კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას

03.03.2016 • 5157
როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას

გასულ კვირას ბათუმში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. ისინი დაკავებიდან 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დაუშვებელია, ადამიანს აიძულო ნიმუშის ჩაბარება – ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი პაატა დიასამიძე, რომელიც დაკავებულთა უფლებებს იცავდა.

გასულ კვირას დაკავებულმა მოქალაქეებმა პოლიციას უარი უთხრეს ნიმუშის ჩაბარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ამას ითხოვდა პოლიცია. რა შემთხვევაში აქვთ მოქალაქეებს უფლება უარი უთხრან პოლიციას ნიმუშის ჩაბარებაზე?

ნიმუშის ჩაბარება ნებაყოფლობითია. პირს ყველა შემთხვევაში აქვს უფლება უარი თქვას ნიმუშის ჩაბარებაზე. უბრალოდ, შესაძლებელია, თუ, მაგალითად, ნარკოლოგიურში გადაყვანაზე პირი უარს ამბობს, იძულებით გადაიყვანონ ადმინისტრაციული დაკავების წესით, მაგრამ იქ მისულს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, უარი თქვას ნიმუშის გაცემაზე. დაუშვებელია, რაიმე სახით ადამიანი აიძულონ, რათა მისგან ნიმუში მიიღონ.

იმ შემთხვევაში, თუ ვიზუალურადაც ჩანს, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ, მაშინ რა ხდება – აქვს მას უფლება უარი უთხრას პოლიციას ნიმუშის ჩაბარებაზე?

ადმინისტრაციული წესით დაკავებას არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, პოლიციის შესახებ კანონი, შს მინისტრის ბრძანება… დაკავება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს აქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს გაყოლა ნარკოლოგიურში და გადამოწმება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს უარი თქვას გადამოწმებაზე და არ მისცეს ნიმუში. ანუ ვალდებულია გაყვეს პოლიციას, მაგრამ უფლება აქვს, უარი თქვას ნიმუშის ჩაბარებაზე.

გამოდის, რომ პოლიციას შეუძლია დააკავოს ადამიანი, მაგრამ არ შეუძლია აიძულოს ტესტის ჩაბარება?

ვერანაირად ვერ აიძულებს, დაკავების ვადა კი 12 საათია. შემდეგ დაკავებული უნდა გაუშვან.

ამის მიუხედავად ბიუჯეტში სოლიდური თანხა შედის ნარკოტესტზე დაჯარიმებული ადამიანებისგან. ამის ახსნა როგორ შეიძლება?

არ ვიცი სამომავლოდ პრაქტიკა როგორ განვითარდება და სტატისტიკა როგორი იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში იყო მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ბათუმში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ [საიამ] გავაპროტესტეთ იძულებით ნიმუშის აღება. გარკვეული სახის ხარვეზია კანონმდებლობაში – იძულებით ნიმუშის აღება დაუშვებელია, რადგან ეს ადამიანის მიმართ არაჰუმანურ, არაადამიანურ მოპყრობად მიიჩნევა.

ნებისმიერ დროს შეიძლება პირმა უარი თქვას ნიმუშის ჩაბარებაზე? – სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულზეც ვრცელდება უარის თქმის უფლება, თუ ეს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ეხება?

არა, სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულით დაკავების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ იძულებით აიღონ დაკავებულისგან ნიმუში. ამას სისხლის სამართლის საპროცესო კიდექსი ითვალისწინებს, ნიმუშის აღება ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედებაა.

კანონი იძლევა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, რაც ასევე გულისხმობს ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმასაც, მაგრამ ადამიანები ვერ ახერხებენ უთხრან არა პოლიციის ამ მოთხოვნას. ეს რაზე მიუთითებს?

ეს მიუთითებს იმაზე, რომ არ ფლობენ ინფორმაციას. პრაქტიკაში პირველი იყო ბათუმში ეს შემთხვევა და ყველა ვინც იგებს, გაკვირვებულია, ასეთი რაღაც თუ შეიძლებოდა, არ ვიცოდითო. თურმე რა კარგი ყოფილა, კანონი როცა იციო.

რამდენად ართულებს კანონის ეს ნორმა პოლიციელებისთვის მუშაობას? – ისინი ამაზე ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას.

კი, უკმაყოფილება ჩვენს შემთხვევაშიც გამოითქვა პოლიციის მხრიდან, რომ ძალიან გართულდება ამის შემდეგ ამ მიმართულებით მათი მუშაობა, მაგრამ ეს ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელია. ვნახოთ, სამომავლოდ პრაქტიკა როგორ განვითარდება. შესაძლებელია აქედან გამომდინარე კანონსაც გადახედონ და ცვლილებაც შეიტანონ. ამ ეტაპზე ვერავინ იტყვის რა მოხდება.

როცა პოლიციელებმა იციან, რომ მოქალაქეს უფლება აქვს უარი თქვას ნარკოტესტის ჩაბარებაზე, მაგრამ მაინც აკავებენ მას 12 საათით და ამ გზით ბევრი ადამიანიც დაუჯარიმებიათ, ეს რაზე მიუთითებს?

დაკავების უფლება აქვთ და ისინი ამ უფლების რეალიზებას ახდენენ. მაგრამ დაკავება არ ნიშნავს, რომ 12 საათი იქ უნდა ამყოფო დაკავებული, კანონში არის ჩანაწერი – „არაუმეტეს 12 საათისა“. როდესაც მიიყვანენ ადამიანს ნარკოლოგიურში და ის არ აძლევს თავისი ნებით ნიმუშს, უნდა გაუშვან. ეს არ ნიშნავს, რომ დაკავებული 12 საათი უნდა ჰყავდეთ იქ და 2 წუთი რომ დააკლდება 12 საათს, შემდეგ გაუშვან. თუმცა ამის უფლება მათ აქვთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: