მთავარი,სიახლეები

სასამართლომ დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანიას მშენებლობა შეუჩერა – მან ამის შესახებ არ იცის

27.07.2018 • 12805
სასამართლომ დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანიას მშენებლობა შეუჩერა – მან ამის შესახებ არ იცის

„მოპასუხე შპს „ჩემი სახლი”-ს აეკრძალოს ქ. ბათუმში, ს. ხიმშიაშვილის ქ. N20-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე… IV კლასს მიკუთვნებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის გაგრძელება ერთი თვის ვადით“, – ეს განჩინება მოსამართლე სალიხ შაინიძემ 25 ივნისს გამოსცა. კომპანიას სასამართლოში მშენებლობის გვერდით მცხოვრებმა ორმა პირმა უჩივლა.

სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლი” 50%-ი დეპუტატ ხვიჩა შარაშიძეს ეკუთვნის. იმაზე, რომ სასამართლომ შეაჩერა მშენებლობა, ხვიჩა შარაშიძე ინფორმაციას არ ფლობს. „არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, ვიცი, რომ მასეთი რაღაც არ არსებობს“, – უთხრა დეპუტატმა „ბათუმელებს“.

საქმე იმაშია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სამშენებლო  კომპანიამ ცოტა ხნის წინ მისი სამშენებლო ტერიტორიის მეზობლად სამსართულიან სახლზე სახანძრო კიბე მოჭრა და ფანჯრებთან კედელი ამოაშენა. ახლა კი  მეზობელი სახლის სახურავის სივრცეც აითვისა, ისე რომ „აქ მაცხოვრებლებს მომავალში ამ სივრცის გამოყენების შესაძლებლობა წაართვა“.

შპს „ჩემი სახლი“ ტერიტორიაზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს.

ხვიჩა შარაშიძემ გვირჩია საკითხზე ზუსტი ინფორმაციის მისაღებად სხვა პირებისთვის მიგვემართა: „კომპანიას ჰყავს დირექტორი, იურისტი – გააჩნია რა საკითხთან დაკავშირებით რეკავთ მითხარით და გადაგამისამართებთ.“

კითხვაზე – ის, რომ კომპანიამ აქამდე არ შეასრულა ბათუმის მერიის დადგენილებები, შესაბამისად, დაარღვია კანონი, მას როგორც მესაკუთრესა და კანონმდებელს ხომ არ უქმნის უხერხულობას?  – დეპუტატმა თქვა:

„თუ რამეს არღვევს მე შემიძლია ჩავერთო. მე, ფაქტობრივად, მართვაში არ ვერევი. ჩემი ინფორმაციით იქ არანაირი კანონდარღვევა არ არის. როგორც ვიცი, მიდის რაღაც სასამართლო დავა, მეზობელმა უჩივლა მე მგონი კომპანიას. სასამართლო წესით გადაწყდება და როგორც კანონი, რიგი და წესია ისე იქნება ყველაფერი. არ შეიძლება, რომ კანონი დაარღვიოს კომპანიამ, ამაში გეთანხმებით სრულიად“.

ბათუმის მერიის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების მიერ გამოცემული დადგენილებები კი ნამდვილად ადასტურებს, რომ „ჩემი სახლი“ მშენებლობას სანებართვო პირობების დარღვევით აგრძელებს, რაზეც  ჯერ მითითება  შემდეგ კი გაფრთხილება მიიღო მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. თუმცა უშედეგოდ, მშენებლობა გრძელდება.

სასამართლომ მშენებლობა ერთი თვით იმ მოტივით შეაჩერა, რომ მოსარჩელემ ექსპერტიზის ჩატარება შეძლოს და გაირკვეს აითვისა თუ არა სამეზობლო სივრცე კომპანიამ, რადგან კომპანია ამას უარყოფს.

სასამართლოს მშენებლობის მომიჯნავედ არსებული სახლის მესაკუთრეებმა – გიზო ჩერგეიშვილმა და მაია ბაკურიძემ მიმართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მშენებლობის პროცესი უშუალო ზიანს აყენებს მათ საკუთრებას:

„რადგან კომპანიამ დაარღვია სამეზობლო მიჯნა და მშენებარე კორპუსის ნულოვანი ნიშნულის შემდგომ თითოეული სართულის იატაკი იჭრება ამხანაგობა „თანადგომის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში და ზემოდან ედგმის მათ საცხოვრებელ ფართებს.“

იმ შემთხვევაში კი, თუ  ამხანაგობა “თანადგომა” ან თავად მესაკუთრეები გადაწყვეტენ თავიანთ საცხოვრებელ ფართობს დააშენონ სართული, მათ ამის შესაძლებლობა არ ექნებათ, ამიტომაც ამტკიცებენ, რომ კომპანიამ მათ საკუთრების უფლება ხელყო.

ამასთან დაკავშირებით „თანადგომის“ წევრებმა წერილობითი კომპანიასაც მიმართეს, მაგრამ მოპასუხის მხრიდან მათ მოთხოვნას ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია, მშენებლობა გრძელდება.

მესაკუთრეების ინტერესებს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი იცავს. მისი განმარტებით, მოსარჩელეებმა მიმართეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, პროექტისა და მიმდინარე მშენებლობის კანონიერების შესწავლის მიზნით. ბიურომ განმცხადებლებისგან მოითხოვა გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც მხოლოდ კომპანია ფლობს. ადვოკატის თქმით, კომპანია  ამ ინფორმაციის გაცემაზე კატეგორიულ უარს აცხადებს:

„კომპანიამ სამშენებლო მოედანზე არ შეუშვა ბიუროს ექსპერტი შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად და ამის პარალელურად ცდილობს მაქსიმალურად სწრაფ რეჟიმში დაასრულოს მშენებლობა. რადგან მისთვის ცნობილია, რომ მრავალსართულიანი კორპუსის დანგრევის არც ტექნიკური და არც ფინანსური შესაძლებლობა არცერთ მხარეს არ ექნება. “

კომპანიის იურისტი ამირან ცეცხლაძე ამტკიცებს, რომ კომპანია სამეზობლო სივრცეში არ შეჭრილა და დავა უსაფუძვლოა: „ამიტომაც ჩვენ თვითონ მოვითხოვეთ ექსპერტიზა, მივმართეთ სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს და კვლევის შედეგი დაახლოებით ერთ კვირაში ხელთ გვექნება, რაშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ შევუშვით მოსარჩელე მხარის ექსპერტი – ის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესის დროს მოგვადგა და უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე არ შევუშვით. შესაბამისი დროც  ვერ შევთავაზეთ, რადგან ერთხელ მოვიდა და მეტჯერ არ მოუმართავს.“

კომპანიის იურისტს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა. მან ამის შესახებ „ბათუმელებისგან“ გაიგო:

„ერთი თვით შეაჩერა? – ასეთ რაიმეს კანონმდებლობა არ ცნობს. ასეთი გადაწვეტილება არ ჩაგვბარებია“.

განჩინება მხრეს დღეს, 27 ივლისს ჩაბარდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: