მთავარი,სიახლეები

ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართება

20.03.2018 • 6078
ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართება

პირველ აპრილს ბათუმში, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ ორგანიზებით, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველა სახეობის თევზი და ზღვის პროდუქტი, რომელიც საქართველოში მოიპოვება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მეთევზეები აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან, ასევე, ბიომეურნეობები.  დაგეგმილია ფლეშმობი აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეების ჩართულობით, ასევე  ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა. გაიმართება სპორტული თევზჭერის მასტერკლასები – „დაიჭირე-გაუშვი”.

„გაზაფხულზე, როცა ჯერ ზღვის სეზონი არაა დაწყებული, მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიების ჩატარება ქალაქისთვის. თუ ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს ღვინის ფესტივალი,  თაფლის ფესტივალი და ყველის ფესტივალი, რატომ არ უნდა ჩატარდეს თევზის? თან არანაკლები ისტორიაა აქვს მეთევზეობას ჩვენს ქვეყანაში.

შარშანდელმა ფესტივალმა მნიშვნელოვანი დადებითი მუხტი გამოიწვია, დაანახა სახელმწიფო უწყებებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი.  სწორედ ჩვენი ფესტივალის შემდეგ იყო, რომ გამოცხადდა სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა  თევზჭერის დარგში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. მეთევზეობა, როგორც დარგი, აღიარებული იქნა,” – უთხრა “ბათუმელებს” ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის” გამგეობის თავმჯდომარემ, სოფო დიასამიძემ.

მისივე თქმით,  კვების ობიექტები ფესტივალზე ზღვის პროდუქტებს წარმოადგენენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, კერძები მინიმალურ ფასად შეიძინონ და დააგემოვნონ.

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი წელს ბათუმში მეორედ გაიმართება. მისი ჩატარების ადგილად „ალისა და ნინოს“ ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაა განსაზღვრული.

ფესტივალზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

თევზის ფესტივალი 2017 წელს პირველად გაიმართა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: