შსს-ს განმარტება სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ რვა ბავშვთან დაკავშირებით

შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ რვა ბავშვთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება გაარკვევს, არიან თუ არა ბავშვები შინაპატიმრობაში.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სვანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი. ჩვენ, ის რაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ. დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე იძულების მუხლით დავიწყეთ, თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, საკითხი სენსიტიურია, კომპლექსურია, არასრულწლოვნები არიან ამ პროცესებში ჩართულები და, შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ სოციალური სამსახურების როლიც ამ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

გამოძიება მიმდინარეობს, ჩავატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს და ახალი დეპარტამენტის კონტექსტში გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რომ ყველა მხარე, რომელსაც ამ საქმისადმი აქვს ინტერესი, მზად ვართ, რომ ამ ახალი დეპარტამენტის კონტექსტში შევხვდეთ ამ ადამიანებს, გავესაუბროთ და ერთობლივად მივიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება.

ეს პროცესი გაგრძელდება არასამთავრობო სექტორთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოსაგვარებელი საკითხი.

ეს ადამიანები შინაპატიმრობაში იმყოფებიან თუ არა, ამ საკითხს გამოძიება დაადგენს. ამიტომ დაიწყო გამოძიება, რომ გავარკვიოთ არიან თუ არა შინაპატიმრობაში. ჩვენთვის როგორც კი გახდა ცნობილი, რეაგირება დაუყოვნებლივ მოვახდინეთ და დავიწყეთ გამოძიება“.

რვა არასრულწლოვანს თითქმის ათი წელია მშობლების მიერ შეზღუდული აქვს გადაადგილების, სკოლაში სიარულის და სხვა უფლებები. ამის თაობაზე განცხადება დღეს, 29 იანვარს, სოციალური მომსახურების სააგენტომაც გაავრცელა.

მთავარი ფოტო: კადრი „რუსთავი 2“-ის მიერ დევნოზაშვილების ოჯახთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტიდან.

 

 

„სტალინის სიკვდილი” – რუსეთში აკრძალულ ფილმს საქართველოში აჩვენებენ

შოტლანდიელი რეჟისორის, არმანდო იანუჩის კომედიის – „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება რუსეთში კულტურის სამინისტრომ აკრძალა.

საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდზე, სტალინის სიკვდილზე, გადაღებული ფილმი  პოლიტიკური შეხლა-შემოხლის კომედიური ვერსიაა. ფილმი შოტლანდიელმა რეჟისორმა, არმანდო იანუჩიმ, ფრანგი სცენარისტის, ფაბიენ ნურის გრაფიკული რომანის მიხედვით შექმნა, რომელიც სტალინის მოულოდნელ სიკვდილს და 1953 წლის შემდეგ გამეფებულ პოლიტიკურ ქაოსს ასახავს.

სტალინის როლს ფილმში ედრიან მაკლაფლინი ასრულებს, ნიკიტა ხრუშჩოვს – სტივ ბუშემი, ლავრენტი ბერიას – საიმონ რასელ ბილი, სვეტლანა სტალინს კი – ანდრეა რაიზბორო.  ფილმის IMDB რეიტინგი ამ დროისათვის არის – 7.6.

ფილმ „სტალინის სიკვდილის” პოსტერი: საიმონ რასელ ბილი ბერიას როლში

პოლიტიკურ სატირად შეფასებული ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის 20 ოქტომბერს შედგა ევროპასა და ამერიკაში.

მიუხედავად აკრძალვისა, რუსეთში ფილმი მაინც აჩვენეს 25 იანვარს კინოთეატრ „პიონერში“. „ბიბისის“ ჟურნალისტის ცნობით, მაყურებლებს შორის არ იგრძნობოდა ფილმის მიმართ პროტესტი და რაიმე სახის გაღიზიანება. მაყურებლების ერთი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ფილმი უბრალოდ აინტერესებდა და იმიტომ მივიდა, ზოგიერთი კი მიიჩნევდა, რომ რახან ფილმი კულტურის სამინისტრომ აკრძალა, აუცილებელია მისი ნახვა და ეს აკრძალვა ხალხის ინტერესსაც აორმაგებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დარბაზში რამდენიმე სავარძელი თავისუფალიც კი დარჩა და ვერ ვიტყვით, რომ ანშლაგი იყო.

„უკანონო” კინოჩვენება

კინოგაქირავების მოწმობა დოკუმენტია, რომლის გარეშეც რუსეთში კინოთეატრებს არ აქვთ უფლება, აჩვენონ ფილმი. მოსკოვის კინოთეატრმა ,,პიონერმა“ კულტურის სამინისტროსგან ვერ მიიღო კინოგაქირავების მოწმობა ფილმისთვის „სტალინის სიკვდილი“, მაგრამ მიუხედავად აკრძალვისა, მათ ფილმი მაინც აჩვენეს. რუსეთის კულტურის სამინისტრომ ბრიტანელი რეჟისორის კომედიის ჩვენება ოფიციალურად 23 იანვარს აკრძალა.

მას შემდეგ, რაც „პიონერმა“ „აკრძალული“ ფილმი აჩვენა, რუსეთის კულტურის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „კინოთეატრის წინააღმდეგ, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ აკრძალულ და დაწუნებულ ფილმს აჩვენებს,  ადმინისტრაციული კანონდარღვევის მუხლით აღიძვრება საქმე,” – ნათქვამია განცხადებაში.

კინოსკანდალის ისტორია

„სტალინის სიკვდილის“ პირველი, დახურული კინოჩვენება რუსეთში 18 დეკემბერს გაიმართა. 22 იანვარს კი ფილმის სპეციალური ჩვენება მოეწყო კულტურის სამინისტროში, რომელსაც ესწრებოდნენ:  კინორეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი, პროდიუსერი, ლეონიდ ვერეშაგინი და რუსეთის სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,  ელენა დრაპეკო.

მეორე დღეს მათ წერილობითი  თხოვნით მიმართეს კულტურის მინისტრს, ვლადიმირ მედინსკის, რომ სამინისტროს არ დაეშვა ფილმის საჯარო ჩვენება. რეჟისორები მიხალკოვი და ვლადიმირ ბორტკო, მწერალი იური პოლიაკოვი და სხვები წერილში აღნიშნავდნენ, რომ „ეს არის ღვარძლიანი და სრულიად უადგილო, თითქოს კომედია, რომელიც სინამდვილეში ჩირქს სცხებს ჩვენი წინაპრების ხსოვნას, რომლებმაც ფაშიზმზე გაიმარჯვეს“.

ფილმი ასევე შეაფასა რუსეთის კულტურის სამინისტროს იურისტთა ჯგუფმა, მათაც მოითხოვეს, რომ ფილმის კინოგაქირავების ნებართვა არ მიეცათ არც ერთი კინოთეატრისთვის.

კულტურის სამინისტროს იურისტების აზრით, ეს არის ფილმი, რომელიც ასახავს სტალინის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლების გადანაწილების პროცესს, რაც ექსტრემიზმის ნიშნებს შეიცავს.

„ფილმ „სტალინის სიკვდილის“ მიზანი შუღლის, მტრობის გაღვივება და რუსი (საბჭოთა) ადამიანის ღირსების შელახვაა,“ – ნათქვამია იურისტების განცხადებაში.

განცხადებებისა და მოწოდებების შემდეგ, 23 იანვარს, ფილმის პრემიერამდე ორი დღით ადრე,  რუსეთის კულტურის სამინისტრომ კინოთეატრებისთვის ფილმის გაქირავების  გაცემული მოწმობა უკან გაითხოვა და „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება აკრძალა, რაც პირველი შემთხვევაა თანამედროვე რუსეთის პრაქტიკაში.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა მინისტრ მედინსკის განცხადება: „ძველი თაობის ბევრი წარმომადგენელი ფილმს საბჭოთა წარსულის, ქვეყნის დამამცირებელ დაცინვად მიიღებს, ქვეყნის, რომელმაც ფაშიზმზე გაიმარჯვა“.

„ჩვენთან ცენზურა არ არის“, – იქვე აღნიშნავს რუსეთის კულტურის მინისტრი.

                                                           ცენზურას დამორჩილებული  კინოთეატრი

მართალია, „პიონერმა“ სამინისტროს მიერ 23 იანვარს აკრძალული კომედია 25 იანვარს მაინც აჩვენა და პრემიერა არ გააუქმა, მაგრამ კინოთეატრი მაინც მოექცა ცენზურის გავლენის ქვეშ: მას შემდეგ, რაც სამინისტრო დაუმორჩილებელ კინოთეატრს ადმინისტრაციული კანონის დარღვევის გამო საქმის აღძვრით დაემუქრა, მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კინოთეატრი „პიონერი“იძულებულია 27 იანვრიდან შეწყვიტოს ბრიტანული კომედიის „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ფილმი მხოლოდ ორ დღეს, 25 და 26 იანვარს აჩვენეს და გრძელდებოდა ბილეთების გაყიდვა შემდეგი სეანსებისთვისაც, თუმცა კინოთეატრის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაყიდული ბილეთების თანხას დაუბრუნებენ მაყურებელს და მათ მოუწოდებენ, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართონ რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს.

„პიონერი“ იყო ერთადერთი კინოთეატრი რუსეთში, რომელიც არ დაემორჩილა რუსულ ცენზურას და აკრძალვის მიუხედავად მაინც აჩვენა კომუნისტური ეპოქის პოლიტიკური სატირა.

პარასკევს, 26 იანვარს, კინოთეატრში პოლიციელები გამოჩნდნენ, რომ ოფიციალურად დაეფიქსირებინათ აკრძალული კინოჩვენების ფაქტი, რაც აუცილებელი პირობაა ადმინისტრაციული კანონის დარღვევის გამო ბრალის წარსადგენად.

საქართველოს კინოთეატრების საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 29 იანვარს, დადგინდება მომავალი ერთი კვირის აფიშა და გაირკვევა, ზუსტად რომელ რიცხვში გაიმართება საქართველოს კინოთეატრებში აკრძალული ფილმის „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება.

რუსეთში კინოჩვენების აკრძალვის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო 23, 24, 25 და 26 იანვარს ავრცელებდა.

კადრი ფილმიდან  „სტალინის სიკვდილი”

მშობლის მიერ რვა შვილის სახლში სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ სოცსააგენტო განცხადებას ავრცელებს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნოზაშვილების ოჯახთან დაკავშირებით, სადაც რვა ბავშვი ჰყავს მშობელს სახლში ჩაკეტილი, სოციალური მომსახურების სააგენტო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დევნოზაშვილების ოჯახთან  სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან მუშაობს.  2010 წელს სააგენტოში ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შემოვიდა მომართვა, სოფელ რცხმელურში მცხოვრები დევნოზაშვილების მრავალსულიანი ოჯახის შესახებ, რომ მშობლებს სასკოლო ასაკის არც ერთი ბავშვი არ დაჰყავთ სკოლაში საკუთარი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე. ოჯახთან მუშაობა დაიწყო სოციალურმა მუშაკმა, ოჯახი ჩაერთო  პრევენციის პროგრამაში და სოციალური მუშაკი დღემდე აგრძელებს  ყოველთვიურ ვიზიტებს ოჯახში.

ოჯახში მუდმივად ცხოვრობს ოჯახის 11  წევრი: მამა, დედა, ბებია  და ცოლ-ქმრის 8 შვილი. შვილებიდან 3 უკვე სრულწლოვანია, მეოთხე შვილი წელს ხდება 18 წლის.

მშობლების  გადაწყვეტილებით ბავშვები სკოლაში არ დადიან და არა აქვთ სოციალურ გარემოსთან აქტიური ურთიერთობა. ისინი განათლებას იღებენ ოჯახში მშობლების დახმარებით. დედას აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება და ეხმარება ბავშვებს სწავლის პროცესში. 2010 წლიდან დღემდე ხორციელდება ოჯახთან ყოველთვიური ვიზიტები და მშობლებს უტარდებათ კონსულტაცია. ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურს–ცენტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი და ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი. ოჯახში ვიზიტები განახორციელეს უფროსმა სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობის მიუხედავად მშობლები არ იცვლიან აზრს ბავშვების განათლების მიღებასთან  დაკავშირებით.

2011 წელს მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ  მშობლის წარმომადგელობითი  უფლებამოსილება  სასამართლოს მიერ, მაგრამ ვერ მოხერხდა აღსრულება და  ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა სპეციფიური გარემოსა და ბევრი ფაქტორის გამო. ამ პრობლემასთან დაკავშირებით შედგა შემთხვევის კონფერენცია, სადაც  ყველა ჩართული სტრუქტურის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ ბავშვები დარჩენილიყვნენ ბიოლოგიურ ოჯახში, რადგან არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა და ბავშვებს ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ მშობლებთან. გარკვეული პერიოდი ოჯახში სკოლის პედაგოგი დადიოდა და ინდივიდუალურად ამეცადინებდა ბავშვებს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახის მოთხოვნით  ეს მეცადინეობებიც შეწყდა.

მშობლები მუდმივად აკონტროლებენ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ  ექიმს. ოჯახთან მუშაობის დროს არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, მშობლები შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავენ შვილებზე.

რაკი ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა, სოციალურმა სამსახურმა იმუშავა ოჯახის გაძლიერების მიმართულებებით და ყველა პროგრამაში ჩართო ოჯახი. დევნოზაშვილები ფიქსირდებიან  სოციალურად დაუცველთა ბაზაში, აქვთ დაბალი სარეიტინგო ქულა და იღებენ საარსებო შემწეობას. უმცროსი ბავშვი  სარგებლობდა კვების ვაუჩერით 12 თვის განმავლობაში 2010-2011 წლებში. 2014 წელს ოჯახმა მიიღო დახმარება „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ოჯახი იღებს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ დახმარებას. ბავშვები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ასევე ჩართული არიან მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში და იღებენ მათთვის აუცილებელ მედიკამენტებს“.

მამა სახლში გამოკეტილ ბავშვებს არც სკოლაში წასვლის უფლებას აძლევს და არც გარეთ გასვლის. ფაქტის შესახებ რამდენიმე წელია ინფორმირებულნი არიან როგორც ძალოვანი უწყებები, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო, თუმცა ბავშვების განრიდება ამ დრომდე არ მომხდარა.

მთავარი ფოტო: კადრი „რუსთავი 2“-ის მიერ დევნოზაშვილების ოჯახთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტიდან

 

 

ენმ: ხელისუფლებას „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარების გზას ვთავაზობთ

დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია აბულაძემ, ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ჩასახლებულ ოჯახებს სახელმწიფომ სოციალური საცხოვრებელი უნდა გადასცეს და ამ დასახლების ახლოს ინდუსტრიული ზონა შექმნას, სადაც ეს ოჯახები დასაქმდებიან. გია აბულაძის თქმით, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„ხელისუფლებას ვთავაზოთ გამოსავალს. 2013 წლამდე ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობდა პროექტი, რომ ამ დასახლების ადგილზე სამრეწველო ზონა უნდა გაშენებულიყო. ჩვენი წინადადებაა, რომ პირველ ზოლში, მთის პირას, აშენდეს სოციალური სახლები, მოხდეს გადამზადება იმ პირების, რომლებიც ამ დასახლებაში ცხოვრობენ და ნამდვილად არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, რომ შემდეგ მათ შეძლონ დასაქმება იმ საწარმოებში, რომლებიც საწარმოო ზონაში ამოქმედდება და ამით ორი პრობლემა მოგვარდება,“ – ამბობს გია აბულაძე.

გია აბულაძის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს მოქალაქეების როგორც დასაქმებაზე, ასევე მათ საცხოვრისზეც: „ჩვენ ყველა ბიუჯეტის განხილვისას ამ წინადადებას ვთავაზობდით ხელისუფლებას, მაგრამ მათ არ გამოხატეს ნება, რომ ეს საკითხი მოაგვარონ“.

საცხოვრებელი ფართობის გამოყოფის მოთხოვნით ბათუმის მერიაში ორი ათასზე მეტი განცხადებაა შესული. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს უკანონო ჩასახლებების ახალ სერიას? გია აბულაძე ამბობს, რომ  „ოცნების ქალაქში“ არსებული პრობლემის მოგვარების სხვა გზა არ არსებობს.

„თუ ერთი პროექტით მოგვარდება ნაწილი ადამიანების პრობლემა, პროგრამა ისევ უნდა გაგრძელდეს. ამით უსახლკარობის პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება,“-ამბობს ის.

82 წლის ქალი: პოლიცია სახლიდან ნივთების გამოტანის საშუალებას არ მაძლევს

82 წლის ალექსანდრა ტერუნი აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობას ისევ აპირებს. ამბობს, რომ პოლიცია მას ყურადღებას არ აქცევს და სახლიდან პირადი ნივთების გამოტანის საშუალება არ აქვს. ალექსანდრას ქონებრივი დავა ჰქონდა და მას სახლის კანონიერი მესაკუთრე არ აძლევს იქ შესვლის უფლებას.

სახლის კარი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემი იყო, 25 დეკემბერს დამხვდა აჭედილი… მას შემდეგ ხან ერთ ახლობელთან ვცხოვრობ, ხან მეორესთან. პოლიციის მესამე განყოფილებას რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ არავინ ყურადღებას არ მაქცევს. მინდა, რომ შევიდე და ჩემი ნივთები წამოვიღო. იქ არიან ჩემი კატებიც… ჩემი ახლობელი მიდის და კარის ჭუჭრუტანიდან აჭმევს,” – ამბობს ალექსანდრა.

ალექსანდრა ტერუნი იანვარშიც შიმშილობდა ჯერ პროკურატურასთან, შემდეგ – აჭარის მთავრობის სახლთან.

“შიმშილობა შევწყვიტე, რადგან მთავრობაში აპარატის უფროსი, გოჩა ჯაში შემხვდა და დამპირდა, პოლიცია დაგეხმარებათო. მას შემდეგ უშედეგოდ ველი…” – დასძინა ხანდაზმულმა.

ალექსანდრა ტერუნი დღეს სასამართლოში სახლის მესაკუთრის – სოფიო გ.-ს პროცესს ესწრება. მას გამოძიება 82 წლის მოხუცზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.

 

საზმაუს ბათუმის სტუდიის აშენებას 800 ათას ლარად სთავაზობენ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბათუმის სტუდიის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 29 იანვარს, დასრულდა. მაუწყებელს სტუდიის მშენებლობისთვის 1 მილიონ 284 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. შპს „ალიგატორი 1“ მაუწყებელს სტუდიის მშენებლობას 800 ათას 228 ლარად სთავაზობს, ხოლო შპს „გზამშენი“  – 800 ათას ლარად. პირველი კომპანია ხელვაჩაურშია რეგისტრირებული, მეორე – ბოლნისში. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 185 დღეში უნდა დასრულდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის სტუდიის მოსაწყობად ახალაშენებულ, 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე 26-ე სართულს დააშენებს. ფართობში, რაზედაც ბათუმის სტუდიისთვის ერთი სართული უნდა დააშენოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 88  596 აშშ დოლარი გადაიხადა. მაუწყებელი ამ თანხის ოდენობას არ ასაჯაროებდა. ამის მიუხედავად „ბათუმელებმა“ მოახერხა ნასყიდობის ხელშეკრულების მოპოვება.

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსში 492,2 კვ/მ ფართობის ტერასა [კორპუსის სხვენი] მაუწყებელმა ბათუმის სტუდიის მოსაწყობად გასული წლის აგვისტოში შეიძინა.

შენობა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე [მარცხნივ], რომლის ბოლო სართული/მანსარდა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფისისთვის იყიდა.

1000 ლარი ჯარიმა ღამის კლუბში დარჩენის იძულებისთვის

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 1000 ლარით დააჯარიმა გიორგი შარაძე. იგი თურქეთის ორ მოქალაქეს ღამის კლუბში დარჩენას აიძულებდა და სწორედ ამისთვის გაასამართლეს.

შემთხვევა გასული წლის 7 ნოემბერს მოხდა აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე ღამის კლუბ “ფირლანტაში”. საქმის მასალების მიხედვით, გიორგი შარაძე კლუბის დაცვის თანამშრომელი იყო და მან თურქეთის ორ მოქალაქეს კლუბის დატოვების საშუალება არ მისცა.

“აქ აღნიშნულია, რომ თქვენ უყვიროდით და მოითხოვდით მენიუს შესაბამისად 2650 ლირას და 800 ლარის გადახდას. საბოლოოდ შეშინებულმა დაზარალებულებმა თანხა გადაიხადეს,” – დაასრულა მოსამართლემ.

ბრალის დასადასტურებლად პროკურატურამ სასამართლოში ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი წარმოადგინა, ასევე დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებმაც კლუბის დატოვების შემდეგ პოლიციაში დარეკეს და შველა ითხოვეს.

“თავს დამნაშავედ ვცნობ”, – მიმართა მოსამართლეს გიორგი შარაძემ. მას სადავოდ არ გაუხდია არც ერთი მტკიცებულება, რაც პროკურატურამ წარმოადგინა. შესაბამისად, მხარეების შესავალ სიტყვებს იქვე მოჰყვა დასკვნითი სიტყვა.

“მან აღიარა დანაშაული, რომელიც ნაკლებად მძიმეა, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ამ შემთხვევის შემდეგ უმუშევარია… პირობითი მსჯავრი არ გვაწყობს, რადგან იგი თურქეთში აპირებს სამუშაოდ წასვლას,” – აღნიშნა საბოლოო სიტყვის დროს ადვოკატმა, ნონა დუმბაძემ.

“აღიარა და მოინანია,” – ამ სიტყვებს ხაზი გაუსვა განაჩენის გამოცხადების დროს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. მოსამართლე შეეცადა დაესაბუთებინა, რატომ გამოიყენა მინიმალური სასჯელი.

თამარ ბეჟანიშვილმა ახსენა ისიც, რომ ღამის კლუბებში მენიუებთან დაკავშირებული დავები მომრავლდა, მაგრამ ეს შემთხვევა განსხვავებულია. “სხვა შემთხვევები უფრო მძიმე იყო,” – დასძინა მოსამართლემ.

“ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია… მე გავაკეთე ის, რაც ჩემგან მოითხოვა კლუბის უფროსმა,” – უთხრა “ბათუმელებს” მსჯავრდებულმა გიორგი შარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ. მან უარი თქვა ესაუბრა სხვა დეტალებზე: რა სქემით ხდება თანხის გამოძალვა ღამის კლუბებში, იყო თუ არა ძალადობის სხვა შემთხვევები, ან რეალურად რა თანხა უნდა გადაეხადათ ადამიანებს, ვისაც კლუბის დატოვების უფლება არ მისცეს.

“კლუბის მესაკუთრის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა,” – გვითხრა გიორგი შარაძემ და წავიდა.

რატომ არ შეფასდა აღნიშნული შემთხვევა, როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან გამოძალვა? რატომ არ დადგა კლუბის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი? – ამ კითხვებით პროკურატურას მივმართეთ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ლაშა კომახიძე მერიის მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს

დღეიდან ბათუმის მერიის „საქმეზე გასული“ მოადგილეები და სამსახურების უფროსები გზიდან გადახვევას ვეღარ შეძლებენ და თუ ასე მოხდება, ამას აუცილებლად გაიგებს მერი. ბათუმის ახალარჩეული მერი, ლაშა კომახიძე, მერიის ბალანსზე რიცხული მანქანების გადაადგილების გაკონტროლებას საკუთარი მობილური ტელეფონითაც კი შეძლებს. ამაში მას ახალი სპეციალური მოწყობილობა GPS-ი დაეხმარება.

GPS მომსახურება ბათუმის მერიამ 2018 წლის 15 იანვარს გამარტივებული წესით 3 900 ლარად შეისყიდა. მერიის ავტოპარკინგით, ძირითადად, მერის მოადგილეები და სამსახურების უფროსები სარგებლობენ. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, რომელიც მერიამ შპს „ I GPS – ოპერატორთან“ გააფორმა, GPS მოწყობილობა მერიის 25 მანქანაზე დამონტაჟდება.

შპს „I GPS – ოპერატორი“ 2011 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას გიორგი მუმლაძე ფლობს. ბათუმის მერიასთან დადებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა კომპანიის მინდობილმა პირმა გიორგი ლორიამ, რომელიც ასევე ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელია. 2014 წლამდე ის „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ხელმძღვანელობდა.

 

დაიბეგრება თუ არა ფულადი გზავნილები უცხოეთიდან – ცვლილება კანონში

„მეგობრებო, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რაც ემიგრანტებს დაავალდებულებს აღრიცხონ გზავნილი თანხები და თავისთავად დაბეგრავენ. ყველას ჩაუსხდნენ ჯიბეში. ეს კანონი 18 ივლისიდან ამოქმედდება“, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილ ჯგუფში – „ქართველები ამერიკაში“.

ემიგრანტების ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაციით, „ფული, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები საქართველოში აგზავნიან, დაიბეგრება, ხოლო ფულის გამომგზავნმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია“.

სინამდვილეში საქმე ეხება არა საგადასახადო კოდექსში, არამედ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებას. ეროვნულ ბანკში კი ამ საკითხზე „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები მხოლოდ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს [შპს, ინდმეწარმე] უკავშირდება და არ ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ფულს აგზავნიან უცხოეთიდან. შესაბამისად, ფულადი გზავნილის დაბეგვრაზე ან რაიმე შეზღუდვაზე საუბარი არ არის.

საკანონმდებლო ცვლილებით, ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა დარეგისტრირდნენ საგადასახდო მომსახურების პროვაიდერებად ან საგადასახდო მომსახურების პროვაიდერთან [მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან] უნდა გააფორმონ საგადასახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულება.

შესაბამისად, რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების გაფორმება ეხება მხოლოდ იმ შპს-ს/ინდმეწარმეს, რომელიც რეგისტრირებულია [ან დარეგისტრირდება] ეროვნულ ბანკში, როგორც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი. ეს არ ეხება მოქალაქეს, რომელიც ფულს აგზავნის.

ახალი რეგისტრაცია ხომ არ გაუზრდის რაიმე სახით გადასახადს პროვაიდერებს, რაც შემდეგ გამოიწვევს მათი სერვისების გაძვირებას? – ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები არანაირად არ უკავშირდება სერვისების/მომსახურების გაძვირებას და მოქალაქეები ისევ ისე გამოაგზავნიან ფულს, როგორც აქამდე აგზავნიდნენ: „ეს არის სამართლებრივი კუთხით სრულყოფა. საგადასახდო მომსახურების პროვაიდერები უფრო კვალიფიციურები და სანდოები ხდებიან“.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ახალი ცვლილებებით, ფაქტობრივად, „ფულადი გზავნილების“ ცნება უქმდება, დაკონკრეტდა საგადასახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალი. ამასთან, პროვაიდერებს მოეთხოვებათ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და აუდიტის ჩატარება სტანდარტების შესაბამისად.

ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 91 შპს და ინდმეწარმეა რეგისტრირებული, რომლებიც ფულად გზავნილებს ახორციელებენ.

2017 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 1,3 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროდ, საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების ფულადი გზავნილები მიიჩნევა.

ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან იზრდება. იხილეთ ინფოგრაფიკა.

 

წითელას 75 შემთხვევა აჭარაში – ბოლო მონაცემები

ბოლო მონაცემებით, იანვარში აჭარაში წითელას 75 შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, შემთხვევათა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, არ დგას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სააღმზრდელო პროცესის/სწავლის შეჩერების საკითხი, რადგან „შემთხვევები ასაკობრივად გაფანტულია და მხოლოდ სასკოლო ან ბაღის ასაკის ბავშვებში არ გვხვდება. მითუმეტეს, რომ ერთ სკოლაში ან ერთ ბაღში 20 პროცენტზე მეტი გაცდენის ალბათობა არ არის მოსალოდნელი.“

ბოლო წლებში წითელას ყველაზე მეტი – 196 შემთხვევა 2013 წელს დაფიქსირდა.

წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, სურდოთი, ხველებით, თვალების წვითა და ტკივილით. ეს  სიმპტომები ძირითადად 3-4 დღე გრძელდება, შემდეგ იწყება უკვე გამონაყარი. დაავადება კლინიკურად ერთნაირად ვლინდება დიდებშიც და პატარებშიც.

წაიკითხეთ მეტი: რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

წითელას ვირუსი სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ პირთათვის შესაძლებელია გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი.

დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა.  ვაქცინაციას ექვემდებარებიან: 0-14 წლის ასაცრელი და არასრულად აცრილი ბავშვები; დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები (სტატუსის გათვალისწინებით); სამედიცინო პერსონალი; 30 წლამდე ასაკის პირები (სტატუსის გათვალისწინებით).

წაიკითხეთ მეტი: აჭარაში წითელას შემთხვევებმა იმატა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს 

საჯარო შეტყობინება წაბლის ფიცრების უპატრონოდ ცნობაზე

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე #820210618002246091(2-07) 08.01.2018, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადების გამო ქონების უპატრონოდ გამოცხადების თაობაზე.

უპატრონოდ საცნობი ქონებაა 295 ცალი წაბლის სახეობის ფიცარი, საერთო მოცულობით 14,36 კუბური მეტრი.

იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, თავიანთი უფლებების შესახებ უნდა განაცხადონ პუბლიკაციის დღიდან სამი თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, მისამართზე: ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი #358.

თუ დანიშნული ვადის გასვლამდე არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნობა მის მიერ გამოკითხულ იმ პირთა ჩვენებებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ. აგრეთვე, შესაბამისი ორგანოებიდან გამოთხოვილ ცნობებს.

ამინდის პროგნოზი: ბათუმში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში კი ითოვებს, პერიოდულად – ძლიერად.

„მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 6-11, ღამით – 1-6, მთაში – 0-5 გრადუსი სითბო, ღამით – 2-7 ყინვა.

31 იანვარს ღამით მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დღისით – დროგამოშვებით წვიმა. ორი-სამი დღე შენარჩუნდება ასეთი არამდგრადი ამინდი, ბარში – წვიმა, მთაში – თოვლი,“  – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მარინე ქათამაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსმა.

ამინდის უფრო გრძელვადიან პროგნოზს აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო. ამინდის 10-დღიან პროგნოზში მითითებულია, რომ ამ პერიოდში ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

 

ბსუ ვიდეოსათვალთვალო სისტემის მონტაჟში 120 ათას ლარს გადაიხდის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] 260 ცალ ვიდეოკამერას და 2 სერვერს – ვიდეოგამოსახულების ჩაწერის ვიდეორეგისტრატორს შეიძენს. სისტემის შეძენა-მონტაჟისთვის ბსუ-ს 120 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურების შედსყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია.

მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს კამერების დამონტაჟება ბსუ-ს:

[checklist]

  • I კორპუსში – 65 კამერა
  • II კორპუსში – 140 კამერა
  • III კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებელი) – 20 კამერა (ქ. ბათუმი, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. 32/35)
  • IV კორპუსში (ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12) – 25 კამერა
  • V კორპუსში (აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ქ. ბათუმი, გრიშაშვილის 5) – 10 კამერა

[/checklist]

აქედან 14 ვიდეოთვალი დასამონტაჟებელია გარე პერიმეტრზე, ხუთსართულიანი კორპუსის მე-2 ან მე-3 სართულის სიმაღლეზე.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 30 იანვარს დაიწყება და პირველ თებერვალს დასრულდება. საქონლის მიწოდება სრულად, მონტაჟის მომსახურებით, უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 80 დღის ვადაში.

დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონები საქართველოდან

სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში – ქვეყანა 144 სახელმწიფოს შორის 137-ე ადგილზეა ამ თვალსაზრისით. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მონაცემებით, 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგონა არ დაიბადა.

ბოლო რვა წლის განმავლობაში, შობადობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი 2016 წელი იყო – საქართველოში სულ 56 569 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან 27 682 გოგონაა, ხოლო 28 887 ბიჭი. ბოლო ცხრა წლის მონაცემები კი ცხადყოფს, რომ სქესის ნიშნით სხვაობა განსაკუთრებით მაღალი იყო 2008 წელს, როცა 24 845 გოგო და 31 720 ბიჭი დაიბადა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს დეტალურად არ აქვს შესწავლილი ამ მხრივ რა ვითარებაა ქვეყნის ცალკეულ რეგიონში, თუმცა მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით გოგონების ნაკლებობის 29 პროცენტი მოდის ქვემო ქართლზე, ხოლო მეორე ადგილზეა კახეთი, სადაც ნაკლებობა 19 პროცენტს უტოლდება. მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით, დაფიქსირებული დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონების რაოდენობის 57 პროცენტი სამ რეგიონზე – ქვემო ქართლზე, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთზე მოდის.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მონაცემებით, 2010-­2014 წლებში საქართველოში ზოგიერთ რეგიონში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის კოეფიციენტები ინდოეთში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელსაც კი აღემატება [113]. მაგალითად, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში აღნიშნული კოეფიციენტი 117-­მდე იზრდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ფიქსირდება ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში და ის 125­-ს აღემატება.

იმავე ფონდის მონაცემებით, ქვეყანაში არსებობს ისეთი რეგიონებიც, სადაც სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის კოეფიციენტები ბუნებრივ ნორმას არ აღემატება. ასეთია, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს რეგიონები – გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთი. რაც შეეხება აჭარას, 2010-2016 წლების მონაცემებით, რეგიონში ეს მაჩვენებელი აღწევს 108, თბილისში კი ნორმის ფარგლებშია – 105,3.

სელექციურ აბორტს თავის ანგარიშში გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ანგარიშში ვკითხულობთ: „გენდერული ნიშნით გაკეთებული აბორტების მიზეზებს შორის არის… ზეწოლა წყვილებზე, რომ მათ ჰყავდეთ მამრობითი სქესის შვილი და ასევე ფინანსური საკითხები, მათ შორის მოსაზრება, რომ ბიჭები, სავარაუდოდ, უფრო მეტად მოახერხებენ მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას“.

რატომ ბიჭი? – ვერდაბადებული გოგონების მშობლები

„რა სელექციური აბორტი, გოგოც შვილია და ბიჭიც“, – დაახლოებით ამ შინაარსის ზოგადი პასუხები მივიღეთ ათობით ადამიანისგან აჭარაში, ვისაც გენდერული ნიშნით სქესის სელექციაზე ვკითხეთ.

თითქოს ყველაფერი რიგზეა, თუმცა ამ საკითხს თუნდაც ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის – „გორდას“ მაგალითზე თუ განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ბიჭისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა ნამდვილად არსებობს. მაგალითად, „გორდას“ პირველ კლასში 12 ბიჭი და 6 გოგო სწავლობს, მეორე კლასში – 7 გოგო და 12 ბიჭი, მესამე კლასში – 6 გოგო და 10 ბიჭი, ხოლო მეოთხე კლასში – 10 ბიჭი და 3 გოგო.

ბათუმელ ლილის უჭირს თავისი გოგოს მოშორების გადაწყვეტილებაზე საჯაროდ ისაუბროს. ლილის ისტორია ასეთია, – „ქმარი ერაყში მუშაობს. როდესაც ბათუმში უთხრეს, რომ მესამე გოგოზე იყო ფეხმძიმედ, ქმარმა ურჩია თბილისში წასულიყო გამოკვლევაზე. მერე კი ორივე შეთანხმდა, რომ მესამე გოგოს არც ერთ შემთხვევაში არ გააჩენდნენ“.

ლილის საკმაოდ მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა, მაგრამ მაინც გარისკა. ლილის მეგობრები ამბობენ, რომ ქალმა ეს გადაწყვეტილება სიღარიბის გამო მიიღო.

ლილის ნაცნობები თანაუგრძნობენ. ერთგვარ თანაგრძნობას, ოღონდ „ხუმრობის“ სახით, იღებს ხულოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მამაკაციც, რომელსაც მე-6 გოგო ორი თვის წინ შეეძინა. 80-კომლიან სოფელში ყველამ იცის, რომ მათ მეზობლად 45 წლის კაცმა და 35 წლის ქალმა „ბიჭის ძიებაში“ მე-6 გოგო იმიტომ გააჩინეს, რომ „აბორტის ცოდვის“ შეეშინდათ. სოფელში ექვსი შვილის მამას იმაზე „ეხუმრებიან“, რომ ის „ბიჭის გაკეთებას ვერ ახერხებს“. თუმცა, ოჯახი კიდევ ერთი შვილის გაჩენას მაინც გეგმავს – „ექვს გოგოს ძმა აუცილებლად სჭირდება და იმიტომ“.

აჭარის მთაში – ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტში ძალიან იშვიათად შეხვდებით ოჯახებს, ვინც ამ თემაზე ღიად საუბრობს. მათ არ სიამოვნებთ არდაბადებული შვილის მიმართ მათ მიერვე გამოტანილი განაჩენი სხვებთან განიხილონ.

ამ თემის დეტალურად განხილვას არც მუნიციპალიტეტში არსებული რეფერალური საავადმყოფოს ექიმები ხვდებიან დიდი ენთუზიაზმით. სამივე მუნიციპალიტეტის რეფერალურ საავადმყოფოს თავისი სამშობიარო განყოფილება აქვს – აქ ამბობენ, რომ სელექციური აბორტის პრაქტიკა მათთან არ არსებობს.

სელექციური აბორტების მიზეზებზე ვკითხეთ ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორს, ჯუმბერ უნგიაძესაც. ის ამბობს, რომ „გვარის გამგრძელებლის“ ძიება სოციალური თვალსაზრისით უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ოჯახებისთვის არის პრიორიტეტული. ზოგჯერ კი ეს სისასტიკე შენიღბულია ტრადიციებითაც“.

ექოსკოპისტს სამცხე-ჯავახეთიდან, დალი ქოზაშვილს კი მიაჩნია, რომ ეს უფრო სოციალური მოვლენაა. ის ბორჯომის საავადმყოფოში მუშაობს, სადაც ხვდება ფეხმძიმე ქალებს და მათ მეუღლეებს. ბიჭს ყველაზე ინტენსიურად სწორედ ამ რეგიონში „ეძებენ“. „იცით, როგორ არის? – როცა ორი გოგო ჰყავთ, მაშინ ცდილობენ, რომ მესამე ბიჭი იყოს. მეორე გოგოზე ფეხმძიმობის დროს აბორტები ნაკლებად გვაქვს,“ – ამბობს ექოსკოპისტი სატელეფონო საუბარში.

ექოსკოპისტის აზრით, მისი პაციენტები აბორტს ძირითადად იმიტომ მიმართავენ, რომ რეგიონი საკმაოდ ღარიბია: „ოჯახებს აქ მესამე და მეოთხე შვილის რჩენის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ. აბორტი, ძირითადად, არის მედიკამენტოზური და ორსულობიდან 7-8 კვირაში მიმართავენ“.

გინეკოლოგები, რომლებიც აჭარასა და ჯავახეთში საქმიანობენ, ამბობენ, რომ სელექციური აბორტი ორი ფაქტორით აიხსნება – განათლების უქონლობით და ტრადიციული საზოგადოებით. განათლების დეფიციტი გვხვდება როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში, ტრადიციის გავლენით ბიჭის გაჩენის სურვილი კი, ძირითადად, სოფლებშია შემორჩენილი, – ეს ამ პრობლემაზე მომუშავე ადამიანების ზოგადი მოსაზრებაა.

აბორტები

საქართველოს კანონმდებლობით აბორტი ლეგალურია და ამ პრაქტიკას ძალიან ხშირად მიმართავენ ქალები.

სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დაცვის დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ „16 კვირამდე სქესის გამხელის აკრძალვა შეიძლება იყოს განხილული, როგორც საშუალება, სელექციური აბორტების რიცხვის შესამცირებლად“.

დაახლოებით იგივე პოზიცია აქვს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსაც. მინისტრის აზრით, „ძალიან მნიშვნელოვანია სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ, სამწუხაროდ, ერთეულ შემთხვევებში ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე“.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ხდება ქალის სურვილით, ძირითადად, 12 კვირამდე პერიოდში“. უკიდურეს შემთხვევაში, სასურველია აბორტი ჩატარდეს ორსულობის 20 კვირამდე პერიოდში. 22 კვირის შემდეგ კი აბორტი კატეგორიულად იკრძალება და ის ქალის სიცოცხლისთვის სარისკოა.

კიდევ ერთი გინეკოლოგი, ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი, ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ აბორტის გაკეთება „12-დან 22-კვირამდეც შეიძლება სოციალური და სამედიცინო ჩვენებით. სოციალურ ჩვენებაში შეიძლება ბევრი რამე შევიდეს, მაგალითად, როდესაც ქმარი დააპატიმრეს, ან ოჯახის წევრებს აუცილებელ ნორმატივზე უფრო დაბალი შემოსავალი აქვთ“.

უნდა აიკრძალოს თუ არა სქესის გამხელის პრაქტიკა?ექიმები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ – არა. ბათუმის მეზღვაურთა საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, თემურ გაბაიძე მიიჩნევს, რომ აკრძალვა კორუფციის რისკებს შეიცავს: „ექიმი პაციენტს ამ ინფორმაციას მაინც მიაწვდის, კონტროლის მექანიზმი კი არ არსებობს. კაცს ვერ აუკრძალავ, უნდა ბიჭი და მორჩა“.

თემურ გაბაიძე ფიქრობს, რომ სელექციური აბორტი ქვეყანაში „არც თუ ისე დიდი პრობლემაა“: „გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ეს [სელექციური აბორტი] ინტენსიური იყო, მაგრამ ბოლო დროს ამაზე მოთხოვნა თითქმის დაიკარგა“.

ჯუმბერ უნგიაძის თქმით, „თანამედროვე ტექნოლოგიებით სქესი ზუსტად განსაზღვრა 95% შემთხვევაში შეიძლება“. ანუ ცდომილება 5%-ის ფარგლებში მერყეობს.

ორივე ექიმი დარწმუნებით აცხადებს, რომ სახლის პირობებში საქართველოში აბორტს აღარ აკეთებენ, თუ არ ჩავთვლით „მედიამენტოზურ ჩარევას, – როცა სახლის პირობებში სვამენ ისეთ ტაბლეტებს, რომლებიც ძალიან ცუდად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე“.

თემურ გაბაიძე კი ირწმუნება, რომ საქართველოში შობადობის შემცირებას არაფერი აქვს საერთო სელექციურ აბორტთან. „1995-2006 წლებში მშობიარეების რაოდენობა საქართველოში 40 ათასს ჩამოსცილდა. სწორედ მაშინ დაბადებულები არიან ახლა რეპროდუქციულ ასაკში. ესენი მესამე შვილზე მაქსიმალურად თუ არ გააქტიურდნენ, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება“.

გამოსავალი

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, სქესის პრენატალური შერჩევის საზიანო ფენომენი 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოვლინდა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში – აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში.

ლალი ბაქრაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის, სოციალური დაცვის სისტემებისა და ქალთა გაძლიერების პირობებში, ანუსწორედ ახლაა ხელსაყრელი მომენტი ისეთი ზომების გასატარებლად, რაც დაბადებისას სქესთა თანაფარდობის კოეფიციენტის ნორმალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს და მის დადებით ტენდენციას შეინარჩუნებს. უპირველესად, ეს გულისხმობს საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებისადმი და არსებითი გენდერული თანასწორობის  გაძლიერებას“.

რაც შეეხება ზოგადად შობადობას, ექიმებს თავიანთი პრაქტიკიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ მესამე ბავშვის გაჩენის ტენდენცია წამოვიდა. თემურ გაბაიძე: „ადრე მესამე ბავშვი რომ დაგვენახა, სახალხო ზეიმი იყო, ახლა ქალაქშიც დაიწყეს მესამე ბავშვის გაჩენა და სოფლებშიც“. ამის მიზეზად ექიმები იმას ასახელებენ, რომ სახელმწიფო მესამე ბავშვზე სოფლებში, ერთჯერადად, 1000 ლარს უხდის ოჯახებს, ხოლო ერთი წლის ასაკამდე – ყოველთვიურად 200 ლარს.

შობადობის მატებას გინეკოლოგები სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ელიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიაში 5,9 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს საერთაშორისო ბაზრებზე „რეგიონის ცნობადობის და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით“ დაგეგმილი აქვს სხვადასხვა სარეკლამო არხის გამოყენებით ჩაატაროს მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიები, რაც რეგიონის საიმიჯო, სეზონური და სოციალური ხასიათის ვიდეორგოლების შექმნასა და გავრცელებას გულისხმობს. ამ მიზნით ბიუჯეტში 5 945 000 ლარია გათვალისწინებული, რის გახარჯვასაც დეპარტამენტი ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვებით გეგმავს.

დეპარტამენტის სამიზნე ქვეყნები არიან: თურქეთი, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელარუსი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებულ საამიროები, გერმანია და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფო, სადაც „დეპარტამენტი გეგმავს პოზიციონირებას სხვადასხვა სარეკლამო არხის, მათ შორის რეიტინგული საერთაშორისო სატელევიზიო არხის საშუალებით: Discovery channel, Euronews, BBC, Deutsche welle, travel channel და ა.შ. მომზადებული იქნება თემატური სიუჟეტები და გადაცემები“.

დეპარტამენტი სარეკლამო აქტივობების ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნევს უშუალოდ უცხოელ კონტრაქტორებთან კავშირის დამყარებას: „სატენდერო პროცედურების დაგეგმვა და ჩატარება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ამ მიზნით განსახორციელებელი საქმიანობების სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეულ უცხოელ კონტრაჰენტს, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სარეკლამო აქტივობების ჩატარებას და ამ მიზნით ახორციელებს სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მიწოდებას, აგრეთვე მისი ქვეკონტრაქტორ(ებ)ი საზღვარგარეთ, ელექტრონული ტენდერის პროცედურებში არ იღებენ მონაწილეობას და ამასთან ერთად, აქვთ საკუთარი რეგულაციები და მოთხოვნები, რომლებიც ყველა შემთხვევაში განსხვავებულია ერთმანეთისაგან“.

თანხის ოდენობა სხვადასხვა ღონისძიების მიხედვით

[checklist]

  • სარეკლამო კამპანია საერთაშორისო და სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ სატელევიზიო მედიასაშუალებებში – 1 845 000 ლარი
  • ინტერნეტრეკლამა დეპარტამენტის სამიზნე ქვეყნებში – 1 850 000 ლარი
  • გარე რეკლამა, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით სამიზნე ქვეყნებში სარეკლამო კამპანიის წარმოება – 1 620 000 ლარი
  • სხვადასხვა ხელმისაწვდომი მარკეტინგული არხების მეშვეობით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება (შიდა სარეკლამო კამპანია – სეზონურად) – 415 000 ლარი
  • რეგიონის საიმიჯო, სარეკლამო სოციალური ხასიათის ვიდეორგოლები – 215 000 ლარი

[/checklist]

კლიპის რაოდენობა – არანაკლებ 5, ხოლო ქრონომეტრაჟი 20 წამი – 1,30 წუთი. რაც შეეხება ვიდეორგოლების დამზადების მომსახურებას, დეპარტამენტის განცხადებით, „ისინი ატარებენ სარეკლამო ხასიათს და მათი დაკვეთის დროს მთავარი მნიშვნელობა ენიჭება კრეატიულ იდეებს და არა მხოლოდ ტექნიკურ მახასიათებლებსა და ფასს“.

შესყიდვის ფასები და მოცულობა სავარაუდოა და ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის იქნება დაზუსტებული, – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

„სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი მიმწოდებლებისაგან შესყიდული მომსახურებები, რომლებიც ხორციელდება გამარტივებული შესყიდვების საშუალებით, ბევრად უფრო შეღავათიანი პირობებით ხდება, რაც უდიდეს გავლენას ახდენს ფასზე. ამასთან მიმწოდებლის ქვეკონტრაქტორებს, წინასწარ აქვთ შესყიდული და ათვისებული შესაბამისი მომსახურებები (ინტერნეტ რეკლამა, სატელევიზიო რეკლამა, ბეჭდვითი და გარე რეკლამა) და ასევე, სრულად აქვთ ათვისებული ბაზრები, პოტენციალი და მიზნობრიობა. შესაბამისად, ადგილობრივი მიმწოდებლისათვის, გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო სირთულეს წარმოადგენს უცხოურ ბაზარზე შესაბამისი კონტაქტების დამყარება და მიმდინარე სარეკლამო კამპანიების კონტროლი, რასაც მარტივად ახორციელებს უცხოელი მიმწოდებელი. მათი შემოთავაზებები მეტად ეფექტურია და მისაღებია, ამასთან მათი კონტაქტები იძლევა შეზღუდულ ვადებში ნებისმიერი სახის პროექტის განხორციელების საშუალებას“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ტურიზმის დეპარტამენტის განცხადება გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე უნდა განიხილოს.

ავტოავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე

ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ავტოავარია მოხდა. ოპელის მარკის ავტომანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსში ისხდნენ მგზავრებიც, მაგრამ არავინ დაშავებულა.

ქართული დამწერლობა იუნესკოს ახალ პუბლიკაციაში

Writing Peace იუნესკოს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექტორის ინიციატივით გამოცემული ახალი პუბლიკაციაა, რომელიც მსოფლიო დამწერლობების შესასწავლი ერთგვარი დაწყებითი სახელმძღვანელოცაა.

სარჩევში ქართული დამწერლობა წარმოდგენილია ჩინური, ბერძნული, რომაული და ებრაული დამწერლობების შემდეგ. წიგნში სულ 22 უძველეს დამწერლობაზეა მოცემული როგორც ზოგადი ინფორმაცია, ასევე ასოთა მოხაზულობების შესასწავლი სავარჯიშოები.

წყარო: unesco.ge

 

რელიგიის ისტორია – ვინ აირჩევს 28-ე არჩევით საგანს სკოლაში

განათლების სამინისტრო სკოლებში კიდევ ერთი არჩევითი საგნის – „რელიგიის ისტორიის“ სტანდარტისა და სახელმძღვანელოს შექმნაზე საუბრობს. სამინისტროს აქამდე 27 არჩევით საგანში აქვს სტანდარტი შემუშავებული, თუმცა როგორც უწყებაში გვეუბნებიან, სასწავლო რესურსების სიმწირის გამო სკოლები მათ არ ირჩევენ. ამ პრობლემას ემატება ადამიანური რესურსების ნაკლებობაც. რაზე დაყრდნობით ქმნის სამინისტრო არჩევითი საგნების სტანდარტებს და რაზე არსებობს სკოლების მხრიდან მოთხოვნა? ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსს, მარიამ ჩიქობავას ესაუბრა.

ქალბატონო მარიამ, დღეს არსებული არჩევითი საგნებიდან რამდენია ყველაზე მოთხოვნადი ან პირიქით. შეგიძლიათ დაგვისახელოთ მინიმუმ ხუთი არჩევითი საგანი, რომლის სტანდარტიც შემუშავებულია, მაგრამ სკოლები არ სარგებლობენ?

მაგალითად, გვაქვს გეოგრაფიული კვლევა, მაგრამ მასზე მოთხოვნა არ არის, რადგან ცალკე სახელმძღვანელო მომზადებული არ არის. თუკი სკოლა ამ საგანს აირჩევს, პედაგოგმა თვითონ უნდა მოიძიოს დამატებითი რესურსები და ეს პრობლემაა.

გვაქვს არჩევითი საგანი კინოხელოვნება, ქიმიური ტექნოლოგიები, ხაზვა, ასტრონომია და ა.შ. თუმცა მათ სკოლები იშვიათად ირჩევენ. ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, თუ რისი მიხედვით ირჩევდნენ სკოლები საგნებს და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მოთხოვნადი იყო მსოფლიო კულტურა, 800 სკოლას ჰქონდა არჩეული წლების მიხედვით. ამ საგანში ყველაზე დიდი საგანმანათლებლო რესურსი არსებობს, ამიტომ პედაგოგისთვის უფრო ადვილია ამ გაკვეთილის დაგეგმვა. „მსოფლიო კულტურაში“ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო, რესურსი მომზადდა. სამწუხაროდ, ვერ დაიბეჭდა, მაგრამ არსებობს ელექტრონული ვერსია. ძალიან აქტიურად ირჩევენ პრაქტიკულ კურსს სახვითი და გამოყენებით ხელოვნებაში, განსაკუთრებით რეგიონებშია ეს საგანი საინტერესო.

თუ მასწავლებელს არ აქვს სახელმძღვანელო ასტრონომიაში, მაშინ თავად უნდა მოიძიოს სასწავლო რესურსები ჩვენი სტანდარტის შესაბამისად. რა თქმა უნდა, როცა ამდენი საგნის სტანდარტს ვქმნიდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ყველას აირჩევდნენ  სკოლები, მაგრამ გვინდოდა მრავალფეროვანი სპექტრი შეგვეთავაზებინა სკოლებისთვის.

 ყველაზე ხშირად რომელ საგნებს ირჩევენ სკოლები?

ზუსტი სტატისტიკა გამიძნელდება, მაგრამ სადაც რესურსი არსებობს, უფრო მეტად იმ საგნებზე აკეთებენ არჩევანს.

რა უნდა გაეკეთებინა სამინისტროს იმისათვის, რომ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო სკოლების არჩევანი?

პირველ რიგში, სახელმძღვანელოები უნდა მომზადებულიყო და ამ მხრივ კარგი იქნებოდა სამინისტროს მხარდაჭერა, ეს ძალიან დიდ რესურსთან არის დაკავშირებული. მაგრამ თუკი პედაგოგი მოინდომებს და ექნება შესაბამისი დრო, ეს ინფორმაცია, რაც სტანდარტის მიხედვით უნდა ასწავლოს კონკრეტულ საგანში, ნამდვილად მოძიებადია. სტანდარტი აკვალიანებს მას, თუ რა უნდა ასწავლოს და როგორ. მას შეუძლია თავად შექმნას რესურსი და გამოიყენოს. პედაგოგის ხელოვნებაზეა ეს დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებს აქვთ საკმაოდ დიდი არჩევანი და მაინც ვერ იყენებ ამ რესურს ბოლომდე, ამ ფონზე სამინისტრო აპირებს კიდევ ერთი არჩევითი საგნის, – „რელიგიის ისტორიის“ შემოტანას, რამ გამოწვია ამის აუცილებლობა?

წლების განმავლობაში ყოველთვის შემოდიოდა მოთხოვნა მშობლების მხრიდან…

მშობლების თუ სხვა დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან?  

სხვა ჯგუფები კონკრეტულად არ მახსენდება, მაგრამ, სავარაუდოდ, იყო ასეთიც. თუკი სკოლებში აქვთ სურვილი, რომ ასწავლონ „რელიგიის ისტორია“, ამის შესაძლებლობას ეროვნული სასწავლო გეგმა ახლაც იძლევა. დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახით შეუძლიათ ამ კურსის შეტანა, მაგრამ სკოლას უნდა ჰქონდეს ამის შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსი.

წლების წინ ქართულ სკოლებში იყო რელიგიის ისტორიის სწავლების მცდელობა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა ინდოქტრინაციასა და პროზელიტიზმში. რა გარანტია არსებობს, რომ არ განმეორდება იგივე მომავალშიც. რითია დაზღვეული მოსწავლე, რომ მასზე მენტალურად არ იძალადებენ?

აქ ძალიან მკაფიოა სამინისტროს პოზიცია – აუცილებლად იქნება რელიგიები და არა მხოლოდ ერთი რელიგიის შესწავლა. ეს ცალსახაა და ამაზე ყველა დაინტერესებული მხარე – იგივე მართლმადიდებელი ეკლესია, მუსლიმთა თემი თუ სხვა კონფესიის წარმომადგენლები, ყველა თანხმდება. რელიგიების სწავლებას უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო მიზნები.

მოსწავლეზე ძალადობა სხვა დროსაც შეიძლება მოხდეს, „რელიგიის ისტორიის“ შეტანის გარეშეც. საგნის სწავლება აუცილებლად უნდა იყოს საშუალო საფეხურზე, როცა მოსწავლეს გარკვეული შეხედულებები უკვე ჩამოყალიბებული აქვს. ეს არის არჩევითი საგანი ინტერრელიგიურ კონტექსტში და აქ არ უნდა იყოს ქადაგება. სტანდარტის შედგენის დროს ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი, ვითანამშრომლებთ სახალხო დამცველთანაც.

სკოლებში არსებობს ადამიანური რესურსების პრობლემა. ვინ ასწავლის ამ საგანს და რა დრო დასჭირდება მასწავლებლების გადამზადებას?

ეს არ უნდა იყოს რომელიმე სასულიერო პირი, ეს საგანი აუცილებლად უნდა ასწავლოს პედაგოგმა, პროფესიონალმა. გადამზადებისთვისაც გვაქვს დრო, რადგან ეს საგანი სკოლებში ვერც წელს შევა და ვერც მომავალ სასწავლო წელს. ხელაღებით შეტანაც წარმოუდგენელია და პილოტირებაც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. რადგან არჩევითია, არ ნიშნავს, რომ ორი ათასი სკოლა მაშინვე აირჩევს. აირჩევენ სკოლები, რომლებსაც შესაბამისად მომზადებული პედაგოგები ეყოლება.

სკოლა რის საფუძველზე ირჩევს საგანს და თუ არის ამ შემთხვევაში მშობლების, მოსწავლეების ინტერესები გათვალისწინებული?

სკოლამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეებისა და მშობლების ინტერესები.

თუ გაიყოფა ეს ინტერესები?

ეს არის სკოლის შიდა მენეჯმენტის საკითხი. ძალით არავის არაფერს არ მოვახვევთ. თანაც ახალი ეროვნული სასწავლო კონცეფცია სრულიად იცვლება, პროფილური ხდება სწავლება, ამიტომ, როცა ყველაფერი დალაგდება და საბოლოო კონცეფცია ჩამოყალიბდება, ეს საკითხიც გაირკვევა.

