ბონისა და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ

ბათუმის წყლის ინფორმაციით, დღეს, პირველ მაისს, ხახულის ქუჩაზე წყალმომარაგების 1000 მმ-იანი მილი დაზიანდა.

ამ ეტაპზე მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, რის გამოც წყალმომარაგების მიწოდება ბონისა და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს 18:00 სთ-მდე შეუწყდება.

ბრალდებულმა მოსამართლეს სთხოვა, რომ პატიმრობიდან ნუ გაათავისუფლებს და ციხეში დატოვოს

ელექტროსადენების ქურდობას გამოძიება 58 წლის ბადრი ქ.-ს ედავება. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მან დღეს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების ნაცვლად ციხეში დატოვება სთხოვა მოსამართლეს.

„რატომ გინდათ იქ დარჩენა?“ – დაინტერესდა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე.

„იქ რომ შემიყვანეს, ადამიანს არ ვგავდი… ერთი თვე ქუჩაში ვცხოვრობდი. მათხოვრობა ვერ შევძელი…“ – თქვა ბრალდებულმა.

გამოძიების ვერსიით, ბადრი ქ.-მ გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მშენებარე კომერციული ფართობიდან, ასევე დუმბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინიდან, გამოსაყენებლად გამზადებული ელექტროსადენები მოიპარა.

შემთხვევიდან რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა ბადრი ქ. დააკავეს. ის გაქურდული ობიექტების სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანდა.

„მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და ქუჩაში გადამალული ელექტროსადენებიც თვითონ გვაჩვენა,“ – ამბობს პროკურორი ზურაბ კონცელიძე.

ბადრი ქ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის ქურდობისთვის ერთხელ უკვე გაასამართლეს. მოსამართლემ მას უთხრა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„როცა იქურდებ, დაისჯები,“ – თქვა ბრალდებულმა და მოსამართლეს მიმართა, კიდევ ორ სიტყვას გეტყვითო.

„ბოლო წლები საპატიმროში ვიყავი. ერთი თვის გამოსული ვიყავი და ქუჩაში ვცხოვრობდი, სამუშაოს ვეძებდი… რამდენჯერ მივედი სამშენებლოებთან და ვუთხარი, რამეზე მაინც მამუშავეთ-მეთქი, არ ქნეს. მე არ მინდა, რომ ჩემს საქმეზე დაიკითხოს ვინმე, მე არ ვდავობ რამეზე, არაფერს ვასაჩივრებ. თანახმა ვარ, პატიმრობა გაგრძელდეს“, – თქვა ბრალდებულმა.

ბრალდებულმა ასევე უთხრა მოსამართლეს, რომ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს.

„შუახევში დავიბადე, მაგრამ რამდენი წელია იქ არ ვყოფილვარ, ვის ვემახსოვრები იქ…“ – აღნიშნა მან.

ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავს. წინასასამართლო ეტაპზე სავალდებულო დაცვა ბრალდებულს არ სჭირდება, თუმცა მას უფლება აქვს, ადვოკატის უფასო მომსახურებით ისარგებლოს.

„სად მქონდა მაგის საშუალება, რომ ადვოკატი ამეყვანა,“ – დასძინა ბრალდებულმა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე დაინტერესდა, შესთავაზა თუ არა გამოძიებამ ბრალდებულს უფასო იურიდიული მომსახურება. პროკურორმა მას უპასუხა, რომ ადვოკატზე ბადრი ქ.-მ უარი თქვა.

„რამდენად შეფასდა მოპარული ელექტროსადენები?“ – ჰკითხა სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორს „ბათუმელებმა“.

„ერთ შემთხვევაში სადენები 200 ლარად შეფასდა, მეორეში – 150 ლარზე ნაკლები იყო,“ – გვითხრა პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ.

 

 

რა შეიცვალა 2018 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში

2018 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 33 პროგრამას ახორციელებს, აქედან 24 პროგრამა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მოქმედებს, დანარჩენი საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დასაქმებაზე ნაწილდება.

  • 2018 წელს უწყებამ 7 ახალი პროგრამა აამოქმედა, მათ შორისაა – მოსახლეობის საზღვაგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პროგრამით უკვე ისარგებლა 10-მა ბენეფიციარმა, დაფინანსებულმა თანხამ შეადგინა 108 048 ლარი.

აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ სხვადასხვა დაავადების მქონე პირები,  რომელთა   აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში (სპეციალისტი/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად) და რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით “მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“.

2018 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საზღვარგარეთ მკურნალობის მიმართულებით გათვალისწინებული აქვს 500 000 ლარი. ერთი პაციენტის დაფინანსების მაქსიმალური ზღვრული თანხა შეადგენს 15 000 ლარს.

  • პირველი იანვრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის გაუმჯობესდა კარდიოქირურგიული მომსახურების დაფინანსება. სამინისტრომ ახალი პროგრამითგულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება“ დაიწყო ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში, როგორც გეგმიური, ასევე ურგენტული სამედიცინო მომსახურების დროს.

პროგრამის ფარგლებში იანვარ-მარტის თვეებში სამინისტროს მიერ დაფინანსდა 267 პაციენტის სამედიცინო მომსახურება. პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 700, 000 ლარს.

  • სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი პროგრამაავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება“, რომლის ბიუჯეტი 1, 500, 000 ლარს შეადგენს.

▶ პროგრამით ფინანსდება ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით.

▶ ასევე, ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტები და პირველად პაციენტებს მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ პეტრუზუმაბის ან ლაპატინიბის მკურნალობის კურსის ღირებულება  ჰერცეპტინთან ერთად.

▶ ასევე, იფარება გეგმიური სტაციონარული მომსახურების, ქიმიო და სხივური თერაპიის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტისათვის.

პირველ კვარტალში პროგრამით გაიცა 882 ვაუჩერი, საანგარიში პერიოდში დასრულებული და ანაზღაურებული იყო 439 პაციენტის სამედიცინო მომსახურება, ხოლო 443 პაციენტი აგრძელებდა მკურნალობას.

  • მიმდინარე წელს ცვლილება შევიდა – „მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის“ პროგრამაში. გაიზარდა პროგრამის ბენეფიციართა კატეგორია: კერძოდ, დაემატა შშმ პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, უსახლკაროთა თავშესაფრის კონტინგენტი, უსახლკაროები, მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები.

 

 

 

 

 

 

პროგრამით დამატებით დაიწყო ახალი კვლევების დაფინანსება:

  • ვირტუალური კოლონოსკოპია;
  • საშარდე გზების კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფიული კორონაროგრაფია;
  • პოზიტრონ – ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია.

სამინისტროს პროგრამის განხორციელებისათვის გათვალისწინებული აქვს 800, 000 ლარი.

 „ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში“, 2018 წელს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ნაცვლად 5 პაციენტისა დაუფინანსდება 10 პაციენტს, თითოეულს 50 000 ლარის ოდენობით.

  • კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომელსაც სამინისტრო 2018 წელს ახორციელებს, ითვალისწინებს – აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას“.

პროგრამის ფარგლებში სამედიცინო რეაბილიტაცია 2 – დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის ფინანსდება. პროგრამით უკვე სარგებლობს 34 ბენეფიციარი.

შეზღუდული შესაძლებლობის პირების უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭიროებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ სტატუსის მქონე მოქალაქეები სამინისტროს ყველა პროგრამის ბენეფიციარები არიან და მათ რიგითობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ.

  • სამინისტრომ 2018 წელს, ასევე, აამოქმედა – „შშ სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა.

პროგრამით ფინანსდება:

▶ ფუნქციური საწოლი;

▶ ჟანგბადის კონცენტრატორი;

▶ ნახველის ამოსაღები აპარატი;

▶ ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი;

▶ ხმის წარმომქმნელი ;

▶ კოხლეარული იმპლანტის პროცესორი;

▶ ძვალში ჩასანერგი სმენის აპარატი სამაგრი რკალით.

  • ცვლილება შევიდაშშმ პირთა და ხანდაზმულთა სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის პროგრამაში“.

2017 წელს პროგრამით გაიცემოდა მხოლოდ მექანიკური სავარძელ-ეტლები, 2018 წლიდან დაიწყო: ელექტროსავარძელ-ეტლის (10 ერთეული),  ადაპტირებული სავარძელ-ეტლის (80 ერთეული) და მექანიკური სავარძელ-ეტლის (120 ერთეული) გაცემა. 2018 წლის 1 კვარტალში პროგრამით სულ გაიცა 117 ვაუჩერი.

  • 2018 წლის პრიორიტეტების ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზარდა. დანამატს 110 ექთანი იღებს.

  

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა 2019 წლის პროგრამების  პროექტებზე. უწყება პირველად პროექტს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

ბათუმის სტადიონს ოთხი თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე აშენებენ – ტენდერი შერჩევის ეტაპზე დაბრუნდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიამ მის მიერ მიღებული ოქმები, მათ შორის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ, გააუქმა და ტენდერი შერჩევის ეტაპზე დააბრუნა. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის 3,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული, სტადიონი კი მეხუთე თვეა, რაც ტენდერით შერჩეული კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე შენდება.

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ, როგორც მათ მიერ მიღებული ოქმებიდან ჩანს, შეისწავლა ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ყველა დოკუმენტი და ეს კომპანია მიიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად. მომსახურებისთვის ყველაზე დაბალი თანხა – 2 მილიონ 847 ათას ლარი – სწორედ „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ჰქონდა შეთავაზებული.

სატენდერო კომისიის გუშინდელ, 30 აპრილის სხდომის ოქმში წერია, რომ მიიღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილი, სადაც აღნიშნულია შემდეგი:

„სააგენტომ განიხილა ტენდერი, რომლის შედეგად დაადგინა, რომ იკვეთება სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებული ქმედებების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა“.

ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ:

სატენდერო კომისიამ თავიდან ჩათვალა, რომ ჯავიდ ნაჯაფოვს გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია, თუმცა შემდეგ, გადამოწმების მიზნით, შპს „სტადიონმა“ მიმართა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას. ოქმის მიხედვით, ბიზნეს სკოლიდან მიღებულ განმარტებაში აღნიშნულია, რომ „მათ მიერ გაცემული სერტიფიკატები არის პროფესიული განვითარების დიპლომები, არ ანიჭებს მაგისტრის ხარისხს და Strategy Execution-ს არ გააჩნია ხარისხის პროგრამები“.

ტენდერის პირობების მიხედვით, მენეჯერს უნდა გააჩნდეს მაგისტრის ხარისხი.

სატენდერო კომისია განმარტავს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ძალაში დატოვებით „ადგილი ექნება ხელშეკრულების გაფორმებას პრეტენდენტთან, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს“. შესაბამისად, კომისიამ გააუქმა წინა გადაწყვეტილებები და ტენდერი დააბრუნა შერჩევა-შეფასების ეტაპზე.

ოქმში აღნიშნულია, რომ „სტადიონის“ სატენდერო კომისია შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ დოკუმენტაციას ხელახლა შეაფასებს: სატენდერო პროცედურები გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  სტადიონის მშენებლობა ისევ ტენდერით გამოვლენილი პირის ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე რჩება.

2018 წლის 16 აპრილს, შპს „სტადიონს“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სამმა კომპანიამ [შპს „მშენტექზედამხედველი – ნიკოლოზ ბოკუჩავა“, შპს „ოიკო-ჯგუფი“ და შპს „ტრიჯიტი“], რომლებმაც სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმის გაუქმება და ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეული კომპანიის – „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მოითხოვეს.

საჩივრის ავტორების განცხადებით, „მათ შეისწავლეს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დაზუსტებული დოკუმენტაცია, საიდანაც ვერ დასტურდება ვერც პრეტენდენტის და ვერც სპეციალისტების გამოცდილება, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო პირობებით“.

„სტადიონმა“ ეს სარჩელი მაშინ მხოლოდ იმიტომ არ განიხილა, რომ საჩივრის ავტორები არ ჩათვალა დაინტერესებულ მხარედ.

სარჩელთან დაკავშირებით შპს „სტადიონს“ მიმართა „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამაც“:

ამონარიდი „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ წერილიდან

ამ ვითარებაში აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბათუმში სტადიონის მშენებლობას ზედამხედველობს ორი პირი – მირზა ბოლქვაძე და პაატა მჟავანაძე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ინჟინერ-კონსტრუქტორი მირზა ბოლქვაძე იყო ზედამხედველი არაერთი მე-5 კლასის ობიექტზე, მათ შორის იყო „ჰილტონის“ ტექნიკური ზედამხედველი, ბათუმის საბაგირო „არგოს“ მთლიანი პროექტის თანაავტორი ავსტრიულ კომპანია „დოპელმაიერთან“ ერთად, ხოლო უშუალოდ საბაგიროს სადგურების ავტორი.

პაატა მჟავანაძე – ინჟინერ-კონსტრუქტორი. ზედამხედველობდა არაერთი მე-5 კლასის ობიექტს, მათ შორის სასტუმრო „ვინდჰემი“, სპორტული კომპლექსი [ბათუმის ყინულის სასახლესთან], საბაგირო „არგო“, ბათუმის „მაკდონალდსი“.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე, დღგ-ს ჩათვლით, 157 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. არ არის გამორიცხული, ეს თანხა კიდევ გაიზარდოს.

ამავე თემაზე:

შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

 

 

ბათუმში ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ფაქტი გამოვლინდა – დამრღვევი არ დაჯარიმებულა

აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ 2018 წლის თებერვალსა და მარტში ატმოსფერული ჰაერის სინჯები აიღო. ოთხი სინჯი აღებული იყო  ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში, ორ-ორი სინჯი – ბონისა და ბარცხანის ტერიტორიაზე.

როგორც სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კერა გამოვლინდა ერთ წერტილში, კონკრეტულად, ადლიის დასახლებაში, სადაც აღებულმა სინჯებმა აჩვენა, რომ ჰაერში ნახშირბადის ოქსიდის, აზოტის დიოქსიდისა და გოგირდის დიოქსიდის შემცველობა დადგენილ სტანდარტს აღემატება, დაბინძურების კერის გამოსავლენად კი, სინჯები გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს თბილისში გადაეგზავნა.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება გამოვლინდა ადლიის ტერიტორიაზე, თუმცა დაბინძურების კონკრეტული კერა სამსახურმა ვერ დაადგინა.

„როცა ტერიტორია არის დიდი და არ არის კონკრეტული საწარმო ან ადგილი მითითებული, ასეთ შემთხვევაში რთულია დაბინძურების კერის პოვნა,“ – გვითხრეს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურში. შესაბამისად, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მიუხედავად, არც ჰაერის დამაბინძურებელი დაჯარიმებულა.

მთავარი ფოტო: სამრეწველო ზონა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ბათუმელი ახალგაზრდა სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქალი, რომელიც 29 აპრილის ღამეს კლუბიდან დაბრუნდა, ოჯახის წევრმა სახლში გარდაცვლილი იპოვა. სავარაუდოდ ის  ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა ქალის ახლობლებისაგან, თუმცა მისი სიკვდილის ფაქტი ნეტგაზეთს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც დაუდასტურეს, სადაც გვითხრეს, რომ მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზის პროცესი.

როგორც „ნეტგაზეთს“ გარდაცვლილთან დაახლოებული პირები უყვებიან, ახალგაზრდა ქალი იმ ღამით ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა, სახლში მისვლის შემდეგ კი, სავარაუდოდ, ძილის დროს გარდაიცვალა. მისი ცხედარი სახლში ოჯახის წევრმა იპოვა. ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, მიზეზს ინტოქსიკაციას უკავშირებენ.

„ნეტგაზეთს“ ასევე უთხრეს, რომ გარდა აღნიშნული პირისა, იმავე ღამეს კიდევ 6 ახალგაზრდა ქალის ცხედარს უტარდებოდა ექსპერტიზა. ინფორმაციის დასადასტურებლად და დეტალების გასარკვევად „ნეტგაზეთმა“ მიმართა როგორც ექპერტიზის ბიუროს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს. უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე ახლად შემოსული ნარკოტიკული საშუალებით, „მეფედრონით“,  ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია  რუსთავი 2–მა  გაავრცელა. როგორც ტელეკომპანია განმარტავს, აღნიშნული ნარკოტიკით ინტოქსიკაციის გამო კლუბიდან გადაუდებელი მედიცინის ცენტრში 2 ადამიანი მოხვდა.

რაც შეეხება თავად „მეფედრონს“, როგორც თეთრი ხმაურის მოძრაობის მიმართვაშია ნათქვამი, ის თეთრი ფხვნილის სახით არსებობს, მას მოიხმარენ ორალურად, სასუნთქი გზების საშუალებით და ინტრავენურად.

ინტრავენური მოხმარება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანი მას სხვა ნივთიერებასთან კომბინაციაში იღებს.

„მეფედრონით თრობის დროს დამახასიათებელი სიმპტომებია: ეიფორია, ენერგიის მატება, აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის მატება, შფოთვა, პარანოია, გულღიაობა, ლაპარაკის სურვილი, მოუსვენრობა, კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ დაუძლეველი შიმშილი.

ძლიერად გამოხატული ზედოზირების დროს შემდეგი სიმპტომები ვლინდება: კიდურების მოძრაობის შეზღუდვა, კრუნჩხვები, გულმკერდის არეში ტკივილი, გულის არითმია, გაუწყლოება, ტინიტუსი, ვასკულიტი ანუ სისხლძარღვების ანთება, სუნთქვის შეჩერება,” – წერია „თეთრი ხმაურის“ განცხადებაში.

ვრცლად, თუ რა არის „მეფედრონი“, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბათუმში და აჭარის სანაპიროზე უმეტესად უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ. ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველ და 2 მაისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად – უნალექოდ.

ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით:  20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი 

მთაში ტემპერატურა იქნება:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ზღვის წყლის ტემპერატურა 12.5 გრადუსია.

სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება, თანამშრომელს, ხელშეკრულება – ბსუ-ს ბრძანება თამბაქოს აკრძალვაზე

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, პირველი მაისიდან, ძალაში შევიდა ბრძანება, რომელიც სტუდენტებსა და უნივერსიტეტში დასაქმებულ ყველა პირს თამბაქოს მოხმარებას უკრძალავს არა მარტო შენობაში, არამედ უნივერსიტეტის ეზოშიც. სამართალდარღვევის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება, სტუდენტს კი შეუწყდება სტატუსი.

„თამბაქოს მოწევა აკრძალულია ბსუ-ს კუთვნილ შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში“, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც 30 აპრილს გამოიცა და დღეს ამოქმედდა.

ამავე ბრძანების მიხედვით, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ ყველა შენობაში, მათ შორის დერეფნებში, მისაღებში, ეზოში და ყველა თვალსაჩინო ადგილზე, განთავსდება აკრძალვის აბრები და შესაბამისი წარწერები: „მოწევის აკრძალვისთვის დარეკეთ  116001, ზარი უფასოა“, რომლის უზრუნველყოფაც დაევალება უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის სამსახურს.

სტუდენტები, ლექტორ-მასწავლებლები, მოწვეული სპეციალისტები, მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელები და ყველა ის პირი, ვინც უნივერსიტეტში იმყოფება, ვალდებული არიან დაემორჩილონ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.

სამართალდარღვევის ჩადენის პირველი შემთხვევისას პირს გააფრთხილებენ. ოთხი თვის განმავლობაში იმავე პირის მიერ სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 50 ლარით. წლის განმავლობაში ერთი და იმავე პირის მიერ  ბრძანების მესამედ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია.

იმ შემთხვევაში, თუკი პირი წლის განმავლობაში ოთხჯერ დაარღვევს დადგენილ წესებს, ადმინისტრაცია მასთან შრომით ურთიერთობებს შეწყვეტს.

გაფრთხილებიდან ოთხი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში სტუდენტს შეუჩერდება სტატუსი.

სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა უნივერსიტეტში დასაქმებულ პირს ხელფასიდან, ხოლო სტუდენტს სწავლის საფასურიდან ჩამოეჭრება.

სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ ბსუ-ს ფაკულტეტის დეკანები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, დაცვის სამსახური.

ჯარიმა 20 ლარის ოდენობით დაეკისრება პირს სამართალდარღვევის ოთხი თვის მანძილზე განმეორების შემთხვევაში;

ჯარიმა 40 ლარი დაეკისრება პირს 20 ლარით დაჯარიმებიდან  ოთხი თვის მანძილზე კანონის დარღვევის შემთხვევაში;

გაფრთხილდება პირი 40 ლარით დაჯარიმებიდან ოთხი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის შემთხვევაში, ხოლო გაფრთხილებიდან ოთხი თვის განმავლობაში  სამართალდარღვევის შემთხვევაში სტუდენტს შეუჩერდება სტატუსი.

 

წელს აჭარაში 73 კმ-ზე მეტი სიგრძის 16 სარწყავი არხის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაა დაგეგმილი

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებში 2018 წელს დაგეგმილია 73,57 კმ სიგრძის 16 სარწყავი არხის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 982960 ლარს. გასულ წლებში დეპარტამენტის მიერ რეაბილიტირებულია 455,16 კმ სიგრძის 100 არხი.

კოკოტაურის სარწყავი არხის გაწმედითი სამუშაოები
კოკოტაურის სარწყავი არხის გაწმედითი სამუშაოები

დღეის მდგომარეობით გამოცხადებულია 16 ტენდერი სარწყავი არხების რეკონსტრუქციის შესასყიდად და ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს:

სოფლების: პირველი მაისის, ოქტომბრის, მერისი-მერიახევის, მერისის, მერისი-გარეტყეს, მერისი-ორთამელას, კვაშტას, აბუქეთას, ცინარეთის, ბარათაული-ახალდაბას, ბარათაული-ჭალას, გომარდული-ბალვანის, ბოძაურის, განახლებისა და  ზედა გობრონეთის სარწყავ არხებზე.

მოვლა-შენახვითი სამუშაოები განხორციელდა შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბის და ჭვანის საავტომობილო გზებზე
მოვლა-შენახვითი სამუშაოები განხორციელდა შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბის და ჭვანის საავტომობილო გზებზე

მელიორაცია მიზნად ისახავს მიწის არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გაუმჯობესებას ნაყოფიერების გაზრდის მიზნით.

სამელიორაციო სისტემები მოიცავს დამშრობ და სარწყავ არხებს, რომელთა მეშვეობით ხორციელდება დაჭაობებული მიწის დაშრობა ან მშრალი მიწის ხელოვნური მორწყვა.

მოვლა-შენახვითი სამუშაოები განხორციელდა ხულოს მუნიციპალიტეტში სხალთის, ბაკოს, თხილვანის, ვერნების, საციხურის, ნამონასტრევის, ღორჯომის, გელაძეების, პაქსაძეების, უჩხოს, ძირკვაძეების, ვაშლოვანის, ჩაოს, განახლების, კორტოხის და ელელიძეების საავტომობილო გზებზე.
მოვლა-შენახვითი სამუშაოები განხორციელდა ხულოს მუნიციპალიტეტში სხალთის, ბაკოს, თხილვანის, ვერნების, საციხურის, ნამონასტრევის, ღორჯომის, გელაძეების, პაქსაძეების, უჩხოს, ძირკვაძეების, ვაშლოვანის, ჩაოს, განახლების, კორტოხის და ელელიძეების საავტომობილო გზებზე.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სარწყავი და დამშრობი არხები სათანადო მოუვლელობის გამო ხშირ შემთხვევაში ცვეთის ზღვარზე იყო მისული და ნორმალურად ვერ ფუნქციონირებდა. მიწის ნაკვეთები ვერ ირწყვებოდა საჭირო რაოდებით, რის გამოც მიწათმოსარგებლეები მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს განიცდიდნენ.

სოფლის მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით, 2009 წლიდან აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს სარწყავი და დამშრობი არხების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში.

 

 

დაკარგული წლებისთვის ბრძოლა: პირუტყვს მოვაშენებ, რძეს, ხორცსა და ყველს გავყიდი 

39 წლის არჩილ ქაქუთიამ 6 რთული წელი გაატარა საპატიმროში. როგორც ამბობს, ზუგდიდის ციხეში არაერთგზის ცემის შედეგად ცალი თირკმელი დაკარგა და სამუდამოდ შშმ პირად იქცა. საპატიმროშივე დაინფიცირდა C ჰეპატიტით. გათავისუფლების მერე დროულად ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში და ამ ვირუსისგან განიკურნა.

ციხის თანამშრომელი, რომელიც მას და ბევრ სხვა პატიმარს სისტემურად სცემდა წლების განმავლობაში, ზუგდიდის ციხეში, ახლა თავადაა პატიმარი. არჩილ ქაქუთიამ მის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში, 100 სხვა დაზარალებულ პატიმართან ერთად, შეიტანა და სასამართლო მოიგო.

არჩილი სამეგრელოს სოფელ ყულეშკარში ცხოვრობს. ფუტკრის 20 ოჯახს უვლის. აქამდე თაფლის გამოსაწურ აპარატს მეზობელ სოფელში თხოულობდა, ახლა ფონდმა „თანაზიარმა“ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საწური აპარატი, იგივე ციბრუტი, შეუძინა ხუთას ლარად. ამან საქმე ძალიან გაუადვილა.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ოთხ სხვადასხვა რეგიონში.

მეფუტკრეობა 4 წლის წინ დაიწყო არჩილმა. საქმეში მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილიც კი ეხმარება. თაფლი, თხილთან ერთად, ამ ოჯახის ყოველთვიური შემოსავლის წყარო გახდა. თუმცა გასულ წელს თხილის მოსავალი, ისევე როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში, სოფელ ყულეშკარშიც თითქმის სრულად განადგურდა.

რთული გამოცდილების მიუხედავად, არჩილი ფარ-ხმალს არ ყრის და გეგმაში ბევრი რამ აქვს: სახლის წინ ღელე ჩამოდის, აპირებს ეზოში თევზსაშენი აუზი მოაწყოს და კობრი მოაშენოს.

„სახლის უკან დიდი ტყე და უზარმაზარი მიწებიც მაქვს. ვერ ვამუშავებ. დახვნა-დათესვას ფული უნდა და არ მყოფნის, მარტო ვერ ვწვდები ყველაფერს. სამომავლოდ ვფიქრობ პირუტყვი მოვაშენო, მწყემსები ავიყვანო. რძეს, ხორცსა და ყველს გავყიდი, რაღაცა იქნება“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

 

აუქციონზე ნაყიდი ევკალიპტის ხე ოპოზიციურმა პარტიებმა 4 დღეში უნდა გაიტანონ – დავა სასამართლოში

„დმანისის გადარჩენის ფონდმა“ აუქციონზე 20 020 ლარად შეძენილი 26 მეტრი სიმაღლის ევკალიპტის ხე მწვანე კონცხზე მდებარე ნაკვეთიდან 4 დღეში უნდა გაიტანოს. თუ ამას ვერ მოახერხებს, ფონდს მიეცემა დამატებითი დრო. თუ დამატებით დროშიც ნაკვეთიდან ხეს არ გაიტანენ, ელექტრონულად გაფორმებული ხელშეკრულება ავტომატურად მოიშლება.

„დმანისის გადარჩენის ფონდის“ ხელმძღვანელი, თამთა შამათავა აცხადებს, რომ ხის ადგილზე დატოვებისთვის დავა სასამართლოში გაგრძელდება: „ჩვენ შევხვდით ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურისტებს. მათი მხრიდან იყო მტკიცე უარი, რომ არ გადაიხედება ის მუხლი, რომლის ბათილობასაც ჩვენ ვითხოვდით. კერძოდ, ელექტრონულად გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტი. შესაბამისად, ჩვენ როგორც დაანონსებული გვქონდა, მივმართეთ სასამართლოს“.

ფონდის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული მუხლის გარდა, სარჩელით ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების ბათილობასაც ითხოვენ, რომელიც მათ ხის გატანას ავალდებულებს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ფონდმა ასევე დააყენა სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, რომ მომსახურების სააგენტოს [რომელმაც გაიტანა ხე აუქციონზე გასაყიდად] სასამართლომ არ მისცეს საშუალება, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.

„არ ვიცი, შუამდგომლობას რა შედეგი მოჰყვება, მაგრამ არ ვაპირებთ ეს ხე გავიტანოთ ადგილიდან და ნებისმიერ შემთხვევაში დავა გაგრძელდება. იმიტომ მივიღეთ მონაწილეობა აუქციონში, რომ ეს ხე დარჩეს ადგილზე. ვიდრე დავა მიმდინარეობს სასამართლოში, წესით, ხელახლა აუქციონს ვერ გამოაცხადებენ“, – ამბობს თამთა შამათავა.

აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია თანხის სრულად გადახდის დღიდან, საკუთარი სახსრებით 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან.

ელექტრონულად გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტით [რომლის ბათილობასაც ფონდი ითხოვს] კი, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში „მყიდველს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ქონების გატანისთვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა დაუწესდება პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისი ლოტის სრული სარეალიზაციო/საპრივატიზებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ჯამში არანაკლებ 1 ლარისა“.

ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე; ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას, ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშლება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე“.

ევკალიპტის ხით, რომელიც 27 მარტს აუქციონზე ოპოზიციური პარტიების მიერ დაფუძნებულმა ფონდმა 20020 ლარად შეიძინა, თავიდანვე შპს „ურეკი რეზიდენსი“ იყო დაინტერესებული. „ურეკი რეზიდენსის“ 100% წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილია. ამ კომპანიის საკუთრებაშია ის ტერიტორია ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მრავალწლოვანი ხეები გადააქვს.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ევკალიპტის ხე, რომელიც სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ბალანსზე ირიცხებოდა და განკარგვის მიზნით სააგენტოს უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გადაეცა.

„მწვანე კონცხზე უნივერსიტეტს, ჯამში, დაახლოებით 20,5 ჰექტარი მიწა აქვს სარგებლობაში. რამდენიმე ნაკვეთია და მესაკუთრე სახელმწიფოა. ჩვენ, ჯერჯერობით, მხოლოდ 4,5 ჰექტარის შემოღობვა მოვახერხეთ, რომელსაც უნივერსიტეტი საცდელად იყენებს. არის გზისა და წყალგაყვანილობის სისტემის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც შპს „ურეკი რეზიდენსი“ დაგვპირდა – თუ მივყიდდით იმ ევკალიპტის ხეს, რომელიც სხვა ნაკვეთში მდებარეობს. ჩვენთვის ეს წინადადება მისაღები აღმოჩნდა. ვინაიდან სახელმწიფო ქონების გაყიდვის უფლება არ გვაქვს, საქმის კურსში ჩავაყენეთ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხე გადაცემულიყო ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის, რომლის საკუთრებაცაა ფაქტობრივად ეს ქონება“, – გვითხრა რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარში ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის უფროსმა ედიშერ ჩავლეიშვილმა.

https://netgazeti.ge/news/269702/

https://netgazeti.ge/news/264750/

 

ევროპული მიდგომები საპატიმრო სისტემაში – რა არის გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა?

რასამთავრობო ორგანიზაციების როლი პენიტენციური სისტემის განვითარების საქმეში

საქართველოში მსჯავრდებულთა მომსახურებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს, გათავისუფლების შემდეგ კი მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაში დანაშაულების პრევენციის ცენტრი ერთვება.

პენიტენციური სისტემის განვითარებაში დიდია არასამთავრობო სექტორის როლი, რომლებიც სთავაზობენ ყოფილ პატიმრებს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამას, ატარებენ კვლევებს, რეკომენდაციებს სთავაზობენ სახელმწიფოს და ეხმარებიან სისტემის ხარვეზების გამოვლენაში. სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობა პენიტენციური სისტემის განვითარებას უწყობს ხელს.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს  ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროგრამას, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული. პროგრამა გულისხმობს როგორც ბენეფიციართა სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ დახმარებას, ასევე დასაქმების ხელშეწყობასა და მცირე ბიზნესიდეების წახალისებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი წარმატებით ხორციელდება, არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამები დროის გარკვეული მონაკვეთში ხორციელდება და დროებითია. სარეაბილიტაციო სერვისების მდგრადობა და სისტემურობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

          რა არის გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა?

საქართველოში დანერგვის პროცესშია ე.წ. გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა, რაშიც იგულისხმება პატიმართა დახმარება და მათთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდება, დაკავების დღიდან გათავისუფლებამდე და გათავისუფლების შემდეგ. გარდამავალი მენეჯმენტის დანერგვამ საუკეთესო შემთხვევაში სისტემურად უნდა შეცვალოს პენიტენციური სისტემა და მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მეორადი დანაშაულის რაოდენობა.

ცენტრ “თანადგომას” გარდამავალი მენეჯმენტის კვლევის კოორდინატორი, ვაჟა კასრელიშვილი განმარტავს, რომ  გარდამავალი მენეჯმენტი გულისხმობს უწყებებს შორის ურთიერთობას, გათავისუფლებისთვის მომზადებას, მსჯავრის დადგენის შემდეგ ინდივიდუალურ მომსახურებას პატიმრებსა თუ ყოფილ პატიმრებთან.

მისივე თქმით, გარდამავალი მენეჯმენტის ერთ-ერთი ნაწილია ქეის-მენეჯმენტი, იგივე შემთხვევათა მენეჯმენტი, რაც თითოეულ პატიმართან საჭიროების მიხედვით ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს.

კვლევის კოორდინატორი აღნიშნავს, რომ დაწესებულებებში, სადაც პატიმრების მცირე რაოდენობაა, ქალთა მეთექვსმეტე დაწესებულებაში, მაგალითად, პროგრამა წარმატებით ხორციელდება.

დიდ დაწესებულებებში კი საშტატო ერთეულები გადასახედია. „თანადგომას“ მიერ ჩატარებულმა გარდამავალი მენეჯმენტის კვლევამ აჩვენა, რომ დაწესებულებებში, სადაც ბევრი პატიმარია და ფართობიც საკმარისია, არ არის საკმარისი ექიმების, ფსიქოლოგებისა თუ სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც პატიმრებს მოემსახურებიან.

ვაჟა კასრელიშვილი: „დიდი დაწესებულებების მართვა, სადაც 1500-2000 პატიმარია, ძალიან რთულია. გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია ამ დაწესებულებების პატარ-პატარა დანაყოფებად გადანაწილება. ამხელა საპატიმროები არ უნდა არსებობდეს“.

გარდამავალი მენეჯმენტის მიხედვით, პირობითი მსჯავრით გათავისუფლების შემდგომაც სთავაზობს პირებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის გზებს. ეს მუშაობა საპატიმროშივე იწყება. თუ ადამიანს გარეთ არაფერი ხვდება და მოუმზადებელი გადის ციხიდან, დიდია რისკია მეორედ დანაშაულის ჩადენის. გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა საგანმანათლებლო, პროფესიული სწავლების დანერგვასაც გულისხმობს ციხეში და ციხის შემდგომაც, რათა  გაუადვილდეთ ყოფილ პატიმრებს დასაქმება და თვითრეალიზაცია.

          გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამის ევროპული პრაქტიკა

გარდამავალი მენეჯმენტის კვლევაში სამი ქვეყნის: გერმანიის, ჰოლანდიისა და ლიტვის მაგალითია განხილული, სადაც ეს მიდგომა  წარმატებით ხორციელდება. ევროპის ამ ქვეყნებში პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალიტეტები, საქართველოში კი მუნიციპალიტეტების ჩართულობის დიდი პრობლემაა. მართალია, კანონში წერია, რომ მათ ევალებათ ადგილობრივი პატიმრების რეაბილიტაცია-დასაქმებაზე ზრუნვა, თუმცა რეალურად ამის ადამიანური და ფინანსური რესურსი ძალიან მწირია.

გარდამავალი მენეჯმენტის გეგმა სამინისტროს დონეზე არსებობს, მიმდინარეობს პროფესიონალთა გადამზადება, სასწავლო ვიზიტები. თავიდან სამ პატარა დაწესებულებაში უნდა განხორციელდეს შემთხვევათა მენეჯმენტის პილოტირება, შემდეგ სხვაგანაც. გრძელვადიანი მუშაობაა საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, საპატიმროსა და მის გარეთ საგანმანათლებლო, პროფესიული პროგრამების შესამუშავებლად, რათა ყოფილ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ გაუადვილდეთ თვითრეალიზაცია, დასაქმება და ამაზე პატიმრობის წლებიდანვე იზრუნონ.

ვაჟა კასრელიშვილი გვეუბნება, რომ განსაკუთრებული გამოწვევა გარდამავალი მენეჯმენტისთვის დიდი დაწესებულებებია, სადაც არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, კადრების უკმარისობაა და ბევრი პატიმარი:

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარკოდამოკიდებულებისთვის სპეციალური სერვისების შეთავაზება და მათი საკითხის ცალკე დაყენება, რადგან ამგვარი მსჯავრდებულების რიცხვი დიდია. წამალდამოკიდებულთა მიმართ კანონი ძალიან მკაცრია.

სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ბედავს თამამი ნაბიჯების გადადგმას, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ერთჯერადი დოზის აღმოჩენის გამო ჯერ კიდევ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს საქართველოში“.

მისივე მოსაზრებით, წამალდამოკიდებული ნარკომომხმარებელი უნდა აღიქმებოდეს როგორც დაავადებული და არ უნდა ხვდებოდეს ციხეში, ციხის ნაცვლად სახელმწიფო მათ სხვადასხვა სერვისს უნდა სთავაზობდეს, რომ აჩვენოს არსებობის და თვითრეალიზაციის ალტერნატიული გზა.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

ჩამოუცურდა თუ არა ყაჩაღს ნიღაბი – მოწმე ჩვენებას ცვლის, გამოძიებას 9-თვიანი ვადა ამოეწურა

ყაჩაღობა, რომლის საქმეზეც დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს, გასული წლის ზაფხულში მოხდა. ბრალდებულ სტეფან გ.-ს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ხვალ, პირველ მაისს ეწურება. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კანონის მიხედვით, თუ 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე გამოძიება ბრალს ვერ დაამტკიცებს, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს.

პროკურატურის ვერსიით, ადრე ყაჩაღობაში ნასამართლევმა სტეფან გ.-მ იარაღის მუქარით ბათუმში, გორგილაძის ქუჩის ბოლოში მდებარე ბენზინგასამართი სადგური “რომპეტროლი” დააყაჩაღა. სადგურიდან თავდამსხმელმა 500 ლარი წაიღო.

იარაღი, რომელიც გამოძიებამ ამ საქმეზე ამოიღო, სათამაშო აღმოჩნდა. ის ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან არ ამოუღიათ.

ამ საქმის მთავარი მოწმეები  ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორები იყვნენ. მათ წინასწარ გამოძიებას უთხრეს, რომ თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა, თუმცა რამდენიმე წამით იგი ჩამოუცურდა და მისი სახე დაინახეს. დაზარალებულებმა ამოცნობის დროს სტეფან გ.-ს დაადეს ხელი.

სასამართლო პროცესზე დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს და თქვეს, რომ თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა და სახე არ დაუნახავთ.

“ზემდგომ ინსტანციაში ჩვენ გვექნება ამაზე მსჯელობა. გამორკვეული იქნება გარემოება, თუ რამ განაპირობა ჩვენების შეცვლა,” – აღნიშნა დასკვნით სიტყვაში პროკურორმა გიორგი რამიშვილმა.

პროკურორი გიორგი რამიშვილი გასულ პარასკევს ჩანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად შეაფასა. იმავე დღეს, ამ გარემოების გამო, ადვოკატმა რამინ პაპიძემ აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ მომდევნო დღეებში სასამართლო პროცესს ვერ დაესწრებოდა. “ეს არის პატიმრის წამება. ის ქუთაისიდან ჩამოჰყავთ, პროკურორი კი უმიზეზოდ არ მოდის პროცესზე,” – უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.

დაცვის მხარის პოზიცია მოსამართლემ არ გაიზიარა და თქვა, რომ რადგან საქმეზე ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა იწურება, დაცვას სამართლებრივი მხარდაჭერის სამსახურის ადვოკატი განახორციელებს.

“აღარ მოვალ პროცესზე. რა უნდა გაიგოს იმ ადვოკატმა ერთ დღეში, 50 პროცესია გამართული უკვე. ჩემ გარეშე გამოიტანეთ განაჩენი,” – თქვა პარასკევს გამართულ სხდომაზე ბრალდებულმა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებული აღარ გამოცხადდა.

დღეს, 30 აპრილს, სამართლებრივი მხარდაჭერის სამსახურის იურისტმა, დავით გოგუაძემ, უთხრა მოსამართლეს, რომ ბრალდებულს არ შეხვედრია და მასთან პოზიციის შეჯერების გარეშე დასკვნით სიტყვას ვერ გაახმოვანებდა.

მოსამართლეს ისევ მოუწია სათათბირო ოთახში გასვლა და შესვენების გამოცხადება. შესვენების შემდეგ მოსამართლემ ადვოკატს უთხრა, რომ დასკვნითი სიტყვის თქმა სავალდებულოა.

“ბრალდებულს უნდა მივცეთ საბოლოო სიტყვის თქმის უფლება… გადაწყვეტილებას ხვალ გამოვაცხადებ,” – ამ სიტყვებით დაასრულა დღევანდელი სხდომა მოსამართლე ლევან გელოვანმა.

რის გამო შეცვალეს ჩვენება დაზარალებულებმა, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება? – “ბათუმელებს” პროკურორმა გიორგი რამიშვილმა უთხრა, რომ დაწყებულია გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემის კუთხით. გამოძიება აპირებს შეისწავლოს ბრალდებულს ხომ არ მოუხდენია მოწმეებზე ზემოქმედება.

“გააჩნია რა გამოიკვეთება. შესაძლოა, გამოიკვეთოს დაზარალებულებისთვის ჩვენების შეცვლის იძულება,” – გვითხრა პროკურორმა.

პროკურატურას მოკვლევა სხვა კუთხით, მაგალითად, გამოძიების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების კუთხით არ დაუწყია.

ადვოკატებს კი ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.

“სხვაგვარად შეუძლებელია. გამოძიებამ ყაჩაღობაში ნასამართლევი პირისთვის გადაწყვიტა დანაშაულის დაბრალება, რადგან საქმე ვერ გამოიძია,” – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

 

 

ხვალიდან საჯარო სივრცეში მოწევა აიკრძალება

პირველი მაისიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში ცვლილებები ამოქმედდება, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება იკრძალება ყველა შენობა-ნაგებობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

კერძოდ, მოწევა შეიზღუდება რესტორნების, კაფეების, ბარების, კვების სხვა ობიექტების, გასართობი კლუბების, ცენტრების, კომერციული-სავაჭრო ობიექტებისა და მაღაზიების ინტერიერში, ანუ უშუალოდ შენობებში. კანონი თამბაქოს მოწევას აკრძალავს სილამაზის სალონებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, პოლიკლინიკებში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრების, სამედიცინო-სპორტულ-გამაჯანსაღებელი სპა ცენტრების ინტერიერსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.

შეზღუდვა ასევე შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებს, სკოლებს, ბაგა-ბაღებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს.  მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა ამ დაწესებულებების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ. 

მოწევა იკრძალება სადარბაზოშიც, რადგან სადარბაზო არის მრავალბინიანი სახლის საერთო ქონება ისევე, როგორც ვესტიბიული, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი და ლიფტი.

 

აკრძალვა ნაწილობრივ ეხება სასტუმროებსაც. კერძოდ, 2020 წლის პირველ იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. დაუშვებელია სასტუმროს მოსაწევ და არამოსაწევ ნომრებში თამბაქოს მოწევის რეჟიმის შეცვლა. სასტუმროს მოსაწევი ნომრები უნდა გამოიყოს სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით, რომელიც სასტუმროში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს.

ამ სივრცეებში იკრძალება როგორც თამბაქოს, ისე ჩილიმისა და ელექტროსიგარეტის მოხმარება.

 

[checklist]

სად იქნება დასაშვები მოწევა

  • ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას
  • თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში
  • პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი
  • წინასწარი დაკავების იზოლატორში
  • კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში
  • სამორინეში
  • აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში
  • სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით
  • 2020 წლის პირველ იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა.  2020 წლის პირველ იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში

[/checklist] 

 

 კანონის დარღვევისთვის ჯარიმა დაწესებულებებზე – 500 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარია. ფიზიკური პირისთვის განკუთვნილი ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 100 ლარით.
 გთავაზობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე:
ექნება თუ არა სიგარეტის მოწევის ამსახველ ფოტოს ან ვიდეოს მტკიცებულების ძალა? მაგალითად, თუ ადამიანი წარადგენს ვიდეოს, რომელიც გადაღებულია კაფეში, სადაც ეწევიან, ამ შემთხვევაში რა ხდება?
დაჯარიმება იმ მომენტში უნდა მოხდეს, პოსტფაქტუმ დაჯარიმება ცოტა რთული თემაა. მაშინ სასამართლოში უნდა წარადგინოს მოქალაქემ ვიდეო. აქ საუბარია იმაზე, რომ შეუძლია მიმართოს პოლიციას – „აქ ეწევიან და მობრძანდით, თუ შეიძლება რეაგირება გააკეთეთ“. სანქცია იწერება მაშინ, როცა პოლიციელი მივა კაფეში.
პირველი მაისიდან, თუ კი მოქალაქე შენიშნავს, რომ სხვა პირი სიგარეტს ეწევა, მაგალითად, სადარბაზოში [მოწევა იკრძალება მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა – სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, ლიფტი და სხვა], საპატრულო პოლიციას უნდა დაუკავშირდეს?
  უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა მიმართოს, უთხრას, რომ აქ აკრძალულია მოწევა და თუ არ დაემორჩილება, ამ შემთხვევაში შეუძლია მიმართოს პოლიციას.
 
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვინ უნდა გააკონტროლოს სიგარეტის მოწევა?
  მძღოლმა ან კონდუქტორმა, ვინც არის, შესაბამისად. თუ არ დაემორჩილა მგზავრი მითითებას, უკვე მძღოლი გადაწყვეტს და დარეკავს [საპატრულო პოლიციაში].

 

რა ვქნათ, როდესაც დავინახავთ, რომ მძღოლი ეწევა ტაქსიში ან სამარშრუტო ტაქსიში ?
 კანონის მიხედვით ტაქსიში მოწევა დასაშვებია, ასევე, თუკი საზღვაო ქალაქში იმყოფებით, კატერშიც ნებისმიერ მწეველს შეუძლია მოწევა. თუმცა რაც შეეხება ავტობუსს, ტრამვაის, სამარშრუტო ტაქსის – ცხადია აქ ვერავინ მოწევს და ეს იქნება კანონის დარღვევა.
ხვალიდანვე იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარებისა და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამა, პოპულარიზაცია, სპონსორობა და შეზღუდვებია დაწესებული ზემოაღნიშნული პროდუქციის რეალიზაციაზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის ინფორმაციით, ჯანმრთელობისთვის საშიშია როგორც თამბაქოს უშუალოდ მოხმარება, ისე თამბაქოს მოწევის პროცესში გარემოში გამოყოფილი კვამლი, რომელიც ავსებს რესტორნებს, ოფისებს და სხვა დახურულ სივრცეებს, როცა ადამიანები ეწევიან.

თამბაქოს კვამლში 4000-მდე ქიმიური ნივთიერებაა; მათგან 250 კარგად ცნობილი მავნე ნივთიერებაა, 50-ზე მეტი კი კიბოს გამომწვევია. არ არსებობს მეორადი კვამლის ზემოქმედების უსაფრთხო დონე.

მოზრდილებში მეორადი კვამლი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, მათ შორის გულის კორონალურ დაავადებებს და ფილტვის კიბოს,  ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომს, ორსულებში დაბალწონიანი ნაყოფის დაბადებას იწვევს.

ბავშვების თითქმის ნახევარი რეგულარულად იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

მეორადი კვამლი ყოველწლიურად  600000 ნაადრევ სიკვდილს იწვევს.

 

წერილები რუსთაველს 21-ე საუკუნიდან

”გამარჯობა! პირველ რიგში ბოდიშს გიხდი ახალქართულისთვის. იმედია, სირთულეები არ შეგექმნება კითხვისას”-ეს წერილი მეათეკლასელმა ლიზი ბოლქვაძემ შოთა რუსთაველს მისწერა.

23 აპრილს ბათუმის სკოლა „ევრო– 2000–ში“გაიმართა პროექტის პრეზენტაცია: „წერილები რუსთაველს 21-ე საუკუნიდან“. პროექტში ჩართულნი იყვნენ ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები. მონაწილეებმა წერილები მისწერეს შოთა რუსთაველს.

პროექტი განხორციელდა ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში.
პროექტი განხორციელდა ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში.

პროექტის მიზანი იყო, ერთგვარი ხიდი გაგვედო თანამედროვეობასა და წარსულს შორის, რათა მოსწავლეებისთვის „ვეფხისტყაოსნის“ სწავლება და გააზრება უფრო სახალისო და სიღრმისეული გამხდარიყო.

პროექტი განხორციელდა ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში.

გამარჯობა, ბატონო შოთა

ოთხი ცნობისმოყვარე მოსწავლე ვბედავთ და გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე 21-ე საუკუნიდან. იმედი გვაქვს, რომ ერთმანეთს გავუგებთ!

პირველ რიგში, წერილს სხვაგვარად ვერც დავიწყებდით, რომ არ გვეხსენებინა თქვენი ღვაწლი. ის შედევრი, რომელიც თქვენ შექმენით, მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დაფასებული წიგნია. გვინდა გაცნობოთ, რომ ყველამ გაიგო თქვენ შესახებ და 2016 წელი შოთა რუსთაველის წლადაც კი იყო გამოცხადებული. ჩვენ გულწრფელად აღფრთოვანებულები ვართ ამ არაჩვეულებრივი პოემით. ამიტომ, მადლობას გიხდით ამგვარი საუკუნის ძეგლის შექმნისათვის და გიფასებთ თქვენს შრომას.

21-ე საუკუნე მე-12 საუკუნისგან, რა თქმა უნდა, განსხვავდება. ცოტაც და ტექნოლოგიის განვითარების პიკს მივაღწევთ.

წარმოგიდგენიათ? – დღეს უკვე შეუძლია ადამიანს წერილის გაგზავნის გარეშე და პასუხისთვის მთელი კვირის ან თუნდაც თვის ლოდინის გარეშე დაუკავშირდეს სხვებს. დღეს შეგვიძლია, თქვენი პოემა სმარტფონებზე ჩავტვირთოთ და ისე წავიკითხოთ.

მიუხედავად იმისა, რომ სამყარო იცვლება და მასთან ერთად ადამიანების შეხედულებებიც იწყებს ცვლილებას, ის მთავარი საკითხები, რომლებიც „ვეფხისტყაოსანში“ გაქვთ წინა პლანზე წამოწეული, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მაგალითად, მიჯნურობა ავიღოთ. „მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი“, ძნელია, ამ სიტყვებში არ დაგეთანხმოთ. სიყვარული, მიჯნურობა ისეთი რამაა, რაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა შეისწავლო და შეიძლება არც გეყოს ცხოვრების გზა მისი ბოლომდე შეცნობისთვის. თქვენი შეხედულებებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანი თავის მიჯნურს გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით უნდა არჩევდეს. ის უნდა იყოს ჭკვიანი, თავმდაბალი, კარგი რაინდი და მოყმე, გამძლე, მომთმენი. თუ ყველა ეს თვისება მიჯნურს არ აქვს, არ ყოფილა ის ღირსი ზეციური სიყვარულის. ასევე, თქვენი თქმით, მიჯნურს შორიდან უნდა ეტრფოდე. არ უნდა გაამხილო საზოგადოებაში შენი სიყვარული და მხოლოდ „ნიადაგმცა უნდა ჰქონდეს ხალვა“.

დღეს კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ადამიანების შეხედულებებმა სახე იცვალა. სამყარო ამოყირავდა. თქვენს შეხედულებებს ცოტა თუ იზიარებს. ვერ გაუგიათ, რატომ უნდა ეტრფოდნენ სატრფოს შორიდან, როცა მიახლოება ძალიან მარტივია. ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად იგებს „ვეფხისტყაოსნის“ ყველა სტროფს და ვფიქრობთ, ეს ის ნაწარმოებია, რომელიც სამყაროს აღსასრულამდე ამოუცნობად დარჩება.

კიდევ  გვინდა, მეგობრობაზეც გესაუბროთ. არ ვიცით რატომ, მაგრამ გვგონია, რომ იმას, რასაც ავთანდილი, ფრიდონი, შერმადინი , ასმათი და სხვა პერსონაჟები აკეთებენ მეგობრობის გამო, 21-ე საუკუნეში არავინ გააკეთებდა. ვერ წარმოგვიდგენია, ვინ უნდა გაბედოს ახლა და თავის ოჯახს, სატრფოს მოსცილდეს და ერთი დღის გაცნობილი ადამიანი მათზე წინ დააყენოს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ავთანდილი ნამდვილად გმირია და ის მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენს. ის ნამდვილად მისაბაძი ადამიანია. იმისათვის, რომ დღევანდელ ახალგაზრდობას ნამდვილი მეგობრობის მაგალითი მიეცით, დიდად მადლობლები ვართ.

არ შეგვიძლია, არ შევეხოთ ქალთა უფლებებს, რომელიც ასე აქტუალურია დღევანდელობაში. ამ თემამ, ცოტა არ იყოს, აღშფოთებაც კი გამოიწვია ჩვენში. მართალია, „ვეფისტყაოსანშივე“ ვხვდებით ციტატას: „ლეკვი ლომისა სწორია“, მაგრამ ნესტანის მაგალითი სრულიად საპირისპიროს გვიმტკიცებს. სულ რაღაც 12-13 წლის ნესტანის გათხოვება გადაწყვიტეს და თან მისი ნებართვის გარეშე. ჩვენ ქალისა და მამაკაცის უფლებების დაბალანსებისათვის ვიბრძვით და როცა ასეთ ფაქტებს წავაყწდებით, სრულიად ვვოცდებით და ვბრაზდებით კიდეც. მხოლოდ იმის გამო, რომ მეფეს ღმერთმა ძე არ აჩუქა, ის წირავს, დიახ წირავს, საკუთარ შვილს და ათხოვებს. პატარა გოგონას უზღუდავენ ყველანაირ უფლებას და ეს ქალთა უფლებების დარვევის ტიპური და ნათელი მაგალითია.

ეს პრობლემები, რაც თქვენ მე-12 საუკუნეში აღწერეთ, დღემდე აქტუალური რჩება. ამით შეგვიძლია თავისუფლად დავასკვნათ, რომ თქვენ ნამდვილი გენიოსი ხართ. ალბათ, იმიტომ შემოინახა ეს ნაწარმოები საუკუნეებმა, რომ ამდენად გაუსწრო მოვლენებს. თქვენ დღევანდელ რეალობაზეც საუბრობთ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ცივილიზაცია ასე თუ ისე დაბალ დონეზე იყო.

საბოლოოდ მხოლოდ მადლობას გადაგიხდით იმისათვის, რომ ამდენ თემაზე დაგვაფიქრეთ, შექმენით ჩვენთვის საამაყო ნაწარმოები, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

ამით დაგემშვიდობებით.

ელენე ევგენიძე, ანა ციხელაშვილი, ლილე ჩიხლაძე, ამიკო მახარაძე. სკოლა ევრო 2000-ის მე-10 კლასის მოსწავლეები

ევროპაში პროდუქციის გატანასა და დონორების მოძიებაზე ფერმერები ინფორმაციას ბათუმში მიიღებენ

დღეს ბათუმში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის DCFTA საინფორმაციო-რესურს მაგიდა გაიხსნა. ეს არის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსი სოფლად მცხოვრები მცირე/საშუალო მეწარმეებისათვის. DCFTA საინფორმაციო-რესურს მაგიდა ფერმერებს მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შექმნან ევროსტანდარტებთან თავსებადი სასოფლო პროდუქცია და გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე.

ასევე ეხმარება მეწარმეებს გამოავლინონ ევროპის ბაზარზე პოტენციალის მქონე ადგილობრივი პროდუქტი და გააკეთონ მისი ღირებულების ჯაჭვის ანალიზი. DCFTA საინფორმაციო-რესურს მაგიდა ფერმერებს მიაწვდის ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო სექტორში შესაბამის სახელმწიფო და საერთაშორისო დონორთა პროგრამებზე, ასევე მათში მონაწილეობის წესებზე.

პროექტს – “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” – არასამთავრობო ორგანიზაცია „პინი“ (People in need Georgia) ახორციელებს შვიდ სამიზნე რეგიონში – აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და ქვემო ქართლში.

“საინფორმაციო-რესურს მაგიდის შექმნით, იქმნება საინფორმაციო რესურსი. პროექტში 19 სამოქალაქო ორგანიზაციაა ჩართული და 4 ადგილობრივი განვითარების ჯგუფი. თითო ორგანიზაციაში გადამზადდა თითო სპეციალისტი. დაურიგდათ საჭირო მასალები იმისთვის, რომ მეწარმეს, ფერმერს, მიაწოდონ ინფორმაცია იმ რეგულაციების შესახებ, რაც  უნდა იცოდნენ,” – ამბობს პროექტის კოორდინატორი სოფია გოდუაძე.

DCFTA საინფორმაციო-რესურს მაგიდა ბათუმში შავი ზღვის ეკოაკადემიის ოფისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, #79-ში გაიხსნა.

მოქალაქე: ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ხუთი ძაღლი დამესხა თავს

28 აპრილს ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ახალგაზრდა კაცს ძაღლებმა დაკბინეს. დაზარალებული აცხადებს, რომ სასტუმრო „ინტურისტიდან“ გამოსვლის დროს მას ხუთი ძაღლი დაესხა თავს.

„ხუთი ძაღლიდან არც ერთს არ ჰქონდა ალიკაპი. წამაქციეს. ძაღლები ტურისტებს ეკუთვნოდათ. როცა წამაქციეს, მხოლოდ მას შემდეგ სცადეს მეპატრონეებმა ჩემთვის ძაღლების მოშორება. საბოლოოდ რამდენიმე ნაკბენი მაქვს ფეხზე“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაზარალებულმა.

ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ მას საპატრულო პოლიცია არ გამოუძახებია. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფომ გადაიყვანა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს აჭარის მასშტაბით ძაღლის დაკბენის 3 344  შემთხვევა გამოვლინდა. ექიმი რაბიოლოგი რუსუდან ბიბილეიშვილის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლო სამ თვეში კი ძაღლის დაკბენის 702 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც რაბიოლოგი ამბობს, ხშირია ძაღლის მიერ პატრონის დაკბენის შემთხვევებიც. თუმცა როგორც რუსუდან ბიბილეიშვილი ამბობს, წინა წლებთან შედარებით დაკბენის სტატისტიკა მცირდება.

„ცოფის გამოვლენის შემთხვევა ცხოველებში არ დაფიქსირებულა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლაბორატორიაც არ ფუნქციონირებს და საეჭვო შემთხვევები თბილისში იგზავნება“, – გვეუბნება ექიმი რაბიოლოგი.

ძაღლის დაკბენის შემთხვევებმა იმატა ბათუმშიც, აპრილის თვის ზუსტი სტატისტიკა, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სევერის“ ვეტერინარი ეკა ბოგატოვა, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ძაღლებისგან მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები საკმაოდ გახშირდა.  თუმცა ამ შემთხვევაში, ის პასუხისმგებლობას ძაღლების მეპატრონეებს აკისრებს.  კომპანია  „სევერი“ ქუჩაში მყოფ ძაღლებს მეთვალყურეობს.

„მე, პირადად, როცა ჩემს ძაღლს ვასეირნებ ალიკაპით, საყვედურებს ვიღებ, რადგან მეუბნებიან, რომ ეს არის ცხოველის უფლებების დარღვევა… ჩვენ ვასტერილებთ ძაღლებს, ვცრით და ვუშვებთ, მაგრამ, ზოგადად, ძაღლების მეპატრონეებთან დაკავშირებით არანაირი რეგულაცია არ არსებობს და ხშირია შემთხვევები, როცა მოჰყავთ ძაღლები და ნებართვის გარეშე ჩუმად ტოვებენ თავშესაფარში.

კერძო მეპატრონეები არც სტერილიზაციას უკეთებენ თავიანთ ძაღლებს და მიტოვების შემდეგ, უპატრონო ძაღლები ისევ მრავლდებიან“, – გვეუბნება ვეტერინარი.

ეკა ბოგატოვა მიიჩნევს, რომ აუცილებელია ძაღლების მეპატრონეების მიმართ რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია ამოქმედდეს: „დღეს მქონდა შემთხვევა, მირეკავს ერთი მოქალაქე და მეუბნება, რომ კავკასიური ნაგაზი შეუვარდა სახლში და დროზე გამოუშვი ბრიგადაო. ჯერ ერთი, მე ვარ ვეტერინარი და ბრიგადის გაშვება არ მევალება. მეორეც, აღმოჩნდა, რომ ის ძაღლი იყო მისი. მობეზრდა, აღარ უნდოდა და „ჩემი არ არის“ იძახდა. უნდა არსებობდეს ძაღლების ჩიპირება, რომ გავიგოთ საიდან და როგორ მოხვდა ძაღლი ქუჩაში და მეპატრონეებსაც მეტი პასუხისმგებლობა ექნებათ ამ ცხოველების მიმართ“.

როგორც ვეტერინარი გვეუბნება, ამ დროისთვის ცხოველთა თავშესაფარში დაახლოებით 212 ცხოველი იმყოფება.

 

ბათუმის ზოოპარკის დირექტორი გიორგი კალანდაძე იქნება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის განახლებული ზოოკუთხის დირექტორი ვეტერინარი გიორგი კალანდაძე იქნება. ზოოკუთხე ადგილს იცვლის, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ჩაქვში გადადის, სტრუქტურულად კი ბათუმი ბოტანიკური ბაღის დაქვემდებარებაში იქნება. ბოტანიკური ბაღის  დირექტორი ირაკლი არჩაია, ინფორმაციას ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ არ ადასტურებს და ამბობს, რომ ყველაფერი კვირის ბოლოს გაირკვევა.

“ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ,” – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის მერიაშიც.

ინფორმაცია გიორგი კალანდაძის ზოოკუთხის დირექტორად დანიშვნის შესახებ “ბათუმელებს” რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, მათ შორის ოფიციალური უწყების წარმომადგენელმაც.

ბათუმის ზოოკუთხის ბოლო დირექტორი ამირან მურვანიძე იყო, რომელიც თანამდებობიდან 2017 წლის აპრილში გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ზოოკუთხე  “ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს” დაქვემდებარებაში გადავიდა.

ბათუმის ზოოკუთხის ჩაქვში გადატანის იდეა ქალაქის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის.

 

 

პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მოსამართლე მიქაუტაძის საქმიდან გაქრა ბავშვის ცემაზე ექსპერტიზის დასკვნა

„ეს პროკურორი უნდა დააპატიმრონ, მან იცრუა…“ – წამოიძახა სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ პროკურორ დავით ხარძეიშვილის მისამართით. ამ რეპლიკამდე გამომძიებელმა თამაზ აბაშიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ექსპერტიზას თვითონ მიმართა, დასკვნაც თვითონ წამოიღო ბიუროდან და „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაურთო. გიორგი მიქაუტაძე ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. ამ საქმეში არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არ დევს.

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას გამოძიება თამარ ხაჭაპურიძეს და კახაბერ ხაჩიძეს ედავება. საქმეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს. დღეს, 30 აპრილს, საქართველოში პირველად სასამართლო პროცესს ბრალდებულები სკაიპის საშუალებით დაესწრნენ. ისინი გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები და მკურნალობის მიზნით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან.

გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხულია, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა. გამოძიებას არც არასრულწლოვანი დავით ხაჩიძე დაუკითხავს.

„ექსპერტიზის დასკვნა მე არაოფიციალურად მოვიპოვე. იქ წერია, რა დაზიანებებიც მიაყენა ჩემი 13 წლის შვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გონიოს პლაჟზე. თუკი ეს დასკვნა თქვენ გქონდათ, რატომ არ დაურთეთ საქმეს, სადაა?“ – ჰკითხა ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ გამომძიებელს.

შეკითხვა პროკურორმა გააპროტესტა. „ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს დავით ხაჩიძეს. გთხოვთ, განარიდოთ შეკითხვა, ბატონო მოსამართლევ,“ – თქვა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა. მოსამართლემ შეკითხვა არ განარიდა. გამომძიებელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილად „გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე“ დაიდო ექსპერტიზის დასკვნა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ადვოკატმა სულხან კაპანაძემ პროკურორ დავით ხარძეიშვილის მიერ ხელმოწერილი წერილობითი პასუხი გვაჩვენა, რაც მან რამდენიმე თვის წინ მიიღო.

„აქ პროკურორი გვეუბნება, რომ ექსპერტიზის დასკვნას შემხებლობა არ აქვს გიორგი მიქაუტაძის საქმესთანო და ამ საქმისთვის არ ჩაგვიტარებია ექსპერტიზაო. პროკურორი ცრუობს და ეს დადასტურდა. ეს არის პროკურორის მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობა,“ – ამბობს სულხან კაპანაძე.

„პროკურორ ხარძეიშვილის სიცრუის უტყუარი ფაქტი ისაა, რომ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში წერია საქმის ნომერი, ანუ რა ნომერი საქმისთვის ტარდება ექსპერტიზა, ხარძეიშვილი კი წერილობით გვიცხადებს ეს ექსპერტიზა ამ ნომერ საქმეს არ ეკუთვნისო,“ – აცხადებს ბრალდებული თამარ ხაჭაპურიძე.

რატომ გაქრა გიორგი მიქაუტაძის საქმიდან არასრულწლოვნის ცემის კუთხით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვას პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა პროცესის შემდეგ მოკლედ ასე უპასუხა.

„ექსპერტიზის დასკვნას არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან,“ – თქვა მან.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორი უხერხულ მდგომარეობაში სხვა გამომძიებლებმაც ჩააყენეს. მაგალითად, დეტექტივ-გამომძიებელმა რუსუდან ხვედელიძემ ვერ უპასუხა შეკითხვას, ვისი გადაწყვეტილებით დააკავეს თამარ ხაჭაპურიძე ან რაში მდგომარეობდა „გადაუდებელი აუცილებლობა“, როცა „გონიოს პლაჟის ინციდენტის დღეს“ – 26 აგვისტოს, ღამის ორ საათზე, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მშობლები დააკავეს.

„საქმიდან გამომდინარე დავაკავეთ,“ – რამდენჯერმე გაიმეორა მოწმემ. მას ადვოკატებმა ჰკითხეს, ჩააყენა თუ არა გამომძიებელმა რომელიმე ორგანო საქმის კურსში, როცა თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე დააკავეს, ხოლო არასრულწლოვანი შვილები სახლში მარტო დარჩნენ.

„არა, არავისთვის არ მიმიმართავს მე,“ – თქვა გამომძიებელმა რუსუდან ხვედელიძემ.

„თუ არ იცით, ვისი ბრძანებით მაკავებდით და არ გაგაჩნდათ მოსამართლის განჩინება დაკავებაზე, გამოდის, თვითნებურად მოქმედებდით,“ – მიმართა მოწმეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ.

„მე კანონის საფუძველზე ვმოქმედებდი,“ – აღნიშნა მოწმემ.

„დაკავების რამდენიმე საფუძველია განსაზღვრული კანონით. აქედან რომლით იხელმძღვანელეთ, როცა თამარ ხაჭაპურიძეს აკავებდით?“ – ჰკითხა გამომძიებელს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა პაატა დიასამიძემ. მოწმემ პაუზის გაკეთება არჩია და პროკურორისკენ გაიხედა.

„რას მიყურებ, გაეცი პასუხი,“ – მიმართა პროკურორმა გამომძიებელს.

„საქმიდან გამომდინარე დავაკავეთ,“ – გაიმეორა მოწმემ.

„გონიოს პლაჟის ინციდენტის“ ამსახველი ვიდეოკადრები არსებობს, რაც ამ საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა. კადრები მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მეუღლემ, მაია კვირიკაშვილმა მობილური ტელეფონით გადაიღო. სასამართლომ იმ გამომძიებლის ჩვენებაც მოისმინა, ვინც ეს ჩანაწერები სასამართლოს ნებართვის საფუძველზე გამოითხოვა და საქმეს დაურთო.

„როცა ეს ვიდეოჩანაწერი გამოითხოვეთ, იცოდით თუ არა, რომ მაია კვირიკაშვილი მთავარ პროკურატურაში სამმართველოს უფროსად მუშაობდა?“ – ჰკითხა გამომძიებელ ვახტანგ თედორაძეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ.

„არ ვიცოდი. გიორგი მიქაუტაძე ვიცოდი ვინც იყო…“ – უპასუხა ბრალდებულს მოწმემ.

კიდევ ერთმა გამომძიებელმა – გოჩა ფუტკარაძემ კი, მოსამართლეს უთხრა, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს მან ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და სააღრიცხვო ბარათი შეადგინა.

„მერე აღარ ვიცი რა მოხდა. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მე აღარ მიმიღია მონაწილეობა,“ – თქვა გამომძიებელმა გოჩა ფუტკარაძემ.

ბრალდებული თამარ ხაჭაპურიძე: „ბატონო გამომძიებელო, გქონიათ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა, როცა დაწყებულ გამოძიებაზე იმავე დღეს შეუცვლიათ კვალიფიკაცია და აღარ გაგრძელებულა გამოძიება?“

შეკითხვის აცილება პროკურორმა მოითხოვა, რადგან ის ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს არ უკავშირდებოდა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა. გამომძიებელს პასუხის გაცემა აღარ მოუწია.

 

 

 

 

 

 

რას არქმევენ ბავშვებს ყველაზე ხშირად საქართველოში

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წელს ახალშობილ გოგოებს ყველაზე ხშირად მარიამს, ბიჭებს კი გაბრიელს არქმევენ.

ყველაზე პოპულარული სახელების ათეული ასე გამოიყურება:

გოგოები:

  • მარიამი – 524
  • ნინო – 383
  • ელენე – 345
  • ბარბარე – 338
  • ლილე – 290
  • ანასტასია – 272
  • ნია – 224
  • ნუცა – 177
  • სესილი – 151
  • ანა – 150

ბიჭები:

  • გაბრიელი – 489
  • ანდრია – 450
  • გიორგი – 421
  • დავითი – 384
  • ალექსანდრე – 375
  • ნიკოლოზი – 375
  • დემეტრე – 337
  • ლუკა – 293
  • დანიელი – 276
  • მათე – 211

მარიამი და ნინო უკვე რამდენიმე წელია ყველაზე პოპულარული სახელებია საქართველოში, ისევე როგორც გიორგი და ნიკოლოზი.

როდის გაათავისუფლებენ ლიბიაში დაკავებულ ორ მეზღვაურს – საკონსულოს განმარტება

ლიბიაში სამი წლის წინ, 2015 წლის აგვისტოში დაკავებული მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე 29 აპრილს, ტრიპოლის სასამართლომ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კაკაბაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. 30 აპრილის მდგომარეობით ლიბიის ციხეში კიდევ ორი ქართველი მეზღვაური  –  რომან კაკალაძე და გენადი კომახიძე რჩება.

რა ბედი ელის ციხეში დარჩენილ ორ მეზღვაურს. “ბათუმელები” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ვლადიმერ კონსტანტინიდის ესაუბრა.

“კაკალაძისა და კომახიძის საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ იქნება მაისის მეორე ნახევარში და მერე უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება მათ პერსპექტივაზე. მათ ბრალად ნავთობის უკანონოდ გადაზიდვაში მონაწილეობა ედებათ. კაკაბაძეც და კომახიძეც არიან ოფიცრები, ანუ გემზე წამყვან პოზიციებს იკავებდნენ, ერთ-ერთი მათგანი არის გემის კაპიტანი. მათ მიმართ ძიებას უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა, ვიდრე, დავუშვათ, რიგითი შემადგენლობის მიმართ ჰქონდათ,” – ამბობს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

“ბათუმელები” დაინტერესდა, რამდენად კვალიფიციური ადვოკატი დაიცავს დაკავებულ მეზღვაურებს, რადგან მსგავს შემთხვევებში მეზღვაურებს პრობლემები ჰქონდათ.

თავიდან ნამდვილად იყო გარკვეული პრობლემები ადვოკატთან დაკავშირებით. შემდეგ ეს საკითხი ჩვენ დავარეგულირეთ. ადვოკატები უფრო აქტიურად ჩაერთნენ დაკავებულ მეზღვაურებთან კომუნიკაციაშიც და საქმესთან დაკავშირებითაც უფრო აქტიურობენ.  ჩვენი ელჩი [ალექსანდრე ნალბანდოვი] ჩავიდა ლიბიაში დ ადვოკატებთან ერთად შეხვდა დაკავებულებს. გუშინ შედგა ეს  შეხვედრა, მოინახულა დაკავებულები, გაარკვია მათი მდგომარეობა, ხომ არ ირღვევა მათი ძირითადი უფლებები, რამდენად ადეკვატურია მათი საპატიმრო პირობები. ელჩს ასევე ჰქონდა შეხვედრები საგარეო უწყებასთან. დიპლომატიური კორპუსია ჩართული და ამიტომ იმედიანად ვართ, რომ ეს პროცესი და მთელი მიმდინარეობა საქმის, მოხდება ჩვენი მოქალაქეების ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ფონზე,” – განმარტა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

ლიბიის ციხეებში საქართველოს სულ ოთხი მოქალაქე-მეზღვაური იყო. ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ მცირე ნავთობ-ტანკერ “Sovereign M”- ის მზარეული [კოკი] სოსლან კაკაბაძე 2015 წლის 24 აგვისტოს, ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან დააკავეს. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილი ნავთობმზიდ ტანკერ REX-ის კაპიტანი გენადი კომახიძე და მისი ეკიპაჟის 10 წევრი [აქედან ორი საქართველოს მოქალაქე – რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა] კი 2017 წლის 30 აგვისტოს.

ნუკრი ხოხბა ლიბიის ციხიდან 2018 წლის მარტში გაათავისუფლეს.

მთავარი ფოტო: ვლადიმერ კონსტანტინიდი

 

სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები 2018 წელს არ გაიზრდება – სამინისტროს განმარტება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ბათუმში სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ  სკოლების ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა დროიდან აქვს სამინისტროს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასების ზრდა დაგეგმილი და რამდენპროცენტიან ზრდაზეა საუბარი.

როგორც განათლების სამინისტროში ოფიციალურად განაცხადეს, ხელფასების ზრდა „ბიუჯეტის დაგეგმვისას იქნება გათვალისწინებული“.

„ბათუმელების“ კითხვაზე – ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სკოლების ადმინისტრაციებს ხელფასები 2018 წელს არ გაეზრდებათ? განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომ  „2018 წელს ეს არ მოხდება, რადგან წლევანდელი ბიუჯეტი უკვე დადგემილია“.

სამინისტროში ვერც იმაზე გვიპასუხეს,  „სკოლის ადმინისტრაციაში“ ვინ მოიაზრება – მხოლოდ სკოლის დირექტორი, თუ ადმინისტრაციის სხვა პერსონალიც. პასუხი არც იმაზე არსებობს, რამდენპროცენტიან მატებაზეა საუბარი.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მუშაობს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მოტივაციის ამაღლებაზე, მათ შორის ფინანსური კუთხით, რაც გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის დაგეგმვისას“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუშაობენ „საშუალო და გრძელვადიან გეგმაზე, რომლის დამტკიცების შემთხვევაში დეტალები გახდება ცნობილი“.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს მინისტრი 25 აპრილს შეხვდა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტრომ მხოლოდ დღეს, 29 აპრილს, გამოაქვეყნა.

ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები აჭარასა და სამეგრელოში

უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქნის თურქეთში გადატანის მცდელობისთვის 4 სატვირთო მანქანა დაილუქა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს აჭარაში.

თურქეთის რესპუბლიკაში გატანამდე აჭარაში, გადამოწმების მიზნით, 6 სატვირთო ავტომანქანა გააჩერეს, რომელთა ძარაზე განთავსებული იყო მურყნის (თხმელას) სახეობის 245 მ3 საშეშე მერქანი. დეპარტამენტის ინფორმაციით, მძღოლების მიერ წარმოდგენილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რის გამოც მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები (128 პრიმა 2 მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 200 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს).

გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ადგილზე გადამოწმების შედეგად, ოთხ მათგანში მითითებული მონაცემები არ დადასტურდა, კერძოდ, გაირკვა, რომ ხე-მცენარეები არ იყო მოპოვებული წარმოშობის დოკუმენტში მითითებულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

ოთხივე სატვირთო ავტომანქანა დაილუქა.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაშია გადაგზავნილი.

ენმ-ის თქმით, წუხელ მათ აბაშიძის დროინდელი თანამდებობის პირები დაესხნენ თავს – ივანიშვილის ხეები

დღეს, 30 აპრილს, გამთენიისას, ციხისძირში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. ენმ-ის განცხადებით „ბიძინა ივანიშვილს გადაჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხე. ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის და ბათუმის საკრებულოს წევრებმა, ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მოითხოვეს დოკუმენტების წარმოდგენა და უკანონობის აღკვეთა. ასობით პოლიციელის თვალწინ ქობულეთის საკრებულოს წევრი ვაჟა შავიშვილი და მისი ძმა, თენგიზ შავიშვილი თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს“.

განცხადების ავტორების თქმით, დღეს, გამთენიისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდამსხმელები ასლან აბაშიძის გუნდის წევრები იყვნენ: „ვაჟა შავიშვილს დამთავრებული აქვს საბჭოთა კაგებეს სკოლა და იყო ასლან აბაშიძის სეპარატისტული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ხოლო თენგიზ შავიშვილი იყო ასლან აბაშიძის ოდეერი პორტში, რომელსაც ლობირებდნენ რუსი გენერლები. ის უზიდავდა ასლან აბაშიძეს კორუფციულ წილებს პორტიდან. ასეთ კრიმინალებს ხელ-ფეხი გაუხსნა ივანიშვილმა, რადგან ისინი უშუალოდ ხელმძღვანელობენ ხეების გადატანას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ ჯგუფის გავლენა იმდენად დიდია, რომ პოლიციას წუხანდელი ძალადობის შეჩერებაც კი არ უცდია: „პოლიცია არის ხელფეხშეკრული და გაფრთხილებული არიან, რომ არანაირი რეაგირება არ მოახდინონ მომხდარ დანაშაულზე. პოლიციელები უშუალოდ ესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენის პროცესს, თუმცა რეაგირებას რა ახდენდნენ, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გახარიასგან და სუსის უფროსისგან, გომელაურისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, რომ რეაგირება არ მოეხდინათ.

ენმ შემდეგ მოთხოვნებს აყენებს:

  • დაუყოვნებლივ პოლიციის მიერ დაკავებული იქნან და დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი პირები ძმები შავიშვილები, რომლებმაც ჩაიდინეს ძალადობა ჯანმრთელობის დაზიანებით
  • როგორც მოძალადეს და კაგებეს აგენტს, ვაჟა შავიშვილს შეუწყდეს ქობულეთის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება
  • დაიწყოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ პოლიციაზე უკანონო დავალების გაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიციამ არ მოახდინა რეაგირება
  • დაიწყოს გამოძიება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხის დატაცებასთან დაკავშირებით.“

წუხელ, გვიან ღამით, ციხისძირში, დაახლოებით 20-30 პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. კონფლიქტის ორი მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე და ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე იყო. მათი განცხადებით, დაპირისპირება ენმ-ის წევრებსა და ციხისძირში მცხოვრებ შავიშვილებს შორის მოხდა, რომელთა კომპანიასაც ციხისძირიდან ივანიშვილის პარკში ქაფურის ხე გადაჰქონდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. „ბათუმელებმა“ ვაჟა შავიშვილთან სცადა დაკავშირება, თუმცა მან ზარებს არ უპასუხა. ვაჟა შავიშვილი ქობულეთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.

ციხისძირში ტერიტორია მაგისტრალთან, სადაც ხეებს თხრიან, სახელმწიფოს საკუთრებაა. შესაბამისად, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებას და იქედან სახელმწიფო ქონების [ხეების] გატანა თუ განადგურება [ხის მოჭრა], მინიმუმ მესაკუთრესთან, ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან, უნდა იყოს შეთანხმებული.  „ბათუმელებმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ გაარკვია, რომ ეს ასე არ არის.

 

ამავე თემაზე:

ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

ქობულეთის 13 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება

ქობულეთის სოფელ კვირიკეს მოსახლეობის ცნობით, სოფელს რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდება. წყლის გარეშე იყო დარჩენილი სოფლის სკოლა და საბავშვო ბაღი.

მიზეზების გასარკვევად „ბათუმელები“ ქობულეთის მერიის ორგანიზაციას „ქობულეთის სოფლის წყალს“ დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელი ჯემალ გოლიაძე ამბობს, რომ წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი სათავე ნაგებობებში წყლის რაოდენობის შემცირებაა.

„მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით, რადგან წყლები დაშრა. სათავე ნაგებობებში წყლის დეფიციტია, არ გაწვიმებულა და წყაროებიც გაგვიშრა,“- გვითხრა მან.

ჯემალ გოლიაძე ამბობს, რომ  ქობულეთში წყალი გრაფიკით დაახლოებით 13 სოფელს მიეწოდება: „ჩვენ ზედაპირულ წყლებზე ვართ დამოკიდებული, წყლის დონე მდინარეებში განახევრებულია. ეს გლობალური პრობლემაა და ამ პრობლემის გადაჭრაზე „აჭარის წყლის ალიანსი“ მუშაობს“.

ჯემალ გოლიაძის ინფორმაციით, 13 სოფელს წყალი დილის რვა საათიდან 12 საათამდე მიეწოდება, საღამოს კი – 8-დან 12-საათამდე. რაც შეეხება სკოლებსა და ბაღებს, გოლიაძე ამბობს, რომ ისინი წყალს სამარაგო რეზერვუარებიდან იღებენ.

მთავარი ფოტო: სოფელი ქვედა კვირიკე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

 

ლევან გორგილაძემ ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცა

,,უდავოდ დიდია ბიბლიოთეკარების ღვაწლი თაობების სრულფასოვანი აღზრდის საკითხში. შესაშურია თქვენი სიყვარული პროფესიისა და წიგნის მიმართ… ენთუზიაზმი, უშრეტი ენერგია და პროფესიონალიზმი – საბიბლიოთეკო საქმიანობაში თქვენი ყველაზე დიდი ჯილდოა!… ვულოცავ ყველა ბიბლიოთეკარს პროფესიულ დღეს!” – აღნიშნა ბიბლიოთეკარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ.
ქედის მერი ლევან გორგილაძე ბიბლიოთეკარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
ქედის მერი, ლევან გორგილაძე, ბიბლიოთეკარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

პროფესიული დღე ქედის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა, ნორჩმა მკითხველებმა და საზოგადოების წევრებმაც მიულოცეს.

ბიბლიოთეკარები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ივანიშვილის ხის გადატანის გამო მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

წუხელ, გვიან ღამით, ციხისძირში, დაახლოებით 20-30 პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. კონფლიქტის ორი მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე და ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე იყო. მათი განცხადებით, დაპირისპირება ენმ-ს წევრებსა და ციხისძირში მცხოვრებ შავიშვილებს შორის მოხდა, რომელთა კომპანიასაც ციხისძირიდან ივანიშვილის პარკში ქაფურის ხე გადაჰქონდა.

„ბათუმელებთან“ საუბარში ბონდო თედორაძე ამბობს, რომ მათ ციხისძირიდან ხის გადატანის დროს მუშებს წინააღმდეგობა გაუწიეს,  რის გამოც შავიშვილები და მათთან მყოფი პირები, ენმ-ს წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ვაჟა შავიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ქობულეთის საკრებულოს წევრიცაა, მოიყვანა ზონდერები და ხელჩართული ბრძოლა გაგვიმართეს ღამის 01:00 საათზე. პოლიცია გვიან მოვიდა, მაგრამ ფაქტობრივად უმოქმედოდ იყო“, – ამბობს თედორაძე. მისი თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებაში 20-30 ადამიანი მონაწილეობდა.

ვაჟა შავიშვილი „ბათუმელების“ ზარებს არ პასუხობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ინცინდენტი 30 აპრილს მოხდა.

ხე, რომელიც ივანიშვილის პარკისთვის ციხისძირიდან გადააქვთ.

ამავე თემაზე:

ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

 

 

 

შსს: ბოლო ერთ თვეში 148 უკანონო იარაღია ამოღებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს; 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს:

[crosslist]

  • ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი – 12
  • კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები – 73
  • ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები – 34
  • თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი – 11
  • აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი – 18
  • ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

[/crosslist]

2018 წლის „იანვრიდან დღემდე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას,“ – აცხადებს შსს.

თამბაქოს რეკლამა და ანტირეკლამა საბჭოთა პოსტერებზე

საბჭოთა პოსტერებზე წააწყდებით როგორც თამბაქოს აკრძალვას, ასევე მისი წარმოების გაზრდისკენ მოწოდებებსა და წახალისებებს.

ეს საბჭოთა პოსტერები ძირითადად 1950-80-იან წლებშია შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეპოქაში მრავლად მოიპოვებოდა როგორც თამბაქოს რეკლამა ასევე ანტირეკლამაც, შეუძლებელია შედეგების გაანალიზება რა შედეგები მოჰქონდა რეალურად აკრძალვის პროპაგანდას.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ფონდი „ივერიელი”
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ფონდი „ივერიელი”

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ფონდი „ივერიელი”

 

 

 

 

Russian Communist poster art: Advert for cigarettes (Photo by: Universal History Archive/UIG via Getty Images)

ამავე თემაზე:   
პიქტოგრამები, რომლებიც მედიაში, ფილმებში, თეატრებში სიგარეტის ჩვენებას უნდა ერთვოდეს

სარაგბო კლუბი “ბათუმი” დიდი 10-ის ფინალში ვერ მოხვდა

დიდი 10-ის პლეიოფში სარაგბო კლუბი “ბათუმი” 25:19 დამარცხდა გორის “ჯიქებთან” და ჩემპიონატს გამოეთიშა. რაც შეეხება გორის “ჯიქებს”, გუნდი 6 მაისს შეხვედრას თბილისის “ლოკომოტივთან” გამართავს.

გამარჯვებული გუნდი 13 მაისს ფინალში ქუთაისის “აიას” შეხვდება. ქუთაისის “აიამ” თბილისის „ლოკომოტივი“ 20:15  დაამარცხა და ამ გზით ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

 

 

მინისტრმა მასწავლებლებსა და დირექტორებს უთხრა, რომ დირექციების ხელფასები იზრდება

ხელფასების ზრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბათუმში მასწავლებლებსა და დირექტორებთან გამართულ შეხვედრაზე ახსენა. ამ უწყების პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრაზე მასწავლებელთა მიზნობრივ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების სქემაზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე ითქვა სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების გაზრდაზეც.

დახურულ შეხვედრაზე მყოფი ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე “ბათუმელებთან” მინისტრთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

“ისაუბრა სახელმძღვანელოებზე, ისაუბრა ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ ცვლილებებზე და მათ შორის დირექციის ხელფასის ზრდაზეც. მასწავლებელს სქემაში მოძრაობასთან ერთად  ეზრდება ხელფასი. ეს საკითხი ასე არის დარეგულირებული – სქემაში საფეხურიდან საფეხურზე ადის მასწავლებელი და მისი ხელფასი იზრდება.  ადმინისტრაციის ხელფასი კი საშტატო განრიგით რეგულირდება. როგორც ჩანს, სწორედ განრიგში შეიტანს ცვლილებას”, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

მარიზა აბაშიძის თქმით, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდიდან არის მოსალოდნელი ხელფასების ზრდა.

მისივე თქმით, მინისტრმა ისაუბრა ეროვნულ სასწავლო გეგმის შესახებაც და განაცხადა, რომ სასწავლო გეგმა შედარებით გამარტივდება.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს მინისტრი 25 აპრილს შეხვდა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტრომ მხოლოდ დღეს, 29 აპრილს, გამოაქვეყნა.

 

 

 

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური სამწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

დღეს, 29 აპრილს, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, თითქმის სამწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას მეზღვაურის გათავისუფლების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. დღეს ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ელჩმა მოინახულა დაკავებული ქართველი მეზღვაურები და მართავს შეხვედრებს ლიბიის საგარეო უწყებასთან,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოსლან კაკაბაძე 2015 წლის 24 აგვისტოს, ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს დააკავეს. კაკაბაძე ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ  მცირე ნავთობ-ტანკერ “Sovereign M”- ის ეკიპაჟში იყო. ის ტანკერზე მზარეულად მუშაობდა.

ტყვეობაში მყოფი კიდევ ერთი მეზღვაური მარტში გამოიხსნეს ლიბიის ციხიდან. ლიბიის ციხეში დღეისათვის კიდევ ორი ქართველი მეზღვაური, გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე რჩებიან.

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე

 

 

ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე  16 სახეობის ბამბუკი იყო წარმოდგენილი. ასევე გამოფენილი იყო  ბამბუკისაგან დამზადებული აქსესუარები და სხვადასხვა სახის დესერტი.

ბამბუკის სულ მცირე 600-მდე სახეობაა, რომლებიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. საქართველოში ბამბუკი მე-19 საუკუნის ბოლოს გავრცელდა.  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკი პირველად 1912 წელს შეიტანეს. 1914 წელს უკვე ბაღში ბამბუკის 50-მდე სახეობა იყო.

ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
გამოფენაზე მისულ სტუმრებს საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა”  ბამბუკისაგან დამზადებული სხვადასხვა სახის დესერტითა და კოქტეილით გაუმასპინძლდა.

 

ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

 

ბამბუკისგან დამზადებული მურაბა

მოქალაქე: წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე

საქართველოდან  თურქეთში ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში წამალი გაცილებით ძვირია, ვიდრე თურქეთში. ამ მოქალაქეების თქმით, ამას კიდევ ერთი განსაკუთრებული მიზეზი აქვს, „ცარცია საქართველოში ნაყიდი წამლები“, ანუ უხარისხო და არაეფექტურია. საქართველოში, ჯერჯერობით, არავინ იკვლევს ამ საკითხს და არც ზუსტი რიცხვია ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად თურქეთში.

“წამლები, რომელშიც ჩემს ქვეყანაში 187 ლარი უნდა გადამეხადა ისიც საეჭვო ფასდაკლებით, თურქეთში ვიყიდე 63 ლარად ყველა ერთად! ამასთან ზუსტად ვიცი, რომ ცარცი და სხვა ნივთიერება არ შემრჩება ხელში, აქედან ერთ-ერთი 7 ლარი ღირდა, როცა ჩვენს სააფთიაქო ქსელში 58 ლარი ღირს, მესმის გააორმაგო, მაგრამ გააათმაგო?” – ბათუმში მცხოვრები კობა ფარტენაძე ფეისბუქზე ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს და თურქეთში ნაყიდი წამლების ფოტოს ურთავს.

ფეისბუქზე კობა ფარტენაძის პოსტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და დაწერა, რომ თავადაც თურქეთში ყიდულობს წამლებს – ხარისხისა და ფასის გამო.

კობა ფარტენაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების ყიდვა თურქეთში რეცეპტის გარეშე შეიძლება.

“ურეცეპტოდ ვყიდულობ იმ წამლებს, რომლებიც მესამე ჯგუფის მედიკამენტებად ითვლება. ამ წამლებს თურქეთში რეცეპტი არ სჭირდება. რეცეპტს მხოლოდ ანტიბიოტიკებზე და ფსიქოტროპულ წამლებზე ითხოვენ. ფსიქოტროპულს არც გადმოგატანინებენ საზღვარზე. ძალიან დიდი განსხვავებაა ფასშიც და ხარისხშიც. წამალი, რომელსაც საქართველოში ყიდულობ, არის ძვირი და უხარისხო, იმ წამალთან შედარებით, რომელსაც თურქეთში შეიძენ. ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ჩემსავით თურქეთში მიდის წამლის საყიდლად. ზოგიც მე მაბარებს ხოლმე,” – ამბობს კობა ფარტენაძე „ბათუმელებთან“.

„ბათუმელები“ ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში არსებულ ფასთა სხვაობაზე. მაშინდელი მონაცემებით, მაგალითად, მედიკამენტ „ზელბორაფის” ერთი ფლაკონი თურქეთში 2050 ლირა, ანუ 1388 ლარი ღირს, საქართველოში კი იმავე წამლის შეძენა 4 116 ლარადაა შესაძლებელი. მაშინ ფასთა ასეთი დიდი სხვაობა ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელმა, თინათინ ტურძილაძემ, ასე ახსნა: „თურქეთს საქართველოსგან განსხვავებული რეგულირების მოდელი და ხარჯების შეკავების განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკა აქვს“.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო კი აცხადებდა, რომ თურქეთი შეუერთდა ე.წ. რეგიონულ გლობალურ შესყიდვას, რამაც მას საშუალება მისცა, ზოგ პროდუქციაზე 300%-ით შეემცირებინა ფასი.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/202462/

დაიკარგა კოკერ სპანიელი

ბათუმში კოკის ეძებენ. თუ ვინმე გადაეყრებით ამ ძაღლს, დარეკეთ შემდეგ ტელეფონზე.: 577 03 21 35 ან 568 92 92 46 მარიამი.

ინგლისური ჯიშის კოკერ სპანიელი ერთი კვირის წინ დაიკარგა. ძაღლს არ აქვს საყელური.

 

ლევან გორგილაძის ინიციატივით ქედაში სოლიდარობის დღეები შემოიღეს

დაპირებისამებრ, ინიციატივას ხორცი სოფელ აგოთაში, 87 წლის მარტოხელა ხანდაზმულის –  მეხფულე დუმბაძის დასახმარებელი აქციით შეესხა.

ლევან გორგილაძე და მეხბულე დევაძე
ლევან გორგილაძე და მეხფულე დუმბაძე

ლევან გორგილაძე, რწმუნებულებთან და ,,დახმარების ეროვნული ფონდის” მოხალისეებთან ერთად, ბენეფიციარის საკარმიდამო ნაკვეთში, საგაზაფხულო სამუშაოების დასახმარებელ აქციაში ჩაერთო.

,,სოლიდარობის დღის” მიზანია თვითმმართველობის მოხელეების თანამონაწილეობით, მოხალისეობრივ საწყისებზე, ადამიანური რესურსით დახმარება მარტოხელა სოციალურად დაუცველი ან შშმ პირებისთვის.

სოლიდარობის აქციის ფარგლებში მეხფულე დევაძე საგაზაფხულო სამუშაოების შესრულებაში დაეხმარნენ
სოლიდარობის აქციის ფარგლებში მარტოხელა ქალბატონს საგაზაფხულო სამუშაოების შესრულებაში დაეხმარნენ

ქალბატონი მეხფულესთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა აქცია. ის ამავე დროს ,,შინ მოვლის” პროგრამის ბენეფიციარია.

,,შინ მოვლის” პროგრამა ქედაში, მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია NAF-ის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძვლეზე ხორციელდება.

 

Exit mobile version