მთავარი,სიახლეები

აჭარას ახალი პროკურორი ჰყავს

22.02.2016 • 5778
აჭარას ახალი პროკურორი ჰყავს

საქართველოს მთავრი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც რამდენიმე საოლქო და რაიონული პროკურორი გამოცვალა. ცვლილება შეეხო აჭარის პროკურატურასაც – აჭარის პროკურორობიდან გათავისუფლდა შოთა ტყეშელაშვილი, ხოლო მის ნაცვლად დაინიშნა 35 წლის ლევან პაქსაშვილი.

ლევან პაქსაშვილი 2014-2015 წლებში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო, ხოლო მანამდე თბილისის პროკურატურაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. მან თავის დროზე სამცხე-ჯავახეთის პროკურორის თანამდებობაზე გიორგი პაპუაშვილი შეცვალა. მაშინ სამცხე-ჯავახეთიდან გიორგი პაპუაშვილიც გადმოიყვანეს – სუს-ის უფროსად.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გარდა აჭარისა ასევე შეიცვალა რამდენიმე ოლქის და რაიონული პროკურორი და მოადგილეები: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ლევან პაქსაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი,  ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი,  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი,  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ილია ჯალაღანია დაინიშნა“.

მთავარი პროკურატურის ცნობით, ცვლილებები მოხდა თბილისის პროკურატურას და  სხვა რაიონულ პროკურატურებშიც. „შიდა საკადრო გადაადგილებების შედეგად თბილისის პროკურორის მოადგილედ-საგამოძიებო ნაწილის უფროსად მერაბ ჯერანაშვილი, ექვსი პირი  სხვადასხვა რაიონულ პროკურორად, ხოლო ორი რაიონული პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

საკადრო ცვლილებები ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურასაც შეეხო. გადაადგილებები განხორციელდა რამდენიმე დეპარტამენტში, კერძოდ კი შეიცვალნენ უფროსები და მოადგილები“, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

იგივე წყაროს ინფორმაციით, ამ ცვლილებების შედეგად საერთო ჯამში 30 პირი დაინიშნა. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია კონკრეტულად არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რითი იყო ეს ცვლილებები გამოწვეული.

გადაბეჭდვის წესი