ზღვაზე გასარუჯად დაწოლილი და მობანავე ხალხის გარდა ხშირად შეხვდებით მათ, ვისი საქმეც პლაჟზე სამსახურია და ბანაობისთვის დრო ნაკლებად აქვთ. ცხელი სიმინდი, რეზინის ფეხსაცმელები ზღვისთვის, ხილი, ცივი ყავა, წყალი, ფერად-ფერადი „კამერები” და ინდური სამოსაც კი – ბევრი რამ იყიდება პლაჟზე. აქ მომუშავეები მთელ დღეს ზღვაზე ატარებენ.
უმრავლესობა გადაღებას არ თანხმდება, თუმცა მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც სიამოვნებით გვთანხმდება და იმასაც გვიყვება, რომ პლაჟზე ზაფხულობით სიარული და რაღაცების გაყიდვა სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი რთული და რუტინული, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
რეზო ხაბურზანია მესამე წელია პლაჟზე მუშაობს ზაფხულობით და ხილის სამოსას ყიდის.
„ჩვენ ინდურ ნაციონალურ ტკბილეულს, სამოსას ვყიდით, ეს არის თხელ, ხრაშუნა ცომში გამომცხვარი ცოცხალი ხილი, 36 წლის ვარ, მე თვითონაც ძალიან მიყვარს ხილის სამოსა, უცნაურია, მაგრამ სულაც არ მეშლება ნერვები სხვები რომ ბანაობენ მზიან ამინდში და მე ამ დროს ვმუშაობ პლაჟზე. წვიმაში ბანაობა მიყვარს, როცა ცოტა ხალხია ირგვლივ“.
მეხტიე ველშანი აზერბაიჯანიდანაა, საქართველოში წელს პირველადაა. პლაჟზე ცხელ სიმინდს დაატარებს.
„სტუმრად ჩამოვედი და მერე დავრჩი. 29 წლის ვარ, რთული საქმეა პლაჟზე სიარული, აქ გამომუშავებული თანხით ოჯახს ვეხმარები. სჭირდებათ. ცუდად არ გამოვიმუშავებ თუ მზიანი დღეებია, წვიმაში ჭირს მუშაობა, თუმცა ხალხი მაინც არის ხოლმე პლაჟზე“.
ეს 17 წლის ვალერია შირვისია, ბათუმიდან. ცივ ყავას სთავაზობს პლაჟზე მყოფებს. მისთვის ეს უკვე მეორე სამსახურია, შარშან მაღაზიაში მუშაობდა.
„სკოლის მოსწავლე ვარ, მაგრამ არ მინდა შინ ვიჯდე, საკუთარი ფული მინდა მქონდეს, რასაც როგორც მინდა ისე დავხარჯავ. ყოველდღე სხვადასხვანაირი სამუშაო დღეა, დღეს მაგალითად ცუდი დღეა, არ ყიდულობენ რატომღაც ყავას, ხანდახან პირიქითაა. ზღვა ძალიან მიყვარს, არ მბეზრდება“.
„ნუ გადამიღებ სახეზე, გთხოვ. გვეუბნება გოგო და იმალება. რომ წავალ მერე თუ გინდა კი. ისე რომ არ გამოჩნდეს ვინ ვარ. არ მინდა”, – დამსვენებლების უმრავლესობა პლაჟზე საკუთარი „კამერით” მოდის. გოგომ პლაჟზე სამჯერ ჩაიარა, მაგრამ ფერადი ტვირთის მთა არ დაპატარავებულა, ვერაფერი გაყიდა. ვიღებთ ისე როგორც გვითხრა: მხოლოდ ფერადი „კამერების” მოსიარულე მთას, ისე, რომ სახე არ გამოჩნდეს. ისე, რომ სხვებმა ვერ გაიგონ, გოგო რომ ფერად ტვირთს დაატარებს.