არჩევითი საგნის შემთხვევაში უნდა იყოს თუ არა მშობლის ან მოსწავლის ინტერესი და თუკი ეს ინტერესები არ არის ცნობილი, უნდა ხარჯავდეს თუ არა სამინისტრო ფინანსებს ასეთი საგნების სტანდარტის შემუშავებაზე?

როდესაც ასე ფართო სპექტრს ვდებდით, არ გვქონია ილუზია, რომ ყველა სკოლაში იქნებოდა ეს საგანი არჩეული. ეს არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. სადაც არის შესაძლებლობა, მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია აირჩიოს კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, თუ ის კარგი ბიოლოგია.

„სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ სადღაც 80-მდე სკოლას აქვს არჩეული. თუკი ერთ სკოლას მაინც აქვს შესაძლებლობა, რომ კარგად ასწავლოს ვთქვათ ხაზვა, ესეც კარგია. თავის დროზე ეს რესურსი სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით შედგა. გავითვალისწინეთ სკოლების ინტერესებიც, მაგალითად, იყო მოთხოვნა ფოლკლორსა და მითოლოგიაზე, რაღაც დავამატეთ ჩვენიც და გავითვალისწინეთ ექსპერტების რეკომენდაციებიც.

 

 

დაუსრულებელი საზაფხულო თეატრი მახუნცეთში

მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარედ, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრის შენობა გასული წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო, თუმცა თეატრის მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა.

საზაფხულო თეატრის ასაშენებლად ქედის მერიამ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ახალშენს“ 84 997 ლარზე 7 აპრილს გაუფორმა.

მშენებლობის პროცესში პროექტში ცვლილებები შევიდა. შესყიდვების სახელმწიფო ვებვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პროექტში ბოლო ცვლილება 15 დეკემბერს შეიტანეს –  მშენებელს სცენის სახურავის მოწყობა ხელშეკრულებით გაწერილი თაბაშირ-მუყაოს ნესტგამძლე ფილების ნაცვლად ამსტრონგის ფილებით მოწყობა დაევალა.

ცვლილება შეეხო მშენებლობის პროექტსაც. თეატრთან ერთად მშენებელს საპირფარეშოს მოწყობაც ევალებოდა, თუმცა პროექტში შესული ცვლილებით, საპირფარეშო პროექტიდან ამოიღეს.

ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ  პროექტით სველი წერტილის აშენება საჭირო აღარ არის, რადგან მახუნცეთის გენგეგმის მიხედვით, გაუმჯობესებული და თანამედროვე ტიპის საპირფარეშო უკვე მოეწყო. რაც შეეხება დაუსრულებელ მშენებლობას, მერის მოადგილე ამბობს, რომ მშენებელი კომპანია დაჯარიმდა:

„მშენებლობის პროცესში მშენებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ სახურავიდან  თოვლის ჩამოცვენას პროექტით გათვლილი მასალები ვერ გაუძლებდა, დაზიანდებოდა და უკეთესი იქნებოდა მისი ჩანაცვლება გამძლე მასალისგან. ამ ცვლილებასთან ერთად პროექტიდან ამოვიღეთ საპირფარეშოს მოწყობაც, რამაც სახელშეკრულებო თანხის შემცირება გამოიწვია.

სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხდა შენობის ჩაბარება, კომპანია დაჯარიმდა, ჩვენ შეგვეძლო ხელშეკრულება შეგვეწყვიტა მშენებელი კომპანიისთვის, მაგრამ მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო იქნებოდა ტენდერის ხელახალი გამოცხადება, არა 2017 წლის ხარჯთაღრიცხვით, არამედ 2018 წლის მონაცემებით, რაც პროექტის მთლიან ღირებულებას შეცვლიდა. უახლოეს პერიოდში დასრულდება მშენებლობის პროცესი,“ – აცხადებს მერის მოადგილე.

საზაფხულო თეატრის პროექტში შეტანილი ცვლილებებით, სახელშეკრულებო თანხას 12 757 ლარი და 33 თეთრი გამოაკლდა.

 

200-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით დღეს, 26 იანვარს, 18:30 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 185 მძღოლი დაჯარიმდა.

მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა 129 მძღოლი, ორმაგი პარკირებისთვის  – 1,  ნიშანში დგომისთვის – 42, ტროტუარზე დგომისთვის – 8 დადგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის კი -5 მძღოლი.

 

 

ფოტოები გადაღებულია, ბოლო ორი დღის განმავლობაში.

კონკურსი – აჭარის დასაქმების სააგენტომ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დაიწყო

დასაქმების სააგენტომ  პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა დაიწყო.  სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადდება 80 და გადამზადდება 25 მოქალაქე.

მომზადების პროგრამით სარგებლობა შეუძლია აჭარაში მცხოვრებ, პროფესიული მომზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს, ხოლო გადამზადების პროგრამით – აჭარაში მცხოვრებ პროფესიული გადამზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს, რომელსაც გააჩნია მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება კონკრეტულ პროფესიაში.

პროფესიული მომზადება:

• დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი
• მიღება-განთავსების სპეციალისტი
• ფილამწყობი
• ბართენდერი
• თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე
• რესტორნის სერვისმენეჯერი
• სასტუმრო საქმის სპეციალისტი
• მზარეული
• მებათქაშე
• სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი
• სარესტორნო საქმისმწარმოებელი
• შემდუღებელი

პროფესიული გადამზადება:

• დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი
• მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი
• მზარეული
• ამწის მემანქანე
• შემდუღებელი

საბუთების მიღება 29 იანვარს დაიწყება. პროგრამაში ჩართვის მსურველი პირი უნდა დარეგისტრირდეს დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს პროფესული მომზადება/გადამზადების განაცხადის ფორმა.

რეგისტრაციისას მოქალაქემ უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (აუცილებელია), პროფესიის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში – გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააგენტოს ცნობით, მოსარგებლეებს კონკურსის გზით შეარჩევენ.

პროექტის პრეზენტაცია

ახალი ორმოები ტესტირების რეჟიმში – მერიის განმარტება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე, ასფალტის საფარი დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს. დღეს გზის სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილას ამოთხრილი ან დაზიანებულია; ზოგან წყალიც ამოდის. ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება.

ბათუმი, ნონეშვილის ქუჩა / 26.01.2018

„ზოგადად, როდესაც წყლისა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდება, შემდეგ მიმდინარეობს ერთი პირი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.  შემდეგ აჩერებენ სამუშაოებს გარკვეული პერიოდით, ვიდრე მეორე პირ ასფალტის საფარს დააგებენ, რომ ჩატარდეს ტესტი, როგორ მუშაობს წყლისა და წყალარინების სისტემის ქსელი. შესაბამისად, ელოდებიან – თუ არ გამოვლინდა ხარვეზი, გადააგებენ მეორე ფენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გამოსწორდება ეს ხარვეზი, რის შემდეგაც გაგრძელდება მეორე პირი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები,“ – განმარტავენ ბათუმის მერიაში.

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნონეშვილის ქუჩაზე არ არის დაგებული ასფალტის მეორე ფენა: „დაელოდნენ, ტესტმა აჩვენა გარკვეული ხარვეზი, მიმდინარეობს ამ ხარვეზის გამოსწორება, რის შემდეგაც დაიგება მეორე პირი ასფალტის საფარი“.

მერიის ინფორმაციით, ბარცხანის დასახლებაში ქუჩების [18 ქუჩა და ჩიხი] კეთილმოწყობა 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2018 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 484 ათას 44 ლარია.

ქედის მერია პარკინსონით დაავადებულებისთვის მედიკამენტებს შეიძენს

ქედის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის „პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამას განახორციელებს. ახალი სოციალური პროგრამა ქედის საკრებულომ დღეს, 26 იანვარს, დაამტკიცა.

პროგრამის ფარგლებში, ქედის მერია პარკინსონით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებს თვეში ერთხელ, ჯანმრთელობის შესაბამისი ცნობის საფუძველზე გადასცემს.

ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიას უფასო მედიკამენტის მიღების მოთხოვნით 11-მა მოქალაქემ მიმართა, დღეს დამტკიცებული ბიუჯეტით კი, მერიას შეუძლია მედიკამენტები 15 ბენეფიციარისთვის შეისყიდოს.

„პროგრამით ოთხი დასახელების მედიკამენტს შევისყიდით და ბენეფიციარებს იმ დასახელებისა და ოდენობის მედიკამენტს გადავცემთ ყოველთვიურად, რომლებიც ჯანმრთელობის ცნობაში იქნება მითითებული. ამ დროისთვის მედიკამენტის მოთხოვნით 11-მა მოქალაქემ მოგვმართა, დამტკიცებული ბიუჯეტით მედიკამენტით შეიძლება დამატებით კიდევ ოთხმა მოქალაქემ ისარგებლოს, თუმცა თუ მეტი მოთხოვნა იქნება, პროგრამაში ცვლილებებს შევიტანთ, ყველა მოქალაქის მოთხოვნას  დაკმაყოფილდება“, – ამბობს დავით თედორაძე.

პროგრამის  ბიუჯეტი 9 700 ლარია.

 

10 ოჯახი ელექტროენერგიის ჩასართავად სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

აქცია იყო დღეს ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე, სადაც თვითნებურად ჩასახლებული 10 ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას, რადგან ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი. ეს ქუჩა ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ ახლოს მდებარეობს. აქციაზე იმყოფებოდა ადამიანის უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძე, რომლის თქმითაც, ეს ოჯახები აქ დაახლოებით შვიდი წლის წინ დასახლდნენ და მათ შორის არიან მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველები:

„აქვე, ახლოს ოჯახები ცხოვრობდნენ, რომლებიც გასახლებას დაექვემდებარნენ ავტობანის მშენებლობის გამო. ერთ-ერთი ოჯახიდან ჰყავდათ მათ ელექტროენერგია გამოყვანილი თვითნებურად. ის ოჯახი უკვე აქ აღარ ცხოვრობს და მოსახლეობა დენის გარეშე დარჩა. ახალ წლამდე მათ მიმართეს საკრებულოს წევრ ანზორ დევაძეს. საკრებულომ კი ეს ოჯახები „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გადაამისამართა… გამოსავალი ერთია, სახელმწიფო არ უნდა წავიდეს წინააღმდეგი, როგორც ამ ტერიტორიის მესაკუთრე და დართოს ამ 10 სოციალურად დაუცველ ოჯახს ნება, მიაწოდონ ელექტროენერგია. ენერგოკომპანია მათ მოსთხოვს საკუთრების უფლებას, რომელიც მათ არა აქვთ, ამიტომაცაა აუცილებელი სახელწიფოს დახმარება“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ბათუმის საკრებულოს წევრი, ანზორ დევაძე ამბობს, რომ ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრები ოჯახების გასაჭირის შესახებ უკვე იცის და მათი პრობლემის გადაწყვეტას ბათუმისა და ხელვაჩაურის მერიების საშუალებით შეეცდება, რადგან ამ ტერიტორიის ნაწილი ბათუმს ეკუთვნის, ნაწილი კი – ხელვაჩაურს:

„ჩაწერილი არ არიან, მაგრამ შუქი და გათბობა სჭირდებათ. საქმის კურსში უნდა ჩავაყენო ბათუმის და ასევე, ხელვაჩაურის მერი, რომ რაღაცით დავეხმაროთ ამ ხალხს. ალბათ შევძლებთ ამას, ერთი თვის განმავლობაში მაინც“, – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი.

 

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის გაკეთება დაიწყება, კანალიზაციის – არა

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე მუშაობისას, აჭარის მთავრობა აცხადებდა, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ შეძენილი იქნა ადლია-კახაბერი-დაბა ხელვაჩაურის წყლის სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის განხორციელებაც დაიწყება 2018 წლის პირველ კვარტალში“. „ბათუმის წყალში“ კი აცხადებენ, რომ პროექტი მოიცავს მხოლოდ ფრიდონ ხალვაშის გამზირს, მის მიმდებარე ტერიტორიას, ნაწილობრივ ადლიას და აეროპორტის გზატკეცილის ერთ [კენტ] მხარეს, ისიც, მხოლოდ წყალმომარაგებას და არა კანალიზაციის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციას.

პირველ ეტაპზე წყალმომარაგების სისტემა ხალვაშის გამზირის ერთ მონაკვეთზე მოეწყობა – ანგისის დასახლებიდან გოდერძი ჩოხელის ქუჩის კვეთამდე. სამუშაოები სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს დაიწყება, შემდგომში კი ეტაპობრივად გაგრძელდება. „ბათუმის წყალში“ განაცხადეს, რომ პროექტი, რომელიც შეძენილია და რომლის განხორციელებას, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 14 მილიონი ლარი დასჭირდება, არ მოიცავს წყალარინების [კანალიზაციის] სისტემის მოწყობას. ამ პროექტით მხოლოდ სასმელი წყლის სისტემის გაყვანაა დაგეგმილი.

წყალარინების სისტემა ცალკე პროექტით უნდა გაკეთდეს, რომელიც „ბათუმის წყალს“ ჯერ არ აქვს. „ ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას აქვს საკანალიზაციო ჭები და როცა მათი გაწმენდაა აუცილებელი, გვიკავშირდებიან ცხელ ხაზზე, ჩვენი სამსახურის სპეციალური მანქანები გადის და იწმინდება. ისეთ ადგილებში, სადაც საკანალიზაციო ქსელი არის, ჭის გაწმენდა უფასოა, ხოლო სადაც არ არის წყალარინების სისტემა, იქ მომსახურება ფასიანია – გააჩნია მანქანას, მოცულობას, მაქსიმალური თანხა – ყველაზე დიდი მანქანით მომსახურების შემთხვევაში – 250 ლარია,“ – აცხადებენ „ბათუმის წყალში“.

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მრიცხველების დამონტაჟებასაც გულისხმობს. სამუშაოებს, როგორც „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, თავად ჩაატარებენ. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალების შესახებ ინფორმაციას კი ოდნავ მოგვიანებით გაავრცელებენ.

ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით, 2007 წლიდან ხორციელდება წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა]. თუმცა, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებს ეს პროექტი არ მოიცავს. ამ პროექტის მესამე ფაზა 2018 წელს, ხოლო მეოთხე – 2019 წელს უნდა დასრულდეს. სწორედ მეოთხე ფაზაში შეიცვლება ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე ტერიტორიაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემები.

„2023 წელს რეკონსტრუქციის ბანკი ბოლო ორი ფაზის საბოლოო შეფასებას დადებს და ამით დასრულდება მათი კურატორობა ამ მრავალწლიან პროექტზე, თუ რა თქმა უნდა, არ გამოიყოფა ახალი დაფინანსება შემოერთებული ტერიტორიებისთვის,“ – განაცხადეს გასულ წელს ბათუმის მერიაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კვლევის თანახმად, ადლია-აეროპორტის დასახლებაში კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, უხეში გათვლებით, დაახლოებით 50 მილიონი ევრო დასჭირდება.

ბათუმი, შარაბიძეების დასახლება / 26.01.2018

რამდენად ეფექტურია ბათუმის ბიზნესინკუბატორი

ბათუმის ბიზნესინკუბატორში ერთი ოთახი ახლაც დაკეტილია. ოთახი ბიზნესმენისთვის არის განკუთვნილი, რომელიც არ გამოჩნდა.

ოფიციალური ჩანაწერებით, ბიზნესინკუბატორი დამწყებ ბიზნესმენებს ეხმარება საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალებების მოძიებაში. აქ ბიზნესმენს შეუძლია სამუშაო ტექნიკით აღჭურვილ ფართობში [20 კვადრატული მეტრი] თვიურად მხოლოდ 150 ამერიკული დოლარი გადაიხადოს საწევროს სახით. ბიზნესინკუბატორი ბათუმში 2009 წლიდან მუშაობს, თუმცა მისი ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონკურენცია ინკუბატორში მოხვედრაზე არასდროს ყოფილა.

„ისე მიჩვეული ვართ აქაურობას, არსად არ გვინდა წასვლა,“ – გვითხრა ბიზნესმენმა ნოდარ მესხმა. იგი სამშენებლო კომპანია „7 STAR”-ის  დამფუძნებელია. ეს კომპანია 2015 წლიდან ბიზნესინკუბატორშია განთავსებული. ბიზნესინკუბატორის წესების თანახმად, კომპანიის ინკუბატორში ყოფნის მაქსიმალური ვადა ორი წელია. ინკუბატორის პირობები ბიზნესის განვითარების ცენტრის ინტერნეტგვერდზეა გამოქვეყნებული [2013 წლიდან ინკუბატორის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა და მას ბიზნესის განვითარების ცენტრი დაარქვეს].

„ეს ორი წელი პანაცეა არ არის. ოფისის და ადგილმდებარეობის შეცვლა ერთ-ერთი ისეთი კრიტერიუმია, რომელიც ბიზნესორგანიზაციას დარტყმას აყენებს… როცა მაქვს თავისუფალი ადგილი, არ იქნება სწორი ბიზნესმენს ვუთხრა, გინდა თუ არა გადი-მეთქი,“ – გვიყვება კახა შავაძე.  იგი 2009 წლიდან ანუ ბიზნესინკუბატორის დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ბიზნესინკუბატორი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დააფუძნა გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

რატომ არ ინტერესდება დამწყები ბიზნესი ბათუმში ინკუბატორში მოხვედრით, სადაც მას შეღავათიან ფასად ფართობის დაკავების გარდა სხვადასხვა მიმართულებით უფასო კონსულტაციების მიღება და ტრენინგების გავლა შეუძლია? – კახა შავაძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

„ბიზნესის დაწყება არაა პატარა გადაწყვეტილება. ამას სჭირდება არა მხოლოდ სასტარტო ფული, არამედ მეწარმის სული ადამიანში. პირველი ორი და სამი წელი არის ძალიან რთული, თუ ადამიანი ამისთვის არ არის მზად, როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად….“

თავისუფალი ფართობი ბიზნესინკუბატორში

ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამწყებ ბიზნესმენებზე მეტად „ნაპოლეონის იდეებით შეპყრობილი ადამიანები უფრო გვყავს.“ ჩვენთან საუბრის დროს იგი სხვადასხვა დამწყებ ბიზნესმენს იხსენებს, ვისთვისაც საწევროს ფასი  არ იყო მისაღები, ან შეთავაზებული ფართობი ეპატარავებოდათ.

ბიზნესინკუბატორში ბოლო ორი წელია საწევროს გადასახადი 150 დოლარია. 2009 წლიდან 7 წლის განმავლობაში საწევროს ფასი 225 დოლარი იყო. საფასურში შედის კომუნალური გადასახადებიც.

„კარგი შეღავათია, ეს ხარჯი მოგვაკლდა. ეს არის ყველაზე დიდი პლუსი. ახლა ეს ფართობი აღარაა საკმარისი. გვინდა განვვითარდეთ, ვნახოთ. როცა გავიზრდებით, გადავალთ,“ – გვითხრა ინკუბატორში მყოფმა ბიზნესმენმა, ნოდარ მესხმა.

ინკუბატორი რამდენიმე თვის წინ დაიკავა შპს-მ „ნინო და გერონტი“. ნინო მასალკინას სამკერვალო და ატელიე აქვს მოწყობილი ბიზნესინკუბატორში.

„მნიშვნელოვანია ასეთი ადგილების არსებობა. დამწყებ, ახალგაზრდა ბიზნესს ისედაც ბევრი რისკი აქვს. როგორც ვიცი, ორი წელია აქ ყოფნის დრო და ამ პერიოდს ალბათ მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რადგან არა მგონია, ასეთი კარგი პირობები სხვაგან ვიპოვოთ,“ – ამბობს ნინო მასალკინა.

ბათუმის ბიზნესინკუბატორში სულ 10 ბიზნესორგანიზაციისთვის არის სამუშაო გარემო, აქედან ამ დროისთვის დაკავებულია ცხრა. ინკუბატორის ხელმძღვანელის, კახა შავაძის თქმით, 2009 წლიდან დღემდე ჯამში 40 კომპანია იმყოფებოდა ინკუბატორში.

„არის წარმატებული მაგალითებიც და პირიქით,“ – გვიყვება კახა შავაძე. – „იყო ტურისტული კომპანია, რომელმაც ნულიდან დაიწყო და ერთ წელიწადში იმდენს მიაღწია, რომ აქ ვეღარ ეტეოდა. იყო შემთხვევაც, როცა ბიჭები აუდიტორულ შემოწმებაზე ახორციელებდნენ მომსახურებას და კლიენტებმა დაასაქმეს საკუთარ კომპანიებში ფინანსურ დირექტორებად, ანუ ცალკე კომპანიის სახით აღარ გაუგრძელებიათ საქმიანობა. ჩვენი თვითმიზანი არ არის, მათ საქმიანობაში ჩავიხედოთ და გავიგოთ, როგორ განაგრძეს მუშაობა. ჩვენი მონაცემებით, კომპანიების დაახლოებით 70-80 პროცენტი აგრძელებს აქ დაწყებულ საქმიანობას.“

ბიზნესინკუბატორს ყოველწლიურად აფინანსებს ევროკავშირი გაეროს განვითარების პროგრამის საშუალებით. ინკუბატორისთვის აჭარის ბიუჯეტიდან წელს 70 ათასი ლარი დაიხარჯება. ინკუბატორი აჭარაში შეიქმნა, როგორც საპილოტე პროექტი. მაშინ გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტების ხელმძღვანელი ლაშა კომახიძე იყო. ლაშა კომახიძე ამჟამად ბათუმის მერია და იგი ხშირად ამაყობს იმით, რომ წარმატებული პროექტის ინიციატორი იყო.

მარცხნიდან პირველი კახა შავაძე, ლაშა კომახიძესთან ერთად

თუკი გაამართლა ბიზნესინკუბატორის საპილოტე პროექტმა, რატომ რჩება იქ თავისუფალი ადგილები და რატომ არ მოეწყო ბათუმის მსგავსი ინკუბატორები საქართველოს სხვა ქალაქებში?

„თუ არ ვცდები, თბილისში გახსნეს ორი ინკუბატორი ამავე პრინციპით… გარდა ამისა, შეიქმნა ტექნოპარკები თბილისსა და ბათუმში, სადაც ინკუბაცია ერთ-ერთი კომპონენტია. მანამდე იყო მხოლოდ ვირტუალური, დისტანციური კონსულტაციები, რამაც არ გაამართლა,“ – განმარტავს კახა შავაძე. მას არ აქვს ვერსია, რის გამო რჩება თავისუფალი ადგილები ინკუბატორში, თუკი ბიზნესს ეს ნამდვილად სჭირდება.

„დღეს ინკუბატორი არის ზედმეტი ტვირთი ნებისმიერისთვის, ვინც ამას გააკეთებს,“ – მიიჩნევს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერი, ტიტე აროშიძე. მისი აზრით, ამ ეტაპზე დამწყებ ბიზნესს ინკუბატორის საჭიროება არ აქვს, რადგან ბაზარი გაჯერებული არ არის და ბიზნესმენი ნაკლებადაა განვითარებაზე ორიენტირებული.

„ბიზნესინკუბატორში 30 პროცენტი ფართობი თავისუფალი რჩება იმიტომ, რომ ბიზნესი ვერ ხედავს, რა იქნება ინკუბაციის გავლის მერე. დღეს ბიზნესორგანიზაციასთან რომ მიხვიდე და უთხრა, უფასოდ გაგიკეთებ მარკეტინგულ კვლევასო, გეტყვის, რომ მას ეს არ სჭირდება. მისთვის მარტივია ბაზარი: ყიდულობ და ყიდი. პრობლემა შეიქმნება მაშინ და განვითარებაზე ფიქრიც, როცა ბიზნესმენი დაინახავს, რომ რასაც ყიდულობს, იმას იოლად ვეღარ ყიდის. ბიზნესინკუბატორების საჭიროება აუცილებლად იქნება ხვალ,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

ბიზნესის განვითარების ხედვის სირთულეზე გვითხრა კახა შავაძემაც, ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელმა:

„ჩვენ ვცადეთ, ტრენინგების ნაწილი ყოფილიყო ნაწილობრივ ფასიანი, მაგრამ ამაზე არავინ წამოვიდა. დონორების სურვილი იყო, რომ ბიზნესმენებს ჰქონდეთ თანამონაწილეობის განცდა, რომ უფასო მხოლოდ სათაგურში ყველია…“

ბიზნესინკუბატორი ბათუმში /25.01.2018/

 

 

 

 

რვასართულიანი სახლი ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად – ახალი პროექტი

ბათუმში, კლდიაშვილის #11-ში, ისტორიული, ერთსართულიანი ბელეტაჟის ნაცვლად შპს „დანი“ რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ერთსართულიანი ისტორიული სახლი მდებარეობს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „დანს“ ჯერ მერიისგან თანხმობა არ აქვს პროექტზე. კომპანიას 2017 წლის ივნისში უარი ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა უთხრა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახლი კომპანიის წარმომადგენელს 2013 წელს გამოუსყიდია, მომავალში ახალ სახლში ნაწილობრივ გარემონტებული ბინების გადაცემის პირობით. მიმდებარედ მცხოვრებლების ინფორმაციით, ამ სახლის ყოფილმა მეპატრონეებმა სახლი უკვე დაცალეს და სხვაგან გადავიდნენ, „მომავალში ამ ადგილზე ახალ, მრავალბინიან სახლში ბინების მიღებამდე.“

კლდიაშვილის #11-ში მდებარე ისტორიულ ბელეტაჟს ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. შესაბამისად, ამ ადგილზე მშენებლობის ახალ პროექტზე ნებართვას მერია მხოლოდ სააგენტოს ზონალური საბჭოს თანხმობის შემდეგ გასცემს.

შპს „დანი“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას ილია ბერიძე ფლობს.

კლდიაშვილის #11. ამ სახლის დემონტაჟის ხარჯზე შპს „დანი“ ახალი, რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

„საცალმანქანო“ გზები აჭარაში

სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობა მილიონობით ლარს ხარჯავს, მძღოლები კი ამ გზებს საშიშს უწოდებენ, დავიწროების გამო. მთავრობა ამტკიცებს, რომ სოფლებთან ან სოფლებში მისასვლელი გზების გაფართოებას ვიწრო ხეობამ და გზების მოსაზღვრედ კერძო მესაკუთრეების ინტერესებმა შეუშალა ხელი. თუმცა ბევრ სოფელში გზაზე ასფალტს ორივე ან ერთი მხრიდან აქვს დატოვებული გვერდულები, რომლებიც გზის გასაფართოებლად არ გამოუყენებიათ.

ახალმოასფალტებული გზა სოფელ ფუშრუკაულში აღმართს მიუყვება, გზა ვიწროა და მიხვეულ-მოხვეული. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის გამოჩენისას ფუშრუკაულის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს, პერიოდულად მოძრაობას ანელებს, მანქანას აჩერებს და უკუსვლით მოძრაობას იწყებს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ შეარჩიოს ადგილი, სადაც ორი მანქანა ერთმანეთისთვის გვერდის ავლას შეძლებს. ამ დროს ხშირად გრძელი მანძილის გავლაც უწევს. თუ გაუმართლა მალე პოულობს შესაბამის ადგილს და გზას აგრძელებს.

„ცენტრალურ გზამდე ტორმუზზე ვზივარ,“ – გვიყვება რევაზ სურმანიძე. ის ამბობს, რომ ასფალტის დაგების შემდეგ სოფლამდე მისასვლელი ისედაც ვიწრო გზა, კიდევ უფრო დავიწროვდა და საშიში გახდა.

ფუშრუკაული ხულოს მუნიციპალიტეტში ერთადერთი სოფელი არ არის, სადაც მძღოლები ახალმოასფალტებულ გზას „საშიშად და სასაკლაოდ“ მოიხსენიებენ. იმავეს ამბობენ სხვა მუნიციპალიტეტების ბევრ სოფელში, სადაც ახალი გზა დააგეს.

„გზა მშვენიერია, ასფალტს ვეღირსეთ, მაგრამ ვიწროა. ნებისმიერი მოსახვევიდან ნებისმიერ წუთს შესაძლებელია საფრთხე გამოჩნდეს. განსაკუთრებით საშიშია, თუ საპირისპიროდ მომავალი ავტომანქანა სწრაფად მოძრაობს. ამ გზაზე 30-ით უნდა იარო, მეტით არ შეიძლება, მოსახვევებში ვერ შეხვალ. ბოლო სამ თვეში ოთხჯერ მქონდა საავარიო შემთხვევა. დაჯახების შემთხვევაც მქონდა. წარმოიდგინეთ, როცა გზა უკვე თოვლიანია და ცუდადაა გაწმენდილი, როგორი საშიშია მოძრაობა. დღეს მე რეისი არ გამიკეთებია, უამინდობის გამო თავი შევიკავე,“ – გვიყვება რევაზ სურმანიძე.

მისი თქმით, ეს გზა განსაკუთრებით იმ მძღოლებისთვის არის საშიში, რომლებიც სოფელში პირველად მოძრაობენ და, შესაბამისად, ინფრასტრუქტურას კარგად არ იცნობენ: „მოსახვევებში მაღალი სიჩქარით, მოულოდნელად შემოდიან“.

რევაზ სურმანიძე ამტკიცებს, რომ მოასფალტების პროცესში გზის გაფართოება შესაძლებელი იყო: „კომპანიამ იცით რა გვითხრა – ასეთი შეკვეთა მაქვს და ასე ვაკეთებო“.

ფუშრუკაული სხალთის ხეობის თემია. ხულოს ცენტრიდან სოფელ ფუშრუკაულამდე 13 კილომეტრია. სოფელი მაღალმთიანია. ფუშრუკაულის თემი ხუთ სოფელს და 280 ოჯახს აერთიანებს. წელს აჭარის მთავრობამ სოფლის გზის მხოლოდ 7,5 კილომეტრის მოასფალტების სამუშაოები შეისყიდა. ხულოს მერის წარმომადგენლის, ომარ აბაშიძის ინფორმაციით, ფუშრუკაულის თემში რაც დარჩა, მომავალში უნდა გაკეთდეს. მას ახალი გზა მოსწონს: „უკეთესიც კარგი იქნებოდა, მაგრამ ესეც კარგია. მე ასე ვფიქრობ და სპეციალისტი არ ვარ, რომ შევაფასო“.

ფუშრუკაულის მოასფალტებული გზის სიგანე, მძღოლის ინფორმაციით, 4.0-4.20-მდე მეტრია.

მსგავსი ვითარებაა სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებშიც, არა მხოლოდ შიდა, არამედ სოფლების დამაკავშირებელ ცენტრალურ გზებზეც. იმავეს ყვებიან მძღოლები შუახევისა და ხელვაჩაურის სოფლებში – ჭვანაში, თხილნარში, აგარაში, ზედა ჯოჭოში, განახლებაში, სამებაში, მახოსა და ზანაქედში. მათივე თქმით, გზა დაავიწროეს ქედის სოფლებში: აქუცაში, მერისში; ხულოში – სოფელ ძირკვაძეებში.

მოასფალტებული გზის სიგანე სოფელ თხილნარში. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

მუნიციპალიტეტებში არის ისეთი რეაბილიტირებული გზებიც, რომლებიც შედარებით ფართოა და მოსწონთ კიდევაც – ასეა, მაგალითად, ქობულეთის სოფლებში.

კითხვაზე, ორი მანქანა გზაზე ერთმანეთის გვერდის ავლას შეძლებს? – სოფელ აგარის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ნუგზარ ჯიბლაძე ნახვრად ხუმრობით პასუხობს: „მძღოლს გააჩნია.“

„გზები დაავიწროეს, გული მისკდება ყოველი ასვლისა და ჩამოსვლისას. ორი მანქანა რომ შეხვდება ერთმანეთს, უფრო საშიშია, ან ერთმა უნდა დაიხიოს უკან, ან მეორემ,“ – გვიყვება ნათელა დიასამიძე სოფელ მერისიდან.

მძღოლები ყვებიან იმაზეც, რომ ახალრეაბილიტირებულ გზებს ხელახლა თხრიან კომპანიები, რომლებსაც სოფლებში გაზის მილები გაჰყავთ. ამ დროისთვის ზედა ჯოჭოში ახალგაყვანილი გზა „სოკარის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას გადაუთხრია. იგივე ვითარებაა თხილნარის ახალმოასფალტებულ გზაზეც. კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ზიანს, რომელიც გაზის მილების გაყვანით გზას მიადგა, იგივე კომპანია გამოასწორებს.

სატენდერო დოკუმენტების მონაცემებით, თხილნარი-მურმანეთის გზის სიგანე 3.0 – 5.0-მდე მეტრია. გარდა ამისა, ამ გზაზე არ არსებობს სპეციალური ნიშნები, რომლებიც მძღოლს გააფრთხილებდა გზის მოულოდნელად დავიწროების შესახებ. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ინფორმაციით, მონიშვნები სამუშაოების დასრულების შემდეგ გაკეთდება. ამ გზის თითქმის მთელ პერიმეტრზე სივრცე დატოვებულია მარჯვენა მხრიდან, რაც კომპანიამ გზის გასაფართოებლად არ გამოიყენა. აუთვისებელი სივრცეებია (მოხრეშილია) სოფელ ზანაქიძეებშიც. აქ მოსახლეობა ამბობს, რომ გზა მოასფალტების შემდეგ დავიწროვდა.

იმ გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა და მძღოლები იწუნებენ, აჭარის მთავრობა ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავს.

გზების, ხიდებისა და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვის 2017 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 49 მილიონ 131 000 ლარი გაითვალისწინეს. აქედან 48 მილიონამდე ლარი საავტომობილო გზების რეაბილიტაციას და მათ მოვლა-შენახვას უნდა მოხმარებოდა. მილიონი ლარი ტექნიკის შესაძენად იყო გათვალისწინებული.

2016 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში 35 მილიონ 700 ათასი ლარი, 2015 წელს კი 25 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. მომავალი წლის ბიუჯეტში სამუშაოების გასაგრძელებლად 54 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი ცდილობს გვაჩვენოს, რომ გზა სოფელ
ზანაქიძეებში ფართოა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გზების მოვლა-პატრონობა აჭარაში მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას, გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ევალება. გზების რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტების გამგეობებიც (ახლა უკვე მერიები). საგზაო დეპარტამენტი, გზებზე მოასფალტების სამუშაოების შესყიდვამდე, ელექტრონული ტენდერით შეისყიდის კონკრეტული გზის პროექტირებისა და ხაჯთაღრიცხვის სამუშაოებს.

მოცულობის შესახებ დოკუმენტის მიხედვით, რომლითაც შემდეგ გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შესაბამისი სამუშაოები დაუკვეთა, სოფლების გზის სიგანე მაქსიმუმ 4.5 მეტრია, რიგ მონაკვეთებში ის 3.0-მდეც კი ვიწროვდება. არის ისეთი გამონაკლისები, როცა გზების სიგანე კონკრეტულ მონაკვეთში 5.0 მეტრს აღწევს.

„ბათუმელებმა“ გზების სიგანე ტენდერით გათვალისწინებულ მონაცემებს შეადარა, უმეტეს შემთხვევაში მონაცემი ემთხვევა, თუმცა არის მცირე ცდომილებებიც. ამას ემატება ისიც, რომ მთავრობა შიდა სასოფლო გზების მოასფალტების სამუშაოებს თავად არ ასრულებს – შიდა გზებზე მხოლოდ ე.წ. მობეტონების სამუშაოებისთვისაა თანხა გამოყოფილი. ამ შემთხვევაში მთავრობა მასალას ყიდულობს და გადასცემს სოფლის მოსახლეობას. მის დაგებას სოფელი უზრუნველყოფს. ეს გზებიც ვიწროა. სოფელში ამბობენ, რომ არჩიეს გზის უფრო გრძელი მონაკვეთი დაეფარათ ბეტონით, ამიტომ სიგანეს ყურადღება აღარ მიაქციეს – მათთვის გადაცემული სამუშაო მასალები რაც შეიძლება მეტი მანძილის დასაფარად გამოიყენეს.

აჭარის სასოფლო და შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე შპს „გზაპროექტმა“ იმუშავა. ამ კომპანიამ 2016-2017 წლებში გზების დაპროექტებაზე დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერი ცხრაჯერ მოიგო და მთლიანობაში გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტისგან ორ მილიონამდე ლარის პროექტირების სამუშაოების შეკვეთა მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ „გზაპროექტი“ ამ მიმართულებით აჭარის მთავრობის ექსკლუზიური მიმწოდებელია.

სახელშეკრულებო პირობის მიხედვით, კომპანიას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისი პროექტები უნდა მოემზადებინა. თუმცა, როგორც შემკვეთი, ასევე შემსრულებელი აღიარებს, რომ გზები სტანდარტებს არ შეესაბამება.

„გზაპროექტის“ დირექტორი პაატა დუმბაძე: „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ გზები არასტანდარტულია, მაგრამ სხვანაირად ვერ დავხაზეთ. ეს გზები დასახლებულ პუნქტებში გადის. გზებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთები ესაზღვრება. არც ერთი მათ შორის არ დათმობს ერთ გოჯ მიწასაც კი. თავიდან გვეუბნებიან – კი ბატონო, გააკეთეთო, მაგრამ როგორც კი შეეხები, თითოეულ კვადრატულ მეტრ მიწას ჰყავს პატრონი. აჭარა მცირემიწიანი რეგიონია, ამიტომ ჩვენ ვერ დავაპროექტებდით ისე, რომ იქ ფართო გზები გაკეთებულიყო. სოფელ ხალაში ერთმა მოქალაქემ სასამართლოშიც კი გვიჩივლა.“

იდენტურია გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ ჩიქოვანის პასუხი. ის ამბობს, რომ დეპარტამენტი იძულებულია უკვე არსებული გზების რეაბილიტაციაზე იმუშაოს და მის გაფართოებაზე ვერ იზრუნებს:

„ამ არასტანდარტული გზების პარალელურად, ალბათ, ისიც შესამჩნევია, რომ ყოველ ორას მეტრში არის შესაქცევი, ორმა სატრანსპორტო საშუალებამ ერთმანეთს გვერდი რომ აუაროს. გზა იგეგმება საწყისიდან ბოლო პიკეტამდე და დაუშვებელია ისეთი ტიპის გადახრები, რაც გარკვეულ მონაკვეთებში გზების გაფართოებას გულისხმობს. თუ გზა ერთ კონტურში არ არის მოქცეული, შექმნის შეფერხებებს. სადაც არის საშუალებები, ვაწესრიგებთ გვერდითა ინფრასტრუქტურას, ვაკეთებთ ე.წ. ჯიბეებს, გზის ასაქცევებს.“

არჩილ ჩიქოვანი არ უარყოფს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის ყველა გზა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რასაც ის მაღალმთიანი სოფლების რელიეფით ხსნის: „არსებული გზები ექსპლუატაციიდან ას წელზე მეტს ითვლის. კერძო საკუთრებაში ვერ შევიჭრებით და ვერც შევათანხმებთ მესაკუთრეებს. ისინი ფლობენ მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებს გზის მარჯვენა და მარცხენა გვერდულთან… ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან დაგეგმარების დროსაც. საპროექტო სამუშაოებში ჩართული არიან ადგილობრივი წარმომადგენლობები, დეპარტამენტი, ასიდან 99 შემთხვევაში ვერ ვაღწევთ შეთანხმებას. ადგილ-ადგილ გაფართოება და შევიწროება უფრო საფრთხის შემცველია.“

მოსახლეობა კი ამბობს, რომ დეპარტამენტს მათი ნაკვეთების ხარჯზე გზების გაფართოების სანაცვლოდ მოლაპარაკებები არ უწარმოებია და არც კომპენსაცია შეუთავაზებია. საკომპენსაციო თანხა გზების გაფართოებისთვის არც ბიუჯეტში ყოფილა გათვალისწინებული:

ხელშეკრულებაში, რომელიც ითვალისწინებს პროექტის მომზადებას, მითითებულია, რომ სამუშაოებს დეპარტამენტის ტექნიკური სამსახური აკონტროლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაო ექსპერტიზას არ გადის, ისე როგორც ასფალტის დაგების სამუშაოების ჩაბარების შემთხვევაში. დეპარტამენტს არც ჩაბარებული სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნები აქვს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული. ამას სამთავრობო უწყებას შესყიდვების შესახებ კანონი ავალდებულებს (38-ე მუხლი).

საქართველოში უსაფრთხო გზების მნიშვნელობაზე, ამ საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გზა სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. ეს მნიშვნელოვანია, ისე როგორც ის, რომ არ დაარღვიონ წესები მძღოლებმა და ქვეითებმა. გზების ინფრასტრუქტურის სტანდარტების შესაბამისად მოწყობა კი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:

„თუ მთავრობამ სცადა და ეს მაინც არ ხერხდება, მაშინ უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება ხიფათის შესამცირებლად, ძალიან მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული სიჩქარეები, დამონტაჟდეს სარკეები. როგორც ვიცით, ასეთ გზებს არც საპატრულო პოლიცია აკონტროლებს ინტენსიურად. თუ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, ვიდეოთვალი მაინც აამუშაონ და ამით აკონტროლონ სიჩქარე. მითუმეტეს, თუ ამ გზებზე არის ადგილები, სადაც ხშირად ხდება ავარია.“

ბათუმი-ახალციხის გზაზე ხშირი ავტოავარიით შეწუხებული მოსახლეობა ინფრასტრუქტურის გამართვასა და სარკეების მოწყობას გასული წლის ნოემბერში პეტიციით ითხოვდა, რომელსაც ოთხასამდე ადგილობრივი აწერდა ხელს, აჭარის მთავრობაში ამ მოთხოვნას უსაფუძვლო და არასერიოზული უწოდეს.

გზების შესახებ საქართველოს კანონით, საავტომობილო გზის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებითა და გაბარიტებით.

აჭარის მთავრობის მიერ გზების მოასფალტების სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებს ხშირად იგებენ კომპანიები: „ტ.ტ“, „სამკუთხედი“, „გზები“, „გიგა 2015“ და „მარეთი 777“.

______________________

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად

იმ სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტია 71 პროცენტის, შესაძლებლობა აქვთ, სწავლის დაფინანსება მიიღონ.

სწავლა აჭარის განათლების სამინისტროს  ქვეპროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ფინანსდება.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტებმა კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელიც სამინისტრომ „განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში უკვე გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2017 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 % -სა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსებას მიიღებენ ის სტუდენტები, ვინც  აკადემიური მოსწრების გარდა სხვა კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებენ. მაგალითად, არიან სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან (ქედა, შუახევი, ხულო); დედით ან მამით ობოლი, უდედმამო; მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი და მეტი შვილი) და სოციალურად დაუცველი (100 000 ქულა და ნაკლები).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარადგინონ  სამინისტროში 2018  წლის 12 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარის სანაპიროზე უმეტესად უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ.

„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 7-12 გრადუსი იქნება, ღამით – 2-7 გრადუსი.

მთაში მოსალოდნელია თოვა, ჰაერის ტემპერატურა დღისით 0-5 გრადუსი, ღამით კი -2-7 გრადუსი ყინვა იქნება,“ – ამბობენ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 8 გრადუსია.

29 იანვარს, ორშაბათს, ბათუმში ისევ წვიმაა მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, 2016 წლის 26 იანვარს ბათუმში უჩვეულო დიდთოვლობა იყო. 26 იანვარს ბათუმში თოვდა შარშანაც.

თოვლი ბათუმში [ფოტო]

 

ბათუმი-სარფის მაგისტრალზე ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. გზის ამ მონაკვეთზე კვარიათთან მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი.

გუშინ, 25 იანვარს, საღამოს, კვარიათთან კლდე ჩამოიშალა, ჩამოწოლილი მიწის მასისა და ლოდების გამო გზა ჩაიკეტა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

კლდის ჩამოშლის გამო დაზიანდა ერთი ტრაილერი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კლდის ჩამოშლის გამო ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი ჩაკეტილია

ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი სოფელ კვარიათთან ამ დროისთვის გადაკეტილია. რამდენიმე წუთის წინ აქ მთიდან ლოდები ჩამოიშალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაზიანდა ერთი ტრაილერი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. რა დროისთვის აღდგება მოძრაობა, უცნობია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით ავტომაგისტრალი, იმ ადგილთან სადაც კლდე ჩამოიშალა, დაფარულია მიწის დიდი მასით და ლოდებით. მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა გზის გასაწმენდად შესაძლოა სპეცტექნიკის დამატება გახდეს აუცილებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, შესაბამისად, საქმე არ აღძრულა.

ვოლიერებში დაღუპული ცხოველები – ბათუმის მერი ზოოკუთხის მომავალზე

ბოლო ცხოველი, რომელიც ორი კვირის წინ ბათუმის ზოოკუთხეში მოკვდა, ირემი აქსისი იყო. ჯამში კი, 6 მაისის პარკში მდებარე ზოოკუთხეში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 40-მდე ცხოველი დაიღუპა. რა პერიოდულობით და რამდენი ცხოველი – ამის თაობაზე ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. ზოოკუთხის ადმინისტრაცია ამ დრომდე პრობლემებზე არ საუბრობდა და ამბობდა, რომ ცხოველთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშო არ იყო.

ზოოკუთხე „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დაქვემდებარებაშია. სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე  „ბათუმელებთან“ ცხოველების სიკვდილის სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, პრიმატები პნევმონიის გამო იღუპებიან, საუბარია ინფექციურ დაავადება ექინოკოკზე, რომელიც, მისი თქმით, ვოლიერებში არასათანადო პირობების გამო გავრცელდა.

კითხვაზე, რა იყო ირმებისა და კენგურუების დაღუპვის მიზეზი, ალექსანდრე თევზაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„მე ერთი წელია, რაც ამ სააგენტოში ვმუშაობ. როცა მოვედი აქ, მხოლოდ ერთი კენგურუ იყო და თბილისის ზოოპარკს გადავეცით,“ – ამბობს ის.

სამსახურიდან გაათავისუფლეს ზოოკუთხის დირექტორი, ამირან მურვანიძე. ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ ზოოკუთხეში არსებულ მდგომარეობაზე პირად პასუხისმგებლობასაც გრძნობს.

ბათუმის ზოოკუთხის ბინადრებს შორის დღეს არც ერთი კენგურუ აღარ ირიცხება. კენგურუები დაიხოცნენ. ერთადერთი კენგურუ გასულ წელს თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„ის [ზოოკუთხის დირექტორი] თვლიდა, რომ მეტლახი საკმარისია იმისთვის, რომ ცხოველი ვოლიერში ცხოვრობდეს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ იყო მიზანშეწონილი. პნევმონიას ზუსტად ეს იწვევს. პრიმატების ანატომია 98 პროცენტით შეესაბამება ადამიანის ანატომიას. წარმოიდგინეთ, ათი წელი ასეთ ჩაკეტილ სივრცეში რომ იცხოვროს ადამიანმა, რა მოუვა“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

იგი მოსკოვიდან მოწვეული სპეციალისტის დასკვნებს გვაჩვენებს, რითაც დასტურდება, რომ ვოლიერები არ აკმაყოფილებს ცხოველების არსებობისთვის საჭირო სტანდარტებს.

„ასეთ პირობებში ცხოველების ცხოვრება იწვევს მათ დეგრადაციას და ავადმყოფობას – ამაზე წერს სპეციალისტი“, – გვეუბნება ალექსანდრე თევზაძე. მისი თქმით, შვიდსულიანი პრიმატების ოჯახი 5 კვადრატულ მეტრში ცხოვრობს, მაშინ, როცა ამ რაოდენობისთვის მინიმუმ 500 კვადრატული მეტრი ფართობია საჭირო, რომ ისინი ნორმალურად განვითარდნენ.

სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ეს პრობლემა თავიდანვე იდგა ზოოკუთხეში და ამის თაობაზე მერია, რომელიც ზოოკუთხის დამფინანსებელია, ინფორმირებული იყო.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როდის შეატყობინა მერიას არსებული მდგომარეობის შესახებ პირველად? ალექსანდრე თევზაძე პასუხობს, რომ მას ყოფილ მერთან, გიორგი ერმაკოვთან ჰქონდა საუბარი და სწორედ მაშინ გამოცვალეს ზოოკუთხეში დაზიანებული სახურავები, საიდანაც ვოლიერებში წყალი ჩაედინებოდა.

„ჩვენ შარშან სახურავები გამოცვალეთ და ახლა მერიასთან მისული ვართ იმ ეტაპამდე, რომ მიმდინარეობს ზოოკუთხის ხელახალი პროექტირება,“ – ამბობს თევზაძე.

ორი კვირის წინ ზოოკუთხეში ირემიც დაიღუპა

ცხოველების ნაწილს, ზამთრობით, საზამთრო ვოლიერებში ათავსებენ. პრიმატების დახურულ ვოლიერში ელექტროგამათბობელია ჩართული, მაშინ, როცა ეს ვოლიერი სტანდარტის შესაბამისად უნდა თბებოდეს.

ზოოკუთხის ერთ-ერთი თანამშრომელი ბუნებრივ აირზე მომუშავე საქვაბეს გვაჩვენებს, რომელიც ვოლიერებს ცენტრალურ გათბობას, შესაბამისი ტემპერატურით აწვდის. ცენტრალური სისტემა ყველა ვოლიერში არ მუშაობს. ამიტომ მეორე და მეხუთე ვოლიერი, სადაც ლემურები და პრიმატები ცხოვრობენ, ელექტროგამათბობლით თბება. შესაბამისად, ვოლიერში ტემპერატურა ვერ კონტროლდება.

„ასეთ დროს პნევმონია შეიძლება განვითარდეს, როცა ვოლიერში წყალი ჩამოდის და „პლეტაა“ ჩართული. სიმშრალეში პრობლემა არ არის. სანამ სარემონტო სამუშაოებს არ ჩავატარებთ და ვოლიერებს არ გავაფართოებთ, მანამდე პრიმატები საფრთხის ქვეშ არიან,“ – გვეუბნება ალეკო თევზაძე.

გარდა ვოლიერების პრობლემებისა, ზოოკუთხეში სპეციალიტების პრობლემაცაა. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი მოსვლის შემდეგ, ვეტერინარი და  ზოოკუთხის სხვა თანამშრომლები თბილისში გადაამზადეს, მაგრამ კვალიფიკაციის ამაღლება მათ ისევ სჭირდებათ, მათ შორის მომვლელებსაც.

„კარგი იქნება, რომ გვყავდეს რაციონისტი, ფსიქოლოგიც, მაგრამ ეს ალბათ ფუფუნება იქნება. გასულ წელს კვების რაციონი შევცვალეთ, რადგან ათი წლის წინანდელი რაციონი იყო და ცხოველებს კუჭნაწლავის პრობლემები ჰქონდათ,“ – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა პრობლემა ჰქონდა ძველ რაციონს, იგი პასუხობს, რომ ძველი რაციონი ყოფილი დირექტორის მიერ ათი წლის წინ იყო შედგენილი, ახალი კი თბილისის ზოოპარკის სპეციალისტების რეკომენდაციით შეიმუშავეს.

ალექსანდრე თევზაძის თქმით, ზოოკუთხეში პირობების გაუმჯობესება მერიის მხრიდან დაფინანსების მოპოვებაზეა დამოკიდებული. იგი იმედოვნებს, რომ ამ დაფინანსებას ის ზაფხულამდე მოიძიებს.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

„ბათუმელებმა“ ზოოკუთხეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მერის პოზიციაც მოისმინა. ლაშა კომახიძის თქმით, მან ზოოკუთხეში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ალეკო თევზაძისგან ინფორმაცია ორი კვირის წინ მიიღო. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ის ამ ტერიტორიაზე ზოოკუთხის შესაბამისობის საკითხს მოსვლის დღიდანვე განიხილავდა.

„ზოოკუთხის გადატანის ვარიანტი ჩემ მიერ მოსვლის დღიდანვე დასმულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს არის დასკვნის საფუძველზე გასაკეთებელი. პირველ რიგში, ცხოველების ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ“, – ამბობს მერი.

მეორე მხრივ, ბათუმის მერი 6 მაისის პარკის განვითარებაზე საუბრობს: „პარკის განვითარების კონცეფციიდან გამომდინარე ვმსჯელობთ, რომ ის შეიძლება გავხადოთ უფრო ცოცხალი და საინტერესო გართობის თვალსაზრისით“.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მან ალეკო თევზაძეს დაავალა, წარადგინოს ზოოკუთხის განვითარების მონახაზი.

„ძალიან მალე მივიღებთ ზოოპარკთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ეს ზის მერიის რეორგანიზაციის გეგმაში“, – გვეუბნება მერი. ლაშა კომახიძის თქმით, ჯერჯერობით, იმაზე მიდის მსჯელობა, ზოოკუთხე დარჩეს „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დაქვემდებარებაში, თუ პირდაპირ დაექვემდებაროს მერიას. „შესაბამისად, რეორგანიზაციაში განვიხილავთ ზოოკუთხის ბიუჯეტს და ორგანიზაციულ მოწყობასაც. ბევრ ინფორმაციას ველოდები, რომ იქედან გამომდინარე მივიღო გადაწყვეტილებები,“ – ამბობს ლაშა კომახიძე.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან ზოოკუთხის მობინადრეების კვებაზე 80 ათასი ლარი იხარჯება, მთლიანი ბიუჯეტი კი 250 ათას ლარია. როგორ ხდებოდა ბიუჯეტის კორექტირება ცხოველების დაღუპვის ფონზე და რამდენად ეფექტურად ნაწილდებოდა თანხები, ამის შესახებ „ბათუმელებმა“ ზოოკუთხის ადმინისტრაციისგან ინფორმაცია ვერ მიიღო.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზოოკუთხეში 124 ბინადარია.

„ამჟამად გვყავს 35 პრიმატი, 13 ირემი, 14 ანტილოპა, 5 პონი და 2 სიასამური. გვყავს ჩიტებიც“, – გვეუბნებიან ზოოკუთხეში.

2016 წლის ივლისის მონაცემებით 138 ბინადარი იყო. 2013 წლის მონაცემებით კი, ზოოკუთხეში ბოცვრები, ზღვის გოჭები და ცხენებიც ცხოვრობდნენ.

შანელის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

23 იანვარს შანელის მოდის სახლის დიზაინერმა, კარლ ლაგერფილდმა, ჰამბურგში 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. სამოსი და აქსესუარები ძირითადად ხელნაკეთი ელემენტებისგან შედგება და მონოქრომული ფერებითაა წარმოდგენილი. უახლესი კოლექციის სამოსი მაღაზიებში მარტიდან გაიყიდება.

ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com

ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com
ფოტო: chanel.com

წყარო: chanel.com 

რა დაუჯდათ „ეტალონის“ ჩატარება აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს

2018 წელს ქედაში ინტელექტუალური თამაშის, „ეტალონის“ გამარჯვებული სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარი ფარტენაძე გახდა, შუახევში – ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნონა ბოლქვაძე, ხულოში კი – სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარად მელაძე.

ინტელექტუალურ შეჯიბრ „ეტალონის“ ჩატარება ქედის გამგეობას 3 960 ლარი დაუჯდა. ქედის მერიის განათლების სამსახურის უფროსის, ეკატერინე ქაჯაია-კომახიძის ინფორმაციით, ინტელექტუალური შეჯიბრის ჩასატარებლად ხელშეკრულება შპს  „ეტალონ-მედიასთან“ 2 960 ლარზე პირდაპირი წესით იყო გაფორმებული, შესაბამისად, ეს თანხა მერიისგან კომპანიამ მიიღო, 1000 ლარი კი ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებულ  მოსწავლეებს მერიამ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გადასცა.

„ეტალონი“ ქედის მუნიციპალიტეტში მესამე წელია ტარდება, ინტელექტუალური თამაშის ჩატარების ექსკლუზიური, საავტორო უფლება მათ [კომპანიას] აქვთ…  პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს –  500, მეორეზე – 300 და მესამე ადგილზე გასულს 200 ლარი გადავეცით,“ – აღნიშნა ეკატერინე ქაჯაია-კომახიძემ.

„ეტალონი“ ქედაში 24 იანვარს მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში ჩატარდა.

ქედის მუნიციპალიტეტის მსგავსად, „ეტალონის“ ჩატარება 2 960 ლარი დაუჯდა შუახევის მუნიციპალიტეტს, ხულოში კი „ეტალონ -მედიას“ ინტელექტუალური შეჯიბრის ჩასატარებლად მერიამ 3 160 ლარი ჩაურიცხა.
„ეტალონში“ გამარჯვებულ მოსწავლეს ფულადი ჯილდო მხოლოდ ქედის მერიამ გადასცა. ხულოსა და შუახევის მერიებს „ეტალონის“ გამარჯვებულებისათვის ფულადი ჯილდო პროგრამულად გაწერილი არ ჰქონდათ. 

 

ბათუმში ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ევროპის მოედანზე, გიორგი გიორგანაშვილის [ბახალას] მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით აქცია გაიმართა – სახელწოდებით „ყველა ერთისთვის“. გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისშიც, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ. თბილისში აქციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მართავს.აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ქათამაძე: “აქციის მთავარი მოთხოვნა, პირველ რიგში გიორგი გიორგანაშვილისა და ბექა წიქარიშვიილის გათავისუფლებაა. ასევე, ძალიან მოკლე ვადაში გადაიხედოს და შეიცვალოს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა. აქცია სპონტანურად დაიგეგმა, გვინდოდა სოლიდარობა გამოგვეცხადებინა “თეთრი ხმაურის” მოძრაობისთვის და იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც იბრძვიან ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის. არავინ ჩვენ გარდა არ შეცვლის არაფერს”.

აქცია ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით
აქცია ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით
აქცია ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით
აქცია ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით
აქცია ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით
აქცია ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით
Exit mobile version