მთავარი,სიახლეები

პოლიტიკური პარტია „ახალი“ ბათუმში

22.02.2016
პოლიტიკური პარტია „ახალი“   ბათუმში

ვინ არიან პოლიტიკური პარტია „ახალის“ დამფუძნებლები, რა ღირებულებებს ეფუძნება პარტია და როგორ აპირებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას? ამ თემაზე „ბათუმელებს“  პარტიის ერთ-ერთი  დამფუძნებელი გიგა ლემონჯავა ესაუბრა. პარტიის წარმომადგენლებმა დღეს, 22 თებერვალს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ახალი პარტიის პრეზენტაცია გამართეს.

 

ბატონო გიგა, როდის დაფუძნდა და რა მიმართულების არის თქვენი პოლიტიკური პარტია?   

პარტიის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის პრეზენტაცია   თბილისში, „ექსპრო ჯორჯიაში“ 27 დეკემბერს  გაიმართა. მარტის ბოლოს კი ორგანიზაცია გაფორმდება რეესტრში როგორც პოლიტიკური პარტია. იდეა გვეკუთვნის ადამიანების ჯგუფს, რომლებსაც გვაქვს პროტესტი არსებული მოცემულობის მიმართ და გვინდა ეს მოცემულობა შევცვალოთ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან  25 წელია ქვეყანა ტრიალებს ერთსა და იმავე ჩაკეტილ წრეზე, ეს არის დიდი მოლოდინის, დიდი იმედგაცრუების, პროტესტისა და შურისძიების წრე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წრე უნდა გაარღვიონ ახალმა ადამიანებმა, ახალმა სახეებმა, სწორედ ამიტომ დავაფუძნეთ პოლიტიკური ორგანიზაცია „ახალი“, რომელიც მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და რომლის მიზანიც იქნება პოლიტიკური პროცესების გამოცოცხლება და გაჯანსაღება საქართველოში. ვფიქრობთ, რომ ის პოლიტიკური მიდგომები, რაც ქვეყანაში არსებობს, პარტიებსა და მოსახლეობას შორის, ან სხვადასხვა პარტიას შორის, არ არის მისაღები, ვფიქრობთ, რომ ხალხის აზრს დღეს პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ.

 

რა მიმართულების პოლიტიკური პარტია ხართ, რა არის თქვენი მთავარი ღირებულებები?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს განვითარებისთვის არ არის მნიშვნელოვანი ავირჩიოთ მკაცრად მემარჯვენე ან მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგია. ჩვენი ეკონომიკური მოდელი არის ჰიბრიდული, ჩვენ გამოვდივართ სახელმწიფო საჭიროებებიდან და არა ჩვენი სუბიექტური პოლიტიკური გემოვნებიდან. ამიტომ ეკონომიკურ მოდელსაც საზოგადოებას ვთავაზობთ ჰიბრიდულს. ვიცით რა პრობლემებია სახელმწიფოში და როგორ უნდა გადაიჭრას. ამიტომ ზოგან მემარჯვენე მიდგომები გვჭირდება, ზოგან მემარცხენე.

რაც შეეხება ღირებულებებს, ეს არის დასავლური ღირებულებების მატარებელი ორგანიზაცია,  რაც გამოიხატება პირველ რიგში ორგანიზაციული მოწყობით და ჩვენ ვქმნით პარტიული დემოკრატიის მაგალითს ქვეყანაში, შესაბამისად მომავალში ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიმართულება იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

 

რეგიონალური ოფისები ყველგან გახსნილი გაქვთ, თუ რა ეტაპზეა ეს პროცესი?

ჩვენ ვართ ორგანიზაციული სტრუქტურების ფორმირების ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, აჭარა არის ერთ-ერთი ცენტრალური და მნიშვნელოვანი რეგიონი და აქაც ვაფუძნებთ ორგანიზაციულ სტრუქტურას.

 

„ახალი“-ს პრეზენტაცია

 

უკვე გყავთ კონკრეტული პოლიტიკური სახეები გამოკვეთილი, ვინც თქვენს პარტიას წარმოადგენს ბათუმში?

ესენი  იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჯერ პოლიტიკაში არ ყოფილან, თუმცა გააჩნიათ შესაბამისი უნარები და მგონია, რომ ეს არის სწორი მიდგომა.

 

როგორ ფიქრობთ, რითი გაუწევთ კონკურენციას აქამდე მოქმედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ იდეა არის ძალიან კონკურენტუნარიანი, რადგან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ელოდება სიახლეს და ის პოლიტიკური პროდუქტი, რომელსაც მოსახლეობას ვთავაზობთ, არის ძალიან დროული.

 

რას სთავაზობთ ახალს მოსახლეობას?

პირველი, რასაც მოსახლეობას ვთავაზობთ, არის სიახლე, რადგან საზოგადოებამ დაკარგა ნდობა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკის მიმართ და პოლიტიკურ ელიტას ხალხი ზურგს არ უმაგრებს.

არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსი. თქვენ რა რესურსი გაქვთ ან როგორ აპირებთ მის მოძიებას?

ფინანსური რესურსი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ ვართ ურთიერთობაში არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივი დაფინანსების მოდელს, რომელიც არის კარგად აპრობირებული აშშ-ი და დასავლეთ ევროპაში. ასევე ფეხს იკიდებს აღმოსავლეთ ევროპაში და ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოება უჭერს მხარს, თავად საზოგადოების მხრიდან უნდა ფინანსდებოდეს.

 

როგორ ფიქრობთ, ეს მოდელი საქართველოში გაამართლებს? მით უმეტეს მაშინ, როცა ჯერ არ იცით საზოგადოება დაგიჭერთ თუ არა მხარს?

 

 

საზოგადოება მხარს დაგვიჭერს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი იდეები იქნება მისაღები და ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი დაფინანსების სისტემა იმუშავებს ეფექტურად.

 

პარტიაში გაწევრიანების დროს მსურველების პოლიტიკურ ბეგრაუნდს ყურადღებას აქცევთ, საიდან მოდიან, რომელ პარტიაში იყვნენ გაწევრიანებული თქვენამდე და ა.შ?  

 ჩვენი მიდგომა არის ასეთი, პარტიის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, ვინც იზიარებს იმ ღირებულებებს რა ღირებულებებზეც ორგანიზაცია დგას. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან თემატური თანამშრომლობის სახელმწიფოებრივ საკითხებზე, ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სეგრეგაცია უნდა დასრულდეს.

 

ძირითადად რა განათლება გაქვთ პარტიის დამფუძნებლებს?

 პარტიაში არიან აშშ-სა და ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ადამიანები. მე თვითონ ვარ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრი და მშიდობისა და უსაფრთხოების სწავლებების დოქტორანტი. ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკმაოდ მდიდარი სამეცნიერო-ანალიტიკური გამოცდილება და გვგონია, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული ხედვები ყველა იმ პრობლემაზე და ძირითად მიმართულებაზე, რაც დღეს სახელმწიფოში არსებობს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: