პირველ აპრილს ბათუმში, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ ორგანიზებით, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველა სახეობის თევზი და ზღვის პროდუქტი, რომელიც საქართველოში მოიპოვება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მეთევზეები აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან, ასევე, ბიომეურნეობები. დაგეგმილია ფლეშმობი აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეების ჩართულობით, ასევე ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა. გაიმართება სპორტული თევზჭერის მასტერკლასები – „დაიჭირე-გაუშვი”.
„გაზაფხულზე, როცა ჯერ ზღვის სეზონი არაა დაწყებული, მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიების ჩატარება ქალაქისთვის. თუ ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს ღვინის ფესტივალი, თაფლის ფესტივალი და ყველის ფესტივალი, რატომ არ უნდა ჩატარდეს თევზის? თან არანაკლები ისტორიაა აქვს მეთევზეობას ჩვენს ქვეყანაში.
შარშანდელმა ფესტივალმა მნიშვნელოვანი დადებითი მუხტი გამოიწვია, დაანახა სახელმწიფო უწყებებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი. სწორედ ჩვენი ფესტივალის შემდეგ იყო, რომ გამოცხადდა სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა თევზჭერის დარგში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. მეთევზეობა, როგორც დარგი, აღიარებული იქნა,” – უთხრა “ბათუმელებს” ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის” გამგეობის თავმჯდომარემ, სოფო დიასამიძემ.
მისივე თქმით, კვების ობიექტები ფესტივალზე ზღვის პროდუქტებს წარმოადგენენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, კერძები მინიმალურ ფასად შეიძინონ და დააგემოვნონ.
თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი წელს ბათუმში მეორედ გაიმართება. მისი ჩატარების ადგილად „ალისა და ნინოს“ ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაა განსაზღვრული.
ფესტივალზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბათუმში, მემედ აბაშიძის #34-ში მდებარე ძეგლის, ყოფილი პირველი აფთიაქის დაზიანებული კარიდან ობის სუნი გამოდის, მესაკუთრე კი არ ჩანს. ყოფილი აფთიაქის შენობა ბათუმში ერთ-ერთია იმ ძეგლებს შორის, რომლებსაც არავინ უვლის. შენობაში წყალი ჩადის, იატაკზე ხავსია მოდებული და ოთახებში ნესტის სუნი დგას. ხუთი წლის შემდეგ, რაც ის მესაკუთრემ გამოკეტა, ძეგლში შესვლა ერთ-ერთი დაზიანებული კარიდან გახდა შესაძლებელი.
დაზიანებულია შენობის ფასადიც, გარედან ჩანს ასევე, რომ შენობას მხოლოდ ქუჩაში დარჩენილი ძაღლები არ აფარებენ თავს, მეორე კვირაა, რაც ვიღაცამ ზედა სართულის ფანჯრები და აივანზე გამოსასვლელი კარი შეაღო.
საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა – ძეგლს არ უვლიან, შემდეგ კი ამბობენ, რომ ის იშლება და ადამიანებისთვის სახიფათოა, ამით მესაკუთრეები შენობის დანგრევის და ამ ადგილზე მაღალსართულიანი სახლების ან სასტუმროების აშენების უფლებაზე თანხმობის მოთხოვნას ამართლებენ. ამ დრომდე ყოფილი აფთიაქის შენობის მდგომარეობაზე დუმდნენ ის სახელმწიფო სტრუქტურებიც, რომლებსაც ძეგლების მეთვალყურეობა ევალებათ.
იმაზე, რომ შენობაში წყალი ჩადის, „გეოგრაფიკი“ 2015 წელს წერდა, ჩარევის სასურველ ფორმად კი კომპანიამ რეკონსტრუქცია-რესტავრაცია მიუთითა. სააღრიცხვო ბარათში ნათქვამია, რომ „გეოგრაფიკს“ ძეგლის ინტერიერი არ დაუთვალიერებია და სპეციალისტებმა შენობის მდგომარეობა მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით შეაფასეს, რადგან ის ჩაკეტილი იყო. ამ თემაზე საუბრობდა მედიაც, თუმცა უშედეგოდ. ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ შენობას, რომელსაც სპეციალისტები აფასებენ, როგორც უნიკალურს და ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს უწოდებენ, მესაკუთრე მიზანმიმართულად აზიანებს, რომ მომავალში მისი რეკონსტრუქციის უფლება მიიღოს:
„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ტაქტიკაა, გამოჩნდებიან, რაღაცის აშენება უნდათ. საზოგადოების რეაქციის შემდეგ ცოტა ხანს ჩერდებიან. ისეთი ხალხი ჩანს, ადვილად, რომ არ გაჩერდება, მით უმეტეს, რაღაც მხარდამჭერები ჰქონდათ მთავრობაში. ახლა ან ახალ გარანტიებს ელოდებიან, ან ახალ კავშირებს,“ – ამბობს „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე.
ფოტო: ცაგო კახაბერიძე
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი ამბობენ, რომ ძეგლის იმ დონემდე მიყვანას, მისი გადარჩენა რომ შეუძლებელი გახდეს, სააგენტო აღარ დაუშვებს. ყოფილი აფთიაქის შენობის რეკონსტრუქციის დასაწყებად სააგენტომ შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის ის მუხლი გამოიყენოს, რომელიც ძეგლის გადასარჩენად მის სახელმწიფო ხარჯებით რეკონსტრუქციას და შემდეგ დანახარჯის მესაკუთრისგან ამოღებას გულისხმობს:
„შევისწავლით, როგორც კონსტრუქციული თვალსაზრისით, ასევე სხვა ასპექტებით, ეს განხორციელდება უახლოესი ერთი თვის ვადაში. თუ დადგინდება, რომ გადაუდებელი ჩარევაა საჭირო, კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად ვიმოქმედებთ.“
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 55-ე მუხლი ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს თანხმობით, მესაკუთრის ნებართვის გარეშე ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, იმ შემთხვევაში თუ ძეგლის მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს.
შენობის მესაკუთრე შპს „ჟასმინი“ კი, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შენობა სასტუმროს გახსნის პირობით მიჰყიდა, ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც მთავრობასთან ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ისევ „უახლოეს პერიოდში“ მესაკუთრისაგან პროექტის წარდგენას ელოდებიან [პირველი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მესაკუთრეს დაუწუნა], ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო სამინისტრომ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით მილიონ 600 000 დოლარის გადახდა დააკისრა, თუმცა ამ დრომდე კომპანიას ერთი თეთრიც არ გადაუხდია. სამინისტროში არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა კომპანიას აპატიონ კიდეც და ეს თანხა ჩამოაწერონ: „ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროექტს წარმოადგენს და რამდენად იქნება მზაობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით შემდგომში.“
ფინანსთა სამინისტროში აქვთ მოლოდინი, რომ კომპანია ახალი პროექტის მომზადებისას იმ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მიიღო. „ეს ეხება სიმაღლეებს და გაბარიტებსაც“, – ამბობს გელა ცინცაძე, სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.
თუ კომპანია პროექტის წარდგენას ისევ დააყოვნებს და 2018 წლის ბოლომდე ვალდებულების შესასრულებლად შესაბამის ქმედებებს არ წამოიწყებს, სამინისტროში ხელშეკრულების მოშლის საკითხი დადგება დღის წესრიგში.
ყოფილი #1 აფთიაქის შენობა და მასზე მიმაგრებული მიწის ფართობი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წლის 28 იანვარს 1 მილიონ დოლარის ეკვივალენტ ლარში გაასხვისა. თავის მხრივ, შპს „ჟასმინმა“16 თვის ვადაში 40- ნომრიანი სასტუმროს, რესტორნის მშენებლობისა და საქართველოს 80 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აიღო, მაგრამ დათქმულ ვადაში [2012 წლის ივნისი] პირობები ვერ შეასრულა. ბოლო ცვლილება ხელშეკრულებაში 2013 წლის 25 სექტემბერს შევიდა, როდესაც კომპანია საპრივატიზებო ხელშეკრულებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლდა აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, რაც საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ინვესტორის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
82 წლის ქალს ხელისუფლება თავშესაფარში მოთავსებას სთავაზობს. ალექსანდრა ტერუნი დღეს აღსრულების პოლიციამ გამოასახლა.
ალექსანდრა ტერუნი 2 დღის წინ ამწეს დახმარებით შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლში, რომელიც მას მანამდე ჩამოართვეს. ალექსანდრა მარტოხელაა.
ალექსანდრა პოლიციელებმა ქუჩაში გამოიყვანეს. ის ამ დრომდე სახლის შესასვლელ ჭიშკართან ზის და ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს.
“გამიღეთ ჭიშკარი, ნუ მაწამებთ, ნუ მკლავთ,” – მიმართავს მოხუცი აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.
რას სთავაზობს ხელისუფლება ღია ცის ქვეშ დარჩენილ 82 წლის ქალს?
“ეს არის სამართლებრივი თემა და ჩვენ ვერ ჩავერევით. თუ მოგვმართავს, სხვა მხრივ დავეხმარებით. ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ მერიას შუამდგომლობით, რომ მან შეძლოს შესაბამისი პროგრამებით სარგებლობა,” – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.
ბათუმის მერია ალექსანდრა ტერუნს მოხუცთა თავშესაფარში მოთავსებას, ასევე უფასო სასადილოთი სარგებლობას სთავაზობს.
მოხუცს გაესაუბრა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე.
“ვიქნები ჩართული ამ პროცესში, რომ ამ ადამიანს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს,” – თქვა დეპუტატმა.
ალექსანდრა ტერუნს ბინა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩამოართვეს. მოხუცი განაგრძობს სამართლებრივ დავას და მიიჩნევს, რომ ქონება თაღლითური სქემით ჩამოართვეს.
ქონებრივი დავის გარდა, სასამართლო განიხილავს მოხუცზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევას. ბრალდებული მეზობელია, რომელმაც მოხუცის ბინა შეიძინა. ალექსანდრა ამბობს, რომ მას სცემდნენ.
მთავარი ფოტო: ალექსანდრა გამოსახლების შემდეგ თავისი ყოფილი სახლის ეზოში.
ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებაზე დასაქმებულებს ამ საქმიანობის გარდა არჩევანი ნაკლებად აქვთ, როგორც ქალაქს შიგნით, ისე – მის გარეთაც. მსგავსი ინდუსტრია საქართველოში სხვაგან არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, სამუშაოს მიტოვების შემთხვევაში მაღაროელებს მოუწევთ სხვა საქმის შესწავლა, სხვა ქალაქში გადასვლა, სამუშაოს მოძიება-ათვისება და იქ შესაბამისი თანხის გამომუშავება, რაც ერთობლიობაში არ არის მარტივი.
ყველამ ვიცით, რომ საქართველოში სამუშაოს მოძებნა ძალზე რთულია, მითუმეტეს ანაზღაურებადი სამუშაოსი. ისეთის, რომლიდანაც მიღებული შემოსავლით შესაძლოა ცხოვრება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური არჩევანისთვის დარჩენილი სივრცე მაღაროში დასაქმებულებს აქვთ თავიანთ შვილებთან მიმართებაში. კერძოდ კი ის, რომ ხელი შეუწყონ ჭიათურიდან მათს წასვლას, როცა გაიზრდებიან და სხვა პროფესიის არჩევას.
ამ არჩევანის განხორციელებისთვის წლებია საჭირო, სანამ ბავშვები გაიზრდებიან. მანამდე კი ჯორჯიან მანგანეზი სარგებლობს ქალაქში არსებული უალტერნატივობით და, უფრო მეტიც, ქალაქის არსებობის მანგანუმის მოპოვებაზე დამოკიდებულებით. ჩაკეტილი წრე გამოდის: ყოველგვარი გარემოსდაცვითი და სანიტარული წესების დაცვის გარეშე მანგანუმის მოპოვება ჭიათურას და მის შემოგარენს ანადგურებს, საარსებოდ უვარგის ზონად ხდის, აბინძურებს. მაგრამ ამ წარმოების დახურვა გამოიწვევს მოსახლეობის გაღატაკებას, შიმშილსა და დასახლების გაუდაბურებას. ის, რაც ჭიათურას აცოცხლებს, ნელა კლავს კიდეც.
ყველა საკუთარი სახელმწიფოს თავდადებული ენთუზიასტი ვერ იქნება. ადამიანთა უმრავლესობას სჭირდება იმის დანახვა, რომ მისი სახელმწიფო აძლევს მას ღირსეულად ცხოვრების საშუალებას, უზრუნველყოფს საჭირო გარემოს იმისთვის, რომ ამ სახელმწიფოსადმი პატივისცემა და მიჯაჭვულობა ჰქონდეს. თუკი ადამიანს დასაკარგი არაფერი აქვს კონკრეტული სახელმწიფოს წარუმატებლობის შემთხვევაში, ის ამ სახელმწიფოს თანამონაწილეც ვერ იქნება. მისთვის კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობა არ არის მოტივაციის მომცემი, მითუმეტეს, თუ ის ვერ ამჩნევს თავის გარშემო წინსვლას თავისი შრომის შედეგად. ჭიათურაში არსებული ვითარება ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის.
საკანონმდებლო ორგანოს საგამოძიებო თემატური სპეციალური კომისიების შექმნის კომპეტენცია საქართველოს კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული და აშშ-ის კონსტიტუციითაც. ახლა შევადაროთ. ადრე ვუსმინე ელისაბედ უორენის, ამერიკელ სენატორს, კონგრესში საძიებო სხდომაზე გამოსვლას. ის საჯაროდ უსვამდა კითხვებს ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რომლის ბანკშიც მომხმარებელთა ნებისა და თანხმობის გარეშე მათ უხსნიდნენ რამდენიმე ანგარიშსა და საბანკო პროდუქტს. აქაოდა, ბაზარზე ეჩვენებინათ, როგორი ნდობით სარგებლობენ კლიენტებში, რომ ერთზე მეტ ანგარიშსაც კი ხსნიან. ამას ბაზარზე იმ ბანკის აქციების ფასის ზრდა უნდა გამოეწვია. ზოგიერთი მომხმარებელი დაზარალდა, რადგან მოუწიათ საკომისიოების გადახდა არარსებულ ანგარიშებში, ზოგს საკრედიტო ისტორიასთან შეექმნა პრობლემა.
როცა გასაჯაროვდა ეს ამბავი, ბანკის ხელმძღვანელობამ ათასობით რიგითი თანამშრომელი გაათავისუფლა, ჩვენ არ გეუბნებოდით, მომხმარებლებს მათი ცოდნის გარეშე გაუხსენით ანგარიშებიო. არადა იმ რიგით თანამშრომლებზე თურმე ზეწოლას ახდენდნენ, ამდენი და ამდენი საბანკო პროდუქტი უნდა შექმნათო. სხდომა საჯარო იყო, აბა იუთუბზე ხომ არ დაიდებოდა მისი ჩანაწერი ღია ნახვებისთვის. სენატორი ელისაბედ უორენი კითხვებს უსვამდა არა საჯარო, არამედ კერძო სტრუქტურის წარმომადგენელს. ის დაიბარეს კონგრესში, გამოიძახეს საგამოძიებო სხდომაზე, უსვამდნენ კითხვებს და ის, კერძო ბიზნესის წარმომადგენელი პასუხობდა.
არ მახსენდება საქართველოში რომ მომხდარიყოს მსგავსი რამ. არადა ისეთი კომპლექსური, მაღალი, საჯარო ღირებულებისა და საზოგადოებრივი ინტერესისა საკითხის გამოკვლევა, როგორიც ქ. ჭიათურაში და მის მიმდებარედ არსებული ვითარება, მოსახლეობის შრომითი, სოციალური, სანიტარული, სამედიცინო, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებისა და გარემოსდაცვითი უფლებების დაცულობაა, ნამდვილად საჭიროა სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.
ავტორის შესახებ:
„ბათუმელები“ იწყებს სტატიების ციკლის გამოაქვეყნებას ერთი დღე ჭიათურულად. სტატიის ავტორი ესმა გუმბერიძე.
ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.
ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.
სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგებს გეგმავს. ტრენინგებზე სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტების ტექნიკური მენეჯერები სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს გაეცნობიან. ტრენინგების დროს ისინი მიიღებენ ინფორმაციას სახანძრო უსაფრთხოების შესახებ კანონში მოსალოდნელი ცვლილებებისა და რეგულაციების შესახებ.
„პირველ ეტაპზე ჩვენ 80 სასტუმროდან სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ მოქალაქეს გადავამზადებთ. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კანონით დადგენილი კომპეტენციებით ვერ ანხორციელებს განთავსების ობიექტების მონიტორინგს,“-ამბობენ ტურიზმის დეპარტამენტში.
ტრენინგები უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ რეგისტრირებული განთავსების ობიექტის წარმომადგენელს, რომელსაც სურს უსაფრთხოების საკითხების კუთხით არსებული სტანდარტების გაცნობა და განთავსების ობიექტების გამართულად მუშაობა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს 27 მარტიდან დაიწყებს და აპრილის ბოლოს დაასრულებს.
22 მარტს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს. შესაბამისად, აღნიშნული დროის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის მგზავრთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, შეიზღუდება.
ამ წუთებში აღსრულების პოლიცია ბათუმში, საიათნოვას 4-დან ალექსანდრა ტერუნს ასახლებს. პოლიციას ჩაკეტილი აქვს შესასვლელი ჭიშკარი და არავის უშვებენ, მათ შორის, 82 წლის მოხუცის მინდობილ პირს.
ალექსანდრა სახლის ეზოში ზის და ამბობს, რომ ბინას არ დატოვებს.
82 წლის ალექსანდრა ტერუნმა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე ორი დღის წინ ამწეთი შევიდა. იგი ამ ბინაში 1983 წლიდან ცხოვრობდა, ქუჩაში კი მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა მეზობელმა იყიდა, ვისთანაც მოხუცს სასამართლოში დავა აქვს. მოხუცის თქმით, ის არაერთხელ გახდა ამ ოჯახისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
აღსრულების პოლიცია
მეზობელს, რომელიც ამ ბინის კანონიერი მესაკუთრეა, ბინის შესასვლელი კარი აჭედილი ჰქონდა. ალექსანდრას ბინიდან გამოსვლის, ასევე სველი წერტილებით სარგებლობის საშუალება არ აქვს. ბინაში არც შუქია.
აჭარაში მოგზაურობას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ეს რეგიონი ყოველთვის იზიდავს ადამიანებს, როგორც დღესასწაული, რომელიც ოთხივე სეზონზე გრძელდება. არ მოგიყვებით, რატომ უნდა ჩამოხვიდეთ აჭარაში, გირჩევთ, ნახოთ აჭარის ყველა ფერი ერთ ფოტორეპორტაჟში და იპოვოთ თქვენი ფავორიტი.
გაზაფხულზე ბათუმში გლიცინიები ყვავის. ფოტო: „ბათუმელები“ბათუმის ნავსადგურთან გასეირნება ამ დროს განსაკუთრებით სასიამოვნოა, მზე ჯერ არ აჭერს, ჰაერში ზღვის და ყვავილების სუნი ტრიალებს. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აჭარის ალპურ საძოვრებზე თოვლი უკვე დნება, მაისში მწყემსები საქონელს იალაღებზე გადაიყვანენ. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბოტანიკური ბაღის პანორამული ხედები ფერადია, როგორც არასდროს. ფოტო: ბათუმის ბულვარი
ზაფხულის ფერები
ბათუმში, ზღვის ჩასვლისას, ამ ფერის ცა გინახავთ? ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიეს მტირალას ეროვნული პარკია, მწვანე, დაბურული ტყეებისა და ჩანჩქერების ადგილი. ცხელ ზაფხულში აქ გასეირნება ნეტარებაა. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ეს ხიდი სამი საუკუნისაა და შუახევში მდებარეობს. ნანახი გაქვს? ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ეს ისპანის ჭაობია, ქობულეთის დაცული ტერიტორიები. ამ ადგილს რამსარის კონვენცია იცავს, საერთაშორისო მნიშვნელობის გამო. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გზა ალპური საძოვრებისკენ მინდვრის ყვავილებით მოფენილ მდელოებზე გადის. ფოტო: „ბათუმელები“გზად მწყემსი ქალები გემრიელი ყავითაც შეიძლება გაგიმასპინძლდნენ. ფოტო: „ბათუმელები“ეს შავი ტბაა, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
შემოდგომის ფერები
ეს ჯადოსნური ადგილი კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზეა, ქობულეთში. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბათუმის დელფინარიუმი ოთხივე სეზონზე მუშაობს, ეს ტურისტების საყვარელი ადგილია. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ეს კი შემოდგომის ფერებით ანთებული ბოტანიკური ბაღია.
ზამთრის ფერები
კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ცხელი აჭარული ხაჭაპური უცებ გაგახსენებთ ზღვას და ზაფხულს. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიგოდერძი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
თუ გაგიმართლა და ბათუმში გათოვდა, ზღვაზე თოვა არასდროს დაგავიწყდება. ფოტო: „ბათუმელები“ბათუმში ახალ წელს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
მეწყრის პრევენციული ღონისძიებების პროექტი ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა ქედის თვითმმართველობისთვის. მეტიც, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია ოპტიმისტურია და რამდენიმე წელიწადში ეკომიგრანტთა პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას პროგნოზირებენ. ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკოლოგიური საფრთხის პრევენციისთვის გარკვეული თანხა გამოიყოფა. 60-მდე სოფელში ეწყობა სანიაღვრეები, გაბიონები, წყალშემკრები არხები, ხიდები და ა.შ.
სამუშაოები 29 საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს
მიმდინარე წელს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძებებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 480 900 ლარია გათვალისწინებული, მათგან ამ დროისთვის 394 000 ლარზე სახელმწიფო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სამუშაოები თითქმის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს. ხაზგასასმელია უშუალოდ 29 საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე პრევენციული სამუშაოები, რომელიც ქედის მერის პირველმა მოადგილემ, როლანდ ბერიძემ დაათვალიერა.
აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წლის ბოლომდე გაიზარდოს.
საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაა. მოქალაქეები მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დავობენ. დავის საგანი იმ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა, რომელიც სხვადასხვა რელიგიურ კონფესიის საკუთრებაშია.
მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმ სამართლებრივ ნორმას, რომლის მიხედვითაც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ღონისძიებები.
„კერძოდ, სადავო ნორმა გამორიცხავს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებას, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ძეგლებზე ჩაატარონ გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები და რელიგიურ კონფესიებს დააკისრონ პასუხისმგებლობა მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების ან ნებართვის პირობების დარღვევისათვის,“ – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში.
მოსარჩელეთა მტკიცებით, სახელმწიფო არასრულფასოვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ კონსტიტუციურ ვალდებულებას – დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
„სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გონივრული მოლოდინის არსებობას, რომ გარემოს დაზიანების შემთხვევაში, ნებისმიერი პირის მიმართ გამოყენებული იქნება სამართლებრივი ზემოქმედების ადეკვატური საშუალებები. სახელმწიფო ვალდებულია, შექნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ,“ – წერია კონსტიტუციურ სარჩელში.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას, როცა სახელმწიფო თავის პოზიტიურ ვალდებულებას არ ახორციელებს:
„ადგილი აქვს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას, რადგან სადავო ნორმის შედეგად არ არის გარანტირებული კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების არშესრულების გამო“.
სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოელგია განიხილავს.
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, 2018 წლის 22 მარტის დილის 8 საათიდან ამავე დღის საღამოს 8 საათამდე მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარება დროებით იქნება შეჩერებული.
ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში.
საკონსულოს ინფორმაციით, საზღვარზე მიმოსვლის შეჩერება თურქეთის მხარეს კომპიუტერული სისტემის ახალ შენობაში გადატანას უკავშირდება.
დღეს ბათუმში, ბაგრატიონისა და სოხუმის ქუჩების კვეთაში, სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტზე ორი ფიზიკური პირი დააჯარიმეს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოკვლევა ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს, რის შედეგადაც ორი ფიზიკური პირი 150 და 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.
ადმინისტრაციული სახის ჯარიმა ასევე გათვალისწინებულია სამშენებლო ნარჩენების ნაგვის ყუთებში განთავსებისთვისაც.
ლონდონელ მხატვარს, ემი შაროქსს, უცნაური იდეა მოუვიდა, 2013 წლიდან მოგზაურობა დაიწყო და წყლის მუზეუმის შესაქმნელად ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში არც მეტი, არ ნაკლები, უბრალოდ სითხეების შეგროვება დაიწყო.
მის მიერ წარმოდგენილ გამოფენაზე, მაგალითად, წარმოდგენილია წყალი, რომელიც დამდნარი თოვლის ბაბუასგან დარჩა, ე.წ. წმინდა – ნაკურთხი წყლები, დონორებისა და მოხალისეების მიერ შეგროვილი ცრემლები, ოფლი და დახურულ სივრცეში სუნთქვისას წარმოქმნილი ორთქლის წვეთებიც კი.
„მენსტრუალური სისხლი, შეგროვების თარიღი: 10.02.18 წარმოქმნის დრო: დილის 9 საათიდან შუაღამის 2:15-მდე. დონორის სახელი სარა ტომპსონი. კატალოგის ნომერი 1194“- ეს გამოფენაზე წარმოდგენილი წითელი სითხით სავსე ერთ-ერთი ბოთლის ეტიკეტია.
გამოფენის იდეის ავტორი, ემი შაროქსი მიიჩნევს, რომ ეს არის ამბების თხრობის ერთგვარი ფორმა, რადგან ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მუზეუმისთვის მიაქვთ შეგროვილი სითხეები, რაც მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. თუმცა პროექტის გუნდი საგამოფენო „ექსპონატებს“ საგულდაგულოდ არჩევს და ცხადია, მოხალისეთა მიერ შეგროვილი ყველა სითხე გამოფენაზე ვერ მოხვდა.
აქ დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს კილიმანჯაროს თოვლის ნადნობი წყალი, წყლით სავსე ბოთლები ტყუპი ბავშვებისა, რომლებიც დედას გაუჩნდა ოთხი, ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობის, უშედეგო მედიკამენტოზური მკურნალობისა და სამი უშედეგო ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ.
ყველა ექსპონატს დართული აქვს ხელნაწერი, აღწერა, ზოგს ხმოვანი ჩანაწერიც, რომლის საშუალებითაც დონორები ყვებიან, რით არის ბოთლში მოთავსებული სითხე მათთვის მნიშვნელოვანი და მათი ცხოვრების რა მომენტებს უკავშირდება ესა თუ ის ექსპონატი.
გამოფენაზე ნახავთ წყლის ბოთლს, რომელსაც სირიელი ლტოლვილი ქალი ინახავდა 2 მცირეწლოვანი შვილისთვის, როცა ნავით, 83 დანარჩენ ლტოლვილთან ერთად, აღდგომის კუნძულს აფარებდნენ თავს 21 დღის განმავლობაში.
„Guardian“-თან საუბრისას გამოფენის იდეის ავტორი, ემი შაროქსი, ჰყვება, რომ ერთი ქალი, მას შემდეგ, რაც ხმა გავრცელდა, რომ მსგავსი პროექტისთვის სითხეები გროვდებოდა, შეხვდა მას და უსიტყვოდ გადასცა პატარა ბოთლი წერილითურთ. ემიმ ხელნაწერიდან ამოიკითხა, რომ ეს მისი ჩვილი ბავშვის გარდაცვალებისას დაღვრილი ცრემლები იყო. ბოთლი სავსე იყო სითხით.
„არც ერთს არაფერი გვითქვამს, უსიტყვოდ ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ავტირდით“, ამბობს გამოფენის ორგანიზატორი „გარდიანთან“.
„ეს იმ მდინარის წყალია, რომელშიც თავის დახრჩობას ვაპირებდი, მაგრამ ბოლო მომენტში გადავიფიქრე და სიცოცხლე, სიმამაცე ვარჩიე ყველა იმ ადამიანის გამო, რომელიც მიყვარს,“- ესეც უცნაურ გამოფენაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ბოთლის წარწერაა.
უცნაური, ერთი შეხედვით, აბსურდული გამოფენის ორგანიზატორი მიიჩნევს, რომ შეიძლება სხვა სამუზეუმო ექსპონატებისგან განსხვავებით ამ სითხეებმა ვერ გაძლოს და ცხადია, აორთქლდება ყველა მათგანი, ან გასასვლელს იპოვის ჭურჭლიდან ადრე თუ გვიან, მაგრამ სხვათა ცხოვრების ამსახველი სითხეები აორთქლებისასაც არ იკარგება, უბრალოდ ერევა სივრცეს და ამგვარად ადამიანები ერთმანეთის ამბებს გაუაზრებლად იზიარებენ, „ისუნთქავენ“.
წყლის მუზეუმის გამოფენა ლონდონის ხელოვნების ცენტრ Fremantle-ში 23 მარტამდე დარჩება, თუმცა ექსპონატების დათვალიერება წარწერებითურთ მუზეუმის ვებგვერდზეცაა შესაძლებელი.
ბათუმის ზოოკუთხის განყოფილების ხელმძღვანელის – ამირან მურვანიძის საჩივარი მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სრულად დააკმაყოფილა. ამირან მურვანიძე ბათუმის „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ წინააღმდეგ დავობდა, საიდანაც იგი გასული წლის აპრილში გაათავისუფლეს.
სასამართლომ მერიას დაქვემდებარებულ უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ასევე განაცთურის ანაზღაურება დააკისრა, რაც ამ დროისთვის უკვე 11 ათას ლარს შეადგენს.
„გათავისუფლების მიზეზში მითითებული იყო მხოლოდ არასაკმარისი კვალიფიკაცია, რაც დადასტურებული არ იყო. სააგენტო გათავისუფლების შემდეგ ეცადა, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო მტკიცებულებების შეგროვებას,“ – გვითხრა სასამართლო პროცესის შემდეგ ადვოკატმა, ვალერიან გიორგაძემ.
ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.
ზოოკუთხის განყოფილების უფროსის გათავისუფლება, ზოოპარკში ცხოველების დაღუპვას უკავშირდება. თუმცა ამირან მურვანიძე ამბობს, რომ პრობლემების შესახებ ის ხელმძღვანელობას ყოველთვის საქმის კურსში აყენებდა. „ალეკო თევზაძეს ჰქონდა აბსოლუტურად რეალური ინფორმაცია, რა პრობლემებიც იყო. რატომღაც ხდებოდა იგნორირება,“ – ამბობს ის.
რის გამო დაიღუპნენ ცხოველები ბათუმის ზოოპარკში? – „სულ დაეცა 26 ცხოველი, მათ შორის, ზოგი ისეთი, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 3 – 5 წელი იყო. სასურველია, რომ არ დაეცეს, იყოს გამართული ვეტერინარული მომსახურება და შესაბამისი კლინიკური პირობები, რაც ზოოპარკს არ გააჩნია,“ – გვითხრა ამირან მურვანიძემ.
ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მიმდინარე მშენებლობაზე ამწე გამოვიდა მწყობრიდან – ამწეს ერთი ფრთა მოტყდა და ჩამოვარდა. ამ ადგილზე 18-სართულიან სახლს კომპანია „ჩემი სახლი“ აშენებს. შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
კომპანიის იურისტის, ამირან ცეცხლაძის ინფორმაციით, ამ წუთებში ამწეს დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი დაიწყეს.
მსგავსი ტიპის შემთხვევებს ზედამხედველობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება უწევს. ამ დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ ახვლედიანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების წესების დარღვევას:
„რომ არ ყოფილიყო დარღვევა, ეს შედეგი არ დადგებოდა. მიმდინარეობს მოკვლევა და დავადგენთ, რა მოხდა და რის გამო. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სანქცია გატარდება კოდექსის მიხედვით, შეიძლება ეს იყოს ფულადი ან უფრო მძიმე ჯარიმაც. შეიძლება ამწის ექსპლუატაციის აკრძალვის თემაც დადგეს დღის წესრიგში. გამოკვლევამდე შიდა სამუშაოების გაგრძელების პრობლემა არ იქნება, ამ შემთხვევაში მომატებული საფრთხის შემცველი ობიექტი ამწე მექანიზმია.“
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
“შემოვიდეს მოწმე”, – თქვა მოსამართლემ და სასამართლო დარბაზში დუმილი მოწმის ნაბიჯების ხმამ დაარღვია. მან დარბაზს ფრთხილად მოავლო თვალი და როცა ბრალდებულები შენიშნა, მაშინვე აარიდა მზერა, შეჩერდა. მანდატურმა ხელით მიანიშნა, აქ უნდა დადგეთო. მოწმე გია იანუსოვმა თხრობა დაიწო.
“მე 2009 წელს დამაკავეს. ციხის მისაღებში ჩხრეკა ჩამიტარეს. მერე მითხრეს გაიხადე ყველაფერიო. გავიხადე. მითხრეს, უნდა ითანამშრომლო ჩვენთანო. უარი ვუთხარი. კარგი, ჩაიცვიო. გაიარ-გამოიარეს და ისევ გაიხადეო. გავიხადე და იგივე კითხვა დამისვეს. უარი როცა ვუთხარი, დამარტყეს… მერე კორიდორში გამიყვანეს. სირბილით მიხვალ ბოლომდე და მერე უკან დაბრუნდებიო. ძალიან რთულია, თან როცა ხელები უკან გაქვს შეკრული, თან ასაკში ხარ… როცა დავბრუნდი, ისევ დამიწყეს ცემა. რატომ მცემდნენ არ ვიცოდი… ისე მტკიოდა სხეული, 6 თვე წესიერად ვერ დავდიოდი. ექიმმა გამაყუჩებელი მომცა, მაგრამ არ მშველოდა, სხვა პატიმრებს ვთხოვდი, იქნებ რაც არ გჭირდებათ, მე მომცეთ-მეთქი,” – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა ყოფილმა პატიმარმა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ციხის ყოფილ უფროსებს პატიმრებთან.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ „ციხის ყოფილი უფროსების“ საქმის განხილვა განახლდა. ბოლო სხდომა ამ საქმეზე გასული წლის 30 მარტს ჩაატარა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.
გამოძიება ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში სულ 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის განხილვა სასამართლომ 2014 წლის 4 მარტს დაიწყო, სასამართლოს მხოლოდ 40-მდე მოწმის ჩვენება აქვს მოსმენილი.
თუკი წლის ბოლომდე გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას ბრალს ვერ დაუმტკიცებენ, საქმის განხილვა უნდა შეწყდეს. კანონის მიხედვით, საქმე, რომლის განხილვაც 2016 წლამდე დაიწყო სასამართლომ, 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს.
მოწმის გამოძახებამდე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა “ბათუმელებში” ამ თემაზე გამოქვეყნებული სტატია ახსენა და განმარტა, რომ საქმის განხილვას იგი წლის ბოლომდე აუცილებლად დაასრულებს. მან რამდენიმე დღე დააანონსა, როცა სასამართლო დილიდან საღამომდე მოწმეთა ჩვენებებს მოისმენს.
“თუკი საქმე ვერ დასრულდება, მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,” – დასძინა მოსამართლემ.
“რატომ არ შეიტანეთ საჩივარი?” – მიმართა ყოფილ პატიმარს პროკურორმა, რამაზ შავაძემ.
“ბატონო პროკურორო, არ იცით, რა ხდებოდა იმ სისტემაში?” – იკითხა მოწმე გია იანუსოვმა და პროკურორს შეხედა.
მოწმემ თქვა, რომ მას კონკრეტულად რეჟიმის უფროსთან – ზაზა ჯიქიასთან ჰქონდა შეხება, გიორგი ვეკუას კი არ იცნობს.
პროკურორის კითხვაზე, რას აკეთებდა ზაზა ვეკუა, მოწმემ მოკლედ უპასუხა:
“იქ, ოთახში, სადაც მცემდნენ, რამდენიმე პირი იყო, მათ შორის ზაზა ჯიქია. ისე მირტყამდნენ, რომ თავში ხელები მქონდა წაფარებული აი ასე, ვეღარავის ვხედავდი…”
“ისეთი ამბავი იყო, დედა შვილს არ ეიყვანდა ხელში,” – მიმართა მოსამართლეს კიდევ ერთმა მოწმემ, მალხაზ გვიანიძემ. ისიც ყოფილი პატიმარია.
“რა ვთქვა, რა გითხრათ? რა უნდა მოგიყვეთ? ეს ამბავი მთელმა მსოფლიომ იცის უკვე და ისევ ჩვენ უნდა ვთქვათ რამე?… ცემას ზაზა ჯიქია იწყებდა და გიორგი ვეკუა ასრულებდა, ერთმანეთზე უარესები იყვნენ… მე დანაშაულის აღიარება არ მინდოდა, აღიარებას მთხოვდნენ,” – აღნიშნა მოწმემ.
მოწმეებისთვის შეკითხვა ბრალდებულებს არ დაუსვამთ.
“რას მიყურებთ, არ მოგეწონეთ?”- ხმამაღლა მიმართა ყოფილმა პატიმარმა ყოფილ უფროსებს. იგი მოსამართლემ შეაჩერა სიტყვებით: “თქვენ სასამართლო დარბაზში ხართ”.
“აგენს რა უნდა გარეთ, სადაა სამართალი,” – ჩაილაპარაკა ყოფილმა პატიმარმა, ვიდრე იგი სასამართლო დარბაზს დატოვებდა.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, ბათუმში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი რვა ადგილზე აღებული ნიმუშის მიხედვით, ნორმის ფარგლებშია.
როგორც სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, გოგირდწყალბადის, გოგირდის დიოქსიდის, მტვრის და ნახშირწყალბადის შემცველობა გაიზომა.
წინა კვლევებმა, რომლებიც ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, ე.წ. სამრეწველო ზონაში იყო ჩატარებული, აჩვენა, რომ ჰაერში ნორმაზე მეტი იყო მავნე ნივთიერებები. ამ ადგილებში შეიცვალა თუ არა მდგომარეობა, როგორც სამმართველოში გვეუბნებიან, მათ ინფორმაცია არ აქვთ.
„ჩვენ მხოლოდ ნიმუშების აღება გვევალება, გადამოწმება არის გარემოს ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენცია, მან უნდა მოიკვლიოს დაბინძურების წყარო და მიიღოს შესაბამისი ზომები“, – თქვა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა, ნუგზარ პაპუნიძემ.
ამჯერად ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა გაიზომა რვა ადგილზე, მათ შორის ბენზეში, ბარცხანის დასახლებასა და ხელვაჩაურის ტერიტორიაზე. კვლევების მიხედვით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია“, – გვითხრეს გარემოს დაცვის სამმართველოში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, ღია ფერის კანის მქონე მოსახლეობაში, კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა კანის კიბოა. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი ულტრაიისფერი გამოსხივებაა. ულტრაიისფერი გამოსხივების ძირითადი წყარო მზეა, მაგრამ ბოლო 30 წლის მანძილზე, მსოფლიო მასშტაბით იმატა ულტრაიისფერი სხივების ისეთმა ხელოვნურმა წყაროებმა, როგორიცაა სოლარიუმი და სხვა მსგავსი მოწყობილობები.
დღეს ბათუმის ავტოტრანსპორტის 4:30 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 273 ადამიანი დაჯარიმდა. პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა – 223, ნიშანში დგომისთვის – 31, ტროტუარზე დგომის გამო – 12, დგომა-გაჩერების წესის დარღვევაზე – 6 და 1 – იდგა ავტობუსის გაჩერებაზე.
პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი კვირის განმავლობაში:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 19 მარტს, სკოლის საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო.
როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რეგისტრაციის დაწყების შესახებ სკოლის დირექტორებმა უკვე მიიღეს ინფორმაცია. „2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები 19 მარტის 12:00 საათიდან 2 აპრილის 18:00 საათამდე უნდა დაარეგისტრირონ სკოლებმა“.
რაც შეეხება გამოცდების განრიგს, ჯერ დამტკიცებული არ არის. „განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება,“- ამბობენ გამოცდების ცენტრში.
2018 წლის 19 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეზენტაცია თემაზე: „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“.
შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში
ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რაოდენობის, მათი ადგილმდებარეობის, აგების თარიღის, ფუნქციური დანიშნულების და ა.შ. შესახებ.
ასევე, ფაკულტეტს გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაცული სრულყოფილი და სისტემატიზებული საინფორმაციო ბაზა, რომელიც თითოეული ძეგლის შესახებ შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ მონაცემებს, ფოტომასალას და ელექტრონულ რუკებს.
ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ აცხადებსყოველკვირეულ ფოტოკონკურსს თემების მიხედვით. კონკურსში მონაწილეობა მთელი მსოფლიოს დამწყებ, მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს შეუძლიათ – ყველას, ვისაც გადაღება უყვარს და მიიჩნევს, რომ საქმე კარგად გამოსდის.
კონკურსის ამ კვირის თემაა „სივიწროვე“.
ამ კვირის ფოტოკონკურსის მონაწილეებმა „სივიწროვის“ თემაზე უნდა გადაიღონ ფოტო, სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში აღწერონ, სად არის კადრი გადაღებული, სად ჩანს ფოტოზე „სივიწროვის“ თემა, რა ხდება კადრზე და ა.შ.
ბრიტანული გამოცემის გუნდი შერჩეულ, საუკეთესო კადრებს კვირას, 25 მარტს „Guardian”-ის გალერეაში გამოაქვეყნებს რუბრიკა: Observer New Review-ის გვერდზე. რუბრიკის მიზანი სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებისა და გამოცემა „Guardian”-ის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
ფოტოკონკურსის დედლაინი 21 მარტის 10:00 საათია, ბრიტანეთის დროით.
კონკურსზე ფოტოს გასაგზავნად გადადით ლინკზე, აირჩიეთ გრაფა: Add your contribution და მიყევით მითითებებს.
“ზაფხული იყო. უცებ პოლიციელები მოვიდნენ… აივანზე ნახეს კანაფი. ოთხი ძირი მქონდა დარგული სულ. პატარები იყო ძალიან, ჯერ ფოთოლს ვერ შეაწყვეტდი,” – უთხრა მოსამართლეს ჯამბულ გვიანიძემ. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივაციას ედავება.
ჯამბულ გვიანიძემ გასულ წელს მოიგო დავა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჯამბულ გვიანიძის საქმეზე სასამართლომ თქვა, რომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურია.
ჯამბულ გვიანიძეს 4 ძირი კანაფის მოყვანისთვის 4-დან 7 წლამდე ელოდა თავისუფლების აღკვეთა. საკონსტიტუციო სასამართლომ 151 გრამამდე ნედლი კანაფის მოყვანაზე მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო კანაფის კულტივაციაზე საბოლოო სიტყვას იტყოდა, საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძემ შეაჩერა. დღეს ჯამბულ გვიანიძის საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს.
ეს ის შემთხვევაა, როცა სასამართლოს შეუძლია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მაგრამ “დამნაშავეს” ვერ დასჯის. პარლამენტს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით უნდა დაისაჯოს ადამიანი 151 გრამამდე კანაფის მოყვანისთვის. ანუ კანაფის მოყვანა დასჯადია, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს არც ერთ კონკრეტულ სასჯელს.
ჯამბულ გვიანიძეს კანაფის მოყვანის გარდა, მარიხუანას შეძენა-შენახვასაც ედავება გამოძიება. მარიხუანა მას პოლიციელებმა შარვლის ჯიბეში უპოვეს. ამ მუხლზეც თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გაუქმებულია 2015 წლიდან, როცა ბექა წიქარიშვილის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ.
გასულ წელს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში და 70 გრამამდე მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით ჯარიმის, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება დაადგინა.
“ჯამბულ გვიანიძის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა,” – აღნიშნა დასკვნით სიტყვაში პროკურორმა მიქაელ ქობულაძემ.
“ეს არ იქნება კანონიერი,” – თქვა ადვოკატმა ვაჟა ხახუტაიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჯამბულ გვიანიძის აივანზე კანაფი პოლიციელებმა 2015 წელს იპოვეს, ჯარიმის შეფარდების უფლება კი სასამართლოს 2017 წელს მიეცა.
“შესაძლოა, დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ მას ვერაფერს მიუსჯიან,” – მიიჩნევს ადვოკატი.
მოსამართლე ლევან გელოვანი საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.
“სააფთიაქო ნარკომანიას მიხედონ ჯობია, რიგები დგას ახალგაზრდების. მე 25 წელია ვთესავ და მომყავს კანაფი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის,” – გვითხრა ჯამბულ გვიანიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ. იგი 12-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“ ბათუმის მერიის შინმოვლის პროგრამის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა, რომელიც „სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფმა“ ჩაატარა, ბოლო რამდენიმე წელს მოიცავს.
ორგანიზაცია „შინმოვლა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, უჩა ვახანიამ, ამ თემაზე დღეს, 19 მარტს, ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, მერიის შინმოვლის პროგრამა არის შინმოვლის ყველაზე ცუდი მაგალითი, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას ვერ იღებენ.
„როგორც ვიცით, ამ დროისთვის მერიის შინმოვლის პროგრამით 90 ადამიანი სარგებლობს, ჩვენ მხოლოდ 17 მათგანის გამოკითხვა მოვახერხეთ. თუმცა ვიდეო და ფოტომასალა უფრო მეტი გვაქვს, რადგან არის შემთხვევები, როცა პაციენტები უკმაყოფილების მიუხედავად, ამაზე საჯაროდ საუბარს მაინც თავს არიდებენ.
ბათუმის მერია პირველი იყო ვინც შინმოვლის პროგრამა დაიწყო და ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე კარგად განვითარებული პროგრამა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, რადგან ტენდერში მერიის ფავორიტი კომპანია იმარჯვებდა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა ამ მიმართულებით. ჩვენ მერიის ტენდერი რამდენჯერმე გავასაჩივრეთ და შესყიდვების სახელმწიფო სააგენტომ დისკვალიფიკაცია მისცა როგორც ტენდერში გამარჯვებულ „ტრასტკოლაბორეიშენს“, ასევე მის ქვეკონტრაქტორს „სავლეს“, რომელიც ასევე არაკომპეტენტური იყო ამ საქმეში,“ – ამბობს ვახანია.
მისი თქმით, მერიამ ტენდერების ჩაშლის შემდეგ, შინმოვლის პროგრამა ერთპირთან მოლაპარაკების გზით, საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასს“ მისცა. პროგრამის ბიუჯეტი კი, რომელიც თავდაპირველად 170 ათასი ლარი იყო, 50 ათას ლარამდე შეამცირა.
უჩა ვახანიას თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ როგორც პროგრამის შესახებ ინფორმირებულობა, ასევე მომსახურების ხარისხი, წლების მიხედვით უარესდება.
„თუკი 2016 წელს პაციენტები ამბობდნენ, რომ პროგრამის შესახებ ინფორმაციის ხარისხი იყო 17 პროცენტი, 2017 წელს არაინფორმირებულობის ხარისხი 34-პროცენტამდე გაიზარდა.
პროგრამაში გათვალისწინებული და რეალური მომსახურების შესაბამისობა თუკი 2016 წელს 64 პროცენტი იყო, გასულ წელს 14 პროცენტამდე ჩამოვიდა. პაციენტების დიდი ნაწილი, ასევე ოჯახის წევრების უკმაყოფილების ხარისხი გაიზარდა მომსახურებასთან დაკავშირებით,“ – ამბობს ვახანია.
მისი თქმით, თუკი პროგრამა თვეში ექთნის 13 ვიზიტს ითვალისწინებს, რეალურად, პაციენტთან თვეში სამჯერ მიდის ექთანი: „ექთანი პრაქტიკულად, შინმოვლაში არ ეხება პაციენტს. დაუტოვებს რაღაც წამალს და მიდის. მოვლაში არ არის ჩართული არც მასაჟისტი, არც მრავალდარგობრივი მიმართულების ექიმები. შინმოვლის პაციენტს სჭირდება დაბანა, ჩაცმა, გადაადგილება, კვება, ჰიგიენური კონტროლი. გარდა ამისა, მათ სჭირდებათ მასალების და მედიკამენტების მიწოდება და სხვადასხვა სპეციალისტების დახმარება, რასაც მერიის პროგრამის მიხედვით ვერ იღებენ“.
კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“, ხელვაჩაურის ათ სოფელში ახორციელებდა შინმოვლის პროგრამას, რომელსაც დონორი ორგანიზაციები და ნაწილობრივ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებდა, თუმცა პროგრამა უფინანსობის გამო შეწყდა.
„ჩვენი პროგრამის ფარგლებში ერთ პაციენტზე თვეში 100 ლარი იყო გათვალისწინებული, ბათუმის მერია კი ამ პროგრამის ფარგლებში თვეში 50 ლარს ხარჯავს ერთ ადამიანზე, თუმცა ხარისხი ბევრად გაუარესებულია წინა წლებთან შედარებით“ – ამბობს ვახანია.
მისი აზრით, დღეს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შინმოვლის პროგრამაზე ფაქტობრივად ფუჭად იხარჯება. მიუხედავად ამისა, შინმოვლის პროგრაგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვი იზრდება.
როგორც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, მერია შინმოვლის პროგრამაზე ბიუჯეტიდან 64 ათას ლარს ხარჯავს, რომელიც მთლიანად ჰიგიენურ საფენებსა და მედიკამენტებზე იხარჯება. „სხვა ხარჯებს მთლიანად „კარიტასი“ ანაზღაურებს“ – გვეუბნება სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო ლომთათიძე. მისი თქმით, შინმოვლის პროგრამით პაციენტები კმაყოფილი არიან.
მას შემდეგ, რაც ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამაუკა ახალაძემ, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, ზღვაში დაბრუნება გადაწყვიტა, სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ეს სააგენტო, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ამ თანამდებობაზე ხელფასი 6850 ლარია.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
სააგენტოს ევალება უზრუნველყოს საზღვაო უსაფრთხოება და საზღვაო ტრანსპორტის ფუნქციონირების სამართლებრივი მოწესრიგება, ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. მისი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ასევე საზღვაო ტრანსპორტის ტექნიკური რეგულირება და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, საზღვაო გადაზიდვა – გადაყვანების შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით.
სააგენტოს დირეტორი
იღებს გადაწყვეტილებებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზედამხედველობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას;
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახელით კომპეტენციის ფარგლებში დებს გარიგებებს, ანიჭებს უფლებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე;
კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური სახის ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს;
იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
იღებს გადაწყვეტილებას მატერიალური ფასეულობებისა და სააგენტოს სახსრების განკარგვის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად.
წარადგენს წინადადებებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით;
ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სააგენტოს დირექტორობის მსურველს უნდა ჰქონდეს მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ორწლიანი სამუშაო გამოცდილება [უპირატესობა მიენიჭება საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილებას]. უპირატესობა მიენიჭება ასევე მეტი უცხო ენის ცოდნას; კანდიდატი უნდა ფლობდეს ზოგად ინფორმაციას საზღვაო სფეროს კანონმდებლობისა და რეგულირების შესახებ.
მეორე კატეგორიის სპეციალისტის ბიოლოგის ვაკანსიაა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თანამდებობრივი სარგო 1200 ლარია.
სპეციალისტის ფუნქციების ჩამონათვალშია:
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევა სურსათსა და ცხოველის საკვებში
მცენარეთა ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მოწყობილობასთან მუშაობა,
საგამოცდო ლაბორატორიაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევისათვის, მცენარეთა ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით
შემოსული სააანალიზო ნიმუშების რეგისტრაცია და შესრულებულ სამუშაოებზე შიდა ჩანაწერების წარმოება,
საანალიზო ნიმუშების მომზადება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევისათვის, მცენარეთა ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისათვის,
ჩატარებულ კვლევებზე არსებული ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავება
გამოცდის მეთოდების აქტუალიზირება
საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის კვლევებში მონაწილეობა დადებითი შედეგით
საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის/სინჯების აღება
ცენტრის უფროსისა და ლაბორატორიის უფროსის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
საკონკურსო მოთხოვნებშია, ასევე, მაგისტრის კვალიფიკაცია, ინგლისური ენის ბ2- დონეზე ცოდნა და არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
ორი ვაკანსიაა საბაჟო დეპარტამენტში: ვაკანტურია გაფორმების ეკონომიკური ზონის „ბათუმი“ მომსახურების სამმართველოს მებაჟე-ოფიცერისა და ლოჯისტიკის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრის თანამდებობა, ორივე შემთხვევაში ანაზღაურება 1300 ლარია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა სამედიცინო საწარმოთა მართვისა და ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ორივე შემთხვევაში ხელფასი 2300 ლარია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. ამჯერად ორგანიზაცია 2013 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებული ქონებით დაინტერესდა.
აღნიშნულ პერიოდში აჭარის მთავრობამ ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 8 იურიდიულ პირს გადასცა. „უმრავლეს შემთხვევაში კომპანიებმა დათქმულ ვადებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყვეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ოფიციალური დასაბუთება, რომლის გამოც კომპანიებს ვალდებულებების შესრულება გადაუვადდათ,“ – აღნიშნულია კვლევაში.
„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2013 წლის იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით მნიშვნელოვანი საინვესტიციო პირობით 8 ობიექტი გასხვისდა: „დაგეგმილი საპრივატიზებო საფასურის ჯამური ოდენობა 16 232 360 ლარია, ხოლო განსახორციელებლი ინვესტიციის მოცულობა, 2024 წლის ჩათვლით, 342 350 000 დოლარის ექვივალენტი ლარში. ორივე მიმართულებით რეალობა გეგმას ჩამორჩება – კომპანიებს სრულად არც საპრივატიზებო საფასური აქვთ გადახდილი და არც პროექტების განხორციელება დასრულებულა დათქმულ დროს. მიუხედავად ამისა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კომპანიებს სანქციებს არ უწესებს“.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირდაპირი მიყიდვით ქონების გასხვისებისას უპირატესობას ანიჭებს კონკურენტული შერჩევის გარეშე პირდაპირი მიყიდვის ფორმას, რაც კითხვებს აჩენს გადაწყვეტილებათა გაუმჭვირვალობასა და მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ამასთან, კანონით მინიჭებული უფლებით, მთავრობის თავმჯდომარე ასეთ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას მაკონტროლებელ ორგანოს – აჭარის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ გასხვისების აქტის ხელმოწერის შემდეგ აწვდის, რაც ცხადია, ასუსტებს უმაღლესი საბჭოს მაკონტროლებელ ფუნქციას. ის, რომ ქონების გასხვისება არ ხდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, აჩენს კორუფციასთან დაკავშირებით რისკებს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც გადაცემული ობიექტები ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს და მათზე საბაზრო მოთხოვნა დიდია [როგორც წესი, არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ქალაქ ბათუმში სწორედ ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს] – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისების ყველა ხელშეკრულება და მათში შეტანილი ცვლილებები შეისწავლეს, რის საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ 8 ხელშეკრულებიდან მხოლოდ ერთში არ განხორციელებულა ცვლილებები;
ამასთან, „აჭარის კუთვნილი ქონების პირდაპირი წესით მყიდველი 8 კომპანიიდან 4-თან დაკავშირებულ პირებს [„კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფი“, „ელიტ სქიი რეზორთი“, „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“] პოლიტიკური შემოწირულობა აქვთ განხორციელებული. ჩამოთვლილთაგან ბოლო კომპანიის წარმომადგენელმა სხვადასხვა დროს თანხა გადაურიცხა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ გაერთიანებას – „საქართველო არ იყიდება“ და შემდგომში „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. ჩამოთვილი კომპანიებიდან ყველაზე ბევრი თანხა [240 000 ლარი] მოქმედ პარტიას „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ გადაურიცხა“.
დეტალური ინფორმაცია იმ მყიდველებზე, რომელთაც ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულება გადაუვადდათ, შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის კვლევაში.
2017 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ აჭარის მთავრობის მიერ 1 ლარად გასხვისებული ქონების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა.
ბათუმის ბულვარში ე.წ „პრომინადის“ გასწვრივ სასეირნო ბილიკი გადაკეტილია. აქ, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, დაზიანებულია 2 100 კვ. მეტრი სასეირნო მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში უნდა აღდგეს.
„ამ ეტაპისათვის სხვადასხვა მონაკვეთზე ბეტონის საფარის დასხმითი სამუშაოები მიმდინარეობს,“-ამბობენ „ბათუმის ბულვარში“.
აჭარაში მოგზაურობას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ეს რეგიონი ყოველთვის იზიდავს ადამიანებს, როგორც დღესასწაული, რომელიც ოთხივე სეზონზე გრძელდება, ადგილი, სადაც ბათუმიდან რამდენიმე საათში შეგიძლიათ ალპურ მინდვრებში მოხვდეთ, იდუმალი ტბებისა და ქართველი მწყემსების სამყაროში.
აჭარა ლურჯი ფერით იწყება. ეს ზღვის ფერია. ამ ზღვას ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა სტუმართმოყვარე ზღვა – Πόντος Εὔξεινος – უწოდეს. აქ მდებარეობს ბათუმი, თანამედროვე ქალაქი, სადაც ერთმანეთს ენაცვლება XIX-XX საუკუნეების ევროპული არქიტექტურა და ახალი ცათამბჯენები, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და ქალაქის ქუჩებს ლურჯად მოლივლივე ზღვისკენ მიჰყავხართ.
აჭარის სანაპიროზე მზის ჩასვლა ისეთივე გამჭვირვალე ოქროსფერია, როგორც თაფლი, რომელსაც აჭარის მთებში ამზადებენ, მზის ჩასვლის შემდეგ კი, ჰორიზონტი მეწამულ ფერად იღებება.
ზღვის ნაპირს შვიდ კილომეტრზე მიუყვება ბათუმის ბულვარი, რომელიც ყველასთვის საყვარელი სასეირნო ადგილია, კაფე-ბარებით, გასართობი ატრაქციონებით, ბუნგალოებით და ღამის კლუბებით. აქ ღამით სხვადასხვა ფერად განათებული მუსიკალური შადრევნები ცეკვავენ.
ბათუმი და აჭარის ზღვისპირა კურორტები: ქობულეთი, გონიო, სარფი და კვარიათი, ნებისმიერი გემოვნების, ასაკისა და შესაძლებლობის ადამიანს იზიდავს. აქ ყველაფერია: კამკამა ლურჯი ზღვა, თანამედროვე სასტუმროები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, კაზინოები, რესტორნები და კაფე-ბარები, სადაც უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულოს და ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ.
აუცილებლად გასინჯეთ აჭარული ხაჭაპური, ნავის ფორმის, დაბრაწულ ცომში გალმღვალი ყველისა და კვერცხის სინთეზი აჭარის ზღვასთან და მზესთან კავშირზე მიუთითებს. თუ ერთხელ გასინჯავთ, ამ გემოს ვერასოდეს დაივიწყებთ.
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ზაფხულში და ადრიან შემოდგომაზე ბათუმისა და აჭარის ზღვისპირა კურორტების პლაჟები ბევრ ტურისტს იზიდავს. ცურვისა და მზეზე გარუჯვის გარდა, შეგიძლიათ ბათუმის ყურეში, იახტ-კლუბს ეწვიოთ და ზღვაზე იახტით ან დელტაპლანით გაისეირნოთ. თუ ველოსიპედით გიყვართ სეირნობა, გახსოვდეთ, რომ ბათუმი ველომოყვარულთა ქალაქია. აქვე, ქუჩაში შეგიძლიათ დაიქირავოთ ველოსიპედი და ქალაქის ქუჩებსა და ბულვარში წითელ ველობილიკებზე ისეირნოთ.
იახტ-კლუბთან, ზღვის ლურჯ ტალღებში დარწეული იახტებისა და ნავების შორიახლოს, ქალისა და მამაკაცის თანამედროვე, მოძრავი ქანდაკება დგას, რომელსაც კავკასიური სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ამ ადგილას ხშირად ნახავთ შეყვარებულ წყვილებს.
აქვეა ბათუმის ძველი ნავსადგური. აქ შეგიძლიათ კაფეში, ფინჯან ბათუმურ ყავასთან მოკალათდეთ და ბათუმელ მეთევზეებსა და თეთრ თოლიებს დააკვირდეთ. შეიძლება ნაპირთან ახლოს მოსული დელფინების თამაშიც ნახოთ. ზღვის ძუძუმწოვრების ნახვა ნებისმიერ სეზონზე ბათუმის დელფინარიუმშიც შეგიძლიათ. ეს ადგილი ტურისტებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია, აქ დელფინებისა და ზღვის ლომების შოუს ნახავთ.
აჭარის ლაჟვარდოვან სანაპიროს მოშორდებით თუ არა, მოკლე ხანში სხვა ფერი მოგჭრით თვალს. ეს მწვანე ფერია, აჭარის ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებისა და ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარე, ალპური ტბების ფერი.
ბუნების მოყვარულთათვის აჭარა მწვანე სამოთხეა. ბათუმთან ახლოს მდებარეობს მცენარეთა უნიკალური ჯიშებით გაშენებული ბოტანიკური ბაღი, საიდანაც მთელი აჭარის ლურჯი სანაპირო ჩანს. ლურჯი და მწვანე ფერების ასეთი სიახლოვე განუმეორებელ კონტრასტს ქმნის.
ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმთან ახლოსაა ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები, სადაც ველურ ბუნებაში გასეირნებას შესძლებთ.
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
გირჩევთ, ბათუმიდან 30 კილომეტრით დაშორებულ ეროვნულ პარკს ეწვიოთ. ზღვის დონიდან 1381 მეტრზე თქვენ იმოგზაურებთ მთაზე, რომელსაც ხშირი წვიმისა და ნისლის გამო „მტირალა“ უწოდეს. ეს ადგილი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც ხელუხლებელი ბუნება აინტერესებს. მტირალასმწვანე, დაბურულ, კოლხურ ტყეებში ტურისტული ბილიკებით შეგიძლიათ გაისეირნოთ და გადაშენების პირას მყოფ, იშვიათ მცენარეებს დააკვირდეთ. გზად შეხვდებით ანკარა წყაროებს, ულამაზეს ჩანჩქერებსა და წყლის წისქვილებს. მტირალაზე შეგიძლიათ ისეირნოთ ფეხით ან ცხენებით, დარჩეთ აქვე მდებარე სასტუმროში ან კარავში, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს კი მტირალას ასწლოვან ხეებს შორის გაბმულ ბაგირზე შეუძლიათ ისრიალონ.
მანდარინისა და ლიმონის ბაღებით განთქმულ ქობულეთთან ახლოს, სადაც ჩვენს წელთაღიცხვამდე ძველი კოლხები ცხოვრობდნენ, მდებარეობს ისპანის ჭაობი. ამ ტერიტორიას რამსარის კონვენცია იცავს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ადგილს მსოფლიოში. აქ შეგიძლიათ ფეხზე ნეკერჩხლის ტოტებისგან დაწნული თხილამურები მოირგოთ და სფაგნუმის ხავსის ბალიშებით მოფენილ მინდვრებზე გაისეირნოთ. თუ ბედმა გაგიღიმათ, შეიძლება ალკუნიც ნახოთ, ულამაზესი ლურჯი ფრინველი, რომელიც აქ ბინადრობს.
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
თუ აჭარის მთებში გადაწყვეტთ მოგზაურობას, ალპური საძოვრებისა და ტბების ნახვა არ დაგავიწყდეთ. აქ შეხვდებით აჭარელ მწყემს ქალებს, რომლებსაც ზაფხულობით საქონელი საძოვრებზე მიჰყავთ, გასინჯავთ მათ მიერ დამზადებულ ყველს, „კაიმაღს“ – ადგილობრივ, უგემრიელს ნაღებსა და მთის ყვავილების ნექტარისგან დამზადებულ თაფლს.
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ალპურ საძოვრებთან ახლოს მდებარეობს ფიჭვისა და ნაძვის ტყეებით გარშემორტყმული კურორტი ბეშუმი. აქ შეგიძლიათ სასტუმროში ან კოტეჯში დარჩეთ და ახლოს მდებარე მწვანე ტბა მოინახულოთ, რომელმაც ეს სახელწოდება წყლის განსაკუთრებული ფერის გამო მიიღო.
შემოდგომაზე, როცა აჭარის ფოთლოვანი ტყეები ოქროსა და მეწამულ ფერებად იღებება, აჭარის ცაზე მილიონზე მეტი ფრინველი იწყებს ფრენას. ეს გადამფრენი ფრინველები არიან, რომლებიც ყოველ შემოდგომაზე ევრაზიის კონტინენტიდან აფრიკისკენ მიფრინავენ. აჭარა მსოფლიოში მესამე ადგილზეა გადამფრენი ფრინველების სიმრავლით. ფრინველების ამ „შოუს“ სანახავად სექტემბრის ბოლოს აქ უამრავი უცხოელი ტურისტი ჩამოდის – ფრინველებზე დამკვირვებლები, გარემოსდამცველები და მოხალისეები. ფესტივალი ყველა ტურისტისათვის უფასოა.
ზამთარი ბათუმში თბილია, მაგრამ აჭარის მთაში სამთო სათხილამურო კურორტებს შეგიძლიათ ეწვიოთ. კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს. გზა გოდერძიმდე დათოვლილ წიწვოვან ტყეს მიუყვება. კურორტზე ასულს დაგხვდებათ თანამედროვე სასტუმროები, კოტეჯები, საბაგირო გზა და სათხილამურო ტრასები. ეს ზღაპრული ადგილი თქვენ მოგზაურობას ზამთრის აჭარაში დაუვიწყარს აქცევს.
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
აჭარა ოთხი ტურისტული სეზონის მხარეა. გაზაფხულზე ტურისტებს ბათუმის ქუჩებში მოყვავილე იისფერი გლიცინიები და ბოტანიკურ ბაღში აყვავებული კამელიები იზიდავს, ზაფხულში – შავი ზღვის ჯაზფესტივალი და ზღვაზე და მთაში დასვენება, ყოველი წლის შემოდგომაზე აჭარაში საერთაშორისო მუსიკალური და საავტორო კინოს ფესტივალები იმართება, სადაც კლასიკური მუსიკისა და კინოს მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიან, ხოლო ზამთარში შეგიძლიათ აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებს ეწვიოთ და კიდევ ერთი ფერი დაიმახსოვროთ – ქათქათა თეთრი, მთიანი აჭარის დათოვლილი პეიზაჟების ფერი.
ბათუმელმა სპორტსმენმა, ზურაბ კინწურაშვილმა, საერთაშორისო ტურნირზე ტაეკვონდოში ოქროს მედალი მოიპოვა.
G-1 სარეიტინგო საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში ბელგიაში მიმდინარეობს. ტურნირში 1200 სპორტსმენი მონაწილეობს. ზურაბ კინწურაშვილი პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა ახალგაზრდებში, 51 კგ. წონით კატეგორიაში.
აჭარის ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტის, ირაკლი ცენტერაძის ინფორმაციით, ზურა კინწურაშვილი სარეიტინგო ბრძოლაში პირველად მონაწილეობს:
„ამ ტურნირში პირველ ადგილზე გასვლით ახალგაზრდა სპორტსმენის რეიტინგი წამოიწევს. უახლოეს მომავალში ზურა არგენტინაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 4 აპრილს დასრულდება. შემდეგ უკვე 7 აპრილს, ასევე არგენტინაში, დაიწყება სალიცენზიო ბრძოლა ოლიმპიადისთვის, სადაც ზურაბ კინწურაშვილიც მიიღებს მონაწილეობას“.
შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარაში, სამეგრელოსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დაკავებულია 11 პირი.
„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის 3 პისტოლეტი, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ბერეტას“ სისტემის 3 პისტოლეტი, „ჩზ“-ს მოდელის 2 პისტოლეტი, „მოსინის“ ტიპის 2 კარაბინი, „GOLD-STAR-2002“-ის მოდელის პისტოლეტი, 13 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 200 საბრძოლო ვაზნა და 1 ჯავშანჟილეტი ამოიღეს.
ასევე, აქტიურად გრძელდება მოქალაქეების მიერ პოლიციაში სხვადასხვა ტიპის იარაღისა და საბრძოლო მასალის ნებაყოფლობით წარმოდგენა“ – აცხადებს შსს – „სამცხე-ჯავახეთში ორმა მოქალაქემ ნებაყოფლობით წარმოადგინა:გადაჭრილი სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 316 საბრძოლო ვაზნა, 4 ხელყუმბარა და ხელყუმბარის 5 კორპუსი“.
მოქალაქეები, რომლებმაც იარაღი ნებაყოფლობით წარადგინა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
ალექსანდრა ტერუნი ამწეს დახმარებით ბათუმში, საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულის აივანზე გადავიდა, აივნიდან კი ბინაში შევიდა. ამ პროცესს მოქალაქეების ერთი ჯგუფი ადევნებდა თვალს. ალექსანდრა 82 წლისაა და 1983 წლიდან ამ სახლში ცხოვრობდა.
ალექსანდრა ქუჩაში მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა კი მეზობელმა იყიდა, ვისთანაც მოხუცს სასამართლოში დავა აქვს. მოხუცის თქმით, ის არაერთხელ გახდა ამ ოჯახისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
ალექსანდრა გასული წლის 25 დეკემბრიდან ქუჩაშია და ახლობლებს აფარებს თავს.
„ჩვენ არც ვიცოდით, თურმე კერძო კომპანიიდან ამწე კრანი დაუქირავებია და ისე ასულა აივანზე. აივნის კარი გახსნა და შევიდა ბინაში. მას, თავის დროზე, პირადი ნივთების გატანის უფლებაც არ მისცეს,“ – გვიყვება ალექსანდრას ინტერესების დამცველი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე.
მეზობელს, რომელიც ამ ბინის კანონიერი მესაკუთრეა, შესასვლელი კარი აჭედილი აქვს. ალექსანდრას ბინიდან გამოსვლის, ასევე სველი წერტილებით სარგებლობის საშუალება არ ექნება. ბინაში ამჟამად არც შუქია.
მოხუცის ახლობლები ყვებიან, რომ პოლიცია ამწეს წასვლამდე მოვიდა და მოხუცის აივნიდან უკან გადმოყვანას უშედეგოდ შეეცადა.
„პოლიციას ვუთხარი, რომ მოხუცი შესაძლოა გადმოყვანის დროს ცუდად გამხდარიყო. უცებ წასვლა გადაწყვიტეს,“ – ამბობს ალექსანდრას ნაცნობი. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით, რაც სხვის საკუთრებაში უკანონო შეღწევას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოასახლებს მოხუცს პოლიცია.
„აქედან მხოლოდ გამომასვენებთ, ისე აქედან ვერავინ გამიყვანს,“ – გვითხრა მოხუცმა აივნიდან.
ალექსანდრა მარტოხელაა.
მთავარი ფოტო: ალექსანდრა ტერუნი მისთვის ჩამორთმეული სახლის აივანზე
ეს გასართობი ტესტი არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ მათთვისაცაა, ვინ ამ პროფესიით აპირებს მუშაობას. როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ იყოთ კარგი მასწავლებელი? უპასუხეთ 11 შეკითხვას.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბიჭი დაახლოებით 8-10 წლისაა, იგი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ხელი აქვს დაზიანებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს -მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება,
– ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
23 მარტი, პარასკევს, 17 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, 234 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მწერალ ზურა აბაშიძესთან თემაზე – „საიდან მოდის ამბები“.
დასწრება თავისუფალია.
2017 წელს ზურა აბაშიძის მოთხრობების კრებული, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“, ლიტერატურული კონკურსის, „საბას“ ნომინაციაში – წლის საუკეთესო დებიუტი – მკითხველის რჩეული გახდა.
შეხვედრის ორგანიზატორია ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული „ლიტერატურული კლუბი“.
ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის ხომალდი USS Oak Hill დგას. ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში. მისი შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან.
დღეს ხომალდზე შესვლის და დათვალიერების საშუალება ჟურნალისტებს მიეცათ.
ხომალდის ეკიპაჟში 700-მდე წევრია. მათთან 330 მეზღვაურია, დანარჩენი კი სამხედრო მოსამსახურეები არიან. გემის მეთაურია ფილიპ ნაითი. ხომალდზე სამხედრო პირების 30 პროცენტი ქალია.
ნანა კვაჭაძის ფოტონანა კვაჭაძის ფოტონანა კვაჭაძის ფოტო
გემზე სამხედრო ტექნიკა და საზღვაო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებია განთავსებული, მათ შორის ე.წ. „ამფიბიები“, რომელსაც წყალშიც შეუძლია გადაადგილება და ხმელეთზეც.Oak Hill-ს შეუძლია ფლოტის ვეტმფრენების მიღებაც.
Oak Hill-ზე დღეს ქართველი კადეტებიც იმყოფებოდნენ სტუმრად.
ნანა კვაჭაძის ფოტო
ჟურნალისტს გემის იმ ნაწილის დათვალიერების საშუალებაც მიეცათ, საიდანაც Oak Hill-ი იმართება. როგორც აქ აგვიხსნეს ცვლა ყოველ სამ საათში ერთხელ იცვლება.
ნანა კვაჭაძის ფოტონანა კვაჭაძის ფოტონანა კვაჭაძის ფოტო
ამ ადგილიდან Oak Hill-ს მცურავი საშუალებების მიღება და გაშვება შეუძლია. ხომალდი საჭიროების შემთხვევაში სამაშველო სამუშაოებშიც ერთვება.
ნანა კვაჭაძის ფოტო
Oak Hill– ის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანია აჩვენოს ამერიკის მხირდან ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება, რაც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. საზღვაო ოპერაცია Atlantic Resolve–ის ფარგლებში მიმდინარეობს და მხარს უჭერს ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში.
18 მარტს ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან ტრადიციული ქადის ფესტივალი გაიმართა, რომელიც დიდი მარხვის დროს იმართება. ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა საგანგებოდ ამ დღისათვის მომზადებული ქადები გამოიტანეს და ფესტივალის მონაწილეებს გაუზიარეს.