ნარკოტიკული ნივთიერებები და მედიკამენტები სარფში, ქუთაისის აეროპორტში, ყაზბეგსა და ვალეში

24 – 27 თებერვალს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფში“, ,,ქუთაისის აეროპორტში“, „ყაზბეგსა“ და ,,ვალეში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეების ავტომობილისა და ფიზიკური დათვალიერებისას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული მედიკამენტები (50 კაფსულა), ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (19 აბი), ასევე ფსიქოტროპული მედიკამენტები (109 კაფსულა და 7 აბი) და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (5.36 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

მშენებლობის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე პროექტში შესული ცვლილებები

დაბა ქედში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ცენტრალურ პარკში, სცენის მოსაწყობად ქედის მერიამ 2017 წელს ბიუჯეტიდან 230 000 ლარი გამოყო და ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ახალშენთან“ 184 645 ლარზე გააფორმა.

მერიასა და კომპანიას შორის 2017 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით, მშენებლობა გასული წლის 17 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე მშენებლობა არ დასრულებულა. უფრო მეტიც, ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ  პროექტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, ღია სივრცეში, თავდაპირველი ხელშეკრულებით მაყურებლისთვის გათვალისწინებული დასასხდომი სკამები აღარ მოეწყობა და სცენაც სამი მეტრით გაფართოვდება.

კითხვაზე, რატომ შედის ცვლილებები მშენებლობის პროცესში პროექტში, არ არის კარგად დამუშავებული პროექტები, რომლებსაც მერია ყიდულობს, თუ რა სახის პრობლემები იჩენს თავს? როლანდ ბერიძემ უპასუხა:

„სცენის მშენებლობა ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ჯარიმების ხარჯზე მუშაობდა კომპანია. თითქმის სრულდებოდა მშენებლობა, როდესაც კულტურის სამსახურმა გვტხოვა სცენა გაფართოებულიყო, რაც განვიხილეთ და დადებითად გადავწყვიტეთ. საპროექტოს  მივმართეთ ცვლილება შეეტანა, ცვლილებებიდან გამომდინარე, მშენებელ კომპანიას დამატებით ორთვიანი ვადა მიეცა, სცენა მინიმუმ სამი მეტრით გაფართოვდება.

რაც შეეხება ცვლილების საჭიროებას, არ მინდა თავის მართლება გამომივიდეს, მე არ ვმუშაობდი იმ დროს, სამწუხაროდ ამ ეტაპზე შემოვიდა მოთხოვნა, რომ სცენა გაფართოებულიყო, რაც გავითვალისწინეთ. ჩემი პოზიცია არის ის რომ, თუ რამე კეთდება, ისე უნდა გაკეთდეს, რომ მერე გასაკეთებელი არ გახდეს.“

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე ქედის მერიის მიერ სცენის მშენებლობაზე  განხორციელებულ ელექტრონულ ტენდერზე არსებულ დოკუმენტაციაში ბოლო ცვლილება ატვირთული არ არის.

ქედის მერიამ ამ კომპანიას სცენის მოსაწყობად მშენებლობის ვადა ორჯერ გაუგრძელა, პირველად გასული წლის ოქტომბერში, როდესაც კომპანიის წარმომადგენელმა წერილობით მიმართა ქედის მერიას და განცხადებაში წერდა, რომ მშენებლობის დაწყების დაგვიანება სამშენებლო მოედანზე კერძო პირის მიერ დათესილი სიმინდის გამო დაგვიანდა. ხოლო მეორედ დეკემბერში, კომპანია მშენებლობის შეფერხების მიზეზად დატბორილ პარკს ასახელებდა.

პროექტში შესული ცვლილებით, სახელშეკრულებო თანხას 65 ლარი დააკლდა.

ქედის მერიამ ამ კომპანიას გასულ წელს ხელშეკრულება მახუნცეთში თეატრის ასაშენებლადაც გაუფორმა. კომპანიას სცენის მშენებლობა არც მახუნცეთში დაუსრულებია. ამ  პროექტში ცვლილებები მშენებლობის პროცესში შევიდა.

ვინ დააჯარიმებს სიგარეტის მწეველებს პირველი მაისიდან

პირველი მაისიდან ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც სიგარეტისა და ელექტროსიგარეტის მოწევა იკრძალება დაწესებულებების, რესტორნებისა და კაფე-ბარების შენობებში, ასევე ტრანსპორტში [ტაქსის გარდა]. დაწესებულება, სადაც სიგარეტს მოწევენ შენობაში, ასევე ტრანსპორტის მფლობელი, დაჯარიმდება პირველ ჯერზე 500 ლარით,  ფიზიკური პირი – 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი  – 100 ლარით.

კანონის ძალაში შესვლამდე ორი თვე რჩება, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ეს კანონი დარჩეს ქაღალდზე დაწერილ კანონად, რადგან მისი აღსრულება ვერ მოხერხდება. როგორ იმუშავებს კანონი, ვის ექნება დაჯარიმების უფლება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს პარლამენტის წევრს, აკაკი ზოიძეს ესაუბრა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს.

აკაკი ზოიძე

ბატონო აკაკი, პირველი მაისიდან, თუ კი მოქალაქე შენიშნავს, რომ სხვა პირი სიგარეტს ეწევა, მაგალითად, სადარბაზოში [მოწევა იკრძალება მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა – სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, ლიფტი და სხვა], საპატრულო პოლიციას უნდა დაუკავშირდეს?

უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა მიმართოს, უთხრას, რომ აქ აკრძალულია მოწევა და თუ არ დაემორჩილება, ამ შემთხვევაში შეუძლია მიმართოს პოლიციას.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვინ უნდა გააკონტროლოს სიგარეტის მოწევა?

მძღოლმა ან კონდუქტორმა, ვინც არის, შესაბამისად. თუ არ დაემორჩილა მგზავრი მითითებას, უკვე მძღოლი გადაწყვეტს და დარეკავს [საპატრულო პოლიციაში].

კანონში აღნიშნულია, რომ დაჯარიმების უფლება ექნება ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციებს. რა ადმინისტრაციებზეა საუბარი კონკრეტულად?

მაგალითად, ტრანსპორტის ადმინისტრაციას, ვისაც ეკუთვნის შესაბამისი ტრანსპორტი. რკინიგზის შემთხვევაში – რკინიგზას, მერიის შემთხვევაში – მერიას და ა.შ.

თუ კერძოა ტრანსპორტი, მაგალითად, სამარშრუტო ტაქსი?

თუ კერძო ტრანსპორტია და მძღოლია ამ შემთხვევაში მფლობელი, პასუხისმგებლობა არის მასზე.  დაჯარიმდება შესაბამისი იურიდიული პირი, ფიზიკურ პირთან ერთად.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, როცა სიგარეტს ეწევიან, მაგალითად, მერიაში, სამინისტროში ან საკრებულში?

უნდა მიუთითოს ადმინისტრაციამ [რომ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება], წინააღმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებენ ადმინისტრაციას. თუ არ მიუთითებს და პატრულს არ გამოიძახებს, დაჯარიმდება თავად ადმინისტრაცია. თუ შემოვა მაკონტროლებელი და ნახავს, რომ ეწევიან და არ იყო შეტყობინება შემოსული, დაჯარიმდება, მაგალითად, საკრებულო.

ცალკე მაკონტროლებლის საკითხი განიხილება?

პატრულზეა საუბარი, პოლიციაზე.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: სად ვეღარ მოწევ სიგარეტს პირველი მაისიდან

ექნება თუ არა სიგარეტის მოწევის ამსახველ ფოტოს ან ვიდეოს მტკიცებულების ძალა? მაგალითად, თუ ადამიანი წარადგენს ვიდეოს, რომელიც გადაღებულია კაფეში, სადაც ეწევიან, ამ შემთხვევაში რა ხდება?

დაჯარიმება იმ მომენტში უნდა მოხდეს, პოსტფაქტუმ დაჯარიმება ცოტა რთული თემაა. მაშინ სასამართლოში უნდა წარადგინოს მოქალაქემ ვიდეო. აქ საუბარია იმაზე, რომ შეუძლია მიმართოს პოლიციას – „აქ ეწევიან და მობრძანდით, თუ შეიძლება რეაგირება გააკეთეთ“. სანქცია იწერება მაშინ, როცა პოლიციელი მივა კაფეში.

გამოდის, რომ კანონის აღსრულება დამოკიდებულია მოქალაქეების აქტიურობაზე.

რა თქმა უნდა. ყველა ქვეყანაში ასეა ეს კანონი და ამიტომაც არის ჩვენი საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი – „ნუ იქნები პასიური“. აქ ორი რამ იგულისხმება – სამოქალაქო აქტიურობა და ასევე, პასიური მწეველობა. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ეს კანონი შემოვიდა, სწორედ მოქალაქეების აქტიურობა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი.

საქართველოში მწეველთა რაოდენობა დიდია. გაქვთ მოლოდინი, რომ მოქალაქეები იაქტიურებენ?

ვფიქრობ, რომ იაქტიურებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, შეგნებული მოქალაქეები. უნდა უთხრან ადამიანს – „მე მწამლავ, გარეთ მოწიე“. აქამდე კანონი არ არსებობდა და მოქალაქეები შეზღუდული იყვნენ თავიანთ შესაძლებლობაში, რომ მიეთითებინათ თავიანთი თანამოქალაქეებისთვის – თუ შეიძლება, ნუ მისპობთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ახლა კანონი უკვე მათ მხარეს იქნება.

ალბათ ადევნებთ თვალს დისკუსიას ფეისბუქზე. კანონს ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ადამიანები ამბობენ, რომ კი, ეს კარგი კანონია, მაგრამ დარჩება ქაღალდზე დაწერილად და არ იმუშავებს. თქვენი აზრით, რა რისკები არსებობს, რომ კანონი არ იმუშავებს?

რისკები ყოველთვის არის, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კანონმა იმუშაოს. ამისთვის არის საინფორმაციო კამპანია, არის სწავლება აღმასრულებლების, ვისაც დაევალება კანონის აღსრულება, არის მოხალისეების მობილიზება, რომლებიც ძალიან აქტიურად ივლიან დიდ ქალაქებში…

რა უნდა გააკეთონ მოხალისეებმა?

მოხალისეები ივლიან და ეტყვიან მოქალაქეებს, თუ შეიძლება ჩააქრეთ სიგარეტი ან გაბრძანდით გარეთ – ამაზეა საუბარი.

სამი-ოთხი თვის შემდეგ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში [სადაც მსგავსი კანონი მიიღეს] ეს გახდა თვითაღსრულებადი ნორმა. არავის არ ეგონა, რომ ირლანდიურ პაბებში სიგარეტის მოწევა აიკრძალებოდა და სიგარეტის გარეშე შეიძლებოდა ლუდის დალევა, მაგრამ სამი თვის მერე აღარავის ახსოვდა მოწევა ოდესმე დაშვებული თუ იყო შენობაში. გამოდიან, ეწევიან გარეთ და შედიან შიგნით, არ არის არავითარი პრობლემა.

ერთი წელი ჰქონდათ ვადა ჩვენთან ორგანიზაციებს მომზადებულიყვნენ, მოეწყოთ გარეთ შესაბამისი, დამატებითი ადგილები. კანონი შედის ძალაში მაისში, როცა გარეთ გამოსვლა პრობლემა არ არის, იმისათვის, რომ ზამთრისთვისაც მოემზადონ და გამათბობლები შეიძინონ, როგორც ეს ევროპაშია. მე არ მგონია, რომ ქართველები გამორჩეულად კანონდაუმორჩილებელი ხალხი ვართ.

ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ ქართული, ტიპიური ქორწილი, როცა იკრიბება, ვთქვათ, 300-400 ადამიანი და აქედან 200 მწეველია…

მაშინ გარეთ სეფა გააკეთონ და არ არის პრობლემა. მიეჩვევიან ადამიანები, რომ გარეთ გავიდნენ და მოწიონ. სიამოვნებთ ქორწილში, გაბუღულ შენობაში ყოფნა, სახლში მისვლის შემდეგ ქიმწმენდაში რომ აბარებენ ტანსაცმელს? არა მგონია, ეს ვინმეს სიამოვნებდეს. იმაზე საუბარი, რომ ტრადიციაა ქორწილში ბევრი სიგარეტის მოწევა, აბსურდამდე მიდის.

თქვენ ეწევით სიგარეტს?

მე ვეწეოდი 25 წელი, მაგრამ პირველივე დღეს, პარლამენტში ფიცის დადებასთან ერთად დავანებე თავი, რადგან ვიცოდი, რომ ამ კანონისთვის უნდა გაგვეკეთებინა ლობირება და გაგვეტანა. მას შემდეგ არ მომიწევია, უკვე ერთი წელია.

_____________________________________________

თუ სიგარეტისთვის თავის დანებების არასამედიცნო მიზეზი გაინტერესებთ, 2 წამში გამოთვალეთ რა თანხას ხარჯავთ სიგარეტზე 

მთავარ ფოტოზე:  საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გახსნა, 28 თებერვალი, 2018 წელი. ფოტო საქართველოს პარლამენტის ფეისბუქგვერდიდან 

ბათუმის მერი: ველოსისტემების მოწყობა 2018 წელს ჩვენი პრიორიტეტი არ არის

დღეს, პირველ მარტს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, თავისი ასდღიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მოსმენა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მერს კითხვებიც დაუსვეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

ერთ-ერთმა მოქალაქემ მერს ქალაქში ველოსისტემის  პრობლემაზე ჰკითხა. მოქალაქემ აღნიშნა, რომ წინა წლებში ქალაქში ველოსისტემა ბევრად უფრო გამართული იყო, დღეს კი, ფაქტობრივად, მწყობრიდან არის გამოსული როგორც ველოსიპედები, ასევე ველობილიკები. მოქალაქის აზრით, სწორედ ქალაქის მერია უნდა ეწეოდეს ველოტრანსპორტის პოპულარიზაციას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე.

ლაშა კომახიძის თქმით, მერია პრობლემების მოგვარებას პრიორიტეტების მიხედვით იწყებს, 2018 წლის პრიორიტეტებში კი, ქალაქის ველოსისტემის მოწესრიგება არ არის გათვალისწინებული.

„ველოტრანსპორტის გამართულობაზე მეტად პრობლემაა ველობილიკები. ჩემ წინამორბედსაც დაუსრულებელ მდგომარეობაში დახვდა ეს სისტემა. ქალაქის ველობილიკების სისტემა დღეს წარმოადგენს დაწყვეტილ ქსელს, რომელიც არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

ველოსისტემამ რომ გამართულად იმუშაოს, საჭიროა ამ ქსელის ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ პრიორიტეტების მიხედვით, ამიტომ ველისისტემაზე მეტად დღეს წინა პლანზე იწევს იმ სატრანსპორტო საკითხების მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია სამგზავრო ტერმინალებთან, მგზავრთა გადაჯდომის ტერმინალებთან, პარკირების ზონებთან და ა.შ.

ველოსისტემებიც არის იმ სატრანსპორტო სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, რომელიც შემოტანილია მერიაში. თუმცა 2018 წლის პრიორიტეტებში ველოსისტემების გამართვა არ დევს,“ –  განაცხადა კომახიძემ.

მისი თქმით, პირველ რიგში განსახორციელებელია მუნიციპალური და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაცია, სამარშრუტო ქსელების სწორად გამართვა, მგზავრთა ნაკადების მოწესრიგება, პარკირების ზონებისა და გადასახადების ზონების მოწყობა და  მხოლოდ ამის შემდეგ იგეგმება ველოსისტემაზე გასვლა.

„თუმცა ველოსიპედების აღდგენა და ველოპარკის შევსება ნამდვილად შესაძლებელია,“ – ამბობს მერი. – „ველობოლიკების აღდგენა სერიოზულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოითხოვს, რომელსაც 2018 წელს ნადმივილად არ ვგეგმავთ.“

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, მერიის ასეთი პოზიცია ველოსისტემებთან დაკავშირებით ცუდია, რადგან სატრანსპორტო გეგმაში პირდაპირ არის გაწერილი ველოსისტემების გამართვა.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ანგარიში საკრებულოში

 

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად პარლამენტარ ილია ნაკაშიძის ცოლი დანიშნეს

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს დღეიდან ციური აბულაძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი კლინიკის თანამშრომლებს დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარუდგინა. ახალი დირექტორი საქართველოს პარლამენტში ხელვაჩაურის მაჟურიტარი დეპუტატის, ილია ნაკაშიძის მეუღლეა.

ციური აბულაძე პროფესიით ექიმია, ის 1992 წლიდან დღემდე მუშაობდა ქ. ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთის ფედერაციაში, სამედიცინო ინსტიტუტი 1987 წელს დაასრულა. კრასნოიარკის მხარეში გაიარა ინტერნატურა, მუშაობდა ადგილობრივ ინფექციურ საავადმყოფოში ექიმ იფექციონისტად. მოგვიანებით გაიარა კვალიფიკაცია ანესთეზიოლოგიის მიმართულებით და კრასნოიარსკის მხარეში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ექიმ-ანესთეზიოლოგად.

2016 წლის, 28 ნოემბერს, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე დააკავეს. მას დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისება ან გაფლანგვა ედებოდა ბრალად. დაკავებიდან ერთ თვეში ჯემალ დუმბაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამის შემდეგ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად ლევან გორგილაძე დანიშნეს. ლევან გორგილაძე იქამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო უფრო ადრე, წლების განმავლობაში, ის აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლევან გორგილაძე ქედის მერად აირჩიეს. მის მოვალეობას აქამდე მისი მოადგილე, თამაზ კარანაძე ასრულებდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი პაციენტებს რეაბილიტირებულ შენობაში მოემსახურება.

ინფექციური საავადმყოფოს A კორპუსის კეთილმოწყობითი სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ 2016 წელს დაიწყო. დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და საოფისე ინვენტარით. სარეკონსტრუქციო სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) დააფინანსა. შენობის რეაბილიტაციისათვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდა ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი.

აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნქციონირებს. ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე გარემონტდა, მაგრამ დაწესებულება მაინც არ შეესაბამებოდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს.

 

 

ამავე თემაზე:

ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესი იწყება

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

 

„კეთილმოწყობა“, „ბათუმის კორპუსი“ და „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“ გაერთიანდება

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და მერიის ა[ა]იპ-ები: „ბათუმის კორპუსი“ და „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“, ერთ სტრუქტურად გაერთიანდება, რომელიც მერიის დაქვემდებარებაში დარჩება. ამის შესახებ დღეს, პირველ მარტს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

მერიაში დაგეგმილ რეორგანიზაციას „ბათუმელებთან“ ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე ადასტურებს: „ერთ-ორ დღეში ყველა დეტალი გაირკვევა. რაც შეეხება ამ სამ სტრუქტურაში დასაქმებულებს, საშტატო ნუსხა არ არის ჯერ დადგენილი, მაგრამ ეს წარდგენილი იქნება საკრებულოში დასამტკიცებლად და, შესაბამისად, ნათელი გახდება ყველაფერი“.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქის მერია ახალი სტრუქტურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ხვალ, 2 მარტს, გაავრცელებს.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია აუქმებს ორ ა(ა)იპ-ს, სადაც 74 პირია დასაქმებული

 

 

ბათუმის მერი ამბობს, რომ იაფი სახლის აშენება მისი პირადი ღირსების საკითხი გახდა

„იაფი სახლის სატენდერო დოკუმენტაცია წესრიგდება და შევძლებთ ამ პროექტის ბოლომდე მიყვანას. ბენეფიციარების შერჩევაც მალე დაიწყება,“ – თქვა ლაშა კომახიძემ დღეს, თავისი 100 დღის ანგარიშის წარდგენისას.

ბათუმის მერია უკვე რამდენიმე წელია პირობას დებს, რომ იაფ სახლს ააშენებს. მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებულიც კი გამოავლინა. ერთ-ერთი ბოლო ტენდერი 2018 წლის თებერვალში ჩაიშალა. მთელ ამ პროცესში უპრეცედენტო ფაქტიც დაფიქსირდა – ერთ-ერთ მორიგ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მას შემდეგ, რაც მერიისგან თანხა მიიღო გაუჩინარდა. ეს ფაქტი 2016 წელს დაფიქსირდა.

ახლა ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მალე გამოაქვეყნებენ „იაფი სახლის კრიტერიუმებს“, სადაც გაწერილი იქნება, თუ ვინ ისარგებლებს მერიის ამ შეთავაზებით. „10 დღეში გავასაჯაროებთ“, – თქვა მერმა.

ლაშა კომახიძემ დღეს საჯაროდ ისიც თქვა, რომ პირადი ღირსების საკითხად მიიჩნევს იაფი სახლის პროექტის განხორციელებას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა, მალხაზ ჭკადუამ, მერს დღევანდელ შეხვედრაზე შესთავაზა, რომ ახალი ტენდერის პირობებში ხუთსართულიანი სახლისთვის იქნებ ლიფტიც გაითვალისწინონ.

“იაფი სახლი” ბათუმში, ჯავახიშვილის #78ა-ში უნდა აშენდეს.

 

ლაშა კომახიძე: K2-ის დარღვევაზე ჯარიმები უნდა გაიზარდოს

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, K2-ის დარღვევაზე [მშენებლობის სიმაღლეში განსაზღვრულზე მეტით ზრდა]  ჯარიმების გაზრდის ინიციატივით გამოდის. მერს დღეს არ უთქვამს, თუ რამდენით აპირებენ ჯარიმების გაზრდას.

“ზედმეტად დაშენებული სართულები ყველასთვის პრობლემაა. არის დეველოპერების კატეგორია, ვინც ყველა შესაძლო მეთოდს იყენებს, რომ როგორმე დაამატოს სართული. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ამ კომპანიებამ ვერასოდეს ვერ დაიკანონონ ასეთი შენობები სერიოზული ჯარიმების გარეშე. ეს უნდა იყოს დამაზარალებელი ჯარიმები,” – განაცხადა დღეს ბათუმის მერმა თავისი მუშაობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას.

ლაშა კომახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველობის სამსახური მონიტორინგს უწევს მიმდინარე მშენებლობებს, მშენებლები სართულების დაშენებას ისევ აგრძელებენ.

“ტექნიკის გარეშე ეზოებში აკეთებენ თხრილებს, იქ ზელენ ბეტონს და ისე აშენებენ. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან  ხელით შეხებაზეც მიდიან ხშირად”, – თქვა ბათუმის მერმა.

მისივე თქმით, უნებართვოდ გაზრდილ K2-ზე ჯარიმა 1000 ლარია და ეს არ არის ადეკვატური თანხა. ამიტომ მერი ჯარიმების გაზრდის ინიციატივით ბათუმის საკრებულოს და უმაღლეს საბჭოს მიმართავს.

რუბესნის ქალაქგარეთ მდებარე სასახლე 4 მილიონ ევროდ იყიდება

ოდესღაც პიტერ პაულ რუბენსის საკუთრებაში მყოფი ბელგიური სასახლე 4 მილიონ ევროდ იყიდება. მხატვარი ელევაიტის სასახლეში (Elewijt Castle) 1635 წლიდან გარდაცვალებამდე – 1640 წლამდე ცხოვრობდა. აქ მან რამდენიმე ცნობილი ნამუშევარი შექმნა, მათ შორის ჰეთ სთინის ხედი ადრიან დილას (1636).

ჰეთ სთინის ხედი ადრიან დილას (1636)

საკუთრებას, რომელიც ანტვერპენის სამხრეთით დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს, 33 ოთახი აქვს და სამ მხარეს თხრილით არის გარშემორტყმული. იგი 1304 წელს ააგეს. „ამჟამინდელი მფლობელი სასახლეს პერიოდულად აღადგენდა 1955 წლიდან, ხოლო 2009 წელს სასახლეს ოფიციალურად მიენიჭა არქიტექტურული მემკვიდრეობის სტატუსი“, – წერს უძრავი ქონების სააგენტო Engel & Völkers-ი, რომელიც ამ სასახლეს ყიდის.

„მსოფლიოში ცნობილმა ანტვერპენელმა მხატვარმა, პიტერ პაოლ რუბენსმა, სასახლე იყიდა იმისთვის , რომ იქ თავის მეორე ცოლთან, 16 წლის ჰელენა ფოფურმენთან ერთად ეცხოვრა. მან მთლიანად შეცვალა სასახლე ფლამანდური რენესანსის სტილში და ამოტვიფრა თავისი გერბი ბუხრის თავზე სასტუმრო ოთახში. ამის შემდეგ სასახლეს მოიხსენიებდნენ, როგორც “რუბენსის სასახლეს” – წერს Engel & Völkers-ი. მათ არ უთქვამთ, გაიყიდა თუ არა უკვე ქონება.

წყარო: The Art Newspaper

კანაფის ფისის შეძენა და შენახვა – კიდევ ერთი პროცესი ნარკოდანაშაულზე

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უკვე დაიწყო არსებითი განხილვა პაატა ჩერქეზიშვილის საქმეზე. თუკი მოქალაქის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ დაკმაყოფილდება, კანაფის ფისის შეძენა-შენახვის გამო აღარავის დააპატიმრებენ.

დავის საგანი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლია, რომელიც 0,1315 გრამი კანაფის ფისის შეძენასა და შენახვას დასჯად ქმედებად აცხადებს. სასჯელის სახით ეს მუხლი 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსარჩელის, პაატა ჩერქეზიშვილის აზრით, სრულწლოვანი პირის მიერ 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა ან შენახვა წარმოადგენს მისი ავტონომიური ნების გამოხატულებას და „იგი სოციალური საშიშროების მატარებელი არ არის“.

პაატა ჩერქეზიშვილი კანაფის ფისის შეძენა-შენახვის ბრალდებით 2016 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. ბრალის წარდგენის შემდეგ მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

„ცალსახაა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს… კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული [არ შეიძლება იყოს მიმართული] სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.
სარჩელში საუბარია ბექა წიქარიშვილზეც, რაზეც პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს. მაშინ 70 გრამამდე მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს.

ენმ ბათუმის მერს ბულვართან დაგეგმილ 54-სართულიან მშენებლობაზე: ნაცარს გვაყრით თვალებში

ამ წუთებში ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს თავისი საქმიანობის 100 დღის ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძემ, ლაშა კომახიძეს ჰკითხა ბათუმის ბულვართან მიმდინარე მშენებლობის შესახებ. 

დუმბაძის განცხადებით, „ვიზუალური შესახედაობით, ადგილზე ისეთი ტექნიკა მუშაობს, შეუძლებელია მხოლოდ გეოლოგიური სამუშაოები რომ მიმდინარეობდეს“.

„სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით მშენებლობაზე პირადად დავუკავშირდი კომპანიის ხელმძღვანელობას. იმისთვის, რომ ზედამხედველობის და კომპანიის თანამშრომლებთან ერთად მოგცემოდათ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება. გეოლოგიური  სამუშაოები მიმდინარეობს ამჟამად იქ,“ – განაცხადა პასუხად კომახიძემ.

დისკუსიაში საკრებულოს სხვა დეპუტატი ლევან ანთაძე ჩაერთო.

„გასაგებია, ვერ ერკვევით, მაგრამ ჩვენც  იდიოტებად გვთვლით?“ – ჰკითხა ანთაძემ კომახიძეს. ლევან ანთაძის თქმით, ბათუმის ბულვარში უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, რადგან სამუშაოებს კომპანია „ბაუერი“ აწარმოებს, რომელიც, ძირითადად, საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

„ნაცარს გვაყრით ახლა თვალებში. იქ მიმდინარეობს საძირკვლის მოწყობა. თუ გინდათ ახლა გავიდეთ და ვნახოთ. თუ ვერ ერკვევით მშენებლობაში, ვინც ერკვევა, ის გაუშვით. იტყუებით, როცა ამბობთ, რომ იქ მშენებლობა არ მიდის. ტყუილს აქვს ორი გზა – ერთი ეს არის კორუფცია, რომლის გამოც შეიძლება მოიტყუოთ, მეორე პირადი ინტერესი“, – მიმართა ლევან ანთაძემ ბათუმის მერს.

„სამწუხაროა, ასეთი ტიპის დამოკიდებულება“, – ასეთი იყო ლაშა კომახიძის კომენტარი.

ლევან ანთაძემ  ბათუმის მერს არაერთხელ გააწყვეტინა სიტყვა და დაჟინებით ითხოვდა მერს ბულვარში ის ადგილი, სადაც 54- სართულიანი კომპლექსი უნდა აშენდეს, ჟურნალისტების თანდასწრებით დაეთვალიერებინა. ლაშა კომახიძე მას ამაზე არ დათანხმდა.

ამერიკელი მაიორი საქართველოში საოჯახო დახმარების სამხედრო პროგრამის შესახებ

დღეს, 28 თებერვალს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში აჭარაში მცხოვრებ ომის ვეტერანებს მაიორი ლესლი ჩენდლერი შეხვდა. მაიორი ჩენდლერი აშშ-ის ჯორჯიის შტატის შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. იგი არის ქვეითი ბრიგადის საბრძოლო დანაყოფის კაპელანი და საოჯახო დახმარების სამხედრო და საოჯახო დახმარების განყოფილების – j1, სახელმწიფო საოჯახო პროგრამის დირექტორი.

დღევანდელ შეხვედრაზე მაიორმა ლესლი ჩენდლერმა ჯარისკაცთა ოჯახების დახმარების პროგრამის ქართული ვერსიის შექმნაზე ისაუბრა.

მაიორის საქართველოში ვიზიტის ძირითადი მიზანი ვეტერანებთან შეხვედრაა. გუშინ და დღეს მან ზუგდიდში, ფოთსა და აჭარაში მცხოვრები ვეტერანების პრობლემები მოისმინა.

შეხვედრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ტარდება.

„მთავარი პრობლემა, რაც საქართველოში ვეტერანებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, არის ის, რომ მათ ზოგჯერ დაკარგულ ჯგუფად მიაჩნიათ თავი. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ხმა არ ისმის სათანადოდ, რომ ისინი არ ახსოვთ კარგად… ასევე აინტერესებთ ინფორმაცია სხვადასხვა სარგებლის შესახებ”, – თქვა მაიორმა.

სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მაიორმა ლესლი  ჩენდლერმა აქამდე სამჯერ იმოგზაურა საქართველოში, რათა დახმარებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოჯახური მზადყოფნისა და საოჯახო პროგრამების შექმნაში.

„გვეხმარება, რომ შევქმნათ საქართველოზე მორგებული პროგრამა და ბრმად არ გადმოვიტანოთ ყველაფერი, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე. საპილოტე პროგრამას გავუშვებთ ერთ-ერთ ქვედანაყოფზე, რომელიც ავღანეთში მიემგზავრება. პროგრამის გასაცნობად მოეწყობა შეხვედრები”, – განმარტა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ციბაძემ.

როგორც ლესლი ჩენდლერი ამბობს, წლების წინ საქართველოს არანაირი პროგრამა არ ჰქონდა ჯარისკაცების ოჯახებისთვის, თუმცა გასულ ხუთშაბათს ხელი მოეწერა დოკუმენტს იმის შესახებ, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება პროექტი ომში წასული ჯარისკაცების ოჯახების წევრებისთვის.

მაიორის განმარტებით, ასეთი პროგრამები ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისთვის ხელფასებისა თუ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სარგებლის მიღმა, მხარდამჭერი ჯგუფების ორგანიზებას მოიცავს.

ოჯახური მზადყოფნის ამერიკულ პროგრამა ჯორჯიას შტატში დამატებით სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა “ყვითელი ლენტი”, რომლის ფარგლებშიც მისიაში მონაწილე ჯარისკაცების ოჯახებისთვის ეწყობა სხვადასხვა შინაარსის შეხვედრა, თემატური ბანაკები ბავშვებისთვის და ასე შემდეგ.

“მე ვასწავლი “ყვითელი ლენტის” პროგრამაში, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ მისიაში წასული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, როცა მათი ჯარისკაცები ბრუნდებიან შინ. როგორი შეცვლილები ჩამოდიან ისინი – ფსიქოლოგიური ტრავმის გამო შესაძლოა სულ სხვაგვარად ფიქრობდნენ, მათი პასუხები შეიძლება იყოს სხვაგვარი… ვასწავლით, როგორ მარტივად შეუძლიათ გაბრაზება და როგორ უნდა შეძლონ ოჯახის წევრებმა ჯარისკაცების ოჯახში დაბრუნება, მათი ინტეგრაცია.

გარდა ამისა, გვყავს ოჯახებთან მუშაობის სპეციალისტები, ისინი ადგილობრივ მეწარმეებთან ურთიერთობენ და როცა ჯარისკაცები მისიიდან ჩამოდიან, თუკი პატარა ფინანსური პრობლემები აქვთ, ეს მოხალისეები ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად ეხმარებიან ამ პატარა კრიზისების მოგვრებაში,” – განმარტა მაიორმა.

 

„მოკვლით და დამარხვით დამემუქრნენ“ – მოქალაქე პროკურატურას მიმართავს 

ბათუმელი მირზა დოლიძე აცხადებს, რომ ხუთი დღის წინ მასთან ორი პირი – იმედა ხინკილაძე და ბექა გვიანიძე მივიდა და 7 ათასი დოლარი მოსთხოვეს. უარის შემთხვევაში ისინი მას „მოკვლით და დამარხვით“ დაემუქრნენ. ფულის გადახდაზე უარის შემდეგ, როგორც დოლიძე ამბობს, იმავე პირებმა მოურღვიეს ეზოს ღობე და ბულდოზერებით დაიწყეს სახლის საძირკვლის გამოთხრა.

ახლა მართლაც მორღვეულია მათ საკუთრებაში არსებული ღობე, მოჭრილია ნარგავები და სახლის საძირკვლიდან დაახლოებით ნახევარ მეტრში მიმდინარეობს მშენებლობა.

დედა-შვილი ნარინ და მირზა დოლიძეები ბათუმის აეროპორტთან ახლოს, ივანე მესხის პირველი ჩიხის ორ ნომერში, კერძო სახლში ცხოვრობენ. სახლისა და მიწის მესაკუთრე ნარინის მეუღლე მიხეილ დოლიძეა. ოჯახში სულ შვიდი წევრი ცხოვრობს, მათ შორის სამი მცირეწლოვანი.

ნარინ დოლიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ მისამართზე 1995 წლიდან ცხოვრობენ. რეესტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ოჯახი 580 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს, დანარჩენი მიწა გაყიდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე დოლიძეების მიერ გაყიდული მიწის – 758 კვადრატული მეტრის მესაკუთრე თურქეთის მოქალაქე ახმედ რემზი კილიჩკანია.

„ეს ადამიანი სამი წლის წინ გარდაიცვალა და, როგორც ჩანს, მისმა მემკვიდრეებმა ქონების გადაფორმება ვერ შეძლეს. ყოველ შემთხვევაში, მიწა ისევ ამ ადამიანის საკუთრებაშია“, – ამბობს ნარინ დოლიძე.

დოლიძეების ეს ინფორმაცია რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება.

დოლიძეების საცხოვრებელ სახლსა და მეზობლის ღობეს შორის მანძილი ასე გამოიყურება.

თუმცა, 2018 წლის 15 თებერვალს, როგორც დოლიძე ამბობს,  კალიჩკანის საკუთრებას ახალი მეპატრონეები გამოუჩნდნენ.

„იმედა ხინკილაძემ და ბექა გვიანიძემ მოიტანეს რაღაც ნახაზი და გვითხრეს, რომ ჩვენი სახლის ნაწილი დგას მათ საკუთრებაში და თუ არ გინდათ, რომ სახლი დაგინგრიოთ, 7 ათასი დოლარი უნდა გადაგვიხადოთო. ბუნებრივია, მივმართეთ საჯარო რეესტრს. ამონაწერის მიხედვით, ჩვენ მიერ წლების წინ გაყიდული მიწის მეპატრონე ისევ გარდაცვლილი კილიჩკანია და არა ხინკილაძე ან გვიანიძე“, – აცხადებენ დოლიძეები.

დოლიძეები ყვებიან, რომ თანხის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ მათთან მივიდნენ ხინკილაძე და გვიანიძე 15 კაცის თანხლებით და მირზა დოლიძეს მოკვლით დაემუქრნენ.

დოლიძეებმა პოლიცია გამოიძახეს. „ოქმის შედგენა არ უნდოდათ. მუქარაა და მეტი არაფერიო – მეუბნებოდა პოლიციელი. თუმცა მე განცხადება მაინც დავწერე,“ – ამბობს მირზა.

დოლიძეებმა სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ფულის გამოძალვასა და სხვისი საკუთრების მიტაცების მცდელობის თაობაზე დღეს, 28 თებერვალს, აჭარის პროკურორს, ნათია სონღულაშვილსაც მიმართეს.

ოჯახი აცხადებს, რომ ახალი მშენებლობის შეჩერების თხოვნით ბათუმის მერიაშიც იმყოფებოდნენ: „როცა პირველად მოვიდნენ [ხინკილაძე და გვიანიძე], ხუთშაბათი იყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურს იმავე დღეს მივმართეთ. ახლა ადგილზე არავინ არ არის და პარასკევს დილიდან მოვლენო. მეორე დღეს გაუჩერებლად ვრეკავდი მერიაში და არავინ მიპასუხა. ბოლოს მოვიდნენ, გაიცინეს და წავიდნენ. ხინკილაძეს და გვიანიძეს უთხრეს, 3 ათასი ლარი იქნება ჯარიმაო“.

დოლიძეების თქმით, ჯერჯერობით, არც პროკურატურიდან, არც მერიიდან და არც პოლიციიდან არანაირი რეაგირება არ არის.

დოლიძეები ეჭვობენ, რომ ბექა გვიანიძეს გავლენიანი მფარველები ჰყავს. „ამას თვითონაც გვეუბნება, ვერაფერს მიაღწევთ, მე ფული და გავლენები მაქვსო“, – ამბობენ დოლიძეები.

დოლიძეების განცხადებით, მეზობელი მიწის მფლობელები მათ საკუთრებაში უკანონოდ შეიჭრნენ.

დოლიძეები ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ, თუ რატომ მაინცადამაინც მათ საკუთრებაში შეჭრა გადაწყვიტეს ბექა გვიანიძემ და იმედა ხინკილაძემ.

„გვითხრეს, რომ მათ აღნიშნული მიწა ვინმე ხაჯისგან იყიდეს. ეს ხაჯი (გვარი არ ვიცით) თურქეთის მოქალაქეა, სამშენებლო კომპანია აქვს და წრიულთან [ბათუმში, აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთა] საცხოვრებელ კორპუსს აშენებს“, – გვიყვება მირზა დოლიძე.

მირზა დოლიძეს საქმის გარკვევა „ხაჯისთანაც“ უცდია: „ვკითხე, თუ როგორ გაყიდა სხვისი ქონება. მან მითხრა, რომ ფული კილიჩკანის შვილებს თურქეთში გაუგზავნა“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ვინმე „ხაჯის“ [ვინაობის გამხელაზე ამ პირმა უარი თქვა], რომელმაც დაადასტურა „კილიჩკანის მიწის გაყიდვა“. მანვე დასძინა, რომ ეს პროცედურა ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან შეთანხმებით გაიარა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა თურქეთის საკონსულოს, სადაც განგვიმარტეს, რომ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით საკონსულოს არანაირი ინფორმაცია არ აქვს: „რაც შეეხება კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, ჩვენ არანაირი კომპეტენცია არ გაგვაჩნია. მოქალაქეებს ვამისამართებთ საქართველოს შესაბამის უწყებებში“.

„ბათუმელები“ იმედა ხინკილაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ მიწაზე სამუშაოებს მეპატრონესთან შეთანხმებით აწარმოებს, ეს მეპატრონე კი თურქეთის მოქალაქეა. მან სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.

„ბათუმელებმა“ ბექა გვიანიძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს, რომ სავარაუდო უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოიკვლევენ და კომენტარს შემდეგ გააკეთებენ.

მირზა დოლიძის ოჯახის განცხადებით, ღობის მშენებლობა მათი სახლის გვერდით კანონდარღვევით მიმდინარეობს

 

 

ბათუმთან დაღუპული თეთრგვერდა დელფინი იპოვეს

ცოტა ხნის წინ ბათუმის სიახლოვეს ნავიგაციური ტრავმით დაღუპული თეთრგვერდა დელფინი იპოვეს. დელფინის ფოტოებს გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, არჩილ გუჩმანიძე  ავრცელებს.

ნავიგაციურ ტრავმაში იგულისხმება მცურავი საშუალების (გემი, კატერი, სკუტერი და სხვა) შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანება.

არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, ასეთი შემთვევები ბათუმის სანაპიროსთან იშვიათია, შეიძლება წელიწადში მაქსიმუმ 3 შემთხვევა დაფიქსირდეს.

ამავე თემაზე: წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა

 

ქედის შესასვლელში ცენტრალური მაგისტრალი ფართოვდება

მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ბათუმი-ახალციხის 37-ე კილომეტრზე ცენტრალური მაგისტრალის გაფართოებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სივიწროვის გამო, საფრთხე ექმნებოდათ როგორც ავტომობილების მძღოლებს, ასევე ქვეითებს.

პროექტს სახელწოდებით – ,,შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 37+200 კმ-ზე (დაბა ქედის შესასვლელი), დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენითი და გზის გაფართოებითი სამუშაოები“, ქედის თვითმმართველობის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონ 218 000 ლარი იხარჯება.

სამუშაოები ამ ეტაპისთვის აქტიურ ფაზაშია და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ზიმო -7“ ასრულებს.
სამუშაოები ამ ეტაპისთვის აქტიურ ფაზაშია და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ზიმო -7“ ასრულებს.

ქედის მერია პროექტის მეორე ეტაპის გაგრძელებას აპირებს. ნაპირსამაგრი სამუშაოების შედეგად, ახლად ათვისებულ ტერიტორიაზე დაიგეგმება პარკინგისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების კეთილმოწყობა, რაც ორ ძირითად პრობლემას მოაგვარებს: დაცული იქნება ქვეითთა უსაფრთხოება და განიტვირთება დაბა ქედის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია.

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ხვალ შუქი გაითიშება

ხვალ, პირველ მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება ბათუმში, ასევე ხელვაჩაურის ნაწილში, შეიზღუდება.

ბათუმში დილის 11 სთ-დან საღამოს 6 საათამდე შუქის გარეშე დარჩება გრიბოედოვის, ტბელ აბუსერიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა – სულ 157 ათასი აბონენტი.

დღის ორის ნახევრიდან 4 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 417 აბონენტს მელიქიშვილის, ტურგენევისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებზე.

ხელვაჩაურში, ასევე 13:30 საათიდან 16:00 საათამდე, შუქის გარეშე სულ 55 აბონენტი დარჩება. საუბარია მახვილაურისა და მეჯინისწყლის დასახლებებზე, ასევე, დაბა ხელვაჩაურის ნაწილზე.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის გათიშვა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

მანქანების სახელოსნო – ყოფილი პატიმრის ძირითად საქმედ ქცეული გატაცება

გოგი გელაძე (სახელი და გვარი შეცვლილია) საპატიმროდან 2015 წელს გაათავისუფლეს, თუმცა პირობით სასჯელს დღემდე იხდის და კვირაში ერთხელ ვალდებულია ოფიციალურად დაადასტუროს, რომ ფიქსირებული ტერიტორია არ დაუტოვებია.

საპატიმროში მოხვედრამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო: ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სხვა ახალგაზრდების მსგავსად, გოგიც თურქეთში დადიოდა ზაფხულობით თხილისა და ჩაის საკრეფად. შრომა ადვილი არ იყო, თუმცა გამომუშავებული თანხა ხუთსულიან ოჯახს მთელი წლის განმავლობაში ბევრ პრობლემას უგვარებდა.

გოგის პირობითი მსჯავრის გამო ქვეყნის საზღვრის დატოვების უფლება არ აქვს და, შესაბამისად, ზაფხულობით თურქეთში ვეღარ მუშაობს.

ახალი საქმე დაიწყო: სახლთან ახლოს მანქანების სახელოსნო მოაწყო, როგორც შეეძლო და ახლა მთელ ზემო აჭარაში, ვისაც ავტომობილი აქვს შესაკეთებელი, გოგისთან მიდის. მანქანები ყოველთვის იყო მისი გატაცება, ახლა ჰობი მის ძირითად საქმედ იქცა.

გოგი 29 წლისაა და ხელობა მამისგან მარტივად ისწავლა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, რთულია ღია ცის ქვეშ მუშაობა, მის სახელოსნოს კედლებიც კი არ აქვს.

ოჯახში თვითდასაქმებული გოგისა და მამის გარდა ყველა წევრი უმუშევარია. გოგი მამასთან ერთად მუშაობს და შეკვეთებზე უარს არავის ეუბნება. ამბობს, რომ მანქანის სახელოსნოს შემოსავალი ოჯახს ყველაფერში არ ჰყოფნის. თვიდან თვემდე რომ ირჩინონ თავი, საშუალოდ ორი შეკვეთა მაინც უნდა ჰქონდეთ თვეში, რაც ხშირად არ ხდება.

როცა გოგი საპატიმროდან გამოვიდა, მამის სახელდახელო სახელოსნოს ხელსაწყოები მოძველებული დახვდა, შეკვეთების მიღება შეუძლებელი იყო და გადაწყვიტა დასახმარებლად „დემოკრატიის ინსტიტუტისთვის“ მიემართა. გაიარა ბიზნესის მართვის ტრენინგი, ჩაერთო ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში და მანქანების სახელოსნოსთვის საჭირო ახალი ხელსაწყოებიც მიიღო.

განახლებული სახელოსნოს წყალობით შეკვეთებმაც იმატა, შრომა შედარებით შეუმსუბუქდათ და ოჯახს მეტი შემოსავალი გაუჩნდა. გოგის სურს დამატებითაც იმუშაოს და ზაფხულობით ისევ თურქეთში წავიდეს ჩაისა და თხილის საკრეფად, ამისთვის ოფიციალური გადასახადი უნდა გადაიხადოს პირობითი მსჯავრის გამო, ან სასჯელი დროზე ადრე უნდა გაუქარწყლდეს.

ქვეყნის დატოვების აკრძალვა სხვა პრობაციონერებისთვისაც ხშირად არის დასაქმების ხელშემშლელი ფაქტორი.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების დასაქმების, საოჯახო, მცირე ბიზნესის ხელშეწყობაა.

გოგი პროექტის ფარგლებში იურიდიული სერვისებითაც სარგებლობს. ამჯერად „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტთან ერთად პირობითი მსჯავრის მოხსნას ცდილობს და შესაბამისი უწყებისგან ოფიციალურ პასუხს ელოდება.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

16 წლის ბიჭს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – მობილური ტელეფონების მოტყუებით წართმევის საქმე

16 წლის ლევან კ.-ს დახურულ სხდომაზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლევან გელოვანმა. არასრულწლოვანს გამოძიება თაღლითობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, 16 წლის ლევანმა სრულწლოვან მეგობართან ერთად ქუჩაში სამ არასრულწოვანს მოტყუებით მობილური ტელეფონი წაართვა და გაიქცა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარების შემდეგ, სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, 16 წლის ლევან კ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე დაცვის მხარეს უარი უთხრა. ადვოკატის შეთავაზება 7-ათასლარიანი გირაო იყო. წინასწარი პატიმრობის შეფარდება არასრულწლოვნის ახლობლებმა სასამართლოს შესასვლელთან გააპროტესტეს.

„ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ბავშვია ეს და მხედველობაში უნდა მიეღოთ. აბაშიდან ვართ და ბათუმში ნაქირავებში ვცხოვრობთ. ლევანს მე-9 კლასის შემდეგ სკოლაში აღარ უვლია, “ – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის მამამ.

რატომ არ შეუფარდა სასამართლომ გირაო არასრულწლოვანს? – ადვოკატი სოლომონ კოჩალიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ჰქონდა დასაბუთება – არასრულწლოვანს გამოძიება ქურდობასაც ედავება, რაზეც უკვე მიმდინარეობს გამოძიება. სასამართლოს ქურდობის საქმეზე 16 წლის ბიჭი გირაოთი ჰყავს გათავისუფლებული.

„ამის მიუხედავად მაინც იყო შესაძლებელი მხედველობაში იმის მიღება, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია,“ – ამბობს სოლომონ კოჩალიძე.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თაღლითობა გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

დამტვრეული სკამები და მდინარის შლამი ქედის ცენტრალურ პარკში [ფოტოამბავი]

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ამ პარკის რეაბილიტაციისათვის 2015 წელს 82 828 ლარი დაიხარჯა. გასულ, 2017 წელს, ოქტომბერში, პარკი მდინარე აკავრეთამ დატბორა.

ორი წლის წინ ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა მდინარისგან დამცავი კედლის ასაშენებლად, თუმცა დამცავი კედელი, რომელიც შვეიცარიის საელჩოს დახმარებით გაკეთდა, ჩამოიშალა. 

ასე გამოიყურება ახლა პარკი ქედაში, რეაბილიტაციიდან ორი წლის შემდეგ. ძელსკამები დამტვრეულია, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის შლამი და გამორიყული შეშაა.

ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის თქმით, წელს პარკის რეაბილიტაციისთვის 230 000 ლარი გამოიყო, ამ თანხით მდინარე აკავრეთაზე, სადაც კედელი ჩამოშლილია, 130 მეტრის დამცავი კედელი მოეწყობა, პარკში შადრევანსა და გარე განათებასაც დაამონტაჟებენ.

ეკა ბარამიძის ფოტო

მდინარის შლამი. ეკა ბარამიძის ფოტო

პარკი ქედაში. ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
პარკი ქედაში. ეკა ბარამიძის ფოტო

პარკი ქედაში. ეკა ბარამიძის ფოტო

 „გერმანელი ყასაბი 2010“ შსს-ს უჩივის, სამინისტრო 38 ტონა სოსისს ყიდულობს

38 ტონა სოსისის შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი 2018 წლის იანვარში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 228 ათასი ლარია. ანუ, ერთ კილოგრამ სოსისში სამინისტრო მაქსიმუმ 6 ლარის გადახდას აპირებს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ: შპს „ივერიამ“ და შპს „გერმანელი ყასაბი 2010-მა“. სამინისტროს მოთხოვნილი რაოდენობის სოსისის მიწოდებას „ივერია“ იმ თანხაში სთავაზობს, რაც სამინისტროს აქვს გამოყოფილი ანუ 228 ათას ლარად, ხოლო „გერმანელი ყასაბი 2010“ გაცილებით ნაკლებად –  207 860 ლარად.

სამინისტროს სატენდერო კომისიამ კომპანიას, რომელიც მომსახურებას შედარებით დაბალ ფასად სთავაზობდა, დისკვალიფიკაცია მისცა.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „გერმანელი ყასაბი 2010“-მა განსაზღვრულ ვადაში ვერ წარმოადგინა ლაბორატორიული კვლევა, და ამასთან შეთავაზებული საქონლის შეფუთვაზე მითითებული ტექნიკური პარამეტრები არ ემთხვევა შიგთავსის ტექნიკურ პარამეტრებს:

კომპანიაში აცხადებენ, რომ შსს-ს სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ლაბორატორიული კვლევის ჩატარება შეუძლებელია, რასაც ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და რის შესახებაც აცნობეს კიდეც კომისიას:

სისტემის მეშვეობით ავტვირთეთ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის წერილი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ შეუძლებელია განისაზღვროს სოსისი შეიცავს თუ არა საქონლის ხორცს და ღორის ხორცს, ასევე არის თუ არა მის შემადგენლობაში სოიო [სოიოს ტესტურტა, სოიოს იზოლატი, სოიოს ფქვილი]. აღნიშნული ინფორმაციის დაჩქარებით მომზადების სერვისი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ აქვს, რის შესახებაც მივუთითეთ 2018 წლის 21 თებერვლის წერილში. აღნიშნული წერილით დადასტურდა შპს „გერმანელი ყასაბი 2010“-ის მიერ სატენდერო კომისიისთვის 2018 წლის 14 თებერვალს მიწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კვლევის ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას“.

კომპანია არ ეთანხმება კომისიას შეფუთვის საკითხშიც:

ეტიკეტების დამზადება საქართველოში არ ხდება და მისი ტრანსპორტირება დაკავშირებულია გარკვეულ პერიოდთან, რის გამოც საწყობში ელექტრონულ ტენდერში მითითებული პროდუქციის შემადგენლობის შესაბამისი შეფუთვა არ გვქონდა და გარსაცმად გამოვიყენეთ მსგავსი პროდუქტის გარსაცმი. აღნიშნული გარემოება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებას. აღნიშნული დადგენილების კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც ითვალისწინებს გარსაცმის ტრანსპორტირების ვადებს და ბიზნესოპერატორს აძლევს იმის უფლებას, დროებით გამოიყენოს ძველი გარსაცმი.

კომპანიამ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიას დაევალოს სრულად გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება შპს „გერმანელი ყასაბი 2010“-ის  დისკვალიფიკაციის თაობაზე და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია კომპანიის მოთხოვნაში.

დავების საბჭომ „გერმანელი ყასაბი 2010“-ის საჩივარი 2017 წლის 7 მარტამდე უნდა განიხილოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, 35 ტონა სოსისი შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტისთვის, ხოლო 3 ტონა – შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისთვის სჭირდება.

აჭარის მთაში გეოლოგები მუშაობენ – საცხოვრებელი სახლის შესწავლას 300-მდე ოჯახი ითხოვს 

ბოლო გეოლოგიური შესწავლით, აჭარის მთაში მცხოვრები ხუთი ოჯახი განსასახლებელია. განსახლების რეკომენდაცია გეოლოგებმა შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – სამ, ხოლო ხულოში მცხოვრებ ორ ოჯახთან დაკავშირებით ახლახან დაწერეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, განსახლების რეკომენდაცია შუახევში სოფელ დარჩიძეებში, ვარჯანაულსა და ბუთურაულში მცხოვრებ სულ სამ ოჯახზე გაიცა.

„ეს ოჯახები ჩაერთვებიან სახელმწიფოს 25 000-ლარიან პროგრამაში. საცხოვრებელი სახლებისა თუ მიმდებარე ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლის მოთხოვნით ამ დროისთვის მერიაში 100-მდე განაცხადია შემოსული, რამდენიმე დღეში დაიწყება კომპლექსური გეოლოგიური შესწავლა,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, განსახლების რეკომენდაცია სოფელ პაქსაძეებში ნოდარ პაქსაძის, ხოლო ელელიძეებში ზურაბ ძირკვაძის ოჯახზე გაიცა.

საცხოვრებელი სახლების ადგილმონაცვლეობისა და საფრთხის შემცველ მიზეზებად გეოლოგიური პროცესები სახელდება. ამ ეტაპზე 200-მდე ოჯახმა მიმართა ხულოს მერიას საცხოვრებლის შესწავლის თხოვნით.

„ოჯახები, რომელთა საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით ადგილმონაცვლეობის გეოლოგიური დასკვნა დაიდო, სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ. საჭიროა საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობა – იმ შემთხვევაში, თუ ოჯახებს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობი გააჩნიათ, მერია საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობისთვის ფინანსებს გამოყოფს, მაგრამ თუ არ გააჩნიათ ალტერნატიული ფართობები განსახლებას დაექვემდებარებიან. შესაბამისად, ისინი 25 000-ლარიან სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებიან. ამ ოჯახებში ამბობენ, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ, თუმცა მერია სწავლობს, აქვთ თუ არა ოჯახებს პირადი საკუთრება სხვაგან, “ – აცხადებს ლაშა ბოლქვაძე.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, ქედის მერიაში აცხადებენ, რომ საცხოვრებელი სახლების გეოლოგიური შესწავლა აქ დღეს დასრულდა და დასკვნები უახლოეს პერიოდში დაიდება. ქედაში გეოლოგებმა 60-მდე საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა შეისწავლეს.

ესკიზი კოლონადის, რომელსაც ნურიგელის ტბასთან დადგამენ – ტენდერი

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნავსადგომთან, კოლონების აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 ათასამდე ლარს გადაიხდის. ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ დაზუსტდება, რამდენი დაიხარჯება კოლონადის აღსადგენად, თუმცა გადაწყვეტილია, რომ კოლონები იქნება რკინა-ბეტონის კონსტრუქციის. სააგენტოს კოლონადის ესკიზი, პირდაპირი წესით, უკვე შესყიდული აქვს.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას სააგენტო ტენდერის მეშვეობით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება 2018 წლის 5 მარტს დაიწყება და 7 მარტს დასრულდება. დოკუმენტაცია მზად უნდა იყოს გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში.

ტექნიკური დავალების შესაბამისად, უნდა მომზადდეს სამშენებლო დოკუმენტაცია და დადგინდეს ობიექტის ღირებულება. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

• სიტუაციურ გეგმას
• ტოპოგეგმას
• გენ.გეგმას
• ჭრილების ნახაზებს
• ფასადის ნახაზებს
• ფუძე-საძირკვლის კონსტრუქციას (საჭიროების შემთხვევაში ჰიდროლოგიურ დასკვნას)

• გეოლოგიურ დასკვნას
• კოლონადის სვეტებისა და მოაჯირების კონსტრუქციულ ნახაზებს
• ელექტროგაყვანილობისა და განათების გეგმას
• იატაკის მოპირკეთების სქემას
• ლოკალურ-რესურსულ ხარჯთაღრიცხვას
• ვიზუალიზაციას ფოტომონტაჟით
• განმარტებით ბარათს

ამავე თემაზე: 

ბათუმის პარკს ტბისპირა კოლონადები ექნება

„იუთუბზე” 17 წლის ემი ვაინჰაუსის უცნობი ჩანაწერი გავრცელდა

კომპოზიტორი და მუსიკოსი გილ კანგი ინტერნეტში ემი ვაინჰაუზის უცნობ დემოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მომღერალმა ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ჩაწერა ხმის ჩამწერი ლეიბლებისთვის საჩვენებლად.

მომღერლის ჩანაწერების დემოვერსიები ძირითადად 2011 წლის შემდეგ, მისი გარდაცვალებისთანავე გაანადგურეს, თუმცა კომპოზიტორსა და მუსიკოსს გილ კანგს ვაინჰაუსის სიმღერის – „My Own Way“-ს დემოვერსიის ასლი აღმოაჩნდა.

ინფორმაცია 26 თებერვალს „გარდიანმა” გაავრცელა.

17 წლის ემი ვაინჰაუსის უცნობი  ჩანაწერი „იუთუბზე“ 25 თებერვალს ატვირთეს და სიმღერის უცნობი დემოვერსია უკვე 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მოისმინა.


ემის შესრულებული სიმღერა „My Own Way“ გილ კანგმა ჯეიმს მაკმილანთან ერთად დაწერა.

მომღერლის არასრული ჩანაწერები და სხვა სიმღერების დემოვერსიები 2011 წლის შემდეგ გაანადგურეს ხმის ჩამწერმა სტუდიებმა და თავიდან აირიდეს ვაინჰაუსის გარდაცვალებისშემდგომი ალბომების გავრცელება, ამის შესახებ „გარდიანი“ 2015 წლის ივლისშიც წერდა. თუმცა გილ კანგმა სიმღერის „My Own Way“-ს ჩანაწერი მაინც ატვირთა „იუთუბზე“ და თინეიჯერი, იმ დროისათვის უცნობი ემი ვაინჰაუსის ხმა საჯარო სივრცეს დაუბრუნა.

წყარო: theguardian

ქობულეთი: თავშესაფრის მოლოდინში ორი მოხუცი გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა 

მოხუცებისთვის თავშესაფრის მოწყობის მოთხოვნით პეტიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასული წლის ზაფხულში დარეგისტრირდა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში ვერ გადაწყვიტეს, სჭირდება თუ არა ქობულეთს მოხუცთა თავშესაფარი. პეტიციის ავტორი, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზაფხულში შეტანილ პეტიციას ახლდა ინფორმაცია იმ 22 მოხუცის შესახებ, რომლებიც ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. „მათგან ორი მოხუცი უკვე გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა…“ – ამბობს ნანა კალანდაძე.

„მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ სოციალური სამსახური განიხილავს ამ საკითხს, თუმცა ამ დრომდე მათი პოზიცია უცნობია. ვესაუბრე ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც, რომელიც ე.წ. სათემო ორგანიზაციებს აფინანსებს [სათემო ორგანიზაცია სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის თავშესაფრის მოწყობას გულისხმობს. დაფინანსება ერთ ბენეფიციარზე დღეში 16 ლარია. ავტ.] სახელმწიფო, ზოგადად, ათავსებს თავშესაფარში იმ მოხუცს, რომელიც სოციალურად დაუცველია. ჩვენ ამ კრიტერიუმს არ ვეთანხმებით, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ძალადობის გამო, ან სხვა მიზეზით, მოხუცები სახლ-კარის გარეშე რჩებიან. არსებობენ მოხუცები, ვისი ოჯახებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას, მაგრამ ისინი საჭიროებენ თავშესაფარს. ეს მაჩვენებელი მუდმივად იცვლება,“ – გვიყვება ნანა კალანდაძე, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი.

„ჯერ არ გვაქვს ჩამოყალიბებული, გადაწყდება თუ არა ქობულეთში მოხუცთა თავშესაფრის მოწყობა,“ – ამბობს მირიან ქათამაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი. მისი თქმით, პოზიცია მარტის ბოლოს შემუშავდება, როცა ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შევიდეს. მირიან ქათამაძე მიიჩნევს, რომ მოხუცთა თავშესაფრის მოწყობის საჭიროება სავარაუდოდ არსებობს, რადგან ის თავად გაეცნო რამდენიმე მოხუცის შემთხვევას, ვისაც თავშესაფარი სჭირდება.

მირიან ქათამაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი: „ეს საკითხი არის დაკავშირებული დამატებითი ფინანსების მოძიებასთან ბიუჯეტში. ამჟამად მიმდინარეობს სტრუქტურული რეორგანიზაცია აპარატში, რაც მიმდინარე ხარჯის შემცირებაზე დადებითად უნდა აისახოს და სწორედ ამ ხარჯების გათვალისწინების შედეგად იქნება ბიუჯეტის პირველი კორექტირების დროს ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბებული. ჩვენსა და მესამე სექტორს შორის ამ საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავშესაფრის საჭიროება გამომდინარეობს სოციალური საკითხიდან. სხვა შემთხვევებში, შესაძლოა, ჩვენ დავეხმაროთ მოხუცებს იმაში, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები. შესაძლოა, მათ უფრო სამართლებრივი მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიდრე თავშესაფარი… არ არის ეს საკითხი იოლად გადასაწყვეტი. ჩემი მიზანია, რომ პროექტი იყოს წარმატებული, თუკი ის განხორციელდება. მე არ ვიწყებ არც ერთ პროექტს, თუ ის წარმატებული არ იქნება და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა არ ექნება“.

რეგიონში მოხუცებულთა თავშესაფრის მოწყობაზე „ბათუმელებმა“ ჰკითხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც. ზურაბ პატარაძემ თქვა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს და „როგორც კი რამე იქნება, ჩვენ პირველები გავიგებთ“.

ამ თემაზე:

გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!

„ლეოგრანდი“ სახელს იცვლის – სასტუმროში რემონტია

„ველმონდი“ – ამ სახელწოდებით განაახლებს სასტუმრო „ლეოგრანდი“ მუშაობას. გასული წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შემდეგ სასტუმრო აღარ ფუნქციონირებს.

როგორც სასტუმროს იურისტი, ირაკლი ჟორჟოლიანი, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამ დროისთვის სასტუმროს პირველ ფლიგელში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის მხოლოდ წინა ფლიგელებში მუშაობის შესაძლებლობა გვაქვს, იმ ნაწილში, რომელსაც ხანძარი არ შეხებია. ძირითადად ტექნიკური პერსონალი მუშაობს ამ ეტაპზე, ხოლო როცა სრულად ამუშავდება სასტუმრო, ყველა დასაქმებული პირი დაბრუნდება სამსახურში,“- ამბობს იურისტი.

სასტუმროს დახურვის შემდეგ ადმინისტრაციამ თანამშრომლები  უფასო შვებულებაში გაუშვა. სასტუმროს თანამშრომლებმა არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს და მთავრობას, სასტუმროს მიეცეს სამორინეს ფუნქციონირების უფლება გამოძიების დასრულებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.

წაიკითხეთ ამ თემაზე: სასტუმრო „ლეოგრანდის“ 368 თანამშრომელი მთავრობას: გვემუქრება უმუშევრად დარჩენის საფრთხე

სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობას ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეძლებს.  „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში შევძლებთ მუშაობის განახლებას, თუმცა უახლოეს ორ თვეში ექსპერტიზის დასკვნას არ ველოდებით,“ – აღნიშნა იურისტმა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, აქედან ათი საქართველოს მოქალაქე იყო, ერთი -უცხოელი.

„ღირსეულმა სიბერემ“ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს

ასოციაციამ – „ღირსეული სიბერე“  შესაძლოა მაისიდან მუშაობა შეაჩეროს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია 2009 წლიდან დღემდე ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხანდაზმული ადამიანების უფლებების დაცვაზე, მათი სოციალური და ეკონომიკური კუთხით გაძლიერებაზე მუშაობს.

„თუკი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებას ვერ მოახერხებს, ორგანიზაცია მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. წელს ევროკავშირს ამ კუთხით კონკურსი არ გამოუცხადებია და შესაბამისად, დაფინანსება არ გვაქვს. მიმდინარე პროექტი მაისში სრულდება,“ – ამბობს „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი, ნანა კალანდაძე.

დონორი ორგანიზაციების პოზიციაა, რომ მათ მიერ დაფინანსებულ პროექტში თანადაფინანსებით ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთოს და პროექტს მხარი დაუჭიროს. ნანა კალანდაძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ გიორგი რომანაძის გამგებლობის დროს მიიღო გარკვეული ტიპის თანადაფინანსება. „ღირსეული სიბერის“ წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ქობულეთის ამჟამინდელ მერს, მირიან ქათამაძეს.

„შევხვდით, მაგრამ ჯერ უცნობია, განახორციელებს თუ არა თანადაფინანსებას ქობულეთის მერია. თანადაფინანსების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დონორი ორგანიზაციებისთვის სხვა ტიპის პროექტის შეთავაზება,“ – გვითხრა ნანა კალანდაძემ.

„გააჩნია, რის შესაძლებლობას მოგვცემს ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტს ამის ვალდებულება არ აქვს,“ – აღნიშნა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ „ბათუმელებთან“ საუბრის დროს. იგი ამბობს, რომ თანადაფინანსების სურვილი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული არ არის, დამატებითი ფინანსური რესურსი ბიუჯეტში გაჩნდება თუ არა.

„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ორგანიზაციას, მადლობასაც ვეუბნებით ბევრი სასარგებლო პროექტის განხორციელებისათვის… თანადაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, არ ვიცი, თავის დროზე იყო თუ არა ეს საკითხი სამართლებრივად გამყარებული [იგულისხმება პერიოდი, როცა არასამთავრობო ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტიდან დაფინანსება მიიღო]. ვადასტურებ, რომ თანადაფინანსების სურვილი ნამდვილად მაქვს, მაგრამ ეს დაკავშირებულია დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიებასთან. ეს შეიძლება განხორციელდეს კვარტლის ბოლოს,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 27 949 700 ლარითაა განსაზღვრული. იმ ორგანიზაციებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, 1377 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვის ანუ ხელფასებისთვის, 5 900 160 ლარია გათვალისწინებული.

რატომ ახდევინებენ ხულოში აეროპორტისა და მეტროს დასუფთავების მოსაკრებელს 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხულოს მცხოვრებლებისთვის „ვაგზლების, აეროპორტების, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის სადგურებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი განსაზღვრა“ – ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 6 ლარი. დოკუმენტი ერთი წლის წინ მიიღეს და დღემდე მოქმედებს.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Reginfo-მ გაავრცელა, რომელიც, თავის მხრივ, „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებულ დადგენილებას დაეყრდნო. დადგენილებას ხელს აწერს ხულოს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, ჯამბულ ხოზრევანიძე, რომელიც გასულ კვირას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

თვითმმართველობის კანონის მიხედვით, ხულოს საკრებულოში დოკუმენტი ხულოს გამგეობას უნდა შეეტანა დასამტკიცებლად. „ბათუმელებმა“ სცადა ყოფილ გამგებელთან, ბესიკ ბაუჩაძესთან გაერკვია, როგორ მოხდა, რომ ოთხგვერდიან დოკუმენტში ვერავინ აღმოაჩინა „მეტროსადგურების მოსაკრებელი“. ანუ სავარაუდოდ, თბილისიდან მიღებული დოკუმენტი ისე დაამტკიცეს, რომ არც გამგეობაში და არც საკრებულოში,  არავინ წაიკითხა.

ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ მან ეს არ იცის: „ტექსტს შესაბამისი სამსახური ამზადებს, შემდეგ გადის კომისიებზე და შემდეგ გადის საკრებულოს სხდომაზე. არ ვიცი, ეტყობა რაღაც ხარვეზია ტექნიკური. მე მაგაზე ყურადღება არ მიმიქცევია“.

ბესიკ ბაუჩაძე გასულ კვირას აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. 

2017 წლის 26 იანვარს მიღებული დადგენილება ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ, დღემდე არ შეუცვლიათ. დადგენილების მიღებიდან, რომელიც ხულოს მოსახლეობას მეტროპოლიტენის მოსაკრებელს უწესებს, ერთი წელია გასული. უახლესი ცვლილება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადგენილებაში 2018 წლის 18 იანვარს შეიტანა, თუმცა იქ აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებული არ არის. შესაბამისად, „ბათუმელები“ განმარტებისთვის ხულოს საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, ჯუმბერ დიმიტრაძესაც დაუკავშირდა. მან ამ ფაქტს უწოდებს „ტექნიკურ შეცდომას“, რომელიც „გაიპარა“.

„ტექნიკური ხარვეზია გაპარული, რომელიც ვფიქრობ დაშვებულია ტექნიკური პერსონალის მიერ. ნუ, შეიძლება ითქვას კურიოზული თემაა, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რომელიც მალე გამოსწორდება, უახლოეს დღეებში,“ – თქვა ჯუმბერ დიმიტრაძემ.

მისივე განმარტებით, დადგენილებაში მოცემული იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და  დაწესებულებების ჩამონათვალში მხოლოდ საავტომობილო სადგური უნდა ყოფილიყო.

ჯუმბერ დიმიტრაძე დადგენილების მიღების დროს ხულოს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

ხულოს საკრებულო ,,ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანას და სიიდან ვაგზლების, აეროპორტებისა და მეტროს ამოღებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

მსგავსი დადგენილება მიღებული აქვს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც.

წითელას სტატისტიკა: ლაბორატორიულად დადასტურდა 219 შემთხვევა

ბოლო მონაცემებით, წელს აჭარაში, პირველი იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით, წითელას 219 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ჩვენ გამოვხშირეთ ლაბორატორიულად დაუდასტურებელი შემთხვევები და 27 თებერვლის მონაცემებით გვაქვს 219 შემთხვევა. ცენტრში უფრო მეტი შეტყობინებაა შემოსული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არ დასტურდება წითელა და ხდება ასეთი შემთხვევების უკუგდება, შესაბამისად, გვაქვს ეს რიცხვი,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ამ კვირაში, ბოლო ორი დღის მონაცემებით, ჯერჯერობით, არ არის დაფიქსირებული წითელას შემთხვევათა იმდენი რაოდენობა, რამდენიც წინა კვირებში იყო, თუმცა შემთხვევათა კლებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

აჭარაში წითელას შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა, 40 პროცენტი, 0-5 წლამდე ბავშვებზე მოდის.  32 პროცენტი კი – 15-29 წლამდე ადამიანებზე.

წაიკითხეთ ამ თემაზე: „მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები“ – წითელას შემთხვევები ისევ იზრდება 

 

წითელას სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და მთელ სხეულზე.

წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.

დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ბავშვებისა და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.

წაიკითხეთ ამ თემაზე: რატომ არ უნდა გეშინოდეთ აცრის

ენმ ბათუმში პარტიის ოფისს იცვლის

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე არსებულ სამსართულიან ოფისს ცლის და ამავე ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ქირით გადადის.

ენმ-ს წარმომადგენლის, გელა დეკანაძის თქმით, ოფისისთვის ფართობს კერძო პირისგან, გია პაპუნიძისგან ქირაობენ, თუმცა ქირის საფასურს არ ასახელებენ.

„ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება და ქირის ფასი მოლაპარაკების საგანია,“ – ამბობს დეკანაძე.

ენმ-მ შენობა ბათუმში, სადაც პარტიის ოფისი იყო განთავსებული, გასული წლის ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ გაყიდა. მაშინ პარტიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოფისის გაყიდვის მიზეზი „ფინანსური საჭიროებები იყო“.

ენმ-ს ინფორმაციით, შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 260 ათას დოლარად გაიყიდა.

 

 

საბავშვო ბაღი „აისი“ – გარემო, რომელსაც თქვენი შვილებისთვის ეძებთ

ბათუმში 40-ზე მეტი კერძო საბავშვო ბაღია. მრავალფეროვანი და კონკურენტული გარემოს მიუხედავად, ბევრ უკმაყოფილო მშობელს შეხვდებით, რომლებიც თავიანთ ბავშვებს ხშირად უცვლიან საბავშო ბაღს. ამას აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, მაგრამ ზოგიერთი მოზარდისთვის ეს ფსიქოლოგიურად რთულად გადასატანია.

როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღი, სადაც შვილს მიიყვანთ და სტაბილურად ატარებთ? – ამ კითხვაზე მშობელთა უმეტესობა გიპასუხებთ:

[checklist]

  • უნდა იყოს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ჰქონდეს ხელსაყრელი მდებარეობა
  • უნდა ჰქონდეს მყუდრო ეზო და, შესაბამისად, იყოს უსაფრთხო გარემო
  • უნდა იყოს სუფთა
  • არ იყოს ჯგუფებში ბევრი ბავშვი, რომ ყურადღება არ მოაკლდეს თავის შვილს
  • გარდა იმისა, რომ უსაფრთხო, სუფთა და კეთილმოწყობილ გარემოში იქნება, პიროვნულად და უნარ-ჩვევებითაც მზად იყოს სკოლისთვის.

[/checklist]

ბაგა-ბაღი „აისი“ 2016 წლის დასაწყისში გაიხსნა. თავდაპირველად ბაღს სულ სამი აღსაზრდელი ჰყავდა. ორი წლის განმავლობაში ათეულობით ბავშვმა მიიღო აქ სკოლამდელი განათლება და არც ერთი ბავშვი შეთანხმებულზე ადრე არ გადაუყვანია უკმაყოფილო მშობელს.

ბაღი ს. ხიმშიაშვილის ქუჩა #24-ში მდებარე სამსართულიან სახლში ფუნქციონირებს, რომელსაც მყუდრო და დიდი ეზო აქვს. ჭიშკარში შესვლისთანავე თვალში გეცემათ გაფერადებული და მოხატული კედლები, რაც მიგვანიშნებს, რომ აქ სივრცე ბავშვებს ეკუთვნით. საბავშვო ბაღის კარებს შეაღებთ თუ არა, ყურადღებას მიიქცევს განსაკუთრებული სისუფთავე და სიმყუდროვე, რომელსაც დროდადრო მხოლოდ ბავშვების ხმები არღვევს – ისინი შემეცნებით დავალებებს აღმზრდელებთან ერთად მხიარული თამაშით ასრულებენ.

მოხატული კედლები მიგვანიშნებს, რომ აქ სივრცე ბავშვებს ეკუთვნით.
მოხატული კედლები მიგვანიშნებს, რომ აქ სივრცე ბავშვებს ეკუთვნით.

„ძირითადი ფაქტორი, რატომაც ბავშვები ჩვენთან მოჰყავთ, არის ოჯახური, თბილი გარემო, მზრუნველი და ბავშვების მოსიყვარულე ძიძებით. ხშირად ვხუმრობთ და ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს ბებიასთან მოჰყავთ და ტოვებენ ბავშვებს“, – ამბობს ბაგა-ბაღის დირექტორი და დამფუძნებელი, მირანდა დიასამიძე.

რატომ ბავშვთა ბაღი და არა სხვა ბიზნესი? – ვკითხეთ მირანდას. ის ამბობს, რომ ამისათვის განსაკუთრებული მიზეზი აქვს: „ყოველთვის ბავშვებით სავსე გარემოში ვცხოვრობდი. ძალიან მიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მათი სიყვარული დამეხმარებოდა საქმის კეთებაში. უშუალოდ ვარ ჩართული ყველა პროცესში, ვურთიერთობ აღმზრდელებთან და ძიძებთან ერთად ბავშვებთან. ეს მაძლევს საშუალებას, რომ თითოეულს ვიცნობდე, ვიცოდე რა სწყინთ, უხარიათ, როდის ჭირვეულობენ. მსიამოვნებს მათთან მუშაობა, ამიტომ ეს საქმე ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე სხვა ბიზნესი“.

ბაგა - ბაღი აისის აღსაზრდელები
ბაგა – ბაღ „აისის“ აღსაზრდელები

„აისის“ თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 10-10 ბავშვია. ეს აღმზრდელებს აძლევს საშუალებას, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს  ყურადღების გარეშე.

ბაღის აღსაზრდელებს მრავალფეროვანი დღის რეჟიმი აქვთ – ისინი ახერხებენ ისწავლონ, ითამაშონ, დაისვენონ და ჯანსაღად იკვებონ.

[red_box]დღის რეჟიმში შედის:[/red_box]

[checklist]

  • სამჯერადი კვება
  • შუადღის ძილი
  • ეზოში გასეირნება და თამაში
  • თანამდეროვე მეთოდების გამოყენებით სწავლება – ეს თამაშით და კეთებით სწავლებას გულისხმობს.

[/checklist]

ბაგა-ბაღი მუშაობს სამუშაო დღეებში დილის 8:30-დან საღამოს 19:00 საათამდე. ჩვენთან ვიღებთ ბავშვებს 1 წლისა და ორი თვის ასაკიდან 6-წლამდე.

რაც შეეხება გადასახადს, ის ბათუმში არსებულ შეთავაზებებს შორის საუკეთესოა და თვეში 180 ლარია.

ამინდის პროგნოზი აჭარაში: ტემპერატურა დაიკლებს, მთაში მოსალოდნელია თოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.

„28 თებერვალს, ღამით, აჭარის სანაპირო რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აჭარის დაბლობში ამინდი გაუარესდება ხვალ, პირველ მარტს, დღის მეორე ნახევრიდან. სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა, ზოგან – ძლიერი. მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ხვალ, დღის მეორე ნახევარში ზოგან – 17-22 მეტრი წამში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა ქათამაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა სინოპტიკოსმა.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 5-10, ღამით – 2-7 გრადუსი. მთაში – 0-5 გრადუსი სითბო, ღამით – 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალი ღელვა.

2 მარტს ღამით და დღის პირველ ნახევარში სანაპირო რაიონებში შენარჩუნდება წვიმა, მთაში – თოვა. 2 მარტს, დღის მეორე ნახევარში, გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება  3 მარტსაც.

ბულვართან 54-სართულიანი კომპლექსი აშენდება – კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ

კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“ ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, დელფინარიუმის წინ, ახალ სასტუმროს ააშენებს. შენობა 54-სართულიანი იქნება, რომლის პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მერიოტი“, დანარჩენ სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.

„მულტიფუნქციური კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი“ „ალიანს ჯგუფისთვის“ დამახასიათებელი ექსკლუზიური არქიტექტურით იქნება გამორჩეული,“ – განაცხადა „ალიანსი ფრივილიჯის“ დირექტორმა, აკაკი სონგულიამ უძრავი ქონების გზამკვლევი პორტალის Property Georgia-სთან. შესაბამის ხელშეკრულებას „მერიოტ ინთერნეშენელთან“ კი ხელი 2018 წლის 8 თებერვალს ციურიხში მოეწერა.

„ალიანს ფრივილიჯის“ მშენებლობა ბათუმში 2020 წელს უნდა დასრულდეს. აკაკი სონგულიას ინფორმაციით, 160-ნომრიანი სასტუმრო „მერიოტი“ კომპლექსში 2021 წელს გაიხსნება და მისი მმართველი კომპანია ამერიკული „მაქინერი ჰოსფითალითი ინთერნეშენელი“ იქნება. „ალიანს ჯგუფი“ პროექტში 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ტერიტორია, სადაც ახალი კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი, დღეს კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ საკუთრებაშია. ამ ტერიტორიაზე კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე იყო აკაკი სონგულია.

მოგვიანებით კომპანიის საფირმო სახელწოდება შეიცვალა  – „ალიანსი ფრივილიჯით“. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, ამ კომპანიაში აკაკი სონგულია უკვე წილის 13%-ს ფლობს. როგორც აღვნიშნეთ, ის ამ კომპანიის დირექტორიცაა. კომპანიის დანარჩენ წილებს ფლობენ: თემურ ბიწაძე, ავთანდილ გორგილაძე და ბესიკ ჟღენტი.

„ალიანსი ფრივილიჯის“ ვალდებულებების შესრულებამდე უფლება არ აქვს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე განკარგოს, გასცეს სარგებლობაში, დაყოს ცალკეულ საკადასტრო ერთეულებად სასტუმროს ფუნქციონირებისთვის საჭირო ფართობი ან სხვაგვარად დატვირთოს ქონება.

ბათუმში, შოთა რუსთაველის N42/ნინოშვილის N 39-ში მდებარე 3263 კვ/მ ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებით გაყიდა. ტერიტორია სამინისტროს ბათუმის მუნიციპალიტეტმა გადასცა.

„დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, არმაზ ახვლედიანმა, აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია კორუფციაში დაადანაშაულა და პროკურატურას მიმართა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ახვლედიანმა 27 თებერვალს ბრიფინგი ბათუმის ბულვარში, იმ ადგილას გამართა, სადაც მიწას კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“ ფლობს. ტერიტორია უკვე შემოღობილია.

ბათუმის მერიის განცხადებით, „ბათუმის მერიას მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია და ამ ეტაპზე [აღნიშნულ ტერიტორიაზე] მხოლოდ გეოლოგიური შესწავლისა და დასკვნის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები ხორციელდება. ბათუმის მერიას სამშენებლო კომპანიისთვის დადგენილი აქვს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები“.

„ბათუმელებმა“ თავად კომპანიასთან სცადა გაერკვია, ნამდვილად აპირებენ თუ არა ბათუმის ბულვართან 54-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას იმ პროექტით, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა და განთავსდება თუ არა მასში სასტუმრო „მერიოტი“? – კომპანიაში აცხადებენ, რომ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული სასტუმროს მაკეტი. კომპანიაში ჯერ არ ადასტურებენ, აპირებენ თუ არა ამ მაკეტის მიხედვით კომპლექსის მშენებლობას.

ბათუმის „ხრუშჩოვკები“ [ფოტო]

ავტორი: ია ფრანგიშვილი

ბათუმში ხრუშჩოვის პროექტით აშენებული რამდენი კორპუსია, ზუსტად არ არის დათვლილი. ასეთი კორპუსების ექსპლუატაციის ვადა გასულია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ შენობები ავარიულია და აუცილებლად დაინგრევა. სპეციალისტების განმარტებით, გარდა გამაგრებითი სამუშაოებისა, მოძველებული კორპუსების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია საექსპლუატაციო პერიოდში შენობის მოვლის ფაქტორიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობის საექსპლუატაციო ვადა კიდევ უფრო მცირდება.

ბათუმის მერიის ა(ა)იპის „ბათუმის კორპუსის”ინფორმაციით, ბათუმში ამ ეტაპზე 15-მდე კორპუსია დათვლილი, რომლებსაც გამაგრება სჭირდება. ასეთია, მაგალითად, ლერმონტოვის ქუჩის 107 ზ ნომერში მდებარე კორპუსი. „პირველ აპრილამდე მიმდინარეობს ამორტიზებული საცხოვრებელი ფონდის ანუ ავარიული საცხოვრებელი სახლების შესწავლა-დათვალიერება და ბაზის შექმნა, ამის შემდგომ იქნება მიღებული  კონკრეტული ღონისძიებები,“ – გვითხრეს „ბათუმის კორპუსში“.

უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანია Colliers International-ი, ხრუშჩოვის პროექტების ბინების შესახებ მომზადებულ კვლევაში წერს, რომ ფასადის გაფორმება არ ითვალისწინებდა ბათქაშსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს. ადვილად ნგრევადი „ხრუშჩოვკების” სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად აშენდა და  მათი ექსპლუატაციის ვადა  50 წელზე იყო გათვლილი. გვიანდელი გამოკვლევით დადგინდა, რომ კორპუსების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება 150 წლამდე იყო შესაძლებელი,  თუ კი  დროული გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდებოდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,  ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქები იყო დაცლილი. საბჭოთა კავშირის მასშტაბით ამ და სხვა, ურბანიზაციულმა ფაქტორებმა გააჩინა მოთხოვნა, მცირე დროში, ნაკლები დანახარჯებით აშენებულიყო კომპაქტური საცხოვრებელი კორპუსები.

Colliers International-ის კვლევაში წერია, რომ 1950 წელს, მოსკოვში არქიტექტორთა ყრილობაზე, რომელსაც მოსკოვის მაშინდელი საქალაქო პარტკომის თავმჯდომარე ხრუშჩოვი ხელმძღვანელობდა, გადაწყდა, ბეტონის ფილების ჩამომსხმელი ქარხნების გახსნა, რომელიც მზა ბეტონის პანელებს უწყვეტად მიაწოდებდა მშენებლობებს. ქარხნების მშენებლობას ის მიზანიც ჰქონდა, რომ მოსახლეობა ჩამოეყვანათ სოფლიდან ქალაქში და დაესაქმებინათ.

პირველი პროექტები, რომლებიც  ხრუშჩოვის სახელით გახდა ცნობილი, 1956 წლიდან  გამოჩნდა. მშენებლობის ციკლი  ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით  80-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. კორპუსებს კი „ხრუშჩოვკები“ დაერქვა იმიტომ, რომ ისინი ხრუშჩოვის პერიოდში აშენდა.

ხრუშჩოვის კორპუსები ძირითადად ხუთსართულიანია, თითოეულ სადარბაზოში, ყოველ სართულზე განაწილებულია 3 ბინა. პროექტით არ არის გათვალისწინებული ლიფტი. ოთახები მომცრო ზომისაა, ჭერის სიმაღლე მაქსიმუმ 2.6 მეტრია.

„კორპუსები „ანაკრები“ მეთოდით იყო ნაშენები. მასალები  მზა სახით შემოდიოდა  საქართველოშიც და ადგილზევე ხდებოდა მათი აწყობა,” – წერია Colliers International-ის კვლევაში.

დროთა განმავლობაში მოსახლეობამ საკუთარი ძალებით, თვითნებურად დაიწყო „ხრუშჩოვკების“ ინფრასტრუქტურის შეცვლა, გაჩნდა მიშენებები და დაშენებები, რამაც  კორპუსების საძირკველი დამატებით დატვირთა და მათი ნაწილი მწყობრიდანაც გამოვიდა.

სახანძრო კიბე ხრუშჩოვის პროექტის ბინაზე. ლერმონტოვის ქუჩა.

 

ხულოს მერია საქონლის სასაკლაოზე დაკვლის ღირებულების 80%-ს დააფინანსებს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ფერმერთა საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის სასაკლაოზე დაკვლის ღირებულების 80%-ს  დააფინანსებს. სასაკლაოზე საქონლის დაკვლის საფასური, საკლავის წონის მიხედვით დაიანგარიშება და 1 კილოგრამზე 45 თეთრია.

ხულოს მერის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე განმარტავს, რომ „ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის“ პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო. ამ მომსახურებას მერია ელექტრონულად შეისყიდის და  ხელშეკრულებას მხოლოდ იმ კომპანიასთან გააფორმებს, რომელსაც სასაკლაოს მოძრავი დანადგარი ექნება. სოფელში მცხოვრებ ფერმერს კი, საქონლის სასაკლაომდე გადაყვანა აღარ მოუხდება.

„საქონლის სასაკლაოზე დაკვლის შემთხვევაში ღირებულების 80%-ს მერია გადაიხდის, დანარჩენ 20%-ს კი – ფერმერი. ამ მომსახურებით ხულოში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე ისარგებლებს, რომელსაც სურვილი ექნება თავისი პირუტყვი ლეგალურ სასაკლაოზე დაკლას, პროგრამა 10-15 დღეში ამოქმედდება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოყოფილი თანხა ამოიწურება, მაგრამ მოთხოვნა იქნება, ჩვენ დამატებით თანხას გამოვყოფთ.

ხელშეკრულება მხოლოდ იმ კომპანიას გაუფორმდება, რომელსაც სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ ამ მომსახურების განსახორციელებლად გაცემული შესაბამისი ნებართვა ექნება“.

ხულოს მერიის გათვლებით, თანადაფინანსებით, 70 000 ლარით, მთლიანობაში, 184 210 კილოგრამი საქონელი უნდა დაიკლას.

იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი სურვილს გამოთქვამს, რომ მისი საქონელი სასაკლაოზე სახელმწიფოს მიერ 80%-იანი თანადაფინანსებით დაკლას, მერიის მიერ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა დაუკავშირდეს, რომელიც, მერიის ინფორმაციით, ადგილზე მიაკითხავს, საქონელს დაუკლავს და მას ამ მომსახურების 20% უნდა გადაუხადოს, ხოლო შემდეგ მერიას სასაკლაოდან გაცემული ცნობა უნდა წარუდგინოს, რის საფუძველზეც მერია კომპანიას შესრულებული სამუშაოს დარჩენილ 80%-ს დაუფინანსებს.

პუშკინის ქუჩაზე მშენებლობის მეორე სართულიდან ხის მასალები ჩამოცვივდა

ბათუმში, ლერმონტოვისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, მშენებარე კორპუსიდან ხის მასალები ჩამოცვივდა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მშენებლებმა მაშინვე მოაწესრიგეს ობიექტი.

მშენებლობას ამ მისამართზე კომპანია „Greentime“ აწარმოებს. მშენებლობის ბანერზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მშენებლობიდან ხის მასალების ჩამოცვენის შესახებ არაფერი იციან. რამდენიმე წუთში კომპანიის დირექტორმა, რამაზ კაკაბაძემ, დაგვირეკა და გვითხრა, რომ მშენებლობიდან მხოლოდ რამდენიმე ლამინატის საგანი ჩამოვარდა და საფრთხე ქვეითებისთვის არ შექმნილა.

ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არც ბათუმის მერიაში აქვთ. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ახლახან იყვნენ ადგილზე და მსგავსი შემთხვევა მათ არ დაუფიქსირებიათ.

მოგვიანებით ბათუმში მერიაში განმარტეს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური ადგილზე მივიდა, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ დაუფიქსირებია.

მშენებლობიდან ხის მასალების ჩამოცვენის ამსახველი ფოტოები მოქალაქე მალხაზ ნაკაშიძემ გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

არმაზ ახვლედიანი აჭარაში კორუფციაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს

„დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი, აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. ახვლედიანმა დღეს, 27 თებერვალს,  ბრიფინგი ბათუმის ბულვარში იმ ადგილას გამართა, სადაც მიწას კომპანია „ალიანს ფრივილიჯი“ ფლობს. ტერიტორია უკვე შემოღობილია.

„ეს მშენებლობა არის უნებრათვო. მე მივიღე ეს ინფორმაცია ბათუმის მერიიდან. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა აქ გეოლოგიური სამუშაოები, ახლა დაწყებულია უშუალოდ მშენებლობის პროცესი. მე ვაპროტესტებ ამ მშენებლობას და ვამბობ,  ნებართვაც რომ ჰქონდეს ამ კომპანიას მშენებლობაზე, ეს მშენებლობა არის ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო, იმიტომ, რომ არ შეიძლება ბულვარში აშენდეს ასეთი ყრუ კედელი, ქვის კედელი, რომელიც, ფაქტობრივად, იზოლირებულს ხდის ქალაქს მისი ორგანული ნაწილიდან – ზღვიდან. ვფიქრობ, რომ ეს არის კორუფციული გარიგების შედეგი აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებსa და კონკრეტულ მშენებელს შორის,“ – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ბათუმის ბულვარში მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის.

„ჩვენი ზედამხედველობის სამსახური იყო ადგილზე, გაეცნო სიტუაციას. როგორც ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნა, იქ  სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს მხოლოდ გეოლოგიური შესწავლა,” – უთხრეს „ბათუმელებს“  ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

 

Exit mobile version