ბათუმელი მოსწავლეების გამოგონება – ხელჯოხი უსინათლოებისთვის

მოსწავლეებმა ბათუმიდან – ცოტნე შოთაძემ და ბესო შარაშიძემ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნეს ინოვაციური ხელჯოხი – „სხვა თვალი“, რომელიც მფლობელს ორი მეტრის რადიუსში აცნობებს წინაღობის ან დაბრკოლების შესახებ. ამ გამოგონებისთვის ცოტნემ და ბესომ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადაზე [IYIPO] ოქროს მედალი მოიპოვეს.

ბესოსა და ცოტნეს მიერ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნილი ინოვაციური ხელჯოხი, გარდა იმისა, რომ მფლობელს ორი მეტრის რადიუსში აცნობებს დაბრკოლების შესახებ. გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ჯოხის მფლობელს თუ დახმარების გამოძახება დასჭირდება, ღილაკზე თითის დაჭერით ხუთ ტელეფონზე გაიგზავნება მისი ადგილმდებარეობა ელექტრონულ რუკაზე და დახმარების თხოვნის სიგნალი. ტელეფონის ნომრები სისტემაში წინასწარ იქნება შეყვანილი. გარდა ამისა, „სხვა თვალის“ ერთ-ერთი ფუნქციაა სიბნელეში ავტომატურად ჩართოს სინათლე, რომელიც ირგვლივ მყოფებისთვის აღქმადს გახდის ფეხით მოსიარულეს.

ცოტნე შოთაძე და ბესო შარაშიძე „სხვა თვალთან“ ერთად

ცოტნე შოთაძე და ბესო შარაშიძე „სხვა თვალთან“ ერთად

„მსგავსი ტექნოლოგიები უკვე არსებობს, მაგრამ ჩვენ მიერ გამოყენებული სენსორი ყველანაირ ზედაპირს აღიქვამს, რაც სხვა შემთხვევაში ასე არ არის, მათ უჭირთ მაგალითად, სარკისებური ზედაპირის აღქმა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის „ბლაინდპროტექტორი“, რომელიც გარდა ამ განსხვავებისა, ძალიან მოუხერხებელია, მიმაგრებული აქვს დიდი ზომის სქემა, ტელეფონთანაა დაკავშირებული და ასე მუშაობს. ჩვენი „სხვა თვალი“ მსუბუქი და კომფორტულია, არც ტელეფონი სჭირდება, არც ზედმეტი ნაწილები, მხოლოდ მცირე ზომის სქემა აქვს მიერთებული. ბურთულიანი დაბოლოება და ნათურები ავტომატურად ირთვება სიბნელეში“, – ამბობს პროექტის თანაავტორი ცოტნე შოთაძე.

ბესომ და ცოტნემ ერთმანეთი კერძო სკოლაში გაიცნეს, სადაც მესამე კლასიდან ოთხი წლის განმავლობაში ერთად სწავლობდნენ. „შემდეგ მე გადავედი მერვე საჯარო სკოლაში და ისე მოხდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში კონტაქტი დავკარგეთ. ერთმანეთი გასულ წელს „თავიდან გავიცანით“ ერთ-ერთ კონფერენციაზე. ვისაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ინტერესები ემთხვეოდა, მაშინ ბესომ შემომთავაზა სამეცნიერო კონკურსებში მონაწილეობა და ვცადეთ“, – იხსენებს ცოტნე, რომელიც გასულ წლამდე სპორტული აქტივობებით თუ სწავლით იყო დაკავებული და მსგავსი მცდელობები არ ჰქონია. ბესო კი წლებია სამეცნიერო კონკურსების ერთგული მონაწილეა. ის აქამდე კომპიუტერულ პროგრამებს წერდა და ქმნიდა კომპიუტერულ თამაშს. პირველი საკონკურსო პროექტი ცოტნესთან ერთადაც სწორედ კომპიუტერული თამაში იყო.

„8-9 წლიდან დავინტერესდი კომპიუტერული პროგრამებით; შემეძლო „ვინდოუსის“ ჩაწერა, გადაყენება, პროგრამების დაწერა. შემდეგ კომპიუტერების შეკეთებაც, ახლობლები და ნაცნობები თავიანთი ინიციატივით მიხდიდნენ ფულს.

ყოველთვის მინდოდა რამე შემექმნა, რაც ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებდა. მე და ცოტნემ საბოლოოდ „სხვა თვალი“ შევქმენით“, – ყვება ბესო.

ბესო ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ბაზისი შაჰინის სკოლა-ლიცეუმი იყო, სადაც კომპიუტერი შეაყვარეს, ასწავლეს პროგრამების დაწერა და მისცეს მოტივაცია უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო ამ მიმართულებით, რაშიც ასევე ინგლისური ენის კარგი ცოდნა დაეხმარა.

როგორც ცოტნე იხსენებს, ისინი იცნობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ საქმიანობას და მის ხელმძღვანელს, თომა კაკაბაძეს. ერთ დღეს, როდესაც მეგობრები გასართობად იყვნენ შეკრებილი და პროექტებზე საუბრობდნენ, ერთ-ერთმა შესთავაზა რაიმე ისეთი შეექმნათ, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დაეხმარებოდა.

„გამიჩნდა იდეა, რომ უსინათლოებისთვის შეგვექმნა რამე. აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად განვითარებული ტექნოლოგიებისა, მათი უსაფრთხო და თავისუფლად გადაადგილების პრობლემა დღემდე დგას. ასე დავიწყეთ „სხვა თვალზე“ მუშაობა“, – იხსენებს ცოტნე.

თავდაპირველად პროექტის იდეა ცოტნემ და ბესომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე [Millennium Innovations Award] წარადგინეს, სადაც პროექტის განსახორციელებლად 500 აშშ დოლარით დაფინანსდნენ. გარდა ამისა, მათ სანტიაგოს უნივერსიტეტმა წინასწარი 50%-იანი გრანტი გაუფორმა იმ შემთხვევაში, თუ ამ უნივერსიტეტში ჩააბარებენ.

„მაშინ ვერ გავიმარჯვეთ ფინალში, მაგრამ პროექტი კიდევ უფრო დავხვეწეთ და ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გავიტანეთ, სადაც გავიმარჯვეთ და საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოვხვდით“, – ამბობს ბესო. საერთაშორისო კონკურსი „IYIPO“ 2016 წელს ორმოცამდე ქვეყნის 150 ნამუშევარს მასპინძლობდა. ბათუმელი მოსწავლეების პროექტმა ოქროს მედალი და ოლიმპიადის რამდენიმე სპონსორის ჯილდო დაიმსახურა.

ცოტნე და ბესო აბიტურიენტები არიან. მათი გეგმები ამ ეტაპზე სრულიად განსხვავდება: ბესოს კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება უნდა, ცოტნე კი საზღვაო ნავიგაციის სწავლას და პერსპექტივაში კაპიტნობას გეგმავს.

ბესოსთვის, იმ მრავალფეროვან პროექტებში, რომლებშიც აქამდე მონაწილეობდა, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს სფეროა – გამოგონება და შექმნა. ბესო პარალელურად დაინტერესებულია ფოტოგრაფიითა და მოგზაურობით. ამბობს, რომ მას მგზავრობა არასდროს ღლის და ახალი ადგილების ნახვა და მათი ფოტოზე ასახვა დიდი ენერგიით ავსებს. უნდა, რომ უნივერსიტეტშიც სწავლის გარდა იმუშაოს, საკუთარი შემოსავალი რომ ჰქონდეს.

მათი გეგმები „სხვა თვალთან“ დაკავშირებით კი ასეთია: „საქპატენტში შევიტანეთ განაცხადი, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განიხილავენ და, სავარაუდოდ, მალე პატენტიც გვექნება. დაფინანსებას თუ მოვიძიებთ, შეიძლება წარმოებაც დავიწყოთ“, – ყვებიან ბიჭები.

პროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციები არ გაუვლიათ თავად უსინათლო პირებთან. თუმცა, როდესაც პროექტი შედგა, „უსინათლოთა კავშირის“ წევრები დაინტერესდნენ და „სხვა თვალი“ საველე პირობებში გამოსცადეს. ცოტნე ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი გამარჯვება იმ ადამიანის ბედნიერი სახე იყო, რომელმაც თავად გამოიყენა ცოტნეს და ბესოს შექმნილი ხელჯოხი, რომელმაც შეძლო მისთვის „სხვა თვალი“ გამხდარიყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან