მთავარი,სიახლეები

პოლიციელებისთვის ბათუმში შსს ორ 11-სართულიან კორპუსს ააშენებს

16.09.2018 • 5481
პოლიციელებისთვის ბათუმში შსს ორ 11-სართულიან კორპუსს ააშენებს

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, პოლიციელებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ორი 11-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კორპუსების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია თანხით – 6 911 380 ლარი.

კორპუსები ადლიის ქუჩა N112-ში აშენდება, სადაც შსს-ს საკუთრებაში 19012 კვ/მ ტერიტორია აქვს. მშენებლობისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთს სამი მხრიდან კერძო საკუთრების ნაკვეთები, ხოლო მეოთხე მხრიდან გზა ესაზღვრება. რელიეფი კი გზის მხრიდან შემაღლებულია 3-6 მეტრით.

„წარმოდგენილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტით გათვალისწინებულია ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც გაერთიანებულია საერთო მიწისქვეშა ავტოსადგომით. თითოეულ კორპუსს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი ორი კიბის უჯრედით და ერთი ლიფტით. რელიეფიდან გამომდინარე ავტოსადგომში და ერთ კიბის უჯრედში [ლიფტით] შესვლა ხდება არსებული გზის დონიდან [ნიშნული -4.16], ხოლო მეორე კიბის უჯრედში შესვლა ხორციელდება პირველი სართულის დონიდან [ნიშნული 0,00]. შშმ პირებისთვის შენობაში შესვლა მოსახერხებელია როგორც ერთი, ასევე მეორე შესასვლელიდან. მათთვის მოწყობილია შესაბამისი ბილიკები.
საცხოვრებელი სართულები ტიპიურია. თითოეულ სართულზე განთავსებულია ოთხი ერთნაირი ბინა. თითოეული ბინის ფართობია 77,43 კვ/მ, ჭერის სიმაღლე -2,95 მ. ბინების საერთო რაოდენობა ორივე კორპუსში შეადგენს 88 ბინას. სართულებზე გადაადგილების ძირითადი საშუალებაა ლიფტი, რომელიც ნიავდება მექანიკურად და გააჩნია დაწნევის სისტემა. მექანიკურად ნიავდება ასევე საერთო დერეფანი და ტამბურები. შესასვლელების ორივე მხარეს მდებარე კიბის უჯრედები, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად, ნიავდება ბუნებრივად,“ – აღნიშნულია პროექტში.

ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდება, სადაც წინადადებების მიღება 2018 წლის 3 ოქტომბერს დაიწყება და 8 ოქტომბერს დასრულდება. კორპუსები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში უნდა აშენდეს.

„სახელშეკრულებო ღირებულების 1/3-ის გადახდა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, ხოლო 2/3-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადაიხდიან“, – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბინათმშენებლობის პროგრამა ბათუმის გარდა მოიცავს თბილისს, ქუთაისს, ზუგდიდსა და რუსთავს.

კონკრეტულად რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც აღნიშნული მშენებლობისთვის საჭირო თანხის 2/3-ს გადაიხდიან [და, შესაბამისად, მიიღებენ საცხოვრებელ ბინებს]? – ამ კითხვის პასუხად ერთი თვის წინ სამინისტროში გვითხრეს, რომ მონახაზი არის და კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება.

ამავე თემაზე:

თანხის 2/3-ს თანამშრომლები გადაიხდიან – შსს-ს განმარტება კორპუსების მშენებლობაზე

მთავარი ფოტო: ადლიაში ასაშენებელი კორპუსები – ვიზუალიზაცია.

ასე გამოიყურება სამშენებლო ტერიტორია დღეს ადლიაში [ფოტოები სატენდერო დოკუმენტებიდან]:

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: