ჩაქვში მოკლული მამაკაცი ტაფით არის ნაცემი

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ჩაქვში დღეს დილით მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. „მკვლელობაში ბრალდებული იმერეთის პოლიციასთან ერთობლივი ძალისხმევით არის დაკავებული“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროში.

„ბათუმელების ინფორმაციით, გარდაცვლილი სამზარეულოს ნივთებით არის ნაცემი, თუმცა ჩხუბის დროს დანა არ ყოფილა გამოყენებული. მომაკვდინებელი დარტყმა, სავარაუდოდ, სამზარეულოს ტაფით არის მიყენებული.

შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ამის თქმას მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შეძლებენ.

ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.

კონკურსის ბოლო ეტაპზე მთავრობამ აღმოაჩინა, რომ საკანონმდებლო ნორმა ბუნდოვანია

კონკურსისა და წარდგენა-ვერდამტკიცების პროცურების გავლის შემდეგ, პროცესის ბოლოს, აჭარის მთავრობამ აღმოაჩინა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც უსკოს თავჯდომარის პოსტზე კადიდატი უნდა შეერჩიათ და შემდეგ დაემტკიცებინათ, ბუნდოვანია. საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი შეარჩია. მათგან ერთ-ერთი მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა. უმაღლესმა საბჭომ წარდგენილ კანდიდატურას კენჭი უყარა და ჩააგდო, მეორე და მესამე ცდაზე კი კენჭისყრა ქვორუმის არ არსებობის გამო არ ჩატარებულა. ახალი კანდიდატურის წარდგენას უმაღლეს საბჭოში დარჩენილი ორი კანდიდატურიდან ელოდნენ. არის თუ არა მართლა ბუნდოვანი ნორმა, რომლითაც მთავრობამ კონკურსი დაიწყო და არ გააგრძელა? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ უპასუხა.

ატონო მალხაზ, საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც ამ დრომდე მთავრობა უსკოს კანდიდატის შესარჩევად და შემდეგ დასამტკიცებლად ხელმძღვანელობდა, მართლა ბუნდოვანია?

დიახ, აქ ძალიან რთული ამბავია. ის რომ მთავრობას ამის შემდეგ კომისიის მიერ შერჩეული დარჩენილი ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი ან ორივე უნდა წარედგინა, არსად წერია.
მთავრობა ხელმძღვანელობდა ნორმის ამ ინტერპრეტაციით, ამაზე ვრცელდებოდა ინფორმაცია და სხვა სახის განმარტება არც გაკეთებულა.
გადავხედე ამ ნორმას და პირველი რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ არ არის არჩევის წესი ისე გამართულად ჩამოყალიბებული, როგორც სასურველი იქნებოდა. აქ არის ორი არჩევის წესი. ეს არის თავმჯდომარის წარდგენა და არჩევა და მეორე – უსკოს წევრების წარდგენა და არჩევა. ამ ნორმით თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთი კანდიდატურის წარდგენა ხდება. ხოლო აქ წერია არანაკლებ ორი და არაუმეტეს სამი. ეს მუხლი განსაზღვრავს როგორც წევრის არჩევას, სადაც ერთ ადგილზე სამი წევრი წარედგინება უმაღლეს საბჭოს და ასევე თავმჯდომარის არჩევას, სადაც ერთი კანდიდატურა წარედგინება. ამ შემთხვევაშიც მთავრობის თავმჯდომარემ წარადგინა ერთი კანდიდატურა უსკოს თავმჯდომარის პოსტზე. ნორმა, თუ როგორ უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა, გაერთიანებულია წევრების არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში. ამ მუხლიდან გამომდინარე თუ ერთხელ წარადგინა მთავრობის თავმჯდომარემ კანდიდატურა, კენჭისყრა ჩატარდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, ვერ აირჩიეს. ამის შემდეგ კანონში პირდაპირ არ წერია, თუ ვინ უნდა წარადგინონ. მე-13-ე მუხლის მე-14-ე პუნქტში წერია , რომ თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, კენჭი ეყაროს დარჩენილ კანდიდატებს.

ანუ ეს ნორმა არ გულისხმობს შერჩეული სამიდან ორის წარდგენას?

არა. ამ შემთხვევაში კანდიდატი არის მხოლოდ კვაჭაძე, რომელიც წარადგინეს. კენჭს უყრიან მხოლოდ კანდიდატს. თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო მხოლოდ ერთი, კვაჭაძე. ჩანაწერი მე-14-ე მუხლში – თუ ვაკანსია არ შეივსო კენჭი ეყრება დარჩენილ კანდიდატებს, გულისხმობს უსკოს წევრების შერჩევას. ეს მუხლი ეხება ზოგადად წევრების არჩევას, სადაც რამდენიმე კანდიდატურის წარდგენა ხდება. ეს მუხლი მხოლოდ თავმჯდომარის არჩევას არ ეხება. ახლა მთავრობა ამბობს, რომ ვინაიდან ბუნდოვანი იყო ნორმა, ამის გამო ხელახლა უნდა გამოაცხადოს კონკურსი. მთავრობა ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს ბუნებრივია რაღაც ნორმით ხელმძღვანელობს , თუ ბუნდოვანი იყო ეს ნორმა, მას შეეძლო ასევე კანონის არსიდან ამოსულიყო და ეხელმძღვანელა იმ წესით, რომ დარჩენილი ორი კანდიდატიდან წარედგინა ერთ-ერთი. ამ ვარიანტითაც შესაძლებელი იყო ეხელმძღვანელა მთავრობას. ისიც არსად ეწერა, კონკურსი ხელახლა გამოაცხადეო. გარდა ამისა, თუ მთავრობა ამ მუხლიდან ამოდის, მეორე კენჭისყრას უნდა დალოდებოდა, რადგან მეორე კენჭისყრა სინამდვილეში არ ჩატარებულა, ქვორუმი არ შედგა, შესაბამისად, ვერც კენჭისყრა ჩატარდა. კანონში წერია, რომ მეორე კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო, ქვორუმი ვერ შედგა, ეს კი საკითხის ჩავარდნას არ ნიშნავს. ნორმა არის მართლაც ბუნდოვანი, მისი განმარტება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს. ის შეიძლება მთავრობამ სხვანაირად განმარტოს და მალხაზ ნაკაშიძემ სხვანაირად.

ხომ არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობამ იხელმძღვანელა ბუნდოვანი ნორმით მანამდე, ვიდრე მის სურვილებთან არ მოვიდა წინააღმდეგობაში შედეგი, შემდეგ კი აღმოჩნდა რომ ნორმა ბუნდოვანი ყოფილა?

შეიძლება, ეს არ ვიცი. მაგრამ უმაღლესი საბჭოს წევრებიც არჩეულები არიან და მათ აქვთ ვალდებულება მოაწყონ კენჭისყრა. ბუნდოვანია თუ როგორიც არის რასაც კანონი ადგენს ის პროცედურა მაინც რომ დაეცვათ, მათ მეორე კენჭისყრა უნდა ჩაეტარებინათ. თუ მეორე კენჭისყრაზეც ვერ აირჩევდნენ, ამის შემდეგ ხაბაძეს შეეძლო წარდეგინა დარჩენილი ორიდან, რომელიც კომისიამ წარადგინა, ერთის წარდგენა. თუმცა, ისევ ვამბობ, რომ ეს შეეხება კომისიის წევრების არჩევას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიურს გავავრცელებდით თავმჯდომარის არჩევაზე რადგან სხვა წესი კანონში არ წერია.

დეპუტატები ღიად აცხადებდნენ, რომ არ მისვლა სხდომაზე იყო პროტესტის ფორმა. ისინი არ უჭერდნენ მხარს წარდგენილ კანდიდატურას

სხდომებზე ბოიკოტი მათი უფლებაა და ეს შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ კანონში წერია, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს თუ ირჩევენ ორი კენჭისყრის შემდეგ დარჩენილი კანდიდატურებიდან, მაშინ მთავრობის თავმჯდომარის ასარჩევად რატომ არ შეეძლოთ იგივე წესის გამოყენება? მართალია, ეს ნათლად არ წერია და საკანონმდებლო ხარვეზია, მაგრამ მთავრობამ ჩათვალა, რომ მისი გზა არის მართალი, თუ დავა წარმოიშობა, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია საბოლოო სიტყვა თქვას.

როგორ უნდა მოიქცეს ახლა მთავრობა, იგივე ბუნდოვანი ნორმით უნდა ჩაატაროს კონკურსი, თუ უმაღლეს საბჭოს უნდა მიმართოს ამ ნორმის დახვეწის თხოვნით?

ეს საინტერესოა. სწორი კითხვაა. ისევ რომ დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში რას იტყვის მთავრობა, კიდევ ბუნდოვანიაო? იგივე რომ მოხდეს, გამოდის ბუნდოვანი ნორმის საფუძველზე იღებს მთავრობა ზერელე გადაწყვეტილებებს. მე-14 მუხლში მკვეთრად უნდა განისაზღვროს, თუ როგორ ხდება თავმჯდომარის არჩევა, ხოლო ცალკე განისაზღვროს თუ როგორ ხდება უსკოს წევრების არჩევა.

ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცმა თანამშრომელი მოკლა

ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი 40 წლის თანამშრომელი მოკლა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილიცა და თავდამსხმელებიც სასტუმრო „ოაზისი“ ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობაზე მუშაობდნენ. ჯერჯერობით კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

“ოაზისის” ფინანსურმა მენეჯერმა თამარ სურგულაძემ “ბათუმელებს” განუცხადა, რომ გარდაცვლილი მათი თანამშრომელი არ არის.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილი და მისი თანმხლები პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

შს სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ისინი დანაშულის ადგილიდან მიიმალნენ.

სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, იყიდება ბინის თეთრი კარკასი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, იყიდება 50 კვ.მ ბინის თეთრი კარკასი. ფასი: 34000 აშშ დოლარი.

samaklero.ge

5

ქირავდება ან იყიდება ბინა ბათუმში, „მაკდონალდსთან“

ქირავდება ან იყიდება ბინა ბათუმში, „მაკდონალდსთან“, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით, ტექნიკით. ფასი: 35 000 აშშ დოლარი.
3

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: მინისტრის ბრძანებაში ხარვეზი გასწორდა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე დასაგროვებელი ქულების ოდენობა შეიცვალა, სიმართლეს არ შესაბამება.

ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სოფო დოლიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ პედაგოგთა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდაზე იყო და არის 14 ქულა, ანუ 40 პროცენტი:

„ზღვარი არ შეცვლილა, იგივეა. უბრალოდ, მინისტრის წინა ბრძანებაში იყო მცირე ხარვეზი, ანუ ტექნიკური შეცდომა, სადაც ეწერა რომ კომპეტენციის ზღვარი არის  40%-ზე მეტი. ეს „40 პროცენტზე მეტი“  იყო ტექნიკური ხარვეზი და ეს შეიცვალა. „40 პროცენტი და მეტი“-ამით. რადგან 14 ქულა არის 40 პროცენტი“.

სოფო დოლიძის განმარტებით, პედაგოგებს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდაზე მოეთხოვებათ 14 ქულის, ანუ 40 პროცენტის დაგროვება.

„თუ ამაზე მეტს დააგროვებენ ბუნებრივია უკეთესი იქნება. თუმცა სავალდებულო ზღვარი არის 40 პროცენტი“.

 

ხელახალი კონკურსი უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავჯდომარის პოსტზე კანდიდატურა დღეს ხელახლა უნდა წარედეგინა, თუმცა მის მიერ მედიასთან გაკეთებული ინფორმაციით, მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე ხელახალი კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. კანონით უკვე წარდგენილი კანდიდატურის ჩავარდნის შემდეგ, მას, კანონმდებლობით, უმაღლესი საბჭოსთვის კომისიის მიერ შერჩეული სამი კანდიდატებიდან ორი უნდა წარედგინა. არჩილ ხაბაძის თქმით, ეს ჩანაწერი კანონში ბუნდოვანია, ამიტომ მან კომისიის ხელმეორედ ჩატარება გადაწყვიტა.

რა წერია კანონში:
„… თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ხელახლა ეყრება კენჭი დარჩენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია კვლავ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს 3 დღის ვადაში კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება. 15. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“

უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო კომისის თავმჯდომარე თემურ კახიძე არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებას ბრიფინგით გამოეხმაურა.

„მთავრობის თავმჯდომარის მიერ 2016 წლის 29 იანვარს უმაღლესი საბჭოსათვის წარმოდგენილი უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევა ვერ მოხდა კანონით განსაზღვრულ 14-დღიან ვადაში. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2016 წლის 18 თებერვალს. აღნიშნულის გათვალისწინებით და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-14 პუნქტიდან გამომდინარე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არა უგვიანეს 23 თებერვლისა უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან უნდა წარმოუდგინოს 2 კანდიდატი. თუკი აღნიშნული კანდიდატების წაrმოდგენიდან 14 დღის ვადაში უმაღლესი საბჭო კვლავ ვერ აირჩევს უსკოს თავმჯდომარეს, მთავრობის თავმჯდომარემ 3 დღის ვადაში უნდა დანიშნოს ახალი კონკურსი. კანონის სულისკვეთება არის შემდეგი, რომ ყველა კანდიდატის უფლება იყოს დაცული და კონკურსში მონაწილე დანარჩენ კანდიდატებსაც მიეცეთ საშუალება წარდგეს უმაღლესი საბჭოს წინაშე! ამ ეტაპზე ახალი კონკურსის გამოცხადებით ხელისუფლება მათ ამ უფლებას უზღუდავს! კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობ, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას კანონი! პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მათ უნდათ ისე წარმართონ პროცესები, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი გაიყვანოს ამ პოსტზე. მოვუწოდებ აჭარის მათავრობის თავმჯდომარეს პროცესი არ შეიყვანოს ჩიხში და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ნეიტრალური და კომპეტენტური კადრი იქნას წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს წინაშე. სხვა შემთხვევაში პროცესები განვითარდება ისე, როგორც განვითარდა წინა შემთხვევაში“, – განაცხადა თემურ კახიძემ.

საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს სამი კანდიდატი წარუდგინა. ესენი არიან: პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე. მათ შორის ერთ-ერთი დავით კვაჭაძე არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად წარუდგინა, თუმცა პირველ ჯერზე კანდიდატურა ჩავარდა, მეორე და მესამე მცდელობაზე კი ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა არ შედგა.

ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის Naec-ისგან

„BeNaec – შეამოწმე შენი თავი Naec-თან ერთად“, – ასე  ჰქვია პროექტს, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, საკუთარი შესაძლებლობების ეროვნულ გამოცდებამდე შესამოწმებლად.

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი საფასურის გადახდის  [1 საგანი – 10 ლარი] შემდეგ, გაიარონ ერთიანი ეროვნული გამოცდების მსგავსი ტესტირება.

„ცენტრი მონაწილეებს ამ პროექტისათვის შექმნილი ტესტების ვერსიების პირად გვერდზე მიწოდებას, ნაშრომების გასწორებას, სურვილის შემთხვევაში კი გათანაბრებული და სკალირებული ქულების დათვლას და წინა წლის კონტინგენტის შედეგებთან საკუთარი ქულების შედარებას სთავაზობს“, – ნათქვამია Naec-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასული წლის კონკურსთან საკუთარი შედეგების შედარებისთვის მონაწილემ უნდა აირჩიოს სასურველი ფაკულტეტები და მინიმუმ 4 გამოცდა [საგანი]. პროგრამა აჩვენებს, თუ რომელ ფაკულტეტზე შეეძლო ჩარიცხვა გასულ წელს ამ ქულებით. თუმცა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გასული წლის კონკურსის ქულებით 2016 წლის კონკურსის შედეგების პროგნოზირება   მიზანშეწონილი არ არის.

აღნიშნული პროგრამის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ტესტების ვერსიებისა და სწორი პასუხების ნახვას ყველა მსურველი უსასყიდლოდ შეძლებს, შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. ასევე ვებგვერდზე გამოქვეყნდება პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის დაზუსტებული თარიღი და პროცედურები.

აჭარის მთავრობა სანაპირო ზოლის განვითარების პროექტის შეისყიდვას გეგმავს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ე.წ. ჭაჭის კოშკისა და საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე სარეკრეაციო ზონის განვითარების პროექტის შესყიდვას გეგმავს.

გადაწყვეტილებას სამინისტრო საინვესტიციო ინტერესების გაზრდით ასაბუთებს. თუმცა, წერილში, რომლითაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს მიმართა, კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე არაფერია ნათქვამი.

მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, დასაგეგმარებელი ტერიტორია 2,25 ჰა-ს შეადგენს, მათ შორის 0,93 ჰა წარმოადგენს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ტერიტორია ფუნქციურად არ არის დატვირთული და იქ არც კეთილმოწყობის სამუშაოებია ჩატარებული. საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ტერიტორია სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს, იგი მოქცეულია ტურისტების სამარშრუტო კონტურში. ხშირად ტერიტორია გამოყენებულია ტურისტული ტრანსპორტის პარკირებისთვის არაორგანიზებულად.
სამინისტროს ინფორმაციით, გასავითარებელი ტერიტორია ესაზღვრება გოგებაშვილის ქუჩას, რომელიც, აღნიშნულ მონაკვეთში მოშენებულია ცალმხრივად. ამ კვარტალის მიზანმიმართულად განაშენიანებისა და საინვესტიციო წინადადების ჩამოყალიბების მიზნით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია ტერიტორიის განვითარების კონცეფციის კონკურსის წესით შემუშავება, რისთვისაც თანხმობას სამინისტრო ქონების მესაკუთრისგან – ბათუმის მერიისგან ითხოვს. თავის მხრივ კი, მერიამ თანხმობა საკრებულოსგან უნდა მიიღოს. ბათუმის საკრებულომ საკითხი განსახილველად 26 თებერვალს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

განკარგულების პროექტში, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ თანხმობის მიცემისა და ერთიან კონცეფციაში მოქცევის შემდეგ შესაძლოა მთავრობამ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 0,93 ჰა ფართობი სანაპირო ზოლზე, უკვე ხელთ არსებული პროექტის მიხედვით, ერთიანი განვითარების მოტივით, საკუთრებაში გადაცემა მოითხოვოს. მერია ამ საკითხზე საკრებულოს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებს, მოსაზრებების წარმოდგენას სთხოვს.

მერია ააიპ „ბათუმის ბულვარს“ დააფუძნებს

ააიპ „ბათუმის ბულვარის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიამ საკრებულოს თანხმობის მიღების თაობაზე მიმართა. საკრებულო საკითხს დასამტკიცებლად სხდომაზე პარასკევს, 26 თებერვალს გაიტანს.
ბათუმის მერია ბულვარის მართვაში დაბრუნებას ვარაუდობს 2017 წლის იანვრისთვის, მას შემდეგ , რაც იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება. ამ დროისთვის კი მერიას ახალი ააიპ „ბათუმის ბულვარი“ უკვე დაფუძნებული უნდა ჰქონდეს. ამასთან, 2017 წლის ბიუჯეტში მერიამ ბულვარის სამართავად საჭირო თანხა უნდა გაითვალისწინოს.

განკარგულების პროექტში, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა ნათქვამია, რომ მიმდინარე ეტაპისათვის სსიპ „ბათუმის ბულვარი“ საქმიანობას აჭარის მთავრობის მიერ დამტკიცებული პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში ახორციელებს. მთავრობის მიერაა ასევე დამტკიცებული ბულვარის მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების 2016 წლის პროგრამა, სადაც დეტალურად არის გაწერილი 2016 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები; სსიპ „ბათუმის ბულვარის“ 2016 წლისათვის შესყიდვის პროცედურები, შესაბამისად ნაკისრი აქვს ვალდებულებები. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებამდე რთული იქნება ბათუმის მერიამ უზრუნველყოს ახალი ორგანიზაციის დაფუძნება და მისი მეშვეობით ბულვარის მართვა, რადგან იურიდიული თვალსაზრისით ახალი ორგანიზაციის პერიოდში შეუძლებელი იქნება ტურისტული სეზონის დადგომამდე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება. შესაბამისად, ბათუმის მერიას მიაჩნია, რომ ააიპ „ბათუმის ბულვარი“ უნდა დაფუძნდეს ბულვარში მიმდინარე მერიასთან შეთანხმებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 2017 წლის პირველი იანვრისა.

მერიაში მიიჩნევენ ასევე, რომ გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ბულვარი მერიის მართვაში გადავა, ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის უნდა გაფორმდეს მემორანდუმი, რომელშიც გაწერილი იქნება მხარეთა ვალდებულებები. გარდა ამისა, უწყებებმა უნდა გაიარონ პროცედურები, რაც ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ უზურფრუქტის ხელშეკრულების შესაწყვეტად იქნება საჭირო.

ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების საკითხს ბათუმის საკრებულომ მხარი 2014 წლის აპრილში დაუჭირა. რის შემდეგაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ეწინააღმდეგებოდა. დავით ბალაძე აცხადებდა, რომ წინა მოწვევის საკრებულოს პირობებში ის ბულვარს მერიას არ დაუბრუნებდა. ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების წინააღმდეგი იყო ბულვარის ადმინისტრაციაც.

როდის ეყოლება სსიპ „ბათუმის ბულვარს“ ახალი დირექტორი, ჯერ უცნობია. ყოფილი დირექტორის, არჩილ კახიძის მოთხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის მთავრობამ უკვე დააკმაყოფილა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად არჩილ კახიძემაც დაუდასტურა. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ვარშანიძე აქამდე დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები აჭარაში 2016 წელს

2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები. წელს სამინისტრო 7 პროგრამას, 23 ქვეპროგრამას განახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11 306 170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14 057 940 ლარს.

სამინისტროს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციები შეგიძლიათ მიიღოთ ბმულებზე:

ბავშვებზე ორიენტირებული სოციალური დაცვის პროგრამები აჭარაში
გულის ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამები აჭარაში
ვინ ისარგებლებს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით აჭარაში
სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება – დიაგნოსტიკა, ონკოლოგია
ერთჯერადი მატერიალური დახმარება მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის
25 ათასი ლარი ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლის შესაძენად
ხელფასზე დანამატები სოფლის ექიმებს აჭარაში
თანადაფინანსება სავარძელ-ეტლებისა და სმენის აპარატების შესაძენად

 

 

 

 

პროგრამა მათემატიკისა და სხვა საგნების მასწავლებლებისთვის აშშ-ში

ინგლისურის (როგორც უცხო ენა), მათემატიკის, სოციალური მეცნიერებებისა და სპეციალური განათლების მასწავლებლებმა 2016 წლის 15 აპრილამდე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რაც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში  6 კვირით გამგზავრებისა და ამერიკული საგანმანათლებლო მოდელის გაცნობის შესაძლებლობას მისცემთ. აშშ-ის საელჩო საქართველოში განსაკუთრებით წაახალისებს იმ მასწავლებლებს, რომლებიც შშმ პირები არიან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე ვრცელდება. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (The Teaching Excellence and Achievement (TEA) Program) საშუალო სკოლის მასწავლებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, დახვეწონ სწავლების უნარები და გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.

ექვსკვირიანი პროფესიული განვითარების პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდება და მოიცავს სემინარებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: სწავლების მეთოდოლოგია, კურიკულუმის შედგენა, სწავლების სტრატეგიების გაუმჯობესება ასევე სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება.

სამშობლოში დაბრუბნების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ გრანტები ძირითადი სასკოლო მასალების შესაძენად, კოლეგებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად ან სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს გაცვლითი ვიზიტების დროს მასწავლებლებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავებას.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს:

  • მხარდაჭერას J-1 ვიზის მისაღებად;
  • მგზავრობას პროგრამის მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერიტეტამდე აშშ-ში და უკან;
  • უნივერსიტეტის ტრენინგ პროგრამას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • საცხოვრებელს (უმეტესად პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად) და კვებას;
  • ტრანსპორტირების ხარჯებს (საჭიროების შემთხვევაში) და თანხას წიგნების შესაძენად.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ სრულ განაკვეთზე და აქვთ მასწავლებლად მუშაობის ხუთი ან მეტი წლის გამოცდილება შემდეგ დარგებში: ინგლისური, როგორც უცხო ენა, მათემატიკა, მეცნიერება, სოციალური მეცნიერებები, ან სპეციალური განათლება. პროგრამაში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, უნდა ფლობდეს ინგლიურ ენას და ჰქონდეს პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებლად მუშაობის სურვილი…”

როგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებვა შეიძლება მისამართზე

უკანონო სამედიცინო საქმიანობის სავარაუდო შემთხვევის განხილვა სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური ცენტრის ექიმის – ლ.ა.-ს საქმის განხილვა დაიწყო. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა.

„თუკი სასამართლო დაადასტურებს  სააგენტოს პოზიციას, ექიმი 1000 ლარით დაჯარიმდება და მას აეკრძალება საქმიანობა იმ მიმართულებით, რომელშიც შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს“ – უთხრა „ბათუმელებს“ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა დავით ებრალიძემ.

თავად ექიმი ლ.ა. ადასტურებს სერტიფიკატის არქონას. „ჯერ ამის საშუალება არ მომცემია, რომ შესაბამისი კურსი გამევლო“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ კონკრეტულ ექიმს უკანონო სამედიცინო საქმიანობაში მას შემდეგ დასდო ბრალი, როცა კლინიკაში ხუთი თვის ბავშვი გარდაიცვალა. ექიმი ლ.ა. განმარტავს, რომ ბავშვი მასთან ალერგიული გართულებით მიიყვანეს, რის შემდეგაც ის ვირუსული ინფექციით საავადმყოფოს სხვა განყოფილებაში გარდაიცვალა. სააგენტოს ჯერ არ დაუსრულებია ბავშვის გარდაცვალების მიზეზების შესწავლა, თუმცა მანამდე მან ადმინისტრაციული ოქმი შეადგინა კონკრეტული ექიმის წინააღმდეგ, რასაც ამჟმად სასამართლო განიხილავს.

სასამართლო სხდომა, 22 თებერვალს, იმ მოტივით გადაიდო, რომ მასზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დასწრება ვერ მოახერხა.

 

როგორი მოქალაქე უნდა აღზარდოს სკოლამ – დისკუსია ცხმორისში [ფოტო]

22 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე – „როგორი მოქალაქე უნდა აღზარდოს სკოლამ“. დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა თეონა გურგენიძემ.

დისკუსია გაიმართა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით პროექტის ფარგლებში – “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია”, დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.

დისკუსია ცხმორისში
დისკუსია ცხმორისში
დისკუსია ცხმორისში
დისკუსია ცხმორისში
დისკუსია ცხმორისში
დისკუსია ცხმორისში
დისკუსია ცხმორისში
დისკუსია ცხმორისში

ინკლუზიური განათლების ხარისხი აჭარის სკოლებში

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ სულიკო თებიძემ, დღეს 22 თებერვალს ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საჯარო სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობის ანგარიში წარმოადგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეაბილიტირებულ ან ახალაშენებულ სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი შშმ ბავშვებისთვის ხარისხიანი   განათლების მისაღებად. თუმცა, პრობლემად რჩება  სპეცმასწავლებელთა კვალიფიკაცია.

„სპეცმასწავლებლის შტატი ყველა სკოლაშია. ამჟამად ბათუმში გვყავს 33 სპეცმასწავლებელი.  4 ინკლუზიური განათლების კოორდინატორი და 4 ფსიქოლოგი.

