კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

სასკოლო ოლიმპიადები განათლების სამინისტროს რეგულაციებს მიღმა

02.06.2016 • 3314
სასკოლო ოლიმპიადები განათლების სამინისტროს რეგულაციებს მიღმა

ბათუმელმა ძმებმა – 11 წლის გიორგი და 10 წლის თორნიკე ვარშალომიძეებმა გასულ წელს ოლიმპიადა „შერლოკში“ გაიმარჯვეს. მათ დღემდე არც დაპირებული ფულადი ჯილდო და არც სერტიფიკატები არ მიუღიათ. ამ ოლიმპიადის ორგანიზატორებისგან თავს მოტყუებულებად მათ მსაგვსად სხვებიც მიიჩნევენ. ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რომელიც ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს თაღლითობისგან დაიცავდა – ოლიმპიადებს კერძო კომპანიები ატარებენ.

სასკოლო ოლიმპიადებს განათლების სამინისტროსგან დამოუკიდებლად არაერთი კერძო კომპანია ატარებს. ოლიმპიადები სხვადასხვა სასკოლო საგანში ტარდება და, ძირითადად, შემდეგი პრინციპით მუშაობს: მონაწილეობა პირველ ტურში უფასოა ან გადასახადი მინიმალურია. შემდეგ ტურში გადასული მონაწილეები კი თანხას იხდიან, რომელიც პირველ ტურში გადახდილ თანხას მნიშვნელოვნად აღემატება. ფინალური ტურები ძირითადად უფასოა. საბოლოოდ კი გამარჯვებულები სხვადასხვა ფასიანი და უფასო საჩუქრებით ჯილდოვდებიან. საჩუქრებისა და პრიზების შესახებ მონაწილეებმა ოლიმპიადის დაწყებამდე იციან.

ერთ-ერთი ოლიმპიადა, რომელიც აგრესიული პიარკამპანიით გამოჩნდა გასულ წელს ბაზარზე, „შერლოკი“ იყო. „შერლოკის“ პიარში ისეთი ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გვარამია, გიორგი კეკელიძე და სხვები. „შერლოკის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მხარდამჭერთა სიაც სოლიდური იყო: „ილიაუნი“, „წიგნის სახლი“, „ბიბლუსი“ და ა.შ. საბოლოოდ, კომპანია ისე გაუჩინარდა, რომ გამარჯვებულ მოსწავლეთა უმეტესობამ ვერც დამსახურებული სიგელები მიიღო და ვერც ფასიანი საჩუქრები.
პიარკამპანიის შედეგად ოლიმპიადაზე უამრავი მოსწავლე დარეგისტრირდა ქვეყნის მასშტაბით. „შერლოკი“ გასული წლის გაზაფხულზე ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, მაგრამ დაჯილდოება რამდენჯერმე გადაიდო. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ყველა მიიღებდა დათქმულ ჯილდოს. თუმცა რამდენიმე თვეში გაქრა როგორც „შერლოკის“ ოფიციალური ვებგვერდი, ისე ფეისბუქგვერდი. მშობლები ორგანიზატორებს ვეღარ უკავშირდებოდნენ, სამაგიეროდ ფეისბუქზე შექმნეს გვერდი სახელწოდებით – „მოტყუებული შერლოკელები“.

ამ გვერდის ირგვლივ შეკრებილი საზოგადოების ერთ-ერთი წევრია ნანა სხილაძე. ის ოლიმპიადაში გამარჯვებული ბათუმელი ძმების – 11 წლის გიორგი და 10 წლის თორნიკე ვარშალომიძეების დედაა. ბიჭების ბაბუამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მოძებნა დაიწყო და იპოვა კიდევაც, თბილისში. როგორც ნანა ყვება, ორგანიზაციის ადვოკატსაც დაუკავშირდნენ, რომელიც ყველაფრის გამოსწორებას დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით ნანას და სხვა მშობლებს უთხრეს, რომ კომპანია გაკოტრდა და ვერავითარ ჯილდოს ვერ გასცემს: „500-500 ლარი ფულადი ჯილდო ერგებოდათ ბავშვებს, მაგრამ გვითხრეს გაკოტრდა და დავას არ აქვს აზრიო. შევეშვით“.

როგორც ნანა ამბობს, ბავშვებისთვის რთული იყო იმის ახსნა, გამარჯვების მიუხედავად ვერც სიგელს და ვერც ჯილდოს რომ ვერ მიიღებდნენ: „მოგვიწია აგვეხსნა, რომ ცხოვრებაში ასეც ხდება, ხანდახან ადამიანები იტყუებიან და ასეთი შემთხვევა იყო „შერლოკი~. ბიჭებმა გაიგეს. ახლა ვცდილობთ ისეთ ოლიმპიადებში მივიღოთ მონაწილეობა, ვისაც ვენდობით“.
ერთ-ერთი მოტყუებული „შერლოკელის“ მშობელია განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშიაც. როგორც მან „ბათუმელებთან“ აღნიშნა, მისმა შვილმა გარკვეული პრიზები მიიღო, თუმცა არც საჯარო დაჯილდოების ცერემონიალი ყოფილა და არც საჩუქრები შეესაბამებოდა დაპირებულს. სიმონ ჯანაშიას თქმით, მის მიერ გაკეთებულიო განცხადების შემდეგ „შერლოკიდან“ რამდენჯერმე შეეხმიანენ: „ჯერ დარეკეს, რომ ასე არ არის, ყველაფერი ისეა, როგორც წესით უნდა ყოფილიყოო. შემდეგ ვიღაცები შემეხმიანენ, რომ ჩვენ იქ ვმუშაობდით და თუ გინდათ მოგიყვებით რა როგორც მოხდაო… მაგრამ მე უკვე აღარ მაინტერესებდა“.

ძმები ვარშალომიძეებისგან განსხვავებით, სიმონ ჯანაშიას შვილისთვის ეს პირველი ოლიმპიადა იყო და როგორც თავად ამბობს, ბოლოც აღმოჩნდა: „ჩემს შვილს უნდოდა საკუთარი ძალები მოესინჯა და ყველაფერი ასე რომ დამთავრდა, სხვა ოლიმპიადებში მონაწილეობის სურვილიც გაუქრა“, – ამბობს სიმონ ჯანაშია. იგი ამბობს, რომ დაუკავშირდა გიორგი კეკელიძესაც, რომელიც „შერლოკის“ პიარკამპანიაში იყო ჩართული. „მითხრა, წარმოდგენა არ მქონდა ასე თუ განვითარდა მოვლენები, უბრალოდ, მეგონა, კარგ საქმეს ვაკეთებდიო. მხარდამჭერებიც არ იყვნენ კარგად გარკვეულები, როგორც ჩანს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია და მშობლებს ურჩევს, რომ შვილებს მსგავს ოლიმპიადებში მონაწილეობა არ მიაღებინონ. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ არსებობს ზოგიერთი ოლიმპიადა, რომელიც წლებია ტარდება და ენდობიან.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „კინგსს“, რომელიც მეხუთე წელია სასკოლო ოლიმპიადებს ატარებს საქართველოში. როგორც „კინგსში“ ამბობენ, განათლების სამინისტროს მსგავსი ოლიმპიადებისთვის რეგულაციები არ აქვს. მათ საკუთარი საქმიანობის შესახებ თავიანთი ინიციატივით ჩააყენეს სამინისტრო საქმის კურსში. „კინგსში“ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია რეგულირდებოდეს ეს საკითხი. „ამ ტიპის ორგანიზაციები სწრაფად იხურებიან, თუნდაც „შერლოკის“ მაგალითზე რომ ვთქვათ… რომ რეგულირდებოდეს ეს საკითხი, ყველა ვერ შეძლებდა ოლიმპიადის ჩატარებას და ოლიმპიადების ხარისხიც და კვალიფიკაციაც უფრო მეტად გაიზრდებოდა“, – ამბობს „კინგსის“ მენეჯერი სესილი გელოვანი.

კერძო კომპანიებს ოლიმპიადების ჩასატარებლად ლიცეზია/ნებართვა არ სჭირდებათ და არც რაიმე სხვა რეგულაცია ზღუდავთ. აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ფასიანი სასკოლო ოლიმპიადები კერძო სექტორია და ვერავინ დაუშლის მოსწავლეს ან მშობელს მონაწილეობის მიღებას, ისევე როგორც სამინისტრო ვერ აიღებს კერძო ორგანიზატორის ქმედებებზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, თავად მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა განსაზღვრონ, რამდენად სანდოა ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: