მთავარი,სიახლეები

ერთი დღე ჭიათურულად: რა ელის ქალაქს და მის მოსახლეობას

20.03.2018 • 1989
ერთი დღე ჭიათურულად: რა ელის ქალაქს და მის მოსახლეობას

ავტორი: ესმა გუმბერიძე

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებაზე დასაქმებულებს ამ საქმიანობის გარდა არჩევანი ნაკლებად აქვთ, როგორც ქალაქს შიგნით, ისე – მის გარეთაც. მსგავსი ინდუსტრია საქართველოში სხვაგან არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, სამუშაოს მიტოვების შემთხვევაში მაღაროელებს მოუწევთ სხვა საქმის შესწავლა, სხვა ქალაქში გადასვლა, სამუშაოს მოძიება-ათვისება და იქ შესაბამისი თანხის გამომუშავება, რაც ერთობლიობაში არ არის მარტივი.

ყველამ ვიცით, რომ საქართველოში სამუშაოს მოძებნა ძალზე რთულია, მითუმეტეს ანაზღაურებადი სამუშაოსი. ისეთის, რომლიდანაც მიღებული შემოსავლით შესაძლოა ცხოვრება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური არჩევანისთვის დარჩენილი სივრცე მაღაროში დასაქმებულებს აქვთ თავიანთ შვილებთან მიმართებაში. კერძოდ კი ის, რომ ხელი შეუწყონ ჭიათურიდან მათს წასვლას, როცა გაიზრდებიან და სხვა პროფესიის არჩევას.

ამ არჩევანის განხორციელებისთვის წლებია საჭირო, სანამ ბავშვები გაიზრდებიან. მანამდე კი ჯორჯიან მანგანეზი სარგებლობს ქალაქში არსებული უალტერნატივობით და, უფრო მეტიც, ქალაქის არსებობის მანგანუმის მოპოვებაზე დამოკიდებულებით. ჩაკეტილი წრე გამოდის: ყოველგვარი გარემოსდაცვითი და სანიტარული წესების დაცვის გარეშე მანგანუმის მოპოვება ჭიათურას და მის შემოგარენს ანადგურებს, საარსებოდ უვარგის ზონად ხდის, აბინძურებს. მაგრამ ამ წარმოების დახურვა გამოიწვევს მოსახლეობის გაღატაკებას, შიმშილსა და დასახლების გაუდაბურებას. ის, რაც ჭიათურას აცოცხლებს, ნელა კლავს კიდეც.

ყველა საკუთარი სახელმწიფოს თავდადებული ენთუზიასტი ვერ იქნება. ადამიანთა უმრავლესობას სჭირდება იმის დანახვა, რომ მისი სახელმწიფო აძლევს მას ღირსეულად ცხოვრების საშუალებას, უზრუნველყოფს საჭირო გარემოს იმისთვის, რომ ამ სახელმწიფოსადმი პატივისცემა და მიჯაჭვულობა ჰქონდეს. თუკი ადამიანს დასაკარგი არაფერი აქვს კონკრეტული სახელმწიფოს წარუმატებლობის შემთხვევაში, ის ამ სახელმწიფოს თანამონაწილეც ვერ იქნება. მისთვის კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობა არ არის მოტივაციის მომცემი, მითუმეტეს, თუ ის ვერ ამჩნევს თავის გარშემო წინსვლას თავისი შრომის შედეგად. ჭიათურაში არსებული ვითარება ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის.

საკანონმდებლო ორგანოს საგამოძიებო თემატური სპეციალური კომისიების შექმნის კომპეტენცია საქართველოს კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული და აშშ-ის კონსტიტუციითაც. ახლა შევადაროთ. ადრე ვუსმინე ელისაბედ უორენის, ამერიკელ სენატორს, კონგრესში საძიებო სხდომაზე გამოსვლას. ის საჯაროდ უსვამდა კითხვებს ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რომლის ბანკშიც მომხმარებელთა ნებისა და თანხმობის გარეშე მათ უხსნიდნენ რამდენიმე ანგარიშსა და საბანკო პროდუქტს. აქაოდა, ბაზარზე ეჩვენებინათ, როგორი ნდობით სარგებლობენ კლიენტებში, რომ  ერთზე მეტ ანგარიშსაც კი ხსნიან. ამას ბაზარზე იმ ბანკის აქციების ფასის ზრდა უნდა გამოეწვია. ზოგიერთი მომხმარებელი დაზარალდა, რადგან მოუწიათ საკომისიოების გადახდა არარსებულ ანგარიშებში, ზოგს საკრედიტო ისტორიასთან შეექმნა პრობლემა.

როცა გასაჯაროვდა ეს ამბავი, ბანკის ხელმძღვანელობამ ათასობით რიგითი თანამშრომელი გაათავისუფლა, ჩვენ არ გეუბნებოდით, მომხმარებლებს მათი ცოდნის გარეშე გაუხსენით ანგარიშებიო. არადა იმ რიგით თანამშრომლებზე თურმე ზეწოლას ახდენდნენ, ამდენი და ამდენი საბანკო პროდუქტი უნდა შექმნათო. სხდომა საჯარო იყო, აბა იუთუბზე ხომ არ დაიდებოდა მისი ჩანაწერი ღია ნახვებისთვის. სენატორი ელისაბედ უორენი კითხვებს უსვამდა არა საჯარო, არამედ კერძო სტრუქტურის წარმომადგენელს. ის დაიბარეს კონგრესში, გამოიძახეს საგამოძიებო სხდომაზე, უსვამდნენ კითხვებს და ის, კერძო ბიზნესის წარმომადგენელი პასუხობდა.

არ მახსენდება საქართველოში რომ მომხდარიყოს მსგავსი რამ. არადა ისეთი კომპლექსური, მაღალი, საჯარო ღირებულებისა და საზოგადოებრივი ინტერესისა საკითხის გამოკვლევა, როგორიც ქ. ჭიათურაში და მის მიმდებარედ არსებული ვითარება, მოსახლეობის შრომითი, სოციალური, სანიტარული, სამედიცინო, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებისა და გარემოსდაცვითი უფლებების დაცულობაა, ნამდვილად საჭიროა სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.

ავტორის შესახებ:

„ბათუმელები“ იწყებს სტატიების ციკლის გამოაქვეყნებას ერთი დღე ჭიათურულად. სტატიის ავტორი ესმა გუმბერიძე.

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ესმა გუმბერიძე

 

იგივე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/121319/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: