ქედის ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივ სიყალბეს ედავებიან

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ მაღალჩინოსნებს: ოქროპირ ბერიძეს [გამგებლის ყოფილი მოადგილე], დავით დიასამიძეს [ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს] და მის მოდგილეს გია გათენაძეს სამსახურებრივ სიყალბესა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. საქმე ეხება ორ სპორტულ მოედანს, რომელიც ტენდერში მოგებულმა კომპანიამ 2011 წლის ბოლოს მოაწყო. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა დაუსრულებელი სამუშაოები ჩაიბარეს, რითაც ზიანი მიადგა ბიუჯეტს.

ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

„საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, მხოლოდ აუდიტის დასკვნა არსებობს, თანაც აუდიტმა შემოწმება სამუშაოების შესრულებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო. ფაქტია, რომ ორივე სპორტული მოედანი დაზიანებულია და ის რამდენჯერმე შეკეთდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პირებმა ჩაიბარეს სამუშაოები არასწორად“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულების ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქედის გამგეობის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ, ან თავისუფლების აღკვეთა – 2-დან 4 წლამდე.

დაზარალებული ოჯახი ქედის გამგეობის შეთავაზებაზე უარს აცხადებს

სოფელ ტაკიძეებში მეწყრის შედეგად დაზარალებულ ლევან ალიშანიძის ექვსსულიანი ოჯახი ხელისუფლების შეთავაზებაზე უარს აცხადებს და ღამეს მეზობელთან ათევს.
დაზარალებულ ლევან ალიშანიძის თქმით, ქედის გამგებელი დახმარების სახით მათ სამ ვარიანტს სთავაზობს: დაბა ქედაში არსებულ ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლში 40 კვადრატულ ბინას, მეზობელ სოფელში საუკუნოვან ხის სახლს, ან 25 000 ლარს. ლევან ალიშანიძის თქმით, მრავალსულიანი ოჯახი 40 კვ/მ ბინაში ვერ მოთავსდება, საუკუნის ხის სახლი ფარღალალაა, ფულადი დახმარებით კი საცხოვრისს ვერ მოიწყობენ. დაზარალებულები მინიმუმ სამოთახიან ბინას ითხოვენ.

ლევან ალიშანიძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ორი დღის წინ ჩამოწვა. მეწყერმა ხევში დამხმარე ნაგებობა და დაახლოებით 1000 კვადრატული მიწა ჩაიტანა. სოფელ ტაკიძეებში მეწყრული პროცესები საფრთხეს კიდევ ექვს ოჯახს უქმნის. ქედის გამგებლის თქმით კი, განსახლებას მხოლოდ ლევან ალიშანიძის ოჯახი ექვემდებარება.

„თავისუფალი ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში მერია პროექტებს დააფინანსებს

თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბათუმის მერია ექსპერიმენტული თეატრის პროექტს აფინანსებს. პროექტის ფარგლებში სამუელ მარშაკის ცნობილი პიესის „თორმეტი თვე” დადგმა იგეგმება. სპექტაკლი გათამაშდება ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე. გარდა ამისა, გაიმართება ღია ჩვენებები ბათუმის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის. მერიის ინფორმაციით, პროექტი მუნიციპალური ბიუჯეტიდან 9998 ლარით დაფინანსდა.

თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად მერიაში ამ დროისათვის 15- მდე განცხადია შესული, რომელთაგან ათი უკვე შერჩეულია . პროგრამის ბიუჯეტი 150 ათას ლარს შეადგენს. განაცხადების მიღება გრძელდება.

მერიის „ახალგაზრდული ცენტრი“ შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება

ბათუმის მერია რუსთაველის ქუჩაზე,  N51 – ში [ბათუმის დელფინარიუმთან] ახალგაზრდული ცენტრის მოწყობას გეგმავს. შენობის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიის შესყიდვების სამსახურმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი 96 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. წინადადებების წარდგენის ვადა 27 დეკემბერს დასრულდება.
მერიამ ტენდერი გამოაცხადა ასევე “ახალგაზრდული ცენტრის” ფარგლებში შეხვედრების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზების შესყიდვაზე. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების მიერ დაგეგმილი ტრენინგის წარმართვისათვის ტრენერის მოწვევა და ჰონორარით უზრუნველყოფა. შესყისვის ღირებულება 20 000 ლარია.

მერია ახალგაზრდული ცენტრის ღონისძიებების ფარგლებში გეგმავს ტრენინგების მოწყობას შემდეგ თემებზე: პროექტების მართვა, პროექტის ინიცირება, პროექტის საჭიროების არგუმენტირება, კვლევის მეთოდები პროექტის ინიცირების საფუძველზე, პროექტის დაგეგმვა, დოკუმენტაციის მართვა, პროექტის შესრულება.

მედეა ვასაძის გამოხმაურება გაზეთ „ბათუმელების“ სტატიაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე გაზეთ „ბათუმელების“ ორი მაისის ნომერში [#9] გამოქვეყნებულ სტატიას – „მოქალაქე ამბობს, რომ კორპუსის მშენებლობით დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული“ გამოეხმაურა. მედეა ვასაძის განმარტება სტატიაშიც სათანადოდ იყო წარმოჩენილი, თუმცა დეპუტატმა საკითხთან დაკავშირებით თავისივე წერილში, რომლითაც რედაქციას მიმართა, კიდევ ერთხელ განმარტა გარემოებები და წერილის გამოქვეყნება მოითხოვა. წერილს თან ახლავს დოკუმენტები.

გთავაზობთ დეპუტატის წერილს სტილის დაცვით:

„დიახ, კორპუსის მშენებლობით ნამდვილად ვარ დაინტერესებული და ეს ინტერესი სახელმწიფოებრივია“

საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე აჭარის ა.რ. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას და პირადად მე, ხშირად მოგვმართავენ მოქალაქეები, ამიტომ, აპარატში, ამ შინაარსის, არა ერთი განცხადებაა რეგისტრირებული. ჩემი ჩარევა ამ საკითხებში, სამართლებრივი ხასიათისაა, თუმც, ზოგჯერ, მედიატორობაც მიკისრია და გარკვეული დადებითი შედეგისთვისაც მიგვიღწევია.

დიახ, ამ საკითხებისადმი და მათ შორის, კონკრეტულად საგაზეთო სტატიაში მითითებული კორპუსის მშენებლობისადმი მაქვს გარკვეული ინტერესი, კერძოდ, ის, რომ წარმატებით მუშაობდეს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის თაობაზე. ბარაკებში მცხოვრები ბათუმელებისათვის უმჯობესდებოდეს საყოფაცხოვრებო პირობები, ქალაქი იწმინდებოდეს ამ ტიპის შენობებისაგან და უმჯობესდებოდეს მისი იერსახე, ამასთან, როგორც ხელისუფალი ვახალისებდე და ხელს ვუწყობდე ბიზნესს. ამდენად, ამ საკითხებისადმი ჩემი ინტერესი გამოკვეთილია, ხოლო მოტივაცია გაცხადებული – იგი ცალსახად სახელმწიფოებრივია.

ეს კონკრეტული შემთხვევაც ერთ-ერთი იმათთაგანია, თანაც ტიპიური, კერძოდ, 11 თანამესაკუთრე ( ოჯახებით, დაახლოებით, 50-მდე პირი) მთხოვს დახმარებას სხვადასხვა საკითხებში ( მაგ., ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნაში, მემკვიდრეობის დაკანონებაში და სხვა). ერთი მათგანი კი უპირისპირდება ამ 50 ადამიანის საერთო ინტერესს, რაც გამოიხატება მის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში და უპერსპექტივოს ხდის ინვესტორის დაინტერესებას მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ათვისებაზე.

თავდაპირველად ვიფიქრე, რომ უპასუხოდ დამეტოვებინა ეს წერილი, მოგვიანებით კი გადავწყვიტე, რომ მოქალაქე გულნარა გოგიას (ვნების უმძიმეს კვირაში ნაკადრები) ტყუილები საჭიროებდა პასუხს, ხოლო საზოგადოება გარკვეულ განმარტებას.

თანმიმდევრულად მივყვეთ და შევაფასოთ საგაზეთო სტატიაში გამოქვეყნებული ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში, რაც ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით გამაჩნია, რომელთანაც ვარ შემხებლობაში.

1. ტყუილია, რომ გულნარა გოგიას კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობა, თითქოსდა, ინვესტორის შპს „სითი თაუერის“ გაუჩინარებამ გამოიწვია, რადგან ჩემს ხელთ არსებული (და ამ წერილზე თანდართული) მასალებით, გოგიასა და ინვესტორს შორის მშენებლობის პირობების მიზანგანზრახულობაზე ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წლის 1 სექტემბერს. მშენებლობა, კი, გოგიამ, წამოიწყო 20 დღეში, რომლის შეჩერების თხოვნით, 2015 წლის 6 ოქტომბერს, მიღებული აქვს წერილი, სადაც ამავდროულად, აღნიშნულია იმის თაობაზეც, რომ პირობების შეცვლით გამოწვეულ მატერიალურ ზარალზე კომპანიას, მის მიმართ, ექნებოდა პრეტენზია. იქვეა აღნიშნული, რომ მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა წლის ბოლოს და ადგილი არ უნდა ჰქონოდა მის ხელშეშლას. მიუხედავად ამისა, გოგია, დაჩქარებული წესით აგრძელებს მშენებლობას, რომელიც დღეისათვის, ქალაქის ცენტრში, ერთ მახინჯ კონსტრუქციას წარმოადგენს და რასაც იყენებს ინვესტორთან მოთხოვნის 400%-მდე გაზრდისათვის (გამოძალვისათვის). (მისი შვილის კუთვნილ 64 კვადრატულ მეტრში ითხოვს 240 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ, 25 კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს და 25000 აშშ დოლარს).

2. ამ არაგონივრულმა მოთხოვნამ საფრთხის ქვეშ დააყენა პროექტი, რამაც გამოიწვია თანამესაკუთრეთა აღშფოთება და კონკრეტული საკითხებით დაინტერესება. დადგინდა, რომ აშენებული შენობა სრულ შეუსაბამობაშია პროექტთან, რაზედაც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას. გოგია არად აგდებს თვითმმართველობის წარმომადგენელთა მითითებებს და აგრძელებს მშენებლობას, რის გამოც, მას, როგორც ნებართვის მიმღებს. ეკისრება ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა. ადმინისტრაციული წარმოება, ამ დროისთვისაც, გრძელდება და ვვარაუდობ, რომ დადგება, მშენებლობის, პროექტთან შესაბამისობაში, იძულებითი წესით მოყვანის აუცილებლობა.

3. მტკნარი სიცრუეა ის, რომ თითქოსდა, ტელეფონის საშუალებით გოგიას ვემუქრები. ასეთ შემთხვევაში მან უნდა წარმოადგინოს ნომერი, თუ საიდან ვანხორციელებდი ამ მუქარას, ისევე როგორც, მე, ჟურნალისტს, შეპირებისამებრ ვურდგენ ჩემს ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების დეტალურ ამონაწერს, რომლის მიხედვით ჩანს, ზედიზედ, სამჯერ, შემომავალი ზარი 5772215… ნომრიდან, საიდანაც გოგია, ქალისათვის შეუფერებელი უშვერი სიტყვებით ისტერიულად ვიღაცეებს (ვერ გავიგე ვის) ლანძღავს და რისი დასრულების საშუალებას არ ვაძლევ (ტელეფონის გათიშვით).

4. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გოგიას ოჯახისადმი, უფრო სწორედ, მისი ვაჟიშვილის ვალდებულებებისადმი გააქტიურების საკითხით, მხოლოდ სტატიის გაცნობის შემდეგ დავინტერესდი. სააღსრულებო ბიურო განმარტავს, რომ გოგიას შვილს, ჯარიმის სახით აქვს სახელმწიფოს დავალიანება, ერთი წარმოადგენს სამართალდარღვევას, სატრანსპორტო საშუალების სპეციალური ნებართვის გარეშე მართვის ფაქტზე, ხოლო, მეორე – ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარების ფაქტზე (2014-2015 წწ.). აღმასრულებლის განმარტებით მათ, არაერთგზის აქვთ გაგზავნილი წერილობითი გაფრთხილება ჯარიმის თანხის ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე, თუმც უშედეგოდ. ამიტომ, დღის წესრიგში დამდგარა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მოვალის მისამართზე ქონების დაყადაღების აუცილებლობა, რასაც მოყოლია გოგიას არაადეკვატური რეაქცია და აგრესია, უარი უთქვამს პროცედურულად აუცილებელ ხელმოწერებზე, რასაც შედეგად მოჰყოლია ამ ნივთების ამოღება.

სააღსრულებო წარმოება გოგიას ვაჟის მიმართ არ დასრულებულა და ჯარიმის თანხის სრულად ამოღებამდე, მომავალშიც გაგრძელდება.

5. არასწორია, რომ გოგია, თითქოსდა, ცხოვრობს ქალიშვილთან. თვალთმაქცურია მასსა და ქალიშვილს შორის შემდგარი ნასყიდობის ხელშეკრულება. გოგიამ ქონება უფლებრივად გადამალა, თავს კი, ისევ ფაქტიურ მესაკუთრედ მიიჩნევს. ამის დასტურია ის, რომ ამ სადაო და დაუმთავრებელი შენობის პირველი სართულის გაქირავების ხელშეკრულებაზე გოგია ხელს აწერს არა როგორც მინდობილი პირი, არამედ როგორც მესაკუთრე, რითაც შეცდომაში შეჰყავს დამქირავებელი.

6. არასწორია ფაქტი, რომ ინვესტორი ჩემი დეიდაშვილია, კიდევ ერთხელ უარვყოფ მასთან არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ნაცნობობასაც კი. რაც შეეხება შპს „სიტი ტაუერის“ დირექტორის განცხადებას, რომ მიცნობს (უბნიდან და კიდევ იქედან, რომ ყადაღის მოხსნაში დავხმარებივარ) არ ნიშნავს ორმხრივ ნაცნობობას, მით უფრო, რომ ყადაღის ნაწილში კომპანიამ კი არა, თანამესაკუთრეებმა მომმართეს (იხ. თანდართული მასალები). ამასთან, ჩემი, როგორც საჯარო პირის ცნობადობა გაცილებით მაღალია, ვინემ 2015 წელს დაარსებული კომპანიის მენეჯერის ცნობადობის ალბათობა. ამდენად, სტატიის ბოლოს „ჩადებული ჟურნალისტური ინტრიგა“ ვფიქრობ, რომ მთლად ჯანსაღი არ უნდა იყოს.

წერილს ვურთავ რა ჩემს ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას, მათ შორის თანამესაკუთრეთა სახელით შემოსული განცხადება-საჩივრის ასლს, განვმარტავ, რომ ისინი შესაბამისი რეაგირებისათვის გადაგზავნილი მაქვს მერისათვის და მერიის სამსახურებისათვის. მიმართვის შინაარსის მიხედვით საკითხი კონტროლზეც კი არ მყავს აყვანილი, რაც გამორიცხავს ჩემს სუბიექტურ დაინტერესებას, თუმც მიმაჩნია, რომ აღნიშნული თემა და შექმნილი ვითარება, კერძოდ, მოქალაქე გოგიას თვითნებობა, თანამესაკუთრეთა და კომპანიის შელახული ინტერესები თუ უფლებები, ამასთან, მშენებლობის პროცესში საზოგადოებრივი ინტერესი და კანონიერება იმსახურებს იმაზე მეტ ყურადღებას, ვინემ ეს დღემდე გამომიჩენია. ამდენად, კომისია და პირადად მე, ხვალიდანვე შევუდგებით მონიტორინგის განხორციელებას ქალაქის ცენტრში, ლერმონტოვის ქუჩის 12 ნომერში მიმდინარე უსახურ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამ დროისათვის, ადმინისტრაციული წარმოების პირობებში, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სადაო შენობის იჯარით გაცემისა და მესაკუთრისათვის გარე ვაჭრობის ნებართვის მიღების, ამასთან, კომერციული მიზნით ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრისა და სხვა საკითხების კანონიერებაზე.

გაზეთ „ბათუმელებს“, ვაწვდი რა შესაბამის მტკიცებულებებს, ვთხოვ, ამ პასუხის იმავე ფორმატში გამოქვეყნებას, რა ფორმატითაც ჩემს მიერ გაანალიზებული სტატიაა გამოქვეყნებული.“

მედეა ვასაძემ „ბათუმელებს“ მიაწოდა სატელეფონო ამონაწერი შპს „მაგთიკომიდან“ გულნარა გოგიას მიერ მასთან განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე და სხვა დოკუმენტები.

ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებას აღიარებს

მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს ქ.ი.-ს საქმეს. მას ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. ქ.ი. ხელვაჩაურის სატყეო სამსახურში მუშაობდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ქრთამი წაბლის მასალის უკანონოდ დამზადებისთვის აიღო. საქმეში წარმოდგენილია ვიდეოინფორმაციაც, სადაც ჩანს, რომ ბრალდებული 500 ლარის მიღების სანაცვლოდ კონკრეტულ პირს ხის მასალის დამზადებას ჰპირდება. ვიდეო მეტყევეს ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა  გადაუღო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს ბრალს და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე. დიდი ალბათობით, პროკურორი ამას დათანხმდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა, პაატა ბოლქვაძემ.

მეტყევე წინა სხდომაზე გირაოთი გაათავისუფლეს. მას ბრალი 8 დეკემბერს წაუყენეს. აჭარის სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის, იამზე შავაძის ინფორმაციით, მეტყევემ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ.

უფუქციოდ დარჩენილი წისქვილები აჭარის სოფლებში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში აშენებული წისქვილით დღემდე არავის უსარგებლია, რადგან ელექტროენერგიაზე მომუშავე წისქვილებში მრიცხველები ვერ დაამონტაჟეს.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭალახმელაში, მოსიაშვილებსა და ხარაულაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აშენებული წისქვილები არ ფუნქციონირებს – წისქვილების ელექტროქსელში ჩართვა სოფლებმა დღემდე ვერ მოახერხეს. საჭირო თანხა სოფლის პრიორიტეტად დასახელებულ ობიექტებში მრიცხველების დასამონტაჟებლად ვერც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამონახა.
დღემდე არ არის მრიცხველი სოფელ ინაშარიძეებში, ამავე პროგრამით 2009 წელს გარემონტებულ ელექტროწისქვილშიც, რომლის გასარემონტებლად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი დაიხარჯა. აქ არსებული პრობლემა მოსახლეობამ საკუთარი დენის წყაროზე მიერთებით დროებით გადაჭრა.

„წისქვილი დღემდე არ გამრიცხველიანებულა, თუმცა ერთმა ოჯახმა მიაერთა საკუთარი დენი და ვინც სიმინდს აფრქვევს, თანხასაც ის იხდის,~ _ ამბობს ნიაზ დიასამიძე, სოფლის მცხოვრები.

წისქვილების აშენება სოფლის მოსახლეობამ საჭიროებიდან გამომდინარე ითხოვა. თუმცა, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში არ გაითვალისწინეს მრიცხველის დამონტაჟებისთვის საჭირო თანხა, ამიტომ აშენებული წისქვილები გაჩერებულია. მრიცხველების დასამონტაჟებლად საჭირო თანხა ქედის გამგეობას არც მიმდირე წლის ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული.

უფუნქციოდ დარჩენილი ელექტროწისქვილებიდან ერთ-ერთი სოფელ ხარაულაში გასულ წელს მოაწყვეს, რომლისთვისაც 4 000 ლარი დაიხარჯა. უფუნქციოდაა დარჩენილი სოფელ ჭალახმელასა და მოსიაშვილებში აშენებული წისქვილებიც.

ელექტროენერგიაზე მომუშავე წისქვილების გარდა უფუნქციოდაა დარჩენილი წყლის წისქვილებიც, უწყლობის გამო სოფელ ჭინკაძეებში მოწყობილ წისქვილს სოფლის მოსახლეობა ვერ იყენებს.

ქედის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე ამბობს, რომ სოფელ ჭინკაძეებში წყლის წისქვილი მოსახლეობის მოთხოვნით ინერტული მასალის მომპოვებელმა კომპანია „რასემ~ მოაწყო. მისი თქმით, ზოგიერთ სოფელში წისქვილი მოსახლეობამ ინდივიდუალურად, საკუთარი ნებით მოაწყო, ზოგან კი პროგრამის ფარგლებში გააკეთა. შესაბამისად, ზოგიერთი მათგანი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხება და იმ შემთხვევაში, თუ საერთო დანიშნულების წისქვილებს წყლის ან ელექტროენერგიის პრობლემა აქვს, სოფლის მოსახლეობას შეუძლია გამგეობას წერილობით აცნობოს. ამის საფუძველზე, სამსახურის უფროსის თქმით, შესაბამისი ღონისძიება გატარდება.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ წისქვილებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას წელს ეკონომიებიდან მიღებული თანხით მოაგვარებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის განკარგვაზე პასუხისმგებელია სოფლის მოსახლეობა, შესაბამისად, როდესაც წისქვილების მოწყობა გადაწყვიტეს, არავინ იფიქრა, რომ კვების წყაროზე მიერთებას 1200 ლარი სჭირდებოდა. როგორც ვიცი, გამრიცხველიანების პრობლემა ოთხ სოფელშია, შესაბამისად 4 800 ლარია საჭირო. ვფიქრობ, წისქვილებთან დაკავშირებულ პრობლემას ამ წელში გადავჭრით“ – ამბობს გამგებელი.

71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე

ქვედა მახუნცეთში მცხოვრებ დებს – თინასა და სონიას ყოველი გაწვიმება აშინებს. დების სახლის სახურავი დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი სახლში ჩადის და 71 წლის სონია იძულებულია სახურავის სახელდახელოდ შესაკეთებლად სახურავზე ავიდეს.

71 წლის სონია და 68 წლის თინა კურცხალიძეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში ცხოვრობენ შიფერით გადახურულ, ქვის, ორსართულიან სახლში. სახლის მეორე სართულის აივანს ძველი ბრიზენტი აქვს აფარებული. ეს მარტო მცხოვრები დების მამისეული სახლია. სონია და თინა ამბობენ, რომ ბევრი პრობლემა აქვთ, თუმცა მათი მთავარი გასაჭირი მაინც დაზიანებული სახურავია, რომლის შეკეთებასაც წლებია ვერ ახერხებენ. სახურავი განსაკუთრებით დაზიანდა გასული წლის ნოემბერში, როცა ქარმა სახლს შიფერი ალაგ-ალაგ მოგლიჯა და მეორე სართულზე ოთახებში წვიმის გუბეები დადგა.

„კასრებით ვაქცევდით წყალს, ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ქედის გამგებელს დავურეკე, ვუთხარი გაუსაძლის მდგომარეობაში რომ ვიყავი და ვთხოვე, იქნებ ბრეზენტი გქონდეთ, დაგვეხმაროთ სახლს გადავახურავთ-მეთქი, გამგებელმა მითხრა არ მაქვსო. ბოლოს გადავწყვიტეთ ცოტა შიფერი მაინც გვეყიდა და სადაც ძალიან დაზიანებული და ახდილი იყო სახურავი, ის ნაწილი მაინც გადაგვეხურა, თუმცა შიფერი გასაყიდიც კი ვერ ვნახეთ. ლითონის ფურცლები რომ გვეყიდა, თანხა ჩვენ არ გვქონდა. მერე ნათესავები დაგვეხმარნენ და მეორადი სახურავი მოგვცეს, ასე შევაკოწიწეთ და შევარემონტეთ სახურავი, თუმცა ისევ გვაწვიმს სახლში,“ – ყვება თინა.

ის ამბობს, რომ გამგებლის წარმომადგენლები ორჯერ იყვნენ მისულები და დახმარებასაც დაჰპირდნენ, თუმცა – ამაოდ.

„ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავწერე განცხადება ქედის გამგეობაში სამასალე ხის გამოყოფასა და მეორადი სახურავით დახმარებაზე, თუმცა არც მაშინ მომაქციეს ყურადღება. დღემდე ჩემი 71 წლის და არემონტებს ფარღალალა სახურავს. 2012 წელს მიწისძვრა რომ მოხდა, სახლში ბათქაში ჩამოცვივდა, მინები ჩაიმსხვრა და დღედე ჩამსხვრეული მინებიც კი ვერ გამოვცვალეთ. ჭერიც ასე დაზიანებულია დღემდე. სად არის მაგის თანხა შევაკეთოთ და მინები გამოვცვალოთ,“ – ამბობს თინა კურცხალიძე.

დების შემოსავალი პენსია და თინას მწირი ხელფასია. თინა ბათუმში მეზღვაურთა ცენტრში მუშაობს და ყოველ სამუშაო დღეს მახუნცეთიდან ბათუმში მიკროავტობუსით დადის. ამბობს, რომ გასულ კვირას მაქსიმალური ხელფასი – 120 ლარი აიღო, ისიც იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა შემცვლელი ექთნის ნაცვლადაც მუშაობს და, შესაბამისად, ხელფასიც ამიტომ მეტი გამოუვიდა.

სონია ახალგაზრდა დაქვრივდა, ერთი წლის წინ შვილი, 40 წლის გოგიტაც გარდაეცვალა. თინა ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ სონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, წნევა და ოსტეოქონდროზი აწუხებს და პენსია წამლებისთვის ძლივს ჰყოფნის.

სონია კურცხალიძე
სონია კურცხალიძე

ერთი კვირის წინ სონია ქედის ცენტრში ჩავიდა გამგებელთან, დავით დუმბაძესთან შესახვედრად. ამ შეხვედრაზე საუბარი სონიას უჭირს და ცრემლი ერევა:

„ვუთხარი, დაზარალებული ოჯახი ვართ, სახურავს ვითხოვთ. რა გქონდა პირველად დახურულიო? – უხეშად მკითხა. ვუთხარი შიფერი, მერე შიფერი გქონდა და თუნუქის სახურავი გინდაო? ვუპასუხე, არ მომითხოვია თუნუქის სახურავი, ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ-მეთქი. არც სოფლის გზა გვივარგა, ჩემი შვილი 12 წლის გადავარდა და სხვაც რომ არ გადავარდეს იქ, გზა გასაკეთებელია-მეთქი – ამაზეც ვუთხარი და მითხრა, ვალდებული არ ვარ, გზები ვაკეთოო. რწმუნებულებს დაუძახა შემოსულიყვნენ, შემოივიდნენ ისინი და უთხრა, რატომ დაპირდით ამას დახმარება, რომ დაპირდით, ახლა უყიდეთ და აუტანეთო. რა მექნა, წამოვედი განერვიულებული, წნევა ამიწია, არ მახსოვს სახლში როგორ ჩავედი, მთელი კვირა ცუდად ვიყავი. რომ არ მიჭირდეს, ავიდოდი მოხუცი ქალი იქ სათხოვნელად?!“ – ყვება სონია.

2015 წელს ქედაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 24 ოჯახს გადასცეს ლითონის ფურცლები, კურცხალიძეების გარდა ადგილობრივ ხელისუფლებას სახლის გადასახურად დახმარებას 80-მდე ოჯახი სთხოვს. ქედის გამგეობის გათვლით, საჭირო რაოდენობის ლითონის ფურცლების შეძენას 100 000 ლარი სჭირდება.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ქედის გამგებელს, დავით დუმბაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ამ თემაზე სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა.

სახალხო დამცველი ბიოლოგიის სახელმძღვანელოში დისკრიმინაციული ტერმინების შეცვლას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მე-8 კლასის ბიოლოგიის სახელმძთვანელოში წამალდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებით გამოყენებული ტერმინის – „ნარკომანის“,  სხვა ტერმინით ჩანაცვლებას ითხოვს. მისი განცხადებით, „ნარკომანი“,  მცდარი ტერმინია და ის უნდა შეიცვალოს. „გარდა ამისა, წამალდამოკიდებული ადამიანი აღქმულია როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება“- ნათქვამია სახალხი დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

„2016 წლის 30 აპრილს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ზოგადი წინადადებით სახალხო დამცველმა მოუწოდა სამინისტროს ბიოლოგიის VIII კლასის გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოდან ამოღებულ იქნეს წამალდამოკიდებული, აივ ინფექციისა და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი ფრაზები და მსჯელობები.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბიოლოგიის სახელმძღვანელოში, წამალდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებით გამოყენებულია მცდარი ტერმინი „ნარკომანი“, ამასთან, წამალდამოკიდებული ადამიანი აღქმულია როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. სახელმძღვანელოში ასევე მცდარი ინფორმაციაა მოწოდებული შიდსის გავრცელებისა და აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის შესახებ. სახელმძღვანელოში ასევე ასახულია შიდსით დაავადებული წამალდამოკიდებული პირის „შემზარავი“ ფოტო“- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ სახელმძღვანელოში გამოყენებული ფრაზები, მსჯელობა და მცდარი ინფორმაცია ხელს უწყობს წამალდამოკიდებული, აივ ინფექციის და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების და სტიგმის გაძლიერებას და ახალისებს სხვადასხვა სფეროში მათი უფლებების შეზღუდვას დისკრიმინაციული მოტივით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში გვხვდებოდეს ისეთი გამონათქვამები, რომელიც არასწორ ინფორმაციას აწვდის ბავშვს და კონკრეტულ საკითხზე უქმნის მას ისეთ წარმოდგენას, რამაც შეიძლება წაახალისოს კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზაცია და ხელი შეუწყოს სტერეოტიპული აზროვნების განვითარებას სკოლის ასაკიდანვე.

დელფინარიუმმა დისკრიმინაციული ფასი შეცვალა

ბათუმის დელფინარიუმმა სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულა, რომელიც მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დისკრიმინაციული ფასის გაუქმებას ავალდებულებდა.

ბათუმის დელფინარიუმში დელფინებთან 15-წუთიანი ინტერაქტივის ფასი 3–დან 16 წლამდე პირთათვის  100 ლარი,  16 წელს გადაცილებულთათვის – 150 ლარი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ყველაზე ძვირი – 160 ლარი ღირდა.

მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციამ – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – შეიტანა.  ისინი მიიჩნევდნენ, რომ დელფინარიუმის მიერ შშმ ბავშვებისთვის დაწესებული ფასი – 160 ლარი, დისკრიმინაციულია და არღვევს ადამიანის უფლებებს.

სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა, ბათუმის დელფინარიუმმა კი სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულა და დისკრიმინაციული ფასი შეცვალა.

„სასამართლო გადაწყვეტილება ჩაგვბარდა თუ არა, მაშინვე შეიცვლება ფასები და შშმ ბავშვებისთვისაც იქნება იგივე ფასი, რაც სხვა პირებისთვის,“- განაცხადა დელფინარიუმის დირექტორმა დავით ლეკვეიშვილმა.

საცდელი „ელექტროსკამი“ ბათუმში დაამტვრიეს

ბათუმის მერიასთან ახლოს, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, გასული წლის ბოლოს დამონტაჟებული საცდელი ელექტროსკამი დამტვრეულია.

IMG1401
ლითონისა და პლასტმასის კონსტრუქციის სკამის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის იკეცებოდა და თან ღამით განათებული იყო. ასეთი სკამი ქალაქში მხოლოდ ერთი იყო. თავის დროზე ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამბობდნენ, რომ – სკამი საცდელად დაამონტაჟეს.

მოქალაქე: კორპუსის მშენებლობით დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში ფარნავაზ მეფისა (ყოფილი ტელმანი) და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, სადაც მისი საცხოვრებელი სახლია, კორპუსის მშენებლობით უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული. შეთახმებისას წარმოქმნილი პრობლემების გამო კი, მას დეპუტატი ემუქრება. თავად მედეა ვასაძე ბრალდებას უარყოფს.

გულნარა გოგიას თქმით, გასული წლის ბოლოს მასთან ინვესტორი მივიდა და საცხოვრებელი სახლის დათმობის სანაცვლოდ ახალ კორპუსში ბინა შესთავაზა: „მკითხეს, რას ითხოვო. ჩემი გოგო ქვრივია. კიდევ ბიჭი მყავს. ამიტომ ვუთხარი, რომ ერთი ბინა, 80 კვ/მეტრი, ერთი შვილისთვის მინდოდა, ხოლო მეორე – 80კვ/მ ბიჭისთვის. შევთანხმდით, მაგრამ მაშინ სახლი ძველი იყო. არც ფანჯრები ჰქონდა. მთელი ზამთარი გაუკეთებელ სახლში ვიყავი. გამაფრთხილეს ხელი არაფერს მოკიდოო, მაგრამ მერე აღარ გამოჩნდნენ. ამიტომ მერიას ცვლილებაზე მივმართე და რაღაცები ავაშენე, სახლი გავარემონტე. ფანჯრებიც ჩავსვი. რის გამოც შემდეგ ათასი ლარით დამაჯარიმეს. ცოტა ხნის წინ კიდევ მოვიდა იგივე ინვესტორი, მაგრამ რადგან უკვე სახლი გაკეთებული მქონდა, აღარ დავთანხმდი და 240 კვადრატი და მაღაზიის ფართობიც მოვითხოვე. არ დამთანხმდნენ. ამის შემდეგ დეპუტატი მედეა ვასაძე ტელეფონით მელაპარაკა და დამემუქრა. მითხრა, პროექტში დახარჯულ ფულს, 50 000-ლარს შენგან ამოვიღებო.“

გულნარა გოგიას თქმით, ინვესტორი, რომელიც ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე კორპუსის აშენებას გეგმავდა, დავით გოგუაძე იყო.
გულნარა გოგიას თქმით, სახლის მშენებლობით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარე, მედეა ვასაძეა დაინტერესებული: „გოგუაძე მან მოაგზავნა. თავად არ ჩანს“.

როგორც მოქალაქე ყვება, ინვესტორთან წარმოქმნილი პრობლემების შემდეგ ის ბათუმის მერიამ მშენებლობის წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. მოქალაქე ირწმუნება, რომ ინვესტორთან ვერ შეთანხმებიდან მალევე მათთან ასევე გამოჩნდა სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი, რომელმაც მის შვილზე – მინდია მეგენეიშვილზე ერთი წლის წინ გამოწერილი საჯარიმო თანხა [ავტომანქანის მართვის წესების დარღვევა] ნატურის სახით ამოიღო დაჯარიმებულის დის სახელზე რეგისტრირებული სახლიდან – აღმასრულებელმა მაცივარი და სარეცხი მანქანა წაიღო. „ეს ჩემი ქვრივი გოგოს ნივთები იყო, მე მასთან ვცხოვრობ“, – ირწმუნება გულნარა გოგია, რომელიც აღმასრულების გააქტიურებას დეპუტატ მედეა ვასაძეს უკავშირებს.

თავად დეპუტატი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში არ უარყოფს, რომ გულნარა გოგიას იცნობს და ინვესტორთან დაკავშირებულ პრობლემებზეც აქვს ინფორმაცია: „საქმის კურსში ვარ იმასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ მესაუბრებით. ჩემი სამეზობლოა, ამ უბანში ვცხოვრობდი 45 წელი. მათთან ვმეზობლობ და მაქვს ურთიერთობები. მოვიდნენ და მთხოვეს ინვესტორია მოსული, ერთ-ერთი მესაკუთრის სახლს ყადაღა ადევს და დაგვეხმარეო, ნებისმიერი ინვესტორი უარს ამბობს, რადგან ერთ-ერთი მესაკუთრის ყადაღა არ იხსნებაო. ეს არის ბარაკის ტიპის დასახლება. შევპირდი, რომ როდესაც დადგებოდა საკითხი დღის წესრიგში, დაველაპარაკებოდი აღმასრულებელს. როცა მივიდა ინვესტორი, მესაკუთრეს დავაწერინე განცხადება, დაველაპარაკეთ სააღსრულებო ბიუროს და მივაღწიეთ შედეგს. როგორც ჩანს, მოლაპარაკება მათ შორის შედგა. მათ შორის გოგიამაც მოუწერა ხელი შეთანხმებაზე ინვესტორს. როგორც დანარჩენი 13 ოჯახი მეუბნება, მას ინვესტორისგან მოუთხოვია 170 მ/კვ ფართობი და 10 000 დოლარი, რაზეც ინვესტორი დათანხმდა. შედგა წერილობითი შეთანხმებაც. შემდეგ, როგორც მეუბნებიან, საცხოვრებელი ფართობის 45 კვადრატი გაუსხვისებია თავის შვილზე და მას დაუწყია მშენებლობა. ამის შემდეგ გაუზრდია მოთხოვნა არაგონივრულად. ინვესტორმა გააკეთა პროექტი და როგორც ვიცი შეათანხმა მერიას, მაგრამ ამ გოგიამ ჩაშალა მთელი 13 ოჯახის ინტერესი. ინვესტორი, რომელსაც მე არ ვიცნობ, შეიძლება გაღიზიანდეს და სულ წავიდეს. ასე დაიპირისპირა მთელი სამეზობლო. მე მათ მხოლოდ ყადაღის ნაწილში დავეხმარე, რადგან ისინი ჩემი ამომრჩევლები არიან. ამის შემდეგ არ ვიცი რა მოხდა. მათი შიდა კონფლიქტი რა ჩემი საქმეა. არც ის ვიცი, ჩემგან რა უნდა – პირიქით მადლობას უნდა მიხდიდნენ, რადგან ისინი ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ და ინვესტორთან პრობლემა მოვუგვარე“.

მედეა ვასაძის თქმით, ის გულნარა გოგიას არასდროს დამუქრებია და არც მისთვის დაურეკავს. ის ამტკიცებს, რომ პირიქით – მას დაურეკა რამდენჯერმე გულნარა გოგიამ და შეუძლია „ბათუმელებს“ ამის დამადასტურებელი სატელეფონო ამონაწერიც მოაწოდოს.

კომპანია, რომელიც ბათუმში ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში კორპუსის მშენებლობას გეგმავს, „სიტი ტაუერია“. ამ კომპანიის დირექტორის, დავით გოგუაძის ტელეფონის ნომრის დადგენაში მედეა ვასაძე დაგვეხმარა. დავით გოგუაძე კომპანიის ერთპიროვნული მფლობელია. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მან კომპანია 2015 წლის აგვისტოში დააფუძნა. გულნარა გოგია ირწმუნება, რომ ის მედეა ვასაძის დეიდაშვილია, რასაც მედეა ვასაძეც უარყოფს და თავად დავით გოგუაძეც.

დავით გოგუაძის თქმით, ის ბათუმში, ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში კორპუსის მშენებლობას ნამდვილად გეგმავს. სწორედ ამ მიზნით მან იქ მცხოვრებ 13 ოჯახთან შეთანხმებაც გააფორმა, მათ შორის იყო გულნარა გოგიას ოჯახიც. ამის შემდეგ ინვესტორმა პროექტი მოამზადა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურებს გადიოდა: „ვიდრე ნებართვას არ მივიღებდი, ვერავის გამოვიყვანდი ბინიდან და ვერაფერს შევეხებოდი. შემდეგ გავიგე, რომ ვიდრე მე ამ პროცედურების მოგვარების რეჟიმში ვიყავი, გოგიას მიშენება-დაშენება დაუწყია. შემდეგ მან ბევრი მოინდომა. მე უფრო მეტი შევთავაზე, ვიდრე მანამდე და პასუხს დღესაც ველოდები. გაწეული მაქვს ხარჯები, ორი ეტაპი გავიარე. ახლა გაჩერებული ვარ. შეთანხმება 170 კვადრატზე გვაქვს და გირაოთი ასაღები ფართობის ხარჯზე, 10 000 დოლარზე. ახლა რასაც ითხოვს ის რომ მივცე, მაშინ სხვებიც აჯანყდებიან და აღარ მიღირს“.
კითხვაზე, იცნობს თუ არა დეპუტატ მედეა ვასაძეს, ინვესტორი პასუხობს: „როგორ არა, ვიცნობ, ჩემი უბნელია და დახმარების თხოვნითაც მივმართე ერთ-ერთი მესაკუთრის სახლზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით“.

მედეა ვასაძემ კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ინვესტორს არ იცნობს და ვერც მისი სახელი და გვარი გაიხსენა.

300 ლარი ომის ვეტერანებს მერიისგან

ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი ბათუმშიც აღინიშნა.  ომის ვეტერანები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, თითოეული ვეტერანი და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, – 300 ლარს მიიღებენ.

გმირთა ხეივანში ვეტერანების გარდა, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

მერიის ინფორმაციით, 9 მაისის ღონისძიებები ვეტერანებისადმი მიძღვნილი საზეიმო ბანკეტით დასრულდება. ბათუმში ამ დროისთვის 36 ომის ვეტერანი ცხოვრობს,

ქედაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში, მეწყერი ჩამოწვა. გამგებლის ინფორმაციით, მთლიანად დაზიანებულია ერთ-ერთი მაცხოვრებლის ლევან ალიშანიძის საცხოვრებელი სახლი და კარმიდამო დააზიანა, სადაც ექვსი ადამიანი ცხოვრობდა.

„მიწის მასივი ჩამოწვა დაახლოებით 15-20 მეტრზე ხევის მიმართულებით, ჩამოწოლილმა მიწის მასამ მთლიანად წაიღო ლევან ალისანიძის სახლი, ბაღჩა-ბაღი. წუხელ გვიან ღამით გამოვიყვანეთ ეს ოჯახი, რადგან რისკები დიდი იყო. ასევე გახიზნულია სხვა ექვსი ოჯახიც“-გვეუბნება გამგებელი დავით დუმბაძე.

გამგებლის თქმით, მეწყერი საშიშროებას უქმნის კიდევ ექვს ოჯახს, თუმცა გასახლებას მხოლოდ ერთი ოჯახი ექმედებარება. გამგებლის თქმით, ამ სოფელში დაახლოებით 25 წლის წინ განვითარებულა მეწყრული პროცესები, თუმცა როგორც დავით დუმბაძე აცხადებს, მეწყრული პროცესების გაგრძელება მოსალოდნელი არ არის.

ზუსტი რადიოლოგიური კვლევები ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

უახლესი ციფრული აპარატურა, პროფესიონალების გუნდი და პაციენტისათვის მოსახერხებელი გარემო რიგებისა და დისკომფორტის გარეშე _ ეს ბათუმის საერთაშორისო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის რადიოლოგიური განყოფილებაა, სადაც პაციენტის ზუსტი დიაგნოსტიკა მსოფლიო წამყვანი ბრენდების აპარატურით ხდება.

ჰოსპიტლის რადიოლოგიურ განყოფილებას ექიმი-რადიოლოგი ოთარ მიქელაძე ხელმძღვანელობს, რომელსაც ამ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ამბობს, რომ განყოფილება ყველა თანამედროვე მოთხოვნას პასუხობს.

„ჩვენთან რადიოლოგიური კვლევები სრული სპექტრითაა წარმოდგენილი,“ – განმარტავს ოთარ მიქელაძე, „ციფრული რენტგენოგრაფია, 3D/4D განზომილების ციფრული ულტრაბგერითი გამოკვლევა, ციფრული მამოგრაფია, მაგნიტორეზონანსული კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია. შემიძლია გითხრათ, რომ აქ მოსულ პაციენტს არ დასჭირდება დამატებითი კვლევებისთვის სხვა დაწესებულებას მიმართოს.

აპარატურა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, უახლესი მოდელისაა. რადიოლოგიური განყოფილება მთლიანად აღჭურვილია 2015 წელს გამოშვებული აპარატურით და მსოფლიოში საუკეთესო ბრენდებითაა წარმოდგენილი. ესენია: „ჯენერალ ელექტრიკი“, „სამსუნგი“, „სონი“ და სხვა ფირმები, რომლებიც სამედიცინო ბაზარზე მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ და მათი სიზუსტის ხარისხი ძალიან მაღალია. შესაბამისად, კვლევები არის ფართო სპექტრის, ხარისხიანი, ზუსტი და პაციენტისთვის უფრო უსაფრთხო. დღეს კლინიკა მაღალტექნოლოგიური კვლევების გარეშე წარმოუდგენელია. ასე რომ რადიოლოგია უმნიშვნელოვანესი რგოლია კლინკაში,“ – ამბობს ოთარ მიქელაძე.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რადიოლოგიურ განყოფილებას პაციენტები ყველაზე ხშირად ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური კვლევებისთვის მიმართავენ. ორსული ქალებისათვის, რომელთაც ულტრაბგერითი გამოკვლევა ესაჭიროებათ, განსაკუთრებული სიახლეა – მაღალი ხარისხის ციფრული აპარატურა არა მხოლოდ ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, არამედ მომავალ მშობლებს შეუძლიათ 3D/4D გამოსახულებით ნახონ, როგორ მოძრაობს ბავშვი. თანამედროვე აპარატურა ვიდეოჩანაწერის გაკეთების საშუალებასაც იძლევა.

„ასეთი ხარისხის კვლევებს აქვს როგორც დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, ასევე სხვა ტიპის, ემოციური ღირებულებაც,“ – ამბობს ოთარ მიქელაძე.

ოთარ მიქელაძე
ოთარ მიქელაძე

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის რადიოლოგიურ განყოფილებაში შვიდი ექიმი და ათი ტექნიკური მუშაკი მუშაობს. საერთო ჯამში, განყოფილებას დღეში ასზე მეტი პაციენტის მიღება შეუძლია, რაც განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვისაა მოსახერხებელი, რომელთაც არ სურთ დრო დაუსრულებელ რიგებში დაკარგონ.

„ჩვენთან რიგი კარგად არის დარეგულირებული. არსებობს ჩაწერის მექანიზმიც, ანუ პაციენტს შეუძლია ჩაეწეროს, მისთვის მოსახერხებელ დროს მოვიდეს და ჩაიტაროს გამოკვლევა, თუმცა არც ჩაწერის გარეშე მოსულ პაციენტს მოუწევს რიგში დგომა. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს ორი სტაციონარული რენტგენის კაბინეტი და ექოსკოპიის ექვსი აპარატი. გვყავს სამი ექოსკოპისტი,“ – ამბობს ოთარ მიქელაძე.

რადიოლოგიური განყოფილება ადგილზე ემსახურება იმ პაციენტებსაც, რომლებიც სტაციონარში მკურნალობენ. მძიმე პაციენტებისთვის, რომლებსაც კვლევა ესაჭიროებათ, რადიოლოგიურ განყოფილებას აქვს სპეციალური, მოძრავი აპარატურა და კვლევა უშუალოდ პალატაში ხორციელდება.

„ზოგ დაწესებულებაში აძლევენ მხოლოდ დასკვნას, ისე, რომ სამედიცინო დოკუმენტაციას არ ახლავს დისკი და სხვა ტიპის თვალსაჩინოება, რაც პრობლემას ქმნის გარკვეულ შემთხვევებში. ჩვენთან კი გაიცემა სპეციალისტის დასკვნა და დისკიც – ციფრული მასალა, რომლის გამოყენებაც, მაგალითად, უცხოეთში ან საქართველოს ნებისმიერ კლინიკაში გადაგზავნა, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია პაციენტს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა დაკარგა გამოკვლევების შედეგები ციფრულ ფორმატში, ჩვენთან ეს ყველაფერი ინახება არქივში და არის აღდგენის შესაძლებლობა. ერთი სიტყვით, ჩვენ მზად ვართ, მაღალპროფესიული სამედიცინო დახმარება გავუწიოთ პაციენტს,“ – ამბობს ოთარ მიქელაძე.

13087288_558336964346475_1725400306260770548_n

ბათუმის საერთაშორისო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

IUHB-JPG-GEOმისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@iuhb.ge
ვებგვერდი: www.iuhb.ge

ახალი ბულვარი ძველი პრობლემებით

59 230 ლარი გამოყო მიმდინარე წელს ახალი ბულვარის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად „ბათუმის ბულვარმა“. რას გააკეთებს და რის გაკეთებას ვერ წყვეტს „ბათუმის ბულვარი“ საკუთარ ტერიტორიაზე?

როგორც `ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, ახალი ბულვარის საზღვრები ამფითეატრამდეა. „ამის იქით, ბათუმის მერიაა პასუხისმგებელი“, – ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში. თუმცა პრობლემები ორივე მხარესაა. სამი წლის წინ შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დღესაც იმავე მდგომარეობაშია. ზღვის სანაპიროზე, ჩამოშლილი მიწის ბელტები და ქვა-ღორღი ყრია. აქვეა გაურკვეველი წარმოშობის ბეტონის ნარჩენებიც. გრძელი სკამები კი დღემდე ზღვისგან დაზიანებული ბილიკის ზოლზეა განლაგებული.

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე თითქმის წაშლილია ველობილიკები, რომლებიც ჭოროხამდე გრძელდება. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სანაპირო ზოლზე ინფრასტრუქტურა მოშლილია, თუმცა ამის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები არსად დგას. ტერიტორია არ ნათდება ღამით, რის გამოც ველოსიპედისტები შესაძლებელია საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

`ტექნიკური სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 59 230 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით იგეგმება პლაჟის მოსწორება. ტენდერი ჩატარდა ველობილიკების შეღებვაზეც. ელოდებიან ამინდის გამოსვლას, რომ შეღებვა დაიწყონ. ველობილიკები შეიღებება „ალი და ნინოს“ ქანდაკებიდან და დასრულდება ამფითეატრთან“, – გვეუბნება „ბათუმის ბულვარის“ ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი კოტია. მისი თქმით, ამის იქეთ ველობილიკების შეღებვაზე მერიაა პასუხისმგებელი.

ახალ ბულვარში მწყობრიდანაა გამოსული ამფითეატრი. როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კომპანია, რომელმაც თავის დროზე ვალდებულება აიღო ამფითეატრის მემბრანულ გადახურვაზე, სამუშაოების შესრულებაზე უარს აცხადებს. „საქმე სასამართლოშია და არ ვიცით, რა გადაწყვეტილებაა მიღებული“, – გვეუბნებიან ბულვარის ადმინისტრაციაში. მორჩენილი ფილების საწყობად არის ქცეული ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაც.

„ეს ფილები ეკუთვნის მერიას და დროებით არის აქ დასაწყობებული. ამ დღეებში ალბათ ტენდერი გამოცხადდება მომსახურებაზე და მოხდება მათი გადატანა მერიის საწყობში“. ამფითეატრის უკან რკინის თეთრი ბოძებიც აწყვია. „ესეც დროებით არის აქ, ადრე არდაგანის ტბის ირგვლივ იდგა, აიღეს და ამფითეატრის უკან დაასაწყობეს“, – გვეუბნება ირაკლი კოტია.

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაჟანგული და მწყობრიდან გამოსულია ველოტერმინალიც. არც მის გვერდით დამონტაჟებული ვიდეოთვალი მუშაობს. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტერმინალი შპს „ბათუმველოს“ საკუთრებაშია და მის გამართვაზეც პასუხისმგებელი ის არის. „მოაწესრიგებენ ალბათ“, – ამბობს ირაკლი კოტია.

რაც შეეხება გამწვანებას, ბულვარის დეკორატიული ნაწილი სარეველებითაა დაფარული. ზოგიერთ მცენარეს ჩამომტვრეული აქვს ტოტები.
„ბათუმის ბულვარის“ გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის გენო ნოღაიდელის თქმით, ბულვარში მცენარეების მოწესრიგებას თბილი ამინდის დადგომის შემდეგ დაიწყებენ.

„მცენარეები, რომლებიც დეკორატიულ ზოლშია ამოზრდილი, სპეციალური შხამ-ქიმიკატით დაიწამლება. მიმდინარე სამუშაოებს – ბარვას, გათოხნას და სასუქების შეტანას მოვრჩით და მაისიდან დავიწყებთ სარეველების მოშორებასაც. ჩამომტვრეული ქერქისგან გაიწმინდება მაღალი პალმებიც და წესრიგში იქნება ყველაფერი“.

რაც შეეხება ახალ ნარგავებს, გენო ნოღაიდელი ამბობს, რომ 900 ძირი მცენარე უკვე დაირგო, ნაწილი კი შემოდგომაზე დაირგვება. „ახალი მცენარეებიც წამოიზარდნენ და რამდენიმე წელიწადში თვალშისაცემი იქნება გამწვანება“.

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე რეკონსტრუქციას საჭიროებს კაფე-ბარებიც. თუმცა, ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათ მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი მოიჯარეები არიან.

ახალი ბულვარი. საღებავგადაცლილი ველობილიკები. ლელა დუმბაძის ფოტო
ახალი ბულვარი. საღებავგადაცლილი ველობილიკები. ლელა დუმბაძის ფოტო
გაუქმებული ველოტერმინალები ახალ ბულვარში. ლელა დუმბაძის ფოტო
გაუქმებული ველოტერმინალები ახალ ბულვარში. ლელა დუმბაძის ფოტო
.ე.წ ამფიტიატრის გვერდით ტერიტორია. ახალი ბულვარი.  ლელა დუმბაძის ფოტო.
.ე.წ ამფიტიატრის გვერდით ტერიტორია. ახალი ბულვარი. ლელა დუმბაძის ფოტო.

DSCN9766

დაზიანებული სანაპირო ახალ ბულვარში. ლელა დუმბაძის ფოტო.
დაზიანებული სანაპირო ახალ ბულვარში. ლელა დუმბაძის ფოტო.
ახალი ბულვარი. ლელა დუმბაძის ფოტო
ახალი ბულვარი. ლელა დუმბაძის ფოტო

DSCN9814

ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი

როცა დოკუმენტაცია და დიაგნოზი არ ასახავს სინამდვილეს – დარღვევები ინფექციურ საავადმყოფოში

„108 შემთხვევაში ჩატარდა არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურება“, – ეს და კიდევ უფრო კრიტიკული ჩანაწერები სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ასახა შემოწმების აქტში, რომელიც შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ საქმიანობას ეხება. ცენტრი 206 231 ლარით გასული წლის 30 ნოემბერს დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემოწმებიდან 5 თვე გავიდა, უცნობია იზიარებს თუ არა აჭარის მთავრობა აქტში აღწერილ დარღვევებს.

აჭარის მთავრობა იმიტომ, რომ შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ სწორედ მისი დაფუძნებულია, უფრო კონკრეტულად კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსი. ცენტრის დირექტორი ექიმი ჯემალ დუმბაძეა, ხოლო ინფექციური დეპარტამენტის უფროსი – ექიმი ნატო მიშველაძე.

სწორედ ჯემალ დუმბაძემ გაათავისუფლა 2014 წლის დასაწყისში სამსახურიდან ექიმი დავით მურვანიძე, რომელმაც სასამართლოში იჩივლა. დავით მურვანიძის კანონიერად გათავისუფლების დადასტურება „ცენტრმა“ ქვეყნის სასამართლოს სამივე ინსტანციაში სცადა, მაგრამ გასულ კვირას უზენაესმა სასამართლომ მას დავით მურვანიძის სამსახურში აღდგენა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურება დაავალდებულა. ექიმს 70 000 ლარი სამედიცინო დაწესებულებამ უკვე გადაუხადა.

ინფექციური საავადმყოფო (11)დავით მურვანიძეს მიაჩნია, რომ ეს უსამართლობაა, რადგან ის სამსახურიდან პირადი ახირებით გაუშვა დირექტორმა და მისი ახირებების შედეგებს სახელმწიფო არ უნდა ასწორებდეს.

ექიმ-ინფექციონისტ მურვანიძის თქმით, ვიდრე მას გაათავისუფლებდა ჯემალ დუმბაძე, მანამდე სწორედ იმავე მოტივით და, შესაბამისად, უკანონოდ, „12 ექთანი და სანიტარი დაითხოვა, მაგრამ მათ სასამართლოში ჩივილი ვერ მოახერხეს“.

„ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალურ ცენტრში“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება დირექტორს ჯემალ დუმბაძესა და დეპარტამენტის უფროსს ნატო მიშველაძეს აქვთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯემალ დუმბაძის ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 8 ათასი ლარია, ხოლო ექიმ მიშველაძის – 5-6 ათასი ლარი. შესაბამისად, მათვე ეკისრებათ ცენტრის გამართულ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა.

რევიზიის აქტების მიხედვით, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ცენტრის საქმიანობას, რომელსაც ეს ორი ექიმი ხელმძღვანელობს, გამოვლენილი დარღვევების გამო კრიტიკულად აფასებს. აქტი 2015 წლის 30 ნოემბრით არის დათარიღებული.

#35 შემოწმების აქტში წერია შემდეგი: „591 შემთხვევაში [ანაზღაურებულია 228 816 ლარი] სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ არის მიღებული პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა… არ არის ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცნობა ფორმა #IV-100/ა. არ არის დაფიქსირებული დიაგნოზი, სამედიცინო მომსახურების გამწევი პირის ხელმოწერა“.

აქტში წერია, რომ ამ და სხვა დარღვევებისთვის სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდება ბიუჯეტიდან ანაზღაურებული თანხის 10%-ით, ანუ  22 881 ლარით.

იმავე აქტში საუბარია 45 ისეთი შემთხვევის შესახებ [ანაზღაურებულია 18 369 ლარი], როდესაც რეგულირების სააგენტოს მიერ კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები თუ მონაცემები არ ასახავს სინამდვილეს.

ამ კონკრეტულ „45 შემთხვევაში“ ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობა უშუალოდ პაციენტებს უკავშირდება – საქმე ეხება დიაგნოზთან დაკავშირებულ სხვადასხვა დადასტურებულ ინფორმაციას. დოკუმენტში წერია: „ძირითადად [პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული] დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან „კალკულაციაში“ ასახულია გამოკვლევები, რომელთა ჩატარების პერიოდი არ შეესაბამება პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება/დაყოვნების პერიოდს“.

ამ შემთხვევაშიც რეგულირების სააგენტოს მიაჩნია, რომ სამედიცინო ცენტრისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა – 18 369 ლარი სრულად უნდა დაიბრუნოს სახელმწიფომ.

სააგენტოს მონაცემებით, 108 შემთხვევაში სამედიცინო ცენტრში ასევე ადგილი ჰქონდა არაჯეროვან სამედიცინო მომსახურებას [ანაზღაურებულია 43 095 ლარი]. ამ დარღვევისთვის სამედიცინო ცენტრს ჯარიმის სახით ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის – 129 286 ლარის გადახდა მოუწევს.

4 შემთხვევაში [ანაზღაურებულია 1265 ლარი] მიმწოდებელმა მოსარგებლის ანუ პაციენტისგან პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა ამოიღო. „ამ შემთხვევაში სამედიცნო დაწესებულებამ პაციენტს გადაახდევინა ის თანხა, რასაც სახელმწიფო პროგრამა სრულად აფინანსებდა“. რეგულირების სააგენტოში მიიჩნევენ, რომ სწორედ ამის გამო სამედიცინო ცენტრი გადახდილი თანხის სამმაგი ოდენობით უნდა დაჯარიმდეს. საჯარიმო თანხა ჯამში 37 97 ლარია.

რეგულირების სააგენტოს კიდევ ერთი – 2015 წლის პირველი ივლისიდან 2015 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდის შემოწმების მასალებით [რევიზიის აქტი #35/8], „16 შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მონაცემები არ ასახავს სინამდვილეს. …ძირითადი დიაგნოზი არ ადასტურებს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს“.

ამ შემთხვევებში ბიუჯეტიდან სამედიცინო ცენტრში 6971 ლარია გადარიცხული. აქტის დამწერის აზრით, ეს თანხაც, ისე როგორც ზემოთ მოცემული თანხები, სრულად ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „17 შემთხვევაში სამედიცინო ცენტრში ჩატარებულა 8 089 ლარის ღირებულების არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურება“. რეგულირების სააგენტო, ისევე როგორც წინა ჯერზე, სამედიცინო ცენტრის გახარჯული თანხის სამმაგი ოდენობით დაჯარიმების რეკომენდაციას გასცემს, რაც ჯამში 24 267 ლარია.

რეგულირების სააგენტოს მიერ აჭარა-გურიის რეგიონებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამედიცინო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების შესაფასებლად „ბათუმელები“ თავად ცენტრის დირექტორს დაუკავშირდა. პირველ დღეს ჯემალ დუმბაძემ განაცხადა, რომ „თურქი ინვესტორები ჰყავს და არ სცალია“, ხოლო მეორე ჯერზე თქვა, რომ „ბოლოს და ბოლოს წითელი პარასკევია და ვერ ისაუბრებს, თუნდაც იმიტომ, რომ დოკუმენტებთან ხელი არ მიუწვდება“.

ჯემალ დუმბაძემ ორი სიტყვით მაინც შეაფასა შემოწმების აქტი და მას არასწორად დასმული „წერტილ-მძიმეების გამო დაშვებული შეცდომები“ უწოდა. ჯემალ დუმბაძე „ბათუმელებს“ დაჰპირდა, რომ მიმდინარე კვირაში შემოწმების აქტებში მითითებული დარღვევების თაობაზე აუცილებლად გააკეთებს განმარტებას.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა შპს პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის დამფუძნებელს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ჯერ ვერ გააკეთებენ. სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ოფიციალურ განცხადებას სამინისტრო მას შემდეგ გაავრცელებს, რაც რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტში მოყვანილი დარღვევების შესახებ მონაცემებს გადაამოწმებენ.

პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. ამ ცენტრთან ასევე თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც შიდსითა და ტუბერკულოზით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ.

განსაკუთრებით ბევრი პაციენტის მიღება ცენტრს მაინც ზაფხულობით უწევს – მათ შორის, რა თქმა უნდა, არიან ზღვის წყლით მოწამლული ტურისტები, ისევე როგორც ადგილობრივები. შესაბამისად, სწორედ ამ სეზონზე გაედინება ბიუჯეტიდან სამედიცინო დაწესებულებაში ყველაზე მეტი თანხა.

აღმოჩენილი დარღვევების მიუხედავად პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას – აქ ორი კვირის წინ მიიღეს ინვესტორი, რომლის მხარდაჭერითაც სამედიცინო დაწესებულების A კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო [TIKA] დააფინანსებს. ამ მიზნით 1 მილიონზე მეტი დოლარი დაიხარჯება.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი 2016 წელს 2 530 810 ლარის ელექტრონულ შესყიდვებს განახორციელებს.

 

ბათუმელი მოსწავლეების გამოგონება – ხელჯოხი უსინათლოებისთვის

მოსწავლეებმა ბათუმიდან – ცოტნე შოთაძემ და ბესო შარაშიძემ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნეს ინოვაციური ხელჯოხი – „სხვა თვალი“, რომელიც მფლობელს ორი მეტრის რადიუსში აცნობებს წინაღობის ან დაბრკოლების შესახებ. ამ გამოგონებისთვის ცოტნემ და ბესომ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადაზე [IYIPO] ოქროს მედალი მოიპოვეს.

ბესოსა და ცოტნეს მიერ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნილი ინოვაციური ხელჯოხი, გარდა იმისა, რომ მფლობელს ორი მეტრის რადიუსში აცნობებს დაბრკოლების შესახებ. გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ჯოხის მფლობელს თუ დახმარების გამოძახება დასჭირდება, ღილაკზე თითის დაჭერით ხუთ ტელეფონზე გაიგზავნება მისი ადგილმდებარეობა ელექტრონულ რუკაზე და დახმარების თხოვნის სიგნალი. ტელეფონის ნომრები სისტემაში წინასწარ იქნება შეყვანილი. გარდა ამისა, „სხვა თვალის“ ერთ-ერთი ფუნქციაა სიბნელეში ავტომატურად ჩართოს სინათლე, რომელიც ირგვლივ მყოფებისთვის აღქმადს გახდის ფეხით მოსიარულეს.

ცოტნე შოთაძე და ბესო შარაშიძე „სხვა თვალთან“ ერთად
ცოტნე შოთაძე და ბესო შარაშიძე „სხვა თვალთან“ ერთად

„მსგავსი ტექნოლოგიები უკვე არსებობს, მაგრამ ჩვენ მიერ გამოყენებული სენსორი ყველანაირ ზედაპირს აღიქვამს, რაც სხვა შემთხვევაში ასე არ არის, მათ უჭირთ მაგალითად, სარკისებური ზედაპირის აღქმა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის „ბლაინდპროტექტორი“, რომელიც გარდა ამ განსხვავებისა, ძალიან მოუხერხებელია, მიმაგრებული აქვს დიდი ზომის სქემა, ტელეფონთანაა დაკავშირებული და ასე მუშაობს. ჩვენი „სხვა თვალი“ მსუბუქი და კომფორტულია, არც ტელეფონი სჭირდება, არც ზედმეტი ნაწილები, მხოლოდ მცირე ზომის სქემა აქვს მიერთებული. ბურთულიანი დაბოლოება და ნათურები ავტომატურად ირთვება სიბნელეში“, – ამბობს პროექტის თანაავტორი ცოტნე შოთაძე.

ბესომ და ცოტნემ ერთმანეთი კერძო სკოლაში გაიცნეს, სადაც მესამე კლასიდან ოთხი წლის განმავლობაში ერთად სწავლობდნენ. „შემდეგ მე გადავედი მერვე საჯარო სკოლაში და ისე მოხდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში კონტაქტი დავკარგეთ. ერთმანეთი გასულ წელს „თავიდან გავიცანით“ ერთ-ერთ კონფერენციაზე. ვისაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ინტერესები ემთხვეოდა, მაშინ ბესომ შემომთავაზა სამეცნიერო კონკურსებში მონაწილეობა და ვცადეთ“, – იხსენებს ცოტნე, რომელიც გასულ წლამდე სპორტული აქტივობებით თუ სწავლით იყო დაკავებული და მსგავსი მცდელობები არ ჰქონია. ბესო კი წლებია სამეცნიერო კონკურსების ერთგული მონაწილეა. ის აქამდე კომპიუტერულ პროგრამებს წერდა და ქმნიდა კომპიუტერულ თამაშს. პირველი საკონკურსო პროექტი ცოტნესთან ერთადაც სწორედ კომპიუტერული თამაში იყო.

„8-9 წლიდან დავინტერესდი კომპიუტერული პროგრამებით; შემეძლო „ვინდოუსის“ ჩაწერა, გადაყენება, პროგრამების დაწერა. შემდეგ კომპიუტერების შეკეთებაც, ახლობლები და ნაცნობები თავიანთი ინიციატივით მიხდიდნენ ფულს.

ყოველთვის მინდოდა რამე შემექმნა, რაც ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებდა. მე და ცოტნემ საბოლოოდ „სხვა თვალი“ შევქმენით“, – ყვება ბესო.

ბესო ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ბაზისი შაჰინის სკოლა-ლიცეუმი იყო, სადაც კომპიუტერი შეაყვარეს, ასწავლეს პროგრამების დაწერა და მისცეს მოტივაცია უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო ამ მიმართულებით, რაშიც ასევე ინგლისური ენის კარგი ცოდნა დაეხმარა.

როგორც ცოტნე იხსენებს, ისინი იცნობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ საქმიანობას და მის ხელმძღვანელს, თომა კაკაბაძეს. ერთ დღეს, როდესაც მეგობრები გასართობად იყვნენ შეკრებილი და პროექტებზე საუბრობდნენ, ერთ-ერთმა შესთავაზა რაიმე ისეთი შეექმნათ, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დაეხმარებოდა.

„გამიჩნდა იდეა, რომ უსინათლოებისთვის შეგვექმნა რამე. აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად განვითარებული ტექნოლოგიებისა, მათი უსაფრთხო და თავისუფლად გადაადგილების პრობლემა დღემდე დგას. ასე დავიწყეთ „სხვა თვალზე“ მუშაობა“, – იხსენებს ცოტნე.

თავდაპირველად პროექტის იდეა ცოტნემ და ბესომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე [Millennium Innovations Award] წარადგინეს, სადაც პროექტის განსახორციელებლად 500 აშშ დოლარით დაფინანსდნენ. გარდა ამისა, მათ სანტიაგოს უნივერსიტეტმა წინასწარი 50%-იანი გრანტი გაუფორმა იმ შემთხვევაში, თუ ამ უნივერსიტეტში ჩააბარებენ.

„მაშინ ვერ გავიმარჯვეთ ფინალში, მაგრამ პროექტი კიდევ უფრო დავხვეწეთ და ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გავიტანეთ, სადაც გავიმარჯვეთ და საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოვხვდით“, – ამბობს ბესო. საერთაშორისო კონკურსი „IYIPO“ 2016 წელს ორმოცამდე ქვეყნის 150 ნამუშევარს მასპინძლობდა. ბათუმელი მოსწავლეების პროექტმა ოქროს მედალი და ოლიმპიადის რამდენიმე სპონსორის ჯილდო დაიმსახურა.

ცოტნე და ბესო აბიტურიენტები არიან. მათი გეგმები ამ ეტაპზე სრულიად განსხვავდება: ბესოს კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება უნდა, ცოტნე კი საზღვაო ნავიგაციის სწავლას და პერსპექტივაში კაპიტნობას გეგმავს.

ბესოსთვის, იმ მრავალფეროვან პროექტებში, რომლებშიც აქამდე მონაწილეობდა, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს სფეროა – გამოგონება და შექმნა. ბესო პარალელურად დაინტერესებულია ფოტოგრაფიითა და მოგზაურობით. ამბობს, რომ მას მგზავრობა არასდროს ღლის და ახალი ადგილების ნახვა და მათი ფოტოზე ასახვა დიდი ენერგიით ავსებს. უნდა, რომ უნივერსიტეტშიც სწავლის გარდა იმუშაოს, საკუთარი შემოსავალი რომ ჰქონდეს.

მათი გეგმები „სხვა თვალთან“ დაკავშირებით კი ასეთია: „საქპატენტში შევიტანეთ განაცხადი, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განიხილავენ და, სავარაუდოდ, მალე პატენტიც გვექნება. დაფინანსებას თუ მოვიძიებთ, შეიძლება წარმოებაც დავიწყოთ“, – ყვებიან ბიჭები.

პროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციები არ გაუვლიათ თავად უსინათლო პირებთან. თუმცა, როდესაც პროექტი შედგა, „უსინათლოთა კავშირის“ წევრები დაინტერესდნენ და „სხვა თვალი“ საველე პირობებში გამოსცადეს. ცოტნე ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი გამარჯვება იმ ადამიანის ბედნიერი სახე იყო, რომელმაც თავად გამოიყენა ცოტნეს და ბესოს შექმნილი ხელჯოხი, რომელმაც შეძლო მისთვის „სხვა თვალი“ გამხდარიყო.

ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი

„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე აფასებს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ახალ პროგრამას, რომელიც ბათუმს 346 ათასი ლარი დაუჯდება. „ბათუმის ტერიტორიის აერო-ფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა“, – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას დაუჭირა მხარი. საკრებულოს უმრავლესობას უჭირს დასაბუთება, რატომ არის საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D ეფექტით, მით უფრო, როცა ქალაქგეგმარებისთვის საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით მსგავსი ელექტრონული პროგრამა უკვე არსებობს.

„ეს იქნება მანქანა, რომელიც იფრენს ქალაქის თავზე და გადაიღებს სამგანზომილებიან მოდელს. Google-ში ხომ გინახავთ მსოფლიო ქალაქების ელექტრონული ვერსია? ასე შესაძლებელია ქალაქი დაათვალიერო ისე, რომ იქ არ ჩახვიდე. ეს სამოყვარულო გადაღებაა და არა პროფესიონალური“, – ამბობს ირაკლი მურღულია, ურბანული განვითარების სპეციალისტი. ის ხელმძღვანელობდა „ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის“ შემუშავებას, რომელიც 2013 წელს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ – USAID-მა დააფინანსა და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ განახორციელა.

ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა [პროექტის ღირებულება 118 ათასი ლარი] აეროგადაღებაც. ქალაქის მერიას USAID-მა ასევე ჩააბარა ელექტრონული მართვის პროგრამა, რომლითაც აეროგადაღებით შედგენილი ელექტრონული რუკის გამოყენებაა შესაძლებელი. „ეს არ იყო სამგანზომილებიანი გადაღება, მაგრამ იგი საკმარისია იმისთვის, რომ ემუშავათ. სამწუხაროდ, მერიამ არ გამოიყენა ის, რაც გაკეთდა ამ პროექტის ფარგლებში. ე.წ. „გისის“ სპეციალისტი მხოლოდ ერთი ჰყავდა მერიას და ისიც გაუშვეს, როცა გია რამიშვილი გაათავისუფლეს არქიტექტურის სამსახურიდან“, – ამბობს ურბანისტი ირაკლი მურღულია.

ბათუმის მერიაში არ მალავენ, რომ „გისის“ სპეციალისტი ნამდვილად გაუშვეს და ამ პროგრამის მცოდნე არავინ ჰყავთ. „სპეციალისტი არ გვყავს, მაგრამ ჩვენ ვიცით რაღაც დონეზე, რაც გვჭირდება პროექტების განხილვების დროს. გავლილი გვაქვს მოსამზადებელი კურსი და ნაწილობრივ ვიყენებთ „გისის“. რედაქტირებასა და უფრო რთულ პროცესებში ამ პროგრამით ვერ ვსარგებლობთ“, – გვითხრა მამუკა რამიშვილმა, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ქალაქგეგმარების განყოფილების უფროსმა. ის ერთადერთია მერიიდან, ვინც ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

საკრებულოს ოპოზიცია ირწმუნება, რომ მერიასა თუ საკრებულოში, ვინც არსებული პროგრამის გვერდის ავლით ახალი პროგრამის დაფინანსებას უჭერს მხარს, ინფორმირებული არ არიან 3D გადაღების აუცილებლობაზე.

„საუბარია ინოვაციურ მეთოდებზე, რომლითაც დიახაც უნდა ვხელმძღვანელობდეთ. 21-ე საუკუნეა და როცა გვაქვს პრეტენზია ტურისტების მოზიდვაზე, ეს გვჭირდება“, – ასე დაგვისაბუთა სამი განზომილებით ბათუმის გადაღების აუცილებლობა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძემ. კითხვაზე, რის გამო დაუჭირა მან მხარი ამ პროგრამას, გვითხრა, რომ მოისმინა პრეზენტაცია და დარწმუნდა, რომ ამ გზით მოკლე პერიოდში შესაძლებელი გახდება ქალაქდაგეგმარება და მისი ელექტრონული მართვა: „ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი კომპანიის პრეზენტაცია. იქ აღინიშნა, რომ დაახლოებით 10 წელი დასჭირდება ამ პროცესს. გადაღებით კი დაჩქარდება ეს პროცესი და უკეთესი არაა?“

საკრებულოს კიდევ ერთი წევრი „ქართული ოცნებიდან“, ვინც 346 ათასად ბათუმის 3D ტექნოლოგიებით გადაღებას ხელი აუწია, ლაშა სირაბიძეა: „ურბანული დაგეგმარებისთვის პირველი ეტაპია და მთელი ბათუმის საზღვრები დატანილი იქნება სამი D ეფექტით. უფრო ადვილი იქნება ყველანაირი პროცესის მართვა. მოვისმინე სხვადასხვა ექსპერტის შეფასება და ვენდობი მათ“. რომელ ექსპერტებს მოუსმინეთ? – ამ შეკითხვაზე ლაშა სირაბიძემ ვერ გვიპასუხა და თენგიზ აფხაზავასთან გადაგვამისამართა, რომელიც პროგრამის ინიციატორია.

თენგიზ აფხაზავასთან სატელეფონო კომენტარი იერუსალიმში გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩავწერეთ: „უნდა მოხდეს ქალაქის მთლიანი ქონების მატერიალური და არამატერიალური აღწერა, ინვენტარიზაცია და მისი ინტეგრირებული მართვა. ამის მიბმა მოხდება ბიუჯეტზე ეფექტური მართვისთვის. ეფექტურობა გულისხმობს იმას, რომ გვექნება დაპასპორტებული ქუჩები, სკვერები, მიწისქვეშა კომუნიკაციები. მაგალითად, შეგიძლია ნახო ელექტრონულად რომელიმე ობიექტი და გაიგო, როგორია მისი ტექნიკური მონაცემები, რომელმა კომპანიამ შეასრულა იქ სამუშაოები. ეს ყველაფერი დღეს ჩვენ ქაოტურად გვაქვს“.

„გადაუდებელი და ჰაერივით საჭიროაო, ასე ნამდვილად არ არის“, – ამბობს მამუკა რამიშვილი, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ქალაქგეგმარების განყოფილების უფროსი. მისი თქმით, ეს პროგრამა დაბალსართულიანი შენობების შემთხვევაში არაფერს შეცვლის: „გრანდიოზულ მშენებლობებზე, რომელზეც საზოგადოების ინტერესი არსებობს, გამოჩნდება, როგორ ჩაჯდება ესა თუ ის მაღალი შენობა ზონაში. 2008 წლიდან დაიწყო აეროგადაღებები, შეიქმნა რუკები და ბოლოს 2013 წელს განახლდა. ახლა ამბობენ, რომ ყველაფერი დაფიქსირდება“.

რატომ არ იყენებს ქალაქის მთავრობა USAID-ის მხარდაჭერილ პროგრამას? – ლაშა სირაბიძემ გვითხრა, რომ ფული თურმე ტყუილად დაიხარჯა და საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს: „შესაძლოა, ფული გაათეთრა ვინმემ. მე რატომ მთხოვთ გამოძიებას?  ეგ არ არის ჩემი ფუნქცია. მერიის სამსახურებმა მითხრეს, რომ ვერ იყენებენ პროგრამას. მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა შევასრულე და ამ ძალიან კარგ პროგრამას, სამგანზომილებიან გადაღებას დავუჭირე მხარი“.

რაც შეეხება ნატალია ზოიძეს, მან გვითხრა, რომ 2013 წელს „ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერილი პროგრამის შესახებ არაფერი სმენია.

გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ არ გამორიცხავს გარიგებას: „როცა ქალაქის ნახევარზე მეტი გასაკეთებელია, რა უნდა გამოჩნდეს ამ რუკაზე? თენგიზ აფხაზავა საუბრობს კონკრეტულ ჯგუფზე, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. ამბობს, რომ ტენდერში ვინც გაიმარჯვებს, ის შეასრულებსო. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ შეიძლება საქმე გვქონდეს გარიგებასთან“.

„ეს არ იქნება ერთჯერადი – ქალაქში მიმდინარეობს მშენებლობები, ამიტომ წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა მოხდეს სამგანზომილებიანი ტექნოლოგიებით გადაღება“, – ამბობს კობა ჩხეიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“. მისი განმარტებით, ამ პროგრამის განთავსებას ახალი, ძვირადღირებული კომპიუტერები დასჭირდება, ასევე სპეციალისტები: „ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ბათუმის მერია შეიძენს და დადებს თაროზე“.

გაეროს მოდელირებული, ახალგაზრდული ასამბლეა ბათუმში

გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უკეთ გასაცნობად და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ბათუმში მოდელირებული, ახალგაზრდული ასამბლეა ტარდება. სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები სესიებში, კინოჩვენებებსა და დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. 400-მდე ახალგაზრდა დელეგატი ასევე ესტუმრება სამთავრობო უწყებებს და დიპლომატიურ ორგანიზაციებს.

„პროექტის ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც მოდელირებული ასამბლეის დასრულების შემდეგ, განახორციელებენ სხვადასხვა პროექტს გაეროს რეზოლუციების პოპულარიზაციისთვის. დელეგატებმა უკვე დაიწყეს პროექტების წერა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ უჩა აბრამიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე. თვითმმართველობა, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მოდელირებული ასამბლეის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

გაეროს მოდელირებული ასამბლეის პირველი შეხვედრა დღეს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ჩატარდა. მოდელირებული სხდომა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალფეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ ორგანიზებით ტარდება. ასამბლეა 10 მაისს დასრულდება, სადაც გამარჯვებულ მონაწილეებს დააჯილდოვებენ.

გონიოს ხიდის რეაბილიტაცია შესაძლოა დროულად ვერ დასრულდეს

ბათუმი-სარფის მონაკვეთზე, მდინარე ჭოროხზე არსებული [გონიოს] ხიდის რეაბილიტაცია, შესაძლოა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ დასრულდეს. სამუშაოები – „სუბიექტური და ობიექტური მიზეზების, მათ შორის გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო“, ბოლო თვეებში შეჩერებულიც კი იყო. ხიდზე სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ აწარმოებს, რომელმაც წელს ასწლოვანი ტიტას ხე ციხისძირიდან შეკვეთილში გადაიტანა, სადაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

ხიდზე სამუშაოების გასაგრძელებლად სამზადისი კომპანიამ ხუთი დღის წინ დაიწყო. სამუშაოები მიმდინარე კვირაში განახლდება. ნახევრად გადაკეტილი ხიდის მთლიანად გადაკეტვას კი, ჩვენი ინფორმაციით, თავად „ზიმოს“ მუშები გეგმავდნენ პროტესტის ნიშნად – ისინი კომპანიისგან კუთვნილ ხელფასებს ითხოვდნენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მორიგება შედგა, სახელფასო  დავალიანების არსებობა კი კომპანიაში არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები „ზიმომ“ 2015 წელს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს. მოესწრება თუ არა ხიდის რეაბილიტაცია პირველ ივნისამდე? – ამ კითხვაზე კომპანიაში დაახლოებით ასეთი პასუხი აქვთ – „ალბათ, არა“. ხიდის ერთი მხარე რამდენიმე თვეა გადაკეტილია და გამყოფ ხაზზე ბეტონის ბორდიურებია დაწყობილი.

„ხიდის რეაბილიტაცია ცოტა სპეციფიკური სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს, როცა გავხსენით ზედა ფენა, აღმოჩნდა, რომ პროექტში აუცილებლად უნდა შეგვეტანა ცვლილება და ველოდებოდით. დღეს უკვე ეს ცვლილებები შევიდა და დავიწყებთ ინტენსიურად სამუშაოებს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ.

მისივე თქმით, შესაძლოა სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწიოს, თუმცა ამაზე ჯერ არ არის საუბარი: „ხიდის მარჯვენა სავალ ნაწილზე როცა გადავხსნით ასფალტის საფარს, შემდეგ გამოჩნდება შიგნითა ნაწილში რა მდგომარეობაა… ხიდის ქვედა ნაწილი გავამაგრეთ, შუა ნაწილია გასამაგრებელი. მოკლედ, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ზოგი სამუშაო ისეთია, საერთოდ არ ჩანს, ვთქვათ ხიდიდან, შიგ გვირაბებია და სხვ. შიგა ნაწილი თუ არ გამაგრდა, ზემოთ ასფალტის დაგებას აზრი არ აქვს. ივნისამდე შეიძლება მოესწროს, შეიძლება არა, გააჩნია ამინდსაც. იქ სპეციფიკური ადგილია და ხშირად ძლიერი ქარია, რა დროსაც შეუძლებელია მუშაობა, ამიტომ ამინდზეც ვართ დამოკიდებული“.

რა ცვლილებები შევიდა ხელშეკრულებაში არც კომპანიაში დააკონკრეტეს და არც გზების დეპარტამენტში. კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ „ცვლილებები სავალ ნაწილთან დაკავშირებითაა და ვადას არ ეხება. რეალისტები რომ ვიყოთ, ხიდის სავალი ნაწილი ალბათ გასწორდება, რომ იქ სეზონისთვის მოძრაობა არ შეიზღუდოს და თუ რაღაც სამუშაოები დარჩება ხიდის ქვემოთა ნაწილში, იქ ყოველთვის შეიძლება სამუშაოების ჩატარება. რაც შეეხება იმას, რომ სამუშაოები შეჩერებული იყო – რაღაც მიზეზები არსებობდა, ზოგი სუბიექტური, ზოგი – ობიექტური, ფინანსური პრობლემებიც იყო და აღდგომის შემდეგ გამოსწორდება საქმე“.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ კომპანია 21 აპრილს გააფრთხილეს, რომ სამუშაოები დააჩქაროს. „ტროტუარებს ელოდებოდნენ გერმანიიდან, ჩამოსულია უკვე და მთელი ძალებით შეუდგებიან მუშაობას. კომპანიას, ჯერჯერობით, გადავადებაზე არ მოუმართავს. თუ მოგვმართავს, არგუმენტებიც უნდა წარმოადგინოს. ჯერ ამბობენ, რომ ასწრებენ. ვადა აქვთ და ჯარიმაზე საუბარი ზედმეტია, თუ ვერ დაასრულებს და სარწმუნო არგუმენტებს ვერ წარმოადგენს, ვადა არ გაგრძელდება, დაჯარიმდება და შეუწყდება ხელშეკრულება“, – განაცხადეს დეპარტამენტში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ზიმოს“ შორის მდინარე ჭოროხზე არსებული [გონიოს] ხიდის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება 2015 წლის 28 იანვარს გაფორმდა. სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 2 მილიონ 929 ათას 440 ლარს, თუმცა, მიმდინარე წლის 20 აპრილის ცვლილებით, სახელშეკრულებო თანხა შემცირდა და 2 მილიონ 803 ათას 984 ლარით განისაზღვრა. სხვა რაიმე ცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ მოიპოვება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გონიოს ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2014 წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ „ზიმომ“ მიიღო.

ხიდი მდინარე ჭოროხზე / „გონიოს ხიდი“. ფოტო: თედო ჯორბენაძე
ხიდი მდინარე ჭოროხზე / „გონიოს ხიდი“. ფოტო: თედო ჯორბენაძე

რა მოეთხოვება პატრულს ფიზიკურ მომზადებაში – შსს ნორმატივებს არ ასაჯაროებს

ფოტოზე ერთ-ერთი პატრულია ბათუმიდან, რომელიც არ არის ერთადერთი და რომლის დანახვაც აჩენს კითხვას – რამდენად არის იგი მზად, მაგალითად, დაედევნოს სავარაუდო დამნაშავეს, ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება სხვადასხვა დარღვევაზე?

xalvashi 5

ფიზიკური მომზადება და მისი რეგულარული დაცვა კანონით განსაზღვრული, აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ იყო პოლიციელი. „პოლიციის შესახებ“ კანონში წერია, რომ პიროვნული და საქმიანი თვისებების, ასევე განათლებისა და ჯანმრთელობის გარდა, პოლიციაში სამუშაოდ მიიღება პირი, ვინც ფიზიკურად მომზადებულია იმისთვის, რომ სათანადოდ შეასრულოს პოლიციელის ფუნქციები.

როგორ მოწმდება პატრულის თანამშრომელი ფიზიკურ მომზადებაში და დაითხოვეს თუ არა ვინმე ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაში არ უპასუხეს. უწყების პრესსამსახურმა ელექტრონულ მისამართზე მხოლოდ ის მოგვწერა, რომ მინისტრის ბრძანებით მოსამსახურეთა ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, დადგენილია ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარება ყოველი წლის ოქტომბერ-ნოემბერში. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ნორმატივების ჩაბარების ორგანიზება შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს აქვს დავალებული. ნორმატივებს იბარებს კომისია, რომელშიც ყველა მთავარი სამმართველოს უფროსი ყოფილა წარმოდგენილი.

„ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო ჯერ არავინ გაუშვიათ სამსახურიდან“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. მის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ. მისი თქმით, ფიზიკური მომზადების კუთხით მოთხოვნა ბოლო წლებში შემცირდა.

„წინა ხელისუფლების დროს, მახსოვს, რამდენიმე თანამშრომელს მისცეს გამოსაცდელი ვადა, ფორმაში თუ არ მოხვალთ, გაგიშვებთო. ვარჯიშობდნენ ინტენსიურად და გადარჩნენ. მაშინ ფიზიკური მომზადების ჩასაბარებლად თბილისში ჩავდიოდით, იქ გავდიოდით 10 დღის განმავლობაში როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ამის შემდეგ კი, პოლიციის აკადემია გვიტარებდა გამოცდებს. ბოლო რამდენიმე წელი თბილისში ჩასვლა აღარ გვიწევს, ადგილზე ჩამოდიან და აქ გვამოწმებენ. წინასწარი მომზადება აღარ ტარდება“, – გვიყვება პატრულის თანამშრომელი.

რამდენად შეიცვალა ნორმატივები? – პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ფიზიკურ მომზადებაზე გვესაუბრა, ამბობს, რომ მათ ისევ ამოწმებენ გარბენაში კილომეტრსა და მეტრზე, ასევე ღერძზე აზიდვებში, მუცლის პრესში: „ნორმატივი განსაზღვრულია წონის, სიმაღლის, ასაკისა და სქესის მიხედვით. ყველას ერთი და იგივე არ მოგვეთხოვება. ნორმატივები არც ისე მკაცრია, მაგრამ, წესით, ყველა ვერ უნდა აბარებდეს, რადგან მეც მინახავს თანამშრომელი, ვისაც სიმსუქნის გამო გარბენა უჭირს საჭირო დროს. არ ვიცი, ალბათ, გადაწყვეტილების მიმღები პირები ასეთ შემთხვევაში ანგარიშს უწევენ პოლიციელის სხვა დადებით თვისებას და არა ფიზიკურ მომზადებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებლად მოგვეთხოვება“.

შეწყალების სადავო მოდელი

27 აპრილს პრეზიდენტმა 95 პატიმარი შეიწყალა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ოფიციალური მონაცემით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაცილებით მეტ პატიმარს იწყალებს, ვიდრე მისი წინამორბედი, თუმცა შეწყალების აქტი, ორივე პრეზიდენტის დროს, ხშირად ხდება კრიტიკის საგანი.

კვლევა, რომელიც შეწყალების ქართულ მოდელსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ჩაატარა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ასეთი დასკვნით სრულდება: „შეწყალების არსებული მოდელი დემოკრატიულია, მაგრამ რიგი საკითხები საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა მსჯავრდებულებსა და საზოგადოებას არ დარჩეს ბუნდოვანებისა და არაობიექტურობის განცდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემისას“. შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე ამ კვლევას მიზანმიმართულ პოლიტიკურ ინტერესს უკავშირებს.

დასაბუთება შეწყალების არსებული მოდელის ყველაზე მნიშვნელოვან ნაკლოვანებად დასახელდა. შეწყალების მოდელის კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ადვოკატებმა თქვეს, რომ მსჯავრდებულების უკმაყოფილებას იწვევს გაურკვევლობა – რის საფუძველზე იწყალებენ ამა თუ იმ პატიმარს. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, თამარ ავალიანი „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ ამბობს, რომ შეწყალების წესის არსებობის მიუხედავად, „განსაკუთრებული გარემოებები“, რის საფუძველზეც შეწყალებაზე დადებითი დასკვნა იდება, უნდა დაკონკრეტდეს და გახდეს განჭვრეტადი: „შეწყალების სახელმწიფო კომისიამ უნდა შეიმუშავოს შეწყალების წესით განსაზღვრულ განსაკუთრებულ გარემოებათა ამომწურავი ჩამონათვალი, რათა მსჯავრდებულებმა იცოდნენ, ძირითადად, რას მიიჩნევს კომისია განსაკუთრებულ გარემოებად და რა შემთხვევაში შეუძლიათ მათ მიმართონ კომისიას“. თამარ ავალიანის აზრით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს იმას, რომ ცრუ მოლოდინები არ ჰქონდეთ პატიმრებს და მეორე მხრივ, აღარ გაჩნდება არაობიექტურობის განცდა.

„შეწყალება არ შეიძლება იყოს განჭვრეტადი, შეწყალება არის სიურპრიზი,“ – ამბობს შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ზვიდ ქორიძე. მისი განმარტებით, არც ერთ მსჯავრდებულს არ უნდა ჰქონდეს შეწყალების მოლოდინი. „მათ უნდა ჰქონდეთ ამის სურვილი და თუკი იარსებებს განჭვრეტადი კრიტერიუმები, ანუ განზოგადდება შეწყალების აქტი, შესაძლებელია მსჯავრდებულს გაუჩნდეს ლეგიტიმური მოლოდინი და თუ არ შეიწყალეს, შეიძლება, იჩივლოს კიდეც. ეს სრულია აბსურდია,“ –  განმარტავს ზვიად ქორიძე.

კვლევაში მოყვანილია სხვადასხვა ქვეყანაში არსებული შეწყალების მოდელი, მათ შორის, ჩეხეთი, სადაც საქართველოს მსგავსად, შეწყალების იმპერატიული უფლება კონსტიტუციის მიხედვით მხოლოდ პრეზიდენტს აქვს და სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მთავარი მიზეზი სწორედ შეწყალება გახდა: ყოფილმა პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა დაახლოებით 5 ათასი განაცხადიდან 412 დააკმაყოფილა და რამდენიმე შემთხვევაში პრეზიდენტს ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითეს. ჩეხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრთან ერთად იღებს.

კვლევის „შეწყალების ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება“ ავტორები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, ანუ პირდაპირი წესითაც, უნდა დაასაბუთოს იგი. „გიორგი მარგველაშვილის ცოლის ძმის შეწყალება არ დასაბუთებულა, არც შეწყალების კომისიას განუხილავს ეს საკითხი. ეს კითხვები არსებობდა პრეზიდენტ სააკაშვილის დროსაც, როცა მან ისარგებლა შეწყალების უფლებამოსილებით გირგვლიანის საქმის შემთხვევაში,“ – ყვება თამარ ავალიანი.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს დასაბუთების ვალდებულება პირდაპირი წესით შეწყალების შემთხვევაშიც: „რაც შეეხება პრეზიდენტის ცოლის ძმის შეწყალებას, ამ დროს კომისიის პირველი სხდომაც კი არ იყო გამართული, გიორგი მარგველაშვილმა მასთან ერთად სხვა მსჯავრდებულებიც შეიწყალა და საჯაროდ ახსნა ეს გადაწყვეტილება.“ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ ისმება კითხვები პრეზიდენტის ცოლის ძმაზე და არა მასთან ერთად შეწყალებულ სხვა მსჯავრდებულებზე.

პრეზიდენტისთვის შეწყალების დასაბუთებას მოითხოვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე: „კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტს ექნება დასაბუთების ვალდებულება, რადგან ეს კითხვის ნიშნებს შეამცირებს და გაზრდის სანდოობას შეწყალების ინსტიტუტის მიმართ“.

კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში ასევე წერია: „განჭვრეტადად უნდა გაიწეროს შეწყალების კომისიის მუშაობის წესი და კომპეტენცია“… ნორმატიული აქტის დონეზე განისაზღვროს შეწყალების კომისიის ფორმირების წესი, პროცედურა და წევრთა შერჩევის კრიტერიუმები“.

„თავად შეწყალების მექანიზმი არის უსამართლო,“ – აცხადებს ზვიად ქორიძე და კონცეპტუალურ შეცდომად მიიჩნევს კვლევის ავტორების რეკომენდაციებს, რომელიც შეწყალების სამართლებრივ რეგულირების დაწესებას ითვალისწინებს. „პრეზიდენტს ექსკლუზიურად აქვს შეწყალების უფლება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ჰუმანიზაციის პროცესს. შეწყალება ეს არ არის მართლმსაჯულებაში ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმი, ჩვენ არ უნდა შევიდეთ საქმის არსებით განხილვაში. რთულია ამ დროს გადაწყვეტილების მიღება, რადგან არ უნდა დაირღვეს რაციონალურობის პრინციპი: თუკი პრეზიდენტი ნებისმიერს შეიწყალებს, საზოგადოება ამას არ მიიღებს“, – განმარტავს შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი. მას ეჭვი აქვს, რომ კვლევა მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია: „ვაფასებ იმ შრომას, რომელიც კვლევის ავტორებმა გასწიეს, მაგრამ მათ ცოტა უფრო მეტი სიღრმიდან რომ ემოქმედათ და გაეანალიზებიათ საკუთარი ადგილი ამ პროცესში, კარგი იქნებოდა. შეწყალების აქტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს ხშირად აყენებენ ზიანს როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ჯგუფები. სამწუხაროდ, ეს კვლევა ამ პოლიტიკურ კონტექსტში ჩაჯდა“.

პრეზიდენტს წელს არ შეუწყალებია არც ერთი მსჯავრდებული, ვისაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 2013 წლიდან დღემდე ასეთი სასჯელის მქონე სულ 5 პატიმარი შეიწყალა პრეზიდენტმა და მათი სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით განისაზღვრა. „4 წლის განმავლობაში 5 ადამიანის შეწყალება არ არის კარგი მაჩვენებელი. უფრო ლიბერალური მიდგომა უნდა დამკვიდრდეს და შეწყალების მექანიზმი აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული უვადო პატიმრობის კუთხით,“ –  ამბობს თამარ ავალიანი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი.

ზვიად ქორიძის თქმით, ამჯერად კომისიას ორმა მსჯავრდებულმა მიმართა, ვისაც უვადოდ თავისუფლება აქვს აღკვეთილი. კომისიამ ამ ეტაპზე მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

შეწყალებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი – 63 პროცენტი (2013-2015) ნარკოდანაშაულისთვის პატიმრობაში მყოფ პირებს შეეხო. ამ ნაწილში კვლევის ავტორებსა და შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელს ერთნაირი პოზიცია აქვთ – ეს არის გზავნილი პარლამენტისთვის, რომ უფრო ლიბერალური მიდგომა შემუშავდეს ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ. „ბოლო შეწყალების აქტშიც პროცენტულად ყველაზე მეტი ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულები იყვნენ. კომისია ძალიან ფრთხილია, როცა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის გამო იხდის ადამიანი სასჯელს. ჩვენი მიდგომა არის საკმაოდ ლოიალური ნარკომომხარებლების მიმართ და ეს მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში რადიკალურად უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა“.

წელს სააღდგომოდ შეწყალებული 95 პატიმრიდან 69 უკვე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, მათ შორის, 10 ქალი და 2 არასრულწლოვანია. 26 მსჯავრებულიდან, ვისაც სასჯელი შეუმცირდა, 2 ქალი და 2 არასრულწლოვანია. შეწყალებულთა შორის არც ერთია ისეთი, ვინც განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა სასჯელს.

„პიერ ბათუმი“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სასამართლო პროცესებით

„პიერ ბათუმი“ ბულვარში მუშაობას აგრძელებს. პარალელურად გრძელდება სასამართლო პროცესები მერიასა და მოიჯარე კომპანია „BATTUN“-ს შორის, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა რამდენჯერმე დააჯარიმა. მთავარი პრობლემა პირსია – ზღვაში შეჭრილი ნაგებობა, რომელიც, მერიის განცხადებით, უკანონოდაა აშენებული. დავის პარალელურად „BATTUN“-მა სარესტორნო მომსახურების კუთხით მენეჯმენტი შეცვალა. დღეს ობიექტს ახალი კომპანია მართავს.

„ბათუმის პირსის მესაკუთრე კვლავ „BATTUN“-ია, უბრალოდ, შეიცვალა სარესტორნო მომსახურების მენეჯმენტი, რომელიც მხოლოდ რესტორანს მართავს. სხვა სერვისი რჩება იგივე – მაღაზიები, ჩილიმ ბარი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და სხვა, ყველა ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს. მენეჯმენტის განახლება მხოლოდ სარესტორნო მომსახურების მხრივ გადაწყდა,“ – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მინდია გურგენიძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, გასცა თუ არა „BATTUN“-მა ობიექტი იჯარით? მინდია გურგენიძე პასუხობს, რომ ასეთ რამეს ადგილი არ აქვს. ის უარყოფს ასევე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ობიექტი რამაზ ცეცხლაძეს წლიურად ერთი მილიონის სანაცვლოდ გადაეცა ხუთწლიანი იჯარით: „არანაირი იჯარა და მილიონები, ეს ყველაფერი ჭორია. ერთი წლით, საცდელი დროით გადაეცა… რა იქნება მომავალში, არ ვიცით, ვნახოთ. ჩვენ ვალდებულება გვაქვს მერიასთან, რასაც ვასრულებთ“.

მინდია გურგენიძე ადასტურებს, რომ რესტორანს ამჯერად შპს „პიერ ბათუმი“ მართავს. რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია 2016 წლის 29 იანვარსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100% წილის მფლობელია რამაზ ცეცხლაძე, რომელმაც „პიერ ბათუმი“ ერთ სამუშაო დღეში დაარეგისტრირა, საქმიანობის საგნად მითითებულია – „სხვადასხვა“.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, რამაზ ცეცხლაძე წილებს ფლობს სხვადასხვა კომპანიაში, მათ შორის: „REPLAYGE“ [100%], „ბაზალტ-ინვესტი-L.T.D.basalt-invest“ [20%], „Georgia Catering“ [50%, თუმცა რეესტრში შეწყვეტილია საქმე, რომლითაც რამაზ ცეცხლაძე დარჩენილი 50%-ის მასზე გადაფორმებას ითხოვს, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ კრების ოქმის მიხედვით, კომპანიის წილის ნახევარი მას თურქეთის მოქალაქე იუკსელ ადაკიმ უსასყიდლოდ გადასცა, ადაკის მინდობილი პირი კი თავად რამაზ ცეცხლაძეა]; რამაზ ცეცხლაძე თავის დროზე წილის 24,4%-ს ფლობდა კომპანიაში, რომელიც დღეს რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც შპს „უშიშროებისა და დაცვის სამსახური ორბი“.

„ბათუმელები“ რამაზ ცეცხლაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ბათუმში არ იმყოფებოდა და მინდია გურგენიძეს დავკავშირდეთ.

მთავარი შეკითხვა უკავშირდებოდა იმას, თუ როგორ აპირებდა ახალი მმართველი ობიექტის მართვას, როცა მერიის ზედამხედველობის სამსახური ბათუმის პირსის დემონტაჟს ითხოვს და ამ მიზნით სააღსრულებო ბიუროსაც კი გადასცა საქმე.

„ეს დავა, რომელიც მერიასთან გვაქვს, ჩვეულებრივად მიმდინარეობს, რამდენიმე პარალელური საქმეა სასამართლოში და ყველა, ფაქტობრივად, პირსის დემონტაჟს უკავშირდება. ჩვენ მოვიგეთ კიდეც უზენაეს სასამართლოში, მაგრამ მერიას ჰქონდა ალბათ რაღაც ხელმოსაჭიდი და ხელახლა შეაბრუნა საქმე სასამართლოში, რაც ჩვენი იურისტების თქმით, უსაფუძვლოა. დარწმუნებული ვართ, ისევ მოვიგებთ სასამართლოს. ეს მერიის მხრიდან დროის გაყვანის მცდელობაა“, – გვითხრა მინდია გურგენიძემ.

ბათუმის პლაჟზე, 35 მეტრი სიგრძის პირსის დემონტაჟზე, რომელიც შპს „BATTUN“-მა 2011 წელს ააშენა, გადაწყვეტილება ბათუმის მერიაში გასულ წელს მიიღეს. მერიაში მაშინ განმარტეს, რომ კომპანიას ერთადერთი შანსი რჩებოდა – მშენებლობა კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა.

მერიაში ამჯერად „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ პირსის მშენებლობა კანონთან შესაბამისობაში არ არის, თუმცა მერიაც სასამართლო გადაწყვეტილებებს ელოდება [სასამართლოს განჩინებით, დღეს პირსის დემონტაჟზე სააღსრულებო წარმოებაც შეჩერებულია]. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ნებართვა არ არის როგორც პირსზე, რომელიც ზღვაში შედის, ასევე იმ ობიექტებზეც, რომლებიც პლაჟზეა.

„პირსის ნაწილში საკასაციო სასამართლო იხილავს, ხოლო მეორე ნაწილში მერიას დაევალა ხელახლა მსჯელობა და ახალი აქტის გამოცემა, თუმცა მერიამ ძველი აქტი დატოვა ძალაში, რაც ამჯერად ისევ პირველ ინსტანციაშია გასაჩივრებული,“ – განაცხადეს მერიის იურიდიულ სამსახურში.

მინდია გურგენიძის თქმით: „მშენებლობაში ნებართვის მისაღებად ხდება პირველი, მეორე და მესამე ეტაპის გავლა. ამ ეტაპებზე მოხდა გადაკვეთა გზების დეპარტამენტთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ნებართვის მიღების კუთხით შეიქმნა პრობლემები, რის გამოც წარმოიქმნა სასამართლო დავა. რამდენჯერმე დავჯარიმდით, გადავიხადეთ, შემდეგ უნდა აღმოფხვრილიყო პრობლემა, მერიამ მიგვითითა, რომ რაღაცები გაგვესწორებინა. ჩვენ მივწერეთ, რომ პრობლემა აღმოფხვრილი იყო – ექსპერტის დასკვნაც კი წარვადგინეთ მერიაში, მაგრამ ეს არ მიიღო მერიამ. მერიას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა უარი ეთქვა ჩვენთვის, მას ნებართვა უნდა გაეცა, მაგრამ არ გასცა და მივმართეთ სასამართლოს. ამჯერად ყველაფერი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“.

პირსის აგება ბათუმის პლაჟზე მერიის ქონების მართვის სამსახურსა და შპს „BATTUN“-ს შორის შეთანხმების მთავარი პირობა იყო. ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმეს. სანაცვლოდ კომპანიამ ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „პიერ ბათუმი“ გახსნა. ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.

პიერ ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
პიერ ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო

მითები NATO-ს შესახებ

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა

მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეებს დიდ ფინანსურ ტვირთად დააწვება, მცდარია.

mitiსინამდვილეში, NATO-ს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურის დაფინანსება ხდება მისი წევრი ქვეყნების მიერ და განისაზღვრება თითოეული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით. თითოეული წევრის ფინანსური შენატანი NATO-ში გაცილებით მცირეა, ვიდრე ის სარგებელი, რომელსაც ქვეყანა ალიანსის წევრობისაგან იღებს.

NATO-ში გაწევრიანებას მოაქვს სტაბილურობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური აღმავლობისა და სტაბილური განვითრებისათვის.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

ARMY CARD – ბარათი თავდაცვის უწყების ყველა თანამშრომლისთვის

სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ახალი პროექტი იწყება. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნება. მის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებებით ისარგებლონ.

პროექტის იდეა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ კი მის ერთ-ერთ თანამშრომელს, რეზი სეხნიაშვილს ეკუთვნის, „საქართველოს ბანკის“ აქტიური მხარდაჭერით განხორციელდება. „საქართველოს ბანკი“ თავდაცვის სამინისტროს იდეას გამოეხმაურა და პროექტის რეალიზებისთვის საუკეთესო სამოქმედო გეგმა წარადგინა.

5 მაისს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სს „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ მოაწერეს ხელი.

ახალი პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად დავუდგეთ გვერდით ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოვხატოთ. ეს მხარდაჭერა იყოს ქმედითი, ეფექტიანი. ჩვენი სამხედროები უნდა გრძნობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ქართველი საზოგადოების ყველა სეგმენტი მათ გვერდით დგას. ქართული ჯარი არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი, მასზე უნდა ზრუნავდეს მთელი საზოგადოება. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანიის მიმართ. ჩვენ ე.წ. „ჯარის ბარათები – ARMY CARD შევქმენით, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებს ვეუბნებით – „მადლობა სამსახურისთვის. მადლობა სამსახურისთვის გამოიხატება კონკრეტულ შეღავათებში, ფასდაკლებებში. ამ კამპანიაში უკვე 25 კომპანია ჩაერთო კუთვნილ ბიზნესსაწარმოებში შეღავათების დაწესებით. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი ბიზნესმენი შემოუერთდება ამ ინიციატივას. არ არსებობს არც ერთი ბრძოლა დედამიწის ზურგზე, რომელიც ჯარს მარტოს მოუგია, საზოგადოების მხარდაჭერა, სოლიდარობა არის ყოველთვის დიდი მოტივაცია ჯარისკაცებისთვის. ასეთი კამპანიები, ბუნებრივია, მათ ეხმარებათ იმაში, რომ მშვიდად ჰყავდეთ ოჯახები, თავად კი ემსახურონ ქვეყანას, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს ბანკმა თავდაცვის სამინისტროს, მისი სტრუქტურული ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა და მათი მეუღლეებისთვის სპეციალური ბარათი – ARMY CARD შექმნა. ARMY CARD სადებეტო პლასტიკური ბარათია. ამასთან, შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა. ბარათით გადახდისას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მათი მეუღლეები (ყოველი გადახდისას გარკვეული თანხა ე.წ. Cash Back – ის სახით უკან დაუბრუნდებათ) წინასწარ შერჩეულ და მუდმივად განახლებად სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ფასდაკლებით ისარგებლებენ. ბარათის მფლობელი „საქართველოს ბანკისგან“ თანხის დაბრუნების შესახებ შეტყობინებას გადახდის მომენტისას მიიღებს. ასევე, ყოველი თვის ბოლოს დანაზოგის სრული ოდენობის შესახებ ეცნობება.

ARMY CARD გამოირჩევა უნიკალური დიზაინით, რადგან ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ. დაგეგმილია პროექტ Army Ju­nior – ის განხორციელებაც. ეს იქნება ბარათი შვილებისთვის, რომელზეც თემატურ საგანმანათლებლო და გასართობ დაწესებულებებში სპეციალური პირობები გავრცელდება.

პროექტში ჩართულმა კომპანიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის საპატიო ვალია და მათი მონაწილეობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ აფასებს საზოგადოება სამხედრო მოსამსახურეების წვლილს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.

army card

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წელი შეუსრულდა. დღეს ქართული არმია თანამედროვე, მოქნილი, მობილური სამხედრო ძალაა, რომელიც მუდამ მზადაა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია 1990 წლიდან იწყება. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმია, ეროვნული გვარდიის საფუძველზე განვითარდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

ქვეყანას ისტორიის მოკლე პერიოდში რამდენჯერმე მოუხდა თავისი შეიარაღებული ძალების ომში გამოცდა. ქართული ქვედანაყოფები თავდადებით იბრძოდნენ 1992-1993, 2004 და 2008 წლებში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. რამდენიმე ათასმა ქართველმა ჯარისკაცმა თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას.

საქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყში, ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე. საქართველოს შეიარაღებული ძალები მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან. 1996 წლიდან საქართველო მასპინძლობს „ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებს.

2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ერთი ქვეითი ასეული ჩაერთო. 2014 წლის ზაფხულში აღნიშნულმა ასეულმა წარმატებით გაიარა ნატოს შეფასება და ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს გადის.

უელსის სამიტის ფარგლებში საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი მიიღო, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას, აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ამაღლებს ნატოსთან თავსებადობას.

არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში 2015 წელს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაარსდა, სადაც საქართველოსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სხვადასხვა სახის წვრთნები ჩატარდება.

ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 25 წლის განმავლობაში გაიარა. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს და ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალად ფასდება.

4 მაისს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღე საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ ასევე მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წლის იუბილე მიულოცა, მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველ სამხედროებს სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გადავდგით მთავარი და სწორი ნაბიჯი – დავიწყეთ ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა… დღეს თქვენ აგრძელებთ იმ წინაპრების ბრძოლას, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს. თქვენ დღეს ამას აკეთებთ ამაყად, ჩვენი ჯარების პროფესიონალიზმის, თქვენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხა წერტილში. თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას. ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გითხრათ ამ სამსახურისთვის. მინდა, თავი დავხარო იმ მებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ ბუნებრივია, მათი საქმე და მათი სულები აქ არიან, მომავლშიც იქნებიან და გააძლიერებენ ჩვენს სამშობლოს,“ – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს.

ქართულ ჯარს იუბილე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

– მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი დღე. საქართველოს შეიარაღებული ძალები თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ხნის არის და ჩვენ ყველანი ერთად გავიზარდეთ – ჯარი, სამოქალაქო სექტორი და ქართული დამოუკიდებელი მედია. ეს არის სახელმწიფო, რომელიც, სწორედ, ჯარის სიძლიერეს ეფუძნება. ქართული სახელმწიფო ჯარის წარმატებაზეა დიდ წილად დამოკიდებული. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც წარმატებული იქნება შეიარაღებული ძალებისთვის, წარმატებულია მთელი ქვეყნისთვის. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ წარმატების სამსახურში. ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომ მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო იყოს, უფრო ენთუზიაზმით სავსე, გამოწვევებით ნაკლები და მეტი შემართებით, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

avganeti

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

Noble Partner 2016 იწყება – ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია!

ამერიკული სამხედრო ტექნიკა ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება Noble Partner 2016-ისთვის უკვე საქართველოშია. ამ სწავლების სახელი „ღირსეული პარტნიორი“ შემთხვევით არ შერჩეულა… ეს სახელი, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა დაიმსახურეს. წვლილისთვის, ერთგულებისა და თავდადებისთვის, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეაქვთ.

ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება ეხმარება საქართველოს ღირსეულად მოემზადოს მომავალ მრავალეროვნულ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლებით ძლიერდება თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრის პროფესიონალიზმი, თვითდაჯერება და სიმტკიცე! Noble Partner 2016 ნიშნავს მეტ სტაბილურობას და მშვიდობას რეგიონში! შეერთებული შტატების, საქართველოს და ბრიტანეთის ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების თუ რეგიონული პარტნიორების ურთიერთთავსებადობის ზრდას.

nobel partner

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

შეუძლებელია, სასულიერო პირმა სულიერი შვილები განასხვავო, განურჩევლად სქესისა, ტრადიციებისა და აღმსარებლობისა

ინტერვიუ მამა დავითთან – კაპელანი

 „ყველა მრწამსის ჯარისკაცი ჩემი სულიერი შვილია, ნათელი ვაჟკაცები… ყველას გულში ვიკრავ და ვეფერები“.

– როგორია კაპელანის ტრადიცია ქართულ ჯარში და რას გულისხმობს?

მამა დავითი: ეს არის სასულიერო პირი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებში სასულიერო მოღვაწეობას ეწევა. სიტყვა კაპელანი უცხოდ კი ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს დანიშნულება ჰქონდა ოდითგანვე – მოძღვარი, მღვდელი, სასულიერო პირი, რომელიც ჯარს ახლავს საბრძოლო ოპერაციებში ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით. ეს ტრადიცია ყოველთვის იყო.

ქრისტიანობამ გაიარა ბეწვის ხიდზე და იარაღისა და სულიერების ერთობლივ ჭიდილში  შუალედური ფორმა კარგად მონახა. ჯარისკაცებმა, რომლებიც რთულ, ფორსმაჟორულ, ფსიქოლოგიურად მძიმე სიტუაციაში არიან, უნდა მიიღონ სულიერი საზრდო, უპირველეს ყოვლისა, როგორც მორწმუნეებმა და შემდგომში, როგორც ადამიანებმა, როგორც მეომრებმა. აუცილებელია, მეომარი მომზადდეს იმისთვის, რომ მან მტკიცედ დაიცვას თავისი ქვეყანა, იარაღი ეჭიროს ხელში და ჰქონდეს ფსიქოლოგიური მზაობა. როდესაც ადამიანი საომარი პერიპეტიებიდან გამოვა, აუცილებელია განიტვირთოს ფსიქოლოგიური სტრესებისგან და მოხდეს მისი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაცია. კაპელანების აუცილებლობა მრავალმა ომმა დაამტკიცა. იყო „ავღანეთის სინდრომი, ვიეტნამის სინდრომი“ – ომგამოვლილ ჯარისკაცებს უჭირდათ  სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაცია.

ისტორიული ფაქტია,  რომ მარაბდის ომში მრავალი ბერი დაიღუპა, რომლებიც მძიმე ჟამს სამშობლოს სამსახურში იდგნენ  – ლოცვითაც და ხმლითაც. დღეს ბრძოლაში ჩვენი უშუალო ჩართვა აუცილებელი აღარ არის. გამომდინარე ჩვენი ჰუმანური მისიიდან, – თუ საჭირო გახდება, მედიატორის როლი უნდა შევასრულოთ. დღეს ჩვენი იარაღი ჯვარია, ჩვენი გარეგანი ზნეობრივი სახე. თუმცა, სადაც არიან სულიერი შვილები, იქ არის სულიერი მოძღვარიც, განურჩევლად დისლოკაციის ადგილისა, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.  მაგალითად, სამშვიდობო მისიებში ჩვენ ჩვენს ფუნქციას ფართო ფორმატით აღვასრულებთ, ჩართული ვართ მისიის მონაწილე ჯარისკაცების სულიერ, ფსიქოლოგიურ თუ სახელმწიფოებრივ მომზადებაში.

– კაპელანის ისტორიული ტრადიცია როგორია?

მამა დავითი: ჩვენი ქვეყნის ისტორია გადახლართულია ომებთან, ამ ისტორიაში ვერ ნახავთ მონაკვეთს, ეკლესიას მჭიდრო კავშირი არ ჰქონოდა საზოგადოებასთან ან ერი და  საზოგადოება არ მონაწილეობდეს სასულიერო ცხოვრებაში – ჩვენთვის ეს ერთობლიობაა. ამერიკას კაპელანთა ინსტიტუტის საკუთარი ტრადიცია აქვს, ბუდისტური ტრადიცია ცოტა განსხვავებულია, ებრაული ტრადიციაც სხვაა. ჩვენ, ჩვენი ტრადიცია გავითვალისწინეთ. ავიღეთ შუალედური ინსტიტუტი, რომელიც არა სტრუქტურულ, არამედ ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაშია. ჩვენ სამხედრო ფორმა არ გვაცვია,  არ გვაქვს სამხედრო წოდებები, მაგრამ ვართ იქ, სადაც არის შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციული ნაწილი. გადაადგილდება შეიარაღებული ძალები – გადავადგილდებით ჩვენც. ორჯერ გაფორმდა მემორანდუმი, სადაც ფართოდ არის გაწერილი თანამშრომლობის კუთხეები ჯარსა და საეკლესიო ერთეულს შორის.

– რამდენი კაპელანი ჰყავს ქართულ არმიას?

მამა დავითი: ჩვენ მოვიცავთ მთელ საქართველოს. ყველა მსხვილ გაერთიანებებში, ბრიგადებისა და ცალკეული ბატალიონების დონეზე _ სარდლობებშიც, საბოლოო ჯამში 31 მოძღვარი მოღვაწეობს შეიარაღებულ ძალებში. თითოეულს 4000-4500 ჯარისკაცთან უწევს კომუნიკაცია.

– როგორია რელიგიურ უმცირესობებთან ურთიერთობის პროცესი?

მამა დავითი: სულ ვეუბნები ხოლმე ჩემს მოძღვრებს, მოდით, რელიგიურ უმცირესობებთან იმ თემაზე ვისაუბროთ, რაც გვაერთიანებს, რა საერთოც გვაქვს და არა იმაზე, რაც გვყოფს. თუ სარწმუნოება გვყოფს, მოდით, სამშობლოზე ვილაპარაკოთ. სამშობლო გვაერთიანებს: ერთი მიწა, ერთი წარმომავლობა. ისინიც ჩემი სულიერი შვილები არიან. მე ხომ კაპელანი ვარ, ამიტომ ვალდებული ვარ, ისინი სულიერად გავაძლიერო – ქრისტიანი იქნება, მუსლიმანი თუ სხვა.

ყველა მრწამსის ჯარისკაცი ჩემი სულიერი შვილია, ნათელი ვაჟკაცები… ყველას გულში ვიკრავ და ვეფერები. შეუძლებელია სასულიერო პირმა  შვილები განასხვავო – განურჩევლად სქესისა, ტრადიციებისა და აღმსარებლობისა. სიყვარული გვაერთიანებს.

kapelani

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

პროპაგანდასთან ბრძოლა, ანუ ამბავი იმისა თუ როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ დედამიწა მრგვალია და თანაც ბრუნავს

დავით ძიძიშვილი
დავით ძიძიშვილი

დღეს არავინ დავობს, რომ დედამიწა მრგვალია და თანაც მზის გარშემო ბრუნავს. თუმცა, კაცობრიობის ისტორიაში არცთუ ისე დიდი ხნის წინ ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა ამის საჯაროდ მთქმელისთვის არც შეშას დაინანებდნენ და მის საჯარო დასჯასაც არ ეყოლებოდა მცირე მაყურებელი. სამწუხაროდ, ისტორიაში ხშირია შემთხვევა, როცა ესა თუ ის სისტემა ან უბრალოდ გავლენიანი ადამიანების ჯგუფი ცდილობს მცდარი შეხედულებების დამკვიდრებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რა თქმა უნდა, ამის მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირად კი დაშინებას, მოსყიდვას, მონაცემების გაყალბებას ან უბრალოდ მართალი ინფორმაციის დამალვას და მისი ცრუ ფაქტებით ჩანაცვლებას ვხვდებით. საბოლოო ჯამში ვითარდება პროცესი, რომლის დროსაც რთულია მიხვდე, სად მთავრდება სიყალბე და იწყება რეალური, მართალი ინფორმაცია. სწორედ ეს ფენომენი გამოიყენა XX საუკუნის დასაწყისში როგორც ნაცისტურმა გერმანიამ, ისევ საბჭოთა კავშირმა და შეეცადნენ, დაერწმუნებინათ ადამიანები უტოპიური და ძალადობასა და ბოროტებაზე დაშენებული იდეოლოგიების სისწორეში.

პროპაგანდა ლათინური სიტყვაა და ფაქტების, არგუმენტებისა და ცნობების სისტემურ გავრცელებას აღნიშნავს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც ნაცისტური გერმანიის ასევე საბჭოთა კავშირის მიერ ამ ტერმინის საფარქვეშ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 21-ე საუკუნეში ამ სიტყვამ ნეგატიური დატვირთვა შეიძინა და როცა ჩვენს ყურს პროპაგანდა ესმის, ჩვენ მას თითქმის ყოველთვის უარყოფითი კუთხით აღვიქვამთ.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ დავიცვათ მოსავალი მოსალოდნელი სეტყვისაგან ან როდის ჩავიცვათ საწვიმარი ლაბადა. ხოლო თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე ადრე დაეუფლება აღნიშნულ ინფორმაციას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების ერთადერთ წყაროდ იქცევა, მაშინ იგი შეეცდება, არ გაგაგებინოთ სწორი ინფორმაცია და ამით მაქსიმალურად დიდი ზიანი მოგაყენოთ.

სწორედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად საქართველოში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ, როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?

ამის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს:

გადაამოწმე სანდო წყაროსთან – აღნიშნული ხერხი გულისხმობს მოსმენილი ან წაკითხული ინფორმაციის დაზუსტებას  სანდო, შესაბამისი ცოდნისა და განათლების მქონე ადამიანებთან. რაც მეტ წყაროსთან გადაამოწმებთ ინფორმაციას, მით მეტად იქნებით დაცული. თუ თქვენ წაიკითხავთ, რომ პენსია ან ხელფასი იზრდება, ამის საუკეთესო გადამოწმების გზა სოციალური დახმარების ან ხელფასის გამცემი ორგანოს თანამშრომელია, რომელიც არ მოგცემთ ცრუ დაპირებას და შეეცდება, არ შეგიყვანოთ შეცდომაში.

არ ენდოთ ანონიმურ წყაროებს – პროპაგანდისტთა ერთ-ერთ საყვარელ მეთოდს წარმოადგენს ინფორმაციის იმგვარი გავრცელება, როცა მოცემული ფაქტების და ცნობების დასადასტურებლად იყენებენ ეგრეთწოდებულ ავტორიტეტულ წყაროებს, მაგალითად: „მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ…“, „ავტორიტეტულმა ექსპერტებმა განაცხადეს“… „მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ გვაცნობა“…“ და ა.შ.  თუმცა შემდეგ სტატიის კითხვისას აღმოვაჩენთ, რომ არსად არის მითითებული თუ ვინ არიან ეს „მეცნიერები“ ან როდის და რომელი ორგანიზაციის დაკვეთით ჩაატარეს „კვლევა, არ ჩანს თუ ვინ არის ავტორიტეტული „ექსპერტი“ და აქვს თუ არა მას ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც კონკრეტულ სფეროში მიმდინარე პროცესების შეფასებას ესაჭიროება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის 98% სწორედ პროპაგანდის ნიმუშია და ასეთი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგვიტანს.

არ ენდოთ ზოგად ფრაზებს – პროპაგანდისტები ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ, საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ, „დღეს უკვე ყველა თანხმდება….“ და ა.შ. გაითვალისწინეთ, ასეთი ფრაზები სწორედ იმისთვის გამოიყენება, რომ თქვენ შეგიყვანოთ შეცდომაში და საყოველთაოდ ცნობილია, რომ“ხშირად ეს ფრაზა სწორედ იმიტომ გამოიყენება, რომ რაიმე ინფორმაციას დამაჯერებლობა შესძინოს და დაგარწმუნოთ, რომ ეს უკვე ყველამ იცის და მხოლოდ თქვენ ხართ ის გამონაკლისი, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ამიტომ, ნუ აყვებით  ასეთ ხრიკებს და გამოიყენეთ პირველი ხერხი, რომელიც გეუბნებათ, რომ გადამოწმება პროპაგანდასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

არ ენდოთ პირველივე წყაროს –  ხშირად პროპაგანდის საუკეთესო იარაღს წარმოადგენს პირველობის ეფექტის გამოყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ აქცევს ყურადღებას ერთ თემაზე გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას და ძირითადად ენდობა იმ ფაქტს, რომ სულ პირველად იქნა მიწოდებული. ანუ თუ ადამიანი იგებს, რომ სეტყვა იქნება, იგი მყისიერად იწყებს მზადებას მასთან საბრძოლველად და არ უსმენს მეორე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სეტყვა კი იქნება, მაგრამ ხვალ, ან სეტყვა კი იქნება, მაგრამ დასავლეთ და არა აღმოსავლეთ საქართველოში. ასე რომ, ნუ ენდობით პირველივე წყაროს და ეცადეთ, დაელოდოთ სხვა წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და დააზუსტოთ დეტალები.

ეშმაკი დეტალებში იმალება – დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მეტი დეტალია ინფორმაციაში, მით უფრო მაღალია მისი სანდოობის ხარისხი.  პროპაგანდისტები წამიერ ეფექტზე ორიენტირებული ადამიანები არიან, შესაბამისად ისინი იშვიათად ქმნიან დეტალურ ინფორმაციას. დეტალებს კი სიზუსტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ანუ, რაც უფრო ნაკლები დეტალია მოცემულ ინფორმაციაში, მით უფრო მეტია საფრთხე იმისა, რომ თქვენ საქმე პროპაგანდისტულ მასალასთან გაქვთ.

გადაამოწმეთ ინფორმაცია ინფორმაციის გამავრცელებლის შესახებ – უმეტეს შემთხვევაში, პროპაგანდის გამავრცელებლები ცდილობენ, დამალონ საკუთარი წარმომავლობა და მისწრაფებები. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული და სანდო მედიასაშუალება, იქნება ეს ბეჭდური თუ ელექტრონული, არ მალავს ინფორმაციას მისი რედაქტორის, ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის შესახებ. შესაბამისად, თუ თქვენ ხელთ ჩაგივარდათ გაზეთი, რომელსაც არც რედაქტორი ჰყავს, არც მასალის ავტორები და არც ამ გაზეთის დამაარსებლის შესახებ ჩანს ინფორმაცია, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ საქმე პროპაგანდასთან გაქვთ და ასეთი გაზეთის ადგილი, უკეთეს შემთხვევაში, ცეცხლშია… ასევე უნდა მოიქცეთ ელექტრონული გამოცემების თვალიერებისას, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული ელექტრონული გამოცემა საკუთარ გვერდზე ათავსებს ტექსტს იმის შესახებ, ვინ არის და რას წარმოადგენს. პროპაგანდისტები კი ასეთი ტექსტის წერით თავს არ იწუხებენ, რადგან სჯერათ, რომ მკითხველი არასოდეს დაინტერესდება მათი წარმომავლობით.

დასასრულ, პროპაგანდასთან დაპირისპირების საუკეთესო საშუალება საკითხის კრიტიკული შეფასებაა, არ მიიღოთ ინფორმაცია ფაქტად მანამ, სანამ მას მინიმუმ 3 სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება არ დაგიდასტურებთ, რომელთაგან მინიმუმ ერთი მაინც იქნება თქვენთვის სანდო მედიასაშუალება.

გაითვალისწინეთ, ჩვენი რჩევები და თქვენ არასოდეს დაეჭვდებით იმაში, რომ დედამიწა მრგვალია და ნამდვილად მზის გარშემო ბრუნავს.

დავით ძიძიშვილი,
თავდაცვის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

თინათინ ხიდაშელი: ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი აუდიტორია, რომელთანაც ჩვენ გვინდა, გვქონდეს მაქსიმალური თანხმობა

რეზერვის კონცეფცია სტუდენტებთან ერთად განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის“ საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად თინათინ ხიდაშელმა ახალი კონცეფცია თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების  სტუდენტებს გააცნო.

19 აპრილს შეხვედრების სერია წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დაიწყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტუდენტებისთვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის გაცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ხვალინდელი დღე სწორედ მათ ეკუთვნით და ქვეყნის სამომავლო თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება მათი უშუალო ინტერესია.

„ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი აუდიტორია, რომელთანაც გვინდა, გვქონდეს მაქსიმალური თანხმობა. შეუძლებელია, წარმატებული რეზერვის ან მობილიზაციის სისტემაზე ვისაუბროთ, თუკი მას საზოგადოება მხარს არ უჭერს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი შეხვედრები. სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ კონცეფციაში, სწორედ, დისკუსიებიდან გამომდინარე, და იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდობასთან შეხვედრები დაგვეხმარება მის დახვეწაში. დაინტერესება საკმაოდ მაღალია, უკვე ორ უნივერსიტეტში ვიყავით, ძალიან აქტიურები არიან სტუდენტები. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ის ლეგიტიმური წუხილები და მოსაზრებები, რომელსაც ახალგაზრდობა გამოხატავს. ვფიქრობ, მსგავსი დისკუსიები სასარგებლოა ჩვენთვის და მათთვისაც,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ამავე დღეს, 19 აპრილს სტუდენტებთან შემდეგი შეხვედრა  საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტშიც (SEU) გაიმართა. ნებისმიერი ტიპის რეზერვი, მობილიზაცია, გაწვევა, ანუ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჯარის და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობას, ერთობლივ მოქმედებას გულისხმობს, აუცილებად საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს. ჩვენ ვცდილობთ, ეს კონსენსუსი ვიპოვოთ საჯარო განხილვებით. – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები რეზერვისთვის საჭირო მრავალი საკითხით, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობის, ტერორიზმთან ბრძოლისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის თემებით დაინტერესდნენ.

21 აპრილს თინათინ ხიდაშელი  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებს პროექტის დეტალები პირადად გააცნო. – სულ უფრო საინტერესო ხდება ეს დისკუსიები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო. ვფიქრობ, ასეთი თავისუფალი, დებატებისთვის გახსნილი, განსხვავებული აზრების თამამად გამოთქმისთვის მზად მყოფი ახალგაზრდების ყოლა ქვეყნის ყველაზე დიდი პლუსი და წარმატებაა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვაქვს.“ – განაცხადა მინისტრმა.

თბილისის მასშტაბით კიდევ ერთი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში 23 აპრილს გაიმართა. შეხვედრას ყველა ის სტუდენტი და მსურველი დაესწრო, ვინც წინასწარ ონლაინ რეგისტრაცია გაიარა.

შეხვედრის მთავარი მიზანი „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის“ გაცნობა იყო. პროექტის დეტალებზე კონცეფციის ავტორმა, რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ ისაუბრა. სტუდენტების კითხვებს კი კვლავ თავდაცვის მინისტრმა უპასუხა.

– მზად ვართ, ნებისმიერ უნივერსიტეტში მივიდეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით – გორში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები. ჩვენთვის ახალგაზრდების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და, მოქალაქეების მზადყოფნა, თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში. სწორედ ამიტომ, კონცეფციის სამუშაო ვერსიას ეცნობიან არა მხოლოდ სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ, სტუდენტებიც.

Signit

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა

თბილისში, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის ღონისძიება გაიმართა. აბაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V და IX კორპუსებში საცხოვრებელი ფართები 150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა. თინათინ ხიდაშელმა ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აბაშვილის ქუჩის N3-ში ბინები, ამჯერად, იმ სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ნამსახურები წლების მიხედვით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ N135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნოდათ.

ბინების დარიგების დროს რამდენიმე პრინციპი მოქმედებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კონტრაქტებია, სადაც გარკვეულ პერიოდამდე სახელმწიფოს მიერ ვალდებულებაა აღებული. ეს არის პირველი და მთავარი კრიტერიუმი. ჩვენ დაახლოებით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გვყავს დარჩენილი, ვისაც ბინა არ აქვს მიღებული. ჩემი მინისტრობის დროს უკვე 400-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ბინა. ორ კვირაში, აღდგომის შემდეგ, კიდევ 120 ბინას გადავცემთ, ივნისში – დაახლოებით ამდენივეს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე კიდევ ორ კორპუსს ჩავაბარებთ ანუ თითქმის გავანახევრებთ სიას. 2017 წელს უკვე შესაძლებელი იქნება, მთლიანად დავასრულოთ ეს ვალდებულება. ამ ვალდებულებებში ხდება ადამიანების გადაჯგუფება მათი კონკრეტული მახასიათებლებით – მრავალშვილიანობა, სოციალური სტატუსი, ნამსახურობის წლები. ბუნებრივია, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭებათ. ჩვენ დავასრულეთ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების დაკმაყოფილება,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მაიორი ჯონი უჩანეიშვილი აღნიშნავს, რომ ეს მისთვის დიდი პატივია, იმ მსახურებისა და თავდადებისთვის, რაც წლების მანძილზე საქართველოს ჯარში მსახურებისთვის მიიღო. „დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ახლახან ჩამოვედი ავღანეთის მისიიდან. ნამდვილად არ ველოდი, ნამდვილად სიურპრიზი იყო ჩემთვის. მთელი ოჯახით ძალიან ბედნიერი და გახარებული ვართ“.“

ბინების განაწილება კენჭისყრით განხორციელდა. სამხედროებს ბინები საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ახალი ბინები დაათვალიერა და სარემონტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

binebi

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

სარფში ქართული კომპანიების მიკროავტობუსებს პრობლემები ექმნებათ

რამდენიმე დღეა ქართული კომპანიების კუთვნილ მიკროავტობუსებს, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ, სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქული მხარე მათ მიკროავტობუსებს თურქეთში ფაქტობრივად აღარ უშვებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქეთში ქვეითად გადასულ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი მიკროავტობუსების მძღოლები უკვე ორმაგ ფასად ემსახურებიან.

ქართული კომპანიების მიკროავტობუსებით ძირითადად საქართველოს ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ გადადიან. ამჯერად მგზავრთა ნაკადი, თურქეთში ჩაის კრეფის სეზონის დაწყების გამოა გაზრდილი.

„ჩვენს მძღოლებს საბუთები წესრიგში აქვთ, მაგრამ არ ატარებენ თურქეთის საბაჟოზე – მგზავრებს უშვებენ და მანქანებს არა. დაახლოებით 15 დღეა, ასეთი ამბავია, გუშინ 70 მანქანა მოაბრუნეს, არცერთი არ გაუშვეს, შემდეგ რაღაც ნაწილი გაუშვეს, შემდეგ ისევ არ გაუშვეს, ეუბნებიან „კოდი სავსეა“ და ვეღარ გაგატარებთო. არადა 10 მანქანიდან ერთი ძლივს ახერხებს გასვლას“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „გოლდენის“ ხელმძღვანელი დათო ბაბუჩაიშვილი.

„ბათუმელების ინფორმაციით“ მარტო ბათუმში 8 გადამზიდავი კომპანიაა, რომლებსაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სამ­გ­ზავ­რო გა­დაყ­ვა­ნის მრა­ვალ­ჯე­რა­დი ნე­ბარ­თ­ვა აქვს. თითოეული კომპანიის მინიმუმ 10 მანქანა მაინც გადის ხაზზე რიზეს, ტრაპიზონისა და ხოფის მიმართულებით [მგზავრობა ბათუმი-ტრაპიზონი 20 ლარია, ხოლო ბათუმიდან ხოფამდე – 10 ლარი].

„ჩვენს მანქანებს აღარ უშვებენ და იქეთ, თურქეთში მგზავრებს ორმაგს ახდევინებენ.  მგზავრი იძულებულია გადავიდეს. თურქეთის საბაჟოზე მანქანებს რომ არ უშვებენ, იქმნება საცობი, არის რიგები და აქეთ, ქართულ მხარეს, საპატრულო პოლიცია იძულებულია, ასე ვთქვათ, წესრიგი დაიცვას. თან ქართულ მხარეს 4 გამშვები პუნქტი მუშაობს, თურქეთის მხარეს კი ერთი. ესეც ართულებს ალბათ სიტუაციას, მაგრამ რატომ ქმნის თურქეთის საბაჟო პრობლემებს, კონკრეტულად არაფერს გვეუბნებიან. თუმცა, ერთი ჩვენი კომპანიის მანქანა გაატარეს რამდენიმე წუთის წინ“ – ამბობს „დოუ კა­რა­დე­ნი­ზი ბათუმის“ დირექტორი როლანდ  გორგილაძე.

მიკროავტობუსის მძღოლები თურქეთის საბაჟოზე არსებულ კორუფციაზეც საუბრობენ: „თუ ჩაუდებ 30-50 ლირას მაშინ უშვებენ თავისუფლად ქართულ მანქანებს. მოკლედ ჩვენს მანქანებს არ ამუშავებენ, თურქული კომპანიების მიკროავტობუსები კი თავისუფლად გადადიან.”

სარფის გამსვლელ პუნქტზე შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისგან კონკრეტული ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

თურქეთის საკონსულოში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიკროავტობუსების გადაადგილების პრობლემებზე ინფორმაცია არ აქვთ და კომენტარს უშუალოდ საბაჟო ატაშე გააკეთებს, როგორც კი ბათუმში დაბრუნდება. საკონსულოს ინფორმაციით, ატაშე ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

Exit mobile version