მთავარი,სიახლეები

ქურდობისთვის ბრალდებული გამომძიებელს: მე გაგიღეთ კარი?

17.09.2018 • 3207
ქურდობისთვის ბრალდებული გამომძიებელს: მე გაგიღეთ კარი?

“მე გაგიღეთ თქვენ კარი? მე მეძინა…” – მიმართა გამომძიებელს ბრალდებულმა ზურაბ ხ.-მ. მას პროკურატურა მობილური ტელეფონების, ასევე კომპიუტერის აქსესუარების ქურდობას ედავება, რაც 9 ათასი ლარი ღირდა.

კარი ღია იყო თუ დაკეტილი, ამას ბრალდებულის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შემთხვევა 6 თებერვალს, ღამით ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, სამმა პირმა ჩაკეტილ ჩაიხანაში შეაღწია, სადაც მობილური ტელეფონების მაღაზიაცაა განთავსებული. ქურდობიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ, 26 მარტს სამართალდამცველებმა მოპარული 9 ტელეფონიდან ორი – ზურა ხ.-ს საცხოვრებელ ბინაში იპოვეს.

“ქურდობის საქმე ვერ გახსნეს და ზურას ჩაუდეს, რადგან ის უკვე ნასამართლევია მობილურის ქურდობისთვის, როცა არასრულწლოვანი იყო. ახლა ზურა 21 წლისაა, ცოლი მოიყვანა და ოქტომბერში შვილს ელოდება,” – ამბობს ბრალდებულის და.

ადვოკატი მიხეილ მიქანაძე მოპარული მობილური ტელეფონების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“დაზარალებული ანუ მაღაზიის მფლობელი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მან გადაამოწმა მაღაზია დილით, როცა ის ღია დახვდა და შუადღისკენ დაურეკა პოლიციას. ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, დაკარგული იყო შვიდი მობილური ტელეფონი. ეს კონკრეტული მობილურები გამოძიებამ ვერ იპოვა…” – გვიყვება ადვოკატი.

დათვალიერების ოქმის შედგენის შემდეგ, მაღაზიის მფლობელი პოლიციელებს განყოფილებაში გაჰყვა, სადაც განაცხადა, რომ 9 მობილურია წაღებული და კიდევ კომპიუტერის აქსესუარები.

“ეს ორი მობილური და კომპიუტერის აქსესუარები იპოვა ჩხრეკის ოქმის მიხედვით გამოძიებამ ბრალდებულის ბინაში,” – ამბობს მიხეილ მიქანაძე.

ადვოკატის ვერსიით, ორი მობილური და აქსესუარები გამოძიებამ წამოიღო მაღაზიიდან და შემდეგ გამოიყენა – ბრალდებულის ბინაში ჩასადებად, რადგან გამოძიება შედეგზე ვერ გავიდა.

“ჩვენ დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა გენეტიკური პროფილის დასადგენად. პროკურატურამ ამ ექსპერტიზაზე უარი თქვა და ჩვენ ვატარებთ. ასე დადგინდება, ჰქონდა თუ არა რაიმე ფიზიკური კავშირი, შემხებლობა ბრალდებულს ამ ორ მობილურთან, რაც მისი ბინიდან ამოიღეს,” – აღნიშნავს ადვოკატი.

გამოძიებას არც ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე ჩაუტარებია ექსპერტიზა, რითაც დადგინდებოდა, არის თუ არა კადრებზე ასახული პირი ნამდვილად ზურაბ ხ.

“არ ჩაგვითვლია ამის ჩატარება საჭიროდ,” – უპასუხა ადვოკატს საქმის გამომძიებელმა, კახაბერ კახაბერიძემ.

ადვოკატის მტკიცებით, ვიდეოჩანაწერებში ბუნდოვნად ჩანს იმ პირების გამოსახულება, რომლებიც ღამით მაღაზიაში შედიან.

გამომძიებელს კიდევ ერთ უხერხულ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა – ჩხრეკის დროს გამომძიებლების მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით, ზურა ხ.ს საცხოვრებელ ბინაში, ქალის ჩანთიდან “ნოკიას” მარკის ტელეფონი ამოიღეს, საქმის მასალებში კი დაფიქსირებულია, რომ “ჰუავეი” ამოიღეს.

“როგორც ჩანს, მექანიკური შეცდომაა,” – დასძინა გამომძიებელმა, როცა მას მანდატურმა ფოტო ტრიბუნასთან ახლოს მიუტანა.

ჩხრეკის დროს მეორე მობილური სამართალდამცველებმა ზურაბის საწოლი ლეიბის ქვეშ იპოვეს.

ბრალდებულის ახლობლების თქმით, ბინის კარი არ იკეტებოდა, იგი თოკით ჰქონდათ დამაგრებული და იქ ნებისმიერ პირს იოლად შეეძლო შესვლა.

“მძინარეს დაადგნენ ჩემს ძმას პოლიციელები, კარის გაღება არც მათ გასჭირვებიათ… სახლში ზურაბი მარტო იყო,” – ამბობს ბრალდებულის და.

ზურაბ ხ.-მ დღევანდელ პროცესზე გამომძიებელს ასევე ჰკითხა:

“მე ჩემი ნებით წამოგყევით თქვენ?”

“კი. თავდაპირველად თქვით, რომ არ იცოდით, საიდან გაჩნდა ეს მობილურები თქვენს ბინაში. შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში აღიარეთ, რომ ეს ნივთები თქვენი ნაქურდალი იყო,” – თქვა გამომძიებელმა კახაბერ კახაბერიძემ.

“მოვლენ აქ მოწმეები და იტყვიან, მე თუ ჩემი ნებით მოგყვებოდით…” – დაასრულა ზურაბ ხ-მ და ისევ ბრალდებულის სკამზე დაჯდა.

ბრალდებულის ახლობლების თქმით, ზურაბს პოლიციელებმა აიძულეს დანაშაულის აღიარება. მოსამართლეს ბრალდებულმა უთხრა, რომ ის ბრალს არ აღიარებს.

გამოძიებას ამ დრომდე დაკავებული არ ჰყავს კიდევ ორი პირი, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ამ საქმეში ფიგურირებენ.

ზურაბ ხ. წინასწარ პატიმრობაში რჩება.

საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: