მთავარი,სიახლეები

ბათუმის კინოფესტივალი საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმით გაიხსნება

14.09.2018 • 4014
ბათუმის კინოფესტივალი საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმით გაიხსნება

16 სექტემბერს ბათუმის საავტორო კინოფესტივალს გახსნის ქართული ფილმი, რომელსაც ათწლეულების მანძილზე არ აჩვენებდნენ საბჭოთა კავშირში. რეჟისორ კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმი, „ჩემი ბებია“, 1929 წელსაა გადაღებული.

„ჩემი ბებია“ სატირული კომედიაა. ფილმი საბჭოთა საქართველოში აიკრძალა, რადგან რეჟისორს ბრალი დასდეს ფორმალიზმსა და ანტისაბჭოთა განწყობაში. ფილმი 1976 წელს აღადგინეს.

ფილმის მუსიკალურ აკომპანიმენტს გააკეთებს გერმანიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი.

2017 წელს გამოვიდა პირველი მონოგრაფია კოტე მიქაბერიძის შესახებ, რომლის ავტორები არიან ნინო ძანძავა და სოსო დუმბაძე.

“ქაჯეთის ციხე” გადაღებისას.
მარჯვნიდან: კოკი დადიანი, კოტე მიქაბერიძე, კოხტა ყარალაშვილი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ცნობილი ქართველი ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, რომელსაც გადაეცემა კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება კვირას, 16 სექტემბერს, 18:30 საათზე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე დასწრება ხდება მოსაწვევებით, თუმცა წელს კინოფესტივალის მენეჯმენტმა გადაწყვიტა გამოყოს 50 მოსაწვევი მათთვის, ვისაც სურს გახსნის ცერემონიაზე დასწრება. მოსაწვევების გაცემა მოხდება 15 სექტემბერს, 16:00-დან 19:00 საათამდე, კინოთეატრ „აპოლოში“.

BIAFF კინოფესტივალი რვა დღეს გაგრძელდება და წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 30 ქვეყნიდან. გახსნის და დახურვის ცერემონიალის გარდა, ყველა კინოჩვენებაზე დასწრება უფასოა.

_____________

მთავარ ფოტოზე: კადრი კოტე მიქაბერიძის ფილმიდან „ჩემი ბებია“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: