რატომ ვამბობთ უარს ჩაის კულტურაზე

3,5-მილიონიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩაის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, აჭარაში არ ხორციელდება. სპეციალისტების თქმით, პროგრამა რეგიონში მეჩაიეობის აღორძინებაზე ორიენტირებული არ არის და შემორჩენილი 400 ჰექტარამდე ფართობიც რეაბილიტაციას თითქმის აღარ ექვემდებარება. ჩაის საკრეფად კი რეგიონის მოსახლეობა მასობრივად მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში გადადის.

ბათუმელი მედეა აბაშიძე ჩაის კრეფის სეზონზე ყოველ დღე გადადის თურქეთში, მუშაობს და საღამოს ისევ სახლში ბრუნდება. ამბობს, რომ თურქეთში საქართველოდან ჩაის საკრეფად სამ სეზონზე მიდიან – მაისში, შემდეგ ივნისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე პერიოდში  და სექტემბრიდან კიდევ ერთი თვით.

„სარფში გადავდივარ, ბირჟაზე მოდის ჩაის მეპატრონე თავისი მანქანით, მიყავხარ სახლში,  გასაუზმებს დილით, შუადღითაც და შესაძლოა ისეთი ოჯახი შეგხვდეს, რომ საღამოსაც გავახშმოს მსუბუქად. იშვიათი გამონაკლისია, კოკა-კოლა ან ნაყინი მოგართვას. გამთენიისას 4 საათზე გადავდივართ სარფში, იქაური დროით 7 საათამდე მოვლენ, გაყვები და უკვე 8 საათზე იწყებ მუშაობას,“ – ამბობს მედეა აბაშიძე.

მისი თქმით, ზოგიერთები მთელ სეზონზე რჩებიან თურქეთში და მუშაობენ სარფიდან ტრაპიზონის ჩათვლით დასახლებებში, სადაც კი ჩაის პლანტაციებია, თუმცა მას ოჯახური პირობები არ უწყობს ხელს, თურქეთში სამუშაოდ დარჩეს.

„შემოსავალი შეიძლება გამოგივიდეს დღეში 150, მაქსიმუმ – 170 ლირა. ახლა დღიურად თითქმის არავინ იხდის ფულს – 1 კგ მოკრეფილ ჩაის ფოთოლში 30-დან 40-თეთრამდე გვიხდიან. 250-300 კგ. ჩაის ფოთოლს კრეფს ერთი ადამიანი. არიან ისეთები, 400-500 კგ-საც რომ კრეფენ დღეში… ჩვენთან რომ აღადგინონ პლანტაციები, იქ აღარ გადავალთ, აქ ვიმუშავებდით და ვიშოვიდით პურის ფულს“.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო, 3,5 მილიონი ლარითაა დაფინანსებული და მას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებულია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება, პროგრამაში ჩართვის მსურველის არც ერთი განცხადება არაა აჭარის რეგიონიდან სააგენტოში შესული.

აჭარაში ფიქრობენ, რომ ფართობების ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე თანადაფინანსება არასაკმარისია. პროგრამით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს. ამასთან, თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს შეასრულებს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული კომპანიებიდან ერთ-ერთი. სააგენტოს მიერ ხუთი ასეთი კომპანიაა შერჩეული, აქედან აჭარაში შპს „მექანიზატორი“ ფუნქციონირებს [ქობულეთის სერვისცენტრი, დაბა ჩაქვში], რომელიც სახელმწიფო კომპანიაა.

ქობულეთის სერვისცენტრში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს.

„ეტყობა, გადაათვალიერა ფართობები იმ ხალხმა, ვინც იყო დაინტერესებული და უნდოდა ჩართვა პროგრამაში, მაგრამ ამ დაინტერესებულ პირს არ შეუძლია რეაბილიტაცია თავად განახორციელოს. ეს სააგენტოს მიერ შერჩეულმა კომპანიამ უნდა გააკეთოს და ამ ფაქტორმაც უარყოფითად იმუშავა ალბათ. ეს 2500 ლარი არ ეყოფა ჰექტარზე ჩასატარებელ სამუშაოებს,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე.

პროგრამაში ჩართვის მსურველს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 ჰექტარი  ფართობის ჩაის პლანტაცია და უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა/გაფართოება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა კი ფოთლის გადამამუშავებელი შენობა-ნაგებობა უნდა მოაწყოს.

ავთანდილ მესხიძის ინფორმაციით, განაცხადი ითვალისწინებს, რომ პროგრამაში ჩართვის მსურველი იყოს შპს ან კოოპერატივი: „კოოპერატივს უპირატესობა ენიჭება, მაგრამ აჭარიდან საერთოდ არ არის განაცხადი შესული – სხვა რეგიონებიდანაც ძალიან ცოტაა. საქმე იმაშია, რომ აჭარაში პრივატიზება არ მომხდარა ჩაის ფართობების, შესაბამისად, არც ერთ კოოპერატივს თუ შპს-ს ეს ნაკვეთები საკუთრებაში არ აქვს. ჩაი 5700 ჰექტარზე იყო აჭარაში გაშენებული და დღეს 400 ჰექტარი თუ იქნება, ისიც ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლოა არც დაექვემდებაროს რეაბილიტაციას და არც კომპაქტურადაა, დაფანტულია ფართობები. ჩვენთან არ არის ისეთი ძლიერი კოოპერატივები, რომ პროექტით გამოყოფილი თანხა ეყოს, ასეთ გაფანტულ ნაკვეთებს მოუყაროს თავი და ჩაერთოს პროგრამაში –  ეს ვერ მოხდება“.

აჭარაში, სამინისტროს მონაცემებით, ჩაის ფოთლის წარმოება-გადამუშავებას დღეს შვიდი კომპანია ახორციელებს.

„მაგალითად, ქობულეთში, ოჩხამურში, არის ჩაის პლანტაციები, კრეფს ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ მხოლოდ 15 თეთრს უხდიან კილოგრამში. ამ ფასად მუშაობა არ ღირს, მაგრამ ხალხს სხვა გზა არ აქვს. ვინც სხვაგან ვერ ახერხებს გასვლას, ის კრეფს. არადა, 20 თეთრიც რომ გადაუხადონ, ვიცი, იმათთვის ესეც შეღავათი იქნება,“ – ამბობს მედეა აბაშიძე.

„ნამდვილად არ ვარ მომხრე აქ ჩაი იმ ფასად კრიფონ, რასაც თურქეთში უხდიან. ხარისხიანი ჩაი 30 თეთრად არ მოიკრიფება, ის გაცილებით მეტი უნდა ღირდეს. 4 კგ ნედლეულია საჭირო, რომ 1 კგ მზა პროდუქცია მიიღო. ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, 2-გრამიანი პაკეტის ჩაი რომ ავიღოთ [პაკეტის ჩაი არის ყველაზე დაბალი ხარისხის] და კილოგრამებზე გადავიანგარიშოთ, სულ ცოტა, 30 ლარია კილოგრამი ჩაის გაყიდვის ფასი. თუ 30-თეთრად მოაკრეფინებ, ესე იგი, 1 კგ ჩაის ნედლეული ჯდება 1 ლარი და 20 თეთრი. დამუშავების, დაფასოებისა და ყველა ხარჯი რომ გავთვალოთ, 5-ლარს დიდად არ გადააჭარბებს თვითღირებულება. მოგება აქ გამოდის სულ ცოტა 500%. ვფიქრობ, უნდა იყოს შერჩევითი კრეფა, გადაუხადონ მაღალი ფასი მკრეფავს და შესაბამისად, გაიყიდოს მაღალხარისხიანი ჩაი. ხელით კრეფა არის საუკეთესო ხარისხის გარანტი. აგროწესების დაცვით ერთი ადამიანი 30-40 კგ ხარისხიანი ჩაის მოკრეფას თუ შეძლებს. სხვა მხრივ რაოდენობის გაზრდა ყოველთვის ხარისხის ხარჯზე ხდება, თუმცა ნებისმიერი ხარისხის პროდუქტს დღეს თავისი კლიენტი ჰყავს,“ – აცხადებს ავთანდილ მესხიძე და დასძენს, რომ მათ ხშირად უკავშირდებიან ბელორუსიიდან, ასევე ამერიკიდანაც არის მოითხოვნა ხარისხიან ჩაიზე.

ავთანდილ მესხიძის თქმით, ჩაის აქვს სოციალური დატვირთვაც: „როცა ჩაის კულტურა არის განვითარებული, თავისი აგროტექნიკური ღონისძიებებიდან გამომდინარე, 10 თვის განმავლობაში მუშახელი დასაქმებულია – გადაბარვა, სასუქების შეტანა, გასხვლა და შემდეგ 7 თვის განმავლობაში კრეფა. ჩაი რენტაბელური კულტურაა. არა თუ აღდგენა/რეაბილიტაცია, არამედ რომც გავაშენოთ, მაინც მომგებიანი იქნება რამდენიმე წელში. ნებისმიერი პროგრამის დაწყებამდე კი აუცილებლად უნდა მოხდეს აღწერა სახელმწიფო დონეზე არსებული  ფართობების და კულტურათა განლაგება უნდა იქნას გათვალისწინებული“.

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა უკვე განწირულია აჭარაში, ისევე, როგორც ეს მოხდა 2002 და 2005 წლებში,“ – აცხადებს საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე თამაზ ცინცაძე და ამის მთავარ მიზეზად ასახელებს იმას, რომ არ გაკეთდა შესაბამისი ანალიზი. მისივე თქმით, მიმდინარე პროგრამას მეჩაიეობის აღორძინებასთან საერთო არაფერი აქვს.

ჩაის კრეფა / სარფი, თურქეთი / ფოტო: თორნიკე თავაძე
ჩაის კრეფა / სარფი, თურქეთი / ფოტო: თორნიკე თავაძე

აჭარაში დოკუმენტური ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსი გამოცხადდა

აჭარის რეგიონში მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ან ფილმების სერიის წარმოების დაფინანსებისთვის  აჭარის კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

განაცხადების მიღება 28 ივლისს დაიწყო და 3 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

საკონკურსო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს.

დაფინანსების მოთხოვნის უფლება აქვთ საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან კო-პროდუქციის (თანამშრომლობის) შემთხვევაში კი, განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართველი კო-პროდიუსერის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ. კონკურსში მონაწილე კონკურსანტს მხოლოდ  ერთი  პროექტის წარდგენის უფლება აქვს.

დოკუმენტური ფილმის (ფილმების სერიის) თემა უნდა უკავშირდებოდეს აჭარის რეგიონს (ყოფა-ცხოვრება, ეთნოკულტურა და სხვა).

კულტურის სამინისტროში წარდგენილ პროექტებს კომისია ერთობლივად განიხილავს. კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება აჭარის კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღის ვადაში.

 სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ სამინისტროსგან მოთხოვნილი თანხა სრულად უნდა დაიხარჯოს აჭარის რეგიონში, კერძოდ, ქირავნობა, მომსახურება ან/და საქონლის შესყიდვა მიღებული უნდა იქნას აჭარაში რეგისტრირებული ორგანიზაცი(ებ)ის ან  მოქალაქ(ებ)ისგან. (გამონაკლისი: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები).

პროექტის წარმოდგენისთვის საჭირო დოკუმენტაცია

ეს პროგრამა სამინისტროს მიერ მეოთხე წელია ხორციელდება.

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ქობულეთში

27 ივლისიდან რეგიონში C ჰეპატიტის სკრინინგის ორკვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მობილური ლაბორატორიები ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უფასო ტესტირებებს ჩაატარებენ მოსახლეობაში.

დღეს, C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკრინინგს  NCDC აჭარის სამმართველო, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ზიანის შემცირების ქსელი–კავშირი ,,იმედი” ჩაატარებს.

სკრინინგი 11:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.

ამავე თემაზე: C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ბათუმის ბულვარში

უსახლკარობა და ეკომიგრაცია – საჯარო დებატები ბათუმში [ანონსი]

2016 წლის 29 ივლისს ქალაქ ბათუმში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო დებატები თემაზე – „უსახლკარობა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ეკომიგრაციის სფეროში არსებული გამოწვევები აჭარაში“.

მომხსენებლები:

ციალა ქათამიძე – საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის, აჭარის სამმართველოს უფროსი:

  • შიდა მიგრაციული პროცესების გამომწვევი სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური, შრომითი ფაქტორები აჭარაში

დალი ქიქავა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები აჭარაში მიმდინარე შიდამიგრაციულ პროცესებზე;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამოქმედო გეგმა შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირების მიზნით;

კონსტანტინე რაზმაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი:

  • სამინისტროს ხედვა ეკომიგრაციის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციასთან დაკავშირებით;
  • ეკომიგრაციის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის მიმართულებები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობის ფორმები;
  • სამინისტროს საქმიანობის ანალიზი და სამომავლო გეგმები

სოფიო მიქელაძე – ქალაქ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი:

  • ქალაქ ბათუმის მერიის სოციალური და უსახლკარო მოსახლეობის მხარდამჭერი პროგრამების ანალიზი;

გენო გელაძე – ააიპ “დემოკრატიის ინსტიტუტის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე:

  • ეკომიგრაციის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზები და ალტერნატივები;
  • ე.წ. „თვითნებური შესახლებები“ და გამომწვევი ფაქტორების ანალიზი და რეკომენდაციები;

დებატებს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 55-ე აუდიტორიაში გაიმართება, მოდერაციას გაუწევს უჩა ნანუაშვილი – საქართველოს სახალხო დამცველი. დებატები 16 საათზე დაიწყება.

გრიგოლ გეგელია: არ შეიძლება მოზარდების გამოყენება პოლიტიკურ მასალად

„სოციალისტური საქართველოს“ ყრილობაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის ჰიმნით დაიწყო და სტალინის და პუტინის რეჟიმის განდიდებით გაგრძელდა, წითელყესახვევიანი მოზარდებიც მონაწილეობდნენ. როდის და რატომ იყენებენ ბავშვებსა და მოზარდებს პოლიტიკური ძალები პარტიულ ატრიბუტად და ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბავშვის უფლებების კონვენცია ირღვევა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია საუბრობს.

ბატონო გრიგოლ, პოლიტიკური მოძრაობის მხრიდან, რომელიც სტალინის და საბჭოთა კავშირის სიყვარულს ქადაგებს და ოცნებობს, რომ რუსული ჯარი დაბრუნდეს საქართველოში, მოზარდების გამოყენება პარტიულ ატრიბუტად რამდენად საგანგაშოა? 

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ ძალას, რომელიც სტალინის და პუტინის სიყვარულს ქადაგებს, არანაირი შეხება არ აქვს მემარცხენეობასთან. ის, რასაც ვალერი კვარაცხელია აკეთებს, არის პოსტსაბჭოთა ნოსტალგიის გამოყენების მცდელობა, იმ ხალხის მხრიდან, ვისაც ენატრებათ სახელმწიფო ფორმებით კომუნიზმი. მით უმეტეს ამორალურია განცხადებები იმაზე, რომ თურმე აფხაზები და ოსები „ამერიკის ჩექმას გაქცევიან“.   ეს არის ძალიან სამარცხვინო პოზიცია ქართული ისტორიის წინააღმდეგ. ამასთანავე, ეს არის ჩვეულებრივი ისტორიული უვიცობის გამოხატულებაც.

თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, მოზარდები, რომლებიც პარტიულ ყრილობაში მონაწილეობდნენ და მათ იყენებენ პარტიული მესიჯების გასავრცელებლად, სრულწლოვნები არ არიან. ბუნებრივია, ეს ბავშვები გაიზრდებიან, ისწავლიან რაღაცას და ძალიან დიდი შანსია, რომ 5-6 წლის შემდეგ შერცხვებათ იმის, რომ დგანან წითელი ყელსახვევით და საჯაროდ მხარს უჭერენ ვალერი კვარაცხელიას და მის სამარცხვინო პოლიტიკას. მოზარდები გაიგებენ იმას, თუ რა იყო საბჭოთა კავშირი, რა მიმართებაში იყო საქართველოს ისტორიასთან და რა უბედურებები დატრიალდა მის მიერ.

 როგორ ფიქრობთ, არ იციან ამ მოზარდებმა საბჭოთა კავშირის შესახებ?  და თუ არ იციან,  ვისი პრობლემაა ეს,  განათლების თუ ოჯახის?

გრიგოლ გეგელია. ისტორიკოსი
გრიგოლ გეგელია. ისტორიკოსი

აი, ეს ფუნდამენტური კითხვა დგება დღის წესრიგში სწორედ დღეს.  უნდა იცოდეს თუ არა 14 წლის მოზარდმა საბჭოთა კავშირის ისტორია ისე, რომ მას აღარ მოუნდეს წითელი ყელსახვევის გაკეთება?  წესით, უნდა იცოდეს მოზარდმა უფრო მეტი. ბუნებრივია, მას სსრკ ყრილობების ჩანაწერების ცოდნას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ის, თუ როგორი ტერორისტული წარმონაქმნი იყო საბჭოთა კავშირი და როგორ გაანადგურა უამრავი ადამიანი არაფრის გამო, მათ შორის ამ მოზარდების წინაპრებიც, ეს კარგად უნდა იცოდნენ.

ბავშვის უფლებები დაირღვა ამ ყრილობაზე? და ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა?

ჩემი აზრით დაირღვა, რადგან არ შეიძლება ბავშვების, მოზარდების გამოყენება პოლიტიკურ მასალად. მათ არ იციან რას ნიშნავს წითელი ყელსახვევი, რას ნიშნავდა კომუნიზმი და რა პოლიტიკას აგრძელებს პუტინის კრემლი. ამიტომ მათი გამოყენება არის აბსოლუტური დაცემა მორალურად.

 როდის დაიწყო ბავშვების და მოზარდების პოლიტიკური მიზნით გამოყენება და როგორი პოლიტიკური ძალები აკეთებენ ამას?

მოზარდების და ბავშვების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ორი მთავარი მაგალითი იყო საბჭოთა კავშირის და ჰიტლერის ნაცისტური გერმანიის დროინდელი ახალგაზრდული გაერთიანებები. ორივეს მიღმა არსებითად მსგავსი ფსიქოლოგია იდგა, რომელიც ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ახალი თაობა, ახალი სისხლი არის პოლიტიკური პარტიისა და იდეოლოგიის მხარეს. ჰიტლერის ერთ-ერთ იდეა იყო ათასწლოვანი რაიხის დამყარება, სწორედ ამისთვისთვის სჭირდებოდა მას ასეთი ფსიქოლოგიის გამოყენება. თუმცა, ახალგაზრდების მობილიზების კიდევ უფრო პრაქტიკული მიზეზი იყო მომავალი თაობების აბსოლუტური ინდოქტრინაციის მცდელობა. ასეთი რამ ამართლებს მაშინ, როცა პოლიტიკური სივრცეები საბოლოოდ იხურება და პოლიტიკური ძალა სრულიად აცხადებს უარს გარე გავლენებზე, რისი მაგალითიცაა ჩრდილოეთ კორეა, სადაც კატასტროფული ყოფაა, სახელმწიფომ საბოლოოდ დაცალა ადამიანები ყოველგვარი აზრისაგან, რადგან მათ მართლა დახშეს გონებრივი, ისე როგორც პოლიტიკური საზღვრები. ცხადია, საქართველოში ამაზე არ გვაქვს საუბარი, რადგან ამ ძალას არა აქვს არავითარი გასაქანი, მაგრამ ფაქტია, რომ იგი იგივე ფსიქოლოგიით ოპერირებს და იგივე მოდელებს იყენებს.

რაქტიკა აჩვენს, რომ ზოგადად, პოლიტიკოსებს მოსწონთ ბავშვების ხელში აყვანა, მათი აფიშირება საარჩევნო თუ სხვა პოლიტიკური პროცესების დროს, როგორ უყურებს ამას განვითარებული სამყარო?

ცივილიზებულ ქვეყნებში კარგა ხანია აღარ არის „ლენინი და ბავშვების“ პრაქტიკა. დასავლელი ლიდერები, რომლებსაც უნდათ, რომ ბავშვებთან ჩანდნენ, მიდიან სკოლებში, კოლეჯებში და აწყობენ შეხვედრებს, კითხვა-პასუხების სესიებს და საჯარო კითხვის სესიებს. განსაკუთრებით პრეზიდენტის ცოლები აქტიურობენ, ხშირად დადიან საჯარო წრეებზე, კითხულობენ ბავშვებთან ერთად ზღაპრებს და მოთხრობებს და ა.შ მაგრამ ისინი ბავშვებს არ წარმოაჩენენ როგორც პარტიულ ატრიბუტიკას. ბავშვების იმ ფორმით გამოყენება, როგორც იყო საბჭოთა კავშირში, ან ახლა ვნახეთ ბათუმში, არცერთ წესიერ სახელმწიფოში არ ხდება. ცხადია ყველა პარტიას აქვს დღეს ახალგაზრდული ფრთები და ეს კარგია, რადგან ახალგაზრდა უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური, თუმცა 18 წლამდე მათი გაერთიანება პარტიულ სტრუქტურებში კატეგორიულად მიუღებელია. ის, რომ ბავშვები არ იყვნენ გამოყენებული პარტიულ მასალად, ამაზე მშობელი უნდა ზრუნავდეს, მით უმეტეს, როცა ხდება ასეთი სამარცხვინო მიზნებისთვის მათი გამოყენება. ბავშვის ოფიციალურ პოლიტიკური აქტივობისთვის გამოყენებას კანონი ეხება, მაგრამ მისი თავისუფალი ჩართულობის საკითხს მშობელი უნდა არეგულირებდეს თავისი მორალური პრეფერენციებიდან გამომდინარე და ეს უნდა ესმოდეს მშობელსაც და ვალერი კვარაცხელიასაც.

მედე ვასაძე და მურმან დუმბაძე პარტიის შექმნას ლევან ვარშალომიძის დაბრუნებას უკავშირებენ

პოლიტიკური პარტიის „ემსახურე საქართველოს“ დაფუძნებას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მედეა ვასაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის აჭარაში დაბრუნებას და მის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს:  „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურებ იმ ფაქტს, რომ პარტიის ჩამოყალიბება საბოლოოდ მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც აჭარაში ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე გამოჩნდა“.

მედეა ვასაძის თქმით „ემსახურე საქართველოს“ ამ დრომდე იყო საზოგადოებრივი მოძრაობა, დღეს კი პარტიაა, რომლის თავმჯდომარეა მურმან დუმბაძე, ხოლო გენერალური მდივანი  თავადაა. მურმან დუმბაძემ და მედეა ვასაძემ დღეს ბრიფინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს.

ლევან ვარშალომიძის დაბრუნებას პარტიის დამფუძნებლები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ერთგვარ გარიგებად აფასებენ. „ჩვენ ოპონირებაში ვიქნებით, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე „ქართულ ოცნებასთან“. პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც არ დაუშვებს ყოფილი ხელისუფლების დაბრუნებას,“ – ამბობს მედეა ვასაძე.

პარტიის თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ დღეს მიმართა იუსტიციის სამინისტროს „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოიჩინოს პოზიტიური ვალდებულება და მაქსიმალურად არ გაწელოს პარტიის რეგისტრაციის დრო“.

მურმან დუმბაძის თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია ერთიდან ოცდაათი დღის ვადაში ნებისმიერ დროს დაარეგისტრიროს პარტია, 12 აგვისტოს კი  პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა წარადგინონ განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „ამიტომ, 12 აგვისტომდე არსებული დრო არის საკმარისი იმისათვის, რომ იუსტიციის სამინისტრომ გადაამოწმოს ყველა წარდგენილი დოკუმენტაცია და დაარეგისტრიროს პარტია. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება პარტიის ჩვენს მიერ მოთხოვნილ ვადაში რეგისტრაცია, ჩავთვლით, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი შიში და ეს აქამდეც დადასტურებულია… მეორე – არსებობს უამრავი ალტერნატიული გზა, რომ გავაგრძელოთ პოლიტიკური მოღვაწეობა“.

ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ 25 ივლისს დაფუძნდა. 

ბათუმში ქრისტინა აგილერა ჩამოვიდა

27 ივლისს, ღამით, ბათუმში ქრისტინა აგილერა ჩამოვიდა. ექვსი გრემის მფლობელი პოპულარული მომღერალი 30 ივლისს Black Sea Arena-ზე იმღერებს.

საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფმა ააშენა 200 მილიონიანი ინვესტიციით და სახელმწიფოს გადასცა, სწორედ კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება. მომღერალი საქართველოში რამდენიმე დღით ადრე შოუს დასადგამად ჩამოვიდა.

ქრისტინა აგილერა სასტუმრო „ჰოლტონში“ ცხოვრობს.

საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA 10 000 ადამიანზეა გათვლილი. სივრცე ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს – ერთ მათგანში განთავსებულია კინოთეატრის დარბაზები, სწრაფი კვების ობიექტები, შეხვედრის ოთახები, სამედიცინო პუნქტი და ვიპდარბაზები, ხოლო მეორეში- ადმინისტრაციული ნაწილი, საგრიმიოროები, ტექნიკური ოთახები და კაფეტერია. სივრცე გათვლილია არა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიებებისათვის, არამედ სპორტული, თეატრალური და საცირკო წარმოდგენებისთვისაც.

ქრისტინა აგილერას კონცერტზე ამ დროისათვის ასამდე 50-ლარიანი ბილეთია ხელმისაწვდომი. ყველაზე ძვირადღირებული ე.წ. „ვიპ” კატეგორიის ბილეთებია, რომლის ფასი 600 ლარია. tkt.ge-ს მონაცემებით ამ დროისათვის ასეთი 34 ადგილია დარჩენილი.

„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?

საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას დაავალა მიეწოდებინა იმ დასახლებების სია, სადაც 1992 წელს მიწის რეფორმა არ გატარებულა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მიერ თბილისში გადაგზავნილი იქნა შემდეგ დასახლებათა ნუსხა:

ხულოს მუნიციპალიტეტი [მთლიანად, ანუ დაბა ხულოსა და ყველა სოფლის ჩათვლით] – გარდა რეკრეაციული ზონებისა: კურორტი ბეშუმი და კურორტი გოდერძი;

შუახევის მუნიციპალიტეტი – გარდა მთა ღომას, მთა ჩირუხისა და კურორტ გომარდულისა;

ქედის მუნიციპალიტეტი – გარდა დაბა ქედისა და აწჰესის დასახლებისა.

რატომ არ აღმოჩნდა ამ სიაში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები, სადაც ასევე არ გატარებულა მიწის რეფორმა? – აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ „მოცემული ნუსხა ატარებს საპილოტე ხასიათს და მომავალში შესაძლებელია დამატებით წარდგენილი იქნეს სხვა დასახლებების ნუსხაც, რომლებიც ამ ეტაპზე არ იქნა ასახული“.

მთავრობაში „ბათუმელებს“ ისიც უთხრეს, რომ ზღვისპირა მუნიციპალიტეტში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, მაღალმთიანი აჭარისგან განსხვავებით საკმაოდ რთულია… მაგალითად, არ არის საკურორტო-ტურისტული ზონები განსაზღვრული და სხვ. თუმცა „მთავრობა მუშაობს რომ ეს ორი მუნიციპალიტეტიც მოხვდეს ზემოაღნიშნულ ნუსხაში“.

საქართველოს მთავრობის დადგენილება – „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ – მიზნად ისახავს იმას, რომ მიწა საკუთრებაში დაირეგისტრირონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც 1992 წლის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები. პროგრამა მიმდინარე წლის 13 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს. იმისთვის, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მიწა დაირეგისტრიროს, დაინტერესებულ  პირს შეუძლია 2018 წლის 30 ივნისამდე მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს დასახლების საერთო კრების მოწვევის თაობაზე.

მიუხედავად მიწის საკითხთან დაკავშირებული და წინასაარჩევნოდ ამოქმედებული მორიგი პროგრამებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებისა, ფაქტობრივად, ე.წ. მიწის რეფორმის საკითხის გადაჭრა, როგორც ჩანს, აჭარაში კვლავ პრობლემად დარჩება. პრობლემური რჩება მიწაზე საკუთრების აღიარება გონიოსა და ხელვაჩაურის იმ სოფლებშიც, რომლებიც დღეს ქალაქ ბათუმის საზღვრებშია.

მიწისძვრა დასავლეთ საქართველოში

დღეს, 28 ივლისს, დასავლეთ საქართველოში ორჯერ, 3,7 და 4,1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა 05:27 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ეპიცენტრი იყო ქალაქ ქობულეთის სამხრეთით 3კმ-ში, სოფელ ზედა აჭყვაში.

მეორე, 4,1 მაგნიტუდას სიძლიერის მიწისძვრა კი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 06:05 საათზე დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ხობის დასავლეთით, სოფელ გამოღმა პირველი ხორგას მიმდებარედ დაფიქსირდა.

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ბათუმის ბულვარში

დღეს, ჰეპატიტებთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, 11:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება. სკრინინგს NCDC აჭარის სამმართველო, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ზიანის შემცირების ქსელი –კავშირი ,,იმედი” ატარებს.

მსოფლიო დღის აღსანიშნავად 27 ივლისიდან რეგიონში სკრინინგის ორკვირეული იწყება, რომლის ფარგლებშიც მობილური ლაბორატორია ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უფასო ტესტირებას ჩაატარებს მოსახლეობაში, ასევე გაავრცელებს საინფორმაციო მასალას.

ტესტირებით დადებითი შედეგის მქონე პირი წარმოადგენს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს.
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
1. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკას
a) მკურნალობაში ჩართვამდე და
b) მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარებას.
2. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობას.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 400-მა პაციენტმა უკვე წარმატებით დაასრულა მკურნალობა. ამჟამად პროგრამაში 800 პაციენტია ჩართული, კვლევა ჯამში ჩაუტრდა 2500 პაციენტს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა თანადაფინანსებას სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს, ხოლო ქალაქ ბათუმში რეგისტრირებული პირებისთვის – ბათუმის მერია.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე ცენტრის მიერ თანადაფინანსებით ისარგებლა 1074–მა ბენეფიციარმა, მიმდინარეობს აღნიშნულ პირთა ჩართვა მკურნალობის კომპონენტში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის სლოგანია – იცოდე ჰეპატიტი, იმოქმედე ახლავე!
ახალი სტრატეგია მიზნად ისახავს ჰეპატიტების (B და C) ახალი შემთხვევების 30% –ით და სიკვდილიანობის 10%–ით შემცირებას 2020 წლისთვის, რისი მიღწევისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„არ გვეშინია, რადგან დანაშაული არ ჩაგვიდენია“ – სკოლები, როგორც პოლიტიკური სამიზნე

ბათუმში „შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან“, –  განაცხადა ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თუმცა მოგვიანებით თურქეთის საელჩომ განაცხადა, რომ ეს თარგმანის არასწორი ინტერპრეტაცია იყო. ვინ დააარსა „შაჰინის  სკოლა-ლიცეუმი“  ბათუმში და რატომ გახდა ის პოლიტიკური სამიზნე; აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი ყოფილ იმამთან და მწერალთან ფეტულა გულენთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და რა განწყობებია სკოლა-ლიცეუმში პოლიტიკური განცხადებების შემდეგ? ამ თემაზე „ბათუმელებთან“  შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ ისაუბრა.

ბატონო ელგუჯა, რამდენი წელია რაც თქვენი სკოლა-ლიცეუმი არსებობს და ვისი იდეა იყო ამ სკოლის დაარსება?

სკოლა-ლიცეუმი არსებობს 1994 წლიდან. 22 წელია ბათუმში ეს სკოლა ფუნქციონირებს. სკოლა ორ ქვეყანას, თურქეთ-საქართველოს მეგობრობის საფუძველზე გაიხსნა. იდეა ეკუთვნის რეფაედდინ შაჰინს, რომელიც ეთნიკურად ქართველია და ქართულ პასპორტსაც ატარებდა, იმ დროს თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო და მის პატივსაცემად დაერქვა მისი სახელი.

 როგორც ვიცით, სკოლა-ლიცეუმში სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ხორციელდება. სხვა რა პროგრამები გაქვთ კიდევ, რაც განასხვავებს თქვენს სასწავლებელს სხვებისგან?

სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური, ყურადღება ექცევა იმას, რომ სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეებმა, რომ მაქსიმალურად მიაღწიონ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წარმატებებს. სკოლაში ჩამოყალიბებულია საოლიმპიადო ჯგუფები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, რომლებიც ფუნქციონირებს სკოლაში მეხუთე კლასის შემდეგ და მოწვეული პედაგოგების საშუალებით ხორციელდება მოსწავლეთა

გადამზადება ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის. გარდა ამისა, მსურველებისთვის შაბათ-კვირას ტექნიკური საგნები ინგლისურ ენაზე ისწავლება. ეს მათთვის, ვინც აპირებს უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას.

საიდან გყავთ მოწვეული სპეციალისტები? თურქეთიდან თუ იწვევთ მასწავლებლებს და რომელი საგნების?

60-დან ათი მასწავლებელი გვყავს მხოლოდ თურქეთიდან მოწვეული, რომლებიც, ინფორმატიკას, თურქულ და ინგლისურ ენას ასწავლიან. ძირითადად ქართველი მასწავლებლები გვყავს. ინგლისურისა და მათემატიკის სპეციალისტები რუსთაველის უნივერსიტეტიდან არიან მოწვეული.

თქვენი სასწავლებლის მისამართით გაკეთებული განცხადებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ხომ არ ყოფილა რაიმე, ასე ვთქვათ,ზეწოლა?

არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, მოსწავლეებმა, კურსდამთავრებულებმა და მშობლებმა გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ ერთობლივად ვმოქმედებთ და მიგვყავს სასწავლო პროცესი საქართველოს განათლების მიერ გაწერილი ეროვნული პროგრამის შესაბამისად.

თურქი პედაგოგების გაწვევაზე ხომ არ ყოფილა საუბარი?

არავითარი. ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, არავითარი შეშფოთება.

 მშობლების მხრიდან ხომ არ გაჩენილა კითხვები, ან ამ განცხადებების შემდეგ ხომ არ უთქვამს რომელიმეს, რომ ბავშვის გაყვანას აპირებს სკოლიდან?

პირიქით, მშობლები დაგვიკავშირდნენ და გამოგვიცხადეს თანადგომა, დიდი ხანია ვთანამშრომლობთ თქვენთან და ვიცით რა საქმიანობას ეწევითო. ამ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს ერთ-ერთმა მშობელმა მე-5 კლასში შემოიყვანა შვილი, ვიცი ამ სკოლის განათლების ხარისხი და ეს განცხადება არის ბრალდებაო. ამ მხარდაჭერის პასუხად ჩვენ მის შვილს ერთი წლის განმავლობაში 30-პროცენტიანი ფასდაკლება გავუკეთეთ.

თურქეთის საელჩოს ან საკონსულოს მაღალჩინოსნების შვილებს თუ უსწავლიათ თქვენს ლიცეუმში ან ახლა თუ სწავლობენ?

რა თქმა უნდა. არა მარტო დიპლომატების, ყველა იმ საქმიანი ადამიანის შვილები სწავლობენ ჩვენთან, რომლებსაც საქართველოში აქვთ ბიზნესი. ასეთი დაახლოებით 25 მოსწავლე სწავლობს ჩვენთან.

დაფინანსების წყარო რა არის, თურქეთიდან თუ იღებთ დახმარებას და კონკრეტულად ვისგან?

დამფინანსებლები არიან ჩვენივე მოსწავლეები, რადგან სწავლის საფასური წლის განმავლობაში არის 3 800 ლარი და მოსწავლეთა რაოდენობა საბავშვო ბაღთან ერთად 600-ია. სკოლის ბიუჯეტი საკმარისია იმისთვის, რომ სხვა შემოსავლები არ ვეძებოთ. წლიური ბიუჯეტი ორ მილიონამდე ლარია წელიწადში და სახელმწიფო ბიუჯეტში სამასი ათასამდე ლარი შევიტანეთ გადასახადი. არც სკოლის დამფუძნებლიდან მიგვიღია რაიმე სახის დაფინანსება.

 ფეტულა გულენს, რომელთან კავშირის გამოც მოითხოვდა თურქეთის ხელისუფლება თქვენი სკოლის დახურვას, ამ წლების განმავლობაში ჰქონია რაიმე სახის კომუნიკაცია თქვენი სკოლის ადმინისტრაციასთან ან რომელიმე პედაგოგთან?

არავითარ შემთხვევაში. არასოდეს არ ყოფილა არც ამ ადამიანის იდეების გატარება, არც რაიმე სახის კავშირი ჩვენს სკოლასთან და ვინ იყო ეს ადამიანი, წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ.

როგორ ფიქრობთ, ამ განცხადებამ სკოლის იმიჯზე იქონია უარყოფითი გავლენა?

მე მგონია, რომ პირიქით, უფრო პოზიტიური, რადგან ყველამ გაიგო ჩვენი სკოლის შესახებ, რა პროგრამით ვმუშაობთ. განათლების მინისტრმაც განაცხადა, რომ ჩვენ ვართ სამინისტროს მიერ ლიცენზირებული დაწესებულება და ეს ანტირეკლამა რეკლამა უფრო გამოვიდა.

ცალკეულმა პოლიტიკურმა პირებმა განაცხადეს, რომ უნდა დაიხუროს ყველა სკოლა, რომელიც გულენთან კავშირში დასახელდა. როგორ ფიქრობთ, არსებობს მაინც საფრთხეები, რომ შესაძლებელია პოლიტიკურმა ინტერესებმა დააზარალოს თქვენი სკოლა?

ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ჩვენ აპოლიტიკური დაწესებულება ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს შესაბამისი ორგანოები უნდა გამოეხმაურონ. შიში არ გვაქვს, რადგან რაიმე დანაშაული ან უკანონობა არ ჩაგვიდენია. როდესაც რაღაცას ხურავ ან აუქმებ, დანაშაულის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. ქართულმა ხელისუფლებამ გააკეთა ამის თაობაზე განცხადება, რაც ჩვენთვის სრულიად მისაღებია.

მიწის რეფორმის ალტერნატივა აჭარაში – ვის მიჰყიდის მიწებს სახელმწიფო

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც მიწის რეფორმის ერთგვარი „ჩანაცვლებაა“ იმ დასახლებებში, სადაც რეფორმა არ ჩატარებულა. ასეთი დასახლებებია აჭარის რეგიონის, მესტიის, თიანეთის, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გარკვეული სოფლები. პროგრამა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს პრივატიზების გზით.

განსაზღვრულ დასახლებებში სახელმწიფო პროგრამა გავრცელდება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც 1992 წლის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები. სარგებლობით კი ისარგებლებს ის, ვინც ბოლო 15 წლის განმავლობაში ფლობდა და პროგრამის ამოქმედების დღისთვისაც ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთს როგორც საკუთარს. პროგრამა მიმდინარე წლის 13 აგვისტოდან ამოქმედდება.

იმისთვის, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მიწა დაირეგისტრიროს, დაინტერესებულ  პირს შეუძლია 2018 წლის 30 ივნისამდე მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს დასახლების საერთო კრების მოწვევის თაობაზე. ეს მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების პირველი საფეხურია.

პირმა უნდა წარადგინოს გარკვეული დოკუმენტაციაც, მათ შორის მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან/და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე თითოეული ნაკვეთის მესაკუთრის დასტური, რომ ის ბოლო 15 წლის განმავლობაში ფლობდა ამ ქონებას. ასევე, სხვა დოკუმენტებიც, მათი არსებობის შემთხვევაში – როგორიცაა, მაგალითად, მიწის გადასახადის გადახდის ქვითარი, ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი ფოტო/ვიდეომასალა და სხვ. ასევე საჭიროა ოჯახის წევრთა წერილობითი თანხმობა, მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან დაინტერესებულ პირსა და მათ თანასაკუთრებაში გადაცემის შესახებ.

გამგებელი/მერი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და უზრუნველყოფს დასახლების საერთო კრების მოწვევის დღის წესრიგში დაყენებას. შემდეგ უკვე ამ დოკუმენტაციას შეისწავლის საერთო კრება, რომელიც გამგებელს/მერს გადაწყვეტილებას წარუდგენს კრების მოწვევის ინიცირებიდან ერთი თვის ვადაში [წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ კრება უარს ამბობს ქონების საკუთრებაში გადაცემაზე].

ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წარუდგენს შუამდგომლობას დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირების შესახებ. სააგენტო კი,  თავის მხრივ, უზრუნველყოფს საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე გატანას.

სააგენტო მთავრობის სხდომაზე საკითხს იმ შემთხვევაში არ გაიტანს, თუ:

ესა თუ ის ნაკვეთი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას;

ის გადაცემულია სარგებლობის უფლებით ან/და არ ექვემდებარება პრივატიზებას; უძრავ ნივთზე მიმდინარეობს სასამართლო დავა;

თუ უძრავი ნივთი ექვემდებარება საკუთრების უფლების ობიექტად აღიარებას;

თუ უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

ამასთან, თუ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება ან შესაძლოა განხორციელდეს, მაგალითად, გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა და სხვ. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის თანხმობით, მას შესთავაზოს შესაბამისი მიწის ნაკვეთის  ტოლფასი ღირებულების სხვა ნაკვეთი.

მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მისი დაინტერესებული პირისათვის საკუთრებაში ან დაინტერესებული პირისა და მისი ოჯახის წევრებისათვის თანასაკუთრებაში გადაცემით.

თითოეული დაინტერესებული პირის შემთხვევაში, პრივატიზებას ექვემდებარება არა უმეტეს 5 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთან, უძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასური 1,2 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე განისაზღვრება სიმბოლური ფასით – 1 ლარით, ხოლო 1,2 ჰა-დან 5 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურის ოდენობით.

აჭარის სოფლების სია, სადაც მიწის რეფორმა არ ჩატარებულა, საქართველოს მთავრობას აჭარის მთავრობამ უნდა გადაუგზავნოს.

ამავე თემაზე:

გონიოელებს ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

ლევან კინწურაშვილი: ველოდი, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ

“სოციალისტური საქართველოს” ყრილობაზე რუსული ჯარის დაბრუნება მოითხოვეს

საბჭოთა კავშირის ჰიმნით გაიხსნა დღეს, 27 ივლისს, სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა ბათუმში. ყრილობაზე სიტყვით რამდენიმე ახალგაზრდაც გამოვიდა, რომლებსაც პიონერის ყელსაბამი ეკეთათ.

ყრილობას ესწრებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი ვლადიმერ სიმაგინი, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული არ არის და ისინი „ამერიკულ ჩექმას გაექცნენ“. სიმაგინი დუმაში “კომუნისტურ პარტიას” წარმოადგენს. პარტიის ქართველმა ლიდერებმა ყრილობაზე საქართველოში რუსული ჯარის დაბრუნება მოითხოვეს.

სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თემურ სამნიძეა, „კომუნისტური პარტიის“ ხელმძღვანელი ბათუმში. მისი თქმით, სახალხო მოძრაობის წევრი უკვე ასეულობით ადამიანია და მზადდება ხელმოწერები პოლიტიკური მოძრაობის საარჩევნო რეგისტრაციისთვის. “სოციალისტური საქართველოს” პირველი ყრილობა ქალაქ გორში შედგა.

პარტიის თავმჯდომარე, ვალერი კვარაცხელიამ  ყრილობაზე საქართველოში რუსეთის ჯარის დაბრუნება მოითხოვა. თქვა, რომ საქართველომ უნდა თქვას უარი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე და რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ბათუმშიც იყო განთავსებული, უნდა დაბრუნდეს.

ყრილობის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ვლადიმერ სიმაგინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის “კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით” არის დაინტერესებული: „მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის პრაქტიკულად არ არსებობს კავშირი,  ჩვენი ხელისუფლებისთვის სულერთი არ არის, რა ხდება მეზობელ ქვეყანაში. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობებით, ამიტომაც ვიმყოფები ახლა აქ, “სოციალისტური საქართველოს” სახალხო მოძრაობის რეგიონულ, დამფუძნებელ ყრილობაზე.  ვფიქრობთ, რომ ეს მოძრაობა მიმართულია მეგობრული ურთიერთობის აღდგენისკენ რუსეთის  ფედერაციასთან და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით ამ მოძრაობას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობები მალე აღდგება.“

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია დეპუტატს ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, ოკუპაციის ფონზე, ვლადიმერ სიმაგინმა განაცხადა: „ქართველებისგან კი არ გაქცეულან აფხაზები და ოსები, ისინი გაიქცნენ ამერიკული ჩექმისგან. ჩვენმა პრეზიდენტმა, პუტინმაც განაცხადა, რომ მზად ვართ დავსხდეთ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს ლიდერებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ გვქონდა ასეთი პრობლემა რუსეთში, როცა რუსეთი ფაქტობრივად არ აკონტროლებდა ჩეჩნეთს, ორი წლის მანძილზე ჩეჩნეთი იყო დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელწიფო, მაგრამ ეყოთ რუსეთის პრეზიდენტსა და ჩეჩნეთის ხელისუფლებას სიბრძნე, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ვფიქრობ, ასეთი გზა უნდა იქნეს არჩეული ამ შემთხვევაშიც. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა ამის შესახებ და პარლამანეტშიც არაერთგზის განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ამისათვის.“

რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადებას თავხედობას უწოდებს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. მისი შეფასებით, რუსეთის ინტრესი აშკარაა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი და ის თანმიმდევრულად ცდილობს საქართველოს ორიენტაცია შეცვალოს: “რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს, შეცვალოს საქართველოს საგარეო ორიენტაცია. რუსეთის დუმის დეპუტატი სრულიად თავხედურად აცხადებს, რომ თურმე ჩეჩნეთში დაულაგებია რუსეთს ვითარება და მიღწევადია ურთიერთობის  დალაგება საქართველოსთანაც. ჩვენ ვიცით, რის ფასად “დალაგდა” მდგომარეობა ჩეჩნეთში. როგორც ჩანს, საქართველოსაც რაღაც მსგავს უპირებენ. სამწუხაროა, რომ ამას უშიშროების სამსახური არ აქცევს ყურადღებას და ისინი სრულიად ინერტულები არიან. დღვანდელ ყრილობაზე გამოყენებული საბჭოთა სიმბოლიკის გამოც არ მგონია, რომ ვინმე დაისაჯოს. არადა მინიმუმ უნდა დაჯარიმდნენ ეს ადამიანები.“

ლაშა ბაქრაძე თვლის, რომ საზოგადოებას მსგავს განცხადებებზე უნდა ჰქონდეს რეაქცია და არ შეიძლება მისი მიყრუება. მისი აზრით, „სოციალისტური საქართველო“, როგორც ერთი პოლიტიკური მოძრაობა, შესაძლოა, მარგინალური ჯგუფია, მაგრამ ერთად აღებული აშკარა პრორუსული ჯგუფები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან მთლიანად ქვეყანას და მის ევროპულ არჩევანს:

„ჩემი აზრით, რუსეთს საერთოდაც არ უნდოდეს საქართველოს შეერთება, მთავარი არის რუსეთისთვის გამოჩნდეს საქართველო, როგორც არშემდგარი სახელმწიფო. რუსეთს სურს აჩვენოს, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს არ აქვთ ძალა და რესურსი ჩამოყალიბდნენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო. საქართველო რუსეთის ამ სურვილს წინააღმდეგობას არ უწევს, მე არ ვიტყოდი, რომ ვერ უწევს… ეს ძალიან ცუდის ნიშანია. ამგვარად ხდება საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ რუსეთი არის ალტერნატივა. ამ მოძრაობის მიზანია, რომ რუსეთი აღარ აღიქმებოდეს, როგორც საფრთხე და ამისთვის დიდ ძალისხმევასაც არ გაწევს რუსეთი, არც ფინანსებს ხარჯავს. საქართველოში საკმაოდ ბევრია შავბნელი და მავნებელი ძალები…”

socialisturi partia

socialisturi 2

socialiuturi 3

 

 

DSCN0728
საბჭოთა სიმბოლიკის გარდა, ყრილობა საბჭოთა კავშირის ჰიმნით გაიხსნა

 

 

 

 

 

19 წლის დათო მღებრიშვილის ცხედარი იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით ამოცნობილია დღეს, ზღვაში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი.

ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის დათო მღებრიშვილია, რომელსაც სამი დღეა ეძებდნენ. „ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს“, – აცხადებს შს სამინისტროს პრესსამსახური.

ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 27 ივლისს, დაახლოებით საათნახევრის წინ,  ახალგაზრდა ქალი ზღვაში დაიხრჩო.

„გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „გოგონა 20 წლამდე ასაკისაა, ადგილობრივია თუ დამსვენებელი ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს“ – აცხადებს შს სამინისტროს პრესსამსახური.

ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დაახლოებით დღის პირველ საათზე ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და იგი ამოცნობილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადრეული ქორწინების პრობლემა ქართულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებში – საჯარო ლექცია ბათუმში

30 ივლისს, 19 საათზე ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “ადრეული ქორწინების პრობლემა ქართულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებში”.

საჯარო ლექციას ერთობლივად გამართავენ ნორთვესტერნის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) პროფესორი – ბრიჯიტ არიმონდი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი.

ლექციაზე განხილული იქნება ამერიკული კანონმდებლობა ადრეულ ქორწინებასთან, როგორც გოგონათა უფლებების დარღვევის ფორმასთან, დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოში არსებულ მანკიერ პრაქტიკაზე.

საჯარო ლექცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების, აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით.

ლექციაზე დასწრება თავისუფლია.

მისამართი: თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა 1/5

უსკოს წევრები აჭარის მაღალმთიანეთში

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია კომისიის წევრებთან ერთად  ქედის, შუახევისა და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს შეხვდა. საუბრის თემა  2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები იყო.

საარჩევნო ოლქებისა და უსკოს კოორდინირებული მუშაობისთვის შეხვედრაზე ისაუბრეს ოლქებში უსკო-ს წარმომადგენლის დანიშნვის საკითხზე. უსკოს წარმომადგენელმა შემაჯამებელი ოქმების უსკოსთვის ოპერატიულად მიწოდების საკითხი უნდა უზრუნველყოს.

უმაღლესი საარჩევნო კომისია მომდევნო შეხვედრებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართავს.

შევარდნაძის დროინდელი ცესკოს მდივანი “ოცნებამ” უსკოში დანიშნა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წარმომადგენელი უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შეცვალა. ფიქრია აფაქიძე მამუკა კოპალეიშვილმა ჩაანაცვლა. მამუკა კოპალეიშვილი 1999 – 2003 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნად მუშაობდა. ამ პერიოდის საარჩევნო დარღვევები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა. არჩევნების გაყალბება იყო 2013 წლის „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მიზეზი.

კანონმდებლობის მიხედვით, პარტიას ნებისმიერ დროს აქვს უფლება თავისი სურვილის მიხედვით შეცვალოს საკუთარი წარმომადგენელი უსკოში. პარტია “ქართული ოცნების” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ მამუკა კოპალეიშვილის დანიშვნის დროს მისთვის არაფერი უკითხავთ და გადაწყვეტილება პარტიის ცენტრალურმა ოფისმა მიიღო.

ირაკლი ჭეიშვილმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ კოპალეიშვილის პოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მის დიდ გამოცდილებაზე მიუთითებს: “თქვენგან გავიგე, არც ვიცოდი, თუ ცესკოში მუშაობდა. გამოდის, ძალიან გამოცდილი კადრი ყოფილა. კი იყო მაგ პერიოდში დარღვევები და გაყალბები, მაგრამ შემდეგ წლებში არ იყო?… არ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის უნდა ეკითხათ, ვის დანიშნავდნენ. არ არის ეს ასე მნიშვნელოვანი საკითხი”.

მამუკა კოპალეიშვილი
მამუკა კოპალეიშვილი

დაახლოებით იგივე გვითხრა მამუკა კოპალეიშვილმაც და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კონკრეტულად მისი ბრალეულობა არაფერში გამოკვეთილა: “დარღვევები იყო მაშინაც და იმის შემდეგ წლებშიც ძალიან ბევრი, მაგრამ მე ვიყავი მდივანი და ვასრულებდი ჩემს კონკრეტულ მოვალეობას. ვინმეს პრეტენზია თუ ჰქონდა ჩემ მიმართ, გამოეძიებიათ. მე მაქვს მდიდარი გამოცდილება საარჩევნო ადმინისტრაციებში მუშაობის კუთხით და ალბათ, ამიტომაც გაკეთდა არჩევანი ჩემზე“.

მამუკა კოპალეიშვილი პარტია “ქართული ოცნების” საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსია 2013 წლიდან. 2016 წლის იანვრიდან მამუკა კოპალეიშვილი ა(ა)იპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” ადმინისტრაციის უფროსია. ის ერთადერთია კომისიის წევრებს შორის, ვისაც საკონტაქტო ინფორმაცია უსკოს ინტერნეტგვერდზე მითითებული არ აქვს.

რის გამო გათავისუფლდა ფიქრია აფაქიძე, რომელიც აქამდე პარტია “ქართულ ოცნებას” უსკოში წარმოადგენდა? “ამ ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ მიზეზებზე საუბარი არ მსურს”  – მხოლოდ ეს უთხრა “ბათუმელებს” ფიქრია აფაქიძემ და ტელეფონი გათიშა.

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 13 წევრია. აქედან 7 წევრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, მათ შორის  „ქართული ოცნების“ მიერაა დანიშნული. საარჩევნო პერიოდში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები [პარტიები] კომისიაში თითო წარმომადგენელს ნიშნავენ.

ძალადობის მსხვერპლი: ქმარი პროსტიტუციას მაიძულებდა

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ბექა ე.-ს საქმეს განიხილავს. მისთვის წაყენებული ბრალდებებებიდან ერთ-ერთი ოჯახში ძალადობაა არასრუწლოვანი პირების თანდასწრებით. ბექას საკუთარი ცოლი უჩივის.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა თქვა, რომ მას ქმარი პროსტიტუციას აიძულებდა საკუთარ სახლში და თვითონ კარის ღრიჭოდან უთვალთვალებდა. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავთ. გამოძიების ვერსიით, ძალადობის ფაქტს ბრალდებულის ორი გერი, ანუ დაზარალებულის მცირეწლოვანი შვილები უყურებდნენ. მოსამართლემ ბრალდებულს ჩვენებიდან ის ამონარიდიც გააცნო, რომლის მიხედვითაც ბექა მეუღლეს სხეულზე სიგარეტს აწვავდა. ამ ფაქტის შემდეგ სთხოვა დაზარალებულმა დახმარება სამართალდამცველებს.

ცემის კვალი და დამწვრობაც სამხარაულის ექპერტიზამ უკვე დაადასტურა. ექსპერტიზამ ასევე დადო დასკვნა თავად ბრალდებულის სხეულის დაზიანებებზე. ბექა ე.-მ სასამართლო დარბაზში მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს მოუყვა, როგორ სცემეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„დასკვნაში წერია, რომ ბექას აქვს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მარჯვენა მკლავის დაზიანება და ფეხის დაჟეჟილობა. ამ ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ბრალდებული ამბობს, როს მას პოლიციელები დაკავების დროს და შემდეგ იზოლატორში სცემდნენ.  ბექა კატეგორიულად გამორიცხავს ცოლის იძულებას სექსმუშაკობისთვის. ის მხოლოდ ცოლზე ფიზიკურ ძალადობას აღიარებს და ნარკოტიკების მოხმარებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა, ლია მაისურაძემ.

ოჯახური ძალადობის გარდა, ბექა ე.-ს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ცივი იარაღის ტარება და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.

“არის თუ არა მცდელობა, შედგეს საპროცესო გარიგება?“ – იკითხა მოსამართლემ, რაზეც პროკურორმა ლევან მურვანიძემ პასუხი დაუყოვნებლივ გასცა: „ეს გამორიცხულია, რადგან ის თავს დამნაშავედ არ სცნობს“.

სასამართლოს მორიგ სხდომაზე ჩვენებას დაზარალებული მისცემს, ბექას ცოლი. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბექა ე.-ს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა ევროპის მოედანზე [ანონსი]

„მოი(ზღვა)ვე წიგნები“ – ამ სახელწოდებით წიგნების გამოფენა-გაყოდვა ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც საქართველოს 8 წამყვანი გამომცემლობის წიგნების შეძენა შეგეძლებათ. გამოფენაზე წიგნები 40-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

აქცია მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის ტარდება და მას საქველმოქმედო მიზანიც აქვს – წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ორიათონი“ წიგნებს მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებს გადასცემს.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა 30 და 31 ივლისს გაიმართება 12:00 საათიდან 21:00 საათამდე.

 

ბათუმის მერია უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს

ბათუმის მერია ერთ საფრენ აპარატს [„დრონი“], ასევე დამატებით – ელემენტს, ორ ცალ SD ბარათსა და „დრონის“ სატარებელ ჩანთას, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 5 250 ლარია.

საფრენი აპარატი უნდა იყოს ახალი და უნდა გააჩნდეს დისტანციური მართვის პულტი. როგორც მერიის სატენდერო კომისიაში გვითხრეს, „დრონი“ მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს სჭირდება.

ამავე თემაზე:

ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი

სარფში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ვალეა“ და „სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა 287 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შს სამინისტროს შესაბამის ორგანოებს გადაეცათ.

როგორც „ბათუმელებს“, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უთხრეს, ბათუმში მედიკამენტოზური მოწამვლის შემთხვევები ხშირია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 11 ავტომობილის შესაძენად 200 ათასი ლარი გამოყო

11 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას, მაქსიმუმ 200 ათას ლარად გეგმავს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების.

სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ავტომობილები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის უნდა შეიძინონ და ისინი ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ.

2014 წელს, 21 ავტომანქანა სამინისტრომ ხულოს, შუახევისა და ქედის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, გაეროს ფონდის თანადაფინანსებით შეიძინა [238 939 ლარი – გაეროს ფონდიდან, ხოლო დამატებით 190 400 ლარი – სამინისტროს ბიუჯეტიდან]. ამჯერად, თანხა – 200 000 ლარი, მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო.

egaaa+
შესასყიდი ავტომობილის ტექნიკური პარამეტრები / სატენდერო დოკუმენტაციიდან

292 ათასი ლარი ნურიგელის ტბის აერაციისთვის

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 მაისის პარკში არსებული ტბის აერაციის სისტემის შეძენასა და დამონტაჟებაში 292 400 ლარს გადაიხდის. სააგენტოში თვლიან, რომ ხელოვნური აერაცია ტბისთვის აუცილებელია.

აერაციის სისტემა იქნება ჰიბრიდული ტიპის, როგორც ზედაპირული, ასევე ფსკერის, დიფუზიური. ის წარმოადგენს მოტივტივე პლათფორმას, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს მაღალი წნევის და დეკორატიული ილუმინაციის სისტემით. ფსკერის დიფუზიური აერაციის სისტემა უნდა მოიცავდეს ფსკერის კვანძებს, მილგაყვანილობას და დაბალი წნევის ჰაერის კომპესორებს. სააგენტო, აერაციის სისტემას, ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

სააგენტოს ინფორმაციით, „ნურიგელის ტბა წარმოადგენს მინერალური და ორგანული ნივთიერებების დაგროვება-აკუმულაციის კერას. ტბის ეკოსისტემაში ჟანგბადს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს ტბის ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვას, წყალმცენარეების გამრავლებას და ლპობის პროცესს, წყალში ნახშიროჟანგის დაგროვებით. ამ პროცესების დაბალანსება უნდა მოხდეს წყალში ჟანგბადის გაჯერებით და ხელოვნური ცირკულაციით, აერაციით“.

ნურიგელის ტბა / 27.07.2016
ნურიგელის ტბა / 27.07.2016

ბათუმის ტბებში ეკოსისტემა დარღვეულია, თუმცა ლაბორატორიული კვლევის შედეგად კონკრეტული მიზეზი ფაქტობრივად დადგენილი დღემდე არ არის. ბათუმის მერიამ მიმდინარე თვის დასაწყისში გამოთქვა მზადყოფნა მოეხდინათ ტბის ხელოვნური აერაცია. სააგენტო აცხადებს, რომ ტბაზე თევზაობა სასტიკად აკრძალულია, თუმცა თევზაობას მეთევზეები მაინც არ წყვეტენ. ნურიგელის ტბაზე აიკრძალა ნავებით სეირნობაც.

ნურიგელის ტბის სიგრძე 360 მ-ია, სიგანე – 160 მ, მაქსიმალური სიღრმე – 6,3 მ,  ზედაპირის ფართობია 57 600 კვ/მ ხოლო წყლის სავარაუდო მოცულობაა 230 000 კუბ/მ.

m

 

ზოგად უნარებში ჩაჭრილთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 800-ით გაიზარდა

გასულ წელთან შედარებით, ზოგადი უნარების გამოცდაზე ჩაჭრილთა რაოდენობა, დაახლოებით 800-ით გაიზარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. წელს პირველად აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარეს.

წელს ზოგადი უნარების გამოცდაზე დარეგისტრირდა 35 930 აბიტურიანტი, ხოლო გამოცხადდა – 34 816. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 15.87%-მა – 5 600-მდე აბიტურიენტმა ვერ გადალახა. გასული წლის მონაცემებით კი, გამოცდაზე გამოცხადებულ 37 161 აბიტურიენტს შორის, 12.7% – 4 800-მდე აბიტურიენტი ჩაიჭრა.

წელს ზოგად უნარების გამოცდაზე დაფიქსირებული საშუალო ქულა დაახლოებით 37,38-ია, ხოლო გასულ წელს ეს რიცხვი 38.85 იყო.

გასული წლისგან განსხვავებით წელს მაქსიმალური – 80 ქულა არც ერთ ვარიანტში არ დაფიქსირებულა. პირველ და მეორე ვარიანტებში დაფიქსირებული მაქიმალური შედეგი 78-78 ქულა იყო, ხოლო მესამე და მეოთხე ვარიანტებში – 79. ზოგადი უნარების გამოცდაზე წელს სულ სამი 78 და ორი 79 ქულა დაიწერა. გასულ წელს ამავე გამოცდაში ერთი – 80 და ოთხი – 79 ქულა დაიწერა.

„ბათუმელები“ ესაუბრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს სოფო დოლიძეს. შეკითხვას, თუ რით არის გამოწვეული ჩაჭრილთა რაოდენობის ზრდა და უკავშირდება თუ არა ის ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატს ან ტესტის სირთულეს, მან უპასუხა, რომ ცვლილება რადიკალური არ არის, ამიტომ რთულია რაიმე ერთი ფაქტორის დასახელება: „ტესტის სირთულე არ შეგვიცვლია, რადგან ისედაც შეცვლილი ფორმატი ხვდებოდათ აბიტურიენტებს [ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი] რის გამოც 10 წუთი დავუმატეთ კიდევაც. შეიძლება ბევრ ფაქტორზე მსჯელობა, თუნდაც ეს [ფორმატის ცვლილება], ან, მაგალითად ვთქვათ ის, რომ წელს არ იყო ისეთი ძალიან ადვილი დავალება, როგორიც იყო შარშან… ძალიან ბევრია ფაქტორია. შეიძლება მოსწავლეთა დონე არ ყოფილიყო წელს ისეთივე“, – აღნიშნა სოფო დოლიძემ.

როგორც NAEC-ის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ტესტების ვარიანტებს შორის მინიმალური სირთულეც კი სკალირების პროცესში თანაბრდება და შესაბამისად ყველანი თანაბარ პირობებში იმყოფებიან, როგორც უნივერსიტეტის მისაღებ, ასევე საგრანტო კონკურსშიც.

აჭარაში არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა დაიწყო

21 ივლისიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს მასშტაბით არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა დაიწყო.

არაგადამდები დაავადებები, მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. 21-ე საუკუნის გლობალური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევააა. ასეთ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობა არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის ინფორმაციით, დაავადებათა კვლევა წარმოებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტული ინსტრუმენტის STEPS მეთოდოლოგიით, რაც გულისხმობს კვლევების თანმიმდევრულად, ეტაპობრივ წარმართვას.

მეთოდოლოგია მოიცავს კვლევის სამ ეტაპს: სოციო-დემოგრაფიული და ქცევით რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას; ფიზიკური მონაცემების – სიმაღლის, წონის, წელისა და თეძოს გარშემოწერილობისა და ასევე, სისხლის წნევისა და პულსის შეფასებას და ლაბოლატორიულ კვლევებს. შერჩეულ პირებს ინტერვიუს გავლის შემდეგ ჩაუტარდებათ – სისხლში გლუკოზის, ქოლესტეროლის განსაზღვრის ტესტი, შარდში კი მარილისა და კრეატინინის მაჩვენებლების შეფასება. ყველა ეს პროცედურა მოსახლეობისათვის უფასოა.

ნინო გუგუშვილის თქმით, კვლევაში მოხვდებიან შემთხვევითად შერჩეული პირები – „წინასწარ გაცემულია შერჩეული მისამართები, საცხოვრებელი ბინის ნომრები, მონაცემები დამუშავებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, რომლითაც ხელმძღვანელობს ინტერვიუერი“ – განმარტავს ნინო გუგუშვილი.

ამ ეტაპზე სულ გამოკვლეული იქნება 6000-მდე 18-69 წლის საქართველოს მოქალაქე, აჭარის რეგიონში კი სულ 495 პირის ინტერვიუ და კვლევა ჩატარდება.

ნინო გუგუშვილის თქმით, ევროპის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საშუალება ეძლევა მეორედ (პირველად მსგავსი კვლევა 2010 წელს ჩატარდა) განახორციელოს STEPS კვლევა: „რაც გვაძლევს საშუალებს შევაფასოთ ქვეყანაში ჯანდაცის სისტემის პროგრესი, გარდა ამისა კვლევის შედეგები დაეფუძნება ახალი ინტერვენციებს ჯანდაცვის სისტემაში”.

კვლევას ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით.

ბათუმში 19 წლის დათი მღებრიშვილს ეძებენ

ბათუმში 19 წლის დათი მღებრიშვილს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ განცხადება სამინისტროში გუშინწინ შევიდა და
ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა ჯერ დაკარგულის კვალს სამართალდამცავებმა ვერ 13631453_1015500291863849_8757056187972859204_nმიაგნეს.
დაკარგული ფეისბუქზე დარეგისტრირებულია როგორც Uchiha Dati, მისი ანგარიშიდან ბოლო აქტივობა, 25 ივლისის გამთენიისას 04:15 საათზე განხორციელდა – ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე გადაღებული ე.წ. სელფი გამოაქვეყნა.

მეგობრები, სხვადასხვა ფეისბუქგვერდებზე ავრცელებენ დაკარგულის ფოტოს. რაიმე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ დაკარგულის მეგობარს, Nika Caracal ,რომელიც ბოლო დღეებია ეძებს დათი მღებრიშვილს ან მიმართონ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებას, მისამართზე:  ლერმონტოვის ქ. №3 ან დარეკონ ნომერზე 577 26 36 52.

 

შენიშვნა: თავდაპირველად დათი მღებრიშვილის ასაკი შეცდომით იყო მითითებული, იგი 19 წლისაა. 27 ივლისისათვის, შსს-ს ინფორმაციით სამძებრო სამუშაოები კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 27 ივლისს ზღვაში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი, ამოცნების შედეგად, დათი მღებრიშვილის აღმოჩნდა.

„უცნობი პორტისკენ“ – ანა დოლიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში [ანონსი]

29 ივლისს, 20 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება ანა დოლიძის პირველი წიგნის – „უცნობი პორტისკენ“ – წარდგინება.

კრებულში თავმოყრილი ესეები ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემებში 2006-2016 წლებში ქვეყნდებოდა. მათი უმრავლესობა დაწერილია ემიგრაციაში ყოფნის დროს მას შემდეგ, რაც ანა დოლიძემ დაასრულა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ უფლებადაცვითი საქმიანობა და სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

წიგნს, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ათწლიანი პერიოდის ერთგვარი სარკეა, ორი მთავარი თემა აქვს – სამართლიანობა და თანასწორობა. სხვადასხვა საზოგადოებრივი მოვლენისა თუ საჭირბოროტო საკითხის შესახებ დაწერილ სტატიებს, ბლოგებსა და პორტრეტებს გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა ხმაურანი დისკუსია და საჯარო დებატები. სახელმწიფო და საზოგადოება, მეხსიერება და წარსულის ტრავმები, სახელმწიფოსა და ელიტების როლი და პასუხისმგებლობა, გენდერული თანასწორობა – ეს და სხვა თემები კრებულს აქტუალურს ხდის.

დასწრება თავისუფალია.

მის: ბათუმი, ზვიად გამსახურდიას 1/5

ფოტოკონკურსი ,,ანბანის კოშკის’’ გადაღებაზე

ანბანის კოშკის მენეჯმენტი  აცხადებს ფოტოკონკურს ანბანის კოშკის გადაღებაზე.

კონკურსის მთავარი პირობაა კადრში ჩანდეს ანბანის კოშკი ან/და ანბანის კოშკის  ინტერიერი და  ექსტერიერი

კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს მონაწილეებისგან.

საერთო ჯამში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ანბანის კოშკის მენეჯმენტი. ხოლო დანარჩენი ორი გამარჯვებული გამოვლინდება ფეისბუქ ლაიქების საშუალებით.

სამივე გამარჯვებულს გადაეცემათ ანბანის კოშკის რესტორნების 200 ლარიანი ვაუჩერი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება და წესები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ერთი მონაწილისგან დასაშვებია სამი ფოტოს წარმოდგენა. კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც.ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის და ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს.

საკონკურსო ფოტომასალები მიიღება ელექტრონულად. შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@pravenue.ge

ფოტოკონკურსზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია ფოტოებთან ერთად მოგვწეროთ სახელი გვარი და საკონტაქტო ტელეფონი.  ასევე “საბჯექტში” გთხოვთ მიუთითოთ სიტყვა „ფოტოკონკურსი ანბანის კოშკი“

პლაგიატის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან. დასაშვებია ფერის შეცვლა, ფოტოების მსუბუქი კორექტირება.

საკონკურსო ფოტოები ყოველდღიურად გამოქვეყნდება ანბანის კოშკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

მასალები შეფასდება კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრით, ხარისხით და შემოქმედებითი უნარით. კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში ფოტოების ექსკლუზიურად გამოყენების უფლება ეკუთვნის პროექტის შემსრულებელ და დამკვეთ კომპანიებს. ფოტოები გამოყენებული იქნება შემსრულებლის ან/და დამკვეთის შეხედულებისამებრ. მაგ. განთავსდება ვებგვერდებზე, პოსტერებზე და სხვა პროდუქტებში

P.S.  გამარჯვებული ფოტოების გარდა, კონკურსში წარმოდგენილი  სხვა ნამუშევრებიც, რომელსაც გადაწყვეტს ანბანის კოშკის მენეჯმენტი  გამოიფინება ობიექტის სივრცეებში  და დარჩება როგორც გამოფენა –  გაყიდვა სექტემბრის ბოლომდე, რომელიც ასევე დაანონსდება ანბანის კოშკის ფეისბუქ გვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა. კონკურსი დაიწყ 2016 წლის 25 ივლისსსაკონკურსო ფოტოების მიღება გაგრძელდება 2016 წლის აგვისტომდე. ფოტოების ლაიქ მხარდაჭერა 13 აგვისტომდე გაგრძელდება. გამარჯვებული 2016 წლის 20 აგვისტოს გამოვლინდება.

IMG_20160724_114053

ბათუმის ზოოკუთხის ბინადრები

„ზოოპარკის დანიშნულება არ არის ცხოველთა დატყვევება, ზოოპარკი ახდენს ცხოველთა მოვლა-პატრონობას და იმ ცხოველთა გადარჩენას უწყობს ხელს, რომელებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება. ბათუმის ზოოკუთხე ცდილობს ამ გზაზე იაროს, ჩვენ რამდენჯერმე მოგვიყვანეს უდედოდ დარჩენილი რამდენიმე დღის ნუკრი, რომელიც აღვზარდეთ, მოვაძლიერეთ და ველურ ბუნებაში დავაბრუნეთ. ასევე ვაპირებთ ხალებიანი ირმების ბოტანიკურ ბარში გადაყვანას, რათა თავი უფრო თავისუფლად იგრძნონ და ასევე, ვგეგმავთ შემოსავლის გარკვეული ნაწილი ცხოველთა გადარჩენის საქმეს მოვახმაროთ“, – გვიყვება ბათუმის ზოოკუთხის დირექტორი ამირან მურვანიძე.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

ამირან მურმანიძე უკვე 22 წელია ზოოპარკში მუშაობს. როგორც თავად ამბობს, ოჯახში მესამე თაობის წარმომადგენელია, ვინც ზოოპარკს დაუკავშირა საკუთარი საქმიანობა. პროფესიით მშენებელ-ინჟინერია, მაგრამ როგორც ამბობს, ზოოპარკის საქმეში მთავარი ცხოველების სიყვარულია და არც თანამშრომლების მიმართ აქვს პროფილური განათლების მოთხოვნა: „პრაქტიკულად არც არსებობენ ცხოველთა მოვლის სპეციალისტები, თუ არ ჩავთვლით ერთ გამონაკლისს ბელგიაში, სადაც სპეციალური კოლეჯია და სერტიფიცირებულ ცხოველთა მომვლელებს, ე.წ. კიფერებს ზრდიან“, – ამბობს ბათუმის ზოოკუთხის დირექტორი და დასძენს, რომ ზოოპარკში მუშაობის მსურველებს სამ და ექვსთვიანი სტაჟირება-სწავლების პერიოდი აქვთ, როდესაც უფროსი მომვლელი ამზადებს მათ ამ საქმიანობისთვის.

ბათუმის ზოოკუთხის 138 ბინადარს 12 მომვლელი, ორი ვეტერინარი და სამი სამეურნეო მიმართულების თანამშრომელი ემსახურება. თანამშრომლებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 25 წლისაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი – 67 წლის.

ზოოპარკი ბათუმში 9 წლის წინ გადაკეთდა და ჩამოყალიბდა დღევანდელი სახით. ბოლოს 2010 წელს განახლდა, როდესაც თუთიყუშების განყოფილება დაემატა. განახლებულ კუთხეში არ არიან მტაცებელი ცხოველები. აქ წარმოდგენილია რვა სახეობის პრიმატი და 8 სახეობის თუთიყუში, ორი სახეობის ირემი, თითო სახეობის – ანტილოპა, ჩანთოსნები, შოტლანდიური პონები და ზებრები.

როგორც ამირან მურვანიძე ამბობს, მათ უმრავლესობას, 60-70 პროცენტს, ჰყავს ნამატი. მათ შორის ნამატია ხალებიან ირმებში, ანტილოპა გარნაში, შოტლანდიურ პონებში, თუთიყუშებში და ა.შ. თუთიყუშების ოჯახში ზოოკუთხის თანამშრომლებმა ბარტყის ხელოვნურად გამოზრდის მეთოდიც შეიმუშავეს: „ბარტყი დაიბადა ინკუბატორში და შემდეგ ხელოვნური კვებით გამოვზარდეთ. ორი წელია დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა და ასევე ძალიან კომუნიკაბელურია, მას „ლაქი“ [იღბლიანი] დავარქვით, სახელზეც ძალიან კარგად რეაგირებს“, – გვიყვება ზოოკუთხის დირექტორი.

„ლაქისგან“ განსხვავებით ჯერ სახელი არ აქვს ზოოპარკის ყველაზე ახალგაზრდა ბინადარს, ერთი თვის შოტლანდიურ პონს, რომელიც ჯერ კიდევ საკარანტინო პირობებში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მას სახელს ჯოგში დაბრუნების შემდეგ შეურჩევენ. თვეზე ოდნავ მეტის და თვე-ნახევრის ორი ნუკრიც ზოოკუთხის პატარა ბინადრები არიან.

სწორედ ის ფაქტი, რომ ზოოკუთხის ბინადრები ადაპტირებას კარგად გადიან და მრავლდებიან, ხელმძღვანელობას ზოოკუთხის სასწრაფო განახლების პროცედურების დაწყების მიზეზს აძლევს: „უკვე ცხრა წელია აქ ცხოვრობენ. ნამატს წყვილი სჭირდება, რომ არ მოხდეს ნათესაური სისხლის აღრევა და ამით გამოწვეული პრობლემები ავიცილოთ თავიდან. გაცვილითი ღონისძიებები უნდა დავაჩქაროთ. მაქსიმუმ ორ წელიწადში უნდა მოხდეს ზოოკუთხის განახლება“, – ამბობს ზოოკუთხის დირექტორი. მისი თქმით, ზოოკუთხეს ასევე გადაუდებლად ესაჭიროება კაპიტალური რემონტი, რაც მერიის ბიუჯეტში უკვე განისაზღვრა და სექტემბრის ბოლოდან დაიწყება ამაზე მუშაობს.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

გარდა მატებისა, ზოოკუთხეში დაცემის [ცხოველთა დაღუპვის] შემთხვევებიც არის, რაც განსაკუთრებით რთულია თანამშრომლებისთვის. როგორც ამირან მურვანიძე ამბობს, ამის მიზეზი ძირითადად ასაკი ხდება, თუმცა არის ცხოველებს შორის კონფლიქტების შედეგად ცხოველთა დაცემის ფაქტებიც, „დომინირებისათვის ხშირია კონფლიქტები და ამის მართვა ძალიან რთულია“.

აქ უბედური შემთხვევაც ახსოვთ, გასული ზამთრის დიდთოვლობისას, როდესაც თოვლმა ხის ტოტი მოტეხა და ანტილოპა იმსხვერპლა. მაშინ ზოოპარკს მატერიალურ-ტექნიკური ზიანიც მიადგა.

ზოოკუთხე მხოლოდ ორშაბათს ისვენებს. დანარჩენ დღეებში 11 საათიდან 6 საათამდე მუშაობს, სეზონზე კი 8-9 საათამდეც ღიაა, რადგან ვიზიტორები საღამოს საათებში არჩევენ ზოოკუთხის დათვალიერებას. ბილეთი ორი ლარი ღირს და ზოოკუთხეში არსებული სამივე განყოფილების მონახულებაა შესაძლებელი, ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი უფასოა.

ზოოკუთხე გაზაფხულიდან ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავიდა. როგორც აქ გვითხრეს, 15 მარტიდან ამ დრომდე გაყიდულია 3 415 ბილეთი, გასული წლის შემოსავლების მაჩვენებელმა კი 29 344 ლარი შეადგინა, რაც 14 672 გაყიდული ბილეთის ფასია. მერია ყოველწლიურად გამოყოფს 82 000 ლარს ზოოკუთხის ბინადართა კვებისთვის.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს

25 ივლისს ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ დაფუძნდა .

პარტიის დამფუძნებლები არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი  მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე და ნუგზარ კეკელიძე, ამირან ცეცხლაძე და შალვა ჯინჭარაძე.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მედეა ვასაძემ უთხრა „ბათუმელებს“, პარტიის ოფიციალურად დასარეგისტრირებლად იუსტიციის სამინისტროს განცხადებით ხვალ, 27 ივლისს მიმართავენ.

„როგორც კი წარვადგენთ სადამფუძნებლო დოკუმენტებს რეგისტრაციისთვის, გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 12 აგვისტომდე მოხდეს სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა“, – აღნიშნა მედეა ვასაძემ. მისივე თქმით, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, პარტიას ამ დროისათვის 1500 წევრი ჰყავს და პირველი ყრილობაც უკვე გაიმართა, რომელისაც 325 დელეგატი ესწრებოდა, მათგან 34 სტუმრის სტატუსით.

პარტია ოფიციალურ რეგისტრაციამდე სხვა პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, თუმცა მედეა ვასაძე არ გამორიცხავს, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი შეიძლება აღმოჩნდეს „ემსახურე საქართველოს“ რიგებში.

მედეა ვასაძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ წელს გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით, ახალდაფუძნებულ პარტიას „არა თუ ბარიერის გადალახვის შანსი, არამედ სერიოზული წარმატებების მიღწევის შანსები აქვს“.

13664678_1131767076896484_478214943_n
პარტია „ემსახურე საქართველოს“ პირველი ყრილობა / 25.07.2016

დავით ბალაძე აჭარაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი იქნება

დავით ბალაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში დაგვიდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი მრჩევლად მხოლოდ აჭარის რეგიონზე იმუშავებს, თუმცა უცნობია, სად იქნება მისი სამუშაო ადგილი და რა იქნება მისი მოვალეობა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი შტატი შექმნა დავით ბალაძისთვის. აქამდე მინისტრის მრჩეველი, რომელიც კონკრეტულად აჭარის რეგიონზე იმუშავებს, არ არსებობდა. დავით ბალაძე რომ აჭარის მთავრობის აპარატში არ იმუშავებს, ეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა, სოფო გუჯაბიძემ გვითხრა. ამ დრომდე ინფორმაციას არ გვიდასტურებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. დავით ბალაძემ დღეს “ბათუმელების” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობს. მან მინისტრის პოსტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – არჩილ ხაბაძესთან ერთად დატოვა.

ამ დროისთვის უმუშევარია არჩილ ხაბაძე. პარტია „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი მიქელაძის თქმით, არჩილ ხაბაძე მხოლოდ პარტიის წევრია და ამ დროისთვის ის რომელიმე თანამდებობას პარტიის სტრუქტურაში არ იკავებს.

კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი – ზაურ ფუტკარაძე ლექციების წასაკითხად ემზადება ბათუმის საზღვაო აკადემიაში: „ლექტორად ადრეც ვმუშაობდი და ახლა უფრო მეტი საათის აღებას ვაპირებ. საჯარო უწყებაში მუშაობის სურვილი აღარ მაქვს“, – უთხრა ზაურ ფუტკარაძემ „ბათუმელებს“. მან ჩვენთან საუბრის დროს არ გამორიცხა იმ ბიზნესწილების გამოსყიდვა, რაც მას მინისტრობამდე ჰქონდა.

შენიშვნა: მოგვიანებით დაგვიკავშირდა და დავით ბალაძის მინისტრის მრჩევლად დანიშვნა დაგვიდასტურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, თეა ბოლქვაძემ. მისი თქმით, დავით ბალაძე კონკრეტულად აჭარაზე არ იმუშავებს და არც ახალი შტატი შექმნილა. მრჩეველს დავალებებს კონკრეტულად მინისტრი განუსაზღვრავს.

უნივერსიტეტებს შორის მობილობის პროცესი იწყება

27 ივლისს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მობილობის პროცესი იწყება. ერთი უნივერსიტეტიდან სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე  www.students.eqe.ge.

უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით ჩატარდება. მისაღებ ბარიერს თავად უნივერსიტეტები აწესებენ.

დღეს, დღის ბოლომდე დაზუსტდება ვაკანტური ადგილების რაოდენობა. რეგისტრაცია იწარმოებს 27 ივლისიდან 18 აგვისტომდე.

ზოგად უნარებში დაახლოებით 6 000 აბიტურიენტი ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების შედეგები გამოაქვეყნა. naec-ს პრესსამსახურის ინფორმაციით ზოგადი უნარების გამოცდაში დაახლოებით აბიტურიენტების 16% – 6000 აბიტურიენტი ჩაიჭრა.

ტესტის პირველ, მეორე და მეოთხე ვარიანტში მინიმალური გამსვლელი ქულა იყო  24, ხოლო მესამე ვარიანტში  23 .

გამოცდების შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზე naec.ge.  ასევე აბიტურიენტები „მაგთის“,  „ჯეოსელის“ და „ბილაინის“  ქსელიდან თუ გააგზავნიან თავიანთ საინდეტიფიკაციო კოდს sms-ის სახით ნომერზე 93333 მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი შედეგების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ  წელს გამოცდებს აბარებდა 38 500 აბიტურიენტი.

ბათუმში წინასაარჩევნოდ მედიაცენტრი გაიხსნა

დღეს, 26 ივლისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მედიაცენტრი გაიხსნა.

მედიაცენტრში მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ წინასაარჩევნო პერიოდში მოაწყონ დისკუსიები და გაავრცელონ ინფორმაცია. ასევე დაგეგმილია მედიაბრიფინგების ორგანიზება, კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება, ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნების დღეს არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მსგავსად, მედიაცენტრები გაიხსნა საქართველოში არსებულ სხვა ცენტრებშიც. მათივე ინფორმაციით, მედიაცენტრები იმუშავებენ 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით.

Exit mobile version