კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რას ნიშნავს წამყვანი მასწავლებელი

13.02.2016 • 4042
რას ნიშნავს წამყვანი მასწავლებელი

საქართველოში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 184 პედაგოგს აქვს მინიჭებული, მათგან 15-ს _ აჭარაში. რა ვალდებულებებს აკისრებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი პედაგოგს და მაღალსტატუსიანი მასწავლებლების ნაკლებობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქვეყანაში განათლების დონე ძალიან დაბალია? „ბათუმელები“ ამ საკითხზე ბათუმის პირველი საჯარო სკოლის წამყვანი სტატუსის მქონე ინგლისურის მასწავლებელს ნინო მაისურაძეს ესაუბრა.

ქალბატონო ნინო, როდის მიიღეთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და რა დამატებით აქტივობებს გაკისრებთ ეს სტატუსი?

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2015 წლის სექტემბერში მომანიჭეს. თითქმის იმავე აქტივობების გავლა გვიხდება, იქნება ეს სასწავლო პროცესის მართვა, დაგეგმვა და ა.შ. ბუნებრივია, აქამდეც ვატარებდი ინტეგრირებულ გაკვეთილებს და ახალი სტატუსის შემდეგაც გავაგრძელებ ამ აქტივობას. ბუნებრივია, გაკვეთილების რაოდენობა გაიზარდა. ამჟამად დაგეგმილი მაქვს საგაკვეთილო კლასგარეშე აქტივობა, მინდა მოვამზადო თემა – „ქართველები საზღვარგარეთ“. ბაირონს ჰქონდა შეხება საქართველოსთან, ლეკიანობის დროს ქართველი გოგო გადაურჩენია და ამ თემაზე ვაპირებ პროექტის მომზადებას. ვგეგმავ ინტეგრირებულ გაკვეთილებს.

სქემის მიხედვით ხუთი წლის განმავლობაში გევალებათ ხუთი სამოდელო გაკვეთილის ჩატარება. თუ ახალ ეტაპზე გადასვლას აპირებთ, მაშინ ათი გაკვეთილის მომზადება მოგიწევთ. აპირებთ შემდეგი ეტაპისთვის მუშაობას?

რა თქმა უნდა, ვგეგმავ მენტორობას, ამიტომ ათი სამოდელო გაკვეთილი უნდა მოვამზადო. აქამდე სამოქალაქო განათლებაზე მქონდა სამოდელო გაკვეთილები მომზადებული და ეს თემა მინდა გავაგრძელო. ასევე მევალება სასწავლო რესურსების შექმნა. ამაში იგულისხმება ციფრული რესურსებიც, სლაიდშოუები, ის, რაც ძირითადად გვჭირდება გაკვეთილზე. 2011-იდან 2014 წლამდე ვმუშაობდი სტატიებზე და წელსაც ვაპირებ გავაგრძელო.

რა თემას ეხება თქვენი სტატიები?

ანბანის სწავლების თანამედროვე, ეფექტური სტრატეგიები; ტურიზმი როგორც განათლების საუკეთესო საშუალება; რა როლი ენიჭება ექსკურსიებს და ა.შ. ამაში ხელი შემიწყო იმანაც, რომ პარალელურად დოქტორანტურაშიც ვსწავლობდი, მქონდა წვდომა სამეცნიერო ლიტერატურასთან და პარალელურ რეჟიმში მიწევდა სტატიების გამოქვეყნება, რაც სასკოლო ვალდებულებებზეც აისახა.

წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გასცდეს თავის კლასს და კოლეგებსაც გაუზიაროს გამოცდილება. აქ მხოლოდ ინგლისურის მასწავლებლები იგულისხმებიან, თუ სხვა პედაგოგებიც?

რა თქმა უნდა, ინგლისური ენის პედაგოგები. იმ პედაგოგებთან, ვისთან ერთადაც ვიმყოფებოდი ამერიკაში, თანამშრომლობას ვაგრძელებ. ჩვენ ერთად გამოვუშვით სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის. ორი წელია უცხო ენებში ფორმატი შეიცვალა, დაემატა მოსასმენი ნაწილი და ამან გააჩინა ახალი რესურსის საჭიროება. მე და კიდევ სამმა პედაგოგმა ერთად გავაკეთეთ სრული კურსი და წამყვანი მასწავლებლის რანგშიც ვაპირებთ ახალ სახელმძღვანელოზე მუშაობას. გარდა ამისა, ვმუშაობ ახალ სტატიაზე, რომელიც ჟურნალ „მასწავლებელში“ დაიბეჭდება და ეხება ტრენინგების აუცილებლობას. მეორე თემას ჰქვია „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბავშვს მოუსმინო გაკვეთილზე ისე, რომ არ მისცე ამას ფორმა – „დამიწერე“.

სქემის მიხედვით არსებობს სამოდელო გაკვეთილის რამდენიმე ტიპი, მათ შორის სტანდარტული, სიახლეებსა და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება. თქვენ რომელი ტიპის გაკვეთილის მომზადებას გეგმავთ წელს?

ვაპირებ ინოვაციურ მეთოდებზე მუშაობას. ინოვაციურ მეთოდად შეგვიძლია განვიხილოთ გაკვეთილი, რომელიც მოსწავლის საჭიროებაზეა მორგებული. დაბალ საფეხურზე ინგლისურის სწავლებისას მულტფილმებს ვიყენებთ ენის ასათვისებლად ან გრამატიკის უკეთ აღსაქმელად. ასეთი ათი სამოდელო გაკვეთილი გვაქვს მომზადებული დაწყებით საფეხურზე. მაღალ კლასებში შევცვალეთ მეთოდი და მოკლე ვიდეორგოლების გამოყენება დავიწყეთ. იყო დისკუსია იმაზე, უნდა ესწავლათ თუ არა პირველკლასელებს ანბანი, მაშინ როცა ქართულად არ იცოდნენ წერა-კითხვა. გამოვიკვლიეთ სამი პარალელური პირველი კლასი და გადავწყვიტეთ, რომ პირველკლასელებს ესწავლათ ანბანი ფიზიკური აქტივობების ფონზე. ამ მეთოდს ქართულ სკოლებში ფაქტობრივად არ იყენებენ. ამერიკაში ყოფნის დროს ათი სქელტანიანი სამოდელო წიგნიც მოგვცეს, რომელიც თანხვედრაშია სამინისტროს მოთხოვნებთან და გათვლილია ჩვენი გეგმებიც.

ქართველი მასწავლებლები იშვიათად იყენებენ „გამჭოლ კომპეტენციებსო“ – ამბობენ განათლების ექსპერტები. რა იგულისხმება ამაში?

კომპეტენციებში შედის ყველაფერი ის, რაც სქემით გვევალება. მათ შორის კლასის მართვის სტრატეგიები, მენეჯმენტი, შეფასება და ა.შ. რას ვერ იყენებენ, ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ თანამშრომლობის კომპეტენციები მას შემდეგ უფრო განვითარდა, როცა კრედიტქულების დაგროვება დაიწყო. თავიდან იყო სკეპტიკური განწყობა „იმან ჩემზე მეტი რა იცის“, მაგრამ ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დაძლეულია, თუმცა არა ბოლომდე.

თქვენ გევალებათ სკოლის საჭიროებების კვლევაც, ხომ არ დაგიწყიათ მუშაობა და რა საჭიროებებს ხედავთ ამ ეტაპზე?

დავიწყე მუშაობა მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებთან დაკავშირებით, რადგან დაბალ საფეხურზე მოსწავლეებმა არ იციან, რა ნიშნით ხდება მათი შეფასება. ინგლისურის სახელმძღვანელოები მოსწავლის შეფასების საშუალებას იძლევა, რადგან გაკვეთილები შეიცავს მზა კითხვარს, რაც არ აქვს ქართულ სახელმძღვანელოებს. ამაზეც ვმუშაობ ჩემს კოლეგებთან, რადგან თვითშეფასების კითხვარის შევსებისას ხშირად წერენ, რომ მოსწავლეს თვითშეფასებას არ აკეთებინებენ. ეს შეუძლებელია, რადგან ეს კითხვარი გაკვეთილშია მოცემული.

გარდა წამყვანი მასწავლებლის ვალდებულებებისა, თქვენ ფასილიტატორის ვალდებულებებიც გაქვთ, ეს ძალიან ბევრი არ არის ერთი ადამიანისთვის?

ამის მართვის ინსტრუმენტებს ტრენინგებზე ვსწავლობთ. იმ პედაგოგებს, რომლებსაც უჭირთ კომპიუტერის ფლობა, ბუნებრივია ვეხმარები, მაგრამ ნელ-ნელა ითვისებენ და ისინიც დაძლევენ ალბათ ამ პრობლემას.

როცა რეგიონში მხოლოდ 15 წამყვანი მასწავლებელია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სწავლის ხარისხი ძალიან დაბალია სკოლებში?

რა თქმა უნდა, ნიშნავს.

სტატუსის ზრდა ანაზღაურებაზე თუ აისახება?

ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენია წამყვანი მასწავლებლის ხელფასი, რადგან მე ათასლარიანი მასწავლებლების სქემით ვიღებ ხელფასს (800 ლარამდე ვიღებთ ხელზე) და ეგ დანამატი მე არ მეხება. სადღაც 700 ლარამდეა, ზუსტად არ ვიცი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: