არჩევნებს აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები დააკვირდებიან

დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ციალა ქათამიძემ აჭარაში, წინასაარჩევნოდ შექმნილი,  სახალხო დამცველის აპარატს  ორი მობილური ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები შეისწავლიან წინასაარჩევნოდ და არჩევნების მიმდინარეობსას ამომრჩეველთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს სახალხო დამცველს.  სახალხო დამცველის აპარატში, არჩევნების პროცესთან დაკავშირებული დარღვევების დასაფიქსირებლად ამოქმედებულია ცხელი ხაზიც – 1481.

ასევე სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გასაჩივრების   პროცესებსაც.

პროექტი დაფინანსებულია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.მობილური ჯგუფები უახლოეს დღეებში დაიწყებენ მუშაობას.

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველი ათეული აჭარაში

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველი ათეული აჭარაში:

1. კალაძე გიორგი [შპს “მანგანუმ” , “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”]
2. ბერიძე ჯემალი [აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, “ახალი პოლიტიკური ცენტრი  გირჩი”]
3. ნაკაშიძე მალხაზი [ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო]
4. ფატლაძე რაული – [“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”]
5. გიგლა გაბაიძე [პროფესორი, “ახალი პოლიტიკური ცენტრი  გირჩი”]
6. ფუტკარაძე რობერტი – [შპს “შავი ზღვის სანაპირო ბათუმი”, ” სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო”]
7. მიქაშავიძე ვახტანგი [ უნივერსიტეტის პროფესორი, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”]
8. სირაბიძე კახაბერ  [“სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო”]
9. შერიფ ქიქავა  [“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”]
10. კალანდაძე მალხაზი [“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”]

ვინ რამდენს ითხოვს აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტიდან

აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გრძელდება. საბიუჯეტო განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი 25 აგვისტოს დასრულდა, როცა  მხარჯავმა დაწესებულებებმა საბიუჯეტო განაცხადები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინეს. სამინისტროს მონაცემებით, უმაღლესი საბჭო, საარჩევნო კომისია, აჭარის მთავრობა და სამინისტროები მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 125 მილიონამდე ლარს დახარჯავენ. ამ თანხაში შედის როგორც დასაქმებულთა ხელფასები, ასევე იმ პროექტების დაფინანსება, რომელთა განხორციელებაც მომავალი წლისთვის იგეგმება.

2017 წელს განსახორციელებელი პროექტების საჯარო განხილვა საბიუჯეტო დაწესებულებებში 15 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. შენიშნვებისა და წინადადებების წარდგენის უფლება ორგანიზაციებთან ერთად ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. შესაბამისად, მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ შენიშვნებისა თუ წინადადებების საფუძველზე შეცვალონ ან/და დაამატონ პროგრამები.

ახალარჩეული უმაღლესი საბჭო მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 4,8 მილიონ ლარს დახარჯავს. ამ თანხას საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობისთვის უხდიან.  მოქმედი უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმული. ბოლო 4 წლის განმავლობაში აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის 19 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, აქედან 14 მილიონამდე ლარი დეპუტატებისა და საბჭოში დასაქმებულთა ხელფასებში.

ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის მომავალ წელს. ამ თანხას უსკოს „საარჩევნო სისტემის დახვეწასა და გაუმჯობესებაში“ უხდიან. თანხის ძირითადი ნაწილი აქაც თანამშრომელთა ხელფასებში დაიხარჯება.

52 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული აჭარის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციებისთვის [თითქმის სამი მილიონით ნაკლები, ვიდრე წელსაა დაგეგმილი]. ამ თანხიდან უშუალოდ მთავრობის აპარატისთვის 3,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული; 4,3 მილიონ ლარს დახარჯავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, რომელიც თანხის ნახევარზე მეტს „ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლებას“ მოახმარს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარით მეტი – 6,53 მილიონი ლარი მოითხოვა. გეგმის მიხედვით ყველაზე მეტი თანხა – 4,37 მილიონი ლარი  აჭარის ტურისტულ მარკეტინგზე უნდა დაიხარჯოს:  ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

მიმდინარე წელთან შედარებით სამი მილიონით ნაკლებს, მთლიანობაში 35 მილიონზე მეტ ლარს ითხოვს მომავალი წლის ბიუჯეტიდან აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი. აქედან, 34,5 მილიონი ლარი საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვისაა გათვალისწინებული.

თითქმის 14 მილიონი ლარით ნაკლებს ითხოვს სამომავლოდ თავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – ჯამში 4,64 მილიონ ლარს. მოთხოვნილი თანხის სიმცირე გამოწვეულია იმით, რომ სამინისტროს მართვაში აღარ იქნება ბათუმის ბულვარი, რომლისთვისაც წელს 11,4 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

ამასთან, სამინისტრო აღარ განახორციელებს სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამას, რისთვისაც წელს 2 მილიონზე მეტი ლარი იყო ბიუჯეტში.

სამინისტრო 2017 წელს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაზე 424 ათასი ლარის, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამისთვის კი 640 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

40 მილიონზე მეტ ლარს ითხოვს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. თითქმის 1,5 მილიონით ნაკლებს, ვიდრე წელს ჰქონდა ბიუჯეტში. აქედან ყველაზე მეტს – 14,5 მილიონ ლარს სამინისტრო კულტურის განვითარებას, ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას მოახმარს.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კი სამომავლოდ მთლიანობაში იმდენ თანხას ითხოვს, რამდენსაც განათლების სამინისტრო მხოლოდ კულტურის პოპულარიზაციისთვის – 14,6 მილიონ ლარს. აქედან, ჯანდაცვის სამინისტრო 4,9 მილიონ ლარს სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას მოახმარს, ხოლო სამ მილიონ ლარს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას. სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად 632,3 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სამინისტროებს შორის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემდეგ, ყველაზე ნაკლები თანხა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მოთხოვნილი – 7,68 მილიონი ლარი. ამ თანხას სამინისტრო მემცენარეობის, მეცხოველეობისა და აგროსერვისის განვითარებას მოახმარს. გაგრძელდება ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამაც.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების შესაბამისად, 2017 წლის პროგრამები შეიძლება შეიცვალოს“.

საკანონმდებლო ორგანო კანონების გარეშე

რა შეცვალა კანონმდებლობაში 4 წლის განმავლობაში აჭარის საკანონმდებლო ორგანომ – „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრა.

„რა მივიღეთ და მთის კანონი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – გვითხრა მერაბ აბაშიძემ. ის აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა „ეროვნული ფორუმიდან“.  შევახსენეთ, რომ „მთის კანონი“ პარლამენტმა მიიღო და ეს არ ყოფილა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა. აღმოჩნდა, რომ უმაღლეს საბჭოში ისე უმუშავიათ დეპუტატებს ამ კანონზე, არ გაუგიათ, ცენტრშიც თუ იმავეს აკეთებდნენ: „ჩვენ შევისწავლეთ ყველა სოფელი აჭარაში, ამაში იყო ჩართული საკრებულოები და გამგეობები, სრული ინფორმაცია გვქონდა და წარსადგენადაც გავამზადეთ, ბატონო. შემდეგ პარლამენტთან მიწერ-მოწერის დროს გაირკვა, რომ ამაზე უკვე მუშაობდა საქართველოს მთავრობა… საიდან გაგვეგო, ინტერნეტში რამე ინფორმაცია არ იდო და ისე არაფერი თქმულა“.

ამ მოწვევის საბჭოს მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი არსებობდა მიწის რეფორმის კუთხით, რომელიც აჭარაში არ ჩატარებულა. მას შემდეგ, რაც აგრარული კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს – ანზორ თხილაიშვილს ამ კუთხით შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტში დაუწუნეს, უმაღლეს საბჭოს ახალი კანონპროექტი აღარ წარუდგენია. „გაჩნდა შიშები, რომ პირიქით, დაზარალდებოდა საქმე, თუკი აჭარაში ცალკე განხორციელდებოდა რეფორმა. გასაგები იყო, რომ ამ კუთხით ნება არ იყო და ამიტომ აღარ დაგვიწერია ახალი. თან მიწის საკუთრების პრობლემა აგრარული კომისიის საქმე არ არის,“ – გვითხრა აგრარული კომისიის თავმჯდომარემ მერაბ აბაშიძემ.

კომუნიკაციის უქონლობას ასახელებს უმაღლესი საბჭოს მთავარ პრობლემად ასმათ დიასამიძეც. ის ფრაქცია „თანასწორობის“ ხელმძღვანელია და განათლების კომისიის წევრი. „კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი მასალკინს ჰქონდა ყველა ბერკეტი ცვლილებებისთვის. ის იყო უმრავლესობაში, მით უმეტეს, „რესპუბლიკელებს“ თავისი მინისტრი ჰყავდათ აჭარაში და დღემდე ჰყავთ. არც განათლების მინისტრისგან ყოფილა ინიცირებული რაიმე ინიციატივა. არ იყო კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტის წევრებთან. სამუშაო გარემო მმართველ კოალიციაში არ არსებობდა. იყო შიში, რომ რაც უნდა გაეკეთებინათ, მაინც ვერ გავიდოდა პარლამენტში. კომისიას არც უცდია, რაიმე შეეცვალა“, – ყვება ასმათ დიასამიძე.

„ჩემი კომისია კანონშემოქმედებითი საქმიანობით არ გამოირჩეოდა,“ – არ დაუმალავს მოცემულობა გიორგი მასალკინს, თუმცა ვერ აგვიხსნა, რატომ არ სცადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიამ რომელიმე პრობლემაზე საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება. მასალკინი იხსენებს, როცა საჯარო სკოლის დირექტორების აჭარის განათლების სამინისტროსგან დანიშვნის შესახებ სურდათ ინიციატივის დაყენება: „გვითხრეს, რომ ეს უნდა იყოს ცენტრალიზებული და აღარ წარვადგინეთ… საერთოდ, განათლების სისტემა არის ძირეულად შესაცვლელი. ვერტიკალურია ყველაფერი და  ეს ჩვენ შეტანილი გვაქვს საარჩევნო პროგრამაში.“ გიორგი მასალკინმა გვითხრა ისიც, რომ მას საჯარო პროტესტი არ გამოუხატავს, როცა „ვერტიკალიზებული“ განათლების სისტემის შეცვლა დეპუტატის რანგიდან ვერ მოახერხა.

კანონმდებლობაში ცვლილება არც ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიას შეუტანია: „კომიკური სიტუაციაა, მაგალითად, როცა პაციენტი აჭარის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურებას ვერ იღებს, ან მომსახურების ხარისხი არის პრობლემა, ამის შესწავლის და მონიტორინგის უფლება არ აქვს აჭარის ჯანმრთელობის სამინისტროს,“ – გვიყვება კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე. ის „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად, ფრაქციის „დემოკრატიული აჭარას“ წევრია. მას შევახსენეთ, რომ ამ კუთხით მომზადებული კანონპროექტი, უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში საერთოდ არ წარადგინა: „აღარ შევიტანეთ, რადგან ვიცოდით, რომ ვერ გავიდოდა. პარლამენტის სხდომაზე რომ ჩავარდნილიყო კანონპროექტი, ეს უფრო ცუდი არ იქნებოდა?“

ჯემალ ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა უმაღლესი საბჭოს აპარატია, სადაც კვალიფიციური იურისტები არ ჰყავთ. 21 დეპუტატს 100-მდე თანამშრომელი ემსახურება აპარატში. რატომ არის პრობლემა ამ ფონზე კვალიფიციური კადრის ყოლა? – კითხვაზე დეპუტატმა გვიპასუხა, რომ აპარატის წევრთა დიდ ნაწილს ფრაქციები შეადგენენ. „ფრაქციის წევრი არაა ვალდებული, რომ კანონპროექტი დაწეროს.“

დაპირების მიუხედავად, „ბათუმელების“ კითხვებს აღარ უპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ანზორ თხილაიშვილმა. ის ერთადერთი კომისიის ხელმძღვანელია ამ დროისთვის, რომელიც მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. ამავე კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა თარგამაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება კომისიას არ ჰქონია: „საფინანსო კომისიის ძირითადი საქმე ბიუჯეტის შედგენა და მისი მონიტორინგია. კომისიას შეეძლო შეემუშავებინა საკანონმდებლო წინადადებები საგადასახადო პოლიტიკის კუთხით, ასევე რეგიონში სხვადასხვა პროექტის დაფინანსების აუცილებლობაზე, რადგან ბოლო წლებში ცენტრიდან  სპეციალური ტრანსფერები აღარ იგზავნება“.

მხოლოდ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდა „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას“. ანა ბერძენიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ მიიჩნევს, რომ ცვლილება კანონში „გენდერული თანასწორობის შესახებ“ ფორმალური ხასიათის იყო. მისი შეფასებით, კომისიას ქალთა მიმართ ძალადობაზე ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია: „არაერთი ფაქტი იყო ქალთა მიმართ ძალადობის და ამ კომისიას, რამდენიმე შემთხვევაში გამოხმაურების გარდა, კომპლექსური მიდგომა არ ჰქონია. მაგალითად, გარემოს დაცვის სამმართველოში თანამშრომლის სექსუალური შევიწროების ფაქტზე კომისიას არ განუხორციელებია კომპლექსური ღონისძიება. ასევე რეგიონში გვაქვს სექსი-ტრეფიკინგის შემთხვევები, რაც ასახულია სახალხო დამცველის ანგარიშებში. კომისიას არც ამ კუთხით უმუშავია.“

„ყველაფერი გავაკეთე, რის გაკეთებაც შეიძლებოდა,“ – გვითხრა კომისიის თავმჯდომარემ, მედეა ვასაძემ. ის ფრაქცია „თანასწორობის“ წევრია. ამბობს, რომ მისი კომისიის საქმიანობის მთავარი მიზანი მთავარობის მონიტორინგი იყო, რადგან უმაღლესი საბჭოდან პარლამენტში შესული საკანონმდებლო ინიციატივები არ განიხილეს. მედეა ვასაძე კონკრეტულ ინიციატივას იხსენებს, რაც დეპუტატების საპენსიო უზრუნველყოფას გულისხმობდა. თუკი პარლამენტი უმაღლესი საბჭოს ამ ინიციატივას გაიზიარებდა, საბჭოს დეპუტატები განსხვავებულ პენსიას მიიღებდნენ [პარლამენტის წევრის პენსია 540 ლარია].

„მართალია, დეპუტატებს გვაქვს მაღალი ხელფასი, მაგრამ დეპუტატობას ჩემთვის მატერიალური არაფერი მოუცია. მეც მაწუხებს სოციალური უზრუნველყოფის საკითხი. როცა იგივე შეზღუდვები გვაქვს, რაც პარლამენტის წევრს, რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენც განსხვავებული პენსია?“

მედეა ვასაძე არც იმ შეფასებას ეთანხმება, რომ გენდერის შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას შედეგი არ ჰქონია: „ამის შემდეგ გაიწერა დადგენილების სახით სამოქმედო გეგმა გენდერულ საკითხებთან მიმართებაში აჭარის რეგიონში. შესაძლოა, ამას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს აჭარის ტელევიზიის, ან თვითმმართველობების მიმართ, მაგრამ საქვეუწყებო დაწესებულებების მიმართ ამ გეგმის შესრულება სავალდებულოა… ყველაფერი შესაძლოა ვერ შევძელი, მაგრამ ამიტომაც წავედი ოპოზიციაში.“

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა საკონსტიტუციო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძემ. ამ კომისიის აპარატმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია იმ კანონპროექტებზე, რაზეც კომისიამ ოთხი წლის განმავლობაში იმუშავა. კომისიის წევრმა „მრეწველებიდან“ ირაკლი ჯაშმა ჩვენთან საუბრის დროს ვერ გაიხსენა  იურიდიული კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რაც რეგიონის რომელიმე პრობლემაზე მნიშვნელოვნად აისახა: „მეხსიერება მღალატობს, თორემ რამე იქნება ასეთი. გავიხსენებ და დაგირეკავთ“.

რამდენი კანონპროექტი შეიმუშავა უმაღლესმა საბჭომ ოთხი წლის განმავლობაში – ინფორმაცია საბჭოს პრესსამსახურმა ვერ მოგვაწოდა. ბესო შერვაშიძის განმარტებით, ის პრესსამსახურს წარმოადგენს და არა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ამიტომ მსგავსი მონაცემი არ აქვს. ინფორმაციის დაუყონებლივ მოწოდებაზე უარი გვითხრა უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა, ჯამბულ კურცხალიძემაც.

უმაღლესი საბჭო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 5 მილიონ ლარს ხარჯავს. ბოლო მოწვევის საბჭო მაქსიმალური ოდენობის ფრაქციები შექმნა – თითო ფრაქცია სამ-სამი წევრით. უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრი და 7 ფრაქციაა.

ახალარჩეული უმაღლესი საბჭო მომავალ, 2017 წელს, აჭარის ბიუჯეტიდან 4,8 მილიონ ლარს დახარჯავს. 

უსკო: პარტიული სია ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია 15-მა საარჩევნო სუბიექტმა [11 დამოუკიდებელი პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი] წარადგინა.

  1. „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“;
  2. „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”;
  3. „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“;
  4. „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;
  5. საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“;
  6. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“;
  7.  „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
  8. „ეროვნული ფორუმი”;
  9. საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია“;
  10. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
  11. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”;  
  12. საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“;
  13. „მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“;
  14. საარჩევნო ბლოკი „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო“;
  15. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“.

პარტიული სიები არ წარუდგენიათ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს:

  1. „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“;
  2. „საქართველო“;
  3. „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი”;
  4. „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“;
  5. „სახალხო ხელისუფლება”.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერმა აჭარაში, ჯემალ ბერიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ გირჩი წარმომადგენლები საარჩევნო ბლოკის – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიულ სიაშია წარმოდგენილი:

„ბლოკის პირველ თორმეტეულში ოთხი გირჩის წარმომადგენელია; მე ვარ მეორე სიის მეორე ნომრად, გიგლა გაბაიძე – მეხუთე, თამარ ხოზრევანიძე – მეთერთმეტე და მეთორმეტე დავით მანელიშვილი“ – თქვა ჯემალ ბერიძემ.

„ბათუმელებს“ საარჩევნო ბლოკში – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ უთხრეს, რომ სიის წარდგენა ხვალ იგეგმება და ამ დროისათვის ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

უსკოს ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოში სულ 20 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული, აქედან 9 პარტია გაერთიანებულია 4 ბლოკში, 16 პოლიტიკური გაერთიანება კი დამოუკიდებლად მონაწილეობს.

უსკოში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც არ წარადგენენ პარტიულ სიას, ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდებათ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია.

ავტობანის მშენებლობის გამო განთიადელები გზების დეპარტამენტს დაუპირისპირდნენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის მცხოვრებლებმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების დირექციის შენობასთან ბათუმში, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ აუდიტის დასკვნას, მათ საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთების თვითღირებულების შესახებ, რომლებზეც ავტობანი გაივლის.

აქციის მონაწილეების თქმით, თანხა, რომელსაც მათ დეპარტამენტი აღნიშნული მიწების სანაცვლოდ სთავაზობს, რეალურ ფასს საგრძნობლად ჩამოუვარდება, ამასთან, მათთვის ცნობილი იყო, რომ აუდიტის დასკვნით 1 კვ/მ მიწის ნაკვეთის თვითღირებულება 96 ლარი იყო, ახლა კი ნაკლებს სთავაზობენ.

აქციის ერთ ერთი მონაწილე, ჰაიდარ მხეიძე აცხადებს, რომ მამაპაპისეულ მიწას 16 აშშ დოლარად არ გაყიდის: „თანახმა ვარ, რომ გაიაროს მაგისტრალმა, მაგრამ მერე სად წავიდე? ვეღარც მიწას ვიყიდი მერე და ვერც ბინას. ვითხოვ, გადამიხადონ 100 აშშ დოლარი, ესენი გვთავაზობენ 16 აშშ დოლარს, მეტს ვერ გადავიხდითო, გვეუბნებიან.“

აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გივი ჩოჩია კაბინეტში შეხვდა.

გივი ჩოჩია
გივი ჩოჩია

შეხვედრა გაიმართა  დახურულ ფორმატში. გივი ჩოჩიას განმარტებით: „მოსახლეობას აქვს გარკვეული სურვილები, ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ ჩამოყალიბდნენ, ხვალ მოგვმართავენ განცხადებით და ჩვენ ამ განცხადებას სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ“. კითხვაზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, ან აუდიტის სამსახურიდან იმყოფებოდნენ თუ არა აქციის მონაწილეების მიწის ნაკვეთების შესაფასებლად, გივი ჩოჩიამ განაცხადა, რომ „აღნიშნულ სოფელში არის სხვადასხვა მიწის ნაკვეთები და ყველას აქვს სხვადასახვა ფასი. იქ არის მიწის ნაკვეთი, რომლის კვ/მ 50 ლარი ღირს, არის მეტი ღირებულების და ნაკლებიც“.

გივი ჩოჩიასთან კაბინეტში შეხვედრას მხოლოდ აქციის მონაწილე მამაკაცები დაესწრნენ. თუ რატომ არ დაუშვეს შეხვედრაზე ქალები, თავმჯდომარის მოადგილემ შემდეგი განმარტება გააკეთა – „ეს იყო მოსახლეობის მხრიდან შეხვედრაზე მყოფი მამაკაცების სურვილი, რომ ქალბატონები არ შემოსულიყვნენ“.

სოფელ განთიადის მოსახლეობის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს.

14285614_1174449599294898_1313773854_o
სოფელ განთიადის მოსახლეობის აქცია / გზების დირექციის შენობა / ფოტო: როინ გუნდაძე

კაკო ძნელაძე: ბევრი საქმე მელოდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში

“მარტო სურვილზე არაა, პარტიაზეა საქმე და რაც ლოგიკურია, იმაზე…” – გვიპასუხა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფლების” ხელმძღვანელმა კაკო ძნელაძემ. მას პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე ვკითხეთ, რომლის მიღმაც იგი აღმოჩნდა.

კაკო ძნელაძის შეფასებით, “სიაში ბევრი ღირსეული ადამიანია” და პარტიის ხელმძღვანელობამ კონსულტაცია მასთანაც გაიარა: “ღირსეულია, მაგალითად, ცოტნე ანანიძე, დავით გაბაიძე, ლადო მგალობლიშვილი… მე ძალიან ბევრი საქმე მელოდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, იმდენად ბევრი, რომ ხელები მეფხანება”.

კითხვაზე, ჩაანაცვლებს თუ არა ის ლადო მგალობლიშვილს, რომელიც აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეა და ამჟამად უკვე “ქართული ოცნების” სიის წევრი, კაკო ძნელაძე პასუხობს: “არაფერია გამორიცხული. ჯერ არ ვიცი ზუსტად”.

რატომ არის მისაღები “ოცნების” სიაში დავით თედორაძიის ყოფნა, რომელიც აქამდე რეგიონში “პატრიოტთა ალიანსის” სახე იყო? – კითხვაზე კაკო ძნელაძემ გვიპასუხა, რომ თედორაძე „საზოგადო მოღვაწეა“ და ერთ-ერთი პირველია, ვინც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმა ამოიღო: “მე არ შემირჩევია, მაგრამ ღირსეული კაცია… ამაზე ჩემთან არ უსაუბრიათ. არც ვიცოდი, თუ იქნებოდა. ყველა კითხვას მე ნუ მისვამთ”.

ამ პასუხის შემდეგ კაკო ძნელაძემ ტელეფონი გაგვითიშა. მოგვიბოდიშა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა. კაკო ძნელაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია 2012 წლიდან. მან საზოგადოებას ძირითადად წინასაარჩევნოდ ნათქვამი ფრაზით – “ჩაზნექილი სკამები” დაამახსოვრა.

პარტია “ქართულმა ოცნებამ” პარტიული სია აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის უსკოში დღეს წარადგინა. პარტიის ოფიციალური პრეზენტაცია პარტიას ჯერ არ გაუკეთებია.

“აჭარის ტელევიზიის” სახეები “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში

“ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ცოტნე ანანიძეა – საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” დირექტორის მოადგილე, ასევე პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად ცოტნე ანანიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, არ იცის სიის რომელი ნომერი იქნება და დეტალებზე საღამოს 6 საათის შემდეგ ისაუბრებს.

“თანამშრომლების ნაწილს უკვე დავემშვიდობე. დღეს გავიგე, რომ “ქართული ოცნების” სიაში ვიქნებოდი, მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით,” – ამბობს ცოტნე ანანიძე.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს, 13 აგვისტოს, ცოტნე ანანიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მას შეთავაზება თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიისგან ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა, ვინაიდან ის საკუთარ თავს ტელევიზიაში ხედავდა.

რამდენიმე დღის წინ ცოტნე ანანიძე, როგორც ჟურნალისტი, მონაწილეობდა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში”, სადაც მან თავის პოლიტიკურ ოპონენტებს დაუსვა კითხვები. ის ასევე მონაწილეობდა “აჭარის ტელევიზიის” სახელით ტელეკომპანია “GDS”-ის გადაცემაში – “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”. ამ გადაცემის მთავარი სტუმარი ბიძინა ივანიშვილია.

“ქართული ოცნების” პარტიულ სიაში “აჭარის ტელევიზიის” კიდევ ერთი თანამშრომელია – ნინო ჩხეტია. მას პოლიტიკური თოქ-შოუ მიყავდა აჭარის რადიოში.

პარტიული სიების წარდგენა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საღამოს 6 საათზე სრულდება.

„ქართული ოცნების“ სიის ათეული აჭარაში

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეული აჭარაში ასე გამოიყურება:

1. ნუგზარ სურმანიძე [აჭარის ჯანდაცვის ყოფილ იმინისტრი]

2. დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი]

3. ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე]

4. ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი]

5. დავით თედორაძე [საკრებულოს წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი]

6. ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე]

7. დავით ბაციკაძე [აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი]

8. ნინო ჩხეტია [პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი აჭარის რადიოში]

9. გიორგი მანველიძე [ქართული ოცნება]

10. ნატალია ზოიძე [ბათუმის საკრებულოს წევრი, დელფინარიუმის ყოფილი დირექტორი]

გიორგი კეკელიძე: საგანმანათლებლო პოლიტიკის გარეშე ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გენერალური დირექტორი, პოეტი, ესეისტი, პროზაიკოსი, ლექტორი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კეკელიძე სექტემბერში, ბოლო დროის ბესთსელერის – „გურული დღიურების“ მეორე ნაწილსა და ზღაპრების კრებულს შესთავაზებს მკითხველს.

ბატონო გიორგი, როგორც ვიცით თქვენი პირველი ნაბიჯები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში უნივერსიტეტის ლიტერატურულ გაზეთიდან – „ლილ“ იწყება. მაშინ როგორი იყო თქვენი ხედვები და როგორ წარმოგედგინათ საკუთარი როლი საზოგადოებაში?

სტუდენტობამდე, ჯერ კიდევ ოზურგეთში ცხოვრების დროს მე ვიყავი რედაქტორი გაზეთისა, რომელსაც ერთ-ერთ პირველ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „ახალგაზრდა პედაგოგთა კლუბთან“ არსებული მოსწავლეთა გაერთიანება – „XXI საუკუნე“ გამოსცემდა. გაზეთს „8+1“ ერქვა და მინდა გითხრათ, რომ ეს გაზეთი იყო ძალიან აქტიური, არ გავდა მოსწავლეთა კომკავშირულ გაზეთებს, რომლებიც ჩვენ მრავლად გვინახავს ბავშვობაში, მათ შორის კედელზე გაკრულიც. „8+1“ გამოირჩეოდა ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკით და ძალიან ბევრ სოციალურ მწვავე საკითხებს აშუქებდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ოდესღაც, ბავშვობაში ძალიან არასერიოზული მზაობით ბუნებრივია, ვიყავი ამ გაზეთის რედაქტორი.

სტუდენტობის პერიოდში, ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამის გადაფასება მოხდა. რამდენიმე კედელთან შეჯახების მერე, მივხვდი ყველაზე მთავარ ამბავს, რომ ჯობია შენ თვითონ შექმნა შენი თავი და მოცემულობა მთლიანად, ვიდრე დაელოდო ვინმესგან შენი ტალანტის ან უნარების უპირობო წახალისებას. მე არ ვამბობ, რომ სხვა ადამიანები არ მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში, უბრალოდ ვფიქრობ, რომ მთავარი საყრდენი არის საკუთარი თავი, მისი შექმნა და სოციალიზაცია.

გიორგი კეკელიძე. ალექსანდრე სხულუხიას ფოტო
გიორგი კეკელიძე / ალექსანდრე სხულუხიას ფოტო

პირველი მნიშვნელოვანი წამოწყება, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა ლიტერატურის თვალსაზრისით დავიწყეთ, იყო ლიტერატურული გაზეთი „ლილ“ რომელიც მერე უკვე გახდა ჟურნალი. მთელი იმდროინდელი საუნივერსიტეტო თაობა ვიყავით ამ გაზეთის შექმნაში ჩართული, მათ შორის სხვადასხვა ჯგუფი, „ვარდისფერი ავტობუსი“, „ლაბორატორია“ ა.შ. ჩვენ ყველასთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით, თუმცა ძალიან გვიჭირდა გაზეთის გამოცემა. პირველ პერიოდში გაზეთს ვუშვებდით ჰონორარით, რომელსაც გამოვიმუშავებდით ციხეში მასწავლებლობით, ევროკავშირის მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მცირე ჰონორარს ითვალისწინებდა. მერე ამას დაემატა ბედნიერი შემთხვევა, შევხვდით ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ პირველი ქართული ლიტერატურული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნით და შევქმენით, მე ვფიქრობ თავის დროზე საკმაოდ პოპულარული და საეტაპო პროექტი ლიტერატურის მიმართულებით ქართულ ელექტრონულ სივრცეში, როგორიც იყო lib.ge. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თავის დროზე ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარღვევა, literatura.ge-სთან ერთად, რომელმაც პრინციპულად სხვა რეალობა დაანახა ქართველ ავტორებს, რომ შეიძლება წიგნი ბეჭდური სახით მაინცდამაინც არ გამოსცე, მაგრამ შენი სახელი სხვა ადამიანებმა გაიგონ და გაიგონ ძალიან აქტიურად.

პროექტი ეკვილიბრიუმი, რომელიც ერთგვარ სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმად იქცა, ასევე თქვენ გიკავშირდებათ და დღემდე სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს. რას იტყვით თქვენს მიზნებზე ამ მიმართულებით?

მე ვარ სახელის ადამიანი და ეს მოსახვეჭელი მირჩევნია დანარჩენს, – ცოტათი ალუზია რომ გავაკეთოთ ცნობილი აფორიზმის. ჩემი მთავარი როლი წარმომიდგენია განათლების პოპულარიზაციაში, ოღონდ არა სამთავრობო სექტორიდან, არამედ ვთქვათ, სამოქალაქო მოძრაობებიდან გამომდინარე და „ეკვილიბრიუმიც“ არის სამოქალაქო მოძრაობა და არ არის რეგისტრირებული, როგორც სახელმწიფო ტიპის რაიმე ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, რომ ის მოცემულობა, რომელიც საქართველოში თავის დროზე ძალიან კარგი პრეცენდენტის – „წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების“ სახით შეიქმნა, რაღაც ფორმით უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს ისევ სამოქალაქო სექტორიდან. ბუნებრივია, ეროვნული ბიბლიოთეკა არის სახელმწიფო ორგანიზაცია, მაგრამ ის არ არის პოლიტიკურად დატვირთული ორგანიზაცია და მას შეუძლია კარგად თანამშრომლობა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე ჩემს მთავარ როლს მე ამ მიმართულებით ვხედავ. რაც შეიძლება მეტი, კარგი გაგებით აგრესიული, საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი ტიპის ქვეყნების დღის წესრიგის განმსაზღვრელი, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია.

მე ვიცი როგორ შეიძლება გავაკეთოთ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა, რომელიც არ იქნება მხოლოდ ბიბლიოთეკა, იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენს მეხსიერებას ეს შემორჩა, ან სტერეოტიპად არის დამკვიდრებული. რეალურად ბიბლიოთეკა უნდა იყოს ერთგვარი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც თავის თავში მოიცავს, როგორც ტიპურ საბიბლიოთეკო ცხოვრებას, ამავდროულად იქ აუცილებლად უნდა იყოს კომპიუტერიც, უნდა იყოს ინტერნეტი, საინფორმაციო ბიურო, სადისკუსიო კლუბი, ღონისძიებისთვის განკუთვნილი სივრცეები და ამავდროულად უნდა შეეძლოს სოფლის ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების თვითორგანიზების მიმართულებით რაღაც ნაბიჯების პროვოცირება. ამიტომაც ეს არის ძალიან რთული სამუშაო, ამ მოძრაობას სჭირდება ძალიან ბევრი მოხალისე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი ნელ-ნელა გამოჩნდება სოფლებში.

ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევაა მიმართული ამ საქმეზე, გვყავს ძალიან ბევრი შემომწირველი, თითქმის ყოველდღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემოდის თანამედროვე წიგნები, რომლებსაც ოჯახებიდან წირავენ ადამიანები, კონკრეტული სოფლების ან კონკრეტული ბიბლიოთეკებისთვის. ახლა ვაკეთებთ ირაკლის ბიბლიოთეკას [ირაკლი ლოლაძის ბიბლიოთეკა, ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში], რომელიც თბილისში გარდაიცვალა ტრაგიკულად და ვცდილობთ რომ მისი სახელი შემორჩეს, იქაურ ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციასთან. ძალიან ბევრი მოხალისე არის ჩართული ამაში, აქ თბილისიდანაც, ჭიათურის რაიონიდანაც… ამის უკვე არსებული და კარგი პრეცენდენტი არის ივლიტას ბიბლიოთეკა, რომელიც ასევე ამ მოძრაობის, კერძოდ ჩემი იდეა იყო. ივლიტა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაიცვალა. ის ჩოხატაურელი გოგონა იყო და დღეს თუ ჩოხატაურში გაივლით, ნახავთ ძალიან თანამედროვე ბიბლიოთეკას, რომელიც სწორედ მთლიანად, თავიდან ბოლომდე, მოხალისეების მიერ აგურ-აგურ გაღებული შემოწირულობებით გაკეთდა. გარდა ამ ტიპის კერძო თანამედროვე ბიბლიოთეკისა, 600-ზე მეტი ბიბლიოთეკა აღვადგინეთ ან განვაახლეთ სოფლებში.

თქვენ 27 წლის ასაკში გახდით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. რა გამოწვევები გქონდათ ამ საქმეში და როგორ შეაფასებთ თქვენს საქმიანობას უკვე ოთხი წლის შემდეგ?

თავის დროზე დირექტორობა შემომთავაზა კახა ბენდუქიძემ და პირველი რაც ვუპასუხე იყო, რომ თუ კი მე დავთანხმდებოდი, სრულიად თავისუფალი უნდა ვყოფილიყავი პოლიტიკური გავლენებისგან, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის ყველაფერი პოლიტიზებულია და მან მითხრა, რომ შეეძლო ყოფილიყო ჩემი ამგვარი თავისუფლების გარანტი. ბუნებრივია ვიფიქრე და გავითვალისწინე ბევრი რამ, მათ შორის დაწყებული საკუთარი ამბიციით და სურვილებით, დასრულებული იმ პოტენციური საფრთხეებით, რომლებიც არსებობდა ამ თანამდებობაზე. კიდევ ერთი და ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბავი იყო ის გამოწვევები, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის, როგორც ამ შემთხვევაში ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაწესებულების წინაშე იდგა. ვიცნობდი ბიბლიოთეკის ბევრ თანამშრომელს, ასევე მქონდა რაღაც ტიპის ინფორმაცია საზღვარგარეთ არსებულ ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით. შემოთავაზებიდან პირველი ნახევარი თვე ვფიქრობდი და საბოლოო ჯამში მივიღე გადაწყვეტილება დავთანხმებულიყავი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ მე და დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ამბებში, შეგვიძლია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქცევა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო კარგ ბიბლიოთეკად და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით, დაწყებული დიდი ელექტრონული ბაზების შექმნით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამართვით, სერიოზული ლაბორატორიების შექმნით, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებს გულისხმობს, სადაც ვითარდება უშუალოდ პროექტი „ივერიელი“, რომელიც გულისხმობს ძალიან ბევრ განშტოებას – ეს არის ციფრული ფოტომატიანე „ფიროსმანი“, უშუალოდ წიგნების დასკანერება, ამავდროულად ჩვენ გვაქვს კარგი ლექსიკონების ბაზები, საგანმანათლებლო ტიპის ელექტრონული საიტები და ა.შ. პარალელურად, მათ შორის ბიზნესების დახმარებით, ვცდილობთ ბიბლიოთეკის კორპუსების სრულ რეაბილიტაციას და შვიდი კორპუსის დაახლოებით 70%-მდე უკვე გავარემონტეთ, გავაკეთეთ უამრავი დარბაზი. რაც მთავარია ეროვნული ბიბლიოთეკა გახდა აქტიური სივრცე. დღეს უკვე ვეღარავის ვეღარ წარმოუდგენია, რომ ვთქვათ ქვეყანაში გამართული ათი ღონისძიებიდან 3 ან 4 ყოველდღიურად ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ ტარდებოდეს, მათ შორის ეს ეხება საერთაშორისო ღონისძიებებსაც.

ჩემი მთავარი მიზანი, ამ შემთხვევაში არის ეროვნული ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია. განსაკუთრებით ეს ეხება პირველ კორპუსს, სადაც ჩვენ ძალიან მალე გავხსნით წიგნის მუზეუმს. ასევე, რაღაც დროში გავხსნით ანბანის მუზეუმსაც და მერე უკვე შევეცდებით, რომ ის ძირითადი დარბაზები, რომლითაც ეს კორპუსი იყო ცნობილი, გავარემონტოთ და შემდეგ უკვე ცხადია სადღაც იქნება საზღვარი, როცა ჩავთვლი, რომ ჩემი მისია არის შესრულებული.

თქვენს შემოქმედებაზე რომ გადავიდეთ, ხართ პოეზიაშიც და პროზაშიც, თუ შეიძლება ასე გკითხოთ – „რომელმა რომელს დაასწრო“?

ლექსებმა რა თქმა უნდა და დღესაც ასწრებს. დასწრებას გასწრებით გადავაკეთებ იმ აზრით, რომ მე ჩემი თავი პროფესიონალად უფრო პოეზიაში მიმაჩნია ჯერჯერობით, თუმცა აქტიურად ვმუშაობ პროზაში და ბევრ ექსპერიმენტს მივმართავ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის უმეტესობამ ალბათ იცის ჩემი პროზაული ესეისტური ნაწარმოების – „გურული დღიურების“ შესახებ, ძალიან ადრე დავიწყე ლექსების წერა და პირველი კრებული ოზურგეთშიც გამოვიდა და მერე უკვე სერიოზული წიგნი, რომელიც გამოვეცი, ეს იყო „ოდები~, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო, ოღონდ ფართო წრეში ვერ, იმიტომ, რომ პოეზია საქართველოში ამ წუთას ნამდვილად არ გულისხმობს ფართო აუდიტორიას, თუ ფრაგმენტული გამოსვლები არ იგულისხმება რაღაც შოუებში, არც ისე გემოვნებიანი ტექსტებით.

ამის მერე კიდევ ერთი ცოტა უფრო ექსპერიმენტული წიგნი გამოვიდა – „მინიატურები“ – ჩემი და მაი ლაშაურის ერთობლივი პროექტი, ნახატი და ტექსტი ერთად. შემდეგ გამოვიდა უკვე 2008-2013 წლებში დაწერილი ლექსები, და მერე უკვე „გურული დღიურები“, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა, ბუნებრივია საკმაოდ ჭკვიანურად გათვლილი მარკეტინგით, რომელსაც ძირითადად მე ვაწარმოებდი. მე ვფიქრობ, რომ ამ წიგნმა მაინც მოახდინა გარკვეული რევოლუცია, არა როგორც საკუთრივ ტექსტმა, არამედ როგორც, ვთქვათ, ძალიან პოპულარულმა ფენომენმა. `გურულმა დრიურებმა~ კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, დღეს შეიძლება თუ არა წიგნი იყოს პოპულარული, ნამდვილად დადებითად გადაწყვიტა. თუმცა ხაზგასმით ვამბობ იმასაც, რომ მე არ მგონია, ეს იყოს საუკეთესო წიგნი, მაგალითად პროზაული, რომელიც იმ წელს დაწერილა და ა.შ. არა ყალბი თავმდაბლობის გამო, არამედ ობიექტური ადამიანი ვარ. თუმცა ამავდროულად არ მგონია, რომ იყოს ყველაზე უარესი, რაც იმ წელიწადს დაიწერა.

თქვენ ახსენეთ „ჭკვიანურად გათვლილი მარკეტინგი“, მართლაც აქტიურად იყენებდით სოციალურ ქსელებს. როგორ შეუწყვეთ ხელი ამ წიგნის ბესთსელერობას და რა მეთოდებს უნდა მიმართონ დღეს საქართველოში დამწყებმა მწერლებმა?

განსაკუთრებული არაფერი, სიმართლე გითხრათ, გარდა იმისა, რომ [საწყის ეტაპს ვგულისხმობ] ნაწყვეტებს ვდებდი წერის პროცესში სოციალურ ქსელში, მათ შორის „გურული დღიურების~ ოფიციალურ გვერდზე და ა.შ. რამაც გამოიწვია დიდი ინტერესი იმ ადამიანების, რომლებიც იგულისხმებოდნენ წიგნის სამიზნე ჯგუფებში. ასეთი იყო რამდენიმე: პირველი ეს იყო ადამიანები, რომლებიც სოფელში ცხოვრობდნენ, გაიზარდნენ და ჰქონდათ გარკვეული იდენტობის შეგრძნება; მეორე ისინი, ვინც 90-იანი წლების, ვთქვათ, ერთგვარი ნოსტალგიით, ან „ნოსტალგიით~ გამოირჩეოდნენ, იმ აზრით, რომ მათ ჰქონდათ ასევე იდენტობის შეგრძნება 90-იან წლებთან და ა.შ.

გარდა ამისა, ადამიანების ნაწილმა პრეზენტაციაზეც და მერეც წიგნთან სურათი გადაიღო, ეს იყო, რა თქმა უნდა, ბუნებრივად, თუმცა ამის შემდეგ მივხვდი, რომ სოციალურ ქსელში ეს შეიძლება ყოფილიყო ტენდენცია… რომ ერთ ადამიანს სხვა ადამიანისთვის დაენახვებინა ამ წიგნის არსებობა. შესაბამისად, გარკვეულწილად, მეც შევუწყვე ხელი, სულ მცირე, არ შემიშლია.

და სოციალურ ქსელში გამოჩნდა გოგონების ფოტოები თქვენს წიგნებთან…

დიახ. ამ ადამიანებს ალბათ ჰქონდათ გარკვეული ემოციური შემხებლობა ტექსტებთან და ბუნებრივია მათი ინტერესი საწყის ეტაპზე თავიდან ასე გამოვიწვიე. თუ არ ვცდები, პირველად „გურული დღიურები~ გამოვიდა სადღაც ათას ცალამდე, ყოველ შემთხვევაში არ იყო დიდი ტირაჟი და ეს ინტერესი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ამ ტირაჟის ამოსაყიდად. როდესაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ადამიანები და მათ შორის ჟურნალისტები, უბრალოდ დაინტერესდნენ წიგნით და წიგნი აღარ იყო მაღაზიებში, ამას გარკვეული ტიპის სიუჟეტები მიეძღვნა და მათ შორის იყო ერთ-ერთი დიდი ტელესიუჟეტი, რომელმაც პრინციპში განაპირობა ამ წიგნის ზეპოპულარობა, ამის შემდეგ მეორე ტირაჟი, რომელიც ძალიან დიდი იყო, მგონი მეორე დღეს საერთოდ აღარ იყო გაყიდვაში.
რაც შეეხება რჩევას, წერის საკითხი აუცილებლად ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველ რიგში, ბუნებრივია, საკუთრივ წერასთან დაკავშირებით, ადამიანი უნდა მუშაობდეს ძალიან ბევრს. თანამედროვე მწერალი უნდა იყოს მკითხველიც და ძალიან აქტიური მკითხველი. სხვანაირად ეს საქმე არ გამოვა. ბუნებრივია, უნდა ეცნობოდეს ყველა ტიპის ლიტერატურას და განსაკუთრებით თანამედროვეს. სასურველია თუ მას აქვს წვდომა უცხოურ ავტორებთან, მათ შორის თუ ორიგინალ ენაზე შეუძლია კითხვა. ასევე, ბუნებრივია, საჭიროა საკუთარი ნიჭის მიზანმიმართული ვარჯიში. ნიჭი, ეს არ არის უკვე აპრიორი რაღაცის განმსაზღვრელი მოცემულობა, მას სჭირდება მუდმივი ვარჯიში.

აი, მეორე ნაწილს რაც შეეხება, აქ უკვე ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს სიტყვა არც პიარის, პრომოუშენის და ასე შემდეგ. ძალიან კარგად აქვს დაწერილი აკაკი ბაქრაძეს, რომ მან, ვინც აიღო კალამი, აუცილებლად იგულისხმა მკითხველი. ანუ წარმოუდგენელია, რომ ადამიანი წერდეს და არ გულისხმობდეს მკითხველს და რაც უფრო მეტი იქნება მკითხველი, ბუნებრივია, მას უფრო გაუხარდება. ეს არის ფსევდომანერულობა, თითქოს ვიღაცას არ აინტერესებს სხვისი აზრი და მთავარია 5-6 კაცის მოსაზრება, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს. ამიტომაც ჩვენ უნდა გადავლახოთ სტერეოტიპი, რომ ავტორი არ უნდა იყოს აქტიური საკუთარი შემოქმედების პიარში. სხვანაირად ეს საქმე არ გამოვა. გამომცემელთან მისვლამდე ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელიც ძველ ავტორებს არ ჰქონდათ, ეს არის სოციალური ქსელი. სოციალურ ქსელს შეუძლია ბევრი რაღაცის განპირობება, მათ შორის ის, რომ შენი ნაწერი, თუ ხარ ახალგაზრდა და დამწყები, მოხვდეს სხვადასხვა ადამიანებს თვალში და შესაბამისად უკვე გაადვილდეს ამ ყველაფრის ბეჭდური აზრით პუბლიკაცია.

შესაძლებელია, რომ დღეს საქართველოში მწერალმა თავისი შემოქმედებით თავი ირჩინოს?

ეს არ არის დიდი ბაზარი, არ გულისხმობს გიგანტურ ბესთსელერებს და დიდ გაყიდვებს. მაგალითად, წელიწადში 20-30 ათას ცალს, რომლის ჰონორარიც შეიძლება დღეს თანამედროვე ადამიანს მთლად კარგად არა, მაგრამ რაღაცაში ეყოს. თუ, ვთქვათ, დღეს მწერლის ტირაჟი საქართველოში იქნებოდა 100 ათასი, ის ამას გაყიდდა და შემდეგ შემოსულ პროცენტს, რომელიც, როგორც წესი, მერყეობს 13-დან 20 პროცენტამდე, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მწერალი საკუთარი ნაწარმოებიდან მიღებული ჰონორარით თავს ირჩენს. თუმცა 100-ათასიანი ტირაჟით წიგნი, დღეს, საქართველოში, მხოლოდ ერთ წელიწადში, მე საერთოდ არ მახსენდება.
ამიტომაც ახალგაზრდა მწერლებისთვის პარალელური პროფესიები არის აუცილებელი მათ შორის მომიჯნავე ტიპის დისციპლინები, ვთქვათ, შეიძლება ვიღაც ხელოვნებათმცოდნე გახდეს და ლექტორობა დაიწყოს, შეიძლება ვიღაც მასწავლებელი გახდეს, შეიძლება საერთოდ არ მუშაობდეს ამ სფეროში და იყოს ვთქვათ, კარგი მთამსვლელი, ფეხბურთელი და რომელიმე ტექნიკური დარგის სპეციალისტი და ა.შ.

გეგმებზე რომ მოგვიყვეთ, თქვენს შემოქმედებაში და ბიბლიოთეკაშიც…

ძალიან მალე გამოვა ჩემი „გურული დღიურების“ მეორე ნაწილი, რომელიც განსხვავებულია პირველისგან – ეს არ არის ეთნოგრაფიული ტიპის ტექსტი [არც ის იყო კლასიკური ეთნოგრაფია, მაგრამ იქ იყო რაღაც ჩანაწერები], იმდენად, რამდენადაც დიდწილად ეძღვნება მამაჩემს და იმ ამბებს, რომლებიც მის ირგვლივ ვითარდებოდა. ის ახლახან გარდაიცვალა. და ამავდროულად ეს წიგნი ეძღვნება ბებიაჩემს, რომელიც მამაჩემის გარდაცვალებიდან ორ დღეში გარდაიცვალა. ამავდროულად გამოდის ჩემი ზღაპრები, რომელსაც „თომას ზღაპრები~ ჰქვია. სავარაუდოდ ორივე მათგანი გამოვა სექტემბერში.

რაც შეეხება ეროვნულ ბიბლიოთეკას, ამ თვეში სულ მცირე ხუთი დარბაზის გახსნას ველოდებით, მათ შორის არის ბარბარე ჯორჯაძეს დარბაზი, პლაკატის მუზეუმი, წიგნის მუზეუმი. იგეგმება დაწყება უკვე მუშაობის და რაღაც კონტურების გამოკვეთა ანბანის მუზეუმისა, იტალიური ბიბლიოთეკა გაიხსნება და დიუმას ცენტრი გახსნის ასევე განახლებულ ბიბლითეკას. მოკლედ, ბევრი გეგმაა.

ორ მრავალშვილიან ოჯახს ბათუმის მერია ბინებსა და რემონტისთვის თანხას გადასცემს

დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმის სკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  კენჭი უყარეს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ბათუმის მერიისათვის თანხმობის მიცემის საკითხს.

„მიღებული გადაწყვეტილებით შაქრო ქადიძისა და ნინა ივანაძის ექვსშვილიანი და ირინა სალკოვას რვაშვილიანი ოჯახები ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ.N-1,  126 კვ/მ ფართობის საცხოვრებელ ბინებსა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილ 31 500 ლარს მიიღებენ“, – ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ბინებისა და სარემონტო სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხის გადაცემას ბათუმის მერია მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა მოქმედებს 2013 წლიდან და მასში მონაწილეობა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც 2013 წლის 7 იანვრამდე არიან რეგისტრირებულნი ბათუმში, ჰყავთ 6 და მეტი შვილი და საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი 150 კვ/მ-ზე ნაკლებია.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე უკვე 10 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხა.

„გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ – აქცია ბათუმში [ანონსი]

10 სექტემბერს, 12 საათზე ბათუმში სისხლის ბანკში  [პუშკინის ქ.#162]  გაიმართება სისხლის ჩაბარების აქცია „გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“. აქციას ახორციელებენ ბათუმელი მოხალისეები პროექტის – „საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში.

მონაწილეობის მსურველები ორგანიზატორებს პირადად უნდა დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე საქართველოს მოხალისეები ბათუმიდან.

პროექტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კომპანია „ჰელფინგ ჰენდი“ ერთობლივად ახორციელებენ.

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

დღეს, 8 სექტემბერს ბათუმში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტში: 

  • ბათუმის №68 ოლქი – ომარ ფარტენაძე;
  • ბათუმის №69 ოლქი – დავით გოგიტიძე;
  • ბათუმის №70 საარჩევნო ოლქი – ხათუნა ფხაკაძე;
  • №71 ოლქი -სულიკო რომანაძე;
  • №72 ოლქი – იაშა გვიანიძე;
  • №73 ოლქი – მიხეილ მახარაძე.

მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში: 

  • ბათუმის №68 ოლქი – ლევან ჯინჭარაძე;
  • ბათუმის №69 ოლქი – დიმიტრი ჭეიშვილი;
  • ბათუმის №70 საარჩევნო ოლქი – შაქრო პაპიძე;
  • №71 ოლქი – ხვიჩა გამარჯობაძე;
  • №72 ოლქი – შუქრი ბრუნჯაძე;
  • №73 ოლქი – მამუკა ღორჯომელაძე.

ნინო ბურჯანაძემ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ აღნიშნა, რომ პარტიული სია, საზოგადოებისთვის რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მან შეხვედრაზე მხოლოდ სიის პირველი ნომერი – გიორგი ცინცქილაძე. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია. ის საჯარო სამსახურში ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმყოფებოდა. იყო აჭარის პარლამენტის სპიკერი 2004 წელს, ასლან აბაშიძე, მას როგორც ერთგულ თანაგუნდელს, ისე მოიხსენებდა. იყო აბაშიძისდროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004-2005 წლებში, ის დააპატიმრეს. როგორც გიორგი ცინცქილაძე ამბობს, მას აჭარის ტელევიზიისთვის თანხის არასწორად გამოყოფისთვის წაუყენეს ბრალი. „თუმცა, ბრალი არ მიღიარებია” – ამბობს ის. აბაშიძის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, გიორგი ცინცქილაძე პოლიტიკას ცოტა ხნით ჩამოშორდა.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ სიის პირველი ათეული აჭარაში

8 სექტემბერს, უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადის ბოლო დღეს, ცნობილი გახდა „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. პარტიული სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აჭარაში, კობა ჩხეიძეა. სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. კობა ჩხეიძე [მაჟორიტარი #69 საარჩევნო ოლქში]

2. ჯაბა ბერიძე [მაჟორიტარი #68 საარჩევნო ოლქში]

3. ოთარ ცეცხლაძე [მაჟორიტარი #73 საარჩევნო ოლქში]

4. არმაზ ბახტაძე [მაჟორიტარი #70 საარჩევნო ოლქში]

5. ხათუნა ფაღავა

6. სალომე ზაქარიაძე

7. პაატა ზაქარაძე [მაჟორიტარი #72 საარჩევნო ოლქში]

8. კახაბერ კაკალაძე [მაჟორიტარი #71 საარჩევნო ოლქში]

9. ირაკლი მახარაძე

10. ნარგიზ ალასანია

„თავისუფალი დემოკრატების“ პარტიულ სიაში სულ 30 პირია.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატები არიან:

პარლამენტში: ნუგზარ ვარშანიძე [#68 ოლქი], ნინო ბერაძე [#69 ოლქი], თეიმურაზ ხაბაძე [#70 ოლქი], სოსო ნოღაიდელი [ქობულეთი], ნინო ლორთქიფანიძე [ხელვაჩაური] და თემურ ავალიანი [ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებული ოლქი].

უმაღლეს საბჭოში: ჯაბა ბერიძე [#68 ოლქი], კობა ჩხეიძე [#69 ოლქი], არმაზ ბახტაძე [#70 ოლქი]. კახა კაკალაძე [ქობულეთი], პაატა ზაქარაძე [ხელვაჩაური] და ოთარ ცეცხლაძე [ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებული ოლქი].

უსკოს ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოში სულ 20 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული, აქედან 9 პარტია გაერთიანებულია 4 ბლოკში, 16 პოლიტიკური გაერთიანება კი დამოუკიდებლად მონაწილეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ სია აჭარაში ძველი სახეებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უკვე ცნობილია. პირველი ნომერი სიაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეა. მან სიის პირველი თხუთმეტი წევრი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ „ეს 15-ვე სრულად შევა უმაღლეს საბჭოში“. სიაში სულ 35 პირია.

  1. ლევან ვარშალომიძე – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე;
  2. პეტრე ზამბახიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  3. გია აბულაძე – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი და მაჟორიტარობის კანდიდატი 70-ე ოლქში;
  4. გიორგი დიასამიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი [ენმ] 2014 წლის არჩევნებზე;
  5. ელგუჯა ბაგრატიონი – ქობულეთის საკრებულოს წევრი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი;
  6. ასმათ დიასამიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  7. ნინო ჯინჭარაძე – მაჟორიტარობის კანდიდატი 69-ე ოლქში ;
  8. ლაშა კილაბერია – ამხანაგობის ადმინისტრატორი – ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსი“;
  9. ქენან კახიძე – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი;
  10. პაატა აცინბა – შემოვლითი ჯგუფის უფროსი – ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოები“ ;
  11. ნუგზარ ამაღლობელი – მაჟორიტარობის კანდიდატი 73-ე ოლქში [ხულო, ქედა, შუახევი] და შუახევის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ომარ მეგრელიძის ბიუროს უფროსი;
  12. რაულ თავართქილაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწვეული სპეციალისტი;
  13. მამული სურმანიძე – ქობულეთის საკრებულოს წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი 71-ე ოლქში;
  14. რევაზ ხარაზი – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწვეული სპეციალისტი;
  15. გელა დეკანაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწვეული სპეციალისტი;.

5 რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელი

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. სარჩელის მოთხოვნა კანონში „სახელმწიფო ქონების შესახებ“ იმ ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ვერ გადაეცემა ვერც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა.

„სახელმწიფოს არ სურს, ხელიდან გაუშვას რელიგიური ორგანიზაციების მართვის ბერკეტები, – მიიჩნევს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე. ის ერთ-ერთია, ვინც საკონსტიტუციო სარჩელს ხელს აწერს. მოსარჩელეები ასევე არიან: ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია და სახარების რწმენის ეკლესია. მათთვის საკულტო ნაგებობები სახელმწიფო სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა, თანაც მხოლოდ უსასყიდლოდ, რელიგიური ორგანიზაციებიდან მხოლოდ სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არის შესაძლებელი.

„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება, არღვევს თანასწორობის პრინციპს და დისკრიმინაციულია. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. 21-ე მუხლის მიხედვით კი, საკუთრება და მემკვიდრეობა აღიარებული და ხელშეუვალია,“ – განმარტავს მოსარჩელეების ინტერესების დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში, შოთა თუთბერიძე. იურისტის თქმით, პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, როცა ხელისუფლებამ სამოქალაქო კოდექსი რელიგიური ორგანიზაციებისთვის თანაბარი სტატუსის მინიჭების მოთხოვნით შეცვალა და მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, ყველა რელიგიური ორგანიზაცია დარეგისტრირდა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

„ამას არ მოჰყვა ცვლილება კანონში „სახელმწიფო ქონების შესახებ“, სადაც წერია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება შესაძლებელია რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის უსასყიდლოდ, ასევე სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რეალურად კერძო სამართლის პირია რელიგიური ორგანიზაცია, მაგრამ ისინი ამ ფორმით დარეგისტრირდნენ, რადგან მათი ინტერესი საჯაროა და არ არიან მოგებაზე, ქონების დაგროვებაზე ორიენტრებული ორგანიზაციები. ყველა საერთაშორისო სტანდარტით, რელიგიური ორგანიზაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი,“ –  გვიყვება შოთა თუთბერიძე.

„ჩვენი, რელიგიური ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ბედი დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილგანწყობაზე,“ – ამბობს რუსუდან გოცირიძე, „ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი. ის ხედავს საფრთხეს, რომ შესაძლოა, მფლობელობაში გადაცემული ქონება ხელისუფლებამ პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენოს: „ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ერთი ეკლესიის ისტორიულ მემკვიდრეობას სხვა ეკლესია იყენებს. რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ არსებობს ამის საფრთხე?… გარდა ამისა, დამატებითი ბარიერები იქმნება, როცა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაცის შენობის რეკონსტრუქცია უნდა, ანდა რაიმეს შეცვლა. ელექტორატის თუ სხვა მიზეზების გამო, ფაქტია, რომ ხელისუფლებას არ სურს გააღიზიანოს ყველაზე გავლენიანი ეკლესია. ამავდროულად, მას სურს არ დაკარგოს გავლენა უმცირესობების ეკლესიებზე, რომლის ინტერესებსაც ის არასდროს ითვალისწინებს. ჩვენი დავის საგანი მარტივია, არ უნდა არსებობდეს დიკსრიმინაციული მიდგომა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ“.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია ისიც, რომ არსებობს სახელმწიფო ქონებაც, რომლის შეძენის სურვილიც აქვთ რელიგიურ ორგანიზაციებს. მათი მტკიცებით, ეს ქონება მათი ისტორიული მემკვიდრეობაა. აქვე ხაზგასმულია, რომ მხოლოდ რამდენიმე საკულტო ნაგებობაა რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებად დარეგისტრირებული. ეს ის ქონებაა, რომელიც რელიგიურმა უმცირესობებმა კერძო პირებისგან შეიძინეს.

„ეს არის დისკრიმინაციული გარემოს კიდევ ერთი მაგალითი. თუკი მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უფლება მიიღოს სახელმწიფოსგან ქონება, რატომ არ უნდა ისარგებლოს იმავე უფლებით სხვა რელიგიურმა ორგანიზაციამ?“ – კითხულობს ეკა ჭითანავა, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორი. იგი ამბობს, რომ პირადად მას ბევრჯერ მოუსმენია ხელისუფლების, მათ შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, პოზიცია, რომ კანონი ამ კუთხით უნდა შეიცვალოს, მაგრამ დაპირებებს რეალური ნაბიჯები არ მოჰყოლია: „ხელისუფლების გადაწყვეტილებები არის ძირითადად პოლიტიკური მიზანშეწონილობით განსაზღვრული და არა სეკულარიზმის პრინციპით მიღებული. ხელისუფლებას აშინებს ის, რომ შეიძლება ეს საპატრიარქომ აღიქვას, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული პროცესი. ხელისუფლებას სურს საპატრიარქოს მხარდაჭერა. საპატრიარქო შიშობს, რომ ამით თითქოს შესუსტდება მისი პრივილეგიები. ეს ურთიერთდამოკიდებულების ჯაჭვი ქმნის საბოლოო ჯამში დისკრიმინაციულ გარემოს.“

ზუსტად 20 თვის წინ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სახარების რწმენის ეკლესიამ სხვა სარჩელით, თუმცა მისი დასაშვებობის საკითხი სასამართლოს ამ დრომდე არ გადაუწყვეტია. ეს რელიგიური ორგანიზაცია მთავრობის განკარგულების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც საბჭოთა რეჟიმმა ზიანი მიაყენა მხოლოდ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას: ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურსა და სომხურ ეკლესიას [ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი კონსტიტუციური შეთანხმებით არის გათვალისწინებული].

უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს, 8 სექტემბერს იწურება. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით პარტიული სია წარდგენილი აქვს შემდეგ 6 საარჩევნო სუბიექტს [მათ შორისაა 5 დამოუკიდებელი პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი]:

  1. ,,უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“;
  2. ,,დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”;
  3. ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“;
  4. „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;
  5. საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“;
  6. “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“;

უსკოს შესაბამის სამსახურს პარტიული სიების გადასამოწმებლად 10-დღიანი ვადა აქვს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გამოსასწორებლად პარტიებს სამი დღე ექნებათ.

უსკოს ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოში სულ 20 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული, აქედან 9 პარტია გაერთიანებულია 4 ბლოკში, 16 პოლიტიკური გაერთიანება კი დამოუკიდებლად მონაწილეობს.

იმ შემთხვევაში, თუ უსკოში რეგისტრირებული რომელიმე საარჩევნო სუბიექტი არ წარადგენს პარტიულ სიას, ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუქმდება პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია.

 

 

ლექტორ-მასწავლებელთა ვაკანსიები იურიდიულ ფაკულტეტზე ბსუ-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ლექტორ-მასწავლებლების ვაკანსიაზე განაცხადების მიღება ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება.

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შვიდი საგნის ვაკანტური საათების წაკითხვის მსურველებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ განცხადება, რეზიუმე [CV], პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქსეროასლი. ხოლო შემდგომ მათი შერჩევა მოხდება 14-15 სექტემბერს, კონკურსის წესით.

ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვაკანტური საათები გამოცხადებულია შემდეგ საგნებში:

  • სახელშეკრულებო სამართალი – 60 საათი;
  • სანივთო სამართალი – 75 საათი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი – 75 საათი;
  • დიპლომატიური და საკონსულო სამართალი – 75 საათი;
  • საარჩევნო სამართალი – 60 საათი;
  • საერთაშორისო სისხლის სამართალი – 45 საათი;
  • ევროპის სამართალი -105 საათი.

როგორ უნდა დატოვოთ ყველა ჯგუფი ფეისბუქზე ერთდროულად

ფეისბუქის მომხმარებლებისთვის დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფებში ავტომატური დამატება. ზოგიერთი მომხმარებელი ასობით ჯგუფის წევრია და ყოველდღიურად იღებს შეტყობინებებს ამ ჯგუფში გავრცელებულ პოსტებზე.

ფეისბუქის ფუნქციებში არ არის ყველა ან რამდენიმე ჯგუფის ერთდროულად დატოვების ფუნქცია, რის გამოც ფეისბუქის მომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას.

ამ პრობლემის გადაწყვეტის გზამკვლევი ვიდეო YouTube-ზე მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა. ვიდეოს ავრცელებს i LOVE YOUTUBE-ის სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი.

ინსტრუქცია მარტივია, Google Chrome-ის ბრაუზერით უნდა გახსნათ თქვენი ფეისბუქგვერდი, ხოლო მეორე ფანჯარაში გახსენით მისამართი chrome.google.com . მისამართზე გადასვლის შემდეგ საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ Toolkit For Facebook და დაამატოთ [ADD TO CHROME].

ტუტორიალი 1

ტუტორიალი 2

დამატების შემდეგ მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება სიმბოლო, რომელზეც გადახვალთ და აირჩევთ ფუნქციას – Removal Tools. აქ უკვე სხვადასხვა ფუნქცია, რომლებიც შეგიძლიათ აირჩიოთ. მათ შორისაა: Unlike All Facebook Pages [აღარ მომწონს ყველა ჯგუფი], Unfriend All Facebook Friends [ყველა მეგობრის წაშლა], Leave All Facebook Groups [ყველა ჯგუფის დატოვება], Unfollow All Facebook Friends [ყველა მეგობრის გამოწერის გაუქმება] და სხვა. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა აირჩიოთ Leave All Facebook Groups – „ყველა ჯგუფის დატოვება“.

ტუტირიალი3

ტუტორიალი4

ამის შემდეგ გადახვალთ ფეისბუქგვერდზე და დაეთანხმებით მოთხოვნას. რამდენიმე წუთში თქვენ ყველა ჯგუფს ერთდროულად დატოვებთ. აღსანიშნავია, რომ ეს ხერხი არ იძლევა რომელიმე ჯგუფის გამორჩევის  შესაძლებლობას, ამიტომ თქვენთვის სასურველ ჯგუფებში ხელახლა უნდა გაწევრიანდეთ.

ტუტორიალი ბოლო

 

შიდა აუდიტის დასკვნა “აჭარის ტელევიზიაში”

“მაუწყებელში არსებული საბიუჯეტო კონტროლის სისტემები არაეფექტურია” – წერია დასკვნაში, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს” შიდა აუდიტმა დადო. ახალ დასკვნაში აქცენტირებულია მაუწყებლის ბიუჯეტი, რომელიც ჯერ კიდევ მუხლობრივად იწერება და არ არსებობს მისი პროგრამული ნაწილი. გარდა ამისა, გამიჯნული არ არის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ბიუჯეტი. აუდიტი ხაზს უსვამს ზოგად პრინციპს, რომ მუხლობრივი ბიუჯეტით ძირითადად ხარჯების გათვალისწინება ხდება, პროგრამულით კი წინასწარ ხდება იმის განსაზღვრა, რამდენად ეფექტური იქნება ესა თუ ის ხარჯი.

აუდიტი ყურადღებას ამახვილებს მუხლობრივი ბიუჯეტის კონტროლის არაეფექტურობაზეც: “კონტროლის მექანიზმების უმეტესობა მექანიკურია და აღმოჩენითი ხასიათის… ავტომატური და პრევენციული კონტროლის მექანიზმები მაუწყებლის შიგნით პრაქტიკულად არ არსებობს” – აღნიშნულია დასკვნაში.

“მართალია, პროგრამული ბიუჯეტი დღემდე არ გვაქვს. ეს უნდა მოეთხოვა მრჩეველთა საბჭოს,” – ამბობს “ბათუმელებთან” სოსო სტურუა, “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” დირექტორი. სტურუას თქმით, ახლაც ტელევიზიის მომავალი წლის ბიუჯეტი მუხლობრივად იწერება, მაგრამ წლის ბოლომდე იგი დაიხვეწება და პროგრამულად დამუშავდება მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით.

“დავაგვიანეთ რეაგირება…. მაგრამ ეს არ იყო შეცდომა. ჩვენ გვინდოდა, თანმიმდევრულად გვემოქმედა,” – გვითხრა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნატა იმედაიშვილმა. მისი თქმით, ოფიციალურად ტელევიზიის დირექციისთვის არ მიუმართავთ, რომ პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა იყო მოთხოვნა: “თუმცა საჯარო შეხვედრების დროს მუდმივად იყო ამაზე საუბარი. მომავალი წლის ბიუჯეტი ნამდვილად პროგრამული ხასიათის იქნება”

შიდა აუდიტის დასკვნაში ასევე წერია: “მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ არ არის დამტკიცებული ბიუჯეტის ფორმირების პრინციპები, პრაქტიკული მომზადების, პროექტის წარდგენის და განხილვისა, ცვლილებების შეტანის, შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესი”.

“მრჩეველთა  საბჭოს გადაწყვეტილებით უკვე განისაზღვრა მენეჯმენტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტის შემოტანის, განხილვისა და გადაწვეტილების მიღების პროცედურები,” – ამბობს ნატა იმედაიშვილი.

მას აუდიტის წინა დასკვნაზეც ვესაუბრეთ, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა და იქ სატენდერო პირობების დარღვევები იყო დაფიქსირებული. მაშინ იმედაიშვილმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ის ტელევიზიის სამსახურების წერილობით პასუხებს დაელოდებოდა. დღეს მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ აუდიტის პირველ დასკვნაში მთავარი რეკომენდაციების შესრულება იყო, რადგან შიდა აუდიტის დასკვნა მარტში პირველად დაიდო.

“ჩვენ მივიღეთ პასუხები ტელევიზიის სხვადასხვა სამსახურიდან. მათ გაიზიარეს აუდიტის შენიშნები და დირექციამ საყვედური გამოუცხადა ორ ხელმძღვანელ პირს. არ ვიცი, რამდენად საკმარისი იყო ეს რეაგირება,”- ამბობს ნატა იმედაიშვილი.

რეაგირებას საკმარისად მიიჩნევს სოსო სტურუაც, “აჭარის ტელევიზიის” დირექტორი: “დარღვევები ვისაც ეხებოდა, მას გამოვუცხადეთ საყვედური. დაველოდებით შემდეგ დასკვნებს…”

როგორია ავტობანის მშენებლობის ხარისხი

“ავტობანი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს,” – განაცხადა დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თამაზ ბაკურიძემ, ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა. მან ბრიფინგზე ავტობანის ქობულეთის მონაკვეთის ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც დაფიქსირებულია ქვების ცვენა

“სოფლების: ციხისძირის, შუაღელეს, დაგვისა და ბობოყვათის მონაკვეთზე ყოველი წვიმის შემდეგ ხდება ქვის ცვენა და საფრთხეს უქმნის ამ სოფლების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ასევე სკოლის მოსწავლეებს,” – აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

ქვის ცვენის პრობლემას ადასტურებენ გზების სახელმწიფო დერპარტამენტშიც: „რაც ჭრილებია სიმაღლეზე, დაიყრება ნოყიერი მიწა, რომელზეც მცენარეები ხარობს. მშენებლობის დასრულების შემდეგ დაითესება ბალახი, რაც  ყველაზე კარგი დამცავი საშუალებაა. აქ ასევე კეთდება არხები, იმ ჭრილებზე რომ არ მოხდეს წყლის გადადენა და მიწის და ქვაღორღის მეორე გზაზე ჩატანა”, – უთხრა “ბათუმელებს” ზურაბ სიხარულიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორმა.

თამაზ ბაკურიძის თქმით, პრობლემაა მაგისტრალზე ასასვლელებიც. მაგალითად მან სოფელი კვირიკე მოიყვანა, რომლის მოსახლეობაც მაგისტრალზე მოსახვედრად მოშორებით, სოფელ გვარაში უნდა ჩავიდნენ. ზურაბ სიხარულიძის განმარტებით მაგისტრალზე ამოსასვლელებიც და გზაგამტარებიც პროექტის შესაბამისად კეთდება.

gza 2
ქობულეთის შემოვლითი გზა

იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებულის საქმე

იარაღის უკანონო შენახვა-ტარების საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ის გუშინ, 6 სექტემბერს, ღამით, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებულს უკვე შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში. იზოლატორიდან გამოსული სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამოძიების დროულად დაწყებას ითხოვს იმის გასარკვევად, გადაამატეს თუ არა სამსახურებრივ უფლებამოსილებას პოლიციელებმა.

“მოქალაქე აცხადებს, რომ მას დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებმა იარაღის ჩაუდეს და შემდეგ სცემეს. ერთი შეხედვით, აღენიშნება გარკვეული სახის დაზიანებები თვალის და მუხლის არეში, ასევე – ნაჭდევები ზურგზე. ჩვენი მოთხოვნაა უსწრაფესად დაიწყოს გამოძიება იმისთვის, რომ დადგინდეს, რა მოხდა რეალურად,” – უთხრა ციალა ქათამიძემ “ბათუმელებს”, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

ციალა ქათამიძემ ნახა დოკუმენტებიც, რომლის მიხედვითაც გუშინ მინდია ოჯახიშვილი იზოლატორმა არ მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოჯახიშვილის ახლობლებსა და სამედიცინო პერსონალს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურმა “ბათუმელებს” დაუდასტურა, რომ მინდია ოჯახიშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 125-ე მუხლითაც, რაც ცემას გულისხმობს. ის თავდაპირველად მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა-ტარების საქმეზე დააკავეს.

“ბათუმელების” კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულზე, შსს-ს პრესსამსახურმა არ გვიპასუხა.

ოჯახის ახლობლების თქმით, მინდია ოჯახიშვილს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ქვეყნის დატოვებას სთხოვდნენ. ნათესავებს აქვთ მეორე ვერსიაც, რომ მინდია მთავარი მოწმე იყო ერთი პირის საქმეში, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკების მოხმარებას ედავებოდა და სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

mindias axloblebi
მინდია ოჯახიშვილის ახლობლების წინასწარი დაკავების იზოლატორთან

გამოხმაურება არმაზ ახვლედიანის განცხადებაზე

ბათუმის 69-ე დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას საინიციატივო ჯგუფის “დაიცავი ძველი ბულვარის” ერთ-ერთი წევრი, ნანა მეგრელიძე გამოეხმაურა. მან კატეგორიულად უარყო არმაზ ახვლედიანის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობა. არმაზ ახვლედიანის თქმით, შტაბი რამდენიმე წევრმა ზეწოლის შედეგად დატოვა, მათ შორის, ნანა მეგრელიძემ.

„არმაზ ახვლედიანის სურვილი იყო, ვყოფილიყავი მის გუნდში, მაგრამ მისთვის ამის თანხმობა არ მიმიცია. არმაზს მხოლოდ ქალაქიდან ვიცნობდი და წელს შემხვდა, ის ჩემი ძმის მეგობარია. რადგან ჩემთან შეხვედრა მოითხოვა, შევხვდი ორჯერ ინტერესის გამო. მისი პოლიტიკური შეხედულებები ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა და კონკრეტული პასუხი მისთვის არ მითქვამს,” – ამბობს ნანა მეგრელიძე.

“ბათუმელებთან” სატელეფონო საუბრის დროს ნანა მეგრელიძემ არ გამორიცხა რომელიმე პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა: “კერძო კომპანიაში ვმუშაობ ამჟამად და ზოგადად ბევრი შემოთავაზება მაქვს პოლიტიკოსებისგან, მაგრამ ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერი მაქვს”.

ხულოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ზურაბ პატარაძეს მიმართავს

ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის: ღურტის, დიაკონიძეების, ოქრუაშვილების, ვაშლოვანის, სხალთის და კვატიის მოსახლეობა ღია წერილით მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ექვსგვერდიან მიმართვაში ვრცლადაა აღწერილი ის პრობლემები, რომლებიც ამ სოფლების მოსახლეობას შეექმნა ხულოში ჰესების მშენებლობის დაწყების შემდეგ,

“როცა აფეთქება იყო, სახლები ირყეოდა, მოსახლეობაში ცუდი განწყობა უფრო და უფრო მკვიდრდებოდა, სიღრმეში შესვლის შემდეგ სახლები ირხეოდა. როცა მიმართეს და სთხოვეს, უფრო ნაკლები დოზით აეფეთქებინათ, მოსახლეობას უგზავნიდნენ რაღაც გაუგებარ დიაგრამებს, გრაფიკებს ინგლისურ ენაზე და პასუხობდნენ, რომ თქვენთან ჩვენი აფეთქება ზიანის მომტანი არააო. არადა, ზოგი სახლი მართლაც დაზიანდა.

ჰაერი მოიწამლა, რადგან მიწისქვეშა აფეთქებების დენთით გაჟღენთილი გრუნტი გზებზე დაყარეს და იმით გზები შეაკეთეს. მტვერმა შეაწუხა ხალხი, ავდარში – წებოვანმა ტალახმა, მდინარეებში ჩაიღვარა თევზისთვის მომწამვლელი წყალი” – აღნიშნულია წერილში.

ეკოლოგიური პრობლემების გრადა, წერილში საუბარია კომპენსაციების გაცემის წესზე: “კომპენსაციის სახით ზოგან ფულიც დაარიგეს, მაგრამ კომპენსაციების გაცემა ლოტოს გათამაშებას უფრო ჰგავდა, კაბინეტებიდან არც კი გამოსულან რიგიანად, რომ მდგომარეობა სრულყოფილად შეესწავლათ… არ შეიძლება თბილისში, კაბინეტში ვინმე იჯდეს და აქ ხალხს სპეცრაზმი მიუსიოს იმისთვის, რომ ხალხმა მამული, კუთხე, აოხრებისგან დაიცვას.“

წერილში, რომელსაც 300–მდე ადამიანი აწერს ხელს, ჩამოთვლილია კითხვები, რომლებზე პასუხიც აინტერესებს მოსახლეობას:

”რას აკეთებდა ამ პერიოდში გარემოს დაცვის სამინისტრო ან ახლა რას აკეთებს? როგორ უნდა იმართლოს თავი იუსტიციის სამინისტრომ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის გამო, როდესაც მიწაზე კერძო საკუთრების მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა და მისი აღიარება 2016 წლის 1 სექტემბრიდანაა ძალაში?!

რომელi კომისიით ხდება ამ კომპენსაციების გაცემა, ვისი განკარგულებებით? კაბინეტებიდან, ადგილზე ვითარების გარკვევის გარეშე რატომ წერენ კომპენსაციებს?

ვინაა ეს ხალხი, რა კომპანიაა ასეთი, რომ მან ჩვენი ხეობის ეკოლოგიის მოსპობის ხარჯზე მილიონები აკეთოს 50 წელი? ვინ დგას ამ კომპანიის უკან, სად დარეგისტრირდნენ, ვინ აფინანსებს მათ, საქართველოში ვინ უწყობს მათ ხელს?!

გვირაბიდან გამოტანილი გრუნტი გზებზე იყრება, დენთის ნამწვით გაჟღენთილი მიწის წვენი კი მდინარეში ჩაედინება ავდარში, ხოლო დარში მტვერი ჰაერს, ბალახს, მცენარეებს, ხეხილს და ადამიანებს წამლავს. ფსიქოლოგიურ ცდებს ატარებენ ჩვენზე?“

ხელმომწერები ზურაბ პატარაძეს სთხოვენ საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს და პუნქტებად უყალიბებენ მოთხოვნებს. მოთხოვნები შეეხება აჭარაში არსებული ყველა ჰესის მშენებლობის შეჩერებას, იმ დრომდე, სანამ სპეციალური კომისია არ შეისწავლის აღნიშნულ საქმეს; კერძოდ, მოსახლეობა მოუუთხოვს, გამოიკვლიონ ჰესის მშენებელი კომპანიების საქმიანობა; მოსახლეობას აუნაზღაურდეს ზარალი; შენარჩუნდეს და აღდგეს სოფლების ეკოლოგიური მდგომარეობა და ა.შ.

“ბათუმელები” დაუკავშირდა სოფელ ოქრუაშვილების მცხოვრებ რომან თავართქილაძეს, რომელმაც წერილი აჭარის მთავრობის კანცელარიაში შეიტანა. ის ამბობს რომ აჭარაში არსებულს ყველა სამთავრობო უწყებას მიმართეს, მაგრამ რეაგირება აქამდე არ ყოფილა. იგი ამბობს, რომ მოსახლეობას ზურაბ პატარაძის დახმარების იმედი მაინც აქვს: “ჩვენც ვიცით რომ არსებობს სხვა ინსტანციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცვლები, მაგრამ, რადგან ბატონი ზურაბ პატარაძე, რომელიც ახლახანს დაინიშნა, ჩვენი უშუალო ხელმძღვანელია, არ გვინდა გვერდი აუაროთ მას. მისი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ მოგვიგვარებს პრობლემას.”

რომან თავართქილაძე გვიყვება, რომ გასულ წელს იმავე პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებით მართეს არჩილ ხაბაძესაც, თუმცა, რა ბედი ეწია მათ განცხადებას, ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაიგო, როცა ხელახლა მივიდა მთავრობის კანცელარიაში, ამჯერად ახალი თავმჯდომარის, ზურაბ პატარიძისათვის ღია წერილის გადასაცემად: “გასულ წელს მივწერეთ ბატონ არჩილ ხბაძეს, მაგრამ, პასუხი ჩვენამდე არ მოსულა. სამი თვის შემდეგ დავრეკე, ამოვლენო, ადგილზე შეამოწმებელნ სიტუაციასო, ასეთი იყო პასუხი. არავინ არ ამოსულა. ორი დღის წინ, ბატონი ზურაბ პატარაძის წერილი რომ ჩავაბარე კანცელარიაში, მაშინ შევახსენე ძველი განცხადება, მოძებნეს და აღმოჩნდა, რომ განცხადება გადამისამართებული იყო ფინანსთა სამინისტროს სახელზე. ჩვენთან კი არავინ არ ამოსულა.”

ხულოს სოფლების მოსახლეობამ ანალოგიური წერილი გაგზავნა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სახელზეც.

პროფესიული გადამზადების პროგრამა 86 ბენეფიციარმა გაიარა

7 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ დასაქმების სააგენტოს 2016 წლის ქვეპროგრამის – პროფესიული გადამზადების შედეგების ანგარიში წარადგინეს. როგორც ანგარიშის წარდგენისას განაცხადეს, პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსი 86 ბენეფიციარმა დაასრულა. აქედან 16 ბენეფიციარი პრაქტიკას სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებში გადის, ხოლო 70 კურსდამთავრებულიდან 41 (57%) დასაქმდა.

აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის, თემურ კახიძის თქმით, რადგან უმუშევრობის ერთერთ გამომწვევი მიზეზი ნაკლებად კვალიფიციური მუშახელია შრომის ბაზარზე, დასაქმების სააგენტომ განახორციელა პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 86 ბენეფიციარი გადამზადდა.

პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში სწავლება განხორციელდა ელექტროშემდუღებლის, კონდიტერის, მზარეულის, მძიმე ტექნიკის ოპერატორის, სარესტორნო საქმის მწარმოებლის, სასტუმრო საქმის მწარმოებლის, სტილისტისა და აირალოვანი შემდუღებლის სპეციალობებზე. სწავლება, ასევე ითვალისწინებდა უცხო ენების (რუსული, ინგლისური) შემსწავლელ კურსებსა და საწარმოო პრაქტიკის გავლას.

„პროგრამა ითვალისწინებდა არა მხოლოდ სასწავლო კურსს, არამედ საწარმოო პრაქტიკას. შესაბამისად შედეგიც სახეზეა – 70 კურსდამთავრებულიდან 57% უკვე დასაქმებულია. ეს პროგრამის შესრულების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია“ – აღნიშნავს თემურ კახიძე. მისივე თქმით ეს პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ადმინისტრირება სრულად გადაეცა არასამთავრობო ორგანიზაციას ამ შემთხვევაში „დემოკრატიის ინსტიტუტს.“

ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს არამარტო პროფესიული და უცხო ენების სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები არამედ დემოკრატიის ინტიტუტის მიერ ორგანიზებული მცირე საქმიანობის ბიზნესის გაძლიერებისა და დამსაქმებელთან კომუნიკაციის ტრენინგების სერტიფიკატებიც გადაეცათ.

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბენეფციარებს საჩუქრად პროფესიული განვითარებისათვის საჭირო სახელმძღვანელოები და სამუშაო ინვენტარი გადასცა, რომელიც მათ გამოადგებათ სამუშაოს დაწყებაში.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამების მენეჯერი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და უზრუნველყოფს აჭარაში დასაქმების სისტემების ამოქმედებას.

„მემორანდუმი თავის თავში გულისხმობდა ხელშეწყობას ორივე მხრიდან. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვეცადეთ რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიგვეღწია“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა აიტაია ამბობს, კურსის გავლის შემდეგ სასურველი შეგედი მიიღო: „როგორც მზარეულმა კვალიფიკაცია ავიმაღლე, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ როგორც პროფესიონალ მზარეულს, მომავალში უფრო მეტი შემოთავაზება მექნება.“

ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და დასაქმების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეწირე და მიიღე

ქველმოქმედება პოლიტიკურად და „ოცნების“ ხელისუფლება

2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით ხუთ მილიონამდე ლარი მიიღო. სახელისუფლებო პარტიას მსხვილ თანხას ძირითადად დეველოპერები სწირავენ, შემდეგ ისინი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ და მაღალბიუჯეტიან კონტრაქტებს აფორმებენ, ან კიდევ, ხელსაყრელი პირობებით იღებენ მიწის ნაკვეთს ქალაქის ცენტრში მრავალბინიანი კორპუსის ასაშენებლად. მათგან ბევრმა ბედი პოლიტიკაშიც სცადა ან ახლა აპირებს.

დეველოპერების შემდეგ სახელისუფლებო გუნდის მსხვილ შემწირველებად სატრანსპორტო და საკომუნიკაციო, ასევე სამედიცინო სფეროში მომუშავე კომპანიები ფიქსირდებიან. მათგან ზოგიერთის მოტივაცია პოლიტიკაში მოსვლის სურვილს უკავშირდება, ზოგიერთს კი ამაზე ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

ბიზნესმენმა გიორგი კილაძემ 2016 წლის ივლისში „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა. ის სამი კომპანიის მეწილე, რვა კომპანიის პარტნიორი და ორი კომპანიის დირექტორია. მათ შორისაა შპს „ვარზია“, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე თერთმეტჯერ მოიგო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ტენდერი. ჯამში ამ კომპანიამ საფინანსო ანალიტიკური სამსახურისგან 2 მილიონ 640 ათას 435 ლარის დაკვეთა მიიღო [შესყიდვა პროგრამულ უზრუნველყოფას უკავშირდებოდა]. კომპანიას გიორგი კილაძე ერთპიროვნულად ფლობს. „ბათუმელები“ ბიზნესმენს ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა იმაზე, თუ რა მოტივაცია ამოძრავებდა, როცა მან სახელისუფლებო პარტიის ანგარიშზე 50 ათასი ლარი ჩარიცხა, გიორგი კილაძემ საუბარი არ ისურვა.

გოჩა ენუქიძე კი მათ შორისაა, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მან „ნაციონალურ მოძრაობას„ 60 ათასი ლარი შესწირა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 55 ათასი ლარი ჩარიცხა. ენუქიძე ოცზე მეტი კომპანიის პარტნიორი და თანამფლობელია, მათ შორის რამდენიმე, სახელმწიფოსგან მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს იღებს.

გოჩა ენუქიძე ამ მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ თავმჯდომარეა. ის პარლამენტში ამბროლაურის მაჟორიტარად `ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. პარლამენტში შესვლიდან რამდენიმე თვეში მან პარტია დატოვა. ახლა ის პარლამენტში მესამე ვადით შესასვლელად „ქართული ოცნების“ სახელით იბრძოლებს.

გოჩა ენუქიძე, რომელიც რუსეთის უმსხვილესი საერთაშორისო ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ბრენდის ქვეშ საქართველოში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელია, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008 წლიდან გახდა, როგორც ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი. ის ამჯერად სახელისუფლებო გუნდმა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ენუქიძე „ლუკოილის“ სტრატეგიული პარტნიორი – შპს „იბერკომპანის“, ასევე, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“, „კია მოტორს ჯორჯიას“ და კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელია.

გოჩა ენუქიძის ერთ-ერთმა კომპანიამ – „კაუკასუს მოტორსმა“ 2013 წლიდან დღემდე სატრანსპორტო ხელსაწყოებითა და დამხმარე საშუალებით მომსახურებაზე მაღალბიუჯეტიანი ტენდერი 24-ჯერ მოიგო და ის მიწოდების ამ სფეროს ერთგვარ მონოპოლისტად იქცა.

2013 წლიდან დღემდე კომპანიამ ჯამში სახელმწიფო უწყებებისგან 10 მილიონზე მეტი ლარის დაკვეთა მიიღო. ამ დროის განმავლობაში „კავკასუს მოტორსმა“ მაღალბიუჯეტიანი კონტრაქტები გააფორმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გზების დეპარტამენტთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან, სატყეო სააგენტოსთან. ამ კომპანიამ მიიღო ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ასევე, საქართველოს რკინიგზის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაკვეთები.

ენუქიძის კიდევ ერთი კომპანია „ვივი“ 2011-2012 წლებში ინტენსიურად იგებდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს. 2011-2012 წლებში სახელმწიფო უწყებებისგან დაკვეთებს ხშირად იღებდა მისი კიდევ ერთი კომპანია „ავტო სტილი“. 2013 წელს ამ კომპანიამ დაკვეთა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, შპს მყარი ნარჩენების კომპანიისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და აჭარის კულტურის ცენტრისგანაც მიიღო. შპს „კავკასუს მოტორსი“ გოჩა ენუქიძემ 2011 წელს ტარიელ ხეჩიკაშვილთან და მიხეილ ალხანიშვილთან ერთად დააარსა, ისინი კომპანიის 33-33%-იან წილს იყოფდნენ. ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრია.

55 ათასი ლარი შესწირა მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა. შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი შპს „ბუმჯორჯიას“ წილის 50%-ის მფლობელი და იურიდიული კომპანიის დირექტორია.

60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ „ჩაჩავას კლინიკის“ დირექტორმა ელგუჯა გოცირიძემ, ის ფლობს ასევე შპს „საქცივპროდუქტს“. ელგუჯა გოცირიძე საქართველოს პრემიერმა ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

50 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ ბიზნესმენმა მიხეილ ჯაფარიძემ. ის ოცამდე კომპანიის დამფუძნებელი და თანამფლობელია, მათ შორისაა შპს „რეალგაზი“, სადაც პარტნიორად გიორგი კილაძეც ფიქსირდება, ის კომპანიის 25 პროცენტის მფლობელია. გიორგი კილაძე და ელგუჯა გოცირიძე კიდევ რამდენიმე კომპანიის თანამფლობელებად ფიქსირდებიან. ის ფლობს ღვინის და ასევე სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც ძირითადად საცხოვრებელ სახლებს აშენებენ.

2016 წლის ივნისში 59 ათასი ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას“ ბიზნესმენმა გიორგი გაბუნიამ. ის ექვსი კომპანიის თანამფლობელია. მისი კომპანიები სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობენ და იგებენ კიდეც, თუმცა სტატისტიკურად ტენდერი მათთვის არასასურველი შედეგით უფრო მეტჯერ დასრულდა, ვიდრე პირიქით. რას შეცვლის პარტიის ანგარიშზე ბიზნესმენის შენატანი, ეს მომავალში გამოჩნდება.

55 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ ზვიად ბრეგვაძემ. ის შპს „ადვოკატის“ 51%-ის მფლობელია.

„ქართულ ოცნებას„ 2012 წელს 50 ათასი, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 20 ათასი ლარი შესწირა შპს „ელიტა ბურჯის“ დირექტორმა თენგიზ გვაზავამ, „ელიტა ბურჯი„ საქართველოს ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. გარდა ამისა, თენგიზ გვაზავა „ჯეოფერტის“ დირექტორია. ეს კომპანია სასუქების წარმოებაზე მუშაობს.
„ქართულ ოცნებას“ მსხვილ თანხას ინტენსიურად სწირავენ „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელებიც.

2014 წელს სახელისუფლებო პარტიას დიდი თანხა შესწირეს დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფის“ დამფუძნებლებმაც. ზაზა ზოიძემ „ოცნებას 40“ ათასი ლარი შესწირა. მან 2012 წელს 60 ათასი ლარი ააიპ „საქართველო არ იყიდებას“ ანგარიშზეც გადარიცხა. 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ კომპანიის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ელგუჯა ლომინეიშვილმა. ის „ორბთან“ დაკავშირებული რამდენიმე კომპანიის გარდა „ბათუმი სითი პარკს“ ფლობს. „ორბის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ კი მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. „ალიანსი ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი ბიწაძემ სახელისუფლებო პარტიას 60 ათასი ლარი შეწირა.

40 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ შპს „ორბი ბეტონის“ დირექტორმა და კომპანიის წილის 50%-ის მფლობელმა მალხაზ ბერიძემ. ის პარალელურად შპს „მშენებელი 2“-სა და შპს „ნიუ თაიმის“ დამფუძნებელია. თავად ფლობს „ნიუთაიმის“ მთლიან წილსაც. „ორბი ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიაა და ამჟამად მშენებლობას, კომპანიის ინფორმაციით, 550 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე აწარმოებს.

ssss

აკაკი სონგულიამ ოცნებას 20 ათასი ლარი შესწირა. ის ბათუმის ცენტრში სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ არსებულ ნაკვეთს აჭარის მთავრობისგან პირდაპირი მიყიდვის წესით, 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით, ითხოვს. სონგულია აჭარის მთავრობას ამ ადგილზე 100-ნომრიანი სასტუმროს აშენებას ჰპირდება.

სასტუმროს აშენების იდეაზე წინა მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აკაკი სონგულიამ [ის იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის უფროსი. მან 2012 წელს 25 ათასი ლარი „საქართველო არ იყიდებას“ ჩაურიცხა] აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს და ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს წერილობით აცნობა და წინადადების განხილვა სთხოვა. ამ წერილის მიხედვით, ინვესტორს აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა პირდაპირი წესით, 1 კვ/მ-ის 300 აშშ დოლარად სურს [ჯამში 3263 კვ/მ] და ძირითად პირობასთან ერთად ინვესტორი მთავრობას სხვა ვალდებულებების აღებასაც ჰპირდება.

მიწის ნაკვეთის ათვისებასთან დაკავშირებით ინვესტორის წინადადების განხილვაზე მოსაზრების დაფიქსირების თხოვნით ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს, თავის მხრივ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც მიმართა. საპასუხო წერილში ჩანს, რომ ბათუმის მერი თანახმაა იმ პირობით, რომ მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო თანხის მთლიანი ოდენობა – 978 900 ამერიკული დოლარი კომპანიის მიერ ჩაირიცხება ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. რეესტრის 20 ივლისის ამონაწერის მიხედვით კი, ეს ტერიტორია უკვე აჭარის საკუთრებაშია, რაც ქონების გასხვისების მთავარი წინაპირობაა.

საერთო ჯამში, 2016 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 4 მილიონ 693 ათას 315 ლარი მიიღო. აქედან 2 მილიონზე მეტი ლარი სახელისუფლებო პარტიას ივლისში ჩაერიცხა.

„ოცნების“ შემწირველი პოლიტიკოსები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს 60 ათასი ლარი, 2014 წელს – 50 ათასი, ხოლო 2016 წელს 2500 ლარი შესწირა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კი „ქართულ ოცნებას“ 2012-2015 წლებში, ჯამში, 20 ათასი ლარი შესწირა.

გასულ წელს 5 ათასი ლარი შესწირა მმართველ პარტიას „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
პარტიის შემწირველებში არ ფიქსირდება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და არც ბათუმის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, ასევე პარტის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი.

ჩნდება თუ არა ეჭვი გარიგებაზე, როცა მმართველ პარტიას ფულს სწირავენ? ლევან ნატროშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საარჩევნო პროექტების მენეჯერი ამბობს, რომ ცალსახად ამაზე საუბარი რთულია: „თუმცა, ეჭვები ყოველთვის არსებობს, რომ პირი, რომელიც სწირავს პარტიას და შემდეგ სახელმწიფო უწყებებისგან იგებს კონტრაქტებს. ტენდერი კიდევ ნაკლებად პრობლემურია. უფრო პრობლემურია პირდაპირი შესყიდვა, ტენდერის გარეშე. ამ საკითხის მიმართ კანონის დონეზე მიდგომა და დარღვევად ჩათვლა რთულია, თუ არ დადასტურდა, რომ გარიგებას ჰქონდა ადგილი. ზოგადად, ცუდი ტენდენციაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, პარტიის ფუნქციონირებასაც შემოწირულობის განხორციელება სჭირდება. აქ მნიშვნელოვანია კორუფციის რისკები მაქსიმალურად შემცირდეს და კონტრაქტის მიღების სანაცვლოდ არ გაკეთდეს შემოწირულობები.“

აგრო-საინვესტიციო სესხი – ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  აგროსექტორში ჩართულ პირებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით უპრეცედენტო პროდუქტს – აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობს, რომელიც პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ხორციელდება.

20 000-ლარიდან 600 000-აშშ დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა ფერმერებს   მრავალწლიანი ნარგავების გასაშენებლად, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიათ. სესხის  პროცენტს  ნაწილობრივ ან სრულად დაფარავს  სახელმწიფო.  სესხის  ძირის გადახდას  კი ფერმერი  მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარობაში შევა.

ვის შეუძლია ისარგებლოს აგრო-საინვესტიციო სესხით, როგორია სესხის პირობები და  რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო სესხის მისაღებად, თემაზე თიბისი ბანკის აგრობიზნესის მართვის ჯგუფის უფროსს, ვეფხვია ლომინაშვილს ვესაუბრეთ.

 რატომ არის თიბისი ბანკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროდუქტი, აგრო-საინვესტიციო სესხი უპრეცედენტო?

ვეფხვია ლომინაშვილი
ვეფხვია ლომინაშვილი

დღეს ბანკების მიდგომა სოფლის მეურნეობის დარგის დაფინასებისას  სტანდარტულია. თუ ფერმერს სურს თავის მეურნეობაში განახორციელოს გრძლევადიანი ინვესტიციები და ამისათვის ესაჭიროება კრედიტი, მას უნდა გააჩნდეს სტაბილური შემოსავლები, რომელიც უზრუნველყოფს აღებული სესხის დაფარვას შედგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამასთანავე, საშეღავათო პერიოდი, რის განმავლობაშიც ფერმერს შეუძლია არ განახორცელოს სესხზე დაფარვები, არ აღემატება 11 თვეს. თუ საქმე გვაქვს ისეთი ინვესტიციების განხორციელებასთან, რომლისგანაც ეკონომიკური სარგებლის მიღება რამდენიმე წლის შემდეგ არის შესაძლებელი, მაშინ გამოდის, რომ 11 თვიანი საშეღავათო პერიოდი ფერმერისთვის არარელევანტურია და აღებული სესხის სიმძიმე მის მეურნეობას შესაძლოა საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვეს. ესეც რომ არა, თუ დღეს ფერმერს არ გააჩნია საკმარისი შემოსავლები, შესაძლოა მან საერთოდ ვერ მიიღოს ფინანსური ინსტიტუტიდან იმ ოდენობის კრედიტი, რაც მსგავსი სახის ინვესტიციების განსახორცელებლადაა საჭირო.

ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ეს მიდგომა და ფულადი საკრედიტო რესურსი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და მომხიბვლელი გაგვეხადა. ანუ, მიგვეცა ფერმერებისთვის საშუალება აეღოთ იმ მოცულობის სესხი, რაც განსახორციელებელი ინვესტიციებისთვისაა საჭირო და ამავდროულად, ჰქონოდათ შესაძლებლობა სესხის გადახდა დაეწყოთ მაშინ, როდესაც განხორციელებული ინვესტიცებიდან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდნენ.

აგრო-საინვესტიციო სესხის უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს. ჩვენ გათვლებს ვაკეთებთ არა მიმდინარე, არამედ მომავალში მისაღებ შემოსავლებზე და ამავდროულად, ფერმერს ვაძლევთ იმ ოდენობის საშეღავათო პერიოდს, რა პერიოდიც საჭიროა განხორციელებული ინვესტიციებიდან სარგებლის მისაღებად. მარტივად რომ ვთქვათ, ფერმერი სესხის ძირის და მასზე დარიცხული პროცენტის ეტაპობრივ გადახდას იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ბაღი შემოსავლის მიღებას დაიწყებს.

 რამდენად მარტივია აგროსაინვესტიციო სესხის აღება და რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს ფერმერმა ამ სესხით სარგებლობისთვის?

როგორც აღვნიშნე, ამ პროექტის ფარგლებში თიბისი ბანკი არ ითხოვს დაინტერესებული პირისგან  არსებული შემოსავლების დადასტურებას, რაც თავის მხრივ სესხის დამტკიცების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. აგრო-საინვესტიციო სესხით დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს  მრავალწლიანი ნარგავების გაშენება-მოვლის გამოცდილება და საკუთრებაში უნდა ფლობდეს მინიმუმ 1 ჰექტარ იმ მიწის ნაკვეთს, რა ნაკვეთზეც ნარგავების გაშენება იგეგმება.

სესხის ასაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ თიბისი ბანკის სერვის ცენტრებს, სადაც გამოკითხვის საფუძველზე მოხდება იმის დადგენა, თუ რამდენად სწორად არის შერჩეული გასაშენებელი კულტურა რეგიონის კლიმატური ზონისა და ნიადაგისათვის, ფლობს თუ არა ფერმერი სრულად ინფორმაციას გასაწევ აგროღონისძიებებსა და მათი ჩატარების ვადებზე, დაგეგმილ დანახარჯებსა და მოსალოდნელ მოსავლიანობაზე. თითოეული პროექტის დაგეგმვა მოხდება აგრო-საინვესტიციო სესხის აღებით დაინტერესებულ პირთან ერთად და განხილული იქნება ინდივიდუალურად, რაც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით განხორციელებას.

როგორი პირობებით გაიცემა აგრო-საინვესტიციო სესხი?

აგრო-საინვესტიციო სესხი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაიცემა, რაც გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სესხზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსებას. ამ ეტაპზე სესხი გაიცემა აშშ დოლარში. სესხის მინიმალური მოცულობა 20,000 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარია, ხოლო მაქსიმალური 600,000 აშშ დოლარი. თანადაფინანსების პერიოდში, სესხის საპროცენტო განაკვეთი ფერმერისათვის 0 %-დან იქნება. თანადაფინანსების და ასევე, საშეღავათო პერიოდი, რის განმავლობაშიც ფერმერი არ განახორციელებს სესხის ძირის დაფარვას, დამოკიდებული იქნება გასაშენებელ კულტურაზე და ის არ იქნება იმ ვადაზე ნაკლები, რა ვადაც საჭიროა იმისათვის, რომ ნარგავები მსხმოიარობაში შევიდეს და გაშენებულმა ბაღმა შემოსავლის მიღება დაიწყოს.  ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, სესხის ძირს და მასზე დარიცხულ პროცენტს, რომელიც დღეს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები იქნება, სრულად დაფარავს ფერმერი გაშენებული ბაღიდან მიღებული შემოსავლებით. რაც შეეხება სესხის მაქსიმალურ ვადას, ესეც ბუნებრივია, დამოკიდებულია გასაშენებელ კულტურაზე. ჩვენ მივცემთ ფერმერს სესხს იმ ვადით, რა ვადაშიც ის შეძლებს გაშენებული ბაღიდან მიღებული შემოსავლებით აღებული აგრო-საინვესტიციო სესხის დაფარვას.

მოითხოვება თუ არა რაიმე სახის ქონების დაგირავება აგროსაინვესტიციო სესხის მისაღებად?

 ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვემარტივებია უზრუნველყოფის მოთხოვნა აგრო- საინვესტიციო სესხზე, რათა იგი უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო დაინტერესებულ პირთათვის. ძირითადად ვითხოვთ მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვას, რა ნაკვეთზეც უნდა გაშენდეს მრავალწლიანი ნარგავები. იშვიათ შემთხვევებში, გასაცემი ტრანშის (სესხის ნაწილის) მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ბანკმა მიიღოს გადაწყვეტილება დამატებით სხვა სახის უზრუნველყოფის მიღებაზე.

კონკრეტულად რა მიზნობრიობითაა შესაძლებელი  აგრო-საინვესტიციო სესხის აღება?

 აგრო -საინვესტიციო სესხით შესაძლებელია ყველა იმ აგროღონისძიების დაფინანსება, რაც საჭიროა მრავალწლიანი ნარგავების გაშენება-მოვლისათვის მის მსხმოიარობაში შესვლამდე. ეს ღონისძიებებია ნიადაგის მომზადება, ნერგების შეძენა-დარგვა, სარწყავი სისტემის შეძენა-მონტაჟი, ნაკვეთის შემოღობვა, ნერგების მოვლა და ა.შ.

თითოეული მიზნობრიობისათვის გამოიყოფა კონკრეტული მოცულობის ტრანში აგრო ვადების და ჩასატარებელი აგროღონისძიების ღირებულების შესაბამისად.

თქვენ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი მოთხოვნაა დაინტერსებულ პირს გააჩნდეს მრავალწლიანი ნარაგვების გაშენება-მოვლის გამოცდილება. შესაძლებელია თუ არა პირმა, რომელსაც ასეთი გამოცდილება გააჩნია, მაგრამ საკუთრებაში არ ფლობს სათანადო მიწის ნაკვეთს აგრო- საინვესტიციო სესხით შეიძინოს მიწის ნაკვეთი და მასზე გააშენოს კონკრეტული კულტურა?

 აგრო საინვესტიციო სესხი მიწის შეძენის მიზნობრიობით არ გაიცემა. ჩვენ შეგვიძლია დაინტერესებულ პირს, თუ მას შესაბამისი შემოსავლები გააჩნია, შევთავაზოთ სტანდარტული კრედიტი მიწის შეძენის მიზნობრიობით. ხოლო პარალელურად, აგრო საინვესტიციო სესხი უკვე შეძენილ მიწაზე მრავალწლიანი ნარგავების გასაშენებლად.

 თუ დაინტერესებულ პირს უკვე აქვს აღებული სხვა სესხები, მაგალითად სამომხმარებლო ან იპოთეკური, შესაძლებელია თუ არა მან ისარგებლოს აგრო-საინვესტიციო სესხით?

 შესაძლებელია, თუ დაინტერსებული პირი დაგვიანებების გარეშე იხდის აღებულ კრედიტებს, აქვს კარგი საკრედიტო ისტორია და გააჩნია საკმარისი შემოსავლები მათ დასაფარად. ამასთან ერთად, აგრო-საინვესტიციო სესხის მისაღებად იგი უნდა აკმაყოფილბდეს იმ კრიტერიუმებს, რაზეც უკვე მოგახსენეთ.

 სოფლის მეურნების სამინისტროს მიერ ინიცირებულია პროექტი „დანერგე მომავალი“, შესაძლებელია თუ არა აგრო -საინვესტიციო სესხთან ერთად ფერმერმა ისარგებლოს ამ პროექტით?

 რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს კიდევ უფრო შეამცირებს იმ დანახარჯებს, რისი გაწევაც ფერმერს მოუწევს მრავალწლიანი ნარაგავის გასაშენებლად, ვინაიდან პროექტი „დანერგე მომავალი“ იძლევა საშუალებას დაფინანსდეს ნერგების ღირებულების 70 %-მდე და სარწავი სისტემის ღირებულების 50 %-მდე.

 აგრო-საინვესტიციო სესხი, როგორც თქვენ ახსენეთ, მრავალწლიან ნარგავებზეა გათვლილი,  რატომ შეირჩა ვაშლის, თხილის, კაკლისა და კივის ბაღები?

მრავალწლიანი ნარგავებიდან ამ ეტაპისათვის შევარჩიეთ ის კულტურები, რომელთა გაშენებაზე გაწეული ინვესტიცია ფერმერისთვის ეკონომიკურად გამართლებულია და მიღებული პროდუქტი კონკურენტუნარიანია, როგორც ადგილობრივ, ასევე ქვეყნის გარეთ ბაზრებზე. პირველ რიგში, ხელს შევუწყობთ და დავაფინასებთ ვაშლის ინტენსიურ და ნახევრადინტენსიურ ბაღების, კივის, თხილის და ნამყენი ნერგით კაკლის ბაღების გაშენებას. კივი, თხილი და კაკალი სოფლის მეურნეობის დარგის საექსპორტო პროდუქტებია, ხოლო სასაქონლო სახის ვაშლზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც მაღალია, რადგან შიდა ბაზრის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტით იფარება. ჩვენ ვაგრძელებთ კვლევას და ახლო მომავალში  ჩამოთვლილ კულტურებს შესაძლოა სხვა კულტურებიც დავამატოთ.

როგორ ფიქრობთ, თიბისი ბანკის აგრო საინვესტიციო სესხი წაახალისებს მიწით სარგებლობას მათთვის, ვისაც გამოუყენებელი მიწის ნაკვეთები აქვთ?

 დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დიახ. ფულად საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდა ყოველთვის ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების განხორცელების წახალისებას.

მცირე სტატისტიკა რომ მოვიშველიოთ, ათეული წლების წინ მარტო ხილის წარმოება 650 – 700 ათას ტონას შეადგენდა, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ხილის მაქსიმალური წარმოება 230 ათას ტონამდეა. ამ პროექტის საშუალებით ვფიქრობთ,  გაიზრდება ახალი თანამედროვე ბაღების და პლანტაციის ფართობები. ფერმერებს მიეცემათ საშუალება, მოკლე დროში აითვისონ მრავალწლიანი ნარგავების გასაშენებლად დაგეგმილი ფართობები და გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად აწარმოონ მაღალშემოსავლიანი პროდუქტები. ცალსახაა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული ფართობების გამასივებას.

როგორც ცნობილია, თიბისი ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს აგრობიზნესის განვითარების მიმართულებით, აგრო-საინვესტიციო სესხის  გარდა, კიდევ რა პროდუქტებს სთავაზობს თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს?

აგრო-საინვესტიციო  სესხი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლითაც თიბისი ბანკი აგრო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. ბანკი 2013 წლიდან ჩართულია  სახელმწიფო პროგრამებში – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში”. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით თიბისი ბანკმა 8000-მდე მომხმარებელზე  320 მლნ  მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.

რატომ ვერ სრულდება ლერმონტოვის ქუჩის რეაბილიტაცია

ლერმონტოვის ქუჩა ნაწილ-ნაწილ ისევ გადათხრილია, მათ შორის, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ. საუბარია იმ მონაკვეთებზე, სადაც ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს, მაგრამ იქ არ მუშაობენ სპეციალისტები, არც მძიმე ტექნიკა.

“ბათუმელები” ამ თემაზე მიმდინარე წლის ივნისში წერდა. მაშინ ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებში, ჯაბა ტუღუშმა  უთხრა, რომ მიმდინარეობდა უკვე რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემის ტესტირება და თუკი ხარვეზი არ აღმოჩნდებოდა, ქუჩაზე ასფალტს დააგებდნენ.

“მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ქუჩაზეც მთლიანად მოწესრიგდეს სანიაღვრე სისტემა და შემდეგ დაიგოს ასფალტის საფარი,” – გვითხრა დღს ჯაბა ტუღუშმა. მისი ინფორმაციით, მერიას ლერმონტოვის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელიც 9 სექტემბერს დასრულდება: “აქამდე რატომ არ გამოცხადდა, ან ახლა რატომ მიიღო მერმა ეს გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით. ალბათ დანაზოგები გაჩნდა და მერიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც პირველი რიგის ამოცანაა. სანიაღვრე არ ჰქონდა მოწესრიგებული ამ ქუჩას და ეს გაკეთდება. ორჯერ ხომ არ უნდა გაკეთდეს ერთი და იგივე ქუჩა? როდის დასრულდება სამუშაოები, ჯერ არ ვიცით,” – ამბობს ჯაბა ტუღუში.

არმაზ ახვლედიანი: აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწევს პასუხის გაცემა

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “ოდეერებთან” ერთად ჩემი შტაბის კოორდინატორს შეხვდა და აიძულა შტაბის დატოვება,” – ამბობს არმაზ ახვლედიანი. ის პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და ამჟამად ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ირაკლი ქონიაძემ მასთან შტაბში მუშაობა ივლისის ბოლოს დაიწყო: “აგვისტოს დასაწყისში შეხვდა მას ზურაბ პატარაძე და აიძულებდა მუშაობის შეწყვეტას. მაშინ ირაკლი თავად მესაუბრა ამის შესახებ. რამდენიმე დღეში მას ისევ შეხვდა, ან ტელეფონით ესაუბრა პატარაძე, ზუსტად არ ვიცი და ქონიაძემ შტაბი დატოვა განმარტებების გარეშე”.

ირაკლი ქონიაძემ “ბათუმელებთან” უარყო ეს ინფორმაცია. ამბობს, რომ არმაზ ახვლედიანთან კომუნიკაცია მხოლოდ 2012 წელს ჰქონდა წინასაარჩევნოდ: “მაშინ ვეხმარებოდი “ქართულ ოცნებას” აჭარის მაღალმთიანეთში. იქ კარგი კონტაქტები მაქვს. წელს საერთოდ არ ვყოფილვარ არმაზ ახვლედიანის საარჩევნო შტაბში. უკვე მესამე წელია ბათუმის პორტში ვმუშაობ და საერთოდ არ ვეხები პოლიტიკას”.

“აღარაფერი მიკვირს. ყველა ადამიანს არ შეუძლია გაუძლოს შიშს და ზეწოლას,” – ამბობს არმაზ ახვლედიანი: “ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მაისში შტაბის კიდევ ერთ თანამაშრომელს, ნანა მეგრელიძეს ბიზნესმენი შალვა ბრეუსი შეხვდა და “ქართული ოცნების” შტაბის უფროსად დანიშვნა შესთავაზა. ნანაც აღარ მუშაობს ჩემთან. სუს-ი ასევე ახდენს ზეწოლას ბიზნესმენებზე, ვისაც ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება სურთ. ბუნებრივია, მათ სახელებს ვერ გეტყვით გასაგები მიზეზების გამო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა…”

ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ დრომდე არმაზ ახვლედიანის ბრალდებებს არ გამოხმაურებია.

გუშინ, 6 სექტემებერს, სასტუმრო “ლე პორტის” საკონფერენციო დარბაზში ბათუმის მაჟორიტარული დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა პარლამენტში არმაზ ახვლედიანმა წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ მწერალი დათო ტურაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ალეკო ელისაშვილი და სხვა ცნობილი სახეები. არმაზ ახვლედიანმა საარჩევნო შტაბის წევრებზე ზეწოლის შესახებ კამპანიის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ისაუბრა ჟურნალისტებთან.

armazi 2
ბათუმის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია. როინ გუნდაძის ფოტო

ქედის ხილის საწარმო პროდუქციის ჩინეთში გატანას გეგმავს

ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ შპს „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ ქედაში გასულ წელს გახსნა და პირველი პროდუქცია იმავე წელს, ჯემების, მურაბებისა და საწებლის სახით გამოუშვა. საწარმომ დღემდე ასეულობით ტონა ხილი გადაამუშავა. საწარმოში დამზადებული პროდუქცია ქართული ბაზრის გარდა უცხოეთშიც გააქვთ.

„ნენას“ მენეჯერი გოჩა გათენაძე ამბობს, რომ საწარმოს სრული დატვირთვით მუშაობისას საათში მინიმუმ ერთი ტონა ხილის გადამუშავება შეუძლია, თუმცა ამ დროისთვის ქარხანა სრული დატვირთვით არ მუშაობს, რადგანაც აქ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემაა.

„ვამზადებთ ვაშლის, მსხლის, მოცვის, კივის, კაკლის, ქლიავის, მანდარინის, ლეღვის, ფეიჰოას, კომშის, შინდის მურაბებსა და ჯემებს, ასევე საწებელსა და ფელამუშს. გასულ წელს მარტო 80 ტონა მანდარინი გადავამუშავეთ, წელს პირველად კაკლის მურაბა დავამზადეთ, სულ 8 000 ქილა, საწებლის დასამზადებლად კი წელს 105 ტონა ტყემალი გადამუშავდა,“ – ამბობს გოჩა გათენაძე.

საწარმოს მენეჯერის თქმით, „ნენას“ საწარმოში დამზადებული პროდუქციიდან ყველაზე კარგად ლეღვის, მოცვის, კომშის, კივისა და შინდის მურაბები იყიდება, მყიდველს განსაკუთრებით ქაცვის მურაბა მოსწონს: `რაც გავაკეთეთ, თითქმის ყველა გაიყიდა, ნაკლებად მოთხოვნადი აღმოჩნდა მანდარინის მურაბა, საწებელზე მოთხოვნა გაზაფხულზე დიდია, ფელამუშს კი, ძირითადად, შეკვეთის შესაბამისად ვამზადებთ.“

საწარმოში საუკეთესო ხილს მურაბების დასამზადებლად იყენებენ, გადარჩეული ხილით კი ჯემებს ამზადებენ, თუმცა „ნენაში“ დამზადებული ჯემი, საწარმოს მენეჯერის თქმით, ნაკლებად მოთხოვნადია ბაზარზე. ამ დროისთვის საწარმოში ასეულობით ქილა ჯემია დასაწყობებული.

„ახალი ქარხანაა, ერთი წლის განმავლობაში საწარმო მოგებას ვერ მოიტანს, ამას დრო სჭირდება, ბაზრის შესწავლა, კვლევა, თუ რა ოდენობის პროდუქციის გაყიდვას შეძლებ და შესაბამისად იმდენს დაამზადებ, რომ არ დაგრჩეს გასაყიდი,“- ამბობს გოჩა გათენაძე.
ქედაში დამზადებული პროდუქცია ქართული ბაზრის გარდა უცხოეთშიც გადის: „ჩეხეთში, პოლონეთსა და ხორვატიაში შევიტანეთ, უახლოეს დღეებში პროდუქციას ჩინეთში შევიტანთ, გასაგზავნი პროდუქცია გამზადებული გვაქვს,“ – ამბობს მენეჯერი.

მურაბების, ჯემებისა თუ საწებლის დასამზადებლად ხეხილი აქ ძირითადად საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჩამოაქვთ. კითხვაზე, რა სარგებელი ნახა მთიანმა აჭარამ საწარმოს გახსნით, „ნენაში“ პასუხობენ, რომ საწარმოში 38 ადამიანია დასაქმებული და ყველა მათგანი ქედელია. რაც შეეხება ხილის რეალიზაციას, ქედელ გლეხებს ხილის საწარმოში ჩაბარებას რომ ბათუმში ჩატანა ურჩევნიათ, ამას გოჩა გათენაძეც ადასტურებს:

„როდესაც გლეხს ბათუმში ჩატანილ ხილში 5 თეთრით მეტს უხდიან, მას ურჩევნია იქ ჩაიტანოს და გადამყიდველს მიყიდოს, ეს მისი არჩევანია.“ იგი სხვა მიზეზებზეც საუბრობს: „ზარალზე რომ არ იმუშაოს საწარმომ, მინიმუმ 5 ტონა ხილი უნდა იყოს, საწარმო რომ ავამუშაოთ. ადგილობრივ მოსახლეობას რომ დაელოდო ხილის მისაღებად, 5 ტონა ხილის შეგროვებას დღეები დასჭირება. მაცივარი გვაქვს, რომელიც 300 ტონა ხილს ინახავს, თუმცა 10 დღის განმავლობაში შეიძლება ხილის შენახვა, მერე ლპობას იწყებს, აქ არც იმ ოდენობის ხეხილია, ამიტომ ხილი გორიდან შემოგვაქვს,“ – ამბობს გოჩა გათენაძე.

`ნენას~ მიერ წარმოებული პროდუქციიდან ყველაზე ძვირი – 3,5 ლარი კაკლის მურაბაა (250 გრ). შედარებით იაფია ქლიავის, მოცვის, კივისა და მანდარინის მურაბა – 2,80 ლარი 350-გრამი. ამავე ოდენობის ლეღვისა და კივის მურაბა და მოცვის ჯემი 4,1 ლარი ღირს. რაც შეეხება საწებელს, მისი ფასი 1,80 (301 გრ) და 2.50 ლარია (500 გრ).

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე

მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო განიხილავს. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა ქალს, რომელმაც დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ სცემა. შემთხვევა გონიოს პლაჟზე 26 აგვისტოს მოხდა.

„თამარ ხაჭაპურიძე ნაპირზე იმყოფებოდა და გადაფურთხა, მაგრამ არა იმის გამო, რომ მოსამართლისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. მოსამართლემ ეს აღიქვა შეურაცხყოფად და შეიგინა ქალის მისამართით,“ – გვიყვება გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე. ეს ორგანიზაცია სასამართლოში თამარისა და მისი მეუღლის – კახაბერ ხაჩიძის ინტერესებს იცავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გვაჩვენეს მობილურით გადაღებული ვიდეოჩანაწერი. კადრში ჩანს ზღვაში მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის და თამარ ხაჭაპურიძის 13 წლის შვილის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი, ფიზიკური დაპირისპირება, რაც გაშველებით სრულდება.

ასევე არსებობს სხვა ვიდეოკადრი, სადაც თამარ ხაჭაპურიძე გაშველების შემდეგ პლაჟზე ზის და მოსამართლის მიმართ გამოხატავს პროტესტს.

გიორგი ხიმშიაშვილი: „ამ მომენტს მიიჩნევს გამოძიება სიცოცხლის მოსპობის მუქარად მოსამართლის მიმართ. ეს არ იყო მუქარა. რადგან თამარ ხაჭაპურიძეს რომ სდომოდა რაიმეს გაკეთება, მოსამართლე ისევ პლაჟზე იჯდა, სადაც უამრავი ქვაა… ჩემი მარწმუნებლის თქმით, ზღვაში გაშველების შემდეგ, ისინი პლაჟზე დაბრუნდნენ და დედამ შეამჩნია, რომ შვილს ტუჩიდან სისხლი სდიოდა, ორი კბილიც მორყეული ჰქონდა. ამის შემდეგ გამოხატა თამარმა მოსამართლის მიმართ ემოცია და დაურეკა პოლიციას.“

გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე
პოლიცია გონიოს პლაჟზე მივიდა. იმავე დღეს არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თამარ ხაჭაპურიძემ და მისმა მეუღლემ პოლიციას ჩვენება მისცეს, ხოლო არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის შედეგიც ჯერ უცნობია. იმავე დღეს, ღამის სამის ათ წუთზე, ცოლ-ქმარი თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დააკავეს.

საფუძველი გიორგი მიქაუტაძის სატელეფონო ზარი იყო. მას შემდეგ, რაც გონიოს პლაჟზე პოლიციელები გამოჩენილან, პოლიციაში მოსამართლესაც დაურეკავს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით ორგანიზებულად დამემუქრნენო. პროკურატურამ იმავე 26 აგვისტოს ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას კვალიფიკაცია შეუცვალა და საქმე გაგრძელდა 365-ე მუხლის მიხედვით, რაც მოსამართლის მიმართ სოცოცხლის მოსპობას, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით. ეს მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაახლოებით ერთი წლის წინ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს განუხილავს თამარ ხაჭაპურიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომლის შემდეგაც სოციალურ ქსელში ხაჭაპურიძემ საჯარო შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს.
„საქმეში მოიპოვება „ფეისბუქის“ საჯარო გვერდის დათვალიერების ოქმი და თამარ ხაჭაპურიძის 2015 წლის 13 სექტემბრის სტატია/პოსტი, რომლითაც დადგენილია, რომ ბრალდებული შეურაცხყოფის მიყენების გზით ცდილობდა გიორგი მიქაუტაძის სამოსამართლეო საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენას..“ – ვკითხულობთ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მიერ ხელმოწერილ განჩინებაში.

„ეს პოსტი არის, რა თქმა უნდა, არაეთიკური და მიუღებელი, მაგრამ თუ ამ პოსტის გამო მიქაუტაძე თვლიდა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დევნას ან პატივისა და ღირსების შელახვას, მაშინ მას ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა სტატუსში მოყვანილი ფაქტების უარყოფა, რომელიც ლახავდა მის ღირსებას, როგორც მოსამართლის. ის პოსტი მუქარას არ შეიცავდა,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

საიაში მიიჩნევენ, რომ თამარ ხაჭაპურიძის მიმართ სასამართლო იყო რეპრესიული, რადგან საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა ავლენს გამოძიების არაობიექტურობას, ხოლო უკანონო დაკავება სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა. პირიქით, ცოლ-ქმარს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა [კახაბერ ხაჩიძე ამ დროისთვის პატიმრობაში აღარ იმყოფება. მას მოსამართლემ 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის უზრუნველყოფის შემდეგაც გათავისუფლდა].

„როდესაც გამოძიება იწყება ოფიციალური წესით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის~ მიხედვით, უნდა არსებობდეს კონკრეტული საფუძველი, რომ ძიება შეწყდეს. ამ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ძიება არ შეწყვეტილა, მაგრამ არც მიმდინარეობს ცემის ფაქტზე. თუ ადგილი ჰქონდა სხვა დანაშაულს და ეს გამოიკვეთა, მაშინ გამოძიება უნდა გაიყოს და დაიწყოს ცალკე გამოძიება,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის განჩინებიდან ვიგებთ, რომ გამოძიებას ძიების დასრულებამდე დაუდგენია, რომ ცოლ-ქმარმა ვერსია მოიფიქრა და ამ გზით გამოძიების შეცდომაში შეყვანა სცადა. ამონარიდი განჩინებიდან: „ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძის მიერ ჰქონდა ადგილი გამოძიების არასწორი გზით წაყვანის მცდელობას, როდესაც შეტყობინება გააკეთა პოლიციაში და შემდეგ თავის მეუღლესთან წინასწარი მოფიქრებული ვერსიით არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, თითქოს დაზარალებულმა გიორგი მიქაუტაძემ მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული გარემოება ნამდვილად ადასტურებს ბრალდებულის მისწრაფებას, ხელი შეუშალოს ობიექტურ გამოძიებას…“

ამავე განჩინებაში არ არის დასახელებული კონკრეტული მიზეზი, რის გამო ჩათვალა გამოძიებამ და შემდეგ დაადასტურა მოსამართლემ, რომ თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის დაუყონებლივი დაკავების აუცილებლობა არსებობდა.
წინასწარი პატიმრობის საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს. საჩივარში ხაზგასმულია საფრთხეც, რომ თუკი დაკავება მხოლოდ სუბიექტური განწყობით მოხდება, ეს მწვანე შუქს უნთებს სამართალდამცველებს თვითნებობისთვის:

„დაკავების მომენტში საქმეში არ მოიპოვებოდა ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც წარმოშობდა მიმალვის საფრთხის, თუნდაც ვარაუდის საფუძველს, არა თუ დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებათა სტანდარტს… სასამართლო განჩინების გარეშე დაკავების საფუძვლად მითითებულია, რომ იგი შეიძლება მიიმალოს. როცა დაკავების საფუძვლად მიმალვაზეა საუბარი, ის დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით, რომლებიც შექმნის დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებათა სტანდარტს, რაზეც საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხე ვერ სცდებოდა პროკურორის ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო განჩინების გარეშე პირის დაკავებას… საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის თავისუფლებაში ჩარევა ვერ მოხდება იმგვარი ეჭვის საფუძველზე, რომელიც ემყარება მხოლოდ სუბიექტურ განწყობას. ამგვარი მიდგომა იქნებოდა მწვანე შუქი თვითნებობისათვის“.

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე კომენტარზე უარს ამბობს. გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ კი მიიჩნევს, რომ: „ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარე ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგის მიმართ გამოიჩინა პატივისცემა კანონის ნაცვლად, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მოსამართლე კანონით უნდა ხელმძღვანელობდეს“.

„მეტრო მეფისგან“ კუთვნილ თანხებს ითხოვენ

საპროტესტო აქცია „მეტრო სითის“ მიმდებარედ დღეს შპს „ნინოს“ თანამშრომლებმა გამართეს. ისინი კომპანია „მეტრო მეფისგან“  შპს „ნინოზე“ გასაცემი კუთვნილი თანხის ანაზღაურებას ითხოვენ.

„ჯერ კიდევ, 29 ივლისის საპროტესტო აქციაზე, თანამშრომლები [მშენებლები] აცხადებდნენ, რომ უხარისხო საჭმელს მიირთმევდნენ. მოთხოვნა კომპანიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შეუჩერა  საჭმლის მიმწოდებელ ქვეკონტრაქტორ შპს „ნინოს“ ხელშეკრულება… ერთდროულად არ მოხერხდებოდა  თანხის გადახდა, პირველ რიგში უნდა გადაგვერიცხა ხელფასები და ეს რომ მომხდარიყო, ამისთვის ვთხოვეთ ქვეკონტრაქტორ კომპანიის დირექტორს მოსულიყო და შესაბამის ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. მაგრამ მან ეს არ გააკეთა.“ – ამბობს რაულ კახაძე, „მეტრო მეფის“ დირექტორი.

„თუ მათ არ მოსწონდათ ჩვენს მიერ მიწოდებული საჭმელი, ორი წლის განმავლობაში, ან თავად როგორ ჭამდნენ, ან კიდევ მუშებს როგორ აჭმევდნენ.“ – ამბობს ნინო გოგიტიძე, შპს „ნინოს“ დირექტორი.

„მხოლოდ ხელფასების გადახდას არ ვითხოვთ, უნდა გადაგვიხადონ ის დავალიანებაც, რაც ჯამში 460 ათას 300 ლარს შეადგენს. ეს დავალიანება გადაიხადოს და ჩვენ აქ აღარ მოვალთ.“ – ამბობს ლამზირა შარაბიძე, შპს „ნინოს“ თანამშრომელი.

14247781_1171806092892582_1544652370_o
აქცია „მეტრო სითის“ მიმდებარედ / ფოტო: როინ გუნდაძე

რაულ კახაძის თქმით, ამ შემთხვევაში „ნინოს“ ხელმძღვანელობა თანამშრომლებს იყენებს: „არც ერთი თანამშრომლის ხელშეკრულების პირობები არ დარღვეულა. რომ არ დაზარალებულიყვნენ შპს „ნინოს“ თანამშრომლები, ჩვენ დავიბარეთ და მათთვის უნდა აგვენაზღაურებინა კუთვნილი ხელფასები, თუმცა უარი მივიღეთ. ხელმძღვანელობამ განაცხადა რომ თანამშრომლები ხელფასებს არ აიღებდნენ და აქციებითაც დაიმუქრნენ“.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ ორი დღის განმავლობაში არ მოხდება ხელფასების [საუბარია 25 000 ლარზე] და ზემოთ აღნიშნული 460 ათას 300 ლარის გადმორიცხვა, ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბებიან.

14215557_1171807816225743_402661088_o
აქცია „მეტრო სითის“ მიმდებარედ / ფოტო: როინ გუნდაძე

ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „ხშირად, სადაც აქციაზე მივალ, ყველგან ისმის ერთიდაიგივე – არასათანადო სამუშაო პირობები, ხელშეკრულებების არარსებობა, არანორმირებული სამუშაო  საათები, არაადამიანიური კვება, მოქცევა და დამოკიდებულება. განსაკუთრებით უცხოურ კომპანიებში. სახელმწფომ ვერ შეძლო ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა რომ დაცული იყოს ადგილობრივი მუშა ხელი.“

„ფოტოდღეები“ ბათუმში პოლონურ და სამხრეთ კორეულ ფოტოგრაფიაზე აქცენტებით

„ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები“ – ასე ეწოდება ფესტივალს, რომელიც ორ ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას ერთი პროექტის ფარგლებში აერთიანებს. ფესტივალი ბათუმში 10 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.

ოთხი დღის მანძილზე ფესტივალის ფარგლებში სამი გამოფენა, სამი მასტერკლასი, სამი ღამის ფოტოჩვენება და ორი პრეზენტაცია ჩატარდება ბათუმის საგამოფენო სივრცეებში: „თიბისი ბანკის“ გალერეაში, აჭარის სახელმწიფო მუზეუმსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.

ფოტოგრაფები: ტომაშ ლაზარი [პოლონეთი], აჰლამ შიბლი [პალესტინა] და კენგ ჯუკი [სამხრეთ კორეა] იქნებიან წელს ფესტივალის მთავარი სტუმრები. გამოფენების პარალელურად ისინი წინასწარ შერჩეული პირებისათვის მასტერკლასებს ჩაატარებენ. მასტერკლასის მთავარი თემები წელს ქუჩის ფოტოგრაფია, გადაღების ტექნიკური მხარე და საჯარო სივრცეების ათვისებაა.

ფესტივალი 10 სექტემბერს, 12 საათზე, ტომაშ ლაზარის მასტერკლასით დაიწყება ხელოვნების უნივერსიტეტში, თუმცა პირველი გამოფენა – „ტერიტორია/სივრცე“ – წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში, იმავე დღეს, საღამოს 7 საათზე „თიბისი ბანკის“ გალარეაში გაიხსნება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

11 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში [მის: ზ. გამსახურდიას ქ. 1/5] ირანელი ფოტოგრაფი, ალი აკბარ შირჯიანი წაიკითხავს ლექციას თემაზე – „უცნობი რეალობის თეორია“, ლექციის დასრულების შემდეგ კი მისი ფოტოპროექტის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

12 სექტემბერს, საღამოს 6 საათიდან თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ტომაშ ლაზარს მოუსმენენ, რომელიც პოლონურ ფოტოგრაფიას მიმოიხილავს. ლექციის დასრულებისთანავე დამსწრეებს საშუალება ექნებათ თავად ტომაშ ლაზარის ნამუშევრებს გაეცნონ. „ცხოვრება, როგორც თეატრი“ – ასე ეწოდება პოლონელი ფოტოგრაფის გამოფენას. ლექციასა და გამოფენაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

იმავე დღეს, 12 სექტემბერს, საღამოს ათის ნახევარზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში სუონის [სამხრეთ კორეა] საერთაშორისო ფოტოფესტივალის ღამის ჩვენება გაიმართება.

13 სექტემბერს, საღამოს 7 საათიდან 9 საათამდე ფესტივალის დამსწრეებს აჭარის სახელმწიფო მუზეუმში [მის: ზ. გორგილაძის №8] საოჯახო ფოტოარქივის დათვალიერების საშუალება ექნებათ. „მოგონებები შუშის ნეგატივებზე“ ალხაიძეების საოჯახო არქივია. გამოფენის კურატორები არიან ლილი მამაცაშვილი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) და ანა რიაბოშენკო (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო). გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

14 სექტემბერს, ფესტივალის ბოლო დღეს, 15 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში საფესტივალო ტურს ფესტივალის ორგანიზატორები, ირაკლი ძნელაძე და კატერინა რადჩენკო წარმოადგენენ, საღამოს, 21: 30 საათზე კი, იმავე ადგილას, ფესტივალის – „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეების“ კოლექციის ღამის ჩვენება გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ფესტივალს – „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები“ – საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ფესტივალი ორ ქვეყანაში, საქართველოსა და უკრაინაში იმართება. ოდესაში – აპრილში, ხოლო სექტემბერში – ბათუმში.

ფესტივალის პარტნიორები არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, „თიბისი ბანკი“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, საზოგადეობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ნეტგაზეთი, ბათუმელები, რადიო აჭარა, ინფობათუმი, კონოთეატრი აპოლო. 2016 წლის ფესტივალი „Check in Georgia”-ს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. წილისყრით ნომერი ორ პარტიას მიენიჭა – N31 „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ [ეს პარტია პარლამენტის არჩევნებისთვის ბლოკშია გაერთიანებული, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად დამოუკდიებლად იბრძოლებს], ხოლო მეორე პოლიტიკური გაერთიანება არის „მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“ და მისი რიგითი ნომერია – 32.

საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების პარალელურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, მიენიჭათ იგივე რიგითი ნომრები, რაც მათ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიანიჭა.

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის:

№1 – საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“;
№3 – საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“;
№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
№6- „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“;
№7 – „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“;
№8 – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,
№9 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“;
№10 – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;
№11 – „სახალხო ხელისუფლება“;
№14 – „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის“;
№16 – „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“
№17 – „საქართველო“;
№19 – საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“;
№23 – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია“;
№25 – „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი“;
№26 – „ეროვნული ფორუმი“;
№27 – „ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები“;
№31 – „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“
№32 – „მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“
№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 25 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომრები მიანიჭა.

საქველმოქმედო გამოფენა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლობის გამო ჩაიშალა

გოგიტა მურცხვალაძე, საქველმოქმედო ფონდი „ღვთის შვილების“ თავმჯდომარე

საქველმოქმედო ფონდი „ღვთის შვილები“ 2013 წლის იანვარშ იჩამოყალიბდა. ფონდის მიზანია აჭარის ავტონომიის მასშტაბით მოიძიოს და აღრიცხოს შშმ სტატუსის მქონე ბავშვები, მათი შემდგომი დახმარების მიზნით.

ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს დედებზე და შვილებზე. დაარსებიდან დღემდე ვატარებთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, კონცერტებს, შემოსული თანხები თანაბრად ნაწილდება თითოეულ ოჯახზე.

ფონდის დაარსებდან დღემდე „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში, თბილისში, წელიწადში ორჯერ ვატარებთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებს. გამოფენაში აქტიურად არიან ჩართულები ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქართველი მხატვრები, აჭარის, აფხაზეთის და იმერეთის მხატვართა კავშირები. საოცარია მათი მხარდაჭერა და თანადგომა, გამოფენებზე სხვადასხვა დროს პატრონაჟი გაუწევიათ ცნობილ პიროვნებებსა და სამინისტროებს.

მიმდინარე წლის 18 აპრილისთვის დაგეგმილი მქონდა წინასააღდგომო გამოფენა. პატრონაჟის გასაწევად დავუკავშირდი თავდაცვის სამინისტროს. გამოფენა წარმატებული უნდა ყოფილიყო, გამოფენაზე ველოდით სამინისტროს თავისი თანამშრომლებითა და გენშტაბით, სამხედრო ატაშეებით, ელჩებით, სამინისტროსთან მომუშავე ბიზნეს სექტორით. ამ მოლოდინს ისიც განაპირობებდა, რომ გამოფენაზე ძალიან ცნობილმა მხატვრებმა შემოგვწირეს ნამუშევრები, გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა კი შშმ სტატუსის ბავშების დასახმარებლად იყო განკუთვნილი.

სამინისტრო დაგვთანხმდა პატრონაჟი გაეწია ამ გამოფენისთვის, ჩვენი ძირითადი თხოვნა პრესის უზრუნველყოფა და ზემოთჩამოთვლილი კონტინგენტის მოწვევა იყო. სამინისტრომ თხოვნაც გადმოგვცა, რომ ფონდის ბავშვების გარდა დახმარება გაგვეწია 12 ოჯახზე, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავდათ დაღუპული სამშვიდობო მისიებსა და 2008 წლის ომში, ჩემთვის რა თქმა უნდა მისაღები იყო შემოთავაზება.

თუმცა იმედები გაგვიცრუვდა. 18 აპრილს, გამოფენაზე, სამინისტროდან მოვიდა მხოლოდ 10-12 ადამიანი, მოიყვანეს ყველა ტელევიზია და გააპიარეს საკუთარი თავი, ინტერვიუები უხვად დაარიგეს: რომ ეხმარებიან ფონდს და ეხმარებიან დაქვრივებულ ოჯახებს და ა.შ. არ ყოფილან არც მინისტრი და არც მინისტრის მოადგილეები, არც ატაშეები, არც ელჩები და არც გენერლები, საერთოდ არავინ ჰყავდათ მოწვეული. გამოფენა ჩაიშალა. გამოფენის მოსამზადებლად საკმაოდ სერიოზულ ხარჯები გავწიეთ. მინდა ვკითხო თინა ხიდაშელს, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, ვინ აანაზღაურებს ფონდის ხარჯებს, რაში დასჭირდათ ამ ბედკრული ოჯახების მოტყუება. ამ ამბის შემდეგ ვცადე ხმა მიმეწვდინა თინა ხიდაშელისთვის, მაგრამ უშედეგოდ.

ტურიზმის დეპარტამენტი: აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 110,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, აგვისტოში, აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 110,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით მხოლოდ ერთ თვეში 22 539 ვიზიტორმა ისარგებლა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია სამი თვის მონაცემებითაც. მიმდინარე წლის ზაფხულში აჭარაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში სტუმართა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109,10%-ით გაიზარდა. სულ, 2016 წლის ივნის-აგვისტოში ტურისტული ცენტრების მომსახურებით 49 198 -მა ვიზიტორთა ისარგებლა.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს განახლებული რუკები, გზამკვლევები და სერვისები შესთავაზა. მათ შორისაა მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული მარშრუტები – მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი, ასევე ქედა-შუახევის ღვინისა და გასტრონომიული მარშრუტები. საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა. ესენია მაჭახელას ისტორიული თოფის სუვენირი, მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის თაფლი, ქედის სიგარა თუ ჯემები, მურაბები და ფელამუში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრები აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმში აქვს. წელს, არსებულ ცენტრებს ორი საინფორმაცო სტენდი ბათუმისა და ქობულეთის რკინიგზის სადგურებშიც დაემატა. რეგიონის სტუმრებს აჭარაში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება საბაგიროსა და აეროპორტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

აჭარაში სულ 9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრია. მათგან 4 ბათუმში მდებარეობს. აჭარაში არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ბიუჯეტი წელს, მთლიანობაში, 208 200 ლარს შეადგენს.

Exit mobile version