Batumelebi | სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში – Batumelebi

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში გასულ კვირას კიდევ ორი მოსამართლე დაინიშნა. ერთ-ერთი მათგანი – 50 წლის სალიხ შაინიძე ბოლო 6 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა. უფრო ადრე კი – 1999-2009 წლებში სალიხ შაინიძე მოსამართლე იყო. ის ორ – შუახევისა და ხულოს  სასამართლოში ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, მათ შორის ხულოში დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის მოვალეობის შესრულება, ხოლო შუახევში დანიშნული იყო მოსამართლის თანამდებობაზე.

ფოტო სალიხ შაინიძის ფეისბუქგვერდიდან

ფოტო სალიხ შაინიძის ფეისბუქგვერდიდან

სალიხ შაინიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 22 თებერვლიდან შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. მანამდე, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, საადვოკატო საქმეების გადაბარებით არის დაკავებული.

ინდირა მაშანეიშვილი

ინდირა მაშანეიშვილი

ბათუმის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის კიდევ ერთი მოსამართლე გახდა 44 წლის ინდირა მაშანეიშვილი. ბათუმში გადმოსვლამდე, 2012 წლის 31 ოქტომბრიდან ის სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2005 წელს დაინიშნა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2011 წლიდან კი დაეკისრა ვანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ ახალმა მოსამართლეებმა შეიძლება შიდა ბრძანებით სხვა კოლეგიაში – ან ადმინისტრაციულში ან სამოქალაქოში გააგრძელონ საქმიანობა.

2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე მეორედ დანიშნეს ახალი მოსამართლეები. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან