მთავარი,სიახლეები

ბათუმში 6 მაისის პარკს სახელს შეუცვლიან

14.02.2018 • 7829
ბათუმში 6 მაისის პარკს სახელს შეუცვლიან

ექვსი მაისის პარკისთვის სახელის გადარქმევაზე ბათუმის საკრებულოს განათლების კომისიაში უკვე იმსჯელეს და საკითხის განხილვას ხვალ, 15 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზეც გეგმავენ. სხდომაზე იმსჯელებენ ასევე პარკის მისამართის განსაზღვრაზე.

„6 მაისის პარკისთვის“ „ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელის მინიჭების ინიციატივით საკრებულოს განათლების კომისიას გასულ წელს ა(ა)იპ ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ მიმართა. საკრებულოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. „6 მაისის პარკის“ სახელწოდება აქამდე სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არ იყო და შესაბამისად, ამ სახელწოდებით არ იყო რეგისტრირებული.

საკრებულოს ინფორმაციითვე, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიისგან  მიღებულია თანხმობა და საკრებულოს სხდომაზე საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში პარკის სახელწოდება  „ბათუმის ცენტრალური პარკი“, ხოლო მისამართი – „ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორია“ იქნება.

6 მაისის პარკს დიდი ხნის ისტორია აქვს: 1932 წლამდე ამ პარკს რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად „ალექსანდრეს ბაღი“ უწოდეს, 1931 წელს – კულტურისა და დასვენების პარკი ერქვა, 1933 წელს – ბავშვთა პარკი, შემდგომ – პიონერთა პარკი, 2006 წლიდან კი მას „6 მაისის პარკი“ ჰქვია. 6 მაისს აჭარაში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ასლან აბაშიძე მოსკოვში წავიდა.

ამავე თემაზე:

საკრებულომ, შესაძლოა, ბათუმში 6 მაისის პარკს სახელი გადაარქვას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: