ძლიერმა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარის ინფრასქტრუქტურა დააზიანა . ბათუმის მერიის ინფორმაციით ამ წუთებში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდის სამუშაოები.
ბათუმელები
„…რატომ გაიგულავა ყველამ ამ ქალაქზე? – არ შეიძლება ასეთი მიდგომა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ საბჭოს ფუნქციაც სწორედ ეს იყო, რომ ეს დაგეცვათ. მოგეთხოვებათ პასუხი სულ ყველას სათითაოდ, ვინც კი ამ საბჭოს წევრია და ეს განსაკუთრებით ეხება მერიის სამსახურებს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი უმრავლესობით… ბოლოს და ბოლოს გაიაზრონ და შეცვალონ პოლიტიკა ქალაქის მიმართ“, – მიმართა ზონალური საბჭოს წევრებს ორგანიზაცია „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა დღეს ზონალური საბჭოს სხდომაზე, მაშინ, როცა საბჭომ განსახილველად ლუკა ასათიანის ქუჩაზე ისტორიული ერთსართულიანი სახლის ნაცვლად ახლის მშენებლობის პროექტი გამოიტანა.
სხდომას მერიიდან ზონალური საბჭოს ორი წევრი – მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზაალ მამუჭაძე ესწრებოდნენ. ორივე მათგანმა ნინო ინაიშვილის მიმართვა უპასუხოდ დატოვა.
ერთსართულიანი ისტორიული სახლის გვერდით ლუკა ასათიანის #8-ში კერძო პირი ახალი რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. პროექტის ავტორმა ზონალური საბჭოს წევრებს სხდომაზე აუხსნა სიმაღლის გამოთვლის პირობაც: „გვერდით მდებარე სახლს გავუთანაბრე.“
ლუკა ასათიანის #6-ში რვასართულიანი სახლი დგას.
საბჭომ განიხილა ასევე გოგებაშვილის #32-ში შენობის რეკონსტრუქციის საკითხი. ცვლილების პროექტი შიდა ეზოდან სიმაღლის მომატებას გულისხმობს ისე, რომ არ იცვლება კ-2 კოეფიციენტი. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ შეიძლება ეს ცუდად აისახოს ფასადზე წინა მხრიდან.


ბათუმში, გორგასლის 80-82-ში ერთსართულიანი ისტორიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს ასევე ახალი მრავალბინიანი სახლის აშენებას შპს „ჯეობილდინდ +“.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტებში კომპანია მიუთითებს, რომ ამ სახლის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა 2008 წლამდე და მისი პირველი სტადია ზონალურმა საბჭომაც შეითანხმა. შემდეგ კი ცნობილი მოვლენების გამო [გულისხმობს რუსეთ-საქართველოს ომს] პროექტი შეჩერდა. 2017 წლის ზაფხულში კი, კომპანიას აჭარის მთავრობისთვის უთხოვია ჩართვა სამთავრობო პროგრამაში – „ქალაქი ბარაკების გარეშე“.
კომპანიას აჭარის მთავრობისგან პროგრამაში ჩართვაზეც მიუღია თანხმობა და კ-2 კოეფიციენტის 8.5-მდე გაზრდაზეც. ამ მონაცემების შესაბამისად, დაგეგმილია 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. რეესტრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი ირაკლი დვალიშვილია.
გორგასლის ქუჩაზე კიდევ ერთი უკვე აშენებულ მრავალბინიან სახლზე ცვლილების პროექტი განიხილეს, ცვლილება ამ სახლის პროექტის ავტორმა გია გაბაშვილმა წარმოადგინა. მან ზონალური საბჭოს წევრებს აუხსნა, რომ ცვლილება ეხება ერთ კონკრეტულ ბინას და პროექტში მნიშვნელოვან ცვლილებას არ გულისხმობს. მან თქვა, რომ ბინა ასლან აბაშიძის შვილს გიორგი აბაშიძეს ეკუთვნის და დაკვეთაც მისგან მიიღო:
„აპირებს რომ ჩამოვიდეს ბათუმში და იცხოვროს. არ გაგიკვირდათ, ალბათ, რატომ დამიკვეთა მე“, – უთხრა „ბათომის“ წევრებს.
„… ეს თქვენი პროექტებია? თქვენ უტირეთ დედა ამ ქუჩას?“ – უპასუხა მას რეპლიკითვე ნინო ინაიშვილმა. შემდეგ კი ზონალურ საბჭოში მიმდინარე პროცესი შეადარა ბანანის რესპუბლიკას, სადაც ქაოსია: „პასუხისგებაში ხართ მისაცემი სულ ყველა“.
ძველის დანგრევის სანაცვლოდ ახლის მშენებლობას გეგმავენ პუშკინისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაშიც.
დრეს ზონალურმა საბჭომ თერთმეტი საკითხი განიხილა:
1. ქ. ბათუმი, ნ. ბარათაშვილის ქ. 26 – პროექტში ცვლილება
2. ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N16 – პროექტში ცვლილება
3. ქ. ბათუმი, 26 მაისი ქუჩა N23 – რეკონსტრუქცია
4. ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ.№75/ ა.პუშკინის ქ.№92 – რეკონსტრუქცია
5. ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N76-78 – ცვლილება
6. ქ. ბათუმი, ალ. პუშკინის ქ. N112 –
7. ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N 8 – ახალი პროექტი
8. ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N 24 – გუმბათზე საჩრდილობლის მოწყობა
9. ქ. ბათუმი, გონიოს დასახლება – მშენებლობა
10. ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N80-82 – ახალი პროექტი
11. ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. N32 – ახალი პროექტი
ბათუმის ამერიკული კუთხეში, ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ლიდერ გოგონათა ბანაკის“ ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი და ნასას ყოფილი ასტრონავტი, ჰაიდი ფაიფერი, ბანაკის წევრებს შეხვდება.
ბათუმის ამერიკულ კუთხეში [საჯარო ბიბლიოთეკის შენობა] ჰაიდი ფაიფერთან შეხვედრა 2017 წლის 9 დეკემბერს, 10 საათზე დაიწყება.
ორგანიზატორთა განცხადებით, სამდღიანი „ლიდერ გოგონათა ბანაკი“ მოიცავს ტრენინგებს ლიდერობასა და აქტიურ მოქალაქეობაზე, საუბრებს ქალის როლზე დღევანდელ საზოგადოებაში, შეხვედრებს რეგიონის ფარგლებში წარმატებულ ქალებთან, დისკუსიებს, ფილმის ჩვენებას, ვიზიტს გენდერის მედიაცენტრში, აჭარის ქალ მეწარმეთა ასოციაციაში და ხვა აქტივობებს;
ასტრონავტთან შეხვედრისას კი იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: რამდენად რთულია ქალისთვის ისეთ პროფესიაში წარმატების მიღწევა, სადაც, უმეტესად, მამაკაცები არიან წარმოდგენილნი, რისი გავლა უწევს ქალს წარმატებისა და თანასწორობის მისაღწევად, რა პრობლემები ხვდება მას და როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა.
ნორვეგიელმა მხატვარმა, სტალ გერჰარდსენმა, მას შემდეგ, რაც მამა გახდა და მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩენის გამოცდილება მიიღო, გადაწყვიტა, თავს გადახდენილ ამბებზე სახალისო ილუსტრაციები შეექმნა.

დავით ჯინჭარაძე
მოსწავლე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე
რა არის მთავარი განსხვავება ჩვენსა და დასავლეთს შორის? ალბათ ის, რომ საქართველოში პრობლემაზე ფიქრს იწყებენ მაშინ, როცა ის ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ხოლო დასავლეთში ყველანაირად ცდილობენ, ის გამწვავებამდე აიცილონ. ამიტომაც ხშირად გვგონია, რომ ევროპელები და ამერიკელები ბავშვების ჩხუბს ზედმეტად პანიკურად უყურებენ. „რად უნდა ამდენი ამბავი? ბავშვია და იცელქებს, იჩხუბებს კიდეც“, ვიტყვით და გვიკვირს, როგორ აიღებს მოზარდი კლასელზე ხელს და ჭრილობას მიაყენებს ისე, რომ არც კი შედრკება.
ადრე მიკვირდა, რატომ იყო ამერიკის ერთი პატარა ქალაქის სკოლაში ყველა კედელი გადატვირთული ფერადი წარწერებით: „არა ბულინგს“, „დამცირების მოთმენა გამოსავალი არ არის“, „თუ გჩაგრავენ, მიმართე მასწავლებელს, არ შეშინდე”. ბულინგისადმი მიძღვნილი ამდენი წარწერა ქართულ სკოლაში ყოფნისას, 11 წლის მანძილზე, არ მინახავს. აქ, ამერიკაში, ხომ არაფერი ხდებოდა? მეტიც, მასწავლებელი ყურადღებას იჩენდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიჭი გოგოს თმას აწიწკნიდა.
„სხვისი შეწუხების, თუნდაც თმის ღერის შეხების უფლება არ გაქვთ, ამას ჩემს კლასში არ მოვითმენ”, – მკაცრი გამოხედვითა და მშვიდი ტონით იტყოდა მასწავლებელი, შემდეგ კი გაკვეთილს ისეთივე ღიმილით გააგრძელებდა, ვითომ არაფერი უთქვამს. მაგრამ ყველა მოსწავლემ იცოდა: პედაგოგი სრული სერიოზულობით იყო მზად, კლასის ფარგლებში წესრიგი დაეცვა და დამრღვევს მშვიდი სახით გაუწოდებდა გამაფრთხილებელ „ყვითელ ბარათს”.
მოსაწონი იყო მასწავლებლის ასეთი პასუხისმგებლიანობა, მაგრამ მთავარი სასწაული მაინც სკოლის გარეთ ხდებოდა. დირექცია ისე აკონტროლებდა მოსწავლეებს, რომ მათი პირადი თავისუფლება არ შეეზღუდა. სკოლა ცდილობდა, მოსწავლეებს თავი პატიმრებად არ ეგრძნოთ, თუმცა არც დაუსჯელობის გრძნობას აღვივებდა მათში. როდესაც გაკვეთილი დამთავრდებოდა, მოსწავლეებს ჰქონდათ სრული თავისუფლება, სკოლის ტერიტორია დაეტოვებინათ და გადასულიყვნენ კაფეში ან მაღაზიაში, ეყიდათ ლანჩი და პარკში დამსხდარიყვნენ ისე, რომ იქ მათ არავინ შეაწუხებდა. თავისუფალი გადაადგილების უფლებას მოსწავლეს ვერავინ წაართმევდა, მიუხედავად ამისა, ადმინისტრაცია კონფლიქტებს მაინც წარმატებით მართავდა. სკოლის გარშემო, ქუჩებში, მაღაზიებში და პარკში მანდატურების ნაცვლად დირექტორი და სასწავლო ნაწილი დადიოდნენ. ისინი ხელს არავის უშლიდნენ, მხოლოდ მოსალოდნელი ჩხუბის არიდებას ცდილობდნენ. მათ იქ ყოფნას არც არავინ შეამჩნევდა მანამ, სანამ ვინმე ჩხუბს წამოიწყებდა.
რა თქმა უნდა, კონფლიქტები ყველგან არსებობს და რამდენი არ უნდა ეცადო, აირიდო თავიდან, ყველაფერს წინასწარ ვერ დაგეგმავ. დასავლეთის სკოლებშიც ხდება კონფლიქტები, თუმცა იმდენად იშვიათად, რომ მოსწავლეები გაოცებულები არიან და ვერ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც მოსწავლეებს შორის ჩხუბი საოცარი იშვიათობა კიარა, ყოველდღიური და “ნორმალური” მოვლენაა.
ერთხელაც, ჩემს ამერიკულ სკოლაში ორმა გოგომ იჩხუბა. როგორც აღმოჩნდა, ერთმა მეორეს ხელი დაავლო და წააქცია, მეორემაც უპასუხა. ეს ნახევარწუთიანი “ჩხუბი” ყველას განხილვის საგანი გახდა, ასობით ადამიანი შეიკრიბა ამ ორი გოგოს გარშემო ესოდენ იშვიათი სცენის სანახავად, ამ ჩხუბზე საუბარი კი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ წყდებოდა.
რით განსხვავდება ამერიკისგან საქართველო? რა მოიმოქმედეს იქ ისეთი, რაც ჩვენ აქამდე არ გაგვიგია? ამერიკელმა მასწავლებლებმა, დირექციამ და მოსწავლეებმა სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ამჯობინეს, პრობლემისთვის თვალებში ჩაეხედათ. ისინი მიხვდნენ, რომ დანით დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა რთული საქმეა და არავის აქვს გარანტია, რომ დაზარალებულს გადაარჩენენ. შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ვერც ამერიკელები შეძლებენ მოსწავლის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა იკისრონ. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ ახალგაზრდა გადაარჩინონ მანამ, სანამ მას შველა დასჭირდება – სანამ ის ჯერ კიდევ ჯანმრთელი, ბედნიერი და დაცულია.
ამისთვის ამერიკელებმა გადაწყვიტეს, მკაცრი სისტემა შეექმნათ, სადაც მჩაგვრელის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა იქნება. სკოლა მოსწავლის თავისუფლებების სრულად დაცვას ისახავდა მიზნად, თუმცა თუ ერთი ახალგაზრდა მეორის უფლებას შელახავდა, მას პასუხისგებას მოთხოვდნენ ისევე, როგორც ზრდასრულს.
საქართველოს სკოლების უმრავლესობას არ აქვს გააზრებული ის, რაც მსოფლიოს სახელმწიფოებმა უკვე გაიაზრეს. დაზარალებულსა და მკვლელს შორის ბეწვის ხიდია – სანამ ახალგაზრდა მკვლელი გახდება, ის დაჩაგრულია, რომელსაც რევანში სურს. თუ ვინ დააზარალა ის ფიზიკურად ანდა ფსიქოლოგიურად – დედამ, მამამ, სკოლამ თუ საზოგადოებამ – ამას მკვლელობის მომენტში მნიშვნელობა აღარ აქვს. ხშირად ბულინგის, თუნდაც უმნიშვნელო კონფლიქტის მსხვერპლს, შეიძლება ფსიქიკა შეერყეს და თუ მჩაგვრელის სამართლიან დასჯას ვერ დაინახავს, გადაწყვეტს, ლინჩის წესით გაასამართლოს მოძალადე.
რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობა მხოლოდ ერთეული მაგალითია იმ მავნებლობის, რომელიც მოაქვს გულგრილობას. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ნებისმიერ მკვლელს, რომელიც თავის დანაშაულზე პასუხს აგებს, თანაზომიერი პასუხი. როდესაც ეს სხვა ადამიანის სიცოცხლეს ეხება, არ არსებობს მოზარდი და ზრდასრული: კანონის წინაშე ყველა თანაბარია და მსხვერპლისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოკლა იგი. საზოგადოებაში დაუსჯელობის გრძნობა არ უნდა გაჩნდეს, ხოლო სკოლის მოსწავლეებიც საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც სხვები.
მაგრამ არსებობს ძალადობის მოზაიკის კიდევ ერთი მნიშვნელობანი დეტალი… არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახმაურდა, რომ ახალგაზრდა მკვლელები დაიჭირეს. სამწუხაროდ, გამოძიებამ მხოლოდ ორი მკვლელი დაიჭირა, დანარჩენ დამნაშავეებს – საზოგადოებასა და, ზოგადად, ქართული სკოლის გულგრილ მიდგომას – კანონი ვერ გაუმკლავდება. ვინ გადააქცია ახალგაზრდა მკვლელად? ვინ მოკლა მასში ადამიანი? ჩვენ დავიჭირეთ ერთი კონკრეტული მოსწავლე, მაგრამ მასში ადამიანობის მკვლელს ჩვენ ვერ დავიჭერთ.
მკვლელებად არ იბადებიან, მკვლელებს საზოგადოების მანკიერება წარმოშობს.
სკოლას არ შეუძლია დანაშაულის ჩამდენი ადამიანი მოაბრუნოს და მოკლული ახალგაზრდა გააცოცხლოს. მაგრამ სკოლას შეუძლია, ადამიანის სულში მონსტრის ჩასახვას შეუშალოს ხელი და აღუდგეს მკვლელის არქეტიპის ფორმირებას მოსწავლეებში. ამისთვის, პირველ რიგში, ყველამ უნდა მივატოვოთ სირაქლემის პოზიცია და თვალებში შევხედოთ რეალობას: მკვლელი არის არა მხოლოდ ის, ვინც იარაღი ხელში აიღო, არამედ ისიც, ვინც მკვლელის გაჩენას ხელი არ შეუშალა.
მკვლელები მუდამ დაიბადებიან ადამიანებში, სანამ ძალადობის მოჯადოებული წრე არ გაირღვევა და კანონი არ იზეიმებს დანაშაულზე.
შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის დღევანდელი, 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ანაგი“ გამოვლინდა ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად.
შპს „სტადიონის“ განცხადებით, დახურულ [აუქციონის გარეშე] ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი „ანაგმა“ დააფიქსირა. შესყიდვის ბიუჯეტი 101 მილიონ 700 ათასი ლარი იყო, კომპანიამ კი ფასი 99 მილიონ 448 ათას 549 ლარამდე დაწია. მიიღეს თუ არა სხვა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა, ეს, როგორც შპს „სტადიონში“ განმარტეს, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოჩნდება.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გასაფორმებლად შპს „სტადიონს“ 2017 წლის 22 დეკემბრამდე უნდა მიმართოს და პარალელურად წარადგინოს „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი გარანტია“.
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ტენდერის დასრულების დღესვე, კომენტარი გააკეთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ:
„რამდენიმე წუთის წინ რეგიონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტის მშენებლობის ელექტრონული ტენდერი დასრულდა. ტენდერი შედგა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპი, რომლის შემდეგაც გაირკვევა ვინ არის გამარჯვებული. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დაიწყება ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი – პროექტი, რომელსაც საზოგადოება ასეთი დიდი ინტერესით ელოდება“.
შპს „ ანაგი“ 1995 წელს დაფუძნებული სამშენებლო კომპანიაა. კომპანიის ასივე პროცენტს ფლობს ნანა აროშიძე. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ზაზა გოგოტიშვილის მეუღლეა.
შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალურად შექმნა ახალი საავადმყოფოსა და ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით. ამ კომპანიას დაევალა ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.
შპს „სტადიონი“ სამინისტრომ მას შემდეგ შექმნა, რაც სტადიონის პროექტირებაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან სამინისტრომ კონტრაქტი შეწყვიტა.
2015 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდებოდა. სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.
სტადიონის საპროექტო დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
საავადმყოფოს მშენებლობა [რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით] მიმდინარეობს. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საკითხი, დროში საკმაოდ გაჭიანურდა? – შპს „სტადიონის“ დირექტორმა, სულხან ხალვაშმა 4 თვის წინ განაცხადა, რომ სტადიონის პროექტმა ექსპერტიზა გაიარა, თუმცა საჭირო გახდა ამ პროექტის სპეციალური ადაპტაციის გავლა: „სამხარაულის ბიუროს“ მიერ პროექტი ადაპტაციის პროცესს გადის. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება [პასუხს ველოდებით უახლოეს დღეებში] უკვე მზად გვექნება პროექტის საბოლოო და სრულყოფილი ვარიანტი, შესაბამისად, გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობაზეც.“
რაც შეეხება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს, ის შპს „სტადიონმა“ დღემდე ვერ შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა. „სტადიონს“ ტენდერების მიმდინარეობის პროცესში დავების განხილვის საბჭოში 18-ჯერ უჩივლეს.
რუსთავი, ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, გორი, ხაშური, კასპი,ახალციხე, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ველისციხე, ყვარელი, კაბალი, გარდაბანი, მარნეული – ეს ის ქალაქებია, სადაც სილქნეტის საახალწლო აქცია მიმდინარეობს.
[red_box]თვეში მხოლოდ 16 ლარად მომხმარებელი გაიაქტიურებს:[/red_box]
20მბ.წმ ინტერნეტს და 130-მდე სატელევიზიო არხს.
ინსტალაცია უფასოა.
მომხმარებელს 6 თვის მანძილზე შეუნარჩუნდება აქციის პირობები.
მიმდინარე აქციის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა თემატური პაკეტის სპეციალურ ფასად გააქტიურებაც.
არსებულ აბონენტებზე იმ შემთხვევაში გავრცელდება აქცია თუ აქვთ DSL – ინტერნეტი და სურთ ბოჭკოვან ინტერნეტზე გადასვლა.
აქციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის 2100100 მეშვეობით მიმდინარეობს 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით.
საქართველოს პარლამენტმა ავტომანქანების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 19 სედანის შესაძენად პარლამენტს 855 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.
ტენდერის პირობების თანახმად, ავტომანქანები უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი; გამოშვების წელი არანაკლებ – 2017; გარბენი – არაუმეტეს 30 კმ; კარების რაოდენობა არანაკლებ 4; საწვავის ტიპი – ბენზინი; ძრავის მოცულობა არანაკლებ 1.6, არაუმეტეს 2.0; ცხენის ძალა – არანაკლებ 120… საჭე – მარცხნივ; ავტომანქანების ძარის ფერი უნდა იყოს ვერცხლისფერი, ხოლო სალონის – შავი; NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი), ან JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი).
ამასთან, მიწოდებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ახლდეს სასაქონლო ზედნადები და სანომრე ნიშნები, ხოლო განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურების უზრუნველყოფა და ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, სოფელ ტუნაძეებში ხანძრით დაზარალებულ რევაზ და ფრიდონ ხარაბაძეების ოჯახებს ხელისუფლება 10 000 ლარით დაეხმარება. რაც შეეხება მესამე, ზაურ ხარაბაძის ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლში დროებით სკოლა იყო განთავსებული და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, ხულოს მერის თქმით, მერია ოჯახის მდგომარეობას სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება,თუ რა სახის დახმარებას მიიღებს ეს ოჯახი.
ხანძრით დაზარალებული ოჯახები 5 000 ლარს ხულოს მერიისგან, 5 000 ლარს კი აჭარის მთავრობისგან მიიღებენ.
„ხანძრით დაზარალებულ ორივე ოჯახს ფართობი იმავე სოფელში დავუქირავეთ, მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ფინანსური დახმარებით, დაზარალებულებს პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები პროდუქტი მივუტანეთ, სოლიდარობა გამოიჩინა სოფლის მოსახლეობამაც. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ფინანსური დახმარება რომ გავუწიოთ მათ, დოკუმენტაციას ვაგროვებთ. პირველ ეტაპზე 10 000 ლარს ის ორი ოჯახი მიიღებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ. რაც შეეხება მესამე ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი სასწავლო პროცესისთვის გამოიყენებოდა, ვსწავლობთ მის მდგომარეობას. კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ – განაცხადა ხულოს მერმა.
სამი საცხოვრებელი სახლი ღორჯომის ხეობის სოფელ ტუნაძეებში სამ დეკემბერს დაიწვა.მათგან ერთში დროებით სკოლა იყო განთავსებული და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.
„ვარსკვლავური ომების“ ფანების მოლოდინი დასრულდა მას შემდეგ, რაც „Walt Disney Pictures“-მა კინოსაგის მერვე ნაწილის თრეილერი გამოუშვა მსოფლიო პრემიერამდე. „უკანასკნელი ჯედაი“ 2017 წლის 15 დეკემბერს გამოვა მსოფლიო კინოეკრანებზე.
„ვარსკვლავური ომების“ მერვე ნაწილის რეჟისორი და სცენარისტი რაიან ჯონსონია.
ტრილოგიის ახალ ეპიზოდში ფანები ახალ პერსონაჟებსა და გალაქტიკის ახალ სამყაროებს გაიცნობენ.
ახალი ეპიზოდის გამოსვლა თავიდან თითქოს 2019 წლამდე არ იგეგმებოდა, თუმცა „Walt Disney Pictures“-მა სიურპრიზი მოუწყო მაყურებელს და მსოფლიო პრემიერა ახალ წლამდე დაგეგმა. როგორც ცნობილია, ტრილოგიის მეორე ნაწილშიც სიურპრიზის და მოულოდნელობის ეფექტია გამოყენებული ფილმის დასასრულს.
„უკანასკნელი ჯედაი“ ქართულ კინოეკრანებზე, მათ შორის ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“, 14 დეკემბერს გამოვა.
პირველი იანვრიდან 21 ნოემბრამდე საპატრულო პოლიციდან 38 თანამშრომელი დაითხოვეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადების კურსი ვერ გაიარეს. პატრულის თანამშრომლები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს აბარებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის გადამზადების კურსი სულ პატრულის 476-მა თანამშრომელმა გაიარა. 38-დან 27 თანამშრომელი კონკრეტულად ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო [სირბილი100 მეტრსა და 1000 მეტრზე] დაითხოვეს. სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლებიდან 9 ბათუმის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულია 3 804 მოსამსახურე, აქედან აჭარის მთავარ სამმართველოში – 368, ბათუმში – 94, სახაზო-საპატრულო სამსახურში.
2017 წელს საპატრულო პოლიციიდან ჯამში სხვადასხვა მიზეზით 218 მოსამსახურე გათავისუფლდა.
პატრულის თანამშრომლებმა თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ ფიზიკური ნორმატივები უნდა დააკმაყოფილონ. მამაკაცებს მოეთხოვებათ ღერძზე მიზიდვა, ასევე სირბილი 100 მეტრზე, 1000 მეტრსა და სამ კილომეტრზე. პატრულის ქალმა თანამშრომლებმა 100 მეტრი უნდა გაირბინონ და ერთი კილომეტრი, ასევე შეასრულონ ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში სხეულის აწევა.
სირბილზე ნორმატივების ჩაბარება დამოკიდებულია პატრულის თანამშრომლის ასაკსა და სქესზე. მაგალითად, 26 წლიდან 35 წლამდე ასაკის პატრულის ქალმა თანამშრომელმა 100 მეტრი სირბილით 16-17 წამში უნდა დაფაროს, ერთი კილომეტრი კი – 5.40-6.30 წუთში.
იმავე ასაკობრივ კატეგორიაში მამაკაცმა 100 მეტრი 14-დან 15 წამში უნდა გაირბინოს, ერთი კილომეტრი 3.50 – 4.05 წუთში, ხოლო სამი კილომეტრი – 13.30-14 წუთში.
ხვალ, 8 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმში“ აჭარის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართება.
„პრეზენტაციაზე მოწვეული პირები გაეცნობიან ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება.
პრეზენტაციის შემდეგ ჰაბის ინიცირებით გაიმართება დისკუსია, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ ჰაბთან და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაბს, შექმნას რეგიონის ყველა აქტორთან ეფექტური კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგია,“-ნათქვამია პრესრელიზში.
ღონისძიება ორგანიზებულია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტისა“ და „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
23 წლით პატიმრობა სასამართლომ პ.ფ.-ს მიუსაჯა. მას გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენას ედავებოდა იმ პირის მიმართ, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია. საქმე თავდაპირველად ზესტაფონის სასამართლომ განიხილა, შემდეგ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. პედოფილიაში მსჯავრდებულმა პირმა უზენაეს სასამართლოსაც მიმართა იმ არგუმენტით, რომ მას მხოლოდ არასრუწლოვანი, 10 წლის გოგო სდებდა ბრალს, რომლის ჩვენება არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. უზენაესმა სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
განაჩენის მიხედვით, პ.ფ. დაზარალებული 10 წლის გოგოს მეზობელი იყო. მსჯავრდებული მეზობელს იმ საღამოს ესტუმრა, როცა სამი მცირეწლოვანი ბავშვი მარტო იყო. მეზობლის კაცმა ბავშვებს მაღაზიაში გაყოლა სთხოვა სიგარეტის საყიდლად, რასაც მხოლოდ უმცროსი და – 10 წლის მ.ბ. დათანხმა. თავდაპირველად ისინი აფთიაქში მივიდნენ, სადაც პ.ფ.-მ პოტენციის ასამაღლებელი საშუალებები იყიდა. საბოლოოდ, მსჯავრდებულმა ბავშვზე ვენახში იძალადა.
„როდესაც გამოვიდა, წამალი ამოიღო პარკიდან, ნახევარი მას მისცა, ნახევარი თვითონ დალია და უთხრა, დაელია. გზა განაგრძეს… მან წამალი ჩუმად გადმოაგდო, პ.-ს რომ არ დაენახა. „….. პარკში“ როდესაც შევიდნენ, დაინახეს გოგო და ბიჭი, ერთმანეთს ეხვეოდნენ, პ-მ უთხრა, „ასე ვართ ჩვენც“. გზა განაგრძეს სოფლის მიმართულებით, რა დროსაც შეხვდათ თეთრი მანქანა და შესთავაზეს პ. ფ-ს სახლამდე მიყვანა, თუმცა მან უარით უპასუხა, ვინაიდან უკვე ახლოს იყვნენ სახლთან. ჩავიდნენ ვენახებში, სადაც მუხა დგას, პ. ფ-მ უთხრა დამჯდარიყო….“, – წერია განაჩენში.
10 წლის გოგო სასამართლოს დეტალურად მოუყვა, როგორ აიძულა მამაკაცმა ტანსაცმლის გახდა და მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება მკვლელობის მუქარით. „საბოლოოდ, მ. ბ–ს გაუპატიურებით პ. ფ–მ დაიკმაყოფილა სქესობრივი ჟინი და ადგილზე ჩაეძინა, ხოლო მ. ბ. სახლში გაიქცა….“
სახლში მისულ არასრულწლოვანს დებისთვის არაფერი უთქვამს. საქმეშია მასწავლებლის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ გოგონამ ამ შემთხვევიდან მეორე დღეს საკლასო ოთახში მოულოდნელად ტირილი დაიწყო. გოგონა პედაგოგებს არა, მაგრამ მეგობარს მოუყვა, რის გამო ატირებდა. სახლში მისულმა მამიდასაც იგივე უთხრა.
მსჯავრდებულის ადვოკატი სასამართლოში აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ დაზარალებულ მ.ბ.-ს მცირეწლოვნობის გამო არ შეეძლო სწორად აღექვა მოვლენები და მიეცა სწორი ჩვენება. უზენაესი სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში დაცვის მხარე წერდა:
„სასამართლო სხდომაზე დაკითხული მ. ბ–ს ჩვენება ფორმალური ხასიათისაა და მოკლებულია დამაჯერებლობას. მან ვერ გაიხსენა საქმესთან დაკავშირებული რიგი დეტალები, რაც დაზარალებულის ჩვენებას უკარგავს დამაჯერებლობას; მოწმეების – მ. ტ–ს, რ. ჩ–სა და დ. ბ–ს ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ხოლო მოწმის სახით დაკითხული პედაგოგების – ე. ე–ს, ნ. მ–სა და გ. გ–ს ჩვენებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს,“ – აღნიშნულია განაჩენში.
დაცვის მხარის არგუმენტებს უზენაესმა სასამართლომ ეს პასუხი გასცა: „საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დაზარალებულის ასაკზე. იგი არის მცირეწლოვანი – 20.. წელს დაბადებული. მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება საეჭვო და არადამაჯერებელი სწორედ მაშინ იქნებოდა, თუ მცირეწლოვანი დაზარალებული ყველა დეტალს ამომწურავად და ზედმიწევნით სწორად გაიხსენებდა. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები უკავშირდება მხოლოდ ისეთ დეტალებს, რომლებსაც არა აქვთ არსებითი მნიშვნელობა და გავლენას ვერ მოახდენს პ. ფ–ს დამნაშავეობა/დანაშაულობაზე.“
უზენაესმა სასამართლომ დაცვის მხარეს დაუსაბუთა ისიც, თუ რატომ შეიძლება იყოს დამაჯერებელი მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმე, ისიც არასრულწლოვანი:
„საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორც წესი, არ არის საჯარო ხასიათის, რის გამოც მითითებული კატეგორიის საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში დანაშაულის შემსწრე უშუალო თვითმხილველი მოწმეები არ არსებობენ. შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას და მის თანხვედრას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულ მ. ბ–ს ჩვენება საკასაციო პალატას მიაჩნია სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებად,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განაჩენში.
აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის დაბლობში 10 სმ-მდე, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-მდე აღწევს, თოვს ქედასა და შუახევშიც.
მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ თოვას ავტოტრანსპორტის გადაადგილებაში პრობლემები არ შეუქმნია. რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაცით, ამ დროისთვის შუქი მხოლოდ საციხურის თემის სოფლებს არ მიეწოდება. მისივე ინფორმაციით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და შუქი საციხურის სოფლებს მალე მიეწოდება.
შუქი არ მიეწოდება დანდალოს თემს ქედის მუნიციპალიტეტში.
შუახევის მერიის პრესსამსახურის უფროსის, იამზე ფუტკარაძის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში შუქი ბარათაულის, უჩამბისა და წყალსაყრის თემის ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება. რაც შეეხება სავტომობილო მიმოსვლას, იამზე ფუტკარაძის თქმით, ამ დროისთვის პრობლემები არ არის და ტრანსპორტი ყველა მიმართულებით გადაადგილდება.
გუშინ, 6 დეკემბერს, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში – „ნანუკას შოუ“, ტელეწამყვანს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა სტუმრად მიწვეული. ერთ-ერთი სტუმარი იყო მე-2 კლასელი გოგონა, რომელიც წამყვანთან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობდა. დაკარგულ ტერიტორიებზე საუბრის დროს ნანუკა ჟორჟოლიანსა და მე-2 კლასელ გოგონას შორის ასეთი დიალოგი შედგა:
ჟურნალისტი: „შენ როგორ გგონია, როგორ დავიბრუნებთ აფხაზეთს?“
გოგონა: „მე ესეთი იდეა მქონდა, ჩვენ მოვიპარავთ, შევიპარებით ჩუმად, ღამე და მოვჭრით ჩუმათ ნაწილებს და დავაბრუნებთ“.
ჟურნალისტი: „და იქ რომ მტერი დგას და ჩვენ გვესვრის იარაღს?“
გოგონა: „მე გადავწყვიტე ატომური ბომბაც ვიხმაროთ“.
ჟურნალისტი: „ვიხმაროთ ატომური ბომბაც, თუ არ დაგვიბრუნებენ აფხაზეთს“.
გოგონა წამყვანს თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
ჟურნალისტი: „ისეთი თაობა მოდის, რუსეთი ძრწოდეს“, – აგრძელებს წამყვანი და მე-2 კლასელ გოგონას ისევ ეკითხება. „მოლაპარაკება რამდენად ღირს რუსეთთან?“
გოგონა: „ეგ არ გამოვა, რადგან ბოროტი პრეზიდენტი ყავთ“.
„როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მოზარდების მხრიდან ძალადობაზე და ბოლო დღეებია სულ ეს თემაა ფოკუსში, ჟურნალისტმა უნდა შეძლოს იმის გაცნობიერება, რომ მსგავსი თემის ტირაჟირება არ მოხდეს“, – ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგ მაია ცირამუა, რომელსაც „ბათუმელებმა“ სთხოვა შეფასება, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვებზე მედიის მხრიდან ძალადობის ტირაჟირება.
„ბავშვთა უფლებადამცველების სხვადასხვა ტიპის ანალიზებში, მოწოდებებში სახელისუფლებო წრეებისადმი, მედიისადმი არაერთხელ გახმოვანდა მოსაზრება, რომ ბავშვის ხმა უნდა ისმოდეს და ბავშვებთან დისკუსიაში უნდა შევიდეთ, ბავშვები უნდა გამოჩნდნენ, მათ უნდა ისაუბრონ ამ ქვეყნისთვის აქტუალურ თემებზე. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური მოწოდებაა. მაგრამ ჟურნალისტმა ბავშვის ასაკის შესაბამისად უნდა აარჩიოს თემა.
თუკი ინტერვიუში არის ისეთი დეტალები, რომლებიც შეიძლება მოდიოდეს წინააღმდეგობაში ზოგად ღირებულებებთან, შეიძლება იყოს ძალადობის პროპაგანდა და ასე შემდეგ, ჟურნალისტს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს მაია ცირამუა.
ფსიქოლოგის თქმით, მედია ვალდებულია ყველა სტანდარტის, პროფესიული ნორმის დაცვით ეცადოს, არ გააშარჟოს თემა:
„რადგან ბავშვი ამბობს ამას და ბავშვი „საყვარელია“, ეს დამოკიდებულება მედიას არ უნდა ჰქონდეს. როცა ბავშვს ასეთ სერიოზულ თემაზე ესაუბრები, ბუნებრივია, ბავშვი არის გულწრფელი და მას აქვს უფროსებისგან მიღებული გარკვეული ინფორმაცია. ამიტომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განუმტკიცო ბავშვს მტრის ხატი, მით უმეტეს, მტკიცებით ფორმაში დაეთანხმო და არანაირი ოპონირება არ გაუწიო, თუ ბავშვი იწყებს ლაპარაკს ატომურ ბომბზე, თანაც ისეთ კონტექსტში, ისეთ სიტუაციაში, როდესაც რამდენიმე დღის წინ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა“.
მაია ცირამუას თქმით, როცა ქვეყნის პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არის სამშვიდობო, მსგავსი ძალადობის ტირაჟირებას ჟურნალისტი არ უნდა ეწეოდეს.
„დაახლოებით ათი წლის წინ ჩვენი ორგანიზაცია მუშაობდა აფხაზეთიდან დევნილ თემთან, ვმუშაობდით იმ თაობასთან, რომელსაც ომი თვალით არ უნახავს, თუმცა ეს თაობა ცხოვრობდა იმ ისტორიებით, მითებით, რომელიც მათ მიიღეს წინა თაობებისგან.
მახსოვს, ბავშვებთან მოვაწყეთ ფილმის ჩვენება და შევახვედრეთ ერთ-ერთი აფხაზი. არასდროს დამავიწყდება როგორ თამაშობდნენ ისინი ერთად საჰაერო ბუშტებით. ბავშვი არის ადვილად მიმღები. როგორც აწვდი, ისე იღებს და გულწრფელობასთან ერთად აქვს მიტევების საოცარი უნარი. ბავშვი უნდა იყოს ყველაზე მთავარი მშვიდობის ელჩი. როცა ჩვენ ამ თემთან ვმუშაობდით, ბავშვებს დავავალეთ შეეგროვებინათ ისტორიები თავიანთი ოჯახის წევრებისგან, სადაც ასახული იქნებოდა აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობა – სული რომ გაგითბებოდა, ისეთი ისტორიები მოიტანეს“.
ფსიქოლოგის აზრით, აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის თემა არის ის საკითხები, რომლებსაც თუ სწორად არ მიაწვდი ბავშვს, შეიძლება გახდეს აგრესიული:
„როცა ბავშვი ლაპარაკობს ატომურ ბომბზე, მას შეიძლება წარმოდგენა არ ჰქონდეს მასშტაბებსა და ზიანზე. ამიტომ ჟურნალისტს უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და უთხრას, როგორ აზიანებს მსგავსი ძალადობა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანების ჯგუფს, არამედ მთელ სამყაროს. რომ ატომური ბომბი არის ყველაზე ბოროტი გამოგონება ადამიანის, ამიტომ ამ ყველაფერზე საუბარს, მეტი პასუხისმგებლობა და ცოდნა სჭირდება“.
მაია ცირამუას აზრით, არ შეიძლება შოუს ელემენტად გადააქციო ბავშვი და არც ძალიან სენსიტიური თემა:
„მე ვყოფილვარ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებზე – სახალხო დიპლომატია, პროფესიულ თემთან შეხვედრები – ეს არის ინსტრუმენტები, რომლებსაც ევროსაბჭო, ევროკავშირი, მაგალითად, იმისათვის იყენებს, რომ, ზოგადად, ძალადობრივი წერტილები ჩააქროს და გახსნას დიალოგი სხვადასხვა ასაკის, მათ შორის ახალგაზრდების მეშვეობით. ასეთ დროს ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ისაუბრონ არა ომზე, არამედ ლიტერატურაზე, მუსიკაზე. დაინახონ ერთმანეთი. ჩვენ აქეთ უნდა წავიდეთ და არა ბავშვები გავზარდოთ სიძულვილით“.
ეგნატე ნინოშვილის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 27 ნოემბრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
გარდა აღნიშნული სახლმუზეუმებისა, ამავე ბრძანებით, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა კიდევ 7 ობიექტს:
[checklist]
[/checklist]
ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმი [ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. არჩეული. 1880 წელი]:
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმები [ვანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭყვიში. 1848 წელი; XIX ს. მეორე ნახევარი]:


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანაძეებში მცხოვრები თემურ ვანაძის ოჯახი მხარდაჭერას ითხოვს. თემურ ვანაძის შვილს, 8 წლის ბექას, რომელსაც ცერებრალური დამბლისა და შიდა დაჭიმულობის დიაგნოზი ექიმებმა დაბადებისთანავე დაუსვეს, ეტლი არ აქვს. თემურის თქმით, ბიჭი რეაბილიტაციისთვის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის შორეული ღორჯომის ხეობიდან ბათუმში რომ ჩამოიყვანოს, ტრანსპორტიდან ტრანსპორტამდე ხელით აყვანილი დაჰყავს.
„ცერებრალურ დამბლასთან ერთად ექიმებმა ბავშვს შიდა დაჭიმულობის დიაგნოზი დაუსვეს. ბავშვი ვერ დადის, ახლა რვა წლისაა და სამკურნალო ვარჯიშებისთვის ბათუმში დამყავს. ეტლი არ გვაქვს, რის გამოც რვა წლის ბავშვი ხელში აყვანილი დამყავს. ჩვენ ის შესაძლებლობა არ გვაქვს, ეტლი ვუყიდოთ, ადგილობრივ გამგეობასაც ვთხოვე ეტლი, სამინისტროშიც… ყველამ იცის ბავშვს ეტლი რომ სჭირდება, მაგრამ… ვართ ასე, მანქანასა და ფუფუნებას არ ვითხოვთ, ეტლი სჭირდება ბავშვს და იქნებ ვინმე დაგვეხმაროს,“ – ამბობს თემური.
ვანაძეების მდგომარეობას სიდუხჭირეც ართულებს. თემური ყვება, რომ ოჯახში არავინ მუშაობს და ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შშმ ბავშვის პენსიაა, დაახლოებით 100 ლარი. თემურის თქმით, ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება, ბავშვმა რეაბილიტაციის კურსი რომ გაიაროს, ტრანსპორტირების თანხას უფინანსებს – ვანაძეებიდან ბათუმში გადაადგილებას. თემურის თქმით, ტრანსპორტირების ხარჯისთვის ხულოს მერიისგან წელიწადში 400 ლარს იღებს, აქედან 200 ლარს ვანაძეები ექვს თვეში ერთხელ იღებენ, ხოლო დანარჩენ 200 ლარს – მეორე ექვს თვეს, როდესაც ბავშვი რეაბილიტაციის კურსს გადის.
„არაერთხელ ვითხოვეთ სოციალური დახმარება დაენიშნათ, მაგრამ რამდენჯერაც ოჯახის გადასამოწმებლად მოვიდა აგენტი და გადაგვამოწმა, იმდენჯერ მაღალი ქულა მოვიდა. ბოლო რამდენიმე წელია საარსებო შემწეობა აღარ მიგვიღია. დავიღალე სააგენტოში სირბილით, შემოდგომაზე საქონელს ვყიდულობ, გამოვაზამთრებ და გაზაფხულზე ვყიდი. ჩვენი ოჯახის შემოსავალი ესაა,“ – ამბობს თემური.
ხულოს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსი, ბულბული აბაშიძე ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ, ბავშვს ეტლი რომ სჭირდებოდა, რადგან მშობლებს ამის შესახებ გამგეობისთვის არ უცნობებიათ:
„ბავშვი სამინისტროს დაფინანსებით რეაბილიტაციის კურსს გადის ბათუმში, ადგილობრივი ხელისუფლება კი ტრანსპორტირების ხარჯებს აფინანსებს. ეტლის მოთხოვნა არ ყოფილა, რომ მოეთხოვათ, ჩვენ ვუშუამდგომლებდით ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეტლი რომ მიეღო ბავშვს,“ – ამბობს ბულბული აბაშიძე.
კითხვაზე, რატომ არ იცის მერიის ჯანდაცვის სამსახურმა რა სჭირდება ბავშვს, რომელსაც ფინანსურ დახმარებას თავად მერია უწევს, ბულბული აბაშიძე პასუხობს:
„ჩვენ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ სოფლებში გავიდეთ და მოსახლეობას გავაცნოთ რა პროგრამებიც გვაქვს. გვყავს სოფლებში წარმომადგენლები, რომლებიც ამ ინფორმაციას აწვდიან მოსახლეობას. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ არამარტო ეს პროგრამა, სხვა ბევრი სოციალური პროგრამა გვაქვს, შესაბამისად, ბენეფიციარიც ბევრია, ჩვენ თუ გამოგვეპარა და ვერ ვკითხეთ მოქალაქეებს რა სჭირდებათ, თვითონ ხომ უნდა გვითხრან“.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზურაბ თენიაშვილის თქმით, სამინისტროს აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტლი პროგრამულად მოქალქეებს, წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი ჯანმრთელობის [ფორმა 100] ცნობის საფუძველზე გადაეცემა. სამინისტროს ინფორმაციით, წელს ეტლი 215-მდე მოქალაქემ მიიღო.
2016 წლის დეკემბერში გათავისუფლდა საპატიმროდან, შეფარდებული აქვს სამი წლით პირობითი სასჯელი. სანამ დააკავებდნენ ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ასე არჩენდა ოჯახს. გათავისუფლების შემდეგ კი მართვის მოწმობა ჩამოერთავა და 66 წლის ასაკში შემოსავლის ახალ წყაროზე დაიწყო ფიქრი.
პრობლემებსა და სირთულეებზე ლაპარაკი მისთვის უცხოა. ციხის წლებზეც კი ისე საუბრობს, თითქოს ეს პერიოდი მისთვის რაღაცის მომცემი იყო – „დავაშავე და დამიჭირეს“. აბა სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ, გარეთ რომ დავრჩენილიყავი, შეიძლება მავნე ჩვევას გადავყოლოდი და თავი ვერ დამენებებინა. იქ მივხვდი, რომ ნარკოტიკის გარეშეც შეიძლება და ფხიზლად ცხოვრება უფრო საინტერესოა, ვიდრე ილუზიებით. გამოსვლის მერე ვფიქრობდი რა მეკეთებინა, რა მომეფიქრებინა ოჯახის მისახედად“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დახმარებით ავტომობილის მართვის უფლება დროზე ადრე აღუდგინეს. ახლა თანხას აგროვებს, რომ მანქანა იყიდოს, მაგრამ ვიდრე ამ უფლებას მიიღებდა, ახალი საქმის წამოწყების იდეა გაუჩნდა: სოფლის მეფუტკრეებს დაუმეგობრდა და თვითონაც ისწავლა ფუტკრის მოვლა. თავიდან მხოლოდ ოთხ სკას უვლიდა, მერე ფუტკრის ოჯახი გაამრავლა და სულ მალე ოთხი სკა რვად იქცა.
მეფუტკრეობაზე გატაცებით ყვება. თან ამაყობს, რომ 66 წლის ასაკში აუღო ალღო საქმეს, რომელიც აქამდე არასდროს უკეთებია. ზუგდიდის სოფელში, სადაც ცხოვრობს, სულ ოთხი მეფუტკრეა, ოთხივე გაიცნო და დაუმეგობრდა. გვეუბნება, რომ თუ ფუტკრის მოშენება სურს ადამიანს, ამ საქმის მარტო დაწყება არ ღირს, აუცილებლად უნდა ჰკითხო რჩევა გამოცდილ მეფუტკრეებს და გაითვალისწინო მათი გამოცდილებაც. თანაც თუ მეფუტკრეები ერთმანეთს იცნობენ, შრომა მსუბუქდება: წაბლის ყვავილობისას, როცა ფუტკარი ზუგდიდიდან სვანეთში მიჰყავს ერთ-ერთ მათგანს, საკუთარის გარდა სხვების სკებიც მიაქვს და უვლის. ყოველ სეზონზე მორიგეობენ, ერთმანეთს ენდობიან და იციან, რომ ერთმანეთის ფუტკარს, თაფლს, თვალის ჩინივით გაუფრთხილდებიან.
ფუტკრის მოვლას აღჭურვილობა და სპეციალური ხელსაწყოების სჭირდება. სანამ ყველაფერს შეიძენდა, მაგალითად თაფლის საწურით ნაცნობი მეფუტკრეებისგან სარგებლობდა. მერე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ „ყოფილ პატიმართა გაძლიერების პროექტის“ შესახებ შეიტყო, პროექტი დაწერა და ახლა საკუთარი საწური აქვს. სხვას რომ დასჭირდეს, უკვე მასაც შეუძლია დამწყები მეფუტკრეების დახმარება.
ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და საშინაო საქმეებთან ერთად შშმ მეუღლეს უვლის. კერძებს ამზადებს, ალაგებს სახლს, დიდ ეზოში სხვადასხვა ჯიშის ვარდს ახარებს, დილით ექვს საათზე დგება.
ყოფილი პატიმრის დღე სკების შემოწმებით იწყება. უკვე იცის, როგორ გაარჩიოს ფუტკრების ჩვეულებრივი, სამუშაო ზუზუნის ხმა სახიფათო ხმებისგან, როცა სკას მისი დახმარება სჭირდება. თუ სკებში ყველაფერი რიგზეა, მერე საშინაო საქმეებს უბრუნდება, რაშიც შშმ მეუღლეც ეხმარება, როგორც შეუძლია.
„არ მიჭირს ჭურჭლის რეცხვა და კერძების მომზადება, მაგრამ თვითონ არ ისვენებს, მეც რაიმე უნდა გავაკეთოო და ასე მოვიფიქრე: გავუკეთე დიდი, მაღალი სკამი, ისე, რომ ჭურჭლის სარეცხ ნიჟარას მისწვდეს. გადავსვამ ხოლმე ხელით ამ სკამში და რეცხავს… მე კერძებს ვამზადებ, ვალაგებ. ასე ვინაწილებთ საქმეს. შაბათ-კვირას შვილიშვილი გვსტუმრობს თბილისიდან და ჩემი მეუღლე ამეცადინებს, წიგნებს კითხულობენ ერთად, თამაშობენ. დიდი ჟრიამული გვაქვს შაბათ-კვირაობით. მე მარტო თამაშში ვებმები, ბავშვების მეცადინეობა არ მეხერხება. მინდა შემდეგ ზაფხულს ყველა შვილიშვილი ერთად ჩამოვიყვანო ზუგდიდში. ოთხი შვილიშვილი და ორი შვილი მყავს. ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე რუსეთში. აყვავებული ეზო და ბაღი მაქვს, უზარმაზარი სახლი, რისთვის მინდა ყველაფერი თუ აქ ბავშვები, ზაფხულობით მაინც, არ იჟრიამულებენ“, – ყვება 66 წლის ყოფილი პატიმარი.
სამომავლოდ გეგმავს ფუტკარი გაამრავლოს და მეტი სკა ჰქონდეს. ამბობს, რომ თუ შრომა არ გეზარება და თაფლი გიყვარს, შეიძლება ამ საქმით კარგი შემოსავალი მიიღო.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
დავით ს. ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც საპატრულო პოლიციას სასამართლოში ედავება. დავის საგანი საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი 500-ლარიანი ჯარიმაა. პატრულმა დათო მას შემდეგ დააჯარიმა, როცა აღმოაჩინა, რომ მძღოლს მართვის მოწმობის უფლება შეჩერებული ჰქონდა, თუმცა დავით ს.-მ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
„თავდაპირველად ივლისში დამაჯარიმა საპატრულომ პარკირებაზე, მანქანის არასწორი გაჩერებისთვის. ჯარიმა 10 ლარი იყო და ვიცოდი, რომ ერთი თვის შიგნით უნდა გადამეხადა. ჯარიმა გადავიხადე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთი დღე დავიგვიანე. სექტემბერში ავტოსაგზაო შემთხვევა მქონდა და იქ მითხრა პატრულის თანამშრომელმა, რომ მართვის მოწმობის უფლება შეჩერებული მაქვს. ამას ვასაჩივრებ მე. რომ დავაშავე რაღაც, ხო ამოყარეს იმ წუთას ყველაფერი და ნახეს, მანამდე რატომ არ შემატყობინეს, რომ მართვის უფლებას მიჩერებდნენ? მერე გამოვითხოვე დოკუმენტაცია საპატრულოდან და აღმოჩნდა, რომ 10-ლარიანი ჯარიმა 30 ლარი გამხდარა, რადგან თანხის გადახდა დავაგვიანე… შემდეგ მართვის მოწმობა შეუჩერებიათ, მაგრამ ხომ მქონდა უფლება, ეს მცოდნოდა? ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჯამში 1000 ლარით დამაჯარიმეს, აქედან 500 ლარით იმისთვის, რომ თურმე მართვის მოწმობა უკვე გაუქმებული მქონდა და ისე ვმართავდი მანქანას,“ – გვიყვება დავით ს. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა.
დავით ს.-ს და კიდევ რამდენიმე მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ რამდენიმე შემთხვევაში მოქალაქემ საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო და დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის მოქმედება უკანონოა.
პაატა დიასამიძე: „პარკირების წესების დარღვევის დროს, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენის შემდეგ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეს აღარ უგზავნის დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ, ასევე დადგენილებას მართვის უფლების შეჩერების შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის სახდელის სახედ და ზომად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოქალაქისთვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, მაგრამ დაუშვებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყება, თუ იგი ადრესატს არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.“
როგორ უნდა მოქცეულიყო პატრული, რომელმაც დავით ს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გააჩერა და საინფორმაციო ბაზიდან დადგინდა, რომ მძღოლს მართვის უფლებაც არ ჰქონდა? – იურისტის განმარტებით, პატრულის თანამშრომელს ადგილზე უნდა გადაეცა მოქალაქისთვის დადგენილება მართვის უფლების შეჩერებაზე და შემდეგ ჩამოერთმია მართვის მოწმობა. დაჯარიმება ამ შემთხვევაში უკანონოა.
„პატრულის თანამშრომელს ან უნდა მიეწოდებია მისთვის დადგენილება და ჩამოერთმია მართვის მოწმობა, ანუ დადგენილების აღსრულება მოეხდინა და თუ ადგილზე ვერ ჩააბარებდა დადგენილებას, მაშინ მართვის მოწმობაც ვერ უნდა ჩამოართვას,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე.
იურისტი იმ საკანონმდებლო ნორმებზე აკეთებს აქცენტს, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა წარმოადგენს არა მარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმს, არამედ მისი არსებობის წინაპირობას.
„ინდივიდუალური, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას მისი ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობით. შეუძლებელია, პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი ინდივიდუალური, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ინსტიტუტი პირდაპირ კავშირშია აქტის აღსრულების ინსტიტუტთან, ვინაიდან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება არის ადმინისტრაციული წარმოების მნიშვნელოვანი სტადია,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.
ყველა მსგავს დავაში საპატრულო პოლიცია აღნიშნავდა, რომ მოქალაქის თავდაპირველი დაჯარიმების დროს, ანუ პარკირების წესების დარღვევის დროს გამოწერილ საჯარიმო ქვითარს უკანა მხარეს აქვს დატანილი ინფორმაცია მოსალოდნელი სანქციის შესახებ, თუკი დაჯარიმებული თანხას დროულად არ გადაიხდის. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ ქვითარზე მინაწერს ინფორმაციული ხასიათი აქვს და არა სამართლებრივი.
საიას იურისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, საპატრულო პოლიცია მაინც სასამართლოსგან უკანონოდ მიჩნეულ წესს იყენებს.
„ამის უფლება საპატრულო პოლიციას აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლოს პრაქტიკას არ ითვალისწინებს,“ – დასძენს პაატა დიასამიძე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავსი ტიპის საქმეებზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ბათუმის მუნიციპალიტეტმა ქობულეთს ნაძვის ხე ათხოვა. ქობულეთის მერია ნათხოვარ ნაძვის ხეს მერიის წინ მდებარე მოედანზე დადგამს.
ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქობულეთის მერიამ მიმართა თხოვნით და იგი დაკმაყოფილდა. ბათუმის მერიამ ქობულეთს ის ნაძვის ხე გადასცა დროებითი სარგებლობის უფლებით, რომელიც გასულ წელს ორბელიანის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის სკვერში იდგა.
რატომ დასჭირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტს ნაძვის ხის თხოვება? – ქობულეთის მერის მოადგილე, დავით ვერულიძე ორ მიზეზს ასახელებს: „ლამაზი ნაძვის ხე გვინდოდა. გარდა ამისა, კარგი ნაძვის ხე საკმაოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებული“.
დავით ვერულიძის თქმით, ქობულეთის მერია ახლა მუშაობს ნაძვის ხეების განთავსებაზე და ჯერ არ არის ცნობილი, დაიდგმება თუ არა სადმე ის ნაძვის ხე, რომელიც გასულ წლებში იყო მერიის წინ მდებარე ცენტრალურ მოედანზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის გამოყენებით, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე 129 ერთეული პნევმატური პისტოლეტი შემოიტანა,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

6 მაისის პარკთან ნაძვის ხეს დგამენ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალეკო თევზაძე ამბობს, რომ ნაძვის ხის მორთვა რამდენიმე დღეში დასრულდება. მისი თქმით, ნაძვის ხის დადგმა 6 მაისის პარკთან ფინანსურ დანახარჯებს არ გამოიწვევს და ამას სააგენტო თავისი ძალებით აკეთებს.
ნაძვის ხის მორთვა უკვე დასრულდა ბათუმის ევროპის მოედანზე. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხე ორბელიანის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის სკვერში აღარ დაიდგმება. ბათუმის მერის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ნაძვის ხე თხოვნით ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცეს.
ამავე თემაზე:
მთავარი ფოტო: ნაძვის ხის მოწყობა 6 მაისის პარკთან/ როინ გუნდაძის ფოტო
დღეს, 6 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ იმერეთიდან, სამეგრელოდან და აჭარიდან 100-ზე მეტი მეწარმე ქალი შეიკრიბა ბიზნესის განვითარებაზე, ახალ გამოწვევებსა და მეწარმეთა საჭიროებებზე სასაუბროდ. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეხვედრის მონაწილეები ბიზნესის დაფინანსების, ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციებისა და ქალთა ბიზნესის წარმატების საკითხებზე საუბრობენ.
როგორც საქმიან ქალთა გაერთიანების პრეზიდენტმა, ეკატერინე მაისურაძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას განაცხადა: „დღეს ხელი მოეწერება საქმიან ქალთა გაერთიანებისა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ურთიერთგაგების მემორანდუმს. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესმენი ქალებისთვის. საქმიან ქალთა გაერთიანებისა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები დღეს ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, იდეებს. ჩვენი მიზანია გაერთიანების წევრები ერთმანეთს დავაკავშიროთ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს ბიზნესის გაფართოებაში, პროფესიისა თუ გამოცდილების მიუხედავად.

შეხვედრაში მონაწილეობენ როგორც დამწყები, ასევე წარმატებული მეწარმე ქალები.
შეხვედრას მართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი), აჭარის სამრეწველო პალატასთან, საქმიან ქალთა გაერთიანებასა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. შეხვედრა ევრობანკის მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ე. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა მან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 10 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ 996 აბი მიჰყიდა, რომლის საერთო წონა, ექსპერტიზის დასკვნით, 50,2697 გრამია. პოლიციამ ფული და დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით).

საქართველოს სამთო კურორტებზე სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნება. სასტუმროებსა და გესთჰაუსებში ნომრების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. „ნეტგაზეთი“ და „სოლვა“ გთავაზობთ სამ სამთო კურორტზე დასვენების პირობებსა და დროის სასიამოვნოდ გატარების გზებს.
საქართველოს სამთო კურორტებს შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა – (2190-2200მ) გუდაური მდებარეობს. კურორტი ალპურ ზონაშია გაშენებული. შესაბამისად, კურორტზე არ გვხვდება ხე-მცენარეები, რაც უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა. კურორტი გუდაური ოფიციალურად 1988 წელს გაიხსნა. დიდი ხნის განმავლობაში კურორტის ადგილას ძველი ფოსტის შენობა იყო აშენებული, რომელიც სამხედრო გზაზე – რუსეთიდან საქართველოსკენ მომავალი მგზავრებისთვის თავშესაფრის ფუნქციას ატარებდა.
გუდაური ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის იდეალური ადგილია. კურორტი პოპულარობით სარგებლობს სპორტის ექსტრემალური სახეობების მოყვარულებს შორისაც, რადგან აქ თოვლის საფარის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს.

ფოტო: Juozas Šalna
მანძილი: თბილისიდან – 120 კმ
მგზავრობის ღირებულება სამარშრუტო მიკროავტობუსით – 10 ლარი.
ორადგილიანი ნომერი სასტუმრო “გუდაური რეზიდენსში” – 850 ლარი.
გუდაურიდან 10-15 კილომეტრის რადიუსში გესთჰაუსში ოთახს 350 ლარად იქირავებთ.
(ფასი მოცემულია 10-17დეკემბრის პერიოდისთვის)
მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, გუდაურში 30-მდე სასტუმრო და გესთჰაუსია. გარდა ამისა, კურორტზე არის 8 აპარტოტელი. გუდაურის სამხედრო გზაზე ორი დიდი რესტორანია, ხოლო უშუალოდ მთაზე დიდი და მცირე ზომის 20 კაფე-ბარი ფუნქციონირებს. ასევე, კურორტზე არსებულ მცირე ზომის 30-მდე ჯიხურში შეიძლება შეიძინოთ როგორც ალკოჰოლური, ისე უალკოჰოლო სასმელები და საკვები.
ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტია საქართველოში. კურორტი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანში უნიკალური ჰავაა, რადგან კურორტი ფიჭვნარითა და ნაძვნარით არის გარშემორტყმული, ისტორიული წყაროების მიხედვით, გასული საუკუნის 30-იან წლებში ბაკურიანში უკვე ფუნქციონირებდა სათხილამურო ბაზა და საბავშვო სანატორიუმები.
დღეს ბაკურიანში მოქმედებს სხვადასხვა სირთულის 12 კეთილმოწყობილი სათხილამურო ტრასა. ტრასები გათვლილია როგორც პროფესიონალ მოთხილამურეებზე, ასევე დამწყებებზე.

ფოტო: მთის კურორტების განვითარების სააგენტო
მანძილი: თბილისიდან – 180 კმ.
მგზავრობის ღირებულება სამარშრუტო მიკროავტობუსით – 7 ლარი.
ორადგილიანი ოთახი სასტუმრო “არტ ვილა ბაკურიანში” – 560 ლარი.
(ფასი მოცემულია 10-17დეკემბრის პერიოდისთვის)
მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ბაკურიანში დაახლოებით 250 სასტუმრო და გესთჰაუსია. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს 35 ერთეული კაფე-რესტორანი, სადაც დრო სასიამოვნოდ შეიძლება გაატაროთ.
სამთო კურორტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ადგილი მესტიაა. მესტია ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. სვანეთის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი – უშგული კი ზღვის დონიდან 2060-2200 მეტრზეა. გარდა უშგულისა, მესტიაში აუცილებლად უნდა მოინახულოთ ახალი სამთო-სათხლამურო კურორტები – ჰაწვალი და თეთნდულდი.
თეთნულდი სწრაფად ვითარდება – გეგმის მიხედვით, თეთნულდის სათხილამურო ტრასა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. სათხილამურო პერიოდი თეთნულდზე 6-7 თვე გრძელდება.

ფოტო: გოგა ჩანადირი
მანძილი: თბილისიდან – 455 კმ.
მგზავრობის ღირებულება სამარშრუტო მიკროავტობუსით – 40 ლარი.
ორადგილიანი ოთახი გესთჰაუსში “ავრორა” – 500 ლარი.
(ფასი მოცემულია 10-17დეკემბრის პერიოდისთვის)
მესტიაში დაახლოებით 150 სასტუმრო და გესთჰუსია, ასევე მუშაობს 30-მდე კაფე-ბარი. თითო-თითო კაფე არის უშგულსა და ჰაწვალზე, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება.
პირველი, რაც სამთო კურორტზე დაგვჭრიდება, ეს სრიალისთვის საჭირო აღჭურვილობაა. მაღაზია “მაგელანში” ტრასაზე სრიალისთვის საჭირო – თხილამური, ბათინკა, სათხილამურო ჯოხები, სათვალე, ჩაფხუტი, შარვალი და ქურთუკი – 1700-2500 ლარი ღირს.
ხოლო, სნოუბორდი, სნოუბორდის სამაგრი, ბათინკა, ჩანთა, შარვალი, ქურთუკი, სათვალე და ჩაფხუტი – 2400-3000 ლარი დაგიჯდებათ.
მაღაზია “იქსტრიმში” ტრასისთვის საჭირო იგივე ეკიპირება – 1400-1900 ლარი ღირს, ხოლო სნოუბორდი, სნოუბორდის სამაგრი, ბათინკა, ჩანთა, შარვალი, ქურთუკი, სათვალე, ჩაფხუტი – 1800-2500 ლარი.
არსებობს უფრო ძვირადღირებული აღჭურვილობაც. ორივე შემთხვევაში ფასები დამოკიდებულია ინვენტარის ხარისხსა და მწარმოებელზე.
გაატარეთ ზამთრის დღეები საქართველოს მთის კურორტებზე სასიამოვნოდ, ხოლო თუ თანხა გაკლდებათ, მიმართეთ „სოლვას“. სოლვა-ში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 3000 ლარამდე ონლაინ სამომხმარებლო სესხი სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.
Solva-ს სერვისით სარგებლობა შეუძლია 20 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სოლვას ქოლცენტრში. ტელ.: +995 322 50 00 22, მოგვწერეთ Facebook-ზე: www.facebook.com/SolvaGeo, ან ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.solva.ge
Solva.ge საერთაშორისო სწრაფად მზარდი ჯგუფი, ID Finance-ის წევრი კომპანიაა. ID Finance გასცემს ონლაინ სესხებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, ბელორუსში, ყაზახეთსა და ბრაზილიაში.
მელიქიშვილის ქუჩის ტროტუარზე გავლა შეუძლებელია. მოსკოვის ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე ტროტუარზე ფილების და მიწის გროვაა, დგას წყალიც. მოსახლეობის თქმით, ტროტუარზე მილები დაახლოებით სამი კვირის წინ ჩაყარეს, რის შემდეგ ტროტუარი ამოყრილი დატოვეს და აღარავინ გამოჩენილა.
მელიქიშვილის ქუჩაზე ამოყრილი ტროტუარის მიტოვებას ადასტურებენ ბათუმის მერიაში. მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ ელექტროსადენების გასაყვანად ტროტუარი 23 ნოემბერს უნებართვოდ გათხარა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“.
„უნებართვოდ წარმოებული სამუშოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადავაგზავნეთ სასამართლოში. სასამართლოს ეს შემთხვევა ამ დრომდე არ განუხილავს,“ – გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ტარიელ გოგიტიძემ.
მერიის წარმომადგენლის განმარტებით, 24 ნოემბერს ადგილზე მივიდა ენერგოკომპანიის წარმომადგენელიც, რომელიც ტროტუარის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანას დაჰპირდა. „თუმცა, ამ დაპირების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ტროტუარი ისევ იგივე მდგომარეობაშია,“- დასძენს ტარიელ გოგიტიძე.
თუკი სასამართლო მერიის მიერ დადგენილ სამართალდარღვევას დაადასტურებს, ენერგოკომპანია 1000 ლარით დაჯარიმდება. დაჯარიმებიდან 10 დღეში კი, თუკი ტროტუარს არ მოაწესრიგებენ, მერიას ენერგოკომპანიის 3 ათასი ლარით დაჯარიმების უფლება ექნება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე მაღალი ძაბვის სადენები გაიყვანეს და ეს შეთანხმებული იყო ბათუმის მერიასთან. კომპანიის განმარტებით, სადენების გაყვანა ამ დრომდე გაგრძელდა, მომდევნო სამ დღეში კი, კომპანია ტროტუარს აღადგენს და თავდაპირველ მდგომარეობაში მოიყვანს.
რატომ ითხოვს მერია კომპანიის დაჯარიმებას, თუკი მერიასთან სამუშაოები შეთანხმებული იყო? – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელი ხაზის ოპერატორმა გვიპასუხა, რომ ამ ინფორმაციას ვერ მოგვაწოდებდა. მან რომელიმე პასუხისმგებელ პირთან დაკავშირებაზე უარი გვითხრა.
დაზიანებულ მონაკვეთთან მდებარეობს სკოლა, საბავშვო ბაღი და საავადმყოფო. ბავშვებს მარტო და მშობლებთან ერთად, პირდაპირ ქუჩაში, სწრაფად მოძრავი მანქანების რიგებში უწევთ გადაადგილება. შესაბამისად, მათთვის უსაფრთხო გადაადგილების არავითარი გარემო არ არსებობს.

„მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე ბათუმის კულტურის ცენტრს შესყიდვების სააგენტომ უარი უთხრა.
ბათუმში, საახალწლო კონცერტებში დაგეგმილია ჯგუფების -„მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან მათთვის 83 750 ლარის გადახდა იყო გათვალისწინებული. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, „მგზავრებს“ 67 500 ლარი, ხოლო „გამოუვალ მდგომარეობას“ 16 250 ლარი უნდა მიეღო ჰონორარის სახით. „მგზავრების“ კონცერტი ბათუმში მიმდინარე წლის 31 დეკემბერსაა დაგეგმილი, ხოლო „გამოუვალი მდგომარეობის“ – მომავალი წლის 2 იანვარს.
ბათუმის კულტურის ცენტრი ჯგუფების მომსახურების გამარტივებულ [ტენდერის გარეშე] შესყიდვას ექსკლუზიური უფლბამოსილებით ხსნიდა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ გაიზიარა:
კულტურის ცენტრს მითითებული ჰქონდა ასევე, რომ ღირებულებებში შედის „საახალწლო ღონისძიებებში ჯგუფის მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯი (ტრანსპორტირება, სასტუმროსა და კვების ხარჯები)“.
5 დეკემბერს, ბათუმის კულტურის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობასთან“ დაკავშირებით ხელახლა მიმართა. ამ შემთხვევაში ჯგუფისთვის გადასახდელი თანხა შემცირებულია და ნაცვლად 16 250 ლარისა, 15 000 ლარით განისაზღვრა. სააგენტომ კულტურის ცენტრს 9 დეკემბრამდე უნდა უპასუხოს.
რაც შეეხება „მგზავრებს“, კულტურის ცენტრის დირექტორის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, ამ ჯგუფთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ძირითადად თანხებთან დაკავშირებით.
„თუ შესყიდვების სააგენტო მაინც უარს იტყვის გამარტივებულ შესყიდვაზე, მაშინ კულტურის ცენტრი ამ ჯგუფებს სხვებით ჩაანაცვლებს“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ჯონი საბაშვილმა.
ჯგუფების წევრებისთვის გათვალისწინებული ჰონორარები [შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან]:
საახალწლოდ ბათუმში სხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.
ღონისძიებების პროგრამა და განრიგი ამ დროისთვის არსებული პროექტით ასეთია:

ქალაქის მორთვისა და მთავარი სცენისთვის დეკორაციების შესყიდვის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, განცხადებების მიღების ბოლო ვადა 4 დეკემბერი იყო. შესყიდვის ბიუჯეტი კი – 317 000 ლარი. ამ ტენდერში მხოლოდ ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც შესაბამისი მომსახურება ცენტრს 258 400 ლარად შესთავაზა. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“.
8 დეკემბერს, აჭარაში, ჩაქვის #1 საჯარო სკოლაში და ქედაში, დემოკრატიის ინსტიტუტის ქედის ოფისში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „რატომ გვჭირდება მამაცი ქალები“ .
ლექციების დაწყების დრო:
ჩაქვის #1 საჯარო სკოლა, დასაწყისი: 10:00 საათი
ქედა, დემოკრატიის ინსტიტუტის ქედის ოფისი, ტბელ აბუსერიძის #10 დასაწყისი: 14:00 საათი
პროექტი „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ხოციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი-ს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.
ირანელი ანიმატორი, ილუსტრატორი და მომღერალი მარჯან ფარსადი 1983 წელს დაიბადა.
„Blue Flowers“ მისი სიმღერების 2014 წელს გამოცემული პირველი ალბომია. მელოდიების სისადავე, სამყაროსადმი დამოკიდებულება, მომღერლის თვითგამოხატვის დახვეწილი, ჰარმონიული ფორმა მარტივად იპყრობს მსმენელის ყურადღებას. ძველი, ირანული მუსიკის ელემენტები და თანამედროვე ჟღერადობის შერწყმა მომღერლის პირველ ალბომს განსაკუთრებულ, ორიგინალურ კრებულად აქცევს.
„ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ მუსიკის წერა მამშვიდებს და მიმსუბუქებს დარდს, როცა მოწყენილობა შემომიტევს ან როცა უსიამოვნო ფიქრებს ვერ ვუმკლავდები. მუსიკის და ტექსტების წერა მეხმარება უკონტროლო ემოციები რაიმე ხელშესახებზე გადავიტანო და სიმძიმისგან გავთავისუფლდე. ალბომში შესულ სიმღერებს ექვსი წლის განმავლობაში ვწერდი. ტექსტიც და მუსიკაც ძალიან პირად შეგრძნებებზე იყო, თავიდან არ ვგეგმავდი ყველაფერი გამესაჯაროვებინა, მაგრამ ახლა მინდა ხალხს მოვასმენინო რასაც ვმღერი. შეიძლება სხვასაც ისეთივე საწუხარი აქვს, რაც მე“, – აღნიშნა მარჯან ფარსადმა სიმღერების პირველი ალბომის გამოსვლისას.
მარჯან ფარსადი სპარსულად მღერის. პირველ ალბომში ცხრა სიმღერაა შესული. მათგან ყველაზე ცნობილი „Khooneye Ma“ ბავშვობის მშობლიურ სახლზეა. სიმღერის ანიმაციურ კლიპზეც მომღერალმა იმუშავა.
მარჯან ფარსადი

მარჯან ფარსადი ანიმაციებზეც მუშაობს. თუკი სიმღერები რომანტიულ, ნოსტალგიურ განწყობას ქმნის ანიმაციების „Golbahar”, „Sheep says baa,Baa ” საშუალებით პირიქით, ირანელი არტისტი პრობლემურ თემებს, გარემოს დაცვასა და ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებს. ანიმაციების სანახავად გადადით ლინკზე
ინგა გოგიბერიძე, მწერალი
როცა ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“ დირექტორმა, მარინა ცივაძემ სკოლის „უშტატო კორესპოდენტობა“ შემომთავაზა, მაშინვე ვიცოდი, რომ ჩემი პირველი წერილი წიგნზე და იმ სიკეთეზე იქნებოდა, რაც წიგნებთან ურთიერთობას მოაქვს. ვათვალიერებ „ევრო-2000“-ს ვებგვერდს, სადაც უამრავი აქტივობის ფოტოა – გერმანულ-ფრანგული ენების კვირეული, სასკოლო კლუბის „ფრანკომანების“ შექმნა, საჩვენებელი გაკვეთილები საინტერესო თემებზე, შეხვედრები საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეების წარმატებები და უამრავი სხვა.
თვალში მაინც 11 ნოემბრის ამბის ამსახველი ფოტოები მხვდება. ამ ფოტოებზე ცოდნასთან ერთად სიკეთე თვალებიდან და ხელებიდან მოედინება და სიკეთის ყულაბაში ჩაედინება. ამ ყულაბაში შეგროვილ სიკეთეს კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ბიბლიოთეკასთან არსებული პროექტი „ეკვილიბრიუმი“ და მე, თქვენი მონამორჩილი, მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გავანაწილებთ: არ გავწყვეტთ იმ ოქროს ჯაჭვს, რომლითაც 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მაღალმთიან სოფლებში კვლავ იხსნება ბიბლიოთეკები, სკოლის ბიბლიოთეკები ახალი, თანამედროვე წიგნებით მდიდრდება, იხსნება კომპიუტერული ცენტრები იქ, სადაც ინტერნეტი აქამდე მიუწვდომელი გვეგონა.
სწორედ ამ პროექტში ჩაერთო სკოლა „ევრო-2000“ – ჯერ მეორე „ბ“ კლასი (დამრიგებელი ირმა გათენაძე) და მესამე „ბ“ კლასი (დამრიგებელი ცირა ქობულაძე), შემდეგ მეორე „დ“ კლასი (დამრიგებელი ჯულიეტა კალანდაძე).
ბავშვებმა გადაწყვიტეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის თანატოლებისთვის წიგნები გაეგზავნათ: შეიძინეს წიგნები, ზოგიც სახლიდან მოიტანეს, გამოჭრეს პატარა გულები, ზედ საკუთარი სახელები დააწერეს, ყულაბაში ჩაყარეს და დაელოდნენ პასუხს… იქნებ მადლობასაც… აბა რას იტყოდნენ თანატოლები?… „ამბის წამოსაღებად“ კი პროექტ „ეკვილიბრიუმს“ ხუცუბანში, ბათუმიდან ჩვენი ჯგუფიც შეუერთდა – მარინა ცივაძის, ნონა ზოსიძის და ცირა ქობულაძის შემადგენლობით.
სიკეთე და სიყვარული გადამდებია…და ეს ძალიან ადვილია… მხოლოდ მონდომებაა საჭირო …
2017 წლის 11 ნოემბერს, კერძო სკოლა „ევრო-2000“-ის მოსწავლეებმა ხუცუბნის საჯარო სკოლას 484 ლარის წიგნები გადასცა საჩუქრად.
გაიზრდება თუ არა ხელფასები საჯარო სამსახურებში 2018 წლიდან? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემთხვევაშიც კი, ბიუჯეტების პროექტებში არსებული სახელფასო ფონდები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელფასები გაიზარდოს. თუმცა ჯერ არც ბიუჯეტებია დამტკიცებული და არც ის კანონი, რომელმაც ხელფასების ოდენობა და გაცემის წესი უნდა განსაზღვროს. დიდი ალბათობით საჯარო მოხელეებს არც დღეს არსებული ხელფასები შეუმცირდებათ.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული საბაზისო თანამდებობრივი სარგო – 1000 ლარი, გამრავლდება კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და ეს იქნება საჯარო მოხელის ერთი თვის თანამდებობრივი სარგო, ანუ ერთი თვის ხელფასი.
ამავე კანონპროექტით, სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასის განსაზღვრის ეს წესი 2021 წლიდან ამოქმედდება. 2018-2020 წლებში კი, აღნიშნული თანამდებობის პირები აიღებენ იმდენივე ხელფასს [ყოველ შემთხვევაში არაუმეტესს], რამდენიც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის ამოქმედების დროისთვის ექნებათ დადგენილი.
აჭარაში, კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებს, მომავალ წელს ხელფასი ექნებათ იმდენი, რამდენიც კანონის მიღების დროისთვის.
მაგალითად, დღევანდელი მდგომარეობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასია 5792 ლარი თვეში [თანამდებობრივ სარგოს – 3 310 ლარს დამატებული დანამატი – 2 482 ლარი]; ანუ, მთავრობის თავმჯდომარე თვეში იღებს 4 633 ლარს ხელზე.
აჭარაში 4 მინისტრია. მათი ხელფასებიც იდენტურია – 4 760 ლარი [2 720 – სარგო, 2 040-დანამატი]. ანუ, თითოეული მინისტრი ხელზე თვეში 3 808 ლარს იღებს.
შრომის ანაზღაურების ახალი წესის დამტკიცების შემთხვევაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი შესაძლოა მაქსიმუმ 8 500 ლარით, ხოლო აჭარის მინისტრის – 6 000 ლარით განისაზღვროს [ხელზე შესაბამისად, 6 800 და 4 800 ლარი]. ამასთან, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტით მათ დანამატისა და ფულადი ჯილდოს [პრემიის] მიღებაც შეეძლებათ [ისინი დღეს პრემიებს არ იღებენ].
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სამინისტროებში, თანამდებობების შესაბამისად, ხელფასებიც ერთნაირია. თუმცა, განსხვავებაა ერთსა და იმავე პოზიციაზე აჭარის მთავრობის აპარატში დასაქმებულ და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოხელეების ხელფასებს შორის.
მაგალითად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის [დეპარტამენტის უფროსი] ხელფასი მთავრობის აპარატში არის 2 832 ლარი, ხოლო სამინისტროში – 2 464 ლარი [შესაბამისად, ხელზე ასაღები – 2 265 და 1 971 ლარი]. რაც შეეხება ყველაზე დაბალ თანამდებობას – მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მთავრობის აპარატში ხელზე იღებს 712 ლარს, ხოლო სამინისტროში – 496 ლარს [პრემიების გარეშე].
ახალი კანონის დამტკიცების შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელფასი შესაძლოა განისაზღვროს მინიმუმ 1000 ლარიდან მაქსიმუმ 3 500 ლარის ფარგლებში, ხოლო მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ხელფასი – მინიმუმ 100 ლარიდან მაქსიმუმ 800 ლარის ფარგლებში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ხელფასების დაანგარიშება 2018 წლისთვის თითოეულ დასაქმებულზე მოხდება იმგვარად, რომ ფაქტობრივად შენარჩუნდება დღეს არსებული ხელფასების ის ოდენობა, რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს ერთად.
2018 წლის იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც ფულადი ჯილდო დაერქმევა. თუმცა, დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10%-ს.
2018 წლიდან საჯარო სამსახურებში შრომითი ხელშეკრულებით ხალხის დასაქმება, შესაძლოა შეიზღუდოს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტი ზღუდავს საჯარო დაწესებულებებში შტატგარეშე, ანუ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობას და აწესებს ზღვრულ ოდენობებს, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომლის აყვანის უფლება ექნება კონკრეტულ უწყებას.
პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების [მრჩეველი, თანაშემწე] რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ უწყებაში შტატით დასაქმებულთა რაოდენობის 10%-ს, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა [დამლაგებელი, მძღოლი, ექსპერტი, სპეციალისტი] რაოდენობა – შტატით დასაქმებულთა 5%-ს [ეს შეზღუდვა არ ვრცელდება წარმომადგენლობით ხელისუფლების ორგანოებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე].
12 დეკემბერს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართება მწერალ აკა მორჩილაძესთან. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აკა მორჩილაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწერლების ყოველდღიურობა და ყოფა მე–19 საუკუნეში: ილია, აკაკი, ვაჟა, ყაზბეგი და სხვა“.
საჯარო ლექცია 12:00 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება. ლექციების ციკლი „ვიცის“ ფარგლებში გაიმართება. „პროექტის ფარგლებში საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს“.
ბსუ-ს ინფორმაციით, აკა მორჩილაძე სტუდენტებს ინტერაქციულ რეჟიმში შეხვდება და მათ სპეციალურად „ვიცისთვის“ შექმნილ ლექციათა ციკლს შესთავაზებს.
2016 წლის ივნისიდან ამოქმედდა „დავების განმხილველი ცენტრის“ (DRC)-ის საარბიტრაჟო წარმოების წესების ახალი რედაქცია, რომელმაც მრავალი სიახლე შესთავაზა დავების ალტერნატიული განხილვის მექანიზმით – არბიტრაჟით დაინტერესებულ პირებს. წესების შემუშავებაში მონაწილეობდნენ DRC არბიტრები და სასამართლოს წევრები. მისი შექმნისას გათვალისწინებული იქნა როგორც საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისათვის დამახასიათებელი სტანდარტები, ასევე 2008 წლიდან ფუნქციონირების შედეგად მიღებული გამოცდილება.
გთავაზობთ ინტერვიუს დავების განმხილველი ცენტრის (DRC )გენერალურ დირექტორთან, მაკა ნაჭყებიასთან.

– რა არის თქვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები?
– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ დავის სწრაფად და ნაკლები ხარჯებით განხილვა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ და დავნერგეთ საარბიტრაჟო განხილვის ელექტრონული წარმოება, რომლის ანალოგიც ჩვენს რეგიონში სხვა საარბიტრაჟო ინსტიტუტებს არ გააჩნიათ. ჩვენ ასევე ვზრუნავთ, გაიზარდოს არბიტრთა საზოგადოება. DRC -ის სასამართლო ყურადღებით ეკიდება DRC -ის არბიტრთა სიაში ახალი წევრების მიღებას. აღსანიშნავია, რომ DRC -ი მხარს უჭერს საქართველოს არბიტრთა ასოციაციას, მათ შორის ფინანსურად, რათა გაიზარდოს ქვეყანაში არბიტრაჟის მიმართ ცნობადობა, სახელმწიფო სასამართლოთა მხარდაჭერა, არბიტრთა კვალიფიკაცია. ასევე, ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებას და მხარეებს ყოველთვის სჯეროდეთ, რომ საარბიტრაჟო განხილვის სამართლიანობა, არბიტრთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ყოველგვარ ეჭვს მიღმაა.
– რა უპირატესობები აქვს დავების განმხილველ ცენტრს (DRC –ს) სხვა საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან შედარებით?
– უნდა აღინიშნოს, რომ DRC -ი არ არის დაფუძნებული სახელმწიფოს ან სახელმწიფო დაწესებულების მიერ, DRC -ის ძირითადი დამფუძნებელია არასამეწარმეო იურიდიული პირი „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“. DRC -ის სტრუქტურა და საარბიტრაჟო განხილვის წესები ქმნის დავის ნეიტრალური საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტის გარანტიებს. მნიშვნელოვანი უპირატესობაა DRC -ის საქმის წარმოების წესების ხარისხი.
ჩვენ დავების ელექტრონული წარმოება 2012 წლიდან დავიწყეთ, თუმცა 2014 წელს ამგვარი დავების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქმის ელექტრონული წარმოება საშუალებას აძლევთ მხარეებს ოფისიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტისა და DRC -ის ვებპროგრამის მეშვეობით მიიღონ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობა, გაეცნონ საქმესთან დაკავშირებულ ინ ფორმაციას და არბიტრაჟის გადაწყვეტილებებს.
ამასთან, DRC -ის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფორმალური შემოწმება. წესების შესაბამისად, დაუშვებელია მხარეებისათვის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადაცემა, ფორმალური შემოწმების და Dღჩ-ის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცების გარეშე. სასამართლო ამოწმებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმას და ასევე უფლებამოსილია შენიშვნები მისცეს ტრიბუნალს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით, რათა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იყოს მოტივირებული, ნათელი და წინააღმდეგობების გარეშე. ფორმალური შემოწმება უზრუნველყოფს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მაღალ ხარისხს და ამცირებს სახელმწიფო სასამართლოს მიერ მისი გაუქმების რისკს.
– რომელი მხარეების ან რა ტიპის დავებისათვის არის არბიტრაჟი ეფექტური?
– უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრაჟი ეფექტურია ნებისმიერი ტიპის ქონებრივი დავის გადაწყვეტისათვის. საარბიტრაჟო განხილვა სწრაფია და ნაკლებხარჯიანი. ერთი შეხედვით, არც ისე დაბალი საარბიტრაჟო ხარჯი, მაინც მნიშვნელოვნად მცირეა სასამართლო დავის ხარჯთან შედარებით, თუ მხედველობაში მივიღებთ სასამართლოში დავის სამ ინსტანციაში და ხანგრძლივ განხილვას, გრძელვადიან განხილვაში ადვოკატის მომსახურების ხარჯს და მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადას. აღსანიშნავია საერთაშორისო კომერციული დავების არბიტრაჟში განხილვის უპრატესობა.
სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტებს შორის გარიგების დადებისას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დავა განიხილოს არა გარიგებაში მონაწილე რომელიმე მხარის სახელმწიფო სასამართლომ, არამედ ნეიტრალურმა დავის განმხილველმა ინსტიტუტმა. ამასთან, საარბიტრაჟო ინსტიტუტის – DRC-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სხვა ქვეყნებში უზრუნველყოფილია ნიუ იორკის 1958 წლის კონვენციით. ამ კონვენციაზე მიერთების შედეგად რეგიონის ყველა ქვეყანას ნაკისრი აქვს ვალდებულება, ცნოს და აღასრულოს უცხო ქვეყანაში მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
– რა უნდა გაითვალისწინონ მხარეებმა საარბიტრაჟო დათქმის შედგენისას?
– მე გამოვყოფდი მხოლოდ ორ საკითხს. მხარეებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ დავის განხილვას და ვურჩევდი გამოიყენონ ამ საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ რეკომენდებული საარბიტრაჟო დათქმა. DRC -ის რეკომენდებული საარბიტრაჟო დათქმა მარტივია, ნათელია და უზრუნველყოფს, გარიგებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა მოექცეს არბიტრაჟის კომპეტენციაში.
დღეს, 5 დეკემბერს, ბათუმში, შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარე ბათუმის პირველი ენერგოეფექტური სკვერი ოფიციალურად გაიხსნება.
სკვერში სპეციალურ მოწყობილობაზე მიერთებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, უზრუნველყოფს არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა და ეზოს განათებას.
სკვერში ასევე დამონტაჟდება მზის ელემენტებით აღჭურვილი კონსტრუქცია USB დასამუხტი წერტილებით, სადაც შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონების დამუხტვა, ასევე სკვერში ხელმისაწვდომი იქნება უფასო Wi-Fi.
პროექტს, „გარე განათების სექტორიდან ნახშიროჟანგის ემისიის შემცირების სტიმულირება ბათუმის მუნიციპალიტეტში“, რომლის ფარგლებშიც სკვერი მოეწყო, ბათუმის მერიასთან ერთად „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს, ხოლო დონორ კომპანიას გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) წარმოადგენს.
პროექტის მიზანია შექმნას გარე განათების სისტემაში განახლებადი ენერგიის გამოყენების სადემონსტრაციო პრეცედენტი.
სკვერის ოფიციალურ გახსნას ბათუმის მერი, მოწვეული სტუმრები, სპეციალისტები და პროექტის მონაწილეები დაესწრებიან.
ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, კომპანია „ორბის“ მშენებარე ობიექტზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. სამუშაოების შესრულების დროს მძიმე ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი მოიყოლა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი, პოლიციისa და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მამაკაცი უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.