მთავარი,სიახლეები

რატომ არ იცავს სახელმწიფო რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას

20.03.2018 • 1239
რატომ არ იცავს სახელმწიფო რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას

საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაა. მოქალაქეები მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დავობენ. დავის საგანი იმ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა, რომელიც სხვადასხვა რელიგიურ კონფესიის საკუთრებაშია.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმ სამართლებრივ ნორმას, რომლის მიხედვითაც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ღონისძიებები. 

„კერძოდ, სადავო ნორმა გამორიცხავს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებას, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ძეგლებზე ჩაატარონ გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები და რელიგიურ კონფესიებს დააკისრონ პასუხისმგებლობა მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების ან ნებართვის პირობების დარღვევისათვის,“ – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში. 

მოსარჩელეთა მტკიცებით, სახელმწიფო არასრულფასოვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ კონსტიტუციურ ვალდებულებას – დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

„სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გონივრული მოლოდინის არსებობას, რომ გარემოს დაზიანების შემთხვევაში, ნებისმიერი პირის მიმართ გამოყენებული იქნება სამართლებრივი ზემოქმედების ადეკვატური საშუალებები. სახელმწიფო ვალდებულია, შექნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ,“ – წერია კონსტიტუციურ სარჩელში.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას, როცა სახელმწიფო თავის პოზიტიურ ვალდებულებას არ ახორციელებს:

„ადგილი აქვს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას, რადგან სადავო ნორმის შედეგად არ არის გარანტირებული კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების არშესრულების გამო“.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოელგია განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: