. ბულვარის შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს კონსერვაციის გეგმა, რადგან ბულვარი ნამდვილად არის იმ ღირებულების ბათუმისთვის, რომ ის იქნეს შენარჩუნებული ისე, როგორც არის. ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, ამიტომაც ის არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და მას არ სჭირდება ახალი კონცეფცია და მოდერნიზაცია.

ბულვარის პრობლემა, ისევე როგორც თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო პროცესების ძირითადი პრობლემა, არის გაუმჭვირვალობა და ის, რომ ჩვენ პოსტ-ფაქტუმ ვგებულობთ, რომ მთავრობა კონცეფციაზე ფიქრობს და წარმოადგენს მასალას, პრეზენტაციის სახით, რომელსაც ჩვენ ტაში უნდა დავუკრათ. მაგრამ საზოგადოება გაიზარდა და ითხოვს მეტ ჩართულობას, რადგან ქალაქი უპირველეს ყოვლისა არის მოქალაქის და სახელმწიფო, ქალაქის მთავრობა, ვალდებულია მოუსმინოს მოქალაქეს და გაითვალისწინოს, დაიცვას მისი ინტერესები.

რაც შეეხება ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევას, რაზეც პროკურატურა აგრძელებს ძიებას. თქვენი აზრით, სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხი დგას თუ არა ამ შემთხვევაში?

ეს სამართლებრივ დასკვნაში გამოჩნდება, რა იმოქმედა და რა – არა სააგენტომ, რა სამართლებრივი ბერკეტი შეიძლებოდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა. მე პრობლემა მაქვს კანონმდებლობასთან – არ შეიძლება ძეგლის დანგრევისთვის ადამიანი 10 000 ლარით ჯარიმდებოდეს, ამ ლოგიკით ყველა დაანგრევს შენობას. ასეთ შემთხვევაში მინიმუმ უნდა დაეკისროს დანგრეული ობიექტის თავიდან რესტავრირება. ასეთი არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა და იმიტომ ვართ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში, რომ ის ინსტიტუცია რომელიც უნდა იცავდეს კულტურულ მემკვიდრეობას – ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო – ყველანაირად ცდილობს, რომ ჩაფარცხოს ხოლმე მსგავსი თემები და აჯარიმებენ და ებრძვიან ჩვეულებრივ მოკვდავებს ფანჯრის გამოცვლისთვის და კარის ცუდად შეღებვისთვის, დიდი ბიზნესის და პოლიტიკური ინტერესები როდესაც არის, როგორც წესი, თვალს ხუჭავენ ხოლმე. ასეთი პროექტები ანგრევს ქალაქს და არა მცირე მასშტაბიანი ცვილებები, რომელიც ასევე აზიანებს ქალაქს, მაგრამ ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება არსად და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

მოხსენების დროს გაიხსენეთ ბათუმის „რვაფეხას“ საკითხიც…

ჩვენ ორჯერ შევიტანეთ ბათუმელების მოთხოვნით სააგენტოში წერილი მის გაძეგლებაზე, ჯერ-ჯერობით პასუხი არ არის – არც – კი და არც – არა. მაშინ, როდესაც საყდრისის აფეთქების გადაწყვეტილება სააგენტომ და კულტურის სამინისტრომ მიიღეს 12 საათში, „რვაფეხას“ გაძეგლებას ერთი წელი სჭირდება. ეს გვაჩვენებს როგორი ორმაგი სტანდარტია და როგორ მუშაობს სამინისტრო. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა კონკრეტული ობიექტის გაძეგლება, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება ამას არ აკეთებს. რატომ შვება სააგენტო ამას – ამაზე პასუხი არ მაქვს.

მთავრობის რეკომენდაციები ბათუმის ბულვარს

დღეს, 11 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე, ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საბოლოო რეკომენდაციები მიიღეს. ძირითადი სამი რეკომენდაცია სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იონა წითელაძემ წარადგინა. რეკომენდაციების თანახმად ბულვარის ადმინისტრაცია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უნდა შეთანხმდნენ მესამე ალეაში სამუშაოების შეჩერებაზე, რათა არ გაიწიოს დამატებითი ხარჯები. ასევე, ბულვარის ადმინისტრაციამ შემუშავებულ პროექტთან მიმართებაში უნდა მოაგვაროს სამართლებრივი საკითხები ანუ “შუა ალეის აღდგენის და ბეტონის ფილის დაგების მიზნით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები პროექტისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად”. კიდევ ერთი რეკომენდაციის თანახმად, დროის ეკონომიის მიზნით, სამუშაოების განხორციელება უნდა მოხდეს გამარტივებული შესყიდვით და არა ელექტრონული ტენდერის სახით.

იონა წითელაძე: ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საბოლოო რეკომენდაციებზე-ის ასლი

ზუსტი ვადები, თუ როდის აღდგება ბულვარის მესამე ალეა, არ არის დადგენილი, თუმცა იონა წითელაძის თქმით, სამუშაოები სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.

რეკომენდაციებს აჭარის მთავრობა ბულვარის ადმინისტრაციას გადაუგზავნის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ კახიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. აჭარის მთავრობას განცხადება ბულვარის დირექტორის გადადგომის შესახებ ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია.

არჩილ ხაბაძე და დავით ბალაძე ბულვარის დირექტორის  შესახებ

 

„დაკარგული სიყმაწვილე” – დარო სულაკაურის ფოტოპროექტი ბათუმში

13 თებერვალს, 17 საათზე, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დარო სულაკაურის ფოტოფროექტის – „დაკარგული სიყმაწვილე” – გახსნა გაიმართება.

მიზეზი, რატომაც დარო სულაკაურმა ამ ფოტოპროექტზე მუშაობა დაიწყო, საქართველოში ნაადრევი ქორწინების მაღალი მაჩვენებელია. ფოტოგრაფმა რეგიონებში იმოგზაურა, იმისათვის რომ გაეგო – რა განაპირობებს შორეულ სოფლებსა თუ დაბებში არასრულწლოვანი გოგონების ადრეულ გათხოვებას. ის აკვირვებოდა სოციალურ-ეკომომიკურ გარემოსაც.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოდგენილი გამოფენა, დარო სულაკაურის პროექტის ნაწილია. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ფოტოგრაფს მუშაობა ამ მიმართულებით ჯერ არ დაუსრულებია და იგი გეგმავს შექმნას ერთგვარი პლატფორმა, რაც ფოტოებთან ერთად გმირების ინტერვიუებსა და სხვა მონაცემებს გააერთიანებს.

გამოფენის გახსნის პარალელურად სივრცეში გაიმართება დისკუსია ადრეული ქორწინების შესახებ. მომხსენებელი იქნება განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირის, „პროგრესის“ ხელმძღვანელი ნინო გაბუნია.

დისკუსიის შემდეგ მოეწყობა თანამედროვე თურქი რეჟისორის დენიზ გამზე ერგიუვენის ფილმის,”მუსტანგის”, ჩვენება. ფილმი ასახავს ტრადიციებისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ოთხი გოგონას ცხოვრებას.

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 10 მარტამდე გაგრძელდება.

„საზღვაო ჰოსპიტალი“ 3 მარტს „ინტურისტში“ გეპატიჟებათ

ანონსი

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, საზღვაო ჰოსპიტალი წარმოგიდგენთ მუსიკალურ საღამოს ლაშა ღლონტის, ტერეზა ფუხაშვილისა და გია ჭყონიას მონაწილეობით. წამყვანი – ნიკა წულუკიძე.

12696451_10205818978248786_1177146535_oსტუმრებს შეეძლებათ გემოვნებიან მუსიკასთან ერთად ისიამოვნონ უგემრიელესი კერძებით და დადებითი ემოცია გაიყოლონ საღამოს დასრულების შემდეგ;

3 მარტი, სასტუმრო „ინტურისტი“, 20:00 საათი;

საღამოზე დასწრების ღირებულება 60 ლარი–მოიცავს საღამოზე დასასწრებ ბილეთს და უგემრიელეს მენიუს;

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 22 თებერვლიდან „საზღვაო ჰოსპიტალში“ და „ინტურისტში“;

სპონსორები: „რეპრო არტი“, „ალპენ ფარმა“, „ჯანსაღი თმის ცენტრი“, „საზღვაო ჰოსპიტალი“.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 27 25 88; მისამართი: საზღვაო ჰოსპიტალი, მელიქიშვილის 102 ბ.

მოხარული ვიქნებით, გიხილოთ დედიკოებთან ერთად.

 

საზღვაო ჰოსპიტალი

„საზღვაო ჰოსპიტალი“

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკომიგრაციას განიხილავენ

12-13 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „აისში“ (ბათუმი, გორგასლისა და გრიბოედოვის ქ. 153/29) საქართველოს რეგიონებში მომუშავე 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბება და ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობის დოკუმენტს განიხილავს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკომიგრაციის სფეროში დღეს არსებულ პრობლემებზე გამართავენ დისკუსიას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ინიციატივებზე იმსჯელებენ, კერძოდ, ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანიაზე და მიგრაციის მართვის გაუმჯობესებაზე ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

შეხვედრა ორგანიზებულია დემოკრატიის ინსტიტუტისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) მიერ.

პარლამენტარები ციხისძირიდან ხეების გადარგვაზე იმსჯელებენ

დღეს, 11 თებერვალს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე იმსჯელებენ – ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ციხისძირიდან გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ამჟამად ციხისძირიდან ხეების გადატანის პროცესი შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ზიმოს“ სამუშაოების გაგრძელების საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციას „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები შეუერთდნენ. აქციაზე გუშინ, 10 თებერვალს, პოლიციამ 5 პირი დააკავა: „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

პოლიციამ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

Exit mobile version