მთავარი,სიახლეები

ბიზნესი, რომელიც მსხვერპლად ადამიანების სიცოცხლეს ითხოვს

10.04.2018 • 2285
ბიზნესი, რომელიც მსხვერპლად ადამიანების სიცოცხლეს ითხოვს

ქვანახშირის მოპოვება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საქმიანობად მიიჩნევა, ისევე როგორც პოლიციელობა, ჟურნალისტობა, მეზღვაურობა და მფრინავობა. უსაფრთხო შახტი არ არსებობს, არსებობს უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე მეთოდები, თუმცა თუ ადამიანი შახტში მუშაობას თანხმდება, თანხმდება მოულოდნელი სიკვდილის დიდ ალბათობასაც.

ბრიტანული გამოცემა Guardian -ი ქვანახშირის მოპოვებას „ბინძურ ბიზნესს“ უწოდებს, რომელიც მსხვერპლად მთელ მსოფლიოში ადამიანების სიცოცხლეს ითხოვს.

ბოლო რვა წლის განმავლობაში ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში 25-მდე ადამიანი დაიღუპა. სიცოცხლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია მსხვილი ბიზნესისთვის აპრობირებული მეთოდია: 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს კომპანია „საქნახშირი“ 20 000 – 20 000 ლარს გადასცემს. ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის კი გაცილებით მეტი:  50 000 – 50 000$ გაიღო კომპანიამ.

სასტუმროში დაღუპულების ოჯახებს ასევე 10-10 ათასი ლარი გადასცა აჭარის მთავრობამ.

მსხვილი ბიზნესისთვის ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილს სხვადასხვა ფასი აქვს. მსხვილმა ბიზნესმა ზუსტად იცის, ვის რამდენი გადაუხადოს პროტესტის ჩასახშობად. იცის, რომ 20 000 ლარი საკმაოდ დიდი თანხაა ქალაქისთვის, სადაც შახტის გარდა სამსახურის სხვა ალტერნატივა მამაკაცებს არ აქვთ.

„საქნახშირის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცლად წაიკითხავთ, რომ ტყიბულში ქვანახშირი მე-19 საუკუნიდან მოიპოვება და რეგიონის აღორძინებასაც ამას უნდა ვუმადლოდეთ (გაურკვეველია რა იგულისხმება აღორძინებაში?)

კომპანიის მთავარ გვერდზე განთავსებული ტექსტის პათოსი მიგვანიშნებს, რომ ტყიბულში ვრცელდება „საქნახშირის“, როგორც დამსაქმებლის მონოპოლია და მოსახლეობაც მადლიერი უნდა იყოს ამ ერთდერთი შანსით სარგებლობისთვის:  „ამჟამად ტყიბულში 1500-მდე მაღაროელი და შახტის სხვა პერსონალი თავიანთ ოჯახებთან ერთად, ამ სამუშაოდან მიღებული შემოსავლით ცხოვრობს“.

მიუხედავად იმისა, რომ საბადოში მუშაობით მეშახტეები სიცოცხლეს რისკავენ, მათი ხელფასი ძალიან დაბალია. მინდელის სახელობის შახტში, მაგალითად, სადაც 5 აპრილს 6 მეშახტე დაიღუპა, I კატეგორიის ზეინკლის ხელფასი 320 ლარი იყო, III კატეგორიის ზეინკლისა – 480, მემანქანის – 530, სამთო ოსტატის კი – 630 ლარი.

მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში მომუშავეთა ხელფასები ასე ნაწილდება:

„საქნახშირის“ ოფიციალურ ვებგვერდზე არაფერია ნათქვამი შახტების უსაფრთხოების ნორმებსა და დაცულობაზე, ამ საკითხს ტექსტის ბოლოს მხოლოდ ერთი ზოგადი და პატარა აბზაცი ეთმობა.

ტყიბულში 5 აპრილს, 6 მეშახტის დაღუპვის დღეს, საწარმო „საქნახშირის” მფლობელმა დავით ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მინდელის შახტში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია, საპირისპირო ინფორმაციას იძლევა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2017 წლის ანგარიში,  სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებშია:

  • ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები;
  • გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები;
  • შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს;
  • ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში;
  • შახტაში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისთვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად;
  • ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა);
  • 400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე;
  • შახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან, არ არის განათება ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა.
  • შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი;
  • მინდელის შახტაში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტრო კაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული;
  • ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი);
  • კვეშლაგში, გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე, დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა;
  • სამანქანო არსებული ელექტრო ფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით;
  • გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: