მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს ბ.ი.-ის საქმეზე მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. ბ.ი. ე.წ. კანონიერი ქურდის – მინდია გ.-ს, მეტსახელად „ლავას ოღლის“ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელია. სამართალდამცველებმა ბ.ი. ნარკოტიკების შენახვა-ტარების გამო გასული წლის სექტემბერში დააკავეს. 2015 წლის სექტემბერში პოლიციამ იმავე ბრალდებით „ლავას ოღლის“ კიდევ 4 ახლობელი დააკავა ზედიზედ, მათ შორის, სამს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების გარდა, ბ.ი.-ს პროკურატურა ვაზნებისა და ცივი იარაღის ტარებასაც ედავება, რომელიც გამოძიების ცნობით, ბ.ი.-ს 2013 წლის 4 აგვისტოს აღმოაჩნდა. „პოლიციელების ჩვენებამ აჩვენა, რომ ეს იყო ფაქტობრივად ჩხრეკა და არა შემოწმება. ჩხრეკას კი უნდა ჰქონოდა გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთება და სასამართლოს ნებართვა. ეს უკანონო ჩხრეკა იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. ის პროკურატურისგან ასევე მოითხოვს პასუხს, რატომ წაუყენა პროკურატურამ ბრალი ბ.ის დაახლოებით ორი წლის დაგვიანების შემდეგ.
„თქვენ დასკვნაში მიუთითებთ, რომ ბ. ი.-გან ამოღებული დანა მიეკუთვნება ცივი იარაღის კატეგორიას. საიდან იცით, რომ ის იარაღი, რომელზეც დასკვნა დადეთ, ნამდვილად ბ. ი.-სგან ამოიღეს?“ – ეს კითხვა ბრალდებულის ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე შსს-ს კრიმინალისტური სამსახურის მთავარ ექსპერტს დაუსვა, რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა. „ვალდებული ვიყავი, მეპასუხა გამომძიებლის შეკითხვისთვის და ვუპასუხე. მე მხოლოდ იარაღის კატეგორია განვსაზღვრე” – თქვა ექსპერტმა.
ბ.ი.-ს გამოძიება ნარკოტიკული საშუალება „AB CHMINACA“-ს მოხმარებასაც ედავება. „გაოცებული ვარ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით: მან განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა და პირს, რომელსაც AB CHMINACA-ს მოხმარებას ადასტურებს, წინასწარ პატიმრობაში ტოვებს,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავას ოღლი“ 2016 წლის 30 იანვარს დააკაავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შსს-ს ცნობით, ის სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.






