ვინ შეიძლება იყოს მოწვეული მასწავლებელი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა განათლების სამინისტროს ორი ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომლებიც სამინისტრომ დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ინიციატივის მიხედვით, სკოლებს, რომლებსაც არ ჰყავთ შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი კონკრეტულ საგანში, შეუძლიათ მოიწვიონ მასწავლებელი და ამ ფორმით შეავსონ დეფიციტი. ვინ შეიძლება იყოს მოწვეული მასწავლებელი და ვინ მაძიებელი? ამ თემაზე განმარტება „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექპერტ-კონსულტანტმა, მანანა რატიანმა გააკეთა.

რა შემთხვევაში შეუძლია სკოლას მასწავლებლის მოწვევა და რა კვალიფიკაციის უნდა იყოს მოწვეული მასწავლებელი?

ამასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია იყო, ბევრ ჯგუფთან გვქონდა შეხვედრა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ მასწავლებლის კვალიფიკაცია, მაგრამ დასაქმებული არიან სამეცნიერო ინსტიტუტებში ან სხვა სფეროებში, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ სკოლაშიც იმუშაონ,  სკოლას კი მისი დაქირავების უფლება უნდა ჰქონდეს.

მოწვეულ მასწავლებელს არ ევალება მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს და მის შესანარჩუნებლად კრედიტები აგროვოს, რადგან მას შესაძლებელია საერთოდ არ ჰქონდეს ამისთვის დრო. სკოლა კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ მოწვეული მასწავლებელი მათი ბავშვებისთვის კვირაში თუნდაც ორ საათს ჩაატარებს.

რა უნდა ასწავლოს მოწვეულმა მასწავლებელმა, ამას სკოლა განსაზღვრავს? ვინ აუნაზღაურებს მოწვეულ მასწავლებელს შრომას – სკოლა თუ სამინისტრო?

სკოლა საზღვრავს, თავის სასკოლო გეგმაში რა უნდა რომ ასწავლოს. ვინ გადაუხდის ხელფასს მასწავლებელს, თუ ეს ცვლილება განხორციელდა, ამაზე შემდეგ იქნება საუბარი. ფაქტია, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებს არ ექნებათ იმის რესურსი, რომ მასწავლებელი მოიწვიონ, მაღალკონტინგენტიანი სკოლები კი ერთი მასწავლებლის დაქირავებას შეძლებენ.

გარდა მოწვეული პედაგოგისა, მსურველს სკოლაში შესვლა შეუძლია მაძიებლის სტატუსით. ეს რას ნიშნავს?

ჩვენ ვიცით, რომ სკოლაში შესვლა ახალგაზრდა კადრებისთვის საკმაოდ რთული პროცესია, მიუხედავად მათი დამსახურებებისა. ამის გამო ბევრი ადამიანი გამოთქვამს წუხილს.

ეს ინიციატივა, ვფიქრობთ, რომ კარგად იმუშავებს. ახალგაზრდებს, რომლებმაც თავის დროზე არ გააკეთეს არჩევანი მასწავლებლობისათვის, მაგრამ დაამთავრეს, ვთქვათ, ქიმიის, ფიზიკის ფაკულტეტი, შეუძლიათ მაძიებლის სტატუსით შევიდნენ  სკოლაში და ამის შემდეგ  გაიმყარონ მასწავლებლის კომპეტენციები.

თუ ადამიანს არ აქვს მასწავლებლის სტატუსი, მაგრამ აქვს სამეცნიერო ხარისხი,  ამ შემთხვევაშიც აუცილებელია 60- კრედიტიანი პროგრამის გავლა, თუ ეს ხარისხი მათ ჩაეთვლებათ კვალიფიკაციაში?

თუ პირს აქვს დოქტორის ხარისხი, მას უფროსი მასწავლებლის სტატუსით მუშაობა შეუძლია. შემდეგ უკვე ჩვეულებრივ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას უნდა მისდიოს.

მაძიებლობის პროგრამა ახალია, თუ აქამდეც არსებობდა?

ადრე სხვაგვარი პროგრამა იყო, მაძიებლები შედიოდნენ  სკოლებში, ესწრებოდნენ  გაკვეთილებს, მაგრამ ვერ საქმდებოდნენ პედაგოგად. ამ ინიციატივის შემთხვევაში, მაძიებელს შეუძლია მუშაობის დაწყება და შემდეგ პროფესიული განვითარება.

მაძიებლობის პროგრამის დეტალები ჯერ გაწერილი არ არის, მაგრამ კონცეფცია არსებობს და ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ამაზე მუშაობაც დაიწყება.

რატომ გახდა ამ ინიციატივის წარდგენა აუცილებელი?

მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვინდა ამით მაღალი კვალიფიკაციის კადრები მოვიზიდოთ, სკოლები დავაინტერესოთ და პროფესიის პრესტიჟი გავზარდოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს სიახლეებთან ერთად მეცნიერებასთანაც ჰქონდეთ შეხება.

მაძიებლის შემთხვევაში ეს მიმართულია იქეთკენ, რომ ახალგაზრდა მასწავლებლებს სკოლაში შესვლის მოტივაცია არ დავუკარგოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დროული ინიციატივაა.

მთიან რეგიონებში დიდი დეფიციტია მასწავლებლების, სკოლებს სერიოზული პრობლემა აქვთ, რადგან ისინი ვერ დაელოდებიან როდის დაასრულებს ადამიანი 60-კრედიტიან პროგრამას, ამიტომ ეს ინიციატივა მათთვის ძალიან გამოსადეგი იქნება.

ბათუმის სტადიონთან დაკავშირებული სასამართლო დავა შსს-მ მოიგო

ბათუმის სტადიონთან დაკავშირებული სასამართლო დავა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოიგო. ეს უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ბათუმის სტადიონის“ წინააღმდეგ დავობდა.

დავის საგანი საევაკუაციო გეგმა გახდა, რომელიც სტადიონის საპროექტო დოკუმენტაციისთვის 2016 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოამზადა. მომსახურების თანხა – 6376 ლარი შპს „ბათუმის სტადიონმა“ შსს-ს უწყებას ოთხი თვის დაგვიანებით გადაურიცხა. შსს-მ შპს „ბათუმის სტადიონისთვის“ პირგასამტეხლოს – დაახლოებით 1500 ლარის დაკისრება მოითხოვა სასამართლოში.

„თანხის გადარიცხვა შეყოვნდა ტექნიკური შეფერხების გამო. კონკრეტული მიზეზი არ ვიცი. პირგასამტეხლოს დაკისრებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და მისი გადახდა დაგვაკისრა,“ – ამბობს გოჩა გაბრუშიძე, შპს „ბათუმის სტადიონის“ იურისტი.

შპს „ბათუმის სტადიონი“ ამჯერად დაუსწრებლად მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და ძალაში წინა გადაწყვეტილება დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შპს „ბათუმის სტადიონმა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირგასამტეხლო უნდა გადაუხადოს.

„ბათუმის სტადიონის“ იურისტის თქმით, წინა გადაწყვეტილების გაუქმება აწყობდათ იმისთვის, რომ „შესაძლებელი იყო, მორიგებით დასრულებულიყო საქმე“.

გაასაჩივრებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შპს „ბათუმის სტადიონი“, ჯერ უცნობია. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძეს დასაბუთება მხარეებისთვის ჯერ არ გაუგზავნია.

მუსიკალური სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა” და მარიამ წიკლაურის “ნანინები”

2017 წელს, პირველად საქართველოში, საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორებისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა და რაოდენ სასიხარულოა, რომ  სწორედ ამ კონკურსში გამარჯვებულ, შესანიშნავ საბავშვო მწერალს, მარიამ წიკლაურს, 26 იანვარს ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა ევრო-2000-მა უმასპინძლა.

ულამაზესი სცენა სკოლის ბიბლიოთეკაში იყო მოწყობილი. განსაკუთრებით აქტიური, ამ სკოლის მე-3 ბ კლასის მოსწავლეები და დამრიგებელი ცირა ქობულაძეა. სულ რამდენიმე დღეა, რაც ისინი  ეტალონმა ვიდეოკონკურსის „ვეგებებით ახალ წელს“ გამარჯვებულად გამოაცხადა. ჰოდა, ეს არ იკმარეს და იაკობ გოგებაშვილის “იავნანამ რა ჰქმნა” მუსიკალურ სპექტაკლად გადააქციეს და შიგ მარიამ წიკლაურის “ნანინები” ჩართეს.

ულამაზესი მაგდანი, ქეთო, ბაჯაჯგუნა ლეკები და ყველა სხვა გმირები იწონებდნენ სცენაზე თავს; ერთმანეთს თითქოს ქართული ენისა და სიტყვის სიყვარულში ეჯიბრებოდნენ… რომ მოგესმინათ, როგორ მღეროდა თეკლა ჩხარტიშვილი იავნანას, გული გაგიჩერდებოდათ…

ბავშვები ერთსაათიანი სპექტაკლის შემდეგაც არ დაიღალნენ და მწერალს დიდი გულისყურით მოუსმინეს. აი, რა განაცხადა მწერალმა ბათუმიდან წასვლის შემდგომ:

“ჩემთვის ყველა ასეთი შეხვედრა მნიშვნელოვანია და იმედია, ბათუმელი მოსწავლეებისთვისაც იყო ეს შეხვედრები წიგნისა და ლიტერატურისადმი ინტერესის აღმძვრელი. რა თქმა უნდა, იმაზე არაფერს ვაბობ, რომ ბათუმთან შეხვედრა, ზღვის მოსმენა, ახალი ადამიანების გაცნობა, მათი ზრუნვის, საუცხოო მასპინძლობისა და მადლიერების შეგრძნება გავსებს ადამიანს და თუნდაც ორი დღით გავიწყებს ამ ცხოვრების რუტინას.

უღრმესი მადლობა სკოლა ევრო-2000 ხელმძღვნელებს და პედაგოგებს, ქალბატონ ინგა გოგიბერიძეს, მშობლებს და განსაკუთრებით ცირა მასწავლებლს, მის მოსწავლეებს, ასევე ქალბატონ ნატო კეჭახმაძეს და ყველას, ვინც კეთილად მიმიღო და გამომაცილა ბათუმიდან! სულ სიკეთე თქვენ და მთელ საქართველოს!”

ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ბოლო ოჯახს ასახლებენ

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მცხოვრები 38 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინებით. შეთანხმება ამ დრომდე ვერ იქნა მიღწეული მხოლოდ გურამ მამულაძის ხუთსულიან ოჯახთან. გასული წლის ივნისში მერიამ მამულაძის ოჯახს ულტიმატუმი წაუყენა – ან აირჩევდა მერიის შეთავაზებული სამი ბინიდან ერთ-ერთს და დათმობდა ბოტანიკურ ბაღში მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქონებას, ან მერია ამ ქონებას იძულებით დაატოვებინებდა.

მერიის ინფორმაციით, ქონება, რომელსაც მამულაძე ფლობს ბოტანიკურ ბაღში, ქალაქ ბათუმის საკუთრებაშია. მერიამ მამულაძისგან თანხმობა ქონების დათმობაზე  მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. შესაბამისად, მერია გურამ მამულაძეს საკუთრებაში გადასცემს ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე N1-ში მდებარე კორპუსში არსებულ 125 კვ/მ ფართობის ბინას და ამასთან, სარემონტო თანხას, ჯამში 31 250 ლარს.

აღნიშნულ საკითხზე, ხვალ, 15 თებერვალს, ბათუმის საკრებულო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი„ქართუ“ ატარებს. მერიის ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთი მიზანია „ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გამოთავისუფლება ამორტიზირებული შენობა-ნაგებობებისაგან, რაც დადებით გავლენას მოახდენს ბაღის, როგორც ეკონომიკური, ასევე რეკრეაციული და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რაც გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას და შესაბამისად, გაიზრდება ბოტანიკური ბაღის შემოსავლები“.

ამავე თემაზე:

ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ ოჯახებს ბინებით მერია დააკმაყოფილებს

მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?

ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

იპოვე შენი იდეალური ვალენტინი | ტესტი

„ეს რომ ჩემი ბიჭი იყოს…” ხომ გიფიქრია?  შეავსე ტესტი და გაიგე ვინ არის შენთვის ყველაზე შესაფერისი ვალენტინი ცნობილ ადამიანებს შორის.

 

მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრი – ცვლილება ბათუმის განაშენიანების წესში

ბათუმის საკრებულო განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილების შეტანის მიზნით შესაბამისი დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს. ამის თაობაზე ხვალ, 15 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

გარდა ამისა, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე – „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის მოწონების მიზნით.

კიდევ ერთი დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც 15 თებერვალს საკრებულომ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს, ცვლილება შედის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის  50-ე დადგენილებაში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ.

ცვლილების მიხედვით, დადგენილებას დაემატება გ – პუნქტი ამ ჩანაწერით: „მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე – 12 მეტრი“. დადგენილებაში ნათქვამია ისიც, რომ ცვლილება გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

პროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით, მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ ზონაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლის შემცირება 15-მეტრიდან 12-მეტრომდე ხელს შეუწყობს ძველი ბათუმის ტერიტორიის განაშენიანების პროცესების უკეთესი მიმართულებით განვითარებას.

ძველ ბათუმში, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ისტორიული ერთი ან ორსართულიანი სახლების ნაცვლად მაღლივი კორპუსების მშენებლობა ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რასაც ხშირად უშედეგოდ ეწინააღმდეგებიან ძეგლების დამცველები.

კონკრეტულ ზონებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს დადგენილზე მეტად ბათუმის მერია ხშირად ზრდიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობით და მის გარეშეც.

აჭარის მთავრობის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, დანიშვნიდან დღემდე ზურაბ პატარაძემ კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე მერიაში 62 კომპანიას უშუამდგომლა.

 

 

მძღოლების ნახევარს მართვის მოწმობა არ შეუცვლია – ბოლო ვადა პირველი აპრილია

ავტომანქანების მძღოლებმა, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის პირველ აპრილამდე აქვთ აღებული, მოწმობები 2018 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეცვალონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 73 ათასამდე პირმა შეცვალა მართვის მოწმობა.

2006 წლის პირველ აპრილამდე ქვეყანაში სულ 130 ათასამდე მართვის მოწმობაა გაცემული. სტატისტიკის მიხედვით, მძღოლების ნახევარს მოწმობები არ შეუცვლია.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბათუმში 14 თებერვლის მდგომარეობით 5 400-მდე მძღოლმა შეცვალა მართვის მოწმობა. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მძღოლებს, დროულად გამოცვალონ მართვის მოწმობები, რადგან პირველი აპრილის შემდეგ ძველი მართვის მოწმობებით სარგებლობა მიიჩნევა მართვის მოწმობის არქონად და მძღოლები დაჯარიმდებიან.

მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია. მოწმობის შეცვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოთ: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. ახალი მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის.

მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა განახლებულია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი შეცვლა საჭირო არ არის.

როგორ ამზადებენ ავტომანქანის სანომრე ნიშნებს [ფოტო]

ავტომანქანის სანომრე ნიშნის აღება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაახლოებით 10 წუთშია შესაძლებელი. მომსახურების ფასი 70 ლარია, რაშიც შედის ავტომანქანის რეგისტრაცია სტანდარტული ნომრით.

ავტომანქანის სასურველი ნომრების ფასი 150 ლარიდან იწყება და შესაძლოა 10 ათას ლარამდე გაიზარდოს იმისთვის, რომ საბეჭდმა მოწყობილობამ თქვენთვის სასურველი ნომერი დაბეჭდოს.

მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის გავლისა და ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერების შემდეგ სანომრე ნიშანი სპეციალურ საბეჭდ მოწყობილობაში იბეჭდება. რამდენიმე წუთში ავტომანქანის სანომრე ნიშანი მზადაა.

რატომ უჭირთ ურთიერთობა სკოლასა და მშობელს

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა და მისი მიზანი განათლების სისტემაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებაა მშობლების მეშვეობით. როგორ გეგმავს მშობლების აქტიურობის გაზრდას და მათი მოტივაციის ამაღლებას ორგანიზაცია? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“  ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თაია მახარაშვილი საუბრობს.

ხშირად გვესმის, რომ მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მიზერულია და მშობლების უმეტესობა, ფაქტობრივად, არ ინტერესდება რა ხდება მათი შვილების სკოლაში. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მშობლების დამოკიდებულების შეცვლას და როგორ?

„მშობლები განათლებისთვის“ თვეზე მეტია რაც შეიქმნა და მთავარი ამოცანა სწორედ  სასკოლო პროცესებში მშობლების ჩართულობის გაზრდაა. ვიცით, რომ ეს დღეს ძალიან პრობლემურია და წლებია ვერ მოხერხდა მშობლების აქტიურად ჩართვა განათლების სისტემაში. ვერ ვიტყვით, რომ პრობლემა ცალმხრივია და მხოლოდ მშობლები არიან ამ პასიურობის მიზეზი ან პირიქით, მხოლოდ სკოლიდან მოდის პრობლემები.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არიან აქტიური მშობლები, რომლებიც ცდილობენ სკოლასთან კომუნიკაციას, მათი შვილების საჭიროებებზე საუბარს, თუმცა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ვერ იღებენ შესაბამის რეაგირებას და გვაქვს მეორე მოცემულობა, როცა სკოლა ცდილობს მშობელთან კომუნიკაციას, მაგრამ მშობელი არ იჩენს ინტერესს.

რატომ ვერ დგება კომუნიკაცია, არ არის ამის მიზეზი?

ვფიქრობ, მიზეზი კომუნიკაციის არასწორი ფორმების შერჩევაშია. არასწორ ფორმაში ვგულისხმობ, მაგალითად იმას, რომ ხშირად მშობელს ჰგონია, რომ აქტიურობა მაინც და მაინც სკოლის მიმართ მუდმივ პრეტენზიებში უნდა გამოიხატებოდეს, ან ზოგჯერ მასწავლებლის მხრიდან არსებობს დამოკიდებულება, – „მე მშობელმა რა უნდა მასწავლოს“. სწორედ ეს იწვევს ურთიერთობების მოშლას.

კომუნიკაცია ჯანსაღი რომ იყოს, სწორედ ამიტომ არის საჭირო, მშობლები იცნობდნენ თავიანთ უფლებებს და მოვალეობებს შვილების განათლების პროცესში და გაერკვნენ, თუ რაში მდგომარეობს მათი ჩართულობა.

რა არ იციან მშობლებმა?

ბევრი რამ. თუნდაც ის, როგორ აფასებენ მოსწავლს დაწყებით საფეხურზე. მაგალითად, ამ საფეხურზე მოსწავლეს ნიშნებით არ აფასებენ – მასწავლებელი მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას აკეთებს. მშობლებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან, რა წერია, ვთქვათ, ზოგადი განათლების შესახებ კანონში და ა.შ.

სკოლის ადმინისტრაციამ და მშობელმა კი არ უნდა იდავოს, ვთქვათ, ეკუთვნის თუ არა ბავშვს ესა თუ ის ნიშანი, არამედ იმაზე უნდა იყოს მსჯელობა, რამდენად შეესაბამება ბავშვის ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. ორივე მხარე უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ პრობლემა იყოს მინიმუმადე დაყვანილი.

სკოლებში არსებობს სამეურვეო საბჭოები, თუმცა ამ საბჭოებში მშობლების როლი უფრო ხშირად  დირექტორების მხარდაჭერაში გამოიხატება და არა, ვთქვათ, კონტროლში ან თანამშრომლობაში. რა აჩენს მშობლის ინტერესს?

მშობლის ინტერესი, ბუნებრივია, უნდა იყოს ის, რამდენად კარგად სწავლობს მისი შვილი, რამდენად სწორად იღებს განათლებას და რას აკეთებს სკოლა ამისთვის. რა უნდა იყოს მშობლისთვის იმაზე დიდი მოტივაცია და ინტერესი, რომ მის შვილს უკეთესი მომავალი ჰქონდეს?!

იმიტომ ხომ არა, რომ დღეს მშობლები შვილების უკეთეს მომავალს რეპეტიტორს უკავშირებენ და არა სკოლას? ხშირად მშობელს არ აქვს მოლოდინი, რომ მისი შვილი სკოლაში იმას იღებს, რაც მის მომავალს სჭირდება და რატომ უნდა დახარჯოს მან ასეთ სკოლასთან ურთიერთობაში დრო? 

გეთანხმებით. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა სწორედ განათლების მართვაში მშობელთა მონაწილეობის ხელშეწყობა და განათლების პოლიტიკაში ბავშვის საუკეთესო ინტერესების ადვოკატირებაა. სისტემაში უნდა გავაძლიეროთ მშობლის როლი, რომ მშობელი მარტო სკოლას კი არ სთხოვდეს იმას, რასაც სკოლა ისედაც უნდა ასრულებდეს, არამედ, სახელმწიფოს, განათლების მთლიან სისტემას უნდა მოსთხოვოს, რომ ხვალ აღარ მოუწიოს შვილის რეპეტიტორთან წაყვანა და დამატებითი ხარჯების გაღება.

რას ისწავლიან მშობლები ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობით?

ჩვენი მიზანია, მშობლებსა და სკოლებს შორის შედგეს სწორი თანამშრომლობა. თუ ამ საკითხს გრძელვადიანი პერსპექტივით მივუდგებით და მშობლის ინტერესი არ იქნება მხოლოდ ის, რომ დღეს მისმა შვილმა ჩააბაროს გამოცდა. თუ მხოლოდ ასეთი მოკლევადიანი მიზანი გვექნება, მაშინ ჩვენ არა მარტო ჩვენს შვილებს დავუკარგავთ პერსპექტივებს, არამედ მომდევნო თაობებსაც. ამიტომ, გვინდა გავაერთიანოთ მოტივირებული და აქტიური მშობლები, რომ ისინი გახდნენ ჩვენი მხარდამჭერები და ერთად შევძლოთ ხმის მიწვდენა განათლების პოლიტიკის შემქნელებისთვის.

რამდენმა მშობელმა გამოხატა ამ დროისთვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ინტერესი და როგორ მოხდება კოორდინაცია,  მაგალითად, რეგიონებში მცხოვრებ მშობლებთან?

ამ დროისთვის დაახლოებით 130-მა მშობელმა გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. დიდი ხანი არ არის, რაც ვარსებობთ, ამიტომ არც ისე ცოტაა ეს რიცხვი. რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანი თითოეული მშობლის  მოტივაციაა.

რაც შეეხება რეგიონებთან ურთიერთობას, ვფიქრობ, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში არ უნდა იყოს რთული კომუნიკაცია და ჩართულობა, მთავარია მზაობა. ჩვენ უკვე მოგვმართავენ, გვწერენ მშობლები სოციალური ქსელის მეშვეობით და ვეხმარებით თავიანთი შვილების ინტერესების დაცვაში, ვუწევთ კონსულტაციას. ახლო მომავალში კიდევ  ბევრ საკითხზე ვგეგმავთ მათთან თანამშრომლობას.

მთავარი ფოტოზე: თაია მახარაშვილი

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში [ანონსი]

„აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ გიწვევთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენაზე.

ანგარიშები შეეხება შემდეგ საკითხებს:

[checklist]

  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სამსახურის რეფორმა
  • შრომის სტანდარტები
  • ბავშვთა უფლებები
  • გარემოს დაცვა
  • თანასწორობა

[/checklist]

16 თებერვალს, 11:00 საათზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  ოფისში, ბათუმში, მემედ  აბაშიძის №48-ში, გაიმართება ანგარიშის  წარდგენა, რომლის  ძირითადი  თემა  იქნება

[checklist]

  • ბავშვთა  უფლებები

[/checklist]

რაზედაც  ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი ისაუბრებს.  ბავშვთა უფლებების  გარდა  ის ასევე აქტიურად მუშაობს შშმ პირთა პრობლემებზე.

დასწრება  თავისუფალია.

პარალელურად, შეხვედრა  ჩატარდება მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპული ცენტრის [დემოკრატიის სკოლა] ოფისში, ბათუმში, ახმედ მელაშვილის №20-ში, შემდეგ საკითხებზე:

[checklist]

  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სამსახურის რეფორმა
  • შრომის სტანდარტები
  • გარემოს დაცვა
  • თანასწორობა

[/checklist]

დასწრება თავისუფალია.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით სისტემური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ აქტიურად ხორციელდება. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მოწვევით მომხსენებლები ოთხი ძირითადი თემის ირგვლივ ისაუბრებენ იმ მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.

ბათუმში 6 მაისის პარკს სახელს შეუცვლიან

ექვსი მაისის პარკისთვის სახელის გადარქმევაზე ბათუმის საკრებულოს განათლების კომისიაში უკვე იმსჯელეს და საკითხის განხილვას ხვალ, 15 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზეც გეგმავენ. სხდომაზე იმსჯელებენ ასევე პარკის მისამართის განსაზღვრაზე.

„6 მაისის პარკისთვის“ „ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელის მინიჭების ინიციატივით საკრებულოს განათლების კომისიას გასულ წელს ა(ა)იპ ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ მიმართა. საკრებულოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. „6 მაისის პარკის“ სახელწოდება აქამდე სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არ იყო და შესაბამისად, ამ სახელწოდებით არ იყო რეგისტრირებული.

საკრებულოს ინფორმაციითვე, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიისგან  მიღებულია თანხმობა და საკრებულოს სხდომაზე საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში პარკის სახელწოდება  „ბათუმის ცენტრალური პარკი“, ხოლო მისამართი – „ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორია“ იქნება.

6 მაისის პარკს დიდი ხნის ისტორია აქვს: 1932 წლამდე ამ პარკს რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად „ალექსანდრეს ბაღი“ უწოდეს, 1931 წელს – კულტურისა და დასვენების პარკი ერქვა, 1933 წელს – ბავშვთა პარკი, შემდგომ – პიონერთა პარკი, 2006 წლიდან კი მას „6 მაისის პარკი“ ჰქვია. 6 მაისს აჭარაში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ასლან აბაშიძე მოსკოვში წავიდა.

ამავე თემაზე:

საკრებულომ, შესაძლოა, ბათუმში 6 მაისის პარკს სახელი გადაარქვას

კომპანიამ მთავრობისგან მიღებული მიწა ქართუ ბანკში ჩადო, აქ ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან

მწვანე კონცხის დასახლებაში 20 366 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 სექტემბერს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად გადასცა კომპანიას, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა.

მწვანე კონცხზე სახელმწიფოსგან გადაცემული ქონება ნამდვილად რომ ჩადებულია „ქართუ ბანკში“, დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. ბანკთან ხელშეკრულება კომპანიას 2017 წლის დეკემბერში გაუფორმებია. ამ მიწის ნაკვეთიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გატანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქონება სახელმწიფომ კერძო პირს გადასცა.

მწვანე კონცხზე პირდაპირი წესით გასხვისებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა, დღეს, 14 თებერვალს, ბრიფინგი გამართა.

„ეს მიწის ნაკვეთი ამ კომპანიას, ანუ ბიძინა ივანიშვილს იპოთეკით აქვს დატვირთული „ქართუ ბანკში“. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოირგო ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე სახელწიფო, თუ როგორ ცდილობს იგი აჭარის საუკეთესო ტურისტული პოტენციალის ხელში ჩაგდებას. ერთადერთი, რასაც ის ყველაზე კარგად ახერხებს, ეს არის ხეების გლეჯა. კომპანიას ვალდებულება აქვს მხოლოდ ის, რომ მოაწყოს ავტოსადგომი 50 მანქანისთვის, კვების ობიექტი და საოფისე ფართობი,“ – აღნიშნა ენმ-ის წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

ამ მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ოქტომბერში წერდა. მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 20 366 კვ/მ. მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 სექტემბერს გადასცა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად კომპანიას „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“. კომპანია კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა.

განკარგულების მიხედვით, ქონების შემძენმა, „პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით“, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს „უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება/განაშენიანება [რაც მოიცავს, მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს, კომერციული/საოფისე/კვების დანიშნულების ობიექტ(ებ)ს, სპორტულ მოედანს, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს“], რისთვისაც არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

ტერიტორია მწვანე კონცხზე, რომელიც სახელმწიფომ „ელიტ კონსტრაქშენ გრუპს“ გადასცა და სადაც ივანიშვილის პარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს თხრიან / ფოტო: „ბათუმელები“ / 23.01.2018

ამ თემაზე:

ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში

ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში

„ბათუმის მეჩეთის საქმეს“ სასამართლო 20 თებერვალს განიხილავს

ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 20 თებერვალს დაიწყება. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.

გუშინ, 13 თებერვალს, მეჩეთთან დაკავშირებული სარჩელის შესახებ განცხადება გაავრცელეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI).

ამ ორგანიზაციებმა სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართეს, ამ დრომდე კი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სამოქალაქო დავის განხილვა სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 2 თვეში უნდა დაწყებულიყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ საქმე არ გაჭიანურებულა და ამ დრომდე „საქმე მომზადების ეტაპზე იყო.“

ბათუმის N6 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – აშენდება თუ არა ახალი კორპუსი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბათუმის N6 საჯარო სკოლის არსებული შენობის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს. შენობის რეაბილიტაციისთვის და ეზოში მრავალპროფილიანი სპორტული მოედნის მოსაწყობად სამინისტრო მაქსიმუმ 610 769 ლარს დახარჯავს. N6 სკოლის ეზოში ახალი კორპუსის აშენებაც იგეგმებოდა, რომელიც დაახლოებით 200-300 მოსწავლეზე იქნებოდა გათვლილი, თუმცა მშენებლობაზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია და ახალი კორპუსის მშენებლობა სხვადასხვა პროექტია და ერთი მეორეს არ გამორიცხავს. „N6 საჯარო სკოლის ეზოში ახალი კორპუსის მშენებლობის დეტალები, მათ შორის რა თანხა დასჭირდება მშენებლობას, ზუსტდება. მშენებლობაზე ტენდერი მოგვიანებით გამოცხადდება,“ – განაცხადეს სამინისტროში.

N6 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2018 წლის 2 მარტს დაიწყება და 7 მარტს დასრულდება.

გასული წლის დეკემბერში აჭარის მთავრობა აცხადებდა, რომ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამა ითვალისწინებდა დამატებითი კორპუსის აშენებას ბათუმის N6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. ამავე პროგრამით უნდა შეესყიდათ შენობის პროექტი მე-15 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს. ამ პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელთან შედარებით თითქმის 3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 2018 წელს 8 მილიონითაა განსაზღვრული.

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე N6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსისა და ძველის რეაბილიტაციის პროექტი შპს „აჭარკაპმშენს“ 15 ათას ლარად უნდა მოემზადებინა. ახალი კორპუსი, როგორც სკოლის დირექციაში გვითხრეს, არსებულის წინ აშენდება, ძველი კორპუსის უკან კი, სტადიონი გაკეთდება.

ბათუმის N6 საჯარო სკოლის გენგეგმა / მარცხნიდან: სტადიონი, სკოლის შენობა და ეზო, სადაც ახალი კორპუსი უნდა აშენდეს.

აჭარის მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ „განიხილება ბათუმის N14 სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი კორპუსის მშენებლობის საკითხიც.  რაც შეეხება თამარის დასახლებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან, რომელმაც უნდა განახორციელოს N18 სკოლის სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, სამინისტრო შეისყიდის ამავე სკოლის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს. შესაძლებელია კომპლექსი მოიცავდეს საკლასო ოთახებსაც და სხვა დანიშნულების სათავსოებს, რაც გადაწყდება პროექტირების დროს“.

ამავე თემაზე:

აშენდება თუ არა ბათუმში ახალი საჯარო სკოლა

 

გენდერული საბჭოს წევრი: უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას

„ტრადიციულად მამაკაცი მაინც მამაკაცია,“ – გვითხრა არჩილ მამულაძემ, ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა. არჩილ მამულაძე ბათუმის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენს. მას რამდენიმე კითხვა დავუსვით, თუ როგორ წარმოუდგენია ამ საბჭოს მუშაობა და გენდერული ბალანსის დაცვა ბათუმის მთავრობის შემთხვევაში.

ბატონო არჩილ, თქვენი აზრით, რა უნდა აკეთოს გენდერული თანასწორობის საბჭომ, რა პრობლემა უნდა გადაჭრას? 

გენდერული თანასწორობის საბჭო იყო წინა წლებშიც. როდესაც მე მთხოვეს წევრობა, თანხმობა განვაცხადე. ვფიქრობ, როცა ხარ საკრებულოს წევრი, უნდა ჩაერთო ყველა სამუშაოში, რაც არის მიმართული ადამიანების საკეთილდღეოდ, უნდა გამოხატო შენი აზრი, რა თქმა უნდა, დახმარების კუთხით, თორემ ისე ქვეყანა ვერ აშენდებდა. ჩვენ გუშინ გვქონდა პირველი შეხვედრა და დავამტკიცეთ სამოქმედო გეგმა. აქ არის თავებად დაყოფილი, უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში გენდერული ანალიზის დანერგვა, გენდერული უთანასწორობის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება… გუშინ გადავინაწილეთ დავალებები.

თქვენ რა დავალება მოგიწიათ?

ჩემი სურვილია, რომ საბჭოს მუშაობა განვრცობილი იყოს ფართოდ, მისი ცნობადობა გაიზარდოს. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან, რომ ამან უფრო საინტერესო სახე მიიღოს. გენდერული ბალანსი შეიძლება დაირღვეს ოჯახში, საზოგადოებაში, წარმოება-დაწესებულებაში და პოლიტიკურ სფეროშიც. ვინაიდან ეს საბჭო არსებობს, მან მყისიერი ქმედება უნდა განახორციელოს უფლებების დარღვევის დროს, მაგალითად, წარმოება-დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელია ქალს დასაქმებაზე უარი უთხრან იმიტომ, რომ ის ქალია. მე არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელმძღვანელი ვიყავი და იქ უმრავლესობა დასაქმებული იყვნენ ქალები. მინდა ვთქვა, რომ ქალებს აქვთ კარგი მენეჯერული უნარები, მართონ ესა თუ ის პოზიცია.

რას გააკეთებს საბჭო, თუკი მოქალაქე კონკრეტული პრობლემით მოგმართავთ? 

მედიაციის ინსტიტუტი შემოვიდა. ჩვენ ადამიანებთან უნდა გავმართოთ კონსულტაციები. შეიძლება არ ღირდეს დაპირისპირება და მარტივად გამოსწორდეს. ჩვენი საუბრით და ჩვენი მითითებებით ვგეგმავთ, რომ ჩავერთოთ პროცესში. ჩვენ მივწერთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მივიღოთ მონაწილეობა დაკითხვის პროცესში ეს იქნება ოჯახში ძალადობის შემთხვევა, თუ სხვა მხრივ შევიწროება…

რატომ უნდა დაესწროს საბჭოს წევრი დაკითხვის პროცესს?

იქ რომ რამე უზუსტობა არ მოხდეს. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ დაკითხვის დროს მოხდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ ხარვეზებზე არაერთხელ იყო საუბარი. როცა ჩვენ იქ დავესწრებით, ბევრი კითხვა მოიხსნება და ჩვენზეც გადმოვა პასუხისმგებლობა… სასამართლოშიც, მაგალითად, ახლა სოციალურმა სააგენტომ უნდა დადოს დასკვნა, განქორწინების დროს ვისთან დარჩეს შვილი. ამ შემთხვევაშიც საინტერესო იქნება ჩვენი ჩართულობა.

რას იტყვით, მაგალითად, თქვენ, ბავშვი დედასთან უნდა იყოს, თუ მამასთან? 

თუკი ბავშვი მცირეწლოვანია, აუცილებლად დედასთან უნდა იყოს… პრაქტიკულად, მამა იმას ვერ გააკეთებს, რასაც დედა. ეს იმდენ ატრიბუტიკაზეა დამოკიდებული. მე ყველა ატრიბუტს ვითვალისწინებ.

რა ატრიბუტს გულისხმობთ? 

მაგალითად, ბავშვის გასუფთავება, ამას ხომ მამა ვერ გააკეთებს?

რატომ ვერ გააკეთებს? 

არა მგონია, მასეთი მამაკაცი სადმე იყოს. მამაკაცსა და ქალს შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა.

რა განსხვავებაა, თქვენი აზრით, სოციალური კუთხით ქალსა და მამაკაცს შორის? 

განსხვავება არსებობს ძალიან ბევრი. ისეთ დატვირთვას ხომ ვერ შეასრულებს ქალი, როგორც მამაკაცი, მაგალითად, ყანაში?

ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ქალი მუშაობს ყანაში.

კი, მუშაობს, მაგრამ იმ სიმძიმის ტვირთს ვერ აწევს ქალი, რასაც მამაკაცი. რატომ არის, რომ როცა ორივე მუშაობს ერთად, დატვირთვა სხვა აქვს ქალს და მამაკაცს. სპორტშიც ასეა: იმ სიმძიმეს ვერ აწევს სპორტსმენი ქალი, რასაც სპორტსმენი მამაკაცი.

ეთანხმებით შეხედულებას, რომ მამაკაცი დომინანტი უნდა იყოს? 

კი, ქართული ტრადიციები საერთოდ უნიკალურია. გასაკვირია, ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი ტრადიცია რომ არის თავმოყრილი… ქართული ტრადიციაა, მაგალითად, რომ პირველი სიტყვა მამაკაცს ეკუთვნის. კი ეკუთვნის, მაგრამ შეიძლება, სიბრიყვე თქვას, ამიტომ ქალსაც უნდა მოვუსმინოთ. ის სიტყვა უნდა ჭრიდეს, რომელიც ოჯახისთვის იქნება გამოსადეგი. საერთოდ, ოჯახის უფროსი კაცი უნდა იყოს. შესაძლოა, ორივემ გამოთქვას აზრი. არ არსებობს ორგანიზაცია, სადაც ერთ ადამიანს პირველი სიტყვა არ მიეცეს. ეს ტრადიცია არის ოჯახში და სხვაგანაც. შეიძლება ქალი იყოს მოთავე და მამაკაცი შემსრულებელი, ასეც შეიძლება. მაგრამ უმჯობესია პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას.

ამგვარი შეხედულებებით არ ფიქრობთ, რომ აძლიერებთ აგრესიას ქალებზე და მამაკაცის სოციალურ უპირატესობას ხელს უწყობთ, რომელიც შემდეგ არაერთი დანაშაულის საფუძველი ხდება? 

რას ამბობთ, მე მუდმივად ვამბობ, რომ გენდერული ბალანსი უნდა იყოს დაცული. მე ის არ მითქვამს, რომ ქალს არ უნდა მოუსმინო და თუ ქალმა უკეთესი სიტყვა თქვა, ის უნდა იქნას ჩაქოლილი. მე იმას ვამბობ, რომ ტრადიციულად მამაკაცი მაინც მამაკაცია და მე ამ ტრადიციას ვემხრობი. მამაკაცის სიტყვა არ ნიშნავს დოგმას…

თქვენი პარტია – „პატრიოტთა ალიანსი“ ხშირად აპელირებს ტრადიციებზე. ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეიცვალოს ისეთი ტრადიციები, რაც გენდერული ბალანსის მიღწევას ეწინააღმდეგება? 

ჩვენი პარტია არის ტრადიციების მიმდევარი და არ გვინდა, ტრადიციები მოიშალოს. ქართული ტრადიციები არსად არ ამბობს, რომ ქალი ოჯახს უნდა მიეჯაჭვოს და „კუხნაში“ იყოს გამოკეტილი. ასეთი ტრადიცია, არა მგონია, გვქონდეს რომელიმე…

მაგალითად, უმრავლესობა მემკვიდრეობას უტოვებს ვაჟს და არა გოგოს. 

შეიძლება ვიღაცას უნდა, რომ ვაჟიშვილს დაუტოვოს, მაგრამ ამას ასე არ განსაზღვრავს. ადრე ბიჭი რომ დაებადებოდათ, უხაროდათ, გოგო – არა. როგორ შეიძლება შვილი სქესის მიხედვით განასხვავო… ეს იყო სისულელე, ღმერთის წინაშე არ იქნები მართალი. ნუ, რა ვქნათ, ადრე ხდებოდა ასე.

დღეს აღარ ხდება? 

დღეს არა მგონია მსგავსი შემთხვევა სადმე იყოს. მე ამას ვგმობ სასტიკად.

 

 

პატარაძე ამოთხრილი ხეების ადგილის აღდგენაზე საუბრობს, მთავრობაში კი მონაცემები არ აქვთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არ აქვს მონაცემები ყველა იმ ადგილის შესახებ, საიდანაც 2015 წლიდან დღემდე გადაიტანეს ან გადააქვთ მრავალწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. მთავრობაში აცხადებენ, რომ მათთან არ არის დაცული დოკუმენტაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალის შესახებ, რომლებსაც გადააქვთ [ან უკვე გადაიტანეს] ხეები; აჭარის მთავრობაში არ აქვთ ასევე ხეების ამოთხრასთან დაკავშირებული ნებართვები და ხელშეკრულებები.

შესაბამისი დოკუმენტები „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობისგან მას შემდეგ გამოითხოვა, რაც მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ კომპანიებს აქვთ ვალდებულება იმ ადგილების რეკულტივაციაზე, საიდანაც ხეები გააქვთ.

ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში აჭარიდან ათობით ძირი მრავალწლოვანი ხე გაიტანეს და გააქვთ: ქობულეთიდან, ცეცხლაურიდან, კვირიკედან, ზენითიდან, ხუცუბნიდან, გელაურიდან, გვარადან, ბობოყვათიდან [ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია], ციხისძირიდან [აქ ხეები ამოთხარეს 10 ადგილზე], ბუკნარიდან, ჩაქვიდან, მწვანე კონცხიდან, მახინჯაურიდან, ბათუმიდან.

„მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, კომპანიებს აქვს ვალდებულება არა მარტო ხეების გადატანა, არამედ, პირველ რიგში, იერსახის მოწესრიგება და იერსახის მიცემა, რეკულტივაცია და ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ზომებს. გავაკონტროლებთ, რომ ყველა ის ლოკაცია, საიდანაც მოხდა ხის გადანერგვა, მიეცეს პირველადი იერსახე, მოწესრიგდეს იქაურობა და შესაბამისად იყოს ტურისტულად მიმზიდველი ყველა ჩვენი ლოკაცია“, [სტილის დაცვით] – ეს განცხადება მიმდინარე წლის 30 იანვარს გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

აქედან გამომდინარე, აჭარის მთავრობას ვთხოვეთ მოეწოდებინა შემდეგი ინფორმაცია:

[checklist]

  • ყველა იმ ადგილის ჩამონათვალი აჭარის ტერიტორიაზე, საიდანაც 2015 წლიდან დღემდე გადაიტანეს ან გადააქვთ მრავალწლოვანი ხეები ე.წ. დენდროლოგიურ პარკში.
  • იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების ჩამონათვალი, რომლებსაც აჭარის ტერიტორიიდან გადააქვთ, ან უკვე გადაიტანეს მრავალწლოვანი ხეები. ასევე იმ პირების ჩამონათვალი, რომლებიც ამ დროისთვის ითხოვენ ხეების გადატანის ნებართვას.
  • იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ელექტრონული ასლები, რომლითაც ამ პირებს დაევალათ იმ ადგილების რეკულტივაცია, საიდანაც ხეები გაიტანეს.

[/checklist]

აი, რა მოგვწერეს აჭარის მთავრობიდან:

„გამომდინარე იქედან, რომ ხეების გადარგვის შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა ხორციელდებოდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში არ ინახება მონაცემები ყველა იმ ადგილის შესახებ [საკადასტრო კოდებით], საიდანაც 2015 წლიდან დღემდე გადაიტანეს ან გადააქვთ მრავალწლოვანი ხეები ე.წ. დენდროლოგიურ პარკში. შესაბამისად, მთავრობის აპარატში ასევე, არ არის დაცული დოკუმენტაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალის შესახებ, რომლებსაც გადააქვთ/გადაიტანეს ხეები, აღნიშნულთან დაკავშირებული ნებართვები და ხელშეკრულებები“.

აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ „ხეების გადარგვის შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა ხორციელდებოდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებიდან“, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიების „აბსოლუტური უმრავლესობა“ სწორედ აჭარის და საქართველოს მთავრობებმა გაასხვისეს კერძო კომპანიებზე. ამ კომპანიებიდან ზოგი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისაა, მაგალითად „ბიზნეს დეველოპმენტი“.

სახელმწიფოს მიერ ინვესტორებზე გადაცემული მიწის ნაკვეთები, სადაც ხეებს იღებენ ან უკვე ამოიღეს

[crosslist]

[/crosslist]

აჭარის მთავრობის მიერ ჩვენთვის მოწერილ პასუხში აღნიშნულია:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში დაცული დოკუმენტების თანახმად, გაცნობებთ, რომ 2015 წლიდან დღემდე განხორციელდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში და დაბა ჩაქვში მდებარე მიწის ნაკვეთზე ხეების პრივატიზაცია შპს „ზიმო“-ზე.

აჭარის მთავრობის მიერ პრივატიზებული/გაყიდული ხეებიდან ერთი შემთხვევა [ციხისძირი] არის ტიტას ხე და კიდევ 2 ჭაობის კიპარისი, რომელიც შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად გადაეცა საკუთრებაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით; ხოლო მეორე შემთხვევაში [ჩაქვი] აჭარის საკუთრებაში არსებული  მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ეს ხეები უკვე ამოღებული იყო.

არც ერთი ამ დოკუმენტით აჭარის მთავრობას კომპანია არ დაუვალდებულებია ხის ამოღების ადგილების რეკულტივაცია/აღდგენა.

აჭარაში ხეები ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთავრობამაც მიჰყიდა. სახელმწიფოს მიერ 13 ათას ლარად აუქციონზე გამოტანილი სამი ძირი ხე 2017 წლის 6 მარტს გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხეები შპს „ანაგმა“ 13 500 ლარად შეიძინა. რეკულტივაციას არც ამჯერად ითვალისწინებდა აუქციონის პირობა.

„რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას რეკულტივაციისა და ხეების გატანის ადგილების იერსახის მოწესრიგების შესახებ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს, დამკვეთთან ხელშეკრულებით ევალებათ იმ ტერიტორიების რეკულტივაცია, საიდანაც გაიტანეს ხეები. აღნიშნულმა კომპანიებმა ასევე უნდა უზრუნველყონ სამუშაოების წარმოების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში ახალი ხე-მცენარეების დარგვა“, – გვწერს აჭარის მთავრობა.

„ბათუმელების“ მიერ გადამოწმებულ ადგილებზე, სადაც ხეები ამოიღეს, რეკულტივაციის სამუშაოები არსად არ არის ჩატარებული. უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი ხეები აჭარაში ორ ადგილზე დაირგო – ციხისძირში, ზღვის პირას და ბობოყვათში რკინიგზის გასწვრივ – იმ ადგილებში, საიდანაც ხეები არ ამოუთხრიათ.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში

ბათუმში მოსალოდნელია 17 გრადუსი სითბო – ამინდის პროგნოზი

უახლოეს დღეებში ბათუმში უნალექო ამინდი შენარჩუნდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი.

„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით 12-17 გრადუსი სითბო, ღამით: 3-8 გრადუსი. მთაში ღამით მოსალოდნელია 0-5 ყინვა, დღისით – 3-8 გრადუსი სითბო,“- აცხადებენ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

უნალექო ამინდი აჭარაში მომდევნო ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დღეს ზღვის წყლის ტემპერატურა 8 გრადუსია.

ქედელმა მოჭიდავეებმა საქართველოს პირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

დიეგო მახარაძე და მამული გურგენიძე ქედის სასპორტო სკოლის ჭიდაობის სექციის გამორჩეული სპორტსმენები არიან. მეტიც, ისინი 9-10 თებერვალს თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე აჭარის ნაკრების სახელით ასპარეზობდნენ.

მოჭიდავეებმა ქომაგების მოლოდინი ამჯერადაც გაამართლეს და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ. დიეგომ 65 კილოგრამ, ხოლო მამულიმ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილები მოიპოვეს.

მოჭიდავეები შეჯიბრებიდან ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ
მოჭიდავეები შეჯიბრებიდან ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ.

სპორტსმენებსა და მწვრთნელებს წარმატებები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მიულოცეს. შეხვედრაზე ისაუბრეს სექციის გაძლიერებასა და თანადგომაზე. როგორც შეხვედრის დასასრულს ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ, აღნიშნა, წარმატებული სპორტსმენები თვითმმართველობის მხრიდან აუცილებლად უნდა წახალისდნენ და პრიორიტეტული სფერო სწორედ მიღწევების შედეგით გამოიკვეთოს.

 

ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება

ბათუმის საკრებულოში გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ქ. ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის ქუჩად გარდაქმნისა და ამ ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების საკითხის განხილვა საკრებულოს 15 მარტის სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

აღნიშნული ქუჩისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების ინიციატივა ბათუმის 2014-2017 წლების მოწვევის საკრებულოს წევრს, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, დიმიტრი დარჩიას ეკუთვნის. საკითხი წინა მოწვევის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით შესათანხმებლად გადაეგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას. სწორედ ამ კომისიიდან მიღებული თანხმობის საფუძველზე დააყენეს აღნიშნული საკითხი განათლების კომისიის სხდომაზე. საკითხს  სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა ბათუმის საკრებულოში
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა ბათუმის საკრებულოში.

გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგვისტოს, ერთ-ერთი შეტაკებისას  ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი იგი ცხინვალის მე-5 სკოლასთან ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო გიორგი ანწუხელიძე. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც მისი წამების კადრები იყო ასახული.

2009 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით – „სამშობლოსათვის თავდადებული“,  2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 2017 წელს კი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის მინისტრ, ლევან იზორიას ბრძანებით დამტკიცდა.

საკრებულოს სხდომაზე საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარკის სახელწოდება იქნება „ბათუმის ცენტრალური პარკი“, ხოლო მისამართი - „ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორია“
საკრებულოს სხდომაზე საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარკის სახელწოდება იქნება „ბათუმის ცენტრალური პარკი“, ხოლო მისამართი – „ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორია“

კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ასევე, იმსჯელებენ  ე.წ. „6 მაისის პარკისთვის“ „ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელის მინიჭებისა და პარკის მისამართის განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნული ინიციატივით კომისიას გასულ წელს ა(ა)იპ ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ მიმართა, ვინაიდან ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. „6 მაისის პარკის“ სახელწოდება აქამდე სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არ იყო და შესაბამისად, ამ სახელწოდებით არ იყო რეგისტრირებული.

ფაქტობრივად, არსებული გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტია, იყო სახელდების გარეშე. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიისგან აღნიშნულ საკითხზეც მიღებულია თანხმობა და საკრებულოს სხდომაზე საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში პარკის სახელწოდება იქნება „ბათუმის ცენტრალური პარკი“, ხოლო მისამართი – „ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორია“.

კომისიის სხდომაზე გნხილულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო 15 თებერვლის სხდომაზე მიიღებს
კომისიის სხდომაზე გნხილულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო 15 თებერვლის სხდომაზე მიიღებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, ქ. ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეების მიერ ინიცირებული პეტიცია იყო. განკარგულების პროექტი, რომელზეც ბათუმის საკრებულომ სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ქ. ბათუმში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. საკითხზე უკვე მიღებულია თანხმობა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიისგან. განკარგულების პროქტის მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სტატუსიც მიენიჭება.

სამივე საკითხს ბათუმის საკრებულო 15 თებერვალს, სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას კოლეგიალური წესით მიიღებს.

ყვავილების გამყიდველები ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

14 თებერვალს „ვალენტინობა“, სიყვარულის დღე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს შეყვარებულები საქართველოშიც აღნიშნავენ. 14 თებერვალს ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში ყვავილების ბევრ გამყიდველს შეხვდებით.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო

ვინ იყვნენ ძველი ბათუმის პირველი ექიმები

1878 წელია ბათუმში. ჭაობებით მოფენილ პატარა ქალაქს ანოფელესი ეხვევა, მალარიის გადამტანი კოღო, ძველი ბათუმელების მთავარი სატანჯველი. მალარიით გამოწვეულ ციებ-ცხელების შეტევებს ბათუმელები ხალხური მედიცინით ებრძვიან, მაგრამ ვერ ერევიან. ცხოვრება განსაკუთრებით ჭირს ზაფხულში. ვისაც საშუალება აქვს, ამ დროს აგარაკებსა და მთებს აფარებს თავს, მაგრამ ასეთი ბევრი არ არის.  ქალაქში მხოლოდ ერთი პატარა ჰოსპიტალია, რომელიც სამხედროებს ემსახურება.

ბათუმს ამ დროს პოლიცმეისტერი მართავს. იქვე, მის სამმართველოში, მუშაობს ქალაქის პირველი მთავარი ექიმი, გერმანელი ფეოდორ შეფერი, რომელიც ექიმი-ექსპერტი უფროა, ვიდრე მკურნალი. სწორედ მისი და კიდევ ერთი პოლონელი ექიმის, სევერინის ინიციატივით გაიხსნა ბათუმში პირველი ქსენონი, სადაც ერთდროულად 25 პაციენტის მიღება იყო შესაძლებელი.

__________________________

ვინ იყო ბათუმის პირველი ქსენონის პირველი პაციენტი, ეს – არა, მაგრამ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ისტორია და ცნობილი ექიმების შესახებ ყველაზე მეტი ბათუმში რამაზ სურმანიძემ იცის. იგი პროფესიით ექიმია და წლებია ბათუმის ისტორიას იკვლევს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ წარსულსაც.

რამაზ სურმანიძე

იგი ყვება, რომ მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლომდე ბათუმში სამედიცინო დაწესებულება არ იყო. ბათუმის ნავსადგურში არსებობდა მხოლოდ საზღვაო კარანტინი, სადაც ექიმს ერთი მოვალეობა ჰქონდა – არ დაეშვა გემიდან ქალაქში ავადმყოფი ან გემზე ასვლის საშუალება არ მიეცა ადამიანისთვის, რომელიც  ეკიპაჟის სხვა წევრებს დაავადებდა.

რუსეთისა და ოსმალთა იმპერიების ომის შემდეგ ბათუმი რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა და სწორედ მაშინ გამოჩნდა ბათუმსა და მის შემოგარენში მოძრავი ჰოსპიტალი, რომელიც დაჭრილ ჯარისკაცებს ემსახურებოდა.

„ბათუმში შემოსულ ჯარს შემოჰყვა ეს მოძრავი ლაზარეთი, რომელიც არ იყო საკმარისი, ამიტომ ახლანდელ ბარბარეს ეკლესიასთან დროებით გააკეთეს ერთსართულიანი ჰოსპიტალი. მაგრამ ეს ჰოსპიტალი სამხედროებისთვის იყო, იქ ჩვეულებრივ მოქალაქეს ვინ შეუშვებდა, ნაცნობობით, ვიღაცას ფულს მისცემდი და ასე თუ იშოვიდი ექიმს ქალაქში. ამიტომაც დადგა ქსენონის გახსნის საკითხი და მთავარმა ექიმმა, შეფერმა, გახსნა პირველი ქსენონი ბათუმში 1887 წელს,“ – ყვება რამაზ სურმანიძე.

ქსენონმა  15 წელი იარსება. ამ დროში ბათუმში ბევრი რამ შეიცვალა, ქალაქი გაიზარდა და მალარიას კიდევ ერთი მძიმე ავადმყოფობა, ქოლერას პანდემია დაემატა. სწორედ ქოლერამ იმსხვერპლა ქალაქის პირველი მთავარი ექიმი, შეფერი.  საავადმყოფო უკვე აუცილებელი იყო და ბათუმის იმდროინდელმა მერმა, ლუკა ასათიანმა, ყველა ღონეს მიმართა მის გასახსნელად.

„ლუკა ასათიანი და გრიგოლ ვოლსკი იყვნენ ამის ინიციატორები. 1897 წელს დაიწყო ბათუმში  საავადმყოფოს მშენებლობა და 1902 წელს დამთავრდა. საავადმყოფო იყო 120 საწოლზე გათვლილი და მდებარეობდა იქ, სადაც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოა. ექვსი ბარაკი იყო სულ, ქირურგია ცალკე იყო, თვალი – ცალკე, ყელ-ყური, ინფექციური და ა.შ.სპეციალისტები ზოგი ადგილზე იყო, ზოგი მოიწვიეს სხვადასხვა ქალაქიდან. მაშინ ცალ-ცალკე ექიმები არ იყვნენ, ექიმი ყველაფერს მკურნალობდა.

ამ დროს იყო ასეთი ბათუმელი ექიმი, დიმიტრი კუზიატინი. 1892 წელს, როცა ქოლერა მთელს მსოფლიოში მძვინვარებდა, ითვლებოდა, რომ ქოლერა გადადის ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით. კუზიატინმა ბათუმში დაადგინა, რომ ეს ასე არ არის და ქოლერა გადადის მხოლოდ ავადმყოფის გამონაყოფებთან შეხებისას. ეს იყო უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა,“ – ამბობს რამაზ სურმანიძე.

ბათუმის სამხედრო ჰოსპიტლის მედიკოსთა 1896 წ. შემადგენლობა. ფოტო შოთა გუჯაბიძის არქივიდან.

1913 წელს ბათუმში უკვე მალარიის სადგურიც გაიხსნა, რადგან  ყოველ მესამე ადამიანს მალარია სჭირდა. ეს იყო პირველი ამ ტიპის დაწესებულება რუსეთის იმპერიაში. სწორედ ამ დროს უკავშირდება რამდენიმე ბათუმელი ცნობილი ექიმის სახელი, მათ შორის, ბერძენი ექიმის ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისის და  პლატონ გიგინეიშვილის:

„პლატონ გიგინეიშვილმა შემოიღო ბათუმში პირველად მალარიის მკურნალობა ევკალიპტით. ქინაქინით მკურნალობდნენ მალარიას და ქინაქინის ხეებიც მოაშენეს ბათუმში, მაგრამ არ ჰქონდა ზოგჯერ შედეგი. გიგინეიშვილმა 1922 წელს ჩაატარა ცდები და დაადასტურა, რომ ევკალიპტის ზეთით შეიძლება იმკურნალოს ადამიანმა. მშვენიერი ეფექტი ჰქონდა“.

რამაზ სურმანიძე ყვება, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ბათუმში არა ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა:

„იყო ასეთი ექიმი, ბესარიონ ფროლოვი, რომელმაც1905 წელს თირკმლის ამოკვეთის ოპერაცია გააკეთა ბათუმში. დღეს ეს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო.

ერთი წლით ადრე, 1904 წელს, ფროლოვმა საძილე არტერია გაკერა და სიკვდილს გადაარჩინა პაციენტი.

1908 წელს ბათუმში პირველად გაკეთდა ოპერაცია თავის ქალაზე სისხლჩაქცევის დროს, რომელიც ჩაატარა ბათუმის მაშინდელმა მთავარმა ექიმმა, ფილკენშტეინმა.

1925 წელს ბათუმელმა ექიმმა, ვალერიან მაქაცარიამ, გადაარჩინა დაჭრილი ბიჭი, მან გულზე დაადო ნაკერები პაციენტს მაშინ, როცა ამას საბჭოთა კავშირში ვერავინ აკეთებდა. ეს მაშინვე დაიბეჭდა პრესაში და გავრცელდა მთელს საბჭოთა კავშირში.

ახლა მსგავსი ოპერაციები არავის უკვირს, მას შემდეგ რევოლუცია მოხდა მედიცინაში, მაგრამ მაშინ დიდი ამბავი იყო,“ – ყვება რამაზ სურმანიძე.

მალარიას, ქოლერას და სხვა, გავრცელებული დაავადებების გარდა, ბათუმში ათაშანგიც [სიფილისი] იყო გავრცელებული. ზოგადად, ვენერული დაავადებები საპორტო ქალაქებისთვის დამახასიათებელი იყო. ეს პრობლემა რომ ბათუმში მწვავედ იდგა, ერთი ფაქტიც მოწმობს: ბრიტანული ოკუპაციის წლებში ბრიტანული ჯარის ხელმძღვანელობა ქუჩებში განცხადებებს აკრავდა, რომლითაც თანამემამულეებს აფრთხილებდა, საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებებში თავი დაეცვათ, რომ ვენერული დაავადებები აეშორებინათ თავიდან.

ბათუმის საქალაქო საავადმყოფოს პალატა 1914 წელს. მ. გლაუდანის ფოტო.ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფონდი.

„ბათუმში იყო ძალიან საინტერესო ექიმი, კონდრატ მხეიძე, რომელმაც გერმანიიდან ბათუმში პირველად ჩამოიტანა და გამოსცადა პრეპარატები ათაშანგის სამკურნალოდ. ეს იყო სალვარსანი 606, რომელიც პაულ ერლიხმა [ერლიხი ნობელის პრემიის ლაურეატი იყო, მან ქიმიოთერაპიით მკურნალობის მეთოდი დანერგა]  შემქნა და 606 ცდა ჩაატარა, სანამ აწარმოებდა და ნეო სარვალსანი 914. ეს პრეპარატები პირველად გამოსცადეს ბათუმში.“

გასული საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ბათუმში სხვადასხვა პროფილის საავადმყოფო გამოჩნდა. აშენდა ტროპიკული ინსტიტუტი, რომელიც 50-იან წლებში, მისი ერთ-ერთი დამაარსებლის, მჭედლიძის დახვრეტის შემდეგ, ქალაქის პირველ საავადმყოფოდ გადაკეთდა. ქალაქგარეთ აშენდა გინეკოლოგიური პავილიონი, სადაც შემდგომში ტუბსაავადმყოფო გაიხსნა, სამშობიარო განყოფილება კი როტშილდების მიერ აგებულ სახლში გადავიდა, სადაც ამ დრომდე ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლი მდებარეობს.

ქალაქის მთავარ საავადმყოფოს გამოეყო და ცალკე გაიხსნა ინფეციური საავადმყოფოც. რამაზ სურმანიძე ყვება, რომ ამ საავადმყოფოს შენობა თავდაპირველად ბათუმის სახანძრო რაზმისთვის აშენდა, შემდეგ კი აქ სამედიცინო დაწესებულების გახსნა გადაწყდა. ბათუმში იყო საავადმყოფოები, რომლებიც უკვე აღარ არსებობს, მათ შორის ფიზიოთერაპიული საავადმყოფო ბათუმგორაზე, რომელსაც ბათუმში გულის საავადმყოფოს უწოდებდნენ.

რამაზ სურმანიძე ამბობს, დღეს ცოტას თუ აინტერესებს არქივები, რომლებიც ბევრ საინტერესო ამბავს ინახავს:

„რამდენიმე წლის წინ მითხრეს, „რესპუბლიკურიდან“ გამოიტანეს ქაღალდები და გადასაყრელადაა გამზადებულიო. მე წამოვიღე ეს ქაღალდები და ანბანის მიხედვით ინახება ჩემთან 4500-ზე მეტი მონაცემი, რომელიც დასაკარგად იყო განწირული. ესაა ექიმების პირადი საქმეები, სხვაგან  ვერსად ნახავთ ამ მასალებს.“

 

ქედის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. ქედის საკრებულომ საბჭოს დებულება დღეს, 13 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე, განმარტავს, რომ საბჭო ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების უფლებებს დაიცავს და  „საბჭოში შესულ ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება იქნება“:

„გენდერული თანასწორობის საბჭო, დისკრიმინაციის, ოჯახში ძალადობასა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს, ჩვენი მიზანია საკრებულოს ყველა წევრი ქალთა უფლებების დასაცავად მუშაობდეს.“

გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელმაც ქედაში ქალთა უფლებების დაცვაზე უნდა იმუშაოს, ხუთი წევრითაა წარმოდგენილი, საბჭოში სამი კაცი და  ორი ქალია. შუქრი თურმანიძის ინფორმაციით,  საბჭოს თავმჯდომარე მისი მოადგილე, რომან დავითაძე იქნება.

დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა ქედის მერიის ადმინიტრაციული სამსახურის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა“  დაამტკიცეს. პროგრამა 5 300 ლარით დაფინანსდა.

ქედის მერია თემის რწმუნებულებს საწვავს პირადი ავტომობილებისთვის გამოუყოფს

ქედის მუნიციპალიტეტის მერია თემის რწმუნებულებს საწვავს პირად სარგებლობაში არსებული ავტომობილებისთვის გამოუყოფს.

საწვავის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ დღეს, 13 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის ინფორმაციით, ცხრა რწმუნებულისთვის საწვავის შესაძენად წლის ბოლომდე სულ 13 200 ლარია გამოყოფილი.

„სოფლებში თემის რწმუნებულების მუშაობა ეფექტურად რომ წარიმართოს, საავტომობილო გადაადგილებისთვის საწვავის შესაძენად, ბიუჯეტიდან 13 200 ლარი გამოიყო. ამ თანხით საწვავს შევისყიდით და თითოეულ რწმუნებულს წინასწარ განსაზღვრული საწვავის ლიმიტი გადაეცემა. ვფიქრობთ, საწვავი რწმუნებულებისთვის მარტის თვიდან გაიცემა.

კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ ხელშეკრულება გაფორმდეს პირად სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე მხოლოდ საწვავის მომსახურებაზე,“ – ამბობს შუქრი თურმანიძე.

ჯერ დაზუსტებული არ არის რა ოდენობის საწვავის ლიმიტს მიიღებს თითოეული რწმუნებული. ქედის მერიაში ამბობენ, რომ ლიმიტის ოდენობა თვეში მაქსიმუმ 100 ლიტრი იქნება.

ქედაში სულ ცხრა ადმინისტრაციული თემია.

ამავე თემაზე:

ქედის საკრებულო კომისიის წევრებს საწვავს პირადი ავტომობილებისთვის გამოუყოფს

ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსები სიმაღლეში გაიზრდება – პატარაძის ოთხი შუამდგომლობა

სამშენებლო კომპანია „ბათმშენი 2007“ ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე, #17/19-ში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტი ცხრა სართულის მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა შესაძლოა ის სიმაღლეში კიდევ გაიზარდოს.

პროექტის დადგენილზე მეტად სიმაღლეში გაზრდაზე [კ2 კოეფიციენტი] კომპანიას ბათუმის მერიასთან ზურაბ პატარაძემ უშუამდგომლა.

ბათუმის მერისთვის მიწერილ შუამდგომლობის წერილში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წერს, რომ კომპანიამ ამ ადგილზე ახალი სახლის ასაშენებლად ერთი და ორსართულიანი ამორტიზებული ბარაკული ტიპის სახლები აითვისა და აქ მცხოვრებთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება აიღო.

„მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, რაც ხელს უწყობს უბნის შემდგომ განვითარებას, ამასთან, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული, სოციალური და ქალაქმშენებლობითი ამოცანების გადაწყვეტის კუთხითაც“, – ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წერილში. ზურაბ პატარაძემ კომპანიას კ2 კოეფიციენტის 9,6-ზე გაზრდაზე უშუამდგომლა, რაც 12 სართულს გულისხმობს.

შპს „ბათმშენი 2007“-ის მესაკუთრე გოჩა ირემაძეა. კომპანია 2004 წელსაა დაფუძნებული.
გოჩა ირემაძე, ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, სასტუმრო „ირე პალასის“ გახსნაზე. ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსის აშენებას გოჩა ირემაძე გეგმავს.

ყაზბეგის ქუჩა ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქუჩაა, სადაც ამ დრომდე ძველი ერთსართულიანი სახლები იყო შენარჩუნებული. ამ ქუჩის #8-ში ისტორიულ სახლში ფუნქციონირებს კაფე „დელირია“, რომელიც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, ძველი ბათუმის არქიტექტურის გადარჩენასთან დაკავშირებით საუბრისას ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად დაასახელა.

ყაზბეგის #17/19-ში მიმდინარე მშენებლობის გვერდით, ყაზბეგის 15/13-ში, სამსართულიან, ძველ სახლზე, დაშენების სამუშაოებს ატარებს შპს „ველი ტური“, მას მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 27 დეკემბერს მიუღია, მშენებლობის დასრულების ვადად კი 2018 წლის ოქტომბერი განუსაზღვრავთ. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით,  რეკონსტრუქციის პროექტი სამსართულიან სახლზე ორი სართულისა და მანსარდის დამატებას ითვალისწინებს.

ყაზბეგის ქუჩა, #13/15.

მშენებლობის მოპირდაპირედ კი, ყაზბეგის #12/14-ში, ორსართულიანი სახლების ათვისების ხარჯზე ახალი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს სამშენებლო კომპანია „ბათუმი ჰაუსი“. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერიასთან ამ კომპანიასაც უშუამდგომლა.

ზურაბ პატარაძე შუამდგომლობის წერილში წერს, რომ კომპანია ყაზბეგის #12/14-ში ახალ პროექტს იქ მდებარე  ამორტიზებული სახლების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს და ამასთან დაკავშირებით იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან  მიღწეულია შეთანხმება. ადგილზე ორი ოჯახის წარმომადგენლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათთან ინვესტორი მოსალაპარაკებლად იყო, თუმცა ჯერ არ შეთანხმებულან. ყაზბეგის #12/14-ში ე.წ. იტალიურ ეზოში 14 ოჯახი ცხოვრობს. ზურაბ პატარაძის შუამდგომლობის წერილში ნათქვამია, რომ ამ ადგილზე კომპანია 14-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

ყაზბეგის ქუჩა # 12/14.

კიდევ ერთი სამშენებლო პროექტია დაგეგმილი ყაზბეგისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში [გორგასლის #80/82-ში]. ამ მისამართზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომპანია „ჯეობილდინგ +“ – ს უშუამდგომლა.

გორგასლის ქუჩა#82, ახალი პროექტი ამ სახლის დემონტაჟს ითვალისწინებს.
გორგასლის ქუჩა #82. ამ ჭიშკრის მიღმა კრამიტით გადახურული ერთსართულიანი სახლია, რომელსაც ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დანგრევა ემუქრება. ჭიშკარი ჩაკეტილი დაგვხვდა.

შუამდგომლობის წერილის მიხედვით, კომპანია ამ შემთხვევაშიც ახალ მშენებლობას ძველი, ორსართულიანი სახლების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს. მთავრობის თავმჯდომარე წერს, რომ ეს სახლები ამორტიზებული და უსახურია.

ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, საპროექტო შენობა აკმაყოფილებს ქუჩის განაშენიანების სტანდარტებს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო შენობის სიმაღლე, საინვესტიციო ობიექტის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე შენობების სიმაღლეს, რათა დაცული იყოს კვარტალის ვერტიკალური ნიშნული.

აჭარის მთავრობიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სიმაღლეში გასაზრდელი შენობების რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს – ზურაბ პატარაძის მიერ გაცემული შუამდგომლობების სტატისტიკა ბოლო პერიოდში იზრდება. მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნიდან შვიდ თვეში [2017 წლის თებერვლამდე] ზურაბ პატარაძემ კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე 13 კომპანიას უშუამდგომლა, 2017 წლის თებერვლიდან დღემდე კი, ეს რიცხვი 62-მდე გაიზარდა.

საუნა ხულოში [ფოტოამბავი]

ეს შენობა დაბა ხულოში, მერიის მიმდებარედ მდებარეობს. ამჟამად საუნას კარებიც ჩარაზულია და შესასვლელშიც ხის ძელია აფარებული. ადგილობრივების თქმით, საუნა შეკვეთაზე მუშაობს და იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს სარგებლობა სურს, მფლობელს წინასწარ უნდა დაუკავშირდეს, თუმცა შენობაზე არც საკონტაქტო ნომერია მითითებული და ვერც ადგილობრივებმა გვითხრეს, მოქმედია თუ არა საუნა და როგორ უკავშირდებიან მეპატრონეს.

ევრო 2000-ის მოსწავლეების ნამუშევრები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი

ზღაპარი – ეს იდეალური ადგილია, რომელსაც არასოდეს გინდა დაშორდე. როცა ლამაზად ცხოვრობ, ამბობენ -„ზღაპრულად ცხოვრობსო“, როცა ცხოვრებაში სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს – „ზღაპრის ბოლო კეთილიაო“.

მოკლედ, ზღაპარი იყო და იქნება ყველასთვის საყვარელი ნავსაყუდელი, რომელში ცხოვრებაც გინდა და მოქმედებაც. ამიტომაც, ორმა სოფიამ, ქალაქ ბათუმის  კერძო სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა – სოფია ანთიამ და სოფია სკიბამ გადაწყვიტეს დაეწერათ ზღაპარი სიყვარულსა და მაგიურ ყვავილებზე, თავადვე დაესურათებინათ და პრესტიჟულ კონკურსზე – „ჩემი ზღაპარი“ გაეგზავნათ.

ეს კონკურსი თბილისის რობერტ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში – „ა-Z“ უკვე მეორედ იმართება  მე-7 და  მე- 12  კლასების მოსწავლეთათვის.

ყველაფერმა ზღაპრულად ჩაიარა, გოგონების დაწერილმა და დასურათებულმა  ზღაპარმა გაიმარჯვა.  2017 წლის 24 ნოემბერს ქ. თბილისში გაიმართა გამარჯვებულთა და მონაწილეთა დაჯილდოება – ზღაპრების  წიგნის პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ჟიური თავიანთი კრეატიული იდეებითა და საუცხოო ისტორიებით გააკვირვეს. ისევე, როგორც 2015 წლის კონკურსის შემდეგ, ახლაც გამოიცა საუკეთესო თორმეტი ზღაპრისაგან შემდგარი წიგნი, რომელიც მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დაასურათეს. სოფია ანთიას ზღაპარი „magishe blumen“-ი  სოფია სკიბამ დაასურათა.

არა და რა ჯადოსნური  ყვავილებია იქ – წითელი, ცისფერი და უფერო… ყვავილები, რომლებიც ყველა სურვილს ასრულებენ… ახალგაზრდა მწერლების ნაწარმოებები 2018 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

ზღაპრების კონკურსის ხელშემწყობი იყო საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZFA). საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილემ მონიკა ლენჰარდმა, ხაზი გაუსვა ასეთი კონკურსების მნიშვნელობას და ასევე მათ სასიხარულო შედეგებსაც, განსაკუთრებით საქართველო-გერმანიის საიუბილეო 2017 წლის ფარგლებში.

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ZFA-ს წარმომადგენელმა ანგელა შმიდტმა, რომელსაც იმედი აქვს, რომ ზღაპრების კონკურსი კვლავაც ჩატარდება და, რა თქმა უნდა,  „სკოლა ევრო-2000“-ის  მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას, რათა გაილამაზონ სინამდვილე, უფრო დიდხანს დაჰყონ ჯადოსნურ სამყაროში.

…ზღაპარი, ეს იდეალური ადგილია, რომელსაც არასოდეს გინდა დაშორდე.

ინგა გოგიბერიძე, მწერალი.

 

ბათუმში, „მაგნოლიაში“, რამდენიმე ბინა გაქურდეს

გუშინ, ღამით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ე.წ. კორპუს „მაგნოლიაში“ რამდენიმე ბინა გაქურდეს. ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, ბინებში, სავარაუდოდ, აივნებიდან შეაღწიეს, რადგან რამდენიმე მესაკუთრეს ბინა შიდა მხრიდან დაკეტილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის მოწყობა [ფოტო]

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე ქვაბულის ამოჭრისა და ფუძის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში დასრულდება.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის მოწყობა. ფოტო: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

უახლოეს პერიოდში კი მიწისზედა რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობის ეტაპი დაიწყება.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის მოწყობა. ფოტო: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენებისა და VIP-ი.

ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.

ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ აწარმოებს.

 

საქალაქო სასამართლოს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საქმის გაჭიანურებაზე მიუთითეს

 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაში  ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის დროული განხილვისკენ და სამართლიანი სასამართლოს ბაზისური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაციების შეფასებით, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე უარის თქმა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციაა.  „სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა, თუმცა მითითებულ საქმესთან დაკავშირებით დღემდე არც ერთი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა და არც დანიშნულა.

მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა.

მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელი შეტანიდან 8 თვეა გასული, თუმცა როგორც აღინიშნა სასამართლოს მიერ დღემდე არცერთი სხდომა არ დანიშნულა,“-ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასამართლოებში გადატვირთულობის სისტემური პრობლემის აღიარების მიუხედავად, სასამართლომ საქმის განხილვის ყველა გონივრული ვადა დაარღვია, რაც სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.

„საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ასევე მეჩეთის მშენებლობაზე მუსლიმი თემის მწვავე სოციალური საჭიროებისა და უფლების შეზღუდვის განგრძობადობის გათვალისწინებით, სასამართლოს უმოქმედობა სამართლებრივი მექანიზმების მიმართ ნდობის და ეროვნულ დონეზე ეფექტიანი და დროული მართლმსაჯულების  განხორციელების შესაძლებლობას ასუსტებს,“-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

 

 

ბათუმში ახალგაზრდა ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა

ბათუმში, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში, წრიულთან, რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა. ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი სხეულის დაჟეჟილობით.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ხულოში ვეტერინარული კლინიკა იხსნება

ხვალ, 14 თებერვალს, დაბა ხულოში ვეტერინარული კლინიკა გაიხსნება. კლინიკაში, რომლის საერთო ფართობი 60კვ/მ-ია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კლინიკა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულების – მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გაიხსნება; კლინიკის მშენებლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ფონდ CARD-ის დახმარებით პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელდა.

კლინიკის მშენებლობის ბიუჯეტი 47 734 ლარია.

კლინიკის აშენებამდე აგროსერვისცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პარალელურად ხორციელდება ვეტერინართა გადამზადების პროგრამაც და აღნიშნული კლინიკები [ანალოგიური კლინიკა გახსნილია ქობულეთში] სამომავლოდ გადაეცემა კერძო ვეტერინარებს, თუმცა არანაკლებ სამ ვეტერინარს. შესაბამისად, გარკვეული მომსახურება კლინიკაში იქნება ფასიანი, თუმცა ტარიფებს აგროსერვისცენტრი გააკონტროლებს. ამასთან, კლინიკაში კონსულტაციები, მათ შორის სატელეფონოც, იქნება უფასო.

ვეტერინარული კლინიკა ხულოში / ფოტო: აჭარის მთავრობა

ამავე თემაზე:

ხულოში ვეტერინარული კლინიკა აშენდება

 

 

 

ტრეფიკინგის მორიგი მსხვერპლი – 21 წლის გოგო გონიოში, სექსინდუსტრიაში რჩება

ტრეფიკინგის მორიგი მსხვერპლი 21 წლის გოგოა – ნინა [ სახელი შეცვლილია]  ის გონიოში გასული წლის ზაფხულში ჩამოვიდა. ტრეფიკინგში ბრალდებული კი, 42 წლის ქალია – მუმთოზა უ. ის საქართველოდან მას შემდეგ წავიდა, როცა პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა და ბრალი წაუყენა. მსხვერპლის სტატუსის მქონე გოგო ისევ სექსინდუსტრიაში მუშაობს.

საქმის მასალების მიხედვით, ნინა საქართველოში წითელი ხიდის გავლით შემოვიდა. ბრალდებულის ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე ამბობს, რომ ის თავიდანვე სექსმუშაკობისთვის ჩამოვიდა გონიოში და დახმარება მუმთოზა უ-ს სთხოვა. დაზარალებულს ბრალდებულმა პასპორტი წაართვა და სექსმუშაკობისთვის ანაზღაურებას ბრალდებული იღებდა. დაზარალებულმა პოლიციას ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში მიმართა.

„დაზარალებული ამბობს, რომ მას ბრალდებული ბანკში მუშაობას და 800 დოლარ ხელფასს დაჰპირდა, რაც აბსურდია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მას თავად დაუკავშირდა ნინა და საქართველოში ჩაყვანა სთხოვა,“ – გვიყვება ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე. – „აქ საუბარია ხარჯების ანაზღაურებაზე, რაც ბრალდებულმა გადაიხადა გოგოს მგზავრობისთვის. ასევე წითელ ხიდზე მდებარე საბაჟოს გადმოსაკვეთად. მოგეხსენებათ, რომ საბაჟოებზე ხშირად პრობლემაა და არ უშვებენ მათ საერთოდ. გარდა ამისა, აქ ჩამოსვლამდე ნინა რუსეთში იმყოფებოდა და აქ როცა ჩამოვიდა, ფეხმძიმე იყო. ბრალდებულმა გადაიხადა თანხა მის მოვლაში, ბინის ქირა. გონიოში სადმე რომ იმუშაო, უნდა გადაუხადო რომელიმე კლუბის მეპატრონეს წინასწარ 500 დოლარი. ესეც ბრალდებულმა გადაიხადა. ალბათ, ბრალდებული მოგებასაც ითხოვდა. ის ბოლო 10 წელია გონიოში მუშაობს. ბრალდებული მხოლოდ იმ თანხის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც 21 წლის გოგოს ჩამოსაყვანად დახარჯა“.

ტრეფიკინგის შემთხვევას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს. სასამართლოს უკვე მისცა ჩვენება გონიოში მდებარე სასტუმრო „დენიზის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, რომელმაც თქვა, რომ მუმთოზა ტრეფიკინგის მსხვერპლს – ნინას სექსმუშაკობას აიძულებდა და ანაზღაურებას თვითონ იღებდა.

საქმეში დევს ვიდეომტკიცებულებაც. მას შემდეგ, რაც 21 წლის გოგომ პოლიციას მიმართა, მას ფარული ვიდეოკამერა მიამაგრეს და მუმთოზასთან სალაპარაკოდ გაუშვეს. ადვოკატის თქმით, ჩანაწერში ისმის 500 დოლარის შესახებ, რაც გადასახდელი დარჩა ტრეფიკინგის მსხვერპლს.

ამ ჩანაწერის შემდეგ, გამოძიებამ თურქი ეროვნების რამდენიმე მამაკაცთან ბრალდებულის ამოცნობის პროცედურაც ჩაატარა. ამოცნობის დროს მოწმეებმა თქვეს, რომ მათ ფული მუმთოზას გადაუხადეს, ერთი ღამისთვის 100 ამერიკული დოლარი, სექსუალური კონტაქტი კი ნინასთან ჰქონდათ.

ამოცნობის შემდეგ მუმთოზას პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მუმთოზამ ადვოკატი აიყვანა, უთხრა, რომ ბრალს არ აღიარებს და ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა. ტრეფიკინგში, ანუ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულს საზღვრის გადაკვეთის დროს პრობლემა არ შექმნია.

სად არის ამჟამად ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგო – ჰკითხა „ბათუმელებმა“ პროკურორს, ვლადიმერ თურმანიძეს. მისი თქმით, მსხვერპლი დაზარალებულთა თავშესაფარში იმყოფება.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლად მიჩნეული გოგო სექსინდუსტრიაში რჩება და გონიოში სექსმუშაკად მუშაობას აგრძელებს.

„ამჟამად ტრეფიკინგის მსხვერპლი თავშესაფარში საერთოდ არ გვყავს,“ – გვითხრეს ბათუმის მსხვერპლთა დაცვის თავშესაფარში.

ბრალდებულიც და დაზარალებულიც უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

 

20 მილიონ დოლარად ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი შენდება

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების მიზნით არსებული ყინულის სასახლის ადგილზე ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი აშენდება. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია, რაც კომპლექსის დაპროექტების დროს შესაძლოა შეიცვალოს. ლადო ასათიანის ქუჩაზე, #27-ში, სპორტული კომპლექსის აშენებას კანადური კომპანია Westincor Limited-ი აპირებს, რომელთანაც შპს „სტადიონი“ ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს.

„მკაცრი პირობაა, რომ პირველ სექტემბრამდე მოეწყოს ისეთი კონსტრუქცია და იმ ფორმით, რომ მასში საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იყოს შესაძლებელი. ოლიმპიადის შემდეგ, გაგრძელდება მშენებლობა და დასრულებულ სახეს მიიღებს 2020 წლის ბოლოს. რაც შეეხება თანხას, კომპანიას საწყის ეტაპზე გადავუხდით საბოლოო ღირებულების 20%-ს, ხოლო დანარჩენ თანხას დავფარავთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,“ – განაცხადა  სულხან ხალვაშმა, შპს „სტადიონის“ დირექტორმა.

კანადური კომპანია Westincor Limited-ი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსის წესით შეარჩია. კომპანია ყინულის არენასა და საცურაო აუზს დააპროექტებს და ააშენებს კიდეც. საბოლოო პროექტი 4 თვეში უნდა იყოს მზად.

ქალაქ ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, #27-ში, მდებარე მიწის ნაკვეთებზე [ფართობი: 17 410 კვ/მ და 7 153 კვ/მ] დახურული სპორტული კომპლექსი – ყინულის არენა [ტრიბუნებით 1500 ადგილზე] და საცურაო აუზი [ტრიბუნებით 1000 ადგილზე] უნდა აშენდეს. ტერიტორია, სადაც ამჟამად ყინულის სასახლეა განთავსებული, ბათუმის მერიის საკუთრებაა. ჯერ გადაწყვეტილი არ არის ტერიტორია გადაეცემა თუ არა აჭარას. გადაწყვეტილი ჯერ არც ის არის, ვინ მართავს ახალ კომპლექსს – მერიის თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რომელიმე უწყება.

არსებულ ყინულის სასახლეს [გასაბერი კონსტრუქცია] ახალი კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაშლიან, მოციგურავეებს ვარჯიშში ხელი რომ არ შეეშალოთ.

ბათუმში, ლადო ასათიანისა და ორბელიანის ქუჩებს შორის [არსებული ყინულის სასახლის უკან] კიდევ ერთი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა სრულდება. სასახლეში ორი დარბაზია განთავსებული. ის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით შენდება და იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა 54 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს.

აღნიშნული სპორტის სასახლის მშენებლობა ძირითადად საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების მიზნით დაიწყო, თუმცა ოლიმპიადის ჩატარებისთვის ფიდეს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს [ფართობის მხრივ]. ამიტომ, ოლიმპიადის ჩატარება იმ ახალ სპორტკომპლექსშიც იგეგმებოდა, რომელსაც ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, აჭარის მთავრობა აშენებს. თუმცა, ტენდერის სხვადასხვა ეტაპზე დავების გამო, ოლიმპიადისთვის ამ კომპლექსის დასრულება ვეღარ მოესწრება [კომპლექსისთვის აჭარის მთავრობას 66,5 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. საბოლოოდ ხელშეკრულება მშენებელ კომპანიასთან 61,9 მილიონ ლარზე გაფორმდა].

„ამიტომ გახდა აუცილებელი ყინულის ახალი არენის მშენებლობა, რომელიც სექტემბერში ოლიმპიადას მოემსახურება,“ – გვითხრეს „სტადიონში“. საბოლოოდ კი ახალი სპორტის სასახლე, ყინულის არენა და საცურაო აუზი ერთ კომპლექსად გაერთიანდება.

„პროექტის ფარგლებში მოსაწყობი ყინულის არენის სივრცე და იქვე მშენებარე სპორტის სასახლე ერთობლიობაში იძლევა იმის საშუალებას, რომ დაკმაყოფილებული იქნას 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნა 5000 კვ/მ ფართობის არსებობის თაობაზე. კანადური კომპანია ვალდებულია საპროექტო სამუშაოები შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 კალენდარულ თვეში, მიწის ნაკვეთზე მოახდინოს არსებული ნაგებობების დემონტაჟი [გარდა ყინულის სასახლისა და სატრანსფორმატორო შენობისა] და მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის [რომელსაც აქვს ყინულის არენად გადაკეთების შესაძლებლობა] სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები შეასრულოს არაუგვიანეს 2018 წლის პირველი სექტემბრისა“, – აცხადებენ შპს „სტადიონში“.

ანუ, სექტემბრამდე აშენდება მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გადაკეთდება ყინულის არენად. დღეს არსებული ყინულის სასახლე კი დაიშლება. პარალელურად აშენდება საცურაო აუზიც.

კანადურ კომპანიასა და შპს „სტადიონს“ შორის ხელშეკრულების დადების საკითხი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დღეს, 13 თებერვალს უნდა განიხილოს.

ბათუმის ყინულის სასახლე / ფოტო: სპორტული ცენტრის ფეისბუქ გვერდიდან
ყინულის არენა ბათუმში / მაკეტი

ამავე თემაზე:

ყინულის ლომები ბათუმიდან

 

ქედის სოფლებში გარე განათებების ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება

სოფლის გაძლიერება და შესაბამისი პირობების შექმნა, ქედის თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარე განათებების ქსელის მოწყობისთვის თანხა ყოველწლიურად გამოიყოფა.

გასულ წელს ქედის 30 სოფელში, 195 განათების წერტილი დამონტაჟდა, რისვისაც 80 000 ლარი დაიხარჯა. ქსელში ჩასართავად კი ამ დროისთვის, მუნიციპალური ორგანიზაცია შპს ,, ქედის კომუნალურსერვისი“ აქტიურად მუშაობს.

ქედის სოფლებში გარე განათებების მოწყობა  მომდევნო წლებშიც სისტემატიურად გაგრძელდება და ,,სოფლის მხარდაჭერის“ ალტერნატიულ პროგრამაში – ,,თემებისა და სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა“ – აისახება.

Exit mobile version