ბათუმის ახალი მერის პირველი სამუშაო დღე

ბათუმის ახალი მერი, ლაშა კომახიძე უფლებამოსილების შესრულებას დღეს, 13 ნოემბერს შეუდგა. სამუშაო კაბინეტში მას ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი დახვდა, რომელმაც მიმდინარე პროექტები გააცნო. „ჟურნალისტებისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება,“ – აღნიშნა ახალმა მერმა.

ლაშა კომახიძის პირველი სამუშაო დღე / 13.11.2017 / ფოტო: ბათუმის მერია

რამდენმა პირმა თქვა უარი ნარკოტესტირების დროს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე

2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ნარკოტესტირების დროს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი უთქვამს 2 321 ადამიანს. ამ პერიოდში სამართალდამცველებს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე სულ 34 011 პირი გადაუყვანიათ განყოფილებაში. სტატისტიკური მონაცემი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნარკოტესტირებით შემოწმებული პირებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა 13 972 ადამიანს. შსს-ს ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემი ასახავს, როგორც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წარმოდგენილ პირებს, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს, სხვადასხვა დანაშაულისთვის აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილებით წარმოდგენილ პირებს, აგრეთვე ძალოვანი უწყებების უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილ მოსამსახურეებს.

ნარკოტესტირებისთვის დაკავებულ პირს უფლება აქვს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი თქვას. ცვლილება კანონში გასული წლის დასაწყისში შევიდა, რომლის მიხედვითაც პოლიციელს ისევ აქვს უფლება „ოპერატიუილი ინფორმაციის საფუძველზე“ ნარკოტესტირებისთვის პირი შემოწმებაზე გადაიყვანოს, თუმცა დაკავებულს ასევე აქვს უფლება უარი უთხრას პოლიციელს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. ამის მიუხედავად, სამართალდამცველებს უფლება აქვთ ნარკოტესტირებისთვის განყოფილებაში გადაყვანილი პირი 12 საათის განმავლობაში არ გაათავისუფლონ.

ნარკოტესტირების არსებული მოდელს აპროტესტებს სახალხო დამცველი. მის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. სასამართლოს ჯერ არ შეუფასებია, რამდენად კონსტიტუციურია, როცა სამართალდამცავს შეუძლია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს დაუსაბუთებლად ნარკოტესტირების გავლა.

ამავე თემაზე:

სახელმწიფოს აგრესიული ნარკოპოლიტიკის ფასი

 

ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ჩეხეთში სახელმწიფო უსაფრთხოებას სწავლობს

ბათუმელი კახა ფუტკარაძე ჩეხეთში, პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში სახელმწიფო უსაფრთხოების პროგრამაზე ორი წლის განმავლობაში ისწავლის. მის სწავლას უცხოეთში აჭარის განათლების სამინისტრო წელიწადში 12 ათასი ლარით დააფინანსებს.

კახა ფუტკარაძემ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა,  შემდეგ კი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში გააგრძელა სწავლა.

კახა ამბობს, რომ მისი კვლევის თემა რელიგიური კონფლიქტები იყო:

„ამის პარალელურად, მინდოდა გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ზოგადად უსაფრთხოების სფეროში და გადავწყვიტე ჩეხეთში გამეგრძელებინა სწავლა. საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები არ არსებობს, ჩარლზის უნივერსიტეტში არსებობს კარგი საერთაშორისო პროგრამა, რომელიც იმით არის საინტერესო, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს, იქნება ეს სახელმწიფო უსაფრთხოება, სამხედრო უსაფრთხოება, დიპლომატია, ტერორიზმი, დაზვერვის და სხვადასხვა მიმართულების თეორიები.

კახა ფუტკარაძე

ძალიან მაღალია ლექტორების კვალიფიკაცია, კომპეტენცია და ეს პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, მიიღო სრულფასოვანი განათლება და ჩამოყალიბდე კარგ მკვლევარად და სპეციალისტად,“ – გვეუბნება კახა ფუტკარაძე.

რატომ დაინტერესდით რელიგიური კონფლიქტებით? – ვკითხეთ მას.  მისი თქმით, ეს საკითხი ბევრ ასპექტს მოიცავს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოში  მნიშვნელოვანი პროცესების წარმართვაში.

„რელიგიური კონფლიქტების შესწავლის დროს მნიშვნელოვანია გამოკვეთილი იყოს კონკრეტული აქტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რელიგიური საკითხებით მოახდინონ იდეოლოგიური სამუშაოების წარმართვა და გარკვეული პოლიტიკის განხორციელება.

თუ გადავხედავთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის საქართველოშიც, დავინახავთ, რომ არის  სახელმწიფოების რელიგიურ საწყისებზე დაბრუნების მცდელობები. ყოველ შემთხვევაში,  აშკარაა, რომ ხდება რელიგიის  პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, რაც საფრთხის შემცველია სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ჩარლზის უნივერსიტეტში მიღებული ინფორმაცია დამეხმარება კვლევის პროცესში. ის თეორიები, მოსაზრებები, რომლებსაც აქ ვისმენ და ის მასალები, რომლებიც სასწავლო პროცესში უნდა წავიკითხო, იძლევა ღრმა, დეტალურ ინფორმაციას. ეს მეხმარება  განსხვავებულ ჭრილში შევხედო ყველა მოვლენას. ეს არის თეორიები, რომლებიც გამოიყენებოდა წლების მანძილზე, გამოიყენება დღესაც  და მომავალშიც იქნება გამოყენებული,“ – პასუხობს კახა ფუტკარაძე.

მისი თქმით, ევროპაში სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემები მიგრანტების  კრიზისის ფონზე გაჩნდა, თუმცა  პრობლემების დაძლევა  ნელ-ნელა შესაძლებელი ხდება.

„მეტსაც გეტყვით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო მკაცრ პოზიციაზე არიან მიგრანტებთან დაკავშირებით, რამაც მათ საშუალება მისცა, მოეხდინათ შემდგომი საფრთხეების პრევენცია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს.  უნგრეთმა, ჩეხეთმა, პოლონეთმა, როცა უარი განაცხადეს სირიელი დევნილების მიღებაზე, ამით მათ უსაფრთხოების პრევენციაზე იზრუნეს. მათ აქვთ საერთაშორისო ვალდებულება, რომ მიიღონ მიგრანტები, მაგრამ ისინი მზად არიან გადაიხადონ ფულადი ჯარიმა,“ – გვეუბნება ის.

კითხვაზე, მისი აზრით, ეს სტრატეგია გამართლებულია თუ არა, კახა გვპასუხობს:

„სამართალში არის ასეთი ტერმინი, – თანაბარმნიშვნელოვანი სიკეთეების პრინციპი. იმისათვის, რომ შენ რაღაცას მიაღწიო, რაღაც უნდა დათმო, მაგრამ შენი დათმობა იმაზე მეტი არ უნდა იყოს, ვიდრე მიღებული სიკეთე“.

მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, „მთავარი ინდიკატორი არის ის, რომ ყველა ქვეყანა მაინც საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული, მაგრამ მთავარია, რამდენად მოხდება ამ ინტერესების საერთო ევროპულ ჭრილში განხილვა, ეს არის მნიშვნელოვანი“.

რაც შეეხება საქართველოს, კახა ფუტკარაძის აზრით, მთავარია ყველაზე მეტი ინვესტიცია განათლებასა და უსაფრთხოებაში ჩაიდოს: „არ შეიძლება ეს ორი რამ ერთმანეთს მოწყვიტო, რადგან ორივე ერთმანეთთან კავშირშია.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთის უნივერსიტეტებში ბევრი ქართველი სწავლობს, პრიორიტეტული ქართული უნივერსიტეტების განვითარება უნდა იყოს სახელმწიფოსთვის. გრძელვადიანი პროგნოზი და სტრატეგიული მიმართულებები უნდა არსებობდეს“.

კახას აზრით, სახელმწიფოს უსაფრთხოებაშიც და განვითარებაშიც დიდ როლს ასრულებს ის, თუ რაზე თანხმდება საზოგადოება.

„მთავარია, საზოგადოება შეთანხმდეს იმაზე, თუ რა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკურად, კულტურად და ა.შ

ყველა ადამიანმა თავი უნდა იგრძნოს ქვეყანაში, როგორც მოქალაქემ და თავისი პასუხისმგებლობა იგრძნოს. დღეს არის დამოკიდებულება, რომ „სახელმწიფომ უნდა გაგვიკეთოს“, მაგრამ უნდა გაჩნდეს დამოკიდებულება, რომ ჩვენ თვითონ ვართ სახელმწიფო, ყველა მოქალაქე არის სახელმწიფო და ჩვენი მოქმედება და ნაბიჯი განსაზღვრავს სახელმწიფოს ბედს. მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ მას აქვს უფლება და მოვალეობა და როცა ითხოვს, უნდა შეძლოს გაცემაც, რომ რაღაცას მიაღწიოს შემდგომში“.

კახას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და დამოუკიდებელი თავის არჩევანში, აქვს განსხვავებული რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებები, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით უნდა იყოს ერთსულოვანი. „როცა ამაზე ვერ თანხმდება საზოგადოება,  ეს უკვე ძალიან დიდ პრობლემას ქმნის.“

სახელმწიფო უსაფრთხოების პროგრამაზე, ჩარლზის უნივერსიტეტში კახა ფუტკარაძის გარდა საქართველოდან კიდევ ორი სტუდენტი სწავლობს.

აისახება თუ არა სტრუქტურული ცვლილებები აჭარის მთავრობაზე

„ამ ეტაპზე სტრუქტურული ცვლილებები არ იგეგმება აჭარაში,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 13 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. აჭარის მთავრობას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, შეუერთდება თუ არა, მაგალითად, აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როგორც ეს თბილისში იგეგმება.

ცვლილების განხორციელების შემდეგ ცენტრალურ დონეზე გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოფა ბუნებრივი რესურსების ნაწილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, ხოლო მას დაემატა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ახალ, გაერთიანებულ სამინისტროს ამჟამინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს.

აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სტრუქუტურული რეორგანიზაციის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

სამაართლებრივად შესაძლებელია ცენტრალური ხცელისუფლებისგან განსხვავებით აჭარაში ცალ-ცალკე დარჩეს გარემოს დაცვის სამმართველო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აჭარაში სამინისტროების შექმნის საკითხი აჭარის კონსტიტუციით რეგულირდება.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს აჭარაში, ამ თემაზე ზურაბ პატარაძემ 31 ოქტომბერს თქვა, რომ საკადრო ცვლილებებს არ აპირებს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

 

რაზე წყდება გული გიორგი ერმაკოვს

„გული მწყდება უბრალოდ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს, შეიძლება მეც, რაღაცას რომ გააკეთებ, გარკვეული დრო გავა და დაინახავს ადამიანი. უნდა ხედავდეს იქ მაცხოვრებელი. ზოგჯერ შენიშვნასთან ერთად იმდენ თბილ წერილს ვიღებ, იმდენ მესიჯს და სატელეფონო ზარს, რომ მეც მიხარია. მე არ ვაბრალებ იმას, რომ ვიღაცამ არასათანადოდ გააშუქა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო“, – აღნიშნა ბათუმის უკვე ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა ჟურნალისტებთან დღეს, 12 ნოემბერს გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ქალაქის ახალ მერს, ლაშა კომახიძეს ბათუმის სიმბოლური გასაღები გადასცა.

ბათუმის ყოფილმა მერმა მოკლედ შეაჯამა მისი მერობის პერიოდი და განაცხადა, რომ სამი წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ნაწილს კი საფუძველი ჩაეყარა. მნიშვნელოვან პროექტებს შორის ყოფილმა მერმა სარეაბილიტაციო, სასპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტები და მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები დაასახელა. მან მისი მერობის დროს პოლიტიკურ კონტექსტსაც გაუსვა ხაზი:

„ეს იყო ძალიან რთული სამწლიანი პერიოდი. გახსოვთ, ეს იყო გარდამავალი ეტაპი, ხელისუფლება შეიცვალა. ძალიან რთულია, როდესაც თანამშრომლების ერთი ნაწილი მიდის მარცხნივ, მეორე მარჯვნივ. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მემარჯვენე-მემარცხენეობაზე. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი უკავშირდებოდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ამიტომ ვაფასებ ამ პერიოდს, როგორც რთულ პერიოდს.

მე მადლობას ვუხდი პოზიციასაც და ოპოზიციასაც, რადგან ქალაქისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებას მათ მხარი დაუჭირეს“, – აღნიშნა ყოფილმა მერმა.

„ბათუმელების“ შეკითხვაზე, სად აპირებს დასაქმებას, გიორგი ერმაკოვმა უპასუხა, რომ ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი.

„ეს არის, ასე ვთქვათ, სხვისი ინტერესისთვის მესამეხარისხოვანი და ჩემთვის პირველხარისხოვანი საკითხი და ამაზე არ ვისაუბრებ. რა გადაწყვეტილება იქნება, ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, გუნდისთვის სადაც საჭირო იქნება ჩემი გამოცდილება, ჩემი შრომისუნარიანობა, მე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვემსახურები და ეს არ არის ლიტონი სიტყვები. ჩემგან, ალბათ, ვერ გამოვა დიდი ბიზნესმენი ვერაფრით, წლებია პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად სახელწიფო სამსახურში ვარ სხვადასხვა სტრუქტურაში, ბოლო დროს პედაგოგიურ საქმიანობასაც ვეწეოდი. ჯერ ადრეა, რაც იქნება, ვნახავთ“, – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

ხულოში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი სოფელ დეკანაშვილებში აშენდება

ხულოს მუნიციპალიტეტში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი სოფელ დეკანაშვილებში აშენდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. სამინისტროს შპს ბალანსი XXI მომსახურების ცენტრის აშენებას 279 175 ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 315 167 ლარი იყო.

სოფელ დეკანაშვილებში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 დღეში უნდა აშენდეს.

აჭარის სოფლებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდად  ალტერნატიული სისტემის შექმნა აჭარის მთავრობამ გასულ წელს დააანონსა. შესაბამისი პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში ხუთი მომსახურების ცენტრისა და ბათუმში ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას.

თავდაპირველი გეგმით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდი ახალი სისტემა აჭარაში 2017 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ჯერ შესაბამისი ცენტრებიც კი არ არის მოწყობილი. ამასთან, ახალი სისტემით, წელს, რძის გარდა, ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაცია უნდა დაწყებულიყო. რაც შეეხება ციტრუსს, ამ ახალი სისტემით ის არ გაიყიდება.

აღნიშნული  პროგრამისთვის აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრების ასაშენებლად ადგილები შერჩეული იყო მუნიციპალიტეტებშიც, თუმცა ხულოში მიწის გადაცემის საკითხი დაგვიანდა.

სოფელ დეკანაშვილებში მომსახურების ცენტრის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მშენებლობა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 და 2018 წლების ბიუჯეტებიდან დაფინანსდება, შესაბამისად, მთლიანი თანხის 40 და 60 პროცენტით.

ფოტოები საპროექტო დოკუმენტაციიდან

თხა, ძაღლები და მამალი საარჩევნო უბანზე [ფოტო]

დღეს, 12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში.  ეს ოზურგეთის საარჩევნო უბნებია, სადაც არჩევნებზე ჯერ თხამ შეისეირნა, შემდეგ ძაღლებმა და მამალმაც.

ბათუმის ახალ მერს ყოფილმა მერმა ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა

„გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა ეს ლამაზი ტრადიცია, მოქმედი მერის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი მერის უფლებამოსილების შედგომა. ეს ახალი ტრადიციაა და იმედია მას ბათუმის ახალი მერი, ლაშა კომახიძე გააგრძელებს. მე მინდა მას გადავცე სიმბოლური გასაღები, რომელსაც აწერია ქალაქი ბათუმი და რომელზეც გამოსახულია ლოგო. მინდა მას ვუსურვო ქალაქის საკეთილდღეოდ ბევრი საქმის კეთება თავის გუნდთან ერთად“ – განაცხადა ბათუმის უკვე ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა დღეს, 12 ნოემბერს სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორიც ბათუმის მერია იყო.

მერის უფლებამოსილების სიმბოლური გადაცემის ცერემონიალს ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრები, აჭარის მთავრობის, ძველი და ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს და მუნიციპალიტეტების ახალი მერები ესწრებოდნენ.

გიორგი ერმაკოვმა მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი ბათუმის „საზაფხულო დედაქალაქად ქცევის“ საქმეში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, ასევე, არჩილ ხაბაძეს, ძველი და ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრებს, მინისტრებს, ბათუმის საკრებულოს წევრებს და ოპოზიციას. მან აღნიშნა, რომ ლაშა კომახიძის წარმატებაში დარწმუნებულია:

„მჯერა მისი განათლების, ერუდიციის, მისი ოჯახიშვილობის, არც ერთი მისი გადაწყვეტილება არ იქნება ქალაქის წინაააღმდეგ მიღებული და დარწმუნებული ვარ, მას ექნება ბევრი ახალი ინოვაციური პროექტი“.

„მე მზად ვარ გამოწვევებისთვის, იმ დაპირებების შესასრულებლად, რაც გავეცით, მზად ვართ, გავაგრძელოთ პროექტები და ბევრი ახალი დავიწყოთ“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ლაშა კომახიძემ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე იქნება

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნება“  პარტიის პროპორციული სიის პირველ ნომერს სულიკო თებიძეს დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაცია, „ბათუმლებს“ თავად სულიკო თებიძემ  დაუდასტურა.

სულიკო თებიძე აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილედ დაინიშნა 2012 წლიდან. 2008-2011 წლებში კი ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა 2008 წლამდეც.

ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 19 წევრი ეყოლება. ბათუმის საკრებულო შემდეგ კვირას შეიკრიბება. ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

როგორ გადანაწილდება თანამდებობები ბათუმის ახალ საკრებულოში

თავმჯდომარის დაპირების მიუხედავად „სიურპრიზებით სავსე ბოლო სხდომის შესახებ“ ბათუმის მოქმედი საკრებულო კიდევ ერთი სხდომის ჩატარებას ვეღარ შეძლებს – ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა ვადა უკვე ამოწურულია და მომავალი კვირის დასაწყისშივე, ორშაბათს, 12 ნოემბერს ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის თარიღი უნდა ჩაინიშნოს. სხდომა შემდეგ კვირაშივე ჩატარდება.

არჩევნების შედეგების მიხედვით, ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 19 წევრი ეყოლება, 10 გამარჯვებული მაჟორიტარული სისტემით, 9 კი პროპორციული სიით. საკრებულოში 4 წევრი შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თითო წევრი ეყოლებათ „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

პირველივე სხდომაზე ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულო აირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეებს, შესაძლოა ამავე სხდომაზე კომისიების თავმჯდომარეების არჩევასაც უყარონ კენჭი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა საკრებულოს თავმჯდომარედ პროპორციული სიის პირველ ნომერს, სულიკო თებიძეს დაასახელებს, „ბათუმელებს“ თავად სულიკო თებიძემ დაუდასტურა. იმის შესახებ თუ როგორ გადანაწილდება სხვა თანამდებობები მან საუბარი არ ისურვა: „ მონახაზი არსებობს, მაგრამ გთხოვთ არ მკითხოთ გთხოვთ“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „მონახაზი, რომელიც უკვე არსებობს“ ასეთია:

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს დაიკავებენ, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე და  თამაზ სალუქვაძე.

თამაზ სალუქვაძე ახალი მოწვევის საკრებულოში ჩაქვის, მწვანე კონცხის, მახინჯაურისა და თამარის დასახლების მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“. ის ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ დიმიტრი ჭეიშვილი განიხილება. „ქართულ ოცნებაში“ გადასვლამდე ის ნინო ბურჯანაძის პარტიის – „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი იყო.

საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილებას სავარაუდოდ ირაკლი პატარიძე უხელმძღვანელებს. 2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე ის ბათუმის მერის წარმომადგენლად მუშაობდა ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში;

იურიდიულ კომისიას, სავარაუდოდ, ომარ მახარაძე უხელმძღვანელებს, ომარ მახარაძე პროფესიით იურისტია, ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ გოჩა მგელაძე განიხილება, გოჩა ბონი-გარადოკი, მანთაშევის მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“. ის ამ უბანში მერის რწმუნებულად მუშაობდა.

საფინანსო საბიუჯეტო კომისიას კი, სავარაუდოდ, ზურა ნაკაიძეს ჩააბარებენ, ის „ძველი ბათუმის“ მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“.  2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ზურა ნაკაიძე ბათუმის მერიის აიპი „ბათუმის კორპუსის“ დირექტორად მუშაობდა.

უმრავლესობის ფრაქციას კი, სავარაუდოდ, ნატალია ზოიძე უხელმძღვანელებს.

აჭარის მთავრობამ ივანიშვილს მწვანე კონცხზე კიდევ მიწის ხუთი ნაკვეთი მიჰყიდა

შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“, რომელიც მწვანე კონცხზე იმ პროექტს ახორციელებს, რომლის ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია, საკუთრებაში მიწის ახალი ნაკვეთები დაირეგისტრირა. მიწის ნაკვეთები კომპანიას აჭარის მთავრობამ მიჰყიდა. ამ ნაკვეთებთან ერთად კომპანია მწვანე კონცხზე კიდევ 6 346 კვ/მ პლაჟსაც ითხოვს იჯარით.

„ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ საკუთრებაში ახლადარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 7 944 კვ/მ-ია. აქედან 650 კვ/მ მახინჯაურში, ხოლო დანარჩენი მწვანე კონცხზეა.

ნაკვეთი, რომელიც „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეისყიდა მახინჯაურში, სს „აჭარის კურორტების“ საკუთრებაში იყო. 2016  წელს ეს ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად დარეგისტრირდა [„ყაზახური ინვესტიციის“ განხორციელების პირობით გადაცემული ქონების ნაწილი აჭარამ შარშან უკან დაიბრუნა. „აჭარის კურორტები“ და მისი ქონება ფაქტობრივად „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის. „სილქ როუდ ჯგუფის“ კუთვნილ ტერიტორიაზე კი ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ დაფინანსებით „სილქ თაუერი“ აშენდება].

