კვირის ამბები,მთავარი

საკანონმდებლო ორგანო კანონების გარეშე

09.09.2016 • 2056
საკანონმდებლო ორგანო კანონების გარეშე

რა შეცვალა კანონმდებლობაში 4 წლის განმავლობაში აჭარის საკანონმდებლო ორგანომ – „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრა.

„რა მივიღეთ და მთის კანონი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – გვითხრა მერაბ აბაშიძემ. ის აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა „ეროვნული ფორუმიდან“.  შევახსენეთ, რომ „მთის კანონი“ პარლამენტმა მიიღო და ეს არ ყოფილა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა. აღმოჩნდა, რომ უმაღლეს საბჭოში ისე უმუშავიათ დეპუტატებს ამ კანონზე, არ გაუგიათ, ცენტრშიც თუ იმავეს აკეთებდნენ: „ჩვენ შევისწავლეთ ყველა სოფელი აჭარაში, ამაში იყო ჩართული საკრებულოები და გამგეობები, სრული ინფორმაცია გვქონდა და წარსადგენადაც გავამზადეთ, ბატონო. შემდეგ პარლამენტთან მიწერ-მოწერის დროს გაირკვა, რომ ამაზე უკვე მუშაობდა საქართველოს მთავრობა… საიდან გაგვეგო, ინტერნეტში რამე ინფორმაცია არ იდო და ისე არაფერი თქმულა“.

ამ მოწვევის საბჭოს მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი არსებობდა მიწის რეფორმის კუთხით, რომელიც აჭარაში არ ჩატარებულა. მას შემდეგ, რაც აგრარული კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს – ანზორ თხილაიშვილს ამ კუთხით შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტში დაუწუნეს, უმაღლეს საბჭოს ახალი კანონპროექტი აღარ წარუდგენია. „გაჩნდა შიშები, რომ პირიქით, დაზარალდებოდა საქმე, თუკი აჭარაში ცალკე განხორციელდებოდა რეფორმა. გასაგები იყო, რომ ამ კუთხით ნება არ იყო და ამიტომ აღარ დაგვიწერია ახალი. თან მიწის საკუთრების პრობლემა აგრარული კომისიის საქმე არ არის,“ – გვითხრა აგრარული კომისიის თავმჯდომარემ მერაბ აბაშიძემ.

კომუნიკაციის უქონლობას ასახელებს უმაღლესი საბჭოს მთავარ პრობლემად ასმათ დიასამიძეც. ის ფრაქცია „თანასწორობის“ ხელმძღვანელია და განათლების კომისიის წევრი. „კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი მასალკინს ჰქონდა ყველა ბერკეტი ცვლილებებისთვის. ის იყო უმრავლესობაში, მით უმეტეს, „რესპუბლიკელებს“ თავისი მინისტრი ჰყავდათ აჭარაში და დღემდე ჰყავთ. არც განათლების მინისტრისგან ყოფილა ინიცირებული რაიმე ინიციატივა. არ იყო კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტის წევრებთან. სამუშაო გარემო მმართველ კოალიციაში არ არსებობდა. იყო შიში, რომ რაც უნდა გაეკეთებინათ, მაინც ვერ გავიდოდა პარლამენტში. კომისიას არც უცდია, რაიმე შეეცვალა“, – ყვება ასმათ დიასამიძე.

„ჩემი კომისია კანონშემოქმედებითი საქმიანობით არ გამოირჩეოდა,“ – არ დაუმალავს მოცემულობა გიორგი მასალკინს, თუმცა ვერ აგვიხსნა, რატომ არ სცადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიამ რომელიმე პრობლემაზე საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება. მასალკინი იხსენებს, როცა საჯარო სკოლის დირექტორების აჭარის განათლების სამინისტროსგან დანიშვნის შესახებ სურდათ ინიციატივის დაყენება: „გვითხრეს, რომ ეს უნდა იყოს ცენტრალიზებული და აღარ წარვადგინეთ… საერთოდ, განათლების სისტემა არის ძირეულად შესაცვლელი. ვერტიკალურია ყველაფერი და  ეს ჩვენ შეტანილი გვაქვს საარჩევნო პროგრამაში.“ გიორგი მასალკინმა გვითხრა ისიც, რომ მას საჯარო პროტესტი არ გამოუხატავს, როცა „ვერტიკალიზებული“ განათლების სისტემის შეცვლა დეპუტატის რანგიდან ვერ მოახერხა.

კანონმდებლობაში ცვლილება არც ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიას შეუტანია: „კომიკური სიტუაციაა, მაგალითად, როცა პაციენტი აჭარის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურებას ვერ იღებს, ან მომსახურების ხარისხი არის პრობლემა, ამის შესწავლის და მონიტორინგის უფლება არ აქვს აჭარის ჯანმრთელობის სამინისტროს,“ – გვიყვება კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე. ის „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად, ფრაქციის „დემოკრატიული აჭარას“ წევრია. მას შევახსენეთ, რომ ამ კუთხით მომზადებული კანონპროექტი, უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში საერთოდ არ წარადგინა: „აღარ შევიტანეთ, რადგან ვიცოდით, რომ ვერ გავიდოდა. პარლამენტის სხდომაზე რომ ჩავარდნილიყო კანონპროექტი, ეს უფრო ცუდი არ იქნებოდა?“

ჯემალ ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა უმაღლესი საბჭოს აპარატია, სადაც კვალიფიციური იურისტები არ ჰყავთ. 21 დეპუტატს 100-მდე თანამშრომელი ემსახურება აპარატში. რატომ არის პრობლემა ამ ფონზე კვალიფიციური კადრის ყოლა? – კითხვაზე დეპუტატმა გვიპასუხა, რომ აპარატის წევრთა დიდ ნაწილს ფრაქციები შეადგენენ. „ფრაქციის წევრი არაა ვალდებული, რომ კანონპროექტი დაწეროს.“

დაპირების მიუხედავად, „ბათუმელების“ კითხვებს აღარ უპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ანზორ თხილაიშვილმა. ის ერთადერთი კომისიის ხელმძღვანელია ამ დროისთვის, რომელიც მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. ამავე კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა თარგამაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება კომისიას არ ჰქონია: „საფინანსო კომისიის ძირითადი საქმე ბიუჯეტის შედგენა და მისი მონიტორინგია. კომისიას შეეძლო შეემუშავებინა საკანონმდებლო წინადადებები საგადასახადო პოლიტიკის კუთხით, ასევე რეგიონში სხვადასხვა პროექტის დაფინანსების აუცილებლობაზე, რადგან ბოლო წლებში ცენტრიდან  სპეციალური ტრანსფერები აღარ იგზავნება“.

მხოლოდ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდა „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას“. ანა ბერძენიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ მიიჩნევს, რომ ცვლილება კანონში „გენდერული თანასწორობის შესახებ“ ფორმალური ხასიათის იყო. მისი შეფასებით, კომისიას ქალთა მიმართ ძალადობაზე ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია: „არაერთი ფაქტი იყო ქალთა მიმართ ძალადობის და ამ კომისიას, რამდენიმე შემთხვევაში გამოხმაურების გარდა, კომპლექსური მიდგომა არ ჰქონია. მაგალითად, გარემოს დაცვის სამმართველოში თანამშრომლის სექსუალური შევიწროების ფაქტზე კომისიას არ განუხორციელებია კომპლექსური ღონისძიება. ასევე რეგიონში გვაქვს სექსი-ტრეფიკინგის შემთხვევები, რაც ასახულია სახალხო დამცველის ანგარიშებში. კომისიას არც ამ კუთხით უმუშავია.“

„ყველაფერი გავაკეთე, რის გაკეთებაც შეიძლებოდა,“ – გვითხრა კომისიის თავმჯდომარემ, მედეა ვასაძემ. ის ფრაქცია „თანასწორობის“ წევრია. ამბობს, რომ მისი კომისიის საქმიანობის მთავარი მიზანი მთავარობის მონიტორინგი იყო, რადგან უმაღლესი საბჭოდან პარლამენტში შესული საკანონმდებლო ინიციატივები არ განიხილეს. მედეა ვასაძე კონკრეტულ ინიციატივას იხსენებს, რაც დეპუტატების საპენსიო უზრუნველყოფას გულისხმობდა. თუკი პარლამენტი უმაღლესი საბჭოს ამ ინიციატივას გაიზიარებდა, საბჭოს დეპუტატები განსხვავებულ პენსიას მიიღებდნენ [პარლამენტის წევრის პენსია 540 ლარია].

„მართალია, დეპუტატებს გვაქვს მაღალი ხელფასი, მაგრამ დეპუტატობას ჩემთვის მატერიალური არაფერი მოუცია. მეც მაწუხებს სოციალური უზრუნველყოფის საკითხი. როცა იგივე შეზღუდვები გვაქვს, რაც პარლამენტის წევრს, რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენც განსხვავებული პენსია?“

მედეა ვასაძე არც იმ შეფასებას ეთანხმება, რომ გენდერის შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას შედეგი არ ჰქონია: „ამის შემდეგ გაიწერა დადგენილების სახით სამოქმედო გეგმა გენდერულ საკითხებთან მიმართებაში აჭარის რეგიონში. შესაძლოა, ამას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს აჭარის ტელევიზიის, ან თვითმმართველობების მიმართ, მაგრამ საქვეუწყებო დაწესებულებების მიმართ ამ გეგმის შესრულება სავალდებულოა… ყველაფერი შესაძლოა ვერ შევძელი, მაგრამ ამიტომაც წავედი ოპოზიციაში.“

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა საკონსტიტუციო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძემ. ამ კომისიის აპარატმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია იმ კანონპროექტებზე, რაზეც კომისიამ ოთხი წლის განმავლობაში იმუშავა. კომისიის წევრმა „მრეწველებიდან“ ირაკლი ჯაშმა ჩვენთან საუბრის დროს ვერ გაიხსენა  იურიდიული კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რაც რეგიონის რომელიმე პრობლემაზე მნიშვნელოვნად აისახა: „მეხსიერება მღალატობს, თორემ რამე იქნება ასეთი. გავიხსენებ და დაგირეკავთ“.

რამდენი კანონპროექტი შეიმუშავა უმაღლესმა საბჭომ ოთხი წლის განმავლობაში – ინფორმაცია საბჭოს პრესსამსახურმა ვერ მოგვაწოდა. ბესო შერვაშიძის განმარტებით, ის პრესსამსახურს წარმოადგენს და არა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ამიტომ მსგავსი მონაცემი არ აქვს. ინფორმაციის დაუყონებლივ მოწოდებაზე უარი გვითხრა უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა, ჯამბულ კურცხალიძემაც.

უმაღლესი საბჭო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 5 მილიონ ლარს ხარჯავს. ბოლო მოწვევის საბჭო მაქსიმალური ოდენობის ფრაქციები შექმნა – თითო ფრაქცია სამ-სამი წევრით. უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრი და 7 ფრაქციაა.

ახალარჩეული უმაღლესი საბჭო მომავალ, 2017 წელს, აჭარის ბიუჯეტიდან 4,8 მილიონ ლარს დახარჯავს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: