მთავარი,სიახლეები

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ზღვაში ბრუნდება

01.03.2018
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ზღვაში ბრუნდება

„დიდი მადლობა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, საქართველოს ყველა მეზღვაურს და საზღვაო დარგის მესვეურებს 2011 წლიდან დღემდე თანადგომისთვის, ხელშეწყობისთვის და დაფასებისთვის. ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ვუბრუნდები მეზღვაურის პროფესიას შორეული ნაოსნობის კაპიტნის რანგში და ვგეგმავ უკვე კერძო სექტორიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას,“ – ასე დაემშვიდობა ფეისბუქზე თავის უკვე ყოფილ თანამშრომლებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე, მამუკა ახალაძე.

შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სააგენტოში თავისი როლი ამოწურა და ახლა ზღვას უბრუნდება.

„12 წელზე მეტი სტაჟი მაქვს ზღვაოსნობის. ხუთი წელია საერთოდ არ  ვყოფილვარ ზღვაში და  ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. ხუთი წელი ეს არის მაქსიმალური ვადა, რომ კაპიტნობის სტატუსი შეინარჩუნო და არ დაკარგო ეს პროფესია. სააგენტოდან წასვლის უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ მე მინდა დავუბრუნდე ჩემს პროფესიას, მეზღვაურობას. გავაგრძელო შორეულ ნაოსნობაში  მუშაობა და შევინარჩუნო ეს პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ახალაძემ.

მამუკა ახალაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რვა წელი ხელმძღვანელობდა. როგორც ახალაძე ამბობს, ამ ხნის მანძილზე გუნდთან ერთად სააგენტოში მთელი რიგი სერვისების განვითარება შეძლო. ახალაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშის პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის ე.წ. შავი სიიდან ამოღებას მიიჩნევს [2015 წლის პირველ ივლისს საქართველოს საზღვაო დროშამ შავი სიიდან ნაცრისფერ სიაში გადაინაცვლა. ქვეყნის საზღვაო დროშა შავ სიაში 1998 წლიდან იყო მოხვედრილი].

რომელი კომპანიის კუთვნილი გემით იცურებს, მამუკა ახალაძემ ჯერ არ იცის. ამბობს, რომ შესაძლოა მშობლიურ “Columbia Shipmanagement“-ს დაუბრუნდეს.

„ჯერ თავიდან უნდა გავიარო გადამზადების კურსები. ხუთ წელიწადში ერთხელ ამ კურსებს ყველა მეზღვაური გადის. ამ კურსების გავლაზე დამჭირდება ერთი-ორი თვე. შემდეგ სერტიფიკატებს განვაახლებ და დავიწყებ მოძიებას. დასაქმების პრობლემა ნამდვილად არ მექნება ზღვაში, რადგან გამოცდილებაც მაქვს და ცოდნაც,“ –  ამბობს მამუკა ახალაძე.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას. სავარაუდოდ, ის ყოფილი თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: