მთავარი,სიახლეები

მაჭახლის ხეობაში „სახალხო კრებაზე“ აჭარის მთავრობას იწვევენ

16.02.2016 • 1536
მაჭახლის ხეობაში „სახალხო კრებაზე“ აჭარის მთავრობას იწვევენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობის სოფლები მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, მაჭახლის ხეობაში მცხოვრებ ცხრა სოფლის მოსახლეობას ე.წ. მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება არ მიეცემა. ამის გასაპროტესტებლად 17 თებერვალს, დღის 3 საათზე, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობა, მათივე თქმით – „სახალხო კრების“ მოწყობას და მთავრობის სოფელში მიწვევას გეგმავს.

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
სტატუსის მინიჭების წესი და მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. აჭარაში მაღალმთიანი დასახლებებია: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები [დაბებისა და ყველა სოფლის ჩათვლით], ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო.

მაღალმთიან დასახლებაში 2016 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე კი, ორი წლის განმავლობაში – 200 ლარი. დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი.

რაც შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებულ შეღავათებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ იმ პირებს, რომლებიც ხელფასს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან იღებენ, ჩვეულებრივად დაექვითებათ საშემოსავლო გადასახადი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ასეთი გამონაკლისები არიან მრავალშვილიანები, რომელთა კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი, თუმცა მათთვის ეს შეღავათი „მთის კანონის“ ამოქმედებას არ უკავშირდება და ამ კანონის მიღებამდე ისედაც მოქმედებდა. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის მიერ ამავე დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

გადაბეჭდვის წესი