მთავარი,სიახლეები

ამერიკის მოქალაქე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

10.11.2017
ამერიკის მოქალაქე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს, 10 ნოემბერს, „კაპიტალ ბანკის“, ESOL B.V.-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტას სარჩელს განიხილავს. სარჩელის ავტორები ასაჩივრებენ იმ საკანონმდებლო ნორმას, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო ვერ აჩერებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოში გაუქმებული ბანკის ქართველი მესაკუთრის მოპასუხე პარლამენტია, რომელსაც კანონის შეცვლა მოუწევს, თუკი სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს.

„კაპიტალ ბანკი“ საქართველოში 2003 წელს გაიხსნა საფირმო სახელწოდებით „ინვესტბანკი“. 2015 წელს ბანკი ნიდერლანდურმა კომპანიამ ESOL B.V.-მ შეიძინა. ამ კომპანიის 100 პროცენტის წილის მესაკუთრეა აშშ-ს მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა. სარჩელის მიხედვით, მან ბანკის განვითარებაში 35 მილიონი ლარი ჩადო.

2016 წლის ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა „ინვესტბანკს“ მოსთხოვა არსებული ვალდებულებების გასტუმრება და საქმიანობის შეწყვეტა 3 თვის განმავლობაში. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ჯილბერტ რიჩარდ არმენტამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი შეჩერება მოითხოვა. სასამართლომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რადგან „ეროვნული ბანკების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 14 ნოემბერს „კაპიტალ ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია შეუჩერა. სასამართლო დავა გრძელდება, თუმცა ბანკი უკვე დახურულია.

„ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია სწორედ მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სარჩელის ავტორები მოითხოვენ „შეიქმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაწყვეტს, განიხილავს თუ არა ამ სარჩელს არსებითად.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: