დასრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში, ასევე ქალაქში, სადაც მოსახლეობა ითხოვდა საგზაო ინფრასტრუსტრუქტურის მოწყობას, აქტიურად მიმდინარეობის სამუშაოები. 2017 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ამ მიმართულების პროექტებისთვის 13 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ატარებს. უწყებაში ამბობენ, რომ  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – მათი ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი მალე დასრულდება, ხოლო დარჩენილ მონაკვეთებზე ტენდერებია გამოცხადებული და ასევე მალე დაიწყება სამუშაოები.

სამუშაოს შესრულებას უშუალოდ უწევს მეთვალყურეობას აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი. მან და ლაშა ჩიხლაძემ [მოადგილე] ახლახანს დაათვალიერეს ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავი (ქ.ბათუმის წყალსადენის სათავე ნაგებობა) საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები. აქ სამუშაოები ზუსტად იმ ვადებში დასრულდა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობიან
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობიან

გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოებს ასრულებდა კომპანია შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“. თავის დროზე სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა  დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში – გზის ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად აჭარის ბიუჯეტიდან 382 050 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ გზაზე მოეწყო 452 გრძივი მეტრი კიუვეტი და 116 გრძივი მეტრი გაბიონი

არჩილ ჩიქოვანმა და რაულ ბერიძემ ამ დღეებში ასევე დაათვალიერეს თეთროსანი-ხუცუბნის საავტომობილო გზის უკვე დასრულებულ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები.

თეთროსანი-ხუცუბნის გზის მონაკვეთზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ერ ტე დე“ შეასრულა. პროექტზე აჭარის ბიუჯეტიდან 839 880 ლარი დაიხარჯა – გზაზე მოეწყო 818 გრძივი მეტრი კიუვეტი, 82 გრძივი მეტრი გაბიონი და 35 გრძივი მეტრი ბეტონის კედელი.

gza2

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბუჯეტით ქობულეთის მუნიციპლიტეტში გათვალისწინებულია 35 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, რაზეც 11 320 827 ლარია გათვალისწინებული.

ასევე იგეგმება 4 ახალი ხიდის მშენებლობა, 3 არსებული ხიდის რეაბილიტაცია [ბიუჯეტი 355 748 ლარი], 44 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა [ბიუჯეტი 718 744 ლარი] და 19,3 კმ. (6900 კუბ.მ.) ბეტონის საფარის მოწყობა – 1 მილიონი ლარის ფარგლებში.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

 

 

შესამცირებელ ქულათა რაოდენობა კონკრეტული დარღვევების მიხედვით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი დაამტკიცა, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

ეს წესი გავრცელდება იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომელთა ჩადენაც 2017 წლის 1-ელი ივლისიდან იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართის შესაბამისად.

ეს წესი არ გავრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე.

აღნიშნული წესის მიხედვით:

[checklist]

  • საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ენიჭება 100 ქულა ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:
    ა) ყოველი კალენდარული წლის პირველ იანვარს;
    ბ) მართვის მოწმობის გაცემის დღეს;
    გ) მართვის უფლების აღდგენისას, თუ პირს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწურვისა და მართვის უფლების შეჩერების გამო.
  • საგზაო მოძრაობის რეგულირებასა და საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე (შემდგომში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) რეაგირებას ახორციელებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, ხოლო იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაში – სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე [უფლებამოსილი პირი].
  • უფლებამოსილი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისას არ ფლობს ინფორმაციას ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მართვის მოწმობაზე არსებული/დარჩენილი ქულების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი ხდება მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.
  • უფლებამოსილი პირის მიერ მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით სახდელის დადების შემთხვევაში ინფორმაცია შესამცირებელი ქულის ოდენობისა და  ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულების ოდენობის შესახებ აისახება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილ ვერსიაზე.
  • თუ მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით სახდელის დადების შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა გაუტოლდება ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს, ინფორმაცია მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერების შესახებ ავტომატურად აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
  • თუ უფლებამოსილი პირი  საჯარიმო ქვითარს ავსებს მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების გარეშე, ქვითრის შევსების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შესამცირებელი ქულის ოდენობისა და  მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულის ოდენობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად  სამუშაო საათებში ტელეფონით უკავშირდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებას თავისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ხოლო არასამუშაო საათებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს თავისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.
  • მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების გარეშე საჯარიმო ქვითრის შევსების შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა გაუტოლდება ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს, ინფორმაცია მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერების შესახებ აისახება საჯარიმო ქვითარში.
  • მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების გარეშე საჯარიმო ქვითრის შევსების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითარში ასახულ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული  ინფორმაციის შესახებ სამუშაო საათებში ტელეფონით ატყობინებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებას თავისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ხოლო არასამუშაო საათებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს თავისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, რომელიც აღნიშნულს ავტომატურ რეჟიმში ასახავს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. უფლებამოსილი პირი აღნიშნულ საჯარიმო ქვითარს მეორე სამუშაო დღეს არეგისტრირებს.
  • მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების გარეშე შევსებული საჯარიმო ქვითრების ბაზაში აღრიცხვის სიზუსტეზე პასუხისმგებელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილება.

[/checklist]

[crosslist]

  • მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის  ყოველი შემცირებისას, სამინისტრო ვალდებულია მართვის მოწმობის მფლობელი გააფრთხილოს მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით, პირის შესახებ შესაბამისი  ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.
  • პირის მიერ ერთდროულად რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, როდესაც საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე დარღვევებისათვის და მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ქულით.

[/crosslist]

[red_box]ქულათა შემცირების სამართლებრივი შედეგები[/red_box]

კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში გაცემული მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვა (ნულამდე ან ნულზე ნაკლებ რიცხვამდე შემცირება) გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 1 წლის ვადით.

სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო მართვის მოწმობის მფლობელს ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და აეკრძალება საქართველოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა.

ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მართვის უფლება შეჩერებულად ჩაითვლება იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის გადაცემის მომენტიდან, რომლის დაკისრებამაც გამოიწვია მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის ამოწურვა.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.

[red_box]მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულის შემცირების გასაჩივრება[/red_box]

მართვის მოწმობისათვის ქულათა სისტემის შემცირება საჩივრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითართან ერთად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გასაჩივრება გამოიწვევს მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემის შემცირების აღსრულების შეჩერებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლების დარღვევისთვის შესამცირებელ ქულათა რაოდენობა [„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართი]:

1q

2q

[highlight color=”red”]ამავე თემაზე:[/highlight]

რამდენად კარგად იცნობთ მართვის მოწმობის 100–ქულიან სისტემას – ტესტი

რომელი დარღვევისთვის რამდენ ქულას დაკარგავენ მძღოლები

ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

დღეს, 29 ივნისს, ზღვაში მოზარდი დაიხრჩო. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით: „15 წლის გოგოს ცხედარი მაშველებმა ბათუმში, ნაპირზე კატერით გამოიტანეს, საიდანაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის პროზექტურაში გადაიტანა.“

ჩვენი ინფორმაციით, მოზარდი საბანაოდ დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

 

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კომპლექსში შემავალი ობიექტებია:

ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი; ასევე რკინიგზის სადგურები: ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი, საკოჭავი, ბაკურიანი; წაღვერი-ცემის სარკინიგზო ხიდი და პორტერის ტიპის ორთქლმავალი.

ძეგლის სახეობა: საინჟინრო-არქიტექტურის-მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული; რკინიგზის ხაზის მშენებლობა: 1897-1906 წ.

rkin

 

პაციენტის მამა ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

13 თვის საბა მამულაძის მამა, ემზარ მამულაძე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს უყურადღებობაში და პაციენტის არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებს.

საბა პნევმონიის დიაგნოზით ჰოსპიტალში გუშინ, 28 ივნისს, მოათავსეს. საბას მამა, ემზარ მამულაძე ამბობს, რომ ამ დრომდე ბავშვს სათანადო მკურნალობა არ ჩატარებია.

„ბავშვს ფილტვების ანთება აქვს, გადასხმა სჭირდება, მაგრამ კათეტერი ვერ ჩაუდგეს. ვეუბნები გამიშვი თბილისში, მაგრამ არ მიშვებენ, ვერც მკურნალობენ. როგორც ვხვდები, ამათი სირცხვილია, ბავშვის  ვენას რომ ვერ პოულობენ და ამის გამო არ უნდათ გაგვიშვან თბილისში,“ – ამბობს ემზარ მამულაძე.

ემზარის თქმით, საბა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მიმდინარე წლის აპრილშიც იწვა. მაშინ ექიმებმა ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ ბავშვი გაწერეს, თუმცა გაწერის დღეს ის ისევ ცუდად გახდა და მამამ თბილისში წაიყვანა.

„ბათუმში ჰოსპიტალიდან რომ გამოგვწერეს, გვითხრეს ბავშვი კარგადააო. იმავე დღეს, საღამოს, თბილისში როცა შევიყვანეთ კლინიკაში, ფორმა 100-ში ეწერა, რომ „მძიმე პაციენტი შეუვიდათ“. რეანიმაციაში დააწვინეს მაშინვე ბავშვი და იზოლირებული იყო. ავდექი და ვუჩივლე კლინიკას. მთლიანად ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალისადმი მაქვს პრეტენზია. არ აქცევენ პაციენტებს სათანადო ყურადღებას და ვერ უწევენ შესაბამის მკურნალობას,“ – აცხადებს ემზარ მამულაძე.

ემზარის თქმით, აპრილის თვეში თბილისში ჩასულმა აღმოაჩინა, რომ ბავშვი უფასო პროგრამით ვეღარ ისარგებლებდა: “ბათუმში დაფინანსება მომიხსნეს. რომ გავეწერეთ საავადმყოფოდან, იქ მომაწერიეს რაღაცაზე ხელი.  მითხრეს, ბავშვი რომ გაიწერა, იმის დოკუმენტზე გაწერინებთ ხელსო. თბილისში რომ ჩავიყვანე, მაშინ გავიგე, რომ ხელი მომიწერია ბავშვის მკურნალობის ნებაყოფლობით შეწყვეტაზე. შედეგად 8 500 ლარი მაქვს  გადასახდელი ამ ექიმის დაუდევრობის გამო. საიდან უნდა გადავიხადო ეს თანხა, არ ვიცი”.

ემზარმა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს, აპრილის თვეში, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში უჩივლა.

ემზარ მამულაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეს, როგორც კი კლინიკაში ჩივილის თაობაზე გაიგეს, 1 წლის საბას მკურნალმა ექიმმა ბავშვის მკურნალობაზე უარი განაცხადა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა  იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს. როგორც პედიატრიული დეპარტამენტის უფროსი  თამაზ სურმანიძე ამბობს, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

„კლინიკა აბსოლუტურად უზრუნველყოფს ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, რაც ბავშვს სჭირდება.  ჩვენთან პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობა ტარდება საქართველოში დღეს არსებული პროტოკოლის მიხედვით. რაც შეეხება  სამედიცინო მანიპულაციებს [კათეტერის ჩადგმა], როცა ის სჭირდება პაციენტს, მანიპულაცია უტარდება მაშინ,” –  აცხადებს თამაზ სურმანიძე.

ექიმის თქმით, რაც შეეხება აპრილის თვის ინცინდენტს, რომელსაც სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს, კლინიკის ბრალეულობა არ იკვეთება.

„პაციენტმა აპრილის თვეში თავისი გადაწყვეტილებით შეწყვიტა  მკურნალობა, ეს დაადასტურა თავისი განცხადებით და  თავისი გადაწყვეტილება იყო ის, რაც გააკეთა. გამორიცხულია მოტყუებით მოეწერინებინათ ხელი,  სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კვლევის ობიექტია ეგა… ნუ პრინციპში რა მოტყუება, რის მოტყუება, პროტოკოლები გვაქვს, იმის მიხედვით ვმოქმედებთ დაწესებულებაში,“ – ამბობს თამაზ სურმანიძე.

პ.ს. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პრესცენტრთან „ბათუმელების“ დაკავშირების შემდეგ, ემზარ მამულაძემ კვლავ დარეკა რედაქციაში. მისი თქმით, ბავშვს უკვე  ჩაუდგეს კათეტერი, მკურნალმა ექიმმა კი “მკურნალობაზე უარის თქმა  გადაიფიქრა”.

 

ბათუმის “დინამოს” და პოლონეთის „იაგელონიას“ ფანებმა ქუთაისში თამაშის დაწყებამდე იჩხუბეს

ქუთაისში ბათუმის „დინამოსა“ და პოლონეთის „იაგელონიას“ გულშემატკივრებმა საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე იჩხუბეს. როგორც თვითმხილველმა „ბათუმელებს“ უთხრა, გულშემატკივრები ერთმანეთს ბოთლებს ესროდნენ, აგინებდნენ და სცემდნენ.

ისინი პოლიციამ დაშალა. შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გულშემატკივრებს შორის ძირითადად სიტყვიერი დაპირისპირება იყო და დაკავებული არავინაა.

საფეხბურთო მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და პოლონეთის „იაგელონიას“ შორის დღეს, 8 საათზე, ქუთაისში  გაიმართება.

 

ragbi

შეზღუდვები ბათუმის ენერგომომარაგებაში

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ხვალ, 30 ივნისს, 03:00-დან 06:00 საათამდე, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ბათუმში, კერძოდ 2570 აბონენტს – მაიაკოვსკის, თაბუკაშვილის და წერეთლის ქუჩებზე. ასევე ფერიის და სალიბაურის დასახლებებში.

 

იმავე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 05:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 516 აბონენტს გონიოსა და კვარიათშიც.

ქუჩებში მოძრაობის მიმართულების ცვლილებაზე საკრებულომ ვერ იმსჯელა

ბათუმის საკრებულოს, გუშინ, 28 ივნისს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე უნდა ემსჯელა. თუმცა, სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ წინადადების მოწონების საკითხი იყო წარმოდგენილი.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ქუჩების განტვირთვის საკითხზე საკრებულო ერთი წლის წინ მუშაობდა. მაშინ  კომისიამ გადაწყვიტა, რომ უფრო კომპეტენტური დასკვნა იყო  საჭირო. „რადგან  დასკვნა ჯერ არ არსებობს,  სხდომაზე, უბრალოდ, მოწონების საკითხი გავიტანეთ“, – ამბობს ლაშა სირაბიძე.

მისი თქმით, ქუჩებში მოძრაობის მიმართულების შეცვლასთან დაკავშირებით მათ UNDP-ის რეკომენდაციები გაითვალისწინეს. თუმცა, არ არსებობს ოფიციალური დასკვნა იდეის ეფექტურობაზე.

„რადგან დასკვნები არ გვაქვს, გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. მერიასთან შევთანხმდით, რომ ეს თემა ერთად გავიაროთ და შემდეგ მერია შემოვა საკრებულოზე წინადადებით“, – გვეუბნება ლაშა სირაბიძე.

ბათუმისთვის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში სატრანსპორტო მოდელი მუშავდება. პროგრამის ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ სამ ქუჩაზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასთან დაკავშირებით საკრებულოს რეკომენდაციები მისცეს. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის  საბოლოო კონცეფცია.

„კონკრეტულ საკითხზე,- გამოიწვევს თუ არა გორგილაძის, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლა ქუჩების განტვირთვას, რთული სათქმელია, რადგან მხოლოდ სამ ქუჩაზეა საუბარი და არა მთლიანად ქალაქის სპეციფიკაზე. რთულია წინასწარ განსაზღვრო, სად გამოიწვევს ეს პოტენციურ საცობს და სად არა. ვფიქრობ, ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა არ შეიძლება“, – გვეუბნება ლაშა ნაკაშიძე.

მისი თქმით, ქალაქის განტვირთვას რეალურად იმ ახალი კონცეფციის ამოქმედება გამოიწვევს, რომელზეც UNDP-ი მუშაობს.

„ეს არის ქალაქის განტვირთვის გრძელვადიანი პროექტი და არა ერთ კონკრეტულ სეზონზე გათვლილი. თუმცა, საპილოტე პროექტების დაწყება შესაძლებელია“, – გვეუბნება ის.

საკრებულოს ინიციატივის მიხედვით, გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება, ბარათაშვილის ქუჩიდან მეგობრობის გამზირამდე. გორგასალის ქუჩაზე კი ცალმხრივი მოძრაობა იქნება, დღეს არსებული მოძრაობის ტრაექტორიის ნაცვლად. ცალმხრივად იმოძრავებენ ავტომანქანები გრიბოედოვის ქუჩიდან  ქუთაისის ქუჩამდე.

საკრებულოს განკარგულების პროექტი, ჯერჯერობით, იდეის დონეზეა რჩება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

მცირე დაშორებები სახლებს შორის და სხვა საკითხები – რეკომენდაციები ბათუმში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე

დღეს, 29 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეკომენდაციები USAID-ის სპეციალისტმა, არქიტექტორმა მანუჩარ მახათაძემ წარადგინა.

ბათუმს ქალაქმშენებლობის განვითარების გენერალური გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებია ქალაქის განაშენიანება წინასწარ განსაზღვრულ რეგულაციებს ნაწილობრივ ან სულ არ ექვემდებარება.

  • მიწათსარგებლობის გეგმა განსაზღვრავს ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი ზონირების სახეობებს და ადგენს ამ ზონების საზღვრებს ფუნქციური დანიშნულების, ტერიტორიულ-სტრუქტურული მახასიათებლების, გეგმარებითი შეზღუდვების და ქალაქმშენებლობითი ღირებულებების მიხედვით.

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური უფროსის, ირაკლი ახალაძის განმარტებით, განიხილება წინასაპროექტო კვლევა, რომლის საფუძველზეც შემუშავდება ტექნიკური დავალება ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსის გამოსაცხადებლად:

„სპეციალიზებულმა ჯგუფმა, არქიტექტორ მანუჩარ მახათაძის ხელმძღვანელობით, დაიწყო ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის წინასაპროექტო კვლევასა და გეგმარების დამუშავებაზე მუშაობა. მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და მოსაზრები უკვე განხილვის სტადიაშია. შესაბამისად მერიაში შემოსულია არაერთი წინადადება და რეკომენდაცია ტექნიკური დავალების სხვადასხვა ასპექტებთან და პარამეტრებთან დაკავშირებით. დღეს არის განხილვის საჯარო შემაჯამებელი დღე. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება საბოლოო ოქმის მომზადება, რომელიც, თუ ბათუმის მერი მოიწონებს, გადაიგზავნება საკრებულოში დასამტკიცებლად. ეს იქნება დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება კონკურსი უკვე სრულ მიწათსარგებლობის გენერალურ  გეგმაზე,” – ამბობს ირაკლი ახალაძე.

შეხვედრაზე მანუჩარ მახათაძემ თქვა, რომ ქალაქს გააჩნია დიდი რესურსი ასათვისებლად, რაც, ცხადია, წინასწარი დაგეგმარებთ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ბათუმში მშენებლობის ხარისხი დაბალია, გარდა უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისა, მშენებლობებზე არ არის დაცული სხვა ნორმებიც, რის გამოც ახალაშენებული სახლების კედლები 2-3 წელიწადში ნესტის გამო „იწყებენ ტირილს“ ანუ სხველდებიან.

მანუჩარ მახათაძეს შენიშვნები ჰქონდა ბათუმში მშენებარე შენობებს შორის მინიმალურ დაშორებებთან დაკავშირებითაც: „ჯგუფმა, რომელიც გაიმარჯვებს, დაცილებებთან დაკავშირებით, რეგლამენტში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა შეიტანოს,” – თქვა მან.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს მახათაძემ ისაუბრა, ბარაკის ტიპის სახლების აღებისას სამშენებლო კომპანებისთვის მინიჭებული პრივილეგიების ვალიდურობაა. „პრივილეგიები ენიჭებათ იმის მხრივ, რომ თავისუფლდებიან K2 გადასახადიდან, ამ ადგილზე მშენებარე კორპუსის სართულიანობას კი აღარავინ უყურებს. არავის დაუთვლია რა მივიღეთ ამის შედეგად, რამდენად მოიტანა სიკეთე ამან ქალაქისთვის. ამიტომ ეს საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში, რამდენად უნდა გაგრძელდეს ეს პროგრამა,” – ამბობს ის.

 

 

რაც შეეხება პარკირების ადგილებს ქალაქში, მანუჩარ მახათაძის რეკომენდაციით, საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში, სადაც სამშენებლო კომპანია მოითხოვს მშენებლობის ნებართვას, ჯამური K2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობიდან, სავალდებულო უნდა იყოს ერთი ავტოსადგომისთვის 120 კვ/მ ფართობის განსაზღვრა. „მიწის ქვეშ იქნება ავტოსადგომი თუ სართულებზე განთავსებული, სულერთია. თუმცა ამავდროულად აუცილებელია დაცული იყოს ჯანსაღი K3 კოეფიციენტი,” – თქვა მან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებას დაახლოებით 8-12 თვე დასჭირდება.

ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს

შპს „ექსელენტ დეველოპმენტი“ ბათუმში, დემეტრე თავდადებულის #35-ში და მის მიმდებარედ არსებული ორსართულიანი შენობების ხარჯზე ახალი კვარტალის მშენებლობას გეგმავს. ამის თაობაზე ადგილზე მცხოვრებლებს კომპანიის მფლობელი და დირექტორი გელა მახარაძე ესაუბრა და მათ საკუთრების დათმობის სანაცვლოდ ახალაშენებულ კორპუსში ბინები შესთავაზა.

გელა მახარაძე, ვიდრე ბიზნესში გადავიდოდა, წლების განმავლობაში, აჭარის პროკურატურაში, ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი იყო და მძიმე დანაშაულებს იძიებდა. 2011 წლის დეკემბერში გელა მახარაძე დააკავეს. მაშინ დაკავების მოტივი საქართველოს პროკურატურაში ასე განმარტეს: 

„მათ ბრალად ედებათ თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მისაკუთრების მიზნით“.

ამ დროისთვის უკვე ბიზნესმენი გელა მახარაძე მოქალაქეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს საკუთრების დათმობაზე. ამის შესახებ „ბათუმელებს“ იმ ადამიანებმა უთხრეს, ვისაც გელა მახარაძე შეხვდა. მას ჯერ არც მერიისთვის მიუმართავს და არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის.

დემეტრე თავდადებულის #35-ში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასთან დაკავშირებით გეგმები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც აქვს, სააგენტო ძეგლის რესტავრაციას გეგმავს.

„… ეს სახლი მართლაც ისტორიულია. აქ ადრე ჩინგოზიანები ცხოვრობდნენ. ჩვენთან იყო მოსული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი. ლაშა ასლანიშვილმა დაათვალიერა სახლი და შეგვპირდა რესტავრირებას. ინვესტორიც კარგ პირობებს გვთავაზობს, ამიტომ არ ვიცი, როგორ გადაწყდება საბოლოოდ. ეს სახლი ძეგლია და ამას არც ინვესტორი შეეხება“, – ამბობს დემეტრე თავდადებულის #35-ში მცხოვრები მადონა ბოლქვაძე.

მადლონა ბოლქვაძე
მადონა ბოლქვაძე

 

მადონას ნივთების უმეტესობა ყუთებში აქვს ჩალაგებული. ის ამბობს, რომ სამზადისი სახლიდან სხვაგან გადასასვლელად ინვესტორთან მოლაპარაკების შემდეგ დაიწყო. თუმცა, მას და მის მეზობლებს სახლის რესტავრირების იდეა უფრო მოსწონთ: „მთავარია, ეს არ იყოს მხოლოდ ფასადის რესტავრირება და ყველაფერი გააკეთონ ისე, როგორც ადრე იყო.“

ადგილობრივების ინფორმაციით, დემეტრე  თავდადებულის #35-ს გელა მახარაძესთან ერთად მოლაპარაკებებზე ბიზნესმენი ფრიდონ დავითაძეც მიდის. თუმცა, რეესტრის მონაცემებით, კომპანია „ექსელენტ დეველოპმენტს“ გელა მახარაძე ერთპიროვნულად ფლობს.

„ბათუმელებმა“ თავად გელა მახარაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

ბათუმი. დემეტრე თავდადებულის #35 უკანა ეზო.
ბათუმი. დემეტრე თავდადებულის #35, უკანა ეზო.

კომპანია 2016 წლის თებერვალშია დარეგისტრირებული.

დემეტრე თავდადებულის #35-ში მდებარე ორსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული. ძეგლია ასევე დემეტრე თავდადებულის #32- ში მდებარე შენობა. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ინვესტორს ამ ადგილზე „პაიაცას“ ტიპის კვარტალის აშენება სურს.

ბათუმი.დემეტრე თავდადებულის #35. ძველი ფოტო
ბათუმი.დემეტრე თავდადებულის #35. ფოტო არქივიდან

მიგრაციის მართვა და გამოწვევები – სემინარი საიაში

29 ივნისს ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალში, მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ტრენინგ-სემინარი გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძირითადი მიზანი იყო საიას პროექტის – „მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, საჯარო მოხელეების – ადგილობრივი მთავრობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება. სემინარის თემაა მიგრაცია, არალეგაური მიგრაცია, მიგრანტთა მოლოდინები და არსებული რეალობა. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერაციასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე,“ – აღნიშნა პროექტის ოფიცერმა, ირაკლი ვარშანიძემ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე აუცილებელია საფუძვლიანი კვლევების წარმოება; მკვლევართა ჯგუფის შექმნა და განვითარება; ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მიგრაციის მართვის გაუმჯობესება; არალეგარული მიგრაციის რისკჯგუფებისა და მათზე გავლენის მქონე სუბიექტების ცნობიერების ამაღლება მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა.

შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის არალეგალური მიგრაციის, გაძევების, ტრეფიკინგისა და თავშესაფრის ძიების თემები.

ირაკლი ვარშანიძის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის ძირითად მიზეზებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული შრომითი მიგრაცია, განვითარებულ ქვეყნებში პროფესიული შრომითი საქმიანობის ნებართვებზე არსებული შეზღუდვა და მიგრაციის ლეგალური გზების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს.

სემინარზე საუბარი შეეხო რეადმისიის შეთანხმებასა და აჭარისა და გურიის რეგიონებში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

2
ირაკლი ვარშანიძე

ირაკლი ვარშანიძის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში მიგრანტთა ჩასვლის მიზანი განსხვავებულია; მაგალითად, საბერძნეთში, იტალიაში, რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებში მიგრანტთა უმრავლესობა შრომითი საქმიანობის მიზნით ჩადის, ხოლო თურქეთში, შრომითი საქმიანობის გარდა, მიგრანტები სასწავლო მიზნითაც მიემგზავრებიან. მიგრაცია ზოგ შემთხვევაში ნებაყოფლობითია, ზოგჯერ კი – იძულებითიც. თურქეთში მიგრაციის ორივე ტიპი შეინიშნება, ხოლო საბერძნეთში, ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებსა და იტალიაში ნებაყოფლობითია.

რაც შეეხება მიგრანტთა სქესის მაჩვენებლებს, თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში ჩასული მიგრანტებიდან უმეტესობა მამაკაცია, ხოლო საბერძნეთში, იტალიასა და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებში მდედრობითი სქესი დომინირებს.

იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ უცხო ქვეყნებს შორის იმიგრაციის მხრივ, რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზეა. რუსეთიდან ძირითადად ოჯახის გაერთიანებისა და საინვესტიციო მიზნით ჩამოდიან.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ აჭარასა და გურაში სამუშაო მიზნით უკრაინის, სომხეთის, ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები ჩამოდიან. რაც შეეხება სწავლას, იმიგრანტთა შორის ინდოეთი დომინირებს.

1
ტრენინგ-სემინარი საიას აჭარის ფილიალში

პრეზიდენტი: კონსტიტუციის შეცვლის პროცესი უნდა შეჩერდეს

ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების პროცესი უნდა შეჩერდეს.

„საერთაშორისო საზოგადოებას და ქართულსაც, ვერაფერს გამოაპარებ. დღეს ჩვენ ყველანი ვართ ჩიხურ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ არ უნდა შეჩერდეს  დემოკრატიის განვითარება, სხვანაირად უნდა შევაფასოთ ეს ვითარება. ეს პროცესი აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამიტომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და დავიწყოთ ახალი პროცესი დიალოგის და კონსესუსის, ღირებულებებიდან გამომდინარე,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი მიმდინარეობს.

ჯანი ბუკიკიო ჯეჯელავას განცხადებაზე: ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ

„ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე ვიგულისხმე ის, რომ ქართული პოლიტიკური კულტურის განვითარების მიმართ არსებობდა სხვა მოლოდინი. სამწუხაროდ, ეს უკვე კრიზისია,“ – ასე უპასუხა ჯანი ბუკიკიომ, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ „ბათუმელების“ კითხვას იმედგაცრუების კონტექსტზე.

გუშინ ჯანი ბუკიკიომ თქვა, რომ ის იმედგაცრუებულია საკონსტიტუციო ცვლილებებით. დღეს, განათლების მინისტრმა და პრემიერის მოადგილემ, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მედიამ გააშუქა არასწორი აქცენტით ბუკიკიოს შეფასება.

ჯანი ბუკიკიო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ცალკე შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ფართო კონსესუსის აუცილებლობაზე და კიდევ: „ლაპარაკი, ლაპარაკი და დიალოგი. ეს არის ჩემი გზავნილი ახლა“.

ჯანი ბუკიკიო ამჯერად ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

რა განიხილება ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის დახურულ ნაწილზე

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი მიმდინარეობს. ღონისძიების გარკვეული ნაწილი მედიისთვის დახურულია.

რა საკითხები განიხილება კონგრესის დახურულ ნაწილში? – კითხვა „ბათუმელებმა“ ზაზა თავაძეს დაუსვა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

ზაზა თავაძის განმარტებით, დახურულ ნაწილში განიხილავენ კოსოვოს და ყაზახეთის ასოცირებული წევრობის ნაწილს. საუბარია ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების ასოციაციის წევრობაზე.

გარდა ამისა, ასოციაციის წევრებმა კენჭისყრით უნდა შეარჩიონ ქვეყანა, რომელიც მომავალ წელს კონგრესს უმასპინძლებს.

„ჯერ-ჯერობით ორი პრეტედენტია: ჩეხეთი და მოლდოვა,“ – ამბობს ზაზა თავაძე.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი ბათუმში პირველ ივლისს დასრულდება.

ხულოში, კურორტ „გოდერძიზე“ გზის მშენებლობის გამო 482 ხეს მოჭრიან

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო-სათხილამურო კურორტის ქვედა დასახლებაში, ახალი, 1761-მეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა იგეგმება. გზის მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის 2 მილიონ 168 ათას 753 ლარია გამოყოფილი. მშენებლობის გამო კი აუცილებელი იქნება მოიჭრას 267 ძირი ფოთლოვანი, 215 წიწვოვანი ხე, ასევე 117 ბუჩქნარი.

გზის მშენებლობის სამუშაოებს შპს „Goderdzi Resorts“-ი შეისყიდის, რომელმაც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო განაცხადის შესაბამისად, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა/კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ტერიტორია, სადაც უნდა მოხდეს ახალი გზის გაყვანა, არის აუთვისებელი: „საფარი არის მიწის… საპროექტო უბანზე გაშენებულია ხე-მცენარეები, კერძოდ 267 ძირი ფოთლოვანი ჯიშის ხე, 215 წიწვოვანი ხე და 117 ბუჩქნარი. ახლადმოსაწყობი გზის მშენებლობისას, აუცილებელია მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით, არსებული წესების დაცვით, მოხდეს მათი მოჭრა და შემდგომი განკარგვის მიზნით, დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე დასაწყობება“.

მიწის [სადაც გზა უნდა გაკეთდეს] მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს შპს „Goderdzi Resorts“-ის 100% წილსაც.

ახალი გზის პროექტი ითვალისწინებს:

[checklist]

  • ავტომანქანის სავალი ნაწილის სიგანე – 6 მეტრი;
  • ტროტუარის მოწყობას [გზის ორივე მხარეს] სიგანე – 1 მეტრი;
  • სულ გზის სიფართე – 8 მეტრი;

[/checklist]

გზაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 5 ივლისს დასრულდება.

გზის საპროექტო ტერიტორია / სატენდერო დოკუმენტაციიდან
გზის საპროექტო ტერიტორია / სატენდერო დოკუმენტაციიდან

 

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი მიმდინარეობს

„კონსტიტუცია, პირველ რიგში, არის ფასეულობები, დაწერილი და დაუწერელი პრინციპების დაცვა. კონსტიტუცია გამოხატავს ღირებულებებს,” – ამ სიტყვებით გახსნა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში ჯანი ბუკიკიომ, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ კონგრესის თავმჯდომარეა 2014 წლიდან. საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ავსტრიაში კონგრესის თავმჯდომარედ აირჩიეს სამი წლის ვადით.

კონგრესი 29 ივნისიდან პირველ ივლისამდე გაგრძელდება და მასში 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მონაწილეობს. წელს კონგრესის თემაა: „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში”.

დღესვე კონგრესის მონაწილეები მოუსმენენ: „ახალი დემოკრატიის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის” ასოციაციის პრეზიდენტს, გაგიკ ჰარუთუნიანს, აფრიკის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების კონფერენციის თავმჯდომარეს, ასევე აზიის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების ასოციაციის პრეზიდენტს.

საქართველოდან მოხსენებებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე, ასევე მისი მოადგილე – ლალი ფაფიაშვილი ხვალ, დღის მეორე ნახევარში წაიკითხავენ.

კონგრესზე მოხსენებების გარკვეული ნაწილი დახურულია.

კონგრესის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

IMG_20170629_113904

IMG_20170629_110846

IMG_20170629_120955

IMG_20170629_114619

IMG_20170629_114055

სოფელ ვაიოს სკოლის მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ მაგიდის ჩოგბურთში

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც 2018 წლის აპრილში მალტაში ჩატარდება, მაგიდის ჩოგბურთის სახეობაში საქართველოდან, ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი  იასპარეზებს.

ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენია: ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური 27 ივნისს, ქუთაისში გამართულ საფინალო თამაშში, თბილისის სასკოლო გუნდებთან გამარჯვებით მოიპოვა.

„ფინალურ თამაშში, რომელიც ქუთაისში ჩატარდა, აღმოსავლეთ ზონის გამარჯვებულ გუნდსა და წინა წლის გამარჯვებულ სასკოლო გუნდებს შევხვდით. თამაში ჩვენი სკოლის გოგონათა გუნდის გამარჯვებით დასრულდა, სკოლისთვის ეს გამარჯვება უდიდესი წარმატებაა. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სულ 72 მოსწავლე ჰყავს. მაგიდის ჩოგბურთი ჩვენs სკოლაში პრიორიტეტული მიმართულებაა, ამ სექციაში სკოლის 12 მოსწავლეა,“ – ამბობს ვაიოს საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი იოსებ მახაჭაძე.

ვაიოს საჯარო სკოლის ბაზაზე მაგიდის ჩოგბურთი 2009 წლიდან ისწავლება.  სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდა სპორტსმენებს იმედა მახაჭაძე წვრთნის, იმედასთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენებს იოსებ მახაჭაძეც ასწავლის.

19466447_1859376091056312_3718316098796979090_o

ქედაში სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

დღეს, 29 ივნისს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანთან, ერთმანეთს, საპირისპიროდ მოძრავი, მსუბუქი ავტომობილი და მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსი შუახევიდან ბათუმში მიდიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამო კი გაფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

19238422_1335520919900391_1557926431_o

ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე იმღერებს

23 ივლისს Black Sea Arena-ზე ქეთი მელუა ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს.“ზაფხულის დღესასწაული“ – ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება.

ქეთი მელუას აკომპანირებას ინგლისური ბენდი გაუწევს (Tim Harries – ბას გიტარა, Mark Edwards – კლავიში, Simon Lea – დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer – გიტარა). კონცერტზე სპეციალური მოწვევით იმღერებს „გორის ქალთა კაპელა“.

კონცერტის ბილეთების ყიდვა Tkt.ge-ზე არის შესაძლებელი. ფასები, კატეგორიების მიხედვით, 20-დან 120 ლარამდეა.

Tkt.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ღონისძიებაზე შშმ პირთა ბილეთი ითვალისწინებს  ერთი თანმხლები პირის დასწრებას კონცერტზე. “თანმხლები პირი ისარგებლებს შშმ პირის მიმდებარედ განთავსებული ადგილით.  (ერთზე მეტი მომყოლის არსებობის შემთხვევაში, კონცერტზე დასწრების მსურველებმა ბილეთი აუცილებლად უნდა შეიძინონ სხვა ნებისმიერ სექტორში) – აღნიშნულია ვებგვერდზე.

კონცერტი  Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

რა თქვა პრემიერმა ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიხსნა. კონგრესის გახსნამდე, ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანი ბუკიკიოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ.

„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისი და ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც მნიშვნელოვან მიღწევას,“ – აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან არ დააკონკრეტა, რა იგულისხმება ხელისუფლების მხრიდან კომპრომისში.

„მე მადლობა გადავუხადე ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს იმ განცხადებებისთვის, რაც მან გააკეთა,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ. მან აქცენტი კონსენსუსსა და ლეგიტიმურობაზე გააკეთა.

„ჩვენ ავუხსენით მას, თუ რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ შემდგარიყო კონსესუსი, რა განაპირობებდა გადაწყვეტილების მიღებას, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი. ეს იქნება არათუ ლეგიტიმური, არამედ დახვეწილი დოკუმენტი. ის გამორიცხავს ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოკლე კომენტარით შემოიფარგლა თავად ჯანი ბუკიკიო, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი. მან კიდევ ერთხელ ახსენა ფართო კონსესუსის მიღწევის აუცილებლობა და თქვა, რომ დიალოგი გაგრძელდება.

დღის მეორე ნახევარში ჯანი ბუკიკიო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

IMG_20170629_110846

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ქვეყნის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადება შეაფასა. როგორც ბუკიკიომ ბათუმში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა,  ამ გადაწყვეტილებით დამწუხრებული და იმედგაცრუებულია.

 

ბათუმში ველობილიკის მიღმა მოძრაობისთვის 7 პირი დაჯარიმდა

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბულვარში მოძრაობის წესების დარღვევის გამო 7 ადამიანი 20-20 ლარით დაჯარიმდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ ბილიკის მიღმა.

„ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას  50 ლარით,“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ დილის 6 საათიდან დილის 9 საათამდე. ველობილიკზე ქვეითების გადაადგილება აკრძალულია.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ივნისის თვეში ბულვარის დანაგვიანებისთვის 2 საჯარიმო ოქმიც გამოიწერა,  აღნიშნული პირები 80 ლარით დაჯარიმდნენ.

ახალი ბულვარი

 

ჟურნალ „ბათუმელების“ ივნისის ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ ივნისის ნომერი. ჟურნალს დღეიდან, 29 ივნისიდან, მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე.

ფოკუსი თემაზე: საქართველოს პოლიტიკური ფერისცვალება
ავტორი: ლეილა მუსტაფაევა

პოლიტიკა: პრეზიდენტი ტრამპი და საქართველო
ავტორი: დათო ქოქოშვილი

საზოგადოება: შტატგარეშე – იუსტიციის სამინისტროს იაფი მუშახელი
ავტორი: ჯაბა ანანიძე

ადამიანის უფლებები: „ხომ არ დაუკავებიათ თქვენი შვილი საქართველოში?“
ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ჯანმრთელობა: ინტერესთა კონფლიქტი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში
ავტორი: ეთერ თურაძე

უცხოეთი: ანგელა მერკელის გამოწვევა ევროპას
ავტორი: იოშკა ფიშერი

კავკასია: ალიევის კულტი აზერბაიჯანში
ანონიმი ავტორი

ბიზნესი: კაზინოების წილი
ავტორი: თედო ჯორბენაძე

საზოგადოება: ას წელს გადაცილებულები
ავტორი: ეკა ბარამიძე, ნანა კვაჭაძე

ეკონომიკა: ზღვის სარგებელი ეკონომიკაში
ავტორი: ია ფრანგიშვილი

ინტერვიუ: რა კვებავს ნაციონალიზმს ევროპაში
ავტორი: ნონა კობერიძე

ფოტოპროექტი: სათამაშოები სოფელში
ავტორი: ია ფრანგიშვილი

ტურიზმი: ტუალეტების გარეშე
ავტორი: ლელა დუმბაძე

მოსაზრება: მარტო კლასში
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ლიტერატურა: კლდეზე შემოვდგე და ვთქვა
ავტორი: ლია ლიქოკელი

წიგნები: ცხრა ახალი წიგნი
ავტორი: ზურა აბაშიძე

მოგზაური: სამკურნალო წყლებისა და მისტიური ხვამლის მთის მხარე
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

კულინარია: სპაგეტი AL Pomodoro
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ჟურნალ „ბათუმელების“ მეოთხე ნომერი. ყდაზე გამოყენებული ილუსტრაციის ავტორი: ია ფრანგიშვილი
ჟურნალ „ბათუმელების“ მეოთხე ნომერი. ყდაზე გამოყენებული ილუსტრაციის ავტორი: ია ფრანგიშვილი

 

_____________________________________

ჟურნალის გამოწერის მსურველებმა მოგვწერეთ: batumipress@gmail.com ან დარეკეთ ნომერზე: 422 27 99 12. მობ: 568 84 59 63

 

რას ფიქრობენ ბათუმში „მის და მისტერ პლანეტას“ ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

ბათუმის საკრებულომ დროებით გადადო „აჭარა ფეშენ ვიქისა“  და „მის და მისტერ პლანეტას“  ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხის განხილვა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მსგავსი ტიპის ღონისძიებების საბიუჯეტო სახსრებით ჩატარებას არ ემხრობიან.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ ხახუტაიშვილი ამბობს, რომ თუ ღონისძიების ჩატარება ტურისტების მოსაზიდადაა განკუთვნილი, მაშინ მისი დაფინანსება უფრო ტურიზმის დეპარტამენტის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში  ჯდება, შესაბამისად, ბათუმის ბიუჯეტიდან მსგავსი ტიპის ღონისძიების დაფინანსება მიზანშეუწონელია.

„მიზნობრიობა ყოველთვის ნიშნავს აუცილებლობიდან გამომდინარე ხარჯების დასაბუთებას და შესაბამისობას. თუ ეს აუცილებლობა და საჭიროება ამ ხარჯებს ამართლებს, ეს უნდა იყოს დასაბუთებული კონკრეტული ინდიკატორებით. თუ ჩვენ ახლა ამას [„აჭარა ფეშენ ვიქისა“  და „მის და მისტერ პლანეტას“] იმიტომ ვაფინანსებთ, რომ ქალაქის ბიუჯეტს, არ აქვს სხვა საქმე გარდა ასეთი ღონისძიებებისა, კი ბატონო. მაგრამ ტურისტულ სეზონთან რა კავშირი აქვს? იდეაში მე არ ვამბობ, რომ ცუდია. უბრალოდ, ჩვენი პირობებში ნაკლებად პრიორიტეტულად მიმაჩნია მსგავსი ტიპის ღონისძიება, ვერ ვპოულობ არგუმენტს, რატომ უნდა დააფინანსოს ბიუჯეტმა“, –  ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

იმ პირობებში, როდესაც ქალაქი ისედაც აფინანსებს რამდენიმე ფესტივალს, რატომ მიიჩნევს საჭიროდ ბათუმის მერია კიდევ ერთი ფესტივალის დაფინანსებას ბიუჯეტიდან, მით უფრო ამ რაოდენობის თანხით.

„ვფიქრობ,  ფესტივალების ჩატარება ტურისტული ქალაქისთვის კარგია, თუმცა ის უნდა იყოს წინასწარ განხილული, დაგეგმილი და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელებული. კარგად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად შეუწყობს ხელს ამ კონკრეტულ ღონისძიებებში ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა ქალაქის პოპულარიზაციას. ამ ფესტივალის მიზანი, ძირითადად, ახალგაზრდა დიზაინერთა წარმოჩენაა, რაც მოდისა და ბიზნესის წარმომადგენლების თანამშრომლობით უნდა ფინანსდებოდეს.

გარდა ამისა, ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი მიზნობრივი ხარჯვა უნდა ხორციელდებოდეს საზოგადოების მაქსიმალური მონაწილეობით,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრი თეონა დიასამიძე.

მოდის კვირეულისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 30 000 ლარს ითხოვენ, ხოლო მეორე ღონისძიებისთვის – 61 000 ლარს. „აჭარა ფეშენ ვიქს“ ორგანიზებას  „მოდისა და დიზაინის  ასოციაცია“ უწევს. მისი დამფუძნებელი მანანა გოგლიჩიძეა, რომელიც სამოდელო ბიზნესის გარდა ქუთაისში მდებარე სასტუმრო “ბაგრატი 1003”-ის მფლობელია.

რაც შეეხება „მის და მისტერ პლანეტას“ – მისი ორგანიზატორი  ქუთაისში რეგისტრირებული კომპანია შპს „მის პლანეტა საქართველოა“, რომლის  100%-იანი წილის მფლობელი ეკატერინე მგალობლიშვილია. მგალობლიშვილი სამოდელო სააგენტოს “კატრინის” მფლობელიცაა.  ამ სააგენტოს გასულ წლებში რამდენიმე სკანდალი უკავშირდება. მათ შორის 2014 წლის თბილისობის დღესასწაულზე მომხდარი ფაქტი. კერძოდ, მაშინდელმა  სამგორის რაიონის გამგებელმა, მამუკა ჩოქურმა თბილისობაზე  გამოყოფილი 15 250 ლარი, ტენდერის გამოცხადების გარეშე, თავისი მეუღლის, ეკატერინე მგალობლიშვილის მეგობრის კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა.  საქმეს პროკურატურა სწავლობდა.

 

საქმე, სადაც მტკიცებულებაზე ფიქსირდება არა ბრალდებულის, არამედ პოლიციის აგენტის ანაბეჭდები 

იაგო ცივაძის საქმეს 2015 წლიდან განიხილავს სასამართლო. მას გამოძიება იარაღის უკანონო ტარებას ედავება. დღეს, 28 ივნისს, იაგო ცივაძე განაჩენს ელოდა მოსამართლე ირაკლი შავაძისგან, თუმცა სასამართლო დარბაზში მყოფმა პროკურორ ლევან მურვანიძისგან მოისმინა, რომ ის დასკვნითი სიტყვისთვის მზად არ არის და არც მომდევნო თვემდე ეცლება. მომდევნო თვეში, ანუ პირველი ივლისიდან, მოსამართლე ირაკლი შავაძე სისხლის სამართლის საქმეებს აღარ განიხილავს. თუკი საქმე სხვა მოსამართლემ გადაიბარა, გამოძიების დაწყებიდან მესამე წლის ბოლოს საქმის განხილვა სასამართლოში ხელახლა დაიწყება.

იაგო ცივაძე ტაქსის მძღოლად მუშაობდა, როცა მისი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. იარაღზე ამოსული დნმ-ის კვალი იაგოს თითის ანაბეჭს არ დაემთხვა. სამაგიეროდ, იარაღის შეფუთვაზე დაფიქსირებული თითის ანაბეჭდი პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის ანაბეჭდს დაემთხვა, ვინც ამ საქმეში გაიშიფრა. გაშიფრულმა თანამშრომელმა სასამართლოს უთხრა, რომ ის შემთხვევით აღმოჩნდა იაგოს ავტომანქანში და იარაღი თავად ბრალდებულმა აჩვენა. კონფიდენტის მტკიცებით, იარაღის შეფუთვასაც სწორედ ამ მომენტში შეეხო.

იაგო ცივაძის საქმეს თავდაპირველად მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა. საქმე დასკვნით ეტაპზე იყო, როცა კიკილაშვილი ხელვაჩაურის სასამართლოში გადაიყვანეს და საქმის განხილვა ხელახლა მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაიწყო გასული წლის ბოლოს. დღეს მოსამართლეს მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინა, ასევე უშუალოდ ბრალდებულის ჩვენება. იაგო ცივაძის გამოკითხვას რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომლის შემდეგაც პროკურორმა ლევან მურვანიძემ მოსამართლეს უთხრა:

„მე ახლახან მოვისმინე ბრალდებულის ჩვენება. უნდა მოვემზადო დასკვნითი სიტყვისთვის“.

„მაშინ ხვალ დავასრულოთ,“ – თქვა მოსამართლემ.

„არც ხვალ და არც ამ დღეებში არ მცალია,“ – დააზუსტა პროკურორმა, რასაც ჯერ ადვოკატების პროტესტი მოჰყვა, შემდეგ – მოსამართლისაც:

„რას ნიშნავს არ გეცლებათ? არ შეიძლება იმის თქმა, რომ პროკურატურა დასკვნითი სიტყვისთვის მზად არ არის“, – აღნიშნა მოსამართლე ირაკლი შავაძემ.

„რამდენიმე დღის წინ შემხვდა პროკურორი ლევან მურვანიძე და მითხრა, ამ საქმეზე გადაწყვეტილებას ირაკლი შავაძე ვერ მიიღებსო,“ – განაცხადა სასამართლო დარბაზში ადვოკატმა პაატა შავაძემ. ადვოკატის ნათქვამი პროკურორმა უარყო.

„30 ივნისს დავასრულებთ ამ საქმეს. პროკურატურამ უნდა მოახერხოს დასკვნითი სიტყვის წარმოდგენა. შესაძლებელია, სხვა პროკურორი მოვიდეს“, – თქვა მოსამართლემ და დარბაზიდან გავიდა.

„ეს არის იურიდიული ჩიხი. თუკი პროკურატურა დასკვნით სიტყვას არ წარმოადგენს, საქმის განხილვა ვერ დასრულდება. ეს სპეციალურად გააკეთეს, რადგან არსებობდა საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იაგო ცივაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, პაატა ბოლქვაძემ.

ადვოკატებს არ აქვთ მოლოდინი, რომ 30 ივნისს დასკვნით სიტყვას წარმოადგენს პროკურატურა. 30 ივნისის შემდეგ კი, საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე ვეღარ განიხილავს.

IMG_20170628_182657

ბრალდებული იაგო ცივაძე

ისმეთ დინდარი: ურთულესი ოპერაციები ჩვენთან ყველასათვის ხელმისაწვდომია

პროფესორ, კარდიოლოგ ისმეთ დინდარს საქართველოშიც კარგად იცნობენ და უცხოეთშიც. მისი პროფესიული კარიერა დაკავშირებულია ისეთ სამედიცინო დაწესებულებებთან, როგორიცაა: „მედიცინა გრუპ ჰოსპიტალი“, „მედიკალ პარკ ჰოსპიტალი“, „კოლანის საერთაშორისო ჰოსპიტალი“. იგი მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორია. 2000 წელს პროფესორი ისმეთ დინდარი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ღირსების ორდენით. იმავე წელს მიიღო საქართველოს საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება და საპატიო მედალი. საუკუნის ექიმის საპატიო წოდება ისმეთ დინდარს მედიცინის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2016 წელს მიანიჭეს. ამჟამად ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს ხელმძღვანელობს.

ბატონო ისმეთ, რა ცვლილებებია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ და როგორ აისახა ეს ცვლილებები პაციენტებზე? გამოჩნდნენ თუ არა ჰოსპიტალში ახალი სპეციალისტები? ბოლო თვეებში გაიზარდა თუ არა პაციენტთა მომართვიანობის რაოდენობა?

დიდი შემართებითა და იმედებით დავიწყეთ მუშაობა, თუმცა ჰოსპიტლის ძველი მენეჯმენტისგან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. კლინიკაში ძალიან გაბერილი იყო კადრები, ხელფასები კი – არარეალურად მაღალი. ჩემი წინამორბედების მიერ დაშვებულმა ამ და სხვა შეცდომებმა კლინიკა ფინანსურ ჩიხში შეიყვანა. კრიზისის დასაძლევად აუცილებელი გახდა რეფორმების განხორციელება. გადავედით ხელფასების გაცემის ახალ სისტემაზე – ექიმები უკვე გამომუშავების მიხედვით იღებენ ანაზღაურებას. ამ არასასიამოვნო ამბების ფონზე, რასაც ადგილი ჰქონდა, ჰოსპიტალს ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მუშაობა, ვნებათაღელვა არ ასახულა არც სამუშაო პროცესზე და არც პაციენტებზე. მიხარია, რომ ბევრი ახალი კადრი შემოგვემატა როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან, ისინი პროფესიონალები, თავისი საქმის მცოდნეები არიან. გადაუდებელი დახმარების სამსახურში, რეანიმაციაში, ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული მიმართულებით ახალი სახეები შეგვემატა. ყველა მათგანი ძალიან ცნობილია თავის სფეროში და დიდი გამოცდილების მქონეა. ყოველივე ეს პაციენტების რაოდენობაზეც აისახა. მათი მომართვიანობა იზრდება.

რა არის თქვენი ჰოსპიტლის მთავარი უპირატესობა აჭარის სამედიცინო ბაზარზე?

ჩვენთან არაერთი ძლიერი ექიმი მუშაობს, მაგალითად, კარდიოქირურგი შაჰინ ბოზოკი, ის ოჯახით ცხოვრობს ბათუმში. მისი მეუღლე ზოგადი ქირურგია და ასევე ჩვენთან მუშაობს. შაჰინმა ერთი წლის განმავლობაში 500- მდე წარმატებული ოპერაცია ჩაატარა გულზე. ეს ძალიან დიდი ციფრია არამარტო ბათუმისთვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი კლინიკისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ერთ-ერთმა პირველებმა გააკეთეს გულზე რამდენიმე ურთულესი ოპერაცია. დღეს ეს პაციენტები თავს კარგად გრძნობენ და მათი გადარჩენა სწორედ ჩვენი კარდიოქირურგების, სამედიცინო გუნდის დამსახურებაა. ცალკე უნდა აღვნიშნოთ რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის სამსახური, სადაც პროფესიონალთა გუნდი შევკრიბეთ, თბილისიდან მოვიწვიეთ დარგის ძალიან ცნობილი წარმომადგენლები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ვერ ნახავთ ვერც ერთ კლინიკას, სადაც ერთ სივრცეში ამდენი პროფესიონალი მუშაობს. რა თქმა უნდა, უახლესი ციფრული აპარატურა ჩვენი კლინიკის ძლიერი მხარეა. საქართველოში საუკეთესო დიაგნოსტიკური აპარატურა გვაქვს.

ყველა კლინიკას აქვს ერთი ან რამდენიმე განსაკუთრებით ძლიერი რგოლი. თქვენს კლინიკაში რა მიმართულებებია ასეთი?

როგორც აღვნიშნე, ჩვენს ჰოსპიტალში ძალიან ძლიერია კარდიოქირურგიული მიმართულება, რეანიმაცია-ანესთეზიოლოგია. კარდიოლოგიურ მიმართულებას პირადად მე ვხელმძღვანელობ. სხვათა შორის, საქართველოში გულის სტენტირება პირველმა მე ჩავატარე, 1998 წელს ჩაფიძის კლინიკაში ვიყავი სტამბულიდან მოწვეული. მაშინ მე და ალექსანდრე ალადაშვილმა 10 პაციენტს ჩავუტარეთ სტენტირება. საქართველოში გულის იშემიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და ინტერვენციული მეთოდების დანერგვაში მეც მაქვს წვლილი შეტანილი. ჩვენს ჰოსპიტალში ამ მხრივ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. გვყავს ახალგაზრდა და ნიჭიერი სპეციალისტები. IUHB-ში წარმატებულად ტარდება სლივგასტრექტომიის, ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაციები. უცხოელი სპეციალისტები გვყავს მოწვეული. მათ უკვე 50 წარმატებული ოპერაცია გააკეთეს. ძლიერი კადრები გვყავს მეან-გინეკოლოგიაში. აჭარაში ჩვენ ერთერთმა პირველებმა მოვიპოვეთ ნეონატალური მომსახურების მესამე დონე. ცალკე უნდა აღვნიშნო ის კომფორტული გარემო, რაც ჩვენს კლინიკაშია შექმნილი.

საქართველოში ბევრ კლინიკას უჭირს პაციენტების კეთილგანწყობის მოპოვება და შენარჩუნება. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მკურნალობის პარალელურად პაციენტის კომფორტზე, ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციაზე ზრუნვა?

ჩვენ პირველი ვიყავით საქართველოში არსებულ სამედიცინო კლინიკებს შორის, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ IUHB-მა წელს პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკის ტიტული მოიპოვა. სპეციალური კრიტერიუმებით საქართველოს რეგიონებში მოქმედი კლინიკები შეფასდა. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 2017 წლის გამარჯვებულია.

რა სიახლეებს გეგმავს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი უახლოეს მომავალში?

თავიდანვე, როცა ჰოსპიტალს ვხსნიდით, მიზნად გვქონდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ძვირადღირებული ოპერაციების (მათ შორის კარდიოლოგიურისა და კარდიოქირურგიულის,) ჩასატარებლად უცხოეთში წასვლა არ დასჭირვებოდათ. ვფიქრობთ, ამას მივაღწიეთ, ურთულესი ოპერაციები ჩვენთან უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია. სამომავლო მიზანია სამედიცინო ტურიზმისთვის ხელშეწყობა. ვმუშაობთ იმაზე, რომ მეზობელი ქვეყნების მოსახლეობას ჩვენს კლინიკაში შევთავაზოთ ხელმისაწვდომი, ხარისხიანი, კომფორტული, მაღალი სტანდარტების სამედიცინო მომსახურება.

მოსამართლემ ტრანსგენდერი ქალი პოლიციაზე წინააღმდეგობისთვის დააჯარიმა

“როგორც თქვენ არ მოგეწონათ, როცა შეურაცხყოფა მოგაყენეს, ისე მე არ მომეწონა, როცა პოლიციელებს გვაგინე,” – მიმართა ტრანსგენდერ ქალს, გაბრიელას (პასპორტის მიხედვით ზურაბ ბუზარიაშვილს) პოლიციელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს მოაწერა ხელი და ტრანსგენდერი ქალი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შემთხვევა 23 ივნისის ღამეს დაფიქსირდა. პოლიციას გაბრიელამ შეატყობინა, რომ მას ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში 5 მამაკაცი სიტყვიერად შეურაცხყოფდა და ერთ-ერთი მათგანი დანით აჩეხვით ემუქრებოდა. პოლიციელებმა გაბრიელა მე-3 განყოფილებაში გამოსაკითხად წაიყვანეს – ის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკავეს.

“პოლიცია მოვიდა, მაგრამ არაფერი არ გააკეთა, – დაიწყო ამბის მოყოლა ტრანსგენდერმა ქალმა, – მითხრეს, რომ განყოფილებაში უნდა წავყოლოდი და საჩივარი დამეწერა… წავედით. განყოფილებაში სხვა პოლიციელებს ეძინათ. მერე გააღვიძეს გამომძიებელი. მოვიდა და მითხრა, უნდა დაგაკავოო. გავაპროტესტე, კიდე მე მაკავებთ-მეთქი? მერე მითხრა, გაგეკაიფეო. დაცინვა დამიწყო, მერე სხვებიც აყვნენ. მობილურის ვიდეოს გადაღება დავიწყე… როცა მიხვდნენ, რომ ვიღებდი, გინება დამიწყეს. ერთ-ერთი პოლიციელი ხელითაც შემეხო… მობილურში ყველაფერი წამიშალეს. დამაკავეს”.

“თქვენ არ გვაძლევთ საშუალებას, დავიცვათ თქვენი უფლება. იმ 5 კაცისგან შეურაცხყოფის მიყენების საკითხი ცალკე ამბავია და ამაზე ცალკე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, ბატონო მოსამართლევ,” – მიმართა მოსამართლეს ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომელმა, გია ბერიძემ.

პოლიციელის განმარტებით, შეტყობინება გაბრიელასგან ნამდვილად დაფიქსირდა პოლიციაში, მაგრამ საჩივრის დასაწერად მისულმა ქალმა პოლიციელები სიტყვიერად შეურაცხყო.

იგივე უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა კიდევ ერთმა პოლიციელმა, ზაურ კეკელიძემ.

“ასე გამოდის, თვითონ დარეკა, დახმარება ითხოვა, მოვიდა და გაგინათ?” – დააზუსტა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ.

“ისეთი ნასვამი იყო, არც იცოდა რა უნდოდა. გვაგინა ისე, რომ დაგვახურა ყველაფერი. ირგვლივ კორპუსია, შეწუხდა ხალხი,” – დასძინა პოლიციელმა ზაურ კეკელიძემ.

მოსამართლეს გაბრიელას ინტერესების დამცველმა, ციალა რატიანმა მიანიშნა, რომ საქმეში ალკოტესტის შედეგი წარმოდგენილი არ არის.

“ალკოტესტი კი არა, 2 წლის ბავშვიც მიხვდებოდა, რომ ნასვამი იყავი… ამ ადამიანმა, არ ვიცი როგორ მოვიხსენიო, მოგვაყენა შეურაცხყოფა ყველას,” – თქვა ზაურ კეკელიძემ.

“მე მინდა, რომ პოლიციელს მოგვეპყრონ ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიან…”- მიმართა ტრანსგენდერ ქალს პოლიციელმა გია ბერიძემ.

“აღმზრდელობით გაკვეთილზე არ ვიმყოფებით, მგონი,” – შეაწყვეტინა პოლიციელს მოსამართლემ.

მოწმე გაბრიელამაც წარმოადგინა. ვალენტინამ ამბის მოყოლა ასე დაიწყო:

“დამირეკეს, გაბრიელა დაუკავებიათი და გამოვედი სახლიდან…”

“გაბრიელა ვინ არის?” – იკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ. მანამდე იგი ტრანსგენდერ ქალს მუდმივად ასე მიმართავდა: “ბატონო ზურაბ”.

ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან ტრანსგენდერი ქალი 250 ლარით დააჯარიმა.

IMG_20170628_162628

 

 

IMG_20170628_163234

 

უმსხვილესი ჩინური კომპანია აჭარაში ტურიზმის სფეროთი დაინტერესდა

აჭარაში შემოსვლით ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფია“ დაინტერესებული. კომპანიის პრეზიდენტ მი ენ ჰუა ბათუმში  დაახლოებით სამი კვირის წინ ჩამოვიდა და  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. ამ შეხვედრიდან მალევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე  გასაყიდად ოთხი საინვესტიციო ნაკვეთი გამოიტანა. მინისტრმა აჭარაში  100- მილიონიანი ინვესტიციის შესაძლო განხორციელების შესახებ დააანონსა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტთან შეხვედრას კომპანიის გენერალური დირექტორი ვა შენგ ხინი და 30 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელიც ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი კურორტ „გოდერძიზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებასაც შეეხო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ინვესტორებმა საინვესტიციო ნაკვეთები დაათვალიერეს.

„ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოში რვა მსხვილ პროექტს ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი საქართველოში 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 3 000-სს აღემატება.

„ჰუალინგ ჯგუფი“  ძირითადად დაკავებულია სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობით, გაქირავებითა და მართვით; საგარეო ვაჭრობით; სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვით; ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის პროექტების განვითარებით.

 

400-ლარიანი გადასახადი უკანონო მშენებლობისთვის

მერიის არქიტექტურის სამსახურმა დღეს, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარუდგინა. ამ დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც სანებართვო პირობების დარღვევით ააშენეს და დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1-ელ ივნისამდე, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან. მოსაკრებელი 1 კვ/მეტრზე 400 ლარია. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ 2018 წლის 1-ელ იანვრამდეა ძალაში.

საკრებულოს წევრის, კობა ჩხეიძის განცხადებით, მერია ამ დადგენილებით უკანონოდ დაშენებულის ლეგალიზებას ახდენს და ურთიერთგამომრიცხავ მიდგომებს ამჟღავნებს ბათუმში მშენებლობის მიმართ, „რის გამოც დიდ აბსურდს და უსამართლობას ვიღებთ“, – ამბობს ის.

მისი თქმით, მშენებელმა, რომელმაც უკანონოდ დააშენა შენობა-ნაგებობას სართული, შეუძლია ჯარიმის და მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, ამ დადგენილებით მერიისგან სახლის ჩაბარების უფლება მიიღოს.

„იმ პირებს, რომლებმაც თვითნებურად გაზარდეს  k2 კოეფიციენტი და უკანონოდ დააშენეს სახლს სართულები, მერია  სთავაზობს გამოსავალს, რომ მოიტანონ მთავრობიდან ახალი შუამდგომლობა და ამის შემდეგ დაიწყება პროცედურები – მშენებელი უკანონოდ აშენებულ ყოველ კვ/მეტრზე გადაიხდის 400 ლარს და ჯარიმას, მერია კი ჩაიბარებს სახლს. ეს არის ექვსთვიანი პროცედურა და ეხება მხოლოდ პირველ ივლისამდე დაჯარიმებულ პირებს. მაგრამ თუ მე არ ვარ დაჯარიმებული, თუმცა ანალოგიურად უკანონოდ მაქვს მშენებლობა წარმოებული, ვრჩები განსხვავებულ მდგომარეობაში“, – ამბობს ის.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, საკრებულო ისეთ სიტუაციაში არ უნდა ჩადგეს, რომ  ბიზნესმენების უკანონო ქმედებები კანონის ჩარჩოში მოაქციოს.

„არსებობს კანონმდებლობა და ყველა ბიზნესმენი ამ კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს, მაგრამ პრობლემა თვითონ კანონმდებლობაშია, რომელიც ძალიან დაბალ საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს. კანონი, რომელიც უკანონო მშენებლობაზე მშენებლის დაჯარიმებას, შემდეგ კი აშენებულის დემონტაჟს ითვალისწინებს, უმოქმედოა, რადგან აღმასრულებელი ამას ვერ აკეთებს. კანონი არ მუშაობს და ამაზე პარლამენტმა უნდა იმუშაოს“, – ამბობს ის.

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, საკრებულომ ერთი წლის წინ მიიღო დადგენილება, რომ  k2 კოეფიციენტის საკითხი არის მუნიციპალიტეტის მოსაგვარებელი და მთავრობის თავმჯდომარეს თუ ეკონომიკის მინისტრს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, თვითმმართველობის საკითხებში ჩაერიოს.

„ჩვენ უნდა მივიღოთ მერიიდან ამაზე პასუხი, რის საფუძველზე არ განიხილა ერთი წლის განმავლობაში ეს საკითხი. თუ უარს გვეუბნება, დასაბუთებულად უნდა გვითხრას უარი და თუ გვეთანხმება, ოფიციალურად უნდა დაგვეთანხმოს. ერთ წელზე მეტი გავიდა და საკრებულოს მიერ ერთხმად მიღებული დადგენილება ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა“.

თუ რამდენი პირია 2017 წლის 1-ელ  ივნისამდე ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმებული და რამდენ პირს შეეხება აღნიშნული დადგენილება, საკრებულოს სხდომაზე არ უთქვამთ. „როგორც გვითხრეს, არსებობს კონკრეტული ნუსხა, რომელიც კიდევ უფრო გაზრდილა მარტის თვის შემდეგ“, – ამბობს კობა ჩხეიძე.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ 2017 წლის იანვრიდან 1-ელ ივნისამდე უკანონო მშენებლობისთვის 29 პირია დაჯარიმებული, 25 პირზე კი საქმის წარმოება მიმდინარეობს.

მაგნოლიების ისტორია ბათუმში

ბათუმში მაგნოლიების დარგვა ბულვარის განაშენიანებასთან ერთად დაიწყეს. 1889 წელს ბულვარის განაშენიანების პროექტის ფარგლებში აქ ოცამდე მაგნოლიის ხე დაირგო.

„აჭარაში მაგნოლიები ჩრდილოეთ ამერიკიდანაა ჩამოტანილი. ზღვისპირეთში ძირითადად დიდყვავილა მაგნოლიის (Magnolia grandiflora) სახეობა გვხვდება, რომელიც მაისის ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში ყვავილობს,“ – ამბობს ნათელა ვარშანიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

მაგნოლია ბათუმის ბულვარში
მაგნოლია ბათუმის ბულვარში

ბათუმის მერიის თქმით, ამჟამად ბულვარის ტერიტორიაზე ხუთას თვრამეტი მაგნოლიის ხეა.

ყოველწლიურად ბულვარს მაგნოლიის ახალი ხეები ემატება, წელს, მაისის თვეში, ოცი ძირი დაირგო.

მაგნოლიის ხეებს ბულვარის გარდა ბათუმის ქუჩებშიც შეხვდებით. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, მაგნოლიები ძირითადად მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაირგო.

მაგნოლიები, რომლებსაც ექვსი მაისის პარკში, დემეტრე თავდადებულისა და ზუბალაშვილს ქუჩებზე შეხვდებით, 1906 წელსაა დარგული.

მაგნოლიები ბათუმში
მაგნოლიები ბათუმში
მაგნოლიები ბათუმში
მაგნოლიები ბათუმში

ერთ-ერთი უძველესი მაგნოლია კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, სომხურ ეკლესიასთან ახლოს დგას. აქვე გაკეთებულია აბრა წარწერით, რომელიც გვამცნობს, რომ ეს მაგნოლია 1898 წელს ცნობილმა მარინისტმა, ივანე აივაზოვსკიმ დარგო.

მაგნოლია გამსახურდიას ქუჩაზე
მაგნოლია გამსახურდიას ქუჩაზე

19532857_403761283358219_1444985648_o

ბულვარში ყველაზე პატარა მაგნოლიასაც ნახავთ, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს.

ამ ადგილას მაგნოლია 1888 წლის 25 სექტემბერს დარგო ბათუმში ჩამოსულმა რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე მესამემ. მაგნოლია 2016 წლის იანვარში დიდთოვლობის დროს წაიქცა, თუმცა მის ფესვზე ახალი ნერგი ამოვიდა, რომელმაც გაიხარა.

მაგნოლიის ნერგი შემოღობილია
მაგნოლიის ნერგი შემოღობილია

ბათუმის უძველესი მაგნოლიის წაქცევის ფაქტს 2016 წლის ზამთარში, სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, შოთა გუჯაბიძე წერდა, რომ ძველ ბათუმში მაგნოლიის ფოთოლზე დაწერილ წერილებს შეყვარებულები უგზავნიდნენ ერთმანეთს მარკითა და საფოსტო შტამპით.

დიდყვავილა მაგნოლია მარადმწვანე, ოცდაათი მეტრი სიმაღლის ხეა. აქვს დიდი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები. ნაყოფი გირჩისებრ ნაყოფედშია მოთავსებული, მოყვითალო ალისფერი თესლი კი ბუდიდან წვრილი ძაფებით ჩამოეკიდება. ხეზე ყვავილები ერთბაშად არ იშლება, არამედ მონაცვლეობით – თითო გაშლილი ყვავილი სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხარობს.

მაგნოლიები ბათუმში
მაგნოლიები ბათუმში

აჭარაში მაგნოლიის სახეობებს შორის „შროშანას ფოთოლა მაგნოლიასაც“ შეხვდებით.

„Liliflora Magnolia (შროშანას ფოთოლა მაგნოლიას), მაგნოლიის აღმოსავლურ-აზიური სახეობაა, რომელიც 1,5 – 2 მეტრი სიმაღლის ბუჩქია და აქვს იისფერი ფოთლები. შროშანას ფოთოლა მაგნოლიას ყვავილობას ადრე გაზაფხულზე იწყებს, აჭარაში ასევე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მაგნოლიის სახეობაა“ – განმარტავს  ნათელა ვარშანიძე. მისი თქმით, მაგნოლიებს, დეკორატიულობის გამო, „მცენარეთა სამყაროს არისტოკრატებს“ ეძახიან.

მაგნოლიას ყვავილი
მაგნოლიას ყვავილი

ბათუმის საკრებულომ „აჭარა ფეშენ ვიქისა“ და „მისტერ პლანეტას“ დაფინანსების საკითხის განხილვა გადადო

დღეს, 28 ივნისს გამართულ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოდის კვირეულის – „აჭარა ფეშენ ვიქისა“  და „მის და მისტერ პლანეტას“  ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ იმსჯელეს. მოდის კვირეულისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი უნდა გამოყოფილიყო, ხოლო მეორე ღონისძიებისთვის – 61 000 ლარი.

აღნიშნული თანხების გამოყოფა ქალაქის ბიუჯეტიდან საკრებულოს წევრებმა შეაფასეს, როგორც „არამიზნობრივი“. დღეს გამართულ სხდომის დღისწერიგიდან აღნიშნული საკითხი ამოიღეს და განაცხადეს რომ შეხვდებიან მოდის კვირეულის ორგანიზატორებს და მათგან მოისმენენ არგუნტებს თუ რატომ უნდა დაფინანსდეს აღნიშნული ღონისძიება. „მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვილებას, დაფინანსდება თუ არა მოდის კვირეული ბიუჯეტიდან“-განაცხადეს სხდომაზე.

საკრებულოს წევრის, თემურ ყურაშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა ბიზნესის საქმეა და სახელმწიფო უწყებები არ უნდა ერეოდეს.

„ეს იყო არამიზნობრივი თანხების ხარჯვა ბათუმის ბიუჯეტიდან.  საკითხი შემოვიდა ჩვენს კომისიაზე განსახილველად, თუმცა ჩვენ მას მხარი არ დავუჭირეთ“ – აცხადებს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძეც.

ნინო ბერაძის თქმით, მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა დაფინანსება სხვა გზებით უნდა მოიპოვონ და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბათუმის მერია მოდის კვირეულისთვის თანხების გამოყოფას, საბიუჯეტო ცვლილებების შემდეგ, გაზრდილი ბიუჯეტიდან გეგმავდა. 

საბოლოოდ საკრებულოს წევრებმა ღონისძიებები ბიუჯეტიდან ამოიღეს და შეთანხმდენენ, რომ მისი დაფინანსების საკითხს ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ.

 

ბათუმის ბიუჯეტი 6 მილიონ 756 ათასი ლარით გაიზარდა

ბათუმის ბიუჯეტი 6 მილიონ  756 ათასი ლარით გაიზარდა. როგორც ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე აბობს, 582 ათასი ლარი ქალაქმა  სახელმწიფო ბიუჯეტიდან KFW პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა სისტემების დასასრულებლად მიიღო, 6 მილიონ ლარამდე თანხა კი აჭარის ბიუჯეტიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რომელიც მთლიანად ინფრასტრუქტურაზე უნდა დაიხარჯოს.

„აქ შედის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა, შუქნიშნების მოწყობა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის თანხები, „ბათუმის კორპუსის“ მიერ განსახორციელებელი სამუშაოებისთვის თანხები და ა.შ.“-ამბობს არჩილ ვანაძე. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხები მიმდინარე წლის ბოლოდე უნდა დაიხარჯოს, თუმცა არის ისეთი პროექტებიც, რომელიც მომავალ წელსაც გრძელდება.

აღნიშნული თანხებიდან საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 2 106, 303 ლარია გათვალისწინებული, ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციაზე 317 682 ათასი ლარი, შუქნიშნების შეძენა-მონტაჟზე 1 375 970 ლარი, „ბათუმის კორპუსი“ 1 222 173 ათას ლარს მიიღებს მრავალბინიანი სახლების სახურავების შეკეთებაზე და ეზოების კეთილმოწყობისთვის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ კი 1 163 661 ათასი ლარია გათვალისწინებული.

გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხები გათვალისწინებულია გონიოს, კახაბრის  და მწვანე კონცხის დასახლებებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის.

ბიუჯეტში ცვლილების დამტკიცებას ბათუმის საკრებულომ დღეს 28 ივნისის სხდომაზე უნდა უყაროს კენჭი.

 

მეშახტის 9 წამი

ავტორი: ირაკლი კუპრაძე, სტუდენტი

როგორც ამბობენ, 400 მეტრიდან ადამიანის ვარდნა 9 წამის განმავლობაში გრძელდება. არ ვიცი, ვინ და რატომ გამოთვალა ეს მაჩვენებელი, მაგრამ ტყიბულში დაღუპულ 4 მუშაზე ფიქრის დროს მუდმივად ეს მახსენდება და ბრაზთან ერთად საშინელი შიში მიპყრობს. არა იმიტომ, რომ სიმაღლის შიში ბავშვობიდან მომყვება, არამედ რაღაც სხვა მიზეზის გამო. ამეკვიატა, რის გაფიქრებას ან დაძახებას მოასწრებდა სიკვდილისთვის განწირული ადამიანი სიცოცხლის ბოლო 9 წამში – მეშახტე, რომელსაც მისგან შორს რჩება შვილები და მეუღლე, ვისი კეთილდღეობისთვისაც ყოველდღიურ სიკვდილზე მიდიოდა. იქნებ ფიქრობდა, ვინღა გაბედავდა სიცოცხლის ფასად მისი ოჯახის უზრუნველყოფას და ეს მძიმე ფიქრი მიყვებოდა მე-9 წამის ბოლო მილიწამამდე.

მწუხარებისა და თანაგრძნობის სიტყვებით მეშახტეებზე საუბარს ვერ დავიწყებდი, ალბათ, უფრო სწორი ბოდიშის მოხდა იქნებოდა, რადგანაც ვერავინ შევძელით მათი დაცვა იმ სივრცეში, სადაც ისინი მხოლოდ მოგების მომტანი იაფი მუშახელი არიან და არა რიგითი ადამიანები, პირადი ცხოვრებით, საკუთარი ბედნიერებით თუ ტრაგედიებით.

ვფიქრობ, არც ფაქტობრივ მოცემულობაზე უნდა ვისაუბრო. მარტივად უნდა ვცადო დაგანახოთ და გაგრძნობინოთ ის, რაც ციფრებში, სტატისტიკაში თუ უბრალო ნეკროლოგში არ იკითხება.

ამბობენ, რომ 4 მუშა დაიღუპა. მე კი ვამბობ, რომ კიდევ 4 მუშა მოკლეს. მოკლა სახელმწიფომ, რომელიც დღემდე არ აღიარებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას მოქალაქეების ღირსეული შრომის უფლებით უზრუნველყოფის პროცესში.

ვინაიდან მორალი და სოციალური პასუხისმგებლობა ყველასთვის საერთო-უნივერსალური ღირებულება არ არის, ამისათვის არსებობს კანონი, რომელიც უნდა ქმნიდეს იმ სამართლებრივ წესრიგს, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე იქნება მთავარი სახელმწიფოებრივი სიკეთე.

„მაღაროელი ებრძვის სიბნელეს“. ლია უკლებას ილუსტრაცია„მაღაროელი ებრძვის სიბნელეს“. ლია უკლებას ილუსტრაცია

ალბათ, ამ პროცესში ისიც გვიკვირს, რომ თითქოსდა მარტივ ჭეშმარიტებად წარმოდგენილი შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოთხოვნას ამდენი მოწინააღმდეგე პარტია, პოლიტიკოსი თუ „სახალხო არტისტი“ გამოუჩნდა. ამის პასუხი უფრო ზოგადი მსჯელობისას იჩენს თავს. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენს სახელმწიფოში არჩევნებში იმარჯვებს არა – ღირებულებები, არა – იდეები ან საარჩევნო პროგრამა, არამედ ცბიერად, დიდი დაფინანსების მეშვეობით წარმართული პიარკამპანია და კაპიტალი. მაშინ, როცა რიგი ჯგუფები მსგავსი ხერხებით მოიპოვებენ ძალაუფლებას, ისინი ანგარიშვალდებულებას გრძნობენ არა საზოგადოების, არამედ იმ ეკონომიკური თუ პოლიტიკური ელიტების მიმართ, რომლებმაც მიიყვანეს გამარჯვებამდე. ეს ელიტები კი სწორედ ის კორპორაციები და ინვესტორები არიან, ვინც საწარმოებს ყოველგვარი სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე ამუშავებენ შემდეგი პრინციპით – „მაქსიმალური სარგებლის მიღება, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით!“. ნაკლები დანახარჯი კი, როგორც წესი, უსაფრთხოების ნორმებსა და შრომითი უფლებების შევიწროებაზე კეთდება. ჩვენ სხვების გამდიდრებაში მშრომელების „სიცოცხლეებს“ ვიხდით. რიგი ოპონენტები მშრომელების მსხვერპლს ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპის აუცილებლობით ამართლებენ. მოპასუხეები კი მივიჩნევთ, რომ ვერანაირი ეკონომიკური განვითარების ინდექსი და ვერც ერთი შემინული იუსტიციის თუ პოლიციის შენობა ვერ იქნება ამ ადამიანების სიცოცხლის საპირწონე სიკეთე. სიცოცხლეს, როგორც ღირებულებას, ალტერნატივა არ გააჩნია.

ამ მდგომარეობის გააზრების პარალელურად ვხვდებით, რომ არც ერთი ხელისუფლება არასდროს ყოფილა მშრომელების მხარეს, ის არ ყოფილა ღირსეული შრომითი უფლებებისა და სოციალური თანასწორობის მხარეს. სტუდენტების ერთი ჯგუფი წლებია ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით, ზოგჯერ გაფანტულად, უშედეგოდ, მცირე გამარჯვებებით, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთგვარი თავგანწირვით და გულწრფელობით, რამაც მეშახტეებს თუ სხვა მშრომელებს სტუდენტებისადმი რწმენა გაუჩინა. რამდენიმე თვის წინ შრომითი უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით ახალი კამპანია სწორედ ამ შეკითხვით დავიწყეთ – „ვის მხარეს ხარ შენ?“ ამ კითხვამ მოიცვა მთელი თბილისი. ეს კითხვა დღემდე აქტუალურია და საზოგადოებას მოუწოდებს, დადგეს თანასწორობისა და სამართლიანობის მხარეს.

ამ წლების განმავლობაში გამოვლილმა გულწრფელმა სტუდენტურმა მოძრაობამ, სხვადასხვა გაფიცვა-ბრძოლის დროს, ავტოსტოპით თუ ხურდებით შეგროვილი სამგზავრო ფულით ჩაგვიყვანა კაზრეთელ და ქსნელ მუშებთან, ჭიათურელ მაღაროელებთან, რკინიგზელებთან, ტყიბულელ მეშახტეებთან, რუსთავის აზოტელ მუშებთან და ბევრ სხვა ღირსეულ თანამებრძოლთან. ამ ბრძოლამ შექმნა ერთგვარი სოლიდარობის ქსელი და რწმენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის ცენტრად ერთი წლის წინ სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქცა.

მაშინ, როცა უნივერსიტეტში სტუდენტებმა ვიგრძენით საფრთხე და დავიწყეთ ბრძოლა თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცისთვის, დამოუკიდებელი უნივერსიტეტისთვის, ჩვენ წავედით რადიკალურ ქმედებებზე და უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ოკუპაცია მოვახერხეთ. ასობით სტუდენტი მარტო აღმოვჩნდით ძალოვანი უწყების თანამშრომლებით გარშემორტყმულ კორპუსში, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი და სახელმწიფოს სასტიკი-რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. თუმცა ეს მარტოობა დროებითი იყო, დროებითი მხოლოდ იმ შუალედით, რაც ჩვენს თანამებრძოლ მუშებს, რკინიგზელებს, მაღაროელებსა და მეშახტეებს დასჭირდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მოსასვლელად. ყოველწუთიერად ისმოდა სატელეფონო ზარები და სოლიდარობის შეძახილები ფანჯრებს მიღმა. მხარდასაჭერად მოდიოდნენ ის ჩაგრული ადამიანები, ვისთან ერთადაც ოდესღაც ჩვენ ვიდექით და არც კი ვფიქრობდით, რომ ოდესმე მათ მოუწევდათ ჩვენი დაცვა. ფანჯრებიდან გვაწვდიდნენ სასმელ წყალს, საკვებსა და საჭირო ნივთებს. მთავარი კი ის მუხტი და ენერგია იყო, რასაც ეს ისტორიული სოლიდარობის აქტი გვაძლევდა, – უნივერსიტეტი იქცა ჩაგრული ჯგუფების გაერთიანების სიმბოლოდ და დიდი სოლიდარობის მოძრაობის საწყისად, რომელიც კიდევ არაერთხელ იტყვის, თუ რას ნიშნავს თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა.

ერთი უცნაური ენობრივი თუ ცხოვრებისეული უჩვეულობა ახლავს მაღაროელებისა თუ მეშახტეების ქალაქებს. როცა მუშა იღუპება ან მძიმე დაზიანებას იღებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ამბობენ, რომ „მუშა დამარცხდა“ ან `მარცხი მოუვიდა“. თანამედროვე ქართული ენისთვის თითქოსდა უჩვეულო სიტყვათშეთანხმებაა, მაგრამ ეს გამოთქმა ყველაზე მეტად აღწერს იმ შინაარსსა და ყოველდღიურობას, რასაც ასობით მეტრი მიწის ქვეშ დასაქმებული მეშახტეები გადიან. მაღაროებში, შახტებში მუშაობა უდრის სიკვდილთან ყოველდღიურ ჭიდილსა და ბრძოლას, რომლის შედეგი ყოველთვის ფრე არ არის. ხშირად მუშები მარცხდებიან და იღუპებიან.

ბოლო დროს, იმდენად ხშირად გვესმის `მუშების დამარცხების“ და დაღუპვის ამბები, რომ უკვე თითქოსდა ბრმად ვითვლით და ემოციებიც კი ჰაერში გვეფანტება. ამ დროს აქტივისტებში, ვინც შრომითი უფლებებისთვის ყოველდღიურად იბრძვიან, კიდევ ერთი შიში იჩენს თავს, რომ ეს მსხვერპლები არ იქცნენ მხოლოდ სტატისტიკად, რიცხვებად და ეს შიში დღემდე დანაშაულის შეგრძნებასავით მაწევს მეც და კიდევ ბევრ სხვას. ადამიანების დაღუპვას, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი სახელები, ცხოვრება, აუსრულებლად დარჩენილი ოცნებები, პირადი ბედნიერებები თუ ტრაგედიები, მედიასივრცეში მხოლოდ რაოდენობით მოიხსენიებენ: „დაიღუპა 4 მეშახტე“.
მე ასე გეტყვით: რამდენიმე დღის წინ მოკლეს ჩემი თანამებრძოლები, ვიღაცისთვის დაიღუპა მამა, მეუღლე, შვილი ან ძმა. ამ ადამიანებს ჰქონდათ სახელები: ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ ანდღულაძე, გიზო გუბელაძე და გიზო კუბლაშვილი.

ბოლოს ისევ ის ფიქრი მიტრიალებს გონებაში, რას შეიძლება ფიქრობდეს სასიკვდილოდ განწირული მეშახტე ცხოვრების ბოლო 9 წამის განმავლობაში?

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

___________________________________________________________________

ამავე თემაზე:

ტყიბულში დაღუპული ოთხი მეშახტე დაკრძალეს

უმრავლესობის დეპუტატი: ომბუდსმენმა არაკორექტული განცხადება გააკეთა, როცა მკვლელები უწოდა ყველას

„შახტაში რომ შევდივართ, კარს ბოქლომით გვიკეტავენ“ – ტყიბულელი მეშახტეები მძიმე პირობებზე საუბრობენ

ტყიბული – წიაღისეულით მდიდარი ღარიბი ქალაქი 

 მეშახტეების ქალაქი

 

 

„ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე შეარჩია

2017 წლის „ბათუმობის“ დღესასწაულის ბიუჯეტი 87 ათასი ლარით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბათუმობაზე“ წელს 384 ათასი ლარი დაიხარჯება. „ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია. როგორც ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილმა დღეს, 28 ივნისის გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, „ბათუმობის“ სცენარი კონკურსის გარეშე, კომისიამ შეარჩია.

ალექსანდრე მითაიშვილის თქმით, კომისია იმიტომ იქმნება, რომ მან კონკურსის გარეშე გამოავლინოს გამარჯვებული.

„დროის ეკონომიის მიზნით და იმის მიზნით, რომ ხარისხი დაცული ყოფილიყო, ამიტომ შევარჩიეთ რევაზ ახრახაძის სცენარი. რეზო არის შემოქმედი კაცი, დავით ფორჩხიძესთან ერთად მოვიდა მერიაში და გვითხრა, რომ აქვს კარგი პროექტი. ჩვენ განვიხილეთ კულტურის ცენტრის პროექტიც, თუმცა ახრახაძის უკეთესი იყო და კომისიამ მისი პროექტი ამჯობინა“.

„ბათუმობის“ სცენარის ავტორი ბიუჯეტიდან ათი ათას ლარს მიიღებს.

კომისიის გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ნინო ბერაძე. მისი თქმით, კომისიამ გადაწყვეტილება არაგამჭვირვალედ მიიღო.

„განსაკუთრებული პრეტენზია მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან თუკი ჩვენ ვირჩევთ „ბათუმობის“ კონცეფციას, ამ შემთხვევაში აუცილებელია, ეს იყოს გამჭვირვალე პროცესი და საზოგადოება იყოს ინფორმირებული. განსაკუთრებით, შემოქმედებითი ჯგუფები, რადგან მათაც მიეცეთ შესაძლებლობა საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა.

როგორც დღეს ალეკო მითაიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ „ბათუმობის“ სცენარი მხოლოდ ერთმა პირმა წარმოადგინა და კომისიამაც ერთპიროვნულად დაუჭირა მხარი, რაც ჩემთვის მიუღებელია, რადგან ირღვევა საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპი. მერის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ის „ბათუმობის“ სცენარისტს რევაზ ახრახაძეს კარგად იცნობს, მოეწონა მისი სცენარი და ამიტომ მიიღეს. რატომ მხოლოდ ეს ერთი ადამიანი მონაწილეობდა, რატომ არ მიეცათ სხვებს პროექტების წარდგენის შესაძლებლობა? ბუნებრივია ეს ბადებს ეჭვებს. ნაცნობობის დრო უნდა დამთავრდეს. ნაცნობობით არ უნდა ხდებოდეს არც ინფორმაციის მიწოდება და არც პროექტების შერჩება“.

ნინო ბერაძის თქმით, მერიას ჰყავს აიპი „ბათუმის კულტურის ცენტრი“, რომელიც ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარით ფინანსდება და სწორედ ის უნდა იყოს ვალდებული ღონისძიებების პროექტები წარმოადგინოს.

„ამ აიპის პირდაპირი მოვალეობაა ქალაქში კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, თუ ამას ვერ აკეთებს, მაშინ რა ფუნქცია აქვს ამ ცენტრს?“-ამბობს ის.

ნინო ბერაძის თქმით, თუკი მერიას მიაჩნია, რომ კულტურის ცენტრი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და ვერ უზრუნველყოფს ქალაქის მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს ტენდერი იდეის, კონცეფციის შესწყიდვაზე.

„ბათუმობის“ სცენარის არაგამჭვირვალედ შერჩევაზე და „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მუშაობაზე კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს საკრებულოს სხვა წევრებმაც.

2017 წლის „ბათუმობა“  სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას არის დაგეგმილი.

„ბათუმობა“ -სთან დაკავშირებული ღობისძიებები ბათუმში
„ბათუმობასთან“ დაკავშირებული ღობისძიებები ბათუმში

 

 

 

ბათუმის ესტაკადის პროექტის კორექტირებაზე სამხარაულის ბიურო იმუშავებს

სამხარაულის ბიურო მის მიერ დაწუნებულ ბათუმის ესტაკადის პროექტს თავად დააკორექტირებს. რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება. სამინისტროს ინფორმაციით ამ თანხაში შედის პროეტის ექსპერტიზის დაფინანსებაც.

საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“.

პროექტი სამინისტრომ გადამოწმების მიზნით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადააგზავნა, ექსპერტიზის გავლის შემდეგ ბიურომ ის დაიწუნა: „არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს“

ესტაკადის მშენებლობისთვის 2017 წლის ბიუჯეტში შვიდი მილიონი ლარი გაითვალისწინეს, მთლიანობაში კი პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია.

პროექტი ბათუმის პორტთან არსებულ გზაზე, სადაც მატარებლის გადაადგილება და ხშირად ავტომობილების მოძრაობას აფერხებს, გადასასვლელი ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც მოძრაობა უნდა განიტვირთოს.

რაც შეეხება სატრანსპორტო ესტაკადის პროექტის ფარგლებში ბათუმის პორტთან დაგეგმილი ხიდის გვერდით თავისუფალი ადგილის ათვისების საკითხს, რაზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საუბრობდა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ პროექტში ძირითად და დამხმარე გზას შორის არის თავისუფალი სივრცე, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება.

პოლიციის გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს – მსხვერპლი პარლამენტის წინააღმდეგ

„სამჯერ გააფრთხილა პოლიციელმა მოძალადე. ბოლო გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს”, – ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის ისტორია მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, თამარ ავალიანმა იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, რომ ოჯახში ძალადობის დროს, პოლიციელის გაფრთხილება არაფერს ცვლის, ხოლო შემაკავებელი ორდერის გამოცემა პოლიციელის ნებაზეა დამოკიდებული. გაფრთხილებაც და შემაკავებელი ორდერის გამოცემაც პოლიციელს შეუძლია.

ძალადობის დროს შემაკავებელი ორდერის გამოცემა  პოლიციელის კეთილსინდისიერებაზე რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული, ამას ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი ს.გ. ასაჩივრებს. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

შემაკავებელი ორდერი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც სასამართლო კონტროლს ექვემდებარება და მისი დარღვევა იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონით განსაზღვრული რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს, სადაც წერია: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი, ან ღირსების შემლახავი მოპყრობა“.

სარჩელის სასამართლოში შეტანის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში, კანონმა “ოჯახში ძალადობის შესახებ” ძალა დაკარგა, რადგან ამოქმედდა ახალი კანონი.

“ამ კანონის მხოლოდ სათაურს დაემატა ქალთა მიმართ ძალადობა. შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა,” – დაამატა მოსარჩელის წარმომადგენელმა, თამარ ავალიანმა.

მოსამართლეებმა თამარ ავალიანს უთხრეს, რომ თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, გაუქმდება ისედაც ძალადაკარგული კანონი და არა ამჟამად მოქმედი, რადგან სარჩელის მოთხოვნას სასამართლო ვერ გასცდება.

“ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მაინც ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება?“ – იკითხა კოლეგიის თავმჯდომარე ლალი ფაფიაშვილმა.

„დიახ, რადგან პარლამენტს მაინც მოუწევს ამ რეგულაციის შეცვლა, რაც შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე მოქმედებს. ახალ კანონში იგივე წერია, რაც ძალადაკარგულში“, – უპასუხა მოსამართლეს თამარ ავალიანმა.

“ნორმა არ უნდა განვიხილოთ სხვა ნორმებისგან ამოგლეჯილად. ძალადობის დროს, პოლიციელი ვალდებული მიიღოს კანონით განსაზღვრული ზომები,” – აღნიშნა პარლამენტის იურისტმა.

საკონსტიტუციო სასამართლო დღესვე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციას მოისმენს. ის მოუყვება მოსამართლეებს, პრაქტიკაში როგორ და რა შემთხვევებში გამოსცემენ პოლიციელები შემაკავებელ ორდერს.

 

ვინ იხეირა გალარების პროგრამით

გალარების პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. გალარებული სესხი კი რეფინანსირებაზე აღმოჩნდა მიბმული, რის გამოც, მსესხებლებს შესაძლოა მეტი თანხის გადახდა მოუწიოთ. გარდა ამისა, იმ მოქალაქეებს და მცირე მეწარმეებს, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ სესხის დაფარვის კუთხით, გალარება არ შეეხო. ამავე პროგრამის შედეგად გაჩნდა შეზღუდვა – მოქალაქეები გრძელვადიან, მცირე იპოთეკურ სესხებს აშშ დოლარში ვეღარ აიღებენ. ამან შესაძლოა მშენებლობის სეგმენტზეც იქონიოს გავლენა – შემცირდება მოთხოვნა 25-35 ათას დოლარად ღირებულ ბინებზე, რომლებსაც მოქალაქეები იპოთეკური სესხით ყიდულობდნენ.

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია
ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

გალარების პროცესში კომერციულმა ბანკებმა საქართველოში, ჯამში, 257 მილიონი ლარის მოგება ნახეს, რაც 148 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბანკები ყველაზე დიდ მოგებას ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან იღებენ.

გალარების პროგრამის პერიოდში (მიმდინარე წლის 17 იანვარი – 24 მარტი) საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, მათგან გალარების პროგრამაში 14 ჩაერთო.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, გალარების პროგრამისათვის ბიუჯეტიდან 15 726 889 ლარი დაიხარჯა, თუმცა სახელმწიფოს 65 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. რაც შეეხება გალარებას – 400 მილიონი აშშ დოლარის სასესხო პორტფელიდან გალარდა მხოლოდ 78 659 017 აშშ დოლარის სესხი.

სები გალარების დაწყებამდე აცხადებდა, რომ პროგრამა შეეხებოდა 33 ათას მსესხებელს, თუმცა ეს მაჩვენებელი შემდეგ ბანკმა 27 000-მდე შეამცირა.

სების მიერ ჩვენთვის მოწოდებული მონაცემებით, სულ გალარდა 5 614 სესხი, რაც გასალარებელი 27 000 სესხის მხოლოდ 20,8%-ია. დარჩენილი 21 386 მსესხებლიდან რამდენმა მიმართა ბანკებს გალარების თხოვნით, ეს ინფორმაცია არ არსებობს.

„საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია ინფორმაცია, რამდენმა კლიენტმა მიმართა კომერციულ ბანკებს სესხის გასალარებლად,“ – მოგვწერეს სებიდან.

ფინანსისტების თქმით, ანალიზისთვის – შედგა თუ არა პროგრამა, აუცილებელია სულ ცოტა ორი მონაცემი: რამდენმა კლიენტმა მიმართა ბანკებს და რამდენის სესხი გალარდა. აქედან ერთი – რამდენმა მიმართა ბანკებს გალარების თხოვნით, არ არსებობს. ეს მონაცემი არც სახელმწიფოს აქვს, შესაბამისად, ვერც საფუძვლიანი ანალიზი გაკეთდება.

სპეციალისტების თქმით, ეროვნულ ბანკს უნდა დაევალებინა კომერციული ბანკებისთვის მიეწოდებინათ მონაცემები, თუ რამდენმა მიმართა მათ პროგრამის ფარგლებში სესხის გასალარებლად, რამდენს ეთქვა უარი და რა მიზეზით.

„ბანკი გაცნობებთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა 6,75 პროცენტიდან 7 პროცენტამდე, შესაბამისად, შეიცვალა თქვენი სესხის საპროცენტო განაკვეთიც“, – ასეთი შეტყობინება ერთ-ერთმა მოქალაქემ რამდენიმე დღის წინ მიიღო. მაშინ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა. არსებობს პროგნოზი, რომ წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა 8 პროცენტი გახდეს. შესაბამისად, ამ მოქალაქეს ყოველთვიური შენატანი, ახლა თუ თვეში 6 ლარით გაეზარდა, წლის ბოლოს 16 ლარით გაეზრდება.

დოლარში აღებული სესხი ამ მოქალაქემ მთავრობის პროგრამის ფარგლებში იმ იმედით გაალარა, რომ სავალუტო რყევები მის ბიუჯეტზე ნაკლებად აისახებოდა. მოლოდინი არ გამართლდა – გალარების პროგრამის დასრულებიდან ერთ თვეში მას სესხზე გადასახადი გაეზარდა.

„გალარების პროცესის რაღაც შუალედში დაიწყო გამყარება დოლარმა, ერთგვარი პანიკაც კი იყო – დოლარის შესყიდვა დაიწყო მოსახლეობამ… მაშინ შევშინდი და სესხი გავალარე, კურსი იყო 2,62. მართალია, 2,42-ში გამილარეს, თუმცა შემდეგ ისევ დაბლა წამოვიდა დოლარის კურსი“, – გვეუბნება იგივე მოქალაქე და დასძენს, რომ იმ დროს ყველაფერი დათვალა და გალარება მისთვის მისაღები იყო, თუმცა არ იცის, ლარში სესხის მიბმა რეფინანსირებაზე (შესაბამისად, არაფიქსირებული გადასახადი) საბოლოოდ რას გამოიწვევს.

თუ ლარი გამყარდა, ანუ დოლარის კურსი დაეცა, რა მიზანიც მთავრობას აქვს, მაშინ იზარალებს ყველა მოქალაქე, ვინც სესხი გაალარა. თუ ლარი არ გამყარდა, გაიზრდება რეფინანსირება და ყველას, ვისაც სესხი ლარში აქვს, ავტომატურად გაეზრდება სესხის საპროცენტო განაკვეთი.

ხელისუფლება მოუწოდებდა მოქალაქეებს, აშშ დოლარში აღებული სესხები გაელარებინათ სავალუტო რყევებისგან თავის დასაზღვევად. საქართველოს ეროვნული ბანკი კი აცხადებდა, რომ „მსესხებელმა გადაწყვეტილების მისაღებად – გაალაროს თუ არა სესხი, უნდა შეადაროს არსებული დოლარის სესხის პირობები ბანკის მიერ შეთავაზებულ ლარის სესხის პირობებს“.

ფინანსისტები არ გამორიცხავენ, რომ მათ, ვინც სესხი გაალარეს და არაფიქსირებულ შენატანს იხდიან, საბოლოოდ, შესაძლოა მეტის გადახდაც კი მოუწიოთ. ცხადია, თითოეული სესხის შემთხვევაში, მსესხებლის დანახარჯები სესხის ოდენობიდან და პირობებიდან გამომდინარე სხვადასხვა იქნება.

რეფინანსირებაზე მიბმული სესხის შემთხვევაში, რამდენი პუნქტითაც გაიზრდება რეფინანსირება, ავტომატურად იმდენით გაიზრდება საპროცენტო შენატანიც.

გალარების პროგრამის დასრულებიდან თითქმის ერთ თვეში რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა 0,25 პუნქტით უკვე გაზარდა და ნაცვლად 6,75-ისა (რაც გალარების დროს იყო), 7 პროცენტია (4 მაისიდან). შესაბამისად, თითქმის ყველას, ვინც სესხი გაალარა და რეფინანსირებაზეა მიბმული, გადასახადი გაეზარდა.

მოქალაქეები, რომლებმაც სესხი გაალარეს, ამბობენ, რომ ისინი გალარების დროს ბანკებმა ამის შესახებ გააფრთხილეს. ზოგადად, კომერციული ბანკები სების მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს ამატებენ მინიმუმ 2%-ს და ისე გასცემენ სესხებს ლარში.

რეფინანსირების განაკვეთი 2004 წლიდან დღემდე 4-დან 7 პროცენტამდე გაიზარდა.

ის, რომ მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2017 წლის ბოლოს შესაძლოა 8%-მდე გაიზარდოს, ეროვნული ბანკის პროგნოზია. იმავე პროგნოზით, 2019 წლისთვის ამ მაჩვენებელმა შესაძლოა დაიწიოს, თუმცა სებ-ი მიუთითებს, რომ ეს პროგნოზი შეიცავს რისკებს, როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით: „კერძოდ, რისკის შემცველია ეკონომიკური ვითარება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, დოლარის გლობალური გამყარება და სურსათისა და ნავთობის საერთაშორისო ფასები. შესაბამისად, თუკი საგარეო ფაქტორები ან/და საერთაშორისო ფასები მოსალოდნელისგან განსხვავებული იქნება, ეს გავლენას მოახდენს საპროგნოზო მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ეროვნული ბანკის მომავალ გადაწყვეტილებებზე“.

2008 წლიდან დღემდე რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე დაბალი 2013 წლის აგვისტო-დეკემბერში იყო – 3,75%; ხოლო ყველაზე მაღალი, 2008 წლის აპრილ-ივლისში – 12%.

მაგალითისთვის ავიღოთ ხუთწლიანი, 50 ათასი ლარის სესხი, რომელიც გაცემულია 10,5%-ში და მსესხებელი იხდის 1074 ლარს თვეში. როცა 0,25-ით გაიზარდა რეფინანსირება, შენატანი ავტომატურად გაიზარდა 1081 ლარამდე. თუ რეფინანსირება გაიზრდება, ვთქვათ, 8%-მდე, ამ შემთხვევაში შენატანი წლის განმავლობაში 384 ლარით გაძვირდება.

სესხის გალარება კლიენტისა და ბანკის ნება იყო, გალარებული სესხის ისევ დოლარში გადატანა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სესხი 100 ათას ლარზე მეტია. 100 ათას ლარზე ნაკლები ოდენობის სესხის დოლარში გადატანა უკვე შეუძლებელია.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

რა პროცენტს სთავაზობდნენ კლიენტებს სესხის გალარების შემთხვევაში კომერციული ბანკები? – ამ მონაცემების მოწოდებაც ეროვნულ ბანკს ვთხოვეთ. სებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 3 130 გალარებული სესხის საპროცენტო განაკვეთი არ აღემატებოდა 11%-ს, ხოლო 2 484 სესხი გალარდა 11-დან 17,01%-ში.

„გალარების პროგრამის ერთ-ერთი ხარვეზი იყო ის, რომ ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა განსაზღვრული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი ლარში“, – მიაჩნია ფინანსისტ გიორგი ქათამაძეს. – „შესაძლოა, მე მქონდა 8%-იანი სესხი დოლარში, მივედი ბანკში და ბანკმა მითხრა, რომ გამილარებდა, ვთქვათ, 13-15 პროცენტში, რაც არ მაწყობდა და ვერ გავალარე. სწორედ ამიტომ უნდა განესაზღვრა ეროვნულ ბანკს მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის ზღვარი და ეს არ უნდა ყოფილიყო 12%-ზე მეტი. ზღვრის განსაზღვრა კომერციული ბანკების სტანდარტებში ერთგვარი ჩარევა იქნებოდა, მაგრამ როცა საქმე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ეხებოდა, ვფიქრობ, ეს შეიძლებოდა. მითუმეტეს, კომერციული ბანკებისთვის პროგრამაში ჩართვა ისედაც ნებაყოფლობითი იყო“.

საპროცენტო განაკვეთი გაცილებით მაღალია (იწყება 11%-იდან) ლარში გაცემულ სესხებზე, ვიდრე დოლარში გაცემულ სესხებზე. ამასთან დაკავშირებით სებ-ი თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნავს, რომ „უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე არსებული დაბალი საპროცენტო განაკვეთი, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, შესაძლოა საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს საბანკო სექტორისთვის; აღნიშნული გარემოების გათვალისწინება მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელის მიერ ფასდადების პროცესისას“.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს ბანკების მიერ გაცემული სესხების დიდი წილი იყო სამომხმარებლო. შესაბამისად, ბოლო პერიოდში კურსის ცვალებადობა მძიმედ დააწვა ამ კატეგორიის მსესხებლებს.

სახელმწიფომ ამ ტვირთის შესამსუბუქებლად აიღო ზღვარი, რომ გალარებისას სუბსიდირება შეეხებოდა იმ სესხს, რომელიც არ აღემატებოდა 100 ათას ლარს (40 ათას აშშ დოლარს). ამასთან, გალარებას ექვემდებარებოდა ერთი პირის მიერ აშშ დოლარში აღებული ერთი სესხი, რომელიც არ აღემატებოდა 40 ათას აშშ დოლარს.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის განკარგულებით, გალარების პროგრამა შეეხო მხოლოდ სტანდარტულ სესხებს, თუმცა, რას ნიშნავდა ეს სტანდარტული სესხი, სპეციალისტების თქმით, სებ-ს არ განუმარტავს და კომერციულ ბანკებს მისცა თავისუფალი ინტერპრეტაციის უფლება. ანუ, რომელ სესხს ჩათვლიდა ბანკი სტანდარტულად, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. ბანკებს კი მიაჩნიათ, რომ ძირითადად, სტანდარტულია სესხი, რომელსაც არ აქვს ვადაგადაცილება.
გიორგი ქათამაძის თქმით, ეროვნულ ბანკს შეეძლო სტანდარტულად ჩაეთვალა ვადაგადაცილებული სესხებიც: „5-10 დღე აგვიანდებოდა კლიენტს, მაგრამ შემდეგ შეჰქონდა თანხა. ასეთი სესხები არასტანდარტულად ჩაითვალა. ანუ, ვისაც მართლა უჭირდა და არასტანდარტული სესხი ჰქონდა, შესაძლოა მიმართეს ბანკებს, მაგრამ უარი მიიღეს. ბანკებს ამის უფლება დაუტოვეს“.

არასტანდარტული სესხი „ვითიბი ბანკ ჯორჯიაში“ არ გაულარეს, მაგალითად, მოქალაქე ნანა ღვინჯილიას. ის ამბობს, რომ მას ბანკისგან პასუხიც კი არ მიუღია.

„ეს არის პრობლემური სესხი, ამიტომ ვუთხარით მას უარი გალარებაზე… დეტალებს ვერ გაგაცნობთ, კონფიდენციალური ინფორმაციაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო ბენდელიანმა, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

„სესხის გადახდა რომ იყო პრობლემა, ამიტომაც სურდა ნანას გალარება. მოქალაქეებს უჭირდათ დოლარში აღებული სესხის დაფარვა და გალარება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა მათთვის,“ – ამბობს იურისტი რუსლან ბერიძე.
კლიენტს, პროგრამის ფარგლებში, შეეძლო სესხი სხვა ბანკში გადაეტანა და იქ გაელარებინა. თუმცა სხვა ბანკში კლიენტს სთხოვდნენ დოკუმენტაციას – ხელფასის შესახებ ცნობას, რამდენი ჰქონდა შემოსავალი…

„როცა სესხი აიღე, შესაძლოა მუშაობდი და ახლა აღარ მუშაობ. ბანკი, სადაც სესხი გქონდა, ჩართული იყო პროგრამაში, ვალდებული იყო გაელარებინა და არ ითხოვდა ამ დოკუმენტებს, მაგრამ შესაძლოა მაღალ პროცენტში სთავაზობდა კლიენტს გალარებას. სხვა ბანკი კი, შეიძლება დაბალ პროცენტში ალარებდა, მაგრამ ითხოვდა დოკუმენტებს. ამიტომ, ასეთი კლიენტებიც სესხს ვერ გაალარებდნენ, რაც აისახა კიდეც პროგრამის შედეგში. სესხის ერთი ბანკიდან მეორეში პორტირებისას პირობები არ უნდა შეცვლილიყო“, – ამბობს ფინანსისტი გიორგი ქათამაძე. მისივე თქმით, პროგრამას ეფექტურს გახდიდა ის, რომ კლიენტებს გალარებასთან ერთად ვადის გაზრდის საშუალებაც მისცემოდათ, დაახლოებით ისე, რომ ეს დამსგავსებოდა სესხის რესტრუქტურიზაციას.

„ბათუმელებმა“ ეროვნულ ბანკს ჰკითხა, თუ რას გულისხმობდა ის „სტანდარტული კატეგორიის სესხში“. სებისგან მიღებულ წერილობით პასუხში ვკითხულობთ:

„სესხი კლასიფიცირდება სტანდარტულად, თუ მისი ძირითადი თანხის და პროცენტის მუდმივად გადახდა დროულად წარმოებს. ამასთან, მსესხებლის კაპიტალი და გადახდის უნარი სტაბილურია. ეს კლასიფიკაცია მისაღებია, როდესაც მსესხებელი ფინანსურად ძლიერია და აქვს საკმარისი კაპიტალი, რათა შეამციროს უარყოფითი ზეგავლენა მოულოდნელი მოვლენებისაგან, ასრულებს მომგებიანობასთან დაკავშირებულ თავის მიზნებს და აქვს საკმარისი ნაღდი ფული, რათა დროულად დააკმაყოფილოს ყველა ვალდებულება, მათ შორის, აღნიშნული აქტივიც“.

ეროვნული ბანკის ამ პასუხიდან ჩანს, რომ სესხი გაულარეს ძირითადად იმ კატეგორიას, რომელსაც ბანკთან აღებულ ვალდებულებებს უპრობლემოდ ასრულებდა. სახელმწიფომ ამაში 16 მილიონამდე ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან.
მსესხებლებს, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ სესხის პროცენტის გადახდაში, სახელმწიფო პროგრამა არ შეხებია. პროგრამა მათ რომც შეხებოდა, გალარების შედეგმა აჩვენა, რომ ისინი დიდ შეღავათს მაინც ვერ მიიღებდნენ. მიუხედავად ამისა, მაშინ, როცა სახელმწიფომ რაღაც ფულადი რესურსი გამონახა და მსესხებლებისთვის მოსალოდნელი შეღავათების შესახებ განაცხადა, ამ კატეგორიის მოქალაქეებზე, გამოდის, არ უფიქრია.

ლარის კურსი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ლარის კურსი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

100 ათას ლარამდე სესხების პორტფელში მოქალაქეების უმეტესობას, ძირითადად, 10 ან 20 ათასი დოლარის სესხი ჰქონდა. იმ მიზნით, რომ აღარ გაგრძელებულიყო სესხის აღება დოლარში, სახელმწიფომ ხელოვნურად მოახდინა ერთგვარი პრევენცია ლარიზაციის პროგრამით, რომ ყველა სესხი 100 ათას ლარამდე, ბანკებიდან გასულიყო არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში.

ეს, ერთი მხრივ, შეიძლება კარგია, – გაიზრდება მოთხოვნა ლარზე, გამყარებას დაიწყებს ეროვნული ვალუტა, თუმცა არის მეორე მხარეც. ამ სესხებიდან უმეტესობა არის იპოთეკური – მოსახლეობა ყიდულობდა ბინას ან მიწას, სადაც საცხოვრებელ გარემოს იქმნიდა. შესაბამისად, ეს ადამიანები დოლარში ამ სესხს იღებდნენ გრძელვადიანს, ათწლიანს, ოცწლიანს და თანაც ფიქსირებულს.

ლარიზაციით კი დაკანონდა შეზღუდვა, რომ საქართველოს მოქალაქე 100 ათას ლარამდე სესხს (დაახლოებით 40 ათასი აშშ დოლარი) აიღებს მხოლოდ ლარში. მაგრამ ზოგი ბანკი გრძელვადიან სესხს ლარში ვერ სთავაზობს კლიენტს. ამასთან, თუ სთავაზობს (5 და მეტი წლით), მაღალ პროცენტში და თანაც მცოცავი საპროცენტო განაკვეთით. შესაბამისად, ლარის რეფინანსირების განაკვეთი როცა იზრდება, ეს პროცენტი ავტომატურად ეზრდებათ კლიენტებს.

ფაქტობრივად, მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მცირე, იპოთეკური სესხებით სარგებლობდა (10-20-30 ათასი დოლარი), შეეზღუდათ ასეთ სესხზე წვდომა და იძულებულია სესხი აიღოს ლარში და მთლიანად მოერგოს ბანკს. ამასთან, ასეთ სესხებზე წვდომა შეეზღუდათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ.

სების მონეტარული პოლიტიკის ბოლო, მაისის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „გასული წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, იპოთეკური სესხების მოცულობა 134 მლნ ლარითაა შემცირებული…“

„შეიძლება იფიქრეს, რომ ლარიზაციას უფრო მეტი დადებითი ეფექტი ექნებოდა, ვიდრე უარყოფითი, მაგრამ სესხის მხოლოდ 20% გალარდა. ეს აჩვენებს, რომ პროექტი სრულად არ შედგა. შედეგად კი მივიღეთ შეზღუდვა – 100 ათას ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვერ აიღებ“, – ამბობს გიორგი ქათამაძე.

უცხოურ ვალუტაში სესხის შემცირებას ეროვნული ბანკიც ადასტურებს: „2017 წლის აპრილის მონაცემებით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა წინა კვარტალთან შედარებით 704,1 მლნ ლარით შემცირდა“.

2005 წლიდან ლარმა გამყარება დაიწყო და გაცვლის კურსმა დოლართან მიმართებით 1,4 ნიშნულსაც კი მიაღწია, 2008 წლის ომამდე. ექსპერტები ამბობენ, რომ ლარის გამყარების ეს პერიოდი ემთხვევა იმ დროს, როცა სახელმწიფო იღებდა უცხოეთიდან ვალს. ამასთან ვალუტა შემოდიოდა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან, დაფინანსდა მსხვილი პროექტები მსოფლიო ბანკის მიერ და სხვა.

რა მოხდა 2012 წელს? ის ექსპერტები, რომლებიც ადრე ამბობდნენ, რომ ვალების აღებამ გამოიწვია კურსის გამყარება, ახლა ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება ამ ვალების გასტუმრების დაწყებამ გამოიწვია. სახელმწიფოს ვალი აღებული აქვს დოლარში ან ევროში, ამიტომ ბიუჯეტიდან ლარით ხდება შეძენა ვალუტის და გადახდა. შესაბამისად, სახელმწიფო მასიურად ყიდულობდა დოლარს, მასზე მოთხოვნა გაიზარდა და დოლარის კურსმა აიწია.

მთავრობის განცხადებით, ლარიზაციის პროგრამა ლარზე მოთხოვნის გაზრდას და ლარის გამყარებას ემსახურება. აპრილის თვიდან ლარი ოდნავ გამყარდა, მაგრამ ამაზე გალარების პროგრამაზე მეტად უფრო იმან იმოქმედა, რომ ბანკებს სესხების (100 ათას ლარამდე) უცხოურ ვალუტაში გაცემა აეკრძალათ. ამასთან, ფინანსისტების თქმით, გალარების პროგრამა წლის პირველ კვარტალში დასრულდა, ზოგადი ტენდენციის მიხედვით კი, მეორე კვარტალიდან, ზოგადად, დოლარის კურსი ყოველთვის იწევს დაბლა – ტურიზმისა და სხვა შიდა ფაქტორების გამო. საერთო ჯამში, პროგრამის 20%-ით შესრულება იმის მაჩვენებელია, რომ არ იყო ისეთი წარმატებული, როგორადაც დაიგეგმა.

მიუხედავად იმისა, რომ გალარების პროგრამა თვენახევარია დასრულდა, მთავრობას შედეგები ოფიციალურად ამ დრომდე არ შეუჯამებია.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

Exit mobile version