ინფოგრაფიკა მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
ამავე თემაზე: სუიციდის სტატისტიკა საქართველოში / ავტორი: ია ფრანგიშვილი
9-10 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ,,წითელი ხიდი“ და ,,სარფი“, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების: ფ.ქ-სა და ა.ა-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 5000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით.
1-8 მაისს ლონდონში ქართული ფილმების მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება.
ფესტივალზე ძირითადად ბოლოს გადაღებულ ქართულ ფილმებს აჩვენებენ: ნანა ექვთიმიშვილის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და სხვა.
გარდა კინოჩვენებებისა, ფესტივალზე დაგეგმილია დისკუსიები ფილმების რეჟისორებთან, მუსიკალური საღამოები, ეროვნული არქივის ქართული კინოაფიშების გამოფენა და სხვა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს
ეს ფოტო, რომელზეც ბათუმში „სობოროს“ ნგრევის სამუშაოებია ასახული, 1932 წელსაა გადაღებული. ფოტოს თუ დააკვირდებით, შავკანიან მამაკაცს შენიშნავთ. სავარაუდოდ იგივე მამაკაცია გამოსახული დაახლოებით იმავე წლებში გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოზე [მარჯვნიდან მეორე]. ორივე ფოტო რეჟისორ შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექციაში ინახება.
ფოტო შოთა გუჯაბიძის არქივიდან
ფოტოზე, შესაძლოა, ყადირ გიგინეიშვილი იყოს, რომელიც გურიაში გაიზარდა და ბათუმში ცხოვრობდა.
ბათუმელი კახა გიგინეიშვილი ყადირ გიგინეიშვილის შვილიშვილია. იგი ამბობს, რომ ბაბუას მხოლოდ ერთხელ, ბავშვობაში შეხვდა:
„მშობლები განქორწინებული იყვნენ, მე დედასთან ვცხოვრობდი და მხოლოდ ერთხელ შეხვდი მას. დაახლოებით 8-9 წლის ვიქნებოდი, ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით, როცა მოვიდა შავკანიანი, მაღალი, ტანადი კაცი, ხილით სავსე პარკით და მითხრა, კახა, მე შენი ბაბუა ვარ, ეს ხილი შენ სახლში აიტანეო. სახლში არ ამოსულა. ბავშვი ვიყავი, ვერ ველაპარაკე კარგად, რაზეც გული მწყდება, მართალი გითხრათ.“
როგორ აღმოჩნდა შავკანიანი ბიჭი გიგინეიშვილების ოჯახში, ამის შესახებ კახამ მონათხრობით იცის.
კახა გიგინეიშვილი
„როგორც ვიცი, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში, გურიაში, ჯურუყვეთში, სამი დები, გიგინეიშვილები ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი დის ქმარი მეფის რუსეთის ჯარში მსახურობდა და ომში უნახავს პატარა ბიჭი, რომელიც მკვდარ დედას ეხვეოდა და ყადირ, ყადირო ყვიროდა. შეეცოდა ამას და წამოიყვანა საქართველოშიო. გიგინეიშვილების ოჯახმა გაზარდა, მისცეს გვარი და დაარქვეს მიხეილი, მაგრამ ყადირს ეძახდნენ მთელი ცხოვრება. აი, ეს ლეგენდა თუ ისტორია უკავშირდება ამ ამბავს.
მერე ცხოვრობდა ბათუმში, დაქორწინდა და დაიბადა მამაჩემიც. მითხრეს, რომ ცირკშიც გამოდიოდა, უზარმაზარი ძალის პატრონი იყო და რკინებს და გირებს ათრევდაო. სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდა ბათუმში, ხან ნაქირავებში, ერთი პერიოდი აღმაშენებლის ქუჩაზე… როგორც ვიცი, ცხოვრებისგან ძალიან გატანჯული კაცი იყო.
კიდევ ერთი პატარა ისტორია თუ ლეგენდაა, რომელიც მას უკავშირდება. წლების მერე, აქ, ბათუმში მოაკითხეს საფრანგეთიდან, მისი ნათესავები იყვნენო, ძალიან მდიდარი ხალხი იყო, უთხრეს, რომ მათი ნათესავია, ძლივს იპოვეს და წამოდი ჩვენთან ერთადო – შესთავაზეს. მას უარი უთქვამს. რამდენად სწორია ეს ამბავი არ ვიცი, მაგრამ ასე მიამბეს.
წლების მერე შემატყობინეს, რომ გარდაიცვალა და წავედით დაკრძალვაზე მე და ჩემი და. როგორც ვიცი, 80 წელზე მეტი ხნის იყო უკვე. მისი კუბო სასაფლაომდე მე მივიტანე, უკანასკნელი პატივი მივაგეთ. ერგეს სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი ფოტო არ დაგვრჩენია სამწუხაროდ. შოთა გუჯაბიძემ მაჩვენა ძველი ფოტოები, ჰგავს, მაგრამ არ შემიძლია თქმა, ის არის თუ არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი.“
სოფელ ჯურუყვეთში, სადაც ყადირ გიგინეიშვილი იზრდებოდა, მისი ამბავი ჯერ კიდევ ახსოვთ. 82 წლის ანზორ გიგინეიშვილი ამბობს, რომ თავადაც კარგად იცნობდა ყადირს, ძლიერი, „ჯანიანი კაცი იყოო“, ამბობს: „საიდან და როგორ არ ვიცი, მაგრამ დებმა გიგინეიშვილებმა იშვილეს და ზრდიდნენ. მერე ბათუმში წავიდა, ერთხელ შევხვდი კიდეც იქ. დალევა უყვარდა, ვაჟკაცი კაცი იყო“.
ქვანახშირის მოპოვება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საქმიანობად მიიჩნევა, ისევე როგორც პოლიციელობა, ჟურნალისტობა, მეზღვაურობა და მფრინავობა. უსაფრთხო შახტი არ არსებობს, არსებობს უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე მეთოდები, თუმცა თუ ადამიანი შახტში მუშაობას თანხმდება, თანხმდება მოულოდნელი სიკვდილის დიდ ალბათობასაც.
ბრიტანული გამოცემა Guardian -ი ქვანახშირის მოპოვებას „ბინძურ ბიზნესს“ უწოდებს, რომელიც მსხვერპლად მთელ მსოფლიოში ადამიანების სიცოცხლეს ითხოვს.
ბოლო რვა წლის განმავლობაში ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში 25-მდე ადამიანი დაიღუპა. სიცოცხლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია მსხვილი ბიზნესისთვის აპრობირებული მეთოდია: 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს კომპანია „საქნახშირი“ 20 000 – 20 000 ლარს გადასცემს. ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის კი გაცილებით მეტი: 50 000 – 50 000$ გაიღო კომპანიამ.
მსხვილი ბიზნესისთვის ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილს სხვადასხვა ფასი აქვს. მსხვილმა ბიზნესმა ზუსტად იცის, ვის რამდენი გადაუხადოს პროტესტის ჩასახშობად. იცის, რომ 20 000 ლარი საკმაოდ დიდი თანხაა ქალაქისთვის, სადაც შახტის გარდა სამსახურის სხვა ალტერნატივა მამაკაცებს არ აქვთ.
„საქნახშირის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცლად წაიკითხავთ, რომ ტყიბულში ქვანახშირი მე-19 საუკუნიდან მოიპოვება და რეგიონის აღორძინებასაც ამას უნდა ვუმადლოდეთ (გაურკვეველია რა იგულისხმება აღორძინებაში?)
კომპანიის მთავარ გვერდზე განთავსებული ტექსტის პათოსი მიგვანიშნებს, რომ ტყიბულში ვრცელდება „საქნახშირის“, როგორც დამსაქმებლის მონოპოლია და მოსახლეობაც მადლიერი უნდა იყოს ამ ერთდერთი შანსით სარგებლობისთვის: „ამჟამად ტყიბულში 1500-მდე მაღაროელი და შახტის სხვა პერსონალი თავიანთ ოჯახებთან ერთად, ამ სამუშაოდან მიღებული შემოსავლით ცხოვრობს“.
მიუხედავად იმისა, რომ საბადოში მუშაობით მეშახტეები სიცოცხლეს რისკავენ, მათი ხელფასი ძალიან დაბალია. მინდელის სახელობის შახტში, მაგალითად, სადაც 5 აპრილს 6 მეშახტე დაიღუპა, I კატეგორიის ზეინკლის ხელფასი 320 ლარი იყო, III კატეგორიის ზეინკლისა – 480, მემანქანის – 530, სამთო ოსტატის კი – 630 ლარი.
მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში მომუშავეთა ხელფასები ასე ნაწილდება:
„საქნახშირის“ ოფიციალურ ვებგვერდზე არაფერია ნათქვამი შახტების უსაფრთხოების ნორმებსა და დაცულობაზე, ამ საკითხს ტექსტის ბოლოს მხოლოდ ერთი ზოგადი და პატარა აბზაცი ეთმობა.
ტყიბულში 5 აპრილს, 6 მეშახტის დაღუპვის დღეს, საწარმო „საქნახშირის” მფლობელმა დავით ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მინდელის შახტში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია, საპირისპირო ინფორმაციას იძლევა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2017 წლის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მინდელისადაძიძიგურისსახელობისშახტებშია:
ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები;
გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები;
შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს;
ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში;
შახტაში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისთვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად;
ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა);
400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე;
შახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან, არ არის განათება ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა.
შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი;
მინდელის შახტაში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტრო კაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული;
ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი);
კვეშლაგში, გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე, დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა;
სამანქანო არსებული ელექტრო ფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით;
გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვა.
ფოტოგამოფენა – „საქართველო კოსმოსში“ აჭარის ხელოვნების მუზეუმში დღეს, 10 აპრილს, 17:00 საათზე გაიხსნება. მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორის, აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის პირადი ფონდიდან.
ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა ოთხი ადამიანი. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამი დაშავებული ჩაქვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს, ერთი გოგონა კი, რომელსაც მუხლი ჰქონდა დაზიანებული, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მისივე ინფორმაციით, ოთხივე პაციენტი მსუბუქადაა დაშავებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, სულხან ზუმბურიძის შემოსავლები 15 ათასი ლარით გაიზარდა 2017 წელს და 341 700 ლარს მიაღწია. ამის შესახებ სულხან ზუმბურიძეს თავის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში უწერია, რომელიც მიმდინარე წლის 31 მარტს აქვს შევსებული.
ამ დეკლარაციის მიხედვით, სულხან ზუმბურიძის შემოსავლები 15 097 ლარით, 2016 წელთან შედარებით, გაიზარდა. შესაბამისად, გასული წელს მისი შემოსავლები ყოველთვიურად 28 475 ლარი იყო.
სულხან ზუმბურიძემ, როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, 2016 წლის განმავლობაში 326 603 ლარი მიიღო შემოსავლის სახით.
სულხან ზუმბურიძის მეუღლის, ქეთი რეხვიაშვილის შემოსავალი კი გასულ წელს 92 848 ლარი ყოფილა. შესაბამისად, მისი შემოსავალი თვეში 7 737 ლარია. ქეთი რეხვიაშვილი ამ პერიოდში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა.
სულხან ზუმბურიძის 2017 წლის ქონებრივი დკლარაციის მიხედვით, მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი 419 451 ლარია.
მთავარი ფოტო: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
ბათუმის მერიის მიერ მომზადებული განკარგულების პროექტის მიხედვით, ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაბა ჩაქვში, ასევე ბათუმის ცენტრალური პარკიდან მისი გადატანა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს. საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ეს ფონდი უზრუნველყოფს ასევე უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ახალი ზოოპარკის პროექტირებასა და მის მშენებლობაში.
„…უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით ახალი ზოოპარკის მშენებლობის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების საკითხში ბათუმის მუნიციპალიტეტს დახმარებას უწევს ფონდი „ქართუ“. მას ამ კუთხით უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. ფონდი „ქართუ“ ასევე მზადაა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტერიტორიის მომზადებისას დაიწყოს ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოები“, – ნათქვამია განკარგულების პროექტში.
განკარგულების მიხედვით, ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორია დაბა ჩაქვში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მომიჯნავე [ჯამში 173338 კვადრატული მეტრი] ფართობი გაითვალისწინეს. მერიის ინფორმაციით, ეს ტერიტორია იმის გათვალისწინებით შეარჩიეს, რომ იგი იძლევა ზოოპარკის გაფართოების, ბინადართა შემატების და მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესების საშუალებას.
ბათუმის ცენტრალური პარკი. ფოტო: ია ფრანგიშვილი
ნაკვეთების უმეტესობას ზოოპარკისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტი აჭარის მთავრობას სთხოვს, ნაკვეთების ნაწილი კი მოქალაქეების მიერ თვითნებურად ყოფილა დაკავებული. განკარგულების დამტკიცების შემდეგ, მერია დაიწყებს მუშაობას მათი ვინაობების დასადგენად და ნაკვეთების გამოთავისუფლების მიზნით მათთან მოსარიგებლად მისაღები წინადადების შემუშავებას.
ზოოპარკის გადატანის იდეის გაჟღერების შემდეგ ბათუმში განსახილველ თემად იქცა გამოთავისუფლებული ტერიტორიის დატვირთვის საკითხიც. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზოოკუთხის გადატანის შემდეგ, ბათუმის ცენტრალურ პარკში 16 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია გამოთავისუფლდება, მასზე განთავსებული 18 შენობა-ნაგებობით [2070 კვადრატული მეტრი – ადმინისტრაციული, ცხოველთა სადგომები, ვოლიერები და ა.შ.]
გამოსათავისუფლებელ ტერიტორიას ერთი მხრიდან საცხოვრებელი კორპუსები, მეორე მხრიდან ნურიგელის ტბა ესაზღვრება. შესაბამისად, სოციალურ ქსელში აქტუალურია დისკუსია, ზოოკუთხის სხვა ტერიტორიაზე გადატანის შემდეგ, ხომ არ გასცემს მერია ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი სახლების ან სასტუმროების მშენებლობაზე ნებართვებს.
ამ შეკითხვას მერმა ლაშა კომახიძემ პასუხი სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე გასცა. მან თქვა, რომ გამოთავისუფლებულ ადგილებზე მერია მაღლივი კორპუსების მშენებლობას არ დაუშვებს და იქ მოიაზრება მხოლოდ გასართობი და კომერციული ობიექტები, შეიძლება გაიხსნას მსუბუქი კონსტრუქციებით აგებული კაფეებიც. საზოგადოების ნაწილი ამ იდეასაც უნდობლად უყურებს. „პარკში ხინკალი და სალათები არ გვინდა, პარკს სხვა დატვირთვა აქვს“, – ასე უპასუხეს მერს იმავე შეხვედრაზე. ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელშიც.
ხომ არ იგეგმება ზოოკუთხის ტერიტორიის – 16 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობისა და 18 შენობა-ნაგებობის [2070 კვადრატული მეტრი] გადაცემა ფონდი „ქართუსთვის“? – „ბათუმელებს“ ამ კითხვაზე ბათუმის მერიაში უპასუხეს, რომ ტერიტორია არავის გადაეცემა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩება.
ფოტო ია ფრანგიშვილი
ზოოპარკის ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გადატანის გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის ახირებად აფასებს საკრებულოს ოპოზიცია: „ეს არ გადაუწყვეტია მერს, ეს ბიძინა ივანიშვილის ახირებაა, თითქმის მთელი მწვანე კონცხი გადასცა აჭარის მთავრობამ და ახლა იქ მეზოთერაპიასთან ერთად ზოოთერაპიაც მოუნდა. დენდროფილი კია და ახლა ზოოფილიც გახდა“, – ამბობს ლევან ანთაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
ბათუმის მერიის განმარტებით, ზოოპარკის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გადატანა ხელს შეუწყობს ბაღის დამთვალიერებელთა მარშრუტში მის შეტანას და ერთიანი სერვისის მიწოდებას.
ბათუმის მერიამ ცენტრალურ პარკში არსებული ზოოკუთხის ჩაქვში გადატანასთან დაკავშირებით განკარგულების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. საკრებულო საკითხის ხვალ, 11 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს.
გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს.
ორივე გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა, ჯამში – 2835 ლარის ოდენობით.
გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
კომპანია “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, მაიაკოვსკის ქუჩაზე დაზიანდა 300 მმ-იანი წყალმომარაგების მილი. მილის აღსადგენად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც სერგი მესხის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩებს წყლის მიწოდება შეუწყდება.
კომპანიის ცნობით, ამ ქუჩებზე წყლის მიწოდება 14:00 საათზე აღდგება.
სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადრეულ ასაკში, 18 წლამდე გოგოს მოტაცების შემთხვევებმა მოიმატა. 2016 წელს თავისუფლების უკანონო აღკვეთის 27 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს – 41. სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის სტატისტიკა, რაც საპარლამენტო ანგარიშში მოხვდა, ადრეულ ასაკში გოგოს მოტაცებას გულისხმობს.
„ძირითადად ეს ფაქტები იყო ქვემო ქართლსა და კახეთში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. თუმცა, ვერ ვიტყვით მხოლოდ მათზე – ეთნიკურად ქართველებიც იტაცებენ გოგოებს…“ – ამბობს ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე. მისი თქმით, მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას ეყრდნობა, ხოლო სახალხო დამცველმა რამდენიმე შემთხვევა შეისწავლა.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს გასულ წელს კანონში შესულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია აიკრძალა. „თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა და პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების, ნიშნობისა და მოტაცების ფაქტები,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე განმარტავს, რომ მთავარ პრობლემად რჩება იდენტიფიცირება. „მაგალითად, როცა არასრულწლოვან გოგოებს ნიშნავენ მისი ნების საწინააღმდეგოდ, ან როცა იძულებით იქნა თანხმობა მიღწეული. ჩვენი მონაცემებით, ნიშნობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში ჩანს,“ – ამბობს ეკა სხილაძე.
იძულებითი ქორწინების მუხლით [სსკ 150 პრიმა ერთი] გასულ წელს საქართველოში გამოძიება 6 ფაქტზე დაიწყო. 5 შემთხვევაში გამოძიება შეწყდა. სასამართლომდე ამ საქმეებიდან არც ერთი არ მისულა.
2017 წელს დაფიქსირდა 835 არასრულწლოვანი მშობელი [2016 წელს იყო 1278], ხოლო სკოლის მიტოვების – 75 შემთხვევა [2016 წელს – 115].
სექსუალური კონტაქტი 16 წელს მიუღწეველ გოგონებთან – გასულ წელს 173 ფაქტი დაფიქსირდა, 2016 წელს იყო – 183.
მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან: აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ, 2015 წ. „ნაადრევი ქორწინება ძალადობაა“
ეროვნულ, მესამე ლიგაში მოთამაშე საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემს“ ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს. ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად თანხას გუნდს ქედის მერია მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბზის განახლებისთვის გამოუყოფს.
2016 წელს „ბეთლემმა“ ქედის მერიისგან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის 349 916 ლარი მიიღო, 2017 წელს – 45 000 ლარი, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში მერიას 40 000 ლარი აქვს გაწერილი. ამ თანხით მერია საფეხბურთო კლუბისთვის ავტომობილის შეძენას გეგმავს.
ქედის მერი ლევან გორგილაძე ამბობს, რომ არსებული შემადგენლობით საფეხბურთო კლუბს ტექნიკური ბაზის განახლებისთვის სამომავლოდ თანხას აღარ გამოუყოფს და განმარტავს, რომ მერია ბავშვთა ფეხბურთის გაძლიერებას გეგმავს.
„უკეთესია ახალგაზრდებთან ვიმუშაოთ და ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც იმ ლიგაში ითამაშებს, რა შესაძლებლობაც ექნება და თანხა, რასაც საფეხბურთო კლუბს დამატებით გამოვუყოფთ, ახალგაზრდული გუნდის დაფინანსებისთვის გამოვიყენოთ, რომ გავაძლიეროთ ახალგაზრდების ჩართულობა სპორტის ამ სახეობაში და ადგილზე გავზარდოთ ჩვენი ფეხბურთელები. ვცდილობთ, პროგრამულად დავაფინანსოთ ახალგაზრდული ფეხბურთი,“ – ამბობს ლევან გორგილაძე.
ქედის „ბეთლემის“ დირექტორის, სულხან ჯიჯავაძის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი ამ ეტაპზე 27 წევრითაა წარმოდგენილი, აქედან 20 ფეხბურთელია, დანარჩენი -ადმინისტრაციის თანამშრომელი.
„წელს ახალი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, მოწვეული ფეხბურთელები აღარ გვყავს გუნდში, თითქმის ყველა ადგილობრივია, ათი ქედელი ფეხბურთელი თამაშობს, დანარჩენი ბათუმელია,“ – ამბობს სულხან ჯიჯავაძე.
„ბეთლემის“ მთავარი მწვრთნელი ირაკლი გოგიჩაიშვილია. იგი 2018 წლის იანვარში დაინიშნა, როდესაც ახალი გუნდის ფორმირება დაიწყო.
ფეხბურთის ფედერაცია „ბეთლემს“, როგორც ეროვნულ ლიგაში მოთამაშე გუნდს, ხელფასებისთვის წლის განმავლობაში 100 000 ლარით აფინანსებს.
სასწრაფოდ იყიდება 2000 მ/კვ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. შემოღობილი, ციტრუსის ბაღით და სახლის აშენების პერსპექტივით. გზა მოასფალტებულია და ბუნებრივი აირი მიყვანილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი: N – 161. ბათუმიდან 6 კილომეტრში, (ბ.ნ.ზ.) სარიტუალო დარბაზი ,,სამოთხედან“ 500 – 600 მეტრის დაშორებით. ფასი: 1 კვ/მ – 43 ლარი. შესაძლებელია ფასზე მოლაპარაკება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, დღეს, 10 აპრილს, პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო.
რეგისტრაცია გაგრძელდება 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით იმ კატეგორიის მოსწავლეებისთვის, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი წარსადგენი დოკუმენტების ვადა განისაზღვრა 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, მათთვის რეგისტრაცია 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით განისაზღვროს.
ბრძანების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში განთავისუფლებულ ადგილზე მოსწავლის რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხი დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით.
როგორც განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, წელს პირველკლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც ექნებათ, რომლებიც 16-17 სექტემბერს დაიბადნენ. „სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება, მაგრამ ვინაიდან წელს 15 სექტემბერი შაბათია, ამ დღეებში დაბადებულ ბავშვებს შეუძლიათ სკოლაში წავიდნენ,“- გვითხრეს სამინისტროში.
„საქართველოში განსაკუთრებით უყვართ პური, ეს მართლაც ჩვენი მთავარი პროდუქტი, არსობის წყაროა. შენს მიერ გამომცხვარ პურს რომ დააგემოვნებენ, მადლიერების სიტყვები უნდა აღმოხდეთ,“ – ამბობს ხელვაჩაურის პურ-პროდუქტების ქარხნის დირექტორი, იაშა შერვაშიძე და გვაჩვენებს პურის ქარხანას, სადაც უკვე 50 წელია ყოველ დღიურად ცხვება პური აჭარის რეგიონისთვის.
ცომის საზელი აპარატები აქ სულ ჩართულია, აგურით აშენებული პურის საცხობი ღუმელი 24 საათის განმავლობაში გიზგიზებს. ყველგან ახალგამომცხვარი პურის სურნელი ტრიალებს და აღარ გჯერა გავრცელებული აზრის, რომ „პურს ძველებური სურნელი აღარ აქვს“. ვისაც ხელვაჩაურის ქარხნის პური გაუსინჯავს, მისთვის ეს სურნელი არც არსად დაკარგულა: აქ პურს დღესაც ზუსტად ისე აცხობენ, როგორც 50 წლის წინ.
90-იან წლებში დიდი ქარხნები თანმიმდევრობით იხურებოდა, იგივე ბედი ელოდა ხელვაჩაურის პურის ქარხანასაც, თუმცა დირექტორის, იაშა შერვაშიძის დიდი ძალისხმევის შედეგად, ქარხანას არც ერთი დღით არ შეუწყვეტია მუშაობა და მეტიც: მან სამუშაო ადგილი შეუნარჩუნა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც აქ წლების განმავლობაში მუშაობდნენ. დღეს საწარმოში 130-ზე მეტი მუშახელია დასაქმებული.
აქ ცხვება პური, რომელსაც ძველი სურნელი ასდის
პურს რომ „ძველებური“ სასიამოვნო სურნელი ჰქონდეს და ყუათიანობით გამოირჩეოდეს, აუცილებელია ცომის მომზადებისა და ცხობის სრულფასოვანი, ხანგრძლივი ტექნოლოგიური ეტაპების გავლა. ნამდვილი პური მალე არ ცხვება. მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტის მისაღებად, საფუარის მომზადებიდან ღუმელში გამოცხობამდე, ცომმა 8-10 საათი უნდა გაიაროს.
მაღალკონკურენტულ გარემოშიც ხელვაჩაურის პურ-პროდუქტები ბაზარზე საკუთარ მყარ ადგილს ინარჩუნებს
ხელვაჩაურის პურის საწარმოში საფუარს ადგილზევე ამზადებენ და მისგან მოზელილი ცომი დიდხანს ისვენებს, ფუვდება და მხოლოდ ამის შემდეგ ცხვება გახურებულ ღუმელში. ეს იმ ტრადიციული ტექნოლოგიის საიდუმლოა, რისი წყალობითაც ხელვაჩაურის პური „ძველ სურნელსა“ და ყუათიანობას ინარჩუნებს. მომხმარებელს მისი დაგემოვნების შემდეგ სხვა პურის ყიდვა, უბრალოდ, აღარ უნდა.
პური, ყველაზე სუფთა პროდუქტი
ხელვაჩაურის პურ-პროდუქტების ქარხანაში დიდი ყურადღება ექცევა ჰიგიენასა და სანიტარიული ნორმების დაცვას.
მიღებამდე ნედლეულს ქარხნის ლაბორატორიაში ამოწმებენ, შემდეგ საცდელ ცხობას აწყობენ, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება ფქვილის დიდი რაოდენობა ქარხანაში. ლაბორატორიულ კვლევას გადის უკვე მზა პროდუქტიც.
სანიტარიული ნორმების სრული დაცვა და ცომის მომზადება-ცხობის 8-10-საათიანი სრულყოფილი, ტექნოლოგიური პროცესი განაპირობებს იმას, რომ მაღალკონკურენტულ გარემოშიც ხელვაჩაურის პურ-პროდუქტები ბაზარზე საკუთარ მყარ ადგილს ინარჩუნებს.
ხელვაჩაურის ტრადიციული შავი ჭვავის პური
ხელვაჩაურის საწარმოს დირექტორი, იაშა შერვაშიძე შავ და ჭვავ პურთან დაკავშირებულ უნდობლობას ეხმაურება და ამბობს, რომ მათთან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დააკვირდეს ცხობის პროცესს ნაწარმის ხარისხში დასარწმუნებლად.
„საკვებში და მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტში, როგორიც პურია, საღებავის გარევა უპატიებელი დანაშაულია. ადამიანები იცავენ დიეტას, უფრთხილდებიან ჯანმრთელობას, შენ კი საღებავით ატყუებ. ეს ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებაა ჩვენთვის, მომხმარებლის ნდობაზე დგას ჩვენი ღირსება და იმიჯი“.
ბებიების რეცეპტები საკონდიტრო „თავადურისგან“
გარდა პურ-პროდუქტებისა, ხელვაჩაურის საწარმოში ნატურალური პროდუქტით მზადდება უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი „თავადური“ – კონდიტერი სემიკო ბერიძე უკვე 6 წელია აქ მუშაობს. „ტრადიციული მეთოდით, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს ვაწვდით მომხმარებელს. ვხელმძღვანელობთ ბებიების რეცეპტით: მხოლოდ სოდა, შაქარი, ფქვილი, მარილი, ნატურალური კვერცხი და კარგი ხარისხის კარაქი – ეს ის ძირითადი ინგრედიენტებია, რომლებითაც „თავადურის“ საკონდიტრო ნაწარმი მზადდება,“ – ამბობს კონდიტერი.
სემიკო ბერიძე
„მახსოვს, 90-იან წლებში მთელ რეგიონში მარტო ჩვენი ქარხანა აცხობდა პურს და არ გაჩერებულა. შავ პურს ვაცხობდით, სხვა ფქვილი არ გვქონდა. ხალხს პური არ ჰყოფნიდა, უცებ ცარიელდებოდა დახლები, ვფიქრობდი: ნეტა, ისეთ დროს მოვესწრო, როცა ხალხს აღარ ეშიება და დახლებზე დღის ბოლოს პური შემორჩება-მეთქი“, – იხსენებს საწარმოს დირექტორი, იაშა შერვაშიძე. ამბობს, რომ მისი ოცნება ახდა და დახლებზე პური ხანდახან რჩება კიდეც.
საკონდიტრო „თავადურის“ გუნდი
ამჟამად ხელვაჩაურის საწარმოში 16 სახის პურ-პროდუქტსა და 35 სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს ამზადებენ. ქარხანასთან ახლოს ახალგამომცხვარი პურეულის მაღაზია და საკონდიტროა, რომლის დახლებზეც ყოველთვის იპოვით პროდუქტს, რომელსაც ეძებთ.
ახალგამომცხვარი პურეულის მაღაზია და საკონდიტრო ქარხანასთან ახლოსაა ქარხანასთან ახლოს ახალგამომცხვარი პურეულის მაღაზია და საკონდიტროა, რომლის დახლებზეც ყოველთვის იპოვით პროდუქტს, რომელსაც ეძებთ.ხელვაჩაურის საწარმოში 16 სახის პურ-პროდუქტსა და 35 სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს ამზადებენ. ქარხანასთან ახლოს ახალგამომცხვარი პურეულის მაღაზია და საკონდიტროა, რომლის დახლებზეც ყოველთვის იპოვით პროდუქტს, რომელსაც ეძებთ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 11 აპრილს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:
დღისით: 18-23 გრადუსი
ღამით: 5-11 გრადუსი
მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა იქნება:
დღისით: 13-18 გრადუსი
ღამით: 2-7 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა.
ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 12 გრადუსია.
დღეიდან, 10 აპრილიდან, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
გარდა ამ პროფესიებისა, რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებაც იგეგმება, მათ შორის ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა და რკინიგზის მონიტორინგი. ამ პროგრამას პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებენ თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები.
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.
რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.
რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების ჩამონათვალი მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.
საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ: https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf
დღეს, 9 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმის გვირაბთან, დაშავებულია სამი ადამიანი. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ქალი და ორი კაცი დაშავდა.
„დაშავებულებიდან ერთს ტვინის შერყევა აღენიშნება, მეორეს აქვს ჰემატომა, მესამეს კი სახე აქვს დაკაწრული,“- გვითხრეს სასწრაფოში. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის დროს ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მახუნცეთში, საზაფხულო თეატრის მშენებელ კომპანია „ახალშენს“ ქედის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. როგორც მერიაში განმარტავენ, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, ტენდერით გაწერილი ვალდებულების შეუსრულებლობაა.
156 მაყურებელზე გათვლილ თეატრს ასაშენებლად ხელშეკრულება ქედის მერიასა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ახალშენს“ შორის 2017 წლის 7 აპრილს 84 997 ლარზე გაფორმდა, მშენებლობა კომპანიას 2017 წლის შემოდგომაზე უნდა დაესრულებინა.
ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსაპირკეთებელი სამუშაოებია დარჩენილი, შესაბამისად მერია ახალ ტენდერს დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად, დაახლოებით 23 000 ლარის სამუშაოებზე გამოაცხადებს.
„მშენებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებები ვერ შეასრულა, ორჯერ გადავუწიეთ სამუშაოების შესრულების ვადა, თუმცა მუშაობის ტემპი არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, ბოლოს საერთოდ შეჩერდა კიდეც, რაზეც წერილობით გავაფრთხილე, რომ თუ სამ დღეში არ განახლდებოდა სამუშაოები, ხელშეკრულებას შევწყვეტდით, არც სამ დღეში და არც ერთ კვირაში არ განაახლეს სამუშაოები და ხელშეკრულება შევწყვიტეთ. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს,“ – ამბობს როლანდ ბერიძე და დასძენს, რომ საზაფხულო თეატრის მშენებლობა ივნისამდე დასრულდება.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 29 წელი შესრულდა. საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს.
აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს მოიცავს, ორი წლის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ გამოაქვეყნა.
“დაიღუპა 16 სამოქალაქო პირი. დაშავდა დაახლოებით 200 მოქალაქე და ჯარისკაცი გუშინს შემდეგ, როცა საბჭოთა ჯარებმა იერიში მიიტანეს 8 000 მომიტინგეზე, საქართველოს დედაქალაქ თბილისში; რამდენიმე ქართველი ნაციონალისტი ლიდერი დაკავებულია.
დემონსტრანტებისა და ჯარის შეტაკებების შედეგად ერთ დღეში დაშავებულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, რაც კი ყოფილა საბჭოთა კავშირის მასშტაბით ბოლო ორი წლის მანძილზე.
არსებული შეტყობინებებით, მუშაობს კომენდანტის საათი. როგორც ქართული საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, თბილისში სიჩუმე იყო და ქუჩებში ჯარი პატრულირებდა.
რუსთაველის გამზირი 9 აპრილის მიტინგის დარბევის შემდეგ / გივი ნახუცრიშვილის ფოტო
სსრკ-ის ცენტრალური კომიტეტის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და მინისტრთა საბჭომ საჯაროდ გამოუცხადა სამძიმარი გარდაცვლილების ოჯახებს. თუმცა საინფორმაციო სააგენტო TASS-ის რეპორტაჟებში ადამიანების გარდაცვალებაში დემონსტრანტებს ადანაშაულებენ.
პრესის ინფორმაციით, გუშინ დემონსტრაცია აფხაზეთის დედაქალაქში 7000 ქართველით (რომელთა უმეტესობაც რესპუბლიკის სხვადასხვა მხარიდან მოვიდა) დაიშალა, როცა გაიგეს თბილისში მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ. აფხაზურმა ნაციონალურმა ჯგუფმა უკვე გააუქმა საწინააღმდეგო დემონსტრაცია, ქართველებთან შეტაკების თავიდან ასაცილებლად.
კომენტარი: მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ძალის ჩვენებამ, შესაძლოა, გაწყვიტოს დემონსტრაციების ციკლი ამ მომენტისთვის, ეს დიდ გავლენას მოახდენს იმ ქართველებზე, რომლებიც აქამდე შედარებით ზომიერები იყვნენ თავიანთ ნაციონალისტურ მისწრაფებებში. ზეწოლა, სავარაუდოდ, გამოიწვევს რესპუბლიკის ლიდერის, ჯუმბერ პატიაშვილის გადადგომას. ძალადობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს ქართული ორგანიზებული ნაციონალისტური მოძრაობის რადიკალიზებას, რომელიც მართალია ჯერ კიდევ ახალი და მცირეა, მაგრამ გასული წლიდან იზრდება.
საქართველოს ხელმძღვანელობა სამძიმრის გამოცხადებასთან ერთად, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაადასტურებს მის წინააღმდეგობას აფხაზეთის გამოყოფასთან დაკავშირებით. ეს ჟესტი დიდად ვერ დაამშვიდებს ქართველ ნაციონალისტებს (აფხაზეთის პრობლემა გახდა მიზეზი რეჟიმის საწინააღმდეგო აქტივიზმის გამოხატვისა), მაგრამ ეს დაამშვიდებს 200 000-ზე მეტ ქართველს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში”.
საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ უკვე 11 აპრილს მზადდება კიდევ ერთი ანალიტიკური მოხსენება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სახელწოდებით: საქართველოში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
მოხსენების ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტანკებმა და შეიარაღებულმა პირებმა თბილისში სიმშვიდე დაამყარეს, რესპუბლიკის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები შიგადაშიგ მაინც გრძელდება.
“დასავლური მედიის ინფორმაციით, გუშინ დილით დაშალეს სტუდენტების რამდენიმეათასიანი მიტინგი, რომელიც გაეროსგან მოითხოვდა საქართველოში არსებული სიტუაციის შესწავლას. იყო რამდენიმე გასროლაც; დაზარალებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
ჯარისკაცები ესროდნენ ხალხს, დაჭრეს 40. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა ტანკებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. საბჭოთა მედია ამბობს, რომ სტუდენტების მიერ მოწყობილი არეულობა გრძელდებოდა გუშინ ქუთაისში, სოხუმსა და ბათუმში.
უცხოელი ტურისტები და ჟურნალისტები არ დაიშვებიან თბილისში. თუმცა ისინი, ვინც იქ იმყოფება გრძელვადიანი ვიზიტით, როგორც ჩანს, კვლავ იქ რჩებიან.”
ავტორი ვარაუდობს, რომ ოფიციალურად გამოცხადებული 18-ის ნაცვლად, 9 აპრილის მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით დიდია: “მსხვერპლთა რაოდენობა კვირა დღის შემდეგ შესაძლოა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურად აღიარებული 18; როგორც დასავლელი ჟურნალისტები წერენ, დათვლილია 22 გარდაცვლილი, ხოლო თბილისის საკათედროში გამოიკრა სია, სადაც 30 გარდაცვლილის ვინაობა წერია”, – წერია ანგარიშში.
ავტორი მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება და შევარდნაძისა და რაზუმოვსკის ვიზიტი თბილისში იმაზე მიუთითებს, რომ საბჭოთა ლიდერებმა განიზრახეს, სიტუაცია ისევე არ გაიწელოს, როგორც ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში მოხდა. “სავარაუდოდ, მოსკოვს ქართველი პარტიული ლიდერების მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ისეთი ნაციონალისტური შეხედულებებით არ გამოირჩევიან, როგორც სომხები”, – წერს ავტორი ანალიზის ნაწილში.
1989 წლის 12 აპრილის დოკუმენტი – „საქართველოში დაძაბული სიმშვიდეა“ იუწყება, რომ საქართველოში სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ ჯერ კიდევ იგრძნობა დაძაბულობა. „საბჭოთა მედიის ცნობით, ოფიციალური გლოვის დღეების განმავლობაში თბილისში განსაკუთრებულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა შეიარაღებული ჯარისკაცები მაინც პატრულირებენ ქუჩებში.“
საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა შევარდნაძემ პარტიის შეხვედრაზე 9 აპრილს „დიდი შეცდომა“ უწოდა და მიანიშნა, რომ ძალადობაზე პასუხისმგებლობა ჯარებს ეკისრებათ. ჯუმბერ პატიაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში აქციის დარბევაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა დასძინა, რომ ადგილობრივი ლიდერები დაარწმუნეს, რომ ჯარები ძალადობრივ ქმედებებს არ გამოიყენებდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ.
„ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ 9 აპრილის ძალადობა წარმოაჩინონ ისე, თითქოს მოვლენების განვითარება მათ კონტროლს მიღმა იყო. გრძელდება კომენდანტის საათის დამრღვევთა დაპატიმრება, რითაც ხელისუფლება ცდილობს აღადგინოს კონტროლი ქალაქზე.“
1989 წლის 15 აპრილს იგზავნება კიდევ ერთი ანალიტიკური მოხსენება, სახელწოდებით: საქართველოს კომპარტიის ახალი მდივანი. დოკუმენტში საუბარია პარტიული ხელმძღვანელების ცვლილებაზე 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ცეკას პირველი მდივნის, ჯუმბერ პატიაშვილის გადაყენებით მოსკოვი მეტ-ნაკლებად მოიგებს 9 აპრილის ტრაგედიით აღშფოთებული ხალხის გულს. თუმცა, ამავე დროს, მის ნაცვლად ადგილობრივი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უფროსის, გივი გუმბარიძის დანიშვნით გამოიწვევს ნაციონალისტების უკმაყოფილებას.
“საქართველოში ძლიერი ანტიმილიტარისტული განწყობაა. მოხდა ორი ადგილობრივი გაზეთის დასაბეჭდად გამზადებული ნომრების კონფისკაცია, რადგან ნომრები შეიცავდა სტატიებს, სადაც მეორდებოდა, რომ ჯარისკაცებმა მომიტინგეებს სამხედრო ნიჩბებით სასიკვდილოდ სცემეს. გუშინ სამხედრო გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ“ სტატიების საპასუხოდ გამოაქვეყნა მკაცრად დამცავი წერილი, სადაც უარყოფილი იყო მომიტინგეთა ცემის ფაქტები”.
ასევე, ავტორი ხაზს უსვამს იმასაც, რომ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ პანაშვიდებს 2 000-მდე მგლოვიარე ადამიანი დაესწრო. პოლიცია და ჯარისკაცები მათ აკვირდებოდნენ, მაგრამ ხელს არ უშლიდნენ.
9 აპრილის მიტინგზე დაღუპულთა პატივსაცემად მისული ხალხი / გივი ნახუცრიშვილის ფოტო
თბილისში შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. შემთხვევა გუშინ, საღამოს 6 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს თვითმხილველების და ასევე იმ პირების გამოკითხვა, რომლებიც აცხადებენ, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სტადიონის დატოვება აიძულეს.
ამ შემთხვევაზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოკითხვის პროცედურის დასრულების შემდეგ გამორიცხული არ არის, საქმეს გამოძიებამ კვალიფიკაცია შეუცვალოს.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, 8 აპრილს რამდენიმე შავკანიან სტუდენტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სტადიონიდან გააძევეს. ახალგაზრდები მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობას კანის ფერს უკავშირებენ.
ინციდენტის დეტალებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც“ სწავლობს. ორგანიზაციის იურისტის შოთა თუთბერიძის თქმით, აღნიშნული ფაქტიდან რასობრივი დისკრიმინაცია იკვეთება.
„რეალურად, უცხოელი სტუდენტები იყვნენ ეკლესიაში, რელიგიურ რიტუალზე და 5 საათისთვის მივიდნენ სტადიონზე. ამ ერთ საათში მოხდა ინციდენტი. ამიტომ, სრულიად არასწორია ის ინფორმაცია, რომელსაც მეორე მხარე ავრცელებს“, – გვეუბნება თუთბერიძე.
მისი შეფასებით, გავრცელებული კადრებიდან და დაზარალებულების ჩვენებიდან იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, – რასობრივი დისკრიმინაცია. თუმცა, ამჟამად გამოძიება სულ სხვა მუხლით მიმდინარეობს.
„ფიზიკური ძალადობის მოტივი არის რასობრივი დისკრიმინაცია, რადგან აგრესიული ადამიანები ეუბნებოდნენ, რომ „ეს ჩვენი ქვეყანაა და წადით აქედან“. ულტიმატუმის ენით მოითხოვდნენ, რომ „დატოვებთ ეხლა სტადიონს“, შემდეგ მათ უთხრეს, რომ საერთოდ ამ ქვეყნიდან წადით, რადგან ეს არ არის თქვენი ქვეყანა და ა.შ.
ზოგიერთი დაზარალებულის თქმით, იყო რასობრივი შეძახილები – „ზანგი“ და სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია იყო გამოყენებული. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დანაშაული და სამართალდარღვევა რეალურად ჩადენილია დისკრიმინაციის საფუძველზე“, – ამბობს შოთა თუთბერიძე.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი გვეუბნება, უცხოელი სტუდენტები პირველად არ თამაშობდნენ აღნიშნულ სტადიონზე, თუმცა სხვა დროს მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ.
„სტადიონი არის მუნიციპალური საკუთრება, საჯარო გამოყენების სტადიონი. გვერდით, სტადიონის გარეთ არის ტრენაჟორები პატარა ბავშვებისთვის“.
იურისტის თქმით, ამჯერად გამოძიება მიმდინარეობს 126-ე ძალადობის მუხლით, თუმცა გამოძიების პროცესში შესაძლებელია მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
„სახელმწიფოს მიდგომა ამ ეტაპისთვის რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ პოლიციის ოფიცრები ცდილობდნენ გამოძიება არ დაეწყოთ და რამენაირად ჩუმად მოგვარებულიყო ეს ამბავი. მათ ურჩიეს სტუდენტებს, რომ დაევიწყებინათ ეს ამბავი. შესაბამისად, მათი ქმედება ვერ შეფასდება დადებითად. თუმცა, მთავარია, რომ გამოძიებამ ამის შემდეგ მაინც იმუშაოს ეფექტურად, რადგან არის შემთხვევები, როცა მსგავსი ტიპის დანაშაულების გამოძიება ჭიანურდება ხოლმე“.
შოთა თუთბერიძის თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა დანაშაული არასწორი მუხლით კვალიფიცირდება. „მხოლოდ ერთი კარგი მაგალითი გვაქვს, როცა რუსთაველზე სცემეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სწორად მოხდა დანაშაულის კვალიფიკაცია. თუმცა ერთი კონკრეტული შემთხვევა არ არის საკმარისი. გამოძიებისას სამართალდამცავები არ უნდა შეეცადონ ბრალის შემსუბუქებას“, – ამბობს თუთბერიძე.
მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა დაზარალებულები ამჯობინებენ არ მიმართონ სამართლებრივ პროცედურებს, თუმცა კონკრეტული ფაქტებიც აჩვენებს, რომ რასიზმის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები გაზრდილია.
„რა თქმა უნდა, ეს უცხოელი სტუდენტებიც არიან სტრესის ქვეშ, მაგრამ კარგია ის, რომ ისინი დანაშაულის გენერალიზებას არ ახდენენ და არ ფიქრობენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ჩაიდენს ამ ტიპის დანაშაულს. ის აცნობიერებენ იმას, რომ ეს არის ცალეკული პირების მიერ ჩადებილი ქმედება და არა მთელი ერის პასუხისმგებლობა. ამიტომ, ამ ეტაპზე დაინტერესებული არიან გამოძიებასთან თანამშრომლობით“, – ამბობს თუთბერიძე.
მისი აზრით, ზოგადად, ქვეყანაში რასიზმის გაძლიერებას ამ ტიპის დანაშაულების დაუსჯელობა ახალისებს. „ასევე, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების განცხადებები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ახალისებს რასიზმს და პირდაპირ გამოხატავს აგრესიას განსხვავებული ადამიანების მიმართ“.
თუთბერიძის აზრით, დანაშაულის სწორი კვალიფიცირება და პასუხისმგებლობის დაკისრება მომავალში ამ ტიპის დანაშაულების პრევენციასაც გამოიწვევს.
„ლოგიკური იყო გამოძიების ძალადობის მუხლით დაწყება,“ – ამბობს ანა თავხელიძე, პარტნიორობა „ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი. მას ვთხოვეთ შეფასება თბილისში, დიღომში, შავკანიანი სტუდენტების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რაზეც გამოძიება უკვე დაიყო.
ვიდეოზე, რომელიც „ნეტგაზეთს“ თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა იძულებით დაატოვებინა შავკანიან ახალგაზრდებს ტერიტორია.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, გამოძიება ძალადობის მუხლით უნდა დაწყებულიყო, თუ რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.
„რასობრივი დისკრიმინაცია უფრო მასშტაბურ შემთხვევას ეხება, როცა შეუწყნარებლობის მოტივი გვაქვს რასებს შორის. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რასობრივი დისკრიმინაცია გამოიკვეთოს და კვალიფიკაცია შეიცვალოს, მას შემდეგ, რაც მტკიცებულებები მოგროვდება, გამოიკითხებიან მოწმეები და გამოიკვეთება რეალური სურათი. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მსჯელობა, უნდა შეიცვალოს თუ არა კვალიფიკაცია,“ – ამბობს ანა თავხელიძე.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს ძალადობის მუხლზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობას. მას მიაჩნია, რომ გამოძიების მტკიცების ტვირთი გაცილებით გაიზრდებოდა, თუკი რასობრივი დისკრიმინაციის კუთხით დაიწყებოდა გამოძიება. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აპირებს თვალი მიადევნოს ამ პროცესს, რამდენად ეფექტურად წარიმართება გამოძიების პროცესი და ექნებათ თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს ადეკვატური რეაგირება.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ძალადობა არის „ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.“ 120-ე მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ამავე კოდექსის მიხედვით, რასობრივი დისკრიმინაცია არის ქმედება „ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ან და იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება“.
რასობრივი დისკრიმინაციისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. ძალადობის შემთხვევაში კი – 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ქედის მერია 77 100 ლარს დაბაში არსებული ორი კიბის რეკონსტრუქციაზე დახარჯავს.
26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩების დამაკავშირებელი კიბის რეკონსტრუქციისთვის მერიას – 43 560 ლარი, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული კიბის შესაკეთებლად 30 636 ლარი აქვს გაწერილი.
ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ მერია პირველ ეტაპზე დაბაში არსებულ იმ კიბეებს გამართავს, რომლებიც სასწრაფოდ შესაკეთებელია.
კიბის შესაკეთებლად ქედის მერიის მიერ 4 აპრილს გამოცხადებული ორი ტენდერი 25 აპრილს დასრულდება.
ბათუმში, ფალიაშვილის #7-ში, მოქალაქეს ერთსართულიან კრამიტით გადახურულ სახლზე ორი სართულის დაშენება სურს. სახლი ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს, ამიტომაც მოქალაქემ პროექტის შეთანხმების მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონალურ საბჭოს მიმართა.
ბათუმი, ფალიაშვილის #7
პროექტი ზონალურ საბჭოში მეორედ განიხილეს, თუმცა საბჭოს წევრებმა მოქალაქეს ახალი პროექტი დაუწუნეს და მისი არქიტექტურულად დახვეწა მოსთხოვეს.
ბათუმში, სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, დადიანის, სერგი მესხის, ერისთავის ქუჩებზე, საცობია. გადაადგილება ჭირს ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
სერგი მესხის ქუჩა მოუწესრიგებელია, რაც კიდევ უფრო აფერხებს მოძრაობას.
სასაფლაოსკენ ტაქსით მიმავალი ზოგიერთი მგზავრი მანქანიდან ჩამოდის და ფეხით აგრძელებს გზას.
ყოველი წლის აღდგომას გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი შუხუთი ყურადღების ცენტრში ექცევა. ამ სოფელში ტრადიციული ლელობურთი იმართება და ერთმანეთს ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ეჯიბრებიან.
სოფელს ორი ღელე ჩამოუდის. ორივე ღელემდე შუხუთის ცენტრიდან 130-130 მეტრია. მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ სილითა და ნახერხით სავსე 18-კილოგრამიანი ლელოს ბურთი როგორმე ღელემდე მიიტანონ.
წელს ლელობურთი დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა და ქვემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ წელს სულ 8 პირი გაამართლა, 2 შემთხვევაში კი, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2018 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა.
სტატისტიკის მიხედვით, სამ თვეში სისხლის სამართლის 148 საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდა, 151 საქმეზე – საპროცესო შეთანხმება შედგა [საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა ბრალის აღიარება].
რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას, უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო გირაოს იყენებს. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში პროკურატურას 168 პირის მიმართ მოუთხოვია გირაოს შეფარდება, სასამართლომ აქედან 104 შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 92 ბრალდებულის მიმართ პროკურატურა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, აქედან სასამართლომ 66 პირს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით – აღკვეთის ეს ღონისძიება სასამართლომ 56 პირის მიმართ გამოიყენა.
აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ – სასამართლომ სამ თვეში სულ 2 ბრალდებულს შეუფარდა.
მარიამ მიქელაძე 16 წლის არის. სექტემბრიდან ის დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება – მარიამს ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში – St Catherine’s, Bramley სწავლის გასაგრძელებლად ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. მარიამის ცხოვრებაში პირველად ხდება, როცა ოჯახისგან შორს, დამოუკიდებლად იცხოვრებს. მეთერთმეტეკლასელმა გოგონამ ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვა. მარიამი გვიყვება იმაზე, რამდენად რთულია ამ გზის გავლა:
შემდეგი სასწავლო წლიდან მივდივარ ბრიტანეთში, ჰემფშირის საგრაფოს წმინდა კატერინას სკოლაში – ერთი წელი მაქვს გარანტირებული დაფინანსება. ამ ერთი წლის განმავლობაში როგორი იქნება ჩემი აკადემიური მოსწრება, რამდენად აქტიურად ვიქნები ჩართული პროცესებში, ამის მიხედვით გადაწყვეტენ მეორე წელს დავრჩები თუ არა.
სკოლებსა და მოსწავლეებს შორის კოორდინირებას HMC-ი ახდენს, ანუ ის აწვდის ბრიტანეთის სკოლებს ინფორმაციას ჩვენ შესახებ და შემდეგ სკოლა თვითონ აფინანსებს იმ მოსწავლეებს, რომლებიც, მათი აზრით, არიან პერსპექტიულები და რომლებშიც ღირს ინვესტიციის ჩადება. ასეთ მოსწავლეებს აფინანსებენ ან სრულად, ან ნაწილობრივ. მე მივიღე სრული დაფინანსება. ბათუმიდან სულ სამნი ვართ გამარჯვებული, მათ ნაწილობრივი დაფინანსება მიიღეს.
თქვენ ხართ მე-11 კლასში. აქ რომ დარჩენილიყავით, კიდევ ერთი წელი მოგიწევდათ სკოლაში სწავლა. ბრიტანეთში კი ორი წელი უნდა ისწავლოთ. ამ სხვაობის თავსებადობა როგორ იქნება?
ბრიტანეთში აქვთ განსხვავებული სისტემა – ეს არის კოლეჯის ტიპის სასწავლებელი, რომელშიც სწავლობენ 16-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდები. რადგან მე სექტემბერში ვხვდები 17 წლის, მიწევს მეექვსე ფორმის კოლეჯში სწავლა, რომელიც გათვლილია აბიტურიენტებზე. ჩემი სკოლის სასწავლო პროგრამა ემსახურება იმას, რომ სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარონ უნივერსიტეტებში სასურველ ფაკულტეტებზე. ამიტომ, სწავლა აქ იქნება გაცილებით რთული, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლაში, უფრო მეტი დატვირთვა იქნება, როგორც სწავლების, ისე აქტივობების მხრივ. გავივლი Level A საგნებს და თუ წარმატებით ჩავაბარებ გამოცდებს, მაშინ ნებისმიერ უნივერსიტეტში შემეძლება ამ შედეგებით ჩავირიცხო.
აქაური სკოლისგან განსხვავებული კიდევ რა იქნება, რას გთავაზობენ?
საგნების დიდი არჩევანია. არის სახელოვნებო საგნები, რომლებიც საქართველოში არ ისწავლება, მაგალითად, დრამა, თეატრალური მეცნიერებები, ხელოვნებათმცოდნეობა, ფერწერა და ფოტოგრაფია. მე, პირადად, ავირჩიე ბიოლოგია, ფსიქოლოგია, რომელიც ასევე არ ისწავლება ჩვენთან, დრამა და ისტორია. ჩემი აზრით, კარგი არჩევანია, რადგან ვფიქრობ, რომ ფართო არეალი მექნება შემდგომში. რა თქმა უნდა, შეიძლება საგნების შეცვლაც. ანუ მე მომიწევს ცოტა საგნის შესწავლა, მაგრამ სიღრმისეულად.
ჩვენს სკოლებში მე-11 კლასში 10 საგანი მაინც ისწავლება, იქ ცოტა საგანი გექნებათ. თქვენი აზრით, ბრიტანული სკოლების ამ მოდელს ქართულთან შედარებით აქვს უპირატესობა?
ჩემი აზრით, ამ კოლეჯის სწავლების მეთოდოლოგია ძალიან სწორია. ის არის 16 წლის ზემოთ ბავშვებისთვის, რომლებიც უკვე ფიქრობენ უნივერსიტეტზე, პროფესიაზე – რაღაც დონეზე გათვლილი აქვთ მომავალი. რა თქმა უნდა, კარგია, რომ მოსწავლეს, რომელსაც უნდა გახდეს ექიმი, არ ავალდებულებენ ხელოვნების ან მათემატიკის სწავლას. პროფილის ფარგლებში ირჩევენ საგნებს, რაც შემდგომში ეხმარება ორიენტაცია გააკეთონ იმ სფეროებზე, რომლებიც აინტერესებთ და უფრო ხარისხიანი პროფესიონალები გახდებიან. როდესაც 10 საგანს სწავლობ, ბოლომდე ხარისხიანად ვერ აკეთებ, გადაღლილი ხარ და დროს კარგავ. ეს, ჩემი აზრით, არაფრისმომცემი და მომაბეზრებელია. ჩემი გამოცდილებით, მე-10 კლასის ჩათვლით უნდა ისწავლებოდეს ყველა საგანი, რომ ბავშვმა გამოკვეთოს საკუთარი ინტერესები, მაგრამ როდესაც 16 წელს ზევით ხარ, უნდა ისწავლო ის, რაც გაინტერესებს, რომ უფრო მომზადებული იყო შენი სამომავლო პროფესიისთვის.
რატომ აირჩიეთ ბრიტანეთი და როგორ გაიგეთ ამ პროგრამის შესახებ?
პროგრამის შესახებ გავიგე სოციალური ქსელის საშუალებით. ვიფიქრე, რომ ჩემთვის ეს იქნებოდა ძალიან მაგარი შესაძლებლობა. ბრიტანეთი არის განათლების თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და ცნობილია მისი საგანმანათლებლო სისტემით. ძალიან მინდოდა ასეთი მაღალი დონის სისტემაში მიმეღო განათლება.
რამდენად რთულია ამ პროგრამას გაჰყვე და მიხვიდე ბოლომდე, ან რა პროცედურების გავლა მოგიხდათ?
პროცედურა არის ასეთი, უნდა შეავსო დიდი აპლიკაცია, რომელიც საკმაოდ რთულად შესავსებია. აპლიკაციაში შედის შენი და შენი მშობლების შესახებ ზოგადი ცნობები, სკოლის ნიშნები, ასევე დასაწერია პირადი ესეი, რომელშიც მოჰყვები შენი ცხოვრების, ინტერესების შესახებ, შენი ხასიათის შესახებ და არის კიდევ დასაწერი თემები კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც მოცემულია აპლიკაციაში. ეს პირველი ეტაპია. პირველივე ეტაპზე ასევე ამოწმებენ ინგლისურის დონეს, მე დავწერე TOEFL junior-ი, მაღალი ქულა მქონდა და შეიძლება ესეც დამეხმარა.
აპლიკაციის გაანალიზებით, ამ დოკუმენტების მიხედვით წყვეტენ გასაუბრებაზე გადახვიდე თუ არა. შემდეგ გასაუბრება გაქვს ბრიტანელებთან. გასაუბრება ბოლო ეტაპია. გასაუბრების შთაბეჭდილებითა და დოკუმენტების შეფასებით მერე უკვე სკოლა გირჩევს.
თქვენ პირველად მიდიხართ ასე დიდი ხნით მარტო. მშობლებისგან დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებთ. ამის გამო ღელავთ?
ვფიქრობ, თავიდან ძალიან გამიჭირდება. 16 წელი ვიცხოვრე ჩემს ქალაქში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. რა თქმა უნდა, მომენატრება ყველაფერი, ანუ არ ვარ ძალიან გახარებული იმით, რომ ჩემი ქვეყნისგან შორს ვიქნები, მაგრამ რადგან გადავწყვიტე, რომ ეს აპლიკაცია შემევსო და მერე გავიმარჯვე, ესე იგი, მზად ვიყავი წასასვლელად. შეგრძნება, რომ მივაღწიე იმას, რაც მინდოდა, ეს ძალიან მახარებს. რა თქმა უნდა, ახალ კულტურასთან, სისტემასთან შეგუება მოითხოვს დროს და ნერვებს, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. 16 წლის ვარ და ცვლილებებთან შეგუება, დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა ვისწავლო. ვფიქრობ, ეს ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ, რომ ადაპტაცია არ მიჭირს, თუ მომწონს ის გარემო, სადაც ვარ.
თუ მიგიღიათ აქამდე სხვა მსგავს კონკურსებში მონაწილეობა და დამარცხება როგორი შეგრძნება იყო – ბრძოლისუნარიანობას ასუსტებს მარცხი თუ პირიქით, გაძლიერებს?
მე ვმონაწილეობდი „ფლექსის“ პროგრამაში და მაშინაც ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ ამერიკაში წავსულიყავი. ყველა ეტაპი გადავლახე, მაგრამ რატომღაც ვერ მოვხვდი ფინალში. ცოტათი იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ერთი-ორი მარცხის გამო ვფიქრობ არ უნდა დაყარო ფარხმალი. რეალურად, იმ პროგრამაში რომ გამემარჯვა, დღეს აქ ვერ მოვხვდებოდი. ვფიქრობ, ეს პროგრამა ჩემთვის უკეთესი შანსიც არის.
წინა გასაუბრებაზე მივხდი, რომ რაღაც ისე ვერ გავაკეთე. ამან უფრო მომცა სტიმული, რომ შემდეგში უკეთესად გამეკეთებინა. მარცხი გამოცდილებას გძენს, გასწავლის როგორ გახდე უკეთესი.
უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებთ სწავლას?
სამწუხაროდ, ჯერ ზუსტად არც ის ვიცი, რომელ ფაკულტეტზე გავაგრძელებ სწავლას, მაგრამ უფრო ამერიკული უნივერსიტეტები მომწონს. ჩემი სკოლა საკმაოდ პრესტიჟული სკოლაა. თუ დავამთავრებ წარმატებით, კარგ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესაძლებლობაც მექნება.
ინფორმაციებს როგორ იღებდით ამ პროგრამების შესახებ ? როგორ მოიძიო უნივერსიტეტები, სკოლები – ბევრს უჭირს ამის გაკეთება.
ინფორმაციის პირველი წყარო არის სოციალური ქსელები, ვებგვერდები. ასევე დავდივარ ხოლმე ბათუმის ამერიკულ კუთხეში, საერთაშორისო განათლების ცენტრში, სადაც მოსწავლეებს აწვდიან ხოლმე ინფორმაციებს მსგავსი პროგრამების შესახებ.
„ვეძებ სმენის უნარის არმქონეებს, რომლებიც ამავე დროს უსინათლოებიც არიან, თუმცა ჯერ ვერავის მივაკვლიე. დარწმუნებული ვარ, არიან ასეთები საქართველოში და მათ განსაკუთებული მონდომებით მალავენ, წარმოგიდგენიათ როგორი მდგომარეობაა, როცა კომუნიკაციის არანაირი საშუალება არ აქვს ადამიანს? თუმცა არსებობს მეთოდები, რითაც მათთან კავშირის დამყარება შესაძლებელია,”- გვეუბნება ინტერვიუს ჩაწერისას 23 წლის იურისტი, ესმა გუმბერიძე, რომელიც საკუთარ და სხვების უფლებებს იცავს, მაგრამ სანამ აქამდე მოვიდოდა გრძელი და რთული გზა გამოიარა.
თბილისის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატი, შემდეგ კი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში, „ფლექსის“ პროგრამით სწავლობდა. ჩვეულებრივ, დაბის ტიპის დასახლებაში ცხოვრობდა, თუმცა ყველა ბიბლიოთეკაში შეეძლო ნებისმიერი წიგნის აუდიოვერსიის მოსმენა. ახლა საქართველოშია, აქ ცხოვრობს და მუშაობს.
23 წლის იურისტი უჩინრობის დასაძლევად იმდენ სხვადასხვა საქმეშია ჩართული, რთულია დაიჯერო, ერთი გოგო ასწრებდეს ამდენს. აჩენს უჩინარი ქალაქის ამბებს: „ბათუმელებში“ აქვეყნებს სტატიების ციკლს, აქვს საავტორო გადაცემა „ჰორიზონტს მიღმა“, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც საჯარო დისკუსიების თემა იშვიათადაა და მედიის ყურადღების მიღმა რჩება. თანადამფუძნებელი და აქტივისტია მოძრაობისა: პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის.
ესმა გუმბერიძე, პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის-თანადამფუძნებელი, აქტივისტი/ფოტო: ესმა გუმბერიძის ფეისბუქგვერდიდან
ორ თვეში ერთხელ სახალხო დამცველის აპარატში გამართულ სხდომებზე ინიციატივების წამოყენება შეუძლია, რამაც შშმ პირებისთვის მორგებული და ადაპტირებული გარემოს შექმნას უნდა შეუწყოს ხელი – ესმა სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრია.
[red_box]სწავლის უფლება – რაც გაქვს, მაგრამ არ გაქვს[/red_box]
ესმას ყველაზე დიდი ძალა განათლებაა. გარდა იმისა, რომ წიგნების აუდიოვერსიებს უსმენს, არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამაც, რომელსაც მისთვის წერილობითი დოკუმენტების წაკითხვა შეუძლია, პროგრამული რობოტის ხმა შეიძლება ბევრმა პირველი მოსმენისთანავე ვერც გაიგოს, თუმცა თითონ ამ ხმის უკვე კარგად ესმის და შეჩვეულია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთწლიანი სწავლის პერიოდში დიდი გამოცდილება დააგროვა. იხსენებს, რომ პირველივე შეხვედრაზე სპეციალურმა მასწავლებელმა მის ყველა კლასელს აუხსნა, როგორ უნდა დაემყარებინათ გოგონასთან კომუნიკაცია: საუბრის დაწყებამდე მისთვის სახელი და გვარი უნდა ეთქვათ, რადგან ხმით შესაძლოა ესმას ვერ ეცნო თანამოსაუბრე. საუბრისას უნდა გაეფრთხილებინათ, თუკი წასვლას დააპირებდნენ და არ მიეტოვებინათ, რომ მას საუბარი ტყუილად არ გაეგრძელებინა და ა.შ.
სპეციალური მასწავლებელი ეხმარებოდა თავიდან როგორ უნდა გაეგნო გზა აუდიტორიიდან აუდიტორიამდე, ეხმარებოდა ასევე ტესტების ამოხსნაში, სკოლაშივე ჰქონდათ ბრაილის პრინტერიც.
ესმა ამერიკაში თვითონაც იყო სხვისი მოხალისე-მასწავლებელი, უსინათლო, აუტიზმის მქონე ბავშვს ასწავლიდა ბრაილს.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, შესაფერისი გარემოს შესაქმნელად თავად მოუწია ბრძოლა: ადმინისტრაციას მოელაპარაკა, რომ მისთვის საჭირო იყო ბიბლიოთეკარი, რომელიც ტექსტებს წაუკითხავდა, გამყოლი, რომელიც აუხსნიდა როგორ მისულიყო აუდიტორიიდან აუდიტორიამდე. ამბობს, რომ შშმ პირებისთვის აუცილებელი კონსულტანტების არარსებობა უნივერსიტეტების პრობლემაა და გამოცდილება, რომელიც მან უნივერსიტეტში დააგროვა დაიკარგება, არავის გადაეცემა, რადგან არ არსებობს ინსტიტუციური მეხსიერება. მართალია, ესმამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად ბევრი საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ, როცა ადმინისტრაცია შეიცვლება და უნივერსიტეტში მივა ვინმე სხვა უსინათლო სტუდენტი, მასაც დამოუკიდებლად მოუწევს ბრძოლა შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, რისი უფლებაც კონსტიტუციურად და ფურცლებზე აქვს, მაგრამ თან არ აქვს.
[red_box]„ღმერთმა დაგსაჯა და დროულად ვერ გაიკეთე აბორტი“[/red_box]
„როცა საქართველოში ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობებით იბადება, მშობლები ცდილობენ მას და-ძმები „გაუჩინონ“, რომ სამომავლოდ ასეთ ბავშვს „მომვლელი“ ჰყავდეს. თავად ბავშვის განვითარებასა და სწავლაზე ძალისხმევის გაღება კი ამაოდ მიიჩნევა.
ხშირად შეზღუდულ შესაძლებლობებს, თუ სხვებისთვის შესამჩნევი არ არის, მალავენ. მაგალითად, ერთ მცირედმხედველ გოგონაზე ამბობდნენ, რომ ნიჭიერია, მაგრამ სკოლაში ვერ სწავლობს, დაფაზე შრიფტს ვერ კითხულობსო. ელემენტარულად სპეციალური სწავლება ესაჭიროებოდა ამ ბავშვს – დაფა გადიდებული შრიფტით.
მშობლებს ხშირად უჭირთ და არ უნდათ აღიარება, რომ მათ შვილს გარკვეული შესაძლებლობები შეზღუდული აქვს და სპეციალური სასწავლო გეგმა სჭირდება. ამას უნდა მოჰყვეს სკოლაში მულტიდისციპლინური საბჭოს ჩამოსვლა, რომელმაც ბავშვი უნდა შეამოწმოს, იგებს მთელი სოფელი ან დაბა, ბავშვს „არასრულფასოვნის“ იარლიყის ტარება უწევს და სამომავლოდ შეიძლება ოჯახის შექმნაც კი გაუჭირდეს“, – ამბობს ესმა.
უჭირთ კიდეც და განსაკუთრებით ეს სტერეოტიპი ეხება გოგონებს. ამიტომაც ჩქმალავენ მშობლები მცირედ გამოხატულ შეზღუდულ შესაძლებლობებს და სჯერათ, რომ ასე დაიცავენ შვილებს საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების, შეფასებებისგან. თუ შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნები იმალება – მალავენ. თუ ყველასთვის შესამჩნევია, აუჩინარებენ ადამიანსაც: არ უშვებენ გარეთ, არ აჩენენ სტუმრებთან.
„არსებობს ბრალეულობის აბსურდული შეგრძნებაც”-გვეუბნება ესმა – „თუ შშმ პირი გყავს შვილი, ესე იგი, რაღაც შეგეშალა ცხოვრებაში და ღმერთმა დაგსაჯა და დროულად ვერ გაიკეთე აბორტი.
შვილის შეზღუდული უნარის შეგნებულად დამალვა და უარყოფა მშობლების გარკვეული ნაწილისთვის პასუხისმგებლობისგან თავდაღწევის ფორმაა: მარტივია არ შეიმჩნიო და თქვა, რომ ბავშვს ისეთი არაფერი სჭირდება, რთული ასეთი ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა, სწავლაში ხელშეწყობაა – ეს ძალისხმევას, აქტიურობას, რეალობის მიღებას ითხოვს მშობლისგან, რისი სურვილიც მათ ხშირად არ აქვთ”.
ფოტო: ესმა გუმბერიძის ფეისბუქგვერდიდან
[red_box]ის, რაც არსებობს და თან არ არსებობს[/red_box]
„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ – ეს სლოგანი თითქოს ამ ჯგუფის გასაძლიერებლად და გასააქტიურებლად ჟღერს მედიაში. მომნუსხველ ფრაზას მაშინ იყენებენ, როცა საქმე წარმატებულ შშმ პირს ეხება. რეალურად ასეთი ძალიან ცოტაა და ყველა ინდივიდუალური შემთხვევის უკან დგას მშობლებისა და ახლობლების ლომის წილი, უამრავი გადალახული დაბრკოლება.
„გამოთქმა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები თითქოს არ არსებობს, დახლოებით ასე ჟღერს: მე რაღაც მანქანებით მივაღწიე წარმატებას, გავძლიერდი და დავიმსახურე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღარ მოვიხსენიებოდე, ანუ ეს არის რაღაც ცუდი, რისგანაც უნდა გავთავისუფლდე. რეალურად კი ადამიანი არაფრისგან არ თავისუფლდება და მკვიდრდება ახალი სტერეოტიპები“, – ამბობს ესმა.
შშმ პირებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უჩინარები უსინათლოები არიან. ესმა ფიქრობს, რომ მათი პრობლემების ცალკე გამოყოფა არ აწყობს სახელმწიფოს, რადგან ამისთვის სოლიდური თანხის გამოყოფაა საჭირო:
„შეგონება, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ სახელმწიფოს სირაქლემასებური პოზიციის წამახალისებელია: ვაჩვენებთ ერთ წარმატებულ ადამიანს ყველას და თუ ერთმა შეძლო ბარიერების დაძლევა, დაძლიონ სხვებმაც. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არაფერი აქვს გასაკეთებელი შშმ პირებისთვის და ყველაფერი იდეალურადაა“.
[red_box]„როცა კაცები ქალთა უფლებებს დაიცავენ და შშმ პირები გასცდებიან საკუთარ პრობლემებს“[/red_box]
ესმასთვის ნამდვილად ინკლუზიური, განვითარებული საზოგადოება არის ის, სადაც მოქალაქეები სხვათა საკითხის მოგვარებაში ერთვებიან და არ არიან მოცულები მხოლოდ საკუთარი პრობლემებით, როცა ქალების უფლებებზე იმუშავებენ მამაკაცებიც, როცა შშმ პირებისგან არ იქნება მოლოდინი, რომ ისინი მხოლოდ შშმ საკითხებზე უნდა მუშაობდნენ – ეს იქნება ინკლუზიურ საზოგადოებად ქცევის ნიშნები.
ეს ესმას შეფასებაა.
„რეალურად კი ამისგან შორს ვართ: საკუთარი უფლებების დასაცავად დამოუკიდებლად უნდა იმოქმედო და სახელმწიფოს უსახსრობის ფონზე ზღაპრული დამთხვევების, სხვათა კეთილი ნების იმედად თუ იქნები“, – გვიყვება ესმა და თავისი ერთ-ერთი ნაცნობის მაგალითს იხსენებს, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა უსინათლოთა სკოლაში, ახლა კი საინგილოში ცხოვრობს: „მას თბილისში, კოლეჯში სურს გააგრძელოს სწავლა, მაგრამ ქალაქში მცხოვრებ მის დებს სკოლის ატესტატი სასწავლებლამდე არ მიაქვთ… მშობლები მის განათლებას ეწინააღმდეგებიან, კოლეჯი ამ ადამიანის უფასო სწავლასა და საცხოვრებელს აფინანსებს, თუმცა უსინათლომ კვების ფული თავად უნდა გადაიხადოს, რასაც ის ვერ შეძლებს“.
„ჩვენი მთავარი პრობლემა იცით რა არის?“, – აგრძელებს ესმა. – „არ ვიცით, როგორ მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის, არ ვიცით კანონი“.
მართლმსაჯულების არახელმისაწვდომობისა და სპეციალური პროგრამის გაუმართაობისთვის, რითაც უსინათლოებს წესით სასამართლოში სარჩელის შეტანა დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ, ესმას დავა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ეს სასამართლო არაერთხელ გადაიდო და საქმე განხილვის პროცესშია.
ესმა ჩართულია ასევე შშმ პირების ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კვლევის პროცესში: გამოვლინდა, რომ სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციები თაღლითობენ და ხშირად იმ სერვისებში ახდევინებენ თანხას შშმ პირებს, რასაც მათ დაზღვევა უფინანსებს. ესმას აქვს იდეა, რომ შეიქმნას მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებით შშმ პირები საავადმყოფოში მისვლამდე შეძლებენ თავად მოძებნონ ესა თუ ის პროცედურა – ფასიანია თუ უფასო.
მისივე იდეაა ავტობუსებში გაჩერებებზე გამხმოვანებლების დამონტაჟება, რითაც არამხოლოდ უსინათლოები ისარგებლებენ. ეძებს ერთდროულად უსინათლო და სმენის არმქონე პირებს და დარწმუნებულია, რომ საქართველოში ასეთები მრავლად არიან, უბრალოდ, მათ საგულდაგულოდ მალავენ. ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი შესაძლებელია ადამიანს ეკონტაქტო და ბრაილის შრიფტი ასწავლო დიდი ძალისხმევის შედეგად, მაგრამ მაინც.
„ახლობელი მეუბნებოდა, რომ სვანეთში ბევრ ოჯახში ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრი, რომელსაც არ აჩენენ. არის შემთხვევები, როცა ოჯახში ასეთი ორია“, – ამბობს ესმა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამალულმა ადამიანებმა ნელ-ნელა გარეთ გამოსვლა შეძლონ. იცის, რომ მარტივი არ არის შესძახო ადამიანს – „გამოდი გარეთ!“ მაშინ, როცა მოუხერხებელ პანდუსზე შესაძლოა ფეხი მოგტყდეს ან ავტობუსში ვერ ახვიდე. იცის, რომ სლოგანებით ლაპარაკი მარტივია და არავის არაფერს მოუწოდებს, უბრალოდ, თვითონ გამოდის გარეთ და იცის, რომ უნდა იმოქმედოს.
იდეალური, ინკლუზიური საზოგადოების იდეა, სადაც კაცები მოგვევლინებიან ქალთა უფლებების დამცველებად და შშმ პირთა პრობლემების მოგვარებაში სხვებიც ჩაერთვებიან, ჯერ ისევ ჰორიზონტს მიღმაა და ოდნავადაც არ ილანდება.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა გუნდი მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად დღეს მალტაში გაემგზავრა. ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მერიის ეზოდან გააცილეს. ოლიმპიადა 8-10 აპრილს გაიმართება.
აჭარის განათლების მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად, ქედაში გოგონების გასაცილებლად მაგიდის ჩოგბურთის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტიც ჩავიდა.
„მსოფლიოზე მონაწილეობა უკვე შედეგია. სასკოლო ოლიმპიადა მესამე წელია ტარდება და აჭარის რეგიონიდან სკოლის მოსწავლეები პირველად მიიღებენ მასში მონაწილეობას.
ვაიოს სკოლის ჩოგბურთელებიგაცილების ცერემონიაზე გოგონების თანატოლები, მშობლები და ოფიციალური პირები მივიდნენ.
სასკოლო ოლიმპიადაზე ისეთი გუნდები მონაწილეობენ, რომ მიჭირს მოლოდინებზე საუბარი, თუ რომელიმე გუნდს ვაჯობეთ, ვთქვათ, ათი გუნდიდან ორს მაინც – ესეც კარგი შედეგი იქნება. როდესაც მონაწილეობას იღებს ჩინეთის, საფრანგეთის… გუნდები, რთულია მოლოდინებზე ისაუბრო“, – ამბობს მაგიდის ჩოგბურთის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტი, ავთანდილ მენაბდე.
„ბოლო პერიოდში თითქმის მთელი დღეების განმავლობაში ვმეცადინეობდით. დიდი იმედებით მივდივართ, გვინდა კარგი შედეგები დავდოთ,“ – ამბობს გუნდის წევრი, ქეთი შავიშვილი.
გოგონებთან ერთად დღეს მალტაში ვაიოს სკოლის სპორტის პედაგოგი, გუნდის მწვრთნელი იოსებ მახაჭაძე გაემგზავრა.
ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ოთხი სპორტსმენით არის დაკომპლექტებული: ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი.
გაცილების ცერემონიაზე გოგონების თანატოლები, მშობლები და ოფიციალური პირები მივიდნენგაცილების ცერემონიაზე გოგონების თანატოლები, მშობლები და ოფიციალური პირები მივიდნენგაცილების ცერემონიაზე გოგონების თანატოლები, მშობლები და ოფიციალური პირები მივიდნენგაცილების ცერემონიაზე გოგონების თანატოლები, მშობლები და ოფიციალური პირები მივიდნენგაცილების ცერემონიაზე გოგონების თანატოლები, მშობლები და ოფიციალური პირები მივიდნენ
საქართველოს განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საათობრივი ბადის პროექტი. პროექტის მიხედვით, საათობრივი ბადე არ გამარტივებულა, პირიქით – უფრო დატვირთულია. რამ გამოიწვია საათობრივი ბადის დატვირთვა და არა გამარტივება? ამ საკითხის ირგვლივ შეკითხვებზე პასუხის გაცემა განათლების სამინისტროში არ ისურვეს. თემაზე „ბათუმელებთან“ „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი და პედაგოგი მუხრან გულიაშვილი საუბრობს.
ბატონო მუხრან, მე-7, მე-8 და მე-9 კლასებისთვის ახალი საათობრივი ბადის პროექტი უკვე გამოქვეყნდა. ადრე იყო საუბარი იმაზე, რომ საათობრივი ბადე უნდა განტვირთულიყო. რას ფიქრობთ ამაზე?
იმ შეხვედრას მეც ვესწრებოდი, როცა სამინისტრო განიხილავდა საათების შემცირებას. მაშინ მართლა კარგი არგუმენტები ჰქონდათ, იყო საუბარი იმაზე, რომ ამ ასაკში ბავშვებს სჭირდებათ უფრო მეტი თავისუფალი დრო, რომ სხვა აქტივობებით უნდა დაკავდნენ, იმავე სპორტული აქტივობებით და ეს იყო დამაჯერებელი არგუმენტები. მე ყოველდღიური შეხება მაქვს სკოლასთან და ნამდვილად ვხედავ ამის საჭიროებას.
საგნებისა და საათების დამატება გამოიწვევს იმას, რომ მოსწავლეებს დღის განმავლობაში უფრო მეტ გაკვეთილებზე მოუწევთ დასწრება, რაც მათ გადაღლის.
ამ პროექტის მიხედვით, ფაქტობრივად, ყოველ დღე 7 გაკვეთილის მოსმენა უწევთ.
ყველა პედაგოგი დამეთანხმება, რამდენად დიდი განსხვავებაა, როცა მოსწავლესთან ატარებ პირველ, მეორე და მესამე გაკვეთილს და როცა ატარებ, მეექვსე, მეშვიდეს. გადატვირთულობა, ზოგადად, მე ქართული სასკოლო სისტემის ერთ-ერთ ძირითად ხარვეზად მიმაჩნია. გადავიკითხე ახალი პროექტი და არგუმენტები ვერ ვნახე, რის საფუძველზეც ცდილობენ გაამართლონ საათების მომატება.
როცა რაიმე ახალი შემოგაქვს, პრობლემაზე უნდა იყოს პასუხი. აქ არსად ჩანს, რა უმარტივდება მასწავლებელს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, პრობლემა სწორად არ არის დანახული, რადგან დღეს პრობლემა სწორედ საათობრივი ბადეს გადატვირთულობაა.
თუ აქამდე ხედავდნენ განტვირთვის აუცილებლობას და თვითონაც საუბრობდნენ ამაზე სამინისტროში, მაშინ პროექტის შედგენისას რატომ აკეთებენ საპირისპიროს?
იმიტომ ვერ ხედავენ, რომ ვინც გადაწყვეტილებას იღებს ზემოდან და ვინც ამაზე ფიქრობს, მას არ აქვს ახლო შეხება სასკოლო ცხოვრებასთან. დადეს პროექტი, ჯერ დაველოდებით მასწავლებლების გამოხმაურებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებასო. ასეთი ფორმატები, რომ იქ, სადღაც კომენტარს დაწერს მასწავლებელი, ან სადმე შეხვედრას გამართავენ და იქ მოისმენენ მასწავლებლის აზრს და გაიგებენ ჭეშმარიტებას, ასეთ შეხვედრებზე, ჩემი აზრით, არ ვლინდება ის რეალობა, რაც სკოლაშია. ეს ფორმატი არის არასწორი. თუ გადაწყვეტილების მიმღებმა თვითონ არ იცის, არ არის ჩახედული, მას უშუალო შეხება არ აქვს ყოველდღიურად სკოლასთან, ასე გადაწყვეტილების მიღება რთულია.
თუ აქამდე არ მოუსმენიათ მასწავლებლების არგუმენტები სამინისტროში, ამის შემდეგ რა გარანტია არსებობს, რომ მოისმენენ. წესით, ჯერ ხომ უნდა ემსჯელათ და შემდეგ დაედოთ პროექტი?
ამიტომაც ვერ დავინახე საფუძველი, რის გამო დაამატეს საათები. ერთადერთი არგუმენტი ეწერათ, რომ სჭირდებათ სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიების ცოდნა, რადგან 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები და მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანია. ამ ლოგიკით ძალიან ბევრი რამეა საჭირო და ყველაფერზე საგნის დამატება არასწორია.
მედიაწიგნიერება მოსწავლეს შეიძლება ვასწავლოთ ონლაინკურსებითაც, რაღაც სხვა არაფორმალური მეთოდებით და არ სჭირდება ამას საგნის დამატება. ჯერ ის ვასწავლოთ კარგად, რასაც სწავლობენ, რადგან ფაქტია, რომ იმას, რასაც ახლა სწავლობენ მოსწავლეები და რა საგნებიც აქვთ, კარგად ვერ სწავლობენ. ოფიციალური სტატისტიკით, თუნდაც CAT-ის გამოცდებში იჭრება მოსწავლეების 15 პროცენტი. საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ არ არის კარგი შედეგი.
ჯერ იმის სწავლებასაც ვერ ვახერხებთ მაღალი ხარისხით, რასაც უკვე ვსწავლობთ. კიდევ რომ დავამატოთ ამას საათები, გამოდის, რომ ცუდად ვასწავლით ბევრს. დღეს ხარისხია განათლების პრობლემა და არა საათები.
მიუხედავად საათობრივი ბადის გადატვირთულობისა, საბუნებისმეტყველო საგნებს მაინც ცოტა დრო ეთმობა პროექტის მიხედვით – კვირაში ორი საათი. მხოლოდ ინგლისურის, მათემატიკისა და ქართული ენის საათებია გაზრდილი.
როცა ცვლილებას ახორციელებ, ნებისმიერი მიმართულებით, რაღაც მიზანი ხომ უნდა გქონდეს და ეს მიზანი უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული. ამ შემთხვევაში, რატომ ემატება მათემატიკას, ქართულს ან ინგლისურს ერთი საათი, ამის ახსნა მე ვერსად ვნახე. საათების გაზრდა ნამდვილად არ იქნება სწორი.
როგორ ფიქრობთ, მაინც რა შეიძლება იყოს ასეთი საპირისპირო ცვლილების მიზეზი?
თავდაპირველი არგუმენტი, რომ საათობრივი ბადე უნდა განტვირთულიყო, ყოფილი მინისტრიდან მოდიოდა. შემდეგ შეიცვალა ხელმძღვანელობა და ალბათ სხვა მოსაზრებები გაჩნდა.
ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მოსწავლეების სპორტული აქტივობებით დაკავებაზე ახალი მინისტრიც ხომ საუბრობს.
სკოლაში სპორტის გაკვეთილებს ორი საათი ეთმობა კვირაში და ეს გაკვეთილებიც, ვხედავთ, რომ ძალიან დაბალი ხარისხისაა. აქედან ჩანს, რომ სამინისტროს მოსაზრებები და გადაწყვეტილებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. ის ხალხი, ვინც ექვსი თვის წინ ამბობდა, რომ ბადე უნდა განტვირთულიყო, ახლა ვხედავთ, რომ დატვირთულია განტვირთვის ნაცვლად და ეს აუცილებლად აისახება სწავლის ხარისხზე.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეები ვერ ახერხებენ შესვენებას, სრულფასოვან კვებას, წარმოიდგინეთ მე-6, მე-7 გაკვეთილზე მოშიებული ბავშვის ყურადღების კონცენტრაცია როგორი იქნება, ან მისი მოტივაცია.
როგორი მასწავლებელიც არ უნდა მიუყვანო და როგორი ტექნოლოგიაც არ უნდა იყოს კლასში, ფიზიოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მოსწავლე ვერ იქნება აქტიური.
ადრე მასწავლებლები ამბობდნენ, რომ სახელმძღვანელოები იყო გადატვირთული და ამიტომ ვერ ასწრებდნენ მოცემულ დროში ყველაფრის მიწოდებას. ახალი სახელმძღვანელოების პროექტს თუ იცნობთ და როგორ იმუშავებს ამ საათობრივი ბადის პირობებში?
არ მინახია ახალი სახელმძღვანელოები, მაგრამ თუ საათები იქნება გადატვირთული, სახელმძღვანელოებიც შესაბამისი იქნება.
რადგან საათები დაემატა, ალბათ ეს შესაბამისი საგნების მასწავლებლების ანაზღაურებაზეც აისახება. როგორ ფიქრობთ, ისინი ისაუბრებენ ამაზე ხმამაღლა?
რა თქმა უნდა, არასწორია, როცა მასწავლებლის შრომის ანაზღაურება საათებზეა დამოკიდებული. მე არ ვიცი მასწავლებლებისთვის რამდენად ზუსტად არის ეს ყველაფერი ცნობილი, მაგრამ როცა მათ ეუბნებიან, რომ თავიანთი აზრი გამოხატონ, უმეტესობამ არც კი იცის, სად უნდა გამოხატოს ეს აზრი, რომელ ფორუმებზე და, შესაბამისად, მათი ჩართულობაც დაბალია. ნებისმიერ რეფორმაში მასწავლებლების აზრის გათვალისწინება, თუნდაც იმავე სქემის შემთხვევაში, ძალიან დაბალია.
პრობლემაა ისიც, რომ რაღაც ახალი ინიციატივები ჟღერდება, შემდეგ კი შუაში ჩერდება. იგივე „თავისუფალი გაკვეთილების იდეა“, მარგველაშვილის პერიოდში იყო, რომ ოლქებად უნდა დაყოფილიყო სკოლები… ყველაფერი ჩერდება, იკარგება.
თქვენი აზრით, როგორ უნდა გამარტივებულიყო საათობრივი ბადე?
აპირებდნენ პროგრამიდან ამოეღოთ გარკვეული საკითხები და აეტანათ მე-12 კლასში. მაგრამ ეს ასე აღარ გაკეთდა, როგორც აქედან ჩანს. რადგან ასეთი არათანმიმდევრულობა გვაქვს რეალობაში, რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია.
რაღაც სხვა ფორმატები უნდა არსებობდეს, სადაც ასეთ საკითხებზე მსჯელობა იქნება შესაძლებელი. როცა ჯერ რაღაცას იტყვი და თითქმის გადაწყვეტილია ეს საკითხი, შემდეგ იმაში ჩართულობა აზრს კარგავს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავისუფალი პროექტების კონკურსი უკვე გამოცხადდა და განაცხადების მიღება პირველ მაისს დასრულდება.
სამინისტროს განმარტებით, კონკურსის მიზანი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, ხელოვნების ახალი მიმართულებების განვითარება და შემოქმედი ახალი თაობისა და ახალი იდეების მხარდაჭერა.
„ასევე რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა.“
პროექტი სამინისტრომ გასულ წელსაც განახორციელა. წელს პროგრამაში სიახლეა – თანხები გაიცემა საგრანტო წესით.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. პროექტი უნდა დაიწყოს არაუადრეს 2018 წლის 1 ივნისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2018 წლის 15 დეკემბერს.
სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა უნდა შეადგენდეს მცირე პროექტისთვის, საშუალოდ, 10 000 ლარს და მასშტაბური პროექტისთვის 30 000 ლარს [საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კომისიამ განიხილოს ბიუჯეტის კორექტირების საკითხი].
თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა გრანტის სახით. უპირატესობა მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტებს.
თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი 2018 წელს 120 000 ლარია.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთებს 2018 წლის 1-ელი მაისის ჩათვლით [09 საათიდან – 18 საათამდე] მიიღებენ.