13+8 – რა თანხა ვერ დახარჯა მთავრობამ და რატომ?

2015 წელს აჭარის მთავრობამ ორი მაღალბიუჯეტიანი პროექტის – რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაგეგმა. საავადმყოფოს მშენებლობას ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი, სტადიონის მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა. გარდა ამისა, გასულ წელს განსახორციელებელი პროექტებიდან მთავრობას 13 მილიონზე მეტი ლარი მორჩა. ამ თანხას ემატება ის 8 მილიონი, რაც შარშან სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე უნდა დაეხარჯათ. მიუხედავად ამისა, აჭარის მთავრობა ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს დადებითად აფასებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მთავრობა „ციფრებით მანიპულირებს“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებული გეგმა 183 მილიონ 639 000 ლარი იყო, დაიხარჯა 170 მილიონ 031 400 ლარი. ეს გეგმის 92,6 პროცენტია. ციფრები ხარჯვით ნაწილში ასე გადანაწილდა:

აჭარის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი

2015 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფეხბურთის სტადიონის დაპროექტებასა და მშენებლობაზე 12 მილიონ 984 400 ლარი, ხოლო რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე კლინიკის მშენებლობის დასაწყებად – 5 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯათ. სტადიონისთვის 38 მილიონ 225 ათასი ლარი, ხოლო საავადმყოფოსთვის 18 მილიონი ლარი გამოიყოფა 2017 წლის ჩათვლით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, აქედან ჯერ მხოლოდ 5 მილიონი ლარია დახარჯული.

სტადიონის მშენებლობა, კონტრაქტორთან შექმნილი პრობლემების გამო, გასულ წელს ვერ დაიწყო – მიზეზებსა და ურთიერთბრალდებებზე „ბათუმელებმა“ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავას სასამართლო განიხილავს.

ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს მთავრობამ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ვერ აითვისა საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ხარჯებიდან. გეგმა 5 მილიონ 432 200 ლარი იყო, შესრულება კი – 4 მილიონ 806 300 ლარი. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, `ეს თანხა გზების მოვლა-შენახვისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა არც ერთი დაგეგმილი პროექტი, რაც გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, არ გაჩერებულა“.

სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველსაყოფად 2015 წლის ბიუჯეტში 3 მილიონ 047 000 ლარი გაითვალისწინეს, მაგრამ ფული მთავრობამ ვერც ამ შემთხვევაში დახარჯა [შესრულება 2 მილიონ 292 600 ლარი]. პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დასახლებაში 72-ბინიანი სახლის დასრულება და ბათუმში, თამარის დასახლებაში 58-ბინიანი კორპუსის მშენებლობის დაწყება იყო დაგეგმილი. სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 58-ბინიანი კორპუსის მშენებლობა, რომელსაც შპს „დაგი“ ასრულებს, 2016 წელს დასრულდება. სამინისტროს ინფორმაციით, „სამონტაჟო სამუშაოები შესრულდა ექვს სართულზე. დაწყებულია გარე და შიგა კედლებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი. კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულია 2 მილიონ 016 000 ლარი“.

სოფელ ვაშლოვანში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს კომპანია „ხიდი“ აწარმოებდა. პროექტის ღირებულება 3 254 000 ლარი იყო, საიდანაც კომპანიამ 2015 წლისთვის მხოლოდ მილიონ 781 200 ლარის სამუშაო შეასრულა. სამინისტროს ინფორმაციით, „ამ კომპანიამ სხვა ობიექტებზე წარმოშობილი ფინანსური სიძნელეების გამო, სრულად ვერ უზრუნველყო ვალდებულებების შესრულება და საკუთარი განაცხადის საფუძველზე შეწყდა გაფორმებული ხელშეკრულება“.

შეუსრულებელი დარჩა 735, 5 ათასი ლარის სამუშაო.

ვაშლოვანის საცხოვრებელი კომპლექსის წყალარინებისა და გარე საკანალიზაციო ქსელების მოწყობაზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „ე-კონი“ ასრულებდა. პროექტის ღირებულება 290 000 ლარი იყო. სამონტაჟო სამუშაოები შეჩერდა კორპუსებზე სამუშაოების შეჩერების გამო, რადგან „რიგი სამუშაოების შესრულება ურთიერთკავშირშია“. დაფინანსებულია 182 600 ლარის სამუშაო. ამის გამო პროექტი 2016 წელს დასრულდება.

მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის 2015 წლის გეგმა 598 000 ლარი იყო, შესრულება – 129 200 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში „ლიბერთი ბანკმა“ 25 ბენეფიციარზე გასცა სესხი, საიდანაც ერთმა ბენეფიციარმა სესხი ვადაზე ადრე დაფარა.

ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარებისთვის 5 116 600 ლარი იყო გათვალისწინებული, გასული წლის ხარჯი – 4 მილიონ 118 100 ლარი. რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, ეს თანხა არის საავანსო ხარჯები, რომლებიც კომპანიებმა ვერ აითვისეს; ასევე ტენდერებიდან მიღებული ეკონომია.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 4 მილიონ 108 000 ლარი იყო გათვალისწინებული, აქედან 3 779 700 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების ნაწილი კონტრაქტორებთან შექმნილი პრობლემების გამო გასულ წელს ვერ შესრულდა.

ბიუჯეტის ანგარიში უმაღლეს საბჭოს განსახილველად ახლახან წარუდგინეს. პირველადი განხილვის შემდეგ „ქართული ოცნება“ „შარშანდელთან შედარებით ზრდის ტენდენციის“ არგუმენტით კმაყოფილია, ოპოზიცია კი – უკმაყოფილო.

ანგარიშის ცნობად მიღების საკითხს, დღეს, 21 აპრილს პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ კენჭი. საკითხს სხდომაზე მინისტრი დავით ბალაძე წარადგენს. თანამომხსენებლები: კახაბერ კირტავა – აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ანზორ თხილაიშვილი – საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად

ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლია დეკანაძე ერთ-ერთია იმ 80 ქართველ მოსწავლეს შორის, რომლებიც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის [FLEX] ფარგლებში აშშ-ში ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთი აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში.

17 წლის ლია იხსენებს, რომ პირველად ბედი ამ პროგრამაში მეცხრე კლასში სცადა, თუმცა მეორე ეტაპიდან გამოეთიშა კონკურსს. როგორც ლია ამბობს, თავდაპირველად ინგლისური ენის ტესტი გაიარა, შემდეგ ეტაპზე უკვე მცირე თემების ინგლისურად დაწერაა საჭირო, მესამე ეტაპზე გადასული მონაწილეები კი წერენ ესეს – თუ რატომ სურთ ამერიკაში წასვლა, გადიან გასაუბრებას და ამზადებენ მონაცემებს: განათლებისა და ჯანმრთელობის ცნობებს, წერენ ინტერესის საკუთარი სფეროების შესახებ და საკუთარ თავს წარუდგენენ ორგანიზატორებს.

„აკვირდებიან იმასაც, თუ რამდენად მზადაა მონაწილე ფსიქოლოგიურად ოჯახისგან შორს იცხოვროს მთელი წლის განმავლობაში და შეეგუოს ახალ გარემოს. დიდი ყურადღება ექცევა აქტივობებსა და უნარ-ჩვევებს. მეცხრე კლასში ჩემი ინგლისურის ცოდნის დონე დაბალი იყო“, – ამბობს ლია და დასძენს, რომ მაშინ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები სკეპტიკურად უყურებდნენ ამერიკაში ერთი წლით წასვლის შესაძლებლობას და ურჩევდნენ „ზღაპრებს“ არ აჰყოლოდა. „სიმართლე გითხრათ, ამან მომცა მეტი სტიმული. ჩემთვის ვთქვი, რომ ზუსტადაც – შევძლებდი“, – იხსენებს ლია.

მისი თქმით, მიუხედავად სტიმულისა, როცა შემდეგი კონკურსი მოახლოვდა, მაინც ყოყმანობდა და რომ არა ოჯახის დაჟინებული თხოვნა, შესაძლოა მონაწილეობა არც ეცადა:

„ვიფიქრე, ვერ გადავიდოდი, მაგრამ ახლობლები მეუბნებოდნენ, რომ გამარჯვებისთვის კი არა, თუნდაც, უბრალოდ, ცდისთვის უნდა მიმეღო მონაწილეობა. ჩვენს სკოლაში მშვიდობის კორპუსის მოხალისე მუშაობს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაში. მეუბნებოდა, რომ მე შევძლებდი“.

ლია ამბობს, რომ არასდროს უვლია რეპეტიტორთან ინგლისური ენის შესასწავლად: `შეიძლება კარგი ყოფილიყო, მაგრამ ეს დამატებითი ხარჯი იქნებოდა ოჯახისთვის. სკოლაში მეხუთე კლასიდან ვსწავლობ ინგლისურს, მაგრამ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს საკმარისი არ არის. დაბის სკოლაა და არც ბევრი რესურსი გვაქვს სკოლაში, თან კლასშიც ბევრნი ვართ საიმისოდ, რომ უცხო ენა კარგად ვისწავლოთ. ყველა სხვადასხვა დონეზე ითვისებს. თითქმის არ ყოფილა, რომ ინგლისურის სახელმძღვანელო ბოლომდე დაგვესრულებინოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე ცოდნის მიღება აქაც შეიძლება. უფრო გაღრმავებისთვის კი, პირადად ჩემი მაგალითიდან რომ ვთქვა, ჩამოსულ უცხოელ მოხალისეებთან ყოველთვის ვცდილობ ვიკონტაქტო, სოციალურ ქსელებში მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი, ვცდილობ ინგლისურად ვუყურო ფილმებს და ვიკითხო“.

ლია დეკანაძე
ლია დეკანაძე

ლიას თქმით, მნიშვნელოვანია კომპლექსების დაძლევა და საკუთარი თავის რწმენა. თავადაც ბევრ აქტივობაშია ჩართული: ცეკვა, კალათბურთი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, ახალგაზრდული საკრებულო და სხვადასხვა საგნობრივი ოლიმპიადა და კონკურსები… „მივხვდი, რომ სწავლასთან ერთად ბევრს მძენდა სწორედ ეს აქტივობები, სასწავლო ბანაკები. იქიდან დაბრუნებული ყოველთვის უფრო გაზრდილი მეჩვენებოდა ჩემი თავი, ამიტომაც უფრო აქტიურად ვერთვებოდი“, – ამბობს ლია.

ლია დეკანაძე წარმატებული მოსწავლეა, მან ახლახან გაიმარჯვა კიდევ ერთ პროექტში – „ვკითხულობთ ინგლისურად“ და 13 ივნისს ბაქოში გაემგზავრება სამდღიან ტურში, ყვავილების ფესტივალზე.

მე-11 კლასის მოსწავლე ხულოს საჯარო სკოლიდან ამბობს, რომ მიუხედავად რესურსებზე დაბალი წვდომისა, მაღალმთიანი სოფლის მოსწავლესაც შეუძლია მიაღწიოს მიზანს. „სკოლაში სწავლა არ არის საკმარისი, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა ჩაერთო აქტივობებში, სახლში სცადო, დამატებითი გზები ეძებო და რაც მთავარია, საკუთარი თავის უნდა გწამდეს, სწორი თვითშეფასებაა მნიშვნელოვანი. ჩემს კლასშიც არიან მოსწავლეები, რომლებიც ჩემზე გონიერები და კარგები არიან რაღაც საკითხებში, მაგრამ ხშირად იხევენ უკან. ახლა უკვე ყველამ რომ დაინახა ეს ზღაპარი არ არის, მათაც მიეცათ მოტივაცია და უკვე ბევრი მეკითხება, როგორ მოემზადონ, რა რჩევებს მივცემდი ჩემი გამოცდილებიდან. ვიცი, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ცდის და ეს მიხარია“, – ამბობს ლია.

მალალა იუსაფზაი ლიასთვის შთაგონების წყაროდ იქცა. როგორც ამბობს, სწორედ მისი ისტორიის წაკითხვის შემდეგ მოუნდა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს, ის მშვიდობასა და დაჩაგრულთა უფლებების დაცვას უნდა ეხებოდეს: „ვიცი, ეს ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ის, რომ მე ამერიკაში წავიდოდი სასწავლად, ჩვენთან, ხულოში, არანაკლებ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ჟღერდა”.

პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში

„პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა, როგორც სისტემური დანაშაული, აღმოფხვრილია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს,“ – წერია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილში, რომლითაც უწყება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაზე, ანუ ბათუმის ციხეზე, სახალხო დამცველი საპირისპიროს ამტკიცებს და ადასტურებს იმას, რასაც აქამდე არაერთი პატიმარი „ბათუმელებს“ წერდა. „პირობები, რომელიც არის „ანტივანდალურ საკანში“ უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას“, – ამბობს ომბუდსმენის წარმომადგენელი. პატიმრები გვწერდნენ: „საკანში არის საშინელი უჰაერობა…“

„აქ საერთოდ არ არის საწოლი, რის გამოც გვიწევს პირდაპირ ბეტონის იატაკზე დაძინება. ასევე არ არსებობს მაგიდა და სკამი, გვიწევს იატაკზე საჭმლის ჭამა. ამ მდგომარეობას ამძიმებს ღია მდგომარეობაში არსებული საპირფარეშო. აქვე ვახსენებთ, რომ როგორც დასალევი, ასევე სხვა საშუალებებისთვის გამოსაყენებელი წყალი მოგვეწოდება ძალზე მცირე ოდენობით… საკანი არის სისხლით მოთხვრილი, კედლებს არ წმენდენ განზრახ, რათა იმოქმედოს ჩვენს ფსიქოლოგიაზე“, – ამ წერილს რამდენიმე პატიმარი აწერს ხელს.

„მძიმე პირობებში ყოფნა პატიმრებს ზოგჯერ ერთ თვეზე მეტი ხნით უწევთ,“ – ამბობს ნიკა კვარაცხელია, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. სახალხო დამცველის რეკომენდაციები „ანტივანდალურ საკნებში“ (აქ გადაჰყავთ ის პატიმრები, ვინც შესაძლოა თვითდაზიანება მიიყენოს) პირობების შეცვლაზე შეუსრულებელია.

„უსაფრთხოების, იგივე „ანტივანდალურ საკანს“, როგორც ტერმინს საერთოდ არ იცნობს „პატიმრობის კოდექსი“. ეს ოთახები არ არის შესაბამისად ადაპტირებული. მართალია, იქ არ არის და არც უნდა იყოს ისეთი ნივთები, რაც საფრთხეს შექმნის, მაგრამ საკანი არ არის ისე აღჭურვილი, პატიმარმა თვითდაზიანება რომ ვერ მოახერხოს. მთავარი პრინციპი არის არა პატიმრის იზოლირება, არამედ მასთან უნდა იმუშავოს მულტიდისციპლინარულმა ჯგუფმა, რაც არ ხდება“, – გვითხრა ნიკა კვარაცხელიამ.

ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, თუკი პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი “ანტივანდალურ საკანში”? – სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ: “დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს დაწესებულების დებულებით, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ არის დამტკიცებული. ამ დებულებით უსაფრთხო საკანში მოთავსების მაქსიმალური ვადა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, დირექტორმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, ამოიწურა თუ ისევ არსებობს პატიმრის უსაფრთხო საკანში ყოფნის დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმები. ასეთ პირობებში გართულებულია დირექტორის პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი. მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს კანონმდებლობაში და განისაზღვროს უსაფრთხო საკანში მოთავსების მაქსიმალური ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, რაც ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი გარანტია იქნება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თავიდან აცილების თვალსაზრისით და ამავდროულად, გაამარტივებს დირექტორის პასუხისგებაში მიცემას ამ მაქსიმალური ვადის დარღვევის გამო, ვინაიდან მისი მხრიდან ადგილი ექნება აშკარად უკანონო, თვითნებურ ქმედებას.”

„თუ პატიმრების უსაფრთხოების თემაზეა საუბარი, საერთო პოზიციაზე უნდა შევჯერდეთ. რა მნიშვნელობა აქვს, უშიშროება დამავალებს, თუ სახალხო დამცველი გადაწყვეტილების მიღებას? მე ჩემს პოზიციებში ვარ თავისუფალი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ. რატომ ვერ მოახერხა აქამდე პარლამენტმა პოზიციის შეჯერება და სამართლებრივი რეგულაციების განსაზღვრა თუნდაც „ანტივანდალურ საკანზე“? – გედევან ფოფხაძემ “ბათუმელების“ ამ და სხვა შეკითხვებს, სატელეფონო საუბრის დროს, აღარ უპასუხა: „სხდომაზე შემოვედი უკვე, ვეღარ გიპასუხებთ“.

წამების კუთხით ომბუდსმენი თავის რეკომენდაციებში კიდევ ერთ მოთხოვნას ააქტიურებს: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლში შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს, რომ წამება შესაძლებელია ჩადენილი იყოს მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მდუმარე თანხმობით“.

ბათუმის #3 საპყრობილე. ნათია როყვას ფოტო
ბათუმის #3 საპყრობილე. ნათია როყვას ფოტო

სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, რომ ამ რეკომენდაციის ერთ-ერთი მიზეზი გასულ წელს მომხდარი ფაქტიცაა: სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმარი ძალადობის მსხვერპლი გახდა – შვიდ პატიმარს წამების გამო ახალი მსჯავრი შეეფარდა. ამ საქმეზე დაწესებულების დირექტორი – გიორგი ელიზბარაშვილიც დააკავეს, თუმცა არა წამების (ისჯება თავისუფლების აღკვეთით 12-დან 17 წლამდე), არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე, თანამდებობის დაკავების ჩამორთმევით 3 წლამდე).

„მეც პატიმარი ვარ და მაქვს ტკივილის გრძნობა,“ – ასე პატიმარმა კახა მეცხვარიშვილმა მარტში მოგვწერა. ის წერილებს ციხიდან პერიოდულად აგზავნის ჟურნალისტებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უფლებათადამცველებთან და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას ითხოვს:
„მთელი ღამე ველოდებოდი, ნებისმიერი ნემსი გაეკეთებინათ, რომ მუხლის არეში ტკივილი გამყუჩებოდა. პატიმრის ამ წერილის საპასუხოდ მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება და პირიქით, მან მადლობის წერილიც კი მიწერა დაწესებულების ექიმებს.

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ: „კვლავ პრობლემად რჩება პენიტენციური დეპარტამენტის #2 და #3 დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა… რომ მიიღოს საჭირო სამედიცინო მომსახურება, პატიმარმა უნდა დაწეროს განცხადება სამედიცინო მომსახურების საჭიროების შესახებ და გადასცეს დაწესებულების მორიგე კონტროლიორს. ამ უკანასკნელს დღის განმავლობაში შეგროვებული განცხადებები მიაქვს კანცელარიაში, საიდანაც განცხადებები ეგზავნება დაწესებულების ექიმს. გადაუდებელ შემთხვევაში მიაქვს მორიგე კონტროლიორს განცხადება კანცელარიაში დაუყოვნებლივ, თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა დაადგინოს სამედიცინო განათლების არმქონე კონტროლიორმა შემთხვევის გადაუდებლობა… ეს პროცედურა ქმნის დამატებით ბარიერს სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში, ამასთან არღვევს კონფიდენციალურობის პრინციპს“.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ციხეს 6 ექიმი და 5 ექთანი ემსახურება. „ეს არ არის საკმარისი რაოდენობა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა ვერ ხერხდება… ჩვენი მონიტორინგის შედეგად ასევე დაფიქსირდა მედიკამენტების პრობლემა. მედიკამენტები, რომელიც საერთო ნუსხით არის გათვალისწინებული, ადგილზე არ აღმოჩნდა. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს ძირითადად მოთხოვნის და მიღების პროცედურასთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ნიკა კვარაცხელია.

ომბუდსმენის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პატიმრებს ჯერ კიდევ აქვთ იმის განცდა, რომ მათ უსმენენ. ამონარიდი ანგარიშიდან: „დაწესებულების საგამოძიებო ოთახებში გარდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებისა, პატიმრებს ხვდებიან ადვოკატები, სასულიერო პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ვისთან საუბრის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებულია. ყველა ოთახში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა. პატიმართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ოთახებში არსებული სათვალთვალო კამერების საშუალებით მიმდინარეობს მათი საუბრის აუდიო-ვიდეოჩაწერა. ეს უარყოფითად მოქმედებს პატიმართა გახსნილობაზე და საუბრის დროს ზღუდავს მათ“.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნიკა კვარაცხელია განმარტავს, რომ კამერები მუდმივად არის ჩართული მე-3 დაწესებულებაში და ხშირ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული ადმინისტრაციის მხრიდან ვიზუალური მეთვალყურეობის აუცილებლობა: „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, მეთვალყურეობა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამის საჭიროება არსებობს და ყველა სხვა საშუალება ამოწურულია“.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ნიკა კვარაცხელია ბათუმის ციხესთან დაკავშირებით აფიქსირებს, სარეაბილიტაციო პროგრამებია: „ძალიან მწირია ის აქტივობები, რაც ხორციელდება და რაც მთავარია – პატიმრების ჩართულობა ძალიან დაბალია. მაგალითად, ჩაატარეს შაშის და ჭადრაკის ტურნირი, ინგლისური ენის შესწავლა და ასე შემდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ მე-3 დაწესებულება მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა და იქ პატიმრები დღე-ღამის განმავლობაში 23 საათს საკანში ატარებენ“.

ადასტურებს თუ არა სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულ პრობლემებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – ამ უწყებაში „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხეს. პრესსამსახურმა გვითხრა, რომ შეგვიძლია სამინისტროს წერილობითი, საჯარო განცხადებით ვისარგებლოთ. სამინისტროს ოფიციალურ წერილში არაფერია ნათქვამი ზემოთ აღწერილ პრობლემებზე. ამონარიდი საჯარო განცხადებიდან: „2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, რომლის ძირითადი მიზანი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოვებაა“.

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები [ვიდეო]

15-16 აპრილს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის –  „წიგნის კუთხე“ ბოლო მერვედფინალური [VII-VIII] თამაშები. გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ:

  • სოფოკლე – „ოიდიპოს მეფე“;
  • ალექსანდრე ყაზბეგი – „ხევისბერი გოჩა“;
  • ანტუან დე სენტ ეკზიუპერი – „პატარა პრინცი“;
  • ჩარლზ დიკენსი – „ოლივერ ტვისტი“;
  • ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“.

მე-7 მერვედფინალურ თამაშში სკოლა „ევრო 2000“ [ანა აბუსელიძე; ანი ტუღუში; მარიამ დოლიძე] შეხვდა სკოლა-ლიცეუმ „ნერგებს“ [მარი გუნდარიძე, თამარ კეკელიძე, ფატიმა-თეკლე დავითაძე]. აღნიშნული თამაშის შედეგებით მეოთხედფინალურ ეტაპზე გადავიდა ანგარიშით: 11:5.

ბოლო, მე-8 მერვედფინალური თამაში გაიმართა საერო ელიტარულ სკოლა „გორდას“ [დავით მიქელაძე, გულადი მესხი, ზურა კალანდარიშვილი] და სკოლა „მასტერკლასის“ [ალექსანდრე ბარამიძე, ქეთი მათითაიშვილი და ნოდარ ჯინჭარაძე] გუნდებს შორის. მეოთხედფინალურ ეტაპზე გადავიდა სკოლა „მასტერკლასი“ ანგარიშით: 10:3.

მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. რვა თამაშის შედეგებით მეოთხედფინალურ ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი სკოლების გუნდები:

  • ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა [თაკო ბოლქვაძე; სოფო ბაბიჩევი; მარიამ ცინცაბაძე];
  • ბათუმის №2 საჯარო სკოლა [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი];
  • სკოლა „ნიკე“ [მარიამ მიქელაძე, ივა ვარშალომიძე, გიგი დიასამიძე];
  • ბათუმის №20 საჯარო სკოლა [სალომე ციმნარიძე, ნათია ბასილაძე, ანა აბაშიძე];
  • სკოლა „იმედი“ [ალეკო ბერიძე; სერგი მახარაძე; ანა დიასამიძე];
  • ბათუმის №10 საჯარო სკოლა[მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე];
  • სკოლა „ევრო 2000“ [ანა აბუსელიძე; ანი ტუღუში; მარიამ დოლიძე];
  • სკოლა „მასტერკლასის“ [ალექსანდრე ბარამიძე; ქეთი მათითაიშვილი].

„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული სტუდია „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.

პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. გადაცემა კიდევ ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, გამარჯვებული გუნდები კი დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ამავე თემაზე იხილეთ:

„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

შუახევში ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ მათ ჰესის მშენებლობამ კონკრეტული ზიანი მიაყენა: გააქტიურდა მეწყერი, დაზიანდა სახლები. მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, ასევე გვირაბების გაყვანის შეჩერებას იმ დრომდე ითხოვს, ვიდრე გეოლოგიური დასკვნა არ იქნება.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასკვნები დაიდება და ამას კომისია გააკეთებს, რომელიც რამდენიმე დღეში შეიქმნება: „ამ კომისიაში იქნებიან გეოლოგები, ასევე მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. კომისია გაარკვევს, ვის რა ოდენობით მიადგა ზიანი“ .

რატომ არ დაიდო გეოლოგიური დასკვნა აქამდე, რასაც წლების განმავლობაში მოითხოვენ ამ სფეროს ექსპერტები, მაგალითად, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“? – ამ შეკითხვაზე შუახევის გამგებელმა გვითხრა, რომ დასკვნები ჰესის მშენებლობის დაწყებამდეც იყო: „ამჯერად გასარკვევია, ეს ზიანი ადამიანებს ჰესის მშენებლობისგან მიადგათ, თუ სხვა მიზეზით. ისე, მნიშვნელობა არც აქვს, რამ განაპირობა ზიანი, სახელმწიფო ვალდებულია ყველას დაეხმაროს და ზიანი აუნაზღაუროს“

„თუკი დადასტურდება, რომ ჰესია დამნაშავე, არ მგონია, ისინი ამ პასუხისმგებლობას გაექცნენ,“ – ასე უპასუხა ტარიელ ებრალიძემ ჩვენს შეკითხვას – რატომ უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ ზიანი, თუ ის კერძო კომპანიის მუშაობამ განაპირობა.

„კომისია ვერ დაადგენს, საიდან მიადგათ ადამიანებს ზიანი,“ – ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსი, ტარიელ ტუსკია. მისი თქმით, კომისია დაათვალიერებს სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს და დადებს ფაქტებს, შეაფასებს ზიანის ხარისხს: „არ ვიცი, თუ გამგეობა აპირებს სპეციალური დანადგარების ატანას შუახევში და სპეციალური კვლევების ჩატარებას, ეს სხვა საქმეა. სხვაგვარად ვერ დადგინდება, საიდან დადგა ზიანი.“

ტარიელ ტუსკიას, როგორც აჭარის მთავარ გეოლოგს, ამ სოფელში გეოლოგიური კვლევა ჰესის მშენებლობის დაწყებამდე არ ჩაუტარებია. მისთვის უცნობია, მომზადდა თუ არა აქ დასკვნები წინასწარ, ვიდრე გვირაბის გაყვანა დაიწყებოდა.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მოითხოვდა გეოლოგიური კვლევების დადებას არა მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ჰესი შენდება, არამედ მთლიან ტერიტორიაზე, რაზეც გავლენა შესაძლოა იქონიოს მასშტაბურმა მშენებლობამ.

დისკუსია: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი

16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი – ამ თემაზე დისკუსია 26  აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართება.

დისკუსიის  ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი. იგი ისაუბრებს  კანონზე,  რომელიც მცირეწლოვანებთან ქორწინების დასჯას ითვალისწინებს;

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი  უფლებებისთვის“   წარმომადგენელი  თამაზ ბაკურიძე ისაუბრებს თემაზე, უნდა  დაისაჯონ თუ  არა და რატომ მამაკაცები, რომლებიც 16 წელს მიუღწეველ გოგონებზე იქორწინებენ;

კიდევ ერთი მომხსენებელი, ექიმი-გინეკოლოგი, ჯუმბერ უნგიაძე  განიხილავს იმ სასიცოცხლო რისკებს, რაც ნაადრევ ასაკში მშობიარობასა და სექსუალურ ცხოვრებას ახლავს თან.

დისკუსიის მოდერატორი იქნება „გაზეთ ბათუმელების“  რედაქტორი  ეთერ თურაძე.

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია და იგი საღამოს 5 საათზე დაიწყება.

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ტენდერებში კორუფციას ხედავს

„ასეთი ტენდერების ჩატარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ გაბედავდა. დარწმუნებული ვართ, ამის უკან აჭარის მთავრობა დგას,“ – განაცხადა დღეს ირაკლი ბარამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატს ეჭვი კორუფციაზე აქვს, რის დასადასტურებლად მან ორი ტენდერის დოკუმენტაცია წარმოადგინა. ორივე ტენდერში ერთი კომპანიაა გამარჯვებული, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე ძვირად მოემსახურა სახელმწიფოს: პირველი ტენდერი სასათბურე კონსტრუქციების შესაძენად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასული წლის 20 იანვარს ზუსტად ნახევარ მილიონ ლარზე გამოაცხადა. გამოცხადებული ტენდერი შპს „გრინ ჰაუსმა“ მოიგო – 478 950 ლარით.

„ეს არის კომპანია, რომელიც ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაფუძნდა. გარდა ამისა, ტენდერში სულ 5 კომპანია მონაწილეობდა და მათ შორის ყველაზე მაღალი ფასი სახელმწიფოს „გრინ ჰაუსმა“ შესთავაზა. თუ არა კორუფცია, გაუგებარია, რის საფუძველზე მოიგო ამ კომპანიამ ტენდერი,“ – განმარტავს ირაკლი ბარამიძე.

რეესტრის მონაცემებით, კომპანია „გრინ ჰაუსი“ 2015 წლის 10 თებერვალს დარეგისტრირდა. სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა, ამ სადავო ტენდერეზე, 11 თებერვლამდე იყო განსაზღვრული.

„ამ კომპანიამ მოიგი იმიტომ, რომ სხვა მონაწილეების დისკვალიფიკაცია მოხდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იოსებ აბულაძემ: „რატომ მოხდა დისკვალიფიკაცია, ზუსტად ვერ გეტყვით, მათ ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ შეძლეს. სისტემას მართავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა,“ – ამბობს იოსებ აბულაძე.

გასულ წელს კომპანია „გრინ ჰაუსმა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კიდევ ერთი ტენდერი მოიგო, ისევ სასათბურე კონსტრუქციების მიწოდებაზე და ამჯერადაც ამ კომპანიამ, სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, მომსახურება ყველაზე ძვირად შესთავაზა სამინისტროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდერში დანარჩენმა ორმა კომპანიამ გაცილებით დაბალი ფასი წარმოადგინა, გამარჯვებული მაინც „გრინ ჰაუსი“ გახდა. სატენდერო პირობების შესრულების დროს, კომპანია „გრინ ჰაუსი“ ვადების დარღვევისთვის სამინისტრომ 34 444 ლარით დააჯარიმა.

„დარღვევა რომ ყოფილიყო რამე, ამას სახელმწიფო აუდიტი იტყოდა. გასული წლის ანგარიში უკვე მომზადდა და შენიშვნა აუდიტს არ ჰქონია,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იოსებ აბულაძემ.

კომპანია „გრინ ჰაუსი“ თბილისშია დარეგისტრირებული და მისი 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თემურ აფციაურია.

რისთვის გამოიყენებენ ეკრანს, რომელსაც ბათუმის მერია 265 ათას ლარად შეიძენს

ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა ეკრანის შეძენას ბათუმის საავტორო, საერთაშორისო კინოფესტივალისთვის. კინოფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ ეკრანი, რომელშიც მერია 265 ათასი ლარის გადახდას აპირებს, კინოს საჩვენებლად არ ვარგა და მას ფესტივალის ფარგლებში ვერ გამოიყენებენ.

ფილმების ღია ჩვენებებისთვის ეკრანის შეძენის დაფინანსების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოს BIAFF-ხელმძღვანელებმა მიმართეს. წარდგენილი პროექტის მიხედვით, ეკრანის ღირებულება 55 ათასი ევრო ჯდებოდა. ვიდრე საკრებულო საკითხს კენჭს უყრიდა, ინიციატივა განიხილა და მოიწონა საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის საკითხთა კომისიამ. კომისიის თავმჯდომარე, ნინო ბერაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომისიას ვიცე-მერმა, ალექსანდრე მითაიშვილმა ურჩია, სხვა, უფრო ძვირადღირებული ეკრანის შეძენა.

„ეკრანის შეძენის იდეა ჩვენ უკვე მოწონებული გვქონდა, მაგრამ ორი დღის წინ მოგვმართა ალექსანდრე მითაიშვილმა და დაგვარწმუნა, რომ უმჯობესია ე.წ. „ლედ“ ტელევიზორის შეძენა. პირიქით, ეს ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე ის, რასაც ინიციატორი მოითხოვს, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა ხარისხშიო და ჩვენც დავთანხმდით“ – ამბობს ნინო ბერაძე.

„ეს ეკრანი შეიძლება გამოიყენონ კონცერტებზე, ასევე სარეკლამო რგოლების გასაშვებად, მაგრამ ეს არაა კინოს ეკრანი, რადგან სხვა ტექნიკური პარამეტრები აქვს მას“ – ამბობს BIAFF-ის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი.

რატომ აღმოჩნდა ვიცე-მერის შეთავაზება გადამწყვეტი და რატომ არ გადამოწმდა, იქნებოდა თუ არა 265 ათასად შეძენილი ეკრანი კინოფესტივალისთვის მისაღები? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე ნინო ბერაძემ გვიპასუხა: „ჩვენ ვერ მოვახერხეთ ფესტივალის მენეჯერთან, ზვიად ელიზიანთან დაკავშირება. მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი ამის შესახებ“ . ნინო ბერაძე ამბობს, რომ მოიწვევს დამოუკიდებელ ექპერტს, ვინც გაარკვევს, არის თუ არა ეს ეკრანი მისაღები ფილმის საჩვენებლად, თუმცა ბერაძე არ გამოირიცხავს, რომ საკრებულოს უმრავლესობამ ამ საკითხს მხარი აღარ დაუჭიროს: „მარტივია, თუ რამე ინტერესია, გვეტყვიან, რომ კინოფესტივალისთვის ეკრანის შეძენას უკვე დავუჭირეთ მხარიო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მითაიშვილმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა“

ზვიად ელიზიანი ქალაქის მუნიციპალიტეტს „შუალედურ ვარიანტს“ სთავაზობს: „ალეკო მითაიშვილს უკვე შევხვდი და ამიხსნა, რომ ეს ეკრანი სჭირდება ქალაქს. ჩათვალა, რომ მისაღები იქნებოდა იგი კინოფესტივალისთვისაც. ჩვენი წინადადებაა, იქნებ პროექტორის შეძნენა მაინც მოხერხდეს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კინოფსტივალისთვის“ – აცხადებს ზვიად ელიზიანი.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი წელს ბათუმში მეთერთმეტედ ჩატარდება.

ჰაერის ტემპერატურამ ბათუმში 32 გრადუსს მიაღწია – უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურამ საშუალოდ 30-32 გრადუსს მიაღწია. მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე დამონტაჟებული თერმომეტრები 30-28 გრადუსს, ბენზინგასამართ სადგურებზე კი ზოგან 34 გრადუსსაც აჩვენებს.

ბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური
ავტობუსის გაჩერება
ავტობუსის გაჩერება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ტემპერატურა ხვალიდან, 21 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან, საგრძნობლად დაეცემა და ამინდიც გაუარესდება.

„დღეს ქრის აღმოსავლეთის ქარი, რის გამოც მაღალია ჰაერის ტემპერატურაც, მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება აღმოსავლეთის ქარი. ხვალ, 21 აპრილის შუადღიდან კი,  სიტუაცია შეიცვლება და დაუბერავს დასავლეთის ქარი, რომელიც გაძლიერდება და ეს გაცილებით უფრო საგანგაშოა. ამასთან, დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, დროგამოშვებით ძლიერად – განსაკუთრებით ღამის საათებში. სამხრეთ-დასავლეთის ქარის სიჩქარე 18-20 მეტრს მიაღწევს წამში,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორმა რუსუდან დიასამიძემ.

მისივე თქმით, 21 აპრილს, დღისით, ჰაერის ტემპერატურა 15-18 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო ღამის საათებში 3-8 გრადუსამდე დაეცემა.

„22 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან, ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, ტემპერატურაც მოიმატებს და 23-24 აპრილს ბათუმში უნალექო და თბილი ამინდი იქნება,“ – აცხადებს რუსუდან დიასამიძე.

დღეს ბათუმის პლაჟზე კანტიკუნტად საბანაოდ გამოსული ადამიანებიც გამოჩნდნენ.

ბათუმის პლაჟი
ბათუმის პლაჟი

გიორგი ერმაკოვი: ”მანკიერია კანონი, რომელიც მოსამართლის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს”

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ახლო მომავალში სახელმწიფოსთვის ისევ აპირებს მუნიციპალური ქონების გადაცემას: “მომდევნო საკრებულოს სხდომებზე კიდევ იქნება ასეთი რამდენიმე საკითხი, როცა განაშენიანებისთვის ან სხვა მიზნებისთვის ჩვენ ისევ გადავცემთ გარკვეულ ქონებას სახელმწიფოს”.

”მანკიერია ეს კანონი, რომელიც მოსამართლისთვის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ჩემი აზრით, უნდა იყოს უფლებამოსილების განხორციელების ვადით, მაგრამ ეს არის არსებული კანონი. მე დავეთანხმე სახელმწიფოს მოთხოვნას, დანარჩენი საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული კოლექტიური, ამას ერთპიროვნულად ქალაქის მერი ვერ გადაწყვეტს,” – განაცხადა დღეს ბათუმის მერმა, გია ერმაკოვმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჟურნალისტებთან.

“რატომ უნდა გადასცეს მოსამართლეს ბინა ბათუმის თვითმმართველობამ, როცა ათასობით უსახლკაროს ვერ აკმაყოფილებთ?” – “ბათუმელების” ამ შეკითხვაზე ქალაქის მერმა გვიპასუხა, რომ საკითხი ერთ კონკრეტულ პიროვნებამდე დაგვყავს და ეს არასწორია: “ასე არაა, გარკვეულ შემთხვევაში, ჩვენ გვითმობს სახელმწიფო ქონებას. ხან ჩვენ ვუთმობთ, ხან – ისინი გვითმობენ”.

მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხის განხილვა დღეს გადაიდო. ბათუმის საკრებულოში დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა კი ამ დროისთვის განახლდა. საკრებულოს სხდომა დღეს დროებით შეწყდა. დარბაზში მყოფმა მოქალაქემ, ასლან სარიშვილმა, ბინის გადაცემის მოთხოვნით აგრესიულად მიმართა ქალაქის მერს.

მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხის განხილვა გადაიდო

“უმრავლესობა შევჯერდით, რომ მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხის განხილვა გადაიდოს” – ამ განცხადებით დაიწყო საკრებულოს სხდომა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა.

“დამსწრეთა უმრავლესობა სჭირდებოდა ამ საკითხის გადაწყვეტას. ჩვენ ამის პრობლემა არ გვქონდა, მაგრამ წერილში, რომელიც მოგვწერეს, არაა დაკონკრეტებული, რა ფორმით გადაეცემა ბინა მოსამართლეს,” – განმარტავს ირაკლი ჭეიშვილი.

მოსამართლე მერაბ ტურავას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „რესპუბლიკელმა“ ირაკლი ჩავლეიშვილმა გულწრფელობისკენ მოუწოდა: “მოვუწოდებ ამ მოსამართლეს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ნუ ჩააყენებს საკრებულოს უხერხულ მდგომარეობაში. მოსამარღლე არ იყო გულწრფელი, როცა განაცხადა, რომ ბინა თურმე არ მდებარეობს ცენტრალურ უბანში”.

“საკითხი აღარ განიხილება იმიტომ, რომ საკითხი ვერ გავიდოდა. ოპოზიციის ყველა წევრმა დააფიქსირა სხდომის დაწყებამდე, რომ ის ამ საკითხს მხარს არ დაუჭერდა,” – ამბობს გიორგი კირთაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

საკრებულოს სხდომა ამჟამად დროებით შეწყდა. დარბაზში მყოფმა მოქალაქემ, ასლან სარიშვილმა ფინანსური დახმარების მოთხოვნით (მისი საცხოვრებელი ბინა სტიქიისგან დაზარალდა) აგრესიულად მიმართა ქალაქის მერს. დაცვის სამსახური დარბაზიდან სარიშვილის გაყვანას ცდილობს.

ამავე თემაზე:

ბათუმის საკრებულო მოსამართლისთვის ბინის გადაცემაზე

ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაისიდან აქციზის განაკვეთები განახევრდება

0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთი 50 პროცენტით მცირდება.

შესაბამისი ცვლილება კანონში 2016 წლის პირველი მაისიდან შევა ძალაში.

ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში შევიდა, რომლითაც აქციზის ის განაკვეთებია განსაზღვრული, რომლითაც ესა თუ ის აქციზური საქონელი იბეგრება.

0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთებია:

აქციზი ავტომობილებზე

2016 წლის პირველი მაისიდან კი, მაგალითად 1 წლის ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილისთვის [ძრავის მოცულობის მიხედვით, 1სმ/კუბ-ზე] ნაცვლად 1,5 ლარისა აქციზის გადასახადი იქნება 0,75 ლარი, ხოლო 6 წლის ავტომობილისთვის 0,35 ლარი.

ფოტოკონკურსი კომპანია „ანაგისგან“

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ფოტოკონკურსს.

კონკურსი ცხადდება სამ თემაზე:

  • ქალაქი და ადამიანები
  • ევროპისკენ
  • თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა

კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია ცალკეული თემის ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს სტუდენტების მხრიდან ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად: ქალაქების განვითარების პოლიტიკა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა.

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება თითო გამარჯვებული.

  • გამარჯვებულებს თანაბრად დაუფინანსდებათ 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან/და გადაეცემათ 1000 ლარი.
  • საკონკურსო ნამუშევრებიდან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ორგანიზატორი, კომპანია „ანაგი“, რომელიც თავის რჩეულს გადასცემს პრიზს, საგზურს ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში.
  • გარდა ამისა, facebook like-ბის მიხედვით შეირჩევა 20 ფოტო, რომელთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართება პროექტის დახურვისას. გამოფენა-გაყიდვაზე გამოტანილი ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით. facebook Like-ები გადამოწმდება ყველა ფოტოზე. არ შეირჩევა ის ფოტოები, რომელსაც ექნება საეჭვო გზით მოპოვებული Like-ები.

კონკურსში მონაწილეობის უფლება და წესები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ერთ ნომინაციაზე, ერთი მონაწილისგან დასაშვებია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა. კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც. ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის და ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს.

საკონკურსო ფოტომასალები მიიღება ელექტრონულად. შემდეგ ელ. ფოსტაზე: photokonkursi.anagi@gmail.com; საკონკურსო ფოტოს გამოგზავნისას მიუთითეთ კონკურსის ნომინაცია.

საკონკურსოდ გამოგზავნილ ფოტოს თან უნდა ახლდეს მოკლე აღწერა. საკონკურსო ფოტოსთან ერთად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თავისი სახელი, გვარი: ასაკი: საკონტაქტო ტელეფონი: სასწავლო უნივერსიტეტი/ პროფესია. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო კონკურსზე არ დაიშვება [კონკურსანტის პირადი ინფორმაცია, გამოყენებული იქნება მხოლოდ მოცემულ ფოტოონკურსში დასაკონტაქტებლად].

პლაგიატის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან. დასაშვებია ფერის შეცვლა, ფოტოების მსუბუქი კორექტირება.

ყველა საკონკურსო ფოტო კვირაში ერთხელ აიტვირთება და გამოქვეყნდება ვებგვერდებზე – netgazeti.ge; ფოტოების გავრცელება მოხდება ასევე „ნეტგაზეთის“ ფეისბუქგვერდის საშუალებით:

გამარჯვებულს შეარჩევს 7-კაციანი სპეციალური ჟიური, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან და საჯარო პირებისგან იქნება დაკომპლექტებული.

მასალები შეფასდება კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრით, ხარისხით და შემოქმედებითი უნარით.

კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში ფოტოების ექსკლუზიურად გამოყენების უფლება ეკუთვნის პროექტის შემსრულებელ და დამკვეთ კომპანიებს. ფოტოები გამოყენებული იქნება შემსრულებლის ან/და დაკვეთის შეხედულებისამებრ. მაგ. განთავსდება ვებგვერდებზე, პოსტერებზე და სხვა პროდუქტებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა. კონკურსი დაიწყება 2016 წლის 20 აპრილს და საკონკურსო ფოტოების მიღება დასრულდება 2016 წლის 5 ივნისს.

გამარჯვებულის ვინაობა 2016 წლის 15 ივლისამდე გამოვლინდება.

გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადდება პროექტის დახურვაზე.

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე მოწვეული იქნება კონკურსის ყველა მონაწილე. დახურვის ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორიდან.

კომპანია „ანაგი“ უკვე 27 წელია საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მუშაობს და ამ ხნის მანძილზე არა ერთი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. წელს კომპანიის სოციალური პოლიტიკის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაა.

კომპანია „ანაგი“ კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს!

esa

უმაღლესი საბჭო აჭარის გასული წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავს

აჭარის უმაღლესი საბჭო მორიგ პლენალურ სხდომაზე, რომელიც 21 აპრილს, 12 საათზე გაიმართება, აჭარის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავს. მომხსენებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძეა ჩანიშნული. ამავე სდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების“ საკითხსაც განიხილავენ.

პლენარული სხდომის დღის წესრიგი დღეს, 19 აპრილს, უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე განსაზღვრეს. ბიურომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის კომიტეტებში განხილვასაც დაუჭირა მხარი. აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 2017 წელს, სავარაუდოდ, მთლიანობაში 17 200 ლარით შემცირდება, თუმცა ეს არ აისახება დეპუტატების ხელფასებზე. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თანამდებობრივი სარგო ჯამში 5400 ლარით გაიზრდება.

სარჩელი ზეგანკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა

ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი „პროფესიული კავშირებიდან“  იმ სამართლებრივი ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევას მოითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია კვირაში 48 საათიანი მუშაობის შემდეგ. მოსარჩელე მხარე თვლიდა, რომ ზეგანკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ყველა შემთხვევაში, თუ პირი მუშაობს კვირაში 40 საათზე მეტს.

„ჩვენს ამ მოთხოვნას ეთანხმება სახალხო დამცველი. ასევე ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფომ 4 წლის განმავლობაში უნდა მიიღოს ახალი წესი ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით. არსებული კანონმდებლობით, სპეციფიკურ სამუშაო ადგილებზე ზეგანკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მხოლოდ 48 საათის შემდეგ, რაც მიუღებელია. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფომ სპეციფიკურად მიიჩნია თითქმის ყველა სამუშაო ადგილი“  – ამბობს ილია ლეჟავა, „რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ ხელმძღვანელი.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეების – ილია ლეჟავასა და ლევან როსტომაშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოქალაქეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის ივნისში მიმართეს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეზე განმარტებებს რამდენიმე დღეში გააკეთებს.

33 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი სამ თვეში

2016 წლის იანვარ-მარტში თხილისა და სხვა კაკლის ჯგუფის ექსპორტმა 33 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამავე პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 84 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა.

eqsport

eqsport

რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მარტში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 260 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 124 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 99 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 6 პროცენტი].

impor

ქედაში მშვილდოსნობის სექცია გაიხსნა

ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე დღეს მშვილდოსნობის სექცია გაიხსნა. სექციის გახსნასთან დაკავშირებით აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციამ დღესვე ეროვნული ნაკრების წევრებს შორს საჩვენებელი ტური მოაწყო.

„ქედაში ყველა ის საჭიროება და ბაზა არსებობს, რომ სპორტის ამ სახეობამ იფუნქციონიროს, ინვენტარი შევუძინეთ ქედის სექციას, მწვრთნელიც გვყავს, ვგეგმავთ შუახევსა და ხულოში გავხსნათ მშვილდოსნობის სექციები, ჩვენ ამ მომენტისთვის ოთხი მშვილდი შევიძინეთ, თუ იქნება მეტი მოთხოვნა, შესაბამისად შევიძენთ მშვილდსა და ყველა საჭირო ინვენტარს,“ – ამბობს აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის დირექტორი ბადრი ვარშანიძე.

ქედაში მშვილდოსნობას ტარიელ ქადიძე შეასწავლის. „ასაკი შეზღუდული არ იქნება, თუმცა უკეთესია ახალგაზრდებით დაკონპლექტდეს მშვილდოსანთა ჯგუფი, მთავარია სექცია გაიხსნა და ინტერესი არის სპორტის ამ სახეობას დაეუფლონ, ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული რამდენი ჯგუფი იქნება, სავარაუდოდ, თითო ჯგუფი რვა აღსაზრდელით დაკომპლექტდება,“ – ამბობს ტარიელ ქადიძე.

მშვილდოსნობის სექციის გახსნა ქედაში
მშვილდოსნობის სექციის გახსნა ქედაში

მშვილდოსნობის სექციის გახსნა ქედაში

საია: მინისტრის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან

„გვაჩვენოს დავით ბალაძემ კონკრეტული ციფრები და დაადასტუროს, რომ რეგიონში ნამდვილად ინვესტორების ბუმია“ – ამ მოთხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ბრიფინგი გამართეს. უმაღლესი საბჭოს წევრი, ეკა თარგამაძე ამბობს, რომ მათ სამინისტრო იმ ინვესტორების შესახებაც არ აწვდის ინფორმაციას, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები სახელმწიფოსთან აქვთ აღებული, ანუ ე.წ. სახელმწიფო ინვესტიციებზე.

რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ასევე გააპროტესტეს კერძო ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მიუღებლობა. მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ თქვა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

„მინისტრის განმარტება არის უსაფუძვლო და იგი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ხიმშიაშვილი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი – ამ ტიპის განცხადება არის საშიში ტენდეციის მატარებელიც, ვინაიდან მინისტრის ამ განმარტების შინაარსით აუცილებლად იხელძღვანელებენ ის უწყებები, რომელთა კოორდინირებას ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო. თუ მინისტრი ვერ იაზრებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების მნიშვნელობასა და ფარგლებს, რომლის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის ინფორმაციის გასაჯაროება,  მაშინ უფრო რთული ხდება მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს აუხსნა საჯარო ინფორმაციის არსი და მნიშვნელობა,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ დრომდე დღევანდელ ბრიფინგს არ გამოხმაურებია. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს კერძო ინვესტიციების მოცულობამ ჯამში 366 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

თურქეთი, ირლანდია, რუსეთი, ჩინეთი – საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე] 2145 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [12 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 1703 მლნ. აშშ დოლარს [5 პროცენტით ნაკლები].

2016 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი [342 მლნ. აშშ დოლარი], ირლანდია [210 მლნ. აშშ დოლარი], რუსეთი [185 მლნ. აშშ დოლარი] და ჩინეთი [169 მლნ. აშშ დოლარი].

თურქეთი

ირლანდია

რუსეთი

ჩინეთი

ფოლკლორული ბავშვთა ოლიმპიადია ქედაში

ქედის კულტურის ცენტრში, ქედაში არსებულ ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლებს შორის მუნიციპალური ოლიმპიადია მიმდინარეობს.

11223560_1002117626550610_9196905634707206620_oოლიმპიადაში ერთმანეთს 11 საჯარო სკოლისა და კულტურის ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლის ანსამბლები ეჯიბრებიან. ფოლკლორული ანსამბლების შესრულებას ქედაში 12 წევრიანი ჟიური აფასებს, გამარჯვებულთა ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. შესაბამისად, ქედის ფოლკლორულ ანსამბლებს შორის გამარჯვებული ანსამბლი მონაწილეობას საფინალო ტურში სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულ ანსამბლებთან ერთად დასკვნით ტურში მიიღებს.

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ჟიურის წევრი მადონა თევზაძე: „ოლიმპიადა სამ ეტაპას მოიცავს, პირველი ეტაპი ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა, ქედაში დღეს მიმდინარეობს, სულ 14 გამარჯვებული გამოვლინდება, აქედან შვიდი სიმღერაში და შვიდი ცეკვაში. გამარჯვებულ ანსამბლებს სასცენო ფორმები და წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემა“.

მუნიციპალიტეტებში გამარჯვებულ ანსამბლებს შორის დასკვნითი, საფინალო ტური 24 მაისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება. ოლიმპიადა , „რომლის მიზანია ტრადიციული, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა – პოპულარიზაცია“ სახელოვნებო თუ საჯარო სკოლის ანსამბლებს შორის ხუთი წელია ტარდება.

ბათუმის საკრებულო მოსამართლისთვის ბინის გადაცემაზე

ბათუმის საკრებულო ხვალ, 20 აპრილს საკონსტიტუციო მოასამართლის, მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს. საკრებულოს უმრავლესობა საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარს დაუჭერს – ეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა დღეს, 19 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა.

„საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საცხოვრებელი ფართით. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა ქონების მართვის სააგენტომ მოგვმართა, რომ საკუთრებაში გადავცეთ 125 კვ/მ ფართი იმ პირობით, რომ ის სიმბოლურ ფასად გადასცემს აღნიშნულ ქონებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას“ – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჭეიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რაც შეეხება ოპონენტების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს, ეს არის ის შემთხვევა, „როცა საკითხს უნდა მიუდგე სახელმწიფოებრივად და არა მოკლე პოლიტიკური ინტერესებით“. „აქამდე იყო პრაქტიკა, რომ საკუთრებაში აძლევდნენ [ბინას] და ტურავა ვერ იქნება გამონაკლისი“ – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

საკითხი რომ მერაბ ტურავას სასარგებლოდ გადაწყდეს, ამისათვის ბათუმის საკრებულოს 25 წევრიდან 13-მა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდიდან 125 კვ/მ ფართობის ბინის გადაცემას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის.

უკვე ცნობილია, რომ საკითხს მხარს არ უჭერენ საკრებულოს ფრაქცია  „თავისუფალი დემოკრატები“. მეტიც, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, კობა ჩხეიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, ისინი დღეს, 19 აპრილს, ბიუროს სხდომაზე ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის საერთოდ ამოღებას მოითხოვენ.

საკითხს მხარს არ დაუჭერენ „რესპუბლიკელებიც“. ფრაქციის თავმჯდომარემ, თემურ ყურაშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქცია გუშინვე შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება: „ფრაქცია არ უჭერს მხარს ტურავასათვის ბინის გადაცემას მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდის ხარჯზე. მიგვაჩნია, რომ ეს ვალდებულება გააჩნია ცენტრალურ ხელისუფლებას, მთავრობას და მან უნდა დააკმაყოფილოს მოსამართლეები ბინით. ამავე დროს ვფიქრობთ, რომ არის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ალბათ თავის დროზე უნდა გამოასწოროს პარლამენტმა, იმიტომ, რომ ბინები სახელწიფომ უნდა გადაეცეს მოსამართლეებს იმ ვადით, რა ვადითაც არიან ისინი განმწესებული სასამართლოში“.

ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაც. ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თქმით, „ნაციონალები“ საკითხს მხარს არ დაუჭერენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს საკრებულოს კიდევ ერთი ფრაქცია – „ახალი ოპოზიცია“ [ამ ფრაციის შემადგენლობაში არიან: „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“, „სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზის“ და „ერთიანობის დარბაზის” წარმომადგენლები.] ფრაქციის ხელმძღვანელთან, გიორგი ცინცქილაძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ შეძლო, ფრაქციის ერთ-ერთი წევრი, რამაზ სურმანიძე კი ამბობს, რომ ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის საკრებულო მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემას განიხილავს, „ბათუმელებმა“ გუშინ, 18 აპრილს გაავრცელა.

ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც ამ პრაქტიკას „მანკიერი“ უწოდა: „დაუშვებლად მიგვაჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების იმგვარი გამოყენება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში მოსამართლესსიმბოლურ ფასად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმიანობისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და ამ პროცესში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა იქნეს გამოყენებული“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინვე, განცხადება გააკეთეს საკონსტიტუციო სასამართლოშიც, სადაც აღნიშნეს, რომ ბინის გადაცემის საკანონმდებოლო საფუძველი არსებობს.

ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ბალანსზე არსებული საბინაო ფონდის შესახებ „ბათუმელებმა“ სტატია გასულ წელს მოამზადა. გასული წლის მონაცემებით ბათუმში დაახლოებით 1700 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს, მათგან ნაწილი მრვალშვილია, ნაწილი – სოციალურად დაუცველი, ისინი მერიას და მთავრობას წლებია მიმართავენ დამხმარების თხოვნით.

ასეთ ფონზე, რამდენად გამართლებულად მიაჩნია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს მაღალანაზღაურებადი მოსამართლისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკა?

„ბათუმელების“ ამ შეკითხვას ირაკლი ჭეიშვილმა ასე უპასუხა:

„როცა სახელწიფო და კანონი გავალდებულებს, რომ უნდა გადასცე საკუთრებაში, ამ შემთხვევაში მე გამართლებულად მიმაჩნია თუ არა, ჩემი აზრი მეორეხარისხოვანია.“

ეყოფა თუ არა საკრებულოს ხმები, საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, ეს ხვალინდელ სხდომაზე გაირკვევა, რომელიც დილის 11 საათზეა ჩანიშნული.

საგადასახადო სამართალდარღვევის 971 ფაქტი 7 დღეში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით 11 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 971 ფაქტი გამოვლინდა.

„კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმეს 8172 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 92 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 89 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 790 შემთხვევა“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში

“დევნილთა დასახლებაში” მომხდარი მკვლელობის საქმე

მთელი პროცესის მიმდინარეობის დროს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მკვლელობის საქმეს განიხილავდა, მოკლულის დედა სასამართლოს ფოიეში იჯდა და ხმამაღლა ტიროდა. ის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. დედა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა სამუშაო დროის ამოწურვის გამო, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება მომდევნო სხდომისთვის გადადო. სასამართლომ ასევე უნდა მოისმინოს მკვლელობაში ბრალდებულის საბოლოო სიტყვა. ამ საქმის განხილვაზე დასასწრებად მსურველთაგან ბევრი პროცესს თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო ვერ დაესწრო.

მკვლელობა გასული წლის 9 სექტემბერს მოხდა ბათუმში, ე.წ. დევნილთა დასახლებაში. ბრალდებულმა მ.გ.-მ მოკლა პირი, რომელმაც მანამდე ბრალდებულის ახლობელი მოკლა დანით. მკვლელობებს წინ უსწრებდა სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკება.

„მკვლელობაში ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. მან მკვლელი მოკლა“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

საქმის მასალების მიხედვით, შეხვედრაზე, სადაც ორი პირი მოკლეს, არასასურველი სიძე უნდა შერიგებოდა ცოლის ძმას. ძმა დას იმიტომ გაუნაწყენდა, რომ მან ოჯახი [ქმარი და ორი შვილი] მოულოდნელად მიატოვა და ახალი ოჯახი შექმნა. „ახალი სიძე გამუდმებით ურეკავდა ცოლის ძმას და სთხოვდა შეხვედრას. საბოლოოდ შეხვედრა დევნილთა დასახლებაში შედგა, სადაც შეიკრიბნენ ორივე მხარის რამდენიმე მეგობარი და ნათესავი“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე

შეხვედრაზე სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ, მ.შ.-მ [სიძის მეგობარი] დანით მძიმედ დაჭრა ქალის ძმა და მოკლა ქალის დეიდაშვილი. ამის შემდეგ ქალის ძმის ნათლულმა მ.გ.-მ ასევე დანით მოკლა მ.შ.

ბრალის დამკიცების შემთხვევაში, მ.გ.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. განზრახ მკვლელობის გარდა, მას ასევე ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება, რასაც ბრალდებული დაკავების დღიდან აღიარებს.

„ოცნების ქალაქის“ ულტიმატუმი არჩილ ხაბაძეს

გასულ კვირას არჩილ ხაბაძემ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების შესახებ თქვა, რომ მათგან „მხოლოდ 10%-ს ანუ 90 ოჯახს“ ერგება სახელმწიფოს დახმარება. კვლევის მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა ეს განცხადება, საზოგადოებისთვის უცნობია. არჩილ ხაბაძის განცხადებიდან მალევე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობას ულტიმატუმით მიმართეს – ისინი 10 დღის ვადაში ითხოვენ ტერიტორიის დაკანონების პროცესის დაწყებას. რატომ აირჩიეს ულტიმატუმის ენა, ამის შესახებ „ბათუმელები“ ერთ-ერთ აქტივისტს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ მარინა ბერიძეს ესაუბრა.

 მარინა ბერიძე
მარინა ბერიძე
ქალბატონო მარინა, რა კატეგორიის ხალხია ის 90 ოჯახი, ვისაც, არჩილ ხაბაძის თქმით, ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება?

პირველი და მეორე კატეგორიის დამეწყრილი ოჯახები არიან. არადა, 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თითქმის 2000 ოჯახი ცხოვრობს – აქ არიან მარვალშვილიანები, უსახლკაროები, ომის ვეტერანები, რომლებმაც სამშობლოს ლამის სიცოცხლე ანაცვალეს, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები. ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვრეთ გველებისა და თაგვების ბუდეში.

ცხადია, არ გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს ისეთი კატეგორია, ვისაც უნდა, რომ მთავრობას რამე გამოსტყუოს, მაგრამ მე ვამბობ, რომ შესაძლებელია ასეთი იყოს 10%, სხვებს ყველას სჭირდება დახმარება. ბატონი არჩილი უკუღმა ლაპარაკობს – აქ სოციალურად დაუცველები ვართ, ისეთები, ვინც უფასო სასადილოთი სარგებლობს.

გამოდის, სახელმწიფომ თითქმის მილიონ-ნახევარ ადამიანს უნდა მისცეს სახლი? – დაახლოებით ამდენი ადამიანია სოციალურად დაუცველი…

თუ ადამიანს სახლ-კარი აქვს და უკანონოდ ჩადგა ქოხი, მაშინ, რა თქმა უნდა, უარი უნდა უთხრან… თუ ვინმეს არ ეკუთვნის, მიუჩინონ თავისი ადგილი.

„ოცნების ქალაქში“ არც თუ ისე ცოტა ქოხია ჩაკეტილი. ეს რა კატეგორიის ქოხებია?

ადამიანები მუშაობენ, ზოგჯერ ღამის 12 საათამდეც კი. ზოგს პროტესტის ნიშნად აქვს ქოხი ჩადგმული, მძიმე ავადმყოფი ჰყავს და ცდილობს ამ გზით მიიქციოს სახელმწიფოს ყურადღება. ზოგი ექიმთან მისვლას აქედან უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე სოფლიდან, რომელიც დამეწყრილია და მანქანა ვერ ადის. არის კატეგორია, ვისაც სხვაგან აქვს სახლ-კარი, მაგრამ იმას არ უკანონებენ და სწორედ ამიტომ ჩადგა ქოხი.

მე ვიცი რამდენიმე ისეთი ოჯახი, ვისაც აქვს სახლ-კარი სოფელში და ამის მიუხედავად ააშენა ქოხი „ოცნების ქალაქში“. ამ კატეგორიის ხალხი გიშლით თუ არა თქვენ ხელს?

მე მსგავსი არაფერი ვიცი. არ მგონია, აქ ვინმე მდიდარი ცხოვრობდეს, გარკვეულმა კატეგორიამ აქ სახლები სესხით აიშენა. ეგ მეხება მეც, – ქვის სახლი ავიშენე. მანამდე ვცხოვრობდი მუყაოს კედლებში ოთხი შვილით. მე არსად მაქვს წასასვლელი და ბავშვებს ვერ მოვკლავდი.

არ ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ ვინმე ხელს გვიშლის. თუ ხელისუფლებას სურს დაეხმაროს იმ კატეგორია ხალხს, რომლებიც დავასახელე, ის შეძლებს მათ გამოყოფას. მასვე შეუძლია სხვებს თავისი ადგილი მიუჩინოს.

თქვენი აზრით, თუ ადამიანს სოფელში აქვს სახლ-კარი, ხელისუფლებამ „ოცნების ქალაქში“ ქოხი უნდა დაუკანონოს თუ არა?

სახლ-კარი თუ აქვს ადამიანს, არ უნდა დაუკანონოს, მაგრამ თუ ამ სახლში 14-15 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ უნდა დააკმაყოფილოს. სიმართლე გითხრათ, ჩვენ როცა აქ დავსახლდით, არ დასმულა კითხვა – შენ სხვაგან გაქვს სახლი? ჩვენ აქ ვიბრძვით ერთად, მე არ მაქვს ხელისუფლების იმედი, რომ ის სამართლიანად მოგვექცევა. ვისაც მათი თქმით, ეკუთვნით სახლები, ალბათ, იმათაც არაფერს მისცემენ. ეს არის მათი ფორმალური სახე. გაიხსენეთ რა ქნეს წალკის შემთხვევაში, ხალხი ზამთარში გამოყარეს სახლებიდან.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ზუსტი მონაცემის დადებაზე მაინც მოგიწევთ ზრუნვა, ანუ რაიმე კვლევის ჩატარებას ხომ არ გეგმავთ, როგორც აქტივისტი?

არა, მე ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. ან როგორ დავამტკიცო, ვის რა სახლი აქვს.

ვთქვათ, მთავრობამ შეასრულა თქვენი მოთხოვნა. რას ფიქრობთ, მანდ ნორმალური ცხოვრებისთვის პირობების შექმნა შეიძლება?

მთავრობამ სახლ-კარი მისცეს პირველი და მეორე კატეგორიის დამეწყრილებს, როგორც თვითონ ამბობს… დანარჩენებს _ აქ არის 19 ჰექტარი ტერიტორია. ჩვენ ვხვდებით, რომ ამხელა ტერიტორიას ხელისუფლება ჩვენ არ მოგვცემს, მაგრამ ჩვენ მოვძებნით ინვესტორს და იმას მისცეს ამ ტერიტორიის ნაწილი. ინვესტორი აიღებს ჩვენ მიმართ პასუხისმგებლობას.

დავუშვათ, გაიზიარა ხელისუფლებამ თქვენი მოთხოვნები. ალბათ, შემდეგი 2000 ქოხი გაჩნდება ერთ კვირაში. როგორ უნდა გაჩერდეს ეს პროცესი?

თუ სოფლებში ადამიანს არ მისცემენ კანონით დადგენილ 2 ათას მეტრ მიწას, რომ ძროხა შეინახოს, მეურნეობა აწარმოოს, სხვანაირად როგორ იცხოვროს? აქ ვიღაცა ცხოვრობს პატარა ქოხში, მაგრამ დილით მიდის და ვიღაც ექიმს სახლს ულაგებს, თურქეთში გადადის სამუშაოდ. სოფელში დარჩენილმა რა ქნას, არც მიწა აქვს ხალხს და არც სახლი. სხვა 53-ე ბატალიონი აუცილებლად გაჩნდება, თუ ხალხი სოფელში არ დაამაგრეს, პირობები არ შეუქმნეს.

ვფიქრობ, აქაურობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაშლიან, ბომბს თუ ააფეთქებენ. ჩვენ არსად გვაქვს წასასვლელი.

თქვენ ულტიმატუმი წაუყენეთ და 10-დღიანი ვადა მიეცით ხელისუფლებას, 10 დღის შემდეგ რას აპირებთ?

გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს. თურმე დამეწყრილ ოჯახებს აძლევენ ქონებას. ამ ხალხს კანონით ხომ ეკუთვნოდა დახმარება, იქამდე რატომ არ დაეხმარნენ, სანამ „ოცნების ქალაქში“ ქოხები არ ჩადგეს?

არჩილ ხაბაძის და შშმ პირის შეხვედრა ქუჩაში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეს  გუშინ , საღამოს საათებში, მთავრობის შენობის წინ შეხვდა.

ამ შეხვედრის ფოტოები  აჭარის მთავრობამ  სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, მოქალაქე  ჯემალ ჭელიძე  არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიმშილობას დაიწყებდა.

მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ მთავრობის შენობაში შესვლა  არაადაპტირებული გარემოს გამო ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 41-ე დადგენილებით, ყველა საჯარო უწყება ვალდებულია  შენობა-ნაგებობები შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ, ამ დადგენილებას საჯარო უწყებების უმრავლესობა არ ასრულებს. მათ შორის აჭარის მთავრობაც.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობას არ აქვს პანდუსი და შშმ პირებს პირველ სართულზეც კი არ შეუძლიათ შესვლა.

 

13000213_1184249221608452_1097826356922162308_n

 

მთავრობის ინფორმაციით, მოქალაქე ჯემალ ჭელიძეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აქვს შეტანილი პროექტი, რომელიც შშმ პირებისთვის გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.  სწორედ ამ პროექტის განხორციელებაში სთხოვდა ის არჩილ ხაბაძეს დახმარებას. შშმ პირებისთვის  საჯარო სივრცეების ხელმისაწვდომობას კი კანონი ისედაც ავალდებულებს მთავრობას.

სწორედ არაადაპტირებული შენობის გამო მოხდა არჩილ ხაბაძის და ჯემალ ჭელიძის საქმიანი შეხვედრა ქუჩაში.

მთავრობის ინფორმაციით,  ჯემალ ჭელიძეს არჩილ ხაბაძე პროექტის განხორციელებაში დახმარებას დაჰპირდა და ის შიმშილობას აღარ დაიწყებს.

ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, „970 ლარის ღირებულების მქონე 500 ცალი კრამიტი და 400 ლარის საერთო ღირებულების მქონე 50 კვ/მეტრი ძვლის ფორმის, მოსაპირკეთებელი ფილა“ უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ გადაეცემა.

„ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი თამარ ჩხაიძე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 18 თებერვალს წარმოდგენილი წერილით ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 500 ცალი კრამიტისა და 50 კვ/მ მოსაპირკეთებელი ფილის გადაცემას, წმ. ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის გადახურვისა და ეზოს კეთილმოწყობის მიზნით“, – აღნიშნულია მერიის განმარტებით ბარათში.

ბათუმის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ ქონების გადაცემას.

DSCN8665
ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძარი

გასულ თვეში, ანგისას დასახლებაში  ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის ერთ მხარეს ქვის ის ღობე დაინგრა, რომელიც მეზობელთან საზიაროა.  გაცემულია თუ არა ნებართვა ეკლესიის მშენებლობაზე? – ამ კითხვაზე პასუხი „ბათუმელებმა“ ვერც მერიისგან მიიღო და ვერც ეპარქიისგან.

ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს, ზემოაღნიშნული ქონების საპატრიარქოსთვის გადაცემაზე თანხმობა ბათუმის საკრებულომ 20 აპრილს უნდა მისცეს.

ამავე თემაზე:

ბათუმში დაყადაღებული ავტომობილების ღია ავტოსადგომი მოეწყობა

ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტით, ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, აღსრულების ეროვნული ბიურო დაყადაღებული ავტომობილებისთვის ავტოსადგომსა და ასევე დაყადარებული სხვა ნივთებისთვის საწყობს ააშენებს.

ავტოსადგომისა და საწყობისთვის, ბათუმის მერმა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით უნდა გადასცეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი – 2761 კვ/მ.

ბათუმის მერისთვის ამ ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის საკითხს ბათუმის საკრებულო მინმდინარე წლის 20 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლო: მოსამართლეებისთვის ბინის გადაცემა დამკვიდრებული პრაქტიკაა

მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ, განცხადება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლომ. საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩევლის გიორგი დავითურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის, მეორე პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია „მოსამართლეს შეუქმნას მოღვაწეობისთვის და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები“.

გიორგი დავითურის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერს იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც განამტკიცებს სახელმწიფოს იგივე ვალდებულებას.

„მოცემულ შემთხვევაში, როგორ განახორციელებს სახელმწიფო ამ ვალდებულებას ეს არის მისი გადასაწყვეტი. რაც  შეეხება მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხს, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადმოვიდა ბათუმში, ეს არ არის პრეცენდენტი, როდესაც ახალდანიშნულ მოსამართლეს გადაეცა ბინა, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. შესაბამისად, სახელმწიფომ აირჩია ეს ვალდებულება განახორციელოს ბინის გადაცემის გზით და ამ ქმედების საკანონმდებოლო საფუძველი არსებობს“- აცხადებს მრჩეველი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მოსამართლის „ღირსეული პირობების შექმნა“ გულისხმობს თუ არა აუცილებლად  125 კვ/მ ფართობის ბინის გადაცემას და თანაც საკუთრებაში? – გიორგი დავითური პასუხობს, რომ არა: „კანონი ადგენს სხვადასხვა გარანტიებს, მაგრამ  გასათვალისწინებელია ის, რომ ხელფასი არ იგულისხმება ამაში. ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და სხვა სოციალური გარანტიები მოწესრიგებულია სხვა კანონით.  მაგრამ, დროებით სარგებლობაში გადაეცემა ბინა თუ არა, ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. თუმცა, აქამდე არსებული პრაქტიკით, ბინა მოსამართლეებს საკუთრებაში გადაეცემოდა“.

მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებით“ გავრცელდა. ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 25 მარტს მიმართა და „მოთხოვა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის სახელმწიფოსთვის გადაცემა – შემდგომში… საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით“.

მოსამართლისთვის ბინის საკუთრებაში შესაძლო გადაცემის ფაქტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა. საიამ მოსამართლისთვის ბინის საკუთრებაში გადაცემას მანკიერი პრაქტიკა უწოდა.

რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა სოფლის კრებების ჩამოყალიბებისას

„რამდენიმე ათეული წელი გავიდა, რაც ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდა და ამან თავისი ცუდი შედეგი გამოიღო. ახლა ჩვენ ამ შედეგის დაძლევა გვიწევს“

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში  მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის მუნიციპალიტეტებში სოფლის საერთო კრებების ჩატარება უკვე დაიწყო. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აღნიშნავს, მოსახლეობის ინფორმირების და კრებების ჩამოყალიბების კუთხით, პრობლემები  არსებობს.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 22 ივლისს მიღებული კანონი მუნიციპალიტეტებში სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრებების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთო კრება დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს, თუმცა, კრებების შედეგების შესახებ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას სხვადასხვა გამოცდილება აქვს.

როგორც სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (“სიდა”) ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი აღნიშნავს, მისი ორგანიზაციის მიერ, სოფლებში ჩატარებული 80 შეხვედრიდან გაირკვა, რომ თვითმმართველობები ერიდებიან  საკუთარი ინიციატივის აქტიურად გამოხატვას და სოფლის კრებების მიმართ განსაკუთრებული  ენთუზიაზმი  არც მოსახლეობაში შეინიშნება:

“ჩვენ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 80-მდე სოფელში შევედით; ვიმუშავეთ როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე მოსახლეობასთანაც, რომლებთანაც საინფორმაციო შეხვედრები გვქონდა.  გამოირკვა, რომ ზოგან თვითმმართველობები ერიდებიან  საკუთარი ინიციატივის აქტიურად გამოხატვას, შეინიშნებოდა რომ სამინისტროდან ელოდებოდნენ დავალებების მიღებას. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ  განსაკუთრებული ენთუზიაზმი სოფლებშიც არ შეინიშნებოდა. თუმცა, მაინც ვცდილობდით, რომ მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ყველა იმ საფეხურის შესახებ, რაც უნდა გაიაროს ამ პროცესმა ინიციატივის  გამოჩენიდან – კრების ჩამოყალიბებამდე.

Untitled-1

კანონმდებლობით კრების ფორმირების რამდენიმე ვერსია არსებობს – ერთი  მხრივ, შეიძლება გამგეობა იყოს ინიციატორი და მეორე მხრივ, თვითონ მოსახლეობა”, – აღნიშნავს დევდარიანი და დასძენს, რომ კრების მოწვევის და ჩამოყალიბების პროცედურა რთულია.:

“იმ შესაძლებლობებს, რასაც კრება იძლევა თუ შევადარებთ პროცედურას, რაც მოსახლეობამ უნდა გაიაროს კრების ჩამოსაყალიბებლად, ერთმანეთთან შესაბამისობაში მთლად ვერ მოდის. მაგალითად, კომპეტენციების და უფლებამოსილებების ნაწილში მინიმალისტურია ის ვერსია, რაც დღესდღეობით კანონში გვაქვს. რაღაცნაირად უნდა მოხდეს მოსახლეობის წახალისება, რომ მოსახლეობა თვითმმართველობასთან კომუნიკაციაში აქტიურად ჩაერთოს. თითქოს რჩეული არის  იმის შესაძლებლობა, რომ სოფლის მიერ არჩეული ადამიანი პირდაპირ იყოს თვითმმართველობასთან  კავშირში, მაგრამ მის არჩევამდე, კრების მოწვევა და ჩამოყალიბება იმდენად რთული პროცესია, თუ ამ ადამიანებს ვინმე არ დაეხმარა, განხორციელება რთული იქნება.  გამოდის, რომ რჩება მეორე ვერსია, გამგეობების ინიციატივით მოხდეს კრებების მოწვევა. აქ კი, სამწუხაროდ, შეიძლება ეს კრებები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამის პრაქტიკული მაგალითები უკვე გვქონდა.

როგორც გითხარით, 80-მდე სოფელში იყო საინფორმაციო შეხვედრა. ნაწილში წავახალისეთ კრებების შექმნის  პროცესი; შეტანილია განცხადებები, რასაც წესით, კრების ჩამოყალიბება უნდა მოყვეს. დაახლოებით 30-40 სოფელში რომ შეიქმნას, ეს უკვე მიღწევა იქნება. დავაკვირდებით, რამდენად რთული იქნება პროცესი; თუ აღმოჩნდება, რომ ტექნიკურ სირთულეებთანაც გვაქვს საქმე და  სავარაუდოდ იქნება კიდეც, ამ საკითხს სხვა ფორმატში დისკუსიის საგნადაც გავხდით. თუ გვინდა რეალურად წახალისდეს მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში,  ალბათ, ამ კრების შექმნის პროცედურებიც უფრო მარტივი უნდა იყოს, რომ ადამიანებს, ძალიან  დიდი ძალისხმევის გარეშე უნდა შეეძლოთ ფორმალიზება და არა ისე რთულად, როგორც ეს დღეს კანონმდებლობით არის მოცემული”, – აღნიშნავს დევდარიანი.

მისივე თქმით, კანონმდებლობის გამარტივების გეგმა ჯერჯერობით არ აქვთ, თუმცა, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამაზეც იფიქრონ:

“კანონს ვინც წაიკითხავს, დაიბნევა, იმდენად ბევრი გზა და საფეხურია გასავლელი იმისთვის, რომ ინიციატივა გამოითქვას მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან, შემდეგ ეს ინიციატივა კრებად იქცეს. 5-6 საფეხური მაინც არის გასავლელი. ამიტომ ვფიქრობ,  რომ ეს გზა გასამარტივებელი იქნება. რა გზით, ამაზე უკვე  ხედვებს შევიმუშავებთ და შემდეგ წარმოვადგენთ. ჯერჯერობით, კრების შექმნის პროცესში ვართ, განცხადებები შევიტანეთ და ველოდებით ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან როგორი ადეკვატური ნაბიჯები იქნება გადადგმული”, – ამბობს დევდარიანი.

მისივე თქმით, 80 სოფლიდან, სადაც სიდა-მ შეხვედრა ჩაატარა, არცერთ სოფელში არ დაფიქსირებულა მოსახლეობის მზაობა, რომ კრების ჩატარების სურვილი მათ თავად გამოეთქვათ:

“არსად მოსახლეობამ არ იცოდა ამ კრების შესახებ. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ჩვენც ჩავედით და ადგილობრივმა გამგეობამ პარალელურად ჩაატარა კრება. ოღონდ ეს ძალიან ერთეული შემთხვევებია. სხვაგან, სადაც მივდიოდით, მოსახლეობას ეს ინფორმაცია არ ჰქონდა, არა მხოლოდ სოფლებში, თვითმმართველობებშიც შეხვედრები რომ იმართებოდა, შეიძლება  ითქვას, კრებების ორგანიზების  კუთხით ყველას ერთნაირი ინფორმირების დონე და მზაობა არ იყო. ზოგან ჰქონდათ ეს ინფორმაცია, გეგმავდნენ კიდეც რაღაცას, ზოგან განხილვის ეტაპზე იყო,  ზოგან კი არც ფიქრობდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანია. კანონიც ისეთია, რომ რეალურად, სოფლის კრებების შექმნის ინიციატივა სურვილის ნებაზეა და სავალდებულო არ არის. თანაც, ადგილზე თვითმმართველობები მიჩვეულები არიან ცენტრისგან დავალებას და თუ ეს დავალება სავალდებულო არ არის, ამ  ნაწილში მაინცდამაინც დიდი ინიციატივით შეიძლება არ გამოირჩეოდნენ”, – ამბობს დევდარიანი და დასძენს, რომ ორგანიზაცია სოფლებში მოსახლეობის ინფორმირებას მანამ გააგრძელებს, სანამ კრებები არ ჩატარდება.

“დაახლოებით ერთი თვე კიდევ ვიმუშავებთ, რომ კრებები ჩავატაროთ. შემდეგ კი ვიფიქრებთ, პროცესი როგორ გავაგრძელოთ”, – აღნიშნავს დევდარიანი.

ფონდის “ტასო”  ხელმძღვანელი მარინა თაბუკაშვილი, რომელიც სოფლებში არსებულ რეალობას კარგად იცნობს, ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობის დაწყებამდე სხვა მოლოდინები ჰქონდათ, თუმცა, ადგილზე რეალურად სულ სხვა პრობლემებია გადასაჭრელი.

მისი თქმით, კრებების ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სირთულე მოუწესრიგებელ საარჩევნო სიებშია:

“ჩვენი ორგანიზაციის 13 სხვადასხვა გუნდი 19 სოფელში მუშაობს; თითქმის ყველგან ვაწყდებით პრობლემას, რომ არ არის დამტკიცებული საარჩევნო სიები. თქვენ იცით, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% მაინც უნდა დაესწროს კრებას, რომ ის უფლებამოსილი იყოს და საქმე ისე წავიდეს, როგორც ამას კანონი ამბობს. მაგრამ საქმე ის არის, რომ სიები დამტკიცებული არ არის. ამის გამო, ჩვენს ჯგუფებს ადგილობრივ გამგეობებთან უწევთ თანამშრომლობა, რომ ეს სიები თვითონ დააზუსტონ, შემდეგ კი,  ხელისუფლებამ საარჩევნო სიად, სწორედ ეს გადამოწმებული მონაცემები ცნოს.

ასე  იმუშავა სათემო ორგანიზაციამ “ლელი” და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ეს კი პროცესს დროში ძალიან წელავს”, – ამბობს თაბუკაშვილი.

მეორე სირთულე, რომელზეც ფონდი “ტასოს” ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს, სოფელში რეგისტრირებული მოსახლეობის ადგილზე არყოფნა წარმოადგენს:

“ბევრი ადამიანი, რომელიც რეგისტრირებულია სოფელში, სინამდვილეში იქ არ ცხოვრობს. კანონი კი ამბობს, რომ საერთო კრებას ამომრჩევლის 20% უნდა დაესწროს; ანგარიშობს იმ რიცხვიდან, რომელიც რეალურად იქ არ ცხოვრობს.  ეს სირთულე პიკს აღწევს ენგურისპირა სოფლებში, სადაც ნახევარი, თუ მეტი არა, გადასულია გალში და იქ ცხოვრობს, თუმცა ე.წ. “საზღვრის” აქეთ არის რეგისტრირებული. არჩევნების დღეს ეს ხალხი გადმოდის და ხმას აქეთ აძლევს, მაგრამ სოფლის საერთო კრებაზე, შესაძლოა, ვერ გადმოვიდეს. როგორც ყოველთვის, ცხოვრებაში არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები და ამ განსაკუთრებულ შემთხვევებს კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს. უნდა დაიწეროს დოკუმენტი, რასაც თვითმმართველობაც გაიზიარებს, რომ თუ ადგილზე არ არის მოსახლეობა, ვერ იკრიბება ამომრჩევლის 20% საერთო კრების ჩასატარებლად, ეს არ არის დასახლება? არის ბევრი სოფელი, სადაც 2 ოჯახი ან საერთოდაც, ერთი ადამიანია დარჩენილი, ეს რეალური კონტექსტი ძალიან კარგად არის გასათვალისწინებელი, როდესაც ასეთი სიახლეები იწერება კანონში. ეს სირთულეები უნდა აღიწეროს; ჩანაწერებს დღიურებივით ვაკეთებთ, რომ ანგარიშში ცალკე თავად, სამომავლოდ გასათვალისწინებელ საკითხებად მივაწოდოთ როგორც დონორს, ასევე სამინისტროსაც”, _ აღნიშნავს თაბუკაშვილი და დასძენს, რომ სოფლის კრების ჩამოყალიბებას არა აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა, რამდენადაც მოსახლეობის შეგნებულ მონაწილეობას ამ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში:

“თვითმმართველობა ოდესღაც ამ საკითხს მიადგებოდა, მაგრამ როდესაც ადგილზე მოსახლეობა აცნობიერებს, რომ სოფლისთვის საჭირო საკითხი, თუნდაც ის რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყოს მოსაგვარებელი, მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს, ამაშია ზუსტად საერთო კრების სიკეთე. ყველა შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე კანონმდებლობაში, ეს არის კანონის სიკეთე, რომლის გახორციელებაც მთლიანად მოსახლეობის მზადყოფნაზეა დამოკიდებული. თუმცა, ხალხის მოყვანა ამ კრებაზე და ცნობიერების ამაღლება, მონაწილეობა, ანალიზი სამუშაო საქმეა. თუმცა მე იმას არ ვამბობ, რომ ხალხი მზად არ არის ან წინააღმდეგია.  რამდენიმე ათეული წელი გავიდა, რაც ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდა და ამან თავისი ცუდი შედეგი გამოიღო. ახლა ჩვენ ამ შედეგის დაძლევა გვიწევს“, – აღნიშნავს მარინა თაბუკაშვილი.

 

logo OSGFსტატია მომზადებულია პროექტის –
„თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა“.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო“.
შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი“

ნარკომომხმარებლებისთვის უფლებების შეზღუდვის საქმის განხილვა დაიწყო

არის თუ არა ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელს ავტომატურად უზღუდავს კონკრეტულ უფლებებს – საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ამ საქმის განხილვა დაიწყო. მოსარჩელეები ფიზიკური პირები არიან: ვასილ მარდალეიშვილი, კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გოგოლაშვილი.

მოსარჩელე კონსტანტინე ლაბარტყავა ამბობს, რომ მას ნარკოტიკის მოხმარებისთვის პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული, თუმცა უფლებები ისევ შეზღუდული აქვს, მაგალითად, ავტომანქანის მართვის.

კანონის მიხედვით, ნარკომომხმარებელს მსჯავრის დამტკიცების შემთხვევაში, ავტომანქანის მართვის უფლების შეზღუდვის გარდა, ავტომატურად ერთმევა: საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური საქმიამობის, ასევე საჯარო უწყებებში მუშაობის და სხვა უფლებები.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ნარკომომხმარებლებისთვის დისკრიმინაციულია და მათ ერთმევათ მნიშვნელოვანი სამოქალაქო, პოლიტიკური, ასევე კონკრეტული საქმიანობების განსახორციელებლად უფლებები.

„მინიმუმ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ განიხილოს ეს შემთხვევები და აუცილებლობის შემთხვევაში დასაბუთდეს კონკრეტული უფლების შეზღუდვის აუცილებლობა“  – ამბობს გურამ იმნაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი.

კონსტიტუციურ სარჩელში წერია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციით“ გარანტირებულ თანასწორობის და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

 

საია მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის ფაქტს ეხმიანება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის ფაქტს ეხმიანება.  განცხადება რომელიც ამ წუთებში ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსდა უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 18 აპრილს მედიით  გავრცელდა  ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომლის ფართიც 125 კვ.მ. შეადგენს და დღეისათვის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამ მიზნებისათვის ბათუმის თვითმმართველობა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს სიმბოლურ ფასად გადაეცემა საკუთრებაში.

დაუშვებლად მიგვაჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების იმგვარი გამოყენება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში მოსამართლეს სიმბოლურ ფასად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმიანობისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და ამ პროცესში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა იქნეს გამოყენებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროცესში ქონების გადაცემას აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ხოლო ქონების მიმღები/მესაკუთრე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელია. მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაციების არ არსებობის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის, უძრავი ქონების – საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაცემის ფაქტმა (ფაქტებმა) შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, ისევე, როგორც საზოგადოების მათდამი ნდობაზე და ჩრდილი მიაყენოს ინდივიდუალური მოსამართლეების, ასევე სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლზე საზოგადოების თვალში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შემთხვევა ხელისუფლების მიერ, სხვადასხვა პირებისათვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რასაც გასულ წლებში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში და რაც წლების განმავლობაში საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნული კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, მოსამართლეებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხს დაარეგულირებდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად: სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები. თუმცა, კანონის ეს ჩანაწერი ბუნდოვანია და ნორმა არ განმარტავს, თუ კონკრეტულად რა მოიაზრება „ცხოვრების ღირსეული პირობების“ შექმნაში, ხოლო ამ ჩანაწერის აღსრულების პრაქტიკა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მანკიერი ფორმით ვითარდება.

მოვუწოდებთ საქართველო მთავრობას:

–  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების – საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, დროულად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები.

– აღნიშნული რეგულაციები დაფუძნებული უნდა იყოს მოსამართლეთათვის, მოსამართლეობის ვადით, საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემაზე და არა სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემაზე.

– აღნიშნული რეგულაციების მიღებამდე, საქართველოს მთავრობამ უნდა შეაჩეროს პრაქტიკა, რომელიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემას უკავშირდება“- ნათქვამია საიას განცხადებაში.

 

Exit mobile version