Batumelebi | ინკლუზიური განათლების ხარისხი აჭარის სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხი აჭარის სკოლებში – Batumelebi
RU | GE  

ინკლუზიური განათლების ხარისხი აჭარის სკოლებში

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ სულიკო თებიძემ, დღეს 22 თებერვალს ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საჯარო სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობის ანგარიში წარმოადგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეაბილიტირებულ ან ახალაშენებულ სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი შშმ ბავშვებისთვის ხარისხიანი   განათლების მისაღებად. თუმცა, პრობლემად რჩება  სპეცმასწავლებელთა კვალიფიკაცია.

„სპეცმასწავლებლის შტატი ყველა სკოლაშია. ამჟამად ბათუმში გვყავს 33 სპეცმასწავლებელი.  4 ინკლუზიური განათლების კოორდინატორი და 4 ფსიქოლოგი.

ქობულეთში – 42 სპეცმასწავლებელი, ხელვაჩაურში – 25, ქედაში – 16, შუახევში – 10 და ხულოში -17.“

მინისტრის მოადგილის თქმით, აჭარის განათლების სამინისტრო ყოველწლიურად  ახორციელებს სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

„მე-6 საჯარო სკოლაში არსებობდა შშმ პირებისთვის კლასები რომელიც არ შეესაბამებოდა ნორმებს, ამიტომ გასულ წელს შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა,  და ერთ-ერი სკოლის პირველი სართული მთლიანად ავითვისეთ და ჩავატარეთ მისი რეაბილიტაცია“. აღნიშნული სკოლის გახსნა სულიკო თებიძის თქმით, მარტის პირველ ნახევარში იგეგმება.

სკოლაში, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ფუნქციონირებს სამი სახელოსნო, სადაც მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ თიხაზე, ბატიკაზე მუშაობას ისწავლიან. შეისწავლება ასევე კერვა, ქარგვა და ქსოვა. სკოლის რეაბილიტაციისთვის 151 ათასი ლარი დაიხარჯა.

სულიკო თებიძის თქმით, სკოლაში 33 შშმ ბავშვი ინტეგრირებულ კლასებში სწავლობს. „ხოლო ის ბავშვები რომლებსაც ინტეგრირებულად სწავლა არ შეუძლიათ, ცალკე შესაბამის კლასში გადიან სწავლებას. ასეთი სულ 14 ბავშვია. ამ ბავშვებისთვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა, დღის პირველ ნახევარში ხდება აკადემიური უნარების განვითარება, მეორე ნახევარში კი სახელოვნებო სწავლება. ამ ბავშვებისთვის გათვალისწინებულია ორჯერადი კვებაც, რადგან დღის მეორე ნახევარშიც სკოლაში რჩებიან. ბავშვების ტრანსპორტირებას ვუზრუნველჰყოფს სამინისტრო“.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ადაპტირებული ტრანსპორტი ძალიან ხშირად ფუჭდება, ამიტომ ახალი ტრანსპორტის შესაძენად სკოლას გამოეყო თანხები და გამოცხადებულია ტენდერი.

მინისტრის მოადგილის ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი მხრიდან იყო შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტებში შშმ ბავშვები ვერ დადიან სკოლაში და მათ არასრულფასოვანი გაკვეთილები უტარდებათ. ბევრ სკოლაში არ არის ადაპტირებული გარემო.

სულიკო თებიძის თქმით, ამ შემთხვევაში მშობლემის პრობლემასთან გვაქვს საქმე, „რადგან ხშირად მშობლები უშლიან ხელს თავიანტი შვილების განვითარებას, არ ატარებენ სკოლაში და ჰყავთ სახლში“-განაცხადა მან.

ორგაზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ასეთ შემთხვევაში უნდა გამკაცრდეს მონიტორინგი და სკოლა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო მხოლოდ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე საუბრობს და არ განიხილავს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას.

სულიკო თებიძის თქმით, გასულ წლის ზაფხულში სამინისტროს ორმა უსინათლო ბავშვმა მიმართა და მათთვისაც გადამზადდა სპეცმასწავლებელი.

„ამჟამად მესამე საჯარო სკოლაში გვყავს ორი უსინათლო მოსწავლე, რომლებიც აგრძელებენ სწავლებას.  მე-4 საჯარო სკოლაში კი ოთხი სმენადაქვეითებული მოსწავლე სწავლობს, ფინანსდება ორი ლოგოპედი, რომელიც ამ კატეგორიის ბავშვებისთვის უფასო მომსახურებას ახორციელებენ“.

მინისტრის მოადგილეს თქმით, ზოგიერთ სპეცმასწავლებელს კვალიფიკაცია არ ჰყოფნის და აუცილებელია მათი გადამზადება.

ჩვენ მივაღწიეთ მოლაპარაკებას მასწავლებელთა სახლთან თბილისში. ხუთი სახის მოდული არსებობს და მათგან ორი უკვე წამოვიღეთ ბათუმის მასწავლებელთა სახლში, გუშინ იყო გამოცხადებული ტრენერის შესარჩევი კონკურსი, რომელსაც მასწავლებელთა სახლი გადაამზადებს.

ამავე შეხვედრაზე ითქვა რომ შშმ ბავშვებისთვის პროფესიული სკოლა ფუნქციონირებს  ქობულეთში სადაც ბავშვები ხის მხატვრულ დამუშავებას, მზარეულის პროფესიას და  კომპიუტერული სისტემების ოპერატორის სპეციალობას ეუფლებიან.

„ცენტრი ადაპტირებულია, მოწესრიგებულია პანდუსები და სველი წერტილები, ამჯამად   ლიფტის მშენებლობა მიმდინარეობს“.

ამ დროისთვის პროფესიულ ცენტრში   ათი მოსწავლე სწავლობს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com