43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ოფიციალური წარდგენა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა – ,,ბათუმი 2018” წარადგინა.

მიხეილ გიორგაძე
მიხეილ გიორგაძე

სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ვიშვანათან ანანდი.  საგანგებოდ პრეზენტაციისთვის, თბილისს  ფიდე-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი ეწვია.

ზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძე

პრეზენტაციაზე ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება გამართა. დასახელდნენ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ქართველი კეთილი ნების ელჩები, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები – ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ღონისძიება უდიდეს დადებით ეფექტს მოახდენს როგორც ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლების, ისე ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით.

გეორგიუს მაკროპულოს
გეორგიუს მაკროპულოსი

ღონისძიების მნიშვნელობაზე  ისაუბრეს  ფიდე-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გეორგიუს მაკროპულოსმა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ.

ზურაბ აზმაიფარაშვილი
ზურაბ აზმაიფარაშვილი

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებს საშუალება მიეცათ ეთამაშათ ჭადრაკი. ასევე დაეთვალიერებინათ საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული ფოტოები.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

პრეზენტაციას საქართველოს  მთავრობის წევრები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სახელოვანი მოჭადრაკეები, ვეტერანი ქართველი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, კულტურის სფეროსა და ბიზნეს სექტორში წარმატებული ადამიანები  ესწრებოდნენ.

 

“ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ – ახალი კრებულის პრეზენტაცია ბათუმში [ანონსი]

20 აპრილს, 18:30-ზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მოეწყობა პრეზენტაცია წიგნისა „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი“.

შეხვედრის ორგანიზატორია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და პლატფორმა ქალები საქართველოდან Women of Georgia. პუბლიკაციას წარადგენს გენდერის კვლევის მაგისტრი, ფემინისტი აქტივისტი – ნუკრი ტაბიძე და პუბლიკაციის ერთ-ერთი ავტორი, ნაცო ბერიძე-გაბაიძე.

სტატიების სერიის „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?” პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა. მასში თავმოყრილია ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები. ახალი კრებული იგივე სერიის მეორე წიგნია და მასში ძირითადად ის სტატიებია თავმოყრილი, რომლებიც ბოლო სამი წლის მანძილზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფემინისტურ ვებგვერდზე დაგროვდა. შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებული სტატიების გარდა, კრებულში მკითხველი აჭმოაჩენს ახალ ნაშრომებსა და ავტორებსაც, რომლებიც კარგად ესადაგებიან ქალთა პოლიტიკური ბრძოლის აქტუალურ ხედვებს.

 

ამავე თემაზე:

ლელა გაფრინდაშვილის ლექცია ”ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ” [Audio]

თამარ ცხადაძის საჯარო ლექცია ბათუმში

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლაშა ასლანიშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში დაუდასტურეს: „მას დაწერილი ჰქონდა განცხადება  გადადგომაზე და დაკმაყოფილდა.“

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა ასლანიშვილი სააგენტოში სამუზეუმო განყოფილების ხელმძღვანელად დარჩება.  ჯერჯერობით  არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, ვინ შეასრულებს სააგენტოს უფროსის მოვალეობას, ვიდრე ახალ ხელმძღვანელს მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე დანიშნავს.

ლაშა ასლანიშვილი, როგორც სააგენტოს დირექტორი, ითავსებდა სააგენტოს ზონალური საბჭოს თავმჯდომარის თანამდეობობასაც. ზონალური საბჭო ითანხმებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს.

მთავრობის განმარტება შუახევიჰესზე: გვირაბი ქანების გაწყლიანების გამო ჩამოინგრა

„ჰიდროთერმული ზემოქმედებისა და გამოფიტვის შედეგად შესუსტებული ქანების გაწყლიანების გამო, მოხდა ქანების ჩამოშლა,“ – გვიპასუხეს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში „შუახევიჰესის“ ერთ-ერთი გვირაბის ჩამოშლის მიზეზთან დაკავშირებით.

ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან „შუახევიჰესის“ ერთ-ერთი გვირაბი 2017 წლის აგვისტოში ჩამოიშალა. ამ დროს ჰესში სატესტო რეჟიმის წესით წყალი გაუშვეს.

ჰიდროელექტრო სადგურებზე ტექნიკურ ზედამხედველობას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს. ეს უწყება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაშია. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გასული წლის ნოემბერში მოამზადა. მაშინ სააგენტოს არ ჰქონდა გამოკვლეული, რის გამო ჩამოიშალა გვირაბი დიდაჭარასთან.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან მიღებული წერილის მიხედვით, 2018 წლის 24 იანვარს მშენებლობის ნებართვა ჩამოშლილი გვირაბის აღსადგენად ხელახლა გაიცა, „შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, მდინარე აჭარისწყალზე, ჰიდროელექტროსადგურების კასკადის დიდაჭარა-შუახევის სადაწნეო გვირაბის რეკონსტრუქციაზე. მშენებლობის ნებართვა ძალაშია 2018 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით,“ – აღნიშნულია სააგენტოდან მიღებულ წერილში.

რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე გვირაბში? – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განმარტავენ, რომ მშენებლობა ამჯერად მოიცავს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობას, ტორკრეტირების და მოსახვის სამუშაოებს, ტექნოლოგიური მონტაჟის სამუშაოებს, გვირაბის და ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოსაცდელ სამუშაოებს.

როდის გავა ექსპლუატაციაში „შუახევიჰესი“ – ამ კითხვაზე სააგენტოში გვიპასუხეს, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება კომპანია „აჭარისწყალმა“ უნდა მოითხოვოს. ეს კომპანია აშენებს ჰიდროელექტროსადგურს მდინარე აჭარისწყალზე.

„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ

ყოფილი პატიმარი – ახალბედა მეფუტკრე

ბეჟან თოდუა ახალბედა მეფუტკრეა. დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ მცირე საოჯახო მეურნეობის გაფართოებაში დაეხმარა, გაიარა ბიზნესის მართვის ტრენინგი, გაეცნო სიახლეებს მეფუტკრეობაში და შეუდგა საქმიანობას, რომელიც ახლა უყვარს კიდეც.

მისი ყოველი დილა ფუტკრებთან ურთიერთობით იწყება. ამ სასარგებლო მწერს ხშირი ყურადღება და მუდმივი კონტროლი სჭირდება. თუმცა ბეჟან თოდუასთვის მეფუტკრეობა დამღლელი საქმე არ არის, პირიქით, ფუტკრებს ოჯახის წევრებად მიიჩნევს, მათზე ყველაფერი იცის და ზუსტად ხვდება, რომელ მათგანს რა უჭირს, როდის რა სჭირდება. წლების განმავლობაში მათთან ურთიერთობამ დიდი გამოცდილება შესძინა. ახლა იცის, რომ ფუტკარი უწყინარი მწერია და თუ არ შეაწუხებ არ გიკბენს, გრძნობს ადამიანის განწყობას, მდგომარეობას და სასტიკად აკრძალულია ნასვამი ან რაიმეზე გაბრაზებული ადამიანის სკებთან მიახლოება.

ბეჟანმა თავიდან ფუტკრების მოვლა არ იცოდა, მაგრამ სულ რამდენიმე სკა ჰყავდა და ნელ-ნელა ყველაფერი ისწავლა. ახლა ფუტკრის 32 ოჯახს უვლის. 7 წელია, რაც ამ საქმიანობას მისდევს.

მეფუტკრე ფუტკრის სამკურნალო ბიოლოგიურად სუფთა მედიკამენტების მნიშვნელობას აღნიშნავს, რაც აუცილებელია სუფთა და სასარგებლო თაფლის მისაღებად. პროდუქტს იყენებს ოჯახშიც და ასაღებს ადგილობრივ ბაზარზე. სამომავლოდ ფიქრობს, რომ რეალიზაციის არეალი გააფართოვოს და თაფლი სხვა რეგიონებშიც გაიტანოს.

გაზაფხული მეფუტკრისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს უამრავი წვრილმანი პროცედურაა ჩასატარებელი სკებში. ყველა სეზონზე საჭიროა ყურადღება, თუმცა გაზაფხულის პირველ თვეებში იხოცებიან ზამთარგამოვლილი ფუტკრები, ფუტკრის ახალი ნაყარის რაოდენობა კი ჯერ მცირეა. ამ დროს აუცილებელია  სკების დათბობა სპეციალური სათბუნებლებით, კვება და მედიკამენტოზური ჩარევა.

არც ერთი საგაზაფხულო პროცედურის გადადება არ შეიძლება და ბეჟან თოდუაც დღის დიდ ნაწილს ატარებს სკებთან. იცის რა სტანდარტის თაფლი უნდა მიიღოს ევროკავშირის ქვეყნებში რომ შეძლოს პროდუქციის ექსპორტი, ჯერ ეს არ უცდია, რადგან სასურველი შედეგის მიღებამდე ბევრი მუშაობაა საჭირო. ყოფილი პატიმარი ბიოთხილის მოყვანა-გავრცელების პროგრამაშია ჩართული სამეგრელოში. როგორც ამბობს, სოფლის მეურნეობა აძლევს ადამიანს საშუალებას თავი ირჩინოს, თუმცა გასაღების ბაზარი საქართველოში არაპროგნოზირებადი და დაურეგულირებელია.

ბეჟან თოდუა დიდი ხნის განმავლობაში სოფელ ნარაზენის გამგებელი იყო, მერე კი ციხეში აღმოჩნდა. ამ რთულ და უსიამოვნო გამოცდილებაზე საუბარი არ სურს.

ახალი გამოწვევების, სამომავლო გეგმების განხორციელებაში მას დემოკრატიის ინსტიტუტის პროგრამაში ჩართულობა ეხმარება.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროექტს “დემოკრატიის ინსტიტუტი” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი”, “თანაზიარი”, და “ფონდი აფხაზინტერკონტი” დასავლეთ საქართველოში ახორციელებს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

„სამურაის ხმალი ამილესავს”- ბათუმელი მლესავები თბილისის მოედნიდან

თბილისის მოედანზე, საცხობების რიგსა და სამარშრუტო ტაქსების გაჩერებას შორის სახელდახელოდ მოწყობილი ორი დახლია: ერთი ღია, ერთიც ფარდულის მსგავსი, ბრეზენტით შეფუთული. ამ მიდამოებში 28 წელია თითქმის ყოველდღე ჩარხის ხმა ისმის და ორი კაცი თავჩახრილი ლესავს ბათუმელების დაბლაგვულ დანებს, მაკრატლებს, ხორცსაკეპი მანქანების ნაწილებს, ძველებურ ხანჯლებს და ხანდახან სამურაის ხმალსაც კი.

პატარა დანებს, მაკრატლებს აქ 20 თეთრად ლესავენ, დიდებს – 50 თეთრად. ცულის ალესვა 1 ლარი ღირს, ხერხის – 2 ლარი. ხმალ-ხანჯლის ალსვა-გაპრიალების ფასი კი 3-5 ლარია.

ავთანდილ კონცელიძე და ასლან ჯაფარიძე მეზობლები და მეგობრები არიან, თბილისის მოედანზე უკვე 28 წელია მლესავად ერთად მუშაობენ.

ავთანდილ კონცელიძე: „ადრე ზუსტად ამ ადგილას, გვარად ჩუვატკინები მუშაობდნენ მლესავებად,  წავიდნენ იმ ქვეყნად და დავრჩით ჩვენ. არაფერს არ გვასწავლიდენ, ჩვენ თვითონ ვისწავლეთ ყველაფერი, ყველას სჭირდება მლესავი, პარლამენტის თავმჯდომარეს თუ გლეხს, არ მგონია, ამ პროფესიას გაქრობა ემუქრებოდეს.

ასალესად მოაქვთ ხერხი, ცული, დანები, მაკრატლები და რა ვიცი… შემოსავალი მეტ-ნაკლებად გვყოფნის.

აქვე ვცხოვრობ, მეორეზე. ჩამოვდივარ და ვმუშაობ.

ერთხელ სამურაის ხმალიც მომიტანეს ასალესად, უცხოეთში მაჩუქესო, კლიენტი ამბობდა. ერთადერთხელ ავლესე 28 წლის განმავლობაში სამურაის ხმალი, რომ გაიქნევდი, ხმა ჰქონდა ჰაერის გაჭრის“.

ფოტოზე: ავთანდილ კონცელიძე, მლესავი

სანამ მლესავი გახდებოდა, # 55 ავტობუსის მძღოლი იყო. ამბობს, რომ მძღოლობა უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, არავინ არ უნდა დაამტვრიო, აქ კი ერთ ადგილას ზიხარ, ჩარხი ან ძრავი თუ გაგიფუჭდება – გამოცვლი.

ზამთარში ღია ცის ქვეშ მუშაობა უჭირთ, ბრეზენტით ფუთავენ დახლს, მაგრამ სუსხს და ქარს ეს საფარველი ვერ უმკლავდება, ვერც წვიმაში გამოდიან სამუშაოდ: წყალი დგება და შეუძლებელია სალესთან დგომა ან ჯდომა – წყალი წაგიღებს.

ძრავიანი სალესი და ქვა – სულ ეს ეს არის, რაც მლესავს სჭირდება სამუშაო პროცესისთვის. ბასრი ნივთების ლესვა, თუ მუდმივად ფხიზლად არ იქნები, სახიფათო საქმეა. ავთანდილ კონცელიძემ 28 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაიჭრა ხელი და 9 ნაკერიც დასჭირდა, თუმცა ერთადერთ შემთხვევას სათვალავში არც აგდებს.

ბევრი მიადგება ხოლმე – „ფული არ მაქ, გამიკეთე ისეო“, მაგრამ მლესავს ეს არ უკვირს:  გავუკეთე ისე, სამუშაო არ აქვს ხალხს და არც მიკვირს, როცა მომიტანს – მომიტანს, თუ არა და კარგად იყოს, კაცოო – ამბობს ავთანდილი.

ასლან ჯაფარიძის დახლიც იქვეა. ასლანი ყვება, როგორ შეუდგა მლესავობას, „როცა ქვეყანა გადატრიალდა“:

„ახალგაზრდა ამ პროფესიას არ კადრულობს. ქვეყანა გადატრიალდა, სხვა საშუალება რამე რომ არ მქონდა, ხელით დავიწყე მაშინ, „მატორები“ არ იყო, ორი კაპიკი რომ ვიშოვე, შევრჩი, მეზობელთან ერთად დავიწყეთ ერთად ლესვა და 25 წელია ვართ ასე. ვერ გამდიდრდები ამ საქმით, მაგრამ მშიერი არ დარჩები. სანამ მოგვცემს საშუალებას მერია, ვიქნები. ოჯახი მყავს, შვილები, 6 შვილიშვილი,  ერთად ვერ ვეტეოდით და ზოგი შვილი და შვილიშვილი ქირით მყავს, შვილიშვილები სწავლობენ, მშობლები ხანდახან თუ გადავლენ თურქეთში, თორემ ყოველდღიური შემოსავალი და პურის ფული ჩემზეა.

დახაზეს მოედანი და გვეუბნებიან გადადითო, მე ვუთხარი: მე ახლა რა უნდა მოვძებნო, შუქი აგერ მაქვს გამოყვანილი, ამას თან ვერ წავიღებ, თუ ცოტა ხანს შეგვინახავენ, ვიქნებით, თუ არა და რა ვიცი.

ფოტოზე: ასლან ჯაფარიძე, მლესავი

ერთი-ორი კვადრატული მეტრი გვიკავია, მერია გვეუბნება, თქვენ თვითონ მოძებნეთ რამე სხვა ადგილიო, ღია ცის ქვეშ. ტერიტორია აქ რომ ვიქირავო, ერთი კვადრატული მეტრი 200 დოლარი  ღირს, ერთ თვეში ქირის ფულსაც ვერ გავაკეთებ,“- ასრულებს საუბარს მლესავი ასლან ჯაფარიძე და საქმეს უბრუნდება. ამ ფოტოს ვუღებთ, კიდევ სხვებსაც და ვტოვებთ თბილისის მოედანს. აქაურობას კარგა ხანს არ დატოვებს ორი დიდი სალესის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ახლომახლო საცხობების მცხობელ-გამყიდველები ხმაურით დიდად ბედნიერები და კმაყოფილები არ ჩანან.

ქედის 38 სოფელში გარე განათება დამონტაჟდება

ქედის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში  გარე განათების მოსაწყობად  187 284 ლარს დახარჯავს. გარე განათება ქედის 38  სოფელში, 58 ადგილზე მოეწყობა. მთლიანობაში, სოფლებისა და უბნების ცენტრებში  დამონტაჟდება 339 განათების ბოძი.

გარე განათება დამონტაჟდება ქედის შემდეგ სოფლებში: სილიბაურში, სიხალიძეებში, ჭალათში, ინაშარიძეებში, მერისში, გარეტყეში, გუნდაურში, ნამონასტრევში, ვარჯანისში, აბუქეთაში, წონიარისში, გეგელიძეებში, გობრონეთში, ახოში, ცხმორისში, ტაკიძეებში, გოგიაშვილებში, დანდალოში, ჯალაბაშვილებში, ხარაულაში, შევაბურში, ცხემნაში, დოლოგანში, ჭალახმელაში, ჭინკაძეებში, მახუნცეთში, ზუნდაგაში, უჩხითში, აგარაში, პირველ მაისში, კოლოტაურში, მეძიბნაში, აგოთაში, ოქტომბერში, კუჭულაში, კვაშტაში, აქუცასა და ორცვაში.

ყველაზე მეტი განათების ბოძი სოფელ ხარაულასა და შევაბურში დაყენდება, თითოეულში 15 ცალი, დანარჩენ სოფლებში კი 3- დან მაქსიმუმ 10-მდე.

სოფლებისა და უბნებში გარე განათების მოსაწყობად ორი ტენდერი მერიამ 13 აპრილს უკვე გამოაცხადა, 156 და 183 ბოძის დასამონტჟებლად.

სოფელში მცხოვრები მოსახლეობა მიიჩნევს, რომ წინა წლებში სოფლებში მოწყობილი განათება არასაკმარისია და განათების ბოძების დამატებით განთავსებას ითხოვენ.

„ჩვენს სოფელში გასულ წელს ხუთი განათების ბოძი დააყენეს, ესეც კარგია, მაგრამ არაა საკმარისი, დაახლოებით შვიდ ადგილზე სჭირდება დაყენება,“ – ამბობს სოფელ კანტაურის მცხოვრები ამირან ბერიძე.

ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, სულიკო ბოლქვაძე განმარტავს, რომ სოფლებში გარე განათების მოწყობაზე მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. სამსახურის უფროსი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ის სოფლები, რომლებშიც განათების მოწყობა მიმდინარე წლისთვისაა დაგეგმილი,  მერიამ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შეარჩია, თითოეულ სოფელში კი იმ რაოდენობის ბოძი დამონტაჟდება, რა თანხაც გაწერილია თითოეულ სოფელზე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.

„მთლიანად ერთი სოფელი რომ გავანათოთ, გამოდის, სხვა სოფელი საერთოდ განათების გარეშე უნდა დარჩეს, ამიტომაც პირველ ეტაპზე სოფლის ცენტრების განათება ხდება, პერიოდულად უბნების ცენტრები განათდება.

მართალია, მოსახლეობა ითხოვს სოფლების  მთლიან განათებას, მაგრამ ეს წელს ვერ მოხდება.

გარეგანათების მოწყობა ქედაში წელს არ დაწყებულა, ამ მიმართულებით შედარებით ნაკლები იხარჯებოდა, მოთხოვნის გაზრდის პარალელურად წელს გავზარდეთ დაფინანსება. თუ გასულ წელს ამ მიმართულებით 30 000- 50 000 იხარჯებოდა, წელს ეს მაჩვენებელი ბევრად გაზრდილია. არის სოფლები, სადაც ცენტრებში გარე განათება გასულ წელს მოეწყო, უბნებში კი წელს მოეწყობა, მაგალითად, სოფელ ხარაულაში, რომელიც ერთ-ერთი დიდი სოფელია ქედაში, 230 – ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და რვა დიდი უბანია, სოფლის ცენტრში გარე განათება გასულ წელს მოეწყო, წელს უბნებში მოეწყობა განათება,“ – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.

 

გენდერული სტატისტიკა: 2048 – კაცი და 71 ქალი პატრულ-ინსპექტორი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში 126 პატრულ-ინსპექტორი მუშაობს, მათგან მხოლოდ ხუთია ქალი. ეს მონაცემები ბოლო სამი წელია თითქმის არ შეცვლილა, აქ მხოლოდ 2016 წელს მუშაობდა ოთხი ქალი პატრულ-ინსპექტორი.

ქალი-ინსპექტორების რაოდენობა მცირეა არა მარტო აჭარაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც. შს სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მონაცემებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2048 პატრულ-ინსპექტორიდან მხოლოდ 71 ქალია.

ჯამში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში  3588 ადამიანი მუშაობს, მათგან 509 ქალია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალების ჩართულობის გაზრდას უბნის ინსპექტორების რეფორმაში ხედავს. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა 6 მარტს, საერთაშორისო კონფერენციაზე – „ქალები პოლიცია“.

კონფერენციაზე მინისტრმა თქვა: „ჩვენ დღეს შსს-ში ვმუშაობთ ისეთ ძალზე მნიშვნელოვან რეფორმაზე, როგორიც არის ე.წ. უბნის ინსპექტორი, სადაც ვხედავთ ქალების ჩართულობის პრინციპულ მნიშვნელობას და ვთვლით, რომ ამ ახალ ინსტიტუტში ქალის როლი უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვნად იყოს გაზრდილი და უფრო მეტიც, მაღალი დონის მენეჯმენტში ქალი წარმომადგენლები გვყავდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ ფუნქციით მე დღეს მყავს ორი მოადგილე და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი არიან საუკეთესოები“.

________________

მთავარი ფოტო: police.ge 

ყინულის სასახლის მიმდებარე ქუჩების მოსაწყობად ბათუმის მერია 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს

ბათუმში, ყინულის სახლის მიმდებარედ, ბათუმის მერია ორი ქუჩის კეთილმოწყობას გეგმავს, რისთვისაც 3 მილიონ 934 ათას 739 ლარი აქვს გათვალისწინებული. საუბარია ლადო ასათიანისა და ვახტანგ შამილაძის [ყოფილი ასათიანის პირველი შესახვევი] ქუჩებზე, სადაც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები.

ქუჩების კეთილმოწყობაზე ბათუმის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით:

  • სამუშაოები ლადო ასათიანის ქუჩაზე [სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვახტანგ შამილაძის ქუჩამდე მონაკვეთში] უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 63 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • ვახტანგ შამილაძის ქუჩაზე [ლადო ასათიანის ქუჩიდან სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე მონაკვეთში] კი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 დღის განმავლობაში.

წინადადებების მიღება ტენდერში მიმდინარე წლის 2 მაისს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება.

მერიის გათვლებით, თუ ტენდერი შედგა, სამუშაოები ყინულის სასახლის მიმდებარედ 3 თვეში [ანუ ზაფხულში] აუცილებლად უნდა დასრულდეს, ვინაიდან შემოდგომაზე, სექტემბრის თვეში, ამ ადგილზე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარებაა დაგეგმილი. ქუჩის დარჩენილ მონაკვეთებზე კი სამუშაოები შემდეგ გაგძელდება.

ამავე თემაზე:

ბათუმი ამ ქუჩაზე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას სექტემბერში უმასპინძლებს [ფოტო]

შეხვედრა ბათუმში მიგრანტთა ინტეგრაციის თემაზე

ხვალ, 18 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრი“, მიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავების პროცესის მხარდასაჭერად, შეხვედრას მართავს.

შეხვედრა სახელწოდებით – „ვიაროთ ერთად მრავალკულტურული საზოგადოებისკენ“, 16:00 საათზე, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ოფისში გაიმართება.

შეხვედრა ტარდება პროექტის „ვიაროთ ერთად-Step together“-ის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

 

აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონო მოპოვების 195 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, სათანადო ლიცენზიის გარეშე, წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ფიზიკური პირი – 186, ხოლო იურიდიული პირი – 9.

სამინისტროს ინფორმაციით,  იანვრიდან დღემდე აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 2574 ლარი შეადგინა. ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში, 243 450 ლარი დაეკისრათ.

იურიდიული პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღის ოდენობამ 1174 მ3 შეადგინა, ხოლო ფიზიკურ პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღის გარემოში დაბრუნება მოხდა, მოპოვების ადგილის მიხედვით.

ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა სარფში, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში

10-16 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს, ისრაელისა და ბრიტანეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილებისა და ფიზიკური  დათვალიერებისას, 136 აბი და 58 კაფსულა- ნარკოტიკული, 30 აბი – ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და 34,6 გრამი მარიხუანა აღმოაჩნეს. ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად ამოღებულია 8 ცალი საბრძოლო ვაზნაც.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

ანგისის ქუჩაზე აღსრულების ბიურო, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული

ოჯახის გამოსახლების მიზნით ანგისის N4-ში დღეს აღრულების ბიურო მივიდა. მათ  ადგილზე ოჯახის ახლობლები დახვდათ მობილიზებული, სახლი კი ბოქლომით იყო დაკეტილი.

ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რა დროსაც ოჯახის წევრი ცუდად გახდა და მოუწიათ სახლის კარის გაღება, რომ ის სახლში შეეყვანათ: „ამ დროს სახლში აღრულების ბიუროს წამომადგენლებიც შევიდნენ, რის გამოც დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.“

ანგისის ნომერ 4- სა და 6- ში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ.  მათთან მივიდა ინვესტორი, ვინმე რევაზ მიქელაძე და კერძო სახლების ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას დაჰპირდა. მხარეებმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, სადაც ეწერა, რომ მშენებელს ამ საცხოვრებელი სახლების იპოთეკით დატვირთვის უფლებაც ჰქონდა.

ხელშეკრულება მხარეებს 2010 წლის ბოლოს გაუფორმებიათ. გასული წლის ბოლოს კი მას შემდეგ, როცა გაიგეს, რომ სახლები უკვე გაყიდული იყო და მათ გამოსახლება ელოდათ, ანგისის ქუჩაზე მცხოვრებმა ოჯახებმა  პროკურატურას მიმართეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის ბათუმის ფილიალში ამბობენ,  რომ ასეთი შემთხვევები ხშირია და მოქალაქეები სამართლებრივი საკითხებით მხოლოდ მას შემდეგ ინტერესდებიან, როცა პრობლემა იქმნება,  ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კი ხშირად ისე აწერენ ხელს , რომ არც კი კითხულობენ რა წერია ხელშეკრულებაში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი  მირზა მამულაძე ურჩევს მოქალაქეებს, კონსულტაცია იურისტებთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გაიარონ:

„ხელშეკრულებით მხარეები თავად განსაზღვრავენ უფლებებსა და ვალდებულებებს. შემდეგ ისინი, შეიძლება ითქვას, ამ ხელშეკრულების მძევლები ხდებიან. ამიტომ მოქალაქეებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გამოიჩინონ წინდახედულება.“

იურისტი ასევე მიიჩნევს, რომ მსგავს ვითარებაში მოქალაქეებმა სამოქალაქო წესით სასამართლოს მიმართონ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. „მნიშვნელოვანია პროკურატურისთვის მიმართვაც, რადგან თუკი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, დაზარალებულ მოქალაქეს სამოქალაქო დავის მოგების მეტი შანსი ექნება,“ – განმარტავს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

ბათუმი, ანგისის ქუჩა N4 / 17.04.2018

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის საქმე – პროკურატურას სასამართლოში მოწმე ვერ მიჰყავს

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას პროკურატურა ორ ახალგაზრდა ბიჭს ედავება. ბრალდებულები სასამართლო პროცესს არ ესწრებიან. პროცესზე პროკურატურამ ვერც მოწმე წარმოადგინა. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

„თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გასულ წელს გაქურდეს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის დასაწყისში. აპარატიდან დაახლოებით 2 ათასი ლარის გატანა კონკრეტულმა პირებმა ღამის საათებში ისე მოახერხეს, რომ სამართალდამცველებს ამის შესახებ არ გაუგიათ. აპარატთან დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა იმ ღამით ჩართული არ ყოფილა.

შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ პოლიციამ ბათუმის ორი მცხოვრები დააკავა – რევაზ ხ. და გიორგი გ. პოლიცია იმ ვიდეოკადრებს დაეყრდნო, რომელიც ამ ქუჩის მახლობლად იყო განთავსებული. ჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებულები გამთენიისას ბანკომატთან ახლოს ქუჩაში მიდიან.

დავით საფარიძე, ადვოკატი: „არ არსებობს კონკრეტული კადრი, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულებს რაიმე კავშირი აქვთ ამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, ისინი მოდიან ქუჩაში… აპარატიდან ვერც თითის ანაბეჭდების აღება მოხერხდა. ბრალდებულებს ასევე ჩაუტარდათ ჩხრეკა და რაიმე ნივთმტკიცება ამოღებული არ არის“.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის ერთადერთი და მთავარი მტკიცებულება მოწმეა, რომელიც სასამართლოში არ მოდის. კონკრეტულმა მოწმემ გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ მან ჩაიარა ფარნავაზ მეფის ქუჩის დასაწყისში იმ დროს, როცა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხას იპარავდნენ. მოწმემ ფოტოსურათით ამოიცნო ბრალდებულები.

„სავარაუდოდ, მოწმე პოლიციის კონფიდენტია, რომელსაც სასამართლოში მოსვლა არ სურს,“ – დასძენს ადვოკატი.

„მოწმე აუცილებლად მოვა სასამართლოში და მისცემს ჩვენებას. ის ამ დროისთვის რეგიონში არ იმყოფება, მაგრამ ჩვენ მასთან გვაქვს კომუნიკაცია,“ – გვითხრა პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ.

ბრალდებულები სასამართლოს 10-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ ჰყავს გათავისუფლებული. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულებმა წერილი გამოუგზავნეს. ერთმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში გამოცდა აქვს, მეორემ კი დაწერა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი არ აქვს.

სასამართლო პროცესს მოუცლელობის მიზეზით არც პროკურორი ზურაბ კონცელიძე დაესწრო. სტაჟიორმა პროკურორმა კი მოსამართლეს უთხრა, რომ მოწმის წარმოდგენა ვერც ამჯერად მოხერხდა. მოსამართლემ მას უთხრა, რომ კიდევ ერთხელ აძლევს პროკურატურას რამდენიმე დღეს მოწმის წარმოსადგენად.

ამ საქმეში სხვა მოწმეები პოლიციელები არიან, რომლებიც უკვე დაკითხა სასამართლომ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

 

 

ხუთი კომპანიის დირექტორი ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქალაქ თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა და  ხუთი  კომპანიის ხელმძღვანელი  დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით,  საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას და რეალიზაციას ახდენდნენ. კერძოდ, მათ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ანგარიშ – ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა რეალიზებულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი – სამშენებლო და ხის მასალები, ასევე, სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია.

საქონლის რეალური მიწოდების გარეშე ფიქტიურად გამოწერილი, გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  2-დან 4-წლამდე ვადით.

_____________

მთავარ ფოტოზე: კადრი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვიდეომასალიდან. 

18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა

ეს დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავდა ამ დღეს და მიმდინარე წელსაც სააგენტოს ორგანიზებით შემუშავდა ახალი პროგრამა ,,ჩემი მემკვიდრეობა’’, რაც გულისხმობს, აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (პეტრას ციხე, ოქროპილაურას ციხე, მახუნცეთის თაღოვანი ხიდი) ვორქშოფებისა და ინტელექტუალური თამაშების ჩატარებას და ააიპ დღის ცენტრ ,,იალქანი-ს’’ ბენეფიციარებისათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის გასვლითი ტურების მოწყობას.

ღონისძიებები 17 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობები ხელს შეუწყობს აჭარის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ცნობიერების გაზრდას.

მშობელი: „ბავშვებს ერთმანეთის დასანახად აშიშვლებდნენ“ – გამოძიება ძალადობის მუხლით 

„როცა ბაღში მივედი, შვილი ატირებული დამხვდა. მითხრა, გამაშიშვლეს, სხვები მიყურებდნენ და შემრცხვაო… ჩემს შვილს ბაღში წასვლა აღარ უნდა,“ – გვიყვება მშობელი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ. მისი 5 წლის შვილი ბათუმის #14 საჯარო საბავშვო ბაღში დადის.

მშობელი საბავშვო ბაღში პარაზიტებზე ანალიზის პროცედურას აღწერს, რაც ყველა საჯარო ბაღში ტარდება. მშობლის თქმით, ის თავად შეესწრო პროცესს, როცა ბავშვებს ხელებს უჭერდნენ და ძალით ხდიდნენ საცვალს. მან ამ პროცესის შეჩერება მოითხოვა, თუმცა ამბობს, რომ ექიმები მას შემდეგ შეჩერდნენ, როცა ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მივიდნენ.

„ეს მოხდა გასულ ხუთშაბათს,“ – გვიყვება ბავშვის მშობელი, – „სამსახურში ვიყავი, როცა ბაღიდან მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვი ტიროდა, ვერ აჩერებდნენ. მივედი და ატირებული დამხვდა. ანალიზი მისთვის უკვე გაკეთებული ჰქონდათ, სტრესულ მდგომარეობაში იყო. იქვე ვხედავდი, როგორ უკეთებდნენ სხვა ბავშვებს ანალიზს. ზოგი არ აპროტესტებდა, ზოგს კი ხელებს უკავებდნენ და ძალით ხდიდნენ საცვალს…“

მშობლის თქმით, მან ეს ფაქტი გააპროტესტა და შეჩერება ითხოვა: „მითხრეს, რომ ეს სავალდებულო ღონისძიებაა, დავალება აქვთ ასეთი. მე ასევე ვიკითხე, რატომ არ გაგვაფრთხილეს მშობლები. მაჩვენეს, რომ კედელზე სადღაც პატარა განცხადება ყოფილა გამოკრული და ის უნდა წამეკითხა“.

რადგან ექიმი ისევ აგრძელებდა პროცედურას, მშობელმა საპატრულო პოლიციას დაურეკა, ასევე სახალხო დამცველს. „მხოლოდ ამის შემდეგ შეჩერდა პროცესი“.

დღეს ჩემი შვილი სტრესშია, მეტყველება უჭირს, განიცდის… ამბობს, რომ აღარ უნდა ბაღში წასვლა, თუმცა იქ მაინც დადის,“ – გვითხრა ბავშვის მშობელმა.

საბავშვო ბაღებში ბავშვებისგან ანალიზების ჩასატარებელ მასალა ბათუმის პირველი პოლიკლინიკა იღებს. #14 საბავშვო ბაღის დირექციაში, ასევე ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში ადასტურებენ, რომ ბავშვებს მართლაც ერთმანეთის გვერდიგვერდ უტარებდნენ პროცედურას. ბაღის დირექტორი მიიჩნევს, რომ პირიქით, ეს ფორმა უფრო ეფექტურია სტრესის დასაძლევად, რადგან ბავშვებს „თეთრხალათიანების ეშინიათ“.

პოლიკლინიკაში კი გვითხრეს, რომ „ხარვეზი გამოასწორეს და ახლა ბავშვები ცალ-ცალკე შეჰყავთ სამედიცინო ოთახში“.

მაია ხუხუნაიშვილი, ბათუმის #14 საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორი: „ამ კონკრეტულ ბავშვს ანალიზის გაკეთების შემდეგ ჰქონდა ემოციური აღგზნება და ამიტომ დაუკავშირდა მასწავლებელი. მასწავლებელმა იცის, რომ თუკი დედა დაელაპარაკება ბავშვს, ის იოლად დამშვიდდება. რაც მთავარია, გოგონებს და ბიჭებს ცალ-ცალკე ჩაუტარდათ ანალიზი.“

თენგიზ შერვაშიძე, ბათუმის პირველი პოლიკლინიკის დირექტორი: „ჩვენ უკვე გავითვალისწინეთ სახალხო დამცველის შენიშვნა და გამოვასწორეთ ეს ხარვეზი. თუ რამე ხარვეზია კიდევ, გამოვასწორებთ. დიდი დარღვევა არ იყო ეს, მაგრამ რადგან ასეა, ახლა ცალ-ცალკე შეჰყავს ექიმს თითოეული ბავშვი. სკრინინგი სულ 30 საბავშვო ბაღში ჩატარდება.“

შემთხვევას სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი, სადაც ამჟამად მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

შრომის პროპაგანდა საბჭოთა პლაკატებზე

ქართულ საბჭოთა პროპაგანდისტულ პლაკატებს ხშირად ცნობილი მხატვრები ქმნიდნენ და ეს მათ საპატიო საქმედ მიიჩნეოდა. პლაკატების მოწოდებებსა და ლოზუნგებს საბჭოთა პერიოდში „საზოგადოებრივ-მეთოდური“ დანიშნულება ჰქონდა. საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყისში და შემოდგომაზე -მოსავლის აღებისას, აუცილებლად უნდა მიემართათ მუშებისა და გლეხებისთვის გამამხნევებელი, შრომის წამახალისებელი ტექსტებით.

აქ შეხვდებით მოწოდებას, რომ დაკლული ღორი აუცილებლად უნდა გაატყავოთ, რადგან ღორის ტყავი ძვირფასი ნედლეულია, პლაკატზევეა მოცემული ინსტრუქცია, რომ ტყავი სუფთა მარილით უნდა დაგემუშავებინათ ჩაბარებამდე, სანაცვლოდ კი ტყავსაქონლის ღირებულების 150% დაგიბრუნდებოდათ.

აქვეა ბარდის მემარცვლია ბრუხუსთან ბრძოლის მთელი სტრატეგია, რაც აუცილებლად გაგახსენეთ ფაროსანას.

ვნახოთ, როგორი იყო შრომასთან დაკავშირებული ქართული საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატები.

 

„საკოლმეურნეო სოფლის მთელი ძალები დავრაზმოთ ამხანაგ სტალინისთვის მიცემული პირობის შესასრულებლად”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”
„მოვსპოთ ბარდის მემარცვლია ბრუხუსი”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”
„ვიბრძოლოთ უხვი მოსავლისათვის!”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”

 

„კოლმეურნეებო! გადაჭარბებით შევასრულოთ მეცხოველეობის განვითარების სამწლიანი გეგმა!”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”
„ღორის ტყავი ძვირფასი ნედლეულია, გაატყავეთ დაკლული ღორი!”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”

 

„უფრო ფართოდ გავაჩაღოთ სოციალისტური შეჯიბრება უხვი მოსავლისათვის!”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”

 

„შევასრულოთ დაწესებულ ვადაში სახელმწიფოსთვის პურის ჩაბარების გეგმა”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”
„230.000 ტონა ყურძნის მოსავალი რესპუბლიკას”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”
„20.000 ტონა თამბაქოს მოსავლისათვის!”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”
„ციტრუსების მაღალი მოსავლისათვის!”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”
„დროზე და მთლიანად დავამთავრებთ კომბაინებისა და მოსავლის ასაღები სხვა მანქანების რემონტს. მოსავალს ავიღებთ შემჭიდროებულ ვადებში და უდანაკარგოთ”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”
„მივცეთ ქვეყანას 20 000 ტონა ჩაი!”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”
„გვალვასაც დავძლევთ”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”

 

„ვიმარჯვებთ შრომაში!”
 
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”
 „უდანაკარგოდ ავიღოთ მოსავალი!”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”
„200.000 ტონა ჩაისთვის!”
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”

 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”

30 მილიონი ლარი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში

ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 30 მილიონ 630 ათას 200 ლარი შევიდა, მათ შორის:

17  მილიონ 149 ათას 800 ლარი სათამაშო აპარატებიდან,  10 მილიონ 683 ათას 100 ლარი – სამორინეს მაგიდიდან, 2 მილიონ 497 ათას 200 ლარი კი – სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან.

წამახალისებელი გათამაშებიდან წელს ბათუმის ბიუჯეტში 92 900 ლარი შევიდა; კლუბის მაგიდიდან – 126 000 ლარი;

სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით კი – 81 200 ლარი.

სათამაშო ბიზნესი ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ სახეობადაც მიიჩნევა, ამიტომაც აჭარის მთავრობა ხშირ შემთხვევაში სასტუმროების მშენებლობის პარალელურად კაზინოს მოწყობის პირობასაც სთავაზობს.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/43066/

ნატოს დღეებთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა

16 აპრილიდან პირველ მაისამდე საქართველოში ნატოს დღეები აღინიშნება. ნატოს დღეები წელს საქართველოში მეთერთმეტედ ტარდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი ესტუმრა.
მან სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნო დაათვალიერა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადმოცემული 200-ტონიანი ამწით კატარღის ამოღების საჩვენებელ პროცესსაც დაესწრო.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“საზღვაო უსაფრთხოების თემა არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი კომპონენტი. ასევე ვარშავის გადაწყვეტილების თანახმად, ნატომ გადაწყვიტა გააძლიეროს მისი სამხედრო ყოფნა და აქტივობები შავ ზღვაზე, ხოლო საქართველომ გამოხატა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ნატოსთან შავი ზღვის გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოს სანაპირო დაცვას აკისრია ერთ-ერთი საკვანძო როლი ამ პროცესში და სწორედ ამ კონტექსტში ქალბატონ როსარია პულისის წარმოვუდგინეთ სანაპირო დაცვის შესაძლებლობები, ოპერაციული და ლოგისტიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით,” – თქვა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ.

როსარია პულისის შეფასებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ამ ხნის მანძილზე დიდი შრომა გასწია: “ჩვენ საქართველოს სანაპირო დაცვასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთბა… შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. იმედი გვაქვს, თანამშრომლობის ეს დონე წელს სამიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე სათანადოდ შეფასდება. ჩვენ ველოდებით ნატოს საზღვაო სარდლის მოადგილის ვიზიტს მაისში. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეს მისი მეორე ვიზიტი იქნება. ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ მკაფიო გზავნილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობა”.

საქართველოში ნატო-ს დღეებთან დაკავშირებით, სტუმრებისთვის შავ ზღვაზე საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა. საზღვაო წვრთნის მიზანი სააბორდაჟო ჯგუფების ურთიერთქმედების ეფექტურობის შეფასება იყო, ასევე სწრაფად ცვალებად გარემოში დროული და სწორი რეაგირების მექანიზმის დანერგვა, პირადი შემადგენლობის უნარ-ჩვევების დახვეწა და მზადყოფნის შემოწმება.

სწავლებაში, შიდაუწყებრივი ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით, ჩართული იყო სასაზღვრო ავიაცია.

 

2008 წლის მიწურულს სახელმწიფო რესურსების ხარჯვის ოპტიმიზაციისთვის, საერთაშორისო ექსპერტთა რჩევით, მოხდა სამხედრო ფლოტისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შერწყმა. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის სამხედრო ძალების შემადგენლობაში.

ვითიბი ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის

ვითიბი ბანკი თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გასუფთავების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს!

პირველად ქართულ საბანკო სივრცეში ვითიბი საკუთარ, 12,000-მდე ფიზიკურ პირ პრობლემურ მსესხებლებს, აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მნიშვნელოვანი ფასდაკლება სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე, მოახდინონ ბანკის მიმართ დავალიანების  სრულიად ანულირება და გაიუმჯობესონ მიმდინარე საკრედიტო ისტორია. აღსანიშნავია  რომ აქციის პერიოდში ამ სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნა არ განხორციელდება. აღნიშნული წინადადება მოქმედებს ორი თვის განმავლობაში (16 აპრილიდან 15 ივნისამდე) და ეხება მხოლოდ იმ ფიზიკური პირებს რომლებიც სარგებლობდნენ სამომხმარებლო ტიპის სესხებით.

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორი ვალერიან გაბუნია: „ჩვენი სურვილია, შესაძლებლობა მივცეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ბანკის მიმართ სამომხმარებლო ტიპის პრობლემური დავალიანება გააჩნით, მნიშვნელოვანი დისკონტით მოახდინონ ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვა. ფასადაკლება 30 დან 90 % მდე მერყეობს და ვრცელდება, როგორც სესხის ძირზე ასევე დარიცხულ პროცენტზე, ხოლო აქციის განმავლობაში ბანკი არ გამოიყენებს ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნის უფლებას რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვას.

ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამ კამპანიის წამოწყებით, რომელიც მხოლოდ ორ თვეს გრძელდება, ვითიბი ბანკი სცდება ტრადიციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია.“

#ახალიშესაძლებლობები

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 

გუშინ, 15 აპრილის ღამეს, ბათუმში, ერთ-ერთი კარაოკებარიდან არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე არასრულწლოვანი გრძნობდა თავს შეუძლოდ. ერთ-ერთი მოზარდის ოჯახის წევრის თქმით, მოზარდები სხვადასხვა კოქტეილს სვამდნენ და, სავარაუდოდ, დასალევის მიღების შემდეგ გახდნენ შეუძლოდ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 15 წლის არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში კი აღნიშნავენ, რომ მოზარდი კლინიკაში მათ არ გადაუყვანიათ. აქ გვითხრეს, რომ ვიდრე გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ადგილზე მივიდოდა, მოზარდი უკვე გადაყვანილი იყო კლინიკაში. სასწრაფო-სამედიცინო სამსახური კარაოკებარში დაახლოებით საღამოს 10 საათზე გამოიძახეს.

როგორია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – ამის გასარკვევად „ბათუმელებმა“ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, სადაც მოზარდი დღესაც რჩება. აქ გვითხრეს, რომ „მოგვიანებით დავუკავშირდეთ“.

 

 

მაკა ლდოკონენის „ცხენისკუდები დილასთვის“ მოგზაურობა სკოლა-2000-ში

სკოლა ევრო 2000-ის ლამაზი და ნათელი ბიბლიოთეკის ოთახი, ბიბლიოთეკარები, მოსწავლეები და პედაგოგები მუდმივად მზად არიან სხვადასხვა თანამედროვე ავტორთან შესახვედრად.

ამჯერად სკოლას პროზაიკოსი, მხატვარი, ილუსტრატორი, საბას პრემიის ლაურეატი მაკა ლდოკონენი ეწვია. მის გვერდით კი საოცრად ლამაზი, ჟღალთმიანი პოეტი და მთარგმნელი დალილა გოგია გახლდათ, ადამიანი, რომლის ლექსზეც ააწყო ავტორმა ახალი რომანის სიუჟეტი.

სკოლა ევრო-2000-ს პროზაიკოსი,მხატვარი, ილუსტრატორი, საბას პრემიის ლაურეატი მაკა ლდოკონენი ეწვია.
სკოლა ევრო-2000-ს პროზაიკოსი, მხატვარი, ილუსტრატორი, საბას პრემიის ლაურეატი მაკა ლდოკონენი ეწვია.

სტუმრებისა და მოსწავლეების უშუალო დიალოგი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაზე გასაოცარი იყო, თითქოს უკვე იცნობდნენ მწერლის ჩანაფიქრს, ისე საუბრობდნენ -ინტერესით, გულწრფელად და მოციმციმე თვალებით.

წვიმიანი ბათუმის შემდეგ, სხვა წვიმისმოყვარე ქალაქი კიდევ თუ შემიყვარდებოდა, არ მეგონა, მაგრამ გაიდსია [ქალაქი რომანში – „ცხენისკუდები დილასთვის“] ხომ სხვაა – წვიმიანი, აგურისფერი ქალაქი, რომელიც ალბათ ისევ ჩემს ქალაქს ჩამოჰგავს.

წვიმიან ქალაქში ქოლგებით დადიან, დააქვთ სევდა და ნაღველი,ზოგჯერ სიხარულიც, მაგრამ „გამჭვირვალე ქოლგას შეფარებული ქალი სხვაა“, მას სხვა სურნელი და ჟღალი თმა აქვს.

ქალაქი კი ყველა ერთნაირია, წვიმდეს, თოვდეს თუ მზე ანათებდეს, აქაც უბედურებას ერთგან ბედნიერება მოაქვს, სიხარულს – ტკივილი… ეს „ქალაქი, როგორც წესი, ერთეულების უბედურებას არ იმჩნევს, დაიქცევა, აშენდება და მზესაც უსირცხვილოდ მოიხდენს.“

ასეთ ქალაქებში ცხოვრობენ, უყვარდებათ, ავად არიან, მელოტდებიან, ფეხმძიმედ ხდებიან და დედობისთვის ემზადებიან… ყველაზე მთავრი კი ის არის, რომ ცხენისკუდებს ამზადებენ დილასთვის, წითელსა და ჟღალს, ისეთს, რომელსაც მხოლოდ სიხარულის მოტანა შეუძლია.
სიხარული კი გვეპატიება…

„- როგორ გვეპატიება?
-იოლად.
-ყოველთვის?
-ყოველთვის.
-ნამდვილად იცი?
-ვიცი, ყოველთვის გვეპატიება.“

კი, სიხარული გვეპატიება, უსიყვარულობა არ გვეპატიება მხოლოდ.

ამ საოცარი წიგნის წაუკითხაობაც არ გვეპატიება, რადგან სიკვდილ-სიცოცხლის, სიხარულისა და ტკივილის, ბედნიერებისა და უბედურების მძაფრი შეგრძნებები კიდევ ერთხელ შემოიჭრას ჩვენ სულში. ამიტომაც ავტორმა სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრა „ცხენისკუდები დილასთვის“ იმ იმედით, რომ ძალიან ბევრ ახალ მკითხველს შეიძენს.

ინგა გოგიბერიძე

რა შემთხვევაში შეუძლია მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენება სკოლაში

სკოლების ვიდეოთვალით აღჭურვაში და მანდატურების გადამზადებაში განათლების სამინისტრო 10 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ თანხაში შედის მანდატურის უნიფორმა, დეტექტორები, რაცია, დაზღვევა. საქართველოს ყველა სკოლა ვიდეოთვალებითა და დეტექტორებით 2019 წლის ბოლომდე უნდა აღიჭურვოს.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უფლებები ეზრდებათ სკოლის მანდატურებს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მანდატურს  შეუძლია მოსწავლე უკონტაქტოდ – მეტალოდეტექტორის გამოყენებით შეამოწმოს, საჭირო შემთხვევაში კი, მანდატურს შეუძლია გამოიყენოს ფიზიკური ძალა მოსწავლის მიმართ.

კანონის 486-ე მუხლის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აქვს.

რას გულისხმობს „უკიდურესი შემთხვევა“? – როგორც კანონპროექტშია განმარტებული,  ფიზიკური ძალის გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

მაგალითად, მანდატურს შეუძლია ძალის გამოყენება, თუ სკოლის ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ასევე, სამართალდამცავი ორგანოსთვის  წარსადგენად დამნაშავის შეპყრობისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.

მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების დროს გააფრთხილოს პირი ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, „როცა დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლეს,“- წერია კანონპროექტში. ძალის გამოყენება მანდატურს შეუძლია იმ შემთხვევაშიც, როცა შეუძლებელია პირის წინასწარ გაფრთხილება.

მანდატური ვალდებულია, მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ 24 საათის განმავლობაში წერილობით აცნობოს განათლების სამინისტროს.

მანდატურს არ შეუძლია ფიზიკური ძალა გამოიყენოს ფეხმძიმე ქალის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, „გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“

მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს და მშობელს.

იმ შემთხვევაში, თუკი მანდატური გამოიყენებს ფიზიკურ ძალას მოსწავლის ან სხვა პირის მიმართ, უნდა შედგეს ოქმი, რომელსაც დაერთვის ამ ძალის გამოყენების აუცილებლობის დასაბუთება.

კანონპროექტი ითვალისწინებს მანდატურების გადამზადებასაც. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ფსიქოლოგების შტატის დამატებასაც, რისთვისაც 2018 წლის ბიუჯეტში 446.4 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა კონკრეტულად რამდენი ფსიქოლოგის დამატებაზეა საუბარი, სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ.

საკანონმდებლო ცვლილება სკოლებში მანდატურების რაოდენობის გაზრდასაც ითვალისწინებს.

 

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

ბათუმში მშენებარე სტადიონისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წლიდან წლამდე იზრდება. პროექტი 2020 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის მთავრობას კი ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და ვინ უნდა გამოიყენოს 157 მილიონ ლარად ღირებული ნაგებობა.

12 წლის წინ ბათუმის ერთადერთი დიდი საფეხბურთო მოედანი ბათუმის ბულვარში სასტუმროს მშენებლობას შეეწირა. მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების სტადიონს დაჰპირდა.

2012 წელს ბათუმის მთავრობამ სტადიონის მშენებლობისთვის 1 მილიონი ლარი მიიღო ცენტრალური ბიუჯეტიდან. სააკაშვილის მთავრობის შეცვლამ კი პროექტიც შეაჩერა.  

ბათუმის საფეხბურთო მოედნის მაკეტი, რომლის მშენებლობაც შეჩერდა / 2012 წელი /

დღემდე საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმს“ მატჩების ჩატარება სხვა ქალაქების მოედნებზე უწევს. კლუბი მთელი წლის მანძილზე, საკუთარ მოედანზე, საშუალოდ, 35 შეხვედრას მართავს. მათ თამაშებს, საშუალოდ, 3 000 მაყურებელი ესწრება.

ორ წელიწადში ბათუმს 20 000 ადამიანზე გათვლილი ახალი სტადიონი უნდა ჰქონდეს. პროექტს შპს „სტადიონი“ ახორციელებს, რომელიც აჭარის მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წელს ბათუმში საავადმყოფოს და სტადიონის მშნებლობისთვის შექმნა. მშენებელი შპს „ანაგია“, რომელმაც სამუშაოები 2018 წლის იანვარში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარ მიწაზე დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აჭარის მთავრობამ სტადიონის ადგილმდებარეობაც შეცვალა, მისი პროექტიც და ბიუჯეტიც. რეგიონის ახალმა ხელისუფლებამ თავდაპირველად სტადიონის ასაშენებლად [2015-17 წლებში] 38 მილიონი ლარი გათვალა. დღეს კი ამბობს, რომ პროექტისთვის 157 მილიონზე მატი ლარი უნდა დაიხარჯოს. მშენებლობის დასრულებამდე 2 წელია დარჩენილი და შესაძლოა, ეს თანხა კიდევ გაიზარდოს.

სტადიონის პროექტის შექმნაზე პირველად კონკურსი 2014 წელს გამოცხადდა, რომელიც ესპანურმა კომპანიამ IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L.-მა მოიგო. თუმცა, 2015 წელს ხელშეკრულება გაუქმდა. სამინისტრო ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების ოფიციალურ მიზეზად კონტრაქტორის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

ესპანური კომპანია კი „ბათუმელებთან“ ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან ზეწოლასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობდა. კომპანიის თქმით, ამან შეთანხმებულ ვადებში სამუშაოების შესრულება შეუძლებელი გახადა. კომპანიასა და აჭარის მთავრობას შორის, ხელშეკრულების მოშლის გამო, სასამართლოში დავა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

2015 წლის 5 აგვისტოს აჭარის მთავრობამ განაცხადა, რომ ოლიმპიური სტადიონის ნაცვლად საფეხბურთო მოედანს ააშენებდა. მიზეზად ნაგებობისთვის განკუთვნილი ტერიტორიის სიმცირე დააახელა. სტადიონის პროექტზე ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად თურქული კომპანია BAHADUR KUL ARCHITECTS გამოვლინდა. შპს „ანაგი“ საფეხბურთო მოედანს სწორედ მათ მიერ მომზადებული პროექტით აშენებს.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით შენდება.

მიხეილ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის, „ევრო-2020“-ის აზერბაიჯანთან ერთად მასპინძლობის სურვილი რომ გამოთქვა, „უეფამ“ მაშინ უარი ქვეყანაში სტადიონების არქონის გამო გვითხრა. მათი სტანდარტით, ჩემპიონატის მასპინძელ თითოეულ ქვეყანას თბილისის „დინამოს“ მსგავსი 4 სტადიონი მაინც უნდა ჰქონოდა.

ბათუმში მშენებარე სტადიონი კი სწორედ „უეფას“ მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიის მოედნებზე, სულ მცირე, 8 000 ადამიანი უნდა ეტეოდეს. „დინამო ბათუმის“ თამაშებს, მაქსიმუმ, 3 000 მაყურებელი ესწრება. ანუ, 8 000- ადგილიანი სტადიონი ბათუმის მოსახლეობის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებდა, ბიუჯეტიდან კი მისთვის ნაკლები თანხა დაიხარჯებოდა. მაშინ რატომ აშენებს მთავრობა სტადიონს, რომელიც ვერ დაგვეხმარება საერთაშორისო შეჯიბრებების გამასპინძლებაში და სადაც „დინამო ბათუმის“ თამაშებზე 17 000 ადგილი ცარიელი დარჩება? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროში ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხეს.

საქართველოში საბჭოთა პერიოდის შემდეგ დიდი სტადიონი არ აშენებულა. შესაძლოა, სწორედ გამოცდილების ნაკლებობა იყოს პრობლემის ნაწილი, ამბობს  ბელგიური კომპანია EUROPEAN CONNECTION BVBA-ს ქართველი დამფუძნებელი ნიკოლოზ გაბრიჩიძე.

მისი კომპანია, ძირითადად, ჰოლანდიისა და ბელგიის პირველი ლიგის გუნდებისთვის 20,000-მდე ტევადობის „უეფას“ სტანდარტის სტადიონებს აშენებს. ტენდერის შესახებ იცოდნენ, თუმცა მონაწილეობაზე თავიდანვე თქვეს უარი. გაბრიჩიძის თქმით, უფრო რთულია სახელმწიფო სტრუქტურებთან და მთავრობის ბიუჯეტზე გათვლილ მშენებლობაზე მუშაობა, ვიდრე კერძო დამკვეთთან.

გაბრიჩიძის განცხადებით, საქართველოში ყოველთვის იყო ემოციური მიდგომა მშენებლობის მიმართ და, ძირითადად, არ ხდება გათვლები მიზნობრიობაზე. მისთვის გაუგებარია, რატომ აშენებს ქვეყანა 20 000 ტევადობის სტადიონს და იხდის მილიონებს მხოლოდ იმიტომ, რომ დააკმაყოფილოს „უეფას“ ტოპ კატეგორია, მაშინ როცა იგივე კატეგორიის 8 000-იანი სტადიონის აშენება ბევრად იაფი დაჯდება.

„ნანახი მაქვს ბათუმის სტადიონის პროექტი,“ – გვითხრა გაბრიჩიძემ, – „არის ეფექტური, ლამაზი და შეიძლება საფოსტო ბარათზეც კარგად გამოიყურებოდეს და რამდენიც ეტევა, ეტევა. ასეთი მიდგომით განისაზღვრა ტევადობა, ჩემი აზრით და არა გათვლებით. ან უნდა ააშენო 8-10 ათასიანი, მინიმუმ და სტადიონი დააკმაყოფილებს მეოთხე კატეგორიას და იქ შეიძლება ევროპის ჩემპიონატის ფინალის გარდა ყველა მატჩის, ჯგუფური თამაშების და შესარჩევი თამაშების ჩატარება ან უნდა ააშენო, რა თქმა უნდა, 30-35 ათასიანი და მერე იქ ფინალიც ჩატარდება  და „დინამოს“ გარდა [54 000 ტევადობა], კიდევ ერთი სტადიონი იქნება საქართველოში მსოფლიო კლასის.“

სპეციალისტები ამბობენ, რომ დახარჯული მილიონების უკან დასაბრუნებლად და მომავალში მოგების მისაღებად, სტადიონის ფუნქციონირების დეტალური გეგმა მის მშენებლობამდე უნდა არსებობდეს. ასევე გარკვეული უნდა იყოს, თუ ვინ გაუწევს მენეჯმენტს ახლადაშენებულ სტადიონს. აჭარის მთავრობას ჯერ არ უფიქრია ამ საკითხზე და გვიპასუხეს, რომ „ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი, რაც არ საჭიროებს ოპერატორი კომპანიის არსებობას.“

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა / 16.04.2018 / ვინ ზედამხედველობს სტადიონის მშენებლობას? – აჭარის მთავრობა ინფორმაციას ასაიდუმლოებს.

დიდი ზომის სტადიონებზე, სპორტული მატჩების გარდა, კონცერტების გამართვაც შესაძლებელია. სწორედ მისი მრავალმხრივი დატვირთულობა ხდის სტადიონს შემოსავლიანს ისე, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს რეგიონის ბიუჯეტს. სტადიონზე ღონისძიებების დაგეგმვა კი სწორედ ოპერატორი კომპანიის მოვალეობაა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კახა კანდელაკი წარსულში კომპანია Eastern Promotion-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელსაც წლების განმვალობაში ცნობილი მუსიკოსები ჩამოჰყავდა საქართველოში. კანდელაკი თვლის, რომ ოპერატორი კომპანიის გამოცდილება სტადიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც „როცა სტადიონზე „ა“ კლასის კონცერტს აკეთებ, ფული მეათეხარისხოვანია, პირველ რიგში გეკითხებიან, რომელ საერთაშორისო პროდაქშენ კომპანიასთან გიმუშავია“.

კანდელაკი მიიჩნევს, რომ კარგად გათვლის შემთხვევაში, სტადიონი  ქალაქისთვისაც მომგებიანი იქნება. მისი თქმით, კონცერტების პერიოდში, ქალაქის შემოსავალი იზრდება. მაგალითად, თუ ნიუ ორლეანის ჯაზ ფესტივალზე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 70 მილიონი დახარჯა, რამდენიმე დღეში, მოგების სახით, 300 მილიონს იღებს. გარდა ამისა, რესტორნები, მაღაზიები და სასტუმროები, ფესტივალის მხარდასაჭერად, დამატებით გადასახადს იხდიან, რადგან ამ დროს სწორედ ფესტივალი ხდის მათ ბიზნეს შემოსავლიანს.

ამიტომაც კანდელაკი თვლის, რომ სტადიონის ინფრასტრუქტურის კონცერტებზე მორგება დღესვე უნდა დაიწყოს. მისი თქით, უამრავი ნიუანსია, რომელზეც ახლაა საჭირო ფიქრი, ძალიან მაღალ დონეზეა გასათვლელი ყველა დეტალი. მაგალითად, როცა 25 ტონა აპარატურა შემოდის სტადიონზე, უნდა გავითვალიწინოთ, არის თუ არა შესასვლელი გათვლილი ამ ზომის ტრაილერებზე, პარკინგი როგორ არის მოწყობილი, როგორია ბალახის საფარი. შესაძლოა 10 დღე დასჭირდეს მოედნის დაფარვა-აღებას, და თუ არ არსებობს სპეციალური მოწყობილობა, ბალახი შეიძლება გახმეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონცერტების დროულად დაგეგმვაა, რადგანაც მსოფლიო დონის მუსიკოსები ტურებს მინიმუმ 2 წლით ადრე ადგენენ.  „განრიგში უნდა ჩაჯდე. ცოტა ხნის წინ Cirque de Soleil-ის პრეზიდენტს შევხვდი ლონდონში, რომელსაც 2021  წლამდე აქვს გაწერილი მუსიკოსების ტური. Coldplay დღეს მეუბნება, რომ 2020-ში მივცე დაკვეთა. ეს ყველაფერი ახლა თუ არ დაგეგმე, არანაირი კონცერტი არ გექნება,“ – ამბობს კანდელაკი.

ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონის დირექტორმა, ვიტალი გულორდოვამ გვითხრა, რომ 2017 წელს ადმინისტრაციულმა და კომუნალურმა ხარჯებმა 1.8 მილიონი ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს გულორდავა, ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის გამო, 2.2 მილიონი ლარის ხარჯს  პროგნოზირებს. თუკი თბილისის „დინამო“ 2.2 მილიონ ლარს გადაიხდის, სავარაუდოდ, ბათუმის სტადიონს 800 ათასზე მეტი დასჭირდება. ეს თანხა კი ისევ გადასახადების გადამხდელებს დააწვება, რადგან აჭარის მთავრობას ამ დრომდე არ აქვს გათვლილი, როგორ გახადოს სტადიონი მომგებიანი.

თედო ჯორბენაძე, „ბათუმელები“
ნინო შონია, „აი, ფაქტი“

ციხეში დაწერილი 8 წიგნი

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი წიგნია, რომელიც ციხეში დაიწერა, მათ შორის ბევრია ისეთი, ყველას თუ არ წაუკითხავს – გაუგია მაინც.

დონ კიხოტი – მიგელ დე სერვანტესი

ესპანელი მწერალი, მიგელ დე სერვანტესი სამეფო არმიაში ინტერდანტად მსახურობდა, რაც ჯარის ნაწილების სურსათით, ტანისამოსითა და სხვა საჭირო ნივთებით მომარაგებას გულისხმობდა. ამ ყველაფრის შესაძენი ფული მან ბანკირს ანდო, რომელიც ჯარისთვის განკუთვნილ ფულთან ერთად გაუჩინარდა და 1597 წელს სერვანტესი სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. აქ დაიწყო მან „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელის“ წერა. წიგნი 1605 წელს გაიცნო მკითხველმა და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

სოდომის 120 დღე – მარკიზ დე სადი

მარკიზ დე სადი სექსუალური სკანდალებით იყო ცნობილი, ორგიების გამო, რაც მკაცრად ისჯებოდა XVIII საუკუნის საფრანგეთში, სადი ციხეში ჩასვეს. მას ბრალად ედებოდა არაერთი გაუპატიურება, ძალადობა და ორგიების მოწყობა. თავიდან მისი სიკვდილით დასჯის საკითხიც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ ბასტილიის ციხეში გამოკეტეს.

ციხეში გატარებული შვიდი წლის განმავლობაში მარკიზ დე სადმა რამდენიმე პორნოგრაფიული რომანი და მოთხრობა დაწერა, მათ შორის ცნობილი „სოდომის 120 დღე ანუ გარყვნილების სკოლა“. ამ რომანს დე სადი ყველაზე ბინძურ ისტორიებს უწოდებდა, რაც კი ოდესმე ვინმეს დაუწერია.

1789 წლის 4 ივლისს  მარკიზ დე სადი ციხიდან შარანტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 14 ივლისს კი ბასტილიის ციხე ამბოხებულმა ფრანგებმა აიღეს. ყველა, მათ შორის მარკიზ დე სადის საპყრობილეშიც ბრბო შეიჭრა და განადგურდა მისი ყველა ხელნაწერი გარდა რომანისა – „სოდომის 120 დღე“, რომელიც ავტორს საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული ქვის კედლებში.

რომანი თავიდან მარკიზ ვილნევ ტრანთან აღმოჩნდა და ერთ საუკუნეზე მეტხანს ინახებოდა მის ოჯახში, შემდეგ კი ხელნაწერი გერმანელ ექიმსა და სექსოლოგს, ივან ბლოხს ჩაუვარდა ხელში, რომელმაც რომანი 1904 წელს გამოსცა.

 მარკო პოლოს წიგნები

ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ იტალიელმა მოგზაურმა, მარკო პოლომ მონაწილეობა მიიღო გენუისა და ვენეციის ომში, ტყვედ ჩავარდა და ციხეში აღმოჩნდა. მარკო პოლო სარაინდო რომანების ავტორ რუსტიჩანოსთან ერთად დაატუსაღეს, რომელსაც აზიის ეგზოტიკურ ქვეყნებში საკუთარი მოგზაურობის შესახებ უამბობდა. რუსტიჩანოზე მარკო პოლოს მონათხრობმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადაწყვიტა ყველაფერი დაეწერა.

რუსტიჩანოს ხელნაწერები აქამდე არ მოღწეულა, თუმცა, მოაღწია გადამწერების მიერ შექმნილმა უამრავმა ხელნაწერმა, რაც შემთხვევითი არ არის, რადგან შუა საუკუნეებში ეს წიგნები ძალიან პოპულარული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრის მონათხრობში ბევრი ფაქტობრივი შეცდომა და გამონაგონია, „მარკო პოლოს წიგნები“ უკვე 700 წელზე მეტია იპყრობს მკითხველების ყურადღებას მთელ მსოფლიოში.

 ნოტრ დამ დე ფლერი – ჟან ჟენე

ჟან ჟენემ სკანდალური რომანი ციხეში, ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში დაწერა. საპყრობილეში უცნაური მიზეზით აღმოჩნდა:  პრუსტის ტომი მოიპარა წიგნების მაღაზიიდან. ჟენეს „ნოტრ დამ დე ფლერი“ საფრანგეთის იატაკქვეშა სტამბაში დაიბეჭდა 1943 წელს, გამოიცა მხოლოდ 350 ეგზემპლარი.

„ნოტრ დამ დე ფლერი“ (ხშირად თარგმნიან სხვაგვარადაც: „ყვავილების ღვთისმშობელი“) ტუბერკულოზით დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი ტრანსგენდერის ამბავია. წიგნში ჟან-ჟენეს არაერთი პირადი ისტორიაა მოთხრობილი.

 მზის ქალაქი – ტომაზო კამპანელა

უტოპიური რომანი „მზის ქალაქი“ ერესში ბრალდებულმა იტალიელმა ფილოსოფოსმა, ტომაზო კამპანელამ დაწერა. ფილოსოფოსი ინკვიზიციამ მიწისქვეშა საპყრობილეში მარტო გამოკეტა 1602 წელს. სენტ-ელმოს მიწისქვეშა ციხეში კამპანელამ 16 წელი გაატარა კედელს მიჯაჭვულმა.

ფილოსოფოსისადმი დამოკიდებულება მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა. ფილოსოფოსი კასტელ დელ ოვოს ციხე-სიმაგრეში გადაიყვანეს და წერა-კითხვის, ჰოროსკოპების შედგენისა და მნახველთა მიღების ნებაც კი დართეს. ამ დროს დაწერა მან სოციალური უტოპია „მზის ქალაქი“, რამაც მას საშუალება მისცა თავი წერით გადაერჩინა მარტოობისა და სიგიჟისგან.

ტომაზო კამპანელა 1629 წელს გაათავისუფლეს. ციხეში მან 30 წელი გაატარა.

De Profundis – ოსკარ უაილდი

ირლანდიური წარმოშობის ინგლისელ მწერალს ოსკარ უაილდს 1895 წელს საჯაროდ დასდეს ბრალი ჰომოსექსუალიზმში და დააპატიმრეს. თეატრებში აიკრძალა მისი პიესების დადგმა, აღარსად იყიდებოდა მისი წიგნები, ყველა მეგობარი უფრთხოდა მისი სახელის ხსენებასაც კი. მწერლის ერთადერთი მეგობარი ითხოვდა ინგლისის ხელისუფლებისგან მის შეწყალებას, ბერნარდ შოუ, თუმცა უშედეგოდ.

რედინგის ციხეში გატარებულმა წლებმა საშინლად შეარყია მწერლის ჯანმრთელობა. გათავისუფლების შემდეგ მშობლიური ინგლისიდან, რომელმაც გარიყა, ის საფრანგეთში გადადის საცხოვრებლად, სადაც მარტოობაში გარდაიცვალა 1900 წელს.

რედინგის ციხეში ოსკარ უაილდმა 1897 წელს წერილი-აღსარება De Profundis დაწერა და შეყვარებულს, ლორდ ალფრედ დუგლასს მიუძღვნა. ამ ტექსტს დიდხანს საგულდაგულოდ მალავდა მაშინდელი ინგლისური საზოგადოება და პირველად 1904 წელს გამოიცა გერმანულ ენაზე. ინგლისურად De Profundis-ის სრული ტექსტი დაწერიდან 58 წლის შემდეგ, 1962 წელს დაიბეჭდა.

 შანტარამი – გრეგორ დევიდ რობერტსი 

გრეგორ დევიდ რობერტსი თანამედროვე ავსტრიელი მწერალია, მისი რომანი „შანტარამი“  2003 წელს გამოიცა. ყოფილმა ნარკომანმა და მძარცველმა ორჯერ მოიხადა ციხეში სასჯელი და შემდეგ საკუთარი ისტორიების მოყოლა წიგნის საშუალებით გადაწყვიტა. „შანტარამი“ 2003 წელს გამოიცა, ხელნაწერი, როგორც ავტორისგანაა ცნობილი ორჯერ ჩამოართვეს ციხის ზედამხედველებმა, გრეგორ დევიდ რობერტსი 10 წელი ემალებოდა სამართალდამცავებს ინდოეთში. წიგნი მისი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდს აღწერს.

 არტურის სიკვდილი – ტომას მელორი

შუასაუკუნეების ინგლისელი მწერლის, ტომას მელორის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ რაინდი იყო და გრაფ იორიკის მხარეს იბრძოდა ინგლისის თეთრი და ალისფერი ვარდების ომში. ჰერცოგ ბეკინგემის სამფლობელოზე თავდასხმის გამო ტომას მელორი მაკსტოკის ციხეში ჩასვეს, საიდანაც, გაიქცა, მაგრამ ისევ დააკავეს.

სიცოცხლის დარჩენილი 20 წელი ტყვეობაში გაატარა. ამ პერიოდში დაამუშავა კელტური მითები, ხალხური ლეგენდები, რაინდული რომანები და დაწერა „არტურის სიკვდილი“. ტომას მელორმა მეფე არტურისა და მრგვალი მაგიდის რაინდების ყველაზე სრული კრებული შექმნა ციხეში ყოფნის პერიოდში. „არტურის სიკვდილი“ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული.

წყარო: senscritique.com  eksmo 

ბულვარში სამეწარმეო საქმიანობისთვის ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა

„ბათუმის ბულვარი“ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზღვისპირა ბულვარში სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონულ აუქციონებს აცხადებს.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.eauction.ge

აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საკურორტო სეზონზე საშუალება მიეცემათ ზღვისპირა ბულვარში მცირე სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ.

ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება და მიმდინარე წლის მაისის თვის ბოლომდე დასრულდება.

აუქციონები ცხადდება შემდეგ კატეგორიებზე:

  • სუვენირების დახლი („ნინო და ალი“ -აკვაპარკი); გასართობი აპარატი (არდაგანის ტბასთან); გასართობი ატრაქციონი (არდაგანის ტბასთან);
  • გასართობი ატრაქციონი (არდაგანის ტბასთან); გასართობი ატრაქციონი (არდაგანის ტბასთან); გასართობი ატრაქციონი (არდაგანის ტბასთან); გასართობი ატრაქციონი (არდაგანის ტბასთან); რიგშა („ნინო და ალი“, უნივერსიტეტი, აკვაპარკი და ახალი ბულვარი)
  • სანაყინე ჯიხურები (განთავსებულია პრომინადზე);
  • ელექტრომობილი („ნინო და ალი“, უნივერსიტეტი, აკვაპარკი და ახალი ბულვარი); სანაყინე კუთხე (ვაჟა ფშაველა, მელიქიშვილის, თავდადებულის ქ.); ტირი (არდაგანის ტბასთან); ფოტოჯიხური (თავდადებული ქ. და ინტურისტის გასწვრივ); სათვალის დახლი (26 მაისი ქ. ნინო ალი, თავდადებული);
  • სასწორი (მელიქიშვილის ქ. დუმბაძის ქ. და თავდადებულის ქ; საინფორმაციო დახლები (მელიქიშვილის ქ. დუმბაძის ქ. და თავდადებულის ქუჩა); ბატუტი რკინის კონსტრუქციის (არდაგანის ტბასთან); ბატუტი გასაბერი (არდაგანის ტბასთან); სეგვეი; გიროსკუტერი („ნინო და ალი“, უნივერსიტეტი, აკვაპარკი ახალი ბულვარი);
  • ტენისი და ბილიარდი (თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ); სკუტერები („ძველ გემთან“ და „სექტორის“ გვერდით); სასეირნო საბავშო მანქანები („ნინო და ალი“ და თავდადებულის ქ.); 3-5-7-9D აპარატები (არდაგანის ტბასთან); სამასაჟო კუთხე („ორბი თაუერის“ მიმდებარედ);
  • ჰელიუმის ბუშტები („ნინო და ალი“, ახალი ბულვარი პრომინადზე); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (ანბანის კოშკის გასწვრივ); საზღვაო აქსესუარების კუთხე ( თავდადებულის ქ.).

აჭარის მთავრობის ვებგვერდი გათიშულია

ამ დროისთვის აჭარის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია. აჭარის მთავრობას ერთიანი პორტალი აქვს, შესაბამისად, ამ დროისთვის არც სამინისტროების ოფიციალური ვებგვერდები ფუნქციონირებს.

როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ვებგვერდის გათიშვის მიზეზი სერვერის გადატვირთვაა:

„ძირითადი სერვერი არის ეკონომიკის სამინისტროში და, როგორც ვიცით, ის არის გადატვირთული.  მუშაობენ და გამოსწორდება ვითარება.“

რამდენ ხანში დაიწყებს ვებგვერდი ფუნქციონირებას, ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურში  ინფორმაცია არ აქვთ.

კომპანიებმა 100 ათასი ლარის ხაჭაპური და ცომეული ნაგავში გადაყარეს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ზუსტად 94 242 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა ნაგავში გადაყარეს. 2017 წლის აპრილიდან 12 თვის განმავლობაში გადაყრილი საკვების რაოდენობისა და ფასების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურმა მოაწოდა.

მზა საკვები პროდუქტების ვარგისიანობის ვადა კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ძირითად შემთხვევაში ეს ვადა 6-დან 12 საათამდე მერყეობს სხვადასხვა პროდუქტზე. ბათუმის ჰიპერმარკეტებში აცხადებენ, რომ ვადის გასვლის შემდეგ მზა პროდუქტებს ანადგურებენ. ამის შესახებ „ბათუმელები“ 6 აპრილს წერდა.

რატომ არ იზიარებენ ქართული სუპერმარკეტები სხვა ქვეყნების ბიზნესის პრაქტიკას – ევროპის ქვეყნებში ცნობილი ჰიპერმარკეტების დიდი ნაწილი მზა საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადის გასვლამდე სპეციალურ ფასდაკლებებს აცხადებენ, ან საკვებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ორგანიზებულად აწვდიან. ამ გზით მორჩენილ და ჯერ კიდევ ჯანსაღ პროდუქტს სოციალურად შეჭირვებული კლიენტი ყიდულობს, მაღაზიებს კი საკვების სანაგვე ურნებში ჩაყრა აღარ უწევთ.

ამ საკითხზე ჰიპერმარკეტებში კომენტარი არ გააკეთეს.

„შესაძლოა, ვინმე მოიწამლოს. ორგანიზება სჭირდება ვადის გასვლამდე პროდუქტის რეალიზებას,“ – ეს ძირითადი არგუმენტებია, რის გამოც ჰიპერმარკეტებში ამბობენ, რომ მზა პროდუქტის სანაგვე ურნებში გადაყრა ურჩევნიათ.

ჰიპერმარკეტები ნაგავში გადაყრილი საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს აწვდიან. ამ გზით ისინი სავალდებულო გადასახადს აღარ იხდიან.

რა ოდენობის მზა საკვები პროდუქტი ნადგურდება მსხვილ სუპერმარკეტებში ქვეყნის მასშტაბით – ამ ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით მუშავდება და მისი მოწოდება სირთულეს წარმოადგენს. საბოლოოდ შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ ოთხ პროდუქტზე – ხაჭაპურზე, ლობიანზე, ღვეზელსა და ფუნთუშაზე მოგვაწოდა ინფორმაცია ფასების მიხედვით. ინფორმაცია შეეხება თითქმის ყველა დაწესებულებას, რომელიც ამ მზა პროდუქტს აწარმოებს და მის რეალიზებას ახდენს.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის აპრილში 4523 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა გადაყარეს სანაგვე ურნებში. მაისში – 11 484, ივნისში – 7312, ივლისში – 9455, აგვისტოში – 7778, სექტემბერში – 5424, ოქტომბერში – 8701, ნოემბერში – 7727, დეკემბერში – 8192.

2018 წლის იანვარში 9385 ლარის მზა საკვები არის გადაყრილი, თებერვალში – 7439, მარტში – 6817 ლარის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 459 619 ადამიანი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას იღებს.

როგორ მოხვდა ტანკი სოფელ წონიარისში

აჭარის მაღალმთიანეთში მიმავალი ნებისმიერი მგზავრი, რომელსაც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წონიარისის ცენტრში ერთხელ მაინც გაუვლია, კვარცხლბეკზე შემოდგმულ ტანკს აუცილებლად შენიშნავდა. ტანკი წონიარისის თემის ცენტრში 1983 წლიდან დგას. მანამდე სოფელს „დიდი ბელადის“ – სტალინის წერილი მიუღია, რომელიც1945 წლის 18 აპრილით არის დათარიღებული.

სტალინის წერილს კონკრეტული ადრესატი ჰყავდა – ჯელილ ბერიძე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქედის რაიონის ვარჯანისის თემში კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. ისტორიკოსი შალვა აბაშიძე წერს, რომ „1943 წლის იანვარში ვარჯანისის კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ჯელილ ბერიძემ, სატანკო კოლონის ასაგებად 50 000 მანეთი შეიტანა“. სწორედ ამიტომ მიუღია მას სამადლობელო წერილი მოსკოვიდან.

„გმადლობთ თქვენ, ამხანაგო ბერიძე, თქვენი მზრუნველობისათვის წითელი არმიის ჯავშანსატანკო ძალებზე. მიიღეთ ჩემი სალამი და წითელი არმიის მადლობა“, – ამ შინაარსის წერილ/სიგელის ქართულ ვერსიას ჯელილ ბერიძის შთამომავლები – შვილები და შვილიშვილები, რომლებიც წონიარისში ცხოვრობენ, დღემდე ინახავენ. აქ ამბობენ, რომ სიგელის დედანი, ანუ რუსული ვერსია, მუზეუმში უნდა იყოს დაცული.

წერილი სტალინის სახელით

ვარჯანისის კოლმეურნეობა საბჭოთა რეჟიმმა 1928 წელს შექმნა. ჯელილ ბერიძე ამ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ 1939 წელს დაუნიშნიათ. დადგენილება, რომლის საფუძველზე კოლმეურნეობამ თანხა შეაგროვა სატანკო ნაწილისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის 18 სექტემბერს მიუღიათ, კოლმეურნეობის საერთო კრებაზე.

სამადლობელო წერილიდან თითქმის 40 წლის გასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მოსკოვში ჯელილ ბერიძე და სოფელ წონიარისს ტანკი მიუყვანეს. ჯელილ ბერიძე მაშინ ცოცხალი ყოფილა და ტანკის გასაჩერებელი ადგილიც პირადად მას შეურჩევია – წონიარისის თემის ცენტრი, რომელიც მაშინ ვარჯანისის კოლმეურნეობის შემადგენლობაში იყო.

სოფელს ერთი წლით ადრე – 1982 წელს დაუწყია ტანკის მისაღებად სამზადისი. მოამზადეს კვარცხლბეკი, რომელზეც ამოუტვიფრავთ ტანკზე არსებული წარწერები, საბჭოთა სიმბოლოები და მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე 20 დღით ადრე გამოგზავნილი „დიდი ბელადის“ წერილის ტექსტი.

დღეს წარწერები აღარ იკითხება – ორი წლის წინ აქ ერთგვარი რეაბილიტაცია ჩაუტარებიათ და ყველა წარწერა საღებავით არის დაფარული.

აქ მცხოვრებთა თქმით, ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო – ტანკი, როდესაც სოფელში აიყვანეს, მუშა მდგომარეობაში იყო. ამ ტანკს ნაცისტური სიმბოლო – სვასტიკა ჰქონია გამოსახული. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ტანკი ფაშისტური გერმანიის ჯარის კუთვნილება უნდა ყოფილიყო და ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა არმიას ნადავლის სახით უნდა წამოეღო.

წონიარისის თემის რწმუნებული ამირან წულუკიძე იხსენებს, თუ როგორ ზარზეიმით შეხვდა სოფლის მოსახლეობა ტანკის სოფელში აყვანას.

„იმ დროს 7-8 კლასში ვიქნებოდი. მთელი წონიარისის მოსახლეობა და სკოლის 300 მოსწავლე ვიყავით შეკრებილი, ყველა ტანკის შემოყვანას ელოდა, გაიმართა კონცერტი, გრანდიოზული გახსნა იყო… მახუნცეთამდე თავისით ამოსულა ტანკი, სოფელ პირველ მაისში გაფუჭებულა და იქედან ბუქსირით ამოიყვანეს. ტანკის ამოყვანამდე, ერთი წლით ადრე კი საგანგებოდ მოაპირკეთეს ის ადგილი, სადაც ახლა ტანკია განთავსებული“, – იხსენებს ამირანი.

ტანკი სოფელ წონიარისში

წონიარისის ტანკი მხოლოდ ორ ტანკისტზე ყოფილა გათვლილი.

7000 ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სარფში

13 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, ლ.ყ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნაკეთობათა წონამ 105.29 გრამი, საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი, 6 440.6 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა – 6,440.6 ლარის ოდენობით.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

ხვალ, 17 აპრილს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ამინდის პროგნოზი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი 
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი 

მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ბათუმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

დღეს, 16 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, ბათუმში, ასათიანისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი.

დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. „ერთი ადამიანი შედარებით მძიმედაა დაშავებული,“ – ამბობენ სასწრაფოში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

გარემოვაჭრე შესაძლოა სამი ათასი ლარით დაჯარიმდეს

ბათუმის მერია გარევაჭრობას კრძალავს. მერიის ოფიციალური განცხადებით, ბათუმში უნებართვო გარევაჭრობები აღარ იქნება. მერიის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე უნებართვო გარემოვაჭრეებს გამაფრთხილებელი საინფორმაციო ფურცელი გადაეცათ.

მერია გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელებას გოგოლის #1-ში მდებარე, „სათანადოდ აღჭურვილ“ სავაჭრო ადგილებში სთავაზობს.

შესაბამისი ადგილებით სარგებლობის სიმბოლური საფასური ერთ ლარს შეადგენს, რაშიც კომუნალური გადასახადებიც შედის.

„გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს აუშნოებს და ქმნის ანტისანიტარიის კერებს, ასევე დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობასა და აფერხებს და სკოლასა და საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზაზე გადაადგილებას.

იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები მერიის მითითებებს არ დაემორჩილებიან, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1522-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

„დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით“.

ბათუმის მერიის მცდელობა, აღკვეთოს ქალაქში უკანონო გარევაჭრობა, ახალი არ არის. მერიის სამსახურები გასულ წლებშიც ცდილობდნენ გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკებას, თუმცა მერიის მცდელობა აქამდე უშედეგო იყო.

________________________

ამავე თემაზე: 

გარევაჭრობა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე [ფოტორეპორტაჟი] 

 

ივანიშვილის ხის გადატანის დროს პეტრას ციხის ლიმონარიუმი დაზიანდა [ფოტო]

„ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ, 14 აპრილს, ხის გადატანის დროს პეტრას ციხის ლიმონარიუმი დაზიანდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს მიმდებარედ მცხოვრებმა მოქალაქეებმა. ეს ხე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში კომპანია „ანაგმა“ გადაიტანა.

სპეციალისტების თქმით, ეს ლიმონარიუმი პეტრას ციხეზე გაკეთდა გასული საუკუნის 1930 წლებში. მას ტერასების შემაკავებელი ფუნქცია აქვს.

„ლიმონარიუმი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილი, მაგრამ ეს არ არის ძირითადი ძეგლი. ამიტომ სამუშაოების შესასრულებელ პროექტს შეთანხმება არ სჭირდება. დღესვე დაიწყებენ შეკეთებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ კმდს-ს ხელმძღვანელმა, ლაშა ასლანიშვილმა.

დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე კომპანია „ანაგი“ უკვე მუშაობს.

პეტრას ციხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. თუმცა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ თქვა, რომ ლიმონარიუმის დაზიანების შესახებ არაფერი იცის.

პეტრას ციხის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქე ამბობს, რომ ლიმონარიუმის კედელს, სავარაუდოდ, იმ საყრდენმა გამოსდო, რაზეც ხე იდგა.

ლიმონარიუმის დაზიანებული კედელი

ციხე-ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის – ლაზების სამოსახლო იყო.

უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანსა და სომხეთს. შუა საუკუნეებში პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.

ლიმონარიუმის დაზიანებული კედელი

სამსახურიდან გაუშვეს პოლიციელები, რომლებმაც სტრასბურგის მოსამართლის ძმის სახლი გაჩხრიკეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამსახურიდან გაუშვეს ის პოლიციელები, რომლებმაც გასულ წელს ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მათ შორის ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსი რუსლან იოსელიანი. ჩვენივე ინფორმაციით, გათავისუფლებული პოლიციელებიდან რამდენიმემ ევროპის ქვეყნებს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა.

ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილეობდა, „ბათუმელები“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, როგორც გათავისუფლების მიზეზებზე, ასევე იმაზე, ნამდვილად მიმართა თუ არა ავსტრიის ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების თხოვნით.

მან შეკითხვებს არ უპასუხა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ჩხრეკისა და ამოღების პროცესის მონაწილე ექვსი პოლიციელი დაახლოებით 3 თვის წინ გაუშვეს სამსახურიდან. ნამდვილად გაათავისუფლეს თუ არა პოლიციელები ოთარ წოწორიას სახლიდან იარაღის ამოღების გამო და ნამდვილად დატოვეს თუ არა გათავისუფლებულმა პოლიციელებმა საქართველო? – შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე განმარტებას დაგვპირდნენ, თუმცა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

ოთარ წოწორია ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის – ნონა წოწორიას ძმაა. ის ბათუმში ცხოვრობს.

სამართალდამცველებმა ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა 2017 წლის 18 მაისს ჩაატარეს. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთარ წოწორიას სახლში პოლიციელებმა პისტოლეტი და 227 კალიბრის ვაზნა იპოვეს.

 ფოტოზე ჩანს შეფუთვა, რომელიც ოთარ წოწორიას სახლიდან პოლიციელებმა გამოიტანეს, სავარადოდ, ეს უნდა ყოფილიყო იარაღი. ორი დღის შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ ოთარ წოწორიას სახლიდან ამოიღეს პისტოლეტი. ფოტო: ნეტგაზეთი/ჯაბა ანანიძე. 18.05.2017

პოლიციელებს 18 მაისს არავინ დაუკავებიათ. დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

19 მაისს ნონა წოწორიამ გაავრცელა განცხადება. იმ დროს იგი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო: „მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემ მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში.“

ოთარ წოწორიამ ჩხრეკა დაუკავშირა ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას: “ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ ამიტომ”. ფოტო: ნეტგაზეთი/ჯაბა ანანიძე. 18.05.2017

20 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ ოთარ წოწორიას სახლში აღმოჩენილი იარაღი მის სიმამრს ეკუთვნოდა და ვინაიდან იგი 2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, საქმეზე გამოძიება შეწყდა.

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შს სამინისტროს პრესცენტრიდან გვაცნობეს, რომ ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკის მონაწილე ერთი პოლიციელის გარდა ყველა სისტემაში მუშაობს [მათ შორის რუსლან იოსელიანი] და სამსახურიდან წასვლაზე პატაკი მხოლოდ ერთმა მათგანმა დაწერა.

 

 

Exit mobile version