დღეს 6 ივნისს, 12:00 საათზე დაგეგმილი იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარათ. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა ტექნიკური ხარვეზების გამო ჩაიშალა.
„დღის წესრიგი არა დამტკიცდა და სხდომა დაიხურა, ტექნიკური ხარვეზის გამო. ითქვა, რომ არ იყო სწორად დათვლილი კენჭისყრის ალტერნატიული ვადა. წინადადება დადგა კენჭისყრაზე რომ არ დამტკიცებულიყო დღის წესრიგი და 8 ხმით, დღის წესრიგი არ დამტკიცდა“ – აცხადებენ პრესსამსახურში.
უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია დავით ქარცივაძე, წევრობის კანდიდატი კი მამუკა ჯაში. მათ კანდიდატურებს უმაღლესმა საბჭომ ერთხელ უკვე უყარა კენჭი, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ხმების საკმარისი ოდენობა ვერ დააგროვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ონურ ო. დააკავეს.
შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 64 აბი და 5 აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც 3,69555 გრ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ონურ ო.-მ ნარკოტიკული საშუალება რამდენიმე პიროვნებას მიჰყიდა, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული“.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
2 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიხსნა ვაინახური კულტურის ფესტივალი, რომელსაც პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ მართავდა.
5 ივნისს კი ფესტივალს ბათუმმა უმასპინძლა.
რა მიზანს ემსახურებოდა, როგორ მიმდინარეობდა ფესტივალი და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გადაცემაში – „შეუზღუდავი სივრცე“ ისაუბრა გადაცემის სტუმარმა, ანსამბლ „პანკისის“ ხელმძღვანელმა, ბელა მუთოშვილმა.
გადაცემა მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის
„ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში,
ამერიკული ფონდის NED-ის დაფინანსებით.
ქართულ ცხვარზე მოთხოვნა არაბეთის ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტეში, ასევე ირანსა და ერაყში მაღალია. წელს ქვეყნიდან უკვე გაყვანილია 30 ათასი სული ცხვარი. ცხვარი გაჰყავთ გემებით – ბათუმიდან და თვითმფრინავებით – ჩარტერული რეისებით, თბილისის აეროპორტიდან. ფერმერები კი ამბობენ, რომ ბაზრის არსებობის მიუხედავად მათი ცხვარი ძნელად იყიდება და გარკვეული მაქინაციებით შემოსავალს ერთეულები იღებენ. გასულ წელს საქართველოდან გაყვანილი იქნა 220 ათასი სული ცხვარი, 2014 წელს კი – 250 ათასი.
ბათუმის პორტში არც თუ იშვიათად დგანან სპეციალური გემები, რითაც ცხვარი გადაჰყავთ. ამ მარშრუტით სარგებლობენ სამეზობლო ქვეყნებიდან ცხვარის გადაყვანის დროსაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული ცხვრისადმი ინტერესი მაღალია და ეს, ძირითადად, უკავშირდება იმ ვეტერინარულ ღონისძიებებს, რასაც სახელმწიფო ატარებს:
„ქვეყნისადმი ნდობამ, მეცხოველეობის პროდუქტებისადმი ინტერესი არა მარტო არაბეთის, არამედ ევროპის ქვეყნების მხრიდანაც გაზარდა, რაზეც მეტყველებს ქართული მატყლის [ასევე თაფლის] დაშვება ევროპულ ბაზარზე“.
მიუხედავად ამისა, ქართველი მეცხვარეების პრობლემები მოუგვარებელი რჩება. გრიგოლ ბექურაიძე ახმეტაში, სოფელ ალვანში ცხოვრობს. ფერმერი ამბობს, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა ახმეტაში, არც თუშური ცხვარი იქნება და არც მეცხვარე, ვინაიდან მათ ქონებას „ბანკი წაიღებს“: „ვისაც ცხვარი ჰყავს, ყველას ბანკის ვალი აქვს, ცხვარი კი არ იყიდება. რაც ახმეტაში ცხვარია, დიდიან-პატარიანად რომ გაყიდო, ბანკის ვალებს არ ეყოფა… ჩვენამდე არაბი მყიდველი ვერ აღწევს, არ უშვებენ. ჩვენამდე მოდის მეოთხე, მეხუთე კაცი… არადა, მე რაც ვიცი, არაბეთში 700 დოლარიც კი ღირს ერთი ცხვარი. 2-3 წლის წინ 100 დოლარად ვყიდდით ცხვარს, შარშან, შემოდგომაზე, 130 ლარად ვერ გავყიდეთ“.
გრიგოლ ბექურაიძე ვარაუდობს, რომ წელსაც იგივე სიტუაცია იქნება: „2500 ცხვარი მყავს, 12 მეცხვარეს თვეში 1300 ლარს ვუხდი ხელფასს და 250 ათასამდე ლარი ბანკის ვალი მაქვს. სახელმწიფოს წელიწადში 26 ლარს ვუხდით ერთი ჰექტარი საძოვრით სარგებლობაში. აქ კი სომხეთიდან და რუსეთიდან შემოჰყავთ ცხვარი და ის გაჰყავთ, როგორც ქართული… რაც შეეხება მატყლს, 40 თეთრადაც ვერ ვყიდით – ალბათ, გავპარსავთ ცხვარს და გადავყრით. თუ 100 დოლარად მაინც არ გაიყიდა ერთი ცხვარი, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. ამ ფასზე გვქონდა გათვლილი, როცა სესხი გამოვიტანეთ“.
სამინისტროში კი ფიქრობენ, რომ ექსპორტიორებს, რომლებსაც საქართველოდან ცხვარი გაჰყავთ, დღეს ერთადერთი პრობლემა აქვთ: „ეს არის ცხვრის ნაკლებობა საქართველოში“.
„მათ სჭირდებათ მეტი ცხვარი. მეტი რომ იყოს, მეტს გაიყვანენ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ მიხეილ სოხაძემ.
მიხეილ სოხაძის თქმით, ქართველი მეცხვარეების ძირითადი მოთხოვნა გადასარეკი ტრასების კეთილმოწყობაა: „ამ ტრასებზე დაახლოებით 108 მონაკვეთი არსებობს, სადაც გადაფარვაა, ანუ ის მიწები, რომლებიც ისტორიულად გამოიყენებოდა როგორც გადასარეკი ტრასა, ასევე საძოვრები, წინა წლებში სახელმწიფომ გაასხვისა – ან იჯარით გასცა, ან გაყიდა“ [მთავარ და მცირე კავკასიონზე არაერთი გადასარეკი ტრასა არსებობს, თუმცა ძირითადი პრობლემებიც ამ მიმართულებზეა: დედოფლისწყარო-თეთრიწყარო-დმანისი-წალკა; აქედან კი სხვადასხვა მიმართულებაა-ნინოწმინდა, ახლაციხე, ბაკურიანის ჩათვლით].
ფერმერებმა „ბათუმელებთან“ აღნიშნეს, არიან მოიჯარეები [მესაკუთრეებიც], რომლებიც განკარგავენ გაცილებით მეტ ფართობს, ვიდრე ეკუთვნით. მეცხვარეები სახელმწიფოსგან ამ პრობლემაზე რეაგირებას ითხოვენ: „150 ჰექტარი თუ აქვს, მაგალითად, იჯარით, 500 ჰექტარს ეპატრონება. ხომ შეიძლება ის 350 ჰექტარი ჩვენ მოგვცეს სახელმწიფომ იჯარით? როცა საკითხი დავსვით, გვითხრეს, რომ ეს სახელმწიფოს მიწაა, გადაეცემა თვითმმართველობას და ისინი გასცემენ შემდეგ იჯარით. ჯერ არაფერი ამგვარი არ ხდება“.
ცხვრის გადარეკვა. სოფელი ბზუბზუ. ეკა ბარამიძის ფოტო
მეორე პრობლემა, რაც მეცხვარეებს აწუხებთ, არის ორმაგი დაბეგვრა. ისინი იხდიან როგორც საგაზაფხულო, ასევე ზამთრის საძოვრებზეც ცალ-ცალკე [ეს ყველას არ ეხება], ანუ ზოგიერთი ფერმერი წელიწადში ორჯერ იხდის ბეგარას. არის პრობლემები საგადასახადო კუთხითაც.
„ძირითადი საკითხები სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას სცილდება, თუმცა მეცხვარეთა ასოციაციას სამინისტრო გვერდში უდგას. საკმაოდ რთული პრობლემებია. მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო მეცხვარეთა ასოციაციის ჩართულობით, რომ ეს პრობლემა ეტაპობრივად მაინც აღმოიფხვრას“, – ამბობენ ასოციაციაში.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ინიციატივით ორი წლის წინ დაიწყო მუშაობა მეცხვარეობის სტრატეგიის შემუშავებაზე. თუმცა, მეცხვარეების თქმით, ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა. „დოკუმენტის სამუშაო ვერსია ასოციაციის ჩართულობით მზადაა და ამით განისაზღვრება ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებიც“, – აცხადებს მიხეილ სოხაძე.
როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ ეტაპზე მეცხვარეთა ასოციაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ასოციაციას ოფიციალური ხელმძღვანელი არ ჰყავს.
დედოფლისწყაროელი ბექა გონაშვილი, რომელსაც საკუთარი კომპანია [„ჯორჯიან ლაივსტოკ ექსპორტი“] აქვს და ცხვარიც ჰყავს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არის კომპანიები, რომლებსაც ცხვარი სომხეთიდან შემოჰყავთ და აქედან გაჰყავთ, როგორც ქართული, რაც ქართული ბაზრის საერთო პრობლემაა:
„შარშან სომხეთიდან საქართველოს გავლით ექსპორტირებული იქნა 40 ათასი სული ცხვარი, შარშანწინ – 70 ათასი. ამჯერად, თითქოს შეჩერებულია, თუმცა მაინც ახერხებს ზოგიერთი შემოყვანას. წელს რუსეთიდანაც კი შემოიყვანეს და გაიყვანეს, როგორც ქართული ცხვარი. არადა, ქართულ ცხვარს, როგორც ბრენდს, ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, ჯერ ჩვენ სახელი გვაქვს დასამკვიდრებელი, რასაც ასეთი მაქინაციები ძალიან ვნებს“.
ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ცხვარი დღეს 100-150-180 ლარიც ღირს. მან ბოლოს ორი რეისით ცხვარი კატარში გააგზავნა. უფრო ადრე კი, საუდის არაბეთში შეექმნა ცხვრის გასაღების პრობლემა: „ჩვენსას არავინ ყიდულობდა. სომხური ცხვარი განსხვავდება ქართულისგან, თუმცა ძალიან ჰგავს არაბულ ცხვარს. ამით სარგებლობენ – იქაური ავასის ჯიშის ცხვარი იქ თუ ღირს, ვთქვათ, 400 დოლარი, აქედან შეყვანილ სომხურ ცხვარს ყიდიან 250 დოლარად. დაახლოებით ასეთი სხვაობაა“.
ქართველი მეცხვარეების თქმით, საქართველოდან იმდენი ცხვარი [მათ შორის სომხური, რომელიც სომხეთში ქართულთან შედარებით გაცილებით იაფია] შეიყვანეს იორდანიაში, რომ ამ ქვეყნის ფერმერებმა ქართული ცხვრის იმპორტის აკრძალვა მოითხოვეს. „შარშან, დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრიდან იორდანიაში ცხვარი ვეღარ შეგვყავს“, – ამბობს ბექა გონაშვილი.
ფაქტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ იორდანიის ბაზრის ჩაკეტვის ერთადერთი მიზეზი იქაური ფერმერების მოთხოვნა იყო.
ქართველი მეცხვარეები ამბობენ და სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ არაბეთი და სხვა ქვეყნები სომხურ ცხვარს არ იღებენ, რადგან სერტიფიკატს [ცხვრის ჯანმრთელობის შესახებ] ნაკლებად ენდობიან.
„მომავალში საქართველოდან გაგრძელდება როგორც ქართული, ასევე თუნდაც სომხური ცხვრის ექსპორტი, თუმცა წარმოშობის სერტიფიკატში აუცილებლად ჩაიწერება, რომ არის ქართული, სომხური ან რუსული წარმოშობის. ჯანმრთელობის სერტიფიკატი კი იქნება ქართული, ვინაიდან ენდობიან… რაც შეეხება სომხურ ცხვარს, ის კონკურენციაში არ მოდის ქართულ ცხვართან. შარშან სომხეთში დაფიქსირდა დაავადება თურქული. შესაბამისად, ვიდრე სომხეთი არ ჩაატარებს სრულ ვაქცინაციას და არ გვექნება ოფიციალური მომართვა, შეზღუდული იქნება შემოყვანა“, – აცხადებს მიხეილ სოხაძე.
ცხვარი აღარ გადის საქართველოდან აზერბაიჯანში, ვინაიდან იქ ცხვარი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე აქედან შეყვანილი. ქართველი მეცხვარეები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ექსპორტიორები ცხვარს იაფად აზერბაიჯანიდან შემოიყვანენ და როგორც ქართულს, ისე გაიყვანენ არაბეთში, როგორც ადრე სომხური ცხვარი გაჰყავდათ.
ყაზბეგში მცხოვრები ვაჟა ღუდუშაური `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ შარშან თავიანთ ცხვარს სწორედ შემოყვანილი ცხვრის გამო ვერ ყიდდნენ:
„ცხვარი სომხეთის გარდა უკრაინიდანაც შემოიყვანეს და ქართულ ცხვრად გაასაღეს. ამ პრობლემას უნდა მიხედოს სახელმწიფომ. და კიდევ, მე პირადად და ჩემნაირებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება საზაფხულო საძოვრებთან მიმართებაში გვჭირდება – იქნებ იჯარით მოგვცენ [ზამთარში კასპში მყავს ცხვარი, ახლა კი თრუსოს ხეობაში]. სხვა მხრივ, ბუნებრივია, სახელმწიფო მე ცხვარს ვერ გამიყიდის – 3%-იანი აგროსესხი ავიღეთ სახელმწიფოსგან, კიდევ გვინდოდა, მაგრამ ბანკებმა სესხი არ მოგვცეს“.
ერთადერთი, რისთვისაც სახელმწიფოსადმი მადლიერები არიან, მეცხვარეები პირუტყვის ვაქცინაციას ასახელებენ, რასაც სახელმწიფო უფასოდ და დროულად ახორციელებს. უსაფრთხოებასთან ერთად ქართული ცხვრის უპირატესობა მისი საგემოვნო თვისებებიც ყოფილა. მეცხვარეები ამტკიცებენ, რომ ქართული [თუშური] ცხვრის ხორცი განსხვავებული და უკეთესია გემოთიც და ფერითაც.
„არაბებს, ვისაც ვიცნობ და ვისაც გასინჯული აქვს ქართული ცხვრის ხორცი, უფრო მოსწონთ გემოთი. ამასთან, ქართული ცხვარი უფრო კომპაქტურია, პატარა და სარეალიზაციოდ არის კარგი“, – ამბობს ბექა გონაშვილი.
მისივე თქმით, ლოჯისტიკა-ბაზარი-ტრანსპორტირების საკითხები თავისუფალი ეკონომიკის პირობებში ბიზნესმა უნდა მოაგვაროს: „თუმცა, არც ისეთი შემოსავლიანი დარგია, რომ წავიდეს ბიზნესმენი და საკუთარი თვითმფრინავი ან გემი იყიდოს. ამ ტრანსპორტს ვქირაობთ. ბათუმში ცხვარი ტრაილერებით ჩაგვყავს. გემზე როცა დაიტვირთება, გადამზიდავია პასუხისმგებელი ყველაფერზე. თვითმფრინავით ერთ რეისზე 1000-2700 ცხვრის გადაყვანა შეიძლება, გემით კი – 5 ათასი და მეტი. მინახავს გემი, რომელსაც 120 ათასი სულის გადაყვანა შეუძლია. სპეციალური გემებია და გაცილებით იაფი, თუმცა არც თვითმფრინავია ძვირი დღეს, საწვავის ფასებიდან გამომდინარე“.
საქართველოში 5-6 ძირითადი ექსპორტიორია, არიან სხვებიც, რომლებსაც ცხვარი აპრილიდან-ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გაჰყავთ. რამდენიმე მეცხვარე, ვისაც „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა, ამბობს, რომ არსებობს ბარიერები, რის გამოც ისინი ექსპორტიორს ვერ უკავშირდებიან.
ამ საკითხების გარკვევის მიზნით, რამდენიმე დღის წინ სამინისტროში მეცხვარეებს შეხვდნენ. მიხეილ სოხაძის განცხადებით, სააგენტოში ამ დღეებში ბაჰრეინის დელეგაციაც იმყოფებოდა, რომელიც ცხვრის გაყვანით არის დაინტერესებული: „ყველაზე დიდი ბაზარი კი საუდის არაბეთია, „ასევე ეგვიპტეში გაიყვანეს ცხვარი. ასევე საქართველოდან ცხვრის ხორცის გატანა აინტერესებთ ირანსა და ერაყში“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012-2015 წლებში საქართველოდან გაყვანილია 74,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, ხოლო ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოყვანილია 10 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ცხვარი.
იმავე სამსახურის მონაცემებით, ცხვრის სულადობამ 2014 წელს საქართველოში 865 900 შეადგინა, რაც 289 100-ით მეტი იყო 2011 წელთან შედარებით. 2015 წლის მონაცემს რაც შეეხება, საქსტატს, თხისა და ცხვრის რაოდენობა გამიჯნული არ აქვს. 2016 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით საქართველოში ცხვრისა და თხის საერთო რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1 272 800.
ცხვრის გადარეკვა. სოფელი ბზუბზუ. ეკა ბარამიძის ფოტო
5 ივნისს, 19:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში ვაინახური კულტურის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალზე დასწრება უფასოა.
ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“.
5 ივნისს, მხოლოდ ერთი დღით, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ბათუმველო“ აქციას მართავს, „ბათუმველოს“ ერთწლიანი ბარათის შეძენა 50%-იან ფასდაკლებითაა შესაძლებელი, 20 ლარის ნაცვლად 10 ლარად. აქცია დღეს საღამომდე გაგრძელდება.
ბარათების შეძენა ტურისტულ ცენტრებშია შესაძლებელი.
„ბათუმველო” შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის პროექტია და 2011 წლიდან არსებობს. დაარსებიდან დღემდე „ბათუმიველოს“ 31 ათასზე მეტი აბონენტი ჰყავს დარეგისტრირებული. აქედან 1500-ზე მეტი აქტიური მომხმარებელია. „ბათუმიველომ“ ყველაზე მაღალი შემოსავალი – 197 ათასი ლარი, 2013 წელს მიიღო.
თავდაცვის სამინისტრომ ქართული ჯარის 25 წლის იუბილე სახალხო ღონისძიებით აღნიშნა
თავდაცვის სამინისტროში 2 თვის წინ გადაწყდა: შეიარაღებული ძალების 25წლის იუბილე უნდა ყოფილიყო უპრეცენდენტო დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ყველა სტუმარზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენდა.
როგორც კი ღონისძიების ყველა დეტალი დაიგეგმა, უკვე ცხადი იყო, რომ ღონისძიება გამორჩეულად საინტერესო და ემოციური ბავშვებისათვის იქნებოდა. ამიტომ, სკოლის მოსწავლეების ინფორმირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა. სწორედ ამ მიზნით ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები თბილისის ყველა საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებს პირადად გააცნეს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ პრე-კამპანიას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ისე სწრაფად აჭრელდა სოციალური ქსელები სამხედრო ჰამერებთან ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით გადაღებული ფოტოებით, რომ ბოლომდე გავაანალიზეთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა: მათთვის იმედის გაცრუების უფლება არ გვქონდა!
„მხოლოდ 4 დღე დარჩაო“ – ღონისძიებამდე დარჩენილ დროს ითვლიდნენ კადეტები და იგივე სიტუაციაში ვიყავით ყველა, 27 მაისს ველოდით მოუთმენლად, როგორც დიდ გამოწვევას, როგორც კიდევ ერთ დღეს, დღესასწაულს, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გავატარებდით.
27 მაისი გამოვიდა სანახაობრივი, მეგობრული და ემოციური…
ღონისძიებების ფარგლებში ბრიტანელმა და ქართველმა სამხედროებმა საპარაშუტე შოუ მოაწყვეს, გამოიფინა “დელტას” მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამხედრო შინაარსის თამაშებში ჩართულიყვნენ. სპეციალურად მათთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონკრეტულმა ქვედანაყოფებმა წვრთნის და სხვა სამხედრო აქტივობების ადაპტირებული, გასართობი ხასიათის ვერსიები წარმოადგინეს.
ორგანიზატორებმა პატარების მხიარულ განწყობაზე სხვა მიმართულებითაც იზრუნეს – მათ სახეები საქართველოს დროშებითა და სამხედრო სიმბოლოებით მოუხატეს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა იპოდრომის ტერიტორია თემატური ნახატებით გააფორმეს. ქართული ჯარისადმი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ასე გამოხატეს.
სპორტული ღონისძიებებისთვის მოწყობილი იყო რაგბის, ფრენბურთის, კალათბურთის, ჭადრაკის და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო მოედნები. ასევე, AIR SOFT-ის სათამაშო მოედანი და სიმულაციური სასროლეთი. სპეციალურად გამოყოფილ ისტორიულ კუთხეში აგვისტოს ომის თემაზე გადაღებული ფოტოები გამოიფინა. ასევე გაიმართა იუნკრებისა და კადეტების ნახატების გამოფენა-გაყიდვა.
გაიმართა წარმოდგენა ქართული საბრძოლო ილეთების ჩვენებით და მოეწყო სამთო-სწავლება. შეიარაღებული ძალების იუბილეზე მოსულ სტუმრებს საკვებით და გამაგრილებელი სასმელით კვებითი უზრუნველყოფის კომპანია გაუმასპინძლდა.
სამხედრო ჰოსპიტლის ექოსკოპიის კაბინეტში ნებისმიერ მსურველს, აბსოლუტურად უფასოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და კონსულტაციის მიღება შეეძლო. ხოლო ლაბორატორიიაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო, სისხლის ჯგუფისა და სისხლში შაქრის შემცველობა დაედგინა. დაინტერესებულმა პირებმა პირველადი სამედიცინო დახმარების თემაზე ლექციაც მოისმინეს და რეანომობილის აპარატურა და სამედიცინო ჯავშანმანქანა დაათვალიერეს. გაიმართა კიბერუსაფრთხოების საბაზისო ექსპრესკურსი და სახალისო ცდები ჩატარდა ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიებში. ახალგაზრდა გამომგონებლებმა კი საკუთარი მიგნებების შესახებ დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციები მიაწოდეს.
“ჩვენ ვდგავართ ქართული ჯარის გვერდით!”- ამ სიტყვებით დაიწყო შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ორკესტრები, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი და ქართული მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ.
27 მაისი შედგა! ამაზე მეტყველებს ემოციები, რომელიც ჯერ კიდევ არ განელებულა, ფოტოები, რომლებზეც კარგად ჩანს მონაწილეებისა და სტუმრების ბედნიერი სახეები და, რაც ყველაზე ძვირფასია, ბავშვების ნახატები, რომლებიც მოზღვავებულ შთაბეჭდილებებს ჯერ ვერ გაუმკლავდნენ და საკუთარ ნამუშევრებში ხან პარაშუტისტებს, ხანაც სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას ხატავენ, ნამდვილ ჯარისკაცებთან მეგობრობაზე კი დღესაც უყვებიან თანატოლებს, “ქართული ჯარი 25” ყოველთვის ემახსოვრებათ და ყველა შესაძლო სიტუაციაში ეტყვიან სამხედრო მოსამსახურეებს: მადლობა სამსახურისთვის!
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge
პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული ფაქტების შესახებ
ნაწილი I
საქართველოში ქრისტიანობას ყოველთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა, ერთი მხრივ, ქრისტიანობა იყო ერის იდენტობის შენარჩუნების საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დასავლეთთან ინტეგრაციის გზა, რომელიც ჯერ კიდევ მირიან მეფემ მეოთხე საუკუნის დასაწყისში აირჩია.
ქრისტიანობის განსაკუთრებული იდეოლოგიური მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა ერთიანი საქართველოს ფორმირების პროცესში, კერძოდ, შუა საუკუნეების იდეოლოგიურ ფორმულირებაში „ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაცაშინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების“ – (გიორგი მერჩულე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება) ანუ დაქუცმაცებული საქართველოს გამაერთიანებელ ძალად და გაერთიანების შემქმნელ იდეოლოგიურ ფონად ქართულ ენაზე ჩატარებული წირვა-ლოცვა ითვლებოდა. თითქმის 1700 წლის განმავლობაში სწორედ აღნიშნული იდეოლოგიური ფონი რჩებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მამოძრავებელ ბერკეტად.
1700 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დამპყრობელი დაუპირისპირდა ამ იდეოლოგიურ ფონს, თუმცა, მათგან ყველაზე უფრო წარმატებული რუსეთის იმპერია გამოდგა, რომელმაც საკუთარი ქრისტიანობა ფარად აიფარა და ისე შეეცადა ქართული ქრისტიანობის განადგურებასა და დამახინჯებას.
XIX საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გაუქმების შემდგომ, ფსევდო-ერთმორწმუნე, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდს არაერთი დანაშაული მიუძღვის საქართველოს ეკლესიის წინაშე. რადგანაც ენა და რელიგია ქართული იდენტობის მთავარი საყრდენი იყო, 1811 წელს ერთმორწმუნე” მეფის რუსეთმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთის სინოდი საეგზარქოსოდ გამოაცხადა და წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე შემოიღო. ენისა და რელიგიის განადგურების მთავარი მიზანი ქართული ერთიანობისთვის აუცილებელი კომპონენტების მოსპობა იყო. მეფის რუსეთის ამ პოლიტიკის შედეგად, 1811 წლიდან ეკლესიებში წირვა-ლოცვის რუსულ ენაზე წარმართვა ხალხში გაუცხოებას იწვევდა და იდენტობას ართმევდა.
მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში დასავლეთ საქართველოს აჯანყების დროს, როდესაც რუსებმა განსაკუთრებული სისასტიკით ააოხრეს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია, გარდა მოსახლეობის გაძარცვისა და დახვრეტისა, „ერთმორწმუნე” რუსებმა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს უმაღლეს სასულიერო პირებს – სცემეს და თავზე ტომარაჩამოცმულები ამყოფეს ექვთიმე გენათელი და დოსითეოს ქუთათელი (რის შედეგადაც დოსითეოს ქუთათელი დაიხრჩო), ექვთიმე გენათელი კი რუსეთში გადაასახლეს.
რუსმა სასულიერო პირებმა გაძარცვეს ეკლესიები (სიონი, სვეტიცხოველი, ალავერდი, ნინოწმინდა, შემოქმედი, დიდუბე, დავით გარეჯის სავანე), რუსეთში გაიტანეს მტრების შემოსევებს გადარჩენილი ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათესი ნიმუშები – მათ შორის, XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება, რომელიც ეგზარქოს ევსევის ნებართვით გელათიდან ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა გაიტანა. 1880-იან წლებში კი ეგზარქოსმა პავლემ ცეცხლში დაწვა ქართულ ენაზე დაბეჭდილი ათასობით წიგნი, გაძარცვა ჭყონდიდისა და მეტეხის ტაძრები. ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) ხატი. 1860 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ გელათის მონასტერი გაანადგურა, იქ დასვენებულ ხახულის ღვთისმშობლის ხატს ძვირფასი თვლები დააძრო.
„ერთმორწმუნე” რუსეთის ეკლესიის ბარბაროსული ქმედებები ნიკოლოზ დურნოვს თავის ჩანაწერებში აქვს აღწერილი: `ქართული ეკლესიის ბედი~: „სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ყველა კანონები და დადგენილებანი,
რომელიც ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა, დაწვეს აუარება უძველესი საეკლესიო დოკუმენტი, რაც გადარჩა პეტერბურგში წაიღეს. დაბოლოს, ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს.” იმპერატორ ნიკოლოზI-ის საქართველოში ჩამოსვლის წინ კი ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარიული წესრიგის” საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდისა და ერთაწმინდის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური ისტორიულ-კულტურული ფრესკები.
რუსეთის მხრიდან ქართული ეკლესიების ძარცვისა და ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების განადგურების მთავარი მოტივი ფინანსურ სარგებელში არ იყო, მათ სტრატეგიული მოტივი ჰქონდათ. ეს იყო კულტურული გენოციდი, რომლის მთავარი მიზანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოსპობით ეროვნული თვითშეგნებისა თუ ღირებულებების გარდაქმნა ან მთლიანად აღმოფხვრა იყო. იმ შემთხვევაში, თუ განადგურდებოდა ინსტიტუტი, რომელიც ქართული იდენტობის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა, უფრო მარტივად გახდებოდა ქართველთა „რუსიფიკაციის” პროცესი. ზუსტად ამ მიზნით ნადგურდებოდა ფრესკები, ქართული ხელოვნების ნიმუშები, ქართულ ენაზე დაბეჭდილი წიგნები, როგორც ქართული დამწერლობის შენახვისა და გავრცელების საშუალება.
რუსიფიკატორული პოლიტიკა საიდუმლო არც ყოფილა. მაგალითად, 1905 წელს რუსეთის ეკლესიის მიერ დანიშნულმა საქართველოს ეკლესიის მმართველმა ეგზარქოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის იდეის სისხლში ჩახრჩობა იყო.
იმდროინდელი ქართული საერო და სასულიერო ელიტა მიხვდა, რომ სარწმუნოების გადასარჩენად რუსული იმპერიული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლა იყო საჭირო. მაგრამ რუსეთის იმპერია მწარედ უსწორდებოდა ყველას, ვინც წინ აღუდგებოდა მის ბარბაროსულ ქმედებებს.
კირიონ II
1886 წელს ეგზარქოსმა პავლემ სიონის საკათედრო ტაძარში დაწყევლა ქართული ეკლესია და ქართველი ერი, რის გამოც დიმიტრი ყიფიანმა მას ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ეგზარქოს პავლეს მითითებით, დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, მოგვიანებით, 1887 წელს კი მოკლეს. სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდნენ ეპისკოპოსი კირიონი, დეკანოზი კალისტრატე, ნიკოლოზ დურნოვი და ისტორიკოსი თედო ჟორდანია და დაბეჭდეს ნაშრომები, რომლებშიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს. რუსებმა შეამჩნიეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და მიზანში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ერთგული მცველი – კირიონ მეორე ამოიღეს. 1917 წელს რუსეთში დაძაბული შიდა სიტუაცია იყო, რამაც კირიონს საშუალება მისცა 1917 წლის 12 მარტსსაქართველოს ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უშუალო მმართველობისგან გამოეყვანა. თუმცა, ამისთვის 1918 წლის 26 ივნისს რუსეთმა ქართული ეკლესიის მცველი სიცოცხლეს გამოასალმა.
დღეს, რუსეთი სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების დახმარებით, საკუთარი პროპაგანდის მთავარ შემადგენელ ნაწილად ისევ იყენებს „ერთმორწმუნეობას” და დღემდე ცდილობს ხაზი გაუსვას საერთო მართმადიდებლურ ფასეულობებს, ერთმორწმუნეობის საკითხებს. რელიგია გამოყენებულია როგორც რუსული „ძალის” ერთ-ერთი ინსტრუმენტი. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კულტურულ თუ რელიგიურ მსგავსებებზე საუბრისას, უნდა გავიხსენოთ თუ როგორ იყენებდა ის ერთმორწმუნეობის ნარატივს წარსულში და რა გამოცდილება მიიღო საქართველოს კულტურულმა, ეროვნულმა თუ ენობრივმა თვითმყოფადობამ რუსეთის მიერ გატარებული „ერთმორწმუნეობის” პოლიტიკით.
წყარო:
www.damoukidebloba.com
გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში
NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს” – გიორგი კვირიკაშვილი
24-25 მაისს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია” (GDSC) გაიმართა. კონფერენციის სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს.
„ჩვენ გვწამს, რომ NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო ალიანსთან თავისი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნის ერთგულია. ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე ჩვენ საერთაშორისო მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსარგებლობთ უსაფრთხოების გარანტიებით, არამედ ვქმნით მათ. ეს შეეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო ვითარებას. ეროვნულ დონეზე, ვაგრძელებთ ამბიციურ რეფორმებს უფრო ძლიერი სახელმწიფოს ასაგებად, რომელსაც ძალუძს გაუმკლავდეს საფრთხეებს, რომლებიც ევროპას მის საზღვრებში და საზღვრებს მიღმა ემუქრება. საქართველო, შავი ზღვა და კავკასიის რეგიონი იმ თავსატეხის მნიშვნელოვანი ნაწილებია, რომელსაც NATO აგროვებს. ესაა წერტილი, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება. ესაა ტერიტორია, სადაც ალიანსი და მისი პარტნიორები პასუხისმგებლობას ინაწილებენ. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მომავალ თვეებში ამოქმედდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური მიზნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, ჩვენმა სწრაფვამ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა გააძლიეროს, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, უკანასკნელ წლებში გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას და მზარდ საფრთხეებს, რაც შეუძლებელია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველი დღე მთლიანად ნატო-ს თემაზე მსჯელობას დაეთმო. პანელზე საუბარი საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივებს, ვარშავის სამიტის მოლოდინებს და რეგიონში არსებულ გამოწვევებს შეეხო. რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება ჯეიმს აპატურაიმ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე იმსჯელა. მისი თქმით, ალიანსი წვრთნების ჩატარებითა და ინფორმაციის გაცვლით რეგიონის გაძლიერებას ცდილობს.
„უელსის სამიტის შემდეგ, ნატო უფრო მეტად არის წარმოდგენილი საქართველოში და საქართველო უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატოში. ჩვენ პირველ რიგში ვახორციელებთ პაკეტით განსაზღვრულ მიმართულებებს. საქართველოში ჩამოვიდა ნატოს მრჩეველთა ჯგუფი, გავხსენით პირველი ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელმაც უკვე ჩაატარა პირველი წვრთნა. ვარშავის სამიტზე საქართველო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა პარტნიორი სახელმწიფო”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ჩვენ გვსურს მეტი საქართველო ნატოში. მის თქმით, „გაერთიანებული ნატო საუკეთესო პასუხი იქნება შეკავების პოლიტიკასა და ყველა არსებულ გამოწვევაზე.”
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის” (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ჯეიმს აპატურაის შორის ორმხირივი შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი დეტალურად განიხილეს.
განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, დავეხმაროთ რეფორმების განხორციელებისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში. ნატოს მომავალ სამიტზე ჩვენ საფუძველს ჩავუყრით საქართველოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებას, ასევე, დავეხმარებით საქართველოს დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და შეიტანოს საკუთარი წვლილი საერთაშორისო ოპერაციებში,”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის” (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიელ, ლიტველ და ესტონელ თავდაცვის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების დროს სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო.
ის, რომ ისინი აქ იმყოფებიან, ცალსახა დასტურია საქართველოს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის, საქართველოს მოთხოვნების, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების მხარდაჭერის. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ერთიანი ხმით, ოთხივე ერთად, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ერთი ხმით წარვდგებით ვარშავის სამიტზე, ერთი ტიპის ამოცანა გვექნება, რომ ამ სამიტიდან საქართველო გამოვიდეს კიდევ უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებით ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობისას.
ძირითადი აქცენტი ჩრდილოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და უკრაინის კრიზისზე გაკეთდა.
„ჩვენ სურვილი გვაქვს ამ რეგიონში ნატო მეტად იყოს წარმოდგენილი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, – განაცხადა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტეფან ალექსანდრუ ტინკამ.
საერთაშორისო უსაფრთხოება და არაკონვენციური ომი; გლობალური და ევროპული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები, არსებული საფრთხეების შეფასება და მათთან გამკლავების ხედვების განხილვა, რუსეთისა და აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეები – ასეთი იყო 25 მაისს CDSC-ის კონფერენციის მეორე დღის ძირითადი თემები, რომელიც შემაჯამებელი გამოსვლებით ამავე დღეს საზეიმოდ დაიხურა.
კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაჯამეს.
ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. სრულყოფილებამდე დიდი გზაა, თუმცა განვითარების ზოგადი ტენდენცია დადებითად უნდა შეფასდეს, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
რჩევების სერია საზოგადოებას, თუ როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი მედიაში
ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ დავიცვათ მოსავალი მოსალოდნელი სეტყვისაგან ან როდის ჩავიცვათ საწვიმარი ლაბადა. ხოლო თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე ადრე დაეუფლება აღნიშნულ ინფორმაციას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების ერთადერთ წყაროდ იქცევა, მაშინ იგი შეეცდება არ გაგაგებინოთ სწორი ინფორმაცია და ამით მაქსიმალურად დიდი ზიანი მოგაყენოთ.
სწორედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად საქართველოში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის წინააღმდეგ თითოეული ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი, მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?
პროპაგანდისგან თავის დაღწევის მიზნით გთავაზოთ რჩევების სერიას, როგორ განვასხვავოთ ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? ამის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს
ზოგადი ფრაზები
არ ენდოთ ზოგად ფრაზებს – პროპაგანდისტები ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „საყოველთაოდ ცნობილია, რომ…”, „საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ…”, „დღეს უკვე ყველა თანხმდება… და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ფრაზები სწორედ იმისათვის გამოიყენება, რომ თქვენ შეგიყვანოთ შეცდომაში და ხშირად ფრაზა „საყოველთაოდ ცნობილია, რომ” სწორედ იმიტომ გამოიყენება, რომ რაიმე ინფორმაციას დამაჯერებლობა შესძინოს და დაგარწმუნოთ, რომ ეს უკვე ყველამ იცის და მხოლოდ თქვენ ხართ ის გამონაკლისი ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ამიტომ ნუ აყვებით ასეთ ხრიკებს და გამოიყენეთ პირველი ხერხი, რომელიც გეუბნებათ, რომ გადამოწმება პროპაგანდასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.
დავით ძიძიშვილი
თავდაცვის დაგეგმვისა და
პოლიტიკის დეპარტამენტი
„ნატო და უსაფრთხოება“ – საინფორმაციო შეხვედრები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს საქართველოს რეგიონების ინფორმირებას ნატოსა და უსაფრთხოების თემებზე. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ინფორმირება საქართველოს დასავლური კურსისა და ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ. სწორედ ამ მიზნით 19 მაისს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ვაზიანში აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
„ნატო და უსაფრთხოება”- ასე ერქვა შეხვედრას, რომლის მიზანი საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონების წარმომადგენლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო.
„შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონების თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე მათ მომხსენებლები უტარებენ სემინარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის შესახებ და აწვდიან ინფორმაციას, თუ რა ეტაპზე დგას საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის შიდა აუდიტორიისა და საინფორმაციო გარემოს მონიტორინგისა ანალიზის სამმართველოს უფროსმა შალვა თევდორაძემ.
ღონისძიებაზე საქართველოს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო გარემოზე, უსაფრთხოებაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობისა და სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილებების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გამახვილდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა ქიტესაშვილი: „მადლობა მინდა ვუთხრა თავდაცვის სამინისტროს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის როლი ქვეყნისა და რეგიონების მასშტაბით უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანის მხრივ. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები შედგა, როგორც მედიისა და საინფორმაციო გარემოს მხრივ, ასევე უსაფრთხოებისა და გამოწვევების შესახებ.
31 მაისს პროექტის მეორე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სენაკის სამხედრო ბაზაზე მოიყარეს თავი. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია და ნატოსთან თავსებადობა, საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა და მიღებული გამოცდილება, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და არსებული გამოწვევები, ვარშავის სამიტის მოლოდინები – ეს იმ თემების ნაწილია, რომელიც ორგანიზატორებმა და სპიკერებმა შეკრებილ აუდიტორიას წარუდგინეს. ღონისძიების ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიაც წარიმართა.
თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს მიერ, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით ხორციელდება.
„ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაციას, ვიდრე ამის საჭიროება იქნება“ – თინათინ ხიდაშელი
26მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე ოცდამეხუთედ აღნიშნა. 432-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი წელს, პირველად, თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში, კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში დადო. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჩააბარა.
თბილისში ფიცის დადების ცერემონიალში წელს, ასევე პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის, აშშ-ის საჰაერო ძალების და ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრები მონაწილეობდნენ.
საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. თინათინ ხიდაშელმა ყურადღება ეროვნული დღესასწაულის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„26 მაისი ჩვენია და დღევანდელი დღესასწაული, უპირველესად, იმ ქალების და კაცების, იმ ჯარისკაცების და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მოვუყვებით ჩვენს შვილებს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით „არას” ოკუპაციას, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „არას” ვეტყვით პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიას და უახლეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის ერთგულებას, ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება… ჩვენ ვიბრძოლებთ ძლიერი, უკეთესი, ბედნიერი და ევროპული საქართველოსთვის, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა ქართველ ჯარისკაცებს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს გადაუხადა: „დღეს, პირველად, აქ დგას ნატოს ქართული ასეული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში დაგვაბრუნებს. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ამ ბიჭებს, ამ მიღწევისთვის, ამ შესაძლებლობისთვის და ამ სტატუსისთვის, რომელიც სულ უფრო გვაახლოებს ევროპულ საქართველოსთან.”
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. მათ შორის იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარი საბრძოლო ტანკი „აბრამსი” და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი. სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინა თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო რუსთავში, ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად, მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუსთვის ედევნებინა თვალი.
ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თბილისის ცენტრალურ უბანში გამართული საზეიმო ღონისძიებები დაათვალიერა, მოსახლეობას შეხვდა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა. „ყველას ვულოცავ და რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყოს ის დღე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იქნება ბედნიერი, იქნება წარმატებული, იქნება დასაქმებული და ქვეყანა იქნება უსაფრთხო\, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა
მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრების შედეგად საქართველოში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში, უცხო ქვეყნის ჯარი განთავსდება, მცდარია
სინამდვილეში, NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო შესაძლებლობების განთავსების შესახებ ალიანსის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით, აღნიშნული ქვეყნის თხოვნის საფუძველზე და იმ შემთხვევაში, თუ წევრ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება. ამ გადაწყვეტილებას იღებს ალიანსი კონსენსუსის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს რომ გადაწყვეტილების მისაღებად თავად საქრათველოს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნის, თანხმობა აუცილებელი იქნება.
NATO-ს სამხედრო შესაძლებლობების ძირითად მიზანს წარმოადგენს: კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; წევრ ქვეყნებზე შესაძლო სამხედრო თავდასხმის შეკავება და თავიდან აცილება; ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. NATO-ში ქვეყნის გაწევრება, არ ითვალისწინებს რომელიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგებას NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე.
თუ ხართ წვევამდელი ან 18-დან 35-წლამდე ახალგაზრდა და გავლილი გაქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ შანსს გთავაზობთ, გახდეთ საქართველოს ჯარისკაცი და ღირსეულად ემსახუროთ ქვეყანას; შეიქმნათ სამხედრო კარიერა და მიიღოთ მაღალი თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
2016წლის 31 მაისიდან შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის სამინისტრო იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში კანდიდატები 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.
იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training). შერჩეული კანდიდატებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2016 წლის 19 სექტემბერს. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით.
10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება.
საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და მომზადებას სამხედრო დისციპლინებში გადის.
საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 31 მაისიდან, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისში”. მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: ტელ: 595 050685; 595 050673.
განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:
პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ფოტოსურათი 3X4 – 2 ცალი;
სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;
ჯანმრთელობის ცნობა;
სპორტული ფორმა (ფეხსაცმელი);
საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად:
ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში);
გასაწვევი პირის განცხადება;
ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში);
ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი);
დაბადების მოწმობის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი;
შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გაცემული);
ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,MMR- წითელა, წითურა, ყბაყურა: TD-ტეტანუსი-დიფტერია);
ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული);
ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ);
შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
მიღებული სერტიფიკატის ასლი;
სამხედო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი);
ფოტოსურათი 3X4 – 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD).
უცნობია განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის მიმართვიდან წელიწად-ნახევარი გავიდა, სასამართლოს მისი დასაშვებობის საკითხი ჯერ კიდევ არ განუხილავს. „სასამართლო სათათბირო ოთახში… განჩინების გამოსატანად გასულია 2016 წლის პირველი თებერვლიდან“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც დასაშვებობის ვადასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოდან მივიღეთ.
სახარების რწმენის ეკლესია მთავრობის განკარგულების იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც საბჭოთა რეჟიმმა ზიანი მიაყენა მხოლოდ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას: ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიას (ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი კონსტიტუციური შეთანხმებით არის გათვალისწინებული).
გარდა იმისა, რომ სასამართლო უკვე მეოთხე თვეა ვერ იღებს საქმის დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას, 2015 წელს ორჯერ გადაიდო სხდომა მოპასუხის – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მოთხოვნით. ამ სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, არჩილ მეტრეველმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გადადების მიზეზი ორივეჯერ ტექნიკური პრობლემა იყო: „ერთხელ წარმომადგენელს დაემთხვა სხვა სხდომა და ვერ გამოცხადდა. მიზანმიმართულად არ გაგვიჭიანურებია ჩვენ განმწესრიგებელი სხდომის გამართვა“.
„როცა წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერ წყდება საქმის დასაშვებობა, ეს, რა თქმა უნდა, აჩენს კითხვებს. თუმცა არ ვიცი, რის გამო აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გასაზიარებელი მოპასუხე მხარის მოთხოვნები. შესაძლოა, სხდომის გადადების გონივრული მიზეზი არსებობდა… ამდენი დრო საქმის დასაშვებობის გადაწყვეტას არ უნდა სჭირდებოდეს“, – განმარტავს კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე.
„ვხედავთ, რომ პოლიტიკურად გახმაურებულ საქმეებს დაჩქარებული წესით განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ვერ ვიტყვი, რომ მიზანმიმართულად უარს გვეუბნებიან, რადგან ვადების დარღვევის სხვა შემთხვევებიც არსებობს“, – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე. ის სასამართლოში სახარების რწმენის ეკლესიის ინტერესებს დაიცავს.
სარჩელში, რომელიც სასამართლოში 2014 წლის 10 დეკემბერს შევიდა, წერია, რომ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსება არასეკულარულია და დისკრიმინაციული.
„მთავრობის დადგენილება არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც დისკრიმინაციული“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ მეტრეველმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა: „სახელმწიფომ საკუთარი შესაძლებლობებისა და რელიგიური თემების მიმდინარე საჭიროებების გათვალისწინებით შეიმუშავა ფინანსური მხარდაჭერის მოცემული ფორმა და ბენეფიციარად ამ ეტაპზე შეირჩა ის ოთხი რელიგიური გაერთიანება, რომლებიც სახარების რწმენის ეკლესიასთან შედარებით, უფრო რთულ პირობებში არიან“.
ამ არგუმენტს თამთა მიქელაძე „აბსოლუტურად დაუსაბუთებელს“ უწოდებს. მისთვის ასევე მიუღებელია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სიმბოლური დაფინანსება: „ამ დადგენილების მიხედვით, მთავრობა აცხადებს მზადყოფნას, რომ ამ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს მატერიალური ზიანი, მაგრამ უცნობია ზიანის ანაზღაურების ზუსტი ოდენობა. ეს მექანიზმი პოლიტიკური ნების ამარად ტოვებს, ვინ რა ოდენობით მიიღებს დაფინანსებას“.
სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელში საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა არაერთი ისტორიაა აღწერილი. მათ შორისაა ერთი ცოლ-ქმრის ისტორია, რომელიც იმიტომ დააპატიმრეს, რომ ორმოცდაათიანელები იყვნენ (ამ მიმდინარეობის სამართალმემკვიდრეა სახარების რწმენის ეკლესია). ციხიდან გამოსულ ცოლ-ქმარს 5 შვილიდან 2 გარდაცვლილი დახვდა. სარჩელში ისტორიულ წყაროებზე დაყრდონობით ასევე აღწერილია 1951 წლის შემთხვევაც, როცა ამ ეკლესიის ასობით წევრი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
გამოკითხვაში სულ 1050 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პირველი სამეულის გარდა, ხმები ასე გადანაწილდა:
მეოთხე ადგილი – 6 მაისის პარკი (141 ხმა); მეხუთე ადგილი – პლაჟი (89 ხმა), მეექვსე ადგილი – პიაცა (57 ხმა); მეშვიდე ადგილი – ევროპის მოედანი (39 ხმა), მერვე ადგილი – ვარდების სკვერი (22 ხმა), მეცხრე ადგილი – ახალი ბულვარი (21 ხმა); მეათე ადგილი – საოცრებათა პარკი (18 ხმა) და მეთერთმეტე ადგილი – გმირთა ხეივანი იუსტიციის სახლთან (3 ხმა).
წელს „სტრიტ არტ ფესტივალის“ ფარგლებში კედლებს ბათუმის გარდა აჭარის მუნიციპალიტეტებშიც მოხატავენ. 25 420 ლარზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა და განაცხადების მიღებაც დასრულებულია. სატენდერო პირობების თანახმად, აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში -ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ბათუმი, ქობულეთი – საშუალოდ 70 მ2 ფართობი კედლის მოხატვა იგეგმება, მთლიანობაში – არანაკლებ 420 მ 2-ის.
სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ Street Art ფესტივალში არანაკლებ 2 უცხოელი და 2 ქართველი მხატვარი უნდა მონაწილეობდეს და ფესტივალის თემატიკა და კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს გარემოს ლანდშაფტს და იკითხებოდეს ერთიან კონტექსტში. სატენდერო დოკუმენტაციაში შენიშვნის სახით ასევე აღნიშნულია, რომ „ესკიზი აუცილებელია შეთანხმდეს
შემსყიდველთან“.
„სთრით არტ“ ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ფესტივალი 2016 წლის აგვისტომდე უნდა ჩატარდეს.
ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია, არტ სტუდია “Dotcomma” მონაწილეობს, რომელმაც სამინისტროს ფესტივალის ჩატარება 24 990 ლარად შესთავაზა. DOTCOMMA იყო ფესტივალის ორგანიზატორი გასულ წლებშიც.
აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსს აცხადებს.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ხელოვნების ახალი მიმართულებების განვითარების, შემოქმედთა ახალი თაობისა და ახალი იდეების მხარდაჭერა; რეგიონში კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა; ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა.
კონკურსის პირობების თანახმად, წარდგენილ პროექტში ნათლად უნდა ჩანდეს ძირითადი იდეა/მხატვრული კონცეფცია, კარგად უნდა იყოს გამოკვეთილი მიზანი და სრულად ჩამოყალიბებული ამოცანები; პროექტში შესაძლებელია თანამედროვე ხელოვნების ყველა მედიის, გამოსახულების (ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, მულტიმედიური, ციფრული და სხვა) გამოყენება. პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე შესაძლებელია ტრადიციული სახელოვნებო (გალერეა, მუზეუმი, თეატრი და ა.შ.) და სხვა საზოგადოებრივი სივრცეების (სამოქალაქო დაწესებულებები, ქუჩა, მოედანი და სხვა) გამოყენება. უნდა იყოს განსაზღვრული მიზნობრივი აუდიტორია – საზოგადოების რომელ სეგმენტზე/ ჯგუფზე არის გათვლილი ეს შედეგები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ხელოვნების ნებისმიერ სფეროში მოღვაწე იურიდიულ და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, უპირატესობა მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტებს.
საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა განხორციელდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში და სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა უნდა შეადგენდეს საშუალოდ 17 500 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
სამინისტროში განაცხადებები მიიღება 1 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით, როგორც სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული, განაცხადები განიხილება 2016 წლის 27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით და გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება განმცხადებელს ათი სამუშაო დღის ვადაში.
სიტყვა „ნდობა“ მოსამართლე ირაკლი შავაძემ ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ახსენა. მიიჩნევს, რომ სასამართლოს ნდობის პრობლემა ისევ აქვს და, პირველ რიგში, თავად მოსამართლეებმა უნდა სცადონ ამის გამოსწორება. ის პრობლემას უფრო მოსამართლეებში ხედავს, ვიდრე ხელისუფლებაში, რომელიც სასამართლო რეფორმების ავტორია. ირაკლი შავაძე უკვე მეხუთე თვეა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს და „ბათუმელების“ მხოლოდ ერთი შეკითხვა დატოვა უპასუხოდ. შეკითხვა ლევან მურუსიძეს შეეხებოდა. საუბრის ბოლოს მან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკრიტიკა. იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეა.
ბატონო ირაკლი, მოსამართლეობამდე ადვოკატი იყავით და საჯაროდ აკრიტიკებდით მართლმსაჯულების სისტემას, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებას. როგორ ხედავთ სასამართლო პრობლემებს მოსამართლის პოზიციიდან?
ბუნებრივია, როცა მოსამართლე ხარ, გარკვეულწილად თავს იკავებ კონკრეტული შეფასებებისგან. ადვოკატობის დროს მეტად თავისუფალი ვიყავი გამომეხატა ჩემი აზრი. ფაქტია, ჩვენი ქვეყანა ახალ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფოებრიობის კუთხით. მთლიანად ქვეყანას და, მათ შორის, სასამართლოს ბევრი გამოწვევა აქვს. დრო სჭირდება ყველაფერს, რომ დალაგდეს, მივიდეთ იქამდე, რასაც ჰქვია სამართლიანი სასამართლო და სამართლებრივი სახელმწიფო. ვფიქრობ, აქეთკენ მიდის პროცესი. ბევრი რამ გაუმჯობესდა სისტემაში, მაგალითად, სასამართლო პროცესი ელექტრონული წესით იწერება, ჟურნალისტებს თავისუფლად გაქვთ შესაძლებლობა დაესწროთ და გააშუქოთ პროცესები. ცვლილებები მიდის, მაგრამ ვიტყოდი, რომ უფრო სწრაფი ტემპია საჭირო, უფრო ეფექტური რეფორმები უნდა განხორციელდეს, რომ სასამართლოს ჰქონდეს მეტი ნდობა საზოგადოებაში.
კონკრეტულად რის შეცვლის საჭიროებას ხედავთ სასამართლო სისტემაში?
არსებითად ვეთანხმები იმ მოთხოვნებს, რასაც აყენებს სამოქალაქო სექტორი. ეს შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის წესს თუ საქმეთა ელექტრონულად გადანაწილებას. რეფორმის მესამე ტალღის ძირითადი ლოზუნგი არის ის, რომ თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს. თავად მოსამართლეც მოწოდებული უნდა იყოს იქითკენ, რომ ცხოვრობდეს დემოკრატიულ და სამართლიან ქვეყანაში.
ხედავთ ამის პოლიტიკურ ნებას? ჯერჯერობით არ შექმნილა მექანიზმი ინსტიტუციის დონეზე, რაც ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის რისკს სასამართლოზე შეამცირებდა.
ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლებას ჰყავს ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაიცავს თითოეული მოსამართლის უფლებას, თუკი მას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებასთან დაკავშირებით.
იგივე შეგიძლიათ თქვათ ლევან მურუსიძეზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანზე?
ლევან მურუსიძის საქმიანობაზე და მის დანიშვნაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ… ვფიქრობ, ხელისუფლებისგან ნაკლებად სავარაუდოა მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდებოდეს. თუ ასეთი რამ მოხდა, სასამართლოდან წამოსვლა ჩემთვის ტრაგედია არ იქნება. ადვოკატობამდე მოსამართლე ვიყავი და მაშინაც წამოვედი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რის გამოც გავხდი მოსამართლე და არა თავად მოსამართლის მანტია.
ხელისუფლებაზე ადრე სხვანაირად ფიქრობდით: 2014 წლის 25 აპრილს ადვოკატი იყავით და ერთ-ერთ საქმეზე თქვით: „სასამართლო ჩაერთო წინასაარჩევნო მარათონში“…
ალბათ, ასე ვთქვი. არც ახლა ვამბობ, რომ იდეალური გარემოა და ხელისუფლებას აღარ ექნება ცდუნება, ჰქონდეს სასამართლოზე გავლენა. ვხედავ, რომ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები კანონმდებლობის შეცვლის კუთხით. ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება. ოთხი წელი ვინმეს შეიძლება დიდ დროდ მოეჩვენოს და ეგონოს, რომ ყველაფრის დალაგება შეიძლებოდა, მაგრამ ვინც შიდა სამზარეულოში ჩახედულია, იცის, რომ ასე იოლი არ არის, შეცვალო ადამიანების მენტალობა.
ყველაზე მეტ საქმეს ნარკოდანაშაულებზე განიხილავთ. ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ კუთხით?
ვფიქრობ, რომ სასჯელები ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მკაცრი, თუკი საქმე არ ეხება ნარკოტიკის რეალიზებას, მომხრე ვარ, რომ მოხდეს სასჯელის ლიბერალიზაცია. მარიხუანას მოხმარებაზე ღრმად არ მიფიქრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის ისეთი რაღაც… უცხოეთის ქვეყნების პრაქტიკა რომ ავიღოთ, სადაც მოხდა დეკრიმინალიზაცია, შემცირდა მარიხუანას მოხმარების მაჩვენებელი. ბევრჯერ მქონია განცდა, რომ ადამიანები ხშირად მკაცრად ისჯებიან ნარკოტიკის მოხმარების გამო.
ასევე, ხშირად გიწევთ ოჯახური ძალადობის შემთხვევების განხილვა. ტენდენცია აშკარაა: მსხვერპლი მოდის სასამართლოში და მოითხოვს მოძალადის დაუსჯელობას. სასამართლოც ძირითადად მსჯავრდებულისთვის მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის მისჯით შემოიფარგლება. ამ მიდგომით შეიცვლება ძალადობის მაჩვენებელი ქალებზე?
ვფიქრობ, იმ საკანონმდებლო სივრცეში, რაც დღეს გვაქვს, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს სასამართლო. ერთი საქმე მახსენდება, სადაც ცოლმა გადაუხადა თანხა ძალადობაში ბრალდებულ ქმარს, ოღონდაც გირაოთი გარეთ გამოეყვანა. სასამართლო ითვალისწინებს, როცა ცოლ-ქმარი რიგდება, ჰყავთ შვილები, აღარ ჩხუბობს. ამ დროს თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ ხედავს. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაც სასჯელია და ვფიქრობ, მოძალადე ამ დროს გაიაზრებს სათანადოდ ჩადენილ დანაშაულს.
გააქტიურდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევები. ერთ-ერთმა მოსამართლემ პოლიციის მაღალჩინოსნები ტყუილშიც კი გამოიჭირა. თქვენთვის რის მაჩვენებელია ის, რომ პოლიციელის ჩვენება დამაჯერებლობას კარგავს მოსამართლის თვალში?
ჩემთან ერთი საქმე იყო მხოლოდ ასეთი, მაგრამ ვიდეომასალაც იყო წარმოდგენილი და აშკარად ჩანდა წინააღმდეგობა. არ ვიცი, გაიზარდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევის მაჩვენებელი, სტატისტიკას არ ვიცნობ ამ კუთხით. სასამართლო არ არის ორგანო, რომელიც სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს. თუკი ვინმემ მისცა ცრუ ჩვენება, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება.
თქვენი შეფასებით, რატომ არ იყენებენ საგამოძიებო ორგანოები მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს, რაც მოწმის აუცილებლად დაკითხვის შემთხვევაში, მოსამართლის დასწრებას ითვალისწინებს? დღემდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ერთი მოწმეა ამ წესით დაკითხული.
ეს წესი მაშინ მოქმედებს, როცა მოწმე ნებაყოფლობით უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. პროკურატურა ალბათ ფიქრობს, რომ სასამართლოში პირის დაკითხვით მაინც ვერ მიიღებს მისთვის სასარგებლო ჩვენებას.
ყველაზე დიდ გამოწვევად მაინც რა მიგაჩნიათ სასამართლო სისტემაში?
მთავარია, ნდობა გაიზარდოს სასამართლოს მიმართ. ნდობის გაზრდას თავად მოსამართლეებმაც უნდა შეუწყონ ხელი დასაბუთებული და არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღებით. ადამიანს კითხვის ნიშნები არ უნდა რჩებოდეს, რატომ დადგა ესა თუ ის განაჩენი. არის საუბარი, რომ უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ პროფესიონალები და ვამუშავოთ მოსამართლეებად. საქართველოში არის ბევრი კომპეტენტური და წესიერი ადამიანი, ვინც შეიძლება იმუშაოს მოსამართლედ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხდება ამ რესურსის გამოყენება. სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები უნდა გამოჩნდნენ. ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როცა კვალიფიციურ იურისტებს სურდათ მოსამართლეობა, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ. ბევრი რამეა შესაცვლელი, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც გავლილი უნდა გქონდეს, რომ მოსამართლე გახდე. ამ სკოლაში მიღებაც პრობლემაა. აღარაფერს ვამბობ, რომ პრობლემაა დღემდე მოსამართლის არჩევის წესი. მეც გამოსაცდელი ვადით – სამი წლით ვარ არჩეული.
ამ მოწვევის ბათუმის საკრებულოში ისევ ხმაურობს და აკრიტიკებს ოპოზიცია, სახელისუფლებო გუნდი კი ისევ კმაყოფილია. კმაყოფილია გარღვეული ბიუჯეტის, გადათხრილი ქუჩების, ჩაშლილი ტენდერების მიუხედავად, რის გამოც წინა ხელისუფლებით უკმაყოფილო იყო. 2016 წლის 14 ივნისს 2 წელი გავა მას შემდეგ, რაც ბათუმმა ახალი საკრებულო აირჩია.
საარჩევნო პროგრამაში, რომელიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ მმართველობის დროს თვითმმართველობას მხოლოდ სახელად შერჩა თვითმმართველობა: „მას დღემდე არა აქვს თავისი ბიუჯეტის შევსების ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი წყაროები; სოფლების, თემებისა და ქალაქების თვითმმართველობის გაუქმების გამო თვითმმართველობა იმდენად დაშორდა მოსახლეობას, რომ ვეღარ ახერხებს თუნდაც იმ მცირე მომსახურების გაწევას, რისი უფლება და ვალდებულებაც ჯერ კიდევ შემორჩა…“
„ქართული ოცნება“, რომელმაც არჩევნების გზით ხელისუფლება ჩაიბარა, ამომრჩეველს თვითმმართველობების გაძლიერებას ჰპირდებოდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც მოამზადა კანონპროექტი თვითმმართველობის შესახებ. რა შეიცვალა ხელისუფლებაში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ, შეასრულა თუ არა კოალიციამ დაპირება, შეცვალა თუ არა ის, რითაც უკმაყოფილო იყო? – „ბათუმელებმა“ ამ საკითხის გარკვევაზე გასულ კვირას იმუშავა.
ბიუჯეტი და ახალი, არჩეული მერი
ცვლილება, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ განახორციელა, მოგების გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვებას გულისხმობს. თუმცა, ბათუმის მერიას ფულის დახაჯვის პრობლემა უფრო აქვს, ვიდრე უფულობის. ბიუჯეტის შეუსრულებლობა – დაუხარჯავი მილიონები სერიოზული პრობლემაა, მერიაში კი ამ ყველაფერს ისევ კონტრაქტორების მიერ დაშვებული შეცდომებით ხსნიან. საკრებულოს სახელისუფლო გუნდი, „ნაციონალი“ მერის მიმართ ლოიალური პოლიტიკის გამო საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს საყვედურობდა, მაგრამ ახლა როლები შეცვლილია – გიორგი კირთაძეს ოპოზიციური ფრაქციიდან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მიმართ ის პრეტენზიები აქვს, რასაც მანამდე მას უყენებდნენ.
ქონების განკარგვის საკითხი
ძველი მიდგომა შენარჩუნებულია, მაგალითად, ქონების განკარგვის საკითხში: მთავრობა ბათუმის ქონებას ითხოვს, საკრებულო კი აძლევს მთავრობას ამ ქონებას.
საკრებულოს ახლანდელ უმრავლესობას მკაფიო პოზიცია არც მაშინ დაუფიქსირებია, როცა ბათუმელმა ამომრჩეველმა ძველი ბულვარის დასაცავად აქციები გამართა, შექმნა პეტიცია და მთავრობას უთხრა, რომ ინოვაციების ადგილი ბულვარი არ არის.
ექსპერტები ბათუმში არაზომიერ, ქაოსურ მშენებლობებზე საუბრობენ, რაც მათივე აზრით, სამომავლოდ ქალაქს, კონდიცირების გარდა, სხვა უამრავ პრობლემას შეუქმნის. საკრებულოს არჩეული წევრები უმრავლესობიდან ამ საკითხზე არათუ მკვეთრ, არამედ ლოიალურ შეფასებასაც ერიდებიან.
ახერხებს თუ ვერა ხალხის არჩეული საკრებულო სამშენებლო პროცესის კონტროლს? – უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე ამბობს: „მერიას აქვს არქიტექტურის სამსახური, რომელიც განსაზღვრავს, როგორ, რა და სად უნდა აშენდეს. ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ, რომ არ გვაქვს ქალაქის განაშენიანების გეგმა. ქალაქის დაგეგმარება არ ნიშნავს ფურცელზე გაწერო ამ კვარტალში ხუთსართულიანის აშენება შეიძლება და იმ კვარტალში რვასართულიანის. ეს შრომატევადი პროცესია, რაზეც მერია და საკრებულო ერთობლივად ვმუშაობთ. ჩვენი ფრაქციის წევრი თენგიზ აფხაზავა კი მუშაობს პროგრამაზე, რომელიც დაგვეხმარება ქალაქის დაგეგმარებაზე“.
სანამ საკრებულო ქალაქის განაშენიანების გეგმას დაამტკიცებს, უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ბათუმში მშენებლობები 100%-ით ექვემდებარება იმ რეგულაციებს, რაც უკვე გვაქვს.“
ქალაქის გენგეგმის მომზადება ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. არჩევის შემდეგ კი მან თქვა, რომ ამისთვის დონორების მოძიებაა საჭირო. 2016 წლის მერიის ბიუჯეტში 50 000 ლარი გაითვალისწინეს გენგეგმის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, ისიც „რესპუბლიკელების“ დაჟინებული თხოვნით.
ინფრასტრუქტურა
„საკურორტო სეზონი მოდის, ქალაქი კი გადათხრილია“; „ერთი ქუჩა მერამდენედ გადათხარეს“, – ამ ფრაზებს, როგორც საყვედურს, წინა მერის მიმართ საკრებულოს ახლანდელი უმრავლესობის წევრები არასდროს იშურებდნენ. ახლა კი ამბობენ, რომ ეს პლუსია. ფრაზა – „ხომ ხედავთ, რა დღეშია“, ასე შეცვალეს: „ხომ ხედავთ, როგორ კეთდება“.
საკრებულოს წევრი „კონსერვატორებიდან“ დიმა დარჩია ამომრჩევლისთვის სასარგებლოდ სწორედ საკომუნიკაციო სისტემების რეაბილიტაციის გაგრძელების პროექტს ასახელებს. პროექტი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. დიმა დარჩია „მის გაგრძელებას და უფრო სწრაფად ამუშავებას“ მოქმედი საკრებულოს დამსახურებად მიიჩნევს.
კულტურული მემკვიდრეობა
ეს თემა ხელისუფლების სუსტი წერტილია. მემკვიდრეობის ხელყოფის საკითხი პროტესტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. იყო შემთხვევები, როცა ძეგლი მთავრობის თანხმობით დაანგრიეს და ისეთი შემთხვევა, როცა ინვესტორმა ძეგლი ნებართვის გარეშე გაანადგურა. ყველა მსგავს შემთხვევაზე საკრებულო ჩუმად არის. მის არც ერთ წევრს, გარდა კობა ჩხეიძისა და მისი ფრაქციის წევრებისა, ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებიათ, მათ შორის არც „რესპუბლიკელ“ ზაურ ახვლედიანს, რომელიც პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა და, შესაბამისად, ძეგლების დაცვა მისი უშუალო მოვალეობაა.
რატომ ვერ გახდა ზაურ ახვლედიანისთვის საკრებულოს ტრიბუნა დამატებითი ბერკეტი ძეგლების დასაცავად? – ის პასუხობს: „მუნიციპალიტეტი ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, თუმცა ვფიქრობ, რომ სააგენტოდან რეალიზებული ვარ. რაც სუბორდინაციას აღემატება, იმას, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებ. რაც შეეხება ძველ ბულვარს, დღემდე მიმაჩნია, რომ იქ არც ისეთ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ისეთი არაფერი ხდებოდა. აქციები კი უფრო პოლიტიზებული იყო, ვიდრე პროფესიონალური. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას 13-ს, ორჯერ შევიტანე პირადად დოკუმენტაცია პროკურატურაში. უფლებამოსილი ვარ გამოვწერო ჯარიმა. დარღვევებზე ბოლო სამი წლის განმავლობაში 180 000-მდე ლარის ჯარიმა მაქვს გამოწერილი“.
მოსაზრებას, რომ ამ ტიპის დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა ცოტაა, ზაურ ახვლედიანიც იზიარებს. რატომ არ იყენებს საკრებულოს წევრი იმ ბერკეტს, რაც მის პარტიას პარლამენტში აქვს? [კანონპროექტი ჯარიმის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტში წარსადგენად] – ზაურ ახვლედიანი პასუხობს, რომ ამას შემდეგ შეეცდება.
პროექტები, რაზეც ახლა საკრებულოში მუშაობენ
უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის საკრებულო რამდენიმე პროექტზე მუშაობს, ერთი საკურორტო სეზონისთვის ქალაქის ავტოტრანსპორტისგან განტვირთვას ითვალისწინებს. ასევე მუშაობენ კერძო ბაღებში ვაუჩერიზაციის სისტემის შემოღებაზე.
საკრებულოს ღიაობა
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არაკორექტული იყო და ასევე ხშირად აპროტესტებდა დასმული კითხვის შინაარსს საკრებულოს წინა თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, ის არასდროს ამბობდა უარს ინტერვიუზე. ირაკლი ჭეიშვილი, ანუ მოქმედი თავმჯდომარე ჟურნალისტებისგან თითქმის იზოლირებულია. ის სხდომების შემდეგ კონკრეტულ საკითხზე კომენტარით თუ შემოიფარგლება, ინტერვიუზე მისი დათანხმება რთულია. წინა მოწვევის საკრებულო იყო ერთ-ერთი ორგანო, რომელიც მიღებულ აქტებს საიტზე დროულად აქვეყნებდა. ახლა ასე არ არის. უკვე რამდენიმე თვეა საკრებულო სხდომის ჩანაწერებსაც აღარ აქვეყნებს – ამას ვებგვერდზე რეკონსტრუქციით ხსნიან.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 2016 წლის 3 ივნისს, ბათუმში, პარკირების წესების დარღვევის 545 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 467, ნიშანში დგომა – 51, ტროტუარზე დგომა – 13, დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 10, იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 2, პარკირების ორგანიზების წესის დარღვევა – 2.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაქვში, 5 ივნისს, 11:30 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), CENN-ის და PMC RC-ის კონსორციუმის წევრების ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართება.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
შეკრების დრო და ადგილი: 2016 წლის 5 ივნისი, 11:00 სთ. ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეზო. მისამართი: ნინოშვილის ქ. 35
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე 5 ივნისს აღინიშნება. კონსორციუმის წევრების ორგანიზებით მსგავსი აქციები იმართება თელავსა და ახალციხეში.
ახალი ნერგი რომელიც ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე იზრდება, ბულვარის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით დროებით შემოსაზღვრა მავთულბადით, რათა სკვერის კეთილმოწყობისთვის დაგეგმილი სამუშაოების წარმოებისას ახალი ნერგი არ დაზიანდეს.
ბათუმის ბულვარის ფოტო
ბათუმის ბულვარში ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე, რომელიც 2016 წლის ზამთარში, დიდთოვლობის დროს წაიქცა, ახალი ნერგი იზრდება. ხის წაქცევის ფაქტს მაშინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყაროების მიხედვით, ეს ხე იმპერატორ ალექსანდრე მესამეს დაურგავს. ცოტა ხნის წინ ხის ფესვზე ნერგი გაიზარდა.
დღეს 3 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულების ალტერნატიული ანგარიში წარმოადგინა, განათლების ნაწილში.
სამოქალაქო განათლების ინსტიტუტის, განათლების სპეციალისტის თამარ მოსიაშვილის შეფასებით, შშმ პირთა უფლებების კონვენცია საქართველოში 2014 წელს ამოქმედდა. სამოქალაქო განათლების ინსტიტუტმა შეისწავლა ამ კონვენციის 24-ე და 27-ე მუხლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ განათლებას შეეხება.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები საქართველოში, არის აღიარებული და ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა ქვეყანამ, მაგრამ იკვეთება ნეგატიური ტენდენციებიც, რომელიც საჭიროებს გადაჭრას. კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძნელია კონკრეტული პირის საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების ამოქმედება.
თუ სკოლაში არის ექვსი შშმ ბავშვი, ამ სკოლას ჰყავს ორი სპეციალური მასწავლებელი და თითოეული ბავშვის საჭიროებას, სახელმწიფო სერვისი არ ითვალისწინებს. შესაძლებელია ბავშვს სჭირდებოდეს დამხმარე, მაგრამ სკოლას ამის საშუალება არ აქვს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულების ანგარიში, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“.
ჩვენი ანგარიშის 70-გვერდიან დოკუმენტში, მოცემულია რამდენიმე რეკომენტაცია. სახელმწიფომ როგორმე უნდა შეძლოს რესურსებზე ორიენტირებული მიდგომიდან გადავიდეს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ მიდგომაზე. ანუ, უფრო მეტად მოხდეს კონკრეტული ბავშვის საჭიროებების გათვალისწინება“-ამბობს თამარ მოსიაშვილი.
მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით დღეს სპეციალური მასწავლებლების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა არასაკმარისი და გამოწვევები კიდევ არსებობს.
„სპეციალურ პროგრამებთან დაკავშირებით განსხვავებული მდგომარეობაა დედაქალაქში, ქალაქებში და სოფლად. თუ თბილისში, ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული სკოლების რაოდენობა 50 პროცენტზე მეტია, მაღალმთიან რეგიონებში ეს პროცენტი გაცილებით დაბალია“.
თამარ მოსიაშვილის თქმით, კვლევა გაეგზავნება პრემიერ-მინისტრთან არსებულ საბჭოს, სადაც ცხრა სამინისტროს წარმომადგენელია გაერთიანებული, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველს და ანგარიშის წარდგენა მოხდება ვენაშიც.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა დაფინანსებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSF) მიერ. კვლევის პრეზენტაციას განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
3 ივნისს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა ბრიფინგი გამართა. როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, 28 მაისს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ასმათ დიასამიძის ორგანიზებით, სკოლის პედაგოგებისთვის გამართულ ტრენინგკურსზე მოხდა ოდესის გუბერნატორთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი ჩართვა „სკაიპის“ მეშვეობით. ლადო მგალობლიშვილის შეფასებით, ეს იყო „თაღლითური გზით პედაგოგების მიყვანა შეხვედრაზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის სასარგებლო პიარკამპარიას ეწეოდნენ“. მისივე თქმით, პედაგოგები არ იყვნენ ინფორმირებულები ტრენინგზე მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვის შესახებ და როდესაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, რამდენიმემ პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა.
პედაგოგთა ტრენინგზე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვას ადასტურებს ასმათ დიასამიძეც. როგორც მან „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, ტრენინგკურსი ვიდეოგაკვეთილების ჩატარების ტექნიკას ეხებოდა და პედაგოგები მოწვევის დროს არ გაუფრთხილებიათ ჩართვის შესახებ, თუმცა, ასმათ დიასამიძის თქმით, ადგილზე ყველას ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა იგეგმებოდა:
„ძირითადად ყველა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო. ჩვეულებრივ გაიმართა პარტიის ლიდერის ვიდეოჩართვა, რომელმაც განათლების სისტემაში დაშვებულ შეცდომებზე, მიღწევებსა და დღევანდელ გამოწვევებზე ისაუბრა. დაწყებამდე ვუთხარით და ვისაც არ უნდოდა, არ დარჩენილა“, -ამბობს ასმათ დიასამიძე.
ბათუმის #26 საჯარო სკოლის პედაგოგი რუსიკო ციმნარიძე ერთ-ერთი მათგანია, ვისი განცხადებების ქსეროასლებიც აჭარის განათლების სამინისტროში ბრიფინგზე დაურიგდათ ჟურნალისტებს. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ყველაფერი უკვე დაწერა ახსნა-განმარტებით ბარათში“, რომლის დაწერაც მას დირექციამ სთხოვა. რუსიკო ციმნარიძე ამბობს, რომ ტრენინგის შესახებ კოლეგისგან შეიტყო:
„ტრენერმა დაწყებისთანავე აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო. შეფასებები გააკეთა განათლების სისტემისადმი დღევანდელი მთავრობის მიდგომებზე, კი გამიკვირდა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლებაა-მეთქი და დავრჩი. ასმათ დიასამიძემ და ტრენერმა ბატონო პრეზიდენტოო, რომ თქვეს, კარისკენ გავიხედე, მეგონა პრეზიდენტი მოვიდა, მაგრამ მონიტორზე მიხეილ სააკაშვილი რომ გამოჩნდა, ყველაფერი ცხადი გახდა. ვიდრე გონს მოვეგებოდი, რამდენიმე წუთი ვუსმენდი. 50-მდე მასწავლებელი იყო, როგორც მივხვდი, წინა რიგებში მსხდომები ინფორმირებულები იყვნენ, მაგრამ ზოგმა ჩვენსავით არაფერი იცოდა“, – ამბობს ის. პედაგოგმა დასძინა, რომ „უგულოდ“ უსმენდა, თუმცა როგორც გაიგონა, საქართველოს ექ-პრეზიდენტმა ამჟამინდელი ხელისუფლების მიდგომები გააკრიტიკა, ისაუბრა მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდის აუცილებლობაზე და შემდეგ კითხვების დასმა სთხოვა დამწრეებს:
„ვეთანხმები რაც თქვა, რომ მასწავლებლებს ხელისგულზე უნდა ატარებდეს ქვეყანა, მაგრამ ამ რაღაცებს ვერ მოვისმენ ადამიანისგან, რომელიც თვითონ გვექცეოდა უარესად. პროფესორ-მასწავლებლებს რომ ჩარეცხილები გვეძახა, ასე მარტივად ვერ დავივიწყებთ,“ – ამბობს რუსიკო ციმნარიძე.
„ბათუმელების“ კითხვას, 28 მაისს მომხდარ ფაქტს რატომ გამოეხმაურა აჭარის განათლების სამინისტრო რამდენიმე დღის დაგვიანებით, მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა უპასუხა, რომ ყაზახეთში იმყოფებოდა, ჩამოსვლის შემდეგ კი რამდენიმე დღე მოკვლევისათვის დასჭირდათ, „ცხელ გულზე“ რომ არ გაეკეთებინათ განცხადება.
დღეს 3 ივნისს, 14 :00 საათზე, ევროკავშირის პროგრამის პრეზენტაციაა დაგეგმილი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში. „პროგრამა ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა და მიზნად ისახავს ათასობით ხელოვანს, კულტურის, უდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს“.
შემოქმედებითი ევროპა ორ ქვეპროგრამად იყოფა – Culture (კულტურის მხარდაჭერის ქვე-პროგრამა) და MEDIA (აუდიოვიზუალური სექტორის მხარდაჭერის ქვე-პროგრამა „მედია“).
პროგრამა 2020 წლამდე არის გათვლილი და მისი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს.
პრეზენტაციას გამართავენ ლიტვის „შემოქმედებითი ევროპის“ დესკის კულტურის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი, ეგლე დელტუვაიტე და საქართველოში „შემოქმედებითი ევროპის“ დესკის კულტურის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი, ქეთევან შენგელია.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განიხილება საგრანტო პირობები, პრიორიტეტები და ფინანსური მექანიზმები. „ლიტველი ექსპერტი გაგვიზიარებს წარმატებული პროექტების შესახებ გამოცდილებებს და განიხილავს საგრანტო წინადადების იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც პროექტისწარმატების წინაპირობაა.“
თვეში რამდენი კილოგრამის დაკლებაა უსაფრთხო ჯამრთელობისთვის და რა არის წონის ნელი კლების უპირატესობა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ენდოკრინოლოგს, მედიცინის დოქტორს, ლაშა უჩავას ესაუბრა.
არაერთი დიეტაა ცნობილი, რომელიც სწრაფ შედეგს და თვეში 10 და 20 კილოგრამის დაკლებასაც კი ჰპირდება ადამიანს. თვეში რამდენი კილოგრამის დაკლება მიიჩნევა ნორმად და რამდენის დაკლება სცდება დასაშვებ ნორმას, რამდენის დაკლებაა საშიში ჯანმრთელობისთვის?
დიეტა არის სწორი, დაბალანსებული, ჯანსაღი კვება. ჭარბი წონის დროს წონის 5-დან 7 პროცენტამდე კლება უნდა მოხდეს თვის მანძილზე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს. ეს ზიანი აისახება არა მხოლოდ ადამიანის გუნება-განწყობაზე, დეპრესიულ მომენტებზე, არამედ, ზოგადად, ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, შეიძლება მოხდეს წნევის სწრაფი ვარდნა, ბრადიკარდია – გულისცემის შენელება. ასევე, ამ დროს ნაღვლის ბუშტში გროვდება ცხიმოვანი ნაერთება, რაც კენჭოვანი დაავადების გაჩენის რისკს აჩენს.
თითქმის ყველა ორგანოზე მოქმედებს სწრაფი კლება უარყოფითად, ფიზიოლოგიური კლებისგან განსხვავებით, როცა ორგანიზმი ადაპტირებულია და მას ზიანს არ ვაყენებთ. აქედან გამომდინარე, სწრაფი კლება არასოდეს არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი კლებაც, როდესაც იმაზე მეტს ვიკლებთ, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური კლების დროს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ცხოვრების წესით ცხოვრობდა მანამდე ადამიანი და შემდგომ როგორ გადაერთო ცხოვრების ახალ, ჯანსაღ წესზე.
ანუ, მძიმე წონის მქონე ადამიანები უფრო ბევრს დაიკლებენ?
რა თქმა უნდა. დიდ წონაზე, უკვე ჩამოყალიბებულ სიმსუქნეზე და, უბრალოდ, ჭარბ წონაზე აბსოლუტურად სხვადასხვა კალორაჟის შემცველი დიეტა ინიშნება. შესაძლებელია იყოს მეტი კალორაჟი სიმსუქნით დაავადებულ პაციენტთან და მან უფრო მეტი დაიკლოს, ვიდრე ჭარბწონიანმა პაციენტმა. ეს დამოკიდებულია ჩვენი ცხიმოვანი ქსოვილის მასაზე. რაც უფრო მეტია ცხიმოვანი სხეულის მასა, მით უფრო მალე იკლებს ადამიანი. აქედან გამომდინარე, გასათვალისწინებელია ცხოვრების წესი, თუ სად მუშაობს ადამიანი, როგორი დატვირთვა აქვს, ფიზიკური თუ გონებრივი და ამის მიხედვით უნდა მოხდეს კალორაჟის განსაზღვრა.
თუ ადამიანს დასაკლები აქვს 10, 15 ან 25 კილოგრამი, ეს რა პერიოდში შეიძლება მოხდეს ჯანსაღი დიეტის შედეგად ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს?
ეს შეიძლება მოხდეს 4-5 თვის განმავლობაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმ შემთხვევაზე, როცა ადამიანს ნამდვილად სჭირდება წონის დაკლება და, უბრალოდ, მას ამის სურვილი აქვს – ეს განსხვავებული მომენტებია. 4-5 თვეა საჭირო წონის კლებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე არის ქრონიკული მოცემულობა და შემდგომში მას აუცილებლად სჭირდება შენარჩუნება, პროგრამის განსაზღვრა, რომ პაციენტმა წონაში არ მოიმატოს. ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა ხდებოდეს ნელ-ნელა წონის კლება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს შემდგომ შენარჩუნების პროცესისათვის არის მნიშვნელოვანი. როცა ხანგრძლივად ხდება წონის კლება და ხანგრძლივად იმყოფება პაციენტი დაბალკალორიულ კვებაზე, ხდება კუჭის კუნთოვანი ქსოვილის დაპატარავება, ეს არის კუჭის დაპატარავება ქირურგიის გარეშე. მნიშვნელოვანია ეს პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობდეს, რომ წონისა და მიღებული შედეგის შენარჩუნება არ გაუჭირდეს ადამიანს და, რა თქმა უნდა, ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს.
თუმცა წონის კორექციის ხანგრძლივი პროცესი აშინებთ ადამიანებს, თითქმის ყველას სურს სწრაფი შედეგი…
კი, ნამდვილად ასეა, ყველას სურს სწრაფი შედეგი, რაც ძალიან ცუდია. რეალურად დაბალი პროცენტი მომართვიანობის არის იმის გამო, რომ პაციენტს აწუხებს წონა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მომართვიანობის უმრავლეს შემთხვევაში ადამიანებს გარეგნობის შეცვლა სურთ, უნდათ უფრო გამხდარი იყვნენ, რაც არასწორი მიდგომაა – ჭარბი წონა, პირველ რიგში, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც თავის მხრივ, იწვევს ბევრ გართულებას ორგანიზმში. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს კომპლექსურად, იმის მიხედვით, თუ ნივთიერებათა ცვლის რომელი რგოლია დარღვეული ორგანიზმში. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, სტრესი რომ არ მივაყენოთ ორგანიზმს.
რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი წონის კლებისა და შემდგომ შენარჩუნებისათვის? არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერი არიან მიღწეული შედეგით, თუმცა შემდგომში წონა ბრუნდება.
ფსიქოლოგიური ფაქტორი მნიშვნელოვანია არა მარტო წონის კორექციის, არამედ ნებისმიერი დაავადების დროს. ამ დროს ორგანიზმში გარკვეული ჰორმონალური ცვლილებებიც კი მიმდინარეობს, ჩვენი განწყობის მიხედვით. არსებობს ე.წ. ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც გვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენი გუნება-განწყობა იყოს ამაღლებული. დიეტის დროს როცა ვიმყოფებით უფრო შიმშილზე, ვიდრე დაბალანსებულ კვებაზე, ვითარდება ამ ჰორმონების დეფიციტი, რაც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა ტიპის გართულებას. სწორედ ამიტომაა, რომ კვებაში არ უნდა იყოს მკვეთრი შეზღუდვები და არ უდნა იყოს შიმშილის მომენტი, რომ გუნება-განწყობა არ შეიცვალოს ადამიანის.
თქვენი დაკვირვებით, წონის დაკლების შემდეგ რამდენი პროცენტი ახერხებს წონის შენარჩუნებას?
წონის კლების შემდგომ თუ არ გრძელდება ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, რა თქმა უნდა, პრობლემა იჩენს თავს. დაახლოებით 50 პროცენტი ახერხებს შენარჩუნებას, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ სიმსუქნის მკურნალობას დიეტის კუთხით, ეს ეხება სიმსუქნის მკურნალობას ქირურგიული ჩარევის შედეგადაც კი. მაშინაც კი, როცა ადამიანი იკეთებს ქირურგიულ ოპერაციას, წონის შენარჩუნება არის ძალიან რთული. რეციდივის რისკი არის ძალიან დიდი, რადგან სიმსუქნე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელსაც მთელი ცხოვრება სჭირდება მკურნალობა. ხშირ შემთხვევაში, ენდოკრინოლოგები ვამბობთ, რომ ჩვენ ყველაზე უკმაყოფილო პაციენტები გვყავს, რადგან თითქმის ყველა ენდოკრინული დაავადება ქრონიკულია.
დღეში რამდენჯერ უნდა იკვებოს ადამიანმა და რისგან უნდა შედგებოდეს კვების რაციონი, რომ მოხდეს წონის კლება ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე?
კვების რეჟიმი ადამიანის ცხოვრების რეჟიმზეა დამოკიდებული. რეკომენდაცია არის შემდეგი: აუცილებლად უნდა ვისაუზმოთ დილით, როცა გავიღვიძებთ მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში და შემდგომი ყოველი კვება უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან 2,5-3-საათიანი ინტერვალით. დაძინებამდე ბოლო კვება უნდა იყოს მინიმუმ სამი საათით ადრე. აუცილებლად უნდა იყოს შეზღუდული შაქარი და მარილი, ხილი როგორც საკვები, უნდა იყოს გამოტანილი და არა როგორც დესერტი და რაც შეიძლება ბევრი სითხე უნდა მივიღოთ. რაც შეეხება კვების რაციონს, ეს სეზონზეა დამოკიდებული და ახლა ბევრად უფრო ადვილია სწორი კვება, რადგან გვაქვს ახალი ხილი და ბოსტნეული. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები.
ისინი სოფელ ტაბახმელაში, ერთ სახლში ცხოვრობენ – ორი ძმა მეუღლეებთან ერთად, დედა, რომელიც 81 წლის არის და 16 წლის ომარი. 6-სულიან ოჯახს ერთი წლის განმავლობაში 50 ტონა კარტოფილი მაინც მოჰყავს და ყოველდღიურად 50 ლიტრა რძეს ამუშავებს. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ოჯახს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთაში გამოკიდებულ სოფელში ცხოვრობს, სრულიად უზრუნველყოფილია. ამ ოჯახის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – არა სიზარმაცეს, შრომობს ყველა შესაძლებლობის მიხედვით.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელაში მცხოვრები გობაძეების ექვსსულიანი ოჯახი შიდა მეურნეობას წლებია ეწევა. კარტოფილის მოყვანა და მესაქონლეობა ამ ოჯახის შემოსავლის მთავარი წყაროა. აქ საქმე ოჯახის ყველა წევრზეა გადანაწილებული, ყველამ საკუთარი საქმე იცის. ყოველი დილა გობაძეებისთვის ჩვეული გრაფიკით იწყება.
გობაძეებმა შიდა მეურნეობა 16 წლის წინ დაიწყეს. მანამდე, ისევე როგორც სხვა ოჯახები აჭარაში, ისინიც კოლექტიური საქმიანობით იყვნენ დაკავებული და თამბაქო მოჰყავდათ. მას შემდეგ, რაც კოლექტივი დაიშალა და გლეხებს მიწა პირად სარგებლობაში გადასცეს, ოჯახმა კარტოფილის მოყვანა დაიწყო, პირუტყვი მოამრავლა და საყოველთაო გაჭირვების დროს თავის რჩენაც შიდა მეურნეობით გადაწყვიტა.
„ბავშვობიდან მოყოლებული ვშრომობ, ადრე მშობლებს ვეხმარებოდი, ახლა ძმასთან ერთად ვუძღვები საოჯახო მეურნეობას, მოგვყავს კარტოფილი, ვეწევით მესაქონლეობას, ათი სული პირუტყვი გვყავს, საქონლის გამოსაკვებად თივაში თანხა რომ არ გადავიხადოთ, რამდენიმე ჰექტარზე სათიბი გვაქვს, ვუვლით და დროულად ვცელავთ. ზამთრისთვის თივას ვინახავთ, ზაფხულში კი მთაში გადაგვყავს პირუტყვი, მემთეურობასაც ვეწევით. ამ ყველაფრის ერთდროულად კეთება ადვილი არ არის, ბევრ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, მაგრამ დაუძლეველიც არაფერია, ჩვენს ოჯახში ყველამ თავისი საქმე იცის, თუ კარტოფილი დასარგავია, ყველა ერთად ვრგავთ, თუ ბალახია მოსათიბი, კაცები გავდივართ, ქალები მათ საქმეს აკეთებენ, ერთმანეთსაც ვეხმარებით, მაგრამ ერთადერთი საქმე, რასაც აქ მხოლოდ ქალი აკეთებს, ეს ძროხის მოწველაა,“ – ამბობს თემურ გობაძე.
ძროხის მოწველა გობაძეების ოჯახში თემურის ცოლს, მაყვალას ერგო, ამიტომაც მისი ყოველი დღე დილაადრიან იწყება. მემთეურობასაც ის ეწევა.
„ამან არც დასვენება იცის და არც დღესასწაულები, ყველა დღე სისხამ დილით უნდა ადგე, მოწველო, აჭამო და რძეს თავისი ადგილი მიუჩინო. აი, მაგალითად, დღეს დილით შვიდ საათზე რომ ავდექი, პირდაპირ ბოსელში წავედი, მოვწველე, ვაჭამე… რძიდან ყოველდღიურად ყველს ვიღებ და მერე ვადუღებ, რომ ნადუღი გავაკეთო, რომლისგანაც შემდეგ ყურუთს ვამზადებთ. გარდა ამ საქმისა, კარტოფილის გამოყვანით ვარ დაკავებული, ხშირმა წვიმამ საქმეს ჩამოგვტია, ვერ გავმარგლეთ დროულად კარტოფილი და მთაშიც ამიტომ ვერ წავედი,“ – ამბობს მაყვალა.
მაყვალა დღის განმავლობაში 50 ლიტრ რძეს წველის და ყველსა და ნადუღს ამზადებს. მაყვალას ქმარიც ეხმარება, თუმცა თემურის მთავარი საქმიანობა მაინც მეკარტოფილეობაა. საკარტოფილე ტერიტორიის მომზადება, მცენარის შეწამვლა, ბალახის მოცელვა თემურის და მისი ძმის თენგიზის მოვალეობაა. ამასთან, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ნიადაგის დასამუშავებელი სპეციალური ტექნიკა შეიძინა, რომელსაც გათოხნის ფუნქციაც აქვს, ეს საქმეც მათზე გადავიდა. თემურსა და თენგიზს ამ საქმიანობაში თენგიზის შვილი, ომარიც ეხმარება.
ომარი მე-11 კლასის მოსწავლეა, უნდა ინჟინერ-არქიტექტორი გამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ომარი ოჯახს სამეურნეო საქმიანობაში ყოველდღიურად ეხმარება, ბევრს მეცადინეობს, სწავლასაც ასწრებს და ხატვასაც. ხატვა მისი ჰობია, თავისუფალ დროს ახლობელი ადამიანების თუ ფილმების მთავარი როლის შემსრულებლების პორტრეტებს ქმნის.
„როგორც საუკეთესო მოსწავლეს კომპიუტერი გადმომცეს. მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც ინტელექტუალურ გადაცემაში – „რა? სად? როდის?“ კითხვა გავაგზავნე, რომელიც ვერ გამოიცნეს და 600 ლარი მოვიგე. ეს იყო ჩემი პირველი ჯილდო, რაც სწავლამ მომიტანა ბავშვობაში. კარგად ვსწავლობ და არ მგონია, უნივერსიტეტში ჩაბარება გამიჭირდეს. ვხატავ, ადრე პორტრეტი რომ შემექმნა, ხატვის პროცესში უნდა მეცქირა, ახლა შემიძლია ერთი დანახვით ან აღქმით დავხატო, ჩემებს საოჯახო მეურნეობაშიც ვეხმარები,“ – ამბობს ომარი.
81 წლის ჟუჟუნა გობაძე ამ ოჯახის უხუცესი წევრია. ასაკის მიუხედავად, აქტიურად შრომობს, ბოსტნეულს უვლის. ამბობს, რომ ახლა ბევრი არაფერი შეუძლია, მაგრამ უქმად ყოფნა უჭირს.
„ჩემი ასაკის ქალმა რა საქმე უნდა აკეთო, მაგრამ მიყვარს ლამაზად მოვლილი ბოსტანი რომ ყვავის. კიტრი, ლობიო, პომიდორი, ხახვი და ნიორი გამოგვყავს, მთელი წლის განმავლობაში გვყოფნის და არ ვყიდულობთ. სხვაც რომ არაფერი გავაკეთო, კარტოფილს მაინც გავთლი და ოჯახს ამგვარად შევეხიდები,“ – ამბობს ხანდაზმული ქალი.
სახლის საქმე, სადილის მომზადება, სახლის დალაგება თუ ნამცხვრების მომზადება თენგიზის ცოლსა და ომარის დედას, ხათუნას ერგო.
„საჭმელს ვამზადებ, სახლს ვალაგებ, შიდა საქმეები ჩემზეა, ფიზიკური შრომა არ შემიძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ჩემი როლი საოჯახო საქმეებში მცირეა. ყანაში სამუშაოდ გასულს საჭმელი ხომ უნდა დახვდეს სახლში? და მეც გემრიელობებს ვახვედრებ საქმით დაღლილებს,“ _ ამბობს ხათუნა.
კარგი მოსავალი რომ მიეღოთ, გობაძეებმა ამისთვის წელს ბევრი თანხა დახარჯეს. მინერალურ და ორგანულ სასუქებთან ერთად დაავადებაგამძლე, ძვირადღირებული კარტოფილის თესლი იყიდეს. დანახარჯის მიუხედავად, ოჯახი კმაყოფილია და კარგ მოსავალს ელოდება. გობაძეები არც მიწის სიმცირეს უჩივიან, ყოველწლიურად კარტოფილს სხვადასხვა ნაკვეთზე, ჯამში, ჰექტარ-ნახევარზე რგავენ. დაახლოებით ამდენივე მიწის ფართობს, როგორც თემური ამბობს, დაუმუშავებელს ტოვებენ.
„ბევრი ნაკვეთი მაქვს, აქაც, სოფლის ბოლოში და ბეშუმთან მისვლამდე, მთა შქერნალზე, სულ სამ სხვადასხვა ადგილზე კარტოფილს სამი წლის განმავლობაში ვთესავ, შემდეგ ორ წელს არ ვამუშავებ, ვასვენებ, მუდმივი დამუშავებით მიწა იფიტება და დასვენება სჭირდება, რასაც ჩვენთან არ აკეთებენ. გარდა ამისა, ნიადაგის გასანოყიერებლად ყოველწლიურად ორგანული სასუქები შემაქვს, წელს 5 000 ლარის ორგანული სასუქი ვიყიდე. საკმაო თანხა გადავიხადე მინერალურ სასუქებში, შხამ-ქიმიკატებშიც. მიწა თუ არ გააძლიერე, მოსავალი არ მოვა, თუ მოვა, არ იქნება ხარისხიანი და ხვავიანი.“
გობაძეების ოჯახი
გობაძეებს ყოველწლიურად 50 ტონა კარტოფილი გამოჰყავთ. გასულ წელს გავრცელებულმა კარტოფილის დაავადება „ფიტოფთოროზმა“ ეს ოჯახიც მნიშვნელოვნად დააზარალა, 20 ტონით ნაკლები მოსავალი მიიღეს. შესაძლო დანაკლისიც წინასწარ გათვალეს და არსებული კარტოფილი წელს დაავადებაგამძლე ჯიშით ჩაანაცვლეს, რაც 2 000 ლარი დაუჯდათ.
„50 ტონა მოსავალი რომ მომყავდა, გასულ წელს 28 ტონა მივიღე, ჩავარდნა მქონდა. სხვა ორ ჯიშთან ერთად, შარშან „კონდორის“ ჯიშის კარტოფილი მქონდა გაშენებული, ამ ჯიშმა დაავადებას ვერ გაუძლო და დავზარალდი. წელს „ჯელის“ ჯიშით ჩავანაცვლე – 1 კილოგრამ თესლში 1,70 გადავიხადე. ჩვენთან თესლში ამდენს არ იხდიან, ამიტომაც ისეთი მოსავალი ვერ მოჰყავთ, როგორც მე. ზოგს არ სჯერა, რომ 50 ტონა მოსავალი მოგვყავს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელი, რაც შემოვიდა ტექნიკა, რომელიც მიწას ამუშავებს – კარტოფილის მიწიდან ამოღება და გათოხნა შეუძლია, ნაკვეთები სრულად ავითვისეთ და ოჯახის შემოსავალიც გავზარდეთ. გარდა კარტოფილისა, წლის განმავლობაში სამ სულ საქონელს ვყიდი, ოჯახში ხორცი მუდამ გვაქვს, არაფერზე გვიჭირს. როცა საქმე გვაქვს, 5 საათზე ნაკვეთში ვართ მთელი ოჯახი, 11 საათამდე ვმუშაობთ. მაშინ, როცა ზარმაცი კაცი იღვიძებს, ჩვენ სახლში ვბრუნდებით,“ – ამბობს თემური.
შემოდგომაზე მოწეული კარტოფილის მოსავალს გობაძეები სპეციალურ სათავსოში ინახავენ და როდესაც ბაზარზე კარტოფილი ძვირდება, მაშინ ჩააქვთ ბათუმში გასაყიდად.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი შიდამეურნეობას ეწევა და ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე ცნობილი მეურნეა, მათთვის მნიშვნელოვანია განათლება. თემური გვიყვება, რომ მისი ფიზიკური შრომით ორივე შვილს უმაღლესი განათლება მისცა და ბათუმში ბინის ყიდვაც შეძლო:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების სწავლა-განათლება, ყველა ასე ვფიქრობთ ოჯახში, ჩემი ორივე შვილი უმაღლესგანათლებულია, ჩვენი ფიზიკური შრომით და მათი მონდომებით ორივემ უმაღლესი დაამთავრა, ორივე მუშაობს. ბათუმში ბინა ვიყიდეთ, ამჟამად იქ ჩემი ბიჭი, როლანდი ცოლთან ერთად ცხოვრობს. ჩვენ რომ წავიდეთ, იქ რა უნდა ვაკეთოთ? ზოგი ფიქრობს, სოფელში მხოლოდ მუშაობენ და სწავლას ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ასე არ არის, თუ ადამიანს არ უნდა, არც ისწავლის და არც იმუშავებს, ჩვენთან კი ეს ორივე ერთდროულად ხდება, ამის მაგალითი ომარია, რომელიც ყველა საქმეში გვეხმარება და სკოლაშიც ფრიადოსანი მოსწავლეა“.
3 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ პროექტის – „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. დასწრება თავისუფალია.
2015 წლის 1 ნოემბრიდან „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ „ფონდი ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში მომზადდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (განათლების ნაწილის) შესრულების ალტერნატიული ანგარიში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანგარიშის განხილვა საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლებისა და თემის წარმომადგენლებთან. ანგარიში წარედგინება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტს. ანგარიში ასევე წარდგენილი იქნება “კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის” საბჭოს სხდომაზე, ვენაში, 2016 წლის ივნისში.
განხილვების დასრულების შემდეგ ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ანგარიშის მომზადებაზე მუშაობდნენ: რუსუდან ჭანტურია, სოფიო გორგოძე, თამარ ჩხაიძე, თამარ მოსიაშვილი და სიმონ ჯანაშია.
3 ივნისს, დილით, ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ინასარიძის ქუჩის 7ა-ში, მეოთხე სართულზე. ბათუმის სახანძრო სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის განმარტებით, ნაწილობრივ დაიწვა ერთი ბინა, ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ხანძარი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში. თვითმხილველის მიერ მოწოდებული ფოტო.
ბათუმის საკრებულოში 15 აპრილს შექმნილი კომისია, რომელმაც ორი თვის ვადაში [15 ივნისამდე] უნდა უზრუნველყოს ბათუმში საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის შესახებ წინადადების/კონცეფციის შემუშავება-წარმოდგენა, დღემდე არ შეკრებილა. როგორც საკრებულოს პრესსამსახურში თქვეს, კომისიის თავმჯდომარე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, როცა კომისია შეიკრიბება.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი მუშა ჯგუფის შექმნა ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის ინიციატივა იყო.
როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე ამბობს, აღნიშნული კომისია, ტურისტულ სეზონზე, ქალაქში საცობების თავიდან არიდებისა და გზების განტვირთვის მიზნით შეიქმნა.
„უნდოდათ, რომ ყველა ფრაქცია ყოფილიყო წარმოდგენილი და მეც ჩამსვეს. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს საკითხი სპეციალისტებს უნდა შეესწავლათ და საკრებულოს წევრები ამ კომისიაში არ ვიყავით საჭირო, თუმცა მაინც შეიქმნა ეს კომისია. ამბობდნენ, რომ სპეციალისტის მოწვევა მოხდებოდა, თუმცა ჯერ სამუშაო შეკრებაც არ ყოფილა და ალბათ ასე დასრულდება. ეს ერთ-ერთი კომისიაა იმ ბევრ კომისიათაგან, რომლებიც საკრებულოში ასე იქმნება და შემდეგ დიდი ხანი არაფერს არ აკეთებს“.
დღეს, 2 ივნისს, ქედის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ვაჟა ფარტენაძემ, მუნიციპალური ბიუჯეტიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის სწავლა დაიფინანსა.
მუზეუმის დირექტორმა, ვაჟა ფარტენაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში დაადასტურა, რომ მან მუნიციპალური ბიუჯეტიდან მიიღო დოქტორანტურის კურსის ნაწილობრივი დაფინანსება – 2250 ლარი. მისი თქმით, აღნიშნული დაფინანსება კანონიერია.
„მუნიციპალიტეტს მივმართე თხოვნით და ნაწილობრივ დამიფინანსა ჩემი სწავლის ხარჯი, 2250 ლარით. ეს სრული გადასახადის დაახლოებით ნახევარია. 20 წელია ვმუშაობ ქედის მუნიციპალიტეტში მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ვარ ორი საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენის ავტორი, საერთაშორისო ნაშრომის თანაავტორი, არაერთი ძეგლის აღმომჩენი… მასალები დამიგროვდა საიმისოდ, რომ დამეცვა სადოქტორო ნაშრომი. ნაშრომს ვიცავ ქედის მუნიციპალიტეტის მატერიალური კულტურის ძეგლების – ისტორიულ-არქეოლოგიურ საკითხზე,“ – ამბობს ვაჟა ფარტენაძე და დასძენს, რომ დარჩენილი გადასახადის დაფინანსების თხოვნითაც აპირებს მიმართოს მუნიციპალიტეტს – „მაშინ ხელფასი მომცენ ისეთი, რა შრომაც მე ჩავდე, 320 ლარ ხელფასზე მამუშავებენ დირექტორს, მეცნიერ-მუშაკს. შესაბამისი ხელფასი რომ მქონდეს, აღარ მოვითხოვ დაფინანსებას“.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის თქმით, მან დღეს გაიგო, რომ ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა დოქტორანტურაში სწავლა დაიფინანსა. თუმცა მისივე თქმით, ა(ა)იპ „ქედის ისტორიულ მუზეუმს“ აქვს ბიუჯეტში გაწერილი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის თანხა და მუზეუმის დირექტორს შეეძლო ამ თანხის მიზნობრივი გამოყენება.
„როგორც აუდიტთან გადავამოწმე, კანონით მას არ ეკრძალებოდა დოქტორანტურის დაფინანსება და მორალურ საკითხზე ვერ ვისაუბრებ მე“, – ამბობს ქედის გამგებელი.
როგორც ვაჟა ფარტენაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მუზეუმის ბიუჯეტში თავიდანვე იყო გაწერილი თანხა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღელბისათვის. რაც სულ 2250 ლარს შეადგენდა და მთლიანად მისი [ვაჟა ფარტენაძის] დოქტორანტურაში სწავლის დაფინანსებას მოხმარდა. დირექტორის თქმით, მუზეუმმა სულ ორჯერ გამოყო თანხა [1125 ლარი] კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ორივე შემთხვევაში თავად ვაჟა ფარტენაძის დოქტორანტურაში სწავლება დაფინანსდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას შეფასებით, ამ შემთხვევაში დაფინანსების მიზანშეწონილობის პრობლემა არ დგას, თუმცა კითხვის ნიშნებს იწვევს ის ფაქტი, რომ ორივე შემთხვევაში თანხა გამოყოფილი იქნა უშუალოდ დირექტორის სწავლის დასაფინანსებლად:
„სასურველია, მუზეუმს ჰქონოდა ისეთი პრაქტიკა, რომ სხვა თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც მიმართულიყო თანხები, თუნდაც ეს ყოფილიყო სემინარების, ვორქშოპების, სასწავლებლად მივლინების ან სხვა ტიპის ხარჯების დაფინანსება, რათა დისკრიმანაციული არ იყოს მიდგომა და არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ა(ა)იპ-ის დირექტორი ბოროტად სარგებლოს საკუთარი უფლებამოსილებით და ერთპიროვნულად წყვეტს, რომ მისი სწავლის დაფინანსება პრიორიტეტულია მისივე დაქვემდებარაბაში მყოფი ა(ა)იპ-ისთვის“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
პროგრამის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებათა სატრანსპორტო საშუალებებს, პრესსამსახურების თანამშრომლებმა, უსაფრთხოების მანიშნებელი სტიკერები დააკრეს. აქციის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას მოიცავს, რომლის მიზანი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იქნება. კამპანიის სლოგანია – „შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის“.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აჭარისა და გურიის რეგიონების გარკვეულ სოფლებს, ასევე ქალაქ ბათუმის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
„ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ივნისს, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაბა ხელვაჩაურის ნაწილის, სამრეწველო ზონის, შარაბიძეებისა და მახვილაურის დასახლების, სოფლების: სატეხიას და ვარშალომიძეების 6 000 აბონენტს. 06:00 სთ- დან 07:00 სთ-მდე ბათუმის ქუჩების: ტაბიძის, აღმაშენებელის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, გორგილაძის, გორგასალის, ჰაიდარ აბაშიძის, გენერალ აბაშიძის, ფარნავაზ მეფის, ლერმონტოვის, ურეხის და ინჯალოს დასახლების, ხიმშიაშვილის, ინასარიძის ქუჩების 11 137 აბონენტს. 01:00 სთ-დან 06:00სთ-მდე ლანჩხუთის რაიონის სოფლების: შრომის უბნის, სუფსას, ღრმაღელეს, ოზურგეთის რაიონის სოფლების: ნატანების და შეკვეთილის 5025 აბონენტს“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგია მიეწოდება ყველა აბონენტს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Broader Perspective Project-ი ხუთდღიან საზაფხულო სკოლას გამართავს თემაზე: „მედია და ნაციონალიზმი“.
საზაფხულო სკოლა ხუთიდან ათი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ომისა და მშვიდობის დროს მედიასა და ნაციონალიზმს შორის ურთიერთობის შედარება, პროპაგანდის როლი, ბალკანეთის ომი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ და ა.შ.
პროექტი აერთიანებს რვა ქვეყნის სტუდენტ-ტრენერებს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი და ფლობდნენ B1/B2 დონეზე ინგლისურ ენას. რეზიუმეები მიიღება შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: summerschool@bsu.edu.ge . დღეს, 2 ივნისს, რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა.
ბათუმელმა ძმებმა – 11 წლის გიორგი და 10 წლის თორნიკე ვარშალომიძეებმა გასულ წელს ოლიმპიადა „შერლოკში“ გაიმარჯვეს. მათ დღემდე არც დაპირებული ფულადი ჯილდო და არც სერტიფიკატები არ მიუღიათ. ამ ოლიმპიადის ორგანიზატორებისგან თავს მოტყუებულებად მათ მსაგვსად სხვებიც მიიჩნევენ. ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რომელიც ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს თაღლითობისგან დაიცავდა – ოლიმპიადებს კერძო კომპანიები ატარებენ.
სასკოლო ოლიმპიადებს განათლების სამინისტროსგან დამოუკიდებლად არაერთი კერძო კომპანია ატარებს. ოლიმპიადები სხვადასხვა სასკოლო საგანში ტარდება და, ძირითადად, შემდეგი პრინციპით მუშაობს: მონაწილეობა პირველ ტურში უფასოა ან გადასახადი მინიმალურია. შემდეგ ტურში გადასული მონაწილეები კი თანხას იხდიან, რომელიც პირველ ტურში გადახდილ თანხას მნიშვნელოვნად აღემატება. ფინალური ტურები ძირითადად უფასოა. საბოლოოდ კი გამარჯვებულები სხვადასხვა ფასიანი და უფასო საჩუქრებით ჯილდოვდებიან. საჩუქრებისა და პრიზების შესახებ მონაწილეებმა ოლიმპიადის დაწყებამდე იციან.
ერთ-ერთი ოლიმპიადა, რომელიც აგრესიული პიარკამპანიით გამოჩნდა გასულ წელს ბაზარზე, „შერლოკი“ იყო. „შერლოკის“ პიარში ისეთი ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გვარამია, გიორგი კეკელიძე და სხვები. „შერლოკის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მხარდამჭერთა სიაც სოლიდური იყო: „ილიაუნი“, „წიგნის სახლი“, „ბიბლუსი“ და ა.შ. საბოლოოდ, კომპანია ისე გაუჩინარდა, რომ გამარჯვებულ მოსწავლეთა უმეტესობამ ვერც დამსახურებული სიგელები მიიღო და ვერც ფასიანი საჩუქრები.
პიარკამპანიის შედეგად ოლიმპიადაზე უამრავი მოსწავლე დარეგისტრირდა ქვეყნის მასშტაბით. „შერლოკი“ გასული წლის გაზაფხულზე ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, მაგრამ დაჯილდოება რამდენჯერმე გადაიდო. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ყველა მიიღებდა დათქმულ ჯილდოს. თუმცა რამდენიმე თვეში გაქრა როგორც „შერლოკის“ ოფიციალური ვებგვერდი, ისე ფეისბუქგვერდი. მშობლები ორგანიზატორებს ვეღარ უკავშირდებოდნენ, სამაგიეროდ ფეისბუქზე შექმნეს გვერდი სახელწოდებით – „მოტყუებული შერლოკელები“.
ამ გვერდის ირგვლივ შეკრებილი საზოგადოების ერთ-ერთი წევრია ნანა სხილაძე. ის ოლიმპიადაში გამარჯვებული ბათუმელი ძმების – 11 წლის გიორგი და 10 წლის თორნიკე ვარშალომიძეების დედაა. ბიჭების ბაბუამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მოძებნა დაიწყო და იპოვა კიდევაც, თბილისში. როგორც ნანა ყვება, ორგანიზაციის ადვოკატსაც დაუკავშირდნენ, რომელიც ყველაფრის გამოსწორებას დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით ნანას და სხვა მშობლებს უთხრეს, რომ კომპანია გაკოტრდა და ვერავითარ ჯილდოს ვერ გასცემს: „500-500 ლარი ფულადი ჯილდო ერგებოდათ ბავშვებს, მაგრამ გვითხრეს გაკოტრდა და დავას არ აქვს აზრიო. შევეშვით“.
როგორც ნანა ამბობს, ბავშვებისთვის რთული იყო იმის ახსნა, გამარჯვების მიუხედავად ვერც სიგელს და ვერც ჯილდოს რომ ვერ მიიღებდნენ: „მოგვიწია აგვეხსნა, რომ ცხოვრებაში ასეც ხდება, ხანდახან ადამიანები იტყუებიან და ასეთი შემთხვევა იყო „შერლოკი~. ბიჭებმა გაიგეს. ახლა ვცდილობთ ისეთ ოლიმპიადებში მივიღოთ მონაწილეობა, ვისაც ვენდობით“.
ერთ-ერთი მოტყუებული „შერლოკელის“ მშობელია განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშიაც. როგორც მან „ბათუმელებთან“ აღნიშნა, მისმა შვილმა გარკვეული პრიზები მიიღო, თუმცა არც საჯარო დაჯილდოების ცერემონიალი ყოფილა და არც საჩუქრები შეესაბამებოდა დაპირებულს. სიმონ ჯანაშიას თქმით, მის მიერ გაკეთებულიო განცხადების შემდეგ „შერლოკიდან“ რამდენჯერმე შეეხმიანენ: „ჯერ დარეკეს, რომ ასე არ არის, ყველაფერი ისეა, როგორც წესით უნდა ყოფილიყოო. შემდეგ ვიღაცები შემეხმიანენ, რომ ჩვენ იქ ვმუშაობდით და თუ გინდათ მოგიყვებით რა როგორც მოხდაო… მაგრამ მე უკვე აღარ მაინტერესებდა“.
ძმები ვარშალომიძეებისგან განსხვავებით, სიმონ ჯანაშიას შვილისთვის ეს პირველი ოლიმპიადა იყო და როგორც თავად ამბობს, ბოლოც აღმოჩნდა: „ჩემს შვილს უნდოდა საკუთარი ძალები მოესინჯა და ყველაფერი ასე რომ დამთავრდა, სხვა ოლიმპიადებში მონაწილეობის სურვილიც გაუქრა“, – ამბობს სიმონ ჯანაშია. იგი ამბობს, რომ დაუკავშირდა გიორგი კეკელიძესაც, რომელიც „შერლოკის“ პიარკამპანიაში იყო ჩართული. „მითხრა, წარმოდგენა არ მქონდა ასე თუ განვითარდა მოვლენები, უბრალოდ, მეგონა, კარგ საქმეს ვაკეთებდიო. მხარდამჭერებიც არ იყვნენ კარგად გარკვეულები, როგორც ჩანს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია და მშობლებს ურჩევს, რომ შვილებს მსგავს ოლიმპიადებში მონაწილეობა არ მიაღებინონ. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ არსებობს ზოგიერთი ოლიმპიადა, რომელიც წლებია ტარდება და ენდობიან.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „კინგსს“, რომელიც მეხუთე წელია სასკოლო ოლიმპიადებს ატარებს საქართველოში. როგორც „კინგსში“ ამბობენ, განათლების სამინისტროს მსგავსი ოლიმპიადებისთვის რეგულაციები არ აქვს. მათ საკუთარი საქმიანობის შესახებ თავიანთი ინიციატივით ჩააყენეს სამინისტრო საქმის კურსში. „კინგსში“ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია რეგულირდებოდეს ეს საკითხი. „ამ ტიპის ორგანიზაციები სწრაფად იხურებიან, თუნდაც „შერლოკის“ მაგალითზე რომ ვთქვათ… რომ რეგულირდებოდეს ეს საკითხი, ყველა ვერ შეძლებდა ოლიმპიადის ჩატარებას და ოლიმპიადების ხარისხიც და კვალიფიკაციაც უფრო მეტად გაიზრდებოდა“, – ამბობს „კინგსის“ მენეჯერი სესილი გელოვანი.
კერძო კომპანიებს ოლიმპიადების ჩასატარებლად ლიცეზია/ნებართვა არ სჭირდებათ და არც რაიმე სხვა რეგულაცია ზღუდავთ. აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ფასიანი სასკოლო ოლიმპიადები კერძო სექტორია და ვერავინ დაუშლის მოსწავლეს ან მშობელს მონაწილეობის მიღებას, ისევე როგორც სამინისტრო ვერ აიღებს კერძო ორგანიზატორის ქმედებებზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, თავად მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა განსაზღვრონ, რამდენად სანდოა ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობენ.