Batumelebi | 71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე 71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე – Batumelebi
RU | GE  

71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე

ქვედა მახუნცეთში მცხოვრებ დებს – თინასა და სონიას ყოველი გაწვიმება აშინებს. დების სახლის სახურავი დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი სახლში ჩადის და 71 წლის სონია იძულებულია სახურავის სახელდახელოდ შესაკეთებლად სახურავზე ავიდეს.

71 წლის სონია და 68 წლის თინა კურცხალიძეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში ცხოვრობენ შიფერით გადახურულ, ქვის, ორსართულიან სახლში. სახლის მეორე სართულის აივანს ძველი ბრიზენტი აქვს აფარებული. ეს მარტო მცხოვრები დების მამისეული სახლია. სონია და თინა ამბობენ, რომ ბევრი პრობლემა აქვთ, თუმცა მათი მთავარი გასაჭირი მაინც დაზიანებული სახურავია, რომლის შეკეთებასაც წლებია ვერ ახერხებენ. სახურავი განსაკუთრებით დაზიანდა გასული წლის ნოემბერში, როცა ქარმა სახლს შიფერი ალაგ-ალაგ მოგლიჯა და მეორე სართულზე ოთახებში წვიმის გუბეები დადგა.

„კასრებით ვაქცევდით წყალს, ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ქედის გამგებელს დავურეკე, ვუთხარი გაუსაძლის მდგომარეობაში რომ ვიყავი და ვთხოვე, იქნებ ბრეზენტი გქონდეთ, დაგვეხმაროთ სახლს გადავახურავთ-მეთქი, გამგებელმა მითხრა არ მაქვსო. ბოლოს გადავწყვიტეთ ცოტა შიფერი მაინც გვეყიდა და სადაც ძალიან დაზიანებული და ახდილი იყო სახურავი, ის ნაწილი მაინც გადაგვეხურა, თუმცა შიფერი გასაყიდიც კი ვერ ვნახეთ. ლითონის ფურცლები რომ გვეყიდა, თანხა ჩვენ არ გვქონდა. მერე ნათესავები დაგვეხმარნენ და მეორადი სახურავი მოგვცეს, ასე შევაკოწიწეთ და შევარემონტეთ სახურავი, თუმცა ისევ გვაწვიმს სახლში,“ – ყვება თინა.

ის ამბობს, რომ გამგებლის წარმომადგენლები ორჯერ იყვნენ მისულები და დახმარებასაც დაჰპირდნენ, თუმცა – ამაოდ.

„ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავწერე განცხადება ქედის გამგეობაში სამასალე ხის გამოყოფასა და მეორადი სახურავით დახმარებაზე, თუმცა არც მაშინ მომაქციეს ყურადღება. დღემდე ჩემი 71 წლის და არემონტებს ფარღალალა სახურავს. 2012 წელს მიწისძვრა რომ მოხდა, სახლში ბათქაში ჩამოცვივდა, მინები ჩაიმსხვრა და დღედე ჩამსხვრეული მინებიც კი ვერ გამოვცვალეთ. ჭერიც ასე დაზიანებულია დღემდე. სად არის მაგის თანხა შევაკეთოთ და მინები გამოვცვალოთ,“ – ამბობს თინა კურცხალიძე.

დების შემოსავალი პენსია და თინას მწირი ხელფასია. თინა ბათუმში მეზღვაურთა ცენტრში მუშაობს და ყოველ სამუშაო დღეს მახუნცეთიდან ბათუმში მიკროავტობუსით დადის. ამბობს, რომ გასულ კვირას მაქსიმალური ხელფასი – 120 ლარი აიღო, ისიც იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა შემცვლელი ექთნის ნაცვლადაც მუშაობს და, შესაბამისად, ხელფასიც ამიტომ მეტი გამოუვიდა.

სონია ახალგაზრდა დაქვრივდა, ერთი წლის წინ შვილი, 40 წლის გოგიტაც გარდაეცვალა. თინა ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ სონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, წნევა და ოსტეოქონდროზი აწუხებს და პენსია წამლებისთვის ძლივს ჰყოფნის.

სონია კურცხალიძე

სონია კურცხალიძე

ერთი კვირის წინ სონია ქედის ცენტრში ჩავიდა გამგებელთან, დავით დუმბაძესთან შესახვედრად. ამ შეხვედრაზე საუბარი სონიას უჭირს და ცრემლი ერევა:

„ვუთხარი, დაზარალებული ოჯახი ვართ, სახურავს ვითხოვთ. რა გქონდა პირველად დახურულიო? – უხეშად მკითხა. ვუთხარი შიფერი, მერე შიფერი გქონდა და თუნუქის სახურავი გინდაო? ვუპასუხე, არ მომითხოვია თუნუქის სახურავი, ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ-მეთქი. არც სოფლის გზა გვივარგა, ჩემი შვილი 12 წლის გადავარდა და სხვაც რომ არ გადავარდეს იქ, გზა გასაკეთებელია-მეთქი – ამაზეც ვუთხარი და მითხრა, ვალდებული არ ვარ, გზები ვაკეთოო. რწმუნებულებს დაუძახა შემოსულიყვნენ, შემოივიდნენ ისინი და უთხრა, რატომ დაპირდით ამას დახმარება, რომ დაპირდით, ახლა უყიდეთ და აუტანეთო. რა მექნა, წამოვედი განერვიულებული, წნევა ამიწია, არ მახსოვს სახლში როგორ ჩავედი, მთელი კვირა ცუდად ვიყავი. რომ არ მიჭირდეს, ავიდოდი მოხუცი ქალი იქ სათხოვნელად?!“ – ყვება სონია.

2015 წელს ქედაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 24 ოჯახს გადასცეს ლითონის ფურცლები, კურცხალიძეების გარდა ადგილობრივ ხელისუფლებას სახლის გადასახურად დახმარებას 80-მდე ოჯახი სთხოვს. ქედის გამგეობის გათვლით, საჭირო რაოდენობის ლითონის ფურცლების შეძენას 100 000 ლარი სჭირდება.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ქედის გამგებელს, დავით დუმბაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ამ თემაზე სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი