11 წლის ბავშვის ჩვენება მამის წინააღმდეგ

11 წლის ბავშვმა ჩვენება მამის წინააღმდეგ მისცა. მამას შვილის ცემაში ედება ბრალი. ოჯახში ძალადობის შემთხვევას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

ამ შემთხვევის შესახებ გასული წლის ნოემბერში „ბათუმელებს“ ბრალდებულის მეუღლე მოუყვა. მაშინ ბავშვის დედა ამბობდა, რომ სკოლაში წაუსვლელობის გამო ბავშვი სასტიკად ნაცემი დახვდა.

ბრალდებულს [მამას] დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ მოუსმენია, რა უთხრა მისმა შვილმა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს. ვიდრე მოწმე [შვილი] სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა მოითხოვა, ბრალდებულს სხდომა დაეტოვებინა. ეს პროკურორმა მოწმეზე ფსიქოლოგიური გავლენის არიდების აუცილებლობით ახსნა. მოსამართლის ინიციატივით, სასამართლო სხდომა დახურულად გამოცხადდა.

სხდომის დახურვამდე სასამართლოს ჩვენება ბრალდებულის მეუღლემ მისცა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ქმართან აღარ ცხოვრობს და განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

ბავშვის დედამ დეტალურად გაიხსენა ის საღამო, როცა შვილის სხეულზე ცემის კვალი აღმოაჩინა: „ბავშვი მოწამლული იყო და სკოლაში მე არ გავუშვი. იმ დღეს სამსახური მქონდა და დილით ბავშვი მამის ოჯახში დავტოვე. დამირეკა შვილმა, მოდი სასწრაფოდ და წამიყვანეო. მივედი. ეზოში იდგა ფეხშიშველი და ხმას არ იღებდა… სახლში შესვლა აღარ მინდაო. სოფელში წავედით ჩემებთან. გზაშიც არაფერი მითხრა, არც სახლში უთქვამს რამე. დაძინების დროს აღმოვაჩინე, ზურგი დაწითლებული ჰქონდა. მაშინ მითხრა, მამამ მცემაო“.

დედის ჩვენების მიხედვით, მას პოლიციისთვის არ დაურეკავს. თქვა, რომ სასწრაფო გამოიძახა და მოულოდნელად პოლიციელებიც მოვიდნენ: „ყოფილ მეუღლესაც ველაპარაკე, ეს რა გააკეთე-მეთქი. ღირსი იყო და ვცემეო, ასე მიპასუხა“.

დაზარალებული არასრულწლოვნიის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი იცავს, ხოლო ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძეა.

ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოუწევს, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდება – დედის თვითმკვლელობამდე მიყვანა

„თავს ნაწილობრივ ვცნობ დამნაშავედ… მეტადონის პროგრამას გავდიოდი, წამლებს ვსვამდი, ძალიან ცუდად ვიყავი. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მე მხოლოდ საკუთარ თავს ვაზიანებდი, მეტი აღარ შემეძლო…“ – დაახლოებით ამ სიტყვებით უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?

ბრალდებულს  დედის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად. გასული წლის 21 დეკემბერს ბრალდებულ ი.ა.-ს დედა საკუთარი სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა. მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად, მისი გადარჩენა მოხერხდა.

ამ შემთხვევამდე, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ფიზიკურად ძალადობდა მშობლებზე. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ერთ-ერთ საღამოს დედას ყელში წაუჭირა ხელი ბრალდებულმა, მამას – სახეში გაარტყა.

თუკი ი.ა.-ს ბრალი დაუმტკიცდება, მას ოჯახში ძალადობისთვის ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე.

რაც შეეხება ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანას, სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე.

„ბრალდებულმა კარგად გაიაზრა თავისი ოჯახის ტრაგედია. მისი მხრიდან საფრთხე აღარ არსებობს“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ნიკოლოზ კანკავამ. მან 3 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობის შეწყვეტა ითხოვა, რაც პროკურორმა დავით კირჩხელმა არ გაიზიარა. შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არ დააკმაყოფილა.

ბრალდებული 23 დეკემბრიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. დაკავებამდე მის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოცემული სასამართლოს –  მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობის გამო.

400-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესის დარღვევისთვის

ბათუმში დღეს პარკირების წესების დარღვევისთვის, ჯამში, 425 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის 355 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო დაჯარიმდა, 44 ნიშანში დგომისთვის, 17 ტროტუარზე დგომისთვის და კიდევ 9 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.


 

 

აჭარის მთავრობის გამოხმაურება ბათუმში სამშენებლო რეგულაციებზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის, ბესიკ ლილუაშვილის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაპ პატარაძეს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე [K2] ბათუმის მერიასთან შუამდგომლობაზე 100-მდე თხოვნით მიმართეს. თუმცა, ამ დრომდე მან დეველოპერებს მერიასთან მხოლოდ სამჯერ უშუამდგომლა.

მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის განმარტებით, „ზურაბ პატარაძე მიიჩნევს, რომ კოეფიციენტის გაზრდის საკითხი „პერსონების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“ და მას მხოლოდ კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს. ამიტომაც მთავრობის თავმჯდომარე დაინტერესებულია, რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს მერიამ ბათუმის გენგეგმის მომზადება.

ამის შემდეგ ქალაქის განაშენიანება მხოლოდ გენგეგმით გათვალისწინებულ ნორმებს დაექვემდებარება.

რაც შეეხება მთავრობის აპარატში მომუშავე ჯგუფს, იმისათვის, რომ არ შეჩერდეს პროცესები, ჯგუფი პროფესიონალურად შეისწავლის ქალაქში არსებულ მდგომარეობას, შემოსულ განცხადებებს კოეფიციენტის ზრდასთან დაკავშირებით და მათ შესაბამისობას კანონთან, რეგულაციებთან, რაც მთავრობის თავმჯდომარეს შუამდგომლობაზე არგუმენტირებული უარის ან თანხმობის გაცემაში დაეხმარება”.

ბათუმში სამშენებლო რეგულაციებზე მერიის ნაცვლად აჭარის მთავრობა მუშაობს, ამაზე „ბათუმელებთან“ არქიტექტორმა მანუჩარ მახათაძემ ისაუბრა, რომელიც მთავრობის აპარატში ქალაქმშენებლობის საკითხებზე სამუშაოდ მიიწვიეს. მთავრობა სწორედ ამ ინტერვიუს გამოეხმაურა.

მშენებლობის რეგულაციებზე ბათუმის მერიის ნაცვლად აჭარის მთავრობა მუშაობს

აჭარის მთავრობის აპარატში საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტები ბათუმის ქალაქმშენებლობის საკითხებზე მსჯელობენ. საბოლოოდ მათ უნდა შეიმუშაონ დოკუმენტი, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მშენებლობის რეგულაციებს შეცვლიან. კანონმდებლობით ქალაქმშენებლობის საკითხები თვითმმართველობის კომპეტენციაა. ამ ჯგუფში ერთ-ერთია მანუჩარ მახათაძე, რომელიც პარალელურად „USAID“-ის დაფინანსებით ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს. ის ამბობს, რომ დოკუმენტის შექმნაში მერიის არქიტექტურის სამსახურიც ჩართულია, არქიტექტურის სამსახურში კი ამბობენ, რომ  მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ კონსულტაცია. მანუჩარ მახათაძე სხვადასხვა დროს თბილისის მერიის მთავარი არქიტექტორი, ასევე თბილისის განვითარების ფონდის მთავარი არქიტექტორი იყო. მის საქმიანობას თბილისში სპეციალისტები ხშირად კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ ის ინვესტორზე ორიენტორებული არქიტექტორია.

ბატონო მანუჩარ, აჭარის მთავრობამ ნამდვილად მოგიწვიათ ქალაქმშენებლობის რეგულაციების საკითებზე სამუშაოდ?

მოაგახსენებთ, რომ 2016 წლის სექტემბრიდან ჩართული ვარ ბათუმის ურბანული განვითარების საკითხებში, კერძოდ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებაში. მუშაობისას ქალაქმშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტულ პრობლემებს წავაწყდით. ვცდილობთ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. თქვენ იცით, რომ ბათუმში ძალიან დიდი ინტენსივობით მიდის მშენებლობები, რა თქმა უნდა, ეს კარგია და ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ ისეც არ შეიძლება, რომ მომავალში ბათუმში გავლა არ იყოს შესაძლებელი და ქალაქი შეჭამოს მრავალსართულიანმა შენობებმა. ამას სჭირდება სწორი რეგულაცია და რეგლამენტი.

თუ მიწის რეგულაციები ვერ აიტანს ამხელა სიმჭიდროვეს, ფაქტობრივად, მივიღებთ კოლაფსს. ქალაქში არ არის გათვალისწინებული ავტოსადგომები საკმარისი რაოდენობით, არის მზის სხივის პრობლემა და სხვა უამრავი საკითხია, რაც ქალაქმშენებლობას უკავშირდება. ეს საკითხები რეგულირდება უკვე დადგენილი წესებით, ამიტომ თავმჯდომარის [ზურაბ პატარაძე] თხოვნა იყო, რომ ამ საკითხებში ჩართულიყვნენ გამოცდილი ადამიანები, ვისაც შეხება აქვს არქიტექტურასთან და იციან, რა არის ქალაქმშენებლობითი პოზიციები. ზუსტად ეს ჯგუფი ვმუშაობთ ამ საკითხებზე. ქალაქის მაცხოვრებლებთანაც გვქონდა შეხვედრები, ჩავატარეთ გამოკითხვა – რა აწუხებთ დღეს ბათუმელებს და მეტ-ნაკლებად სად ხედავენ საფრთხეებს ქალაქის განვითარების კუთხით.

გამოკითხვის გარეშეც მუდმივად საუბრობენ ბათუმში ადამიანები იმაზე, თუ რა პრობლემებს უქმნით მათ ინტენსიური მშენებლობები, ასევე მაღლივი კორპუსები ისტორიული ბელეტაჟების გვერდით, მაგრამ მთავრობა არც ხალხის და არც სპეციალისტების აზრს არ ითვალისწინებდა. იმის თქმა გინდათ, რომ ზურაბ პატარაძეს ქალაქის მშენებლობებისგან განტვირთვა უნდა?

იცით ეს რატომ? – რეგულაცია არ არსებობდა. თუ რეგულაცია არ გაქვს, შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა. ეს ყველაფერი უნდა მოექცეს კანონიერ ჩარჩოში. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რაც განვიხილეთ და, ფაქტობრივად, რაღაცებზე შევთანხმდით. მაგალითად, შევთანხმდით, რომ საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში აშენებული ფართებიდან 150 კვადრატულ მეტრზე იყოს გაანგარიშებული ერთი მანქანის სადგომი, დანარჩენ საცხოვრებელ ზონაში – 180 კვადრატულ მეტრზე. ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებულია.

ვერ დაგეთანხმებით, რომ ქალაქს სამშენებლო რეგულაცია არ აქვს. ბათუმის საკრებულოს რეგულაციებით ძველ ბათუმში დადგენილია კოეფიციენტები, რომლის ზემოთ მშენებლობის ნებართვა არ უნდა გაცემულიყო,

მაგრამ მთავრობის თავჯდომარეს აქვს შუამდგომლობის უფლება მერიასთან ეგრეთ წოდებულ K2-ზე. აქამდე მთავრობის თავმჯდომარე მუდმივად ითხოვდა ამ კოეფიციენტის გაზრდას, რაზეც მერია უარს არასდროს ეუბნებოდა.

ძველ ბათუმთან დაკავშირებით ამ ყველაფერს არეგულირებდა ძეგლთან მიმართებაში საქართველოს კანონი, სადაც ყველაფერი ნათლად არის გაწერილი. როგორ შეიძლება ამა თუ იმ ნაწილში მშენებლობა, რა სიმაღლის შენობები უნდა იყოს, რომ არ დაიჩრდილოს არსებული ისტორიული ძეგლი.

ვერ გეტყვით რა ინტენსივობით ხდებოდა ნებართვების გაცემა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა საკითხი იქნება წინასწარ განხილული და შემდგომ პროფესიონალებთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება. კიდევ ვიმეორებ, ყველაფერს აქვს თავისი ნორმები და წესები. ჩვენ წესიც შემოვიღეთ, თუ როგორ უნდა იყოს წარდგენილი საბჭოზე წინადადება: წარმოდგენილი საკითხი უნდა იყოს დასაბუთებულად და არამხოლოდ რენდერი [დასურათებული ნახაზი] შემოვიდეს. მე აქ მინდა ამხელა რაღაცის აშენებაო – ასე აღარ იქნება. ეს ყველაფერი დადგენილ ნორმებში უნდა იყოს. რამდენჯერმე შევხვდი მშენებლებს, არქიტექტორებსაც და ავუხსენი, როგორ ხდება ამ ყველაფრის დასაბუთება.

თქვენ რა სახის დოკუმენტი უნდა მოამზადოთ?

როგორც გითხარით „USAID“-ის დაქირავებული სპეციალისტი ვარ, როგორც კონსულტანტი ვმუშაობ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადების საკითხებზე, მაგრამ ვინაიდან ამას აქვს თავისი პროცედურა და დროში გაწელილია, ასევე, ძვირი სიამოვნებაც არის, ამიტომ ვცდილობთ ვიდრე ამ დოკუმენტს მივიღებთ, მანამდე საკრებულოს მეშვეობით დავამატოთ ის ძირითადი დებულებები, რაც დღეს აუცილებლად სჭირდება ქალაქს, რომ მოხდეს ამ ყველაფრის რეგლამენტირება და კანონის ფარგლებში მოქცევა.

ქალაქმშენებლობის საკითხები არის თვითმმართველობის კომპეტენცია და არა აჭარის მთავრობის…

ჰოდა, ზუსტად საკრებულოსთან ერთად ვაპირებთ ამ ყველაფრის მოწესრიგებას.

მაგრამ რეგულაციებზე ჯგუფი ზურაბ პატარაძესთან ერთად მუშაობს და არა ბათუმის საკრებულოსთან ერთად. რატომ?

ქალაქი არის ქალაქი და ქალაქმშენებლობის დოკუმენტაცია არის ქალაქმშენებლობის დოკუმენტაცია. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს ყველაფერი უნდა მიიღოს საკრებულომ. შესაბამისად, საკითხის ინიცირება მოხდება საკრებულოდან.

მაშინ დოკუმენტს მთავრობა რატომ ამზადებს?

ამას რა მნიშვნელობა აქვს? – თქვენ არასწორად მიმიხვდით. ამას ვინ მიიღებს, მგონი მნიშვნელობა არ აქვს. დღესდღეობით კომპეტენტური ორგანოა თვითმმართველი ბათუმის საკრებულო და, შესაბამისად, საკრებულო მიიღებს ამ ცვლილებებს. და რატომ თქვით, რომ … საკრებულოში ვერ იმუშავებს ჯგუფი, საკრებულოში ინიცირება უნდა მოახდინოს ქალაქ ბათუმის არქიტექტურის სამსახურმა, ბათუმის მერიის აქიტექტურის სამსახურმა, რა თქმა უნდა. ერთობლივად ხდება ამ ყველაფრის მომზადება.

ადრეც ცდილობდა მთავრობა თვითმმართველობის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა. ქალაქში მშენებლობის რეგულაციებს საკრებულო აწესებს, ინიცირებაზე კი მერი უნდა ზრუნავდეს და არა ზურაბ პატარაძე, ეს ყველაფერი კითხვებს და ეჭვებს არ გააჩენს?

ერთობლივად ხდება ამ ყველაფრის მომზადება და მიღება. რა თქმა უნდა, მერიის ინიცირებით მოხდება საკრებულოში საკითხის შეტანა.

ისევ K2-ზე მინდა გკითხოთ, არსებული რეგულაციების მიუხედავად, მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობით ინვესტორები მაინც ახერხებდნენ შენობების სიმაღლეში გაზრდის უფლების მოპოვებას. მეტიც, ის შენობებიც კი, რომლებზეც რეგულაციის გათვალისწინებით გაიცა ნებართვები, გაიზარდა სიმაღლეში.

აღარ იქნება ასე. კონკრეტულ ობიექტზე ერთხელ გაცემული ნებართვა შემდგომში აღარ გადაიხედება, რომ არ მოხდეს ერთსა და იმავე ობიექტზე სიმჭიდროვის გაზრდა.

ცხრა ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადაეცა

დღეს, თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 9 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა. ბინები კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაწილდა. ბენეფიციართა განცხადებები სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა და 9 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაციაც გასცა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, ამ ოჯახებთან საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება.

თამარის დასახლებაში არსებული „სოციალური სახლი“ 116-ბინიანია და ამ დროისთვის ყველა ბინა გადაცემულია ეკომიგრანტ ოჯახებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში თამარის დასახლებასა (58 ბინა) და სოფელ ვაშლოვანში (72 ბინა) „სოციალურ სახლებში“ კიდევ 130 ოჯახი მიიღებს ბინას საკუთრებაში.

ამ სოციალური სახლების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. კიდევ ერთი 23-ბინიანი „სოციალური სახლი“ ხელვაჩაურში, ურეხში შენდება და მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე ე.წ. „სოციალურ სახლებში“ ბინები საკუთრებაში სულ 276 ოჯახს გადაეცა.

შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ მედიატურს აწყობს

9-11 თებერვალს, ბათუმში, შემოსავლების სამსახური ჟურნალისტებისთვის მედიატურს მართავს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის, მომსახურებისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მედიატურის მონაწილეებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების შესახებ წარუდგენენ პრეზენტაციებს.

სიახლეები საგადასახადო კოდექსში მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ წესს, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ცვლილებსა და აუდიტის რეგლამენტს შეეხება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 10 თებერვალს, სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტები ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას მოინახულებენ და საბაჟო პროცედურებს გაეცნობიან. ისინი დაათვალიერებენ ცენტრის აღჭურვილობას, სადაც ვეტერინარულ  და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთებისა და არაცხოველური წარმოშობის სურსათის სასაზღვრო  კონტროლი ხორციელდება.

სასამართლომ შს სამინისტროს ბრძანება არაკონსტიტუციურად ცნო

დღეს, 9 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის ედიშერ გოდუაძის კონსტიტუციური სარჩელი და  არაკონსტიტუციურად ცნო პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში მუდმივად შენახვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში. სასამართლოს აზრით, ხსენებული რეგულირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციისა და ქმედების სწორი კვალიფიკაციის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა, თუმცა აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის პროპორციულობის პრინციპი.

სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებდა პირის შესახებ ინფორმაციის შენახვას იმ შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის შენახვა არ ემსახურებოდა ადმინისტრაციული სახდელის აღსრულების ან/და ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას მის მიმართ სანქციის სწორად განსაზღვრის მიზნებს, ადგენდა ინფორმაციის უვადოდ და ბლანკეტურად შენახვის ვალდებულებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის შენახვის ბლანკეტურობა და მუდმივობა არ წარმოადგენს მითითებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებას, ქმნის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ან/და სხვა ფორმით ბოროტად გამოყენების საფრთხეს. მითითებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია ნაკლებად მზღუდავი საშუალებითაც.

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი.

გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ლაშა ასლანიშვილი უხელმძღვანელებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ლაშა ასლანიშვილი დაინიშნა.

ლაშა ასლანიშვილი პროფესიით ისტორიკოსია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელი. იგი სააგენტოში სამუზეუმო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

„ძველმა ბათუმმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს იერ-სახე. მე ვარ მოვალეობის შემსრულებელი და წინასწარ რაიმე სტრატეგიაზე მე ვერ ვსაუბრებ, მაგრამ ვთვლი, რომ თითოეული ბათუმელის ინტერესში უნდა შედიოდეს, შენარჩუნდეს ის, რასაც ჰქვია ურბანული მემკვიდრეობა ბათუმში. წინმსწრებად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაერთონ ამ საქმეში დარგის სპეციალისტები და სწორედ მათ უნდა გადაწვიტონ მთელი რიგი საკითხები და პრობლემები, რაც დგას ქალაქში, რაც უდგას კულტურულ მემკვიდრეობას. მე ისტორიკოსი ვარ, ჩემი ხედვა მაქვს, მაგრამ რესტავრატორის, ხელოვნებათმცოდნის, არქიტექტორის სიტვა გადამწყვეტი უნდა იყოს, მე ასე ვთვლი,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ლაშა ასლანიშვილმა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი მას შემდეგ არ ჰყავდა, რაც სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, მირანდა ჩარკვიანი უმაღლეს საბჭოში გადაიყვანეს სამუშაოდ. 

ბათუმში პოლიცია დაკარგულ ქალს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლამდე ასაკის ქალს ეძებენ. „შეტყობინება შემოვიდა გუშინ და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები,“ – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

სამინისტროში არ აკონკრეტებენ, აჭარის რომელი მუნიციპალიტეტიდან შევიდა შეტყობინება.

რა რეკომენდაცია მისცა გეოლოგმა შუახევის გამგებელს

შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში მეწყერი ჩამოწვა. ჩაკეტილია სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა. ადგილის შესწავლას განაგრძობენ გეოლოგები, რომლებიც დასკვნას პარასკევს დადებენ. გეოლოგიური დასკვნის შედეგად განისაზღვრება, ემუქრება თუ არა საფრთხე ჩანჩხალოს რომელიმე მცხოვრებს.

„ეს არ არის ახალი მეწყრული კერა. ამ ადგილებში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აქტიურია მეწყერი. ბოლოს აქ მეწყერი 2005 წელს ჩამოწვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ფუტკარაძემ, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსმა.

გეოლოგის რეკომენდაცია ამ ეტაპზე იყო ის, რომ გზა მეწყრული მასისგან არ უნდა გაიწმინდოს. „ამან შესაძლოა მეწყრული პროცესი გაააქტიუროს“, – მიიჩნევს გეოლოგი.

სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობა მეზობელი სოფლის, სხეფის გზით ისარგებლებს. „ეს გზა ნამდვილად არ იყო გაწმენდილი თოვლისგან, იწმინდება და დღის ბოლოდან მოსახლეობას შეეძლება ამ გზით სარგებლობა“, – გვითხრა ტარიელ ებრალიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

გამგებლის თქმით, ალტერნატიული გზით სარგებლობის შემთხვევაში, შუახევის ცენტრში ჩასვლამდე ჩანჩხალოელებს დაახლოებით 2-3 კილომეტრით მეტი მანძილის გავლა მოუწევთ.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა: მინისტრის განცხადება დისკრიმინაციული და საფრთხის შემცველია

ფსიქოლოგ მაია ცირამუას შეფასებით, საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას გამონათქვამი – „მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები“, დისკრიმინაციულია და გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ფსიქოლოგის აზრით, როცა სკოლებში ბულინგის მაჩვენებელი ისედაც მაღალია, მინისტრი მსგავსი ტერმინებით არ უნდა საუბრობდეს.

„ნამდვილად დისკრიმინაციულია მინისტრის გამონათქვამი და ძალიან მაღალი რისკია იმის, რომ თუნდაც ამ გამონათქვამმა გაზარდოს ბულინგის შემთხვევების რაოდენობა სკოლებში, რადგან ასეთი ტიპის ბავშვები ისედაც ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლი.

ამ პრობლემის გარდა, მინისტრის განცხადებაში სხვა პრობლემაც არის,  ეს არის იძულება, რომელიც ჩვეულებრივ განიხილება როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა და ამ გამონათქვამით, რომ სპორტის მასწავლებელმა თუ საჭიროა უნდა აიძულოს მოსწავლე სპორტულ აქტივობაში ჩაერთოს, არის ძალადობის წახალისება.

იძულება თავისთავში გულისხობს იმას, რომ ბავშვთან ინტერაქციაში შენ იყენებ ძალადობრივ ფორმებს, – მუქარას, შანტაჟს ან ფიზიკურად ძალადობ მასზე და ამ ფორმით ცდილობ იმის მიღწევას, რისი მიღწევაც გინდა.

თავისთავად, განცხადება, რომელიც გააკეთა მინისტრმა, რომ სპორტის გაკვეთილები უნდა გახდეს პრიორიტეტული, მე მგონია, რომ არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი და ეს არის ძალიან დიდი პლუსი ამ განცხადებაში, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ანტისოციალური ქცევის პრევენცია ხდება სპორტული აქტივობებით და კარგი იქნება, თუ სკოლაში სპორტის გაკვეთილი იქნება მართლაც სპორტის გაკვეთილი.

დღესდღეობით, გამომდინარე იქედან, რომ მე ინტენსიური შეხება მაქვს ბავშვებთან, მათთან ვმუშაობ და ვიცი სასკოლო შემთხვევების შესახებ, ყველაზე საფრთხის შემცველ გარემოდ მოსწავლეები სკოლაში ასახელებენ ტუალეტს და სპორტის გაკვეთილს.

ტუალეტი არა მარტო სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან ხშირად ბულინგის ადგილი სწორედ ტუალეტია და ასევე სპორტის გაკვეთილი. ბავშვები ამბობენ, რომ ხშირად რამდენიმე კლასი ერთად შედის სპორტის გაკვეთილზე, სადაც არ ფიგურირებს მასწავლებელი და ხშირია ფიზიკური დაზიანება, ასევე ბულინგის გამოვლინებები – დაცინვა და ა.შ. ბავშვს უთქვამს, რომ „გადამიარეს“ ფიზკულტურის გაკვეთილზე, „ჩემი სპორტის მასწავლებელი ხშირად ნასვამ მდგომარეობაშია და არ გვაქცევს ყურადღებას“.

სპორტის გაკვეთილი დღეს, თუ სინამდვილეს თვალს გავუსწორებთ, არის ყველაზე საფრთხის შემცველი გაკვეთილი სასკოლო სივრცეში და არა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.

თუკი მინისტრის განცხადებას ამ კუთხით შევხედავთ, მან სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლება წამოსწია, მაგრამ ამასთანავე პუტკუნა ბავშვების შედარება მოუქნელ ბავშვებთან დისკრიმინაციული და სტერეოტიპული იყო.

ერთი, რომ დისკრიმინაციულია ეს განცხადება, მეორე – იძულების, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ფორმის ლეგიტიმაციას აკეთებს, პირდაპირ მოუწოდა მასწავლებლებს, რომ თუ ბავშვი რაღაცას არ აკეთებს,  – აიძულეთ.

თუკი ბავშვი არ ერთვება სპორტულ აქტივობაში ან ვერ ერთვება,  გამოსავალი არის არა ძალადობა, არამედ ის, რომ მასწავლებელმა იმუშაოს ბავშვის მოტივაციაზე და ზოგადად, სპორტის როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის, როგორც კულტურის დამკვიდრება უნდა მოხდეს ჩვენს სკოლებში.

ასე, რომ მინისტრის გამონათქვამი ძალიან ამბივალენტური განცხადება იყო, რომელიც თავის თავში შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან და კარგ მესიჯს, მაგრამ არტიკულირება მოხდა არასწორად.

მე მოვუწოდებდი განათლების მინისტრს, რომ თავი შეიკავოს ასეთი მადისკრიმინირებელი განცხადებებისგან გამომდინარე იქედან, რომ ამან შეიძლება გაზარდოს ამ ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევები სკოლებში“.

 

როგორ ისჯებიან ბავშვებზე სექსუალური მოძალადეები

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამი საქმე განიხილა, სადაც ბრალდებულს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავებოდნენ. სამივე შემთხვევაში სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ციხეში ამის გამო სასჯელს არავინ იხდის. სამივე შემთხვევაში მსჯავრდებულებთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი [სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან] თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე.

„სრულწლოვანმა ს.ა.-მ წინასწარ შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველ მ.ც.-თან დაამყარა სექსუალური კავშირი“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ საქმეში, სადაც ყველა მონაწილის, მათ შორის, ადვოკატისა და პროკურორის სახელი და გვარი დაფარულია. საქმიდან მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, რომ გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო და მან მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 2 წლით პირობით გამოსაცდელი ვადა შეუფარდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლით ისარგებლა, რომელიც მოსამართლეს კანონით გათვალისწინებულთან შედარებით, უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება ფორმდება და დამნაშავე „ნანობს ჩადენილ დანაშაულს“.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის საქმეზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს მიუღია. ამ შემთხვევაში, ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მან 16 წელს მიუღწეველი გოგო ცოლად შეირთო, თუმცა ვიდრე ის 16-ის არ გახდებოდა, მასთან სამი თვის განმავლობაში სექსი არ ჰქონია. მსჯავრდებულს აქაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოსაცდელი ვადით შეუცვალეს.

ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ვინმე ა.ა.-ს შეუფარდა. სასამართლოდან მიღებული საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულს 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან სამი თვის განმავლობაში სექსუალური კონტაქტი არაერთხელ ჰქონდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მოსამართლემ პირი მხოლოდ ერთი წლით დატოვა პატიმრობაში, 4 წელი კი თავისუფლების აღკვეთა პირობით გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ამჟამად ორი საქმე განიხილება, სადაც სხვადასხვა პირს არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის დამყარება ედება ბრალად.

უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა დანაშაულის გამო 221 პირი გასამართლდა. მათგან 189 პირს პირობითი მსჯავრი შეეფარდა.


ამავე თემაზე:

რატომ ვერ ამხელენ ბავშვები სქესობრივი ძალადობის ფაქტებს

 

საგაზაფხულო გაწვევა 30 ივნისამდე გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, მოქალაქეთა 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევა 2017 წლის პირველი თებერვლიდან დაიწყო და 2017 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. დადგენილების თანახმად:

  • თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1400-ით.
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1000-ით.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 865-ით.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა კი განისაზღვრა 422-ით.

სავალდებულო გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

რაც შეეხება გასაწვევ მოქალაქეებს, დადგენილების თანახმად ისინი „ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.


2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ინიციატივა იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა  სავალდებულო სამხედრო სამსახურის სრულად გაუქმებას. ხიდაშელის ინიციატივის მიხედვით, სავალდებულო გაწვევას მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ეთიშებოდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამინისტროს კვლავ შეეძლო 18-დან 27 წლამდე მოქალაქეების გაწვევა, რადგან მათთან მსახურება, კანონის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურად ითვლება.

გასულ წელს საშემოდგომო გაწვევაზე თავდაცვის სამინისტროს არავინ გაუწვევია; გასული წლის ბოლოს კი, თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა აღადგინა.

 

 

„ენერგო-პრო ჯორჯია”: რადგან 150 კაცს ეხებოდა შუქის გამორთვა, ამიტომ არ გავაფრთხილეთ

ბათუმში, მემედ აბაშიძის, ლუკა ასათიანისა და რუსთაველის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს გეგმიური სამუშაო, კონკრეტულად – ტრანსფორმატორის გამოცვლა და შუქის მიწოდება სავარაუდოდ, ერთი საათის შემდეგ აღდგება.

კომპანიის ინფორმაციით, შუქი დაახლოებით 150-მდე აბონენტს აქვს გათიშული.

რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა წინასწარ, რასაც კანონმდებლობაც გავალდებულებთ? – ამ კითხვაზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პასუხი ასეთია: „რადგან 150 კაცს ეხებოდა შუქის გამორთვა, ამიტომ არ გავაფრთხილეთ. როცა დიდ ოდენობას ეხება, მაშინ ვაფრთხილებთ…“.

კომპანიის ოპერატორის თქმით, მათ მოსახლეობის ნაწილი გააფრთხილეს ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტა, ვის მიაწოდეს ინფორმაცია და რა ფორმით.

10 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება

10 თებერვლიდან სამი დღის განმავლობაში აჭარის სანაპირო ზოლში იწვიმებს, მთაში კი მოსალოდნელია თოვა – პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია აკეთებს.

აღნიშნულ დღეებში სანაპირო ზოლში ტემპერატურა დღისით, სავარაუდოდ, 2-7 გრადუსამდე დაეცემა, ღამით 0-2 გრადუსი სითბო იქნება. მთაში დღისით -2-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ღამით – 5-10 გრადუსი ყინვა. სანაპირო ზოლში იქნება თოვლჭყაპიც.

ობსერვატორიის პროგნოზის მიხედვით, დღეს, 8 თებერვალს და ხვალ აჭარის მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

შაჰინის სკოლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პასუხობს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე 7 თებერვალს განცხადება გაავრცელა. ცენტრის ამ განცხადებას უპასუხა შაჰინის სკოლამ, რომ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადება „არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

„სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქულენოვანი სექტორი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოგახსენებთ, რომ სკოლა-ლიცეუმი 2015 წლის 4 სექტემბრამდე მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თურქულენოვანი კლასები გაიხსნა ბათუმში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლების მოთხოვნითა და შესაბამისი ქართული სახელმწიფო სტრუქტურების ნებართვის საფუძველზე.

2015 წელს სკოლამ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე. 2015 წლის 4 სექტემბერს გაიმართა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხი. აღნიშნულ სხდომაზე სკოლის დირექციამ გაითვალისწინა ავტორიზაციის საბჭოს მიდგომა ტექნიკური საგნების ინგლისურ ენაზე სწავლებისა და თურქულენოვანი კლასების არსებობის მიმართ. სხდომაზე აღვნიშნეთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, გამოვთქვით მზადყოფნა, თურქულენოვანი სექტორის გაუქმების თაობაზე. ამის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს შაჰინის სკოლა-ლიცეუმს მიენიჭა ავტორიზაცია ხუთი წლის ვადით.

ცენტრის განცხადებაში ნახსენები გეგმიური ორი მონიტორინგის ნაცვლად ჩატარდა 3 მონიტორინგი. პირველი მონიტორინგის შედეგები განხილულ იქნა 2015 წლის 25 დეკემბერს. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის N 10 ოქმში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 5 ოქტომბერს სკოლის დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც სექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად უნდა შესრულებიყო შემდეგი პროცედურები: 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემაში თურქულ სექტორზე რეგისტრირებული მოსწავლეების გადაყვანა ქართულ სექტორზე შექმნილ პარალელურ კლასებში. ამავე ბრძანების მიხედვით, გაძლიერდებოდა ქართული ენის სწავლება, მშობლებს მიეწოდებოდათ შესაბამისი ინფორმაცია და 2016-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის მსურველ არაქართულენოვან მოსწავლეთა კონტინგენტის ჩარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ავტომატურად, ქართულენოვან კლასებში. როგორც ზემოთქმული ცხადყოფს, ეს პროცესი მიმდინარეობდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლამ ვადების დაცვით განახორციელა ყველა ის მოქმედება, რაც აღნიშნული ბრძანებით ჰქონდა დავალებული ავტორიზაციის საბჭოს მიერ; კერძოდ, მოსწავლეები მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემაში არსებული თურქული სექტორის ბაზიდან გადაიყვანა ქართული სექტორის ბაზაში და გაზარდა ქართული ენის საათები.

აშკარაა, რომ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში აღნიშნული გარემოება, თითქოს სკოლამ დაარღვია „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ ბრძანება, რადგან არ მოახდინა თურქული სექტორიდან ქართულ სექტორზე გადმოყვანილი მოსწავლეების განათლების აღიარება, უსაფუძვლოა. აღნიშნული ბრძანება არ არეგულირებს მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით, ერთი კლასის დახურვის შედეგად მეორე კლაში (პარალელურ კლასში) მოსწავლის გადაყვანისას ამ მოსწავლეთა განათლების აღიარების ვალდებულებას და შესაბამისად, არც განათლების აღიარების წესს ადგენს.

საბჭოს ოქმიდანაც კარგად ჩანს, რომ თურქულენოვანი სექტორის გაუქმება ეტაპობრივად ხორციელდებოდა 2015-2016 სასწავლო წელს. ხოლო 2016-2017 სასწავლო წლისათვის დირექტორის ბრძანების საფუძველზე სკოლაში ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც ადგენდა თურქულენოვანი კლასებიდან ქართულენოვან კლასებში გადმოსული თითოეული მოსწავლის ცოდნის შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ქმნიდა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს. ხოლო საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე.

სიმართლეს არც ის ბრალდება შეესაბამება, რომლის მიხედვით, თითქოს მოსწავლეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სკოლაში. გაუგებარია რა პერიოდი იგულისხმება ფრაზაში „ხანგრძლივი დროის განმავლობაში“. სიმართლე ისაა, რომ თურქულენოვანი სექტორის გაუქმების შემდეგ არ დაფიქსირებულა მოსწავლეების მიერ გაკვეთილების მასიური გაცდენების ფაქტები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სასწავლო წლის ბოლოს არაქართულენოვან მოსწავლეთა დიდმა ნაკადმა დატოვა სკოლა და გადავიდა ბათუმში ახალგახსნილ თურქულ სკოლაში, რომელსაც საქართველოში საქმიანობის წარმართვისათვის არანარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია, მათ შორის ავტორიზაცია. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში დარეგისტრირებული არაქართულენოვანი მოსწავლეებიდან მხოლოდ 5 არ ცხადდებოდა სკოლაში. სკოლის ადმინისტრაცია ამ მოსწავლების სტატუსის შესაჩერებლად ელოდებოდა კანონით გათვალისწინებულ 90-დღიან ვადას, რომელიც იწურებოდა 2017 წლის 8 თებერვალს.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ის ნაწილი, სადაც მითითებულია, თითქოს სკოლა წლების განმავლობაში სარგებლობდა მოსწავლეებზე გაცემული ვაუჩერული დაფინანსებით. 2017 წლის 3 თებერვალს ცენტრში ჩატარებული ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე ჩვენც და დამსწრე საზოგადოებამაც ერთად მოვისმინეთ ცენტრის მიერ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მიწერილი წერილის პასუხი, სადაც მითითებულია, რომ ამ მოსწავლეებისათვის არანაირი ვაუჩერული დაფინანსება არ ყოფილა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მესვეურებს, თავი დაანებონ საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას და დროულად აღმოფხვრან შაჰინის სახელობის სკოლის მიმართ დაშვებული კანონდარღვევები,“  – აღნიშნულია შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაციის საპასუხო განცხადებაში.


3 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ავტორიზაცია შეუჩერა შაჰინის სკოლას მოსწავლეების მიღების საკითხის გამო.

შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, ტერორისტებს ზრდიან.

კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომლებსაც თურქეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

კონსულის განცხადებას დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბათუმის შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტები არ არიან, ხოლო შაჰინის სახელობის ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.

2016 წლის აგვისტოში განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თურქეთში ვიზიტის დროს დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე შეხვედრა, რომელზეც ასევე განიხილებოდა შაჰინის სკოლის საკითხი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას. მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი არ ართულებდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება”, – ამბობს განათლების მინისტრი.

ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა სკოლას აკრედიტაცია შეუჩერონ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე უპასუხა: „კანონში კონკრეტულად გაწერილია აკრედიტაციის შეწყვეტის კრიტერიუმები. თუ მართლა აღმოჩნდა მტკიცებულებები ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არა გვაქვს”.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა.

რატომ შეეცვალა ქობულეთის სასმელ წყალს გემო და არის თუ არა უსაფრთხო

„წყალი მოწამლულია და არ დალიოთ, მხოლოდ სადილის მოსამზადებლად გამოიყენეთ“ – ამ შინაარსის მოწოდებები სოციალურ ქსელში დღეს ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გაავრცელეს. მათივე ინფორმაციით, დღეს, 7 თებერვალს, ქობულეთში სასმელ წყალს მკვეთრი სუნი ჰქონდა და მისი გამოყენება „გულის რევის შეგრძნებას იწვევდა.“

ქობულეთის წყალკანალის დირექტორი ოთარ ზოიძე არ უარყოფს, რომ „დღეს წყალმა სუნი მოიმატა და გემო შეიცვალა“, მისივე თქმით, ეს მაშინ ხდება, როცა ქლორის მიწოდება „მაღალია“. ოთარ ზოიძის ინფორმაციით „ახლა წყალი ნორმაზეა“, არც მძაფრი ქლორის სუნი აქვს, არც გემო შეცვლილი: „დარეგულირდა“.

მეტი დამაჯერებლობისთვის და მომხმარებლის დასამშვიდებლად წყალკანალის დირექტორმა ლაბორატორიაც ახსენა. მისი თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ დღეს წყალი ადამიანისთვის საშიში არ ყოფილა: „უბრალოდ, ქობულეთელები არ იყვნენ მიჩვეული, ოდნავ მოიმატა ქლორის შემცველობამ წყალში, რომელმაც გამოიწვია სუნის და გემოს შეცვლა. ეს ქლორმა იცის, დამახასიათებელია.“

წყალკანალის დირექორმა „ბათუმელებს“ წყალში ქლორის აუცილებლობაც განუმარტა: „ქლორი რომ არ ყოფილიყო, ცუდი მაშინ იყო, მაშინ შეიძლება ადამიანი მოიწამლოს ბაქტერიებით.“

„თუ მკვეთრი სუნი და გემოს შეცვლა დაფიქსირდა, ეს ნიშნავს, რომ ნორმა გადაჭარბებულია,“ – გამარტავს ქიმიკოსი ნატო დიდმანიძე.

„როდესაც ქლორი იხსნება წყალში, ამ დროს წარმოიქმნება მარილმჟავა და ქლოროვანი მჟავა. ქლოროვანი მჟავა არის ძალიან არამდგრადი და იშლება ატომური ჟანგბადის გამოყოფით. სწორედ ატომური ჟანგბადის მადეზინფიცერებელი და გამაუფერებელი მოქმედება აქვს წყალს და ამიტომაცაა საჭირო წყლის დაქლორვა, მაგრამ ჭარბი რაოდენობით ქლორის გაშვება სასმელ წყალში არასასურველია. წყალი რომ მიეწოდებოდეს ავზიდან, ეს უკვე მეტ საშიშროებას წარმოადგენს, თუმცა თუ წყალი გამდინარეა, შეიძლება მან მხოლოდ მომენტალური ზიანი გამოიწვიოს. ამიტომ იმის რისკი, რომ ინტერნსიურად მოიწამლონ ადამიანები, არ არსებობს. თუკი ქლორი მომატებულია წყლის იმ ულუფაში, რომელიც კონკრეტულმა მომხმარებელმა მოიხმარა, რა თქმა უნდა შეიძლება მოიწამლოს კიდეც,“ – განმარტა ქიმიკოსმა.

პირველი ბაგა-ბაღი სოფელ ოქტომბერში

დღეს, 7 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში პირველი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ოქტომბრის თემი ხუთ სოფელს აერთიანებს. ამ დრომდე ამ სოფლებში და არც მიმდებარე ტერიტორიაზე ბაგა-ბაღი არ ფუნქციონირებდა.

საბავშვო ბაღი გაიხსნა ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე, რომლის პირველ სართულზეც ოქტომბრის თემის ადმინისტრაციული შენობა და ამბულატორია ფუნქციონირებს. შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 276 ათასი ლარი დაიხარჯა.

საბავშვო ბაღში 13 ადგილობრივი დასაქმდა. ბაღის ადმინისტრაციაში ბავშვის მიღების მოთხოვნით ამ დროისთვის 27 განაცხადია შესული. 30 აღსაზრდელზე გათვლილ ბაღში ორი ჯგუფი იქნება.

ქედის ბაგა -ბაღების გაერთიანებამ ამ ბაღისთვის 25 ათასი ლარის ღირებულების ინვენტარი შეიძინა.

ამ დროისთვის ქედაში სულ 15 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

კონსტანტინე გორბატკოვი: მაღაზიას თუ არ აქვს აღრიცხვიანობა და არც სურვილი ქონდეს, დაიხურება

საგადასახადო სისტემაში „ესტონური მოდელი“ მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. არაოფიციალურად, საუბრობენ იმაზე, რომ ამ მოდელის ამოქმედება ხელს შეუწყობს მონოპოლისტების გაძლიერება/გაჩენას ბაზარზე და ის არაა გათვლილი მცირე მეწარმეობის განვითარებაზე. საუბრობენ ასევე, რომ ახალი საგადასახადო სისტემის ამოქმედებით უკვე არაერთი მაღაზია დაიხურა. ბლიც-ინტერვიუ საგადასახადო ექსპერტთან, კონსტანტინე გორბატკოვთან.

ბატონო კონსტანტინე, რას ნიშნავს ესტონური მოდელი და რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარე?

რომ ვთქვათ რა არის ესტონური მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მოგების გადასახადის დაბეგვრის წესი. ანუ, უნდა გავაკეთოთ შედარება ძველ და ახალ წესს შორის. ძველი მოდელის დროს ჯერ ე.წ. ბუღალტრული აღრიცხვა უნდა გაგვეკეთებინა, მერე ფინანსური მოდელის ტრანსფორმაცია გაგვეკეთებინა საგადასახადოში მოგებაზე, იქედან გამოგვეანგარიშებინა დასაბეგრი მოგება, შემდეგ მოგების გადასახადი და პირველი აპრილისთვის უნდა გადაგვეხადა ეს მოგების გადასახადი. ასევე, წლის განმავლობაში ოთხჯერ იყო საავანსო გადასახდელები 25-25 %-ობით. აქედან გამომდინარე, დიდი ოდენობით თანხა გაჰქონდათ მეწარმეებს საქმიანობიდან და დამატებითი ინვესტიციების და სახსრების მოძიება სჭირდებოდათ, რათა განევითარებინათ თავიანთი ბიზნესი.

ახლა კანონმდებელი, მთავრობა, გვეუბნება – არ მინდა თქვენი მოგების გადასახადი, რაც მე მეკუთვნის გამოიყენეთ თქვენ, ასე ვთქვათ, მოახდინეთ რეინვესტირება და გააფართოვეთ თქვენი საქმიანობა. მაგრამ, თუ თქვენ დააპირებთ ამ თანხის გადინებას, ანუ გამოტანას ეკონომიკური სივრციდან, ასეთ შემთხვევაში მთავრობა ამბობს, რომ მისი კუთვნილი 15% გადავუხადოთ. თუმცა არა მთლიანი მოგების, არამედ იმ თანხის, რაც გამოიტანეთ.

მაგალითად, 2017 წელი, ვთქვათ, დასრულდა და 200 ათასი ლარი აქვს საწარმოს მოგება. თუ დამფუძნებლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ამ მოგებიდან 2018 წლის აპრილის თვეში 100 ათასი ლარი გასცენ დივიდენდის სახით. ამ შემთხვევაში, ეს 100 ათასი ლარი დაიბეგრება მოგების გადასახადით. საწარმოს მოუწევს გადახდა არა მთლიანი 200 ათასის 15%-ის, როგორც ძველად იყო, არამედ გამოყენებული თანხის რაც გასცა, ანუ 100 ათასის. საწარმო დანარჩენი თანხის რეინვესტირებას ახდენს, ტოვებს ბიზნესში და არ იბეგრება. ეს პრინციპია ჩადებული.

მოდელის რა უარყოფით მხარეზე შეიძლება ვისაუბროთ?

უარყოფით მომენტებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ როდესაც, დავუშვათ, ფიზიკურ პირზე საწარმომ უნდა გასცეს სესხი, ან თუ საწარმო დააპირებს მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირზე იგივე სესხის, ან ავანსის გაცემას, ამ შემთხვევაში ეს სესხები და ავანსი იბეგრება მოგების გადასახადით. შემდეგ კი, როცა ეს სესხად და ავანსად გაცემულ თანხა საწარმოს უკან დაუბრუნდება, მას შეუძლია ბიუჯეტიდან უკან დაიბრუნოს დაბეგვრის შედეგად გადახდილი თანხაც, როგორც მაგალითად დღგ-ს ჩათვლები კეთდება. ასეთი რამ ადრე არ იყო.

არის მოსაზრება, რომ ახალი მოდელი გააძლიერებს მონოპოლისტებს და მცირე მეწარმეებს დააზარალებს.

არ მგონია… რით დაზარალდებიან მცირე მეწარმეები? პირიქით, მცირე მეწარმეებს სახელმწიფო უფრო მეტ წესრიგში აყენებს. იმიტომ, რომ ფული როცა ჰქონდათ, როგორც უნდოდათ ისე ატრიალებდნენ. ახლა ეუბნება კანონი, რომ თუ აიღებ, საქმეში გამოიყენე.  შენ თუ საქმეში ფულის გამოყენების შნო არ გაქვს და თანხა ამოიღე სალაროდან და ჩაიდე ჯიბეში, ან სხვა საქმეში იყენებ, რომელსაც არ არეგისტრირებ, ასე ვეღარ იზამ. ეს ყველაფერი უკვე მოითხოვს რეგისტრაციას, გარკვეულწილად აღრიცხვიანობას, ანუ აღრიცხვის კულტურა, დონე იზრდება. ამიტომ არ აწყობს ეს ძალიან ბევრს, ისეთს, ვისაც არ უნდა გაიგოს ეკონომიკის პრინციპები და იმუშაოს კეთილსინდისიერად.

ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არ აწყობს ბევრს ასეთი სიახლეები. ფული გამოჩნდა, წავავლე ხელი, ჩავიდე ჯიბეში, მერე მთელი წელი ვაბრუნე და არაფერს ბიუჯეტში არ ვიხდი – ასე იყო. ახლა კი, როგორც კი წაავლებს ფულს ხელს, დაუყოვნებლივ გადაიხადოს უნდა თანხა ბიუჯეტში.  მოკლედ, თუ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოიყენებ მოგებას, არაფერს გთხოვს მთავრობა, სხვა პირადი ინტერესებისთვის თუ იყენებ, გეუბნება, რომ 15% მოგების გადასახადი მისცე. ასეთი მომენტია და ამით არის ძალიან ბევრი უკმაყოფილო.

შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ მაღაზიები ამ ახალი წესების შემოღების გამო დაიხურა?

კონკრეტულად ამ ახალ წესებზე ვერ ვიტყვით. აქ არის სხვა ნიუანსები… მაღაზიები თუ იხურება, ყველაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ ზოგიერთი დაიხურება იქედან გამომდინარე, რომ ალბათ, არ აქვთ აღრიცხვიანობა და არც უნდათ რომ ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში ბუნებრივია დაიხურება… როგორც გჭირდებოდა ისე რომ აკეთებდი, წავიდა ის დრო, ვალდებულებაც აქვს სახელმწიფოს… პერსპექტივაში ევროკავშირშიც ხომ უნდა შევიდეთ…

ანუ ე.წ. ფულის გათეთრების ბერკეტები შემცირდა?

რა თქმა უნდა. ახლა კანონმდებელი გეუბნება –  შენი შენ გქონდეს, მე ჩემი მომეცი. ამასთან, არ იქნება საჭირო რეგულარული შემოწმება, რაც ადრე ხდებოდა. სამაგიეროდ, როგორც სალარო აპარატების შემოწმებას აკეთებენ, ასევე შემოვლენ საწარმოშიც – სად გაქვს ფული? თუ გატანილი გაქვს – დაბეგრილი უნდა გქონდეს, აი ამაშია საქმე. ადრე კი, გავიტანდი ერთი წელი თანხას, ვატრიალებდი, ვნახულობდი მოგებას და არაფერს ვიხდიდი.

რუსთაველის უნივერსიტეტს ახალი პრორექტორი ჰყავს

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტს ახალი პრორექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე  გუშინ, 6 თებერვალს,  ამავე უნივერსიტეტის  ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სირაძე დაინიშნა. პრორექტორის აზრით, მასზე არჩევანი  გამოცდილების გამო შეაჩერეს.

„მაქვს 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება. უნივერსიტეტს, განათლების სფეროს ძალიან კარგად ვიცნობ, ალბათ ჩათვალეს, რომ შევძლებდი იმის გაკეთებას, რაც უნივერსიტეტის კეთილდღეობას მოემსახურება“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

თამარ სირაძის აზრით, მთავარი პრიორიტეტი  სასწავლო პროცესის გაუმჯობესება იქნება. „სტუდენტების მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ მაქსიმალურად, რომ  სასწავლო პროცესი მათთვის სახალისოც იყოს და შემეცნებითიც. ჩვენ ვეცდებით იდეალს მივუახლოვდეთ და უნივერსიტეტში ყველა კმაყოფილი იყოს, – სტუდენტებიც და ლექტორ-მასწავლებლებიც. შევეცდები, უნივერსიტეტის ყველა საფეხურზე ურთიერთობები იყოს დარეგულირებული“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად კარგად იცნობთ სტუდენტების პრობლემებს და რის გამოსწორებას აპირებთ? – თამარ სირაძე ამბობს, რომ ხშირად ეს პრობლემები ერთჯერადია.

„სტუდენტები ყურადღებას ამახვილებენ აუდიტორიების კეთილმოწყობაზე,  ზოგჯერ გათბობის პრობლემები ჩნდება, ეს არის კონკრეტული, ერთჯერადი შემთხვევები, მაგრამ მე მირჩევნია სტუდენტებმა სწავლების ხარისხთან დაკავშირებით გამოთქვან მოსაზრებები და რაც შეიძლება მეტი უნდოდეთ უნივერსიტეტისგან მიიღონ.

მთავარია, სწავლის ხარისხი ამაღლდეს და არა ის, რომ გაუადვილდეთ სწავლება. ზოგჯერ სტუდენტებს სწავლების გაადვილება ჰგონიათ გამოსავალი. კარგი განათლება რომ მიიღონ, თვითონაც უნდა შეიწუხონ თავი და მომთხოვნი უნდა გახდნენ მასწავლებლების მიმართ“.

თამარ სირაძე ამბობს, რომ ხარისხის გაუმჯობესება ასევე დამოკიდებულია ლექტორების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც და მათი უზრუნველყოფა შესაფერისი პირობებით, „რომ საბოლოოდ, მივიღოთ ორმხრივად  განვითარებული  სისტემა“.

თამარ სირაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. „ჩემი პრაქტიკის განმავლობაში დაკავშირებული ვიყავი ოქსფორდთან, კემბრიჯთან, ბუდაპეშტთან, ნიუ-იორკის უნივერსიტეტებთან და ვფიქრობ ამ მხრივ ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. მათგან რა შემოთავაზებებიც იქნება, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და უნდა გამოვნახოთ საერთო ინტერესები და საერთო ხელშეკრულებებზე ვიმუშაოთ“.

უნივერსიტეტში პრორექტორის პოსტი, ინგა შამილიშვილის განათლების მინისტრად დანიშვნის შემდეგ ვაკანტური იყო.

 

რეზო ხარაზის ბრალდება ბსუ-ს რექტორს და რექტორის პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მილიონობით ლარს არამიზნობრივად ხარჯავს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს უნივერსიტეტის ხარჯმა ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით, ასევე მივლინებებისთვის გათვალსწინებული თანხის ჩათვლით, რვა მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, სხვას ამბობს დოკუმენტი, რომელიც მან ბრიფინგზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა.

მტკიცებულება საჯარო ინფორმაციაა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს უნივერსიტეტიდან გამოუთხოვია, მასზე მიმაგრებულია თავად ელგუჯა ბაგრატიონის მიმართვაც [ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით].

ელგუჯა ბაგრატიონი ამ წერილით ითხოვდა ინფორმაციას 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით გაცემული ხელფასების, პრემიებისა და მივლინებების შესახებ. იქვე მითითებულია, რომ ის ითხოვდა ინფორმაციას სახელობითი სიით თვეების მიხედვით. მიღებული პასუხით კი მისი თანაპარტიელი რეზო ხარაზი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „არასრულფასოვანი დოკუმენტით“ უპასუხეს.

„უნივერსიტეტის რექტორმა ჩვენდა სამარცხვინოდ დამალა ინფორმაცია. გამოგვიგზავნა ორი ფარატინა ფურცელი, რომელზეც ასახულია მილიონობით გაცემული ლარი, მაგრამ დოკუმენტში არ არის სქემატურად მოწოდებული ინფორმაცია. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ დღესვე თუ არა ხვალისთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კეთილი ინებოს და გაასაჯაროოს ის ხელფასები და პრემიები, დანამატები და სამივლინებო თანხა, რომლებიც უნივერსიტეტს აქვს 2016 წელს გაცემული. დღეს ვხედავთ რეალურად, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მალავს ამ ხარჯებს. ვხედავთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაურბის პასუხს“ – განაცხადა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე.

ოფიციალური პასუხის მიხედვით, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით უნივერსიტეტს ხელფასის სახით 7 მილიონ 009 ათას 698 ლარი გაუცია. აქედან ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს 698 ათას 278 ლარი შეხვდათ. უნივერსიტეტში სულ 638 პირია დასაქმებული.

წერილში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციულ თანამდებობის პირებზე მოთხოვნილ ვადაში დანამატი და პრემია არ გაცემულა.

პრემიის სახით გასულ წელს უნივერსიტეტს სულ 12 490 ლარი გაუცია. დეპუტატისთვის მიწერილ პასუხში მინიშნებულია, რომ ეს თანხა ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკურ და დამხმარე, სულ 25 თანამშრომელს მიუღია. როგორც მოგვიანებით უნივერსიტეტის რექტორმა განმარტა: „პრემია მიიღეს მათ, ვისი ხელფასიც 400-დან 700 ლარამდე მერყეობს.“

რექტორის ინფორმაციით, მისი ხელფასი დარიცხვით – 2700, ხელზე კი 2100 ლარია. 2600 ლარია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხელფასი, 2300 ლარს შეადგენს რექტორის მოადგილის, 2080 ლარს კი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი. ამ თანამდებობების პირებზე 2016 წელს უნივერსიტეტს არც დანამატი გაუცია და არც პრემია. ეს ხარაზისთვის მიცემული პასუხით ირკვევა. თუმცა ხარაზი ამბობს, რომ საქმე სინამდვილეში სხვანაირადაა:

„აქვე წერს, რომ პრემია არ გაგვიციაო, ქვემოთ წერს, რომ  25 თანამშრომელზე გაცემულია პრემია, რომელიც მიეცა მხოლოდ ტექნიკურ პერსონალსო.“ რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ „ტექნიკურ პერსონალში შედიან განყოფილების უფროსები და სხვა თანამდებობის პირებიც“.

რაც შეეხება მივლინებებს. 2016 წელს უვერსიტეტის 167 თანამშრომელი ყოფილა მივლინებით ქვეყნის გარეთ, ამ მივლინებებისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 133 ათას 73 ლარი დახარჯულა, საიდანაც 13 ათას 130 ლარი ადმინისტრაციულ თანამდებობის პირებზე მოდის. დარჩენილი თანხა კი აკადემიურმა პერსონალმა გამოიყენა მივლინებისთვის. მივლინებების მიზანი კი საკონფერენციო და საგრანტო პროექტებში მონაწილეობა იყო.

ხარაზს კი ეჭვი აქვს, რომ სამივლინებო თანხით უცხოეთში რექტორის ნათესავები მოგზაურობენ. მას ამ ეჭვს უმყარებს მისივე ინფორმაცია რექტორისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ.

რექტორმა მივლინებებზეც გააკეთა კომენტარი: „იმ დროის მანძილზე, რაც რექტორი ვარ, ორჯერ ვიყავი მივლინებაში, როცა აუცილებელი იყო პოლონეთში წასვლა. 47 უნივერსიტეტთან გავაფორმეთ მემორანდუმი ამ ორი წლის მანძილზე და 45 რექტორი აქ ჩამოვიდა.“

თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონმდებლობა დაბალი რანგის საჯარო მოხელეებისთვის გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციის პერსონიფიცირებას არ ითვალისწინებს, რჩება ერთი კითხვა, რატომ არ გაასაჯაროვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კონკრეტულად ვინ, სად, როდის და რამდენჯერ იყო მივლინებაში? – რექტორი ამბობს, რომ ასეთი ინფორმაცია არ მოუთხოვიათ: „რომ დაუკავშირდნენ ადმინისტრაციას, უთხრეს, მოგცემთ კონკრეტულ ინფორმაციასო, მაგრამ აღარ მოსულან.“

ელგუჯა ბაგრატიონის წერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე 2016 წლის 26 დეკემბრითაა დათარიღებული, პასუხი კი მას 2017 წლის 31 იანვარს მიუღია.

კონკურსი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად   კონკურსის პირველი  ეტაპი  გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  საბუთები განათლების სამინისტროში, 16 იანვრიდან  28 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც 2017  წლის  პირველი  მაისიდან  26 ივნისის  ჩათვლით ჩატარდება.

სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო ლექციები სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის უნდა გაინმართოს და ლექციის თემატიკა შესაძლებელია მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებსაც.

გასულ წელს  ერთი საჯარო ლექციისთვის გამოყოფილი თანხა 2 500 ლარს შეადგენდა. ამჯერად, ერთი ლექციის ღირებულება სამინისტროს მითითებული არ აქვს.

„გაზეთის გამოცემა შეჩერებულია?” – პატიმრის წერილი რედაქციას

„მადლობელი დაგრჩებით, თუ თქვენგან მივიღებ პასუხს, რომ მართლა შეჩერებულია გაზეთის გამოცემა. თუ სხვა მიზეზია, ასეთის შემთხვევაში მაცოდინეთ პასუხი“ – ეს ნაწყვეტია წერილიდან, რომელიც „ბათუმელებმა“ წელს მიიღო. წერილის ავტორი პატიმარია ბათუმის #3 საპყრობილედან, რომელიც ინტერესდება, სწორად აწვდიან თუ არა მას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაზეთ „ბათუმელების“ გამოცემა შეჩერებულია.

„ბათუმელები“ 2017 წელს ყოველთვიური ჟურნალის სახით გამოვა. რედაქცია წყვეტს ყოველკვირეული გაზეთის გამოცემას. ამ თემაზე რედაქციაში მკითხველის არაერთი ზარი შემოდის, თუმცა ეს იყო პირველი ხელით ნაწერი წერილი, რომელიც „ბათუმელებმა“ მიიღო.

„ბათუმელები“ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პერიოდულად იღებს წერილებს. პატიმრების მდგომარეობაზე საპყრობილეებში და ცალკეულ შემთხვევაზე არაერთი სტატია მოგვიმზადებია. ჟურნალის გამოცემის პირობებში უცვლელი რჩება რედაქციის პოლიტიკა – გამოცემა ფოკუსირებულია ადამიანის უფლებებზე.

პატიმრის წერილი „ბათუმელებს"
პატიმრის წერილი „ბათუმელებს”

„ბათუმელები“ ჟურნალის ეგზემპლარებს ყოველთვიურად მიაწვდის ბათუმის #3 საპყრობილეს, ისევე, როგორც აწვდიდა გაზეთის შემთხვევაში.

აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 111 წლისაა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ფიქრიე ირემაძეა. იგი 111 წლისაა და ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ირემაძეებში ცხოვრობს. 
აჭარაში ამჟამად 100 წელს გადაცილებული 26 მოქალაქე ცხოვრობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 7 თებერვალს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე 100 წლის იუბილეს მიულოცავს ანტისა ნორაკიძეს, რომელიც დაბა ჩაქვში ცხოვრობს და 1000 ლარს გადასცემს მას. „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის ფარგლებში.
„100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.

როდის შეკეთდება შადრევანი ევროპის მოედანზე – მერიაში პასუხი არ აქვთ

ბათუმის ცენტრში, ევროპის მოედანზე მდებარე შადრევნის ნაწილი ჩავარდნილია. ბათუმის მერიაში ამ დროისთვის არ აქვთ პასუხი, როდისთვის მოხერხდება შადრევნის აღდგენა.

„ველოდებით თოვლის გადნობას. თოვლმა დააზინა შადრევანი. ამჟამად მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვა“, – გვითხრა ალეკო თევზაძემ, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. მანვე განგვიმარტა, რომ მოედნების, სკვერების ან შადრევნების მოვლა-პატრონობისთვის ტენდერი არ გამოცხადებულა და სააგენტო თავისი რესურსით იღებს მათზე პასუხისმგებლობას.

„ახლა ვაპირებთ მერთან ერთად განვიხილოთ შადრევნების საკითხი. უნდა მოხდეს ინვენტარიზაცია და მოდერნიზაცია. ამ კუთხით ცალკე პროექტის შემუშავებას ვაპირებთ… კონკრეტულად ევროპის მოედანზე არსებულ შადრევანს რაც შეეხება, გააჩნია, რამდენად რთული იქნება მისი შეკეთება. შესაძლებელია, ჩვენმა მუშებმაც მოახერხონ მისი აღდგენა. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ტენდერს გამოვაცხადებთ. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს“, – გვითხრა ალეკო თევზაძემ.

შეზღუდვა თამბაქოს გაყიდვაზე – კონსტიტუციურია თუ არა კანონი

„51-ე მეტრში რომ გადავიტანო ჩემი ჯიხური და იქ გავყიდო თამბაქო, რა შეიცვლება?” – კითხვა მოსარჩელე დარეჯან გიგნაძემ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დაუსვა. პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს სარჩელს, რომლითაც გასაჩივრებულია სამართლებრივი ნორმა, რაც თამბაქოს ნაწარმის გაყიდვას სკოლებთან და ბაღებთან 50 მეტრის რადიუსში კრძალავს. სარჩელის ავტორი ხათუნა ფხალაძეა. მის ინტერესებს სასამართლოში დღეს მისი დედა, დარეჯან გიგნაძე იცავდა.

„ეს კანონი ზღუდავს მეწარმეობას. ორი კანონი იცავს მოზარდებს. ჩვენ არ გვიცავს არც ერთი კანონი? მეტრონახევარი ჯიხური მაქვს, პირდაპირ ეზოდან შევდივარ. თავს ვისაქმებ ამ უსაქმურ ქვეყანაში და კიდევ ამას მიკრძალავთ“, – მიმართა დარეჯან გიგნაძემ კოლეგიას.

მოსარჩელეებს თამბაქოს ჯიხური თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ჰქონდათ გახსნილი. ის ერთ-ერთი სკოლის ოფიციალური საზღვრიდან 42 მეტრითაა დაშორებული. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო დედა-შვილი რამდენჯერმე დააჯარიმეს. საბოლოოდ მათ კონსტიტუციური სარჩელი მოამზადეს. მოვაჭრეებს ადვოკატი არ ჰყავთ.

მოსარჩელემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სკოლის ოფიციალური შესასვლელიდან ჯიხური ბევრად მეტი მანძილითაა დაშორებული, ვიდრე 50 მეტრია: „ყრუ კედლიდან ხომ არ გადმოხტება მოსწავლე? გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე არის სხვა მაღაზიები, სადაც თამბაქო შეიძლება არ აწერიათ, მაგრამ ყიდიან სიგარეტს… ვიცით კანონი, რომ 18 წლამდე მოზარდს თამბაქო არ უნდა მივყიდოთ. ამ კანონის შესრულება გააკონტროლონ. რა მნიშვნელობა აქვს, სად გაიყიდება“, – ამბობს დარეჯან გიგნაძე.

საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

რა ნიშნით დანიშნეს ეთერ ჯორთმენაძე უმაღლეს საბჭოში

ეთერ ჯორთმენაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატში დანიშნეს. თვითმმართველობის არჩევნების დროს ის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, თუმცა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრია. სოციალურ ქსელებში ეთერ ჯორთმენაძე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ცალკეული წევრების კრიტიკით და ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ქებით გამოირჩევა. ვისი რეკომენდაციით დაინიშნა ის ფრაქციაში და რა არის მისი ფუნქცია? ამ თემაზე ეთერ ჯორთმენაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

ქალბატონო ეთერ, როდის დასაქმდით უმაღლეს საბჭოში და ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია?

მე  მთელი ცხოვრება ვიბრძვი, „ქართული ოცნების“ წევრი ვარ და რა ვიცი, აბა.

თქვენ აკრიტიკებდით აჭარის წინა მთავრობას, განსაკუთრებით არჩილ ხაბაძეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კადრი იყო, თუმცა ივანიშვილისა და მისი მთავრობის სხვა წევრების მიმართ არ ყოფილხართ კრიტიკული, რატომ?

მერე რა, არ მომწონდა რასაც ბულვარში აკეთებდნენ და ამიტომ ვაკრიტიკებდი არჩილ ხაბაძეს. დარჩენილ პროკურორებსაც ვაკრიტიკებ, რომლებიც მართლა დამნაშავეს ვერ უყენებენ ბრალს და უდანაშაულოს ციხეში ალპობდნენ. „ქართულ ოცნებაში“ თუ ვინმე საკრიტიკოა, პირველი მე ვაკრიტიკებ. თუ ადამიანი მართალია, მტერსაც დავუდგები არათუ ბიძინას. ამ კაცის ხსენებით კი უკვე დავიღალე.  ბიძინა ივანიშვილმა შავი ჭირი მოგვაშორა და მეტი რა ვალი აქვს ამ ხალხის, ვალდებულია? რას სთხოვენ. „ხე, ხე“- გაიძახიან, რა არის ეს ხის გადარგვა, ერთი წაიღო, 50 ჩამოიტანა იტალიიდან.

ზურაბ პატარაძის საქმიანობა მოგწონთ, თუ მასთანაც გაქვთ კრიტიკული კითხვები?

ზურაბ პატარაძეს ჯერ ვერც დავაქებ და ვერც ვაგინებ. რატომ იცით? მე ძველი ბათუმის შტაბს ვხელმძღვანელობდი და თათბირები როცა გვქონდა, შემოაღებდა კარს, ძალიან კომუნიკაბელურია და 24 საათი ხან ერთ ეზოშია, ხან მეორეში. ჯერჯერობით ეს კაცი აკეთებს ძალიან მაგარ საქმეს და შევხედოთ.

„მაგარ საქმეში“ კომუნიკაბელურობას გულისხმობთ?

კომუნიკაციასაც, გაჭირვებულების დახმარებასაც… ხაბაძეს ჩაკეტილი ჰქონდა კარები და არავის არ იღებდა. პატარაძე კი ჩემს ეზოში პენსიონერებთან რამდენჯერმე შემოვიდა. დახმარება სთხოვა მერიას და საქმე გაუკეთა. აი, ეს სჭირდება ხალხს და მომწონს როგორც აქტიური კაცი.

ქალბატონო ეთერ, თქვენ გქონდათ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი შექმნილი, ამ აქტივობის დამსახურებაა, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ფრაქციაში მუშაობთ?

ირაკლი ღარიბაშვილს დღესაც ვაღმერთებ, – ქართული სულის კაცია, ქართულ საქმეს აკეთებდა, ვერაფერი მოვუნახე საკრიტიკო. ხომ არის ადამიანი, რომელიც თქვენს აზრებს კითხულობს… ვინც არ მომწონდა, იმათ ვაკრიტიკებ. კოალიციის წევრი იყო, მაგრამ არ მომწონდა „რესპუბლიკელები“.

რატომ არ მოგწონთ?

დეპუტატობის კანდიდატად ვიყავი წარდგენილი „ქართული ოცნებიდან“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ  დავით ბერძენიშვილმა ამომიღო სიიდან და ირაკლი ჩავლეიშვილი ჩასვა, „რესპუბლიკელები“ ბათუმში ყველგან თავის ხალხს ტენიდნენ.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, ეს მხარდამჭერთა ჯგუფი კი არ იყო, ოფიციალური არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა, რომელიც დღესაც არსებობს. უბრალოდ, ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში. მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო და,  შესაბამისად, ის ხალხი, ვინც იქ მუშაობდა, სათითაოდ გადავანაწილე და ყველამ მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა. მე ამ პარტიის წევრი ვარ 2012 წლიდან, ღარიბაშვილიც იყო ამ პარტიის წევრი და პრემიერ-მინისტრი. პარტიის ოფისი რომ დაიხურა, მე ორი ბინა მაქვს და ერთ ბინაში ეს ორგანიზაცია მუშაობდა და ყველა იქ იყრიდა თავს. იმდენი ქველმოქმედება გავაკეთე, – ხიხანის ხეობაში ავიტანე 8 ათასი ლარის მედიკამენტები, ხალხი ექიმებს გავასინჯეთ, 16 ათასი ლარის წამლები დავურიგეთ, ნაწილი გადავეცი მერიას, რომ გაჭირვებული ხალხისთვის დაერიგებინა.

ვისი თანხით აკეთებდით ამას, „ქართული ოცნების“?  

ჩემი ძალისხმევით, არავინ არ მეხმარებოდა მე.

თქვენი პირადი თანხა იყო?  ბიზნესი გაქვთ, თუ საიდან აფინანსებდით?

ჩემი ორგანიზაციის წევრებისგან. ერთი სააფთიაქო სამმართველოში იყო თბილისში, ინდოელმა ბიზნესმენმა გადმოგვირიცხა და ასე ვაკეთებდით.

მე როგორც ვიცი, თქვენ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის დედის მეგობარი ხართ. ითქვა, რომ მან გაგიწიათ რეკომენდაცია თავის შვილთან ფრაქციაში დასაქმებაზე. 

ირაკლი ჭეიშვილის ოჯახს არ ვიცნობ და არც ირაკლისთან მქონია შეხება გარდა არჩევნებისა. კოორდინატორი ვიყავი და როგორც შტაბის უფროსს, ვიცნობდი. ირაკლისთან ახლობლობა და მეგობრობა კარგია, მაგრამ არ მაქვს. მისი ცოლი ერთხელ ჩემთან ერთად იჯდა ცხელ ხაზზე და შემდეგ არც დამინახია. მე არ ვტყუი. ისიც კი არ ვიცი, სად ცხოვრობს. ხაბაძესთან ახლოს იყო და ბრაზდებოდა, როცა ვაკრიტიკებდი. ერთადერთი ის იყო, რომ სოციალურ ქსელში როცა თაბუკაშვილი აგინებდა, ვეუბნებოდი ვინ ხარ, რომ ჩემი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ასე ლანძღავ-მეთქი.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მოგწონდათ?

მე ყველას ვეუბნებოდი, დამიდეთ ფაქტი რას აშავებს ეს კაცი-მეთქი. სხვათა შორის, ირაკლიმ ყველა დაასაქმა, ყველას პატრონობდა…

ვინ დაასაქმა და სად?

„ქართული ოცნების“ წევრები, ახალგაზრდები, ყველასთვის იბრძოდა და ხალხს მეტი რა უნდა. ეს არის ძალიან დადებითი.

ფრაქციაში რა არის თქვენი კონკრეტული ფუნქცია, რას აკეთებთ?

იმას ვაკეთებ, რაც ფრაქციას ეხება. არჩევნების დროს ხალხთან წესიერი აგიტაცია, ეზო-ეზო და ქუჩა-ქუჩა დავდივარ, თუ ვინმე გაჭირვებულია, შეზღუდული უნარის არის, ყველაფერს ვიწერ, ვთხოვ მერე ფრაქციასაც, მერიასაც, რომ დაეხმარონ. მეტი არაფერი არ არის ჩემს ფუნქციაში.

შეგიძლიათ გვითხრათ, ბოლოს ვის შეხვდით და რა პრობლემები გამოიკვეთა, რომელიმე ადამიანის ისტორიას თუ გამოარჩევთ, ვისაც დახმარება სჭირდება?

ასე ზეპირად არ მახსოვს. ძალიან ბევრ ხალხს ვხვდები, ასე უცებ როგორ გითხრათ მნიშვნელოვანი. მოგვიანებით დაგირეკავთ და გეტყვით.

 

ხულო-გოდერძის გზის მშენებლობის გამო განსახლება თებერვლის ბოლოს დაიწყება

ხულო-ზარზმის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახლების პროცესი თებერვლის ბოლოს ან მარტის თვეში დაიწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცესი ამინდზეც არის დამოკიდებული, მაგისტრალის მშენებლობა კი, ჯამში შეეხება 354 ოჯახის კუთვნილ 561 მიწის ნაკვეთს.

კონკრეტულად ვის შეეხება ავტომაგისტრალის მშენებლობა, დეპარტამენტში არ დაგვიკონკრეტეს და აღნიშნეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამასთან არ გვითხრეს, თუ რას სთავაზობენ ოჯახებს მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, ან რამდენი საცხოვრებელი სახლის აღება იგეგმება. დეპარტამენტმა მოგვაწოდა ხულოს მუნიციპალიტეტის იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ და სადაც ახალი მაგისტრალი გაივლის.

ეს სოფლებია: დეკანაშვილები, ოქრუაშვილები, დიაკონიძეები, იაკობაძეები, დიოკნისი, ტაბახმელა, ბოძაური, დიდაჭარა, შუასოფელი, დანისპარაული და ბეშუმი. 

განსახლების საკითხებზე კომპანია „ალიგატორი“ მუშაობს. მაგისტრალის მშენებლობის დაწყება განსახლების პროცესზე იქნება დამოკიდებული. არსებული კანონმდებლობით კი, მოქალაქეს, რომელთანაც შეთანხმებას ვერ მიაღწევს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში დეპარტამენტი, ქონებას ექსპროპრეაციის გზით ჩამოართმევენ.

განსახლებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვთ ხულოს გამგეობაშიც. აქ აცხადებენ, რომ კომპანია, რომელიც განსახლების გეგმაზე მუშაობდა, არ არის ანგარიშვალდებული მათ წინაშე. „რამდენადაც ვიცით, მაქ, ძირითადად, მიწის ნაკვეთებზეა საუბარი, რაც შეეხება სახლს, ალბათ, რამდენიმე თუ იქნება აღებაში,“ – გვითხრეს გამგეობაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით ახალი გზა, ძირითადად, არსებულ მაგისტრალს მიუყვება. სოფლების გზისპირას მცხოვრებ ოჯახებს აუცილებლად რომ მოუწევდათ ასახლება, ან მიწის ნაკვეთების ნაწილის დათმობა, „ბათუმელები“ ადრეც წერდა. მოსახლეობა ამის შესახებ მაშინ ინფორმირებული არ იყო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47-კილომეტრია და პირველ ეტაპზე გზის 29 კილომეტრი [დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე] უნდა აშენდეს. მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო 1,5 საათით შემცირდება.

რამაზ სურმანიძე ოფისის დაცლაზე: ჩვენ დავეყრდნობით პროკურატურის გადაწყვეტილებას

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #46-ში, ისტორიულ სახლში, სახელმწიფო შპს „სამედიცინო განათლება“ მუშაობს. ეს შენობა 2012 წელს ხელისუფლებამ „ტვ 25″-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის სიდედრს გადასცა, თუმცა სახელმწიფო შპს შენობიდან ვერ გამოასახლეს. რამაზ სურმანიძე, „სამედიცინო განათლების“ დამფუძნებელი, ასევე „სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაშინდელი სკანდალის შემდეგ პირველად ახლახან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მათგან წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების შეძენა მოითხოვა. „ამ გზით სურს ალბათ სამინისტროს ფართობი გამოუთავისუფლოს კერძო მესაკუთრეს“, – ეჭვობს რამაზ სურმანიძე.

 

რამაზ სურმანიძე
რამაზ სურმანიძე

შპს „სამედიცინო განათლებაში“ 100%-იანი წილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის. ეს ორგანიზაცია მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ისტორიულ შენობაში, 1991 წლიდან ფუნქციონირებს. აქ გამოძიების დასრულებას ელოდებიან, რომელიც პროკურატურამ 2013 წელს დაიწყო და რომელსაც სხვადასხვა საკითხთან ერთად უნდა გაერკვია, რამდენად კანონიერად გადასცეს ბათუმსა და თბილისში უძრავი ქონება 1 ლარად „ტვ 25“-ის დამფუძნებლების ახლობლებს. სწორედ ამ ქონებებს შორის იყო მემედ აბაშიძის 46-ში მდებარე სახლიც. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს სახლი „ტელეარხი 25“-ის ერთ-ერთი მეწილის, მალხაზ ვერძაძის სიდედრს, მერი ქარცივაძეს გადასცა.

„შენობა მემედ აბაშიძეზე 1895 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ჯანდაცვის სხვადასხვა უწყება იყო განთავსებული. 1896 წელს „ბათუმის ექიმთა საზოგადოება“ ჩამოყალიბდა და მაშინ ექიმებმა აქ მოიტანეს წიგნები ბიბლიოთეკისთვის. დღემდე ინახება ეს წიგნები, რომლებიც შესაძლებელია, ერთადერთიც კი იყოს,“ – გვიყვება ისტორიკოსი რამაზ სურმანიძე. მისი თქმით, აქვეა ბევრი სხვა ღირებული დოკუმენტიც, მაგალითად, აჭარის რეგიონში მომუშავე ექიმთა პირადი საქმეები 1953 წლიდან.

„სამინისტროს წარმომადგენელი, ნანა შავიშვილი ურეკავს ტელეფონზე შპს-ს დირექტორს, გულიკო ყიფიანს და ეუბნება, რომ უმჯობესია, თუკი ამ წიგნებსა და დოკუმენტებს ჩვენ თვითონ შევიძენთ. განმარტებები არ მოგვისმენია, მაგრამ მიზანი ალბათ გასაგებია… მაგრამ, თუკი პროკურატურა იძიებს, გამოიძიონ და ჩვენ დავეყრდნობით მის გადაწყვეტილებას“, – ამბობს რამაზ სურმანიძე.

„ასეთი შეთავაზება ჩვენგან არ ყოფილა. ნანა შავიშვილი არის საწარმოთა მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ის არ არის უფლებამოსილი პირი, რომ მსგავსი განცხადებები გააკეთოს“, – გვითხრა გელა ცინცაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა.

გელა ცინცაძე განმარტავს, რომ თუკი დაინტერსებული პირი გამოჩნდება, შესაძლოა შპს „სამედიცინო განათლების“ კუთვნილი წიგნები ან სხვა დოკუმენტაცია გაიყიდოს, თუმცა ამ შემთხვევაში სამინისტრომ უნდა შეაფასოს „აქვს თუ არა რომელიმე წიგნს ან დოკუმენტს კულტურული და ისტორიული ღირებულება“.

რაც შეეხება ფართობს, გელა ცინცაძის თქმით, შპს „სამედიცინო განათლებისთვის“ მათთვის ალტერნატიული ფართობი არ უთხოვია [თუკი მათ გაასახლებენ მემედ აბაშიძის #46-იდან]. „თუკი მივიღებთ წერილს და დასაბუთებული იქნება, რატომ  უნდა გადავცეთ უძრავი ქონება, სამინისტრო განიხილავს ამ წინადადებას და მიიღებს გადაწყვეტილებას. რამდენიმე სახელმწიფო შპს არის ასეთი, რომელსაც ფართობი არ აქვს, მაგრამ ფუნქციონირებს“, – ამბობს გელა ცინცაძე.

რატომ არ მიმართა ალტერნატიული ფართობის მოთხოვნით შპს „სამედიცინო განათლებამ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს? – რამაზ სურმანიძე გვპასუხობს, რომ სამინისტრო მათი მდგომარეობის შესახებ ისედაც ინფორმირებულია 2012 წელს, ტვ 25-ის დამფუძნებლების გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ. „მე პირადად მქოდან მოლოდინი, რომ გამოძიება დასრულდებოდა და ეს შენობა დაგვიბრუნდებოდა“,- ამბობს რამაზ სურმანიძე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელმა, ნანა შავიშვილმა „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა. პასუხი ვერ მივიღეთ პროკურატურისგანაც კითხვაზე, რა ეტაპზეა „ტვ 25“-ის მესაკუთრეების ახლობებისთვის ქონების გადაცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება.

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა

ანგისაზე შეწყვეტილი სპორტული ბაზის მშენებლობის გასაგრძელებლად მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი 4 მილიონ 116 ათას 179 ლარია, რაც წინა შესყიდვის ბიუჯეტზე მხოლოდ 800 ათასამდე ლარით ნაკლებია. მერიას კი, შპს „ენერგოსექტორმშენთან“, რომელსაც ხელშეკრულება აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეუწყდა, 2 მილიონი ლარი ავანსად ჰქონდა ჩარიცხული.

ბათუმის მერიის პრესსამსხურის ინფორმაციით, „ენერგოსექტორმშენმა“ მილიონ 600 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. შეუსრულებელი ვალდებულებისთვის კი კომპანია 240 ათასი ლარით დაჯარიმდა, რაც მერიამ გარანტორი ბანკისგან უკვე ამოიღო.

იმასთან დაკავშირებით კი, თუ რატომ არ შეამცირა მერიამ შესყიდვის ბიუჯეტი მაშინ, როცა მილიონ 600 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო უკვე შესრულებულია, განმარტეს, რომ მერიას პირველივე ტენდერისთვის 5 მილიონ 330 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ელექტრონული ვაჭრობის შემდეგ კი ბიუჯეტი თავად კომპანიამ 430 ათასი ლარით შეამცირა: „ გარდა ამისა, პროექტში შევიდა ცვლილებები და ახალი ვალდებულებები დაემატა.“

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მერიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ავანსად გაცემული თანხის უკან დასაბრუნებლად გარკვეული ძალისხმევის გაღება უწევს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან 29 ხელშეკრულება შეწყვიტა. ჯამში სახელშეკრულებო თანხა 30 მილიონამდე ლარია. ამ თანხის თითქმის ნახევარი – 13 მილიონზე მეტი ლარი, ქალაქის ბიუჯეტიდან კომპანიებზე ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში უკვე გადარიცხული იყო. უმეტეს შემთხვევაში თანხის ამოსაღებად დაწყებულ დავებს კი სასამართლო ამ დრომდე განიხილავს.

ანგისის სპორტული კომპლექსი მოიცავს ორ მოედანს და მშვილდოსნების არენას. ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მოეწყობა დარბაზი მოჭიდავეებისთვის. სატენდერო პირობებით შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული უნდა იყოს.

ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შსს -ს პრესსამსახურის ინფორმაციით „ მამაკაცი რამდენიმე დღე არ გამოჩნდა, რის შემდეგაც მეზობლებმა მოძებნეს და გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ბინაში“.

შსს-ში ჯერჯერობით ვერ დაგვიკონკრეტეს რა მუხლითაა საქმე აღძრული.


პოლიციამ ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი აღმოაჩინა.

ბათუმში „კარფური“ გაიხსნება

2017 წლის ზაფხულში ჰიპერმარკეტების  ქსელი „კარფურ ჯორჯია“ ბათუმში ფილიალის გახსნას გეგმავს.

„ბათუმის კარფურის მარკეტი განთავსდება ახალი ბათუმის ტერიტორიაზე, იუტიციის სახლის მიმდებარედ და იქნება კარფურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ადგილობრივ ბაზარს მორგებული დიდი სუპერმარკეტი,“ –  უთხრეს „ბათუმელებს“ ორგანიზაციაში.

„კარფურში“ ამბობენ, რომ ახალ სუპერმარკეტში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. ორგანიზაციამ რამდენიმე ვაკანსია უკვე გამოაცხადა.

„გეგმების მიხედვით, კარფური გააგრძელებს რეგიონალურ განვითარებას ჯერ ბათუმში, შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი – საქართველოს სხვა ქალაქებში,“ – ამბობენ კომპანიაში.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით,  კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიამ“, რომელიც წარმოადგენს „კარფურის“ ქსელს საქართველოში,  აიღო იჯარით ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე [რკინის თაღთან] მდებარე შენობა, რომელიც „ვისოლი ჯგუფს“ ეკუთვნის.  „ვისოლი ჯგუფი“ ამ ადგილას „სმარტისა“ და „დანკინ დონატსის“ გახსნას აპირებდა.

„კარფურ ჯორჯიამ“ პირველი ჰიპერმარკეტი თბილისი მოლში გახსნა 2012 წელს. ამჟამად  ორგანიზაციას თბილისის მასშტაბით ოთხი სუპერმარკეტი და ორი ჰიპერმარკეტი აქვს.

რა გავლენას მოახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გეგმა აჭარის ტელევიზიაზე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ტელევიზია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი არხია, არ წყვეტს მუშაობას. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალარჩეულმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს, 6 თებერვალს განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემა, გარდა „მოამბისა“, 2018 წლამდე შეიძლება შეჩერდეს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მათი არხი ცალკე სამართლის იურიდიული პირია და, შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესები მათ არ ეხება: „ჩვენ გვაქვს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, სამოქმედო გეგმა, ეს დამოუკიდებელი მედიაარხების პოლიტიკაა და ამ შემთხვევაში აჭარის მაუწყებელს არ შეეხება. არანაირი შეთანხმება და არც კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა“.

მაუწყებლის შესახებ კანონით, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და აჭარის ტელევიზიას საერთო ბიუჯეტი აქვთ. ამ საერთო ბიუჯეტიდან მინიმუმ 0.15% ეკუთვნის აჭარის ტელევიზიას. ვასილ მაღლაფერიძის მიერ დღეს წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ტელევიიზის ბიუჯეტი 2018 წლამდე დაიხარჯება არა მედიაპროდუქციის წარმოებაზე, არამედ სხვა დანიშნულებით. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეიძლება აჭარის ტელევიზიაც დარჩეს ფულის გარეშე? – ნათია კაპანაძე ამბობს, რომ არა: „ჩვენ კანონით გვაქვს განსაზღვრული პროცენტი და უფლება, მივიღოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი შიდა პროდუქტიდან პროცენტი. შესაბამისად, ამისგან განსხვავებული მოსაზრებები ნიშნავს იმას, რომ კანონს ვეწინააღმდეგებით. ანუ ჩვენ გარანტირებული გვაქვს ეს ნაწილი“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თქმით, მათ შემთხვევაში „კანონთან შეწინააღმდეგება“ გამორიცხულია. შესაბამისად, ცალკე სამართლის იურიდიული პირის სხვა გადაწყვეტილება არ ცვლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დღის წესრიგსა და გეგმებს“.

ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი სასამართლომ განსახილველად მიიღო

დღეს, 6 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ 23 თვის შემდეგ, არსებითად განსახილველად მიიღო  „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის“, „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის“, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“, „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და „სახარების რწმენის ეკლესიის“  სარჩელი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც სადავოდ ხდიან იმ წესს, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, რადგან სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არსებობს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი რელიგიურმა დენომინაციებმა 2015 წლის 11 მარტს შეიტანეს.

2016 წელს პედოფილიისთვის 221 ადამიანი დაისაჯა

221 – ამდენი ადამიანი დაისაჯა გასულ წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, რომელიც დამნაშავეებმა 16 წელს მიუღწეველ პირებთან ჩაიდინეს. საერთო სასამართლოებში მკვეთრად იმატა ამ კუთხით საქმეების რაოდენობამ. მაგალითად, 2015 წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მხოლოდ 103 პირი გასამართლდა.

ყველაზე მკვეთრი მატება დაფიქსირდა სისხლის სამართლის კოდექსის 111 -140 მუხლის დარღვევაზე, რაც გულისხმობს ოჯახის წევრთან სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას. თუკი 2015 წელს ამ მუხლით 42 პირის წინააღმდეგ გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 171-მდე გაიზარდა. ამათგან 167-ს სასამართლოებმა პირობითი მსჯავრი შეუფარდეს, ორმა პირმა ჯარიმა გადაიხადა, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი, დამნაშავე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაისაჯა [სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლის მიხედვით ოჯახის წევრად მიიჩნევა: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი [გერი], შვილობილი, მშვილობილის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი [დედობილი, მამობილი], მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწეოდნენ, ან ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.]

7-დან 18-მდე გაიზარდა იმ პირების რაოდენობა, რომლებსაც 16 წელს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების ჩადენა დაუდასტურდა. სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის დარღვევის გამო საერთო სასამართლოებმა გასულ წელს 17 პირს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ერთს – პირობითი მსჯავრი.

გასულ წელს სასამართლოებმა ორ პირს შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, ვინც 14 წელს მიუღწეველი პირი გააუპატიურა. 2015 წელს ამ დანაშაულის კატეგორიის გრაფა ცარიელია.

მონაცემი არ შეცვლილა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 138-3დ მუხლით გასამართლებულთა შემთხვევაში. ეს მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით ორსული ქალის, ან არასრულწლოვნის მიმართ. 2015 და 2016 წლებში ამ დანაშაულისთვის თითო პირი მიუციათ პასუხისგებაში. ორივე მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასამართლომ.

„ამ მაჩვენებლით რთულია იმის თქმა, რომ დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა. სავარაუდოა, რომ გაიზარდა მისი გამოვლენის შემთხვევები,“ – ამბობს ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი. მისი აზრით, ეს ციფრები რეალობას არ ასახავს, რადგან სხვა ქვეყნებში სექსუალური ხასიათის დანაშაულის მაჩვენებელი ბევრად მაღალია.

„ჩვენ გვახსოვს წლები, როცა ეს დანაშაულები ნულოვანი იყო. მაღალჩინოსნები გვიმტკიცებდნენ, თითქოს ამ ტიპის დანაშაული საერთოდ არ ხდებოდა. ახლა შედარებით დადებითი ტენდენციაა ის, რომ გამოვლენა გაიზარდა, თუმცა ამის თქმაც რთულია, შესაძლოა, თავად დანაშაულებრივი ქმედების მაჩვენებელი გაიზარდა“, – გვიყვება ანა აბაშიძე.

უფლებადამცველი  მიიჩნევს, რომ ძალოვანი უწყებები, პირველ რიგში, ანალიტიკურ კვლევებზე უნდა მუშაობდნენ. ფიქრობს, რომ ამ გზით შეიძლება გვქონდეს სრული სურათი, რასთან გვაქვს საქმე და პრევენციული ღონისძიებებიც დაიგეგმება: „ერთადერთი კვლევა, რაც მახსენდება, ჰქონდა პროკურატურას, რომელმაც გასული წლის დასაწყისში გამოაქვეყნა. ის მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის დარღვევაზე იყო, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას 16 წელს მიუღწეველთან. გამოწვევები ჰქონდა ამ კვლევასაც, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩანდა რა ტიპის ადამიანები ჩადიან ამგვარ დანაშაულს, როგორ აღიქვამს ამას მსხვერპლი და ასე შემდეგ… სამწუხაროდ, საქართველოში კვლევები ამ მიმართულებით არ ტარდება და ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია“, – ამბობს ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

საჯარო ინფორმაცია არასრულწოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებზე „ბათუმელებმა“ უზენაესი სასამართლოსგან მიიღო.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

 

Exit mobile version