აღნიშნულ ნაკვეთზე აჭარის მთავრობასა და „ბიზნეს დეველოპმენტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება კი მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაფორმდა. ნაკვეთი აჭარის მთავრობამ იპოთეკით დატვირთა „ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე. ერთ-ერთი ვალდებულებაა ამ ნაკვეთის საპრივატიზაციო საფასურის გადახდა.

რაც შეეხება მწვანე კონცხზე 6003 კვ/მ მიწის ნაკვეთს, რომელიც უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მიმდებარედაა, საქართველოს მთავრობამ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ის მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გადასცა საკუთრებაში. მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ამ ნაკვეთითაც სწორედ „ბიზნეს დეველოპმენტი“ იყო დაინტერესებული.

„ბიზნეს დეველოპმენტს“ აჭარის მთავრობამ მწვანე კონცხზე, მაგნოლიას ქუჩაზე მდებარე შენობაში 32,67კვ/მ ფართობიც მიჰყიდა [ეს შენობა 2015 წლის ამონაწერით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაშია].

შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ ამ დროისთვის, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკუთრებაში უკვე ფლობს ჯამში 55 991 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ყველა გადაცემულ ქონებაზე „ბიზნეს დეველოპმენტს“ საინვესტიციო ვალდებულება გააჩნია.

მწვანე კონცხი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ 2015 წლის ივნისში დააფუძნა შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებმა“. მიმდინარე წელს კი, კომპანიის 100% წილი შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა“ შეისყიდა. „ბიზნეს დეველოპმენტის“ დირექტორად დაინიშნა ირაკლი ქარსელაძე, ხოლო კომპანიის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ქონება, რომელიც სს „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის [ამავე მისამართზეა რეგისტრირებული „ქართუ ჯგუფიც“, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის]. ირაკლი ქარსელაძე შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორიცაა.

წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, „ბიზნეს დეველოპმენტის“ მთლიანი წილი 5 000 აშშ დოლარად შეფასდა. ამასთან, ხელშეკრულების დადების დღისთვის კომპანიას გააჩნდა 6 809 737 ლარის, 3 662 630 აშშ დოლარისა და 59 500 ევროს სასესხო დავალიანება [სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი].

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ მათი შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის 8 მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

ამ პროექტებიდან ერთ-ერთია სწორედ მწვანე კონცხზე მშენებარე კომპლექსი და საბაგირო გზა, რომელიც „ბიზნეს დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე შენდება. „ბიზნეს დეველოპმენტის“ 100% წილის მფლობელი კი, როგორც აღვნიშნეთ, თავად შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია“.

კომპლექსი, რომელიც მწვანე კონცხზე შენდება / „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ ფოტო

ორშაბათიდან ბათუმის მერიას ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს

შემდეგი კვირიდან ბათუმის მერიას, ახალარჩეული მერი, ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს. მოქმედი მერის, გიორგი ერმაკოვის გაცილებისა და ახალ მერთან შეხვედრის ცერემონიალი ბათუმის მერიას ხვალ, 12 ნოემბერს, სასტუმრო „ჰილტონში“ აქვს დაგეგმილი.

ახალი მერები გადაიბარებენ ასევე მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტს მირიან ქათამაძე, ხელვაჩაურს – ჯუმბერ ვარდმანიძე, ქედას – ლევან გორგილაძე, შუახევს – ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს კი გოჩა მელაძე უხელმძღვანელებს.

ახალ მერებს მუნიციპალიტეტების სამსახურების ხელმძღვანელ თანამდებობებზე წინა მერისა და გამგებლების მიერ შერჩეული კადრები დახვდებიან. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ახალი მერის უფლებამოსილების ცნობისთანავე მერიის ან გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელების ავტომატურად გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

საკადრო პოლიტიკაზე საუბრისას ბათუმის ახალარჩეულმა მერმა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ არ  ჰყავს კონკრეტული  გუნდი, რომელთან ერთადაც მერიაში მისვლას გეგმავს. ის ამბობს, რომ მასთან ერთად მერიაში არა კონკრეტულ პირებს, არამედ კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე პირებს მოიაზრებს: „თუკი ასეთები არიან მერიაში, ისინი დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნებს, თუ არ არიან, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება ახალი კადრები. “

სამსახურების მუშაობის ეფექტურობის პირველ ეტაპზე ვერმიღწევის შემთხვევაში ლაშა კომახიძე მერიაში რესტრუქტურიზაციასაც არ გამორიცხავს.


მთავარი ფოტო: გიორგი ერმაკოვი და ლაშა კომახიძე / მანანა ქველიაშვილის ფოტო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროკომისიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტის მიერ 2017 წელს დამტკიცდა, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული.

ანგარიშის თანახმად, საკანონმდებლო პაკეტი პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე ცვლილებას მოიცავს, მათ შორისაა ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა, რომელიც მსჯავრდებულებს გათავისუფლების მოამზადებს, ასევე, შინაპატიმრობის, როგორც ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობის გაზრდა და დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

ამასთან, ევროკომისია დადებითად აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა წინასწარი დაკავება და პატიმრობა შემცირებულია ალტერნატიული ზომების უფრო ფართო გამოყენების შედეგად.

ევროკომისიის ანგარიში 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს და მასში საქართველოს მიერ ევროკავშირთან შეთანხებული მიმართულებებით რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესია შეფასებული.

 

სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ [ფოტო]

დღეს ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ იმართება.

სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, რუსთაველის ქუჩაზე, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, კულინარიული გამოფენები იმართება; გამოფენილია ასვე მუზეუმში დაცული მინიატურული ექსპონანტები;

ფოტო: ეკა ბარამიძე

 

დაგეგმილია ასვევე სპორტული შეჯიბრებები.

 

ფოტო: ეკა ბარამიძე

 

სახალხო ზეიმზე ხუთ საპატიო ქედელს დაასახელებენ, ტრადიციულად ეს ზეიმი შემოდგომის ბოლოს იმართება, მას შემდეგ, რაც ქედელი გლეხი მოსავალს დააბინავებს.

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ტენდენციები საქართველოში – კონფერენცია ბათუმში

„გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ტენდენციები საქართველოში“ – ამ თემაზე დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთობლივი კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე აჭარის რეგიონის 20-წლიანი კვლევის შედეგებზე ისაუბრებენ.

კვლევა 1996 წელს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის, ასევე საზოგადოებრივი  ჯანდაცვის დეპარტამენტის, ჰიპერტენზიის რესპუბლიკურმა ცენტრმა [ამჟამად საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება] ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო არტერიული ჰიპერტენზიისა და მისი რისკ-ფაქტორების გავრცელების შესწავლა აჭარის მოსახლეობაში.

2001 წელს, იგივე კონტიგენტში კვლევა ჩაატარეს აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის პროფილაქტიკური კარდიოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა.

2016 წელს, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოებისა და აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის კარდიოლოგიის ცენტრის – თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის საბაზო კლინიკის მიერ დაიწყო და მიმდინარეობს არტერიული ჰიპერტენზიისა და მისი რისკის ფაქტორების 15-20 წლიანი დინამიკის შეფასება.

აღნიშნული კვლევების შედეგების და ასევე, 2013-2016 წლების განხორციელებული ჰიპერეტნზიის სასწრაფო და გადაუდებელი მდგომარეობების მართვის შეფასების დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა არის ერთობლივი საუნივერსიტეტო კონფერენციის მიზანი.

კონფერენციაზე პროფესორ  ბეჟან წინამძღვრიშვილის მიერ წარმოდგენილი იქნება ძირითადი მოხსენება – კვლევის შედეგების შესახებ.

კონფერენციაზე მოწვეული არიან თსუ და ბათუმის უნივერსიტეტის, რეგიონის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, თბილისისა და აჭარის რეგიონის კარდიოლოგები, ნევროლოგები, ენდოკრინოლოგები, პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალები.

3 მილიონი ლარი შსს-ს მიერ ზოგადი ხედვის კამერების შესაძენად

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2056 ზოგადი ხედვის კამერა უნდა შეიძინოს [შესაბამისი აღჭურვილობით და თანმდევი მომსახურებით]. კამერების შესაძენად სამინისტროს 3 მილიონ 84 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტრო კამერებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემსყიდველ ორგანიზაციებთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ყიდულობს.

შეთანხმების მიხედვით, უშუალოდ შსს თავისი ბიუჯეტიდან მხოლოდ 75 ათას ლარს გადაიხდის, დანარჩენი თანხა კი შემსყიდველი ორგანიზაციების [მუნიციპალიტეტების] ბიუჯეტებიდან დაიხარჯება.

შესაბამის მომსახურებას სამინისტროს 5 კომპანია სთავაზობს. შეთავაზებული ღირებულებებიდან ყველაზე მაღალია – 3 061 880 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი – 1 821 880 ლარი. დანაჩენი სამი კომპანია მომსახურებას სამინისტროს 2,3 მილიონიდან 2,9 მილიონ ლარამდე ფარგლებში სთავაზობს.

სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია და სატენდერო კომისიამ გამარჯვებული უნდა გამოავლინოს. სამინისტროს უფლება აქვს მიმწოდებელს მოსთხოვოს დღეში არაუმეტეს 20 კამერის მონტაჟი „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ პროექტის ფარგლებში.

ზოგადი ხედვის, მკაცრი პირობების კამერები და ამ კამერებთან თავსებადი კვების ბლოკების დამონტაჟება უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში; ზოგადი ხედვის კამერების ინსტალაცია უნდა მოხდეს, კამერების მოწოდების შემდეგ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 30 კალენდარული დღის ვადაში, 2018 წლის 1-ლი მაისის ჩათვლით.
საქონლის მიწოდება მონტაჟი განხორციელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად, კონკრეტული ლოკაციები კი დაზუსტება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

აზერბაიჯანელი მხატვრის ილუსტრაციები სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელებზე

აზერბაიჯანელი მხატვრი გუნდუზ აგაევი ილუსტრაციებით გვიჩვენებს პოლიციელებს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც უხეშად ილახება ადამიანთა უფლებები, ჩინეთში, თურქეთში, ირანში, კორეაში, სუდანში, საუდის არაბეთში, ინდოეთში, რუსეთში და ა.შ.

ილუსტრაციების უმრავლესობა კრიტიკული და ირონიულია, თუმცა მხატვარი „კარგი პოლიციელის“ ვიზუალიზაციასაც გვთავაზობს.

აზერბაიჯანი

ჩინეთი

ჩრდილოეთ კორეა

სუდანი

შვედეთი

ბრაზილია

არაბეთი

რუსეთი

ნიდერლანდები

ლონდონი

ინდოეთი

თურქეთი

ავსტრალია

ფოტოები გუნდუზ აგაევის ოფიციალური გვერდიდან.

 

 

აითვისებენ თუ არა აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები თანხას

აჭარის ბიუჯეტის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის მაღალმთიანმა მუნიციპალიტეტებმა წელს 5 მილიონ 054 ათას 492 ლარი მიიღეს, რითაც მთლიანობაში 11 პროექტი დაფინანსდა. ხუთი მილიონიდან ყველაზე მეტი თანხა, 2 054 717 ლარი, შუახევის მუნიციპალიტეტმა მიიღო.

აჭარის მთავრობის მუნიციპალური ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს შორის შუახევში, ყველაზე ძვირადღირებული პროექტი ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის სოფლების წყალმომარაგების სისტემების მოწყობაა, რაც 1,5 მილიონი ლარითაა დაფინასებული. წყლის სისტემის მოწყობის გარდა შუახევის გამგეობამ, შშმ პირებისთვის, დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად 194  717 ლარი და კლდისუბანში ხიდისა და  მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 360 000 ლარი მიიღო.

აჭარის მუნიციპალური ფონდიდან ხულოს მუნიციპალიტეტში ოთხი პროექტი დაფინანსდა.

ხულოს მუნიციპალიტეტმა  354 550 ლარი კვატია – ბარდნალის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის მიიღო,  293 706 ლარი – კურორტ ბეშუმში ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციისთვის, 330 839 ლარი – სოფელ ტუნაძეებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის  და 204 694 ლარი – სოფელ კორტოხის სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციისთვის.

ქედის მუნიციპალიტეტში 1 809 986 ლარით ოთხი პროექტი დაფინანსდა, მუნიციპალიტეტმა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად – 593 940 ლარი,  ყოფილი „ადგილმრწეველობის კომბინატის“ სოციალურ სახლად გადასაკეთებლად – 436 046 ლარი, ზუნდაგის ბაგა-ბაღის რეკონსტრუქციისთვის 400 000 და ნაგავმზიდის შესაძენად 280 000 ლარი მიიღო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 8 ნოემბრის მდგომარეობით, ქედის მუნიციპალიტეტმა 1 809 986 ლარიდან 618 051 ლარი და 25 თეთრი აითვისა, შუახევის გამგეობამ – 2 054 717 ლარიდან მხოლოდ 15 000 ლარის ათვისება მოახერხა, რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ 1 189 789 ლარიდან ათვისებულმა თანხამ 259 215 ლარი შეადგინა.

პროცენტულად ყველაზე ნაკლები თანხა შუახევის გამგეობამ აითვისა. შუახევის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე განმარტავს, რომ ჩანჩხალო – ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის პროექტში მთავარ მოთხოვნად საექსპერტო დასკვნა ჰქონდათ ჩადებული, პროექტის შესწავლას კი დიდი დრო დასჭირდა. იგი ასევე ამბობს, რომ რომ კლდისუბანში ხიდის მოწყობითი სამუშაოები სანიაღვრე არხში ბოლო დროს წყლის მასის მატებამ შეაფერხა, ხოლო რაც შეეხება დღის სარეაბილიტაციო ცენტრს, სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ათვისებული 15 000 ლარიც ამ ობიექტზე მოდის.

„როცა ჩანჩხალო – ნიგაზეულის წყალსადენის პრექტს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ცდომილება გამოვლინდა, პროექტი დაბრუნდა გასასწორებლად, გასწორების შემდეგ კი ისევ ჩატარდა პროექტის ექსპერტიზა, რასაც დიდი დრო დასჭირდა. წყალსადენის მშენებლობაზე ელექტრონული შესყიდვა უკვე განხორციელდა და მალე დაიწყება მშენებლობა, ამ პროექტის განხორციელება 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემას უგვარებს. რაც შეეხება შშმ პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის და კლდისუბნის ხიდის მოწყობას – მისასველილი გზის რეაბილიტაცია ერთწლიანი პროექტია და წლის ბოლომდე დასრულდება სამუშაოები, კლდისუბანში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, ამ ხიდის მშენებლობა წყალდიდობამ შეაფერხა“ – ამბობს ედნარ შარაშიძე.

ხულოს მუნიციპალიტეტში დაფინანსებული სამი პროექტიდან, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით კვატია – ბარდნალის საავტომობილო გზის მოწყობის პროექტი აღარ განხორციელდება, რადგანაც, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სამხარაულის დასკვნით ამ სოფლებში გზის დახრილობა – რელიეფი არ პასუხობს საგზაო სტანდარტებს. რაც შეეხება სოფელ ტუნაძეებში სასმელი წყლის სისტემის პროექტის მშენებლობას, ლაშა ბოლქვაძის თქმით, სახელმწიფო შესყიდვა ვერ განხორციელდა, რადგან ტენდერის შედეგები ორჯერ გასაჩივრდა.

„გასაჩივრების პროცედურები არ დასრულებულა. რაც შეეხება დარჩენილ ორ პროექტს –  ბეშუმში ელექტროგადამცემი ხაზებისა და სოფელ კვატიაში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობას – ეს პროექტები დასრულდა, მშენებლობის დასრულებაზე წერილი მშენებელმა კომპანიამ სამი დღის წინ წარმოადგინა, რითაც სრულად ათვისებული იქნება ორივე პროექტი“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

ქედაში კი აცხადებენ, რომ ფონდიდან გამოყოფილ თანხას წლის ბოლომდე სრულად აითვისებენ.

„ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერი შედგა, მომწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმებულია, რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს – აქტიურად მიმდინარეობს“ – ამბობს ჯემალ ტაკიძე, ქედის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.

სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლის შესაკეთებლად შუახევში ფინანსურ დახმარებას 14 ოჯახი მიიღებს

16 -17 ოქტომბერს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შუახევის გამგეობამ, დღეს, 10 ნოემბერს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 200 ლარი გამოყო.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, იამზე ფუტკარაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა კომისიამ შეისწავლა და კომისიის გადაწყვეტილებით, სახლების შესაკეთებლად ფინანსურ დახმარებას 14 ოჯახი მიიღებს.

ფინანსური დახმარების მოთხოვნით შუახევის გამგეობაში სულ 23 განაცხადი იყო შესული.

შუახევის გამგეობას, მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახების დასახმარებლად სულ  70 000  ლარი აქვს გაწერილი.

რაში დახარჯავს მერია 78 მილიონ 688 ათას 600 ლარს 2018 წელს

დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, მერიის 2018 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის  სფეროში დაგეგმილი პროექტები წარმოადგინა.

სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2018 წელს 78 მილიონ 688 ათას 600 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებული თანხა ძირითადად ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას მოხმარდება. ამაში შედის როგორც მიმდინარე პროექტების დასრულება, ასევე ახალი ქუჩების რეაბილიტაცია ე.წ ჭაობის დასახლებაში, ბონი-გოროდის, კახაბრის, გონიოს, მწვანე კონცხისა და აეროპორტის ტერიტორიაზე. სულ 80-მდე ქუჩის რეაბილიტაციაა ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული.

დაგეგმილია ფეხით მოსიარულეთა ხიდის გაკეთება ბარცხანაში. განხილვის დროს  შეკითხვები დაისვა შშმ პირებისთვის ხიდის ადაპტირების შესახებ, თუმცა როგორც მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ხიდი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ვერ იქნება, რადგან „საქართველოს რკინიგზა“ უარს ამბობს ტექნიკური სამუშაოების შესრულებაზე, „არსებული ინფრასტრუქტურა ხიდის ადაპტირების შესაძლებლობას არ იძლევა,“ – განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა.

პროექტების პრეზენტაციის დროს კრიტიკული შენიშვნები დააფიქსირა ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა თომა კაკაბაძემ. მისი თქმით, მერია ინფრასტრუქტურული პროექტების  დაგეგმვის დროს არ ითვალისწინებს შშმ პირების რეკომენდაციებს და დღემდე პრობლემად რჩება როგორც ქუჩების, ასევე შენობების ადაპტირება.

ტაოს ქუჩაზე მცხოვრები როინ მახარაძის თქმით კი, არაერთგზის წერილობითი თხოვნის მიუხედავად, მერიამ არ გაითვალისწინა ამ ქუჩის მცხოვრებთა მოთხოვნა. „შვიდჯერ მივმართეთ მერიას წერილობით, იყო სიტყვიერი თხოვნაც, რომ ტაოს ქუჩაზე ასფალტი დაეგოთ, თუმცა მდგომარეობა ისევ სავალალოა. სიცხეში საშინელი მტვერია, წვიმაში – ტალახი. ქუჩაზე არის ღია დაჭაობებული არხები, საიდანაც საშიანელი სუნი ამოდის, მოსახლეობის ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე,“ – ამბობს როინ მახარაძე.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის თქმით, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებლი  „და იმას გეტყვით ზუსტად, როდის იქნება გათვალისწინებული,“- უპასუხა მან მოქალაქეს.

პეტრიძის თქმით, „ყველა ქუჩა ერთდროულად ვერ გაკეთდება. ბევრი ქუჩაა ქალაქში მსგავს მდგომარეობაში“ და თანმიმდევრულად უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია.

კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია თანხის რაოდენობა ქალაქის გამწვანებისთვისაც –  2 მილიონ-ნახევარი ლარია გათვალისწინებული. „გაზრდილია ქალაქის გაფორმების ბიუჯეტიც, 1 201 380 ლარია ამისთვის გათვალისწინებული, აქედან 500 ათასზე მეტი ლარი საახალწლო გაფორმებაზე დაიხარჯება,“- განაცხადა ნუკრი ხინთიბიძემ.

2018 წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ქალაქში ორი ახალი სკვერის გაკეთება და ერთი სკვერის რეაბილიტაცია.

მერიის 2018 წლის პრიორიტეტების განხილვა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“.

 

144-დან 108 ადამიანი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო – „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი

გქონიათ თუ არა სექსუალური შევიწროების შემთხვევა მოზარდობის ასაკში? – ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ თავის მკითხველს დაუსვა. გამოკითხვაში სულ 144-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 108 ადამიანმა, გამოკითხულთა 75 პროცენტმა თქვა, რომ სექსუალური შევიწროვების შემთხვევა ჰქონია.

სად მოხდა შემთხვევა? – გამოკითხული 103 პირიდან უმრავლესობა, 51 ადამიანი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების შემთხვევა ავტობუსში მოხდა, 39 ადამიანი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება მოხდა საჯარო ადგილას [ქუჩაში, მაღაზიაში], 8 ადამიანი ამბობს, რომ შემთხვევა სტუმრად ყოფნის დროს მოხდა, 5 ადამიანს კი სექსუალური შევიწროების შემთხვევა საკუთარ სახლში ჰქონდა. 

როგორი იყო თქვენი რეაქცია? – 106 გამოკითხულიდან უმრავლესობა, 63 ადამიანი გაჩუმდა,  22- ფიზიკურად შეეწინააღმდეგა, 17-მა ადამიანმა უყვირა მოძალადეს, 4-მა კი სხვას მიმართა დასახმარებლად.

უთხარით თუ არა ამის შესახებ ვინმეს?  – 104 გამოკითხულიდან 49 პასუხობს, რომ ამის შესახებ მეგობრებს უთხრა, ზუსტად ამდენივე, 49 ადამიანი ამბობს, რომ ამის შესახებ არავისთვის უთქვამს და მხოლოდ 6-მა ადამიანმა უთხრა ფაქტის შესახებ მშობლებს და ოჯახის წევრებს.

იცნობდით თუ არა მოძალადეს?  – შეკითხვაზე ასი გამოკითხულიდან 73 პასუხობს, რომ მოძალადე უცნობი ადამიანი იყო, 16 ადამიანის შემთხვევაში მოძალადე ნაცნობი იყო, ხოლო 11 გამოკითხული ამბობს, რომ მოძალადე ოჯახთან დაახლოებული პირი იყო.

გამოკითხვის დასაწყისშივე განმარტებული იყო, რომ  სექსუალური შევიწროება გულისხმობს ადამიანთან არასასურველ ნებისმიერი სახის ინტერაქციას, რომელიც იწვევს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს: დასტვენა ან დასიგნალება; სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება; სახელის და საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა; შემფასებლური კომენტარები; ჰომოფობიური ან ტრანსფობიური კომენტარები; ვულგარული ჟესტები; გენიტალების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში; არასასურველი შეხება ან ხახუნი; სექსუალური ძალადობა და სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას და კავშირშია სექსუალობასთან.

„ბათუმელების“ ონლაინგამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატიული.

___________________________________

ამავე თემაზე: 

ნუ მიყურებ! ნუ მაშტერდები! ნუ მავიწროებ!  

სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ 

 

„იაფი სახლი“ ბიუჯეტში უკვე მეხუთედ

დღეს, 10 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბათუმის მერიის 2018 წლის პროგრამების განხილვისას, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ისევ არის გათვალისწინებული „იაფი სახლის“ მშენებლობა. პროექტის განხორციელება უკვე მეხუთედ იგეგმება.

პირველად პროექტის განხორციელება 2014 წელს დაიგეგმა, თუმცა  როგორც მერიაში ამბობენ, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განხორციელდა. 2016 წელს მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“  1 894 785 ლარი გადაუხადა, თუმცა საძირკვლის ჩაყრის შემდეგ როგორც მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, კომპანია გაუჩინარდა, მშენებლობა კი – შეჩერდა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არც ობიექტის დაცვის სამსახურის თანამშრომლების  გადაუხდია ხელფასი.

„2018 წლის ბიუჯეტში უკვე არსებულ ფუნდამენტზე დაგეგმილია ორი კორპუსის მშენებლობა და ბიუჯეტის პროექტში 1 245 843 ლარი გვაქვს გათვალისწინებული,“-ამბობს სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ხინთიბიძე.

იაფი საცხოვრებლის მშენებლობა ბათუმში, ჯავახიშვილის 78 ნომერში, უკვე მეხუთედ დაიგეგმა.

 

ამავე თემაზე:

“იაფი სახლის” მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა

ერთადერთი ბრალდებული, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზე“ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს

 

“იქ რომ ვანდალიზმი იყო, ვიცით. ამას არავინ ხდის სადავოდ. ლაშა დეკანაძეზე ისაუბრეთ, თუ შეიძლება,” – ასე შეაწყვეტინა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ პროკურორ რამაზ შავაძეს დასკვნითი სიტყვა. დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა ლაშა დეკანაძის საქმეზე. ლაშა დეკანაძე ერთადერთია 19 ადამიანს შორის, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივ ძალადობაში მონაწილეობისთვის დააკავა პროკურატურამ და ბრალს არ აღიარებს.

“ნუ ნერვიულობს, დაწყნარდეს,”- უთხრა მოსამართლეს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ. მოსამართლემ ადვოკატს შეახსენა, რომ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის საშუალება მასაც ექნებოდა და პროკურორებისთვის ხელი არ უნდა შეეშალა.

ადვოკატის რეპლიკამდე პროკურორმა რამაზ შავაძემ ყველა ის პოლიციელი ჩამოთვალა, ვინც 11 მარტის ღამეს დაზიანება მიიღო. პროკურორმა დეტალურად ჩამოთვალა ავტომანქანებიც, რომლებიც მასობრივი ძალადობის დროს, 11 მარტის ღამეს დაწვეს.

პროკურატურის ვერსიით, ლაშა დეკანაძე აქციაზე, პოლიციის შენობის წინ ავტომანქანით მივიდა. “თავდაპირველად მანქანით წრიულ მოძრაობებს აკეთებდა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და დაიწყო გინება პოლიციელების მისამართით, ის ისროდა ქვებს პოლიციის შენობისკენ… შემდეგ ის შეუერთდა ჯგუფს, სადაც ამზადებდნენ და ისროდნენ ე.წ. მოლოტივის კოქტეილებს,”- აღნიშნა პროკურორმა რამაზ შავაძემ. მისი თქმით, ლაშა დეკანაძემ კონკრეტულად ერთ პოლიციელს – სერგი ბზიშვილს მიაყენა ქვის სროლით სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

„სიცრუეა, რომ ლაშა დეკანაძე ქვებს ისროდა. ამას არავინ ამბობს ორი პოლიციელის გარდა,“ – უთხრა პროკურორს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ლაშა დეკანაძის ბრალეულობას. ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურამ 300-მდე პირი დაკითხა ამ საქმეზე, მაგრამ პოლიციელების გარდა ვერავინ თქვა, რომ ლაშა დეკანაძემ ესროლა ქვები პოლიციელებს. დავით ჯაფარიძემ მთავარი აქცენტი ტელევიზიების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებზე გააკეთა, სადაც არ ჩანს ლაშა დეკანაძის მხრიდან ძალადობის ფაქტი.

„კადრებიდან გამოჩნდა, რომ პოლიციელებმა მამუკა ბეჟანიძემ და სერგი ბზიშვილმა იცრუეს, რადგან სასამართლოში თქვეს, რომ პოლიციის შენობასთან მივიდნენ დაახლოებით 04:20 საათზე და ზუსტად პოლიციის შენობის წინ ესროლა ქვა სერგი ბზიშვილს ლაშა დეკანაძემ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამ პერიოდში პოლიციის შენობის წინ არავინ დგას, ჩახერგილია გზა ნაგავსაყრებით და მანქანა იწვის… ამას გარდა, პოლიციელმა მამუკა ბეჟანიძემ თქვა, რომ ის იყო პოლიციელის ფორმით, სერგი კი სამოქალაქო ფორმაში იყო. თუკი აგრესიის გამოხატვა სურდა ლაშა დეკანაძეს პოლიციის მიმართ, სამოქალაქო ფორმაში მყოფ ადამიანს რატომ ესროდა ქვას?“

რეპლიკის უფლებით სარგებლობის დროს პროკურორმა რამაზ შავაძემ არაფერი თქვა იმაზე, რომ პოლიციელების ჩვენება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ვიდეოკადრებით ნაჩვენებ რეალობას. პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ კი მხოლოდ ეს თქვა: „ტელევიზიების კადრები არ იყო უწყვეტ რეჟიმში გადაღებული.“

„თქვენი ვალდებულებაა ამტკიცოთ პირის ბრალეულობა,“ – ჩაილაპარაკა ადვოკატმა. მან ისაუბრა იმაზეც, რომ პოლიციელებმა დაკავების დროს ლაშა დეკანაძეს სცემეს და გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ დაწყებულია.

„ექსპერტიზის დასკვნა უკვე დაიდო, მას არავითარი სერიოზული დაზიანება არ აქვს,“ – თქვა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

„იმიტომ, რომ ექსპერტიზამ მონაცემები ცემიდან ორი კვირის შემდეგ აიღო,“ – უპასუხა პროკურორს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ლაშა დეკანაძე 12 მარტს, დილით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ამ ფაქტს სასამართლოს ყველა პროცესზე აპროტესტებდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე. “შეუძლებელია ერთი და იმავე შემთხვევის გამო ადამიანს მიედავო ადმინისტრაციული წესით და სისხლის სამართლითაც,”- ამბობდა ის.

“ადმინისტრაციული დაკავების დროს ლაშა დეკანაძემ აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა და თქვა, რომ ნასვამი იყო… გარდა ამისა, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედო იმის გამო, რომ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე სიტყვიერად შეურაცხყო პოლიციელები,”- დასძინა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა ლაშა დეკანაძემაც. მან თქვა, რომ ბოლომდე გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, თუკი მოსამართლე ლევან გელოვანი მას ციხეში დატოვებს.

„ნასვამი ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ არაფერი დამიშავებია… პირიქით, იქ მივედი მანქანით, მუსიკას ავუწიე და ხალხს ვეუბნებოდი, დაწყნარდით, აგრესია არ გინდათ-მეთქი. თუ რამე დავაშავე, რატომ ვერ თქვა ეს სამასმა მოწმემ? რატომ ვერ დააფიქსირა ვერც ერთმა ტელევიზიამ? 15 ტელევიზია იქნებოდა იქ… მე ქვა არ მისვრია. სად არის ის ქვა, რომელიც მე ვისროლე? იქნებ მაჩვენოთ“.

ლაშა დეკანაძე 23 წლისაა, იგი პროფესიით მეზღვაურია.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობისთვის დაკავებულ 18 პირს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების შემდეგ გაუფორმა. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია. მათ მასობრივი ძალადობის ორგანიზებას ედავება გამოძიება. დანაშაულს არც ეს ორი ბრალდებული აღიარებს. საქმის განხილვას მოსამართლე დავით მამისეიშვილი განაგრძობს.

ლაშა დეკანაძის მიმართ სასამართლო უახლოეს ორ კვირაში გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას.

 

 

 

როცა ოჯახი გიღებს, სხვების აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს – ყოფილი პატიმარი

ქუთაისში ყოველი წლის 2 მაისს გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს ქალაქის ქუჩები გვირილებითაა მოფენილი, სამკერდე ნიშნებადაც თეთრ გვირილებს იბნევენ. ამ გვირილებს ყოფილი პატიმარი, 56 წლის ჯულიეტა (ნანა) ფხაკაძე მუყაოსა და ქაღალდებისგან ამზადებს. ხელსაქმით საპყრობილეში ყოფნის დროს დაინტერესდა. ამბობს, რომ რეალობას ფხიზლად უყურებს და იცოდა, თუ წინასწარ არ იფიქრებდა სამომავლო საქმიანობაზე, გათავისუფლების შემდეგ გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდებოდა.

საპყრობილეში ისწავლა მძივებით სამკაულების კეთებაც. პროფესიით ბუღალტერია და ციხეში მოხვედრამდე ბუღალტრად მუშაობდა.

ჯულიეტამ შეისწავლა ქვილინგის ტექნოლოგია – ქაღალდებით დეკორატიული ნივთების დამზადება. ფერად ქაღალდებს ყიდულობს, მოსაწვევ ბარათებს, ღონისძიებებისთვის სამკერდე ნიშნებს აკეთებს, ასევე დროშებს, ჩოხებს, ეროვნულ სიმბოლოებს, რომლებსაც ტურისტები ყიდულობენ. მოსწონს თავისი საქმე  და მუშაობის პროცესი სიამოვნებს. სხვადასხვა ფორმის დამზადებას ქაღალდის  განსხვავებულად დაჭრა სჭირდება. ქაღალდის საჭრელი აპარატი ჯულიეტას „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის ფარგლებში გადასცეს. პარალელურად მაღაზიაში ბუღალტრადაც მუშაობს, თან მძივებს და სამაჯურებს აკეთებს ნახევრად ძვირფასი ქვებისგან. ჯულიეტა ფხაკაძის სამკაულებს სამოსის მაღაზიებში კაბებთან ერთად ყიდიან.

ქვილინგის ტექნოლოგია. ფოტო: ჯულიეტა ფხაკაძის ფეისბუქგვერდიდან

 

ქვილინგის ტექნოლოგია. ფოტო: ჯულიეტა ფხაკაძის ფეისბუქგვერდიდან

სანამ ქვილინგის ტექნოლოგიას დაეუფლებოდა და სამკაულების კეთებას დაიწყებდა, ჯულიეტა (ნანა) ფხაკაძემ რთული პერიოდი გაიარა.

„2009 წელს 260-ე მუხლით გამასამართლეს და 15 წელი მომისაჯეს. ამნისტია შემეხო და 6 წელიწადში გავთავისუფლდი. ჩემი მეუღლეც პატიმარი იყო, 108-ე მუხლით გასამართლდა, 13 წელი ჰქონდა მისჯილი.  რომ დამიჭირეს, ბიჭი დიდი იყო და მონასტერში ცხოვრობდა, გოგონა მინდობით იზრდებოდა  თვრამეტ წლამდე. ახლა 21 წლისაა, შშმ პირია და დახმარების გარეშე გადაადგილება უჭირს.

საერთოდ, ყველა პატიმარი, ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის, შეწყალებას ელოდება და მეც ასე ვიყავი. 2015-ში გამოვედი.

მატროსოვის ციხეზე სიბინძურეში, ბარაკებში ვცხოვრობდით, მერე რუსთავში გადაგვიყვანეს, შედარებით ნორმალურ პირობებში, სადაც ცალ-ცალკე საკნები გვქონდა. ამნისტიამდე 1500 ქალი პატიმარი ვიყავით. ძირითადად „ბალანდა“ იყო ჩვენი ყოველდღიური  საკვები.

ადენოკარცენომის დიაგნოზი დამისვეს, რაც კუჭის კიბოს ნიშნავს. ოპერაცია დამჭირდა, მეტასტაზები არ იყო წასული, გამიმართლა და გადავრჩი. კუჭი ვეღარ ფუნქციონირებდა და  მთელი ორგანიზმი მომეშხამა, ამას დაემატა ციხეში შეყრილი B ჰეპატიტიც.

მთავრობის შეცვლის შემდეგ კერძები გაამრავალფეროვნეს. ციხის დირექტორის ბრძანებით კერძებს ცალკე მიმზადებდნენ, მოხარშულ, უმარილო წიწიბურასა და მოხარშულ კარტოფილს, თუმცა ამასაც ვერ ვჭამდი. ციხის ექიმები ვერ აუდიოდნენ ჯანმრთელობაშერყეული  პატიმრების ზედამხედველობას, სანამ ექთანი მოვიდოდა, გოგოები თვითონ მიკეთებდნენ ხოლმე ნემსს. დაიძახებდნენ: ნანა ცუდადააო და ყველა ერთად გამორბოდა ჩემკენ, ვინც ნემსის კეთება იცოდა, კრუნჩხვებში რომ არ ჩავვარდნილიყავი. შერყეული ჯანმრთელობის გამო ციხიდან გათავისუფლებულს პენსია დამენიშნა.

ციხეშივე ვგრძნობდი ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროებას, თავს თვითონ ვიმხნევებდი. ძალიან დამეხმარა ფსიქოლოგიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზინტერკონტი“, – ამბობს ჯულიეტა ფხაკაძე.

ის მიიჩნევს, რომ გარემოს და საზოგადოების დამოკიდებულება უმნიშვნელო არ არის, მაგრამ ძლიერს სხვისი აზრი ვერ მართავს და თვითშეფასებაზე არ მოქმედებს გარშემომყოფთა აზრი, თუკი ირგვლივ გყავს ახლობლები, რომლებიც გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ. ყოფილი პატიმარი პირად გამოცდილებას იხსენებს.

„ციხეში მყოფს ძმა არ მელაპარაკებოდა, გაბრაზებული იყო ჩემზე, მაგრამ რომ გავთავისუფლდი, დავურეკე და მაშინვე ჩამოვიდა თბილისში, ქუთაისში ჩამომიყვანა. ქუთაისში რამდენი ადამიანიც ცხოვრობს, იმდენი სხვადასხვა აზრია, ყველას არ მოვეწონები, ყველას არ ვეყვარები, ან რა საჭიროა საკითხის ასე დასმა? მთავარია, ოჯახმა მიგიღოს და დანარჩენს ყურდღებას აღარ აქცევ. ციხიდან გამოსვლისას ყველა ამას ფიქრობს: როგორ მიიღებს ოჯახი და მერე საზოგადოება. ყოველთვის მზად უნდა იყო, რომ ვიღაც მიგიღებს, ვიღაც – არა. მთავარია, თვითონ იყო ბედნიერი იმით, რაც გაქვს. ზოგიერთ ყოფილ პატიმარს ოჯახიც არ იღებს, ასეთ ადამიანებს შევახსენებდი, რომ გააცნობიერონ – არავინ არაფრისგანაა დაზღვეული. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის პატიება, პატიებაა საჭირო და არა შებრალება. მე არ მომწონს, როცა მიბრალებენ, ჩემს შვილზეც არავის ვაძლევ უფლებას თქვას, რომ ცოდოა. ყველას რაღაც უნარი გვაქვს შეზღუდული, გონებრივად, გარეგნულად, ზოგიერთს ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს და ა.შ. ყველას შეიძლება გამოვუძებნოთ რაღაც, რასაც შეზღუდულობად ჩავუთვლით. ჩემი გოგონა კომპიუტერულ გრაფიკას და ბიზნესის მენეჯმენტს სწავლობს კოლეჯში, შაბათ-კვირას ჟურნალისტიკის კურსს გადის. ძალიან ძლიერი გოგოა, რაც ნაწილობრივ ჩემი დამსახურებაცაა, ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი შეუძლია და რასაც მოინდომებს გამოუვა. ასეცაა“.

ყოფილი პატიმარი აპირებს ბუღალტრის კურსები კიდევ ერთხელ გაიაროს და კვალიფიკაცია აიმაღლოს, ქვილინგის დეკორატიულ ტექნოლოგიას და მძივებისგან სამკაულების კეთებას ძველ პროფესიასაც შეუთავსებს. დასაკარგი დრო არ აქვს. ციხეში დაკარგული წლები რომ აინაზღაუროს, ბევრი შრომა და სიახლეებზე ორიენტირებაა საჭირო, რასაც არ უფრთხის. ყველაფრისგან საუკეთესო გამოსავალს ის აქტიურობაში ხედავს.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მერია ქალაქში ორი ახალი სკვერის მოწყობას გეგმავს

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლისთვის ბათუმში ორი ახალი სკვერის გაკეთება იგეგმება.  სკვერის მოწყობაა დაგეგმილი ხელოვნების უნივერსიტეტის წინ,  თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც წლების წინ, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ახალი შენობის აგება იგეგმებოდა. ტერიტორია ამ დროისთვის შემოღობილია.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თენგიზ პეტრიძე ამბობს, რომ სკვერის პროექტი არსებობს და მისი განხორციელება მომავალ წელს უნდა დაიწყოს. სკვერის განაშენიანებისთვის ერთი მილიონ 408 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტის პროექტში. ტერიტორია, სადაც სკვერის მოწყობა იგეგმება, 3 518 კვ.მეტრზეა განთავსებული. მერიის ინფორმაციით, სკვერის პროექტზე შპს „ხობი 2005“ მუშაობდა.

ახალი სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი ლერმონტოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებულ 4 ათას კვ.მეტრ ტერიტორიაზე. თენგიზ პეტრიძის თქმით, ამ ადგილზე სკვერის მოწყობა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა. სკვერის გასაკეთებლად ბიუჯეტის პროექტში 945 431 ათასი ლარია გათვალისწინებული.

2018 წლისთვის მერია ზვიად გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში არსებული იუნკერების სკვერის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 586 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში.

 

 

დელფინები შავი ზღვიდან [ფოტო]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი

დელფინი ზღვის ვეშაპისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. შავ ზღვაში ამ ძუძუმწოვრების სამი სახეობა გვხვდება: თეთრგვერდა, ანუ ჩვეულებრივი დელფინი, შავი ზღვის აფალინა და შავი ზღვის ღორი. ეს დელფინები ენდემურ სახეობად მიიჩნევა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ შავ ზღვაში ბინადრობენ.

2016 წელს ჩატარებული კვლევის  (შავი ზღვის გარემოს  მონიტორინგის გაუმჯობესება  – EMBLAS) მიხედვით, დელფინების გავრცელების ყველაზე პოპულარულ ადგილად შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი და საქართველოს ტერიტორიული წყლები დასახელდა. ამ ადგილებში ორი სახეობის დელფინი ცხოვრობს – ზღვის ღორი და თეთრგვერდა დელფინი.

შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარების შესახებ ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, შავ ზღვაში ჟანგბადის შემცველი წყლის ფენა მცირდება, გოგირდწყალბადის მოცულობის ფენა კი იზრდება. ზღვის უმეტესი ბინადრები – დელფინები და თევზები ჟანგბადით მდიდარ ფენაში ცხოვრობენ. როდესაც ჟანგბადის ფენა მცირდება, ეს ნიშნავს, რომ მათი საარსებო სივრცეც მცირდება.  დადგენილია რომ ეს პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან და გლობალურ დათმობასთან.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ზღვის ბინადართა საარსებო გარემოს დაცვა „არ არის მხოლოდ ჩვენი ზოგადსაკაცობრიო ვალი შავი ზღვის წინაშე, არამედ წარმოადგენს საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთ-ერთ საშუალებას“.

 

მას შემდეგ რაც თეთრგვერდა დელფინმა ღია ზღვაში მიმავალი გემი შეამჩნია, მისკენ გამოემართა. ცურვის დროს ჰაერში ხტებოდა, მერე ისევ წყალში ყვინთავდა და ასე დაეწია გემს. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

როდესაც დელფინები ზღვაში მიმავალ გემს „ხედავენ“, ისინი ჯერ გემისკენ მოიჩქარიან, შემდეგ კი გემს გასწრებაში ეჯიბრებიან. ისე ჩანს, თითქოს ადამიანის არ ეშინიათ. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

დელფინები იმდენად სწრაფად მოძრაობენ, მათი კადრში მოხელთება რთულია. ზოგჯერ კი გიმართლებს და პატარა “მფრინავი” დელფინი ხვდება ობიექტივში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

შავ ზღვაში მობინადრე თეთრგვერდა დელფინი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

დელფინების ღია ზღვაში გადაღების შესაძლებლობა სამეცნიერო-კვლევით გემ Mare Nigrum-ზე მოხვედრისას მომეცა. გემზე მყოფი მეცნიერთა ჯგუფი შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას სწავლობდა. მსგავსი შესაძლებლობა ქართველ და უკრაინელ მეცნიერებს 90-იანი წლების შემდეგ პირველად 2016 წელს  მიეცათ.  2017 წლის სექტემბერში კი კვლევის მეორე ეტაპი ჩატარდა. „შავი ზღვის გარემოს  მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS II)“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აფინანსებს. პროექტის პარტნიორი საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოა.

მასალისა და ფოტოების ნაწილობრივ ან სრული კოპირება აკრძალულია.  

ორი ახალი სკოლის აგება და ოთხის რეაბილიტაცია – აჭარის განათლების სამინისტროს გეგმები

აჭარის განათლების სამინისტრო 2018 წლისთვის ორი ახალი სკოლის აშენებას და ოთხი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. სამინისტროს ცნობით, ახალი სკოლები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურაში აშენდება.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლას, ქობულეთის #6 საჯარო სკოლის შენობის პირველი სართულის ფასადს და მიმდებარე ტერიტორიას შეაკეთებენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლისთვის კი, დამატებითი კორპუსი აშენდება, სადაც სპორტული და სააქტო დარბაზები იქნება. ასევე, დაგეგმილია ბათუმის N26 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია- ადაპტირება.

ორი სკოლის მშენებლობასა და ოთხის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტები და ხარჯთაღრიცხვა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აჭარასპეცპროექტმა“ წლის ბოლომდე უნდა მოამზადოს, შესაბამისად, შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენ თანხას გამოყოფს სამინისტრო სამუშაოებისთვის.

ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად ტენდერი 45 000 ლარზე იყო გამოცხადებული, ხელშეკრულება კი კომპანიასთან 37 000 ლარზეა გაფორმებული.

აჭარის განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ხულოსა და ქობულეთში კაპიტალური შენობები მოეწყობა, ბეღლეთში ახალი სკოლა 12-კლასიანი იქნება, ხოლო სკურაში – ცხრაკლასიანი. სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 2018 წელსაა დაგეგმილი.

ამავე თემაზე: 

დაობებული კედლები და საკლასო ოთახები სოფლის სკოლებში (ფოტო)

 

15 ათასი ლარი დაზიანებული დეკორატიული ღობეების აღსადგენად

ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ გზაგამყოფი დეკორატიული ღობეების სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა15 280 ლარია. სააგენტოში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისა თუ სხვა მიზეზების გამო დაზიანებული ღობეების აღდგენას, როცა კონკრეტული პირი გამოვლენილი არ არის, სააგენტო უზრუნველყოფს.

„როცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დადგენილია კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში ამ პირს ავალდებულებენ დაზიანებული ღობის აღდგენას და ასეთი შემთხვევები ხშირია. თუმცა არის ღობის დაზიანების შემთხვევები, მათ შორის ზოგი დაუდევარი მოქალაქის მხრიდან, როცა არ ვიცით კონკრეტულად ვინ დააზიანა. ასეთ დროს გვაქვს გათვალისწინებული თანხა, ვავლენთ ტენდერში გამარჯვებულს და პერიოდულად ხდება დაზიანებული ადგილების შეკეთება,“ – გვითხრეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში.

„სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაზიანებების გამო საჭირო ხდება ბათუმში, თამარის გზატკეცილზე, რუსთაველის, ბაქოს, ტბ. აბუსერიძის, შ. ხიმშიაშვილისa და გოგებაშვილის ქუჩებზე მდებარე გზაგამყოფი დეკორატიული ღობეების სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება, კერძოდ: გზაგამყოფი დეკორატიული ღობის მონტაჟი ან/და დაზიანებული გზაგამყოფი დეკორატიული ღობის აღდგენა [შეკეთება] – მონტაჟი ან/და ახალი ღობის დამზადება – მონტაჟი. ღობეების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების შემდგომ უნდა მოხდეს მათი შეღებვა,“ – აღნიშნულია სატენდერო პირობებში.

ამავე პირობების მიხედვით, მიმდინარე ტენდერში გამარჯვებულმა „სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში უნდა შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მიმართვიდან გონივრულ ვადაში“.

 

მთავარი ფოტო: ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ხუთსულიანი ოჯახის სახლი ჩაქვში სრულად დაიწვა

8 ნოემბერს ჩაქვში ხანძრის შედეგად ბერიძეების საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ხანძრის მეორე დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, დაზარალებულები მოინახულა და პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. ბერიძეების ხუთწევრიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობა სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ უნდა განიხილოს. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შსს სწავლობს.

ფოტო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდიდან

ამერიკის მოქალაქე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს, 10 ნოემბერს, „კაპიტალ ბანკის“, ESOL B.V.-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტას სარჩელს განიხილავს. სარჩელის ავტორები ასაჩივრებენ იმ საკანონმდებლო ნორმას, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო ვერ აჩერებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოში გაუქმებული ბანკის ქართველი მესაკუთრის მოპასუხე პარლამენტია, რომელსაც კანონის შეცვლა მოუწევს, თუკი სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს.

„კაპიტალ ბანკი“ საქართველოში 2003 წელს გაიხსნა საფირმო სახელწოდებით „ინვესტბანკი“. 2015 წელს ბანკი ნიდერლანდურმა კომპანიამ ESOL B.V.-მ შეიძინა. ამ კომპანიის 100 პროცენტის წილის მესაკუთრეა აშშ-ს მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა. სარჩელის მიხედვით, მან ბანკის განვითარებაში 35 მილიონი ლარი ჩადო.

2016 წლის ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა „ინვესტბანკს“ მოსთხოვა არსებული ვალდებულებების გასტუმრება და საქმიანობის შეწყვეტა 3 თვის განმავლობაში. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ჯილბერტ რიჩარდ არმენტამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი შეჩერება მოითხოვა. სასამართლომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რადგან „ეროვნული ბანკების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 14 ნოემბერს „კაპიტალ ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია შეუჩერა. სასამართლო დავა გრძელდება, თუმცა ბანკი უკვე დახურულია.

„ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია სწორედ მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სარჩელის ავტორები მოითხოვენ „შეიქმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაწყვეტს, განიხილავს თუ არა ამ სარჩელს არსებითად.

 

მოღრუბლული, მაგრამ თბილი ნოემბრის დღეები – ამინდი ბათუმში

ბათუმში მომდევნო სამ დღეს მოსალოდნელია, ძირითადად, უნალექო ამინდი, ჰაერი უფრო გათბება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსების პროგნოზი.

„ხვალ მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 10 15 მეტრი წამში, ტემპერატურა სანაპირო რაონებში  იქნება ღამით: 7-12, დღისით: 13-18 გრადუსი. მთიან რაიონებში ღამით მოსალოდნელია: 1-6, დღისით – 8-13 გრადუსი,“ – ამბობენ ობსერვატორიაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, მომდევნო დღეებში ბათუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით, საშუალოდ, 19-22 გრადუსი იქნება. 

ხულოს გასასვლელთან 5 ტონაზე მეტი მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის 55-ე კილომეტრზე [ხულოს გასასვლელი] აკრძალულია 5 ტონაზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მიზეზი ოქტომბრის თვეში მოსული უხვი ნალექია, „რის შედეგადაც ადიდებულმა მდინარე აჭარისწყალმა გამორეცხა გზის მონაკვეთის საფუძველი, გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა და გზა 3 მეტრამდე შევიწროვდა“.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „აღნიშნული გზის მონაკვეთით სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის და დიოკნისი-რიყეთის თემის მოსახლეობა, სამთო-სათხილამურო კომპლექსის დამსვენებლები, მრავალი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი, შესაბამისად, აღნიშნული გზის მონაკვეთის ნორმალური ფუნქციონირება მნიშვნელოვანია“.

„ვინაიდან გზის მონაკვეთი გადის რთულ მაღალმთიან რელიეფზე და დამახასიათებელია მკაცრი კლიმატური პირობები [დიდთოვლობა, ყინვები], მიზანშეწონილია აღდგენითი სამუშაოები ჩატარდეს უმოკლეს ვადებში“. შესაბამისად, საპროექტო მომსახურებისა და სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას დეპარტამენტი ტენდერის გარეშე აპირებს, რაზედაც თანხმობას შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს.

შესყიდვების გვერდზე ატვირთულ დოკუმენტებში დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ნიადაგის გამორეცხვას ხელი შეუწყო იმან, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტში და ხევში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას, მშენებელი ორგანიზაციის მიერ მოწყობილი იქნა გვირაბიდან გამოტანილი გრუნტის მასების ყრილი, რამაც გაამრუდა მდინარის დინება კალაპოტში და დააჩქარა გამორეცხვის პროცესი“.

ბათუმი-ახალციხის გზის დაზიანებული მონაკვეთი /ხულოს გასასვლელი / საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

ქობულეთში სკოლის მოსწავლეს, სავარაუდოდ, უფროსკლასელი ფულს სძალავდა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ერთი მოსწავლე მეორეს ფულს სძალავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება გამოძალვის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სკოლის ერთი მოსწავლე, სავარაუდოდ,  ფულს მეორე მოსწავლეს სძალავდა. სხვა დეტალებს შსს არ ასაჯაროებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს უფროსკლასელი დანით ემუქრებოდა და ასე სძალავდა ფულს.

გამოძალვის ფაქტს ადასტურებს ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ნარგიზ ბაღიშვილიც, თუმცა ის განსხვავებულ ვერსიას გვიყვება. მისი თქმით, ფულს მოსწავლეებს ის პირები სძალავდნენ, ვისაც სკოლა უკვე დამთავრებული აქვთ.

„არჩევნების პერიოდში ჩვენ ვერ ჩავკეტავდით სკოლის ჭიშკარს, ამ დროს სკოლის შენობაში შემოდიოდნენ კომისიის წევრები, ამომრჩევლები. როგორც გავიგე, [სკოლის] კურსდამთავრებულები ამ დროს ახერხებდნენ შემოსვლას და სთხოვდნენ მოსწავლეებს 15 თეთრს, 20 თეთრს, რამდენიმეს სძალავდნენ ჩემი ინფორმაციით… დღეს გავიგე, რომ ეს ყველაფერი ეზოს გარეთ ხდებოდა… ჩვენ როგორც კი გავიგეთ ამ შემთხვევის შესახებ, მაშინვე მივიღეთ შესაბამისი ზომები. პოლიციას ბავშვის მშობელმა შეატყობინა“, – გვითხრა ნარგიზ ბაღიშვილმა.

რატომ ვერ დააფიქსირა თანხის გამოძალვის შემთხვევა მანდატურის სამსახურმა და სძალავდა თუ არა ფულს მოსწავლეს უფროსკლასელი? – ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ჩვენს სხვა კითხვებს აღარ უპასუხა. „მობრძანდით ხვალ სკოლაში და დავილაპარაკოთ, მე დავიბარებ ყველას და ყველაფერი გაირკვევა,“ – გვიპასუხა ნარგიზ ბაღიშვილმა.

გამოძალვა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

 

„ნიორის პროგრამა“ ჩავარდა – სანაცვლოდ ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესასხურებელ აპარატებს შეიძენენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს „ნიორის პროგრამას“ ვეღარ განახორციელებს. პროგრამის ჩავარდნის მიზეზად „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ არშემდგარ და შეწყვეტილ ტენდერებს ასახელებს. ცენტრის  მიერ 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შესაძენად სექტემბერში გამოცხადებული ბოლო, მესამე ტენდერიც შეწყდა. სატენდერო თანხა 624 000 ლარი იყო.

ცენტრის დირექტორი,  ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის „მსოფლიო ტექნიკის“ მიერ ბოლო ტენდერის შედეგების საჩივარი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომისიას შედეგების გადასინჯვის რეკომენდაცია მისცა; ხელახალმა გადამოწმებამ კი პროცესი დროში გაწელა, აგროვადებიდან გამომდინარე პროგრამის განხორციელება შეუძლებელი იყო, რის გამოც ცენტრმა ტენდერი შეწყვეტილად გამოაცხადა.

„გასაჩივრების პროცედურებმა დიდი დრო წაიღო, ბენეფიციარები, რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ პროგრამით ესარგებლათ, ნივრის  დათესვას ძირითადად მთებში [ბეშუმში, ჩირუხში] აპირებდნენ. რადგანაც მთაში მოთოვა, პროგრამის განხორციელება აგროვადებიდან გამომდინარე შეუძლებელი ხდებოდა და ტენდერი შევწყვიტეთ. ამინდიდან გამომდინარე რისკი იმისა, რომ ფერმერებს სათესლე მასალა არ წაეღოთ, დიდი იყო,“ – ამბობს ჯამბულ აბულაძე.

„აგროპროექტების მართვის ცენტრი“ ნივრის შესაძენად გათვალისწინებული 624 000 ლარის ახლა ფაროსანასთან საბრძოლველად გამოყენებას გეგმავს. ცვენტრში განმარტავენ, რომ თუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან პროგრამულ ცვლილებაზე თანხმობას მიიღებენ, ნივრის პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხით ძრავაზე მომუშავე 310 ერთეულ შესასხურებელ აპარატს შეისყიდიან და თანადაფინანსებით, ფერმერებს გადასცემენ.

„ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება მცენარეების ქიმიური დამუშავება, ხელის შემშლელი ფაქტორი კი, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკური საშუალებების ნაკლებობაა.  აქედან გამომდინარე, ვამუშავებთ პროექტს და პროგრამულ ცვლილებას. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროსგან ნებართვას მივიღებთ, ნივრის შესაძენად გამოყოფილი თანხით, ელექტრონული ტენდერით შემასხურებელი აპარატის შეძენას ვგეგმავთ,“ – ამბობს ცენტრის დირექტორი.

ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, ძრავაზე მომუშავე შესასხურებელი აპარატის სავარაუდო ღირებულება 1800 – 1900 ლარია. პროგრამის განხორციელებისას კი,  ფერმერი მისი ღირებულების 20% – ს გადაიხდის. თუმცა შესასხურებელი აპარატის ფასი, ტენდერით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული და მისი საბოლოო ფასი უკვე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული ღირებულებიდან განისაზღვრება.

„აპარატების შეძენა არ არის სპონტანური გადაწყვეტილება. ბაზარი შესწავლილია. წინა წელს, როდესაც მსგავსი პროგრამა განვახორციელეთ, აპარატებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა  იყო. აქვე მნიშვნელოვანია ისიც,  რომ ადრე გაზაფხულზე მავნებელთან ბრძოლას ერთგვარად მომზადებული დავხვდებით. რაც შეეხება ნიორის სათესლე მასალას, 24 ტონა ნიორის შეძენა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული გვაქვს,“ – ამბობს ჯამბულ აბულაძე.

მწვანე აქტივიზმი – დისკუსია ბათუმში [ანონსი]

დღეს, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება დისკუსია თემაზე „მწვანე აქტივიზმი უკეთესი საცხოვრებელი გარემოსთვის“.

დისკუსიის მომხსენებლები იქნებიან: ირაკლი კუპრაძე, სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი; ირმა ზოიძე, ჟურნალისტი, საზოგადოება „ბათომის” წევრი და ეთუნა ლომაძე, ბათუმის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი.

დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი იქნება.

დასწრება თავისუფალია.

დისკუსიის ორგანიზატორია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო.

ვინ მუშაობს ღამით ბათუმში

დაღამდა და სამსახურიდან ყველა შინისკენ ან მეგობრებთან შესახვედრად მიიჩქარის დამღლელი დღის სასიამოვნოდ დასასრულებლად, განსატვირთად. შეგიძლია ხანდახან ჩვეული რიტმი შეცვალო, არც მეგობრები ნახო, სახლის გზასაც გადაუხვიო და შუაღამის ქალაქში იხეტიალო, დააკვირდე ადამიანებს, რომლებიც შენსავით შვიდზე არ ამთავრებენ მუშაობას, დღისით სძინავთ და ფხიზლობენ ღამით. როცა მთელ ქალაქს მშვიდად სძინავს და მეორე დღისთვის იკრებს ძალას, ქუჩაში შეხვდებით მანქანებში ჩაძინებულ ტაქსის მძღოლებს, ფორმიან დაცვის თანამშრომლებს, ყვავილების გამყიდველებსა და ბევრ სხვას, ვისთვისაც ღამის დადგომა ძილს და დასვენებას არ ნიშნავს.

შუაღამის ქალაქს აუცილებლად სჭირდება შუაღამის მუსიკა. თუ ბნელ მოსახვევებში სიტყვა „მოჩვენება” არ შეგაშინებს, შეგიძლია ამავე სახელწოდების ძველი ჯგუფის სიმღერა ჩართო და გზას გაუდგე.

ხილ-ბოსტნეულის მაღაზია

20 წლის თემურ ცეცხლაძე საღამოს ცხრიდან დილის 10 საათამდე, მთელი ღამე ხილ-ბოსტნეულს ყიდის. კვირაში ერთი დღე ისვენებს. სძინავს დღისით და იღვიძებს ღამით. დიდ ოჯახს მისი დახმარება სჭირდება. მიაჩნია, რომ უსაქმურობას მძიმე შრომა სჯობს.

ბათუმის პორტის საპირფარეშო

გუგული მელაძე 20 წელია ბათუმის პორტის საპირფარეშოში მუშაობს, ზაფხულობით დილის ცხრიდან ღამის სამ საათამდე, სეზონის დასრულების შემდეგ კი – დილის ცხრიდან ღამის თერთმეტამდე. დასვენების დღეები არ აქვს. არასდროს ისვენებს. თუ რაიმე მოხდა და თავისუფალი დღე სჭირდება, დასვენების დღე საგანგებოდ უნდა ითხოვოს.

,,ბევრჯერ შემეძლო თურქეთში წავსულიყავი და მემუშავა, მაგრამ ჩემს ქვეყანაში მინდა ყოფნა. თუმცა აქ ხანდახან ადამიანების დაუდევრობისგან ისეთ სიტუაციაში ვვარდები – ტირილი მინდება. უცხოელები არასდროს ტოვებენ უსუფთაოდ არაფერს, ქართველები ამ მხრივ მოიკოჭლებენ, საპირფარეშოში როგორ ვიქცევით, ესეც ხომ ჩვენი კულტურის ნაწილია,“ – ამბობს გუგული მელაძე.

 

გუგული მელაძე

 ყვავილების მაღაზია

რამაზ კვირიკაძე დილის თერთმეტიდან ღამის თორმეტამდე ყვავილების მაღაზიაში მუშაობს.

„ხანდახან გვიანაც მოდიან რომ დას, დედას, ცოლს თუ შეყვარებულს ყვავილები უყიდონ. ვერ გაიგებ როდის რა მოხდება: ხან ბევრი ყვავილი გვაქვს და გვიფუჭდება, ხან ბევრი კლიენტი ჩნდება უცებ და გვაკლდება ყვავილები. ამ პერიოდებს უნდა დააკვირდე და გაითვალისწინო, თუ ვაჭრობაში წარმატების მიღწევა გინდა. შაბათი-კვირა არ გვაქვს. ჩვენი ნებით ვშრომობთ ასე,“ – გვეუბნება რამაზი.

ყვავილების გამყიდველი რამაზ კვირიკაძე

საშაურმე

38 წლის ხათუნა აბესლამიძე შაურმას დილის თერთმეტიდან შუაღამის ორამდე, ხანაც ოთხამდე ამზადებს. დიდი ოჯახი ჰყავს: დედა, მამა, ძმა, რძალი და ძმისშვილები. სპეციალურად გამოყოფილი დასვენების დღეები არ აქვს. თუ დასვენებას თავად არ ითხოვს, შეუსვენებლად მუშაობს.

შაურმის გამყიდველი ხათუნა აბესლამიძე
შაურმის გამყიდველი ხათუნა აბესლამიძე

მამაკაცთა სალონი

ნოდარ ბერიძე 48 წელია დალაქად მუშაობს. ბოლო 32 წელია ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის მამაკაცების სალონში კრეჭს თმას, მანამდე 17 წელი ქედაში მუშაობდა. ამბობს, რომ ბათუმში თითქმის ყველა კაცისთვის შეუკრეჭია თმა. ოთხ დღეს მუშაობს, მეხუთე დღეს ისვენებს. სალონში ყველაზე გამოცდილი და ასაკოვანი ნოდარია. მუშაობს დილის რვიდან საღამოს თერთმეტ საათამდე.

დალაქი ნოდარ ბერიძე

რესტორანი „სანაპირო” („ბერეგი”)

რესტორან სანაპიროში კვირაში 90-დან 100 საათამდე მუშაობენ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე.

„ძალიან დატვირთული სამუშაო გვაქვს დილის ცხრიდან ღამის სამ, ოთხ საათამდე აქ ვართ. ყოველდღე, ექვსი თვეა არ დაგვისვენია, ბევრი ასე თავს არ დაიტვირთავს, მაგრამ ხომ იცით, ქალები ყველაფრის ამტანები ვართ, რა უნდა ქნა,“ – ამბობს მზარეული მაკა ანტონიანი, რომელიც მეორე წელია რესტორან ,,სანაპიროში“ მუშაობს.

რესტორან „სანაპიროს” მზარეული მაკა ანტონიანი

ეს თორნიკე გოგიტიძეა, თორნიკეს ბებიაც, მზია გოგიტიძე  რესტორან „სანაპიროს“ სამზარეულოში მუშაობს. თავისუფალ დროს თორნიკე ბებიას ეხმარება.

თორნიკე გოგიტიძე

პურის საცხობი

დავით ბერიძე პურს დილამდე აცხობს. ამბობს, რომ მყიდველები ღამითაც ჩნდებიან და მათი საცხობი არასდროს იკეტება. საღამოს ცხრიდან დილის ათამდე მუშაობს ყოველდღე და კვირაში ერთდღიანი დასვენება აქვს.

პურის მცხობელი დავით ბერიძე

სწრაფი გადახდის აპარატი

სწრაფი გადახდის ეს აპარატიც მთელი ღამე მუშაობს შეუსვენებლად, თუმცა დაღლილობა არ ეტყობა და ენერგიულად ასხივებს ღამის სიბნელეში, მისი ენერგია ადამიანების ენერგიის მსგავსად განსაზღვრული არ არის. შუაღამის ხეტიალის დასასრულს აუცილებლად დაიწყებთ ფიქრს, სად გადის ზღვარი ადამიანებსა და მანქანებს შორის.

Exit mobile version