TDI: კადრებიდან და დაზარალებულების ჩვენებიდან იკვეთება რასობრივი დისკრიმინაცია


თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, 8 აპრილს რამდენიმე შავკანიან სტუდენტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სტადიონიდან გააძევეს. ახალგაზრდები მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობას კანის ფერს უკავშირებენ.

ინციდენტის დეტალებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც“ სწავლობს. ორგანიზაციის იურისტის შოთა თუთბერიძის თქმით, აღნიშნული ფაქტიდან რასობრივი დისკრიმინაცია იკვეთება.

„რეალურად, უცხოელი სტუდენტები იყვნენ ეკლესიაში, რელიგიურ რიტუალზე და 5 საათისთვის მივიდნენ სტადიონზე. ამ ერთ საათში მოხდა ინციდენტი. ამიტომ, სრულიად არასწორია ის ინფორმაცია, რომელსაც მეორე მხარე ავრცელებს“, – გვეუბნება თუთბერიძე.

მისი შეფასებით, გავრცელებული კადრებიდან და დაზარალებულების ჩვენებიდან იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, – რასობრივი დისკრიმინაცია. თუმცა, ამჟამად გამოძიება სულ სხვა მუხლით მიმდინარეობს.

„ფიზიკური ძალადობის მოტივი არის რასობრივი დისკრიმინაცია, რადგან აგრესიული ადამიანები ეუბნებოდნენ, რომ „ეს ჩვენი ქვეყანაა და წადით აქედან“. ულტიმატუმის ენით მოითხოვდნენ, რომ „დატოვებთ ეხლა სტადიონს“, შემდეგ მათ უთხრეს, რომ  საერთოდ ამ ქვეყნიდან წადით, რადგან ეს არ არის თქვენი ქვეყანა და ა.შ.

ზოგიერთი დაზარალებულის თქმით, იყო რასობრივი შეძახილები – „ზანგი“ და სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია იყო გამოყენებული. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დანაშაული და სამართალდარღვევა რეალურად ჩადენილია დისკრიმინაციის საფუძველზე“, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი გვეუბნება, უცხოელი სტუდენტები პირველად არ თამაშობდნენ აღნიშნულ სტადიონზე, თუმცა სხვა დროს მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ.

„სტადიონი არის მუნიციპალური საკუთრება, საჯარო გამოყენების სტადიონი. გვერდით, სტადიონის გარეთ არის ტრენაჟორები პატარა ბავშვებისთვის“.

იურისტის თქმით, ამჯერად გამოძიება მიმდინარეობს 126-ე ძალადობის მუხლით, თუმცა გამოძიების პროცესში შესაძლებელია მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

„სახელმწიფოს მიდგომა ამ ეტაპისთვის რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ პოლიციის ოფიცრები ცდილობდნენ გამოძიება არ დაეწყოთ და რამენაირად ჩუმად მოგვარებულიყო ეს ამბავი. მათ ურჩიეს სტუდენტებს, რომ დაევიწყებინათ ეს ამბავი. შესაბამისად, მათი ქმედება ვერ შეფასდება დადებითად. თუმცა, მთავარია, რომ გამოძიებამ ამის შემდეგ მაინც იმუშაოს ეფექტურად, რადგან არის შემთხვევები, როცა მსგავსი ტიპის დანაშაულების გამოძიება ჭიანურდება ხოლმე“.

შოთა თუთბერიძის თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა დანაშაული არასწორი მუხლით კვალიფიცირდება. „მხოლოდ ერთი კარგი მაგალითი გვაქვს, როცა რუსთაველზე სცემეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სწორად მოხდა დანაშაულის კვალიფიკაცია. თუმცა ერთი კონკრეტული შემთხვევა არ არის საკმარისი. გამოძიებისას სამართალდამცავები არ უნდა შეეცადონ ბრალის შემსუბუქებას“, – ამბობს თუთბერიძე.

მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა დაზარალებულები ამჯობინებენ არ მიმართონ სამართლებრივ პროცედურებს, თუმცა კონკრეტული ფაქტებიც აჩვენებს, რომ რასიზმის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები გაზრდილია.

„რა თქმა უნდა, ეს უცხოელი სტუდენტებიც არიან სტრესის ქვეშ, მაგრამ კარგია ის, რომ ისინი დანაშაულის გენერალიზებას არ ახდენენ და არ ფიქრობენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ჩაიდენს ამ ტიპის დანაშაულს. ის აცნობიერებენ იმას, რომ ეს არის ცალეკული პირების მიერ ჩადებილი ქმედება და არა მთელი ერის პასუხისმგებლობა. ამიტომ, ამ ეტაპზე დაინტერესებული არიან გამოძიებასთან თანამშრომლობით“, – ამბობს თუთბერიძე.

მისი აზრით, ზოგადად, ქვეყანაში რასიზმის გაძლიერებას ამ ტიპის დანაშაულების დაუსჯელობა ახალისებს. „ასევე, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების განცხადებები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ახალისებს რასიზმს და პირდაპირ გამოხატავს აგრესიას განსხვავებული ადამიანების მიმართ“.

თუთბერიძის აზრით, დანაშაულის სწორი კვალიფიცირება და პასუხისმგებლობის დაკისრება მომავალში ამ ტიპის დანაშაულების პრევენციასაც გამოიწვევს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com