პოლიციელები ციხისძირის აქციის მონაწილეების დაკავების სამართლებრივ საფუძველს ვერ ასახელებენ – სასამართლო პროცესი გრძელდება

ამ წუთებში  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე ქობულეთის საკრებულოს წევრების – ბონდო თედორაძისა და ოლეგ ბროლაძის საქმეს განიხილავს. ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოწმეების დაკითხვამდე დაცვის მხარის ადვოკატებმა სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ, პოლიციის ჩაქვის განყოფილების პოლიციელებს კითხვები დაუსვეს.

„პოლიციის შესახებ კანონის“ მიხედვით, პოლიციელის მოთხოვნა ტერიტორიის დატოვების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს კანონის კონკრეტულ ნორმას. რა სამართლებრივ  საფუძველს ეფუძნებოდა თქვენი მოთხოვნა?“ – ეს შეკითხვა პოლიციელებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, პაატა დიასამიძემ დაუსვა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებული პირების ინტერესებს იცავს. პოლიციელებმა ვერც ერთი სამართლებრივი საფუძველი ვერ დაასახელეს.

„რომელ კანონს, არ ვიცი… ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ ეს უკანონოა. ჩვენ ვიმოქმედეთ კომპანია „ზიმოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით“, – თქვა სასამართლო სხდომაზე პოლიციელმა – ლევან საგინაძემ.

პოლიციელების ჩვენების მიხედვით, 12 თებერვალს ზარი 112-ზე შევიდა, რის შემდეგაც მათ კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა დოკუმენტაციაც გააცნო. პოლიციელებმა თქვეს, რომ მათ ნახეს ნებართვა, რითაც ხეების გადატანისთვის  ტექნიკური სამუშაოები ნებადართულია და იგი 12 თებერვალს, დილით გაიცა. პოლიციელებს თარიღი შეახსენა ოლეგ ბროლაძისა და ბონდო თედორაძის კიდევ ერთმა დამცველმა, გურამ ჩალაგაშვილმა: „ამ ნებართვას ვერ ნახავდით, მაგრამ 10 თებერვალს რომ კიდევ 5 პირი დააკავეს, ეს ამბავი როგორ იყო?“

IMG_0008

პოლიციელები არც „ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, პაატა დიასამიძის პოზიციას დაეთანხმნენ, რომ ამ დაკავებით შეკრებისა და მანიფესტაციის კანონიერი უფლება დაირღვა. „ეს არ იყო შეკრება და მანიფესტაცია, ეს იყო კანონიერ საქმიანობაში ხელის შეშლა“, – თქვა პოლიციელმა.

პოლიციელებმა ვერ დააკონკრეტეს, რა მიიჩნევა ხეების გადატანის პროცესში სამშენებლო სამუშაოების ზონად, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. პოლიციელების თქმით, ამას თავად სამუშაოების მწარმოებელი კომპანია განსაზღვრავს, თუკი საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხება სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ზიმოს“ ხელმძღვანელი ზურაბ კიკნაძე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბონდო თედორაძესა და ოლეგ ბროლაძეს ჯარიმა _ 2 ათასამდე ლარი, ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ორი წევრის – ნოდარ დუმბაძისა და ელგუჯა ბაგრატიონის, ასევე „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტების საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ განიხილავს.

IMG_0007

 

ბულვარის ბილიკები [ფოტო]

ბულვარი 16.01.2016 / ფოტო თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო თედო ჯორბენაძე
ბულვარი 16.01.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ბულვარი 15.02.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე

მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარი“ არჩილ ხაბაძეს მიმართავს

18 თებერვალს სასტუმრო „ჰილტონში” „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინიციატივით გამართულ დისკუსიაზე – „ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები”, საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“ მიმართვა გაავრცელა. საინიციატივო ჯგუფი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს მიმართავს. საინიციატივო ჯგუფის მიმართვა დისკუსიაზე ჯგუფის წევრმა, ნანა მეგრელიძემ გააჟღერა.

„ვფიქრობთ, მხოლოდ „შპს ლიმტომთან“ მიღწეული შეთანხმება არაა საკმარისი ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესანარჩუნებლად. ამიტომაც საინიციატივო ჯგუფი ვითხოვთ აჭარის არ მთავრობამ სსიპ „ბათუმის ბულვარსა“ და შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზის“ შორის დადებული ხელშეკრულების (#01/151 07/10/2015) მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელოს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნულ ხელშეკურლებაში/დანართში ძირეული ცვლილებების განხორციელება ან/და შეწყვეტა, რადგანაც:

1. სსიპ „ბათუმის ბულვართან“ არსებული კომისიის მიერ შემუშავებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მქონე ობიექტის – ბათუმის ბულვარის კონცეფციის ტექნიკური დავალება ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დასაშვებ ქმედებებს.

2. კომისია, რომელმაც განსაზღვრა და ჩამოაყალიბა ტექნიკური დავალება, არ იყო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, რის გამოც ტექნიკური დავალება შეიცავს ხარვეზებს და ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფის საფრთხეს.

3. აუცილებელია, ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად, შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისთან“ მიღწეული იქნეს შეთანმხება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

4. ბათუმის ბულვარის ადექვატური განვითარების მიზნით, აუცილებელია შემუშავდეს ბულვარის კონსერვაციის გეგმა. კონსერვაციის გეგმის მოსამზადებლად კი გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი.

5. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კვლევის ჩატარება, რომლის ფარგლებში მოხდება ბულვარში არსებული შეუსაბამო ობიექტების იდენტიფიკაცია. აღნიშნული ობიექტების მოიჯარეებს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აღარ გაუგრძელდეთ იჯარის ხელშეკრულება.

6. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიმდინარე წლის ტენდერები დაიგეგმოს ისე, რომ წლის ბოლომდე მოხდეს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან ვალდებულებების შესრულება. 2017 წლისთვის კი ბათუმის ბულვარი სამართავად დაუბრუნდეს ბათუმის მუნიციპალიტეტს,“ – აღნიშნულია მიმართვაში.

ქობულეთში 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს

17 თებერვალს, ღამით, ქობულეთში 4 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. იგი ამჟამად ქობულეთის წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული.

ოთხი წლის ბავშვი საავადმყოფოში სოციალურმა აგენტმა 16 თებერვალს მიიყვანა. ექიმის თქმით, ბავშვს სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა ორივე ბარძაყზე, ყურებსა და საფეთქელზე. მას სამხარაულის ბიუროში, ბათუმში, ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმას მეორე მუხლით მიმდინარეობს [ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით – ერთიდან სამ წლამდე].

დისკუსია ბათუმის ბულვარზე აჭარის მთავრობის გარეშე

დღეს, 18 თებერვალს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აჭარის ოფისის ინიციატივით, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” მიმდინარეობს დისკუსია თემაზე: “ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები”.

დისკუსიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დისკუსიის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ დისკუსიას არ დაესწრება აჭარის მთავრობა, მათ შორის, დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძე, რომელსაც მოხსენება უნდა წაეკითხა თემაზე: „ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფცია და აჭარის მთავრობის პოლიტიკა“, მიუხედავად იმისა, რომ თემა წინასწარ იყო შეთანხმებული და პრესრელიზებშიც აღნიშნული იყო დისკუსიაში აჭარის მთავრობის ჩართულობის შესახებ.

შეხვედრას არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი ესწრება.

დისკუსიას ესწრებიან: ბულვარის თემით დაინტერესებული პირები, ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი; ბათუმის საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისკუსიაზე სპეციალურ მოხსენებებს გააკეთებენ: კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი თემაზე: „ბათუმი, როგორც დასაცავი ღირებულება” და ხელოვნებათმცოდნე მაია ჭიჭილეიშვილი თემაზე: „ბათუმის ბულვარის ისტორია ხელოვნებათმცოდნეობის ჭრილში”.

დისკუსიის მიზანია ბულვარის თემის განხილვა სადისკუსიო სივრცეში და დაინტერესებული მხარეებისათვის ერთგვარი პლატფორმის შეთავაზება განსხვავებული აზრის მოსასმენად.

ქვორუმი არ შედგა – დავით კვაჭაძის კანდიდატურას კენჭს ვეღარ უყრიან

დღეს, 18 თებერვალს, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს დავით კვაჭაძის კანდიდატურისთვის უნდა ეყარათ კენჭი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა ქვორუმი არ შედგა, რეგისტრაცია მხოლოდ „ოცნების” ცხრა დეპუტატმა გაიარა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრა 15 წუთის შემდეგ ისევ გამოცხადდა, თუმცა სხდომაზე რეგისტრირებულ დეპუტატთა რაოდენობა არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ, პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლეს საბჭოში იმყოფებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ სხდომაზე დასასწრებად. შესაბამისად ქვორუმი არც მეორე ჯერზე შედგა.

უმაღლესმა საბჭომ ამით უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურის განხილვის 14-დღიანი ვადა ამოწურა.

დავით კვაჭაძე აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 29 იანვარს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ წარადგინა. დავით კვაჭაძეს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ.

საკონკურსო კომისიას დავით კვაჭაძის გარდა უსკოს თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძისათვის ორი კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი: პარმენ ჯალაღონია და დავით ქარცივაძე.

ამჯერად არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. ამ ორ კანდიდატს შორის შესაძლებელია იყოს დავით კვაჭაძეც, ან არ იყოს. თუმცა, იურისტები როგორც მთავრობაში, ასევე უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ კანონის მუხლები, რომლებიც თავმჯდომარის არჩევას ეხება, ბუნდოვანია.

საბოლოოდ, იმ შემთხვევაში, თუკი უმაღლესი საბჭო ხელახლა წარდგენილი ორი კანდიდატისგანაც ვერ აირჩევს უსკოს თავმჯდომარეს, მაშინ ამ თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება.

საჯარო მოხელეებისა და სკოლის ექიმის ვაკანსია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის გამგეობა რვა ვაკანსიაზე აცხადებს კონკურსს. საბუთების მიღების ბოლო ვადა 26 თებერვალია.

გამგეობაში კონკურსი ცხადდება გამგებლის თანაშემწის ვაკანსიაზე – თანამდებობრივი სარგო 790 ლარს შეადგენს.

ხელვაჩაურის გამგეობა, ასევე, აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანსიებზე:

გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი – ანაზღაურება – 560 ლარი.

გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის საპროექტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი – ანაზღაურება – 560 ლარი.

გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი – ანაზღაურება – 560 ლარი.

გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი. ანაზღაურება – 810 ლარი.

გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ანაზღაურება – 560 ლარი.

გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. ანაზღაურება – 560 ლარი.

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჩიქუნეთში, ქოქოლეთსა და ქვედა ქოქოლეთში. ანაზღაურება – 790 ლარი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ასევე, არის სკოლის ექიმის ვაკანსია, სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში. ანაზღაურება – 395 ლარი.

ბათუმის მერის „თვითნებობა“ – ერმაკოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს

ბათუმის მერია სასამართლოში საქმეებს ზედიზედ აგებს. სასამართლომ გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებები კონკრეტული 5 პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, უკანონოდ ცნო. საქმეების წაგება სასამართლოში, ასევე ის, რომ ამ ადამიანებს საზოგადოების ჯიბის ხარჯზე უნდა გადაუხადოს მერიამ განაცდური ხელფასები, როგორც ჩანს, ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს არ ანაღვლებს. მან 29 იანვარს სასამართლოს გზით იძულებით აღდგენილი ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი სულ რამდენიმე დღეში, 2 თებერვალს, ხელახლა გაათავისუფლა.

3 თებერვალს მერიამ ისევ წააგო საქმე, ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი, ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერმა უკანონოდ გაათავისუფლა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მერიას კანონის ძალით ლაშა ბერძენიშვილის სამსახურში დაბრუნება მოუწია, თუმცა რამდენიმე დღეში იურისტმა მერმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების თავის ასარიდებლად „სხვა გამოსავალი“ იპოვა: ააიპ-ის არასასურველ დირექტორს აუდიტის დასკვნა წარუდგინა. საუბარია მერიის შიდა აუდიტის სამსახურზე, რომლის ხელმძღვანელს ბათუმის მერი ნიშნავს და ათავისუფლებს.

ლაშა ბერძენიშვილს სამართლებრივად „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ეხმარება. ამ ორგანიზაციის იურისტი, ნინო სიორიძე ყურადღებას მოვლენების თანმიმდევრობაზე ამახვილებს, რაც ეჭვებს აჩენს აუდიტის დასკვნის მიუკერძოებლობის კუთხით: „როცა ლაშა ბერძენიშვილი პირველად, ანუ 2015 წლის 23 აპრილს გაათავისუფლეს, ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზებზე არაფერი ეწერა. სასამართლოში მერიამ ასევე ვერაფერი კონკრეტული ვერ წარმოადგინა თავის შესაგებელში იმის დასადასტურებლად, რომ ლაშას გათავისუფლებას რაიმე საფუძველი ჰქონდა. ამის შემდეგ მერიის შიდა აუდიტის სამსახური ინტერესდება ლაშა ბერძენიშვილის ააიპ-ით და დასკვნას დებს „ბათუმის სასაფლაოებზე“, რასაც მერია ლაშა ბერძენიშვილის ხელახლა გასათავისუფლად იყენებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო სიორიძემ.

მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა მამუკა დარჩიამ კომენტარზე უარი გვითხრა. მისთვის უნდა გვეკითხა, რა გამორიცხავს მერის ზეგავლენას აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლად მუშაობაზე, როცა მერს კონკრეტული პირის – ლაშა ბერძენიშვილის გათავისუფლების აშკარად გამოხატული ინტერესი უკვე ჰქონდა და მერს აქვს უფლება გაათავისუფლოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსიც.

„ეჭვი ნამდვილად ჩნდება, რომ აუდიტის დასკვნა გარკვეული მითითებებით დაიწერა. მერიამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინა აუდიტის სამსახურის მიერ ობიექტური და მრავალმხრივი დასკვნის დადებაზე. ამ საკანონმდებლო მოცემულობით, რომელიც გვაქვს, ამის რესურსი ნამდვილად არსებობს. დეტალურად ჯერ არ შეგვისწავლია დასკვნა, მაგრამ ჩანს, რომ იგი მორგებულია კონკრეტულად დირექტორის – ლაშა ბერძენიშვილის საქმიანობაზე და არა ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ გაწეულ სამუშაოებზე. კანონით აუდიტი მთლიანად სამსახურის მუშაობას სწავლობს და არა კონკრეტული პირის“, – ამბობს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

თავად ლაშა ბერძენიშვილი აუდიტის დასკვნას მერის, გია ერმაკოვის „ზღაპრებს“ უწოდებს: „ეს წმინდა პოლიტიკური თემაა. მე ვიყავი გიორგი კირთაძის სამდივნოს უფროსი. გია ერმაკოვი პირდაპირ მოითხოვდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ მქონოდა. გათავისუფლებამდე ერმაკოვმა თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა, რომ საკრებულოს „ნაციონალების“ ფრაქციაში სიარულს თავი დავანებო“.

არც ამ შეხვედრის და არც მერიიდან სხვა გათავისუფლებულების შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს ბათუმის მერს – გია ერმაკოვს.

ლაშა ბერძენიშვილის გარდა სასამართლოში მერიის წინააღმდეგ საქმე ააიპ „ბათუმის კორპუსის“ სამმა თანამშრომელმაც მოიგო: ლაშა კილაბერიამ, თომა ხალვაშმა და ირაკლი მექვაბიშვილმა. მათ 11 თვის განაცდური ხელფასი უნდა აუნაზღაუროს მერიამ (რაც 22 880 ლარს შეადგენს). შესაძლოა, მეტიც გადაიხადოს მერმა თავისი შეცდომების გამო საზოგადოების ხარჯზე, რადგან ააიპ „ბათუმის კორპუსში“ ის სამი შტატიც გაუქმდა, რომლებზეც ზემოთ ხსენებული პირები მუშაობდნენ. მერია ამჟამად სასამართლოს განმარტებას ელოდება – რა უნდა ჩაითვალოს ამ სამი პირის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობად. განმარტების მიღების შემდეგ მერიას მათი სამსახურში დაბრუნება მოუწევს. თუ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არ დაიდება შიდა აუდიტის დასკვნები და მერი ხელახლა არ გაათავისუფლებს სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილ მოხელეებს.

მერიას ასევე მოუგო სასამართლო ირაკლი მოდებაძემ, რომელიც 2015 წლის 15 აპრილამდე ააიპ “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის” დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ეს წაგებაც ბათუმის მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ მერიამ საჯარო მოხელე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. ეს პირები მერიიდან გათავისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

მერიაში უკანონო გათავისუფლებების სერიას თვითნებობას არქმევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: „მერიის მოქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც უპასუხისმგებლო და თვითნებობა. გარდა იმისა, რომ მერიას მოუწევს განაცდურის ანაზღაურება, იხარჯება მერიის ადამიანური რესურსიც სასამართლოებში. მერის პასუხისმგებლობაზე, ალბათ, უნდა მოახდინოს რეაგირება როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ, ასევე თვითმმართველობამ“, – ამბობს იურისტი ნინო სიორიძე.

ბათუმის საკრებულოს მერიის „თვითნებობაზე“ ჯერ კითხვები არ დაუსვამს. საკრებულოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ჭეიშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ის მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება. სასამართლოს გზით აღდგენილი პირის ოთხი დღის შემდეგ ხელახლა გათავისუფლების შესახებ მერისთვის არაფერი უკითხავს არც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი ჩავლეიშვილს. „არაფერი მიკითხავს მერისთვის, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

საკრებულოს წევრი ამ პროცესში საკრებულოს, როგორც მერიის მაკონტროლებლის როლს, ვერ ხედავს. ირაკლი ჩავლეიშვილი: „ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. მე ვერ ვიქნები ვერც ლაშა ბერძენიშვილის და ვერც გია ერმაკოვის ადვოკატი, თუმცა, როცა საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, ლაშა ბერძენიშვილი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობებს და მის მიმართ შენიშვნა არ მქონია. ლაშამ სამართლებრივი გზით უნდა დაამტკიცოს თავისი სიმართლე და თუ ვერ დაამტკიცა, მაშინ ერმაკოვი ყოფილა სწორი. თუ სასამართლოს მერი წააგებს ისევ, ქალაქი გააკეთებს შეფასებას მორიგ არჩევნებზე“.

60 განაცხადი სახალხო დამცველის აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე

ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსის, თემურ ქორიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. თემურ ქორიძე ამბობს, რომ აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად უკვე 60 განაცხადია შესული.

საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატში მხოლოდ იურისტები დასაქმდებიან. რატომ დავიწროვდა სახალხო დამცველის აპარატში დასასაქმებელ პირთა პროფესიული წრე და რამდენად სამართლიანია გადაწყვეტილება, რომ აპარატში მხოლოდ იურისტები უნდა დასაქმდნენ?

„დიახ, ნამდვილად იურისტები გვჭირდება, მაგრამ ეს მოთხოვნა არ აბრკოლებს განაცხადის შემომტანს, რომ ელექტრონულად გადმოგზავნოს მონაცემები. როცა იქნება შერჩევა, შეირჩევიან იურისტები.

რატომ მხოლოდ იურისტები? ჩვენ გავაფართოვეთ რეგიონული ქსელი, გავუზარდეთ მათ უფლებამოსილებები, დავამატეთ ადამიანური რესურსი, შეიქმნა რეგიონული დეპარტამენტი რეგიონული სამმართველოს ნაცვლად და მიენიჭა დამატებითი უფლებამოსილებები, რომ ადგილზე იმუშაონ უფრო მასშტაბურად. ამიტომ, ამ თანამდებობაზე, ვფიქრობ, იურისტი საჭიროა, რათა კარგად გაუძღვეს საქმეებს, ამავე დროს სპეციალისტების მიერ მომზადებული საქმეების ანალიზიც შეეძლოს,“ – ამბობს თემურ ქორიძე.

მისი თქმით, სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში ხელმძღვანელის გარდა სხვა თანამშრომლებიც იურისტები იქნებიან.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად საკმარისია მხოლოდ იურისტის პროფესია იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების მიმართ მეტი მგრძნობელობა ჰქონდეს სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენელს, თემურ ქორიძე ამბობს, რომ ეს მათ არ უშლის ხელს ისეთ საქმეებზე, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება საქმის წარმოებას, სხვა პროფესიის ადამიანებიც დაასაქმონ.

თემურ ქორიძის ინფორმაციით, განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება. რაც შეეხება გიორგი ჩარკვიანს, რომელიც წლების განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო აჭარაში, თემურ ქორიძე ამბობს, რომ მას განაცხადი არ შეუტანია. დარჩება თუ არა ჩარკვიანი სახალხო დამცველის აპარატში სამუშაოდ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. სავარაუდოდ მას სამსახურში ხელშეკრულებით დაასაქმებენ. გიორგი ჩარკვიანს არ აქვს იურიდიული განათლება.

„ბათუმის წყალი“ 108 ათას ლარად ექსკავატორს დაიქირავებს

„ბათუმის წყალი“ ორი ექსკავატორისა და ამდენივე ამწეს დაქირავებაში მაქსიმუმ 232 452 ლარს გადაიხდის. ტექნიკას [საწვავისა და  მძღოლი ოპერატორის მომსახურების ჩათვლით] საწარმო ჯამში 60 დღით დაიქირავებს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა.

„ბათუმის წყალი“ 720 საათით დაიქირავებს ექსკავატორს [სატენდერო ფასი მაქსიმუმ 108 ათასი ლარი], მინიექსკავატორს [34 956 ლარი], ამწე-კალათს [28 476 ლარი] და ავტოამწეს [61 020 ლარი].

მიმწოდებელმა, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მოცულობის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული დღის განმავლობაში. მომსახურების შესრულების საბოლოო ვადაა 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი; მომსახურების შესრულების ადგილი – ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის ქ. N19, წერეთლის ქ. N2, ჯავახიშვილის ქ. N72, აბუსერიძის ქ. N6, შპს ,,ბათუმის წყლის“ ადლიის გამწმენდი ნაგებობა, წყალმომარაგების ჩაქვის, ჩაისუბნის, მეჯინისწყლის სათავე ნაგებობები, ასევე ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

„მიმწოდებელთან ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში, ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების შესახებ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში; წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება. თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მოცულობების ღირებულებამ არ შეადგინა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს შეუსრულებელი მომსახურების მოცულობების ანაზღაურებაზე,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013-2014 წლებში „ბათუმის წყლის“ მიერ ფინანსების კანონიერად და რაციონალურად ხარჯვა ეჭვქვეშ დააყენა. აუდიტის მიხედვით, საწარმოს 2014 წლის სრული შემოსულობები 10 316 576 ლარით განისაზღვრა, დანახარჯებმა კი 10 233 857 ლარი შეადგინა, საიდანაც თითქმის ნახევარი, 5 მილიონზე მეტი – თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემიებში გაიხარჯა. აუდიტის დასკვნით, ხარვეზები იყო ტექნიკის ექსპლუატაციასთან დაკავშირებითაც. აუდიტის მიერ მომზადებულ მასალებზე კი გამოძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში მიმდინარეობდა.

„ბათუმის წყლის“ ძირითადი შემოსავალი აბონენტების მიერ წყლის საფასურის სახით გადახდილი თანხაა. საწარმო ბათუმის ბიუჯეტიდანაც იღებს სუბსიდიას. შპს „ბათუმის წყლის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი კი ბათუმის მერიაა. 2015 წელს „ბათუმის წყლის“ დასაფინანსებლად ბათუმის ბიუჯეტში 1 მილიონ 680 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

მაჭახლის „სახალხო კრება“ ხეობისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

დღეს, 17 თებერვალს, მაჭახლის ხეობაში, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობამ „სახალხო კრება“ გამართა. ხეობაში მდებარე ცხრა სოფლის მოსახლეობა სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

მოსახლეობამ „კრებაზე“ აჭარის მთავრობაც მიიწვია, თუმცა, როგორც მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მოსახლეობასთან შეხვედრას უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა.

„ხალხს აინტერესებს, თუ რა არის მიზეზი, რომ ჩვენი სოფლები არ მოხვდა მაღალმთიან დასახლებათა სიაში; რას აკეთებს ამისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა? – როგორც გვითხრეს, მიმართვები დაგზავნილი აქვთ, თუმცა კონკრეტულს ვერაფერს გვეუბნებიან.  არადა, ამ ნუსხაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილია. შემდეგ, მომდევნო 10 წელი ეს სია კანონით აღარ გადაიხედება. რამდენადაც ვიცით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია ინიციატივით შევიდეს პარლამენტში და მოითხოვოს შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მკვიდრმა, ბექა ქობულაძემ.

მისივე თქმით, მაჭახლის ხეობის სოფლების პრობლემა ისაა, რომ ზღვის დონიდან გარკვეულ სიმაღლეზე ზევით არ მდებარეობს, „სხვა მხრივ ხეობა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუმცა ამის გარეშეც, როგორც ისტორიული-გეოგრაფიული მხარე, ალბათ შეიძლებოდა სტატუსის მინიჭება“.

აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები, რომლებზეც ვრცელდება მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონით დაწესებული შეღავათები, ეს არის მაგალითად, ზემო სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი… მათ შორის მოხვდა მაღალმთიანი აჭარაც –  ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები.

ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კახა შაშიკაძის განცხადებით: „მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ დაავალა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეემუშავებინა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა დასახლებისთვის სტატუსის მინიჭება. სამინისტრომ შეიმუშავა სამი კრიტერიუმი – დემოგრაფიული, სასოფლო-სამეურნეო და პერიფერიულობის კრიტერიუმი. ბოლო ორს მაჭახლის ხეობის სოფლები აკმაყოფილებს, მაგრამ დემოგრაფიული კრიტერიუმია, ასე ვთქვათ, გადასახედი. ანუ, დასახლებამ რომ მიიღოს სტატუსი, 2002 წლის საყოველთაო  აღწერისა და 2014 წლის აღწერის მონაცემების შედარებით, მოსახლეობის კლება უნდა იყოს 25% და მეტი, ამასთან, დასახლებაში მცხოვრებთა საშუალო ასაკი უნდა იყოს 40 წელი და ზემოთ“.

ნიშანდობლივია, რომ 2014 წლის აღწერის საბოლოო შედეგებს, სტატისტიკის დეპარტამენტი 2016 წლის აპრილის თვეში გამოაქვეყნებს. შესაბამისად, უცნობია რა მონაცემებს დაეყრდნობა სამინისტრო და საბჭო, რათა მაჭახლის სოფლები დემოგრაფიული კრიტერიუმით შეაფასოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან მაჭახლის ხეობა ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე ზევით არ მდებარეობს, მან სამივე ზემოაღნიშნული კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს [თუ დასახლება 800-დან 1100 მეტრ სიმაღლეზეა, საკმარისია ორი კრიტერიუმი დააკმაყოფილოს, ხოლო თუ 1100 მეტრზე ზევითაა, მაშინ ერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაც საკმარისია, სტატუსი რომ მიენიჭოს].

აჭარის მთავრობაში აცხადებენ რომ კანონი რაიმე გამონაკლისს არ ითვალისწინებს, თუ რაიმე შესაბამისი წესი არ შეიცვალა.

„მუშა პროცესია, უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ მაჭახლის ხეობის საკითხს. გარდა მაჭახლის სოფლებისა გვინდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის თემის რამდენიმე სოფელს და ასევე ჩაქვისთავს მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი“ – აცხადებს კახა შაშიკაძე.

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

„სახალხო კრება“ მაჭახლის ხეობაში
„სახალხო კრება“ მაჭახლის ხეობაში

ბათუმში ამერიკული ჯგუფი The Exchange ჩამოვა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული ჯგუფის „The Exchange” -ს კონცერტი ბათუმში მარტის ბოლოს შედგება. კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი ახალგაზრდა შემსრულებლებიც მიიღებენ, რომლებიც ამერიკელებთან ერთად ერთობლივად შეასრულებენ ახალ კომპოზიციებს.

ჯგუფი “The Exchange” ბათუმში კონცერტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით გამართავს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 17 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურის ატაშეს დემიენ უომპლერსა და კულტურული პროგრამების კოორდინატორს თამარ რთველიაშვილს შეხვდა.  შეხვედრის დროს განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. „ამ შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ამერიკული ჯგუფის “The Exchange” -ს კონცერტიც“- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

ვის ჩაუტარებს ტრენინგს დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში

ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭო უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურას კიდევ ერთხელ განიხილავს. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ინფორმაციით მას პირველი წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ ტეპუტატებთან კონსულტაციები ჰქონდა.

„მათ პიროვნულად ჩემთან პრეტენზიები არ ჰქონიათ, წარდგენის წესთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები,“ – ამბობს დავით კვაჭაძე.

დავით კვაჭაძე
დავით კვაჭაძე

კითხვაზე, ვინ იგულისხმა, როდესაც წინა წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა „ … იქით ჩავუტარებ მათ ტრენინგებს“ – უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა უპასუხა: „ მე ვიგულისხმე საჯარო მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კანონის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენენ.“

დავით კვაჭაძე 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. არაოფიციალურ საუბრებში მას „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის საგარეჯოში ორგანიზაციის დამკვირვებლების მონიტორინგს ხელმძღვანელობდა. 2012 -2013 წლებში მას „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დამკვირვებლების ტრენერთა მომზადების უზრუნველყოფა ებარა.

1994 -1995 წლებში ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1991 -1992 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოთვლით ცენტრს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე დავით კვაჭაძეს ბიზნესსექტორშიც უცდია ბედი, სხვადასხვა დროს ის შპს „ლარგოგრუპს“ და შპს „ლაქი ბენდს“ ხელმძღვანელობდა.

 

პოლიტიკური მანიპულაციები სექსუალური უმცირესობების თემით

მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვს, რომ ოჯახის განმარტება უნდა მოხდეს როგორც ქალისა და კაცის, კაცისა და კაცის, ან ქალისა და ქალის ერთობა. ამის საფუძველზე ის სექსუალური უმცირესობების სახელით მოითხოვს ერთნაირსქესიან ადამიანთა შორის ქორწინების აღიარებას. გიორგი ტატიშვილის ინიციატივას გაემიჯნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოფიციალურ განცხადებაში ტატიშვილის ქმედებას პრორუსული, პოლიტიკური თუ რელიგიური ძალების მართული უწოდეს.  როდის, რატომ და ვის მიერ აქტიურდება სექსუალური უმცირესობების თემა საქართველოში და არის თუ არა ის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ისტორიკოსმა გრიგოლ გეგელიამ ისაუბრა.

ბატონო გრიგოლ, ლგბტ ორგანიზაციებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ტატიშვილის სარჩელის უკან პრორუსული პოლიტიკური ძალები დგანან. ისინი ასევე საუბრობენ ამ თემით საპატრიარქოს მხრიდან სპეკულაციაზეც. თქვენი შეფასებით, როდის და რატომ აქტიურდება ეს თემა საქართველოში და ვინ დგას ამ ინიციატივის უკან?

ძირითადად ასეთ თემატიკას მკვეთრად ანტიდასავლური ძალები იყენებენ, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში აქტიურდებიან ხოლმე, რომ დააშინონ საზოგადოება და შექმნან მითები საფრთხეებზე. ყველაზე აქტიურები ეს ძალები წინასაარჩევნო პერიოდში ხდებიან, როცა ყველა ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას.

 გახსოვთ ალბათ, გიორგი თარგამაძემაც [ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა] თავის დროზე სწორედ სექსუალური უმცირესობების თემა გამოიყენა წინასაარჩევნოდ და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ერთნაირსქესიან ადამიანთა ქორწინების წინააღმდეგ, მაშინ როცა ამის საფუძველი არ არსებობდა. ამ ტიპის კამპანიასთან გვაქვს ახლაც საქმე?

მახსოვს ეს ყოვლად კომიკური კამპანია. ამ თემით მაშინ მხოლოდ გიორგი თარგამაძე იყო დაინტერესებული. თუმცა, პარლამენტში შესვლის შემდეგ ეს საკითხი აღარ გახსენებია.

 დღეს რომელი ჯგუფის ინტერესებში შედის სექსუალური უმცირესობების ან რელიგიური თემით სპეკუკირება? ხშირად ამ ორ თემას ერთმანეთთან კავშირში განიხილავენ.

ეს თემა შეიძლება ბევრ ჯგუფს აწყობდეს, თუნდაც ე.წ. „ქართველ კონსერვატორებს“, რომელთაც კონსერვატიზმთან საერთო არაფერი აქვთ, რეაქციულ, ზოგადად, ანტიდასავლურ ძალებს. პრინციპში, ეს არის ამ ძალების მთავარი გამაერთიანებელი ხაზი, ისინი თანხმდებიან, რომ საქართველო არ უნდა იყოს თავისუფალი სახელმწიფო და უნდა იყოს რუსეთის ვასალი. მნიშვნელოვანია ევროპის დისკრედიტაციის ფაქტორი, როცა ამბობენ, რომ თუ დავადგებით ამ გზას, გვემუქრება კულტურული დეგრადაცია და ა.შ.

 სექსუალური უმცირესობების ქორწინების თემა აგორდა ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინაც. ითქვა, რომ ევროკავშირი, გაწევრიანების სანაცვლოდ, სექსუალური უმცირესობების ქორწინების დაკანონებას ითხოვდა. დრომ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. ბოლო შემთხვევაც მხოლოდ არჩევნებს უკავშირდება?

არჩევნებს უკავშირდება პირდაპირ, თუმცა მეორე მხრივ, ანტიდასავლური ძალების დაუოკებელ ჟინს, რომ საქართველო არ გახდეს ღირსეული, სტაბილური და თავისუფალი სახელმწიფო. ევროპული ქვეყნის არაერთ სახელმწიფოში არ არის ერთნაირი სქესის ადამიანთა ქორწინება დაკანონებული და არც აპირებენ დაკანონებას. ეს შიდა პროცესია და თუკი ეს ოდესმე მოხდება, ეს იქნება საქართველოს დემოკრატიული გადაწყვეტილება რეფერენდუმის სახით, ამას სხვანაირად ვერავინ ვერ მოგვახვევს თავს. ევროპის კავშირში ან რომელიმე სხვა კავშირში წევრობასთან ამ თემას არანაირი კავშირი არ აქვს.

სექსუალური უმცირესობების დამცველი ორგანიზაციები თავიანთ განცხადებაში გარდა პრორუსული ძალებისა, საუბრობენ საპატრიარქოს ინტერესებზეც. „სწორედ საპატრიარქოს აწყობს საზოგადოებაში მტრის ხატის შექმნა, რათა შეშინებული ხალხით გააგრძელოს მანიპულირება, მოევლინოს მათ დამცველად“, – აღნიშნულია მათ განცხადებაში.  საპატრიარქომ თხოვა შს სამინისტროს გიორგი ტატიშვილისთვის გამოეყო დაცვა. სასულიერო პირები, რომლებიც 17 მაისს ფიზიკურად გაუსწორდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და მათი უფლებების დამცველებს, დღეს რატომ ზრუნავენ ერთი კონკრეტული პირის უსაფრთხოებაზე. იკითხება რაიმე ქვეტექსტი?

მივესალმები საპატრიარქოს ამ განცხადებას იმ მხრივ, რომ გიორგი ტატიშვილი არის საქართველოს მოქალაქე და ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. მეორე _ საპატრიარქო დღეს არის უფრო ფრთხილი, ვიდრე იყო აქამდე და ცდილობს გაემიჯნოს რენეგატი სასულიერო პირების განცხადებებს. თუმცა, საპატრიარქოს მისამართით მაინც ჩნდება კითხვები, თუ რატომ ადარდებს ასე ძალიან ერთი კონკრეტული პირის უსაფრთოება, როდესაც ვიცით, მისი ზოგადი პოზიცია სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეს პირი არის ბუნდოვანი კანონპროექტის ინიციატორი და მის გარდა არც ერთი ლგბტ ორგანიზაცია არ ითხოვს ქორწინების უფლების დაკანონებას. პირიქით, ემიჯნება კიდეც.

რამდენად შესაძლებელია, რომ ეს სახელისუფლებო წრეებიდან იყოს წახალისებული, უფრო მნიშვნელოვანი თემების, თუნდაც სოციალური პრობლემების გადაფარვას ხომ არ ცდილობს ხელისუფლება?

ყველაფერი შესაძლებელია, რადგან ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კონტექსტში ხდება. თუ უფრო დავავიწროვებთ, იმ პროცესში, როცა ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ რეალურმა მმართველმა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სიების თაობაზე. ამიტომ, გარკვეულ პირებს, იგივე ბოლო პერიოდში გაკეთებული არაკორექტული განცხადებების ავტორებს, სურთ საკუთარი სისულელეების გადასაფარად გამოიყენონ ეს თემა. ბევრნაირი ინტერესი არსებობს, მაგრამ ცხადია, ანტიდასავლურ, პრორუსულ ძალებს აწყობთ ყველაზე მეტად მსგავსი რამ. იგივე ბურჯანაძე-ვასაძეს და დემოგრაფიული განვითარების თუ ცენტრის ხელმძღვანელ ტომარაძეს, რომელიც არის ავტორი ყოვლად უაზრო კანონპროექტის „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ შესახებ, რომელიც ისეთივე პოლიტიკური სპეკულაციაა, როგორც სექსუალური უმცირესობების ქორწინების თემა.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ასევე ძალიან გააქტიურდა ანტიკამპანია გიორგი მაისურაძის და ზოგადად იმ პირების მისამართით, რომლებიც კრიტიკული მოსაზრებებით გამოირჩევიან საპატრიაქროს მისამართით. ესეც ამ პროცესის (ვგულისხმობ სარჩელის შეტანას) ნაწილია?

მანამდე იყო პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანია, როცა თქვეს რომ გიორგი მარგველაშვილი კომფორტის მოყვარულია, რაც ცალსახად კომიკურია. შემდეგ იყო პარლამენტში მისი გამოსვლის გაკრიტიკება, რადგან მარგველაშვილი რჩება ნეიტრალურ პიროვნებად  და ცალსახად პროდასავლურ პრეზიდენტად. შემდეგ ამას მოჰყვა თავისუფალ აზრზე თავდასხმები და ა.შ ასეთი დამთხვევები პოლიტიკაში არ არსებობს და ძირითადად არის გამიზნული, ერთობლივი კამპანია. ფართო გაგებით ეს არის ძალა, რომელიც იღწვის იმისთვის რომ საქართველოში არ დამკვიდრდეს თავისუფლება და სტაბილურობა.

 რადგან ამ პროცეს აქვს პერმანენტული სახე, როგორ ფიქრობთ, საზოგადოება აღარ მომწიფდა იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალების ანკესს არ წამოეგოს?

ჩვენ პრობლემა გვაქვს საბაზისო ცნებებთან, იმასთან, თუ რას ნიშნავს იყო მოქალაქე და რას ააშენო თავისუფალი სახელმწიფო. ჩვენ ამ ფუნდამენტურ ცნებებს განვმარტავთ სხვასთან მიმართებაში, მათ შორის ლიბერალური დისკურსიც კი ისე წარმოგვიჩენს პოლიტიკურ თავისუფლებას, თითქოს ეს არის იმპორტი, ფრანგული ან ინგლისური ბრენდი და არა ისეთი რამ, რაც ავთენტურად, ორგანული ფორმით საქართველოშიცაა. ჩვენ არ ვახსენებთ ხშირად ჭავჭავაძეს, ჯავახიშვილსა და ჟორდანიას, თავისუფლების ამ სამ თეორეტიკოსს. ჩვენ გვქონდა ეს ტრადიცია და ახლაც გვაქვს. უნდა მივიდეთ ჩვენი შიდა ცხოვრებით და გააზრებით ამ იდეებამდე და არა ასოცირების ხელშეკრულებით ან უვიზო მიმოსვლით, რომელიც უდავოდ კარგი პროცესის ფორმალური მხარეა.

 

დაფინანსება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის

დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
 სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
 დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
 მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი.
 სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.
პროგრამა ხორციელდება აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროს  2016 წლის  პროგრამის – „განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის“ ფარგლებში,  საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დასაფინანსებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე,  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 % -სა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ  სამინისტროში 2016  წლის 17 თებერვლიდან  2016 წლის 4 მარტის ჩათვლით.

შუახევიდან და ხიჭაურიდან უპატრონო ძაღლებს ბათუმის თავშესაფარში გადაიყვანენ

დაბა შუახევისა და ხიჭაურის ტერიტორიაზე „უპატრონო, მაწანწალა ცხოველების დაჭერასა და თავშესაფარში გადაყვანაზე“ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შუახევსა და ხიჭაურში სულ 88 უპატრონო  ძაღლის დაჭერასა და მათ ქ. ბათუმში, უპატრონო ცხოველების თავშესაფარში გადაყვანისთვის, მუნიციპალიტეტი მაქსიმუმ 5 ათას ლარს გადაიხდის.

„პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თავშესაფრის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან დროებით სარგებლობის უფლების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით… მომსახურების მიწოდება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, კვარტალში ერთი ვიზიტი, შემსყიდველის წერილობით ან სატელეფონო მოთხოვნიდან 2-3 დღის ვადაში, 2016 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში.

სასწრაფოდ იყიდება გასარემონტებელი ბინა ზღვის ხედით

სასწრაფოდ იყიდება ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, „აკვაპარკის“ მოპირდაპირედ, მე-5 სართულზე გასარემონტებელი ბინა ზღვის ხედით. აქვს ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი.

samaklero.ge

33358-1

აკაკი ძნელაძე: „ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“

„ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მომზადებული კლიპი გავიდა ტელევიზიებით, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მინდა, ვთქვა, სამართლინიც“, – ასე უპასუხა ბათუმის მჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში, აკაკი ძნელაძემ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე ბულვარის შესახებ დასმულ შეკითხვას. აკაკი ძნელაძესთან ერთად, დღევანდელი დისკუსიის მომხსენებელი მურმან დუმბაძეც იყო, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. დეპუტატები დისკუსიაზე შეკრებილებს წინასაარჩევნო დაპირებების შედეგებზე ესაუბრნენ.

დეპუტატი აკაკი ძნელაძე მიიჩნევს, რომ ბულვარის კონცეფციაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, ოღონდ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით. „კონცეფცია იქნება იმის პირობა, რომ ბულვარს ხელი ვეღარ ახლონ. ყველა ხელისუფლებამ დააზარალა ბულვარი“, – თქვა აკაკი ძნელაძემ. მან დღეს „ჩაზნექილი სკამებიც“ გაიხსენა მისი წინასაარჩევნო გამოსვლიდან: „ზურგჩაზნექილი სკამი ბათუმის სიმბოლოა და ასეთი სკამები არა მხოლოდ ბათუმში, ევროპის ბევრ ქალაქში ყველაზე კარგად მოსასვენებელ სკამად ითვლება. მე პირადად ვნახე, მაგალითად, პარიზში“.

დისკუსიაზე აკაკი ძნელაძეს ბევრ კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი ჰქონდა – „მიუღებელია“, მაგალითად, ქალაქის სივრცით დაგეგმარებაზე, არქიტექტურაზე, „ოცნების ქალაქზე“, „იაფ სახლზე“. დეპუტატს არ უთქვამს, კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ან როგორ გადაიჭრას პრობლემა. მან არც ბათუმის თვითმმართველობაში დაფიქსირებული დაპირისპირების თემა განავრცო. „მე არ მომწონს ის დაძაბულობა, რაც არის ბათუმის მერიასა და საკრებულოს შორის“, – განაცხადა აკაკი ძნელაძემ.

თვითმმართველობაზე აკაკი ძნელაძის პოზიციას დაეთანხმა მურმან დუმბაძე: „მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი გია ერმაკოვის მერად არჩევის. ეს თვითმმართველობა არ ვარგა, ძალიან შენელებული ტემპებით მუშაობენ.“

წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე საუბრის დროს, მურმან დუმბაძემ მთავარი აქცენტი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების ამნისტიაზე გააკეთა და თქვა, რომ ე.წ. „ენვერის“ საქმის მონაწილეების გათავისუფლებაში დიდი წვლილი მას მიუძღვის. ის ასევე შეეხო გონიოს მიწებს. „გონიო პოლიტიკური საკითხია და არა სამართლებრივი. სამწუხაროდ, ეს ნება ამ ხელისუფლებას არ აქვს“, – თქვა მურმან დუმბაძემ და შესრულებულ დაპირებად მემედ აბაშიძის ძეგლისთვის ადგილის შეცვლა დაასახელა.

დაპირებების შესრულებაზე ისაუბრა დეპუტატმა აკაკი ძნელაძემაც. მისი შეფასებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ერმა ამოისუნთქა“ და „ევროპული და ქართული დემოკრატიები ერთმანეთისგან განსხვავდება“. მას შემდეგ, რაც დარბაზისგან კონკრეტიკის მოთხოვნა გააქტიურდა, დეპუტატმა თქვა: „კამოს ქუჩაზე მცირე თეატრალური სცენის ამოქმედებას აქტიურად შევუწყვე ხელი. ამაში აქტიურად ვიყავი ჩართული“.

დეპუტატ აკაკი ძნელაძეს დისკუსიაზე კითხვა ციხისძირის ხეებზეც დაუსვეს, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო. „მე ძალიან ხშირად ვუყურებ  „დისქავერს“ და ამ ტიპის არხებს, ყველაფერი ხდება, მორალს ვერ მივიღებ და პასუხი ასეთი მაქვს – ხეები კი არა, ტაძრები გადააქვთ“.

IMG_3523

 

IMG_3434

 

IMG_3436

 

IMG_3405

 

IMG_3414

 

 

 

ერთობლივი წვრთნები ნატო-ს ხომალდების მონაწილეობით

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებმა ერთობლივი სწავლებები ჩაატარეს. წვრთნები ნატო-ს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს მოიცავდა. ხომალდებმა ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამაშველო ოპერაციის დემონსტრირება მოახდინეს.

შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას იღებდნენ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამი და ნატო-ს ტაქტიკური ჯგუფის ოთხი ერთეულისგან შემდგარი ხომალდები:

„სწავლება ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ერთობლივი წვრთნების დაწყებამდე, ბათუმს ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო ეწვია, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდა. ერთობლივი საზღვაო წვრთნები ნატო-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად“.

ნატო-ს ხომალდები ბათუმის პორტში 12 თებერვალს შემოვიდნენ.

ერთობლივი წვრთნები
ერთობლივი წვრთნები – ნატო-ს ხომალდები ბათუმის აკვატორიაში

ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და ბარცხანის დასახლებას წყლის მიწოდება შეუწყდება

„ბათუმის წყალი“ ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და ბარცხანის დასახლების აბონენტებს აფრთხილებს, რომ დღეს, 16 თებერვალს, საღამოს 23 საათიდან მომდევნო დღის დილის 8 საათამდე, შეუწყდებათ წყლის მიწოდება.

„ჩაქვი-ბათუმის 1200 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო დღეს, 17 თებერვალს, 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და ბარცხანის დასახლების აბონენტებს“ – აღნიშნულია შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.

ბათუმის მერია: უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი გამკაცრდება

საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების იმ მძღოლების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებმაც ბათუმის მერიასთან  აქცია გამართეს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა. მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ბათუმის მერიასთან საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ და ქალაქის ტერიტორიაზე არაფორმალური, უკანონო ავტოსადგურების არსებობა გააპროტესტეს. მიკროავტობუსების მძღოლებს ქალაქის მერი და ვიცე-მერი შეხვდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გამკაცრდება უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი. 24-საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით, მერიის ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს, საპატრულო პოლიციისა და ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ განხორციელდება ერთობლივი მონიტორინგი და მოხდება კანონდამრღვევთა დაჯარიმება.

დღესვე გადაწყდა, რომ გაიმართება კანონიერი და არაფორმალური ავტოსადგურების მძღოლებთან შეხვედრა, რათა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს. მანამდე ბათუმის მერიამ არაერთხელ მოუწოდა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვან კომპანიებს, შეეწყვიტათ საერთო პარკირების ადგილების უკანონო და არამიზნობრივი გამოყენება. გარდა ამისა, გასული წლის 25 დეკემბერს ბათუმის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ,,იკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების, სხვა მომსახურების და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისთვის“.

ბათუმის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვან კომპანიებს, თვითმმართველობის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად, მგზავრთა გადაყვანა ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურების ტერიტორიებიდან განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმმართველობა იტოვებს უფლებას, საერთო პარკირების ადგილების უკანონოდ მოწყობილი ავტოსადგურებისაგან გათავისუფლების მიზნით, გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება“.

დღეს, 16 თებერვალს, საქალაქთაშორისო მარშრუტების მძღოლები საპროტესო აქციით მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა არაფორმალური ავტოსადგურის არსებობას აპროტესტებდნენ.

მძღოლების აქცია მერიასთან 16.02.2016

მძღოლების აქცია მერიასთან 16.02.2016

მძღოლების აქცია მერიასთან 16.02.2016
მძღოლების აქცია მერიასთან 16.02.2016

აჭარაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების 7 ფაქტია დადასტურებული

აჭარაში, გრიპის მიმდინარე ეპიდსეზონზე H1N1 ვირუსით გარდაცვალების მე-7 შემთხვევა 15 თებერვალს დაფიქსირდა. გარდაცვლილია ხანდაზმული, რომელიც H1N1 დიაგნოზით ბათუმის ერთ-ერთ სტაციონარში იყო მოთავსებული.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 თებერვლის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 259-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 82 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 14 პაციენტი. 7 პაციენტი გარდაიცვალა.

„ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის 2015-2016 წლის ეპიდსეზონზე, პიკი აღინიშნებოდა მიმდინარე წლის მე-4 კვირას. მე-6 კვირის მონაცემებით ინციდენტობის მაჩვენებლის დინამიკა კლებადია,“ – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის ეროვნული ტური ტექნოპარკში გაიმართება

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა (IYIPO) მონაწილეთა განაცხადების მიღებას იწყებს. IYIPO წელს მეათედ გაიმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის გამომგონებელი და ნორჩი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.
მიმდინარე წლის 19 მარტს დაგეგმილია IYIPO 2016-ის რესპუბლიკური ტური, რომელსაც წელს უნიკალური შესაძლებლობების სივრცე და ახალგაზრდა ინოვატორებისთვის შექმნილი ადგილი – ტექნოპარკი უმასპინძლებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი გამოგონება ან სამეცნიერო ოლიმპიადის ძირითადი მიმართულებებია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია. წელს IYIPO მონაწილეებს მორიგ სიახლეს სთავაზობს.
მიმდინარე წლიდან არსებული სექციების გარდა მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი გამოგონება ან კვლევა ეკოლოგიის მიმართულებითაც წარადგინონ, რომელიც წელს ბიოლოგიის განყოფილებას დაემატა. საბოლოოდ შემოსული პროექტები სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდება და საუკეთესო მოსწავლეები უცხოელ ნორჩ გამომგონებლებთან ერთად 21-23 აპრილს დაგეგმილ ფინალში იასპარეზებენ. ასევე სპეციალური წამახალისებელი პრიზებია დაწესებული გამარჯვებულ მოსწავლეთა პედაგოგებისთვისაც, რომლებიც კურირებენ ნაშრომებს და ეხმარებიან ახალგაზრდა გამომგონებლებს.
პროექტის პირველი ეტაპის გამოფენა-კონკურსი ღია იქნება დამთვალიერებლებისთვის. გამოფენა ტექნოპარკშია დაგეგმილი, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ახალგაზრდა ინოვატორებს, საკუთარი იდეების რეალიზებაში, რათა შემდგომში უკეთ განავითარონ და მოახდინონ მათი კომერციალიზაცია. პროექტისთვის მნიშვნელოვანია მოხდეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაცია, რაშიც აქტიურად არის ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტო ჩართული, ხოლო IYIPO საუკეთესო კონკურსია აღმოაჩინოს ასეთი ახალგაზრდები.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა 17 მარტამდე უნდა შეავსონ ელექტორონული აპლიკაცია პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.iyipo.ge . რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის დაფარული იქნება სატრანსპორტო ხარჯებიც.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა – IYIPO ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება. ტრადიციულად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი გამომგონებელი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები შემდეგ დისციპლინებს მოიცავს: ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

საკონტაქტო ინფორმაცია: მაიკო ჩიტაშვილი, maiko@publicity. +995593260609; www.iyipo.ge
IYIPO 2015 3 MIN

დღეს ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ბათუმში ჩამოვა

დღეს, 16 თებერვალს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ბაკიტჟან საგინტაევი ეწვევა. საქართველოს დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით ვიზიტის ფარგლებში ბაკიტჟან საგინტაევი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად აჭარაში სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის პორტს დაათვალიერებს. გარდა ამისა, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ სატრანზიტო-სატრანსპორტო საკითხებზე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

17 თებერვალს ყახაზეთის ვიცე-პრემიერის ვიზიტი თბილისში გაგრძელდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან.

მაჭახლის ხეობაში „სახალხო კრებაზე“ აჭარის მთავრობას იწვევენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობის სოფლები მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, მაჭახლის ხეობაში მცხოვრებ ცხრა სოფლის მოსახლეობას ე.წ. მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება არ მიეცემა. ამის გასაპროტესტებლად 17 თებერვალს, დღის 3 საათზე, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობა, მათივე თქმით – „სახალხო კრების“ მოწყობას და მთავრობის სოფელში მიწვევას გეგმავს.

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
სტატუსის მინიჭების წესი და მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. აჭარაში მაღალმთიანი დასახლებებია: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები [დაბებისა და ყველა სოფლის ჩათვლით], ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო.

მაღალმთიან დასახლებაში 2016 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე კი, ორი წლის განმავლობაში – 200 ლარი. დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი.

რაც შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებულ შეღავათებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ იმ პირებს, რომლებიც ხელფასს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან იღებენ, ჩვეულებრივად დაექვითებათ საშემოსავლო გადასახადი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ასეთი გამონაკლისები არიან მრავალშვილიანები, რომელთა კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი, თუმცა მათთვის ეს შეღავათი „მთის კანონის“ ამოქმედებას არ უკავშირდება და ამ კანონის მიღებამდე ისედაც მოქმედებდა. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის მიერ ამავე დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

მძღოლები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ – აქცია მერიასთან

ბათუმის მერიასთან მძღოლები პოლიციას დაუპირისპირდნენ, სადაც დღეს საქალაქთაშორისო მარშრუტების მძღოლები საპროტესო აქციით მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა არაფორმალური ავტოსადგურის არსებობას აპროტესტებდნენ. პოლიციელი აქციის მონაწილე ერთი მძღოლის [რომელმაც მინიავტობუსი მერიის შენობის წინ გააჩერა] დაჯარიმებას აპირებდა, პარკირების წესების დარღვევის გამო. თუმცა, მძღოლების პროტესტის შემდეგ, გადაიფიქრა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ბათუმის მერმა რამდენიმე  მძღოლთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო, ოღონდ ჟურნალისტების გარეშე, დახურული შეხვედრის პირობით. შეხვედრა მერთან ჯერ არ დასრულებულა.

მერიასთან შეკრებილი მძღოლები აცხადებდნენ, რომ მათ დაპირება უშუალოდ გია ერმაკოვისგან მიიღეს: „3 თვის წინ შევხვდით მერს და დაგვპირდა, 10 დღეში მოვაგვარებ ამ საკითხსო. მე თუ ეს არ გავაკეთე, შეგიძლიათ მერიის წინ დააყენოთ თქვენი „მარშუტკებიო,“ – ამბობს თემურ ცეცხლაძე.

მძღოლების თქმით, ამ პირობებში მუშაობა შეუძლებელია: „იმდენი ადგილიდან გადაყავთ მგზავრები სხვადასხვა ქალაქისკენ, უკვე აღარ აქვს ჩვენს მუშაობას აზრი. მოვითხოვთ, რომ არსებულ ავტოსადგურებში, ძველში ან ახალში გაერთიანდეს ყველა და ისე ვიმუშავოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანზორ პატარაიამ.

აქცია მერიასთან
აქცია მერიასთან
აქცია მერიასთან
აქცია მერიასთან

უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურას კენჭს ხელახლა უყრიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, 2016 წლის 18 თებერვალს საბჭოს რიგგარეშე სესიაა დანიშნული. დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია – აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის, დავით კვაჭაძის არჩევა [ხელახალი კენჭისყრა].

პირველ კენჭისყრაზე, 4 თებერვალს, დავით კვაჭაძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. გადაწყვეტილების მისაღებად 11 ხმა იყო საჭირო, კენჭისყრაში კი 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. თუ უსკოს თავმჯდომარის არჩევა მეორე კენჭისყრაზეც ვერ მოხერხდა, უმაღლესი საბჭო დავით კვაჭაძის კანდიდატურას კენჭს მესამედ უყრის.

იურისტები როგორც მთავრობაში, ასევე უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ კანონის მუხლები, რომლებიც თავმჯდომარის არჩევას ეხება, ბუნდოვანია.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი უმაღლესი საბჭო არც დავით კვაჭაძეს დაუჭერს მხარს და არც შემდეგ წარდგენილ ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთს, მაშინ უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურა  29 იანვარს წარუდგინა. მთავრობის თავმჯდომარემ დავით კვაჭაძე სამ კანდიდატს შორის შეარჩია. მათ შორის ერთი – პაატა ჯალაღონია მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – დავით ქარცივაძე კი, ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში.

აუქციონები ბათუმში გმირთა ხეივნის მიმდებარე ნაკვეთებზე

„სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნა, მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირებს გაუწიოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დახმარება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K-2) გაზრდასთან დაკავშირებით, შენობათა დასაშვები მაქსიმალური სიმაღლეების გათვალისწინებით,“ – ასეთი შენიშვნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სამ მიწის ნაკვეთზე პირობებიანი აუქციონი გამოაცხადა.

მიწის ნაკვეთები ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ, გმირთა ხეივანთან მდებარეობს. აუქციონების პირობების თანახმად, საპროექტო ობიექტების საორიენტაციო სიმაღლეებია – 100, 110 და 140 მეტრი [±3 მ].

აუქციონზე გამოტანილი სამი მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 10 985 კვ/მ, ხოლო გასაყიდი საწყისი ფასი ჯამში 1 660 000 აშშ დოლარი.

123

 

ერთ ნაკვეთზე 9 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, მეორე ნაკვეთზე – 11 674 000 აშშ დოლარის, ხოლო მესამე ნაკვეთის შემთხვევაში – 10 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია.

სამივე აუქციონი 2016 წლის პირველ მარტს უნდა დასრულდეს.

აუქციონზე გამოტანილ ნაკვეთებზე მრავალფუნქციური შენობა- ნაგებობები უნდა განთავსდეს. უნდა მოეწყოს სასტუმრო, ჰიპერმარკეტი, გასართობი ცენტრი, ავტოსადგომი, სხვა საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულების ფართობები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილებისათვის ადაპტირებული გარემო. მომავალ ინვესტორებს ევალებათ ასევე საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაც.

ზემოთ აღნიშნული ნაკვეთების მომიჯნავედ [ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-ში მდებარე] 2935 კვ.მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს განმეორებით პირობებიან აუქციონზე 463 000 აშშ დოლარად გაყიდა. შემსყიდველი კომპანია „DAR BUILDING“-ია, რომელმაც „ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის [სასტუმრო – არანაკლებ 50 ნომერი, საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწისქვეშა ავტოსადგომი არანაკლებ მიწის ნაკვეთის საპროექტო განაშენიანების [K-1] ფართობისა… საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, მშენებლობის ნებართვის მიღება და საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთიდან არანაკლებ 1800 და არაუმეტეს  2054,5 კვ.მ ფართობზე  მშენებლობის დაწყება“ უნდა უზრუნველყოს. ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიასთან 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა. შესაბამისად, 12 თებერვლისთვის კომპანიას მშენებლობა დაწყებული უნდა ჰქონოდა, თუმცა ჯერ ტერიტორია შემოსაზღვრული არ არის და საინფორმაციო დაფაც ამ ნაკვეთზე მდებარე ხეზეა მიჭედებული.

საინფორმაციო დაფა „DAR BUILDING“-ის მიერ შესყიდულ ტერიტორიაზე
საინფორმაციო დაფა „DAR BUILDING“-ის მიერ შესყიდულ ტერიტორიაზე
საინფორმაციო დაფა „DAR BUILDING“-ის მიერ შესყიდულ ტერიტორიაზე, რომელიც დიდთოვლობისას წაიქცა
საინფორმაციო დაფა „DAR BUILDING“-ის მიერ შესყიდულ ტერიტორიაზე, რომელიც დიდთოვლობისას წაიქცა

 

 

 

 

 

 

 

 

აუქციონის პირობების თანახმად, „DAR BUILDING“-მა „ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა. ექსპლუატაციაში შეყვანიდან 6 თვის განმავლობაში შენობა-ნაგებობის ნაწილში,  არანაკლებ 1000 კვ.მ ფართობზე საზოგადოებრივი კვების ობიექტ(ებ)ის [მათ შორის, სამინისტროსთან შეთანხმებით მოეწყოს ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან: „ლაუნჯი“ – ბარი, ჩაის სახლი, ყავის სახლი] და გასართობი ცენტრ(ებ)ის [მათ შორის, ბოულინგ ცენტრი] მოწყობა. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 7 000 000 აშ  დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება“.

განაშენიანება გმირთა ხეივნის მიმდებარედ [მაკეტი]
განაშენიანება გმირთა ხეივნის მიმდებარედ [მაკეტი]

ტენინგკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ახალ ტრენინგკურსს იწყებს. პროექტის ,,სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში“ მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სამართლებრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდებში.

ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგკურსის საშუალებით ახალგაზრდები, გარდა თეორიული ნაწილისა, გაეცნობიან იმ იურიდიული დოკუმენტების შედგენის წესებსა და ინსტრუქციებს, რაც საზოგადოებასთან სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად ყოველდღიურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად დასჭირდებათ.

„ტრენინგის მონაწილეები უკეთ დაინახავენ მოქალაქეთა როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, რაც გაზრდის მუნიციპალიტეტში მათ სამოქალაქო აქტივობას. “
კურსის ფარგლებში ისინი დაესწრებიან საკრებულოს სხდომებსაც.
ტრენინგებს კვალიფიციური სამართალმცოდნეები ჩაატარებენ .

პროექტის ხანგძლივობა ორი თვეა.
პროექტში განაცხადის წარდგენის უფლება მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 22 წლამდე ასაკის მოზარდებს და ახალგაზრდებს აქვს. მსმენელთა რაოდენობა 24 ახალგაზრდაა.

1 თვის განმავლობაში ჩატარდება 8 სამუშაო შეხვედრა. თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი არასაგაკვეთილო დროებში.
ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც გამოვლინდება საუკეთესო მოსარჩელე და საუკეთესო მოპასუხე . მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და გადააგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: khelvachauriyouthcenter@gmail.com. მონაწილეებს აპლიკაციების განხილვის საფუძველზე შეარჩევენ.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2016 წლის 10 თებერვლიდან 20 თებერვლამდე.

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში გასულ კვირას კიდევ ორი მოსამართლე დაინიშნა. ერთ-ერთი მათგანი – 50 წლის სალიხ შაინიძე ბოლო 6 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა. უფრო ადრე კი – 1999-2009 წლებში სალიხ შაინიძე მოსამართლე იყო. ის ორ – შუახევისა და ხულოს  სასამართლოში ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, მათ შორის ხულოში დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის მოვალეობის შესრულება, ხოლო შუახევში დანიშნული იყო მოსამართლის თანამდებობაზე.

ფოტო სალიხ შაინიძის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო სალიხ შაინიძის ფეისბუქგვერდიდან

სალიხ შაინიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 22 თებერვლიდან შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. მანამდე, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, საადვოკატო საქმეების გადაბარებით არის დაკავებული.

ინდირა მაშანეიშვილი
ინდირა მაშანეიშვილი

ბათუმის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის კიდევ ერთი მოსამართლე გახდა 44 წლის ინდირა მაშანეიშვილი. ბათუმში გადმოსვლამდე, 2012 წლის 31 ოქტომბრიდან ის სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2005 წელს დაინიშნა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2011 წლიდან კი დაეკისრა ვანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ ახალმა მოსამართლეებმა შეიძლება შიდა ბრძანებით სხვა კოლეგიაში – ან ადმინისტრაციულში ან სამოქალაქოში გააგრძელონ საქმიანობა.

2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე მეორედ დანიშნეს ახალი მოსამართლეები. 

 

იყიდება სამოთახიანი თანამედროვე დიზაინის ბინა ევრორემონტით

ბათუმის ცენტრში, გორგილაძისა და ტურგენევის ქუჩების კვეთაში, პარკიდან 50 და ზღვიდან 150 მეტრში, ახალაშენებული 12-სართულიანი სახლის მეათე სართულზე იყიდება სამოთახიანი (74 კვ. მ) ბინა თანამედროვე დიზაინის, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით. ბინას აქვს ქალაქის, ზღვის, ბულვარის საუკეთესო ხედები.

samaklero.ge

491f68c211b5c14f2c8c7e866c6b3611_1

d416ba070caf0f7eaa7291c783288701_66

346a2374bfa4de3113e78efa9df58925_5

098f830539e70df31ef81d745ab5ed3d_28

„ლავას ოღლის“ ახლობლების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს ბ.ი.-ის საქმეზე მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. ბ.ი. ე.წ. კანონიერი ქურდის – მინდია გ.-ს, მეტსახელად „ლავას ოღლის“ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელია. სამართალდამცველებმა ბ.ი. ნარკოტიკების შენახვა-ტარების გამო გასული წლის სექტემბერში დააკავეს. 2015 წლის სექტემბერში პოლიციამ იმავე ბრალდებით „ლავას ოღლის“ კიდევ 4 ახლობელი დააკავა ზედიზედ, მათ შორის, სამს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების გარდა, ბ.ი.-ს პროკურატურა ვაზნებისა და ცივი იარაღის ტარებასაც ედავება, რომელიც გამოძიების ცნობით, ბ.ი.-ს 2013 წლის 4 აგვისტოს აღმოაჩნდა. „პოლიციელების ჩვენებამ აჩვენა, რომ ეს იყო ფაქტობრივად ჩხრეკა  და არა შემოწმება. ჩხრეკას კი უნდა ჰქონოდა გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთება და სასამართლოს ნებართვა. ეს უკანონო ჩხრეკა იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“  ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. ის პროკურატურისგან ასევე მოითხოვს პასუხს, რატომ წაუყენა პროკურატურამ ბრალი ბ.ის დაახლოებით ორი წლის დაგვიანების შემდეგ.

„თქვენ დასკვნაში მიუთითებთ, რომ ბ. ი.-გან ამოღებული დანა მიეკუთვნება ცივი იარაღის კატეგორიას. საიდან იცით, რომ ის იარაღი, რომელზეც დასკვნა დადეთ, ნამდვილად ბ. ი.-სგან ამოიღეს?“ – ეს კითხვა ბრალდებულის ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე შსს-ს კრიმინალისტური სამსახურის მთავარ ექსპერტს დაუსვა, რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა. „ვალდებული ვიყავი, მეპასუხა გამომძიებლის შეკითხვისთვის და ვუპასუხე. მე მხოლოდ იარაღის კატეგორია განვსაზღვრე” – თქვა ექსპერტმა.

ბ.ი.-ს გამოძიება ნარკოტიკული საშუალება „AB CHMINACA“-ს მოხმარებასაც ედავება. „გაოცებული ვარ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით: მან განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა და პირს, რომელსაც AB CHMINACA-ს მოხმარებას ადასტურებს,  წინასწარ პატიმრობაში ტოვებს,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავას ოღლი“ 2016 წლის 30 იანვარს დააკაავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.  შსს-ს ცნობით, ის სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.

 

რატომ უნდა მოვითხოვოთ ეტიკეტირებული პროდუქტი

სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ეტიკეტის გარეშე შეფუთული პროდუქციის გაყიდვა აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნის დაცვას კანონი ბიზნესოპერატორებს წლებია ავალდებულებს, ბევრ სავაჭრო ობიექტში რძის ნაწარმი კვლავ ეტიკეტის გარეშე იყიდება. მომხმარებელი იძულებულია, პროდუქტის შერჩევისას მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ენდოს.

რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ეტიკეტზე მითითებული დასახელება: რძე, არაჟანი, ხაჭო, დო, კარაქი, ყველი და სხვა, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ რძის ნაწარმზე. ხოლო თუ რძის ნაწარმს დამატებული ექნება მცენარეული ცხიმები, მას უნდა გაუკეთდეს შესაბამისი მინაწერი და უნდა აღინიშნოს: კარაქისებრი, არაჟნისებრი, ან კარაქის მსგავსი, არაჟნის მსგავსი პროდუქცია.

ეტიკეტი ისე უნდა იყოს მიმაგრებული პროდუქტზე, რომ არ მოშორდეს, არ წაიშალოს, იყოს ადვილად კითხვადი და შეიცავდეს სრულ ინფორმაციას, თუ რისგან შედგება ესა თუ ის პროდუქტი.

რძისა და რძის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ჰიპერმარკეტებში, სუპერმარკეტებში, მაღაზიებსა და სხვა სარეალიზაციო ობიექტებში დახლზე სარეალიზაციოდ განთავსებულ პროდუქციას ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

გარდა ამისა, ტექნიკური რეგლამენტი მოითხოვს HAჩჩP, ანუ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას იმ მეწარმეებისათვის, რომლებიც ნედლ რძეს თერმულად ამუშავებენ. ეს სისტემა უწყვეტი პროცესია. იგი მოიცავს ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოებას მიკვლევადობის პროცესის დასანერგად.

კახა სოხაძე _ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ 2020 წლამდე საოჯახო ტიპის რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე სურსათის უვნებლობაზე კონტოლი არ განხორციელდება, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ტექნიკური რეგლამენტი უკვე ავალდებულებს რეალიზატორს გასაყიდ ობიექტში არსებულ შეფუთულ პროდუქტს ეტიკეტი გააჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი ვერ აკმაყოფილებს რეგლამენტით გაწერილ მოთხოვნებს, შეუძლია ნედლი რძე რძის საწარმოში ჩააბაროს და ის დამატებითი დანახარჯები შეამციროს, რაც სჭირდება ყველის საწარმოებლად მაგალითად, ბუნებრივი აირი, შეშა, ყველის დედო, მარილი და აშ. რაც არის საჭირო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურის უფროსი, ილია სირაბიძე აცხადებს, რომ რძისა და ხორცპროდუქტების ხარისხსა და ვარგისიანობაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად არ იქნება წარმოებული და ეტიკეტირებული, მწარმოებელი დაჯარიმდება.

თუ რძეს ან რძის ნაწარმს არ აქვს ეტიკეტი ან ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება პროდუქტის შემადგენლობას, მწარმოებელი ბიზნესოპერატორი პირველად ჯარიმდება 400 ლარით ერთჯერადად, ხოლო მეორე ეტაპზე 1200 ლარით. იგივე მოთხოვნა ვრცელდება რესტორნების, სასტუმროების, კაფეებისა და სხვა სწრაფი კვების ობიექტებზეც.

ქვეყნდება შემოკლებით

სტატია მომზადებულია „რეგიონული მედიის ასოციაციის“ მიერ „ევროპის ფონდის“ დაფინანსებით, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტების ფარგლებში. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატიები არ გამოხატავს ევროპის ფონდის, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციას.

Exit mobile version