ქობულეთში – 42 სპეცმასწავლებელი, ხელვაჩაურში – 25, ქედაში – 16, შუახევში – 10 და ხულოში -17.“

მინისტრის მოადგილის თქმით, აჭარის განათლების სამინისტრო ყოველწლიურად  ახორციელებს სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

„მე-6 საჯარო სკოლაში არსებობდა შშმ პირებისთვის კლასები რომელიც არ შეესაბამებოდა ნორმებს, ამიტომ გასულ წელს შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა,  და ერთ-ერი სკოლის პირველი სართული მთლიანად ავითვისეთ და ჩავატარეთ მისი რეაბილიტაცია“. აღნიშნული სკოლის გახსნა სულიკო თებიძის თქმით, მარტის პირველ ნახევარში იგეგმება.

სკოლაში, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ფუნქციონირებს სამი სახელოსნო, სადაც მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ თიხაზე, ბატიკაზე მუშაობას ისწავლიან. შეისწავლება ასევე კერვა, ქარგვა და ქსოვა. სკოლის რეაბილიტაციისთვის 151 ათასი ლარი დაიხარჯა.

სულიკო თებიძის თქმით, სკოლაში 33 შშმ ბავშვი ინტეგრირებულ კლასებში სწავლობს. „ხოლო ის ბავშვები რომლებსაც ინტეგრირებულად სწავლა არ შეუძლიათ, ცალკე შესაბამის კლასში გადიან სწავლებას. ასეთი სულ 14 ბავშვია. ამ ბავშვებისთვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა, დღის პირველ ნახევარში ხდება აკადემიური უნარების განვითარება, მეორე ნახევარში კი სახელოვნებო სწავლება. ამ ბავშვებისთვის გათვალისწინებულია ორჯერადი კვებაც, რადგან დღის მეორე ნახევარშიც სკოლაში რჩებიან. ბავშვების ტრანსპორტირებას ვუზრუნველჰყოფს სამინისტრო“.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ადაპტირებული ტრანსპორტი ძალიან ხშირად ფუჭდება, ამიტომ ახალი ტრანსპორტის შესაძენად სკოლას გამოეყო თანხები და გამოცხადებულია ტენდერი.

მინისტრის მოადგილის ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი მხრიდან იყო შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტებში შშმ ბავშვები ვერ დადიან სკოლაში და მათ არასრულფასოვანი გაკვეთილები უტარდებათ. ბევრ სკოლაში არ არის ადაპტირებული გარემო.

სულიკო თებიძის თქმით, ამ შემთხვევაში მშობლემის პრობლემასთან გვაქვს საქმე, „რადგან ხშირად მშობლები უშლიან ხელს თავიანტი შვილების განვითარებას, არ ატარებენ სკოლაში და ჰყავთ სახლში“-განაცხადა მან.

ორგაზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ასეთ შემთხვევაში უნდა გამკაცრდეს მონიტორინგი და სკოლა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო მხოლოდ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე საუბრობს და არ განიხილავს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას.

სულიკო თებიძის თქმით, გასულ წლის ზაფხულში სამინისტროს ორმა უსინათლო ბავშვმა მიმართა და მათთვისაც გადამზადდა სპეცმასწავლებელი.

„ამჟამად მესამე საჯარო სკოლაში გვყავს ორი უსინათლო მოსწავლე, რომლებიც აგრძელებენ სწავლებას.  მე-4 საჯარო სკოლაში კი ოთხი სმენადაქვეითებული მოსწავლე სწავლობს, ფინანსდება ორი ლოგოპედი, რომელიც ამ კატეგორიის ბავშვებისთვის უფასო მომსახურებას ახორციელებენ“.

მინისტრის მოადგილეს თქმით, ზოგიერთ სპეცმასწავლებელს კვალიფიკაცია არ ჰყოფნის და აუცილებელია მათი გადამზადება.

ჩვენ მივაღწიეთ მოლაპარაკებას მასწავლებელთა სახლთან თბილისში. ხუთი სახის მოდული არსებობს და მათგან ორი უკვე წამოვიღეთ ბათუმის მასწავლებელთა სახლში, გუშინ იყო გამოცხადებული ტრენერის შესარჩევი კონკურსი, რომელსაც მასწავლებელთა სახლი გადაამზადებს.

ამავე შეხვედრაზე ითქვა რომ შშმ ბავშვებისთვის პროფესიული სკოლა ფუნქციონირებს  ქობულეთში სადაც ბავშვები ხის მხატვრულ დამუშავებას, მზარეულის პროფესიას და  კომპიუტერული სისტემების ოპერატორის სპეციალობას ეუფლებიან.

„ცენტრი ადაპტირებულია, მოწესრიგებულია პანდუსები და სველი წერტილები, ამჯამად   ლიფტის მშენებლობა მიმდინარეობს“.

ამ დროისთვის პროფესიულ ცენტრში   ათი მოსწავლე სწავლობს.

 

 

2016 წელს კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს დააფინანსებს

დღეს, 22 თებერვალს, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგიმ სიტყვით მიმართა, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს Radisson Blu Iveria-ში, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე. კომპანიის ხელმძღვანელმა  განხორციელებულ პროექტებზე და სოციალური პასუხისმგებლობის როლზე ისაუბრა ქვეყნის და საზოგადოების განვითარების პროცესში.

,,სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. კომპანია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, როცა თვისი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარების პროცესში. ყველა სოციალური პროექტის მიზანი, რომელსაც აჭარაში, შუახევიჰესის მშენებლობის პარალელურად ვახორციელებთ, რეგიონის გრძელვადიანი განვითარებაა“, – განაცხადა რონი სოლბერგმა.

აჭარის რეგიონის გრძელვადიანი განვითარება კომპანიის გაცხადებული პრიორიტეტია და ამ მიზნით 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აფინანსებს. ადგილობრივი თემების განვითარება, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და დაფინანსება, განათლების და ცნობიერების ამაღლება, სოფლის მეურნეობის დარგების მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის განვითარება მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რასაც კომპანია შუახევიჰესის მშენებლობის არეალში აფინანსებს.

კომპანია AGL (აჭარისწყალი ჯორჯია) 416 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში, უმსხვილეს საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტს – შუახევიჰესის კასკადს აშენებს აჭარაში. პროექტის ფარგლებში, ჰესის მშენებლობაზე და სოციალურ პროექტებში, ჯამურად 730 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.

პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება და საქართველოს 187 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე სუფთა ენერგიის მწარმოებელი ჰიდროელექტროსადგური შეემატება.

ციხისძირის აქციის მონაწილე „ნაციონალები“ სასამართლომ არ დააჯარიმა

22 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ  ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წევრს: ოლეგ ბროლაძესა და ბონდო თედორაძეს  გაფრთხილება მისცა და ჯარიმა არ შეუფარდა.

ამავე აქციაზე პოლიციამ  „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრი,  ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი, ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე და რეზო ხარაზი დააკავა.  მათთან ერთად დააკავეს „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრიც.

აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით სასამართლო ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს.

255 ათასი ლარი დაზიანებული ქვაფენილისა და ბოძკინტების აღსადგენად ბათუმში

ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მონოლითი 2005“ ვალდებულია მიმდინარე წლის ბოლომდე ბათუმში დაზიანებული ქვაფენილები, ბოძკინტები და ტროტუარის ფილები განაახლოს და მოუაროს. ამისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 255 ათასი ლარია გამოყოფილი. მთლიანობაში კომპანიას წლის განმავლობაში ათი ათასი კვადრატული მეტრის შეკეთების ვალდებულება აქვს აღებული. სატენდერო პირობების მიხედვით, გარდა ამოყრილი ქვაფენილების მოწესრიგებისა, კომპანიამ უნდა შეაკეთოს 300 ცალი ე.წ. ბოძკინტი, 200 კი სრულიად ახალი დაამონტაჟოს. ასევე დაგეგმილია 1000 მეტრამდე სიგრძის ბორდიურის შეკეთება.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის გიორგი ბერიძის განმარტებით, დაგეგმილია თოვლისგან დაზიანებული ადგილების აღწერა და შესაბამისი ფოტომასალის შეგროვება:
„აღვწერთ ზოგადად ქუჩებს, თუ სად რა დაზიანებაა და თავისი ფოტომასალით ამ ინფორმაციას მივაწვდით „მონოლითს“, აღნიშნული სამუშაოები რომ შეასრულოს. კომპანია ვალდებულია აღდგენითი სამუშაოები ამ ინფორმაციის მიღებიდან ათ დღეში დაიწყოს“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ განისაზღვრა სატენდერო თანხა, თუკი ჯერ არ იყო აღწერილობითი სამუშაოები დასრულებული? – გიორგი ბერიძე პასუხობს:

„თანხა არის განსაზღვრული პირობითად. მსგავს სამუშაოებს აწარმოებდა ბათუმის პარკინგის სამსახური. დაახლოებითი მონაცემები ამ სამსახურის მუშაობიდან გამომდინარე ავიღეთ“.

გიორგი ბერიძის თქმით, ქვაფენილების მოსაწესრიგებელი სამუშაოების პირველი ეტაპი 22 იანვარს ათ ქუჩაზე დასრულდა. მეორე ეტაპის სამუშაოები კი მიმდინარე კვირისთვის უნდა დასრულდეს.

„ამ წუთებში ქვაფენილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს გორგასლის ქუჩაზე, სადაც ხრეშია მიმოფანტული. მეორე ჯგუფი კი მუშაობს `მაგნოლიის~ წინ, სადაც ამოყრილ ქვაფენილებს ალაგებენ. გარკვეული სამუშაოები ფილებთან დაკავშირებით დასრულდა რუსთაველზე, გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში კი სამუშაოები მიმდინარეობს“.

ზოგიერთ ქუჩაზე დაგებული ქვაფენილი უსწორმასწოროა და ფილებს შორისაც დიდი მანძილია დატოვებული. გიორგი ბერიძის თქმით, ამ ეტაპზე თოვლისგან დაზიანებულ მონაკვეთებს არემონტებენ. მოძრაობა რომ არ შეფერხდეს, ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მარტის თვიდან გეგმავენ:

„ის ქუჩები, სადაც ზედაპირი უსწორმასწოროა, თავიდან არის დასაგები. ამას სჭირდება მშრალი ნიადაგი, უნდა შეიცვალოს გრუნტი, დაიტკეპნოს და იგივე ფილები თავიდან ჩალაგდეს“.

გიორგი ბერიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის პირველი თოვლის შემდეგ 960 კვადრატული მეტრი დაზიანებული მონაკვეთია შეკეთებული. მისივე ინფორმაციით, „დიდთოვლობამ დააზიანა 60-ზე მეტი პატარა ბოძი, აქედან 20 ბოძი დასაწყობებულია, რადგან აღდგენას არ ექვემდებარება“.

ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკები აღდგენის მოლოდინში

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაზიანებული ფრესკების აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება – ამის შესახებ „ბათუმელებს” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უთხრეს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მიჩნეულ, მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ ტაძარში ფრესკები რამდენიმე წელია დაზიანებულია, მის შესაკეთებლად თანხა ამ დრომდე ვერ გამოიძებნა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„ჩვენთან შემოდის ბევრ, მნიშვნელოვანი ძეგლის დაზიანებებზე ინფორმაცია, მათი იდენტიფიკაცია ხდება ეტაპობრივად. ამ ეტაპზე ბათუმში ეკლესიის ფრესკების საკითხი არ არის დაგეგმილი ბიუჯეტის სიმცირის გამო. წლის შუა პერიოდში ჩვენ ველოდებით დამატებით თანხების მობილიზებას და აუცილებლად იქნება ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარი პრიორიტეტებში ჩასმული. ბათუმში იყვნენ ჩამოსული ჩვენი თანამშრომლები სამხატვრო აკადემიის სპეციალურ დეპარტამენტთან ერთად, არსებობს დასკვნაც,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ნიკა ანთიძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში ფრესკების დაზიანება რამდენიმე წელია გრძელდება. ამ დროის მანძილზე რეგიონში არა ერთი ეკლესია აიგო, ბოლო წლების მანძილზე კი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლი იქნა ხელყოფილი, მათ შორის სხალთაში, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. იქ უკანონოდ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე, აშენდა მცირე ეკლესია და გალავანი. ასევე ბათუმში, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლმა, წმ. ბარბარეს ეკლესიამ რეკონსტრუქციის შედეგად სრულად იცვალა სახე – რეკონსტრუქციაზე თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს არც ამ შემთხვევაში გაუცია. მეტიც, საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის შეტყობინებაზე პოლიციაში, რომ ძეგლზე მუშაობა უკანონოდ მიმდინარეობდა, ორი წლის შემდეგაც ისევ მოკვლევა მიმდინარეობს.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ეკლესია 1897-1902 წლებში ააგეს ბათუმში. ამ ეკლესიის აგება, პირველ რიგში, ქართველი მეცენატის, სტეფანე ზუბალაშვილის სახელს უკავშირდება. სწორედ მას მიმართეს დახმარებისთვის ბათუმელმა კათოლიკეებმა, რადგან კათოლიკე მრევლის შეგროვებული თანხა – ოჯახიდან სამი მანეთი, საკმარისი მხოლოდ საძირკვლის ჩასაყრელად და ჭაობის დასაშრობად აღმოჩნდა, რომელიც იმ ადგილას იყო, სადაც ახლა ტაძარი მდებარეობს.
სტეფანე ზუბალაშვილს ეკლესიის ასაგებად 15 ათასი მანეთი გამოუგზავნია ბათუმში, მშენებლობაზე იტალიელი არქიტექტორები და მხატვრები მუშაობდნენ.

სამი გუმბათითა და ჩუქურთმებით შემკული გოტიკური სტილის ეკლესია 1903 წელს ეპისკოპოსმა როპმა აკურთხა. საბჭოთა წლებში ეკლესია დაიხურა, მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორიაც იყო განთავსებული.
რესტავრაცია, რომლის დროსაც კედლების მოხატულობა პირვანდელი სახით აღდგა, ტაძარში 80-იანი წლების ბოლოს ჩატარდა.

იმ შემთხვევაში, თუ რესტავრაცია დროულად არ მოხდება, ფრესკები კიდევ უფრო დაზიანდება, მისი რესტავრაცია უფრო დიდ ხარჯებსაც მოითხოვს, ხოლო რესტავრაციის გარეშე ტაძარში კედლის მხატვრობა წაიშლება.

აჭარას ახალი პროკურორი ჰყავს

საქართველოს მთავრი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც რამდენიმე საოლქო და რაიონული პროკურორი გამოცვალა. ცვლილება შეეხო აჭარის პროკურატურასაც – აჭარის პროკურორობიდან გათავისუფლდა შოთა ტყეშელაშვილი, ხოლო მის ნაცვლად დაინიშნა 35 წლის ლევან პაქსაშვილი.

ლევან პაქსაშვილი 2014-2015 წლებში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო, ხოლო მანამდე თბილისის პროკურატურაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. მან თავის დროზე სამცხე-ჯავახეთის პროკურორის თანამდებობაზე გიორგი პაპუაშვილი შეცვალა. მაშინ სამცხე-ჯავახეთიდან გიორგი პაპუაშვილიც გადმოიყვანეს – სუს-ის უფროსად.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გარდა აჭარისა ასევე შეიცვალა რამდენიმე ოლქის და რაიონული პროკურორი და მოადგილეები: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ლევან პაქსაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი,  ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი,  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი,  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ილია ჯალაღანია დაინიშნა“.

მთავარი პროკურატურის ცნობით, ცვლილებები მოხდა თბილისის პროკურატურას და  სხვა რაიონულ პროკურატურებშიც. „შიდა საკადრო გადაადგილებების შედეგად თბილისის პროკურორის მოადგილედ-საგამოძიებო ნაწილის უფროსად მერაბ ჯერანაშვილი, ექვსი პირი  სხვადასხვა რაიონულ პროკურორად, ხოლო ორი რაიონული პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

საკადრო ცვლილებები ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურასაც შეეხო. გადაადგილებები განხორციელდა რამდენიმე დეპარტამენტში, კერძოდ კი შეიცვალნენ უფროსები და მოადგილები“, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

იგივე წყაროს ინფორმაციით, ამ ცვლილებების შედეგად საერთო ჯამში 30 პირი დაინიშნა. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია კონკრეტულად არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რითი იყო ეს ცვლილებები გამოწვეული.

სასწრაფოდ იყიდება ბინა [შავი კარკასი] ბათუმში, „აკვაპარკის“ მოპირდაპირედ

სასწრაფოდ იყიდება ბინა (შავი კარკასი) ბათუმში,  კობალაძის ქუჩაზე, „აკვაპარკის“ მოპირდაპირედ. ზღვის ხედით. აქვს ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი. იატაკი დასხმულია.

samaklero.ge

2

იყიდება ბინა, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ზღვის ხედით

იყიდება ბინა, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, მე-17 სართულზე, 31 კვ.მ ბინა, შავი კარკასი, ზღვის ხედით. ფასი: 16 000 აშშ დოლარი.
1

 

პოლიტიკური პარტია „ახალი“ ბათუმში

ვინ არიან პოლიტიკური პარტია „ახალის“ დამფუძნებლები, რა ღირებულებებს ეფუძნება პარტია და როგორ აპირებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას? ამ თემაზე „ბათუმელებს“  პარტიის ერთ-ერთი  დამფუძნებელი გიგა ლემონჯავა ესაუბრა. პარტიის წარმომადგენლებმა დღეს, 22 თებერვალს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ახალი პარტიის პრეზენტაცია გამართეს.

 

ბატონო გიგა, როდის დაფუძნდა და რა მიმართულების არის თქვენი პოლიტიკური პარტია?   

პარტიის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის პრეზენტაცია   თბილისში, „ექსპრო ჯორჯიაში“ 27 დეკემბერს  გაიმართა. მარტის ბოლოს კი ორგანიზაცია გაფორმდება რეესტრში როგორც პოლიტიკური პარტია. იდეა გვეკუთვნის ადამიანების ჯგუფს, რომლებსაც გვაქვს პროტესტი არსებული მოცემულობის მიმართ და გვინდა ეს მოცემულობა შევცვალოთ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან  25 წელია ქვეყანა ტრიალებს ერთსა და იმავე ჩაკეტილ წრეზე, ეს არის დიდი მოლოდინის, დიდი იმედგაცრუების, პროტესტისა და შურისძიების წრე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წრე უნდა გაარღვიონ ახალმა ადამიანებმა, ახალმა სახეებმა, სწორედ ამიტომ დავაფუძნეთ პოლიტიკური ორგანიზაცია „ახალი“, რომელიც მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და რომლის მიზანიც იქნება პოლიტიკური პროცესების გამოცოცხლება და გაჯანსაღება საქართველოში. ვფიქრობთ, რომ ის პოლიტიკური მიდგომები, რაც ქვეყანაში არსებობს, პარტიებსა და მოსახლეობას შორის, ან სხვადასხვა პარტიას შორის, არ არის მისაღები, ვფიქრობთ, რომ ხალხის აზრს დღეს პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ.

 

რა მიმართულების პოლიტიკური პარტია ხართ, რა არის თქვენი მთავარი ღირებულებები?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს განვითარებისთვის არ არის მნიშვნელოვანი ავირჩიოთ მკაცრად მემარჯვენე ან მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგია. ჩვენი ეკონომიკური მოდელი არის ჰიბრიდული, ჩვენ გამოვდივართ სახელმწიფო საჭიროებებიდან და არა ჩვენი სუბიექტური პოლიტიკური გემოვნებიდან. ამიტომ ეკონომიკურ მოდელსაც საზოგადოებას ვთავაზობთ ჰიბრიდულს. ვიცით რა პრობლემებია სახელმწიფოში და როგორ უნდა გადაიჭრას. ამიტომ ზოგან მემარჯვენე მიდგომები გვჭირდება, ზოგან მემარცხენე.

რაც შეეხება ღირებულებებს, ეს არის დასავლური ღირებულებების მატარებელი ორგანიზაცია,  რაც გამოიხატება პირველ რიგში ორგანიზაციული მოწყობით და ჩვენ ვქმნით პარტიული დემოკრატიის მაგალითს ქვეყანაში, შესაბამისად მომავალში ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიმართულება იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

 

რეგიონალური ოფისები ყველგან გახსნილი გაქვთ, თუ რა ეტაპზეა ეს პროცესი?

ჩვენ ვართ ორგანიზაციული სტრუქტურების ფორმირების ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, აჭარა არის ერთ-ერთი ცენტრალური და მნიშვნელოვანი რეგიონი და აქაც ვაფუძნებთ ორგანიზაციულ სტრუქტურას.

 

„ახალი“-ს პრეზენტაცია

 

უკვე გყავთ კონკრეტული პოლიტიკური სახეები გამოკვეთილი, ვინც თქვენს პარტიას წარმოადგენს ბათუმში?

ესენი  იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჯერ პოლიტიკაში არ ყოფილან, თუმცა გააჩნიათ შესაბამისი უნარები და მგონია, რომ ეს არის სწორი მიდგომა.

 

როგორ ფიქრობთ, რითი გაუწევთ კონკურენციას აქამდე მოქმედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ იდეა არის ძალიან კონკურენტუნარიანი, რადგან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ელოდება სიახლეს და ის პოლიტიკური პროდუქტი, რომელსაც მოსახლეობას ვთავაზობთ, არის ძალიან დროული.

 

რას სთავაზობთ ახალს მოსახლეობას?

პირველი, რასაც მოსახლეობას ვთავაზობთ, არის სიახლე, რადგან საზოგადოებამ დაკარგა ნდობა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკის მიმართ და პოლიტიკურ ელიტას ხალხი ზურგს არ უმაგრებს.

არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსი. თქვენ რა რესურსი გაქვთ ან როგორ აპირებთ მის მოძიებას?

ფინანსური რესურსი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ ვართ ურთიერთობაში არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივი დაფინანსების მოდელს, რომელიც არის კარგად აპრობირებული აშშ-ი და დასავლეთ ევროპაში. ასევე ფეხს იკიდებს აღმოსავლეთ ევროპაში და ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოება უჭერს მხარს, თავად საზოგადოების მხრიდან უნდა ფინანსდებოდეს.

 

როგორ ფიქრობთ, ეს მოდელი საქართველოში გაამართლებს? მით უმეტეს მაშინ, როცა ჯერ არ იცით საზოგადოება დაგიჭერთ თუ არა მხარს?

 

 

საზოგადოება მხარს დაგვიჭერს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი იდეები იქნება მისაღები და ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი დაფინანსების სისტემა იმუშავებს ეფექტურად.

 

პარტიაში გაწევრიანების დროს მსურველების პოლიტიკურ ბეგრაუნდს ყურადღებას აქცევთ, საიდან მოდიან, რომელ პარტიაში იყვნენ გაწევრიანებული თქვენამდე და ა.შ?  

 ჩვენი მიდგომა არის ასეთი, პარტიის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, ვინც იზიარებს იმ ღირებულებებს რა ღირებულებებზეც ორგანიზაცია დგას. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან თემატური თანამშრომლობის სახელმწიფოებრივ საკითხებზე, ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სეგრეგაცია უნდა დასრულდეს.

 

ძირითადად რა განათლება გაქვთ პარტიის დამფუძნებლებს?

 პარტიაში არიან აშშ-სა და ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ადამიანები. მე თვითონ ვარ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრი და მშიდობისა და უსაფრთხოების სწავლებების დოქტორანტი. ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკმაოდ მდიდარი სამეცნიერო-ანალიტიკური გამოცდილება და გვგონია, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული ხედვები ყველა იმ პრობლემაზე და ძირითად მიმართულებაზე, რაც დღეს სახელმწიფოში არსებობს.

 

 

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალაშენებულ სახლში იყიდება 140 კვ.მ ბინა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე [ყოფილი ნინოშვილი], ახალაშენებულ სახლში იყიდება 140 კვ.მ ბინა, თეთრი კარკასი. ფასი: 65 ათასი დოლარი. მობ.: 591 95 63 39.

სამინისტროს კვლევა ხელოვნებისა და კულტურის საჭიროებებზე

დღეს 22 თებერვალს, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კულტურის სფეროს პირველი მასშტაბური კვლევა წარმოადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, კვლევაში 2 508 რესპონდენტი მონაწილეობდა. კვლევის საგანი იყო აჭარის რეგიონში ხელოვნებისა და კულტურის რესურსებისა და საჭიროებათა ანალიზი.

კვლება  ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, კვლევის ხელმძღვანელმა ლევან ხეთაგურმა წარმოადგინა. კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ ძირითად პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის ნაკლებობა ღონისძიებების შესახებ, რაზეც სამინისტრო უკვე მუშაობს და მოხდება ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის და ღონისძიებათა კალენდრის შექმნა.

პრეზენტაციას   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და ევროპის კულტურის პარლამენტის გენერალური მდივანი კარლ ერიკ ნორმანიც ესწრებოდნენ.

კვლევის და რეკომენდაციების დოკუმენტი აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ქვეპროგრამის „კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა სოფლად“ ფარგლებში შეიქმნა.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 200 შშმ პირს ეტლებს გადასცემს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამისფარგლებში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2016 წელს ეტლს 200 შშმ პირს და ხანდაზმულს  გადასცემს.

პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა ცხოვრების ხარისხის და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებზე ეტლების გაცემას, მორგებას, გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას, საგარანტიო მომსახურებას.

პრორგამა უკვე მესამე წელია სოციალური ვაუჩერის მეშვებით ხორციელდება, რაც ბენეფიციარს მისთვის სასურველი ეტლის არჩევის საშუალებას აძლევს. პროგრამის ბიუჯეტი 60 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ უკვე გცემულია 26 ვაუჩერი. ამავე პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ 2015 წელს სავარძელ-ეტლი 220 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირს გადასცა.

სალიბაურში ახალი ადაპტირებული სკოლა გაიხსნა

დღეს 22 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ სალიბაურში პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი საჯარო სკოლა განთავსებული იყო არატიპიურ  შენობაში, რომელიც  მე- 20 საუკუნის დასაწყისში იყო აშენებული. შენობა წლების განმავლობაში იყო ავარიულ მდგომარეობაში.

ახალი სკოლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

„პროექტის მიხედვით აშენდა  სამ სართულიანი კორპუსი, დაკავშირებული ცალკე არსებულ სპორტულ დარბაზთან. კეთილმოეწყო  საკალსო ოთახები, სველი წერტილები და გათბობის სისტემა.შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, კერძოდ, მოეწყო პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. ასევე, სკოლა აღიჭურვა  ახალი სასკოლო ინვენტარით, კეთილ მოეწყო ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ტექნიკის ოთახი და ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შენობის მშენებლობისა და მოწყობის ღირებულება  930 000 ლარია.

სალიბაურის პირველ საჯარო სკოლაში 293 მოსწავლე სწავლობს.

ბათუმის ბაზარში ყველი მხოლოდ მაცივრებიდან გაიყიდება

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონში“, მეორე სართულზე, ყველის სექცია მოეწყობა. ის იზოლირებული იქნება და იქ მხოლოდ რძე და რძის პროდუქტები გაიყიდება. სექციას მოემსახურება ცალკე ლიფტი. ყველი და რძის სხვა პროდუქტები სექციაში მხოლოდ ამ გზით მოხვდება. სარემონტო სამუშაოები დაწყებულია.

სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორია, შემოტანილია მაცივრები და თითო მოვაჭრისთვის თითო მაცივარია გათვალისწინებული. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სექციის ევროსტანდარტების დონეზე მოწყობა მოვაჭრეებს გადასახადს არ გაუძვირებს.

მიმდინარე სამუშაოების გამო კი ამ წლის 15 მარტიდან ყველი დროებით ხილის სექციაში გაიყიდება.

seqcia

macivari -=-=-

რატომ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია ბათუმში

ზუსტად 95 წლის წინ, 21 თებერვალს „საქართველოს კონსტიტუცია“ დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრებამ მიიღო. „წითელი არმია“ უკვე თბილისის მისადგომებთან  იდგა. რამდენიმე დღეში ქვეყნის პირველი კონსტიტუცია ბათუმში დაიბეჭდა.

„კონსტიტუცია ძალაში რომ შესულიყო, ის უნდა გამოქვეყნებულიყო. დამფუძნებელთა საბჭოს წევრების დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოში წავიდა. კონსტიტუციის გამოცემის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ის სადღაც 1921 წლის თებერვლის ბოლოს უნდა იყოს გამოცემული,“ – ამბობს პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე. ის მუშაობდა თემაზე  – „1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შემუშავება და მიღება“

იმ დროისთვის ბათუმში ათამდე სტამბა ყოფილა. კონსტიტუციის დასაბეჭდად მაშინდელ მთავრობას ნესტორ ხვინგიას სტამბა შეურჩევია, რომელიც დღევანდელი კოსტავას 13 ნომერში მდებარეობდა. „ცნობილია, რომ ხვინგია დაახლოვებული იყო „სოციალ-დემოკრატებთან“, კონკრეტულად კი ისიდორე რამიშვილთან, კარლო ჩხეიძესთან. რომელიმე პარტიის წევრი ოფიციალურად არ ყოფილა. ცნობილია, რომ კონსტიტუცია ხვინგიამ უფასოდ დაბეჭდა დაახლოებით 100 ცალი,“ – გვიყვება ისტორიკოსი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი. ისტორიკოსის მონაცემებით, ხელაძის სტამბა ბათუმში დაახლოებით 1890-იან წლებიდან მუშაობდა და იქ დაბეჭდილა პირველად ქართულ ენაზე ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, ასევე რუსულად პუშკინის „რუსლანი და ლუდმილა“.

konstitucia

„საქართველოს კონსტიტუციის“ მიღებაზე მუშაობა დამფუძნებელთა კრებას 1920 წლის 24 ნოემბერს დაუწყია. „ძალიან გაწელილა თურმე დრო, რადგან ნებისმიერ გამომსვლელს  დიდი დრო ეთმობოდა და აშკარად ჩანდა სურვილი, რომ თითოეული მუხლი დაწვრილებით განეხილათ. კონსტიტუციის მიღება კრებას 12 მარტისთვის ჰქონდა დაგეგმილი, რის შემდეგაც სექტემბრის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო პარლამენტის არჩევნები. პირველ კონსტიტუციაში განსაზღვრული იყო პარლამენტის პირველი შეკრების თარიღიც – ნოემბრის პირველი კვირა დღე. ეს 1921 წლის 6 ნოემბერი გამოდიდოდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ მაცაბერიძე.

მაგრამ „წითელი არმიის“ გამოჩენამ დამფუძნებელთა კრება აიძულა კონსტიტუცია დაჩქარებული წესით მიეღო. ამის შემდეგ კრება ქუთაისში ჩაუტარებიათ 17 თებერვალს, ხოლო უკანასკნელად კრების სხდომა 1921 წლის 12 მარტს ბათუმში გამართულა. „კრებას დეპუტატების ნაწილი ვეღარ დაესწრო, მაგრამ მაინც მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება და იმდროინდელ მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, რომ საქართველო წარმოედგინა და მისი ინტერესები დაეცვა. ბათუმში სხდომა დიდხანს გაგრძელებულა – ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან ჯარის მობილიზება ვერ შეძლო,“  – გვიყვება მალხაზ მაცაბერიძე.

ამ მოცემულობაში დაბეჭდილა ბათუმში პირველი კონსტიტუცია, რომელიც შემდეგ ე.წ. „პერესტროიკის“ დროს, 1989 წელს, დაბეჭდა ქართულმა პრესამ, როცა გორბაჩოვი სიტყვის თავისუფლებაზე ალაპარაკდა.

შეღავათები მეწარმეს მაღალმთიან დასახლებაში

მაღალმთიან დასახლებაში მეწარმე პირები და საწარმოები, ე.წ. „მთის კანონით“ 10 წლის ვადით თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადისგან. აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მეწარმეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. ასეთი სტატუსის მინიჭებისას კი, საქმიანობის სფეროების მიხედვით, კანონით გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს როგორც ფიზიკურ პირს/ინდმეწარმეს, ასევე საწარმოს. თუმცა სტატუსს ვერ მიიღებს მეწარმე, ასევე დიდი თუ მცირე საწარმო, რომელიც ახორციელებს: ლიცენზირებისადმი, ასევე  ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას; მომსახურების გაწევას [რომელიც არ არის წარმოების სფერო]; საქონლით ვაჭრობას [გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშვება და მიწოდება].

ზემოთ აღნიშნული საქმიანობების გარდა სტატუსის მინიჭება ნებისმიერი საქმიანობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს ეკონომიკური საქმიანობის ის სახეები [გამონაკლისის სახით], რომლებზედაც აგრეთვე გავრცელდება „მთის კანონით“ გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი, თუმცა მთავრობას ეს ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ამასთან, სტატუსის მაძიებელი აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იყოს და საქმიანობას ეწეოდეს იმ მაღალმთიან დასახლებაში, სადაც ითხოვს სტატუსს – და ასევე უნდა გააგრძელოს საქმიანობა იქ, სადაც სტატუსი მიიღო. ქონების გადასახადისგანაც თავისუფლდება ის ქონება, რომელიც საწარმოს საკუთრებაშია და მდებარეობს იმავე მაღალმთიან დასახლებაში, სადაც მიენიჭა სტატუსი.

აჭარის მაღალმთიან დასახლებებში ისეთი საწარმოები, როგორიცაა, მაგალითად, ჰესები, აღნიშნული შეღავათით ვერ ისარგებლებენ, ვინაიდან ელექტროენერგიის  წარმოება ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობაა [ასევეა დისტრიბუცია და განაწილებაც].

საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზიას დაქვემდებარებულია ათობით  საქმიანობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა: ჯანდაცვა, სათემო მაუწყებლობა, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობა, დაზღვევა, საბანკო, არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობა, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ტყით სარგებლობა, ხე-ტყის დამზადება, თევზჭერა და სხვა.

ანალოგიურადაა საქმე ნებართვების შემთხვევაშიც. თუ საწარმოს საქმიანობა საჭიროებს ნებართვას, ან საწარმო საქმიანობს უკვე გაცემული ნებართვის საფუძველზე, ის სტატუსს ვერ მიიღებს.

ნებართვას კი ქვეყნის კანონმდებლობით ასევე არაერთი საქმიანობა საჭიროებს.   ნებართვა სჭირდება ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობას, მშენებლობას, ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, ასევე წამახალისებელი გათამაშების მოწყობას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტს ან ექსპორტს,  ფარმაცევტულ წარმოებას, ავტორიზებულ აფთიაქს, გარე რეკლამის განთავსებას, სტაციონარული დაწესებულების გახსნას და სხვა.

რაც შეეხება ვაჭრობას, ეკონომისტი ვაჟა ვერულიძე განმარტავს, რომ, მართალია, „ვაჭრობის სფეროზე არ ვრცელდება შეღავათები, თუმცა აქ არის გამონაკლისი – თუ პირი სოფლის მეურნეობის პროდუქციას გადაამუშავებს და ისე მიაწვდის მომხმარებელს, ანუ პროდუქციას შეუცლის სახეს, კოდს, აქ შეღავათები გავრცელდება. მაგალითად, თუ მეწარმე რძისგან ამზადებს ყველს, ან ხილისგან ჯემს, ის მიიღებს სტატუსს. მაგრამ თუ ნებისმიერ საქონელს იყიდის და გაყიდის იმავე სახით, რა სახითაც იყიდა – ეს საქმიანობა სტატუსს ვერ მიიღებს, შესაბამისად, შეღავათებითაც ვერ ისარგებლებს“.

მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებულმა  პირმა განცხადებით [წერილობითი ან ელექტრონული ფორმით] უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

„მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის  წესის“ მიხედვით, მეწარმე, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, „საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან“.

ვაჟა ვერულიძის თქმით, „აქ არის ერთი საინტერესო მომენტი. საქმე იმაშია, რომ იბადება კითხვა – ზოგადად, ყველა გადასახადისგან თავისუფლდება თუ არა მაღალმთიანი დასახლების საწარმო? – პასუხი არის არა.

მაგალითად, არის დამატებული ღირებულების გადასახადი [დღგ], რომლის გადახდისგანაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია ისედაც გათავისუფლებულია, ოღონდ გათავისუფლებულია სასაქონლო კოდის შეცვლამდე. ანუ, თუ მაღალმთიან დასახლებაში პირმა მოიყვანა სოფლის მეურნეობის პროდუქცია და გაყიდა, ის დღგ-სგან თავისუფლდება, მაგრამ თუ სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაამუშავა [კოდი შეუცვალა] და ისე გაყიდა, ის უკვე აღარ თავისუფლდება ამ გადასახადისგან. ანუ, ამ ნაწილში მაღალმთიან საწარმოს გადასახადის გადახდა მოუწევს. ეს შესაძლოა ნაკლი იყოს ერთგვარი, მაგრამ კანონში, ჯერჯერობით, ასეა“.

მაგალითისთვის, ვთქვათ, მეწარმეს კარტოფილი ან ხილი მოჰყავს და ყიდის, ამ შემთხვევაში სტატუსს არ მიანიჭებენ, თუმცა გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდისგან. მაგრამ, თუ ამ კარტოფილისგან აწარმოებს ჩიფსებს ან/და ხილისგან, ვთქვათ, ჩირს და გაყიდის, მაშინ მიანიჭებენ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს, ისარგებლებს შეღავათით [არ გადაიხდის ქონების, საშემოსავლო და მოგების გადასახადს], თუმცა, მოუწევს დღგ-ს გადახდა.

რაც შეეხება მოსახლეობას, ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები ბათუმსა და გონიოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების, ბათუმის საქალაქო სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 4 პირი – 1969 წელს დაბადებული კადირ ა., 1971 წელს დაბადებული ჯემალ თ., 1972 წელს დაბადებული თარიქ ა. და 1974 წელს დაბადებული ქეთევან ბ. ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბათუმსა და გონიოში, თავიანთ მფლობელობაში არსებულ სასტუმროებსა და ნაქირავებ ბინაში ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ“.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სასტუმროების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. მხილებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

იანვარში საქართველოდან 10 მილიონი დოლარის თხილი გავიდა

2016 წლის იანვარში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რამაც 25 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 20 პროცენტი შეადგინა.

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 12 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა.

მესამე ადგილზე თხილისა და კაკლის სხვა  ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის საქართველოდან ექსპორტმა 10 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

eqsporti

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 53 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 13 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 32 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტია.

მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 28 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).

import

მიმდინარე წლის იანვრის თვის ექსპორტ-იმპორტის წინასწარი მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი – საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი [83 მლნ. აშშ დოლარი], რუსეთი [54 მლნ. აშშ დოლარი] და აზერბაიჯანი [53 მლნ. აშშ დოლარი].

qveynebi

qveyana 2

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურება გაორმაგდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილება კანონში „მაუწყებლობის შესახებ“,  რაც „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს. აქამდე მრჩეველთა საბჭოს დაფინანსება „საზოგადოებრივი მაუწყებლის – აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ მთლიანი ბიუჯეტის 1.5 პროცენტს შეადგენდა. „აჭარის ტელევიზიის“ მრჩევლები ჰონორარის გაზრდას აპირებენ.

მრჩეველთა საბჭოს წევრის ხელფასი თვეში 900 ლარს შეადგენს, დირექტორის და მისი მოადგილის – 1000-1000 ლარს (ხელზე ასაღები თანხა). ცვლილება კანონში მრჩეველთა საბჭოს ამ თანხის გაორმაგების საშუალებას აძლევს.

„სამშაბათს გვექნება სხდომა და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მომხრე ვარ, გაიზარდოს ჩვენი ჰონორარი, რადგან ამ ტელევიზიაში ყველაზე დაბალი ხელფასი მძღოლების შემდეგ მრჩევლებს გვაქვს. გავაორმაგებთ თუ არა, ჯერ ზუსტად არ ვიცი“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბეჟან გობაძემ, „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა.

ჰონორარების გაზრდის მომხრეა მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი – გიორგი ირემაძე: „უნდა გაიზარდოს ჰონორარი. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, თუმცა ამაზე კოლექტიური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.“

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსი გია ქარცივაძე ამბობს, რომ მრჩევლებს შეუძლიათ არ გაზარდონ ჰონორარი და გაზრდილი ბიუჯეტი სხვა მიმართულებით დახარჯონ: „დღემდე მრჩეველთა საბჭოს დაფინანსება წლიურად დაახლოებით 100 000 ლარია, აქედან 66 150 უშუალოდ მრჩევლების ჰონორარებისთვის იხარჯება. დანარჩენი თანხა ძირითადად აპარატის შენახვას ხმარდება. ეს ცვლილება ითვალისწინებს მრჩეველთა საბჭოსთვის განკუთვნილი 1.5 პროცენტის 3 პროცენტამდე გაზრდას, ანუ გაორმაგებას. ამ სამი პროცენტიდან 2 პროცენტი შესაძლებელია  ხელფასებს მოხმარდეს, თუმცა მრჩევლების გადასაწყვეტია, რას მიანიჭებენ უპირატესობას – ხელფასის გაზრდას, თუ საბჭოს სხვა აქტივობებს“.

მრჩეველთა საბჭოს წევრები დაფინანსების მატებას, ჰონორარების გაზრდის გარდა, კვლევების ჩატარების აუცილებლობით ხსნიან: „არაერთხელ გვინდოდა კვლევების და გამოკითხვების ჩატარება, მაგრამ ამისთვის საკმარისი თანხა არ გვქონდა. გაზრდილი ბიუჯეტით ასევე ვაპირებთ ჟურნალისტებს ტრენინგები ჩაუტარდეს და  დაწესდეს პრემიებიც – კარგი ჟურნალისტური ნამუშევრებისთვის“, – ამბობს ბეჟან გობაძე.

მრჩეველთა საბჭოს თაავმჯდომარე – ზაზა ხალვაში ამჟამად მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება. საკანონმდებლო ცვლილება კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ მას შემდეგ ამოქმედდება, როცა პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებას ხელს მოაწერს. „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოსთვის დაფინანსების გაზრდის ინიციატივა პარლამენტის წევრს – ფრიდონ საყვარელიძეს (“რესპუბლიკური პარტია”) ეკუთვნის.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია.

 

 

ბულვარში გაუქმებული ბილიკის აღდგენა დაიწყება

„ბულვარში გაუქმებული ბილიკის აღდგენა მალე დაიწყება. სამუშაოებს კომპანია „ლიტომი“ ახორციელებს. არსებულ პროექტში ცვლილებები შედის და რამდენიმე დღეში დაიწყება ალეას აღდგენითი სამუშაოები“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია ვარშანიძემ, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

ბულვარში ბილიკის აღდგენის შესახებ რეკომენდაციით ბულვარის ადმინისტრაციას აჭარის მთავრობამ მიმართა. რეკომენდაციები ბულვართან დაკავშირებით შექნილმა საზოგადოებრივმა კომისიამ შეიმუშავა. ეს კომისია ბულვარში მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების საპროტესტო აქციების შემდეგ შეიქმნა.

როდის ეყოლება „ბათუმის ბულვარს“ახალი დირექტორი, ჯერ უცნობია. ყოფილი დირექტორის, არჩილ კახიძის მოთხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის მთავრობამ უკვე დააკმაყოფილა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად არჩილ კახიძემ დაუდასტურა. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ვარშანიძე აქამდე დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

C ჰეპატიტის მკურნალობის თანადაფინანსება მეორე ეტაპზეც გაგრძელდება

აჭარის რეგიონში C ჰეპატიტის პროგრამას ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ახორციელებს. საავადმყოფოს დირექტორის, ჯემალ დუმბაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მკურნალობის კურსში 550 ბენეფიციარი არის ჩართული და მათი უმრავლესობისთვის მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა.

დიაგნოსტირების დადგენის, ასევე მკურნალობის თანადაფინანსებას ბათუმში მცხოვრები ადამიანებისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახდენს, ხოლო მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. თანადაფინასება პროგრამის მეორე ეტაპსაც ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, პროგრამა გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.  „ეროვნული პროგრამით ქვეყნის მასშტაბით 30 პროცენტით ფინანსდება, როგორც C ჰეპატიტის დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობა. დანარჩენ 60 პროცენტს მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, ჩვენ ვაფინანსებთ. დარჩენილ 10 პროცენტს თავად პაციენტი იხდის. პროგრამა სრულად ფარავს ყველა მომსახურების ხარჯს, თუკი ბენეფიციარი სოციალურად დაუცველია და მას 70 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსმა ნონა ეფაძემ.

C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისთვის ლაბორატორიული კვლევები დაახლოებით 480 ლარი ჯდება. დაავადების დადგენის შემთხვევაში, მკურნალობის ეტაპი რეგულარული მონიტორინგის გარდა, სხვადასხვა კვლევების ჩატარებას გულისხმობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, თითოეული კვლევის საფასური დაახლოებით 170 ლარია.

C ჰეპატიტის მკურნალობა ახალი თაობის მედიკამენტით „ჰარვონით“ გაგრძელდება. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ჯემალ დუმბაძის ცნობით, პრეპარატი უკვე მიიღეს და რამდენიმე დღეში მის გამოყენებას დაიწყებენ. პროგრამის ფარგლებში მედიკამენტი პაციენტებისთვის უფასოა.

C ჰეპატიტის პროგრამის პირველ ეტაპს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი წარმატებულად აფასებს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ელჩი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შეხვდა. სამინისტროს მონაცემებით, პროგრამაში სულ 6571 ადამიანია ჩართული, აქედან 3200 მკურნალობის კურსს წარმატებით ასრულებს.

Exit mobile version