რეკლამა,სიახლეები

მუსიკალური სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა” და მარიამ წიკლაურის “ნანინები”

14.02.2018
მუსიკალური სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა” და მარიამ წიკლაურის “ნანინები”

2017 წელს, პირველად საქართველოში, საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორებისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა და რაოდენ სასიხარულოა, რომ  სწორედ ამ კონკურსში გამარჯვებულ, შესანიშნავ საბავშვო მწერალს, მარიამ წიკლაურს, 26 იანვარს ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა ევრო-2000-მა უმასპინძლა.

ულამაზესი სცენა სკოლის ბიბლიოთეკაში იყო მოწყობილი. განსაკუთრებით აქტიური, ამ სკოლის მე-3 ბ კლასის მოსწავლეები და დამრიგებელი ცირა ქობულაძეა. სულ რამდენიმე დღეა, რაც ისინი  ეტალონმა ვიდეოკონკურსის „ვეგებებით ახალ წელს“ გამარჯვებულად გამოაცხადა. ჰოდა, ეს არ იკმარეს და იაკობ გოგებაშვილის “იავნანამ რა ჰქმნა” მუსიკალურ სპექტაკლად გადააქციეს და შიგ მარიამ წიკლაურის “ნანინები” ჩართეს.

ულამაზესი მაგდანი, ქეთო, ბაჯაჯგუნა ლეკები და ყველა სხვა გმირები იწონებდნენ სცენაზე თავს; ერთმანეთს თითქოს ქართული ენისა და სიტყვის სიყვარულში ეჯიბრებოდნენ… რომ მოგესმინათ, როგორ მღეროდა თეკლა ჩხარტიშვილი იავნანას, გული გაგიჩერდებოდათ…

ბავშვები ერთსაათიანი სპექტაკლის შემდეგაც არ დაიღალნენ და მწერალს დიდი გულისყურით მოუსმინეს. აი, რა განაცხადა მწერალმა ბათუმიდან წასვლის შემდგომ:

“ჩემთვის ყველა ასეთი შეხვედრა მნიშვნელოვანია და იმედია, ბათუმელი მოსწავლეებისთვისაც იყო ეს შეხვედრები წიგნისა და ლიტერატურისადმი ინტერესის აღმძვრელი. რა თქმა უნდა, იმაზე არაფერს ვაბობ, რომ ბათუმთან შეხვედრა, ზღვის მოსმენა, ახალი ადამიანების გაცნობა, მათი ზრუნვის, საუცხოო მასპინძლობისა და მადლიერების შეგრძნება გავსებს ადამიანს და თუნდაც ორი დღით გავიწყებს ამ ცხოვრების რუტინას.

უღრმესი მადლობა სკოლა ევრო-2000 ხელმძღვნელებს და პედაგოგებს, ქალბატონ ინგა გოგიბერიძეს, მშობლებს და განსაკუთრებით ცირა მასწავლებლს, მის მოსწავლეებს, ასევე ქალბატონ ნატო კეჭახმაძეს და ყველას, ვინც კეთილად მიმიღო და გამომაცილა ბათუმიდან! სულ სიკეთე თქვენ და მთელ საქართველოს!”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.